Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ეპოქის პლასტიკური ორნამენტი: დავით კაკაბაძის სკულპტურა Z

There are no translations available.

ქეთევან კინწურაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ეძღვნება პროფესორ რობერტ ჰერბერტს

„თუ საჭიროა ძებნა ჩვენი ეპოქის პლასტიკური ორნამენტის შინაარსისა, ის წარმოდგენილია დინამიკური სივრცის გადმოცემის საშუალებებში - ზედაპირის გაბრწყინვალების თვისებაში, შუშების და სარკეების დალაგების ხასიათში, მათგანგამომდინარე შუქის და სინათლის ძალაში და იმ ფერადებში, რომელთაც სიღრმის გადმოცემა ახასიათებს.“ დავით კაკაბაძე, 1924 (დავით კაკაბაძე, ხელოვნება და სივრცე, პარიზი 1924-25 წლები, პარიზი, 1926. გვ.13)
1926 წლის 5 აპრილს, პარიზში, დელამბრეს ქუჩაზე მცხოვრებმა დავით კაკაბაძემ წერილი მიიღო ამერიკელი მხატვრისა და კოლექციონერისგან ქეთრინ დრაიერისგან, რომელიც ნიუ-იორკიდან იყო ჩამოსული და დროებით რივოლის ქუჩაზე, სასტუმრო “ბრაიტონში“ ცხოვრობდა. დრაიერი მხატვარს წერდა, რომ მან „დამოუკიდებელთა სალონში“ მისი ქანდაკება შეისყიდა და ახლა მასთან შეხვედრა სურდა, რათა კიდევ რამდენიმე ნამუშევარი შეერჩია გამოფენისთვის, რომელსაც ნიუ-იორკის ბრუკლინის მუზეუმისთვის ამზადებდა. კაკაბაძის პასუხის თანახმად, 7 აპრილს დრაიერი მხატვარს ეწვია. იმ დღეებში, პარიზში, დრაიერი, ასევე, ესტუმრა მონდრიანს, ბრაკს, ერნსტს, არპს, ლეჟეს, პევზნერს. საფრანგეთში თავმოყრილი ნამუშევრები მან პარიზში დატოვა, გემით ნიუ-იორკში გასაგზავნად. თავად გერმანიაში გაემგზავრა ექსპონატების შესარჩევად, სადაც შვიტერსს, გროპუისს, კანდინსკის, მოჰოლი-ნაგის, ლისიცკის და სხვებს შეხვდა.
01
უფრო ადრე, 1920 წელს, ქეთრინ დრაიერმა, მარსელ დუშანმა და მენ რეიმ ერთად დააფუძნეს ე.წ. ანონიმური საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ამერიკელებისთვის დასავლეთ ევროპის მოდერნისტული მიმდინარეობების გაცნობა  და უახლესი ტენდენციების ადგილობრივ ნიადაგზე განვითარებისთვის ზრუნვა. ამ მიზნით მათ არაერთი გამოფენა, ლექცია თუ სიმპოზიუმი მოაწყვეს, შექმნეს ბიბლიოთეკა, აწყობდნენ გამოფენებს. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი სივრცე არ ჰქონდათ, დრაიერმა ორგანიზაციას დამატებითი სახელი მისცა:  თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომლის უკან იგულისხმებოდა უამრავი ექსპონატი, რომლებსაც აგროვებდა საზოგადოება წლების მანძილზე. წიგნში „ხელოვნება და სივრცე“ კაკაბაძეც მიანიშნებს, რომ ქანდაკება ნიუ-იორკის მოდერნული ხელოვნების მუზეუმში ინახება. საკმარისი სახსრების უქონლობის გამო, საბოლოოდ, დრაიერმა ასეთი მუზეუმი ვერ შექმნა, მაგრამ იზრუნა, რათა კოლექციის ექსპონატებს მუზეუმებში დაედოთ ბინა.  მან კოლექციის ძირითადი ნაწილი - 1000 - ზე მეტი ექსპონატი, იელის უნივერსიტეტის მუზეუმს უძღვნა. მან ნაწილი (მათ შორის კაკაბაძის 11 აკვარელი)  1941 წელს თავად ჩააბარა იელს,  ხოლო დარჩენილი ნაწილი (მათ შორის კაკაბაძის სკულპტურა და 5 აკვარელი), მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მუზეუმს. ექსპონატების მცირე  ნაწილი  ამერიკის კიდევ რამდენიმე წამყვან მუზეუმში განთავსდა. დრაიერის ანდერძის აღსრულებაზე დუშანმა იზრუნა.
ნიუ-იორკის ბრუკლინის   გამოფენა, რომელიც 1926 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა და 1927 წლის 1 იანვარს დაიხურა, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა იყო  არა მხოლოდ ამერიკის, არამედ, მსოფლიო მასშტაბით. მასზე 19 ქვეყნის 106 მხატვრის 300-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენა მიეძღვნა ვასილი კანდინსკის 60 წლისთავს. დაიბეჭდა მცირე მოცულობის კატალოგი.International Exhibition of Modern Art Assembled by Societe Anonyme, Brooklyn Museum, November 19. 1926, to January 1, 1927, New York, 1926.ასევე, გამოიცა წიგნი - „თანამედროვე ხელოვნება“,Modern Art, Composed by Katherine S. Dreier & Constantin Aladjalov, Societe Anonyme – Museum of Modern Art, New York, 1926.ქეთრინ დრაიერის  ტექსტით და  კონსტანტინ ალაჯალოვის დიზაინით.
დავით კაკაბაძეს თავისი ქანდაკებისთვის არ მიუცია კონკრეტული დასახელება. მის წიგნში - „ხელოვნება და სივრცე“ - ის მოქცეულია იმ ნამუშევართა ჩამონათვალში, რომლებსაც აქვთ საერთო განმარტებითი სათაური: დამოუკიდებელი აღსახვა. მხატვარი გულისხმობს რეალობიდან დამოუკიდებელ ასახვას, ანუ აბსტრაქციას. ზოგადად, კაკაბაძე დასახელებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ის თვლიდა, რომ ნაწარმოების „[...] რკალი მისი სახელით იჭედება.“პარმენ მარგველაშვილი, დავით კაკაბაძის არქივიდან. თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1988. გვ.39.
ბრუკლინის გამოფენის კატალოგში, კაკაბაძის ქანდაკება მოხსენიებულია, როგორც სამგანზომილებიანი ობიექტი. თუმცა, გამოფენასთან დაკავშირებით გამოცემულ წიგნში, ქანდაკების  ფოტოს ქვეშ უკვე ჩნდება დასახელება -  Z.  ამგვარად,  როგორც ეს, ისე დამატებითი სათაური  -  „განგმირული თევზი“, რომელსაც მოგვიანებით ვხვდებით,  ავტორს არ ეკუთვნის. ქეთრინ დრაიერმა ისინი საკუთარი ფანტაზიით შეთხზა. მისი შერჩეულია დასახელებები დავით კაკაბაძის აკვარელების სერიებისთვისაც: „აბსტრაქციები ყვავილების ფორმებით“ და  “აბსტრაქციები ნავების ფორმებით“.  ის სხვა მხატვრების ნამუშევრებისთვისაც იგონებდა დასახელებებს. დრაიერის მიერ კაკაბაძისთვის გაგზავნილი წიგნის - „თანამედროვე ხელოვნება“ - ეგზემპლარი დღესაც ინახება მხატვრის არქივში. იელის ბაინიკის იშვიათ წიგნთა და ხელნაწერთა ბიბლიოთეკაში, მათი მიმოწერის სხვა საბუთებთან ერთად, დაცულია მხატვრის მადლობის წერილი წიგნის მიღებასთან დაკავშირებით. ამგვარად, დასახელება Z მისთვის უცნობი არ დარჩენილა.
02
კატალოგის მიხედვით, ბრუკლინის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კაკაბაძის 6 ორგანზომილებიანი და 1 სამგანზომილებიანი ობიექტი. სამგანზომილებიანი, ცხადია, სწორედ ქანდაკებაა. ორგანზომილებიანი უნდა იყოს მისი კოლაჟები ან როგორც შემდგომ დაერქვა, - კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიციები. „ანონიმური საზოგადოების“ კოლექციის 1984 წლის კატალოგში, რობერტ ჰერბერტი აღნიშნავს, რომ ბრუკლინის გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო კაკაბაძის 1 ქანდაკება, 19 აკვარელი და 6 რელიეფური კონსტრუქცია. ის გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დრაიერმა არ იყიდა რომელიმე ამ კონსტრუქციებიდან - მავთულით, მინით და სარკეებით.Robert L. Herbert, Eleanor S. Apter, and Elise K. Kenney, The Societe Anonyme and the Dreier Bequest at Yale University. Yale University Press, New Haven and London, 1984. P. 345.უნდა ვივარაუდოთ, რომ წინასწარი შეთანხმებით, 6 ორგანზომილებიანი ობიექტი და 3 აკვარელი კაკაბაძეს უკან დაუბრუნდა, რადგან იელის კოლექციაში, დღესდღეობით, 1 ქანდაკება და 16 აკვარელია.
დრაიერის სურვილი იყო, გამოფენის დამთვალიერებელთათვის ისეთი განწყობა შეექმნა, თითქოს შინ იმყოფებოდნენ, რათა უფრო ინტიმურად შეეგრძნოთ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ამ მიზნით, მან მთავარი საგამოფენო დარბაზის ოთხ კუთხეში ოთახები მოაწყო. კატალოგში ისინი მითითებულია, როგორც სასტუმრო, ბიბლიოთეკა, სასადილო და საძინებელი. მათ გასაწყობად მან სპეციალურად შეიძინა ისეთი ავეჯი, როგორიც, მისი სიტყვებით, საშუალო ფენის „ბრუკლინელებს“ ედგათ სახლებში. მისი აზრით,  კონსერვატიული ავეჯი მათ, ერთსა და იმავე დროს, სახლშიც აგრძნობინებდა თავს და მასთან კონტრასტში კიდევ უფრო კარგად წარმოჩინდებოდა, თუ რამდენად თანამედროვე იყო გამოფენის ექსპონატები. „საძინებელ ოთახში“ ეკიდა კაკაბაძის ორი აბსტრაქცია ნავების თემაზე. ბრუკლინის გამოფენას უკავშირდება, ასევე, დრაიერის ახალი საექსპოზიციო ხერხი, რომელიც შემდეგ დამკვიდრდა საგამოფენო პრაქტიკაში. კერძოდ, მან ნამუშევრები განალაგა არა რამდენიმე რიგად, ერთმანეთის თავზე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა, არამედ ადამიანის თვალის დონეზე, ერთ რიგად.Naomi Blumberg, Katherine Dreier: American Artist and Collector https://www.britannica.com/biography/Katherine-Dreier, ნახვა: 28 აპრილი 2021.
03
1926 წლის წიგნში, Z-ის ფოტო წინ უძღვის დრაიერის შესავალს. ტექსტის დასასრულს კი, ბოლოსართივით არის დასმული კაკაბაძისვე ერთ-ერთი აბსტრაქცია ნავების თემაზე. შემდგომაც,  დრაიერი მუდამ გამორჩეულ ადგილს უთმობდა Z-ს   „ანონიმური საზოგადოების“ ყველა მნიშვნელოვან გამოცემაში, ბოლო - 1950 წლის კატალოგის ჩათვლით, სადაც მის შესავალს ისევ კაკაბაძის ქანდაკება უძღვის წინ. 1950 წელს „ანონიმური საზოგადოება“ დაშლილად გამოცხადდა.
ქეთრინ დრაიერი 1952 წლის მარტში გარდაიცვალა, დავით კაკაბაძე იმავე წლის მაისში. საბჭოთა კავშირში, რკინის კარს მიღმა, კაკაბაძეს ვერ ექნებოდა ცნობები უცხოეთში დარჩენილი საკუთარი ნამუშევრების შესახებ. არ ეცოდინებოდა, რომ მისი ქანდაკება წლების განმავლობაში დრაიერის ბიბლიოთეკაში, თაროზე იდგა. ამ სახლის ეზოს ბრანკუსის “ლედა” ამშვენებდა, ერთ-ერთ ოთახში დუშანის “დიდი  მინა” ტიხრის როლს ასრულებდა, კაბინეტში როიალთან ერნსტის “პარიზი- ოცნება” ეკიდა…
1952 წლის დეკემბერში, იელის უნივერსიტეტის მუზეუმში  დრაიერის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.Katherine Dreier and Marcel Duchamp, Collection of the Societe Anonyme:  Museum of Modern Art 1920, ed. George Heard Hamilton, New Haven, 1950.გამოფენის კურატორი ჯორჯ ჰამილტონი წერდა: “[…] კავშირი ქალბატონ დრაიერის საგანმანათლებლო მოღვაწეობასა და მისი, როგორც კერძო კოლექციონერის გემოვნებას შორის, შეიძლება ამოვიკითხოთ მის ექვს ობიექტში, რომლებიც მითითებული იყო “ანონიმური საზოგადოების” კატალოგში, მაგრამ მან ისურვა, ისინი დაეტოვებინა თავის სახლში, მილფორდში, მის გარდაცვალებამდე. ეს ნამუშევრები ახლა  იელში პირველად არის გამოფენილი. ბრანკუსის “ყვითელი ჩიტი,” ერნსტის და ვიიონის ფერწერული ნიმუშები, კაკაბაძის და სთორის სკულპტურები, და თავად მისი ადრეული ავტოპორტრეტი, წარმოაჩენს დრაიერის ინტერესების ფართო სპექტრს, და მის გაბედულ მხარდაჭერას, როგორც იმ მხატვრების მიმართ, რომლებსაც ფართო საზოგადოება არ ცნობდა, ისე მათ მიმართ, ვინც მოგვიანებით აღიარეს.”In Memory of Katherine S. Dreier, 1877-1952: Her Own Collection of Modern Art. Bulletin of The Associates in Fine Arts at Yale University, Volume 20, December 1952, Number One. P.7.
04
დრაიერის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენის შემდეგ,  Z საცავში ინახებოდა. 1960 წლიდან, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე  რობერტ ჰერბერტი, მცირე ფორმატის სასწავლო გამოფენებს აწყობდა სტუდენტებისთვის. სწორედ მაშინ, საცავში ერთ-ერთ ქანდაკებას საფარი რომ გადახადა, განცვიფრდა, რომ მისი ავტორის სახელი არ იყო სათანადოდ ცნობილი.  სინათლეზე გამოიტანა და დარწმუნდა, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი ნაწარმოები იყო. მან გადაწყვიტა ქანდაკების სასწავლო გამოფენებში ჩართვა. მოგვიანებით კი იზრუნა, რათა ეს ნამუშევარი იელის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთოთ.რობერტ ჰერბერტის მიერ ქეთევან კინწურაშვილისთვის მიწერილი წერილის (2 დეკემბერი, 2010) მიხედვით. იხ: დავით კაკაბაძე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2013. გვ. 104.   პროფესორი ჰერბერტი, სტუდენტებთან ერთად, 10 წლის განმავლობაში მუშაობდა „ანონიმური საზოგადოების“ დიდ კატალოგზე, რომელიც 1984 წელს გამოიცა. მასში, კაკაბაძის ქანდაკება მთელ გვერდზე გაშლილი ფერადი რეპროდუქციით არის წარმოდგენილი.
2006-08 წლებში, „ანონიმური საზოგადოების“ კოლექციის გამოფენისThe Societe Anonyme, Modernism for America, ed. Jennifer R. Gross, Yale University Press, New Haven, 2006.ფარგლებში, კაკაბაძის ქანდაკება წარმოდგენილი იყო ამერიკის სხვადასხვა მუზეუმში (ჰამერის მუზეუმი, ლოსნ ანჟელესი; ფილიპსის კოლექცია, ვაშინგტონი; დალასის ხელოვნების მუზეუმი; ვიზუალური ხელოვნების პირველი ცენტრი, ნეშვილი). 2010 წელს, გამოფენასთან ერთად, Z იელის მუზეუმს დაუბრუნდა.
***
გადმოვინაცვლოთ საქართველოში. 1927 წელს, კაკაბაძემ საზღვარგარეთ შექმნილ ნამუშევრებთან ერთად ჩამოიტანა მისი ორი ქანდაკების შავ-თეთრი ფოტოები. თუმცა, 40 წლის განმავლობაში ფართო მნახველისთვის ეს ფოტოებიც უცნობი რჩებოდა. ხრუშჩოვის „დათბობის“ შემდგომ, 1967 წლიდან, Z-ის ფოტო დავით კაკაბაძისადმი მიძღვნილ ყველა წიგნში იბეჭდება: ლევან რჩეულიშვილის  (1967, 1984), ნათელა ურუშაძის (1982),  პარმენ მარგველაშვილის (1988), ვახტანგ ბერიძის, მარინა მეძმარიაშვილის და დალი ლებანიძის (1989). ამგვარად, ათწლეულების მანძილზე, 1995 წლამდე,1995-96 წლებში, სტატიის ავტორის მიერ ღია საზოგადოების პრაღის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის მხარდაჭერის პროგრამით იელის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევითი სამუშაო ასახულია მის ნაშრომებში: დავით კაკაბაძის ნამუშევრები „ანონიმური საზოგადოების“ კოლექციის ფონზე. ქართული უნივერსიტეტი, თბილისი, 1999; Давид Какабадзе: Классик ХХ Века. Санкт Петербург, 2002; David Kakabadze, Georgian Modern Artist and Inventor. Nova, New York, 2012;  David Kakabadze. Z, The Plastic Ornament of the Epoch. PWN, Warsaw, 2018., და სხვ.ეს ქანდაკება (მეორის „ბედი“ უცნობია) საქართველოში მხოლოდ ენიგმატური შავ-თეთრი გამოსახულების სახით ცოცხლობდა.
„ანონიმური საზოგადოების“ კოლექცია საუკეთესო ინსტრუმენტია, როგორც 1920-იანი წლების მსოფლიო ავანგარდული ხელოვნების შესასწავლად, ისე,  ამ პერიოდის ხელოვნების სწავლებისათვის. დრაიერის მიერ შექმნილ კონტექსტში საუკეთესოდ წარმოჩინდება დავით კაკაბაძის მნიშვნელობა და მასშტაბი, იკვეთება მისი ადგილი შესაბამისი პერიოდის მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.
***
კაკაბაძის შემოქმედებაში Z-ის ფორმა ისახება 1921 წელს, როდესაც ის ბრეტანის პეიზაჟების ამსახველ ჯერ რეალობასთან მიახლოებულ სერიას ქმნის, ხოლო შემდეგ,  კუბისტურ-აბსტრაქტულ (კაკაბაძის განმარტებით, კონსტრუქციული აღსახვა; დრაიერთან - „აბსტრაქციები ნავების ფორმებით“) და ბიომორფულ (კაკაბაძის განმარტებით, ფერადობაზე დამყარებული რელიეფები; დრაიერთან - „აბსტრაქციები ყვავილების ფორმებით“) აბსტრაქციებს. სამივე სერია ამჟღავნებს კაკაბაძის ინტერესს შორეული აღმოსავლეთის ხელოვნების მიმართ, რაც განპირობებულია სიბრტყეზე სივრცის ახალი საშუალებებით ასახვის ამოცანით. კაკაბაძის აბსტრაქტული სერიების სახით ერთმანეთს  უპირისპირდება სხვადასხვა მიმართულება აბსტრაქტულ მხატვრობაში. 1936 წელს, ალფრედ ბარმა ეს ორი ხაზი დაახასიათა, როგორც უსაგნო ხელოვნების ორი უმთავრესი ტრადიცია. ის წერს, რომ ერთი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინტელექტუალური, სტრუქტურული, არქიტექტონიკური, გეომეტრიული, ხაზობრივი და კლასიკური, ლოგიკაზე და გამოთვლებზე დაქვემდებარებისკენ მიდრეკილებით; ხოლო მეორე, როგორც უფრო ინტუიციური და ემოციური, ვიდრე ინტელექტუალური, ფორმებით უფრო ორგანული და ბიომორფული, ვიდრე გეომეტრიული, უფრო მრუდხაზოვანი, ვიდრე სწორხაზოვანი, დეკორატიული, ვიდრე სტრუქტურული, რომანტიკული, ვიდრე კლასიკური, სპონტანური და ირაციონალური. „კვადრატის ფორმა უპირისპირდება ამების სილუეტს,” Alfred H. Barr Jr., from ‘Cubism and Abstract Art’, in: Charles Harrison, Paul Wood (eds.), Art in Theory (1900-1990), An Anthology of Changing Ideas, Oxford – Cambridge: Blackwell. P. 363.ასკვნის ბარი. პირველი ხაზის წარმომადგენლებად ის მიიჩნევს მონდრიანს, გაბოს და პევზნერს, მეორისა - მიროსა და არპს. ყველა მათგანი წარმოდგენილია „ანონიმური საზოგადოების“ კოლექციაში.
მომდევნო წლებში, დავით კაკაბაძე ბიომორფული აბსტრაქციის ხაზს ავითარებს, რომლებშიც ბუნებასთან მიახლოებული ემბრიონალური ფორმებია წამყვანი. ამავე დროს, მხატვარი ქმნის უსათვალო სტერეო კინოაპარატს. 1925 წლის ბოლოს, არასაკმარისი დაფინანსების გამო, დავითი წყვეტს მუშაობას ამ პროექტზე.  თუმცა, უკვე 1924 წლიდან, ქარხანაში დამზადებულ  სარკეებს, ლინზებს, ლითონის და სხვა დეტალებს ორიგინალური კოლაჟების შესაქმნელად იყენებს. ეს კოლაჟები უშუალოდ უძღვის წინ ქანდაკების აღმოცენებას.
კოლაჟები, ანუ კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიციები, უჩვენებენ კაკაბაძის პარიზის პერიოდის შემოქმედების ორ მხარეს: 1. ეს მუდამ არის ექსპერიმენტები. ფერთა განსაკუთრებული თანმიმდევრობით განაწილების თეორია აქ ივსება ამრეკლავი ზედაპირის მქონე მზა დეტალების გამოყენებით, რაც  ეპოქის დინამიზმის გადმოცემის საშუალებაც არის. ინოვაციურია ტექნიკა, რომელსაც იგონებს ავტორი ნამუშევრების შესასრულებლად (ფონის ფოლგით დაფარვა, პულვერიზატორის გამოყენება, დეტალების ნამუშევრის უკანა მხრიდან მიერთებული ნათურით განათება). ლითონის და ხის ჩარჩოები მუდამ ინტეგრირებულია მთლიან კომპოზიციაში. ნამუშევრები ჩაფიქრებულია, როგორც სტერეოსკოპული გამოსახულებები. 2. ეს არის აკადემიურ გამოცდილებაზე დამყარებული კომპოზიციები. კაკაბაძე  თითქოს აკეთილშობილებს ყოველ ფრაგმენტს, ფარავს საღებავით, აპრიალებს. აქ ადგილი არ აქვს შემთხვევითობას. ის არასოდეს იყენებს დამსხვრეულ ლინზას ან სარკის ნამტვრევებს. ყოველ დეტალს და მთლიან კომპოზიციას ბოლომდე გააზრებული ფორმა აქვს.  ამგვარად, ყველაფერი კლასიკურ  სრულყოფილებამდეა მიყვანილი.
ტექნიკა (კოლაჟი) და მესამე განზომილების ასახვის ახალი ხერხების ძიება, კაკაბაძეს, კუბისტებთან აკავშირებს, ეპოქის დინამიზმის გამოსახვის სურვილი - ფუტურისტებთან, მზა საგნების და ელექტროშუქის  გამოყენება - დადაისტებთან, ორგანული აბსტრაქტული ბიომორფული ფორმები - სიურრეალისტებთან. ყოველივე გადამუშავებულია და წარმოაჩენს მხატვრის ინდივიდუალურ სტილს, რომელიც არ ექცევა ერთი მიმდინარეობის ფარგლებში. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აქ კაკაბაძე ყველაზე მეტად უახლოვდება მიმდინარეობას, რომელიც უფრო მოგვიანებით ჩამოყალიბდა ამერიკაში და ევროპაში, მაგრამ 1925 წელს მისი ნიშნები უკვე გამოვლინდა პარიზის თანამედროვე დეკორატიული  და სამრეწველო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე. ეს არის არტ დეკო. მის ფარგლებში ერთმანეთს ერწყმის, ერთი მხრივ, მოდერნიზმის მიერ მოტანილი ხაზობრივი გეომეტრიული  და, მეორე მხრივ, ბუნებიდან ამოზრდილი აბსტრაქტული  ბიომორფული ფორმები. ამგვარად, კაკაბაძესთან, როგორც თანამედროვედ მოაზროვნე მხატვართან და ამასთან ბუნებისმეტყველთან, მრუდხაზოვანი, დენადი, ბუნებრივთან ახლოს მდგომი ფორმები ორგანულად შეუკავშირდა მანქანის ხანის ნაწარმისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ, სიმეტრიულ, მბზინავ და გამჭვირვალე ფორმებს.
***
როგორც ბიომორფული აბსტრაქციის წარმომადგენელი, კაკაბაძე ადგილს იკავებს მიროს, არპის, გაბოს, ბრანკუსის, ერნსტის, პევზნერის, მენ რეის  და თანადროული ხელოვნების სხვა ლიდერთა გვერდით. ფიზიკური სხეულისა და სივრცის აბსტრაქტული (ლატენტური) ურთიერთობის კანონზომიერებების ძიების თვალსაზრისით, ის განსაკუთრებულ სიახლოვეს პოვებს მარსელ დუშანთან.
კარგად არის ცნობილი ფოტო (1920), რომელზეც დავით კაკაბაძე და შალვა ქიქოძე  ჭადრაკს თამაშობენ. ეს სურათი ასოციაციას ბადებს დუშანის 1911 წლის ნამუშევართან - “მოჭადრაკეთა პორტრეტი,” რომელზეც მარსელის ძმები - ჟაკ ვიიონი და რაიმონ დუშან-ვიიონი არიან გამოსახულნი. გადმოცემით, პორტრეტის ხატვის დროს, დუშანი ხან ერთ თვალზე იფარებდა ხელს, ხან მეორეზე. იმ პერიოდში ძმები ხშირად  მსჯელობდნენ ლატენტურ პირამიდებზე, რომლებითაც ლეონარდო და ვინჩის თანახმად, სავსეა ატმოსფერო. მისივე სიტყვებით, პირამიდები ობიექტებიდან განუსაზღვრელი რაოდენობის სინათლის სხივების სახით ირეკლება და ვრცელდება ყველა მიმართულებით.Donald Shambroom, Leonardo’s Optics Through the Eyes of Duchamp, May 2000http://www.toutfait.com/issues/issue_2/Notes/shambroom.html seen: March 21, 2019.თავის თეორიულ ნაშრომებში, დავით კაკაბაძე ხშირად მიმართავს ლეონარდოს. ასევე, როგორც დუშანი, ისე კაკაბაძე, თავიანთ ძიებებში ფიზიოლოგიურ ოპტიკას ეფუძნებოდნენ. ლადო გუდიაშვილი იხსენებდა, რომ კინოში, სეანსის დროს, დავითი საკუთარი თვალების წინ სულ თითებს ამოძრავებდა, რაც ჩვევად გადაექცა.ლევან რჩეულიშვილის საუბარი ლადო გუდიაშვილთან (გამოაქვეყნა დიმიტრი თუმანიშვილმა), “სპექტრი ”, #1, 1998. გვ. 91.მხატვარი იმ დროს სტერეოგამოსახულების მიღების მიზნით, ხედვის მონოკულარულ და ბინოკულარულ მექანიზმს იკვლევდა. ამ მდგომარეობაში ვხედავთ დავით კაკაბაძეს შალვა ქიქოძის მიერ შექმნილ სურათში - „სამი მხატვარი“ (1921).
***
დავით კაკაბაძის აბსტრაქტული ქანდაკება იელის კოლექციიდან, მოდერნიზმის ხანის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და რთული მხატვრული ფორმაა. ის ყველა წერტილიდან განსხვავებულად აღიქმება, რაც წონასწორობის და დინამიზმის განსაკუთრებულ ერთობას ქმნის. მის სხეულში “გარჭობილი ისარი” - დიაგონალია, რომელიც კაკაბაძის აბსტრაქციებიდან და კოლაჟებიდან სივრცეში გადმოვიდა.
განვლილმა დრომ დაამტკიცა, რომ თავისი ქანდაკების სახით დავით კაკაბაძემ ნამდვილად შექმნა ეპოქის პლასტიკური ორნამენტი. როდესაც ამას ვამბობთ, უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ განმარტავდა ორნამენტის მნიშვნელობას თავად მხატვარი, რომელიც სტუდენტობის დროიდან სიცოცხლის ბოლომდე მეცნიერულად იკვლევდა ქართულ ორნამენტს, პარალელური მასალის მოხმობით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელოვნების და კულტურის ისტორიიდან. კაკაბაძის აზრით, საგნების ორნამენტული გამოსახულებებით შემკობის სურვილი ადამიანს გაუჩნდა იმის გამო, რომ მასში უმალ უკმაყოფილებას იწვევს საგანი ან ზედაპირი, რომელიც არ იძლევა სივრცის განცდას. ეს გრძნობა, ადამიანში, ინსტინქტურად წარმოშობს სურვილს, საგანი ან ზედაპირი დაფაროს გამოსახულებით, რომელიც მას სივრცის შეგრძნებას შეუქმნის. „წარსულ დროში სივრცის ამნაირი გამოხატვა ორნამენტით ხდებოდა. ორნამენტი იყო სულიერი და ორგანიული გამოხატულება ადამიანის ემოციურ-პლასტიკური განცდისა, ორნამენტით გადმოცემულია მთელი ეპოქის პლასტიკური შინაარსი,“ წერს მხატვარი.დავით კაკაბაძე, ხელოვნება და სივრცე. პარიზი 1924-25 წლები, პარიზი, 1926. გვ.10-11.
დავით კაკაბაძე მანქანის და კინემატოგრაფის ეპოქის შემოქმედი იყო. მან თავის ნამუშევრებში სწორედ ეს ეპოქა ასახა - ეპოქა, რომლის „[...] სისწრაფემ და ტემპმა გარდაქმნა და გააღრმავა სივრცის განცდა.“იქვე.თანამედროვე ორნამენტის არსს, მხატვარი, ხედავდა ფანჯრებში, ვიტრინებში, სარკეებში, შუქში... ამ დაკვირვებათა და ძიებათა შედეგია მისი ქანდაკება „Z, ანუ განგმირული თევზი“, რომელიც თანადროული მსოფლიო ხელოვნების მდიდარი კოლექციის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

რეპროდუქციების მინაწერები:
1. Z, ანუ განგმირული თევზი, 1926, ხე, ზეთი, ლითონი და მინა, სიმაღლე 73.4 სმ (ბაზისის ჩათვლით). იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა. იბეჭდება გალერეის ნებართვით.
2. აბსტრაქცია ნავების თემაზე VII, 1921, ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი, 34.5x25.9 სმ. იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა. იბეჭდება გალერეის ნებართვით.
3. აბსტრაქცია ყვავილების ფორმებით III, 1921, ქაღალდი, აკვარელი, 23.5x18.2 სმ. იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა. იბეჭდება გალერეის ნებართვით.
4. კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიცია, 1924, ხე, ტემპერა, ლითონი და ოპტიკური ლინზები, 75x63 სმ, მხატვრის ოჯახის საკუთრება.

ნანახია: 2026-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani