Georgian (Georgia)English (United Kingdom)
არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

არქიტექტორი ალექსანდრე მინას ძე ნიკოლაიშვილი - ქალაქმშენებლობითი დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. იგი დაიბადა ქ.ფოთში 1898 წელს (სხვა მონაცემებით 1897 წელს). 1916 წელს დაამთავრა ფოთის ვაჟთა გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ამავე გიმნაზიაში ასწავლიდა ხატვას და სუფთა წერას. 1918 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თბილისში. ერთდროულად სწავლობდა ხატვას და ქანდაკებას თბილისის ხატვისა და ქანდაკების სკოლაში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია).
1920 წელს საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ა. ნიკოლაიშვილი როგორც ნიჭიერი, პერსპექტიული სტუდენტი გააგზავნა უმაღლესი განათლების მისაღებად  გერმანიაში. 1927 წელს მან დაამთავრა შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება და მიიღო ინჟინერ-არქიტექტორის წოდება. სწავლის დამთავრების შემდეგ იგი გარკვეულ დროს მუშაობდა როგორც არქიტექტორ-დამპროექტებელი ბერლინში, ხოლო 1928 წლის მაისში დაბრუნდა სამშობლოში. ამ დროიდან იგი მთელ თავის ცოდნას და ენერგიას ახმარს ქართული არქიტექტურის განვითარების და წინსვლის საქმეს. ფართო ერუდიცია, განსწავლულობა, პროფესიული კულტურა საშუალებას აძლევს მას მოკლე ხანში გახდეს პიონერი ერთ-ერთი ისეთი რთული არქიტექტურული დისციპლინისა, იმ დროს ქართული არქიტექტურის სრულიად ახალი დარგისა, როგორიც არის ქალაქმშენებლობა,  მის მიერ ან მისი ხელმძღვანელობით გასული საუკუნის 30-60-იან წლებში დამუშავებულია საქართველოს მრავალი ქალაქების დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტები, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქებისა როგორიც არის ფოთი, ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზესტაფონი და სხვ., გარდა ამისა ახალი მუშათა დასახლებების, კურორტების (გაგრა, მალთაყვა, ბორჯომი და სხვ.) გენერალური დაგეგმარების პროექტი, რაიონული ცენტრებისა და სოფლების დაგეგმარება.
ქართული არქიტექტურის ისტორიისათვის მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს  მისი პროექტებით აგებული - სპეციალისტების საცხოვრებელი სახლის კომპლექსი თბილისში (1933 წ., მ. შავიშვილთან ერთად), ავჭალის ჩაის საწონი ფაბრიკა (1938 წ.) და სხვ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ა.ნიკოლაიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც იგი ეწეოდა 1928 წლიდად და გადასცემდა ქალაქგეგმარების დარგში თავის მრავალმხრივ, ღრმა ცოდნას მომავალ არქიტექტორებს.
ა.ნიკოლაიშვილი იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ერთ-ერთი პირველი წევრი და ქალაქმშენებლობის სექციის ხელმძღვანელი 1936 წლიდან. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება (1961 წ.). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, კერძოდ "საპატიო ნიშნის" ორდენი (1946 წ.).
უკვე ზემოაღნიშნულიდან  გასაგებია რომ ა.ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა და ბიოგრაფია ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს, თუნდაც როგორც ახალი ქართული არქიტექტურის ჩამოყალიბების პერიოდის ფრიად მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ის დღემდე  არ არის სათანადოდ შესწავლილი და ფაქტიურად  ბევრი რამ ჩვენთვის არაა ცნობილი, განსაკუთრებით კი მისი გერმანიაში სწავლის და მუშაობის (მართალია ხანმოკლე) პერიოდი. ამის  ერთ-ერთ მიზეზად ბევრი ასახელებს იმას, რომ ა.ნიკოლაიშვილი იყო ძალიან თავშეკავებული ადამიანი და თავს არიდებდა საუბარს თავის შესახებ, მისი შემოქმედებითი საქმიანობის ჩათვლით, განსაკუთრებით კი გერმანიაში გატარებულ წლებზე. შესაძლებელია რომ ამას ჰქონდა თავისი გარკვეული მიზეზი. ჩვეულებრივ, საუბარში იგი აღნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ სწავლობდა შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში, რაც მეც  მისგან მაქვს გაგონილი. ოფიციალურად ეს  დასტურდება იმითაც, რომ: "ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის არქივში არსებობს ჩანაწერი ალექსანდრე ნიკოლაიშვილის იქ სწავლის შესახებ 1920-25 წლებში (შენიშვნით რომ სწავლა უგრძელდება 1928 წლამდე), თუმცა არ იძებნება დოკუმენტი უნივერსიტეტის დასრულების შესახებ"აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა ანა მარგველაშვილმა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებელმა. მართალია ზოგჯერ იგი შედარებით უფრო ვრცლად იხსენებდა განვლილ წლებს,  თუმცა როგორც  ჩანს გააჩნია ვისთან და როდის. ფაქტიურად ეს იყო ცალკეული მოკლე საინტერესო დამახასიათებელი ინფორმაციული ხასიათის ფაქტები.
სტატია აგებულია ა.ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ცნობილი (უნდა აღვნიშნოთ საკმაოდ მწირი) და ახლად მოპოებული მასალის შესწავლის საფუძველზე და ძირითადად  თავის მიზნად ისახავს პასუხს, ჩვენი აზრით, მთავარ  საკითხზე - რა ცოდმა როგორც არქიტექტორმა მან შეიძინა გერმანიაში სწავლის შედეგად და რა გავლენა ამან იქონია მის შემდგომ შემოქმედებით მოღვაწეობაზე საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირობითად გამოვყავით ორი პერიოდი მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, ერთი - გერმანიაში ყოფნის პერიოდი, მეორე - საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი. აქცენტი აქ  პირველ რიგში არის გადატანილი  გერმანიაში სწავლისა და მუშაობის წლებზე, ვინაიდან მიგვაჩნია რომ ამან უშუალო გავლენა მოახდინა მთელ მის შემდგომ შემოქმედებით მოღვაწეობაზე. ამავე დროს აქ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ თვით კონფერენციის ფორმატიც ზოგადად არ იძლეოდა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სრულ, მრავალმხრივ და რაც მთავარია დეტალურ  განხილვის საშუალებას.
სტატიაში გამოყენებულია ა.ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიის, ჩვენთვის, როგორც ეს იყო უკვე აღნიშნული, როგორც ცნობილი ასევე ახლად მოპოებული მასალა. ეს არის: სტატია მის შესახებ გამოქვეყნებული  ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაში (ტომი 7, გვ.430, თბ., 1984), რამდენიმე არქიტექტურული თემატიკის წიგნი სადაც მოხსენიებულია ა.ნიკოლაიშვილის ზოგიერთი პროექტი, ინფორმაციის თანამედროვე წყაროები (კერძოდ საიტები რომლებიც მიძღვნილია განსახილველი პერიოდის არქიტექტურის და ცალკეული არქიტექტორების შემოქმედების ისტორიისადმი). აგრეთვე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო თუნდაც მცირე მოგონება-ინფორმაციის მოპოების მიღების მიზნით იმ არქიტექტორების  "გამოკითხვას",  რომლებსაც მასთან რაიმე შემოქმედებითი კავშირი ჰქონდათ, მაგ, გარკვეულ წლების მანძილზე ერთად მუშაობდნენ ან ჩემი ჩათვლით მისი ყოფილი სტუდენტები იყვნენ. ამასთან ერთად ჩვენ ვეცადეთ განვეხილა ა.ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი შეხედულებების  ჩამოყალიბების  საფუძვლები, რაც ჩვენი აზრით დაკავშირებული იყო  მისი შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში სწავლის წლებთან. ეს პროცესი, რომელიც უდაოდ მიმდინარეობდა მისი პედაგოგ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, განხილულია მის თანაჯგუფელებთან ერთობლივად. ამიტომაც, ჩვენ გავეცანით იმ პირთა არსებულ შემოქმედებითი ბიოგრაფიების არქიტექტურულ-ისტორიულ კვლევებს, რომლებსაც შეეძლოდ გავლენა მოეხდინად მისი შემოქმედებითი შეხედულებების ფორმირებაზე ან თვითონაც  მსგავს შეხედულებებს  იზიარებდნენ. ვგულისხმობთ რა მის პედაგოგ-მასწავლებლებს და ამავე დროს მის ჯგუფელებს. ვფიქრობთ რომ ყველაფერმა ამან შეიძლება წარმოდგენა მოგვცეს თვით ა.ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი შეხედულებების შესახებაც და ამით გარკვეულწილად მოგვცემს საშუალება გავცეს პასუხი  ჩვენთვის საინტერესო  კითხვებს.
პირველ რიგში ალბათ უნდა აღვნიშნოთ ა.ნიკოლაიშვილის პედაგოგი და დამრიგებელი, რომელსაც იგი მოიხსენიებს როგორგ - "ჩემი პროფესორი". ეს იყო გერმანელი არქიტექტორი ჰაინრიხ ტესენოვი (1876-1950) რომელიც ჰანს პელციგთან, ბრუნო ტაუტთან, პეტერ ბერენსთან, ფრიც ჰეგერთან, ერნსტ მაისთან, ერიხ მენდელსონთან, ვალტერ გროპიუსთან და მის ვან დერ როესთან ერთად ითვლება ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ არქიტექტორად. მიუხედავად იმისა რომ ჰ.ტესენოვი შედიოდა "რინგის" ჯგუფში, რომელიც აერთიანებდა იმ დროის საუკეთესო გერმანელ არქიტექტორებს (მისი წევრები იყვნენ არქიტექტორ-ავანგარდისტები - ვ.გროპიუსი, მის ვან დერ როე, ე.მენდელსონი, ბ.ტაუტი, პ.ბერენსი), მისი შეხედულებანი საგრძნობლად განსხვავდებოდა გერმანიაში მოდერნიზმის მომხრეების წარმოდგენებისაგან. ჰ.ტესენოვი იცავდა ეროვნული არქიტექტურის იდეებს და უარყოფდა, მისი აზრით, "უნაყოფო" ინტერნაციონალურ სტილს. იგი დიდი ქალაქების წინააღმდეგიც იყო რომლებიც, როგორც ის თვლიდა, ანგრევენ ეროვნულ კულტურას და ცხოვრების ტრადიციულ წესს. თავის ნამუშევრებში ჰ. ტესენოვი ცდილობდა კლასიკური არქიტექტურის ელემენტების შეხამებას შუასაუკუნოვან გერმანულ არქიტექტურის ტრადიციებთან, "კლასიკური გერმანული სტილის" შესაქმნელად. მიისწრაფოდა უკიდურეს "სიმარტივისკენ" რამაც განაპირობა არა მარტო მისი არქიტექტურის, არამედ მისი გრაფიკის ხასიათი. მისი პრინციპები აშკარად ატარებს კლასიციზმის ანარეკლს (სიმეტრია, რეგულარულობა, ფორმის სიწმინდე და სისუფთავე და ა.შ.). ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ჰ.ტესენოვმა თავისი წვლილი შეიტანა ფუნქციონალიზმის არქიტექტურული ესთეტიკის, განსაკუთრებით კი თეორიის მომზადებაში. იგი თვლიდა რომ არქიტექტურული ფორმა უნდა იყოს საკმაოდ უნიფიცირებული, რათა მრავალსახეობა არ გადაქცეულიყო ქაოსში. ამან თავის მხრივ მიიყვანა იგი რაციონალისტურ დასკვნამდე ტიპიური მშენებლობის აუცილებლობისა. ამრიგად, ტრადიცია გახდა ნოვატორული გადაწყვეტილებების წყარო. ამ თეორიამ საგრძნობი გავლენა მოახდინა ტიპიური მშენებლობის განვითარებაზე. ამდენად რთულია არ ვაღიაროდ ჰ.ტესენოვის მოღვაწეობის მნიშვნელობა.  ჰ.ტესენოვი იყო ერთ-ერთი გერმანელ არქიტექტორთაგან  რომელიც XX საუკუნეში ანვითარებდა ნეობიდერმეირის სტილს. იგი აქტიურად თანამშრომლობდა "ვერკბუნდთან", რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა არქიტექტურის შემდგომ განვითარებაზე.გერმანული ვერკბუნდი - საწარმოო კავშირი. დაარსდა მიუნხენში 1907 წელს. არქიტექტორების, დეკორატიული ხელოვნების ოსტატების და მწარმოებელთა გაერთიანება. მიზანი - მშენებლობისა და მხატვრული რეწვის რეორგანიზაცია თანამედროვე სამრეწველო საფუძველზე. 1933 წელს ნაცისტებმა "ვერკბუნდი"   გააუქმეს, აღდგენილ იქნა 1947 წელს დიუსელდორფში. ჰ.ტესენოვს და არქიტექტორებს ჰერმან მუტესიუსს და რიჩარდ რიმერშმიდს ("ვერკბუნდის" ერთ-ერთ ფუძემდებლებს) ეკუთვნის  გერმანიაში პირველი ქალაქი-ბაღის ჰელერაუს პროექტი დრეზდენის მახლობლად (1908 წ.). ამ  განსაკუთრებით ჰუმანურმა, ფუნქციონალური ურბანული დაგეგმარების მაგალითმა   საბოლოოდ  მიიყვანა   ე.მაი და ბ.ტაუტი ვრცელ საცხოვრებელ პროექტებთან.   ჰ.ტესენოვმა ბ.ტაუტთან ერთად მონაწილეობა მიიღო საცხოვრებელი რაიონის - "ფალკენბერგის" მშნებლობაში ბერლინში, 1913-1916 წწ. ასევე უნდა აღვნიშნოთ 1928 წელს   აგრეთვე ბერლინში აშენებული ეკსპერიმენტალური საცხოვრებელი რაიონი "ამ ფიშტალი". ამ დასახლების პროექტის შედგენით და მშენებლობით დაკავებული იყო ცნობილი არქიტექტორების დიდი ჯგუფი ჰ.ტესენოვის საერთო ხელმძღვანელობით. ჰ.ტესენოვის შემოქმედების ხასიათი, მთავარი თავისებურებანი, რომლებიც გამოხატულია მის მიერ აგებულ ნაგებობებში, დაკავშირებულია მის სწრაფვასთან მოახდინოს ხალხური ტრადიციის, მაღალი კლასიკური არქიტექტურის, ხელნაკეთობის საფუძვლებისა და XX საუკუნის რაციონალიზმის სინთეზი.
როგორც პედაგოგმა და რიგი პუბლიკაციების ავტორმა გავლენა მოახდინა  მრავალი გერმანელი არქიტექტორის შემოქმედებაზე. მის მოწაფეთა შორის - ბევრი ცნობილი არქიტექტორია, მაგალითად, ალბერტ შპეერი, რუდოლფ ვოლტერსი, ფრიდრიხ ტამსი,  ოტო კენიგსბერგერი და ალბათ ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. ჰ.ტესენოვის გავლენა გერმანიის 30-იანი წლების არქიტექტურაზე ბევრად დამოკიდებულია იმაზეც, რომ იგი იყო ა.შპეერის უშუალო მასწავლებელი და ზუსტად მისი არქიტექტურის საფუძვლებისკენ მიისწრაფოდა ეს უკანასკნელი. თვით ჰ.ტესენოვი არაფრიდ არ იყო დაკავშირებული ნაციზმის არქიტექტურასთამ და არცკი იყო ნაცისტური პარტიის წევრი. აგრეთვე ჰ.ტესენოვის ფართო გავლენამ არქიტექტურაზე  იქონია კიდევ ერთი  მისი მოწაფის არქიტექტორ-ურბანისტის ოტო კენიგსბერგერის (1908-1999) მეშვეობით, რომელიც მუშაობდა აზიაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და განსაკუთრებით ინდოეთში. კერძოდ, მან დაამუშავა ინდოეთის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქის - ბხუბანეშვარის გენგეგმა (პროექტი - 1946 წ.). ეს იყო ერთ-ერთი პირველი ინდოეთში ქალაქის რეგულარული გენგეგმა. ო.კენიგსბერგერმა დაამთავრა შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლა 1931 წელს, ხოლო 1933 წელს მიიღო შინკელის პრემია ბერლინის ოლიმპიური სტადიონის არქიტექტურული გაფორმების პროექტში. შემდგომში, როგორც ცნობილი ფიზიკოსის მაქს ბორნის (1882-1970) ახლო ნათესავი, იძულებული გახდა გერმანიიდან წასულიყო ემიგრაციაში. 
ა.შპეერის მოგონებები აღწერს ჰ.ტესენოვის პირადი, დისკურსიული, არაფორმალური სწავლის სტილს, იმ უპირატესობას რომელსაც იგი  ანიჭებდა  არქიტექტურას,  რომელიც  გამოხატავს  ეროვნულ  კულტურას  და  აქვს გამარტივებული ფორმები. ჰ.ტესენოვი ცნობილი იყო თავისი თქმულებით: "უმარტივესი ფორმა არ არის ყოველთვის საუკეთესო, მაგრამ საუკეთესო ყოველთვის მარტივია". გერმანიაში 1958 წლიდან არსებობს ჰაინრიხ ტესენოვის საზოგადოება, 1962 წელს დაარსდა მისი სახელობის ოქროს მედალი, ასევე არსებობს ჰ.ტესენოვის ინსტიტუტი, მისი სახელობის ფონდი და არქივი. ამასთან ერთად ქ.მაგდებურგის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს მის სახელს.
ა. ნიკოლაიშვილის ერთ-ერთი ჯგუფელი იყო უკვე მოხსენებული ალბერტ შპეერი (1905-1981) რომელიც ითვლებოდა ა.ჰიტლერის საყვარელ, პირად ან კარის არქიტექტორად. ამავე დროს იგი წარმოადგენდა ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე კიდევაც იყო ჰიტლერის ნდობით აღჭურვილი პირი. ნიუნბერგის პროცესზე გაასამართლეს სხვა მთავარ ნაცისტურ დამნაშავეებთან ერთად და მიუსაჯეს ოცი წლის პატიმრობა.
ა. შპეერი  1925 წლიდან  სწავლობდა შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში პროფესორ ჰ.ტესენოვთან, რომლის დამთავრების შემდეგ 1927 წლიდან 1932 წლამდე იქვე მუშაობდა ჰ.ტესენოვის სამეცნიერო ასისტენტად. აღსანიშნავია, რომ ა.შპეერი ყოველთვის თვლიდა თავის თავს მის მოწაფედ. უდაოა, რომ ა.შპეერის შემოქმედებაში თავისი ასახვა ჰპოვა ჰ.ტესენოვის იდეებდა, მისმა სწრაფვამ სიმარტივისაკენ რომელსაც იგი ქადაგებდა. 1937 წელს ა.შპეერი დანიშნეს ბერლინის გენერალურ ინსპექტორად მშენებლობის დარგში. 1938-1939 წლებში მან დაამუშავა გერმანიის დედაქალაქის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა მონუმენტურ არქიტექტურულ სტილში. ჰ.ტესენოვის მიდგომამ გეგმარებისადმი და ნიმუშების (პროტოტიპების)  გამოყენებამ დაუდო საფუძველი ა.შპეერის ნაგებობების მშენებლობას ანტიკური ტრადიციების თავშეკავებულ ხასიათში  (в сдержанном духе античности), როგორც ის მას აღიქვამდა. მისი გადასვლები (его переходы в другие) სხვა უფრო პომპეზურ კერძოდ, ნეობაროკოს "სტილში", რამდენიმე წლის შემდეგ თვით ა.შპეერი აფასებდა როგორც შემოქმედებით წარუმატებელს. საინტერესოა, რომ როდესაც ა.შპეერმა  გააცნო  ჰ.ტესენოვს ერთ-ერთი თავისი პროექტი, ჰ.ტესენოვმა მას დაახლოებით ასე უპასუხა, რომ ყველაფერი არის ძალიან ეფექტური და არაფერი მეტი. როდესაც მოგვიანებით კიდევ ერთმა მისმა მოწაფემ რ.ვოლტერსმა გაუგზავნა მას მისი და ა.შპეერის ერთობლივი წიგნი "თანამედროვე გერმანული არქიტექტურა", მან უპასუხა, რომ ყველაფერი არის ყინულივით ცივი და  "არაჰუმანური" იმ გაგებით, რომ ასეთი არქიტექტურა თრგუნავს ადამიანს. ა.შპეერი აპროექტებდა სახელმწიფო დაწესებულებებს, სტადიონებს, ხიდებს, სასახლეებს, მონუმენტებს და ქალაქებს. კერძოდ მან დააპროექტა გერმანული პავილიონი საერთაშორისო გამოფენაზე პარიზში (1937 წ.), ახალი სახელმწიფო კანცელარიის შენობა (1938-1939 წწ.), "გერმანული სტადიონი" (პროექტი, 1937 წ., არ განხორციელებულა), "ხალხთა დარბაზი" (პროექტი, 1939 წ., არ განხორციელებულა) და სხვ. ფაქტიურად იგი აღიარებულია მესამე რეიხის წამყვან არქიტექტორად, რომელიც იყო ნეოკლასიკური ტრადიციების მიმდევარი და ამავე დროს არ უარყოფდა ცალკეულ მოდერნისტულ გავლენებსაც. აგრეთვე იგი  შეიძლება მიჩნეული იყოს როგორც პიონერი შუქოვანი არქიტექტურის დარგში.  1942 წელს ა.შპეერი დანიშნეს შეარაღებისა და სამხედრო წარმოების რეიხმინისტრად და იგი ჩამოცილდა აქტიურ არქიტექტურულ საქმიანობას. უკვე ომის შემდეგ ა.შპეერი წერდა: "შემთხვევითი არ არის ის, რომ მე მიზიდავდა ტესენოვი,  მისი ერთიანობა, დახვეწილობა (тонкая работа), სწრაფვა სიმარტივისაკენ,  და არა გროპიუსი ამ მის ვან დერ როე. მე უარყოფითად ვიყავი  განწყობილი დიდი ქალაქების და მათი გავლენით ჩამოყალიბებულ ადამიანების მიმართ.
ა.ნიკოლაიშვილის კიდევ ერთი ჯგუფელი იყო რუდოლფ ვოლტერსი (1903-83), რომელიც 1925 წელს თავის ახლო მეგობართან ე.შპეერთან  და აგრეთვე   ფრიდრიხ ტამსთან (1904-1980) ერთად მიუნხენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტიდან გადავიდა სასწავლებლად ბერლინში, შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. საინტეროსოა რომ ორივემ ე.ი. ა.შპეერმა და რ.ვოლტერსმა აირჩია და ძალიან აფასებდა თავიანთ მასწავლებელს და დამრიგებელს არქიტექტურის დარგში - პროფესორ ჰ.ტესენოვს, რომლის შეხედულებებმა მნიშვნელოვანი  გავლენა იქონია მათ შემოქმედებით კრედოზე. 1927 წელს სწავლის დამთავრების და დიპლომის მიღების შემდეგ რ.ვოლტერსი იწყებს მუშაობას ჰ.ტესენოვის კერძო სტუდიაში. 1929 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე - "რკინიგზის სადგურების შენობების დაგეგმარება". ეკონომიკური დეპრესიის პერიოდში იგი დარჩა უმუშევარი და 1932-1933 წლებში კონტრაქტით გაემგზავრა სამუშაოთ საბჭოთა კავშირში, ნოვოსიბირსკში. იქ მან მონაწილეობა მიიღო სადგურ ინსკაიაზე რკინიგზის მუშებისათვის დაბისა და ნოვოსიბირსკში ტრანსპორტის სამხედრო ინჟინრების ინსტიტუტის შენობათა კომპლექსის დაპროექტებაში და სხვ. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მან აღწერა თავისი შთაბეჭდილებები წიგნში "სპეციალისტი ციმბირში", რომელიც გერმანიაში ორჯერ გამოიცა - 1933 და 1936 წლებში. წიგნში აღწერილია როგორი იყო სინამდვილეში საბჭოთა საზიგადოების სტრუქტურა, როგორ გამოიყურებოდა საზოგადოებრივი დამოკიდებულებანი, როგორი იყო ფასები და ხელფასი, როგორ ხორციელდებოდა მოსახლეობის მომარაგება და ბევრო სხვა, მ.შ. ბიუროკრატიზმის, არასახარბიელო სამედიცინო მომსახურეობის, ე.წ. ულუფის (паек) და პურის წიგნაკების არსებობის შესახებ. მოხსენებულია ის ბარაკები და სხვა "დროებითი საცხოვრებელი" რომლებშიც ცხოვრობდა მშენებარე ქალაქების მოსახლეობის უმეტესი ნაწილიю და ბოლოს ავტორი აღნიშნავს იმას, რომ გერმანიაში უმუშევარიც კი უკეთესად ცხოვრობს ვიდრე პრივილეგირებული ადამიანი საბჭოთა კავშირში. გასაგებია რომ წიგნი  მოხვდა ანტისაბჭოური ლიტერატურის სიაში და აკრძალული იყო.
ამავე დროს  მის დაუნებურად რ.ვოლტერსმა გარკვეულ წილად ფარდა  ახადა საბჭოთა არქიტექტურის და ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლებულ და მნიშვნელოვან მომენტებს. სსრკ-ს არქიტექტურულ ისტორიოგრაფიაში საერთოდ არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ საპროექტო სამუშაოებში. საბჭოთა არქიტექტორებს - იმ დროის შესაბამისი საპროექტო ინსტიტუტების თანამშრობლებს არ დაუტოვებიათ ამის შესახებ არავითარი დამადასტურებელი მემორიალური ხასიათის ცნობები. ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი შესაბამისი დოკუმენტები არქივებშიც. მაგრამ, რ.ვოლტერსი წერს, რომ მოსკოსში არსებობდა უცხოელი დამგეგმარებელთა ორი ჯგუფი, რომლებიც ქადაგებდნენ ურბანული დაგეგმარებისა პრინციპულად განსხვავებულ მიდგომებს. იგი უწოდებს ამ ჯგუფებს "რუსო-გერმანელებს" და "რუსო-ამერიკელებს". "რუსო-გერმანელები", როგორც თვლიან, უნდა ყოფილიყვნენ  საპროექტო ინსტიტუტ "სტანდარტქალაქპროექტიდან", ხოლო "რუსო-ამერიკელები" როგორც იგი მოწმობს - საპროექტო ინსტიტუტ "გიპროგორიდან". "სტანდარტქალაქპროექტში" მუშაობდა ერნსტ მაის საერთაშორისო  ჯგუფი (40 არტიტექტორი, მ.შ ისეთი ცნობილი როგორიც იყვნენ ჰ.მაიერი, ბ.ტაუტი, ჰ.შმიდტი და სხვ.), ხოლო "გიპროგორში" 20 ამერიკელი არქიტექტორი ფირმიდან "ალბერტ კან ინკორპორეიტედ". თვით ალბერტ კანს ეკავა "სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს"უმაღლესი ცენტრალური ორგანო რომელიც მმართავდა სახალხო მეურნეობას, ძირითადად მრეწველობას და იმ დროს მიმართული იყო ფორსირებული ინდუსტრიალიზაციის გასატარებლად. მთავარი არქიტექტორის თანამდებობა. ფაქტიურად აღნიშნული სპეციალისტები თავს აფარებდნენ ამ მათთვის საგანგებოდ შექმნილ საპროექტო ინსტიტუტებში ("გიპროგორი" შეიქმნა 1929 წელს, ხოლო "სტანდარტქალაქპროექტში" 1931 წელს). უცხოელი სპეციალისტების მოწვევის მიზანი იყო უცხოეთის გამოცდილებისა და უცხოური ტექნიკის მიღწევების გამოყენება.ჯერ არ არის გარკვეული ა.კანის ფირმის დამგეგმარებლების როლი საბჭოთა სამოქალაქო მშენებლობაში. ამასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ 1960-70-იან წწ. მოსკოვში მცხოვრებმა ნათესავმა, როგორც არქიტექტორს, გარკვეული საიდუმლოებით,  მომაწოდა ინფორმაცია, რომ მათი საცხოვრებელი კომპლექსი ამერიკელების აშენებულია. ინფორმაცია იმდენად არადამაჯერებელი მეჩვენა, რომ ყურადღებაც არ მიმიქცევია. ეს საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს მოსკოვის ერთ-ერთ ისტორიულ რაიონის - პრესნიას ტერიტორიაზე."სტანდარტქალაქპროექტი" ადგენდა ახლად ასაშენებელი ქალაქების, ხოლო "გიპროგორი"  უკვე არსებული  დიდი  ქალაქის გენგეგმის პროექტებს. 
რ.ვოლტერსის თანახმად პროექტების დამტკიცება, კერძოდ ნოვოსიბირსკში (თუმცა ალბათ ეს ვრცელდებოდა სხვა ქალაქებზეც) პირველ რიგში დამოკიდებული იყო იმ სპეციალისტებზე, ამ შემთხვევაში  საბჭოთა ქალაქმშენებელთა პატარა ჯგუფზე, რომელიც ამუშავებდა ამ ქალაქის  განაშენიანების პროექტს. ეს ჯგუფი წარმოადგენდა "გიპროგორის" ფილიალს რომელიდ  იყო ამერიკელების ხელმძღვანელობის ქვეშ. აქედან გამომდინარე "გიპროგორი"  წარმოადგენდა ცენტრალური ინსტანციას რომელიც  მოსკოვიდან ადგილებზე აგზავნიდა თავისი სპეციალისტების ჯგუფებს. საინტერესოა, რომ უცხოელი სპეციალისტები არა მარტო ადგენდნენ პროექტებს, არამედ ხელმძღვანელობდნენ და პასუხისმგებელნი იყვნენ სამუშაოების შესრულებაზე. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ იმ დროს საბჭოთა კავშირში მოღვაწე,  ბაუჰაუზის დირექტორი 1928-1930 წლებში,  შვეიცარიელი არქიტექტორი ჰ.მაიერი (1889-1954), რომელიც არსებული ინფორმაციის თანახმად, არა მარტო ხელმძღვანელობდა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს "გიპროგორში", არამედ პასუხისმგებელი იყო აღმოსავლეთ ციმბირისში და შორეულ აღმოსავლეთში ჩატარებულ სამუშაოებზე, ამავე დროს უშუალიდ დაკავებული იყო  სოცქალაქების გეგმების დამუშავებით, კერძოდ ქ.ბირობიჯანისა.
რ.ვოლტერსისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ახალი საბჭოთა ქალაქების სამრეწველო ცენტრების გეგმარებითი გადაწყვეტა შესრულებული სსრკ-ში მომუშავე ამერიკელი არქიტექტორების მიერ, პირველ რიგში, მათი გენერალური გეგმების ტრადიციული, კლასიცისტური გეომეტრიული ნახატის გამო. მისი აზრით "Американцы принесли в Россию окостенелую школу градостроительства, и она всё больше берёт верх". იქმნება შთაბეჭდილება წერს იგი, რომ "ეს ამერიკელები ჩამოვიდნენ რუსეთში ბერინგის სრუტის გავლით და არაფერი არ იციან ევროპაში 30 წლის წინ დაწყებული  გრანდიოზული ქალაქგეგმარებითი რევოლუციის შესახებ". აქ ვოლტერსი რა თქნა უნდა გულისხმობს ქალაქი-ბაღის კონცეფსიას. ასევე ჩანს რომ მისთვის მთლად მისაღები არ იყო ქალაქების ძირეული გადაგეგმარების მოდერნისტული იდეებიც, კერძოდ, ლე კორბიუზეს ვიაზენის გეგმის ხასიათში, რომლებიც უნდა ვივარაუდოდ ეწინააღმდეგებოდა რ.ვოლტერსის წარმოდგენას "იდეალური გერმანული ქალაქისა", თავისი ისტორიულად ჩამოყალიბებული და თანამიმდევრული გეგმარებითი სტრუქტურით, სადაც გეგმის რადიალური ფრაგმენტები შეხამებულია "რომაული სამხედრო ბანაკის" სწორკუთხა ღერძებთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რ.ვოლტერსის შეფასებებში, გამომდინარე მისი არქიტექტურული შეხედულებებიდან, სჭარბობს იმ წლებისათვის დამახასიათებელი და გერმანული ურბანული თეორიისათვის უკვე გამხდარი ტრადიციული იდეა ერისათვის მსხვილი მეგაპოლისების განვითარების დამღუპველობის შესახებ.
ამავე დროს რ.ვოლტერსი რომელიც აღმოჩნდა სსრკ-ში სახელფწიფო არქიტექტურული სტილების შეცვლის დროს, მხარს არ უჭერდა  მოსკოვიდან "დადგენილ ახალ კლასიკურ სტილსაც": "ვარსკვლავსიბრი გეგმები და ბერძნული ფასადები!", როგორც იგი აღნიშნავს. ამასთანავე ვოლტერსის ნეგატიური დამოკიდებულება ახალი სტილის მიმართ  ვრცელდება არა იმდენად  ცალკეული შენობების არქიტექტურაზე, არამედ ქალაქების გენერალური გეგმების მიმართ. სხვათაშორის სახელმწიფო სტილის ცვლილებას იგი უკავშირებს ამერიკელების გავლენას. გასაგებია, რომ ეს პროცესები გარკვეულ  გავლენას ახდენდა ახალ ქართულ არქიტექტურაზეც. მაგალითად, სოხუმის 1931 წლის გენგეგმა დამუშავებული იყო მოსკოვის ე.ი. ცენტრალურ "გიპროგორში", პროექტის ავტორი იყო - ა.ა.ზუბინი, კონსულტანტი ა.ვ.შჩუსევი; 1930 წელს ბათულში აშენდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის დასახლება, მისი პროექტის ავტორი იყო არქ. დ.პ.გაუზნერი, რომელიც მუშაობდა "გიპროგორის" ლენინგრადის ფილიალში; როგორც ცნობილია 1932-1934 წლებში დამუშავდა თბილისის გენერალური გეგმის პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა გამოცდილი სპეციალისტების დიდი ჯგუფი. საპროექტო სამუშაოებს  ხელმძღვანელობდა "გიპროგორის" დირექცია. პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორები: ი.ი.მალოზიომოვი, ზ.ქურდიანი, გ.გოგუა, გ.ვ.შელეიხოვსრი (მეორე ვარიანტის დამუშავებაში მონაწილეობდნენ ბ.ი.პრიიმაკი და ვ.პ. იაკოვლევი). აგედან ი.ი.მალოზიომოვი, გ.ვ.შელეიხოვსრი, ბ.ი.პრიიმაკი და ვ.პ.იაკოვლევი იყვნენ "გიპროგორის" წამყვანი თანამშრომლები.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რიგი დადებითი მომენტებისა, თბილისის გენერალური გეგმის პროექტს თან ახლავდა მნიშვნელოვანი არქიტექტურულ-მხატვრული ხასიათის ნაკლოვანებები. პირველ რიგში ეს ეხებოდა დაგეგმარების საერთო სქემას. პროექტს საფუძვლად დაედო  ერთიანი, ხისტი, სწორკუთხა სქემა, რომელიც არ ითვალისწინებდა ქალაქის ლანდშაფტს. ყველა რაიონი დაგეგმარებული იყო სწორკუთხა სტანდარტული კვარტალებით, ერთნაირი დაგეგმარების და სივრცობრივი კომპოზიციით. სხვათაშორის ეს ნაკლოვანებები უკვე მაშინ, იმ დროს, იყო აღნიშნული ქართველი არქიტექტორების მიერ. საფიქრებელია, რომ ამ პროექტის ნაკლოვანებები ძირითადად განაპირობა "გიპროგორის" წამყვანმა როლმა მის დამუშავებაში და იმანაც, რომ მსგავსი დაგეგმარება დამახასიათებელი იყო ამ საპროექტო ინსტიტუტის მიერ სხვა ქალაქებისათვისაც შესრულებულ   გენგეგმის   პროექტებში.  
ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,  როგორც ვხედავთ, რ.ვოლტერსის მიერ წარმოდგენილი სურათი ალბათ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
ინტერესს მოკლებული არ არის თვით  სტილის შეცვლის საკითხიც. თუ მანამდე სსრკ-ის ერთადერთ სახელმწიფო სტილად მიჩნეული იყო კონსტრუქტივიზმი, ყოველ შემთხვევაში ამას ასე აღიქვამდნენ დასავლელი არქიტექტორები, 1932 წლიდან იგი ოფიციალურად შეცვალა "კლასიკურმა" სტილმა, რომელიც რ.ვოლტერსის თქმით  დადგენილი იყი მოსკოვში "უმაღლესი ინსტანციის" მიერ. სხვათაშორის სახელმწიფო სტილის ცვლილებას იგი უკავშირებს ამერიკელების გავლენას. იყო ეს ასე თუ არსებობდა კიდევ სხვა  მიზეზებიც სტილის შეცვლისა, ამის გარკვევა უკვე სხვა თემაა.            ზოგიერთი მეცნიერის აზრით სტილის შეცვლის შემდეგ სსრკ-ში 1932-1936 წლებში ადგილი ჰქონდა "გარდამავალ სტილს", რომელსაც პირობითად უწოდებელ  "პოსტკონსტრუქტივიზმს". ალბათ ეს მასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან პრაქტიკულად ახალ სტილზე  გადასვლას რა თქმა უნდა  გარკვეული დრო დასჭირდებოდა. მაგალითად, ამას გარკვეულ წილად ადასტურებს არქიტექტორ კ.ალაბიანის ძირითადი მოხსენება სსრკ-ს არქიტექტორთა კავშირის პირველ ყრილობაზე 1937 წელს. კერძოდ,  მოხსენებაში აღნიშნულია, რომ "Творческая перестройка советской архитектуры далеко еще не завершена. В нашей практике сильны еще рецидивы формализма, конструктивизма и других чуждых нам влияний" და "В плену формализма и конструктивизма находятся еще многие архитекторы". როგორც ვხედავთ ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ახალ სტილზე გადასვლა ამ სახით და პირობებში საკმაოდ რთული ამოცანა უნდა ყოფილიყო არქიტექტორებისათვის. ასევე ამავე მოხსენებაში  აღნიშნულია, რომ "В Грузии над проблемой создания национальной архитектуры успешно работают архитекторы Калгин, Шавишвили, Северов и др.". აქ აღსანიშნავია, რომ ახალი ქართული  არქიტექტურის განვითარების პირველი წლებიდანვე, ეი. 1920-იანი წლების დასაწყისიდან, ორი მიმართულება გამოვლინდა. ეს იყო მისწრაფება თანამედროვე არქიტექტურაში ეროვნული არქიტექტურული ფორმების გამოყენების და კონსტრუქტივიზმის არქიტექტურის შეთვისება. აქედან გამომდინარე  ჩვენში ტერმინის - "პოსტკონსტრუქტივიზმი" გამოყენება  ალბათ მთლად მისაღები არ უნდა იყოს,
1937 წელს, გერმანიაში დაბრუნებული რ.ვოლტერსი,  ა. შპეერმა, რომელმაც მიიღო ბერლინის გენერალური ინსპექტორის თანამდედობა  მშენებლობის დარგში და ფაქტიურად გახდა რეიხის მთავარ არქიტექტორი, მიიწვია რ.ვოლტერსი თავის მოადგილედ ბერლინის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის  დასამუშავებლად. აგრეთვე, რ.ვოლტერს დაევალა ახალი გერმანული არქიტექტურის პროპაგანდა. იგი გახდა საზღვარგარეთ მოწყობილი სხვადასხვა არქიტექტურული გამოფენების  რეიხკომისარი ანუ ხელმძღვანელი (1943 წლამდე გამოფენები მოეწყო ბელგრადში, სოფიაში, ბუდაპეშტში, ათენში, ლისაბონში, კოპენჰაგენში, სტამბულში, ანკარაში და სხვ.). 1940-1941 წლებში  მან და ა.შპეერმა, როგორც ეს იყო მოხსენიბული, გამოსცეს წიგნი "ახალი გერმანული არქიტექტყურა". აღსანიშნავია, რომ მიუხედავად  ყოველივე ამისა რ.ვოლტერსი არ გამხდარა ნაცისტური პარტიის წევრი.
უმაღლესი ტექნიკური სკოლის  დამთავრების შემდეგ ა.ნიკოლაიშვილი გარკვეულ დროს მუშაობდა თავისი პროფესორის ე.ი. ჰ.ტესენოვის სახელისნოში, სადაც ამ უკანასკნელის ასისტენტის ა.როსტის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა დიდი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შედგენაში. ეს პროექტი განხორციელდა 1929 წელს უკვე მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. 1927 წლის მიწურულს მან მიიღო მონაწილეობა კონკურსში ქ.აუსიგის (ქ.უსტი ნად ლაბემ, ჩეხეთი) ერთ-ერთი რაიონის დაგეგმარების პროექტში, სადაც მისმა პროექტმა მიიღო III პრემია, რაც უნდა ჩაითვალოს ახალგაზრდა არქიტექტორის წარმატებად.  გარდა ამისა, 1928 წლის იანვრიდან 20 აპრილამდე იგი მუშაობდა არქიტექტორ-დამპროექტებლად არქიტექტორ ბრუნო არენდსის (1878-1948) საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში ბერლინში საცხოვრებელი და საზოგადო შენობების დიდ პროექტებზე. ბ.არენდსი იყო ცნობილი გერმანელი არქიტექტორი, რომელსაც ასევე დამთავრებული ჰქონდა შარშარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლა. იგი ავტორია 1910-იანი - 1930-იანი წლების დასაწყისში ბერლინში მთელი რიგი საცხოვრებელი სახლებისა და ერთ-ერთი ავტორი საცხოვრებელი რაიონის "ვეისე შტადტ" ("თეთრი ქალაქი"), ასევე ბერლინში (1928-31), რომელიც 2008 წელს როგორც ბერლინის მოდერნიზმის არქიტექტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუში შეტანილ იქნა "იუნესკოს" მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 1936 წელს ბ.არენდსი იძულებული გახდა დაეტოვა გერმანია და წასულიყო ემიგრაციაში. აღსანიშნავია, რომ იგი შეყვანილია  შარშარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლის (ამჟამად ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი) ცნობილი კურსდამთავრებულების სიაში, რომელშიც მაგ., ასევე არიან  არქიტექტორები: კარლ ფრიდრიხ შინკელი (1781-1841), ალბერტ შპეერი (1905-1981) და რამდენიმე ნობელის ლაურეატი, მ.შ.  კ.ბოში (1874-1940), ე.ვიგნერი (1902-1995).
ამრიგად, როგორც გვიჩვენა ჩატარებულმა კვლევამ, ა.ნიკოლაიშვილის, როგორც არქიტექტორის, შემოქმედებითი შეხედულებების ან მისი არქიტექტურული კრედო  დაკავშირებულია შარშარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლაში სწავლის პერიოდთან. მათ ფორმირება - ჩამოყალიბებაში პირველ რიგში როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის მასწავლებელს,  "მის პროფესორს" ჰაინრიხ ტესენოვს. ჰ.ტესენოვის  იდეებმა, პრინციპებმა, მიდგომებმა არქიტექტურისადმი უდაოდ, ისევე როგორც მის სხვა ცნობილ  მოწაფეებზე, დიდი გავლენა უნდა მოეხდინა მასზეც ე.ი. ა.ნიკოლაიშვილზე.  ამაზე ასევე მიუთითებს ჩვენს მიერ იმ არქიტექტორების შემოქმედებითი ბიოგრაფიების გაცნობა რომლებთანაც ა.ნიკოლაიშვილს ჰქონდა ან შეიძლება ჰქონოდა შემოქმედებითი ურთიერთობა, კერძოდ, ვგულისხმობთ მის თანაჯგუფელებს და აგრეთვე  ჰ.ტესენოვის  სხვა მოწაფეებს. ზოგადად, გარკვეული როლი ალბათ აგრეთვე შეასრულა იმ ისტორიულმა თუ უფრო სწორად "არქიტექტურულმა" ფონმა რომელიც თან ახლდა მის სწავლის პერიოდს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ეს მოსალოდნელი, ამავე დროს გასაგები და გასაკვირიც არ უნდა არის, თუ გავითვალისწინებთ "მისი პროფესორის" ანუ ჰ.ტესენოვის მნიშვნელობას და ფაქტიურად მის გავლენას არა მარტო თავის მოწაფეებზე, არამედ გერმანიის XX საუკუნის დასაწყისის და ზოგადად თვით თანამედროვე არქიტექტურის განვითარების ისტორიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ ისიც, რომ შემდგომში,  ა.ნიკოლაიშვილის თავდაპირველ შემოქმედებით შეხედულებებს განეცადა გარკვეული ტრანსფორმაცია, უფრო სწოდად  კორექტირება, ადგილობრივი ანუ საქართულოს პირობების გათვალისწინებით გამომდინარე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი ფართო ერუდიცია, განსწავლულობა, პროფესიული კულტურა მაინც არის  მისი გერმანიაში მიღებული განათლების შედეგი. ჩვენი აზრით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ა.ნიკოლაიშვილი იყო პირველი ქართველი არქიტექტორი-ურბანისტი რომელმაც მიიღო ევროპული განათლება. ვვარაუდობთ, რომ სწავლის პროცესში ჩამოყალიბებული მისი ქალაქგეგმარებითი კონცეფცია ძირითადად ალბათ  მაინც ემყარებოდა (შესაძლებელია იმ დროისათვის გარკვეულ წილად ტრანსფორმირებულ) ევროპული ქალაქი-ბაღის იდეას. უფრო სწორად მის  ზოგად პრინციპებს კერძოდ, ჰუმანური, თავისუფალი გეგმარება და სივრცობრივი  კომპოზიცია, ლანდშაფტის გათვალისწინება, არქიტექტურის მრავალფეროვნება. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ უკვე არსებული ქალაქების გადაგეგმარების შემთხვევაში ისტორიულად ჩამოყალიბებული გეგმარებითი სტრუქტურის გათვალისწინება. ზემოთ განხილული მოსაზრებების გარკვეული დასტური შეიძლება იყოს გერმანიაში ქ. ბიდეფელდის ქალაქი-თანამგზავრის ზენენშტადტის დაგეგმარების პროექტი (ავტორი არქიტექტორი ჰანს რეიხოვი), ვინაიდან ეს  დაკავშირებულია  პირადად ჩემს   მოგონებასთან  იმის შესახებ, რომ როგორი ინტერესით და ენთუზიაზმით ა.ნიკოლაიშვილი გვიხსნიდა ჩვენ, სტუდენტებს, ამ ქალაქის  დაგეგმარების პრინციპებს. ეს იყო 1965 ან 1966 წელი, როდესაც  დაიბეჭდა ამ ქალაქის დაგეგმარებისადმი მიძღვნილი წიგნი, რომლის ავტორი იუო თუ არ ვცდები თვით ზენენშტადტის პროექტის ავტორი არქიტექტორი ჰ. რეიხოვი. ზენენშტადტის მშენებლობა ძირითადად 1956 წელს დამთავრდა, თუმცა რეალურად იგი  დასრულდა 1960-იანი წლების პირველ ნახევარში. მისი დაგეგმარების  გამანსხავებელმა თავისებურებებმა მიიფყრო საერთაშორისო ყურადღება. მშენებლობის დროს ავტორმა უარი თქვა ხისტ გეგმარებაზე და შენობები განთავსებულია თავისუფლად, "დინამიურ" მოძრაობაში. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიმაღლით, შიდა დაგეგმარებით და ფორმით. ქუჩების ქსელი რომელიც მოცილებულია საცხოვრებულ ზონას, გვაგონებს ჩვენ "жилы, прожилки листа". თავის მხვრივ ქვეითათმოსიარულეთა ქსელიც მოცილებულია ქუჩების ქსელს. მიჩნეულია, რომ ამ ქალაქის პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ-ბაღის დაგეგმარების ყველა დამახასიათებული XX საუყუნის დასაწყისისათვის რეფორმისტული კონცეფცია. ზენეშტადტის დაგეგმარებამ მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა და გახდა მნიშვნელოვანი და ნათელი მაგალითი გერმანიის ქალაქგეგმარებისა. ბატონი ალეკოს რეკომენდაციით ჩვენ ყველამ შევიძინეთ ეს წიგნი. ის ინტერესი და მნიშვნელობა რომელსაც ჩვეულებრივ თავშეკაული ბატონი ალეკო ამ პროექტს ანიჭებდა, თითქოს არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი და სავსებით დასაშვებია,  რომ ზენეშტადტის დაგეგმარების პრინციპები იყო ზუსტად ის პრინციპები რომლებსაც თვითონაც იზიარებდა.
ცალკე თემაა გერმანიის წამყვალი როლი XX საუკუნის 20-იან - 30-იან წლების დასაწყისში საცხოვრებელი კომპლექსების ანუ საცხოვრებელი დასახლებების მშენებლობაში, რომელიც წარმოადგენდა საცხოვრებელი რეფორმების შედეგს. ა.ნიკოლაიშვილს რა თქმა უნდა საშუალება ჰქონდა როგორც შესწავლის და ასევე ნატურაში გაცნობის იმ პერიოდის საყოველთაო ცნობილი ბერლინის საცხოვრებელი დასახლებების დაგეგმარების. უფრო მეტიც, მართალია მოკლე დროის განმავლობაში, მაგრამ მაინც გარკვეული სახით მიეღო მონაწილეობა მათ დაგეგმარებაში ბერლინში ყოფნისა და მუშაობის დროს.   ქალაქების გენგეგმების დამუშავებასთან ერთად მაშინ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოპულარული თემა. გარდა ამისა  გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ წლებში სსრკ-ში  ინდუსტრიალიზაციის პროგრამის გამოცხადებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო მსგავსი ე.წ. სოციალისტური ქალაქების ანუ მუშათა დასახლებების ფართო მშენებლობა, სადაც უნდა ეცხოვრად ახლად აშენებული წარმოებების მუშებს.
რაც შეეხება მოცულობით არქიტექტურას, ჩვენ ვიცით რომ იგი იყო ბერლინში აშენებულ ერთ-ერთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის თანაავტორი. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით კონკრეტული მონაცემების მოპოება ამ სახლის და რაც მთავარია მისი არქიტექტურის შესახებ, თუმცა ამ საკითხს აზუსტებდნენ გერმანიაში. მიუხედავად ამისა შეგვიძლია, თითქმის დანამდვილებით, ვვივარაუდოთ, რომ  ეს უნდა ყოფილიყო მოდერნიზმის სტილის შენობა, რაც ზოგადად დამახასიათებელი იმ პერიოდისათვის.
როგორც უკვე იყო აღნიშნული ა.ნიკოლაიშვილი საქართველოში დაბრუნდა 1928 წლის მაიშში. ის უკვე იყო ფართოდ ერუდირებული, განსწავლული, გარკვეული პროფესიული გამოცდილების მქონე არქიტექტორი. ნიშანდობლივია, რომ იგი იწყებს მუშაობას უფროს არქიტექტორად "სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოსთან" არსებულ "ახალი შენობათა (новостроек) კომიტეტში", რომელიც როგორც უკვე  აღნიშნული იყო თავდაპერველად ხელმძღვანელობდა ან კურირებდა ინდუსტრიალიზაციის პირველ. ფაქტიურად იქ, სადაც მას შეეძლო წარმატებით  მოეხდინა გერმანიაში მიღებული ცოდნის რეალიზაცია. ამ დროიდან, როგორც ცნობილია, იგი მთელ თავის ცოდნას და ენერგიას ახმარს ქართული არქიტექტურის განვითარების და წინსვლის საქმეს. მაგრამ, ეს მიგვაჩნია შეიძლება იყოს განხილვის სხვა თემა. 


ბიბლიოგრაფია

ნოდარ ჯანბერიძე. ქართული საბჭოთა არქიტექტურა, თბ., 1971;
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 430, თბ., 1984;
Т.Р.Квирквелия, Н.М.Мгалоблишвили. Архитектура Советской Грузии, М., 1986;
Н.А.Асатиани. Грузинское Советское градостроительство 1920 – 1930-х годов, Тб., 1989;
https://en.wikipedia.org/wiki/Heinrich_Tessenow
https://persons-info.com/persons/TESSENOV_Genrikh  
https://www.architekt.de/...Architekten/heinrich_tessenow.php  
heinrich-tessenow.de/   
https://www.tourister.ru/responses/id_18452   
ru.wikipedia.org/.../
https://gavailer.livejournal.com/338556.html
https://pulman.livejournal.com/382853.html
https://studbooks.net/.../pervyy_uchitel_genrih_tessenov_klassika_...
www.izbrannoe.com/news/lyudi/arkhitektor-reykha/
www.liebegermany.com/baden/index.shtml?57
https://en.wikipedia.org/wiki/Albert_Speer
https://en.wikipedia.org/wiki/Rudolf_Wolter
https://ru.wikipedia.org/wiki/Волтерс,_Рудольф   
https://traditio.wiki/Рудольф_Волтерс
https://www.topographie.de/.../nc/1/nid/im...architekt.../06/
bsk.nios.ru/.../nemeckiy arhitektor-rvolters-i-arhitektura-sovetskog.
https://www.e-reading.club/book.php?book=1011402
https://en.wikipedia.org/wiki/Otto_Königsberger
https://bigenc.ru/domestic_history/text/3824895     
https://archi.ru/.../istoriya-otechestvennogo-gradostroitelstva-giprog...  
https://no-vu.livejournal.com/1540.html
www.leanok.ru/2016/05/giprogor-ernst-may.ht
https://archi.ru/lib/publication.html?id=1850570047
https://ru.wikipedia.org/wiki/Кан,_Альберт
https://archi.ru/lib/publication.html?id=1850569787
https://en.wikipedia.org/wiki/Bruno_Ahrends
architectuul.com/architect/bruno-ahrends
https://en.wikipedia.org/wiki/Technical_University_of
https://en.wikipedia.org/wiki/Hannes_Meyer
https://en.wikipedia.org/wiki/Sennestadt

ნანახია: 80-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani