Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სამუზეუმო კვარტალი თბილისში

There are no translations available.

(საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო და არქეოლოგია-გეოლოგიის შენობების ისტორიულ არქიტექტურული კვლევა).

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევთი ეროვნული ცენტრი


„სამუზეუმო კვარტალი“ თბილისში მდებარეობს რუსთაველის პროსპექტსა, ა. ფურცელაძის, ლ. გუდიაშვილის ქუჩების და ლ. გუდიაშვილის შესახვევს შორის (რუსთაველის პროსპექტი, № 3). ამჟამად აქ განლაგებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კორპუსები.
ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საგანს წარმოადგენს აღნიშნული კვარტალის, კერძოდ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო და არქეოლოგია-გეოლოგიის კორპუსების შენობა-ნაგებობების ისტორია და არქიტექტურის განვითარება დაწყებული XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან.
რუსთაველის საწყისი მონაკვეთი და მის პარალელურად მდებარე ლ. გუდიაშვილის ქუჩა, ძირითადად, კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის ისტორიული შენობა-ნაგებობებით არის დატვირთული. კერძოდ, აქაა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (ყოფ. მეფისნაცვლის სასახლე), საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის I, II და III კორპუსები. თუ ამ ჩამონათვალს დავუმატებთ კიდევ ლ. გუდიაშვილის ქუჩაის № 9 და № 11-ში მდებარე XIX საუკუნის მეორე ნახევრის საცხოვრებელ სახლებს, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში თითქმის ყველა შენობა ამ მიკროუბანში გარკვეულ ისტორიულ-არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენს.
ასეთი ნაგებობების რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი საკვლევი შენობებიც - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო და არქეოლოგია-გეოლოგიის კორპუსები, რომლებიც თბილისის ურბანული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშების და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
მუზეუმის საგამოფენო შენობის პროექტი 1910 წელს თბილისელმა არქიტექტორმა კორნელი ტატიშჩევმა შეადგინა, მაგრამ მშენებლობა დაიწყო ასევე თბილისელი არქიტექტორის მიხეილ ნეპრინცევის (1877-1962) მიერ 1912 წელს შედგენილი პროექტით, რომელმაც თავდაპირველ პროექტში ცვლილებები შეიტანა. შენობის მთავარი ფასადის რეკონსტრუქციის 1927-29 წლებში განხორციელებული პროექტის ავტორია თბილისელი არქიტექტორი ნიკოლოზ სევეროვი (1877-1957).
მუზეუმის მშენებლობა 1913 წელს დაიწყო. შენობის „შავად აგება“ დამთავრდა 1917 წელს, ხოლო მისი მთავარი ფასადის არქიტექტურული რეკონსტრუქცია კი მხოლოდ 1929 წელს. მიჩნეულია, რომ მუზეუმის მთავარი ფასადის რეკონსტრუქცია წარმოადგენს ეროვნული არქიტექტურის ძიების მნიშვნელოვან მაგალითს, სადაც წარმატებითაა გამოყენებული ეროვნული ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის პროგრესული ხერხები და ელემენტები; მან გარკვეული როლი შეასრულა ქართული საბჭოთა არქიტექტურის განვითარებაში.
რაც შეეხება არქეოლოგია-გეოლოგიის შენობას, იგი თბილისის XIX საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურის საინტერესო ნიმუშია. აშენებულია იგი 1874 წელს, როგორც თბილისის ქალთა გიმნაზიის შენობა. მისი პროექტის ავტორია თბილისელი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი (1833-97), ხოლო სამსართულიანი მინაშენის - რომელიც უშუალოდ ეკვრის ამ შენობას ლ. გუდიაშვილის ქუჩისა და შესახვევის გადაკვეთაზე, არქიტექტორია კორნელი ტატიშჩევი; იგი 1912 წელს აშენდა.
საკვლევ შენობებს, განსაკუთრებით კი - ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საგამოფენო კორპუსს, თბილისისა და საქართველოს ხუროთმოძღვრებისადმი მიძღვნილ ნაშრომებში გარკვეული ადგილი უკავია. შეიძლება ითქვას, რომ ამ შენობას გვერდს ვერ უვლის თბილისის თუ საქართველოს ხუროთმოძღვრებისადმი მიძღვნილი ვერც ერთი სამეცნიერო თუ პოპულარული ნაშრომი.
არქეოლოგია-გეოლოგიის (ყოფ. ქალთა გიმნაზიის) შენობის შესახებ გარკვეული ცნობები მოყვანილია აკად. ვახტანგ ბერიძის თბილისის XIX საუკუნის არქიტექტურისადმი მიძღვნილ ნაშრომში „თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917 წლები“.
მიუხედავად ამისა, ბევრი საკითხი მაინც უცნობი და დაუზუსტებელი რჩებოდა. ამასთან დაკავშირებით წინამდებარე ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ჩატარების დროს საჭირო გახდა სპეციალური ლიტერატურის დამუშავება, აგრეთვე, წინა საუკუნეების (XIX-XX სს.) პრესის გაცნობა, საარქივო მასალების მოძიება-გამოვლენა და აღნიშნული შენობების ნატურაში შესწავლაც.
ტერიტორია, სადაც საკვლევი შენობებია განლაგებული, შუა საუკუნეების თბილისის ერთ-ერთი ისტორიული უბნის – გარეთუბნის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც მდებარეობდა მტკვრის მარჯვენა მხარეს, კალის გალავნის გარეთ, ახლანდელი შ. დადიანის, ა. პუშკინისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩების ხაზის ჩრდილოეთითა და დასავლეთით – სოლოლაკის ქედსა და მტკვრის კალაპოტს შორის. XIII-XIV საუკუნეების მძიმე საგარეო პოლიტიკური ვითარების გამო შეჩერდა გარეთუბნის შემდგომი განაშენიანება და მისი ქალაქის უბნად გადაქცევა. XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისში დაიწყო მისი ხელახალი დასახლება, განსაკუთრებით ქაშვეთის ეკლესიამდე არსებული ტერიტორიის მონაკვეთზე; XVIII საუკუნეში აქ გაჩნდა ფეოდალური არისტოკრატიის სასახლეები.
გარეთუბნის მთავარი ქუჩა იყო ე.წ. „დიღმის გზა“ (მომავალი რუსთაველის პროსპექტი), რომლის ორივე მხარეს ტერიტორია ბაღ-ვენახებით იყო გაშენებული, რომლებიც თბილისის მაცხოვრებლებს ეკუთვნოდა. გარეთუბანი იყოფოდა რამდენიმე მიკროუბნად: 1. მუხრანბატონიანთ უბანი; 2. ვანქის უბანი; 3. ორბელიანთ უბანი; 4. „დიღმის გზისა“ და „შუა კარის გზის“ მიდამოები – ახლანდელი ა. პუშკინისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩები, რუსთაველის პროსპექტისა და თავისუფლების მოედანს შორის, რომლებსაც მიეკუთვნებოდა ის ტერიტორიაც, რომელზედაც ამჟამად ჩვენი საკვლევი შენობებია. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე (სურ. 1) გარეთუბანი ნაჩვენებია, როგორც თბილისის ერთ-ერთი ძირითადი უბანი. გეგმის მიხედვით ჩანს, რომ ამ დროისათვის იგი მჭიდროდ არის დასახლებული, როგორც გალავანს შიგნით მოქცეული ქალაქის დანარჩენი უბნები. ამ ადგილას რიგით შენობათა გარდა, აღნიშნულია სომხის საყდარი (რუკაზე - 36), კალოუბანი (რუკაზე - 34) და, რაც მთავარია ჩვენთვის, არაგვის ერისთავის სახლი (რუკაზე - 35), რომლის ადგილით, ჩვენი აზრით, ლოკალიზდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის დღევანდელი ტერიტორია.

Picture 1

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თბილისის ტერიტორია სამ ნაწილად გაიყო, ერთი მათგანი გარეთუბანი ანუ ე.წ. „პირველი ნაწილი“ იყო, ხოლო თავად „პირველი ნაწილი“ სამ კვარტალად დაიყო.
1809 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე (ე.წ. პოლკოვნიკ ბანოვის გეგმა) გარეთუბანში არსებულ განაშენიანებაზე „დადებულია“ ურთიერთპარალელური და პერპენდიკულარული ქუჩების რეგულარული ქსელი. უკვე XIX საუკუნის დასაწყისში აქ აშენდა (1802 წ.) მთავარმართებლის რეზიდენციის თავდაპირველი
შენობა (ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე); 1816 წელს – არსენალი - იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის ზემო კორპუსი დგას; 1810-იან წლებში - ჰაუპტვახტი, რომელიც კინოთეატრ რუსთაველის ადგილას იდგა, რუსთაველის პროსპექტისა და ა. ფურცელაძის ქუჩის გადაკვეთაზე, ე.ი. უშუალოდ ჩვენი საკვლევი შენობების ადგილის გვერდით.
მიუხედავად ამისა, გამოცოცხლება რუსთაველის პროსპექტისა და, ზოგადად, გარეთუბნის განაშენიანებაში, მხოლოდ 1830-იანი წლების ბოლოდან იწყება, იმის შემდეგ, რაც 1833-35 წლებში შედგა გარეთუბნის განაშენიანების პროექტი მისი მთავარი ღერძით - რუსთაველის პროსპექტით, რომელსაც იმ დროს ჯერ სახელიც კი არ ჰქონია.
პროსპექტის მიმდებარე ტერიტორია რეგულარულ კვარტალებად დაიყო. ამასთან ერთად, მათი შემდგომი გაშენების მიზნით, ისინი ცალკეულ ნაკვეთებადაც დაყვეს. მაშინ, XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა დღემდე არსებული ქუჩების ქსელი. კონკრეტულად, საკვლევი შენობების ადგილი ანუ, უფრო სწორად, კვარტალი შემოსაზღვრულია ქვემოთ ჩამოთვლილი ქუჩებით:
- რუსთაველის პროსპექტი (ყოფილი გოლოვინის - 1841-1918 წწ.),
- ლ. გუდიაშვილის ქუჩა - 1992 წლიდან დღემდე (ყოფილი ატამანის - 1841-1877 წწ.; შემდგომ: ლორის-მელიქოვის - 1877-1922 წწ., ლ. კეცხოველის - 1922-1992 წწ.),
- ლ. გუდიაშვილის შესახვევი -1992 წ-დან დღემდე (ყოფილი ნიკოლოზის - ლ. კეცხოველის - 1922-1992 წწ.-მდე)
- ა. ფურცელაძის ქუჩა 1922 წ-დან დღემდე (ყოფილი ბარონის - 1841-1922 წწ.-მდე).
თბილისის 1867 წლის გეგმაზე (სურ. 2) საკვლევი შენობების ადგილზე აღნიშნულია მხოლოდ თავად იური გაგარინის დაუმთავრებელი სახლი და თბილისში დამკვიდრებული გერმანელი კოლონისტის, ფრიდრიხ ზალცმანის (არქიტექტორ ა. ზალცმანის მამა) სახლის ნანგრევები. ეს უკანასკნელი ახლანდელი რუსთაველის პროსპექტის, ლ. გუდიაშვილის შესახვევის და ლ. გუდიაშვილის ქუჩის კუთხეში მდგარა. მისი მშენებლობა დაიწყო არქიტექტორ იაკობ ივანოვის მიერ 1845 წელს შედგენილი პროექტით, ხოლო 1846 წელს იგი გადააკეთეს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტის მიხედვით; იქ „კეთილშობილთა საკრებულო“ იყო მოთავსებული. რაც შეეხება თავად ი. გაგარინის სახლს ე.წ. პალე როიალს, მისი პროექტი 1853 წელს შეადგინა არქიტექტორმა ანტონ ფონ ბრაუნმიულმა. მასში უნდა განთავსებულიყო ახლადდაფუძნებული არქიტექტურული სასწავლებელი.

Picture 2

როგორც ვხედავთ 1860-იანი წლების ბოლოს ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, ცარიელი, აუთვისებელი იყო.
1884 წლის თბილისის გეგმაზე (სურ. 3) აქ უკვე კავკასიის მუზეუმისა (1869 წ.) და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის (1870 წ.) შენობებია აღნიშნული. აგრეთვე, თბილისის ქალთა გიმნაზიის (1874 წ.) და მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სტამბის შენობები (1871 წ.), ეს უკანასკნელი მდებარეობდა ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ახლანდელი ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე. იგი წარმოადგენდა ორსართულიან ნაგებობას სარდაფით. მისი პროექტის ავტორი და მშენებელი იყო არქიტექტორი ა. ზალცმანი. საბჭოთა ხელისუფლების წლებში აქ მოთავსდა განათლების მუშაკთა სახლი - ე.წ. მასწავლებლის სახლი. ეს შენობა დაანგრიეს XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით. 1912 წელს, როგორც უკვე აღინიშნა, ლ. გუდიაშვილის ქუჩისა და შესახვევის კუთხეში აშენდა ქალთა გიმნაზიის შენობის სამსართულიანი მინაშენი, ხოლო 1917 წელს, რუსთაველის პროსპექტის გაყოლებაზე, ლ. გუდიაშვილის შესახვევისა და ა. ფურცელაძის ქუჩას შორის, კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ძველი შენობების ნაცვლად აშენდა ახალი შენობა.

Picture 3

ამჟამად ამ ტერიტორიაზე, რომელსაც სამუზეუმო კვარტალს ვუწოდებთ, მდებარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემდეგი ნაგებობები: (სურ. 4)

Picture 4

I. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო კორპუსი (1929 წ.);
II. საბუნებისმეტყველო კორპუსი (1972 წ.);
III. არქეოლოგია-გეოლოგიის კორპუსი (1874 წ.);
IV. ადმინისტრაციის კორპუსი (1989 წ.).
იდეა თბილისში მუზეუმის დაარსებისა, რომელიც თავს მოუყრიდა როგორც კავკასიის ბუნების ამსახველ ექსპონატებს, ასევე, ეთნოგრაფიულ, არქეოლოგიურ და ისტორიულ ნივთებსა და მასალებს, ჩაისახა 1850-იანი წლების დასაწყისში თავად მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლობის დროს. 1852 წლის 10 მაისს (ძვ. სტილით)ახალი სტილის მიღებამდე ყველა თარიღი მოცემულია ძვ. სტილით.რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების სხდომაზე ცნობილმა რუსმა მწერალმა, გრაფმა, ვლადიმერ სოლოგუბმა (1813-82 წწ.) პირველმა წამოაყენა საკითხი მუზეუმის დაარსების შესახებ. ეს წინადადება დადებითად იყო შეფასებული და გადაწყდა მუზეუმისათვის შესაფერისი შენობის დაქირავება, აგრეთვე, სათანადო ინსტრუქციებისა და პროგრამების შედგენა იმ პირებისათვის, რომლებსაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება კოლექციების შედგენაში. ახლად დაარსებულ დაწესებულებას, ჩვეულებრივ, შემოკლებით „მუზეუმს“-ს უწოდებდნენ, თუმცა, ოფიციალურად მას როგორც რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების „კავკასიის განყოფილების მუსეუმს“, ისე მოიხსენიებდნენ.
მუზეუმის დაარსება იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელიც იმ ხანებში მოღვაწე რუს, ევროპელ და ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საქმიანობამ მოამზადა.
1853 წლამდე მუზეუმის საქმიანობას წარმართავდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების გამგებელი კომიტეტი, რომელიც მუზეუმზე ხელმძღვანელობას ოფიციალურად ახორციელებდა მუზეუმის მდივნის მეშვეობით. 1853 წლის 27 იანვარს კავკასიის განყოფილების საერთო კრებაზე არჩეულ იქნა მუზეუმის პირველი დირექცია სამი წევრის შემადგენლობით. იმ დროს მუზეუმის თანამშრომელთა მთელი შტატი, მომსახურე პერსონალის ჩათვლით, ექვს კაცს არ აღემატებოდა. მუზეუმი შედგებოდა სამი განყოფილებისაგან: 1. საბუნებისმეტყველო, 2. ეთნოგრაფიული და 3. ისტორიული. 1850-იან წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთნოგრაფიისადმი იყო მიმართული.
მუზეუმის არსებობის პირველ ეტაპზე უმთავრესი ყურადღება ეთმობოდა მისი ფონდების შევსებას, რისთვისაც მომზადებულ იქნა კიდეც სპეციალური ინსტრუქცია და პროგრამა. ექსპონატები მუზეუმში შემოდიოდა ორი გზით: 1. შესყიდვითა და 2. შემოწირულობით. ვინაიდან მუზეუმი განიცდიდა სახსრების უქონლობას, მისი ფონდები, ძირითადად, შემოწირულობების ხარჯზე ივსებოდა. 1852 წელს მუზეუმში შემოსულა 105 ექსპონატი. სწორედ ამ 105 ერთეულისაგან შემდგარმა კოლექციებმა (ფ. ბაიერნის, ვ. სოლოგუბის, ა. ივანიცკის, ლ. ჩოლოყაშვილის) დაუდეს საფუძველი ახლად ჩამოყალიბებული მუზეუმის ფონდებს. შემდგომში მუზეუმის ფონდები ივსებოდა როგორც შემოწირულობებით, ისე შეძენილი ნივთებით. თანდათანობით იზრდებოდა მუზეუმის ბიბლიოთეკის წიგნების ფონდიც, რომელიც 1855 წლისათვის 381 დასახელების 657 წიგნს შეიცავდა. ამასთანავე, თანახმად 1852 წლის 10 მაისის დადგენილებისა, ამავე წელს კავკასიის განყოფილების გამგებელმა კომიტეტმა მუზეუმისათვის დაიქირავა ა. ჭავჭავაძისა და კომენდანტის (ახლანდელი ა. გრიბოედოვის) ქუჩების კუთხეში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული. ამ, დღესაც არსებული სახლის (ა. გრიბოედოვის ქუჩა №№ 16/5) მეორე სართულის შვიდ ოთახში იმ წლებში მოთავსდა მუზეუმი, კანცელარია და ბიბლიოთეკა.
დროთა განმავლობაში დაგროვილმა მასალამ მისცა მუზეუმს შესაძლებლობა, მოეწყო თავისი პირველი გამოფენა, რომელიც კავკასიის განყოფილების გამგებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 1855 წლის 5 მაისს გაიხსნა ზემოთ აღნიშნულ შენობაში.
მუზეუმმა სამეცნიერო კონტაქტებიც დაამყარა ცნობილ სამეცნიერო დაწესებულებებთან, კერძოდ, პეტერბურგის საიმპერატორო ერმიტაჟთან, პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკასთან და საიმპერატორო ბოტანიკურ ბაღთან, დრეზდენის სამეფო ბიბლიოთეკასთან და ეთნოგრაფიულ მუზეუმთან.
სამწუხაროდ, 1857 წლიდან მუზეუმისადმი ინტერესი თანდათან შესუსტდა, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით. მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ: კავკასიიდან წასვლა, თავად მიხეილ ვორონცოვისა (1782-1856) რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა მუზეუმის მიმართ, ყირიმის ომში (1853-56 წწ.) წარუმატებლობა, რომელმაც რუსეთის იმპერია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და საზოგადოების ყურადღება სხვა პრობლემებზე გაამახვილა და, რაც მთავარია, კავკასიის განყოფილების იმდროინდელი ხელმძღვანელობის პოზიცია, რომელიც გაჟღერდა განყოფილების 1861 წლის 13 მაისის საერთო კრებაზე: „განყოფილებას არ გააჩნია სახსრები, რომ ეს ნივთები (ექსპონატები) დააბინაოს შესაფერის შენობაში და მეცნიერულად დაამუშაოს. განყოფილების მიზანს ხომ აქაურ მხარეზე ცნობების გავრცელება შეადგენს და არა მუზეუმზე ზრუნვა, რომლის კარგ მდგომარეობაში შენახვა ისე ძვირი ჯდება, რომ შთანთქავს განყოფილების ისედაც მცირე თანხებს. გაცილებით სასარგებლო იქნებოდა მათი გამოყენება სამეცნიერო სამუშაოთა ხელშეწყობისა და სამეცნიერო პუბლიკაციებისათვის...“
მუზეუმისადმი ასეთი დამოკიდებულება პირველ რიგში იწვევდა დაფინანსების შემცირებას, მუზეუმს აღარ გააჩნდა თანხები, არა მარტო ახალი კოლექციების შესაძენად, არამედ თავისი ბინის შესანარჩუნებლად.
აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ იმავე 1861 წელს გაუქმდა მუზეუმის დირექცია, ხოლო 1864 წლის აგვისტოში უსახსრობის გამო თვით „კავკასიის განყოფილების მუზეუმი“ ოფიციალურად დაიხურა. მუზეუმის ბიბლიოთეკა გადაეცა კავკასიის სამხარეო ოლქის შტაბს, ხოლო მისი კოლექციები, როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, ყოველგვარი ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე დარჩა. მაგრამ, როგორც ჩანს, კოლექციების უმეტესობა მაინც გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ფონდებში იყო დაცული. ამაზე მიუთითებს 1866 წლის 20 მარტის ერთ-ერთ წერილში გაზეთი „კავკაზი“.
შედარებით ხანმოკლე არსებობის მანძილზე კავკასიის განყოფილების მუზეუმმა გარკვეული როლი შეასრულა სამუზეუმო საქმიანობის განვითარებაში. ფაქტობრივად, ეს იყო პირველი ოფიციალური სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება მთელ კავკასიაში, საიდანაც დაიწყო საქართველოში პროფესიულ სამუზეუმო დაწესებულებათა ქსელის შექმნა.
ახალი ფურცელი მუზეუმის ცხოვრებაში იწყება 1865 წლიდან, როდესაც დაფუძნდა ახალი მუზეუმი, რომელსაც „კავკასიის მუზეუმი“ ეწოდა. მისი შექმნა დაკავშირებული იყო ამ მუზეუმის მომავალი დირექტორის, ცნობილი ბუნებისმეტყველის და ეთნოგრაფის, გუსტავ რადეს სახელთან (1831-1903 წწ.). გ. რადემ შეადგინა ახალი მუზეუმის პროექტი, რომელიც წარუდგინეს მეფისნაცვალს, დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს (1832-1909 წწ.), რომელმაც 1865 წლის 2 ივნისს დაამტკიცა აღნიშნული პროექტი. ამავე წლის 14 ივნისს დამტკიცდა კავკასიის მუზეუმის დებულება, სადაც ჩამოყალიბებული იყო მისი მიზნები და ამოცანები: „მუზეუმის მიზანია კავკასიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მასალების შეგროვებით, მათი ფონდებში მოთავსებით, გამოფენით და შესწავლით ნათელი წარმოდგენა შეიქმნას ცოდნის ამ დარგზე და ამით მტკიცე საფუძველი ჩაეყაროს კავკასიის ბუნების ისტორიის შესწავლას
ახლად შექმნილი მუზეუმი შედგებოდა სამი განყოფილებისაგან: ზოოლოგიური, მინერალოგიური და ბოტანიკური. მუზეუმთან, აგრეთვე, დაარსდა ტექნიკური ლაბორატორია – ფიტულების, ჩონჩხების და სხვ. დასამუშავებლად და ეთნოგრაფიული კაბინეტი, სადაც თავი უნდა მოეყარა კავკასიის ხალხთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეთნოგრაფიულ ექსპონატებს.
საკუთარი შენობის აშენებამდე, 1866 წლის ოქტომბერში, მუზეუმი დროებით გადავიდა დაქირავებულ ბინაში, რომელიც მდებარეობდა სერგის (ახლანდელი ი. მაჩაბლის) ქუჩაზე. ეს იყო სამოთახიანი ბინა ახლად აშენებული სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე, რომელიც თბილისის მოქალაქეს ცოვიანოვს ეკუთვნოდა. ამავე წლის ნოემბერში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ გადასცა მუზეუმს მის მიერ შემონახული კოლექციები და ექსპონატები. მუზეუმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეთნოგრაფიული კოლექციები, რომლებიც შეიცავდა ბევრ საინტერესო ექსპონატს. ამას კიდევ დაემატა ზოოლოგიური კოლექციები, შეგროვებული გ. რადეს მიერ მისი პირველი (1866 წ.) მოგზაურობის დროს თალიშში (ლენქორანი).
1867 წლის 2 იანვარს სერგის ქუჩაზე მდებარე სახლის მეორე სართულის სამ ოთახში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა კავკასიის მუზეუმის გამოფენა. გამოფენის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში მუზეუმის დირექტორმა გ. რადემ კიდევ ერთხელ დააყენა მუზეუმისათვის საკუთარი შენობის აგების საკითხი. გ. რადეს აზრით, მუზეუმი უნდა აშენებულიყო ქალაქის ცენტრში, კერძოდ, საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით, ალექსანდრეს ბაღში (ახლანდელი 9 აპრილის ბაღი), სადაც მუზეუმის შენობა და საჯარო ბიბლიოთეკა ერთმანეთთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული გალერეა-გადასასვლელებით, ვინაიდან ამ დროს დაისვა საკითხი კავკასიის მუზეუმთან „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის“ შეერთების შესახებ. (სურ. 5) ცნობისათვის, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წლის იანვარში; 1851 წელს ალექსანდრეს ბაღის ქვედა ნაწილში აშენდა ერთსართულიანი შენობა, რომელიც მას იჯარით გადაეცა; 1865 წლისათვის ბიბლიოთეკაში იყო 6256 დასახელების 13610 წიგნი.

Picture 5

1868 წლის 2 იანვრიდან კავკასიის მუზეუმი და საჯარო ბიბლიოთეკა გაერთიანდა ერთ დაწესებულებად, რომელსაც ეწოდა „კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“, რომლის დირექტორად გ. რადე დაინიშნა. მუზეუმის მსგავსად, საჯარო ბიბლიოთეკაც განიცდიდა ფართის ნაკლებობას. ამასთან დაკავშირებით გადაწყდა მისთვისაც ახალი შენობის აგება.
მუზეუმისათვის საკუთარი შენობის აგება გადაუდებელ ამოცანად იქცა, განსაკუთრებით - გამოფენის მოწყობის შემდეგ, რადგანაც კიდევ ერთხელ ნათელი გახდა დაქირავებული სათავსოს ფართის სიმცირე და ამით გამოწვეული პრობლემები.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ კავკასიის მუზეუმის შენობის აგებას ალექსანდრეს ბაღში „მინისა და რკინისაგან“ (ე.წ. ინგლისური პროექტი), მაგრამ შემდეგ გადაწყდა შენობის აშენება გოლოვინის პროსპექტის დასაწყისში, მეფის-ნაცვლის სასახლის პირდაპირ მდებარე ცარიელ ადგილზე, რომელიც ხაზინამ 1860-იანი წლების შუა წლებში შეიძინა. ეს დაახლოებით ის ადგილია, სადაც XVIII საუკუნეში არაგვის ერისთავის სახლი იდგა, იმჟამად კი თავად გაგარინისა და გერმანელი კოლონისტის, ფ. ზალცმანის დაუმთავრებელი სახლების საძირკვლებიღა იყო შემორჩენილი. (სურ. 6)

Picture 6

1868 წლის 16 აპრილს ტექნიკური კომისია, აღნიშნული საძირკვლების სიმტკიცეზე გამოკვლევის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მათი გამოყენება ახალი შენობის დასაშენებლად. ამ გარემოებამ დააჩქარა და გააადვილა ნებართვის მიღება ახალი შენობის ასაგებად, ვინაიდან გ. რადეს სიტყვით, ნიკოლოზის (ახლანდელი ლ. გუდიაშვილის) შესახვევის მთელს სიგრძეზე უკვე გამზადებული საძირკველი იყო.
მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის შენობების პროექტების შედგენა დაევალა არქიტექტორ ა. ზალცმანს, რომელიც, ამავე დროს, ამ შენობების მშენებლობასაც ხელმძღვანელობდა. 1868 წლის მაისში მეფისნაცვლის მიერ ორივე პროექტი დამტკიცებულ იქნა და ამავე წლის აგვისტოში დაიწყო მშენებლობა.
ერთი წლის შემდეგ, 1869 წლის აგვისტოში მუზეუმის შენობა (ერთსართულიანი) უკვე დასრულებული იყო, რაც შეეხება საჯარო ბიბლიოთეკის შენობას, მისი მშენებლობა უსახსრობის გამო შეფერხდა და მხოლოდ 1870 წლის ზაფხულში დამთავრდა (ისიც ერთსართულიანი იყო).
პროექტის მიხედვით მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის შენობები ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო გალერეა-გადასასვლელით, რომელსაც მაშინ „კოლონადას“ უწოდებდნენ. შენობებს შორის გათვალისწინებული იყო დიდი დარბაზის აშენება კონცერტებისა და საჯარო ლექციების ჩასატარებლად, რომელიც ასევე „კოლონადით“ უნდა დაკავშირებოდა მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის შენობებს.
მშენებლობაზე მეთვალყურეობა დაევალა თავად ს.ნ. ტრუბეცკოის, რომელმაც მოისურვა მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის შენობები „სპარსულ სტილში“ ყოფილიყო აგებული – ისრული თაღებით, სტალაქტიტებიანი ფრიზით და სხვ. გათვალისწინებული იყო ფასადების მაიოლიკით მოპირკეთება, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა უსახსრობის გამო.
საინტერესოა, რომ 1869 წლის დასაწყისში განზრახული ჰქონდათ საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან ერთად, ამავე ადგილას ხატვის სკოლის აშენებაც, რომელიც, აგრეთვე, კავკასიის მუზეუმთან უნდა ყოფილიყო მიერთებული. მიუხე-დავად იმისა, რომ ამ შენობის პროექტი (არქიტექტორი ა. ზალცმანი) და ხარჯთ-აღრიცხვაც იყო შედგენილი და განხილული, ეს პროექტი არ განხორციელებულა - შეგვიძლია ვივარაუდოთ, აგრეთვე უსახსრობის გამო.

Picture 7

კავკასიის მუზეუმის ახალი შენობა საზეიმოდ გაისხნა დამთვალიერებელთათვის 1870 წლის 1 სექტემბერს. საჯარო ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელიც 1869 წელს განახლდა, 1870 წელს დასრულდა. საჯარო ბიბლიოთეკის ახალი შენობა 1871 წლის 1 მაისს გაიხსნა. იგი მდებარეობდა ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბარონის (ახლანდელი ა. ფურცელაძის) და გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტის გადაკვეთაზე. მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის შენობებს შორის გაშენებული იყო პატარა ბაღი მარად მწვანე ხეებით, რომელიც გოლოვინის პროსპექტის მხრიდან რკინის მაღალი ცხაურით იყო შემოღობილი. გ. რადეს წიგნშიКраткий очерк развития Кавказского Музея, Тифлис, 1891.მოცემული სქემატური გეგმა (სურ. 7) ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ამ პერიოდში ზემოთ აღნიშნული შენობების ნაკვეთზე განლაგების შესახებ:
ა) თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა,
ბ) კავკასიის მუზეუმი,
ც) კოლონადა~ და მათ შორის დიდი დარბაზი,
დ) თბილისის ქალთა გიმნაზია,
ე) მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სტამბა.
უსახსრობის გამო დაუმთავრებელი დარჩა უკვე აღნიშნული „კოლონადა“ და კონცერტებისა და საჯარო ლექციებისათვის განკუთვნილი დიდი დარბაზი. 1874 წელს ეს ნაგებობები საერთოდ დაშალეს ამ ადგილზე თბილისის ქალთა გიმნაზიის შენობის აგებასთან დაკავშირებით.
1878 წლისათვის დადგა მუზეუმის არსებული შენობის გაფართოების აუცილებლობის საკითხი, ვინაიდან იგი უკვე ვეღარ იტევდა ყველა შემოსულ ან შეძენილ კოლექციას და ექსპონატს. ამას დაემატა ისიც, რომ 1881 წლის შემოდგომაზე თბილისში უნდა ჩატარებულიყო I საერთაშორისო არქეოლოგიური ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბევრ ცნობილ მეცნიერს. ამასთან დაკავშირებით გადაწყდა მუზეუმის არსებული შენობისათვის მეორე სართულის დაშენება და ახალი ექსპოზიციის მოწყობა. ყრილობის მოსამზადებელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს გ. რადე. ამავე წელს კავკასიის მეფისნაცვალმა დაავალა გ. რადეს და ა. ზალცმანს წარედგინათ კავკასიის მუზეუმის რეკონსტრუქცია _ დაშენებისა და მისი ახალი ექსპოზიციის პროექტი. 1879 წლის ივლისში არქიტექტორი ა. ზალცმანი სამკურნალოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ და გ. რადეს თხოვნით პროექტზე მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს თბილისელ არქიტექტორს ლეოპოლდ ბილფელდს (1839-1919 წწ.). მასვე დაევალა მშენებლობის ხელმძღვანელობაც. 1879 წლის ოქტომბერში მუზეუმი დაიკეტა, ხოლო დეკემბერში, როგორც ამას თვით გ. რადე აღნიშნავს, არქიტექტორ ლ. ბილფელდის ზედამხედველობით დაიწყო მშენებლობა.
მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავარი შესასვლელის გაფორმებას. გ. რადეს წინადადებით ვესტიბიულის, აგრეთვე, პარადული სამმარშიანი კიბის კედლები ფრესკებით უნდა მოხატულიყო, სადაც აღბეჭდილი იქნებოდა კავკასიასთან დაკავშირებული მითოლოგიური სიუჟეტები და, აგრეთვე, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამოსახულებები, რომლებიც შესრულებული იქნებოდა გელათისა და ვარძიის ფრესკების მიხედვით. ფრესკები შესრულებული იყო ცნობილი ავსტრიელი მხატვრის, ფრანც ხავიერ ზიმის (1853-1918 წწ.) და მისი მეუღლის, მხატვარ მარია მაიერის მიერ 1881 წლის აპრილ-აგვისტოში. როგორც თანამედროვენი აღნიშნავდნენ, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ყოფილა ფრესკა, რომელიც ასახავდა კავკასიის ქედზე მიჯაჭულ პრომეთეს (ამირანი) და მტირალ ოკეანიდებს.
თვით მუზეუმის მშენებლობა დასრულდა 1880 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც დაიწყო ექსპოზიციის მომზადება.

Picture 8

მუზეუმის ახალი შენობა წარმოადგენდა კოხტა ორსართულიან ნაგებობას სამკუთხა ფრონტონით გადახურული სვეტებიანი პორტიკით - ეს ალბათ, იმდროინდელ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო შენობა იყო. (სურ. 8)
მისი ფასადი, სადაც რენესანსული ელემენტები გვიანი რუსული კლასიციზმის რემინისცენციებს უთავსდება, გამოირჩეოდა ზომიერებით და დახვეწილი პროპორციებით. გამოყენებული არქიტექტურული დეტალები და პროფილები ავტორის მაღალ პროფესიულ მომზადებაზე მიუთითებდა.
რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული საგამოფენო ფართი მოიცავდა ორ სართულს და ანტრესოლს, რაც უკვე საშუალებას იძლეოდა ექსპონატების სისტემური წესით და სახეობების მიხედვით უფრო ვრცლად წარმოდგენისა.
1881 წლის 8 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში, თბილისში გაიხსნა V საერ-თაშორისო არქეოლოგიური ყრილობა. ამავე დღეს მოხდა მუზეუმის ახალი შენობისა და ექსპოზიციის საზეიმო გახსნა.
ახალი მუზეუმისა და გამოფენის შესახებ 1881 წლის 4 ოქტომბერს გაზეთი `დროება~ აღნიშნავდა: `საზოგადოებამ დაათვალიერა მუზეუმი და დარწმუნდა, რომ ამდენი შრომა და ხარჯი უბრალოდ არ ყოფილა თურმე გაწეული, რომ ასეთი მუზეუმი, როგორც აქვს ახლა ჩვენს ქალაქს, ბევრ ევროპის ქალაქს დაამშვენებდა~. გ. რადე აგრეთვე აღნიშნავდა, რომ „... სამი ოთახის ნაცვლად ცოვიანოვის სახლში სერგის ქუჩაზე, ამჟამად აღმართულია უზარმაზარი სამსართულიანი შენობა, რომლის გვერდითი ფასადი მთელს ქუჩას იკავებს [იგულისხმება ნიკოლოზის (ლ. გუდიაშვილის) შესახვევი]“.
ზემოთ აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ მუზეუმის შენობის სართულიანობის ათვლა, როგორც ჩანს, გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტიდან ხდებოდა.
აქედან გამომდინარე, მუზეუმის ახალი შენობა გოლოვინის პროსპექტიდან ორსართულიანი, ხოლო ნიკოლოზის შესახვევიდან - სამსართულიანი იყო, ე.ი. ფაქტობრივად, შენობა სამსართულიანია. ამაზევე მიუთითებს არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი ერთ-ერთ თავის სტატიაში – „... კავკასიის მუზეუმი 1912 წლამდე იყო მოთავსებული სამსართულიან შენობაში, რომელიც გოლოვინის პროსპექტისა და ნიკოლოზის შესახვევის კუთხეში მდებარეობდა“. სართულიანობის განსხვავებული აღნიშვნა გამოწვეული იყო რელიეფის ნიშნულების სხვაობით ახლანდელი რუსთაველის გამზირისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩას შორის, რომელიც დაახლოებით 6-7 მეტრს უდრის. ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მანამდე, ე.ი. გადაკეთებამდე არსებული კავკასიის მუზეუმის შენობა, რომელსაც, ჩვეულებრივ, როგორც ერთსართულიანს, ისე მოიხსენიებდნენ, ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ დღესაც კი, ჩვენ, ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საგამოფენო კორპუსს მოვიხსენიებთ როგორც სამსართულიანს, თუმცა, რეალურად, ის ოთხსართულიანი ნაგებობაა.
XX საუკუნის პირველსავე წლებში კვლავ მწვავედ დადგა კავკასიის მუზეუმისა და, აგრეთვე, საჯარო ბიბლიოთეკის შენობების გაფართოების საკითხი. საქმე ისაა, რომ ამ დროს ეს შენობები ვეღარ აკმაყოფილებდა მათთვის წაყენებულ გაზრდილ მოთხოვნილებებს. კერძოდ, მუზეუმის საფონდო ოთახები ვეღარ იტევდა სამუზეუმო კოლექციებს, ექსპოზიციები კი გადატვირთული იყო. ამას დაემატა ისიც, რომ მუზეუმის შენობა ამ დროისათვის ძლიერ დაზიანებული იყო. ასე მაგალითად, 1904 წელს ჩამოიშალა მუზეუმის ფასადის ბათქაშის ნაწილი ნიკოლოზის შესახვევის მხრიდან, რამაც საფრთხე შეუქმნა დამთვალიერებლებს. 1905 წელს ბათქაშის ცვენა გაძლიერდა და კედლებზე გაჩნდა ბზარებიც. ამასთან დაკავშირებით მუზეუმის დირექციამ 1905 წლის 9 სექტემბერს მოითხოვა სათანადო სპეციალისტების გამოყოფა შენობის მდგომარეობის შესამოწმებლად. ამავე წლის 15 სექტემბერს მოწვეულმა ტექნიკურმა კომისიამ შეადგინა აქტი, სადაც დაადასტურა შენობის ავარიული მდგომარეობა და, ამასთანავე, დაადგინა ამის მიზეზიც – საძირკვლის სისუსტე და მიწისქვეშა წყლების შედეგად ნიადაგის არამდგრადობა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით შეიქმნა მუზეუმის შენობის სპეციალური შემსწავლელი კომისია მეფისნაცვლის საბჭოს წევრის მ. გაკელის თავმჯდომარეობით. 1906 წლის 3 მაისს გამართულ კომისიის სხდომაზე ინჟინერმა მ. მიხაილოვმა აღნიშნა შენობის, განსაკუთრებით კი მისი ქვედა სართულის კედლებზე ბზარების კატასტროფული ზრდა. ამასთან ერთად, მან მიუთითა, რომ შენობის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები შედეგს აღარ იძლეოდა და უკეთესი იქნებოდა ახალი შენობის აგება. ეს მართლაც დადასტურდა იმითაც, რომ 1905, 1906 და 1907 წლებში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა არ გააუმჯობესა შენობის სავალალო მდგომარეობა.
ახალი შენობის აგების წინადადებას მუზეუმის დირექციამაც მხარი დაუჭირა. მან წამოაყენა კიდევაც რამდენიმე ვარიანტი, სად შეიძლებოდა აშენებულიყო შენობა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. 1907 წელს კავკასიის მეფისნაცვალი გრაფ ვორონცოვ-დაშკოვი იმპერატორისადმი გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ კავკასიის მუზეუმის „შენობა, რომელიც ამჟამად მუზეუმს უჭირავს, იმდენად ვიწროა და ხანძრის გაჩენის თვალსაზრისით საშიშია, რომ სრულიად გამოუსადეგარია თავისი დანიშნულებისათვის. შენობის ჩამონგრევის საფრთხეს აძლიერებს თბილისისათვის დამახასიათებელი ხშირი მიწისძვრები და თუ არ იქნება მუზეუმისადმი დროული დახმარება, შეიძლება შეიქმნას იმის საშიშროება, რომ უდიდესი და მატერიალურად შეუფასებელი სამეცნიერო ღირებულების მქონე მისი კოლექციები ერთ დღეს დაიმარხოს ნანგრევების ქვეშ ან გახდეს ხანძრის მსხვერპლი. ამგვარად, მხარის შესწავლისათვის გაწეული ორმოცწლიანი შრომა საბოლოოდ დაიღუპება. ერთადერთ საშუალებად კავკასიის მუზეუმის ბედის გადასაწყვეტად და მხარის კვლევისათვის მუშაობის გასაგრძელებლად რჩება ახალი, უფრო ვრცელი შენობის აგება, ...“
მუზეუმის შენობის ავარიულობა იმდენად საშიში გახდა, რომ მეფისნაცვლის 1908 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით იგი დაიკეტა.
1909 წლის დასაწყისში მუზეუმის შენობა კვლავ შეამოწმეს კომისიის წევრებმა – ინჟინრებმა გეუინოვმა და მიხაილოვმა, რომლებმაც 26 იანვარს შედგენილი აქტით კვლავ დაადასტურეს შენობის ავარიული მდგომარეობა.
მუზეუმისათვის ახალი მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მუზეუმის დირექცია და ხელისუფლება მიიყვანეს იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესი იყო მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის ძველი ავარიული შენობების დაშლა და მათ ადგილას ახალი შენობის აგება.სურ. 9

Picture 9

კავკასიის მეფისნაცვლის წარდგინებით, რომელიც ეხებოდა კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის აგებას, მიღწეულ იქნა შესაბამისი დადგენილება, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II 1910 წლის 18 ივლისს დაამტკიცა. ამავე დადგენილებით ახალი შენობის ასაგებად შეიქმნა საგანგებო სამშენებლო კომისია, რომელსაც მშენებლობაზე მეთვალყურეობა დაეკისრა.
მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის ახალი შენობის პროექტის შედგენაზე აპირებდნენ კონკურსის გამოცხადებას, მაგრამ, შემდეგ მისი შედგენა დაევალა თბილისელ არქიტექტორს, კორნელი ტატიშჩევს. პროექტზე მუშაობა დასრულდა 1910 წლის ბოლოს და ამავე წლის 12 ნოემბერს იგი მეფისნაცვალმა დაამტკიცა, ხოლო ფასადი კი - 14 დეკემბერს. ამის შემდეგ პროექტი შეიტანეს ზემდგომ ინსტანციებში დასამტკიცებლად.სურ. 10-11

Picture 10Picture 10 a

1911 წლის 29 მარტს უზენაესი ბრძანებულებით დამტკიცდა საგანგებო სამშენებლო კომისიის მიერ შემუშავებული კანონი კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ახალი შენობის აგების შესახებ. ამის შესაბამისად, მშენებლობისათვის გამოიყო 386 922 მან და 80 კაპ. და შესაძლებელი გახდა სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
როგორც ცნობილია, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო გოლოვინის პროსპექტის გასწვრივ, ვიწრო ზოლში ნიკოლოზის შესახვევისა და ბარონის ქუჩას შორის. ამ ზოლის სიგანე 12 საჟ. (25-26 მ.), ხოლო სიგრძე 50 საჟ. (106-107 მ.) უდრიდა. არქიტექტორის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, ვინაიდან გამოყოფილი ნაკვეთის კონფიგურაციამ წინასწარ განაპირობა ნაგებობის გეგმარებითი გადაწყვეტა წაგრძელებული სწორკუთხედის სახით, სიგანით 8 საჟ. (17 მ.).
პროექტის მიხედვით, ახალი მუზეუმის შენობა გადაწყვეტილი იყო „ისლამურ“ ან როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, „მავრულ სტილში“, სადაც გამოყენებული იყო ისლამური არქიტექტურის ცნობილი მოტივები – მეჩეთის პორტალები ისრული თაღებით და მინარეთებით, სტალაქტიტებიანი ფრიზები და ფერადი მოჭიქული ფილები, რომელთაც მთავარი ფასადი უნდა შეემკოთ.(სურ.11) ასეთი „ზოგადაღმოსავლური“ ეგზოტიკა შეგნებულად ინერგებოდა, ვინაიდან კავკასია, რუსეთის იმპერიის თვალსაზრისით, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი იყო.

Picture 11

მშენებლობის პერიოდში სამუზეუმო ექსპონატების შენახვა-დაცვის მიზნით გადაწყდა ნიკოლოზის შესახვევისა და ლორის – მელიქოვის ქუჩის კუთხეში სამ-სართულიანი შენობის აგება, რომელიც უშუალოდ მიდგმული იყო ქალთა გიმნაზიის არსებულ შენობაზე. გათვალისწინებული იყო, რომ ამ შენობის ორი სართული დაეთმობოდა სამუზეუმო ექსპონატებს. ამ შენობის პროექტის ავტორიც არქიტექტორი კორნელი ტატიშჩევია. აღნიშნული პროექტი 1910 წლის 12 ნოემბერს მეფისნაცვალმა დაამტკიცა. მშენებლობა 1911 წელს შემოდგომაზე დაიწყო, ხოლო დასრულდა იგი 1912 წლის აგვისტოში. ამასთან ერთად, მუზეუმის ეზოში გათვალისწინებული იყო სპეციალური დროებითი ორსართულიანი ნაგებობის აშენება საჯარო ბიბლიოთეკის წიგნებისა და კარადების შესანახად.
1911 წლის 16 ივლისიდან დაიხურა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაც და ამავე წლის სექტემბრიდან შეუდგნენ მუზეუმისა და საჯარო ბიბლიოთეკის ძველი შენობების დაშლას, რაც 1913 წლის იანვრამდე დასრულდა. ამავე წელს დაიწყეს მიწისა და საძირკვლის სამუშაოები. მუზეუმის ძველი შენობის დანგრევისას ვესტიბიულისა და კიბის უჯრედის კედლებიდან ჩამოხსნეს ორი თუ სამი ფრესკა (მათ შორის `პრომეთე~) მათი შენარჩუნების მიზნით (მთლიანობაში სულ ათი ფრესკა ყოფილა). შემდგომში განსაზღვრული იყო ამ ფრესკების გამოყენება მუზეუმის ახალ შენობაში, როგორც ძველი მუზეუმის ინტერიერის გაფორმების დამახასიათებელი ელემენტისა.
მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცებული იყო არქიტექტორ კ. ტატიშჩევის პროექტი, მშენებლობა არქიტექტორ მ. ნეპრინცევის პროექტით დაიწყო. 1912 წლის სექტემბერში არქიტექტორი კ. ტატიშჩევი, რომელიც მუზეუმის ახალი შენობის მშენებელიც იყო, საგანგებო სამშენებლო კომისიასთან უთანხმოების გამო გადადგა ამ თანამდებობიდან (მ. ნეპრინცევი, როგორც მიზეზს, ასახელებს სამუშაო ნახაზების დაგვიანებით მიწოდებას). ამასთან დაკავშირებით სამშენებლო კომისიამ მუზეუმის მშენებლად მოიწვია თბილისელი არქიტექტორი ალექსანდრე როგოისკი (? - 1912 წწ.), რომელიც, სამწუხაროდ, იმავე წელს გარდაიცვალა. მის ნაცვლად კომისიამ აირჩია არქიტექტორი მ. ნეპრინცევი. ამ უკანასკნელს დაევალა თავდაპირველი პროექტის გეგმის გადაკეთება შენობის იმ ნაწილში, რომელიც გადიოდა ნიკოლოზის შესახვევის მხარეს. აგრეთვე, მთავარი ფასადის გადაკეთება, ასევე „აღმოსავლურ“ სტილში, მაგრამ სპარსული არქიტექტურის მოტივების გამოყენებით. 
ამგვარად, მუზეუმის მთავარი ფასადი, რომელიც „მავრული სტილისა“ იყო, შეიცვალა ახლით, მაგრამ ასევე „ღმოსავლური სტილის“ ფასადით, სადაც გვიანი ირანული არქიტექტურის ელემენტები და დეტალები იყო გამოყენებული. (სურ. 12) 1912 წლის ბოლოს ეს პროექტი უკვე შედგენილი იყო და მოხდა მისი დამტკიცება.

Picture 12

1913 წლის 26 აგვისტოს საზეიმო ვითარებაში შედგა კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია. შენობის კედელში, მუზეუმის მთავარი შესასვლელის ქვეშ, ჩატანილ იქნა ბრინჯაოს სპეციალური დაფა წარწერით, სადაც ამოტვიფრული იყო შენობის საძირკვლის ჩაყრის თარიღი და იმ პირების ვინაობა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროექტის განხორციელებაში. თავდაპირველად მშენებლობის დამთავრებას 1914 წელს ვარაუდობდნენ.
მუზეუმის შენობა ოთხსართულიანი იყო, როგორც უკვე აღინიშნა - „სპარსული სტილისა“. მთავარი ფასადი ხელოვნური მოჭიქული ფილებით უნდა მოეპირკეთებინათ. ახალი მუზეუმის საერთო, ე.ი. ოთხივე სართულის ფართი 1200 კვ. საჟ. უდრიდა (5000 კვ.მ.).სართულშუა გადახურვა რკინაბეტონისა იყო გათვალისწინებული. აგრეთვე რკინაბეტონისა უნდა ყოფილიყო კარ-ფანჯრების ზღუდარები. სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხისა უნდა ყოფილიყო მხოლოდ კარ-ფანჯრების ალათები. გათბობა საგამოფენო დარბაზებში გათვალისწინებული იყო `водо-воздушное~, ხოლო საცხოვრებელ ნაწილში, სადაც მუზეუმის დირექციის ბინები უნდა განთავსებულიყო _ `водяное~. პროექტით მუზეუმის პირველ ანუ ცოკოლის სართულში გათვალისწინებული იყო მუზეუმის ლაბორატორიისა და სხვადასხვა სამსახურის მოთავსება; მეორე სართული დაეთმო გეოლოგიას და არქეოლოგიას; მესამე სართული – ზოოლოგიას და ბოტანიკას; ხოლო მეოთხე სართული – ეთნოგრაფიას. შენობის ჩრდილოეთი ფრთა გათვალისწინებული იყო საჯარო ბიბლიოთეკისათვის, ხოლო სამხრეთი ფრთა საცხოვრებელი იყო.
პროექტის მიხედვით საჯარო ბიბლიოთეკა მოიცავდა დიდ სამკითხველო დარბაზს „ესტრადით“ და მრავალსართულიან წიგნსაცავს, რომლის სიმაღლე მუზეუმის შენობის სამი სართულის სიმაღლეს უდრიდა. ბიბლიოთეკას დამოუკიდებელი შესასვლელი უნდა ჰქონოდა ბარონის (ა. ფურცელაძის) ქუჩიდან. წიგნების შესანახად გათვალისწინებული იყო, საზღვარგარეთის საუკეთესო ბიბლიოთეკების მსგავსად, ლითონის საგანგებო კონსტრუქციის მოძრავი თაროები, რომელიც ფართის ეკონომიასთან ერთად აადვილებდა მკითხველთა მომსახურეობას.
1914 წლის ზაფხულისათვის მუზეუმის შენობის კედლები, ძირითადად, ამოყვანილი იყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ მისი მშენებლობა შეაფერხა. დაფინანსება შემცირდა, თუმცა ამ დროს, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა სამუშაოები ბრტყელი სახურავის კონსტრუქციის დასასრულებლად, მესამე სართულის საგამოფენო დარბაზების ზედა განათების ფარნების მოწყობა და სხვ. 1917 წლის დასაწყისში დაფინანსებაცა და მშენებლობაც საერთოდ შეწყდა. ამ დროისათვის შენობის ძირითადი მოცულობა უკვე ამოყვანილი იყო, ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ, შენობა შავად აგებული იყო.
მთავარი ფასადი გაყოფილი იყო სამ რიზალიტად ისრის ფორმის სამი პორტალური თაღით. ცენტრალურ პორტალს ორივე მხრიდან აგვირგვინებდა მრგვალი მინარეთი. შენობა უფრო მუსლიმანურ საკულტო ნაგებობას მოგვაგონებდა, ვიდრე მუზეუმს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოში მოხდა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა.
1919 წლის 1 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ და საქართველოს მთავრობამ მიიღო დეკრეტი კავკასიის მუზეუმის გაუქმებისა და მის ბაზაზე საქართველოს მუზეუმის დაარსების შესახებ. დებულების შესაბამისად, საქართველოს მუზეუმის მიზანსა და ამოცანას შეადგენდა საქართველოს მეცნიერულად შესწავლის ხელშეწყობა, რისთვისაც მას თავი უნდა მოეყარა, მოეწესრიგებინა, შეენახა და მეცნიერულად დაემუშავებინა ყველა კოლექცია და მასალა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების ფიზიკურ ბუნებას, ეთნოგრაფიასა და ისტორია-არქეოლოგიას. ამავე დებულების მიხედვით იგი შედგებოდა ხუთი განყოფილებისაგან: გეოლოგიის, ბოტანიკის, ეთნოგრაფიის და ისტორია-არქეოლოგიის. მუზეუმთან არსებულ წიგნსაცავს კი „საქართველოს მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა“ უწოდეს.
საქართველოს მუზეუმს რთულ პერიოდში მოუწია საქმიანობის დაწყება. პირველი მსოფლიო ომის, რევოლუციების, გართულებული საგარეო ვითარების შედეგად ქვეყანა ეკონომიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეროვნული ხელისუფლება მაინც ცდილობდა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა მუზეუმს.
1919 წლის 19 დეკემბერს დამფუძნებელთა კრებამ და რესპუბლიკის მთავრობამ მიიღეს დეკრეტი საქართველოს მუზეუმის შენობის მშენებლობის დასრულების მიზნით სახსრების გამოყოფის შესახებ და შეჩერებული მშენებლობა განახლდა.
1920 წელს გარკვეული თანხები გამოიყო ფასადის მოსაპირკეთებლად. ამავე, 1920 წლის 5 აპრილს განათლების მინისტრმა მთავრობის წინაშე აღძრა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს მუზეუმს გადასცემოდა ქალთა გიმნაზიის და სახელმწიფო (ყოფილი მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს) სტამბის შენობა, რომლებიც, როგორც ცნობილია, იმავე კვარტალში იყო განლაგებული. დაისვა საკითხიც საქართველოს მუზეუმის არსებული ფასადის შეცვლის შესახებ, ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ფორმებისა და ელემენტების გამოყენებით. 1919-20 წლებში მოხერხდა ურთიერთობების აღდგენა ევროპის ზოგიერთ ანალოგიურ დაწესებულებასთან. 1920 წელს საქართველოს მუზეუმს დაევალა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შეკეთება-დაცვაზე მზრუნველობის გაწევა. ამისათვის 1920 წლის 13 აგვისტოს დეკრეტით გარკვეული თანხაც გამოიყო. როგორც ვხედავთ, ეროვნული მთავრობა იმ რთულ პირობებშიც ცდილობდა შეექმნა საქართველოს მუზეუმისათვის განვითარების ნორმალური პირობები, მაგრამ არ დასცალდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. მუზეუმის ისტორიაში ახალი და საკმაოდ რთული ეტაპი დაიწყო. მუზეუმის შენობის უსახსრობის გამო შეჩერებული მშენებლობის დასრულება ახალი ხელისუფლებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის „სპარსულ სტილში“ გადაწყვეტილი მთავარი ფასადის გადაკეთების საკითხსაც. ამ მიმართულებით 1923 წლიდან პირველი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა შენობის რეკონსტრუქციის სპეციალური სააღმშენებლო კომიტეტი. მთავარი ფასადის რეკონსტრუქციის პროექტზე გამოცხადდა ღია კონკურსი (1923 წ.), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არქიტექტორებმა: ა. კალგინმა (1875-1943), მ. ნეპრინცევმა, ნ. სევეროვმა, მ. მაჭავარიანმა (1886-1951) და სხვ. 1923 წლის 18 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტები განიხილა სპეციალურმა კომისიამ ი. ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით, რომელმაც დაადგინა: „ხმების უმრავლესობით მიეცეს I პრემია არქიტ. ნ. სევეროვს, როგორც შედარებით დამაკმაყოფილებლად შესრულებული პროექტისათვის, მაგრამ შენობის აგების დროს მასში უნდა იქნას შეტანილი ზოგიერთი ცვლილებები, II პრემია კი მიეცეს ან. კალგინის პროექტს, როგორც მხატვრულად შესრულებულს“. კომისიის დადგენილების თანახმად, ნ. სევეროვმა განაგრძო მუშაობა პროექტზე, რომელმაც პროექტირების სამი ძირითადი ეტაპის განმავლობაში (1926-29 წწ.) განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები და თანდათანობით სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა. პროექტის პირველი ვარიანტი (1926 წ.) გადატვირთულია და, რაც მთავარია, ჯერ კიდევ არ შეიმჩნევა კომპოზიციური მთლიანობა, რომელიც იგრძნობა მეორე ვარიანტში და განსაკუთრებით - მესამე საბოლოო ვარიანტში.ეხება რა 1923 წლის კონკურსს, ბ-ნი დიმიტრი თუმანიშვილი წერს: „ძველი გაზეთების მონაცემებით კი, საქმე ასე იყო: ჯერ კიდევ 1918 წლის აგვისტოში გააუქმეს ძველი სამშენებლო კომისია და მუზეუმის მშენებლობის წარმართვა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას დაევალა (საქართველოც რესპუბლიკა, 1918, # 16). მოგვიანებით, 1920 წლის იანვარში განათლების სამინისტროს მიერ დაინიშნა „ქართული მუზეუმის დამამთავრებელი ახალი სააღმშენებლო კომისია: გიორგი ჟურული (თავმჯდომარე), ექვთიმე თაყაიშვილი და ანატოლი კალგინი (საქართველოს რესპუბლიკა, 1920, # 20; ერთობა, 1920, # 21; საქართველო, 1920, # 20). 13.III.1920. კომისიამ სახელოვნებო ცენტრის, სამხატვრო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჩამოაყალიბა დებულება, რომლის თანახმად: 1. მუზეუმს უნდა გადაეცეს მთელი კვარტალი; 2) რადგან - ამ განსაზღვრებებს ყურადღება უნდა მივაქციოთ! –„სპარსული სტილი“ – „არ შეესაბამება დროსა და ერის ღირსებას“ „მოთხოვნილ იქნეს თავისუფალი მხატვრული შემოქმედება ქართულ ეროვნულ ხუროთმოძღვრებაში ასახული გზების მიხედვით“; 3. გამოცხადდეს კონკურსი არსებული კორპუსის ფასადისა და დანარჩენი ნაწილის გეგმისა“ (საქართველოს რესპუბლიკა, 1920, # 61)“. დიმიტრი თუმანიშვილი, გზაჯვარედინზე. თბ., 2008, გვ. 238
საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ 1927 წლის 9 აგვისტოს დაამტკიცა საქართველოს მუზეუმის მთავარი ფასადის რეკონსტრუქციის პროექტის მეორე ვარიანტი, რომელიც უკვე კომპოზიციის მთლიანობით გამოირჩეოდა. ამ პროექტის მიხედვით დაიწყო კიდეც მშენებლობა. (სურ. 13)

Picture 13

ნ. სევეროვი განაგრძობდა მუშაობას თავისი პროექტის სრულყოფაზე, 1928 წლის თებერვალში სააღმშენებლო კომიტეტმა, რომელიც 1927 წლის 21 ივლისს შეიქმნა, განიხილა საბოლოო, მესამე ვარიანტი, რომელიც მეორისაგან მხოლოდ დეტალებით განსხვავდებოდა და რეკომენდაცია მისცა, დეტალების დამუშავებისას არ ყოფილიყო გადახვევა დამტკიცებული ვარიანტისაგან. ასევე გადაწყდა შვერილები, ლავგარდანები, პილასტრები, სვეტისთავები და სხვა დეტალები დაემზადებინათ ბუნებრივი ქვისაგან, ხოლო ფასადის დანარჩენი ნაწილები კი - ბათქაშით გაელესათ. მშენებლობის ხელმძღვანელად სააღმშენებლო კომიტეტმა ნ. სევეროვი დანიშნა.
არსებული შენობის საფუძვლად აღებული კომპოზიციური დაყოფა ნ.სევეროვმა დატოვა, მხოლოდ ჩამოაცილა მთავარ ფასადს „სპარსული“ მოტივები და სრულიად ახლებური სახე მიანიჭა მას.
მთავარი ფასადის საგრძნობი სიგრძე (100 მ. მეტი), რომელიც, როგორც ვიცით, გამოწვეული იყო ნაკვეთის კონფიგურაციით, არქიტექტორის წინაშე სახავდა საკმაოდ რთულ ამოცანას, მოენახა შენობის სიგრძის ილუზორულად შემამცირებელი პროპორციები და მასშტაბი. ამ შთაბეჭდილების მისაღებად ჯერ კიდევ პროექტის წინა ავტორების მიერ შეთავაზებული იყო მუზეუმის შენობის მთავარი ფასადის მოცულობითი დანაწევრება ცენტრალური სამმალიანი და განაპირა ერთმალიანი რიზალიტით. ფასადის მასიური ვერტიკალებით (სამი სართულის სიმაღლის) დაყოფის შედეგად შენობის სიგრძე ილუზორულად შემცირებული აღიქმება. ამ არსებული კომპოზიციური დაყოფის შეცვლა, პრაქტიკულად, ძალიან რთული, შეიძლება ითქვას, შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენდა. ამიტომაც, ნ. სევეროვს მოუწია თავისი კომპოზიციის აგება უკვე არსებული კომპოზიციური დაყოფის საფუძველზე და მისი დიდი დამსახურებაა, რომ შეძლო მან ამ რთული ამოცანის გადაწყვეტა. ამაში მას უდაოდ დაეხმარა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების კარგი ცოდნა, რომელთა აზომვასა და დეტალურ შესწავლაზე იგი დიდხანს მუშაობდა.
მუზეუმის გეგმა სრულიად მარტივია: მთავარი შესასვლელიდან ორივე მხარეს საგამოფენო დარბაზების წაგრძელებული სწორკუთხედებია. პარადული კიბეები, რომლებიც აგრძელებენ ქუჩის მხარეს გამოწეულ სადარბაზო კიბის სვლას, აკავშირებენ სართულებს. (სურ. 14) საგამოფენო დარბაზთა განაპირას, სწორკუთხედის ბოლოებში, დამხმარე სადგომებია.

Picture 14

პირველი ორი სართულის საგამოფენო დარბაზები გვერდითი ორმხრივი სინათლით ნათდება(სურ. 15), ხოლო მესამე სართული – ზედა განათებით (ფარნების საშუალებით), (სურ. 16) რასაც ფასადისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ინტერიერების დამუშავება სადაა. საგამოფენო დარბაზთა სასიამოვნო პროპორცია და სიმაღლე, წყვილი სვეტების რიგი თავისუფალ სივრცეს ქმნის. გასაგებია, რომ საგამოფენო დარბაზებში არავითარი სამკაული არ არის, სიბრტყეები გლუვია, ნეიტრალური. ძირითადი კიბის უჯრედი, რომელიც ფოიეს როლსაც ასრულებს, ამავე პრინციპს ემორჩილება. მოგვიანებით, ფოიეს კედლები მოხატული იყო ე. ლანსერეს (1875-1936) ფრესკებით ისტორიულ-რევოლუციურ თემებზე (ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ერთი - „ბათუმის მუშათა გამოსვლა 1902 წელს“).

Picture 15
Picture 16

მუზეუმის შენობის ფასადი სამსართულიანია (რუსთაველის პროპექტიდან) და ჰორიზონტალურადაა წაგრძელებული დაახლოებით ასი მეტრის ფრონტზე (სურ. 17). ფასადზე სარკმლებით დანაწევრებულია მხოლოდ ქვედა ორი სართული, ხოლო ზედა ყრუ კედელი – მსხვილი თაღებითაა შემკული. (სურ. 18) როგორც უკვე აღინიშნა, შენობის ცენტრი და განაპირა ორი ფრთა ვერტიკალურადაა დანაწევრებული. ფასადის ერთიანი სიბრტყე სამი მძლავრი აქცენტითაა აღნიშნული: ცენტრალური და ორი განაპირა რიზალიტით, რომელთაგან ძირითადი მნიშვნელობა ცენტრალურს ენიჭება (სურ. 19, 20, 21), რაც ხაზგასმულია მისი გაბარიტებითა და შედარებით უფრო ამაღლებული პარაპეტით. რიზალიტები, გარდა სიმაღლისა, ფასადზე გამოყოფილია თაღებით, სარკმელთა დამუშავებით და განსხვავებული ლავგარდანით. ცენტრალური რიზალიტი იმეორებს განაპირა რიზალიტების მხატვრულ კომპოზიციას, მაგრამ აქ, ერთის ნაცვლად სამი თაღოვანი მალია. სამი აქცენტი დამუშავებულია თაღოვანი ნიშით, რომელიც მოჩარჩოებულია კედლის მძლავრი სვეტებით და ორნამენტიანი არშიით შემკული თაღით. ორნამენტული არშია ევლება ზედა სართულის ნახევარწრისებრ სარკმელს, რომელიც სვეტების კაპიტელთა დონეზე, მცირე თაღოვან კრონშტეინებზე შემდგარ თაროს ეყრდნობა.
მთავარი ფასადის კომპოზიციის ჰორიზონტალური დანაწევრება ხაზგასმულია ქვედა სართულის კედლის სხვაგვარი დამუშავებით, მის თავზე გავლებული ლავგარდანით, მეორე სართულის სარკმელთა თეთრი ქვის საპირეებით, ზედა, ყრუ კედლის თაღოვანი არშიით, დასასრულ, სადა, მაგრამ გამოწეული ლავგარდანით. მას აწონასწორებს ცენტრალური რიზალიტისა და განაპირა რიზალიტების ვერტიკალური დანაწევრება, სადაც განსაკუთრებული როლი ენიჭება სვეტებს - მაშინ, როდესაც სხვა საფასადო სიბრტყეები შელესილია და რუხი-მოთეთრო ტონი აქვს, სვეტები ძეგამის თეთრი ქვითაა მოპირკეთებული და ფერითაც გამოიყოფა.

Picture 17

Picture 18Picture 19

Picture 20Picture 21

თაღების თემა აერთიანებს ფასადის შემადგენელ ნაწილებს. მაგრამ ნ. სევეროვი მას სხვაგვარად წარმოგვიდგენს ძირითად კედელზე და რიზალიტებზე, სადაც ქართული ორნამენტით შემკული არშიებია გაკეთებული. ძირითად კედელზე, თაღებს შუა მოთავსებული როზეტები ავსებენ ზედმეტ თავისუფალ არეს და თავიანთ დონეზე უხილავ ჰორიზონტულ რიგს ავლებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთ ვარიანტში ეს თაღები სვეტებით გრძელდება ფასადის მთელ სიმაღლეზე – მოტივი, რომელიც ძველი ძეგლებიდან პირდაპირაა გადმოტანილი. ეს თაღედი, ისევე როგორც ცენტრალური რიზალიტის გვერდის თაღებში მოთავსებული აგრეთვე ძველი ქართული ძეგლებიდან გადმოღებული მარაოსებრი მორთულობა, განხორციელებულ შენობაში მოხსნილია.
ფასადთა ნაპირები უჭირავს სრულიად ყრუ ეკრანს, რომელიც ლავგარდანითა და კედლის შვეული შვერილითაა შემოფარგლული.
არქიტექტორმა თაღების თავისებური ორდერის შექმნით ახალი პროპორციული დანაწევრება შესძინა არა მარტო თვით შენობას, არამედ განაპირობა რუსთაველის პროსპექტის განაშენიანების ოპტიმალური სიმაღლეც. შეიქმნა პროსპექტისათვის შესაფერი შენობების მასშტაბი, რასაც მხოლოდ შენობის აბსოლუტური ზომები ვერაფრით განსაზღვრავდა. თაღედ-არქივოლტის თემით, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება რიზალიტთა თაღისებრ ნიშებს, შეიქმნა თბილისის ძირითადი მაგისტრალის – რუსთაველის პროსპექტის განმსაზღვრელი არქიტექტურული მასშტაბი.
საქართველოს მუზეუმის მთავარი ფასადის რეკონსტრუქცია 1929 წლის გაზაფხულზე დასრულდა. (სურ. 22) მუზეუმის ეზოს ფასადი, მიუხედავად იმისა, რომ მას 1982 და 2008 წლებში მინაშენი გაუკეთეს, მთლიანობაში ინარჩუნებს თავის პირვანდელი პროექტით გათვალისწინებულ სახეს. განხორციელებული არქიტექტურული რეკონსტრუქციის შედეგად ნ. სევეროვმა შეძლო შეექმნა საქართველოს მუზეუმის არქიტექტურული სახე, მუზეუმისა, რომელიც უნდა ყოფილიყო ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის საცავი. ამავე დროს, არქიტექტორის მიერ ქართული ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობიდან ნასესხები ფორმები და მოტივები ქმნიან არქიტექტურულ იერს, რომელიც შეესაბამება შენობის დანიშნულებას.

Picture 22

მთავარი ფასადის დამუშავებისას ნ. სევეროვმა, როგორც ცნობილია, გამოიყენა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ფორმები, ელემენტები და დეტალები. მაგრამ მან უარი თქვა ცნობილი მოტივების მექანიკურ, ზუსტ გამეორებაზე და დაეყრდნო ძველი ქართული ხუროთმოძღვრების პრინციპებს, საფუძვლად აიღო ქართული ისტორიული ხუროთმოძღვრების ზოგადი დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა კერძოდ, კედლის სიბრტყის მნიშვნელობა, თაღოვანი დეკორატიული მოტივები, პროპორციული შეფარდება ცალკეულ ელემენტთა შორის და სხვ.
ამგვარად, ნ. სევეროვმა დეკორატიული მორთულობა არქიტექტურულ ლოგიკას და შენობის მთლიან არქიტექტურულ სახეს დაუქვემდებარა. როგორც აღნიშნავს აკად. ვ. ბერიძე, „საქართველოს მუზეუმის ფასადის შექმნისას ხუროთმოძღვარი არ ემყარებოდა ცალკეულ, საერთო იდეით გაერთიანებელ „ქართულ“ მოტივებს, რომელთა დანიშნულებაც უნდა ყოფილიყო შენობისათვის მაინც და მაინც „ქართული“ სახის მინიჭება – ყოველგვარი მიზანშეწონილების გარეშე. ახალი და მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ არქიტექტორი ხელმძღვანელობდა, უპირველეს ყოვლისა, შენობის იდეური მხარის, მისი შინაარსის შესაბამისი ხუროთმოძღვრული სახის შექმნის აზრით. მნახველი თავიდანვე აღიქვამს შენობის მხატვრულ-იდეურ მხარეს: უპირველეს ყოვლისა, ეს მუზეუმია, ერის დიდ კულტურულ განძთა საცავი. ეს სახე იმთავითვე ნათელი და დამარწმუნებელია. ამ ძირითად სახელმძღვანელო აზრს, ამ ხუროთმოძღვრული სახის შექმნას, ემსახურება და ექვემდებარება ფასადის ფორმალური ელემენტები – საერთო კომპოზიცია, ცალკეული ნაწილებიც. სწორედ ამიტომ, ყველა ეს ნაწილი – იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ ფუნქციურ-კონსტრუქციული დანიშნულება არა აქვთ – გარკვევით მიზანშეწონილია. სწორედ ამიტომაც, აქ სავსებით გამართლებულია ქართული ხუროთმოძღვრული მოტივები, რომლებიც ყალბი ბუტაფორიის შთაბეჭდილებას კი არ ქმნიან, არამედ სავსებით გარკვეულ სპეციფიკურობას ანიჭებენ შენობას“ვ.ბერიძე. ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია. ქართული ხელოვნება, # 4, 1955, გვ. 98.სურ.24

Picture 24

მუზეუმის შენობის არქიტექტურას გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს, კერძოდ, შენობის მთავარი ფასადის რამდენადმე სიბრტყობრივი გადაწყვეტა, ამავე დროს, იგი თითქოს ხელოვნურად მიდგმულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთანავე, საკმარისად გამომსახველად არ არის დამუშავებული შენობის გვერდის ფასადები.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მუზეუმის შენობის მთავარი ფასადის რეკონსტრუქციამ გარკვეული როლი შეასრულა ეროვნული არქიტექტურის ძიების გზაზე. მუზეუმის შენობა დღესაც თბილისის იმ ღირსშესანიშნავ შენობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ქალაქის განაშენიანებაში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის არქეოლოგია-გეოლოგიის შენობა აშენებულია 1874 წელს. იგი ააგეს, როგორც დიდი მთავრის ოლღა თეოდორის ასულის სახელობის თბილისის ქალთა გიმნაზიის შენობა. თვით ქალთა გიმნაზია კი, ჯერ კიდევ როგორც ქალთა სასწავლებელი, თბილისში 1865 წელს დაარსდა. ეს იყო, როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, კავკასიაში პირველი „ღია ტიპის ქალთა სასწავლო დაწესებულება, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო კურსით“. 1870 წელს იგი გადაკეთდა თბილისის ქალთა გიმნაზიად, ხოლო, 1871 წელს მას მიენიჭა დიდი მთავრის, ოლღა თეოდორის ასულის სახელი, რომლის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსებული იყო ეს სასწავლებელი.
თავდაპირველად, ქალთა სასწავლებელი მოთავსებული იყო კერძო სახლებში, ქალაქის მტკვრის მარცხენა ნაწილში, კუკიაზე. 1872 წელს გადაწყდა ქალთა გიმნაზიის გადაყვანა კუკიიდან, რომელიც მაშინ წარმოადგენდა «отдаленную часть г. Тифлиса», ქალაქის მთავარ, ცენტრალურ ნაწილში. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ქალთა გიმნაზიაში სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველ წელს სწრაფად იზრდებოდა (ამ დროისათვის სასწავლებელში დაახლოებით 400 მოსწავლე ირიცხებოდა), ხოლო არსებული, ე.ი. დაქირავებული შენობა ძლივს იტევდა ყველა მსურველს. ამასთან დაკავშირებით, გადაწყდა გიმნაზიისათვის საკუთარი შენობის აშენება. პროექტის შედგენა დაევალა არქიტექტორ ალბერტ ზალცმანს, რომელიც, ამავე დროს, ამ შენობის მშენებელიც იყო. ქალთა გიმნაზიის შენობის პროექტი თბილისის სამშენებლო-საგზაო კომიტეტმა 1873 წლის 25 ივლისს დაამტკიცა. იმავე ზაფხულს დაიწყო მშენებლობაც, რომელიც 1874 წლის ოქტომბერში დასრულდა. ქალთა გიმნაზიის შენობა, რომელიც პროექტით 500 მოსწავლეზე იყო გათვალისწინებული, საზეიმო ვითარებაში აკურთხეს 1874 წლის 22 ოქტომბერს. (სურ. 25, 1875 წლის ფოტო)

Picture 25

გიმნაზიის შენობა აშენდა იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც უკვე კავკასიის მუზეუმი, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სტამბის შენობა იყო მოთავსებული, ე.ი. გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტისა, ატამანის (ახლანდელი ლ. გუდიაშვილის), ბარონის (ახლანდელი ა. ფურცელაძის) ქუჩებსა და ნიკოლოზის (ამჟამად ლ. გუდიაშვილის) შესახვევს შორის.
ქალთა გიმნაზიის შენობის სიგრძე 22 საჟ. (დაახლოებით 49 მ.), ხოლო სიგანე 10 საჟ. (დაახლოებით 21 მეტრს) უდრიდა. პროექტის მიხედვით შენობაში ოცდათორმეტი ოთახი ყოფილა, მათ შორის ოთხი - პირველ (ქვედა) სართულზე, რომლებიც, თავდაპირველად, იჯარით გაიცემოდა კომერციული თვალსაზრისით (მაღაზიებისათვის). ოთხივე მაღაზია ატამანის ქუჩაზე გადიოდა. შემდგომში, ვინაიდან ძალიან მალე მოსწავლეთა რიცხვი თითქმის ერთნახევარჯერ გაიზარდა და 710 მიაღწია, პირველ სართულზე მდებარე მაღაზიები გიმნაზიას შემოუერთეს.
აქ მოთავსდა მოსამზადებელი კლასები, კანცელარია და სხვ. საკვლევი ანუ ყოფ. ქალთა გიმნაზიის შენობა მდებარეობს ლადო გუდიაშვილის ქუჩის შუა მონაკვეთში; ქუჩის განაშენიანება პერიმეტრულია, (სურ. 26) გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის ახალი კორპუსი, რომელიც წითელი ხაზიდან სიღრმეშია შეწეული. ქუჩის განაშენიანება, ძირითადად, XIX საუკუნის 70-იან და XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. იგი დღესაც, მიუხედავად ახალი შენობებისა, მთლიანობაში ინარჩუნებს იმ პერიოდში ჩამოყალიბებულ ხასიათს.

Picture 26

XIX საუკუნის დასაწყისში, ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელი იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ აქა-იქ გაფანტულ რამდენიმე შენობას, რომელთა შორის გამოირჩეოდა ახლანდელი ა. ფურცელაძისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩების მონაკვეთში მდგარი ლორის-მელიქოვების სახლი, რომელიც გადაურჩა აღა-მაჰმუდ-ხანის შემოსევას.
1841 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში ეს ქუჩა შეტანილია, როგორც ატამანის ქუჩა – მიხეილ ლორის-მელიქოვის თერგის ოლქის ატამანად ყოფნის საპატივსაცემოდ. 1877 წელს ქუჩას დაერქვა მ. ლორის-მელიქოვის სახელი. 1922 წელს მას ლადო კეცხოველის სახელი დაარქვეს, ხოლო 1992 წელს ქუჩას ლადო გუდიაშვილის სახელი უწოდეს.
ჩვენი აზრით, თავდაპირველი განაშენიანება ახლანდელ ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. ამაზე, კერძოდ, მიუთითებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმის შენობა, რომელიც 1833-35 წლებშია აშენებული, ამჟამად აღარ არსებული საცხოვრებელი სახლი (ლ. გუდიაშვილის, 20), რომელიც, ვვარაუდობთ, 1820-30-იანი წლების მიჯნას მიეკუთვნებოდა, აგრეთვე, სამხედრო უწყების შენობა ახლანდელი ლ.გუდიაშვილის და ნ. ვაჩნაძის ქუჩების კუთხეში, ალბათ, 1840-იან წლებში აშენებული (ამჟამად აღარ არსებობს).
საკვლევი შენობა არის სამსართულიანი, ქართული აგურით ნაშენი, გარედან შელესილი ნაგებობა. შენობის მთავარი ფასადი, რომელიც გამოდის ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე, აღმოსავლეთისკენაა ორიენტირებული. შენობის სახურავი თუნუქისაა, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. იგი ქუჩის და, ზოგადად, ძველი გარეთუბნის ორგანულ ნაწილად აღიქმება. ამას ხელს უწყობს მისი მასშტაბი, პროპორციები, აგრეთვე, ფასადის საერთო არქიტექტურულ-მხატვრული სახე იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი დეკორატიული მორთულობით. ყოფილი ქალთა გიმნაზიის შენობის ფასადის მხატვრულ გადაწყვეტას საფუძვლად დაედო XIX საუკუნის ინტერპრეტაციით მოცემული რენესანსული ფორმები. აქედან გამომდინარე, იგი მორთულია იმ პერიოდის ევროპული არქიტექტურიდან აღებული პროფილებითა და სამკაულებით. `რენესანსული~ ხაზი თბილისის ოფიციალურ მშენებლობაში XIX საუკუნის 80-იან წლებამდე გრძელდება.
შენობის მთავარი ფასადი საგანგებოდ არის დამუშავებული. მას კარგად გააზრებული, მკაფიოდ გაწონასწორებული კომპოზიცია აქვს, რომელსაც ეტყობა გამოცდილი და გემოვნებიანი არქიტექტორის ხელი. ამავე დროს, იგი გამოირჩევა ზალცმანისათვის დამახასიათებელი, შედარებით მარტივი, თავშეკავებული დამუშავებით. გამოყენებელი დეტალები და პროფილები არქიტექტორის კარგ პროფესიულ მომზადებაზე მოწმობს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით მოგვეპოვებინა თვით შენობის პროექტი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ შენობაზე მოპოვებული საარქივო მასალა გვაძლევს საშუალებას პასუხი გავცეთ ბევრ კითხვას - კერძოდ, ვინაა პროექტის ავტორი, როდის დამტკიცდა პროექტი, რა არის შენობის აშენების ზუსტი თარიღი; მოიძებნა გარკვეული მონაცემები მისი მშენებლობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტის შესახებ და სხვ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობის მთავარი ფასადი პრაქტიკულად ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. მართალია, მისი ზოგიერთი არქიტექტურული დეტალი დაზიანებულია, მაგრამ, ფასადზევე შემორჩენილი ანალოგიური დეტალების მიხედვით შესაძლებელია მათი აღდგენა. სახეშეცვლილია თავდაპირველ პროექტთან შედარებით მხოლოდ მთავარი ფასადის პირველი სართულის ყოფილი სავაჭრო სათავსოების (მაღაზიების) ღიობები - კარები აქ ფანჯრებად გადაკეთდა. ეს მოხდა აღნიშნული შენობის აშენებიდან სულ მცირე დროის შემდეგ, რაც გარკვეულ უფლებას გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ მთავარი ფასადი მთლიანად ინარჩუნებს თავის ძველ სახეს. იგივე შეიძლება ითქვას ეზოს ფასადის შესახებ (სურ. 27).

Picture 27

საინტერესოა, რომ გიმნაზიის შენობას არ გააჩნია თბილისისათვის ისეთი დამახასიათებელი ელემენტი, როგორიცაა ქუჩის ან ეზოს აივანი, თუნდაც, მცირე ზომის დაკიდული რკინის აივნის სახით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროექტის ავტორი თბილისის მკვიდრი იყო.
საფასადო კედლის კომპოზიციას მეორე და მესამე სართულების სიმაღლეზე აყოლებული პილიასტრისებრი ვერტიკალური შვერილები და მათ შორის მოქცეული ფანჯრების ღიობების რიტმი ქმნის. გამოყოფილია ერთი ცენტრალური რიზალიტი, რომელსაც მთავარი ფასადის საერთო კომპოზიციაში განსაკუთრებული როლი აკისრია. იგი შენობის მთელი მთავარი ფასადის აქცენტირებას ახდენს. ამას ხაზს უსვამს მისი შედარებით „მდიდრული“ დეკორატიული მორთულობაც. მთავარი ფასადის კედელი დამუშავებულია ნალესობაში გამოყვანილი რუსტიკის იმიტაციით. სართულები ერთმანეთისაგან გამოყოფილია პროფილირებული სარტყელით, რომელიც შენობის მთელ ფასადს გაჰყვება. (სურ. 28, 29)

Picture 28Picture 29

შენობა პროფილირებული დეკორატიული კარნიზით გვირგვინდება, ხოლო რიზალიტის თავზე - კარნიზით, რომელიც დეკორატიულ კრონშტეინებზეა დაყრდნობილი და დაბალი პარაპეტითაა დასრულებული. (სურ. 30)

Picture 30

ფანჯრების ღიობები მთელ მთავარ ფასადზე თანაბარზომიერი რიტმით ნაწილდება. თითოეულ სართულს განსხვავებული ფორმისა და მორთულობის ფანჯარა აქვს. II და III სართულის ფანჯრებს პროფილირებული საპირეები აქვთ. I სართულის ფანჯრებს კი - სადა. ამავე დროს, განსხვავებულია მთავარი ფასადისა და რიზალიტში მოთავსებული ფანჯრებიც. I სართულზე ბრტყელთაღიანი ფანჯრებია (სურ. 31). მთავარი ფასადის II სართულის ფანჯრები სწორკუთხა ფორმისაა და მორთულია დეკორატიული კარნიზით, რომელიც ასეთივე დეკორატიულ კრონშტეინებზეა დაყრდნობილი - ე.წ. სანდრიკი (სურ. 32). III სართულის ფანჯრები ასევე სწორკუთხა ფორმისაა და მათ სწორკუთხა მოხაზულობის საპირე შემოუყვება. (სურ. 33) რიზალიტის II და III სართულზე ნახევარწრიული ფორმის ფანჯრებია განლაგებული (სურ. 30, 34). რიზალიტის III სართულის ფანჯრების შესავსებ ქვედა ნაწილში ამოღებულია ბრტყელი სწორკუთხა ნიშა (სურ. 30). ამასთანავე, რიზალიტის II და III სართულის ფანჯრის ღიობები ერთმანეთისაგან ორი სართულის სიმაღლის პილასტრისებრი ვერტიკალური შვერილებითაა გამოყოფილი.

Picture 31Picture 32
Picture 33

Picture 34

შენობაში მთავარი (ქუჩის) შესასვლელი მის ცენტრალურ ნაწილშია მოწყობილი, იქ, სადაც გადის შენობის ცენტრალური ანუ სიმეტრიის ხაზი (სურ. 35). იგი ოდნავ გამოწეულია ფასადის საერთო სიბრტყიდან, რაც მას უფრო მეტ აქცენტირებას უკეთებს. რაც შეეხება შენობის შიდა დაგეგმარებას, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად გადაკეთებებისა, იგი, ძირითადად, მაინც შენარჩუნებულია. პირვანდელი სახით შემორჩენილია მთავარი ორმარშინიანი კიბეც. (სურ. 36)

Picture 35Picture 36

მართალია, თავიდან იგი ხისა ყოფილა, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ უკვე 1870-80-იანი წლების მიჯნაზე იგი ქვის, ლითონის კოსოურებზე კიბით შეიცვალა, რაც სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე უფრო მიზანშეწონილი იყო.
როგორც უკვე ცნობილია, ქალთა გიმნაზიის შენობას, 1912 წელს ნიკოლოზის შესახვევისა და ლორის-მელიქოვის ქუჩის კუთხეში მიაშენეს სამსართულიანი ნაგებობა, რომელიც უშუალოდ მიადგეს უკვე არსებულ შენობას.(სურ. 37) მისი აშენება გამოწვეული იყო სამუზეუმო ექსპონატების დროებითი დაცვა-შენახვის მიზნით, მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პერიოდში. მუზეუმის მშენებლობის დამთავრების შემდეგ იგი უნდა გადაეცათ ქალთა გიმნაზიისათვის, როგორც გარკვეული კომპენსაცია, ვინაიდან ახალი მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით გიმნაზიამ დათმო თავისი ეზოს ნაწილი.

Picture 37

მინაშენის პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი კ. ტატიშჩევი. პროექტი 1910 წლის 12 ნოემბერს დამტკიცდა მეფისნაცვლის მიერ, (სურ. 38, 39, 40) ხოლო მისი მშენებლობა 1911 წლის შემოდგომაზე დაიწყო (დასრულდა იგი 1912 წლის აგვისტოში). პროექტით გათვალისწინებული იყო ამ ნაგებობაში, რომელსაც ლორის-მელიქოვის ქუჩიდან საკუთარი შემოსასვლელიც ჰქონდა, კანცელარიის, დირექციის საცხოვრებელი ბინების, საკლასო ოთახების და სააქტო დარბაზის მოწყობა. მისი ფასადები, განსაკუთრებით კი ლორის-მელიქოვის ქუჩაზე გამავალი, შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად იმეორებს გიმნაზიის არსებულ ფასადს, რომლის უშუალო გაგრძელებასაც იგი წარმოადგენს. ამ სამსართულიანი მინაშენის ფასადები შეულესავია, უფრო სწორად, დღემდე შეულესავი დარჩა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რატომ დარჩა ამ ნაგებობის ფასადი შეულესავი. ვვარაუდობთ, რომ ამას შეუშალა ხელი პირველმა მსოფლიო ომმა, შემდეგ რევოლუციებმა, როდესაც მოხდა ჯერ ფინანსირების შემცირება, ხოლო შემდგომში კი მისი საერთო შეწყვეტა.
(სურ. 38 სურ. 39 სურ. 40)

Picture 38

Picture 39

Picture 40

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლ. გუდიაშვილის ქუჩის # 10-ში მდებარე ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის არქეოლოგია-გეოლოგიის შენობა ძველი თბილისის არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა არსებულ განაშენიანებაში დამახასიათებელი ფასადით, მკაფიო, კარგად გააზრებული კომპოზიციით, დეკორატიული მორთულობით. შენობა ძველი თბილისის შემადგენელი და ორგანული ნაწილია. აქედან გამომდინარე იგი გარკვეულ როლსაც ასრულებს თბილისის განუმეორებელი, ინდივიდუალური არქიტექტურული სახის შექმნაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917 წწ. ტომი II, თბ., 1963.
2. ბერიძე ვ. ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია. `ქართული ხელოვნება~, № 4, თბ., 1955.
3. გერსამია თ. ძველი თბილისი. თბ., 1984.
4. თუმანიშვილი დ., გზაჯვარედინზე. თბ., 2008,
5. Коллекции кавказского музея, т. VI, Тифлис, 1912.
6. Непринцев М.Н. Воспоминания автора проекта и строителя здания «Кавказского музея» в г.Тбилиси. აკად.ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXX-В, თბ., 1974.
7. Очерк развития Тифлисской Великой княгини Ольги Федоровны женской гимназии, Тифлис, 1875.
8. Радде Г. Краткий очерк развития Кавказского Музея в первые 25 лет существования, Тифлис, 1891.
9. ჩხაიძე გ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბ., 2003.
10. ჯაში ნ. სოციალისტური თბილისის ხუროთმოძღვრება, თბ., 1983.
11. ჯანბერიძე ნ. ქართული საბჭოთა არქიტექტურა, თბ., 1971.
12. ენციკლოპედია „საქართველო“, თბ., 2002.
13. «Кавказский календарь», на 1868, 1871, 1874, 1875, 1882, 1904, 1917.
14. გაზეთი «Кавказ», 1868 г., № 66, 1874 г., № 2, 1875 г., № 67, 1878 г., № 106, 1881 г., № 198, 199, 1885 г., № 231, 1890 г., № 94, 95, 1903 г., № 78, 1913 г., № 195.
15. გაზეთი «Тифлисский листок», 1911 г., № 158, 200, 214.
16. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივი. ფონდი 192ა, აღწერა.
17. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივი. ფონდი 203, საქმე 66, 239, 300, 303, 578, 579, 794, 843.

გამოყენებული გრაფიკული მასალა (თბილისის რუკები, საპროექტო ნახაზები), ძირითადად, დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში.
ფოტო - თ. გერსამია, საარქივო ფოტო - დ. ერმაკოვის კოლექციიდან.

ნანახია: 12975-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani