Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ხაზით... ორნამენტით მოყოლილი ამბები სვანეთი

There are no translations available.

ნინო წერედიანი
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი;
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ეთნოლოგი


სვანურ ხალხურ დღეობათა აღწერის, კალენდარულ სისტემაში მოყვანის, მათი ფუნქციის, შინაარსის, რიტუალებში ქალის და მამაკაცის როლის განსაზღვრის, საკრალური პურების,  საკრალური რიცხვების,  საკრალური სივრცის და დროის… გააზრებით და გათავისებით,  ვიფიქრეთ, ნაამბობის და გაგონილის სახვითობის ხაზში, ორნამენტულ  დეკორში გააზრების აუცილებლობაც.
დარწმუნებული ვიყავით, რომ ყველა ის ამბავი, რასაც სულიერი კულტურა რიტუალური წეს - რიგით გვიყვებოდა სვანეთში, უცილობლად აისახებოდა სვანური სახლის ორნამენტშიც - ყველა იმ ხაზსა თუ დეტალში, რომელიც კვეთილი იყო გომურის ტიხრზე, ავეჯზე, სამუშაო თუ საბრძოლო იარაღზე, სვანეთში აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე და, რაც მთავარია, საკრალური პურების საჭრელებელ „დაგებზე“ აღნიშნული.
მცდელობა იმაზე მეტის მომტანი აღმოჩნდა, რასაც ველოდით. წინამდებარე გამოკვლევა რამდენიმე მათგანის წარმოჩენას ისახავს მიზნად.
პირველ რიგში, წარმოგიდგენთ ორნამენტს, რომელიც მივიღეთ სვანური საცხოვრებელი სახლის გეგმით და შიდა სივრცის დანაწილებით.
სვანეთის საერო არქიტექტურაში არსებობს „ლუშნუ ქორის“ (საცხოვრებელი სახლის) ორი ტიპი. პირველი - ეს არის ქორ, რომელსაც შესასვლელიც და სალოცავი სარკმელიც აქვს აღმოსავლეთის მხარეს. მეორე კი - ქორ, რომელსაც შესასვლელიც და სალოცავი სარკმელიც არ აქვს აღმოსავლეთის მხარეს. პირველს ჩვენი წინაპრები ეძახდნენ „ლემèრსგვენ ქორს“ (სახლი სამარჯვენე), მეორეს - „ლემèრთენ ქორს“ (სახლი სამარცხენე)
ლემèრთენე სახლში შესვლისას, მარცხენა მხრიდან გიწევდა სახლში შესვლაც და სახლიდან გამოსვლაც. ანუ, წრე კერის ირგვლივ იკვრებოდა მარცხნივ. შესაბამისად, სახლს ერქვა „ლემ’რთენ ქორ“. ხოლო, „ლემ’რსგვენ ქორის“ შემთხვევაში პირიქით - კერის შემოვლა ხდებოდა მარჯვნივ და სახლს ერქვა სამარჯვენე სახლი („ლემèრსგუენ ქორ“)
მთელს საქართველოში მარჯვნით, გამარჯვებით სვლის სურვილი პირველ, მისასალმებელ,  სიტყვაშივეა და ეს სიტყვა გახლავთ „გამარჯობა“. სვანეთში ამ შინაარსის სიტყვაა „ხოჩა ლადაღ“.  „ხოჩა ლადაღშია“. „ხოჩა ლადაღ“ გამარჯობას, წარმატებულ დღეს და, ამით, გამარჯვება - გახარებას ნიშნავს - კარგია ასეთი დღე და ამიტომ. სწორედ ეს კონტექსტი და  სურვილი გახლავთ „წაღმის წესიც“ - ყველაფრის გამარჯვებით ყოფნის საკრალური წესი.
სვანეთში ეს წესი ფუძის ქვაკუთხედად არის გადაქცეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ლემèრსგვენ ქორ“, როგორც ტერმინი და როგორც შენობა, ბუნებაში არ იარსებებდა ისევე, როგორც „სამარცხენე სახლი“. ამიტომ, სახლის ასეთად აშენება „წაღმის წესის“ პრინციპზე იყო გათვლილი, რადგან ეს იყო ოჯახის ასეთად ყოფნის უპირობო პირობაც ანუ საკრალური წესი.
სახლები, სადაც დაცულია „წაღმით სვლა“,  ვფიქრობთ, ადრეულია და ამიტომაც, საკრალურ - რელიგიური ფუნქციით უნდა იყოს დატვირთული. ასეთი პრინციპი მთლიანად წაშლილია თანამედროვე სახლებში, რაც აღნიშნულის გამამყარებელ  გარემოებად უნდა ჩაითვალოს.
„ წაღმის წესით“ სახლის შენების პრინციპი ჩვენთვის გახდა კვლევის მნიშვნელოვანი დეტალი. მისით ლემზირებთან ერთად ვიპოვეთ ის გასაღები, რითაც გაცხადდა სვანური საცხოვრისის, როგორც ასეთის, არსებობის მიზეზიც და რელიგიური შინაარსიც.
დღეს მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იმ მსოფლმხედველობით, რითაც სვანეთში ხალხური ყოფა და სულიერი კულტურა არსებობდა, სვანური საცხოვრებელი სწორედ ეს და ამგვარი უნდა ყოფილიყო, და არანაირად სხვა ფორმის და დანიშნულებისა - მხოლოდ „ლუშნუ ქორ“ და მასთან ორგანულად შეზრდილი სამსართულიანი კოშკი - „მურყუამი“. ისეთი, როგორიც თავდაპირველი სვანური ციხე - სახლი ანუ „სვინირიანი სახლია“.
სხვა მრწამსის და გემოვნების შემთხვევაში  საცხოვრისიც სხვაგვარი იქნებოდა თუმცა, ვხედავთ რომ სხვანაირი არც არის. სხვა საცხოვრისში ვერც ერთი ის დღესასწაული ვერ აღესრულებოდა, რაც არსებობს სვანეთში საწელიწადო კალენდრის სახით და არც ეს დღესასწაულები შეიქმნებოდა, რომ არა შესაბამისი ფუნქციური და საკრალური ადგილი.
„ლუშნუ ქორ“ ამით და ამიტომ არის
1.    ადამიანის საცხოვრებელიც
2.    საქონლის სამყოფიც
3.    საბრძოლოც
4.    სოციალურიც და
5.    რელიგიური დანიშნულების სწორედაც ერთი მთლიანი და სრული კომპლექსი.
„ლამèრთენ“ ანუ სამარცხენე  ქორში შინას სივრცის მხარეთა განლაგება უსისტემოა. შესაბამისად, არეულია მისი რელიგიური და მასთან ორგანულად დაკავშირებული საბრძოლო თუ სოციალური ფუნქციებიც.  
სახლს, ასეთ შემთხვევაში, რჩება მხოლოდ ადამიანისა და საქონლის საცხოვრებლის დანიშნულება. მისი  საკრალურ - რელიგიური ფუნქცია მოშლილია იმ უმთავრესი პრინციპის დარღვევის გამო, რაც მას საკრალურ და რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებს, თორემ, ისე, ამ სახლშიც აღესრულება საწესო წესები.  აქ საკითხავი მხოლოდ ერთია -  რამდენად ხდება ეს წესები „დალოცვილი“ და სწორად „წარმართულ - ასრულებული“
„ლუშნუ ქორ“ ოთხკუთხა დაგეგმარებისაა. შესაბამისად, მისი გეომეტრიული ჭრილი ოთხკუთხა ფუძეა. სახლის სივრცე დანაწილებულია ადამიანსა და საქონელს შორის. გარდა ამისა, დანაწილებულია სქესთა შორის - მდედრის მხარესაა მდედრობითი სქესის საქონელი და პირიქით. მამრის მხარესაა: ქაა ყველფ - შინაში შესასვლელი მხარე, ლაâêან - სახარე, ყðრ - კარი, ლêნნôნìლ - თივის ჩამოსაყრელი ადგილი, ლამზèრ ლაâçრა- სალოცავი სარკმელი, ლეღუჟმìრ - მამაკაცების მხარე, კაცხìშ - ადგილი, სადაც მახვშია თავის საუფროსო სკამით დაბრძანებული - მამაკაცთა  სივრცის თავში, ტèრბეზ - კერასა და სალოცავ სარკმელს შორის მოთავსებული ადგილი //კაცხêშ, სამეურნეო იარაღი, საბრძოლო იარაღი... ანუ, ყველაფერი ის რაც „მათი საქმეა“ - მამაკაცის ბუნების გამომხატველი და ბუნებითი უნარის წარმომჩენი თუ  შესაბამისი.
მდედრის მხარესაა: ლêფურ - საძროხე, კერა - კერია პურის საცხობი, ყçერბ - მუდმივი ცეცხლის ადგილი, კა çეშგიმ - კერის უკანა მხარე, ლეზურìლ- სადიაცო, სგì ყველფ -  ყვერბის (კერის) შიდა სივრცე, ლამìრა - სამზადი, გçემ - მარცვლეულის და ადამიანის სარჩოს შესანახი ადგილი - წმინდა გუიზის (საკრალური ფქვილის) ადგილი. რძის პროდუქტების მოსამზადებელი ჭურჭელი, ქალის ხელსაქმის ნივთები, პურისა და საკვების მოსამზადებელი ჯამ - ჭურჭელი და, რაც ყველაზე მთავარია, დიაცთა მხარესაა წყვილთა ლოგინი...ანუ, ყველაფერი ის, რაც მდედრის ბუნების შესაბამისია და მისი არსის წარმომჩენი.  
ახლა, ეს ყველაფერი გადავიტანოთ ხაზში და მივიღებთ სახლის უმარტივეს გეგმას (სურ -1 1;2;3;4;5;6;)
წარმოდგენილი პირველი ორი გრაფიკული სქემით  გვაქვს კარით და კედლით გაყოფილი ოთხი სივრცე: სახარე, საძროხე, სადიაცო, მამაკაცთა მხარე. (სურ. 1 – 1; 2) მეორე ორი სქემით -  კერით გაყოფილი შინას // „ყველფის“ ოთხივე სივრცე: კა çეშგიმ - კერის უკანა მხარე, კაცხêშ - კერის თავი - ადგილი (კêცხ - სათავე, წვერო), სგì ყველფ - შინას შიდა სივრცე, ქì ყველფ - შინას გარე სივრცე, რომლებიც კვლავ მდედრობითი და  მამრობითი ბუნების სამყოფად კონკრეტდება  სახლის შიდა სივრცეში (სურ. 1- 3; 4)
მეხუთე გრაფიკაში ვაერთიანებთ კერის ყველა ხაზს და სახელწოდებას. (სურ. 1 – 5) ამ მეხუთე გრაფიკას თუ  სახელწოდებების გარეშე წარმოვადგენთ, მივიღებთ იმ გეომეტრიულ ფიგურას, რომელიც არის „ლუშნუ ქორის“ სივრცითი ხაზიც და გეგმაც. (სურ. 1- 6) სწორედ მის მიხედვით შენდებოდა  და ნაწილდებოდა საცხოვრებელში ყველა და ყოველივე. ეს ხაზი საზღვრავდა ადამიანის ცხოვრების და არსებობის სულიერ თუ ყოფით წესს. წესები გვიქმნიან ამბებს და გვიქმნიან წესად დამკვიდრებულ კულტურას. ფუძის ხაზში კი სამი უმთავრესი გზავნილი აქვთ ჩაწერილი:
1.    ადამიანის საცხოვრისი წარმოადგენს ერთ მთელსა და სრულ სამყაროს. ამ სამყაროს არსებობის და სიცოცხლის გარანტი არის ოჯახი - ქალის და კაცის (ცოლ - ქმრის) ერთობა და ტოლობა.
2.    ამ სამყაროს შემოქმედი და მმართველი გახლავთ ადამიანი: დედა - კაცი და მამა - კაცი.
3.    მაგრამ, ამ თავის სამყაროშიც ადამიანის მმართველი არის უზენაესი, რადგან იგია ყველაფრის შემქმნელი და დამბადებელი, ყველგან და ყველაფერში არსებული, ბუნებით უხილავი და ყოვლისშემძლე, არსი და არა ვინმე ან რაიმე - სახიერი.
დროც და სივრცეც ამ სამის გამო იყოფა სადაგად და საკრალურად; ენაც და ცოცხალი ორგანიზმის ბუნებაც ამავე პრინციპს ექვემდებარება და, საბოლოოდ, ისიც იყოფა - სადაგად და საკრალურად. სადაგი ადამიანისაა, საკრალური კი -   ღვთაებისა. აქ, სხვა რაიმე მესამე, თუნდაც, საშუალო, არც სქესია და არც ამ სქესის აღმნიშვნელი რაიმე უმცირესი ენობრივი თუ ყოფითი კულტურული ელემენტი.
სამყაროს შემოქმედის რწმენა და მსახურება, ამავე დროს, წარმოადგენს ფუძის ანუ ოჯახის სიცოცხლის  და არსებობის უპირობო პირობას. წელიწადში აქ 225 დღეა რელიგიური შინაარსით.
სახლში, როგორც ფუტკრის სკაში, ყველაფერი წესსა და კანონს ემორჩილება, მაგრამ, ამავე დროს, ის თავისუფალია, თავისუფალი მორჩილებაშიც კი. აქ არავინაა სხვისი ბატონი. პატრონის რაოდენობა კი განუსაზღვრელია.
ფუძის ამბებს სრულად წერს და გვაკითხინებს ხალხურ რელიგიურ დღეობათა საწელიწადო კალენდარი, სოციალური ურთიერთობები ოჯახში და ოჯახს გარეთ, ენა - სადაგი და საკრალური; სამართალი, უმდიდრესი ფოლკლორი, მატერიალური კულტურა, არქიტექტურა, სახლის ინტერიერი და მისი აღკაზმულობა - ზნეობის და ქცევის დაუწერელ კანონებთან ერთად. ეს ყველაფერი კი - სულით ნაწრთობი და ბუნებით დანახული ნაკარნახევი გემოვნებაა საცხოვრისის მცხოვრებთათვის.
ოჯახის არსებობის გარანტი ახალი სიცოცხლეა, მამაკაცის ხაზით მავალი. თუ რამის კულტი არსებობს სვანეთში,  ეს  - მამაკაცია. შესაბამისად, მხოლოდ ესაა კულტი - სიცოცხლის კულტი. სხვა დანარჩენი მკვლევართა შემოღებული ტერმინებია ხალხის ნაფიქრის  გასააზრებლად და შესაფასებლად  შექმნილი - და არა სხვა რამ.
შემთხვევით არაა ქართველთა წარმომავლობის აღმნიშვნელ გვართა სუფიქსი  - ძე, ხე, შვილი და იანი... ეს ოთხივე, ფუძის კუთვნილებას და ერთ ოჯახისშვილობას, მის მონაგარს აღნიშნავს. დიახ, ესეთი ვართ ქართველები - ოჯახისშვილები//ფუძისშვილები და მათგან მომრავლებულ - მოშენებული ერი. ესაა ჩვენი იდენტობის თავიც და ბოლოც და რაც ყველაზე მთავარია, სვანური სახლის საცხოვრებელი - „ქორ“ - „მაჩუბი“ - ამითაც  არის „შესაქმის“ ადგილი - საშო მდედრის, სადაც მხოლოდ კარგის შექმნა - დაბადება მოსურვებიათ. თუმცა, კარგად იციან, რომ კარგის გვერდით ავიცაა და მისგან დასაცავად სწორედ ის საკრალური კულტურა ყალიბდება, რომელსაც  ხალხური რელიგია და  წეს - ჩვეულებათა კომპლექსი ერთ მსოფლმხედველობად გვიერთიანებს და წარმოგვიდგენს ერის იდენტობის ყველა ნიშან - თვისებას: სვანეთში საქართველოა, საქართველოში - სვანეთი და თუ რამე იკითხება და ინახება სვანეთში - ეს საქართველოა.
ვფიქრობთ, გასაგებია ფუძის გეგმის ორნამენტად გადაქცევის პირობები და ისიც, თუ რატომ ამოიტვიფრა იგი გომურის ტიხრზე, მარნის კედლებზე და თავხეებზე, კერის აყარზე, სახლის ავეჯზე, საბრძოლო იარაღზე, სალოცავი სარკმლის თავსამკაულზე და ყველა იმ ნივთზე, რომელიც ამ საცხოვრისის შემქმნელ ადამიანს გასჩენია და გამოუყენებია თავისი არსებობის მანძილზე. მათზე ამოიტვიფრა „ფუძის ორნამენტი“ - სიმრავლის, სიცოცხლის და გამარჯვების  ნიშნად თუ გარანტად.
ამიტომ, „ფუძის ორნამენტი“,იმავდროულად, გახლავთ „სიცოცხლის ფორმულაც“ - ადამიანის დროსა და სივრცეში არსებობის უპირობო წესი და ჩვენ, ამ წესთაგან კიდევ ოთხს, არსით უნიკალურს ჩამოვთვლით.
1.    „სიცოცხლე გრძელდება სიცოცხლით“  და ფუძის სიცოცხლე  მთელს საქართველოში, არა მხოლოდ სვანეთში, გრძელდება მამაკაცით.
თუმცა, ეს უკვე ვთქვით, მაგრამ არ გვითქვამს ის, რომ „სვანეთში მამაკაცი ყველაფერია,  ქალის გარეშე კი, არაფერი“ - სვანის, ქართველი მთიელის, საცხოვრისში ჩაწერილი ეს თეზა წარმოადგენს მეუღლეთა ერთობის, მათი ტოლობის, უფლება - მოვალეობებისა და თავისუფლების განმსაზღვრელ უნივერსალურ კანონს. ვიმეორებთ, ეს ჩაწერილია სვანურ სახლში - „ფუძის ორნამენტიც“ ამიტომ გვიყვება აღნიშნულ ამბავს.
2.    „ფუძის სიცოცხლის გარანტი სამყაროს შემოქმედის რწმენა და მსახურებაა“  და ამ თეზისის დასტური ხალხური რელიგიაა, რომლის უმდიდრეს გამოვლინებას სვანეთში ვხედავთ.
სვანეთში რწმენამ და მეტყველებამ დაყო დროც და სივრცეც სადაგად და საკრალურად; მოგვეცა სამყარო - ცათა, სამყარო - ცოცხალთა და სამყარო - მიცვალებულთათვის: აბóìსდ, ამე ბóìსდ, ეჩე ბóìსდ - და დაიკანონა მათი მსახურება ისევ საკუთარი სიცოცხლისათვის.
ესეც წერია კერის წესებში, ხაზად წარმოჩენილ  „ფუძის ორნამენტში“
3.    „ გავაჩინე იმდენი შვილი, რამდენიც ღმერთმა მომცა“
სვანეთში ვერ მოვიძიეთ მუცლადმყოფი შვილის მოშთობის ტრადიცია, მისი მცირედი ფორმით მომცველი წესიც კი და, ესეც წერია კერის წესებით -„ფუძის ორნამენტში“
4.    სვანებმა გინება,  კლასიკური გაგებით“ - არ ვიცით, უფრო სწორად, არ ვიცოდით !!!
აქ საგინებელი სიტყვაა ის, რაც ზნეობრივ კოდექსში არ არის ჩაწერილი. მაგ:  „მუხçნირ“ - ორგული, „ვერი მèქდენი“- ერის მოღალატე, „ღირსება მეკდე“ - უღირსი, „ქçით“ - ქურდი, „მèდგარი“ - მკვლელი და ა. შ.  მსგავსი შინაარსის სიტყვებია საგინებელი და არა სქესის შვიდივე ბრუნვაში ტრიალი.  - ესეც ჩაწერილია კერის ზნეობრივ კოდექსში და ამ ყველაფერს ერთად საიდუმლო ნიშნად კრავს ჩვენს მიერ წარმოდგენილი და მონათლული ხაზი - „ფუძის ორნამენტი“  (სურ. -1  1; 2; 3; 4; 5; 6; 7)
მეორე, რაზეც  გვინდა ვისაუბროთ, გახლავთ „დაგ“ -ზე გამოსახული ორნამენტები
ორნამენტის  შესატყვისი ზუსტი სვანური სიტყვა ვერ მოიძებნა, თუმცა, როგორი ფონემაც არ უნდა იყოს იგი, შინაარსი მისი უნდა მოიცავდეს ჭრას, ჭრით მიღებულ სიჭრელეს - ჭრილ სახეთა სიმრავლეს ან დაღის დასმას, ამოტვიფვრას. შესაძლოა, ეს ყველაფერი აერთიანებდეს წერის შინაარსსაც.  ვინ იცის?! - ცხოვრების და არსებობის წესი საცხოვრებელში ჭრამ და ხაზმა რომ ჩააწერინა სვანეთს, ცხადია.
საგანი, რომლის სახელიც ვფიქრობთ, ორნამენტის შესატყვის სვანურ სიტყვას უნდა უკავშირდებოდეს, გახლავთ „ლადგიêრ“. ეს არის რიტუალური პურების ასაჭრელებელი, ორნამენტირებული, ხის 25 -30 სმ სიგრძის გათლილი ოთხკუთხა ჯოხი, რომელიც სვანეთის მუზეუმის დავთარში გატარებულია „დაგ“ სახელწოდებით. ( სურ. 2)  კვლევამ გამოავლინა, რომ, როგორც „ფუძის ორნამენტია“ ორგანული და აუცილებელი საცხოვრისისთვის, ასევე, აუცილებელია დაგის ყველა ჭრილი ამ ფუძეში სიცოცხლის ხანგრძლივობისა და“წაღმით“ სვლისთვის. სწორედ ამიტომ არის დაგზე ყველა ის ორნამენტი წარმოდგენილი, რომლის ჭრილიც და ფუნქციაც თავმოყრილია „ლემზირში“. შესაბამისად, დაგის ყველა ხაზი ან მთლიანად, ან მისი  უმცირესი დეტალი მაინც, გომურის ტიხრზე და ავეჯზეა გადატანილი. ასე, რომ დაგის ხაზიც  ორნამენტად არის გადაქცეული.
„დაგ-ლადგიარის“ დანიშნულება გახლავთ საღვთოც, სააქაოც და საიქიოც
მათზე მიცვალებულის (საიქიოს) ჭრილად გამოვლინდა მიჯრით ერთმანეთზე მიწყობილი ოთხკუთხედები: ( სურ. 3)
ის, რომ ეს ჭრილი ნამდვილად ეკუთვნის მიცვალებულს, დადგინდა სამი მთავარი გარემოებით: 1. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა დაგს, იქნება ეს მუზეუმში თუ ხალხში მოძიებული, გააჩნია სწორედ ასეთი, ერთი და იგივე სახის მქონე ორნამენტი. 2. სახლის ინტერიერში ეს ჭრილი არ არსებობს - არ შეგვხვედრია დღემდე და თუ არსებობს, ის იქნება აუცილებლად სულისთვის განკუთვნილ ავეჯზე ან ნივთზე გამოსახული.  3. სვანეთში გვაქვს ერთადერთი ოთხკუთხა ფორმის პური, სახელად ცხვინîლ, რომელიც არის მხოლოდ მიცვალებულის კუთვნილი და მისი გრაფიკა ზუსტი ასლია ლადგიარზე დასახული მიცვალებულის ჭრილის. (სურ. 3  1; 2;).
დაგზე დასახული ყველა სხვა ორნამენტი გახლავთ საღვთო, შესაბამისად, სააქაოც, რადგან ლოცვა - ვედრება და დიდება ღვთაებისა, იმთავითვე წარმოადგენს შემწირველისთვის მადლის მიღებას. ამიტომ, დაგის ორნამენტს და არა მხოლოდ მას,ზოგადად ორნამენტს სვანეთში, სააქაო დატვირთვაც გააჩნია საღვთოსთან ერთად.  რიტუალის არსიც ხომ ეს არის?! რიტუალი მიძღვნა - მიგებებას ნიშნავს ადამიანსა და ბუნების შემოქმედს შორის.
ისმის კითხვა - გვხვდება თუ არა „ფუძის ორნამენტი“ დაგზე?  დიახ, გვხვდება, თან ორი ფორმით 1. ჩახაზული ოთხკუთხედში 2. ჩახაზული წრეში. ამავე დროს, წრეში ჩახაზული „ფუძის ორნამენტი“ გვხვდება  „ლამარია  ში ლ’გნე“ ლემზირზეც და პირიქით. (სურ - 4  1;2;3;)
ლემზირის სახელწოდება „ლამარია ში ლ’გნე“ სიტყვა სიტყვით ნიშნავს ლამარიას ხელის ანაბეჭდს - „ლამარიას ხელდასმულ პურს“. ლამარია ჩვენი კვლევით, სვანურ ხალხურ რელიგიაში,  უზენაესი დამბადებლის, პირობითად რომ ვთქვათ, ორეული გახლავთ. „უზენაეს დამბადებელს“ აბარია სამყაროში ყველაფრის დაბადება. მაგრამ, ლამარიას ფუნქცია მასთან შედარებით მოკრძალებულია. ლამარიას კუთვნილია მარცვლეული კულტურა და დედაკაცი. შესაბამისად, მცენარეული შესაწირი და ეს მთელს სვანეთში ასეა. ლამარიასგან განსხვავებით, ბარბოლისაა მეწველი საქონელი, მისი დაცვა და გამრავლება. ბარბოლს არ ეხება დედაკაცი. შვილის დაბადებას ლამარიას ავედრებენ და არა ბარბოლს. კალენდარულად ათვლილი დღესასწაულების თავ - დღეობაც ლამარიასია, რადგან ამ დღესასწაულის სახელწოდების პური, ბიხო, „დაბდაბა ლამარიასადმი“ არის მიკუთვნებულ - მიძღვნილი. საერთოდ, ყველა ლემზირი ლამარიასია. არ არსებობს დღესასწაული, რომელსაც არ იწყებდეს ლემზირი. არ არსებობს დღესასწაული, რომელიც არ იწყება ქალის საქმიანობით. თავად ლემზირის სიწმინდე და ხორბლის  ლემზირად გადაქცევის პროცესის მთავარი მოქმედი პირი ქალია. ამიტომ, ლემზირის სიბრძნეც ქალის და ლამარიას „ნახელავია“ ანუ,  „ში ლèგნე“ე.ი. მისით ხელდასმული.
ხალხური რელიგიის ათვლა  ქალით და „ლამარიათი“ იწყება სვანეთში. შესაბამისად, „ფუძის ორნამენტიც“ ამიტომ ჩნდება „ლამარია ში ლèგნე ლემზირზე.“  ეს კონკრეტულად აღნიშნული ორნამენტის გამო, თორემ, ლემზირი სრულადაა ლამარიასი. შეგახსენებთ, რომ  სახლში სადიაცო მხარეს ჰქვია ლêმìრა - სამზადი. აქ არის კერა და წყვილთა მხარე. აქ ხდება ლემზირთა „ლიმìრეც“ (შექმნა)
კიდევ ერთი საინტერესო ორნამენტი, რომელიც გვხვდება დაგზე, გახლავთ მიჯრით დალაგებული რომბები. (სურ. 5) რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ორნამენტი გვაქვს ადრე შუა საუკუნეების ჭედურ ხატებზე და მას ხელოვნებათმცოდნეები უწოდებენ ლურსმულ ორნამენტს (სურ. 5 -ის 1) იგივე ორნამენტი გვაქვს სვანურ სახლში მარნის ხის კედელზე, მარნის კარის თავზე და არა მხოლოდ აქ. ეს მეორე ორნამენტი არქეოლოგებისთვის კარგად ცნობილი თევზიფხურის ორნამენტია,  ჩემთვის კი - ხორბლის თავთავი.  ამიტომ, ამ ორი ორნამენტის ადგილი ნამდვილად საცხოვრებელი სახლის შინაშია - მარნის კარზე. არც ხატზეა დაგის ორნამენტის ამოტვიფვრა შემთხვევითი. მით უმეტეს, როცა დაგზე გამოსახული ჭრილი გახლავთ საღვთო და გამოიყენებოდა იგი საღვთო ლემზირების საღვთო დღესასწაულზე  დასადაღად. მას „სვანური სკოლის“ წარმომადგენელი ოსტატი უცილობლად გამოიყენებდა  ნაჭედის დამამშვენებლად. მით უფრო, თუკი ხატი ჯგèრìგის და წმინდა მეომრების გახლავთ.
მუზეუმის საინვენტარო დავთარში ერთ - ერთ დაგზე და მის ორნამენტზე მიწერილია განმარტება - „სემიტური ორნამენტი“;  „ებრაული რიტუალი“. ეს განმარტება ეხება სწორედ იმ ჭრილს, რომელიც ჩვენ „ფუძის ორნამენტად“ ამოვიცანით დაგზე, გომურის ტიხრზე, ლემზირზე.
საქმე ის გახლავთ, რომ მუზეუმის გახსნის დღიდან შექმნილი პირველი საინვენტარო წიგნი სრულადაა დაკარგული. მას შემდეგ, 1948 წელს შექმნილ დავთარში ინფორმაცია ჩაწერილია გადმოცემით და ვარაუდით. ამიტომ, ის რაც 1948 წელს არის ჩაწერილი, სრულებით არ წარმოადგენს 1939 წელს შექმნილ დავთრის ინფორმაციას. დაგზე არსებული განმარტებაც, ვფიქრობთ, ამიტომაა მწირი და არეული. პირველ ჟურნალში აუცილებლად იქნებოდა ახსნილი, თუ რატომ იწოდება დაგის კონკრეტული ორნამენტი სემიტურად. ის კი, სამწუხაროდ, ახალ შექმნილ დავთარში არ აისახა და, შესაბამისად, დაკარგულია.
ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, უამრავი მიზეზის გამო, რომლის ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს, მნიშვნელოვანია სვანეთში არსებული სულიერი თუ მატერიალური კულტურის ყველა მიმართულებით ერთდროული და ინტერდისციპლინარული კვლევა, თუნდაც, ეს დაგის ორნამენტის აღნიშნული განმარტებით არსებობის ახსნას ეხებოდეს მხოლოდ. აუცილებელია გავიგოთ, თუ რა ისტორიული საფუძველი აქვს მოცემულ განმარტებას  და რატომ აღმოჩნდა ის ჩვენში ამ ტერმინის სახით!... რას ნიშნავს ებრაული ორნამენტი? ებრაული რიტუალი? და ა. შ. თან, იმ საგანზე, რომლის ჭრილიც  მსოფლმხედველობის და არსებობის (ფუძის ხაზი) ანაბანად არის წარმოდგენილი სვანეთში.
ერთადერთი, სადაც ჩვენ „ფუძის ორნამენტის“იდენტურ ხაზზე კვლევას წავაწყდით, გახლავთ ზურაბ ქაფიანიძის ნაშრომი „კაცობრიობის პირველი ანბანი. შუმერულ - ქართული ასომთავრული. თეიმურაზ მიბჩუანი შუმერულ - ქართული პარალელები. თბ. 2002 წ გვ 7 - 431) . აქ ჩანს, რომ სვანური „ფუძის ორნამენტის“ ზუსტი  ჭრილი „რაჭული ბიქილას“ და  რიტუალური პურის - „ბოჩხუანას“  გრაფიკული ხაზია. ამ გრაფიკაში იწერება ასომთავრულის ყველა ასო - ნიშანი და არა მხოლოდ. სწორედ ამ „ანბანის ფორმულის“ დაყოფით მიიღება ის უჯრები, სადაც თავსდება სემიტური ანბანი და  იქმნება  „სემიტების რვეული“ (დასახ. ლიტ. გვ. 409 – 413)
ჩვენი „ფუძის ორნამენტში“ ასომთავრულივით ამოიტვიფრა  ყველა სვანური, ანუ სვანეთში არსებული ორნამენტი - გნებავთ ხაზოვანი, გნებავთ წრიული და ნახევარწრიული. ამ ხაზში აისახა ნებისმიერი ფორმის და დანიშნულების ლემზირი და მივიღეთ ადამიანის საცხოვრისის, მისი ყოფნა - არყოფნის ხაზით ამეტყველებული კანონზომიერებაც -  კულტურული წეს - რიგი.   
ბატონ ზურაბ ქაფიანიძის კვლევა, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის სათანადოდ შეფასებული, მოგვყავს  აქ ერთადერთი  მიზეზით და მიზნით  - წარმოვადგინოთ „ ფუძის ორნამენტის“ ხაზობრივი იგივეობა „ანბანის ფორმულის“  ხაზთან. ასევე, ამ ხაზის დაყოფით მიღებულ „ სემიტურ რვეულის ხაზთან“, რათა მოვნიშნოთ  მისი ასეთად არსებობის ფაქტიც და  სამომავლო კვლევის მიზანიც.
ამრიგად,  გვინდა თუ არ გვინდა, ხაზი ერთი და იგივეა
1.    ასომთავრულის  ასო - ნიშანთა საერთო ჭრილში
2.    რაჭულ ბიქილაში და ბოჩხუანაში - რაჭაში
3.    „ფუძის ორნამენტში“ - სვანეთში
4.    დაგის ორნამენტში - სვანეთში
5.    „ლამარია შილèგნე“ ლემზირში და ზოგადად,  „ლემზირში“ - სვანეთში
6.     ორნამენტის ამომყვან ფუძე ხაზში -  ესეც სვანეთში

თუ ასეა, მაშინ რა დასკვნამდე მივალთ?
პასუხი ამ კითხვას მომავალში ინტერდისციპლინარულმა და პროფესიულმა კვლევამ უნდა გასცეს.  მე მეტს ამ საკითხზე აქ არაფერს ვიტყვი, მაგრამ ხაზს ანუ ორნამენტს, ადამიანის ყოფნა - არყოფნის კანონები რომ განსაზღვრავს სვანეთში, ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს.  





რეზიუმე:
1.    ორნამენტი, რომელიც განთავსებულია სვანეთში საცხოვრებელი სახლის მთელს შიდა სივრცეში, საოჯახო ნივთებზე და ავეჯზე, საკრალურ პურებსა და საკრალური პურების საბეჭდავ „დაგებზე“, სამეურნეო და საბრძოლო იარაღზე, არქეოლოგიურ არტეფაქტებზე და ა. შ. წარმოგვიდგენს ხალხურ სულიერ კულტურას, მათ მსოფლმხედველობას და რწმენა-წარმოდგენებს სამყაროსა და სამყაროს უზენაეს შემოქმედზე. ასევე - ადამიანზე, როგორც საკუთარ თავზე, უზენაესის მსახურზე  და მიწიერ შემოქმედზე.
2.     სვანეთში ადამიანის საცხოვრისს აქვს „შესაქმის“ ფუნქცია. მას სრულიად ემსახურება სახლის არქიტექტურული სტილიც, ჭრილიც და დანიშნულებაც.
3.     ორნამენტი ხაზად კრავს ამ კულტურულ განაცხადს და პირიქით, ეს კულტურული განაცხადი ქმნის ორნამენტს. იგი იხაზება ყველგან, როგორც საკრალური ნიშანი, სადაც კი სიცოცხლის ხანგრძლივობა და უზენაესის მადლია მოაზრებული.
4.     ფუძის ბალავარი ქმნის „ფუძის ორნამენტს“. სვანურ სახლში არ არის დედაბოძი, არ არის კედლით დაყოფილი შიდა სივრცეები. აქ საცხოვრისი ერთი მთელი და სრული ორგანიზმია - ბიოეთიკის კანონებს დაქვემდებარებული.
5.    სახლის არქიტექტურა რწმენის შესაბამისია. რწმენა-წარმოდგენები კი პირიქით: - რომ არა სვანური სახლის ასეთი განსაკუთრებული და ფუნქციურად დატვირთული სივრცე, არ იქნებოდა ის სულიერი კულტურა, რაც არსებობს დღესასწაულების სახით მთელი წლის მანძილზე სვანეთში.  
6.    სწორედ ეს ყველაფერი თავს იყრის ორნამენტში და გვიყვება საინტერესო ამბებს. ზოგს ახალს, ზოგს გაგონილს, ზოგს ნაკვლევს და ზოგსაც საკვლევს. გვიყვება ამბებს ქართველებზე სვანეთიდან.
7.    არც ერთი ორნამენტი არ გვხვდება სვანურ „მურყვამზე“,  გარდა ერთი ღვთაებრივი ნიშნისა. ეს გახლავთ თაღი, სათოფურებად მონათლული რკალი, რომელიც სვანური ორნამენტის ერთ - ერთ თავისებურებას წარმოგვიდგენს.
8.    და თუ რატომ არ გვაქვს კოშკში ორნამენტი, ამას სწორედ ეს რკალური ორნამენტი და, ზოგადად, ორნამენტის კულტურული სივრცე და დანიშნულება გვიხსნის და გვიკონკრეტებს
9.    თემა ეთნოგრაფიული კვლევაა და  წარმოგვიდგენს „ფუძის ორნამენტს“, დაგის „საღვთო“ და „სულის“ ორნამენტებს, სახავს პრობლემებს და სამომავლო ძიების აუცილებლობას.
10.    კვლევის ერთ - ერთი პრობლემაა „ებრაულ ორნამენტად“ ერთი კონკრეტული ორნამენტის მონათვლა. ასევე, კითხვებზე პასუხის გაცემა: რა კავშირი აქვს  „ფუძის ორნამენტს“ დამწერლობასთან - ასომთავრულთან  ან სემიტურთან.... შეიძლება თუ არა ასე შორს, ხაზს გავაყოლოთ და მოვაყოლინოთ ამბები?!



კვლევები და გამოყენებული ლიტერატურა:
1.    ნ. წერედიანი. რიტუალის სოციალური ასპექტი. ნაწილი პირველი. ქალის როლი რიტუალთა კონტექსტში. ხელნაწერი. 2018 წ
2.    ნ. წერედიანი. რიტუალის სოციალური ასპექტი. ნაწილი მეორე. სვანური სახლის საკრალური მხარე და მამაკაცის როლი რიტუალში. ხელნაწერი.  2019 წ
3.    ნ. წერედიანი. რიტუალური პურებით სამყაროზე მოყოლილი ამბები. ხელნაწერი. 2021 წ
4.     ნ. წერედიანი. სიმბოლო, ორნამენტი - ლემზირზე, დაგზე, ქორის ინტერიერზე. ხელნაწერი და  პრეზენტაცია წარვადგინეთ ქართული კულტურის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ბერლინში, შეხვედრაზე. 2018. წ.
5.     ნ. წერედიანი. სული და სულეთი. ხელნაწერი  2016 წ
6.     ნ. წერედიანი. სვანეთის მუზეუმი და სვანური მუსიკალური ფოლკლორი. ხელნაწერი. 2019 წ.  
7.     ნ. წერედიანი. რიტუალური პურები. ხელნაწერი და პრეზენტაცია წარვადგინეთ ქართული კულტურის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ბერლინში, შეხვედრაზე. 2019 წ.
8.     ნ. წერედიანი. ლახუშდი. ხელნაწერი. 2021 წ.
9.    სვანურ ხალხურ დღეობათა საწელიწადო კალენდარი. ჟურნ. ამირანი. XI -1  
და XI - 2 2004 - 2005 წწ.
10.    ზ. ქაფიანიძე. კაცობრიობის პირველი ანბანი. შუმერულ - ქართული ასომთავრული. თ. მიბჩუანი. შუმერულ ქართული პარალელები. თბ. 2002 წელი. გვ 7 - 431

ნანახია: 176-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani