Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული სახიანი ნაბდის ორნამენტი

There are no translations available.

ნანული აზიკური
ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ნაბადი ზოგადი  ტერმინია მატყლის თელვით მიღებული ყველანაირი ნაწარმისა. აქედან გამომდინარე ნაბადი სხვადასხვანაირია და მათ სახეობებს ფორმა, დანიშნულება, თელვის ხანგრძლივობა და ორნამენტაცია ქმნის. შინა მრეწველობის ამ უძველეს დარგს მენაბდეობა ჰქვია, თელვის ოსტატს კი – მენაბდე.
მატყლის თელვის ტრადიცია საქართველოს კუთხეებს შორის თუშეთმა გვია¬ნობამდე შემოინახა. თუშეთში მატყლის თელვით მრავალი დანიშნულების ნაწარმი მზადდებოდა, რაც კარგად იყო მისადაგებული, ერთი მხრივ, თუშების მთა-ბარულ ცხოვრებასთან და, მეორე მხრივ, მათს სამეურნეო  საქმიანობასა და საოჯახო ყოფასთან. სამეურნეო დანიშნულების ნაბდები ითელებოდა სადა, ერთფეროვანი, საოჯახო კი – გაჭრელებული, ორნამენტებიანი (აზიკური, 1999,გვ. 55).
მრავალი დანიშნულების ნაბდებს შორის ორნამენტი, ანუ, ხალხური ტერმინით „სახე” („სახიანი ნაბდები”), იგივე „ნაჭრელი” („დაჭრელებაჲ”) მხოლოდ შიდა ინტერი¬ერისა და ცხენის აღკაზმულობისათვის განკუთვნილ (ჩული, ქევანი, თიქალთო) ნაბდებზე გვხვდება, იშვიათად კი – სამწყემსო ნაბდებზე. ამ უკანასკნელზე, კალთების შიდა მხარეს ნემსით იქარგება რაიმე ნიშანი - საკუთრების სიმბოლო.
სახიან ნაბდებს იყენებდნენ ტახტების („მეჴისნაბად”, „ტახტისნაბად”) და იატაკის საფენებად („ფეჴთქვეშსაგება΄ნაბად”), რაც სამყოფს თბილსა და მყუდროს ხდიდა.
ტრადიციული ორნამენტი, ფერთა შეხამება, თვითმყოფადობა და ინდივიდუა¬ლობა თუშურმა სახიანმა ნაბდებმა თუშების თუშეთიდან ბარში ჩამოსახლების შემდეგაც შეინარჩუნეს. ეს კი იმან განაპირობა, რომ მთიდან ჩამოსახლების შემდეგ, მთიელ ქალებს ბარში აღარ დახვდათ ანალოგიური ნაწარმის დამზადების ტრადიცია და, ამდენად, სიახლისა და გავლენებისგანაც მათი ნაწარმი თავისუფალი აღმოჩნდა. ჩამოსახლების პირველ ეტაპზე, თელვის ტრადიციამ მეტი მდგრადობა შეინარჩუნა, რასაც ვერ ვიტყვით არაჩვეულებრივსა და თვითმყოფადობით გამორჩეულ თუშურსაფენ-საგებელზე, ფარდა¬გებზე, ჯეჯიმებზე.... რომელთა სტილი, ფერი და ტექნიკაც კი თუშების ბარში ჩამოსახ¬ლებისთანავე შეიცვალა და სწრაფად განიცადა ბარში არსებული მეფარდაგეობის ტრადი¬ციის გავლენა. უფრო მეტიც, ისინი, ახალი ტიპის ფარდაგების ქსოვაზე კახეთში ჩამო¬სახლების უმალ გადავიდნენ. აქ მათ თავის ტრადიციულ ფარდაგებთან შედარებით, ძაფის დამზადების და ქსოვის უფრო მარტივი ტექნიკა დახვდათ.
ქართულსახიან ნაბდებზე ორნამენტის გამოსახვის რამდენიმე ხერხი არსებობს, ესენია: 1. ნახატის განფენა ფენამოსათელ ქსოვილზე და შემდეგ მასზე ფონის მატყლის გადაშლა. ეს წესი მხოლოდ საქართველოში გვხვდება; 2. ნაბდის მოსათელ ქსოვილზე დაფენილი ფონის მატყლზე ნახატის განფენა; 3. ნახატის „ჩაფენა” და 4. ნახატის „ჩასმა” - წინასწარ მსუბუქად მოთელილ ნაბდის ფონზე მაკრატლის წვერით ფონის ამოჩიჩქვნა და განსხვავებული ფერის მატყლის ჩაფენა; „ჩასმის” დროს ფონად იყენებენ მსუბუქად¬ მოთელილ ნაბადს, რომლიდანაც ნახატის ფორმებს ამოჭრიან და მოსათელ ქსოვილზე დააფენენ, შემდეგ კი ამოჭრილ ადგილებში სასურველი ფერის მატყლს ჩააფენენ („ჩასვამენ“). ბოლოს კი, ფონის ფერის მატყლის ერთიან ფენას გადააშლიან. ნახატის გამოყვანის ეს წესი მხოლოდ საქართველოში გვხვდება.
იციან, აგრეთვე, მსუბუქად მოთელილი  ნაბდიდან სახეების გამოჭრა და მოსათელ ქსოვილზე მათი დალაგება, შემდეგ,  სახეებს შორის არსებული ცარიელი სივრცის  იმავე სისქის ფენის მატყლით შევსება, რა სისქეც აქვს ნახატებს და ბოლოს, ერთიანად მატყლის კიდევ ერთი ფენით - ფონისავე ფერის მატყლის დაფენით დასრულება. ნაბდის ასე გაჭრელების, ოღონდ, მცირედ განსხვავებული ხერხი სხვა ხალხებისთვისაცაა (ქურთები, აზერბაიჯანელები,  ომხები, ირანელები, თურქმენები, ყირგიზები) ცნობილი (Студе¬нецкая, 1979, გვ.113); საქართველოში, ასევე, გავრცელებული  იყო მოთელილი ნაბდის მოქარგვა და ნაბდის აპლიკაციის ფონად გამოყენება (აზიკური, 1999,გვ. 40-42). ნაბადზემო ქარგვა და აპლიკაცია ფართოდაა გავრცელებული და ცნობილია სხვადასხვა ხალხებისათვის.
სახიანი ნაბდების გაჭრელების ზემოთ წარმოდგენილი ყველა ხერხი განსხვავებულ ეფექტს იძლევა. თელვის ტექნოლოგიიდან გამომდინარე,  ორნამენტის კონტური ზუსტად დაცული არ არის. ორი მომიჯნავე ფერი აქტიურად ირევა ერთიმეორეში. ფერების ურთიერთშეთელვის შედეგად, კონტურის ხაზზე გარდამავალი ტონის, დანისლული, ბუნდოვანი და გამოუკვეთავი არე წარმოიქმნება, რაც თავისებურ სილამაზეს ქმნის და სწორედ, მეტწილად, ამის გამოც, სახიანი ნაბდის თითოეული ეგზემპლარი თვითმყოფად და ინდივიდუალურ ელფერს იძენს. ნახატის „ჩაფენით”და „ჩასმით”, ელვის დროს, მომიჯნავე ფერთა კონტური, მეტნაკლებად, შენარ¬ჩუნებულია.
თუშურსახიან ნაბდებში ფერისა და ორნამენტის მიხედვით გამოირჩევა ძველე¬ბური და ახალი ნიმუშები. ძველ, ტრადიციულ ნაბდებს სადა და ლაკონიური გეომეტ¬რიული ორნამენტები ამშვენებს,  გვხვდება სტილიზებული მცენარეული მოტივებიც. ისე, რომ ორნამენტული სამკაულის მიხედვით თუშური სახიანი ნაბდები რამდენიმე ჯგუფად ლაგდება – ნაბდები გეომეტრიული ფიგურებით (სწორი და ტეხილი ხაზები, ზიგზაგები, რომბები და წრეები...) ასტრალური შინაარსის მქონე ნაჭრელებით (მზე, ბორჯღალი, მთვარე, ვარსკვლავები, სპირალი...),მცენარეული მოტივებით (ალვის ხე, ტოტიანი ალვის ხე), ზოომორფული და ანთროპომორფული გამოსახულებებით. ეს ორი უკანასკნელი გამოსახულებანი ახალსახიან ნაბდებზე გვხვდება. ძველსა და შუა პერიოდის ნაბდებზე, ძირითადად, გეომეტრიული ფიგურებია.
ახალი დროის ნაბდებზე ორნამენტი გამრავალფეროვნდა, იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდებოდა სიუჟეტურქარგიანი ნაბდებიც. ეს იმან განაპირობა, რომ  ნაბდის ძირითად ფუნქციას – ტახტებსა და იატაკზე საფენი – კედლის სამშვენისის ფუნქციაც დაემატა.
ქიმიური საღებავებით შეღებილი მატყლის თელვაში შეტანამ მთლიანად შეარყია სახიანი ნაბდების ტრადიციული სტილი. თელვისას კი, მისი თერმული დამუშავების გამო, ხშირად  ფერი გადადის, იდღაბნება და უშნოდ ერევა ერთიმეორეს.
ფარდაგთან მინამსგავს სიუჟეტიანი ორნამენტებით გადატვირთულ ნაბდებს, ხშირად, ახალმოსახლე ოჯახის ქალები თელავდნენ, ალვანში ჩამოსახლების პირველ ეტაპზე, რადგან „სახლკრობის” (სახლების შენების დროს) გამოფარდაგების ქსოვისთვის ვერ იცლიდნენ , ნაბადი კი სწრაფად ითელება და ამ გზით საცხოვრისს სწრაფად იმყუდ¬როვებდნენ.
სახიან ნაბდებზე წვრილი და ბევრი ფიგურების ხშირად ჩასმის ისეთი ფართო შესაძლებლობა არ არის, როგორიც ეს გვაქვს მხატვრულ ქსოვილებზე.  ნაბდებზე ნაჭრელი ძალიან ცოტაა. აქ აქცენტი, ძირითადად, ფერზე, ფერთა შეხამებაზე, ფერის ცვლასა და გარდამავალ ტონებზეა გადატანილი, ზოგ ნიმუშზე კი მხოლოდ ფერების აბსტრაქტული კომბინაციაა წარმოდგენილი.
სახიან ნაბდებზეც, ძირითადად, იგივე ნაჭრელი გვხვდება, რაც ძველებურ თუშურ საფენ-საგებელზე, ანუ მხატვრულ ქსოვილებზე, მაგრამ თელვის  სპეციფიკიდან გამომ¬დინარე, ეს  ნაჭრელები მეტისმეტად გამარტივებულია. სახელებიც კი იგივე აქვს, მაგალითად, დოდიკისკავი – ერთმანეთისგან მიქცეული, თავ-ბოლოში რქანახარი? ორნა¬მენტია. ფარდაგზე ის ბევრი წვრილ-წვრილი მოტივებითაა გადატვირთული, სახიან ნაბდებზე კი ერთმანეთისგან მიქცეული, მხოლოდ მარტივი, ცალფად მორკალური თავები და ბოლოები აქვს. ასევეა სხვა ნაჭრულებიც: ნაფოტა΄ იანკვერი, თუ ფარდაგზე ის ძირითადი მოტივია და ბევრი დამატებითი დეტალი აქვს, ამასთან, გადატვირთულია პატარ-პატარა მოტივებით, ნაფოტა΄იანკვერი ნაბადზე ოთხი პატარა ნაფოტ ანაჭრელის კომბინაციაა.
სახიან ნაბდებს აქვს ნაპირი, ანუ ჩარჩო და გული. ნიმუშები გვხვდება ნაპირის გარეშეც. ნაპირის ნაჭრელებია:  სხვადასხვა ფორმის და ოდენობის (1-3) „ჭირკვანა” - კლაკნილი მოტივი, სწორხაზოვანი და ტალღისებური ზოლები, შიბი, იგივე ჯაჭვის¬თვალა, ალვისხეჲ, ნაფოტა΄იანიზოლი... გულის ნაჭრელებია – ჯარანა, იგივე ბორჯღალი, დოდიკისკავი, ჯვრიანი თვალი, ბაკიანი თვალი, იგივე ჩიტისთვალა, სპირალი, იგივე ვერძი, ჩაგვრე¬ზილა, ნაფოტა′იანითვალი, ნაფოტა′იანიკვერი, ბაკიანი ყვავილი, კანჭულა΄იანი თვალი, ორტოტიანი, ოთხტოტიანი და ექვსტოტიანი კანჭულა, ბოლოებში დაკუთხული ჯარანა, ციკნის¬ყურა, ბორჯღალი, მზე, მთვარე, ვარსკვლავი... (აზიკური, 1999,გვ. 42-43).
სახიან ნაბდებზე წარმოდგენილი ზოგი ნაჭრელი ხეზე ჭრასა და ქვაზე კვეთაშიც გვხვდება. ბევრი მათგანი უნივერსალურია და გავრცელებულია კავკასიის და აღმოსავ¬ლეთის სხვა ხალხებშიც. ასეთებია, მაგალითად, სპირალები, სხვადასხვა სახის ასტრა¬ლური ნიშნები, ჭირკვანა ნაჭრელები, ნაფოტა′იანიკვერები, ნაფოტა′იანი ყვავილები, ჯარანა′ები, რქანახარები, სიცოცხლის ხის მოტივი. ყველა კულტურაში სახიან ნაბდებს შორის განსხვავებას ძირითადად, ფერთა შეხამება და ამა თუ იმ ფერის დომინანტურობა ქმნის. მაგალითად, ჩრდილო კავკასიაში გავრცელებულ „არბაბაშებში” თეთრი კანტებით მოგვირისტებული ლურჯი და წითელი ფერის კომბინაციაა ფართოდ გავრცელებული...
განსხვავებით ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებისაგან (ყუმიკები, ჩაჩნები, ინგუშები, ავარიელები), რომლებიც დეკორატიული ნაბდების მოსათელად შაბლონებს იყენებენ (Студенецкая, 1979, გვ. 112), ქართველები შაბლონებს საერთოდ არ ცნობდნენ, ქართულ დეკორატიულ ნაბდებზე მეტი შემოქმედებითი თავისუფლებაა. გულსა და გონებაში გამჯდარ ტრადიციულ ნაჭრელებს – სახეებს, ქალები თავის ნება-სურვილზე ატრიალებენ. ნახატის ჩაფენის დროს, იმპროვიზაციას აქ დიდი გასაქანი აქვს. ამავე დროს, კომპოზიციის აგებისას,  სტილი და ტრადიციულობა დაცულია და გამოკვეთილად თვითმყოფადი.
ქართული სახიანი ნაბდების ნაჭრელთა სიმბოლური მნიშვნელობა დღეს სრუ¬ლიად მივიწყებულია.ხალხის შეხედულებით, აქ ნაჭრელს, სახეს დეკორის ფუნქცია აქვს, ლამაზია. მთელავი ქალი ქვეცნობიერში შემორჩენილი ტრადიციული სახეებით ამშვენებს მოსათელ სივრცეს. ფეხდაფეხ მიჰყვება ოდითგანვე მომდინარე, მოსათელ სივრცეზე სახეთა განფენის წესრიგს.
ცხადია, ყველა სახეს, ოდესღაც, თავისი დატვირთვა ჰქონდა და ხალხის მსოფლ¬მხედველობის ანარეკლი იქნებოდა. ბევრი ნაჭრელის სიმბოლიკაზე შეიძლება ზოგადად მიღებული ტრადიციის მიხედვით ვისაუბროთ. ამაში დაგვე¬ხმარება ქართველ მეცნიერთა ფუძემდებლური შრომები (ჯავახიშვილი, ბარდაველიძე, ჩიტაია, ამირანაშვილი, სურგულაძე...). ამასთან ერთად, დიდ დახმარებას გაგვიწევს, აგრეთვე, ეთნოგრაფიული მასალები. მაგალითად, მიღებული ტრადიციის მიხედვით, ჭირკვანა, ანუ ტეხილი ზიგზაგი, სწორი  ხაზი და კლაკნილი, რომელიც უხვადაა სახიან  ნაბდებზე, გზის, წყლის, და ზღვის სიმბოლური  გამოსახულებაა. 2012 წელს, თუშეთში,  სოფელ ომალოში, შემთხვევით აღმოჩენილ მასალაში საყურადღებოა სამარხში მიკვლეული ბრინჯაოს ბალთები (ფირ¬ფიტები). ერთ მათგანზე წარმოდგენილია ორი მთა, ორი მზე, მთებს შორის -ვერძისთავი. ფირფიტის დიდი ნაწილი კი წყლის, ზღვის გამომხატველ კუთხოვანი, ტეხილი ზიგ-ზაგების სიმბოლურ  გამოსახულებას უჭირავს. ფირფიტა მეცნიერულად გამოიკვლია ომალოს მუზეუმის  გამგემ, ეთნოლოგმა იდოიძემ  და საინტერესო დასკვნები გააკეთა (იდოიძე, 2014, გვ. 198-200). ჩემდაწილად დავუმატებ იმას, რომ ფირფიტაზე ასახული სიმბოლო-ნიშნებში ჩანს თუშეთში არსებული უძველესი რწმენა იმის შესახებ, რომ მზე ზღვასთანაა დაკავშირებული, რომ მზე ზღვიდან  ამოდის და ზღვაში ჩადის. ამ თვალ¬საზრისით, საინტერესოა ის, რომ მზის ჩასვლის აღსანიშნი გამოთქმა „მზე ზღვად შევიდა” XXI საუკუნის დასაწყისამდე, უფროსი თაობის თუშების სიტყვა-ხმარებაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამ ფირფიტაზე წარმოდგენილი, მიჯრით მიწყობილი ტეხილი ხაზების გამოსახულება აშკარად ზღვის მიმანიშნებელია.
სახიან ნაბდებზე გვხვდება წრეებიც. სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილი და გარკვეუ¬ლია წრის მაგიური მნიშვნელობა (ჩიტაია,II, 2000,გვ. 192). ზოგადად ცნობილია, რომ წრე, სიმბოლური დატვირთვით, ავი თვალის განთავისუფლებისგან დამცავია. მისი დამცავი ფუნქცია კარგად ჩანს ეთნოგრაფიული მასალებიდან – თუშეთში ყველიერში სმინაობის დროს შეკრებილი ახალგაზრდები თავის გარშემო შემოხაზულ წრეში სხდებიან. ასევე, ხევსურეთში „კუდიანწუხრის” ღამეს მესბინაე ახალგაზრდები თავდაცვის მიზნით ნახშირით შემოხაზულ წრეში სხდებიან (მაკალათია,1935,გვ. 226-227). წრეში ჩაჯდომით თავდაცული ახალგაზრდები ასე ისმენენ ეშმაკებისაგან იმ წელს სოფელში მოსახდენ ამბებს. წრე, როგორც დამცავი ნიშანი, გვიანობამდე შემორჩა ხალხურ ყოფას. მგზავრს ან მონადირეს უადგილო ადგილას და უდროო დროს რომ დაუღამ¬დებოდა, თავის გარშემო წრეს შემოიხაზავდა, თან  ადგილის   დედას შესთხოვდა - „ამაღამ შენ გებარებოდე, შენ შემინახეო”და წრის შუაგულში მშვიდად იძინებდა.
რომბისებური  ფიგურა, ამჟამად,  დეკორატიული ფუნქციის მატარებელია, თუმცა,  იგი                                                                                      ნაყოფიერების ერთ-ერთ უძველეს სიმბოლოდაა მიჩნეული. სამკუთხედი კი წმინდა ცეცხლის სიმბოლოს წარმოადგენს. სემანტიკური მნიშვნელობით ის მიწის  სიმბოლოა (ვარშალომიძე, 1979, გვ. 48, 49).
თუშეთში ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ნაჭრელი პირამიდუ¬ლად აღმართული სამკუთხა „ნაფოტა” - ძირით მიწას,  წვერით კი ცას განასახიერებს და სიმბოლურად ის მიწისა და ცის კავშირად წარმოიდგინება.
სახიან ნაბდებზე ფართო დაა წარმოდგენილი ბორჯღალი – მზის სიმბოლო, ავი თვალისა და ავი სულისგან დამცავი ფუნქციის მატარებელი, ასევე, ხვავისა და ბარაქის სიმბოლო.
სახიანი ნაბდების დეკორში, ასევე, გვხვდება  ხე - „ალვისხეჲ”, „ტოტიან ალვის ხეჲ”. როგორც ცნობილია, სიცოცხლის ხის მოტივი უძველესი მითოლოგიიდანაა მომდინარე და უძველეს მსოფლმხედველობასთან არის დაკავშირებული (ჩიტაია, 2000, II,გვ. 218). იგი უნივერსალური ნაჭრელია და სახიანი ნაბდების გარდა, გვხვდება ქსოვილზე, ქვაზე, ლითონზე. ხე, ზოგადად, სიცოცხლის სიმბოლოს უკავშირდება. იგი მიცვალებულის კულტთანაცაა კავშირში (ჩიტაია, 2000, II, გვ. 226) და მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ მხატვრობაშიცაა წარმოდგენილი (ბარდაველიძე, 1953, გვ. 30). ამასვე ეხმიანება თუშეთში ჩაწერილი ეთნო¬გრაფიული მასალაც – ალვანში, ამაღლების დღეს „ახალი სულის პატრონებს” (გარდაცვალებიდან წელი რომ არ არის გასული). „რჩხები” მიჰქონდათ სასაფლაოზე და მიცვალებულის საფლავის თავში არჭობდნენ. რჩხა იყო პატარა გატოტილი ხე, ქერქისგან გასუფთავებულ ხის ტოტებზე ჩამოცმული იყო ვაშლები და მოხარშული კვერცხები, თავში, ძირითადად, ტოტზე ახალამო¬ყვანილი ყველი - „კონჩხულა” ჰქონდა ჩამოცმული, ზედ ეკიდა კანფეტებიც. თუშები, მთაში, ამ რიტუალს მარიამობის დღეს ატარებდნენ. იქ, რიტუალურ კვერებთან ერთად, სტომისა და მოცვის ბუჩქები მიჰქონდათ სამაროვანზე და იქაც საფლავის თავში ასობდნენ.
ვ. ჯორბენაძის კოლექციაში შემორჩენილია ერთი ცალი სახიანი ნაბადი ხის გამოსახულებით, ხის აქეთ-იქით ხარი და ფური ირმებია წარმოდგენილი, ცარიელ სივრცეს კი პატარ-პატარა გეომეტრიული ორნამენტები და ყვავილები ავსებენ. ეს ნაბადი ერთ-ერთია იმ უნიკალური ნიმუშებიდან, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს. ფონად, აქ, საქუდე ნაბდის ნაკუწებია ერთმანეთზე აკერებული, ნახატები კი ქსოვილებისგანაა გამოჭრილი და აპლიკაციის ტექნი¬კითაა ნაკერ-ნაქარგი. ანალო¬გიურ სიუჟეტიან გამოსახულებებში, სიცოცხლის ხის მოტივი უნივერსალურია და საქართველოსა და  კავკასიის გარდა, წინა აზიის უძველესი კულტურის ძეგლებზეც გვხდება (ჩიტაია, 2000, გვ. 226).
ჯარანა, იგივე ბორჯღალი – მუდმივ ბრუნვასთან ასოცირებული ნიშანი, უხვად გვხვდება ქართულსახიან ნაბდებზე. არის ოთხ, ექვს და რვატოტიანი ჯარანა ნაჭრელები. ერთი რიგის ასეთ ნიშნებს ტოტები მოხრილი აქვს, რაც ბრუნვის მიმართულებას უსვამს ხაზს. ეს ნიშანი ფართოდაა წარმოდგენილი ხეზე კვეთილობაშიც; იგი ქართული დედაბოძის ერთ-ერთი მთავარი მოტივია (სურგულაძე, 1986, გვ. 66).
ფერის, ფერთა შეხამების და ორნამენტის მიხედვით თუშურსახიან ნაბდებში შეიძლება, პირობითად რამდენიმე პერიოდი გამოვყოთ: 1. შედარებით ძველი ფენა (XIX საუკუნის  ბოლო, XX საუკუნის  დასაწყისი) – ღრმად ტრადიციული ნიმუშებით. მისთვის დამახასიათებელია გეომეტრიული და სტილიზებული მცენარეული ორნამენტი, მხო¬ლოდ ბუნებრივად მოცემული მატყლის ფერის და, ნაწილობრივ, მცენარეებში შეღებილი მატყლის გამოყენება. ეს ის პერიოდია, როცა თუშები თუშეთში ბინადრობენ, როცა ქალი საზოგადოებაში თავის კარგ ქალობასთან ერთად „კარგი ხელითაც” (ხელსაქმით) ფას¬დებოდა; იგი რასაც ქმნიდა თუ აკეთებდა, თავის ნამუშევარში მთელ თავის სულს, გულს, სიყვარულს და შემოქმედებით შესაძლებლობას დებდა. სახიანი თუ სხვადასხვა დანიშნულების ნაბდებიც ხალხის ყოფის აუცილებელი და აქტიურად სახმარი ნივთები  იყო.
2. გარდამავალი პერიოდის დეკორატიულ ნაბდებში (XX საუკუნის I ნახევარი) ჩნდება ქიმიური საღებავები, მაგრამ მათ ზომიერად და მცირედ მოიხმარენ. ორნამენტი ისევ გეომეტრიულია და მცენარეული მოტივებითაა გაჯერებული. ფერის განცდა და ზომიერება ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, სახიანი ნაბდების აქტიური გამოყენება კი უკვე გაფერმკრთალებული.
3. ახალი დროის (XX საუკუნის 60-70-იანი წლები) დეკორატიულ ნაბდებში ქიმიური საღებავები წამყვან ადგილს იკავებს. ნაწარმი ბაზრის მოთხოვნასაა დაქვემდება¬რებული, ორნამენტი გამრავალფეროვნებულია, ფერი თვალისმომჭრელად მძაფრი და კაშკაშა,ზოგ შემთხვევაში უგემოვ-ნოდ შეხამებული.
4. თანამედროვე, ანუ უახლესი პერიოდის მოთელილ ნაწარმს ხალხური ოსტატები და რამდენიმე სახელოსნოს წევრი ქალები თელავენ; დეკორატიულ ნაბდებს დღეს უკვე სასუვენირედ და მცირე ზომისას თელავენ. ერთგვარ მოდად იქცა ალვანისა და ნუკრიანის სახელოსნოებში, თუშეთში მოპოვებული პიქტოგრამებიდან აღებული ნიშნების გამოყვანა მოსათელ ფონზე.
წარმოდგენილი კლასიფიკაციიდან თავისი განვითარების და სილამაზის სრულყო¬ფილებას თუშური სახიანი ნაბდები პირველ პერიოდში აღწევს, როცა თუშები თუშეთში სახლობდნენ, როცა ქალების შემოქმედება სხვა კუთხეთა ანალოგიური ნაწარმის გავლენე¬ბისგან თავისუფალი იყო, როცა სახიან ნაბდებს მხოლოდ საოჯახო მოხმარებისათვის თელავდნენ და ფუნქციური დატვირთვა აქტიური ჰქონდა, როცა ქალი საზოგადოებაში თავისი ხელსაქმით ფასობდა. აქ მთავარი იყო ბაზრის სიშორეც - ქალები თავის ნაწარმს შინამოხმარებისთვის ერთეულ ეგზემპლარებად და თავის მოსაწონებლად თელავდნენ და არა სერიულად, გაყიდვის მიზნით. შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ძველი სახიანი ნაბდების დასაფენ-საგებელთა მრავალფეროვნებას და სილამაზეს ქალების მაღალ გემოვნებასთან ერთად, ისიც განაპირობებდა, რომ ხელსაქმე მათი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი იყო. ყველა ცდილობდა,  ხარისხიანი და ლამაზი ნიმუშის  შექმნას. ქალები ქმნიდნენ სიყვარულით, თავისი  ოჯახის საჭიროებისათვის და თავის მოსაწონებლად, ამიტომ იყო მათი ხელნაქმნარი სილამაზით გამორჩეული. ამჟამად, ამ ყოველივემ სახე იცვალა – საზოგადოებაში ქალის სტატუსის განმსაზღვრელი სხვა პრიორიტეტები გაჩნდა.
ამჟამად, ტრადიციული დეკორატიული, ანუ სახიანი ნაბდების ძირითადი ფუნქცია – სახლის ინტერიერის მოთბუნება-მომყუდროება, ისევე როგორც კედლების მორთვა საფენებით, სრულიად გამქრალია ყოფიდან. შეიცვალა ცხოვრების ტრადიციული წესი.  ახალ,თანამედროვე რემონტითა და ცენტრალური გათბობით გაწყობილ სახლებში აღარ არის სახიანი ნაბდების საჭიროება, მათ  ფუნქცია დაკარგეს და ძველ ცხოვრებასთან ერთად გაქრნენ ყოფიდან.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სახიან ნაბდებზე წარმოდგენილი ნიშნები ქართველი ხალხის უძველეს მსოფლმხედველობასთან არის დაკავშირებული და ღრმა შინაარსის მატარებელია. აქ არის აპოთროპეული (ავითვალისგან და ავისულისგან დამცავი), ცისა და მიწის კავშირის მატარებელი ასტრალური ნიშნები, სიცოცხლის ხესთან დაკავშირებული  რწმენა-წარმოდგენები.
ჩვენამდე მოღწეული ტრადიციული თუშური „სახიანი ნაბდები” გამოირჩევა მაღალ¬მხატვრული გემოვნებით, იმპროვიზაციული, თავისუფალი მოქმედებით, ფერთა ჰარმონიული შეხამებით. მათში კარგად ჩანს საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე შრომითი ჩვევები, საწარმოო გამოცდილება და ქართული ხალხური მხატვრული კულ¬ტურა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კი დაკარგა შინამრეწველობის ამ დარგმა საჭიროება და ბაზრის მოთხოვნას დაექვემდებარა, უმალვე უგემოვნო ნაწარმად იქცა და ძველი ხალხური ფორმით და შინაარსით გაქრა კიდევაც ყოფიდან. „სახიანი ნაბდების” განვითარების ეტაპებზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა მოვლენა თუ რეალია იმ დროის კუთვნილებაა და განვითარების უმაღლეს დონეს მაშინ აღწევს და კიდევაც ინარჩუნებს მას, როცა ის დიდი ფუნქციის მატარებელია, ცხოველმყოფელია და ყოფა-ცხოვრების აქტიური აუცილებლობაა.

დამოწმებული ლიტერატურა

ბარდაველიძე, 1954 – ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.
ვარშალომიძე, 1976 – ვარშალომიძე ჯ, ორნამენტი ხეზე,აჭარის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით), ბათუმი, მეცნიერება.
იდოიძე, 2014 – იდოიძე ნ. გვიანბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალები თუშეთის სოფელ ომალოდან (ეთნოლოგიური ხედვა) // თუშეთი, თბილისი, გვ. 195-203, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
სურგულაძე, 1986 – სურგულაძე ი. ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბილისი, 1986, „მეცნიერება”.
ჩიტაია, 2000 – ჩიტაია გ.,თანაავტორი ბარდაველიძე ვ.,ხევსურული ორნამენტი,შრომები, ტ.II,გვ. 161-208, თბილისი, „მეცნიერება”.
ჩიტაია, 2000 – ჩიტაია გ. სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში, შრომები, ტ.II,გვ. 215-230, თბილისი, 2000, „მეცნიერება”.
აზიკური, 1999 – აზიკური ნ., თუშური ნაბადი, თბილისი, „კუნა გეორგიკა”.
Студенецкая, 1979 – Студенецкая Н., Узорные войлоки Кавказа (в свете исторических связей Кавказа и Азии) // Советская этнография, № 1, გვ. 105-115.

ნანახია: 1001-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani