Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თანამედროვე ქართული ქანდაკება - ნიკოლოზ კანდელაკის მონუმენტური ART-ი - 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით

There are no translations available.

მაია იზორია
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია


ქართული თანამედროვე ქანდაკების მონუმენტური სკოლის ფუძემდებელს, საქართველოს დამსახურებულ და სახალსო მხატვარს, თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ  ფიგურას და სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელს -  ნიკოლოზ კანდელაკს 2019 წლის 17 ოქტომბერს 130 წელი შეუსრულდებოდა. (ილ 1).

1

იგი იდგა თბილისის სამხატვრო აკადემიის სათავეებთან, იმ დროს საქართველოს სამხატვრო აკადემიად წოდებულ პირველი პროფესურის რიგში, რომელთა ძალისხმევითაც უმაღლესმა სამხატვრო სასწავლებელმა რეალური ფუნქციონირება დაიწყო. ამიტომ, ნიკოლოზ კანდელაკი იყო არა მარტო გამორჩეული შემოქმედი, რომელმაც ღრმა კვალი დაამჩნია თანამედროვე ქართული ქანდაკების განვითარებას, არამედ გახლდათ უდიდესი პროფესიონალი, რომლის პედაგოგიური მოღვაწეობითაც  აღიზარდა და ჩამოყალიბდა ცნობილი ქართველი მოქანდაკეეების არაერთი თაობა (ილ 2 , 3).

2.
3

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  შევეხებით არა მარტო ნიკოლოზ კანდელაკის შემოქმედებას, არამედ იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეპიზოდებსაც, რომლებმაც გადაწყვიტა ნიკოლოზ კანდელაკის მოქანდაკედ ჩამოყალიბების ბედი და   განსაზღვრა მისი ცხოველმყოფელი ძალით გამორჩეული ძერწვის მანერა. მით უფრო, რომ ჩვენს ხელთ არსებული საარქივო მასალა, რომელსაც, თავის დროზე, თავი მოუყარა მოქანდაკის ქალიშვილმა, ფერმწერმა ნელი კანდელაკმა, ამაზე საუბრის საშუალებას იძლევა.

4
5(1)

პირველ რიგში,  უნდა ითქვას, რომ  ნიკოლოზ კანდელაკი პორტრეტის და ფიგურის დიდოსტატი იყო (ილ. 4). მას ჰქონდა ერთგვარი მეექვსე გრძნობა, რაც, თითქოსდა, კარნახობდა მოქანდაკეს პლასტიკური ფორმის ჭეშმარიტ ბუნებას, ამ ფორმის თვალით უხილავ შიდა სტრუქტურას - ენერგიის წყაროს, გარე მასებში მონუმენტურობამდე აყვანილს და  მძლავრად გამოხატულს თითეულ ნამუშევარში. მერაბ ბერძენიშვილი, რომელიც არაერთხელ გამხდარა ნიკოლოზ კანდელაკის შემოქმედებითი პროცესის  მოწმე, წერდა: (ილ.5) „როცა მუშაობას იწყებდა, წითური სახე ცეცხლივით უგიზგიზებდა, ხედავდი ამ მოზღვავებული ტემპერამენტის კაცში როგორ დგებოდა სიმშვიდე, როდესაც მისი თითები თიხას შეეხებოდა. ხედავდი ცივ და სველ თიხაში როგორ ჩადგებოდა სითბო, ძალა, სიცოცხლე, როგორ გარდაიქმნებოდა რბილი მასა თიხის მკვრივ პლასტიურ ფორმად. ხედავდი იმ უხილავ საიდუმლოს, რომელსაც შემოქმედი ნათელსა და ხილულს ხდიდა“ნ. კანდელაკის ქალიშვილის, ფერმწერ ნელი კანდელაკის პირადი არქივი: მერაბ ბერძენიშვილი: მოგონება ნიკოლოზ კანდელაკზე, 1982 წ.მოქანდაკის ამ ე.წ. მეექვსე გრძნობას მუდამ თან ახლდა ინტელექტუალური საწყისი, რომელიც მაყურებლამდე ნატურის ამაღლებული ინდივიდუალიზმითა და რომანტიული ფსიქოლოგიური სპექტრით აღწევდა. ეს ზოგადი თვისებები არა მარტო პორტრეტულ ბიუსტებს, არამედ ნიკოლოზ კანდელაკის უკლებლივ ყველა ფიგურას ახასიათებს.

6
7(1)
8(1)
9(1)
10
11

საკმარისია  გადავხედოთ მის მიერ შექმნილ ცნობილი ადამიანების პორტრეტებისა (ილ. 6-7) და ფიგურების (ილ. 8)  გალერეას, რომ ზემოთქმულში კიდევ უფრო დავრწმუნდეთ. მათ შორისაა, ჯერ კიდევ, იმ დროს შედევრებად აღიარებული ქანდაკებები, რომლებსაც კონიუნქტურა  საბჭოთა  კულტურის უმაღლეს გამოხატულებად თვლიდა და  სახელებსაც უცერემონიოდ უცვლიდა. (ილ. 9) ასე ხდება ნიკოლოზ კანდელაკის კოლხი -  იმერელი მემაღაროვე -  მშრომელი ადამიანის სიმბოლო, ხატი, რომელიც  თავისი  ფიზიკური და ემოციური წყობით  საოცარ ენერგიას ასხივებს, კომპოზიციისა და პლასტიკური ფორმების ორგანულ  მთლიანობას აღწევს.  ასეთი მხატვრულად სრულყოფილი ქანდაკების საბჭოთა ხელოვნების მწვერვალად გამოცხადება აზროვნების იმ სტერეოტიპს ანგრევდა, რომლის თანახმად, ქანდაკების შეფასება მისი კლასიკურად გადმოცემული სწორი  პროპორციების, ზუსტი ანატომიური აგებულების, ზედმიწევნით ნაჩვენები სახის ნაკვთებისა და პროფესიონალური დახასიათების მიხედვით ხდებოდა. მოქანდაკე მართლაც არაჩვეულებრივი სიმძაფრით გადმოსცემს მოდელის  დაძაბულ შინაგან გაწყობასა და ხასიათის დინამიკას ისეთი კომპოზციური ხერხებით, როგორიცაა  თავითა და კისრით ნატურის წარმოდგენა, ირიბი მზერა,  სახის ნაკვთების ენერგიულად ძერწვა. (ილ. 10) ფიზიკური გამომსახველობით,  შინაგანი ღირსების შეგრძნებითა და  რომანტიზმით მას  აკაკი  ხორავას ბიუსტი თუ შეედრება. თუმცა, მათ შორის სხვაობაც თვალსაჩინოა. ა.ხორავას გარეგნულად აქტიური,  მგზნებარე ტემპერამენტითა და ექსპრესიით გამსჭვალული პოზა, ფიგურის ძლიერი კონტრაპოსტითა და ანტიკური გმირივით შიშველი მხრებით წარმოდგენა მიმართული იყო  მოდელის თეატრალური ნატურის  გამოკვეთისკენ. ასეთ კომპოზიციურ სქემას ნ. კანდელაკი უფრო ადრე, 1930-იან წლებში, (ილ. 11)  ლადო გუდიაშვილის პორტრეტის შესრულებისას იყენებს და აქაც  გამომსახველობის შთამბეჭდავ ეფექტს აღწევს.

12
13

(ილ. 12, 13) ადამიანის სამყაროში ასე ღრმად წვდომის უნარი იმ ცოდნის კვალი უნდა ყოფილიყო, რომელიც ნიკოლოზ კანდელაკმა პეტერბურგის ვლ. ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში  შეიძინა. იქ, იმხანად, ლექციების წასაკითხად მიწვეულნი იყვნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები და, როგორც ჩანს, მათი სწავლებები გაითავისა ბუნებისმეტყველებით დაინტერესებულმა, ჯერ კიდევ, 18 წლის ახალგაზრდამ. მომავალში, როდესაც ნიკოლოზ კანდელაკი სამხატვრო აკადემიის პედაგოგი ხდება, თავის მოწაფეებსაც უნერგავს ნატურის შეცნობას, მისი ყოველმხრივ შესწავლისადმი ინტერესს, ნატურის ფსიქოლოგიური პორტრეტის ჯერ საკუთარ წარმოსახვაში „გამოძერწვას“ და  მხოლოდ ამის შემდეგ  მისი ვიზუალური სახე-ხატის შექმნას. (ილ. 14, 15, 16) ასეთივე  შემეცნებითი მეთოდით სრულდება  ნ. კანდელაკის მონუმენტურ ქანდაკებებად გააზრებული ესკიზური ფიგურებიც. არაჩვეულებრივად მაღალმხატვრულად გადმოცემული მათი მძლავრი, მკვრივი სხეულების შინაგანი ენერგიით გაჯერებული პლასტიკა ბუნებრივი და ძალდაუტანებელია. გასაკვირია, მაგრამ ქართული თანამედროვე ქანდაკების მონუმენტური სკოლის ფუძემდებელს, თავად თითზე ჩამოსათვლელად აქვს არქიტექტურასთან სინთეზში ანდა ღია სივრცეში დადგმული ქანდაკებები, და ისიც, ძირითადად, მისი სიკვდილის შემდეგ განხორციელდა  თავისი მოწაფეების დიდი ძალისხმევით. ნ.კანდელაკის სიცოცხლეშივე შესრულებული ამ რიგის ნამუშევრებიდან უნდა აღინიშნოს  ინდუსტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის თემაზე შექმნილი რელიეფური ფრიზი, რომელიც არქიტექტორ ნ. სევეროვის მიერ 1920-იან წლებში დაპროექტებულ  ყოფილი ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს, ამჟამად, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე საქ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსტრუქტივისტული  შენობის  სხდომათა დარბაზის ვესტიბიულის კიბის უჯრედს აფორმებს.  მისი  მხატვრული  გადაწყვეტა, ისევე, როგორც სხდომათა დარბაზის ე.ლანსერესა და კ.ზდანევიჩის მოხატულობა, იმ პერიოდის კონიუნქტურამ გადაჭარბებულად მოდერნიზებულად შეაფასა. მოქანდაკის  ნამუშევრების მნიშვნელოვანი  ნაწილი კი დაზგაზე დარჩა მოლოდინში, რომ ოდესღაც დადგება დრო, როდესაც ისინიც იხილავენ ღია სივრცეს მასალაში ხორცშესხმულნი, როგორც ეს  ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.

14
15
16

ნიკოლოზ კანდელაკი თითქოსდა წააგავდა თავის ქმნილებებს (ილ. 17). თანამედროვენი წარმოსადეგ, ახოვან, გოლიათური აღნაგობის ენერგიულ მოქანდაკეს, მხრებზე ჩამოყრილი ოქროსფერი თმით, ფაფარაყრილ ლომს ადარებდნენ. ასეთი განუმეორებელი გარეგნობის გამო,  მას ხშირად ხატავდნენ, ძერწავდნენ. არცთუ იშვიათად, ის მეგობრული შარჟების ობიექტიც ხდებოდა.  ერთხელ, ნ.კანდელაკი კინოფილმ „გიორგი სააკაძეშიც“ გადაიღეს, გერმანელი ელჩის მეტად სახასიათო როლი მიანდვეს.  თავის ნამოწაფრები ლექსებსაც უღვნიდნენ მას. იხსენებდნენ, რომ ენამახვილობასთან ერთად, ნიკოლოზ კანდელაკს პირდაპირობა მოსდგამდა. ის, რაც თავად სჯეროდა  და  რაც სიმართლედ მიაჩნდა - ამის თქმას არასოდეს ერიდებოდა. განსაკუთრებით ცხარობდა მაშინ, როდესაც კამათი ქანდაკებას შეეხებოდა.  სწამდა, რომ „ემოციას“ „რაციო“ მართავდა. დაკვირვება, ურთიერთობა ობიექტთან, მისი ხასიათის ძიება, შესაბამისი ძერწვის მანერა, რომელსაც მხოლოდ  თითების მანიპულაციით  აღწევდა, მოქანდაკის აზრით, კონკრეტული მოდელის არსის, მისი ბუნების მკვეთრი მხატვრული გამომსახველობით გადმოცემის  უმთავრესი პირობა იყო. ირაკლი აბაშიძე იგონებდა, რომ ნიკოლოზ კანდელაკის ძლიერ ხელსა და  თითებს,  ამის გამო,  საჭრეთლის მსგავსი ბრტყელი ფორმა ჰქონდა მიღებულინ. კანდელაკის ქალიშვილის, ფერმწერ ნელი კანდელაკის პირადი არქივი: ირაკლი აბაშიძე, მხოლოდ მის სახელოსნოში, მოგონება ნიკოლოზ კანდელაკზე, 1982 წ.

17

ნიკოლოზ კანდელაკს ბუნებამ თავიდან, თითქოსდა, სხვა გზა, სხვა ბიოგრაფია განუსაზღვრა, მაგრამ იგი ახალგაზრდობის წლებშივე დასრულდა. ის მამისეული    მღვდლის მშვიდი ოჯახიდან ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ბობოქარ გარემოში, არაჩვეულებრივ გარემოცვაში მოხვდა: დავით კააკაბაძე და აკაკი შანიძე გიმნაზიიდან ბოლომდე დარჩნენ მის მეგობრებად. შემდეგ, თავისი პირდაპირობის წყალობით, იქიდან გამორიცხული  პეტერბურგში, ფსიქონევროლოგიის ინსტიტუტში  აღმოჩნდა. იქ კი, დავით კაკაბაძის რჩევითა და მეცადინეობით დიმიტრიევ-კავკაზსკის სტუდიაში დაიწყო სიარული.  თუმცა, ინსტიტუტიდანაც გამოუშვეს სტუდენტურ საპროტესტო მოძრაობაში აქტიურობისათვის. ასე რომ, პეტერბურგის დატოვებაც მოუხდა და იწყება ხეტიალის წლები, წითელ ჯვარში მსახურება, ტრაპიზონსა და რიზეში, ახალციხესა და გაგრაში მცირე ხნით ცხოვრება, დაოჯახება და, საბოლოოდ, თბილისში დამკვიდრება მცხეთის ქუჩაზე, სადაც, ოდესღაც, მისი სახელოსნო მდებარეობდა. სწორედ თბილისში, ქართველ მხატვართა გამოფენაზე წარადგინა ნიკოლოზ კანდელაკმა პირველად  მამაკაცის ცვილის პორტრეტიმ. კარბელაშვილი, ქართული ქანდაკება (1920-იანი წლები), გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი /მეცნიერის არქივიდან/ ARS GEORGICA 2013 http://www.georgianart.ge/index.php/ka/component/magazine/?func=show_edition&id=14აქედან იწყება მისი მოქანდაკედ ჩამოყალიბების გზა. ქართველ მხატვართა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, იგი პეტერბურგის აკადემიაში სტიპენდიით იგზავნება და ცნობილი რუსი მოქანდაკის, ა. მატვეევის კლასში ირიცხება, რომლის შემოქმედებითი პრინციპები ნიკოლოზ კანდელაკმა ბოლომდე გაიზიარა. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ოჯახურმა ტრაგედიამ ყველაფერი გააფერმკრთალა. ჯერ 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე უმცროს ძმას ხვრეტენ1924  წელს დახვრეტილ თავად-აზნაურთა სია, eportiori.ge/old/aww.ge/kadrebi?menuid=3&id=72596&fbclid=IwAR3X4CZ5-pcQWNWfDifhYiTXVOWE_TkITPBlgvWzfEypFXLDYqZ_-hCJLZwმოგვიანებით კი, 1937 წელს, გახმაურებულ „ექიმების საქმესთან“ დაკავშირებით,  მეორე ძმასაც სიკვდილით სჯიან. ნიკოლოზ კანდელაკის ჩუმი პროტესტი იყო კომუნისტურ პარტიაში შესვლაზე უარის თქმა. თუმცა, იგი აქტიურად განაგრძობდა  საქმიანობას, სამხატვრო აკადემიაში დააფუძნა მონუმენტური ქანდაკების სახელოსნო და დიდხანს ხელმძღვანელობდა ქანდაკების კათედრას. უფრო მეტიც, როდესაც სამხატვრო აკადემიის ყოფნა-არყოფნის საკითხი მწვავედ დადგა, იგი რექტორთან, აპოლონ ქუთათელაძესთან ერთად მიემგზავრება მოსკოვში და  მისთვის ჩვეული პრინციპულობით იბრძვის სასწავლებლის გადასარჩენად. აკადემიისადმი ერთგულება მან უფრო ადრეც გამოხატა, როდესაც პეტერბურგიდან დაბრუნებულმა,  უცხოეთში სასწავლებლად წასვლაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ  ქანდაკების ფაკულტეტი  პედაგოგების ნაკლებობას განიცდიდა. 
ნიკოლოზ კანდელაკის მოღვაწეობის ეს მხარე განსაკუთებული აღნიშვნის ღირსია. როგორც ჩანს, პედაგოგობის ნიჭი მას ოჯახიდან მოსდგამდა. მამა მღვდელი და სამრევლო სკოლის პედაგოგი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყოპორფირე ივანეს ძე კანდელაკი, მღვდელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, http://society.iliauni.edu.ge/persons/article/22845?fbclid=IwAR0BV1DkvVJ0DJiQTe2ANtEQgwIidVR3J2EADrF5MeOQ_YhsSU3TEwrogcwთავადაც ამ სფეროში ისევე იხარჯებოდა, როგორც შემოქმედებაში.  ამიტომ, მის სახელოსნოს შეგირდების სახელოსნოსაც ეძახდნენ. წლობით ჰყავდა შეკედლებული რომელიმე იმედისმომცემი სტუდენტი, საარქივო მასალაში თავმოყრილი არამარტო ნათესავ-მეგობრების, არამედ თავისი ცნობილი ნამოწაფრებისა -  მერაბ ბერძენიშვილის, ზურა წერეთელის, ელგუჯა ამაშუკელის, გოგი ოჩიაურის, ბორის ციბაძის, ჯიბსონ ხუნდაძის, ჯუნა მიქატაძის, ლევან ცუცუქირიძის მოგონებები,  ასევე სხვათა წერილებიც მადლიერებითაა აღსავსე. და რაოდენ სამწუხაროა, რომ ნიკოლოზ კანდელაკის შესახებ ჯერ მონოგრაფია არ გამოცემულა და თავის 130 წლის იუბილეს იგი მონოგრაფიით ვერ ხვდება.  ამასვე აღნიშნავდა აწ გარდაცვლილი ბ-ნ მიტო თუმანიშვილი.      
ამ საიუბილეო სტატიას გოგი ოჩიაურის მოგონებიდან ამონარიდით ვასრულებთ: „ბატონო ნიკოს ქანდაკება აღმოჩნდა მყარი საძირკველი შემდგომი მთელი ქართული ქანდაკებისა. აკადემიაში ის ასწავლიდა მონუმენტურ ქანდაკებას და,  საბედნიეროდ, არა ხერხებს ასეთი ჟანრისა, არამედ პრინციპებს, რის გამოც მისი მოწაფეები დღეს ასე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
მონუმენტური ხედვის შეუდარებელი ნიჭით დაჯილდოებულს, ძერწვისას, თან პლასტიკური ხელოვნებისთვის აუცილებელი ცენზორი - მაღალი კულტურა ახლდა. ამიტომაა მისი ქანდაკება თავისუფალი რაიმე საშიში პროვინციული მანკისაგან. აფექტაციას მოკლებული მისი მაღალი ღირსების ქანდაკება ძნელად აღსაქმელია უწრთვნელი მაყურებლისთვის. მან დაგვიტოვა ღირსეული ხელოვნება ქანდაკებისა. შთამომავლობა ვალდებულია, ღირსეული  პატივი მიაგოს დიდ მოქანდაკეს“ნ. კანდელაკის ქალიშვილის, ფერმწერ ნელი კანდელაკის პირადი არქივი: გოგი ოჩიაური: მოგონება ნიკოლოზ კანდელაკზე, 1982 წ.   

ლიტერატურა:
1. ალ. წერეთელი, ქართული საბჭოთა პორტრეტული ქანდაკება 1921-1941,  თბილისი, ხელოვნება,1959.
2. შ. კვასხვაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., ხელოვნება, 1961.
3. ლელა შანიძე, მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის  პორტრეტული ნამუშევრები / ARS GEORGIKA, ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევები, ტ. 6  B-სერია, 1964 გვ. 1-22.
4. ნ.ჯანბერიძე, ქართული ქანდაკება, მისი განვითარების გზები და ტენდენციები/ ჟურნ. განთიადი,  1975 N4  გვ.144-159.
5. მ. კარბელაშვილი, ქართული ქანდაკება (1920-იანი წლები) / ARS GEORGIKA, ქართული ხელოვნების ისტორიის კვლევები, B-სერია, 2013 წ.
6. ნ. კანდელაკის ქალიშვილის, ფერმწერ ნელი კანდელაკის პირადი არქივი: მოგონებები, 1981-1989 წ.წ.

ნანახია: 6201-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani