Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ინტერვიუ მოქანდაკე როლანდ ქანდელთან (ნაროუშვილი)

თამთა-თამარ შავგულიძე
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ჩვენი ჟურნალი გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ მოქანდაკე როლანდ ნაროუშვილთან, რომელსაც სახელოვნებო სივრცეში ხშირად ქანდელის ფსევდონიმითაც შეხვდებით. იგი, სამოღვაწეო ასპარეზზე გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა.
თავს საკუთარი თაობიდან განცალკევებულად მიიჩნევს და ქართველ მოქანდაკეთა შორის სულიერ  ერთობას დროში მისგან დაშორებულ კარლო გრიგოლიასთან, უცხოელთაგან კი ჰენრი მურთან პოულობს. მის შემოქმედებაში თანაბრად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც პორტრეტს, ასევე აბსტრაქტულ ქანდაკებასა და დიზაინის გარკვეული ნიშნებით გამორჩეულ მცირე პლასტიკურ ფორმებსაც.
როლანდ ნაროუშვილთან, წინა თაობების მოქანდაკეთაგან განსხვავებით, თავს იჩენს სურვილი - ქანდაკების ინსტრუმენტარიით მოახდინოს სამყაროს კონსტიტუციის განმსაზღვრელი სეგმენტების: „დედაშვილობა“ (1972), „კონფლიქტი“ (1986), „ნოსტალგია“, „მოლოდინი“ (1989) რეკონსტრუირუირება.
კულტურათა  დიალოგის კონტექსტში საინტერესოდ იკითხება როლანდ ქანდელის ქანდაკება „აღმოსავლელი ქალი“ (1994წ.)
სადაც მკვრივი ფორმები და შავი ფერი საცნაურს ხდის თავითა და მხრით მონიშნულ, ჩადრს მიღმა მიმალული ქალის სხეულებრივ საწყისებს. სახის ადგილი კონტრსივრცულ ღრმულს უკავია. ეს რამდენიმე ვიზუალური პლასტი ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრავს ქალის ადგილს და ღირებულებას მუსულმანურ კულტურაში.
ადრეულ პერიოდში როლანდ ნაროუშვილს ჰენრი მურისგან „დავალებულ“ მოქანდაკედ თვლიდნენ, თუმცაღა   „დავალება“ არ ნიშნავს კოპირებას. თუ ჰენრი მური „მეგალითურ“ ქანდაკებებში ჩართულ „ჰაერის სეგმენტებს“ გარემოსთან მათი დამბალანსებლის ფუნქციას ანიჭებს, როლანდ ნაროუშვილთან ეს „ჰაეროვანი ჩანართები“  მეტ ინტიმს და დეკორატიულობას მატებებს ნამუშევრებს. მისი ქანდაკება თავისი ეგზისტენციით არ არის დიდი სივრცეების დასაპრყობად გამიზნული, ეს არის ინტერიერისა და საპარკო-დეკორატიული სივრცისთვის გამიზნული პლასტიკა.

3

მოქანდაკე პლასტიკურ ფორმებს იმდაგვარად აკავშირებს ერთმანეთთან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დიზაინერული მოტივები შემოაქვს სკულპტურაში. დიზაინსა და ქანდაკებას შორის ასეთი წაშლილი საზღვრები ჩვენს ეპოქაში სრულიად ნორმალურ მოვლენად აღიქმება, უფრო მეტიც,  თანამედროვე ჟღერადობას მატებს ქანდაკებას.

4

მოქანდაკეს საინტერესოდ აქვს მოწოდებული ნამუშევრების ერთი რიგი, სადაც  სამუშაო ფორმად  აღებული აქვს მთის კალთები, უფრო ხშირად კი თავად მთის ვიზუალურ კონცეპტს მიმართავს და  მას ადამიანის  ფიგურის კონტექსტში ამუშავებს, ისე რომ არ კარგავს მოცემული პირველადი ფორმის მონუმენტურობას.
უფრო მეტიც, ეს მონუმენტურობა  მცირე ზომის პლასტიკაშიცაა შენარჩუნებული და, შესაბამისად, მისი ინტერიერისა და მცირე ზომის პარკებისთვის განკუთვნილი ქანდაკებები, თავიანთი ფორმებით, მთებზე ხშირი აპელირებით ცხადყოფენ ქანდაკების ქართულ  ლანდშაფტში ორგანულ ჩართულობას.

10

რაც შეეხება პორტრეტებს, მოქანდაკე ახერხებს  დროში სამუდამოდ გაქვავებული ნიღბების მიღმა პიროვნების არსი დაგვანახოს. პორტრეტირებულები განვლილი სულიერი გამოცდილების მატარებლებად იქცნენ, რომელიც იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მათ სამყაროზე ემოციური რეფლექსიის სურვილი აქვთ გამქრალი და ქანდაკების შინაგანი სივრცე უკვე არსებული  ემოციის აკუმულირებისთვისღაა გამოსადეგი.
სრულიად განსხვავებულია თავისი არსით წითელი და შავი ფერის ქვის მასალაში  შექმნილი სკულპტურების სერია, რომლებშიც სივრცული სახეების ადგილს კონტრსივრცული ღრმულები იკავებს.

7


ამისდა მიუხედავად მათ პლასტიკაში არანაკლები ინდივიდუალობა და პორტრეტულობაა გაცხადებული ვიდრე ზემოთაღწერილ სკულპტურულ პორტრეტებში.

89


როლანდ ნაროუშვილის შემოქმედება მოცემული თაობის ძიებების ერთ-ერთ საინტერესო წახნაგს წარმოადგენს.


ინტერვიუ მოქანდაკე როლანდ ქანდელთან (ნაროუშვილი)

ოჯახი - დავიბადე ქალაქ მცხეთაში, 1937 წლის 11 ოქტომბერს. ჩემი მშობლები იყვნენ მიხეილ ედუარდის ძე ნაროუშვილი და ოთილია ფონ ბრაუნინგი. მამა მეცნიერ-მუშაკი იყო, დედა კი - გერმანული ენის მასწავლებელი. მეუღლე იზა ლეკიშვილი - ხელოვნებათმცოდნე. შვილები: ფიქრია ნაროუშვილი, მხატვარია, ნათია ნაროუშვილი გერმანული ენის პედაგოგია, ერეკლე ნაროუშვილი კი რესტავრატორია. მყავს სამი შვილიშვილი. 
განათლება - სამხატვრო აკადემიაში გვიან ჩავაბარე. თავდაპირველად ბიოლოგიურზე მინდოდა, ქიმია ძალიან მომწონდა და მეიოლებოდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ 1957 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე, 1967 წელს კი დიპლომი დავიცავი. აკადემიაში ჩაბარებამდე, 1960-იან წლებში ძალიან მინდოდა კინორეჟისორობა. ამისთვის მოსკოვშიც კი ჩავედი და უმაღლესი განათლების მქონეთათვის სპეციალურ სარეჟისორო კურსებს ვესწრებოდი. სხვათა შორის, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გუჯა“. თუმცა, მისი ფირი მოსკოვში დარჩა. შემდეგ კი, 1969-75 წლებში,  სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი.
სამხატვრო აკადემიასთან და ქანდაკებასთან ჩემი კავშირი, მნიშვნელოვანწილად, ჭაბუა ამირეჯიბმა განაპირობა. სიმართლე გითხრათ, ადრეულ ასაკში არასდროს ვაქანდაკებდი და არც არასდროს მიფიქრია სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე, საერთოდ, ისეთი დამოკიდებულება მქონდა სამხატვრო აკადემიისადმი, ლამის, იმ ქუჩაზე გავლისაც კი მერიდებოდა. მოსკოვში ყოფნის პერიოდში ბევრს ვხატავდი, ბევრს ვჩუქნიდი ჩემს ნამუშევრებს, მათ შორის ჭაბუას დის, როდამის ოჯახისთვისაც არა ერთი ნამუშევარი მისახსოვრებია. როდამიც და ჭაბუაც თვლიდნენ, რომ აუცილებლად სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა. თავიდან უარს ვამბობდი, მაგრამ ბოლოს ჩავაბარე და სულ მალევე, 1989 წელს პერსონალური გამოფენით მოსკოვში ჩავედი. ქანდაკებასთან ურთიერთობამ ბევრი რამ შემძინა, დღემდე ვთვლი, რომ არც ერთი წელი, რაც კი ქანდაკებაზე მუშაობაში გამიტარებია, არ არის დაკარგული.

a

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჭაბუამ თბილისში დამაბრუნა და ზ. ნიჟარაძესთან მიმაბარა, რათა მისაღებ გამოცდებამდე მომზადების საშუალება მქონოდა. სიმართლე გითხრათ, მე და ზ. ნიჟარაძე შემოქმედებითი პოზიციებიდან ვერ ვუგებდით ერთმანეთს და მარტომ განვაგრძე მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელი გზა. პირველი კურსიდან, ვიდრე აკადემის დასრულებამდე, ბევრ სხვადასხვა სახელოსნოში ვმუშაობდი (შ. მიქატაძის სახელოსნო), მაგრამ, საბოლოოდ, ვერც ერთს ვერ შევეთვისე. დამამთავრებელ კურსზე მოვხვდი კ. მერაბიშვილთან, რომლის დემოკრატიული დამოკიდებულება სტუდენტებისადმი ძალიან მომეწონა, არასდროს უცდია ჩარჩოებში მოვექციე. ერთხელ ისიც კი მახსოვს, აბსტრაქციაზე მუშაობისას მოვიდა ჩემთან და მითხრა:
- А вы знаете, я тоже такие вещи делал. 
პროფესიული განათლების შესახებ - მეჩვენება რომ ფერმწერს შესაძლოა არ სჭირდებოდეს სპეციალური პროფესიული განათლების მიღება. მაგრამ ქანდაკება სპეციფიკურია. მოქანდაკისთვის სავალდებულოა პროფესიული საგანმანათლებლო გზის გავლა.
დიპლომი - ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო „მირაჟი“, რომლის ხელმძღვანელიც კ. მერაბიშვილი გახლდათ. ამ ნამუშევარში სამიანი დამიწერეს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიდან ჩამოსული კომისია განსაკუთრებულად უჭერდა მხარს ჩემს დიპლომს. რუსეთი ჩემს ნამუშევრებს ყოველთვის კარგად ღებულობდა, უკვე სტუდენტობისას მომდიოდა რუსეთიდან უამრავი შეკვეთა, მქონია ისეთი შემთხვევაც, რომ ჩემი ნამუშევრები სტუდენტობაშივე შეუძენია მუზეუმს.
მუშაობის პროცესი - მუშაობის პროცესში, ჩემთვის, რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. უპირველესად - განწყობა. თუკი შევძელი და დავიჭირე სათანადო ტალღა, აუცილებლად ბოლომდე ვასრულებ ნამუშევარს. თუ განწყობა შემეცვალა, ან ერთი ამოსუნთქვით არ დავასრულე დაწყებული ფორმა, მერე ჩემსავე შექმნილისიმიმართ გარკვეული გაუცხოვება მიჩნდება. თანაც, მერე ქანდაკებამ გაჯიუტება იცის, ფორმა განვითარების თავის ლოგიკას მთავაზობს, მე ვცდილობ ჩემი ხაზი მოვუძებნო და ასეთ ჭიდილში ერთ ქანდაკებასთან 20 წელი დავყავი, დღემდე ვაკეთებ ერთ ტორსს. სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი მომენტების მიუხედავად, არასდროს გამინადგურებია ჩემი ნამუშევარი. ნამუშევარი შეიძლება მივატოვო, მაგრამ ვერასდროს გავანადგურებ. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ჩემი ნამუშევრები ყველაზე მეტად მიყვარს. მაშინ როდესაც გყავს შვილები, რა ან ვინ შეიძლება აღემატებოდეს მათ?
მუსიკა და პოეზია, მუშაობისას, ასევე, მთავარი ფაქტორებია ჩემთვის, ყოველთვის ვუსმენ მუსიკას, ყოველთვის მაქვს თან პოეზიის კრებული. ამ წუთასაც, აგერ, ა. ახმატოვას ლექსების კრებული მიდევს, საოცრად კაცური პოეტია. მე თვითონ ლექსი არასდროს დამიწერია. მაგრამ ვიცი, რომ როდესაც დავწერ ლექსს, მაშინ ვეახლები უფალს...
მუშაობისას განსაკუთრებულად ვიხსენებ ხოლმე და განსაკუთრებით მიყვარს დავით გურამიშვილის სიტყვები: „დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო“. დღემდე მაოცებს ეს სიტყვები. მოთმინებაში ხომ ყველაფერია, - ეჩვევი მოთმინებას, აკეთებ შენს საქმეს, სძლევ მას და ისე შეიძლება დაგათენდეს თავზე, რომ ვერც კი იგრძნო.
დედის გერმანული სისხლი არ მაძლევს მოსვენებას, როგორც დედა არასდროს მინახავს მოწყენილი, საქართველოში გადმოსახლებული ეს უთვისტომო ქალი, რომელიც სულ საქმით იყო დაკავებული, მეც ასევე, არასდროს დამიკარგავს მუშაობის სურვილი. ვაჟას სიტყვებივით ვარ: „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შაწუხებული“.

b

საკუთარი ქანდაკება - ჩემი ქანდაკება ფიქრობს, ჩემთან ყველაფერი ფიქრობს, მე ასე მეჩვენება, ყოველ შემთხვევაში. ხაზი, ფერი და ფორმა არის ძირითადი სახვითი საშუალება, მთავარია, შენ როგორ დაალაგებ მათ. სრულიად არ არის აუცილებელი, ყველაფერს ნაცნობი და ხელშესახები ფორმა მისცე. ყველაზე დიდი ოსტატები, აღორძინების ეპოქას ჰყავდა, მაგრამ ჩემთვის, ისინი, მაინც კარგ მხატველებად რჩებიან. ისე ხატავდნენ ადამიანს, ლამის ფრონტალურად გამოსახული ფიგურის ზურგს დაინახავდი, მაგრამ ეს ბევრი არაფერია. ნამდვილი მხატვრობა თუ ქანდაკება ფიქრის შედეგი უნდა იყოს, ვიზუალურ ფორმაში გაცხადბული ნააზრევი. ფიქრი ყველას ეზარება, ამიტომაც მაყურებლის თვალისთვის, ხანდახან, ის მხატველები უფრო მისაღებები არიან.
მე კუბი რომ დამიდო საწყის მოცემულობად, იქიდან ვერაფერს გავაკეთებ, უკვე მზა ფორმა კლავს მუშაობის უნარს, მე ყველაფერს ნატეხებიდან ვიწყებ, ეს არასწორი ფორმა მეტი ფორმების განვითარების საშუალებას იძლევა. ჯერ ვაკეთებ და მერე ვაანალიზებ. ბავშვივით ვთამაშობ ესკიზებით, სანამ იმ ძირითად ხაზს არ მივაგნებ, რასაც უნდა გავყვე.
ძალიან მიჭირს პორტრეტების კეთება, იშვიათად შემხვედრია მოდელი, რომლის პიროვნული და ემოციური ღერძი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ მხოლოდ ფორმის მიცემაღა კმაროდა. ასეთი, ჩემთვის წარმატებული ნამუშევარია ვასო ჩხაიძის პორტრეტი. ბევრი პორტრეტი გამიკეთებია, მაგრამ ვასო ჩხაიძე და გენო ზაქარაია ყველაზე მეტად მომწონს.
ფერი ქანდაკებაში - ხშირად შემყავს ქანდაკებაში ფერი, რატომ? მხოლოდ კომფორტისთვის, ჩემი და მაყურებლის თვალის კომფორტისთვის.
თანამედროვე ქართული  ქანდაკება - განა გვაქვს მაგდაგვარი რამ?
ქანდაკების სივრცე - ქანდაკება რომელიც ინტერიერში ხვდება და მერე მას კარადის თავზე დადებენ, ჩემთვის უკვე თოჯინად იქცევა. ქანდაკებას თავისი ავტონომიური სივრცე სჭირდება. ნამდვილი ქანდაკება თავის გარშემო ხომ სამყაროს ქმნის, მერე მას ემორჩილება ყველაფერი. ახალი სამება, რომელიც თბილისში აიგო, ჩემთვის საუკეთესო ქანდაკების ტოლფასია.
ურბანული ქანდაკება - არ მომწონს, როდესაც ქალაქის სივრცეში ქანდაკება არქიტექტურასთან უნისონში არ მუშაობს. არც ის მომწონს, რომ მუდმივად ძეგლები იდგმება ქალაქში. ძეგლი ყოველთვის ქანდაკება არ არის. ჩემთვის ქანდაკების ყველა პარამეტრის მატარებელია ვაჟა მელიქიშვილის „დედა“. კარგია, რომ ამ ტიპის სკულპტურას ვხვდებით ქალაქში.
დრო - როგორც სჩანს, იმიტომ, რომ შედარებით გვიან ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და პირველ კურსზე 32 წლისა ვიყავი, პერმანენტული ცაიტნოტის განცდა მაქვს. ამასთანავე, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ დროს, რომელიც ჩემს გარეთ მიედინება, მის მიერ მოტანილ ცვლილებებს. ჩემთვის ჩემი შინაგანი დრო უმნიშვნელოვანესია. უკვე ოცი წელია, რაც მარტო ვცხოვრობ სოფელ ქანდაში, სახლში, რომელიც მე თვითონ ავაშენე და ამ განმარტოებით ბედნიერი ვარ. დრო აქ განსაკუთრებულად მიედინება. შინაგანი ცაიტნოტის გამო, ჩემში არასდროს წყდება შემოქმედებითი პროცესი. ხშირად, ღამითაც კი მეღვიძება, ვდგები და მივდივარ ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად, იმის სანახავად, თუ რა გავაკეთე და როგორ გამოიყურება ჩემი შექმნილი ფორმები.
ესთეტიკა -  ესთეტიკური თვალსაზრისით, ჩემთვის ყველაზე ახლოს ვაჟა და ჰენრი მური დგანან.
მაყურებელი - იმისთვის ვმუშაობ, რომ ეს არის ჩემი ნაფიქრალის გადმოცემის საშუალება, ხერხი. კინოდან, უმთავრესად, იმიტომ წამოვედი, რომ დღეში 10 კარის შეღება არ შემიძლია, მე უნდა მქონდეს საშუალება ვიმუშაო და არ მაქვს სურვილი ქანდაკების ტექნიკური მხარეები ვაწესრიგო. არასდროს მაინტერესებს რას იტყვიან ჩემს ნამუშევრებზე, როგორ მიიღებენ მათ. არც სხვისი ნამუშევრების სანახავად დავდივარ. არც კრიტიკაზე ვრეაგირებ ნეგატიურად. მთავარია, ჯანსაღი კრიტიკა იყოს. ერთადერთი, რაც ძალიან მაღიზიანებს, ისაა, რომ ჩემი ნამუშევრების შეფასებისას ყოველთვის ამოსავალ წერტილად ეძებენ კონკრეტულ ფიზიკურ გამოსახულებას, აი ამ დროს  ვბრაზობ.
თაობა - მე ჩემს თაობასთან ვერ ვაიგივებ თავს, ვერანაირ საერთო შემოქმედებით პრინციპებს ვერ ვხედავ. საერთოდ, არ ვეკუთვნი რომელიმე თაობას. ჩემთვის ყველაზე ახლოს დგას ჰენრი მური, ის არის ჩემი უმთავრესი მასწავლებელი. ქართველი მოქანდაკეებიდან თუკი ვინმესთან მაქვს მეტნაკლები კონცეპტუალური ერთობა, ეს, ჩემგან დროში  დაშორებული, კარლო გრიგოლიაა. საერთოდ, ჩემივე პროფესიის წარმომადგენლებთან რთულად გამომდიოდა მეგობრობა, ყოველთვის ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა მუსიკოსების, მწერლებისა და პოეტების წრეებში.
თეორიული ნაშრომები - არასდროს შემიქმნია თეორიული ნაშრომი. არ მიყვარს არც ინტერვიუების მიცემა, ყოველთვის არის იმის მოლოდინი, რომ შენი ნათქვამი სწორედ ვერ იქნება გაგებული.
ტრანსფორმაცია - დედა ძალიან მორწმუნე ლუთერიანი იყო. მეც კვირა დღეს არასდროს ვაცდენდი, დავდიოდი ლუთერანულ ეკლესიაში. ერთხელაც მივედი და ეკლესია დაკეტილი დამხვდა. ძალიან აღმაშფოთა მღვდლის ამ საქციელმა, ვუთხარი კიდეც, თქვენ ვინ მოგცათ უფლება ეკლესიის კარი ჩაკეტოთ-მეთქი. იმის შემდეგ აღარ მივსულვარ იმ ეკლესიაში. მაგრამ რწმენა არსად წასულა, ახლა, ამ ასაკში ძალიან მინდა ხელახლა მოვინათლო და მართლმადიდებელი გავხდე.

c

ამას გარდა, ქანდაკებას თავი დავანებე და მთლიანად მხატვრობას  დავუთმე დრო. ქანდაკებისადმი ინტერესი არ დამიკარგავს, მაგრამ ძალიან დიდი ჯაფა და ენერგია სჭირდება. თავის მხრივ, ქანდაკება, ძალიან მადგება და წინარე გამოცდილება აქტიურ მონაწილეობას იღებს ჩემს ახლანდელ შემოქმედებაში. ვხატავ, ძირითადად, პასტელით, ფუნჯი არასდროს გამომიყენებია. ზეთის ტექნიკა არ არის საჩემო, დიდი ხნის მუშაობას მოითხოვს, მე კი სათქმელის ერთი სულის მოთქმით გადმოცემა მირჩევნია.
შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ნამუშევრებისადმი. ადრე მიყვარდა მათი გაჩუქება. ძალიან ბევრს ვჩუქნიდი ჩემს ნამუშევრებს. ახლა კი, თავს ვარიდებ ამას იქამდე, ვიდრე მათ ღირსეული პატრონი, დამფასებელი არ გამოუჩნდება.
ახლა ყველაზე მეტად რაც მინდა, ესაა დიდი გამოფენის მოწყობა. სავარაუდოდ - ნიუ იორკში. უკვე დიდი ხანია, აღარ მქონია გამოფენა. მე თვითონ მინდა გავიგო ვარ თუ არა მხატვარი. მე რაც არ უნდა მომწონდეს ჩემი მხატვრობა, ამ კითხვაზე პასუხს მაინც გამოფენა იძლევა. შინაგანად მზად ვარ ამ გამოფენისთვის და ველოდები მას.

დაბადების თარიღი და ადგილი – 11.10.1937, მცხეთა, საქართველო
განათლება
1969-1975 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (ქანდაკება)
დარგი – ფერწერა, ქანდაკება
პერსონალური გამოფენები:
1997 საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი.
1990 ამერიკის საელჩო საქართველში, თბილისი.
1989 რუსთაველის საზოგადოება, მოსკოვი, რუსეთი.
1979 გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, საქართველო.
სიმპოზიუმები:
1991 საერთაშორისო სიმპოზიუმი, ოლივიე, უკრაინა
1990 საერთაშორისო სიმპოზიუმი, თელავი, საქართველო
1989 საერთაშორისო სიმპოზიუმი, მცხეთა, საქართველო.
1986, 1988, 1989 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რიგა, ლატვია
ნამუშევრები ინახება:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა.
რუსეთისა და უკრაინის მუზეუმები
კერძო კოლექციები – საქართველო. სტოკჰოლმი, მონტე-კარლო, ფინეთი; იტალია; გერმანია; მოსკოვი, რუსეთი; საფრანგეთი; აშშ; იუგოსლავია; ბელგია
http://kandeli.zxq.net/

ბიოგრაფიული მონაცემები აღებულია საიტიდან - http://www.art.gov.ge/artists.php?lang=Ge&artist=718#

ლიტერატურა როლანდ ნაროუშვილზე:
1. ბედიაშვილი მზია. როლანდ ნაროუშვილის ნამუშევართა გამოფენაზე. ქრონიკა. საბჭოთა ხელოვნება 1979 წ. № 8 გვ. 115
2. აბესაძე ირინე. პლასტიკა სივრცეში. საბჭოთა ხელოვნება. 1987 წ. №3 გვ. 36






ნანახია: 8857-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani