Georgian (Georgia)English (United Kingdom)
არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა 
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

მიხეილ ნეპრინცევი არქიტექტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ქართული არქიტექტურის ისტორიაში. იგი დაიბადა 1877 წლის 22 აგვისტოს (ძვ. სტილით) თბილისში. მისი მამა – ნიკოლოზ ნეპრინცევი (1847 - 1931), დაბადებული  ქ. ელისაბედპოლში (ამჟამად ქ. კიროვოგრადი, უკრაინა), სამხედრო ტოპოგრაფი იყო. ჩვენი ვარაუდით, იგი ჩამოვიდა თბილისში 1870-იანი წლების დასაწყისში. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებაში. ამასთან ერთად, ასწავლიდა თბილისის მიწადმომწყობ სასწავლებელში. დედა – ანა სმირნოვა, თბილისის მკვიდრი, დიასახლისი იყო.
საშუალო განათლება მიხეილ ნეპრინცევმა მიიღო თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1896 წელს. ამავე წელს იგი გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც, მისივე სიტყვით, „по влечению к строительству и архитектуре“, ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა პეტერბუგგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში.

001

მიხეილ ნეპრინცევმა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დაიწყო თავისი შრომითი მოღვაწეობა. კერძოდ, 1896 წლის  ზაფხულში იგი მონაწილეობდა გეოდეზიურ სამუშაოებში ნოვგოროდის გუბერნიაში, 1899 წ. და 1900-იანი წლების ზაფხულში, როგორც პრაქტიკანტი, მუშაობდა თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე. 1901  წლის ზაფხულში კი  არქიტექტორ მიხეილ გეისლერთან პეტერბურგში მუშაობდა უმცროს ტექნიკურ თანაშემწედ, სადაც მიიღო მონაწილეობა საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში (უფრო სწორად, მის გადაკეთებაში)  დიდ საზღვაო ქუჩაზე, რომელიც ეკუთვნოდა ე. და დ. ნაბოკოვებს (ამ სახლში  დაიბადა და ემიგრაციამდე ცხოვრობდა მწერალი ვლადიმერ ნაბოკოვი). ასევე, მიუღია მონაწილეობა „სცენის ხანდაზმულ მოღვაწეთა თავშესაფარის“ მშენებლობაში ე. წ. „Каменный остров“-ზე.
სწავლების დროს მ. ნეპრინცევი, როგორც თვითონ ამბობდა, „მუშაობდა“, „თავისი მხატვრული ტექნიკის გასამტკიცებლად“ ნატიფი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებაში. ამავე  წლებში იგი  გატაცებული ყოფილა ველოსპორტით.

002


1902 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (ერთი წელი მას გაუცდა სტუდენტურ გაფიცვაში მონაწილეობის გამო)  მ. ნეპრინცევი დაბრუნდა თბილისში და მუშაობას იწყებს არქიტექტორად თბილისის საფოსტო-სატელეფონო ოლქში. 1914-17 წწ. იგი მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში საერობო, საგზაო და სამოქალაქო მშენებლობის სათათბიროს წევრად, ხოლო, 1917-21 წწ. კი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური საბჭოს წევრად,  1921 წ.-იდან 50-იანი წწ.  ბოლომდე კი – თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში. კერძოდ, 1922–29 წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის ტექნიკურ–სახარჯთაღრიცხვო განყოფილებაში, 1935-44 წწ. ტრესტ „საქკომუნპროექტის“ მე-2 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად, 1944-56 წწ.  – საპროექტო ინსტიტუტ „საქპროექტის“  ქ. რუსთავის პროექტის მთავარ არქიტექტორად.

004
003005

გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, მ. ნეპრინცევი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1919 წ.-იდან 1929 წ.-მდე იგი ასწავლიდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ჯერ მასწავლებლის, ხოლო, შემდგომში დოცენტის და „არქიტექტურის და  სამშენებლო ხელოვნების“ კათედრის გამგის თანამდებობაზე. 1941 წ. კი იგი მიიწვიეს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში პროფესორის თანამდებობაზე „სამშენებლო სამუშაოებისა და ფუძე–საძირკვლების“ კათედრაზე, ხოლო, 1959 წ.-იდან ზემოთაღნიშნული ინსტიტუტის გაერთიანების შემდეგ – საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც  იგი 1962 წ.-მდე მუშაობდა.

006


საგანგებოდ აღსანიშნავია მ. ნეპრინცევის მონაწილეობა თბილისის საკრებულოს მუშაობაში, რომლის წევრად იგი არჩეული იყო (ოთხი წლის ვადით) 1908 წ., 1912 წ. და 1916 წწ. როგორც სათათბიროს წევრი, იგი ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა ტექნიკური კომისიების მუშაობაში. კერძოდ, მუხრანის ხიდის, ქალაქის ე.წ. ახალი სასაკლაოს, ელექტროსადგურის მშენებლობასთან და ბალნეოლოგიური კურორტის მოწყობასთან დაკავშირებით და სხვ. მოგვიანოდ, უკვე საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, იგი იყო „ზარია  ვოსტოკის“ შენობის (1926-29 წწ., რუსთაველის პრ.,42), აგრეთვე, ამიერკავკასიის საბჭოს სახალხო კომისართა შენობის (1930 წ., 9 აპრილის ,6) მშენებლობის კომისიის წევრი.
1913 წ. ბოლოს – 1914 წ. დასაწყისში მ. ნეპრინცევმა თავისი ორთვიანი შვებულება გამოიყენა უცხოეთში სამოგზაუროდ, რომლის დროსაც ეწვია ევროპის რამდენიმე ქალაქს: ბერლინი, პარიზი, ნიცა, მილანი, ვენეცია, ვენა.

007
008

მიხეილ ნეპრინცევი ავტორია მრავალი პუბლიკაციისა, რომელიც მიძღვნილია არქიტექტურის სხვადასხვა საკითხისადმი და  გამოქვეყნებულია ჟურნალებსა და კრებულებში. მასვე ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც „გამოქვეყნებულია წიგნის სახით“ სათაურით – „მასალები სკოლებისა და ტექსასწავლებლების შენობების პროექტების შედგენისათვის საქართველოს სსრ პირობებში“ (1933 წ.), აგრეთვე, ხელნაწერი სამეცნიერო ნაშრომები: „ხიდების არქიტექტურა“ (1946 წ.), „შენობების დაგეგმარება და მშენებლობა“ (1950 წ.), „რკინიგზის სადგურების არქიტექტურა“ (1954 წ.) და სხვ.
მ. ნეპრინცევი ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას საქართველოს სსრ არქიტექტორთა კავშირის მუშაობაში. კერძოდ, 1930-იან წწ. იყო გამგეობის წევრი და საცხოვრებელი სახლების სექციის თავმჯდომარე. სწორედ მან გააკეთა ძირითადი მოხსენება   სრულიად   საქართველოს   არქიტექტორთა   მე-2 ყრილობაზე    თემაზე –
„სამშენებლო საქმის გაუმჯობესების ამოცანებზე საქართველოს სსრ“-ში.

009
010
011

1945 წ. მიხეილ ნეპრინცევს მიენიჭა საპატიო წოდება „საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის საპატიო მოღვაწე“, 1946 წ.  იგი დააჯილდოვეს „შრომითი წითელი დროშის ორდენით“, ხოლო, 1949 წელს - მედლით „კავკასიის თავდაცვისათვის“. აქვე უნდა აღინიშნოს „საპატიო რკინიგზელის“ სამკერდე ნიშანი, რომელიც მას მიანიჭეს 1953 წ., რა თქმა უნდა, მისი მნიშვლელოვანი ღვაწლის გათვალისწინებით სარკინიგზო მშენებლობის საქმეში.

012

არქიტექტორის შემოქმედებაში შეიძლება გამოვყოთ სამი პერიოდი: 1902-17 წწ., როდესაც იგი აპროექტებდა და აშენებდა სხვადასხვა „სტილით“, როგორც ეს ეკლექტიზმის ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი, ამავე დროს, აქტიურად ნერგავდა იმხანად ახლად შემოსულ „მოდერნის“ სტილსაც; 1922-32 წწ. იყენებდა კონსტრუქტივიზმის კომპოზიციურ ხერხებს; შემდეგი პერიოდი კი ხასიათდება კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ფორმების გამოყენების ტენდენციით. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ინტერესს  წარმოადგენს თვით მ. ნეპრინცევის   გამონათქვამები მისივე შემოქმედების შესახებ. კერძოდ, იგი თვლიდა, რომ  აღზრდილი იყო   მსოფლიო კლასიკური არქიტექტურის ნიმუშებზე, 1922-32 წწ., მისივე სიტყვით, „ის მიჰყვა საერთო ტენდენციას“ და რიგ პროექტებში გამოიყენა კონსტრუქტივისტული დაგეგმარების მეთოდები. ამავე დროს, აღნიშნავს  იმასაც, რომ მან აითვისა ყველაფერი ის დადებითი (ფუნქციუნალიზმი, მოცულობა, სიმარტივე, პროპორციულობა და სხვ.) რაც მისთვის შეეძლო მიეცა კონსტრუქტივიზმს, განსაკუთრებიდ ჩვენთვის საინტერესოა მისი გამონათქვამი შემდგომი პერიოდის ანუ ეროვნული მემკივდრეობის ფორმებისა და ხერხების ათვისების შესახებ – „Работая постоянно в столице Грузии, г. Тбилиси, я естественно в своих проектах иду по пути освоения богатого архитектурного наследия грузинского народа и стараюсь добиться национальной, а иногда специфически тбилисской выразительности, применяя переработанные в духе современности мотивы грузинской архитектуры прошлого, в основном на базе классического наследия, как грузинской, так и архитектуры Греции и  Рима“. ასე, მისი აზრით „запроектированы мною дома: треста „Чай-Грузия“; защитный павильон над домиком тов.Сталина; Учительский институт в г. Гори; жилой дом Грузнефти; отчасти ТБИЖТ и др.“.

013

ორმოცდაათწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში მიხეილ ნეპრინცევმა შეადგინა 150-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობის პროექტი, აქედან 70% აშენებულია. ეს არის საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, რკინიგზის სადგურები, სკოლები, ინსტიტუტები, კლუბები, თეატრები, საავადმყოფოები, ხიდები, დასახლებული ადგილების დაგეგმარების პროექტები. აქედან  გამომდინარე, გასაგებია, რომ ერთ სტატიაში შეუძლებელია აისახოს ყველა მის მიერ შედგენილი და განხორციელებული პროექტი, ამიტომაც შევეცადეთ წარმოგვედგინა (ქრონოლოგიურად) ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი. ჩვენი აზრით, ასეთია: რკინიგზის სადგურები ჯულფაში და ნახიჩევანში (1904-08 წწ.); სარიყამიშში (1907-10 წწ.); ტუაფსეში (1909–10 წწ.); სომხური სემინარიის ყოფ. შენობა თბილისში (პ. სააკაძის მოედ., 1; 1911 წ., არქიტექტორ პ.ზურაბიანთან ერთად); თბილისის რეალური სასწავლებლის ყოფ. შენობა (უ. ჩხეიძის ქ., 8, 1912 წ.);  „ტიფლისკოე სობრანიეს“ საზაფხულო კლუბის შენობა (მდებარეობდა ახლანდელი „ვარდების ბაღის“ ტერიტორიაზე, დავით აღმაშენებლის პრ., 73), რომლის პროექტსაც მიენიჭა პირველი პრემია საქალაქო კონკურსზე 1910 წ.; თბილისის ცენტრალური სატელეფონო სადგურის და ტელეგრაფის შენობა ( 1912,  მდებარეობდა  ახლანდელი  სასტუმრო „რადისონის“ (ყოფ. „ივერიის“) მახლობლად, რომელიც 1970 წ. სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით დაანგრიეს); საცხოვრებელი სახლები თბილისში ( ა.ჭავჭავაძისის I ჩიხი, 3 ; 1913-14 და ინგოროყვას, 20 ; 1914 წ.); ყოფ. კავკასიის მუზეუმის შენობა (მშენებლობა დასრულდა 1917 წ., ამჟამად ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი); ყოფ. მეფისნაცვლის სასახლის რეკონსტრუქცია, კერძოდ,  წითელი დარბაზის ეროვნული პარლამენტის სხდომათა დარბაზად გადაკეთება (1917-21 წწ.); ტიპური საცხოვრებელი სახლები ბათუმის პორტის მუშებისათვის (1927 წ.); თეატრი ცხინვალში (ყოფ. სტალინირი), 1931-32 წწ., არქიტექტორ ვ. იაკუბოვიჩთან ერთად; რკინიგზის სადგური კელასურში (სოხუმთან; 1935–36 წწ.); დაცვითი პავილიონი ი. სტალინის სახლზე გორში (1938 წ.); პედაგოგიური ინსტიტუტი გორში (1939 წ., არქიტექტორ ნ. ფარემუზოვასთან ერთად);  თეატრი ზუგდიდში (1941-46 წწ.); დასასვენებელი სახლი ამიერკავკასიის რკინიგზის თანამშრომელთათვის გაგრაში (1948 წ., თანაავტორი – არქიტექტორი ნ. ნეპრინცევი–შვილი); რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი თბილისში (1937-56 წწ., თანაავტორი – არქიტექტორი ნ. გლაზკოვი, ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი); ე.წ. „საქართველოს ჩაის“ შენობა (1939-50 წწ.); ტრესტ    „საქნავთობის“ ადმინისტრაზიული შენობა (1941წ, 1946-51 წწ., თანაავტორი – არქიტექტორი ნ.გლაზკოვი), ტრესტ „საქნავთობის“ საცხოვრებელი სახლი (1940-41 წწ., 1946-50 წწ., თანაავტორი – არქიტექტორი ნ. გლაზკოვი (ყველა – თბილისში მდებარეობს, კოსტავას, 59, 65, 67); რუსთავის მარცხენა ნაპირის დაგეგმარების გენერალური პროექტი (1945 წ., თანაავტორები – არქიტექტორები დ. მელიქიშვილი და ლ. ქობალაძე); რუსთავის მარჯვენა ნაპირის დაგეგმარების გენერალური პროექტი (1949-50 წწ., არქიტექტორებთან ი. ჩხენკელთან და დ. მელიქიშვილთან ერთად); კულტურის სასახლე თეატრითურთ, 750 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით რუსთავში (1950-55).

014

ამას შეიძლება  დაემატოთ, აგრეთვე,  განუხორციელებელი პროექტები, კერძოდ, მუხრანის ხიდის პროექტი თბილისში (1904 წ., ინჟ. კარელინთან ერთად); თბილისის ფოსტამტის, მ. ნეპრინცევის სიტყვით  „გრანდიოზული“ შენობა ( 1914 წ., უნდა აშენებულიყო რუსთაველის პრ., დაახლოებით ახლანდელი სასტუმრო „რადისონის“ მახლობლად); გლეხთა საადგილმამულო ბანკის პროექტი (1913-14 წწ.); თბილისის III ვაჟთა გიმნაზიის პროექტი (1914 წ.), სამივე შენობის მშენებლობა იყო შეჩერებული I მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით; მოზარდ მაყურებელთა თეატრი 500 ადგილიანი დარბაზით თბილისში (1929 წ.); სანატორიუმი გაგრაში (1934 წ.), საცხოვრებელი სახლები ე.წ. „АТК“ დასახლებისათვის ქუთაისში (1936 წ., ინჟ. პ.მამრაძესთან ერთად); საქართველოს სსრ მთავრობის მთავარი (წინა) კორპუსის საკონკურსო პროექტი (1946 წ.).

015

არქიტექტორის უფროსი ვაჟიშვილი – ნიკოლოზ ნეპრინცევი (1903–84 წწ.), ისევე, როგორც მამა, არქიტექტორი იყო. იგი მრავალი შებობა-ნაგებობის პროექტის ავტორია, რომლებიც აშენებული იყო საქართველოს სხვადასახვა რაიონში და, განსაკუთრებით, თბილისში. კერძოდ, ნ. ნეპრინცევი ერთ-ერთი ავტორთაგანია თბილისში გმირთა მოედანზე, შემაღლებაზე მდგარი ცირკის შენობისა (1940 წ.). 1967 წ. მას მიანიჭეს საქართველოს სსრ დამსახურებელი არქიტექტორის წოდება.

016

უმცროსი ვაჟიშვილი – იური ნეპრინცევი (1909-96 წწ.) იყო ფერმწერი და გრაფიკოსი.  ლენინგრადის სამხატვრო აკადემიის დამთავრების  შემდეგ (1934-38 წწ.)  ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლენინგრადში (ამჟამად, სანქტ-პეტერბურგი). იგი იყო სსრკ სახალხო მხატვარი (1965 წ.), სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1970 წ.), სტალინური  პირველი ხარისხის პრემიის ლაურეატი (1952 წ.).

017018

ნეპრინცევები ცხოვრობდნენ საკუთარ სახლში მთაწმინდის ძირში, მამადავითის ქუჩაზე (ამჟამად, მთაწმინდის შეს., 2). 1912 წელს არსებული ერთსართულიანი სახლი  მ. ნეპრინცევის პროექტის მიხედვით  გადააკეთეს (მას დააშენეს მეორე სართული).

019020

სტატია გვინდა დავასრულოთ მიხეილ ნეპრინცევისავე სიტყვით, რომლითაც მან შეაჯერა თავისი ორმოცწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობა ( ეს იყო 1942 წელი ) –
„Итак, вся моя жизнь – работа по специальности, по призванию и работа созидательная. В этом моя удача и, если я не чувствую полного удовлетворения от принесенной человечеству небольшой крупицы пользы, то, во всяком случае, во мне живет сознание не даром прожитой жизни и сожаление о том, что у меня осталось немного времени для дальнейшей работы, ...“.
მიხეილ ნეპრინცევი გარდაიცვალა 1962 წლის  2 მარტს  თბილისში.



ნანახია: 13111-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani