ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია „მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ | | Print | |
There are no translations available. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თაოსნობით გაიმართა საიუბილეო ღონისძიება, გამოფენა და კონფერენცია
სახელწოდებით: „მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“პროექტის ავტორი და ხელმღვანელი: მარიამ გაჩეჩილაძე – გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგე, რომელიც მიეძღვნა ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილის დაბადებიდან 85 წლისთავს. ღონისძიება სამი დღის მანძილზე, 28-30 ნოემბერს მიმდინარეობდა და რამდენიმე ნაწილს მოიცავდა.
პირველ დღეს ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში შედგა საზეიმო სხდომა, რომელიც დაიწყო მცირეფორმატიანი ფილმის ჩვენებით. ფილმი ეხებოდა ქ-ნი მერის წინაპრების, ძმები კარბელაშვილების ღვაწლს და მათ დამსახურებას ქართველი ერის წინაშე ძმები პოლიევქტოს, სტეფანე (ვასილ), პეტრე და ანდრია კარბელაშვილების მოღვაწეობა ფასდაუდებელია ქართველი ერის წინაშე. მათ შეაგროვეს, ჩაიწერეს და შემოგვინახეს ქართული საგალობლები. საკუთარი ერის სამსახურისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად, კარბელაშვილების ორი ძმა – პეტრე და ანდრია, 1924 წელს დახვრიტეს ტირიფონას ველზე. ქართველი ერისთვის გაწეული უდიდესი ღვაწლის გამო, 2011 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ძმები კარბელაშვილები წმინდანთა დასში შერაცხა. მერი კარბელაშვილი იყო სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილის შვილიშვილი. მერის მამა, შალვა კარბელაშვილი 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს იხ. ფილმი "ძმები კარბელაშვილები" .
ქ-ნი მერის ღვაწლის შესახებ ისაუბრა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა და მასზე როგორც პედაგოგზე ისაუბრა ასევე გ. ჩუბინაშვილის სახ ეროვნული ცენტრის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა სამსონ ლეჟავამ. ღონისძიება მიზნად ისახავდა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში დამკვიდრებული ტრადიციის გააზრებასაც – ჩაფიქრებული იყო სალონური გარემოს შექმნა, მიმსგავსება იმგვარ შეხვედრებთან, რასაც, თავის დროზე, ქართული საზოგადოება ელენე ახვლედიანის სიცოცხლეში იყო შეჩვეული. შესრულდა მუსიკალური ნაწარმოებები, რომელიც კონსერვატორიიდან მოწვეულმა სტუდენტებმა: ქეთინო ჩხარტიშვილმა, ალეკო ვასაძემ და მარიამ ბუღაძემ წარმოადგინეს, ქ-ნმა მედიკო ჯანაშვილმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, ხოლო ახალგაზრდა მთარგმნელმა ნინო რამიშვილმა საზოგადოებას გააცნო შექსპირის სონეტების საკუთარი თარგმანები. ამავე დღეს, 17 საათზე, ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო იმ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა შემოქმედებასაც იკვლევდა და მათზე დაფუძნებით ქმნიდა სამეცნიერო ნაშრომებს ქ-ნი მერი კარბელაშვილიგამოიფინა ჰენრიხ ჰრინევსკის, ოსკარ შმერლინდის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, დავით (დუდა) გაბაშვილის, ლევან ცუცქირიძის, ანა შალიკაშვილის, ავთო ვარაზის, ზურაბ ლეჟავას, გოგი ოჩიაურის, ლორეტა შენგელია-აბაშიძის, გოგი წერეთლის, ავთო მონასელიძის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები; გამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი ცისანა სამუნაშვილის მიერ შესრულებული მერი კარბელაშვილის პორტრეტი. 29 და 30 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო სხდომები. წარმოდგენილ მოხსენებებში განხილული იყო როგორც ძველი, ასევე, თანამედროვე ქართული ხელოვნების საკითხები. წინაქრისტიანულ, არქეოლოგიურ მასალას ეყრდნობოდა მაკა გაბაშვილის და მაია იზორიას მოხსენებებიმარიამ გაბაშვილი „გვიანანტიკური ხანის ქართული ლითონმქანდაკებლობის მხატვრული მართებანი ახლოაღმოსავლურ და ნომადურ ხელოვნებასთან“; მაია იზორია „გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის აღმოსავლეთ საქართველოს თიხის მცირე პლასტიკის არქიტექტურული დეკორი“; თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის თემატიკას მოიცავდა თამაზ გერსამიას მოხსენებათამაზ გერსამია „არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევი“. მეცნიერთა მიერ წარმოდგენილ იქნა მრავალფეროვანი თემატიკა, განიხილებოდა სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში მომუშავე ცალკეული მხატვრების შემოქმედება და, ასევე, ზოგადი თეორიული კვლევის საკითხებიქეთევან კინწურაშვილი „ხელოვნება, საგნობრიობა და „თეატრალურობა“ 3დ ეპოქის პერსპექტივით: წინააღმდეგობრიობათა შესახებ მე-20 – 21-ე საუკუნეების სახელოვნებო ლექსიკონში“; თამარ ბელაშვილი „დადაისტური ძიებები XX საუკუნის 20-ანი წლების ქართულ სცენოგრაფიაში“; ელენე თუმანიშვილი „XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისის ქართული სათეატრო მხატვრობა“; ნინო გუნია-კუზნეცოვა „თანამედროვე სცენოგრაფიაში ნარატივი, სივრცე, დრო და „ვირტუალიზაცია“ – მათი ურთიერთზეგავლენა 2003, 2007, 2011 წლების პრაღის კვადრიენალეს მაგალითზე“; ქეთევან შავგულიძე „Hoppla. . . თამაში დროსა და სივრცესთან“; გიორგი ხოშტარია „ასახვის საგნის როლი უახლესი დროის სახვით ხელოვნებაში“; მერი მაცაბერიძე „მოქანდაკე გულდა კალაძე (1932-1974)“; ნინო ჭინჭარაული „ქართული პროფესიონალური მხატვრობის პირველი პეიზაჟები: რომანოზ გველესიანის დაზგური გრაფიკა“; ცისია კილაძე „ავტოპორტრეტის თემა შალვა ქიქოძის შემოქმედებაში“; ანა სანთელაძე „თენგიზ მირზაშვილის ადგილი 60-70-ანი წლების ქართულ მხატვრობაში“; მარიამ გაჩეჩილაძე „სერგო ქობულაძე (1909-1978)“. თავისი მოხსენების წინ ქ-ნმა ქეთევან კინწურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მისივე ავტორობით მომზადებული წიგნის ელექტრონული ვერსია დავით კაკაბაძის შემოქმედების შესახებ. საკონფერენციო დარბაზის ვესტიბიულში იყო განთავსებული ორი სასტენდო მოხსენება მარინა მეძმარიაშვილი „ფუტურისტული წიგნი საქართველოში“; მარიანა ოკლეი „სერგო ქობულაძე და მისი თეატრალური სამყარო“. სამეცნიერო კონფერენციის მსვლელობა მეტად საინტერესოდ წარიმართა. მომხსენებლები და დამსწრე საზოგადოება აქტიურად იყო ჩაბმული დისკუსიაში, მიმდინარეობდა მსჯელობა და აზრთა ურთიერთგაზიარება. კონფერენცია ორგანიზებული იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მიერ. საორგანიზაციო საქმეებში აქტიურად მონაწილეობდნენ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: მარიამ დიდებულიძე, დიმიტრი თუმანიშვილი, მარინა მეძმარიაშვილი, თამარ ბელაშვილი, ელენე თუმანიშვილი, ნათია ებანოიძე, გიორგი პაპაშვილი, თეა ტაბატაძე; სტაჟიორები: სოფიო ჩიტორელიძე და ანა სანთელაძე. ღონისძიების ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ელენე ახვლედიანის სახ. სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა: თამილა თევდორაძემ და მანანა რობაქიძემ; ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ, ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის კოორდინატორმა: ბატონმა გიორგი მარსაგიშვილმა, გამოფენების კურატორმა ქალბატონმა ლელა წიწუაშვილმა, მუზეუმის თანამშრომლებმა: ქალბატონებმა იზოლდა ქურდაძემ და ეთერ შელიამ; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ბატონმა გიორგი კეკელიძემ; კულტურული პროგრამების ხელმძღვანელმა ქალბატონმა გულიკო გორდელაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების უფროსმა ჟანა ქვათაძემ. |