Georgian (Georgia)English (United Kingdom)
არქაული ტექნოლოგია „ტერა სიგილატა“ და მისი გამოყენება თანამედროვე ქართულ კერამიკაში

(თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის მხატვრული კერამიკის მიმართულებაზე
ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები)
გიორგი იაშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ტერმინი. თავდაპირველად ტერმინი „ტერა სიგილატა“ (Terra Sigillata) გამოიყენებოდა ძველი რომის იმპერიაში გავრცელებული, სპეციფიკური ტექნოლოგიით დამზადებული კერამიკული ჭურჭლის აღსანიშნავად. მოცემული ტიპის ჭურჭელი გამოირჩევა სხვადასხვა ტონალობის წითელი ან ქარვისფერი, მბზინავი, მტკიცე ზედაპირით. მოცემულ ტერმინს სამეცნიერო ლიტერატურაში აქვს სინონიმებიც: Glossed Roman pottery (მბზინავი რომაული კერამიკული ჭურჭელი), Samain Ware (სემეინური ჭურჭელი), Arretine Ware (არეტანული ჭურჭელი), რაც ხშირად დაკავშირებულია კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონების სახელწოდებებთან, სადაც იწარმოებოდა აღნიშნული სახეობის კერამიკა.
დღესდღეობით, არაოფიციალურად, პროფესიონალ კერამიკოსთა და მკვლევართა საერთაშორისო წრეებში ტერმინი „ტერა სიგილატა“ (ზოგჯერ შემოკლებულად “Terra-Sig” ან უბრალოდ „სიგილატა“) უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება. მისი მეშვეობით აღნიშნავენ ტექნოლოგიას, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ რომამდე იყო გავრცელებული ხმელთაშუაზღვისა და ნაწილობრივ მცირე აზიის რეგიონში. ასევე, ხშირად „ტერა სიგილატა“-ს უწოდებენ მოცემული ტექნოლოგიით მიღებულ დამფარავ ხსნარსაც. ტერმინის არაერთმნიშვნელოვნება პირდაპირ კავშირშია ამ არაორდინარული ტექნოლოგიის ისტორიასთან.
მოკლე ისტორია. დასავლურ ცივილიზაციაში პრიალა, მბზინავი ზედაპირის შექმნის მცდელობა წერნაქისწერნაქი აქ, იგივე რაც ანგობი, თიხის მეშვეობით დამზადებული დამფერავი, გამოიყენება კერამიკული ნაწარმის დასაფარად.გამოყენებით, თიხის ზედაპირის შრომატევადი, მექანიკური გაპრიალებისა და მოჭიქურებისმოჭიქურება ჭიქურით დაფარვა. ჭიქური - მინისებრი კრიალა შენადნობი, რომლითაც იფრება კერამიკული ნაწარმი.გარეშე, მიეკუთვნება ე.წ. მინოსური, კრეტა-მიკენის პერიოდს (2700-1400 წწ. ჩ.წ.ა.).

12

მოგვიანებით აღნიშნული მიდგომა თავს იჩენს ეტრუსკთა შავკრიალა კერამიკაში. (“Etruscian Bucchero” 700-200 წ.წ. ჩ.წ.ა.)

3

თავის უმაღლეს ტექნოლოგიურ და გამომსახველობით მწვერვალს მოცემული მეთოდი აღწევს ძველ საბერძნეთში. „შავ-ფიგურიანი“ და „წითელ-ფიგურიანი“ ბერძნული კერამიკის განუმეორებლობას ხელს უწყობს არა მხოლოდ ფორმადქმნადობისა და მოხატულობის მაღალი დონე, არამედ ყველასათვის ესოდენ ნაცნობი მბზინავი ზედაპირი, რომლის მხატვრული ღირსება დღესაც აღაფრთოვანებს მნახველს.

456

ეტრუსკთა და ელინთა ტექნოლოგიური გამოცდილება წარმატებით აითვისეს ძველი რომის ოსტატებმა. თუმცა, მათ მიერ აღნიშნული მეთოდი სხვაგვარად იქნა გამოყენებული. რომაულ კერამიკულ ჭურჭელზე კრიალა ზედაპირი ფარავს რელიეფს, ეტრუსკთა შავ ფერს კი ენაცვლება შეუბოლავი, გამომწვარი თიხის ბუნებრივი ფერი.

789

„ტერა სიგილატას“ ტექნოლოგიის სრულყოფის სხვადასხვა ეტაპზე გარკვეული სხვაობაა გამოწვის მეთოდიკაშიც. რომში იგი უფრო სადა გახდა და გამოწვა ერთჯერად დამჟანგველდამჟანგველი გამოწვა გამოწვის რეჟიმი ჟანგბადით გაჯერებულ გარემოშიგარემოში მიმდინარეობდა.
ეტრუსკები გამოწვას დამჟანგველ-აღმდგენელაღმდგენელი გამოწვა გამოწვის რეჟიმი ჟანგბადის შეზღუდული მიწოდებითრეჟიმში, ანუ ორ საფეხურად ახდენდნენ და იყენებდნენ შებოლვის ეფექტს.
საბერძნეთში გამოწვის მეთოდი გულისხმობდა უფრო რთულ - სამსაფეხურიან რეჟიმს: წითელი და შავი ფერის მისაღებად გამოწვის პირველ, დამჟანგველ ეტაპს ენაცვლებოდა ე.წ. აღმდგენელი ფაზა, ხოლო ბოლო ეტაპზე ღუმელში ისევ დამჟანგველი გარემო იქმნებოდა. ფერთა სხვაობა მიიღწეოდა გამოწვის რეჟიმის ცვალებადობით. ასეთი რთული მეთოდი მოითხოვდა ღუმელში ტემპერატურის ზედმიწევნით ზუსტ კონტროლს და გამოწვის პროცესში უშეცდომო თანადროულ ჩარევას (ჟანგბადის მიწოდების თვალსაზრისით).
მიაღწია რა თავის სრულყოფას, საუკუნეებგამოვლილი, მეთუნეთა მრავალი თაობის მიერ დახვეწილი ტექნოლოგია, გაურკვეველ მიზეზთა გამო იქნა დაკარგული. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან მისი გამოყენების კვალი ნელ-ნელა ქრება.
სხვადასხვა დროს, ბევრი მეცნიერი და პროფესიონალი კერამიკოსი ცდილობდა ამოეხსნა კერამიკული ზედაპირის დაფარვის „ჯადოსნური“ ტექნოლოგიის საიდუმლო, თუმცა, უშედეგოდ. ამ პრობლემის გადაჭრას ხელს არ უწყობდა ის აზრიც, თითქოს ელინური და რომაული ტექნოლოგიები ორი სხვადასხვა, დამოუკიდებელი მეთოდია. ხელოვნების მკვლევარნი საუკუნეების მანძილზე ნახსენები თვისებების მქონე კერამიკულ ნაწარმს უწოდებდნენ „შავად მოჭიქულ“, „პოლირებულ შებოლილ“, „მბზინავ რომაულ“ კერამიკას, „ბერძნულ ლაქს“ და სხვ.
პირველი გარღვევა აღნიშნული ტექნოლოგიის არსის ამოცნობაში მხოლოდ XX საუკუნეში, დაახლოებით 1500 წლის დაგვიანებით მოხდა.
XX ს-ის დასაწყისში გერმანელმა კერამიკოსმა კარლ ფიშერმა და მისმა შვილმა გეორგმა შეისწავლეს და გამოიკვლიეს ანტიკური რომის ჭურჭელი და მისი მბზინავი ზედაპირი.
კვლევის შედეგად მათ დაადგინეს, რომ რომაულ კერამიკაში გამოყენებული დამფარავი ხსნარის შემადგენელობა, არ წარმოადგენდა მინისებრ მალღობლებზე დამზადებულ სუბსტრატს, როგორც ეს მაგალითად ჭიქურის შემთხვევაშია, არამედ იგივე თიხისგან მზადდებოდა რისგანაც თავად ჭურჭელი. უფრო ზუსტად: დამფრავი სუსპენზია წარმოადგენდა ჩვეულებრივ სამეთუნეო თიხაში ბუნებრივად არსებული, ხელოვნური მეთოდით გამოწლული, უმცირესი ფრაქციის მქონე სპეციფიური ელემენტების ერთობლიობას. 1906 წელს ბერლინის საიმპერატორო საპატენტო სამმართველომ აღმოჩენასთან დაკავშირებით კარლ ფიშერის სახელზე გასცა საპატენტო მოწმობა. თუმცა „ტერა სიგილატას“ დამზადების დაზუსტებული ტექნოლოგიური ვერსია და ფიშერის საავტორო უფლება აღიარებულ იქნა მხოლოდ 1909 წლის 2 თებერვალს.
როგორც ავღნიშნეთ, ბერძნული ე.წ. „შავლაკიანი“ მოხატული კერამიკის ზედაპირის დამუშავების ტექნოლოგია და რომაული „ტერა სიგილატას“ დამზადების ხერხი დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მეთოდებად მიიჩნეოდა. აქედან გამომდინარე იმ დროისთვის ასევე ამოუხსნელი ელინური ტექნოლოგიის კვლევა განსხვავებული მიმართულებით მიმდინარეობდა.
ხშირად ხდება, რომ სამეცნიერო აღმოჩენა დაუგეგმავავ შემთხვევითობასთან არის დაკავშირებული. გადმოცემით ცნობილია რომ XX საუკუნის 30-იან წლებში გერმანელმა ტექნოლოგმა თეოდორ შუმანმა მიიღო შეკვეთა მოჭიქული კერამიკის სანაცვლოდ, სანიტარული (საკანალიზაციო) მილების ზედაპირის დასაფარად შეემუშავებინა შედარებით დაბალბიუჯეტიანი ტექნოლოგია. ნაწარმის ზედაპირის დაფარვის ალტერნატიული მეთოდის დადგენის მიზნით, სხვა არტეფაქტების პარალელურად მან ლაბორატორიულად შეისწავლა ელინური კერამიკის ზედაპირიც. ნიმუშების შეწავლისას მან აღმოაჩინა, რომ ბერძნული ე.წ. „შავი ლაკი“ თავისი შემადგენლობით არ განსახვავდებოდა თიხისგან და არ შეიცავდა დამატებით მალღობელ მინარევებს. ლაბორატორიული ექსპერიმენტებით შუმანმა წარმატებით მოახერხა დაემზადებინა შესაბამისი ხსნარი „შავი ლაკის“ მისაღებად. თუმცა მან ფაქტიურად თავიდან გაიარა კარლ ფიშერის მიერ შემუშავებული რომაული „ტერა სიგილატას“ დამზადების პროცესი, ოღონდ უფრო სრულყოფილად და სულ სხვა ამოცანის ამოსახსნელად. შედეგად წერტილი დაესვა იდუმალებით მოცული ე.წ. „ბერძნული ლაკი“-ს ტექნოლოგიის საიდუმლოს.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხსნარის დამზადების გარდა, აუხსნელი რჩებოდა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - ერთჯერად გამოწვაში, კოლორანტების (შემფერავების) გარეშე, ორფეროვანი ზედაპირის მიღების ძველბერძნული ხერხი. თეოდორ შუმანის მიერ ეს ამოცანაც ამოხსნილ იქნა, რაც დასაწყისში სპეციალისტებს შორის გარკვეულ კამათს იწვევდა. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, „წუნის“ მქონე ელინური ჭურჭლის შესწავლის შედეგად შუმანის ვერსია სრულად დადასტურდა. ეს ცალკე დამოუკიდებელი, უაღრესად საინტერესო საუბრის თემაა.
მოგვიანებით ნიუ-ირკის მეტროპოლიტენ მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ძველი ბერძნული ხელოვნების კურატორმა, გიზელა რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ კარლ ფიშერისა და თეოდორ შუმანის მიერ გამოკვლეული ტექნოლოგიური მეთოდები ერთმანეთის სრულ ანალოგებს წარმოადგენდნენ და რომ აღნიშნულ ტექნოლოგიურ მეთოდს უფრო ღრმა წარსულში, ანტიკურ საბერძნეთამდე და რომამდე შესაძლო წინაპირობა ჰქონდა.
ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, მეტროპოლიტენ მუზეუმის ინიციატივით, ა.შ.შ.-ში და ევროპის რამოდენიმე სამეცნიერო ცენტრში, კვლევის დაწინაურებული საშუალებებით შესწავლილ იქნა ორივე პერიოდის ჭურჭლის ზედაპირი. მიკროსტრუქტურულმა კვლევამ დაადასტურა ნიმუშებში გამოყენებული დამფარავი ხსნარის დამზადების მეთოდთა პრინციპული იდენტობა. ამ ფაქტმა ეს ორი მოვლენა ერთიანი ევოლუციური ვექტორით დააკავშირა და მკვლევართა ყურადღება მიმართა აღნიშნული ტექნოლოგიის უფრო ადრინდელი წინაპირობების მოძიება-შესწავლისკენ, მათ შორის ეტრუსკთა და მინოსელთა კულტურებისკენ.
ზემოთ აღწერილი კვლევების მეშვეობით ასევე დადგინდა ძველ საბერძნეთში ხელმისაწვდომ ორგანულ დეფლოკულანტთადეფლოკულანტი (ტექნოლოგია, საერთ. ტერმინი) ხსნარში გამოყენებადი აგენტი, ანტიფლოკულანტი, ფლოკულების დამშლელი. ფლოკულაცია – (ლათინ. ფლოცცულუს ფიფქი) თხევადი ნარევის მცირე ზომის ფიფქების (ფლოკულების) სახით დალექვა.გამოყენებით დამფარავი ხსნარის დამზადების არქაული მეთოდიც, რომელიც ქვემოდ მოკლედ გვაქვს აღწერილი.
მოგვიანებით, თანამედროვე არაორგანული ქიმიის განვითარებამ „ტერა სიგილატა“-ს ხსნარის დამზადების თანამეროვე მეთოდიკაში თავისი პოზიტიური კორექტივები შეიტანა - დღეს არსებობს დეფლოკულანტების ფართო არჩევანი და ყოველი მათგანის გამოყენება თავისებურ შედეგს გვაძლევს.
„ტერა სიგილატა“-ს ტექნოლოგიის ამოხსნამ, ეს მართლაც უნიკალური მხატვრული ღირებულების მქონე მეთოდი თანამედროვე კერამიკოსი მხატვრების პროფესიული ინტერესების ფოკუსში მოახვედრა. ევროპასა და ა.შ.შ.-ში აღნიშნული ტექნოლოგია, ინდივიდუალური მხატვრების სახელოსნოებსა და მრეწველობაში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. მზარდი დაინტერესების ხარისხი იმითაცაა განპირობებული, რომ არქაული მეთოდის ძალზე შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი თანამედროვე საშუალებების მეშვეობით ბევრად გაიოლდა და დაჩქარდა.
კვლევის მოტივაცია და ამოცანა. ქართული მხატვრული კერამიკის სკოლის საყოველთაო წარმატების მიუხედავად, ადგილობრივი წითელი თიხების სამრეწველო კულტივირება/ათვისება არასოდეს ყოფილა მასშტაბური, სისტემური თუ თანმიმდევრული.
ამ ვითარების ბევრი ობიექტური მიზეზი არსებობდა, რომელთა ჩამოთვლას აქ ვერ შევუდგებით. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი იყო ის, რომ საქართველოში კერამიკის მრეწველობის მთავარი სტრატეგია ათწლეულების მანძილზე საბჭოური ტიპის ქარხნებით ხორციელდებოდა. მსხვილ საწარმოთა ფუნქციონირება სხვა საბჭოურ რესპუბლიკებში მოპოვებად თეთრ თიხებზე იყო გათვლილი, რომელთა ფასი ერთიანი ეკონომიკის სივრცეში, ფაქტობრივად, სიმბოლური იყო. დღეს რესპუბლიკები დამოუკიდებელი ქვეყნებია და იგივე თეთრი თიხები იმპორტირებულ ძვირ მასალად გადაიქცა. ამით გამოწვეულმა წარმოების არარენტაბელობამ ასეთი ტიპის ქარხნული სისტემის კოლაფსი გამოიწვია.
ამ ფონზე უცხოური მასალის ადგილობრივით ჩანაცვლება საქართველოში კერამიკული წარმოების ინფრასტრუქტურის შექმნის ერთადერთ შესაძლებლობად მოჩანს.
წითელი თიხების კულტივირება (მოპოვება, დამუშავება, გასუფთავება) დღესაც, უმეტესად, ნახევრადკუსტარული მეთოდებით ხდება, ეს კი წარმადობასა და ხარისხზეც უარყოფითად აისახება. ინფრასტრუქტურის შექმნის იდეის განხორციელებას არ უწყობს ხელს სწორედ ამ ფაქტორით გაჩენილი უკვე მოარული მცდარი აზრი - თითქოს ადგილობრივი ნედლეული, თავის თვისებათა გამო თანამედროვე მრეწველობაში არაკონკურენტუნარიანია და ვერ დააკმაყოფილებს სამრეწველო კერამიკის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, ჩვენის აზრით, რბილად რომ ვთქვათ, საკამათოა.
ჩვენის აზრით, ადგილობრივი წარმომავლობის თიხების თვისებათა პოტენციალი მაღალია და საჭიროებს სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას.
პარალერულად, ძალზე მნიშვნელოვანია ენდემური თიხების უფრო ღრმა შესწავლა, მათი ჯერ კიდევ აუთვისებელი ტექნიკური, ტექნოლოგიური თუ დეკორატიული შესაძლებლობების გამოვლენა. ამიტომ ყოველი აქტივობა, მიმართული ადგილობრივი წითელი თიხების ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის გამოსავლენად, უაღრესად აქტუალურად მიგვაჩნია. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა იყო ერთი მცირედი მცდელობა ამ მიმართულებით.
ნედლეული, რომელიც გამოიყენებოდა კლასიკური „ტერა სიგილიტა“-ს მისაღებად, არის დაბალტემპერატურიანი, მაღალი პლასტიკურობის მქონე, რკინის ჟანგის (Fe2O3) შემცველი წითელი თიხა. კავკასიის რეგიონი და, კერძოდ, ჩვენი ქვეყანა სწორედ ასეთი თიხებით არის მდიდარი.
კვლევის ამოცანას წარმოადგენდა, „ტერა სიგილატას“ ადგილობრივ თიხებზე აპრობირება, რათა გაგვეცა პასუხი კითხვაზე – რამდენად „ვარგისიანია“ ადგილობრივი თიხები მაღალი ხარისხის „ტერა სიგილატა“-ს მისაღბად.
ვთვლიდით, რომ სამეწარმეო თუ სტუდიურ სფეროში აღნიშნული ტექნოლოგიის წარმატებულად გამოყენების შემთხვევაში დარგის განვითარებისთვის კიდევ ერთი დამატებითი რესურსი გაჩნდებოდა.

101112

კვლევის წინაპირობა. 2009 წელს, კვლევის დასაწყისში, სანამ შევუდგებოდით ადგილობრივი თიხების თვისებების ტესტირებას, თეორიული მასალის მაქსიმალურად მოძიების და გაანლიზების პარალერულად, მთავარ მიზნად მივიჩნევდით გაგვერკვია - ჩატარებულა თუ არა საქართველოში რაიმე კვლევა ამ მიმართულებით. თუ გაგვაჩნია რაიმე პრაქტიკული ან თეორიული გამოცდილება რომელსაც კვლევის პროცესში შეიძლებოდა დავყრდნობოდით. ვერც ოფიციალურ სამეცნიერო წყაროებში, ვერც პროფესიულ წრეებში გამოკითხვისას ჩვენს მიერ ასეთი პრეცედენტი მოძიებული ვერ იქნა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო, არსებობდა თუ არა ზოგადად კავკასიის რეგიონის ენდემურ თიხებზე ჩატარებული რაიმე შესაბამისი პრაქტიკული კვლევა. ინფორმაციის საკმაოდ სკრუპულოზური მოძიების შედეგად ჩვენ ასეთ მონაცემებს ვერ მივაკვლიეთ. არც სსრკ-ში და არც უახლეს პერიოდში აღნიშნულ რეგიონში მოპოვებად თიხებზე „ტერა სიგილატა“-ს ტექნოლოგიის ან მისი ანალოგის გამოყენების შესახებ ოფიციალური ინფორცია ჩვენს მიერ ვერ იქნა მიგნებული.
მეტიც, რუსულენოვანი წყაროების შესწავლისას ვერ მივაკვლიეთ რომაული „ტერა სიგილატა“-ს ტექნოლოგიის შესახებ მეთოდურ, პრაქტიკულ, სახელმძღვანელო ინფორმაციას. მხოლოდ ერთეულ დაწინაურებულ ავტორებთან თავს იჩენს სრულიად სწორი, მაგრამ მხოლოდ ზოგადი ვარაუდი, რომ ძველი რომაული ტექნოლოგია ეფუძნება წერნაქის „განსაკუთრებული“ ხერხით დამუშავების მეთოდს, თიხის კომპონენტებად დაშლის მეშვეობით (методом вымучивания глины).
ყოველივე თქმულის გამო, ჩვენი თეორიული კვლევის საფუძველი გახდა, უმეტესწილ, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციების მასალები.
მეთოდი. როგორც აღვნიშნეთ, „ტერა სიგილატა“-ს დამახასიეთებელი თვისებაა ჭიქურის მაგვარი მბზინავი ზედაპირი. ზედაპირის ეს თვისება მიიღწევა თიხაში არსებული უმცირესი, ფირფიტოვანი აღნაგობის, ცილინდრული ფორმის მქონე ელემენტების ხარჯზე. ეს ელემენტები თიხის ქალაზე სუსპენზიის სახით დატანისას, გამოწვის შემდეგ ინტენსიურად აირეკლავენ სინათლეს და, იმავ დროს, ქმნიან მექანიკურად მტკიცე ზედაპირს. დამფარავის დამზადებისას მთავარი ამოცანაა თიხის მიკროსკოპულ ელემენტებს დავაშოროთ აღნიშნული უმცირესი ნაწილაკები და მივიღოთ ამ ელემენტებით გაჯერებული რაფინირებული ხსნარი.
არის მოსაზრება, რომ უძველეს დროში ეს პროცესი ხორციელდებოდა თიხის საბადოებში ვერტიკალური არხების ჩაჭრის მეშვეობით, წვიმებით ჩამონარეცხი თიხა გროვდებოდა ხელოვნურ ორმო-აბაზანებში, სადაც ძველი მეწარმენი სავარაუდოდ ამატებდნენ ბუნებრივ, ტუტე რეაქციის მქონე ორგანულ დეფლოკულანტებს, ისეთს, როგორებიცაა ხის მერქნის ნაცარი, ტანინი და ზოგჯერ შინაური ცხოველების ურეაც კი. ნაზავში თიხის, წყლისა და დეფლოკულანტის სწორად გათვლილი ოდენობრივი თანაფარდობა იწვევდა თიხის ნაწილაკების კოაგულაციური შეჭიდულობის რღვევას. ხსნარის მოსვენებულ მდგომარეობაში დატოვებისას გრავიტაციის ძალა ლექავდა შეკიდულ ნაწილაკებს და შედეგად წარმოიქმნებოდა სხვადასხვა დისპერსულობის მქონე ფენები. ყველაზე ზემოთ განლაგებული იყო უმცირესი და ყველაზე მსუბუქი ელემენტების ფენა და იგი წარმოადგენდა „ტერა სიგილატა“-ს. დალექვის ანუ დაყოვნების პერიოდი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კომპონენტთა პროპორციის თანაფარდობის სიზუსტე.
თანამედროვე ლაბორატორიულ პირობებში „სიგილატა“-ს დამზადების პროცესის განხორციელება შესაძლებელია არაორგანული დეფლოკულანტების მეშვეობით და ეს პროცესი ბევრად სწრაფად მიმდინარეობს.
საპრეპარაციო ნედლეულის არჩევა. პრაქტიკული კვლევის დასაწყებად ჩვენს მიერ შეირჩა მრეწველობაში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ნედლეული, ქსნის და ნორიოს თიხები. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ნორიოს თიხის დაბალი პლასტიკურობა დადებითად არ მოქმედებს მისაღები პროდუქტის რაოდენობაზე. საბოლოო არჩევანი შეჩერდა შედარებით მაღალი პლასტიკურობის მქონე ქსნის თიხაზე. როგორც კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, ქსნის თიხის შემადგენლობა (SiO 43-50%, Al2O3O 13-15%, Fe2O3 5-6%, CaO 12,5-13,5%, MgO 1,8-2,5%, SO3 0,5% (ტენიანობის გამოშრობის გათვალისწინებით) განაპირობებს საუკეთესო ხარისხის „ტერა სიგილატა“-ს დამზადებას.
დეფლოკულანტის შერჩევა. როგორც აღვნიშნეთ, „ტერა სიგილატა“-ს ტექნოლოგიური პროცესის განსახორციელებლად ორგანული ნივთიერებების სანაცვლოდ დღეს ხელმისაწვდომია თანამედროვე ხერხებით დამზადებული დეფლოკულანტები, მათ შორის ნატრიუმის (ტუტე მეტალი) მარილზე დამზადებული არაორგანული ხსნარები. ესენია: სოდიუმმეტაფოსფატი NaPO3, სოდიუმ კარბონატი Na2CO3, სოდიუმ სილიკატი Na2(SiO2)nO, სოდიუმ მეტაკრილატი (ე.წ. “Darvan”). ცდებით დადასტურდა, რომ ჩამოთვლილი ნატრიუმის ხსნარები სხვადასვა ხარისხის „ტერა სიგილიტა“-ს გვაძლევს.
დეფლოკულანტის შერჩევისას ჩვენ ვისარგებლეთ ასევე პრაქტიკული მოსაზრებით- მთავარი აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე გავრცელებულ და ხელმისაწვდომ პროდუქტზე, სოდიუმ სილიკატზე.
აღსანიშნავია, რომ სამრეწველო წესით დამზადებული სოდიუმ სილიკატის ხსნარების ხარისხობრივი სტანდარტი არ არის სტაბილური, რაც, ჩვენის აზრით, წარმოების პროცესში შემთხვევითი მინარევების მოხვედრით უნდა იყოს განპირობებული. ამიტომ, დიდ მნიშვნელობას იძენს მწარმოებელი ფირმისა და პროდუქტის სწორი არჩევანი.
დეფლოკულანტის პროპორცია. თიხის მონაცემები (მაგ., პლასტიკურობა და სხვა), წყლის ხარისხი (მაგ., მინერალების როდენობა - ძველ დროში წვიმის წყალი გამოიყენებოდა) და დეფლოკულანტის მახასიათებლები განაპირობებს კომპონენტთა ურთიერთპროპორციას საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
კვლევის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლდათ „ტერა სიგილატა“-ს შემადგენელი მთავარი კომპონენტების – ქსნის თიხის, ადგილობრივი წყლის და დეფლოკულანტის წონითი შეფარდების დადგენა.
დეფლოკულანტის საჭირო პროპორციის გამოანგარიშების ათვლის საფუძვლად შესაძლოა ავირჩიოთ სუსპენზიის თხევადი წონა, როგორც ეს ზოგიერთ წყაროებშია მოხსენიებული. ჩვენი გამოცდილებით, გამოთვლის უნივერსალობის მიზნით უმჯობესია დეფლოკულანტის ოდენობის დაანგარიშება გამოსაყენებელი თიხის მშრალი წონის მიხედვით.
მოძიებულ ინფორმაციზე დაყრდნობით და პრაქტიკული ცდების საფუძველზე, ქსნის თიხასთან მიმართებით დადგინდა დეფლოკულანტის ოპტიმალური ოდენობა: იგი წარმოადგენს ხსნარში გამოყენებული მშრალი თიხის წონის 0,6% -1,1% -ს გამრავლებულს დამზადებული სუსპენზიის ერთიან წონაზე ლიტრებში (საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ყოველ კერძო შემთხვევაში, აღნიშნული პროცენტულობა ექსპერიმენტულად უნდა დაზუსტდეს - რაც უფრო სუფთაა სოდიუმ სილიკატი, მით უფრო უახლოვდება დეფლოკულანტის ოპტიმალური ოდენობა აღნიშნულ პროცენტულ მინიმუმს). ანუ აღნიშნული პროცენტით დაანგარიშებული ციფრი და ხსნარის წონის შემადგენელი ლიტრების რაოდენობა თანამამრავლებია. მიღებული ნამრავლი იქნება გამოსაყენებელი დეფლოკულანტის წონა. (გამოყენებული თიხის მთლიანი მასა ხსნარის წონის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს).

ხსნარის დამზადება. სუსპენზიის დასამზადებლად, წყალი და მშრალი ფხვიერი თიხა თავსდება გამჭვირვალე ჭურჭელში. ქსნის თიხისთვის ოპტიმალურ შედეგს იძლევა თიხისა და წყლის შემდეგი თანაფარდობა: 1/2,8 (ანუ 1 კგ თიხა + 2,8 ლიტრი წყალი). წყალი და თიხა გულმოდგინედ ირევა 15-20 წუთის განმავლობაში, დღეში 1-ხელ, 3 დღის განმავლობაში. (სხვა, მჭლე თიხების გამოყენების შემთხვევაში წყლის რაოდენობა უნდა შემცირდეს).
საწარმოო მოთხოვნების გათვალისწინებით ჩვენს მიერ იქნა აპრობირებული სუსპენზიის მეორე ხერხიც - შლიკერის დამზადება იგივე პროპორციით სამრეწველო ბურთულებიან წისქვილში.
დამზადებულ ხსნარს ემატება დეფლოკულანტის რაოდენობა ზემოდ მოყვანილი დაანგარიშებით. 1 კგ. მშრალი თიხის გამოყენების შემთხვევაში სუსპენზიის წონა იქნება 2,8 (ლ. წყალი) + 1 (კგ. თიხა) ანუ 3,8 ლიტრ/კილოგრამი. 1 კგ. თიხის მაგ. 7% = 7გრ. 3,8 x 7 = 26,6 გრ. შესაბამისად გამოსაყენებელი დეფლოკულანტის წონა არის 26,6 გრ.
დეფლოკულანტის დამატების შემდეგ ნაზავი კიდევ ერთხელ გულმოდგინედ მოირევა და მიღებული სითხე 24 საათით რჩება სრულიად გაუნძრევლად. ჭურჭლის მცირედმა რყევამ შესაძლოა დაარღვიოს ტექნოლოგიური პროცესი (დეფლოკულანტის გახსნა თავისი წონის ორმაგი ოდენობის თბილ წყალში უკეთეს შედეგს გვაძლევს).
24 საათის შემდეგ ვიღებთ 2-3 ფენიან სეპარირებულ ხსნარს. ფენების საზღვრები კარგად მოსჩანს გამჭვირვალე ჭურჭელში.

131415

ზედა ფენა, როგორც წესი, არის „ტერა სიგილატა“. ხშირად, ზედა თხელი ფენა წარმოადგენს სრულიად გამჭვირვალე სითხესაც. მისი მოშორება დაუშვებელია, რადგანაც შეიცავს ყველაზე მსუბუქ გამჭვირვალე ელემენტებს, რომლებიც არ უნდა დავკარგოთ. კვლევის საწყის ეტაპზე ჩვენს მიერ ასეთი შეცდომა რამდეჯერმე იქნა დაშვებული.
რძის კონსისტენციის მქონე ზედა ფენა ჭურჭლის გაუნძრევლად, სიფონირების მეშვეობით გადაგვაქვს სხვა ჭურჭელში, ქვედა ფენის ნაწილაკები არ უნდა შეერიოს „ტერა სიგილატა“-ს.
მიღებული ხსნარი დაფარვის სამუშაოებისთვის ზედმეტად თხელია. პრაქტიკული გამოყენებისთვის მოსახერხებელი კონდიციის მისაღებად ხდება სუსპენზიის ნაწილობრივი ამოშრობა. დასაშვებია ყველა ხერხი, გარდა ჭურჭლის კედლების უშუალო გაცხელებისა.
თიხის ქალას დაფარვა. დაფარვისას გამოუწვავი ნაწარმის ზედაპირი შეიძლება იყოს მშრალი ან ტყავის სიმაგრის. ჩვენი გამოცდილებით, უკანასკნელი წარმოადგენს ოპტიმალურ კონდიციას. ნაცადი იყო „უტილის“ „უტილი“ (კერამიკა) – დაბალტემპერატურიანი, პირველადი „საუტილე გამოწვით“ მიღებული კერამიკული ნაწარმი.ზედაპირის დაფარვაც (ასეთი რამ აღწერილია ლიტერატურაში), თუმცა, უშედეგოდ – გამოწვის დროს „ტერა სიგილატა“ ფენებად შორდება თიხის ზედაპირს. შესაძლოა, ჩვენს მიერ „უტილის“ ტემპერატურა არასწორად იქნა შერჩეული, რაც დამატებითი ექსპერიმენტების თემაა.
არსებობს თიხის ზედაპირზე „ტერა სიგილატა“-ს დატანის სხვადასხვა ხერხი. მათ შორის ყველაზე პრაქტიკულია დაფარვა რბილი ფუნჯით ან შეფრქვევით. ამ თემაზე არ შევჩერდებით დაწვრილებით, რადგანაც ეს ინდივიდუალური პრაქტიკული გამოცდილების სფეროა. ორივე მეთოდს თავისი პლუსები და მინუსები აქვს (მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ჩამოღვრას, შრობის შემდეგ კი ამ წუნის გამოსწორება ძალზე რთულია).
დატანილი ფენების რაოდენობა დამოკიდებულია სუსპენზიის სისქეზე, რომლის სტაბილური მუდმივას განსასაზღვრად (განსაკუთრებით სამრეწველო დანიშნულებისთვის) მიზანშეწონილია ჰიდრომეტრის გამოყენება. დაფარვის ყველაზე კარგ შედეგებს ჩვენ მივაღწიეთ 3-4 ფენის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ქვედა ფენამ მომდევნო ფენის დადებამდე ვერ მოასწროს სრულად გაშრობა.
დაფარვის პროცესის დასრულების შემდეგ საჭიროა ზედაპირის მსუბუქი გადაპრიალება უბრლოდ ხელის გულით, ცელოფანის ან რბილი, წმინდად ნაქსოვი ქსოვილის მეშვეობით. ეს პროცესიც უნდა ჩატარდეს ჯერ კიდევ ტენიან ზედაპირზე.
გამოწვა. ქსნის თიხაზე დამზადებული „ტერა სიგილატა“-ს გამოწვა ჩვენს მიერ ხორციელდებოდა ელექტროღუმელში, დამჟანგველ რეჟიმში 900O-980OC ტემპერატურაზე (თუმცა, საინტერესო რეზულტატები მიიღწევა შეშით გამოწვისას, შებოლვით, ასევე, მარილისა და სოდის გარემოში გამოწვისას). „ტერა სიგილატა“ თავის საუკეთესო თვისებებს ავლენს, როდესაც გამოწვის ტემპერატურა თიხის გამოწვის მაქსიმალურ ტემპერატურაზე ოდნავ ნაკლებია. ტემპერატურის მატებასთან ერთად ბზინვის ხარისხი კლებულობს, ფერი კი მუქდება.
მრავალჯერადი გამოწვების შედეგად გამოვლინდა ქსნის თიხის ფართო შესაძლებლობები ფერადოვანი გამის თვალსაზრისით. გამოწვის ტემპერატურის ვარირებით ჩვენს მიერ მიღებულ იქნა ტონალობების საკმაოდ ფართო სპექტრი.

161718

შემფერავების გამოყენება. „ტერა სიგილატა“-ს დეკორატიული შესაძლებლობები ბევრად ფართოვდება შემფერავების გამოყენების შემთხვევაში. ჩვენს მიერ იქნა აპრობირებული მეტალის ჟანგეულები და მათ საფუძველზე დამზადებული პიგმენტები. მიღებული ფერითი გრადაცია ვარირებს ქარვისფერ, წითელ, ყავისფერ და ღრმა შავ ფერს შორის. ყურადსაღებია, რომ ჟანგეულის და პიგმენტის წილი ხსნარში გარკვეული ნიშნულის ზემოთ უარყოფითად მოქმედებს სიკრიალეზე. ყველა კერძო შემთხვევაში საჭიროა პალიტრაში შემფერავების დასაშვები მაქსიმუმის კონტროლი.

192021
222324

კვლევის შედეგი. კვლევის დაწყებამდე ადგილობრივი ნედლეულის ხარისხობრივი მონაცემების მიმართ ერთგვარი გაურკვევლობა არსებობდა. სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ სხვადასხვა რეგიონში დამზადებული „ტერა სიგილატა“-ს ხარისხი მნიშვნელოვნად მერყეობს და სრულადაა დამოკიდებული მოცემულ რეგიონში მოპოვებადი ნედლეულის თვისებებზე. როგორც ზემოდ აღვნიშნეთ, ეს ფაქტორი აჩენდა კითხვას – რამდენად „ვარგისიანია“ ადგილობრივი თიხები მაღალი ხარისხის „ტერა სიგილატა“-ს მისაღებად.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ კვლევამ ამ თვალსაზრისით სრულიად პოზიტიური შედეგი მოგვიტანა.
ჩატარებულმა სამუშაომ გვიჩვენა, რომ ჩვენს მიერ აპრობირებული ენდემური ნედლეული, კერძოდ კი ქსნის თიხა, თავისი ტექნოლოგიური, დეკორატიული პოტენციალით იმ ნედლეულის ანალოგიურია, რომლის მეშვეობითაც იქმნებოდა „ტერა სიგილატა“-ს საუკეთესო კლასიკური ნიმუშები. მეტიც, ადგილობრივი ნედლეული მოცემულ ტექნოლოგიაში სამრეწველო პროდუქციის შესაქმნელად ერთ-ერთი საუკეთესოა.
შეიძლება დარწმუნებით მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული მეთოდის წარმატებით დანერგვა-გამოყენება, კიდევ ერთ დამატებით შესაძლებლობას გააჩენს ადგილობრივი თიხების ათვისების თვალსაზრისით.

252627

დასკვნა. ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა:
1. კვლევის თემა მართებულად იყო შერჩეული მისი აქტუალობის გამო: „ტერა სიგილატა“-ს ტექნოლოგიის შესახებ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად მორგება ადგილობრივ თიხებზე სრულად ეხმიანება თანამედროვე ქართულ კერამიკაში ენდემური ნედლეულის მეტი ინტენსიურობით გამოყენების სტრატეგიას.
2. ადგილობრივი წითელი თიხები სრულად პასუხობს „ტერა სიგილატა“-ს დამზადების მაღალ სტანდარტს და არის ერთ-ერთი საუკეთესო აღნიშნულ ტექნოლოგიაში გამოსაყენებლად.
3. ჩვენს მიერ ენდემურ თიხაზე აპრობირებული ტექნოლოგიური მეთოდი მზადაა პრაქტიკული გამოყენებისთვის.
4. ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული „ტერა სიგილატა“ ერთნაირი წარმატებით შეიძლება იქნას დანერგილი მსხვილ და მცირე საწარმოში. წარმოება ეკონომიკური თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი იქნება, რადგან არ საჭიროებს იმპორტირებულ ნედლეულს.
5. ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული „ტერა სიგილატა“ გამოირჩევა მაღალი მხატვრულ-გამომსახველობითი თვისებებით, რის გამოც სამრეწველო მიზნების გარდა მისი წარმატებით გამოყენება მხატვარ-კერამიკოსთა მიერ შემოქმედებითი, მაღალმხატვრული ნამუშევრების შესაქმნელადაც შეიძლება.
6. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ტექნოლოგიის უფრო ფართო შესწავლა-დანერგვა, რაც მოცემული მეთოდის კიდევ უფრო მეტად სრულყოფის წინაპირობაა. ამ თემაზე თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში გაგრძელდება მუშაობა ჩემი ხელმძღვანელობით და სტუდენტთა ჩართულობით. ასევე, ამ მიზნით თსს აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის საბჭოსა და თსს აკადემიის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #7, 07, 09) „ტერა სიგილატა“-ს მეთოდის სწავლება შეტანილია მხატვრული კერამიკის მიმართულების სამაგისტრო პროგრამაში.

282930

ბოლოს, მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც აღნიშნულ საქმიანობაში დახმარება აღმოგვიჩინა - კოლეგებს, სტუდენტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სპონსორებს, რომელთა მხარში დგომის გარეშე ბევრად გართულდებოდა კვლევითი პროცესის წარმართვა.

ლიტერატურა (შერჩევითი):

James Curle. Terra sigllata: some tipical decorated bowls.Society of Antiquaries of Scotland. 1917
A. Marcus & E. Weber. Die Bilderschüsseln der ostgallichen Sigillata-Manufakturen. 1913
W.D.Kingery. Ceramic sand Civilization,Vol.I, edited by American Ceramic Society. 1985
W.D. Kingery Ancient Technology To Modern Science Vol.9, American Ceramic Society. 2000
John W. Hays. Roman pottery: Fine-Ware Imports. Athenian Agora. 2008
V.V. Stissi. Pottery to the people. Decorated pottery in the Greek world in the Archaic period (650-480 BC)Faculty of Humanities. 2002
J. W. Hays. Handbook of Mediterranean Roman Pottery.1997.
R. Knorr. Terra-Sigillata-Gafässe des ersten Jahrhundersts mit Topfernamen. Stutgart. 1952
Joseph Veach. The Technique of Attic Vase-Painting, by. Archaeological Institute of America. 1960
Charlotta Fischer. Die Terra-Sigillata-Manufakture von Sinzig am Rhein. Dusseldorf. 1969


ნანახია: 7052-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani