Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ხელოვანის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობის პროცესები (ლევან დავითაშვილი)

There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


მხატვარი ლევან ვიქტორის ძე დავითაშვილი დაიბადა 1946 წლის 29 ოქტომბერს, ყაზბეგის რაიონში, სოფელი სიონი. 1962-67 წლებში ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1968-1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1975 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1980-97 წლებში პედაგოგად მუშაობდა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. მონაწილეობდა, როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გერმანიის, იაპონიის, შვეიცარიის, რუსეთის კერძო კოლექციებში.

ხელოვანის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობის პროცესები
(XX ს-ის 70-80-იანი წწ.)
ნაწყვეტი ინტერვიუდან მხატვარ ლევან დავითაშვილთან (26 მარტი, 2019 წელი)
ხელოვანს ესაუბრა და ინტერვიუ მოამზადა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მარიამ გაჩეჩილაძემ

მ.გ.: ბატონო ლევან, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მძიმე დროის, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში აქტიურად ჩართული მხატვრების მოძიება დავისახეთ მიზნად,  მხატვართა კავშირს დავუკავშირდით და ვთხოვეთ გაეხსენებიათ ის ხელოვანები, რომლებიც ამ პროცესების უშუალო თვითმხილველნი და მონაწილენი იყვნენ. მათ პირველ რიგში თქვენი გვარი დაგვისახელეს და, სწორედ ამის გამო გთხოვეთ შეხვედრა. ასევე, გვინდა  წინმსწერები პროცესების შესახებაც გვესაუბროთ, ანუ 1978 წლის გაზაფხულზე ქართულ ენასთან დაკავშირებული მოვლენებიც, რომ გაიხსენოთ.

1. regular_detail_image-d0d8e0fc7c0966711b4f01fb6a03a8c1

ლ.დ.: თქვენ რომ დამირეკეთ და შევთანხმდით, შემდეგ დავფიქრდი და გულისტკივილი ვიგრძენი  - ალბათ არ უნდა დაგთანხმებულიყავით, რადგან ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს მოგონება. მერე თანდათან აღმიდგა მეხსიერებაში ყველაფერი და გავაცნობიერე, 30 წელი გასულა... წარმოგიდგენიათ?! დრო კიდევ ისეთი რამ არის, ხელით ვერ შეეხები, ყველაფერს თავის დაღს ამჩნევს -  სულიერს, უსულოს... და ფაქტობრივად, უცებ კლდეს, რომ მიარტყამ  თავს ასე,  მივეჯახე ერთბაშად ამ ოცდაათ წელს. რამდენი დრო გასულა და ჩვენ მაინც თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნით. არადა მაშინ, სულ სხვა იმედები გვქონდა და სხვა ემოციებზე ვიყავით აწყობილები, რომ - ჰა, ჰა და ხვალ ყველაფერი კარგად იქნებოდა...  სამწუხაროდ თბილისში 1990-იან წლებში, ისევ განვითარდა ტრაგიკული პროცესები... ყოველივე ეს კი, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბოლოსდაბოლოს, ალბათ გარემოსთან ურთიერთობაშიც უნდა დავინახოთ  ჩვენი თავი და მოვლენები...  ურთიერთკავშირში უნდა განვიხილოთ ისინი.  ვფიქრობ, ამის გარეშე არაფერი გამოვა. გარდა ამისა ისიცაა, რომ ქართველებს დაკარგული გვაქვს პროპორციის გრძნობა, ემოციებზე უფრო ვართ აწყობილები. ძველ ბერძნებს  პროპორცია საზომ ერთეულად მიაჩნდათ. ასე ვთქვათ, ისევე როგორც წონის საზომი ერთეული - კილოგრამია, მანძილის - კილომეტრი, ტემპერატურის - გრადუსი და  ა.შ. სწორედ ამგვარი საზომია  პროპორციაც. ჩევენ კი, პროპორციის, ზომიერების გრძნობა დაკარგული გვაქვს... და, საკმარისია წონასწორობა დაკარგო დედამიწის მიმართ, მაშინვე დაეცემი! სულ ვიმეორებთ - ნიჭიერები ვართო!.. რა ფრანგი არ არის ნიჭიერი, თუ იტალიელი? სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივედით მსგავს არასასურველ შედეგებამდე... და კიდევ მიგვიყვანს ალბათ. ამიტომ, თუ ყურადღება არ გავამახვილეთ ამაზე და ზომიერება არ დავიცავით, სამწუხაროდ ისევ, იგივე დღეში აღმოვჩნდებით.
მ.გ.: ბატონო ლევან, გთხოვთ გაიხსენოთ ეროვნული მოძრაობის გააქტიურების პერიოდი, თქვენ სტუდენტი იყავით ამ დროს?
ლ.დ.: არა, მე აკადემია 1973 წელს დავამთავრე, ფერწერის ფაკულტეტი. ჩემი ხელმძღვანელი ბატონი აპოლონ ქუთათელაძე იყო, ბრწყინვალე ადამიანი! თქვენს გაჭირვებაზე, რომ შეიძლება ეტირა, მართლა რექტორთა შორის რექტორი. აკადემიის დასრულების შემდეგ გამოფენებში ვმონაწილეობდი, მხატვართა კავშირის წევრიც გავხდი, 1975-ში. შემდეგ ნიკოლაძის სასწავლებელში დავიწყე პედაგოგად მუშაობა. ეროვნული მოძრაობის პროცესებში აქტიურად ჩართული არ ვყოფილვარ. უბრალოდ, როდესაც რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩემს გულწრფელ, პიროვნულ დამოკიდებულებას ვამჟღავნებდი.

2. 360178_original

იგივე, 1978 წლის 14 აპრილს, ენის დღესთან დაკავშირებით, ძალიან მძაფრად წარიმართა პროცესები. მიტინგები მთავრობის სახლის წინ იმართებოდა. მოგეხსენებათ მის მოპირდაპირედ მხატვრის სახლი იყო და ამიტომ, ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. სხვადასხვა ორგანიზაციებს ევალებოდათ ოფიციალურად დაეფიქსირებინათ თავისი დამოკიდებულება ქართული ენის სახელმწიფო ენად დატოვება არ დატოვების თაობაზე. აპრილის თვეში  ეწყობოდა ხოლმე მხატვართა კვირეულიც.  შეკრება  მსახიობთა სახლში იყო. და, სწორედ ამ კვირეულზე წამოვჭერი საკითხი (მაშინ მხატვართა კავშირის ხელმძღვანელი ნოდარ ჯანბერიძე, ხოლო პარტორგანიზაციის მდივანი თენგიზ ღვინიაშვილი იყო). გამოვედი სიტყვით და ვიკითხე - რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას-თქო?! დრო იწურებოდა, უკვე მეორე დღეს უნდა მომხდარიყო დამტკიცება, დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი - ვეთანხმებოდით თუ არა ქართული ენის სახელმწიფო ენად დატოვების საკითხს. როგორ არაო - მიპასუხა ღვინიშვილმა - ჩვენ შევიკრიბეთ და დავადგინეთო...  ამ დროს შეკრებილან ძველი ჩეკისტები... და ვიღაც-ვიღაცეები და მიიღეს დადგენილება, რომ ჩვენ ვეთანხმებით ამ შემოთავაზებულ წინადადებასო. მე ვუთხარი - ამათ ვინ ეკითხებათ-მეთქი. უნდა გაგემართათ შეხვედრა და დადგენილება  დიდი მასშტაბით განხილვის შემდეგ უნდა მიიღოთ-თქო! ეს ბატონ თენგიზს მივმართე და მიპასუხა - არა, თქვენ თუ რამე საწინააღმდეგო გაქვთ, პირადად დაწერეთ და მოგვაწოდეთო. მე ვუთხარი - ჩემზე კი არ არის აქ ლაპარაკი, ეს საერთო გადაწყვეტით უნდა მომხდარიყო-თქო. მერე  ჩემთან გოგი ოჩიაური მოვიდა და მითხრა - გირჩევ, არ გინდა ასეთი აქტიურობაო. რამე უსიამოვნებას შეიძლება  გადაეყაროო. დაზუსტებით ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძე ორჯერ იყო  მოსკოვში და არაფერი გამოვაო. ვუპასუხე, რომ მე ასე არ ვფიქრობდი და ვერ დავეთანხმებოდი. იმ შეხვედრაზე ფატობრივად ხმამაღლა მარტო მე გამოვხატე უარყოფითი აზრი. სხდომის შემდეგ თენგიზ ღვინიაშვილმა მითხრა - აი ხომ ხედავ დონ კიხოტივით დარჩი, რა აზრი ჰქონდა შენ აქტიურობასო, არავინ მხარი არ დაგიჭირაო! არადა მერე, დადებითად, რომ გადაწყდა ყველაფერი საგანგებოდ მოვიდა და მითხრა - გილოცავთ, თქვენმა პოზიციამ გაიმარჯვაო!
რაც შეეხება 1989 წლის აპრილის მოვლენებს... მაშინ მე, მხატვრის სახლში საღამოობით მხატვრების შეკრებებს ვუძღვებოდი. მხატვართა კავშირის ფონდის თავმჯდომარე გენო გელაშვილი იყო. იგი  ნამუშევრების შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფდა ხოლმე, ვთქვათ 400-500 მანეთს. ეს კი გვყოფნიდა - შიშველი ნატურის დასაქირავებლად და ორი საათი ვმუშაობდით. მე გენოსთან ახლოს ვიყავი და საღამოების ორგანიზებას ერთად ვახდენდით. ვიკრიბებოდით მხატვრები ვხატავდით და თან ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ბუნებრივია, მიმდინარე პროცესებზეც. ძალიან ბევრი ხელოვანი მოდიოდა - გიგლა ფირცხალავა, ზურაბ ნიჟარაძე... სხვადასხვა თაობის მხატვრები, ზოგი ისეთიც, ვისაც აკადემია ქონდა დამთავრებული, მაგრამ მხატვართა კავშირის წევრი არ იყო. ეს მართლაც ძალიან კარგი იყო. ნატურის საშუალება ყველას არ ჰქონდა. შიშველი ფიგურა იდგა, ჩვენ ვმუშაობდით. მოგეხსენებათ ხატვა მოყოლით არ ისწავლება, ნატურაზე უნდა იმუშაო, ხატვას - პროცესში სწავლობ. ამის შემდეგ იწყებ განვითარებას. როგორც აკადემიაში... აკადემიაში ბატონ ედმონდ კალანდაძეს ძალიან კარგი  მიდგომა ჰქონდა, ისიც ჩვენთან ერთად ხატავდა. ამ ჯგუფშიც ეს იყო მთავარი.
ამ დროს მხატვართა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი ელგუჯა სანადირაძე იყო. მოვიდა ჩემთან და მითხრა - ლევან ამ დღეებში ახალი არავინ შემოუშვაო. მართლაც, მოაწყდნენ უცხო მხატვრები, ისეთები ვისაც მანამდე ჯგუფში მუშაობის სურვილი არასოდეს გამოუხატავს. როგორც მოგვიანებით მივხვდი მათ აინტერესებდათ ჩვენ რას ვიტყოდით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე ყველა ახალ მომსვლელს ვეუბნებოდი, რომ ელგუჯას მოთხოვნა იყო სამუშაო ჯგუფი აღარ გაზრდილიყო. და ეს ადამიანები, როგორც მანამდე, მოვლენების დასრულების შემდეგაც აღარ გამოჩენილან. როგორც ვიცით მხატვართა სახლი ტერიტორიულად ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც მიტინგები იმართებოდა. ბუნებრივია, დროდადრო გვიხდებოდა იქ ყოფნაც და ჩვენი პოზიციების გამოხატვა.
9 აპრილს - როცა  ეს კონკრეტული რბევა განახორციელეს, მე და ჩემი მეგობარი ნიკო ედიბერიძე, იქ, გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. ნიკო ჩემი კოლეგა იყო, სასწავლებლიდან ერთად მოვდიოდით. აკადემიაში მინა-კერამიკის ფაკულტეტი დაამთავრა. იმ საღამოს ძალიან ციოდა... გვიანობამდე შემოვრჩით. გამოაცხადეს - პატრიარქი მოვაო! პატრიარქმა, რაც მოუწოდა ხალხს ეს ყველამ იცით... მერე ითქვა - ისევ, სთხოვენო, მაგრამ იგი შიგნით შევიდა და  შეყოვნდა. ნიკოს ვუთხარი - რაღაც დააგვიანა, ეტყობა იქ შეაყოვნეს-მეთქი... ამასობაში კი,  ჯარი წამოვიდა... და რომ წამოვიდნენ მე  მათ წინ აღმოვჩნდი და პირდაპირ შევხედე... ძალიან მეუცნაურა ამ ჯარისკაცების შეშინებული გაციებული თვალები. სულ ახალგაზრდები იყვნენ, ბავშვები ფაქტობრივად. დამფრთხალი, გაფართოებული თვალები ჰქონდათ. მერე როგორც გავიგე მათ სამხედრო ოპერაციის წინ რაღაც წამალს აძლევდნენ, ზომბირებულები ხდებოდნენ და ეგ მენიშნა, თან ფარებზე უხათქუნებდნენ ნიჩბებს, რომ შევეშინებინეთ. (ილ. 1,2)
ასეთი რამ დამამახსოვრდა - ჩემს წინ ერთი ბიჭი იდგა გავარდა და ჯარისკაცს ჩაჩქანი მოაძრო, გამოსტაცა, სწრაფად დაიხურა და  დაუპირისპირდა...  უცებ, გვერდიდან გოგონა გამოვარდა და იყვირა - что вы делаете ребята?! - ამ დროს  ერთმა ნიჩაბი ჩაცხო და გოგონა იქვე ჩაიკეცა. მე  კარატეში ვვარჯიშობდი, ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, მივარდი ეგრევე ხელში ავიტაცე და შევყვირე - Дайте дорогу! უცებ ისე მოხდა, თითქოს შეეშინდათ თუ... რა იყო არ ვიცი, ჯარი გაიყო. როგორღაც გამოვაღწიე და გოგონა მხატვრის სახლში შევასვენე. პირველ სათულზე ხელმარჯვნივ, უკვე ლაზარეთი იყო მოწყობილი. მე ვეღარ შევედი იქ... ვიკითხე რა მოუვიდა-მეთქი?! ჯერ თქვეს კარგად არისო, არადა სისხლი გადმოსდიოდა, ქურთუკი სისხლით მქონდა მოსვრილი... მერე მითხრეს, რომ გარდაიცვალა... როგორც მოგვიანებით გამოირკვა ეს საწყალი აზა ადამია იყო.
ალბათ ნანახი გაქვთ იმ ღამის ამსახველი კადრები, გოგონა ცეკვავს - ეკა ბეჟანიშვილი. იგი ჩემი დის ნათლული იყო. ეკას მამაც და მამიდაც ჩემთან ერთად სწავლობდნენ და ახლო ურთიერთობა გვქონდა. მაშინ მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო, ისიც დაიღუპა...
შემდეგ იყო სობჩაკის კომისიის კვლევები, დაკითხვები მიდიოდა. გამომიძახეს როგორც მოწმე. მკითხეს - იმ დროს სად იდექითო? საინტერესო ის იყო რომ -  რუკას რომელსაც  აჩვენებდნენ, ქუჩის  მონახაზზე იყო მხატვრის სახლი და წინ, გზის პირზე მთავრობის სახლი. მე ვუთხარი, რომ ეს არა არის მეთქი სწორი! გაიკვირვეს - როგორო? როგორ და მთავრობის სახლი უკან არის მეთქი და მის წინ საფეხმავლო ფართობია-თქო. ალბათ, ამით ტრაგედიის მნიშვნელობა მცირე მასშტაბით უნდოდათ ეჩვენებინათ. შემდეგ მკითხეს - თქვენ ეს საიდან იცითო. მე ვუთხარი - მხატვარი ვარ და პროპორციაში ვერკვევი-მეთქი. მე აი აქ ვიდექი-მეთქი  და  საფეხმავლო ადგილზე მივუთითე. ანუ ავუხსენი, რომ ჩვენ გზას კი არ ვკეტავდით, არამედ  შიგნით ვიყავით, საფეხმავლო ტერიტორიაზე. იქ ქალებიც იყვნენ და მე წინა რიგში დავდექი რომ დამეცვა ისინი, კარატეში ვიყავი ნავარჯიშები-თქო. მერე ამათ უარყოფითად გამოიყენეს ჩემი ნათქვამი და დასკვნაში ჩაწერეს - „ძლიერი და აგრესიული ბიჭები წინ დადგნენო“. და ეს იმიტომ რომ, ჩვენ როგორც აგრესიის განმახორციელებლები ისე წარმოვედგინეთ. აი ასეთი უსამართლობა და განუკითხაობა იყო. რა ვიცი ეს ინფორმაცია თუ რამეს მოგცემთ...

მ.გ.: ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც უშუალო თვითმხილველის მოგონება იმ საშინელ ღამეზე. იქნებ მანამდელიც გაიხსენოთ, რადგან მიტინგები კარგა ხანი მიდიოდა და ნებით თუ უნებლიეთ მოვლენების ეპიცენტრში იყო მხატვრის სახლი. როგორი იყო წინა დღეები მხატვრების წრისთვის.
ლ.დ.: სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, იმ პერიოდში მხატვართა კავშირში ძალიან ბევრი ე.წ.  ჩეკისტი იყო შეყრილი. მხატვარი ისეთი მოვლენაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესს გულსგარეთ ვერ გაუშვებს და ალბათ ამიტომ შემოუშვეს უფრო სპეცსამსახურის ხალხი. დიმა თაყაიშვილი ღიად, ხუმრობით ამბობდა კიდეც - где мой чекист, где мой чекист. ერთი იყო, ბავშვობაში გაიმარჯვა დელიში, რაღაც მსოფლიო სპორტული შეჯიბრი იყო და შემდეგ „დაავერბოვკა“ კაკებემ, რაღაც მეთოდი ჰქონდათ ასეთი... უკვე ტანკები შემოსული იყო და გმირთა მოედანზე  ჯარისკაცები იდგნენ, ჩემმა მეგობარმა ავთო პოპიაშვილმა აპარატით ფოტოების გადაღება დაიწყო. მოვარდა ერთი  ჯარისკაცი და ფირი ამოაღებინა. ავთოს რაღაცნაირად მაინც მოუხერხებია გადამალვა, ჯიბეში ჩაუდია და დარჩენია. მერე მეუღლეს გაურეცხია და დაიკარგა ეს კადრებიც.
ამ მოვლენების შემდეგ რაღაც სხდომა იყო მხატვართა კავშირში და იქ  გამოვედი. ცოტა აგრესიული სიტყვა გამომივიდა.  ჩემი აზრი დავაფიქსირე და ვთქვი, რომ რაკი  მთავრობა ამ ტრაგედიის მიმართ საკმარის ადეკვატურობას არ იჩენდა, ჩვენ თვითონ დავწერდით და ხალხში  გავავრცელებდით პროკლამაციებს... ცოტა მეტად ვიაქტიუროთ-მეთქი. მეორე თუ მასამე დღეა და სასწავლებელში დარეკეს, მე და ავთო დაგვიბარეს მხატვართა კავშირში. მივედით იქ და გვთხოვეს, დაგვეწერა განცხადება, რომ  მონაწილეობას არ ვღებულობდით ამ მოძრაობაში. როგორც მერე გავიგეთ, თურმე  ჩვენი ხელწერა აინტერესებდათ. ანუ უნდოდათ შედარება - თუ რამე გავრცელდებოდა ჩვენგან იყო თუ არა ეს წამოსული. წარმოგიდგენიათ აი, ეგეთი ფანტასტიკური რაღაც...  მოკლედ მუშაობდნენ.  ასე იყო მიღებული იმ სახელმწიფოსთვის და შესაბამისად იქცეოდნენ.
მ.გ.: ფაქტობრივად ამ მოვლენიდან დაიწყო კიდეც საბჭოთა კავშირის დაშლა. უღრმესი მადლობა ბატონო ლევან, შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ.


P.S. ფოტოები აღებულია საიტიდან:
https://www.novayagazeta.ru/articles/2018/02/11/75475-noch-posle-rassveta
https://shimerli.livejournal.com/838945.html

 


 


ნანახია: 7258-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani