Georgian (Georgia)English (United Kingdom)
პეტრე ოცხელის დახვრეტის საქმე

There are no translations available.

მერი მაცაბერიძე
UTA Union - ექსპერტი მერი მაცაბერიძე

1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან თითქმის 100 წელი გავიდა. დღეს უფრო შემზარავად გამოიყურება „კომუნისტური ქვეყნის“ მშენებლობის სიბოროტე. ახალი სოციალისტური ქვეყნის შექმნას უამრავი უდანაშაულოდ რეპრესირებული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „რეპრესირების პირველი ტალღა 1921–24 წწ. შეეხო იმ წრეებს, რომელისთვისაც მიუღებელი იყო ახალი წყობა. ესენი იყვნენ სასულიერო პირები, ინტელიგენცია და სამხედრო ელიტა. შემდეგ კი ჯერი სამეცნიერო ელიტაზე და ხელოვნების სფეროში მოღვაწეებზე დგება. 1937 წ-ს ადამიანთა დაპატიმრებამ, დახვრეტამ, გადასახლებამ კულმინაციას მიაღწია. რეპრესიებს შეეწირა მხატვარი, სცენოგრაფი პეტრე ოცხელიც,(ილ. 1) რომელიც, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან ერთად, ქართული თეატრის აღორძინების მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იგი დააპატიმრეს მოსკოვში, ხოლო დაკითხეს, გაასამართლეს და დახვრიტეს თბილისში. საბედნიეროდ კონფისკაციას გადაურჩა მისი რამდენიმე წერილი, რომლებიც რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილის ოჯახში ინახებოდა და ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ფოტო: ზემოდან ქვემოთ - პ. ოცხელი, თ. ვახვახშვილი, ე. ღოღობერიძე, კ. მარჯანიშვილი

1937 წელს მსახიობი მედეა ქორელი (ილ.2) და მისი მუღლე, რეჟისორი არჩილ ჩხარტიშვილი მოსკოვიდან იღებენ ახლო მეგობრის, მხატვარ პეტრე ოცხელის წერილსთეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზუმის ხელნაწერთა ფონდი, ა.ჩხარტიშვილის არქივი.

კოსტიუმის ესკიზი მსახიობ მედეა ქორელისთვის, დადგმა „ცეცხლის გამჩაღებლები“ 1927.  ქაღალდი, ფანქარი, აკვარლი 15 x 22;  (საქ.  თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის  სახ.მუზუმი).

„სალამი ძვირფასო მედეა!
ძალიან გამახარა თქვენი პირველი და მეორე წერილის მიღებამ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ისინი უფრო გვიან მოვიდა, ვიდრე თქვენს მიერ გადმოგზავნილი ფული და თქვენი კაპიტალი ჩემთვის ამოუხსნელი ამოცანა იყო. მედეეჩკა, ნახევრად შევასრულე თქვენი დავალება, რადგანაც თეთრი აბრეშუმის ნაჭერი არ იყო, სხვა ფერის ყიდვისგან თავი შევიკავე, გადავდე მისი ყიდვა ახალი პარტიის გამოჩენამდე. რაც შეეხება იაპონურ კრეპდეშინს, მე ის ვიყიდე და ვისაც ვაჩვენე ჩემი შენაძენი, ყველა აღფრთოვანებული დარჩა. რასაკვირველია, საბოლოო სიტყვა თქვენზეა. თქვენზეა დამოკიდებული ჩემი გემოვნების, გარჯისა და მცდელობის შეფასება. ასე, რომ მოუთმენლად ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას. თავის გასამართლებლად უნდა გითხრათ, ამ ნაჭერმა ისე მომხიბლა ფაქტურითა და ფერით, რომ არ ამეღო, არ შემეძლო. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ თქვენი თმისა და სახის სიფერმკრთალეს, გადავწყვიტე, რომ თავად განგებამ შეაფერადა ეს ნაჭერი მედეასთვის.
სიკეთეში, ჯანმრთელობაში მოიხმარეთ და ხანდახან კეთილად გაიხსენეთ ის ვინც გიყიდათ.  თუ თქვენ ამ ნაჭრისგან შეიკერავთ საღამოს კაბას, მაშინ მის გასაწყობად გირჩევთ გაუკეთოთ შავი ხავერდის განიერი ქამარი, ქვემოთ გაგანიერებული ბოლოებით, თან - ძალიან გრძელი და მეტი არაფერი. ზურგი უნდა იყოს წელამდე ლამაზად ამოჭრილი. ახლა ეს საშინლად მოდაშია. საერთოდ, ახლა რაც მეტია სიშიშვლე, მით უფრო მოდურია. ვენდობი რა თქვენს გემოვნებას, გთხოვთ კაბა შეიკეროთ გრძელი, კოჭებამდე. ხორცისფერი წინდები შეღებეთ ამფერად და ჩაიცვით, რაც შეიძლება, მოღებული შავი ნატის ფეხსაცმელი. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩაიცვათ ოქროსფერი ტყავის (გემოვნების ამბავია). ოღონდ უნდა იყოს ძალიან ამოღებული და ძალიან მაღალ სწორ ქუსლზე. თუ კაბა გათვალისწინებულია ცეკვებისთვის, შეგიძლიათ უკან ჩაჭრათ. ესეც ახლა ძლიერ მოდაშია. აბა შენ იცი! გლოცავ და გიგზავნი ჩემგან მცირე მოკრძალებულ საჩუქარს, იმედი მაქვს, მოგეწონება, თამაზიკოსთვის გიგზავნით რამოდენიმე ყუთ სათამაშოს. თქვენ გაინტერესებთ, აქ რას ვაკეთებ, აი, რას: მცირე თეატრში გავაფორმე (ფორმალიზმის გარეშე) სპექტაკლი „დიდება“. იყო არნახული წარმატება, გამომიძახეს (არ ვტრაბახობ, უბრალოდ, როგორც მეგობარს, გულახდილად გწერ). შემდეგ, მცირე თეატრის ფილიალში წარმატებით გავაფორმე ორი სპექტაკლი. კიდევ ერთი სპექტაკლი - მორდოვიის რესპუბლიკაში, ბებე თუმანოვის დრამისა და კომედიის თეატრში, მაგრამ არა მისი დადგმით. გამოვიდა სრულიად მომხიბვლელი  საოპერო სპექტაკლი - გოლდონის „სახალისო შემთხვევა“, ამჟამად ვმუშაობ სტანისლავსკის საოპერო თეატრის დადგმაზე „რიგოლეტოზე“(ილ. 3)  (ამ სამუშაოზე მოხუცმა მოიწვია რამოდენიმე ახალგაზრდა მხატვარი, შემდეგ ამოარჩევს).  ოღონდ გთხოვ, ნუ გამიხმაურებ. ვემზადები მცირე თეატრში „ცხვრის წყაროს“ გასაფორმებლად“.თარგმანი რუსულიდან ჩემია მ.მ.

დეკორაციის ესკიზი დადგმისთვის  „რიგოლეტო“ 1939.  ქაღალდი,ფანქარი,აკვარელი.  49 x 27; მხატვრის ოჯახის საკუთრება (ასლი)

პეტრე ოცხელი „რიგოლეტოს“ დადგმისთვის გამართულ კონკურსში კი გაიმარჯვებს, მაგრამ მისი განხორციელება აღარ დასცალდება – მას მოულოდნელად დააპატიმრებენ და გასამართლების  გარეშე, 30 წლის ასაკში დახვრეტენ... შემთხვევით არ დამიწყია თხრობა მედეა ქორელის წერილით. ეს წერილი უკანასკნელი თუ არა, ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც პეტრე ოცხელმა თბილისში გამოაგზავნა. ეს წერილი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც  მხატვარი თავად აღწერს მისი სიცოცხლის ბოლო ერთი წლის საქმიანობას რუსეთში და თავისდაუნებურად დადებით ადამიანადაც გვიხასიათებს თავს. წერილის ამონარიდიდან ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მხატვრის  პიროვნული თვისებებიაქ  ჩანს მისი კეთილგანწყობა, პასუხისმგებელობა საქმისადმი, მეგობრული იუმორი, იგი დაუზარელი ყურადღებიანი ადამიანია, მსუბუქი ურთიერთობაში, ესთეტი და, რაც მთავარია, პროფესიონალი. წარმომიდგენია, როგორ გამოიყურებოდა ასეთ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი. მაღალი, ელეგანტური, დახვეწილი ქალური სილუეტით, გრაციოზული, მდიდრული  და, ამავე დროს,  კლასიკურად სადა. რატომღაც ასე მგონია, პეტრე ოცხელს რომ  ეცხოვრა თავისუფალ საქართველოში, თავისი ძირითადი საქმიანობის – სცენოგრაფიის პარალელურად, მას ექნებოდა საკუთარი მოდის სახლი და ალბათ, მსოფლიოში სახელგანთქმული მოდელიერიც იქნებოდა.
ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, როგორ  აქვს მხატვარს გააზრებული კაბის და ფეხსაცმლის  დიზაინი.  ერთადერთი ატრიბუტით ახდენს კოსტიუმის დეკორირებას და, ასევე, კონსტრუირებას. ეს წელზე შემორტყმული განიერი, შავი ხავერდის ქამარია, რომელიც თეძოს სიმაღლეს აფიქსირებს, ხოლო ქამრის გრძელი, ქვემოთ დაშვებული მძიმე ბოლოები ვერტიკალურ ხაზს ინარჩუნებს, რითაც სხეულს მომგებიან პროპორციას აძლევს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გრძელი ფეხების ილუზიას ქმნის და  ვიზუალურად სიმაღლეს უმატებს. შევეცადე ქაღალდზე მომეხდინა კოსტიუმის რეკონსტრუქცია. მივყევი რა მითითებებს, გამოვიდა ერთდროულად ეპოქალური და ეროვნული ნიშნების მატარებელი, ევროპულ - ქართული კაბის მოდელი. ამგვარი სტილისტური გადაწყვეტა ოცხელის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია. გასაოცარია მხატვრის უნარი შექმნას ესთეტიკური, დახვეწილი დიზაინის კოსტიუმები და, ასევე, თეატრალურ-არქიტექტურული დეკორაციები, რომლებშიც ნათლად იგრძნობა ეპოქალური და ეროვნული ნიშნები.
მოსკოვში იგი რეჟისორმა ვახტანგ აბაშიძემ მცირე თეატრის ფილიალში - ზემეტჩინოში, შილერის „ვერაგობა და სიყვარულის“ გასაფორმებლად მიიწვია. მცირე თეატრის დირექტორი კი სერგო ამაღლობელი იყო, რომლის თანხმობითაც 1936 წელს მოხდა პეტრეს მოსკოვში მიწვევა. ბედის ირონიით, პეტრე ოცხელმა თეატრალური კარიერა დაიწყო და დაასრულა რეჟისორ ვახტანგ აბაშიძესთან ერთად – ისინი ერთდროულად დახვრიტეს!.. პირველად პეტრე თეატრში ვახტანგ აბაშიძემ მიიყვანა. 1927 წელს მოსკოვიდან ჩამოსული ახალგაზრდა რეჟისორი ვ. აბაშიძე, ახლად დაარსებულ რუსულ  მუშათა თეატრში იწყებს რეჟისორად მუშაობას. ეს იყო ვლადიმერ შვეიცერის, იგივე „პესიმისტი“-ს დაარსებული თანამედროვე დრამის რუსული თეატრი, სადაც ერთი პირველთაგანი დაიდგა მიხ. ბულგაკოვის საკმაოდ ავანტურისტული, თბილისში წარმატებით მიმდინარე, ტრაგიფარსი „ზოიკას ბინა“,  რის გამოც მიხეილ ბულგაკოვი თბილისს ესტუმრა.ი. ბეზირგანოვა “Театр пессимиста” К 170 летию русского театра в Грузии. http://www.griboedovtheatre.ge/2013-05
იმხანად თეატრები მხატვარ-დეკორატორების  ნაკლებობას განიცდიდნენ.  ამიტომ, სამხატვრო აკადემიას მიმართავდნენ კარგი მონაცემების სტუდენტების მისაზიდად. როგორც ჩანს, ვახტანგ აბაშიძემ სამხატვრო აკადემიას მიმართა, რომ სპეციალურად გამოეყოთ თეატრისთვის ახალგაზრდა კადრები. ფერწერის ფაკულტეტის დეკანი, პეტრე ოცხელის პედაგოგი ევგენი ლანსერე იყო და არჩევანიც გაკეთდა: ვახტანგ აბაშიძემ ახალგაზრდა მე-3 კურსის არქიტექტურის  ფაკულტეტის სტუდენტს თავისი სპექტაკლის, ლუნაჩარსკის „ცეცხლის გამჩაღებლების“ გაფორმება მიანდო. დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. სპექტაკლს დაესწრო კოტე მარჯანიშვილი და ამ დღიდან მოყოლებული, კოტე მარჯანიშვილს პეტრე გვერდიდან აღარ მოუცილებია. პეტრე ოცხელი ხდება კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაის-ბათუმის  მეორე  დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი. არ შემშლია, როდესაც ვახსენე არქიტექტურის ფაკულტეტი. საქმე იმაშია, რომ არსებობს პეტრე ოცხელის სამხატვრო აკადემიის ორი სტუდენტის წიგნაკი. პირველი, სადაც მითითებულია „ფერებით წერის ფაკულტეტი“ – 1925 წელი და მეორე, სადაც  მითითებულია სწავლება „ხუროთმოძღვრების“ ფაკულტეტზე – 1926-1927 წწ. მან ჯერ ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ, მამის რჩევით, არქიტექტურის ფაკულტეტზე გადავიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაგები ხდება მხატვრისგან არქიტექტურის კანონების ზედმიწევნით ცოდნა, რაც ასახულია მის თეატრალურ–არქიტექტურულ დეკორაციებში. -ბევრს აინტერესებს, რატომ დახვრიტეს პეტრე ოცხელი? მეც მაინტერესებს, რატომ დახვრიტეს გენიალური მხატვარი, სცენოგრაფი, პეტრე ოცხელი, რატომ დახვრიტეს ქართველი ფერმწერი, საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი შევარდნაძე, რატომ დახვრიტეს პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი-არქიტექტორი, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი ჰენრიხ ჰრინევსკი, და საერთოდ, რატომ დახვრიტეს რუსთაველის თეატრის რეჟისორი სანდრო ახმეტელი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, სიმბოლისტი პოეტი, მწერალი ტიციან ტაბიძე და მრავალი სხვა – მხოლოდ იმიტომ, რომ იყვნენ პროგრესულები და ქმნიდნენ თანამედროვე ეროვნულ ხელოვნებას, რომელიც არ ჯდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაკარნახევ  სოციალისტური რეალიზმის ჩარჩოებში.
1937 წლის 21 სექტემბერს ერთდროულად აპატიმრებენ პეტრე ოცხელს, მცირე თეატრის რეჟისორ ვახტანგ აბაშიძეს და თეატრალურ მოღვაწეს გიორგი ჟორდანიასთეატრის მხატვარი კარლო კუკულაძე თავის მემუარებში იგონებს მოსკოვში დიდ თეატრში მუშაობის პერიოდს და აღწერს 1937წ-ს მოსკოვის სამხატვრო თეატრის წინ მისი და პეტრეს შეხვედრის ეპიზოდს. სასაუბროდ თეატრის წინ მდებარე მსახიობთა კაფეში დასხდნენ, პეტრემ „ნახევარი ლიტრა რუსული“ მოითხოვა... ძალიან დეპრესიული იყო, მან მოუყვა, რომ სწორედ გუშინ (23 ივნისს) დააპატიმრეს მცირე თეატრის დირექტორი სერგო ამაღლობელი.  ამ შეხვედრიდან მალე (21 სექტემბერს) ერთდროულად აპატიმრებენ პეტრე ოცხელს, მცირე თეატრის რეჟისორ ვახტანგ აბაშიძეს და თეატრალურ მოღვაწეს გიორგი ჟორდანიას.გამოძიება გრძელდებოდა ორ თვეს, დაკითხვას აწარმოებდნენ ლეიტენანტები ოსიპოვი და ატაშიანი.  სამივეს ბრალი დასდეს სერგო ამაღლობელის ხელმძღვანელობით არარსებული კონტრრევოლუციურ–ტროცკისტული ორგანიზაციის შექმნაში. მათი დაკითხვა „ტროიკასთან“ რამოდენიმეჯერ გაიმართა. ყველა ჩვენებაში ნათქვამი აქვთ, რომ არავითარ ტროცკისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ერთმანეთთან შეხვედრის დროს პოლიტიკაზე არ საუბრობდნენ, მხოლოდ თეატრალურ საკითხებს იხილავდნენ. თავს დამნაშავედ არ სცნობენ. რაც შეეხება, არარსებული კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციის ორგანიზატორს, ბრალდებულ სერგო ამაღლობელის დაკითხვის ოქმს, იგი ამბობს: „პოლიტიკურ საკითხეზე საუბარი არ გვქონია. ოცხელს ვთვლიდი აპოლიტიკურ ადამიანად“ვ. კიკნაძე „წამებული რაინდები“ (თეატრი–სუკის არქივში). გამომცემლობა „ქართული თატრი“. თბილისი. 1992 წ. გვ. 13, 18-19
1937 წელს 2 დეკემბერს „ტროიკა“ (ილ. 4) სამივეს გამოუტანს უმაღლეს სასჯელს – დახვრეტა, ქონების კონფისკაციით.

დეკორაციის ესკიზი  დადგმისთვის „ოტელო“ 1933.  ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი.  60 x 47; (კ. მარჯანიშვილის სახ.სახლმწიფო დრამატული თატრის კოლექცია).

„ოქმი № 56    საქ. სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის სხდომისა.
2 დეკემბერი 1937 წ.
ოცხელი პეტრე გრიგოლის ძე. დაბ. 1907 წ. ქართველი, ყოფილ ვაჭართა წრიდან, დაპატიმრებამდე თეატრალური მუშაკი. ოცხელს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთის ერთ, საელჩოსთან, რომელიც საბჭოთა კავშირში დაზვერვით კონტრრევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა.
ბრალად ედება საქართველოს ნაციონალური ცენტრისა და მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის ს.ი. ამაღლობელის დავალებით შექმნილ კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა. დადანაშაულებულია საქ. სსრ სისხლის სამართლის 58/8, 58/10 და 58/11 მუხლებით.
თავი დამნაშავედ არ სცნო. მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით.  მომხსენებელი - ატაშიანი
დაადგინეს:  ოცხელი პეტრე გრიგოლის ძე. დაბ. 1907 წ. დაიხვრიტოს, პირადი ქონება კონფისკირებულ იქნეს“. განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა...გ. მეგრელიძე. „უდანაშაულო მსხვერპლი“. ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1993 წ. N2, გვ. 49-50.
„ამის შესახებ კი, მხატვრის ოჯახმა არ იცოდა. 1941 წლის, 24 მაისს პეტრე ოცხელის მამა „მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს“ სტალინს კრემლში, სწერდა, რომ 1939 წლის 1 თებერვალს წერილი მივწერე პროკურორს, განეხილათ ჩემი შვილის საქმე, მაგრამ მიპასუხეს, რომ მას „მისჯილი აქვს 10 წელი შორეულ გადასახლებაში და პასუხად მიიღო, რომ „განაჩენი სამართლიანია“ვ. კიკნაძე „წამებული რაინდები“ (თეატრი-სუკის არქივში). გამომცემლობა „ქართული თატრი“. თბილისი. 1992 წ. გვ. 13, 18-19
1989 წელს თეატრმცოდნე გუბაზ მეგრელიძემ, ხოლო მოგვიანებით, ვასილ კიკნაძემ სუკის (დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო) არქივში რეპრესირებულ ხელოვანთა პირად საქმეებზე მუშაობის უფლება მიიღეს. მათ პირველებმა გამოაქვეყნეს რეპრესირებულ თეატრალურ მოღვაწეთა, მათ შორის - პეტრე ოცხელის დაკითხვის და დახვრეტის ოქმები. პეტრე ოცხელის 7 გვერდიან დაკითხვის ოქმისდაკითხვის ასლი გადმომცა გ.მგრელიძემ გამოქვეყნების უფლებით
მ.მ.
ასლში ჩანს, რომ მას დაპატიმრებამდე რამოდენიმე წლით ადრე უთვალთვალებდნენ.  აქტის დასაწყისში ჩამოთვლილია 20 პუნქტიანი ანკეტური მონაცემები. ანკეტური მონაცემების მე–15 და 16 პუნქტში აღნიშნულია:


15. რა ჯილდობი აქვს მიღებული საბჭოთა ხელისუფლების დროს – არა აქვს. – წარმოუდგენელია! მას სიცოცხლეში ჯილდო არ მიუღია და ეს მაშინ როცა „ბოლშევიკებს ძალიან სჭირდებოდათ შემოქმდებითი ინტელიგენცია. ამიტომ საკმაოდ მოქნილი პოლიტიკა ჰქონდათ. შესანიშნავად ფლობდნენ ადამიანურ სისუსტთა გამოყენების ხერხებს. გულუხვად აჯილდოებდნენ ორდენებით, მედლებით, წოდებით, სიგელებითა და სხვა წამახალისებელი ფორმებით,რომელიც დაჯილდოებულში ზრდიდა უპირატესობის გრძნობას, ამბიციას, გამორჩეულობის განწყობას“ ვ. კიკნაძე „წამებული რაინდები“ (თეატრი-სუკის არქივში). გამომცემლობა „ქართული თატრი“. თბილისი. 1992 წ. გვ. 13, 18-19
ჯილდო - თითქოს უმნიშვნელო დეტალი, მიუთითებს იმაზე, რომ ოცხელს არ სწყალობდნენ. მის შემოქმედებაში არ ვლინდებოდა ბოლშევიკური იდეოლოგიის დიდება.
16. განთავიუფლებულია სამხედრო ვალდებულებიდან  ავადმყოფობის გამო – ხერხემლის ძვლის ტუბერკულიოზი...
მას უვითარდება კუზი. გასაგები ხდება რას გულისხმობდნენ მისი მეგობრები, როცა ამბობდნენ, რომ პეტია მძიმე ავადმყოფობამ შეიპყრო და ძლივს დადიოდა.
ანკეტური მონაცემების შევსების შემდეგ იწყება დაკითხვის ჩანაწერი. კითხვა – თქვენ ბრალი გედებათ, რომ ირიცხებოდით კონტრ-რევოლუციურ ორგანიზაციაში. გაგვეცით კითხვაზე არსებითი პასუხი. პასუხი – კონტრ-რევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვირიცხებოდი. კითხვა – კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობის გამო თქვენ მხილებული ხართ მოწმეთა ჩვენებებით! მოგვეცით ჩვენება თქვენი კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მუშაობის შესახებ.        პასუხი – კონტრრევოლუციურ ოციანიზაციაში არ ვირიცხებოდი და კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვმუშაობდი. შემდეგ უსვამენ კითხვებს, რა ურთიერთობაში იყო ს. ამაღლობლთან, ვ. აბაშიძესთან, გ. ჟორდანიასთან, გ. ყურულოვთან და გაურკვეველი უცხოური საელჩოს წარმომადგენელთან. საყურადღებოა დაკითხვის ბოლო ნაწილი. კითხვა – ვისთან  ერთად  გამოემგზავრეთ  თბილისიდან  მოსკოვში?   (კითხვა ეხება 1936, როდესაც პეტრე ოცხელი მოსკოვში სერგო ამალობელისა და ვახტანგ აბაშიძის მიწვევით ჩადის შილერის „ვერაგობა და სიყვარულის“ გასაფორმებლად). პასუხი – გამომგზავრების დღეს მე შევიტყვე, რომ მოსკოვში მოემგზავრება მარჯანოვის თეატრის მსახიობი ქალი ვერიკო ანჯაფარიძე.  ჩვენ მოვხვდით სხვადახვა ვაგონებში, მაგრამ  გზაში მოვეწყვეთ ერთ კუპეში. მოსკოვში იგი დაბინავდა თავის დასთან. კითხვა – ხვდებოდით თუ არა მოსკოვში ვერიკო ანჯაფარიძეს და სად იყავით მასთან ერთად. მოგვეცით ზუსტი ჩვენება. პასუხი – ვიყავი მასთან მისი დის სახლში 3-4 ჯერ. ერთხელ ვიყავით თეატრში, მეტი არსად. კითხვა – ახლდით თუ არა ვ. ანჯაფარიძეს რომელიმე სასტუმროში. პასუხი – ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ. კითხვა – გამოძიებისთვის ცნობილია,  რომ  1934 წლის დეკემბერში თქვენ იყავით სასტუმრო „მეტროპოლში“, მოგვეცით ჩვენება ვინ მოინახულეთ იქ. ( ე.ი. ეკითხებიან სამი წლის წინანდელ ამბავს) პასუხი – ახლა მახსენდება, რომ ვიყავით გოფილექტის ბაღის დირექტორთან ტარუმოვთან. სულ რაღაც 15 წუთით. იქედან გამოვედით ერთად და სად დავშორდით, აღარ მახსოვს. კითხვა – მოგვეცით ჩვენება, კიდე ვის შეხვდით სასტუმროში. პასუხი – სასტუმროს ნომერში ტარუმოვის გარდა, არავისთან არ ვყოფილვარ. მხოლოდ ერთხელ ვივახშმე სასტუმროს რესტორანში კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელთან ერთად. რესტორანში ვიყავით ჩვენ ორნი. როცა იქიდან გამოვდიოდით, შევხვდით ჩემ ძმას ლეონს, მის მეგობართან ერთად, რომლის გვარიც არ მახსოვს.
წავიკითხე, ჩაწერილია ჩემი სიტყვების მიხედვით, სწორია : ოცხელი
გარკვევით ჩანს, რომ ოცხელს დაპატიმრებამდე სამი წლით ადრე უთვალთვალებდნენ, შესაძლებელია, უფრო ადრეც. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება კოტე მარჯანიშვილს. საქმე ისაა, რომ 1930 წ-ს ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად იცვლება. XX ს-ის ოციან წლებში სტალინს საკმაოდ ძლიერი შიდა ოპოზიცია ჰყავდა, ამის პარალელურად, ქვეყნის ინტელიგენციაც, თითქოს შეთანხმებულად ემიგრაციასთან ერთად, ეწინააღმდეგებოდა სტალინის პოლიტიკურ კურსს. მოწინააღმდეგები მას საკავშირო კომუნისტურ პარტიაშიც ჰყავდა, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სამხედრო და დიპლომატიურ წრეებშიც. ეს იყო მის მოღვაწეობაში ყველაზე კრიზისული პერიოდი. შიდა თუ გარე ოპოზიცია ერთსულოვანნი იყვნენ იმაშიც, რომ სტალინი ბარბაროსი ერის შვილია. 1930-იან წლებში იგი ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრხის წინაშე აღმოჩნდა. პოზიციების გასამყარებლად რეპრესიებს მიმართავს. ეს შეეხება ყველას, ვისშიც კი ოდნავ საფრთხეს ხედავს სტალინი და მისი ნდობით აღჭურვილი ლავრენტი ბერია.თ. ბელქანიას ლექცია სადოქტორო ნაშრომისთვის „ინფორმაციით კულტურის კონსტრუირების მცდელობა სოც. რეალიზმში „ვეფხისტყაოსნის“ 1941 წლის გამოცემის მიხედვით. ლექცია ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ისტორიის და ძეგლთადაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი; (საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიხდვითსაქ.შსს-ს არქივი. III, ფ.N6,სN49, გვ.125 საქ. შსს-ს არქივი. II, N299986, ტ. N3, გვ. 1397, 1555 (ლიდია გასვიანის საქმე).

„აჯანყებული მონა“ 1933 ? ქაღალდი, მუყაო, ტუში, აკვარლი. 20 x 30; (კერძო კოლქცია.)

1931 წელს მარჯანიშვილი მოსკოვის კორშის თეატრში თავის სადადგმო ჯგუფთან(ილ 5) - პ. ოცხელთან, კომპოზიტორ თ. ვახვახიშვილთან და რეჟ. ე. ღოღობერიძესთან ერთად დგამს იბსენის პიესას, „მშენებელი სოლნესი“. სპექტაკლს არნახული წარმატება აქვს. განსაკუთრებით - ოცხელის სცენოგრაფიას. მარჯანიშვილი თავისი შემოქმედების ზენიტში იმყოფება. მთელი მოსკოვი ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავს. მაგრამ, კრემლს არ უყვარს გამოჩენილი და აღიარებული მოღვაწენი (მათ კარგად ახსოვთ 1918 წელი, როდესაც კოტე მარჯანიშვილი კიევის თეატრების კომისრად დანიშნეს. პირველი, რაც დადგა კიევში, „სოლოვეცოვის“ თეატრში, ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნა“ იყო. ორმოცი საღამოს განმავლობაში ზედიზედ გაიმართა რევოლუციური პათოსით გაჟღენთილი, არნახული ჰეროიკული სანახაობა. ფრონტიდან მოსული წითელ არმიელები დარბაზიდან ისევ ფრონტზე მიდიოდნენ). მარჯანიშვილის ქარიზმა, მასებზე ზემოქმედების უნარი ბოლშევიკებისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. საჭიროა მისი მოტეხვა, ფსიქოლოგიური „დამუშავება“. 1931 წელს დააპატიმრებენ  კოტე მარჯანიშვილის გამზრდელ უფროს დას – თამარს, რომელიც რუსეთში სერაფიმო-ზნამენსკის ქალთა მონასტრის წინამძღვარი ანუ იღუმენია იყო. ბრალდებად საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი წაუყენეს და მოსკოვის ბუტირკის ციხეში ჩასვეს. მარჯანიშვილი ძალიან განიცდიდა დის დაპატიმრებას,  ორი წლის განმავლობაში ყოველ ღონეს ხმარობდა მის გასათავისუფლებლად, მაგრამ უშედეგოდ. 1932 წელს მარჯანიშვილის თეატრში ისე, როგორც რუსთაველის თეატრში, დაიწყო „იდეური გარდაქმნისთვის სამზადისი“. ხდებოდა მარჯანიშვილის „დამუშავება“ ისე, როგორც სანდრო ახმეტელის. რაპპელები („რაპი“ რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ფილიალი საქართველოში) უტევდნენ თეატრს. „სუკის“ არქივებში დაფიქსირებულია მათი ბრალდებები, რომ კოტე მარჯანიშვილი არის ბურჟუაზიული ესთეტი, ქართველ დრამატურგებს ექცევა დაუშვებლად, ანგარიშს არ უწევს პარტორგანიზაციას, თეატრში ფლანგავს სახელმწიფო ფულს, ვერ დევნის თეატრიდან წვრილ ბურჟუაზიულ ტრადიციებს, მარჯანიშვილის თეატრში გაბატონებულია დაჯგუფებები. 1932 წელს დაიბეჭდა მარჯანიშვილის „დანაშაულებრივი საქმიანობის“ მამხილებელი სტატია. ასე შემზადდა ნიადაგი კოტე მარჯანიშვილის წინააღმდეგ.ვ. კიკნაძე „წამებული რაინდები“ (თეატრი–სუკის არქივში). გამომცემლობა „ქართული თატრი“. თბილისი. 1992 წ. გვ. 13, 18-19.
ალბათ, უკვე გასაგებია, რომ ჩეკისტები  უთვალთვალებდნენ არა მარტო მარჯანიშვილს, არამედ მასთან დაახლოებულ შემოქმედ პირებსაც, მათ შორის - პეტრე ოცხელსაც. თითოეულ მათგანზე დოსიე იხსნებოდა. კოტე მარჯანიშვილი მოულოდნელად გარდაიცვლება 1933 წლის 17 აპრილს, ღამით, მოსკოვში, როცა მანქანით ბრუნდებოდა ოფიციალური ვერსიით - ა. ლუნაჩარსკის ოჯახიდან, არა ოფიციალური ვერსიით – სტალინისგან (ალ. შალუტაშვილის ზეპირი გადმოცემით). „მის გარდაცვალებამდე გამოვიდა დადგენილება, რომელიც ყველა შემოქმედებით ორგანიზაციას დაეგზავნა.  სოციალისტური რეალიზმი უკვე მოთხოვნაა და ერთადერთი  დაშვებული სტილი.  უმკაცრესი ცენზურა გამეფდა თეატრებშიც. რეპერტუარებში აიკრძალა ყველაფერი, რაც პატრიოტულ, ეროვნულ ნიშნებს შეიცავდა“ (ვ. კიკნაძე). საყოველთაო ცენზურა შეეხო პეტრე ოცხელსაც, ამ პერიოდში იგი განიცდის როგორც  სულიერ, ისე ფიზიკურ მეტამორფოზას. დაავადება უმწვავდება. ხერხემალი მტკივნეულ დეფორმაციას განიცდის, მას ორთოპედიული კორსეტით უწევს სიარული. მარჯანიშვილის გარდაცვალებამდე სულ ერთი თვით ადრე  პეტრე ოცხელი მას მოსკოვში წერილს უგზავნის, სადაც სულიერ განცდებს უმხელს. ჩვენამდე მოაღწია კოტე მარჯანიშვილის საპასუხო წერილმაჟურნალი ლიტერატურა და ხელოვნება N7 2007, გვ.7  იგი პეტრეს  ანუგეშებს, წერს, რომ ახალი გზებისა და ხერხების დაეუფლებას მას ცხოვრება თავად უკარნახებს და ამაოა მისი შიში, რომ ძალდატანების გამო  ძველი ტრადიციების არტახებში მოუწევს დარჩენა, რასაც შემდეგში შეეწირება მისი ფანტაზია და პრინციპებიც კი. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან, რომელიც ანდერძივით  ჟღერს: „ჩემო პეტრე, ბედმა უდიდესი ნიჭით დაგაჯილდოვა და შენ მის წინაშე ვალში ხარ. შენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ და სიკვდილზე არ ფიქრობ. სულელური სიტყვაა სიკვდილი. სიკვდილი არ არსებობს. ის, რასაც დატოვებ შენს შემდეგ, ერთგვარი გამარჯვებაა იმაზე, რასაც ეწოდება სიკვდილი, ანუ სრული დავიწყება.
შენი კ.მარჯანიშვილი 1933 წლის  24 თებერვალი.“
„სრული დავიწყება“ არ უწერია პეტრე ოცხელს, მან, ისევე როგორც მარჯანიშვილმა, გაიმარჯვა სიკვდილზე! ორივესთვის დამახასიათებელი უტყუარი ალღო და შემოქმედებითი სიმბიოზი უკვდავი აღმოჩნდა. რაც დრო გადის, მით უფრო ფასდება მათი შემოქმედება. პეტრე ოცხელის მიერ 1920-30 იან წლებში შექმნილი სცენოგრაფიული მხატვრობა დღესაც, XXI - საუკუნეში, ისეთივე ავანგარდულია, როგორიც გასული საუკუნის დასაწყისში.

ლიტერატურა:
1. პეტრე ოცხელის წერილი მედეა ქორელს. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზუმის ხელნაწერთა ფონდი, ა.ჩხარტიშვილის არქივი .
2. ი.ბეზირგანოვა „Театр пессимиста“ К 170 летию русского театра в Грузии. http://www.griboedovtheatre.ge/ 2013-05
3. გ. მეგრელიძე. „უდანაშაულო მსხვერპლი“. ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1993 წ. N2, გვ. 49-50
4. ვ. კიკნაძე „წამებული რაინდები“ (თეატრი–სუკის არქივში). გამომცემლობა „ქართული თატრი“. თბილისი. 1992 წ. გვ. 13, 18-19.
5. თ.ბელქანიას ლექცია სადოქტორო ნაშრომისთვის „ინფორმაციით კულტურის კონსტრუირების მცდელობა სოც.რეალიზმში „ვეფხისტყაოსნის“ 1941 წლის გამოცემის მიხედვით. ლექცია ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ისტორიის და ძეგლთადაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი; (საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიხდვით საქ.შსს-ს არქივი. III, ფ.N6,სN49, გვ.125 საქ. შსს–ს არქივი. II, N299986, ტ. N3, გვ. 1397, 1555 (ლიდია გასვიანის საქმე)
6. ხათუნა ხატიაშვილი „მხატვრობაში დანახული მზის შვილი“. www.tsu.ge newspaper@tsu.ge 2011 წელი
7. გ.გვახარია, ქ.კინწურაშვილი, https://burusi.wordpress.com/2009/09/18/petre-otskheli-5/

ნანახია: 12499-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani