Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ხელოვნება არის საშუალება, ადამიანმა აისრულოს ცხოვრების გაგრძელების სანუკვარი ოცნება (ინტერვიუ მხატვართან)

There are no translations available.

მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

როდესაც ედმონდ კალანდაძის ფერწერას ვუყურებ, ერთი ამბავი მახსენდება: უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა ლექტორებმა ჩვენი კათედრის სტუდენტები მხატვარ ედმონდ კალანდაძის სახელოსნოში წაგვიყვანეს. მანამდეც, რა თქმა უნდა, ვიცნობდი მის შემოქმედებას, მაგრამ ის შთაბეჭდილება, რაც მხატვრის სახელოსნოში მივიღე, წარუშლელი აღმოჩნდა. ჩემს თვალწინ გადაიშალა ახალი, უცნაური, ფერებითა და ემოციებით სავსე სამყარო. საოცარი იყო არა მხოლოდ შემოქმედის მხატვრული ენა, არამედ მისი თემატიკაც – მიტოვებული სახლი, გზაზე მიმავალი მოხუცი, მარტო მდგომი ხე... ყველაფერი თითქოს ჟამთა წარმავალობაზე, ცხოვრების წამიერებაზე, სევდასა და სიყვარულზე საუბრობდა. მხატვრის სახელოსნოში ნანახი ხელოვნების გარდა, გასაოცარი იყო თავად ბატონი ედმონდის პიროვნებაც, მძაფრი, ემოციური, მგზნებარე... მეტად დამაჯერებელი და ექსპრესიული საუბრით ხელოვნებაზე, საკუთარ შემოქმედებაზე, ფერწერაზე.
მახსოვს ორმაგი განცდა - რა მშვენიერ სამყაროში შევდგი ფეხი და რა ბედნიერებაა ამ სამყაროსთან ზიარება; ამასთან, იყო შიშის შეგრძნება, შევძლებდი იმ სირთულის დაძლევას, რაც ამ სამყაროსთან ზიარებას, მის გაგება-გააზრებას ახლდა თან?!
0102
მრავალი წლის შემდეგ, როცა მე და ჩემი კოლეგები იმ ვიზიტს ვიხსენებთ ხოლმე, ყველა აღვნიშნავთ, რომ მაშინდელი შთაბეჭდილება დღემდე არ განელებულა და სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში.
ამ ჩვენი სტუმრობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ისევ აღმოვჩნდი ბატონი ედმონდის სახელოსნოში, ოღონდ, ამჯერად, როგორც მისი მოსწავლე. ედმონდ კალანდაძემ ჩამოაყალიბა ხელოვნებათმცოდნეთათვის და ხელოვნების მოყვარულთათვის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კურსი, სადაც ის გვიკითხავდა მეტად საინტერესო ლექციებს ხელოვნების განვითარებაზე, მის თეორიულ საფუძვლებზე და თან გვასწავლიდა ხატვის ელემენტარულ საფუძვლებს. მხატვარმა სრულიად სხვა კუთხით დაგვანახა ხელოვნების ისტორიის განვითარების გზა და ლოგიკა. ჩვენ ვეზიარეთ მის ფერწერას, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ თვალწინ იქმნებოდა ბატონი ემონდის შედევრები, რაც თავისებურ გემოვნებას და ცოდნას გვიყალიბებდა თითოეულ ჩვენგანს.
0304
ბატონი ედმონდი არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ ჩემი უფროსი მეგობარიცაა, ვინც ხელოვნების ისტორიის გარდა, სამყაროს სხვა თვალით დანახვა მასწავლა - რაც, ალბათ, ბატონი ედმონდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა. მას შეუძლია, მიტოვებულ, სახურავჩამონგრეულ სახლში, მდინარის ჭალაზე მარტოდ მდგომ ვერხვში, ფერდზე შეფენილ პანტის ხეებში თუ ქალაქის გარეუბანში წამომართულ მრავალსართულიან სახლებში დაინახოს ის განუმეორებელი სილამაზე, რაც მხოლოდ მხატვრის თვალისათვის არის შესამჩნევი. მას უყვარს ყველაფერი ეს და უნარი აქვს, შენც შეგაყვაროს, დაგანახოს ამ სამყაროს განუმეორებელი სილამაზე და მშვენიერება. ხოლო უმთავრესი კი ისაა, რომ აქვს უდიდესი ნიჭი, მეტყველ მხატვრულ სახედ გადააქციოს დანახული სილამაზე, ტილოზე გადმოიტანოს ის სევდა, დარდი თუ სიყვარული, რაც მას ამ გარემომცველი სამყაროს მიმართ აქვს.
დღეს ედმონდ კალანდაძემ 89 წელს გადააბიჯა და თავისი ცხოვრების ერთსაუკუნოვან აღმართს კიდევ უფრო დიდი სიჯიუტით შეუდგა.
ბატონი ედმონდი ის შემოქმედი და პიროვნებაა, ვისაც ჩვენი საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, მაგრამ დღეს მინდა ისეთ თემებზე ვესაუბრო, რაც მის ნაფიქრალსა და განცდილს აქამდე უცნობი კუთხით წარმოაჩენს და მკითხველს “სხვა” ედმონდ კალანდაძეს გააცნობს.
05

საუბარს დავიწყებ კითხვით, რომელიც კაცობრიობას დიდი ხანია აწუხებს, ამ საკითხზე მრავალი მოაზროვნე „იტეხდა თავს“, მაგრამ ზუსტი პასუხი ჯერაც არ მიგვიღია: რა არის ხელოვნება, რა თილისმა აქვს მას ისეთი, რომ ნებისმიერ ისტორიულ ფორმაციაში საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია?
ხელოვნება, ჩემი აზრით, რთული და ძნელად ასახსნელი მოვლენაა. უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, კაცობრიობის ისტორიული განვითარების პროცესში, არ ყოფილა ადამიანთა ჯგუფი, საზოგადოება, რომელსაც ხელოვნება არ ჰქონოდა. ის ყველა საფეხურზე თან ახლავს ადამიანების ცხოვრების განვითარებას. ადამიანი ეჩვევა იმ გარემოს, რომელშიც გაჩნდა და მას ეს გარემო უყვარდება. ჩვენ გვიყვარდება ჩვენი მშობლები, ადამიანები, ვინც გვივლიან, გვიფრთხილდებიან, გვაცნობენ ამ ქვეყანას, აქედან გამომდინარე, გვიყვარს და გვეძვირფასება ჩვენი გარემომცველი სამყარო, მისი არსებობა. ხელოვნება არის ის საშუალება, რითაც ადამიანი ცდილობს, გაახანგრძლივოს ეს სიყვარული, თავის არსებობას და მის გარემოს მისცეს მეტი საცხოვრებელი სივრცე. კონკრეტულად, მე მიყვარს გურია, მიყვარს ჩემი სოფელი - ხიდისთავი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ, როცა ვხატავ გურიის პეიზაჟს, ვცდილობ, დავაფიქსირო, ხელოვნურად (ანუ ხელოვნური საშუალებებით - საღებავით, სიტყვით, სიმღერით...) შევქმნა სამყარო, სადაც გავუხანგრძლივებ ჩემს გარემომცველ სამყაროს ცხოვრებას, შევაჩერებ დროის დინებას. აი, ხე, რომელიც ჩემს სახლთან დგას გურიაში, მე ის უამრავჯერ მაქვს დახატული. მე მიყვარს ეს ხე, მინდა დავაფიქსირო ის, მუდმივად რომ არსებობდეს. ანუ, ხელოვნება არის საშუალება, ადამიანმა აისრულოს ცხოვრების გაგრძელების სანუკვარი ოცნება.
06
ყოველი სულდგმული, განსაკუთრებით კი, ადამიანი ცდილობს, დიდხანს იცოცხლოს. ის ებრძვის დაღლილობას, ავადმყოფობას, შეუძლოდ ყოფნას, რადგან არსებობს დიდი და ამოუცნობი რამ, რასაც ჰქვია სიკვდილი, ამ ქვეყნიდან წასვლა. ადამიანს შეგნებული აქვს, რომ მისი ცხოვრება დასასრულისკენ მიდის და ის მუდამ ცდილობს, ამ დასასრულს შეეწინააღმდეგოს. როგორც უკვე ვთქვი, ხელოვნება არის ერთ-ერთი საშუალება სანუკვარი ოცნების ასრულების - შეებრძოლო სიკვდილს, წასვლას. სწორედ ამ გაქრობას ებრძვის ადამიანი, რადგან მას შეუყვარდა ის გარემო, რომელშიც გაჩნდა და სწორედ ამ სიყვარულის გაგრძელება და გახანგრძლივება სურს ხელოვანს.

თქვენ ახსენით, რა არის ხელოვნება შემოქმედისთვის და რა არის ის მაყურებლისთვის, ვინც ეზიარება ხელოვნების ნაწარმოებს?
ჩემი აზრით, მაყურებლისთვისაც იგივეა. ის სიამოვნებით უყურებს სურათს, უსმენს მუსიკას, სიმღერას, ან კითხულობს მოთხრობას... და განიცდის ისევე, როგორც შემოქმედი, რამდენჯერ გინახავთ ადამიანი, რომელიც კინოთეატრში უყურებს ფილმს და ტირის იმის გამო, რომ კინოგმირს რაღაც ცუდი შეემთხვა. იმიტომ, რომ ფილმის მსვლელობის დროს მას უყვარდება ეს გმირი. ავტორი, ხელოვანი ცდილობს, შექმნას ისეთი შთამბეჭდავი მხატვრული სახე, რომელიც სხვებზეც იმოქმედებს, დააჯერებს, განაცდევინებს მას, როგორც რეალობას. ამიტომ ადამიანი კითხულობს მოთხრობას, ან უყურებს ფილმს და ტირის, როცა გმირი განსაცდელშია. ხელოვნება არის ადამიანის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი თანმხლები, ის გულისცემასავით არის, რადგან მის გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, რადგან ხელოვნების მეშვეობით ადამიანი „იხანგრძლივებს“ თავის სიყვარულს და სიცოცხლეს.
07

თქვენ ბრძანებთ, რომ ხელოვნება არის სურვილი, შემოქმედმა გაახანგრძლივოს თავისი ცხოვრება და ეს განცდა გადმოიტანოს მისსავე შექმნილ სამყაროში და აქ ჩნდება კითხვა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელოვნება ერთგვარი ილუზიაა ცხოვრებაზე, ჩვენს სამყაროზე?
რასაკვირველია, ეს ადამიანის გონების მიერ შექმნილი ილუზიაა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ილუზიაა, სრულიადაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას. უხელოვნებოდ ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, ეს მისი ცხოვრების აუცილებელი პირობაა. არ არსებობს ცხოვრება ხელოვნების გარეშე!
0809

თქვენ ამბობთ, რომ ხელოვნებას ქმნის შემოქმედის გონება, და სად არის გრძნობა ამ დროს?
გონება, ანუ განცდის ფილოსოფიური ჭვრეტა გრძნობებზეა დამყარებული. ჩვენ გვაქვს გრძნობები იმისთვის, რომ მათი საშუალებით ჩვენმა გონებამ იმსჯელოს, ანუ რეალობის განსჯა, ჭვრეტა ადამიანს შეუძლია, მაგრამ ეს გრძნობებზე დამყარებული გამოცდილებაა. ადამიანი მთელი ცხოვრება იღებს გამოცდილებას, რომელიც მთლიანად ეყრდნობა გრძნობას, განცდებს და ამ გრძნობების წიაღში იბადება ხელოვნება. როგორ ხდება, რომ მხატვარი იღებს სასურათო სიბრტყეს, მასზე უსვამს საღებავს და აქვს შეგრძნება, რომ ამ წასმაში მისი განცდა რეალიზდება. ეს ცხოვრების გამოცდილებაა, რომელიც შემდეგ გრძნობაზე დაყრდნობით გადადის ილუზიაში, იმდენად ხელშესახებში, რომ ხშირად რეალობა და ილუზია ერთმანეთს ეჯიბრება. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, ცნობილია, რომ მიქელანჯელომ „მოსეს“ ქანდაკებაზე მუშაობისას საჭრეთელი დაარტყა მას და დაიძახა – ილაპარაკე! ე.ი. ის თავისი გრძნობებით იმდენად ახლოს მივიდა განცდასთან, გაეცოცხლებინა მოსეს ქანდაკება, რომ გარკვეულ მომენტში მას აერია რეალობა და ილუზია. ასეთი მაგალითი უამრავია ისტორიაში. ხელოვანი აიგივებს თავის განცდებს რეალობასთან. აქ მაგალითად მოვიყვანდი, ჩემთვის ძალიან საყვარელ რუსულ რომანს „წყნარი დონი“, სადაც, ერთ ადგილას, ავტორი იმდენად უმძაფრესად და ხელშესახებლად აღწერს კაზაკების საცხოვრის სტეპებს, რომ მკითხველი ცხადად ხედავს იმ გარემოს, საიდანაც ავტორი თავის თავს არასოდეს გამოჰყოფს - «Степь родимая! Горький ветер, оседающий  на  гривах  косячных  маток  ижеребцов.  На  сухом  конском  храпе  от  ветра  солоно,  и  конь,  вдыхая горько-соленый запах, жует шелковистыми губами и  ржет,  чувствуя  на  них привкус ветра и солнца. Родимая степь под низким донским  небом!  Вилюжины балок суходолов, красноглинистых яров,  ковыльный  простор  с  затравевшим гнездоватым следом конского копыта, курганы, в мудром  молчании  берегущие зарытую казачью славу... Низко кланяюсь и по-сыновьи  целую  твою  пресную землю, донская, казачьей, не ржавеющей кровью политая степь»! აქამდე ლაპარაკი იყო ბუნებაზე, სტეპზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავტორიც აქ არის, მან თავისი არსებობა გამოამჟღავნა – „низко кланяюсь“, ამბობს ის, ვინც შექმნა ეს ნაწარმოები. მსგავსი რამ ხშირად არის ფერწერაშიც, ანუ როცა ხელოვანი თავის ნაწარმოებში ამჟღავნებს საკუთარ თავს.
ესპანელი მხატვრის, ველასკესის ცნობილი ტილო „ლას მენინას“, სადაც ავტორი მეფის ოჯახს გამოსახავს, კომპოზიციის კუთხეში თავის თავსაც ხატავს. მეორე სურათშიც „ბრედის ჩაბარება“, ავტორი კუთხეში ისევ ავტოპორტრეტს გამოსახავს. გავიხსენებ მაზაჩოს ფრესკებსაც, სადაც მხატვარი უკანა პლანზე საკუთარ თავს ხატავს. ან მიქელანჯელოს „საშინელ სამსჯავროში“, სადაც ცოდვილებს ტყავს აძრობენ, ერთ-ერთი ტყავაცლილი ცოდვილის სახით თავად მიქელანჯელოა წარმოდეგენილი. ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ შემოქმედი მუდამ ცდილობს, გვამცნოს თავისი არსებობის შესახებ. ეს მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნება არის ცხოვრების გაგრძელების საშუალება, ავტორი მის მიერ შექმნილ სამყაროში მუდამ გულისხმობს საკუთარ თავს და მის განუყოფელ ნაწილად გვევლინება.
10

თქვენს წინა პასუხში ხელოვნების შესახებ ახსენეთ, რომ ხელოვნება ცხოვრების თანმდევი პროცესია საზოგადოების ისტორიული განვითარების ყველა საფეხურზე. ახლა მინდა ერთგვარად ფილოსოფიური კითხვა დაგისვათ – და რა არის თავად ცხოვრება, რა არის მისი არსი, რა არის ადამიანის ამქვეყნად მოსვლის მიზანი?
თქვენ ძალიან დიდ პატივს მდებთ, როცა მისვამთ ამ კითხვას. არ არსებობს კაცობრიობის განვითარების არც ერთი ეტაპი, როცა ყველა დიდი ფილოსოფოსი არ სვამდა ამ შეკითხვას. ჩემი სუსტი ძალებით მეც შევეცდები გაგცეთ პასუხი, თუმცა, ეს პასუხი მეტისმეტად ფერმკთალი იქნება ფილოსოფოსების აზრებთან შედარებით. პირადად მე, დიდი ხანია ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე, აგერ უკვე 90 წელს მივუახლოვდი და ეს კითხვა მთელი ცხოვრება თან მსდევს, მაგრამ პასუხი მასზე არ მაქვს. მე არ ვიცი, რა არის ცხოვრება. ეს ის საიდუმლოებაა, რომლის ახსნას ვცდილობ, მაგრამ ამომწურავ, გადამჭრელ პასუხს ვერ ვპოულობ. რა არის ცხოვრება, ან რისთვის ვცხოვრობ მე პირადად? აქ ბევრი თანმხლები კითხვა ჩნდება: რა არის დამკვიდრებული წესი, მორალი, ადამიანის ვალდებულება, პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა? ვიცით, რომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მაგრამ ისმის კითხვა – რატომ? ჩვენ განვიცდით სხვის ცხოვრებას, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სხვის ცხოვრებაზე; საიდან მოდის, რა დავალებაა, რა მისიაა ეს, რასაც ჩვენ ვასრულებთ? პირადად მე ამაზე პასუხი არ მაქვს და ყოველივე ეს ჩემთვის დღემდე ამოუცნობი საკვირველებაა.
1112

მინდა გკითხოთ პირადად თქვენზე, საიდან დაიწყო თქვენი ცხოვრება, როგორც შემოქმედის, როგორც მხატვრის? როდის და რატომ დაიწყეთ ხატვა?
ესეც ურთულესი კითხვაა, ბოლომდე გააზრებული არ მაქვს, თუ რატომ დავიწყე ხატვა, რატომ იწყებს ადამიანი ლექსის წერას, მუსიკის შექმნას? მე ამაზე ვერ ვუპასუხებ, მაგრამ შემიძლია, მოგიყვეთ ჩემი გამოცდილების შესახებ. მახსოვს, სულ პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე, სრულიად შეუგნებლად. საშინელი სურვილი მქონდა, მქონოდა საღებავები და მეხატა. ოღონდ, რატომ მინდოდა და როგორ დაიწყო ეს, ამის გახსნება მიჭირს. თუმცა, ხატვის სურვილი, ალბათ, ისევ სიყვარულს უკავშირდება. მე ვცხოვრობდი ვერაზე და სკოლაში რომ მივდიოდი, უნდა ჩავსულიყავი ვერის დაღმართზე, გადავსულიყავი ვერის ხიდზე, რომ მივსულიყავი თბილისის II საშუალო სკოლაში. დილით, როცა ამ გზას გავდიოდი, ის დრო იყო, როცა მზე ამოდიოდა და როგორც უმშვენიერეს სილამაზეს, ისე განვიცდიდი მე ამ სვლას სკოლისაკენ. სულ მინდოდა, დამეხატა ეს მშვენიერება, რადგანაც საოცრად მიყვარდა და ბავშვობაში მრავალჯერ მაქვს დახატული – მზის ამოსვლა თბილისში.

მომიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ. რა არის ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონებები, რომელიც დღემდე გაწუხებთ და გახსოვთ? როგორც ვიცი, თქვენმა ბიოგრაფიამ, ისე როგორც, ალბათ, ყველა მხატვართან ხდება ხოლმე, დიდად განაპირობა თქვენი ხელოვნების სახე?
მე დავიბადე გურიაში, მამა სკოლის მასწავლებელი და დედაჩემი მისი მოწაფე იყო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ასე გავჩნდი მე. ჩემმა ბავშვობამ გაიარა გურიაში, სოფელ ხიდისთავში. ახლაც, ამ ხნის კაცი ვარ და ძნელად წარმომიდგენია იმაზე ლამაზი ადგილი, ვიდრე ჩემი სამშობლოა. მე უაღრესად მიყვარს გურიის მდინარეები, მისი მთები, ჩვენი ეზო, ჩვენი სახლი, ხეები ეზოში, ცა, ვარსკვლავებიანი ღამე, მთვარე... ეს ის რეალობაა, რომელშიც მე ვცხოვრობდი, და ბოლოს, ის ადამიანები, ვინც გარს მეხვია – მამაჩემი, დედაჩემი, რომელიც ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი გამზრდელი ბებია-ბაბუა, დეიდები... დიდი ხანია, ისინი აღარ არიან ამ ქვეყანაზე, მაგრამ ყოველდღიურად ვნატრობ მათთან შეხვედრას, მიყვარს მათი სახეები. აგერ, კედელზე მიკიდია კიდეც ბაბუაჩემის ფოტო. ეს ის ხალხია, ვინც მე მიყვარდა და დღესაც მიყვარს, ვინც მენატრება.
როცა წამოვიზარდე, როგორც ყველა ადამიანს, გამიჩნდა მეგობრები. ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები, ფაიზულა კონტრიძე და ნიკო ჭავჭავაძე აღარ არიან ცოცხლები. ეს ის ხალხია, ვინც მე ყოველდღე მახსოვს, მიყვარს და მენატრება.
13

ბატონო ედმონდ, როგორ და როდის გადაწყვიტეთ, რომ მხატვრობა თქვენს პროფესიად გაგეხადათ?
ეს ხდება, როცა მომწიფდება ადამიანის გონება, როცა პიროვნება ყალიბდება, ალბათ, სკოლის დამთავრებისას, დაახლოებით, მე-9 - მე-10 კლასში.

რამდენადაც მახსოვს, თქვენ თავიდან სხვა პროფესია გქონდათ არჩეული?
კი, მამაჩემის თხოვნით სხვა უმაღლესში შევედი. მამას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განათლებული კაცი იყო, ღრმად სჯეროდა, რომ შეიძლება იყო, ვთქვათ, ინჟინერი, მშენებელი ან ექიმი და იყო დიდი რომანისტი ან მხატვარი. ხშირად მოჰყავდა გოლსუორსის მაგალითი. ალბათ, დიდი სიფრთხილის გამო, იმიტომ, რომ მე მქონოდა ნორმალური ცხოვრების საშუალება, უნდოდა, გავმხდარიყავი ინჟინერი და ჩამებარებინა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლო ფაკულტეტზე. გამოცდებიც საკმარისად წარმატებულად ჩავაბარე, მაგრამ პირველივე წინააღმდეგობის დროს, იმ წამსვე განვაცხადე, უკვე ხმამაღლა, რომ (აკი გეუბნებით, როცა პიროვნული ძალა ვიგრძენი) მინდა სამხატვრო აკადემიაში შესვლა, მაშინ მამაც ძალიან დამეხმარა და მხარში ამომიდგა. ეს იყო 1939 წელი.
14

როგორი იყო მაშინ აკადემია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც კვალი დაამჩნიეს თქვენს შემოქმედებას და საერთოდ, როგორი იყო მხატვრული ცხოვრება 1940-იანი წლების საქართველოში?
თბილისის სამხატვრო აკადემია რუსული აკადემიის ზუსტი ასლი იყო. მთელს საბჭოთა კავშირში, ყველა მის რესპუბლიკაში და მათ შორის საქართველოშიც, იგივე ხდებოდა, რაც მოსკოვში. ჩემი პირველი მასწავლებლები იყვნენ ამ რუსული მხატვრული სკოლის ტიპური წარმომადგენლები და გვასწავლიდნენ იმ მეთოდებით, როგორც ისწავლებოდა რუსულ სამხატვრო აკადემიაში. ეს მეთოდი კი მდგომარეობს იმაში, რომ რეალობაში არსებული საგნების ზუსტი გადმოხატვა უნდა მოხდეს შუქ-ჩრდილების მეშვეობით, ანუ ზუსტად უნდა გადმოიტანო ნახატში ის ფერი და ის მოხაზულობა, რაც რეალურ საგანს აქვს. ეს პროცესი ხდება რუსი მხატვრების მიერ შემუშავებული მეთოდით, თუ როგორ უნდა დაიწყო, გააგრძელო და დაასრულო ნახატი. ჩემთვის ბევრი რამ მიუღებელი იყო ამდაგვარ ნახატში და იმთავითვე პროტესტს იწვევდა, რადგან ეს მეთოდი, ჩემი აზრით (ახლა უკვე აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა), არ არის სრულყოფილი. იტალიური რენესანსული ხატვის მეთოდი ბევრად უფრო სრულყოფილია, ვიდრე რუსული. ამიტომ, როცა მე გათვითცნობიერება დავიწყე ამ საკითხებში, დავიწყე კითხვა და წიგნების საშუალებით გავეცანი ხელოვნების განვითარების ისტორიას, ვეზიარე ბერძნული, ესპანური, ფრანგული, იტალიური მხატვრობის ნიმუშებს, ბუნებრივია, გამიჩნდა ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე სამხატვრო აკადემიაში და ამიტომ მრავალ წინააღმდეგობას წავაწყდი. იქამდეც კი, რომ რამდენჯერმე დამტოვეს კურსზე, მიუხედავად იმისა, კარგი ნიშნები მქონდა და ყველამ იცოდა, როგორი თავდავიწყებით მიყვარდა ეს საქმე. მაგრამ მე ვერ ვასრულებდი დაწესებულ ნორმებს, მქონდა გადახვევები რუსული აკადემიური ხატვის მეთოდიდან.
როცა ასე თუ ისე შემოქმედად ვიგრძენი თავი, როცა ვეზიარე ისეთ მხატვრებს, როგორებიც იყო ვან-გოგი, გოგენი, დელაკრუა, ველასკესი და გოია, ცხადია, მათი თაყვანისმცემელი გავხდი და მათი ხატვის მეთოდების გამოყენება ვცადე ჩემს შემოქმედებაში, ამან კი საშინელი წინააღმდეგობა გამოიწვია აკადემიის ხელმძღვანელობის მხრიდან. მსგავსი პრობლემები სხვებსაც ჰქონდათ.
15

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სამხატვრო აკადემია იყო რუსული აკადემიის ერთგვარი ასლი, ალბათ, იყვნენ ადამიანები, ვისი შემოქმედებაც თქვენს ხელოვნებაზე და აზროვნებაზე გავლენას ახდენდა, ვინ იყო ეს ხალხი?
არ შემიძლია არ გავიხსენო ისეთი მოქანდაკე, როგორიც იყო ნიკოლოზ კანდელაკი, არ მოვიგონო ისეთი მხატვარი-პეიზაჟისტი, როგორიც იყო ალექსანდრე ციმაკურიძე, ჩვენი მასწავლებელი, ვინც ცოტა ხანს გვასწავლიდა, რეპრესირებული, ეროვნებით რუსი მხატვარი ვასილი შუხაევი, რომლიც აქ იყო გადასახლებაში და მისი კარიერაც თბილისის აკადემიაში გაგრძელდა. ამ ადამიანებმა გავლენა იქონიეს ჩემს შემოქმედებაზე, მათ შემამჩნიეს და სიყვარული და ინტერესი გამოამჟღავნეს ჩემს მიმართ. ასევე გავიხსენებდი ვალენტინ შერპილოვს, რომელიც ჩემი უფროსი მეგობარი იყო, ჩვენ სახელოსნოები გვქონდა გვერდი-გვერდ და ხშირად ვურთიერთობდით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოც, სადაც იწყებოდა ჩემი შემოქმედება, ის ახალგაზრდა მხატვრები, ჩემი ტოლები, ვინც იმ დროს აკადემიაში სწავლობდნენ.

თქვენ უკვე 1940-იანი წლების ბოლოს გათავისუფლდით ე.წ. სამუზეუმო მხატვრობის მარწუხებიდან და 50-იანი წლებიდან საზოგადოებას წარუდგინეთ ფერადი, ცოცხალი, ექსპრესიული, მძაფრად გამომსახველი მხატვრობა. თქვენი თაობის რამდენიმე მხატვარმა სწრაფად გაიარა გზა, ევროპაში უკვე დასრულებული მხატვრული ძიებებისა იმპროსიონიზმიდან პოსტ-ექსპრესიონიზმამდე და საბოლოოდ, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავიანთი ინდივიდუალური მხატვრული სამყარო შექმნეს, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა იმდროინდელი ქართული ხელოვნების სპეციფიკური სახე. თქვენ მათ შორის უპირველესი იყავით, ვინც ამ ძიებებს მიუყვებოდა, თანაც იმ პოლიტიკურ სიტუაციაში ეს პროცესები აღიქმებოდა, როგორც ერთგვარი წინააღმდეგობა დაწესებული აკადემიური მხატვრობის წინააღმდეგ. ეთანხმებით იმ მოსაზრებას, თითქოს ასეთი მხატვრული „თავისუფლება“ „ზემოდან“ იყო დაშვებული, რომ იმპრესიონისტული მხატვრობის შემოტანით ქართულ საბჭოთა რეალობაში საბჭოთა პოლიტიკურმა ელიტამ თავიდან აიცილა მხატვრების უფრო მძაფრი ოპოზიცია-დაპირისპირება?
ჩვენს ხელოვნებათმცოდნეობაში ეგ პერიოდი ბუნდოვნად არის ასახული და ხშირად - არასწორად. ჩვენ დროს ახალი მიმდინარეობა, ახალი მიმართულება ხელონებაში ასე გამოკვეთილი არ იყო, ამ გადასახედიდან კი ჩანს ის ცვლილება, რაც ჩვენმა თაობამ მოიტანა, მაგრამ რეალობაში მაშინ ეს ასე არ იყო გამოკვეთილი.

თუმცა, ისტორიული თვალსაზრისით, ახლა, როცა ხელოვნების ისტორიკოსები ვაფასებთ ამ მოვლენებს, ეს ცვლილებები თვალნათელია. მე იმასაც ვითვალისწინებ, რომ თავად თქვენი თაობის მხატვრებშიც დიდი სხვაობა იყო...
ის, რაც მოხდა 1940–იანი წლების ქართულ ხელოვნებაში, ხელოვნების შინაგანი თვისების გამო იყო. ხელოვნებას აქვს შინაგანი განვითარების ლოგიკა, ის თავისი კანონების მიხედვით ვითარდება. რაც შეეხება „ზემოდან დაშვებულ“ მოვლენებს, ასეთი რამ არ არსებობდა. ქართული ხელოვნების განვითარებას რაიმე სტრატეგია არ ჰქონია. აკადემიის ხელმძღვანელობა „პატიოსნად“, პირნათლად ამზადებდა მხატვრებს, რომლებიც გარკვეული ჩარჩოებით იყვნენ შემოფარგლულნი. რამე გათვლილი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობდა უცხოეთიდან, თუნდაც, უკვე განვლილი მხატვრული მიმდინარეობების შემოტანას, არ გადადგმულა. არც ხელოვნურად მომხდარა იმ მიმდინარეობების განვითარების ხელშეწყობა, რაც იმ დროისათვის კაცობრიობამ უკვე განვლო ევროპაში. როგორც უკვე ვთქვი, ეს ბუნებრივად მოხდა, ეს იყო ქართული ხელოვნების განვითარებისათვის შინაგანი აუცილებლობა. ხელოვნებას აქვს განვითარების შინაგანი თვისება და ამის შეჩერება შეუძლებელია. არსებობს მიქელანჯელოს ნახატები და ვთქვათ, ჩისტიაკოვის ნახატები, როცა ადარებ მათ, როგორ შეიძლება არ დაინახო მიქელანჯელოს შემოქმედების უპირატესობა და არ ეცადო, რომ მიაკვლიო იმ გზას, თუ როგორ მიდიოდა ის. ამ პროცესების არავითარი სტრატეგიული მართვა არ არსებობდა, ეს შინაგანად მოხდა და განხორციელდა ამ ჯგუფის მიერ - ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ.

თქვენ ბრძანებთ, რომ მიუყვებოდით ხელოვნების ჭეშმარიტ ბუნებას და ამან განაპირობა ის ცვლილებები, რაც თქვენმა თაობამ მოიტანა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, მაგრამ რა არის ეს ხელოვნების ჭეშმარიტი ბუნება, საით მიდის ხელოვნება?
უნდა დავუბრუნდეთ იმ პასუხს, რაც პირველ კითხვაზე გაგეცით. ადამიანს უყვარს თავისი გარემო და ამ გარემოს დაფიქსირება, მისი შეჩერება, სიცოცხლის გახანგრძლივება არის მისი სანუკვარი მიზანი. ეს არის ის მამოძრავებელი ძალა, რაც ავითარებს ხელოვნებასაც. ხელოვნების და, კერძოდ, ფერწერის შინაგანი განვითარების ლოგიკის მიხედვით, ის სულ უფრო მეტად მიისწრაფვის თავისი სპეციფიკურობის გამოვლენისკენ, მხატვრული საშუალებების მაქსიმალურად აჟღერებისა და გამომსახველობისკენ, რომ სიბრტყის თვისებები და შესაძლებლობები, საღებავის სპეციფიკა რაც შეიძლება მძაფრად იქნეს გამოხატული და ამით მხატვრულმა ნაწარმოებმა შეიძინოს ის განუმეორებლობა, რაც მხოლოდ ფერწერას ახასიათებს.
16

დავუბრუნდეთ თქვენს ბიოგრაფიას, როგორ ახერხებიდით “დახურული რკინის ფარდის” პირობებში თანამედროვე ხელოვნებასთან ზიარებას? რა ლიტერატურას კითხულობდით თქვენი შემოქმედებითი კარიერის დასაწყისში, როგორ ეზიარებოდით ცოდნას? რამდენადაც მე ვიცი, 1940-იან წლებში ძნელი იყო იმავე რენესანსისდროინდელი მხატვრების ან იმპრესიონისტი, ან პოსტიმპრესიონისტი მხატვრების ნამუშევრების ნახვა, როგორ ეცნობოდით ყოველივე ამას?
აქ მარტო იმის გახსენებაც კმარა, რომ მოსკოვის პუშკინის მუზეუმში შესასვლელად საჭირო იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის – მოლოტოვის ხელმოწერა ნებართვაზე. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა თბილისის აკადემიის სტუდენტი ზიარებოდა ამ ხელოვნებას?! მაგრამ მე-20 საუკუნეში გაჩნდა უამრავი ლიტერატურა და ჩვენ გვქონდა ბედნიერება, გავცნობოდით ამ წიგნებს. მახსოვს კიდეც კონკრეტული შემთხვევა, როცა საქართველოში შემოვიდა უცხოეთში დაბეჭდილი რენესანსული პორტრეტები. მხატვარმა გენრიხ გელაშვილმა, რომელმაც როგორღაც ჩაიგდო ხელში ეს წიგნი, მოგვიტანა და გვაჩვენა აკადემიის სტუდენტებს. ამ პორტრეტებმა პირადად ჩემზე, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო გადატრიალება ჩვენს შემეცნებაში, როცა ვნახეთ ბოტიჩელის, მაზაჩოს, გირლანდაიოს, ლეონარდოს და სხვათა მიერ შესრულებული პორტრეტები. პროგრესის შეჩერება შეუძლებელი იყო და შემოვიდა კიდეც უცხოური ლიტერატურა, რომელიც ადრე აკრძალული იყო, გაჩნდა ჟურნალები, ჩვენ გავეცანით კაფკას, კამიუს... ვეზიარეთ უცხოურ ლიტერატურას.

თქვენს მხატვრულ კარიერაში იყო მძიმე მომენტები, როცა თითქმის არ იფინებოდით, როდის ხდებოდა ეს და როგორი იყო თქვენი, როგორც შემოქმედის განცდა იმ დროს?
როდესაც მე ყველაფერი გავიაზრე, როცა ჩემი მხატვრული სამყარო ჩამოყალიბდა, როცა პიროვნულად მყარად ვიგრძენი თავი, როცა მსოფლიო ხელოვნების განვითარება გავაანალიზე და გავიგე, რა იყო ველასკესის, ტიციანის, დელაკრუას და სხვათა შემოქმედება, როცა მათი ხელოვნება შევადარე სეროვის, რეპინის, სურიკოვის მხატვრობას და შევაფასე ეს მხატვრული მოვლენები, გამიჩნდა უკმაყოფილების გრძნობა საკუთარი შემოქმედებისადმი. მე დიდხანს არ ვიფინებოდი არა იმიტომ, რომ ვინმე მზღუდავდა და მიკრძალავდა გამოფენას, არამედ იმიტომ, რომ არ ვიყავი კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთებდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი ხელოვნება არ იყო სრულყოფილი.
უნდა ითქვას, ისეთ პირობებში, როცა მე არ ვფენდი ნამუშევრებს, და შესაბამისად, ჩემი სურათები არ იყიდებოდა, ცხოვრება, ყოველდღიურობა ძალიან რთული იყო. ჩემს ოჯახს საკმაოდ უჭირდა მაშინ, მაგრამ მე მუდამ მხარში მედგა ჩემი მეუღლე, ლია კაკაბაძე, ვინც მოთმინებით იტანდა ამ გასაჭირს, მას სჯეროდა ჩემი და მისი თანადგომა დიდი სტიმული იყო ჩემი შემოქმედებითი წინსვლისთვის. მე თითქმის მთელი ცხოვრება მხატვრობას დავუმორჩილე, მან კი ეს გაითავისა და საოცარი მოთმინებით მომყვება აგერ უკვე სამოცდაათი წელია.

დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით თქვენს მიერ განვლილ გზას, ხართ თუ არა კმაყოფილი იმით, რასაც მიაღწიეთ?
ხელმეორედ რომ დავიბადო, ალბათ, იგივე გზას გავივლიდი, რაც გავაკეთე, იმით ნაწილობრივ ვარ კმაყოფილი, მე ჯერ მხოლოდ სრულყოფილებისაკენ მიმავალ გზაზე ვდგავარ, დღესაც ვმეცადინეობ და ვსწავლობ. ამ გზით კმაყოფილი ვარ, მაგრამ საბოლოო, დამაკმაყოფილებელი რეზულტატისთვის კიდევ მჭიდრება დრო. კი ბატონო, მე პოპულარობაც მივიღე, სახელიც მაქვს, ამიტომ ჩემი ნამუშევრები იყიდება და შემიძლია ნორმალურად არსებობა. ამ მხრივ, წარმატებას მივაღწიე, მაგრამ შინაგანად ჯერ კმაყოფილი არ ვარ, რადგან კიდევ მაქვს მიზნები, რის მიღწევასაც ვლამობ.

ბატონო ედმონდ, თქვენი ქალიშვილი ცირაც მხატვარია. საინტერესოა, თქვენ როგორ აფასებთ მის შემოქმედებას?
ცირამ ყველა ჩემი ძირითადი დებულება გაითავისა, მაგრამ იმავდროულად მონახა საკუთარი გზა – ერთადერთი და განსხვავებული. მან შექმნა საკუთარი სამყარო. როცა ნამუშევარში ავტორის სტილი ამოიცნობა, ეს ნამდვილი ხელოვნების თვისებაა. ცირა უკვე ისეთი მხატვარია, ვისაც აქვს საკუთარი სტილი, საკუთარი მხატვრული სამყარო, სადაც მისი ინდივიდუალობა აშკარად გამოვლენილია და დღეს, მის ფერწერაში იოლად ამოიცნობთ მის ხელწერას. ხელოვნება ამიტომაცაა საინტერესო, რომ მას რაღაც ისეთი დაღი ადევს, ისეთი სპეციფიკა აქვს, რაც სხვადასხვა შემოქმედის ინდივიდუალობას განასხვავებს ერთმანეთისგან, ანუ ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში ახალი მხატვრული სამყარო იქმნება. ჩვენთვის, კაცობრიობისთვის, ადამიანის არსებობისთვის ეს გასხვავებულობა, ახალი შთაბეჭდილებების მიღებაა სწორედ საინტერესო. მხატვრული ინდივიდუალობის გამოვლინება და ახალი შთაბეჭდილებების მიღება არის სულიერი სამყაროს გამდიდრების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ხელწერის შექმნა ძალიან რთულად გადასალახი რუბიკონია, ცირამ შეძლო ეს და შექმნა განსხვავებული, საინტერესო, ინდივიდუალური მხატვრობა.

მეც დავამატებდი, რომ ცირას შემოქმედებაში, გარდა საინტერესო ფერწერული განვითარებისა, ჩანს მოაზროვნე მხატვარი, მის ნამუშევრებში გამოსჭვივის მხატვრის სიღრმისეული ხედვა, განსჯა.
დიახ, ეს უნდა ჰქონდეს ყველა მხატვარს, თუ ხელოვნების ნაწარმოების უკან ნააზრევი და ნაფიქრალი არ დევს, ასეთი ნაწარმოები ზედაპირული და უინტერესოა. ცირას კი ეს თვისებაც აქვს, მაყურებელი ხედავს მხატვრის ნაფიქრალს და ამიტომ მისი შემოქმედება საინტერესო ხდება. წარმოიდგინეთ, მე მამა ვარ და ჩემთვისაც კი, ყოველ ჯერზე, მოულოდნელად საკვირველია მისი ნამუშევრების ნახვა, რადგან აღმოვაჩენ ხოლმე ახალ, საინტერესო მიდგომას და ახალი კუთხით გახსნილ მის მხატვრულ სამყაროს.

თქვენ თქვით, რომ მხატვრულ ლიტერატურას, რასაც კითხულობდით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის, ახსენეთ კაფკა, კამიუ... ვინ არის თქვენი უსაყვარლესი მწერალი და რამდენად განაპირობებს ის, რაც წაგიკითხავთ, თქვენს შემოქმედებას?
სამწუხაროდ, მე უცხო ენები არ ვიცი, ამიტომ ლიტერატურას ვკითხულობ ქართულ და რუსულ ენებზე. მე მაქსიმალურად ვკითხულობდი ყველაფერს, რაც იბეჭდებოდა, შეიძლება ითქვას, ვშთანთქავდი იმ ლიტერატურას, რაც ხელმისაწვდომი იყო. ჰემინგუეი, ფოლკნერი, დასავლეთ ევროპის თანამედროვე ლიტერატურა, რამდენადაც ხელი მიმიწვდება, ყველაფერს ვეცნობი ახლაც და ამას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თავად უმდიდრესი რუსული ლიტერატურაც – დოსტოევსკი, ტოლსტოი... არის რომანები, რომლებსაც გაუთავებლად ვკითხულობ, მათ ჩემს ცხოვრებაში და შემოქმედებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორისაა ეს წიგნიც – შოლოხოვის წყნარი დონი, მე ამ რომანს ყოველ წელს თავიდან ვკითხულობ და ვთვლი, რომ ეს არის უდიდესი რომანი, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პლატონოვს და სხვა თანამედროვე რუს მწერლებს.
მე გამაოცა, როცა პირველად გავეცანი „ჩვენი დროის გმირს“, პეჩორინი იყო ჩემი უსაყვარლესი ლიტერატურული გმირი. მე მაკვირვებდა მისი მსჯელობა და შეხედულებები. დღესაც მაკვირვებს, ამ ახალგაზრდა კაცს, ლერმონტოვს, როგორი აზროვნება აქვს, როგორი თავისებური ხედვა აქვს ამ სამყაროსი, რა გამორჩეული მორალი გამოსჭვივის მის ნაწარმოებში. შემდეგ, ასეთივე მოვლენა იყო ჩემთვის, როცა წავიკითხე კნუტ ჰამსუნის “მისტერიები” და გავეცანი ნაგელს. დღესაც, როგორც მწყურვალე ადამიანს წყალი, ისე მჭირდება ხოლმე, რომ გადმოვიღო ჰამსუნის ტომები და თავიდან წავიკითხო “მისტერიები”, ისევ შევხვდე ნაგელს, დაგნი ხეილანდს და სხვებს. ასევეა, ვთქვათ, წყნარი დონიც, ჩემი უსაყვარლესი გმირია აქსინია ასტახოვა, რომლის ცხოვრებითაც მე მოხიბლული ვარ და, რაც მთავარია, მაკვირვებს შოლოხოვის მიერ ცხოვრების საოცარად მართალი ჭვრეტა, თუ რაოდენ პატივს სცემს და როგორ უყვარს მას თავისი გმირი – აქსინია, როგორი საოცარი ლოგიკით, დაკვირვებით, სიმართლის საკვირველი ცოდნით ავითარებს ამ კაზაკი ქალის ცხოვრებას პირველი დღიდან ბოლომდე. იმის შემეცნებამ, რომ შემოქმედმა შეძლო ასეთი სამყაროს შექმნა, ჩემი პიროვნების განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. იგივე შემიძლია ვთქვა ტოლსტოის “ჰაჯი მურატზე”. ისიც ჩემი უსაყვარლესი გმირია. აქაც ლოგიკურად ვითარდება მთელი ისტორია. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ნაწარმოების 17 ვარიანტი არსებობს, ანუ ავტორი დაუსრულებლად ხვეწდა მას. სწორედ ეს დახვეწის პროცესი არის საკვირველი, როცა ავტორისთვის თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა. როგორც აგური, რომლითაც აშენებს მშენებელი კონსტრუქციულ ნაგებობას და ის დაინგრევა, თუ აქედან ერთ აგურსაც გამოაკლებ, ასეა ხელოვნებაშიც, თითოეულ სიტყვას, თითოეულ ბგერას ან მონასმს თავისი ადგილი და განუმეორებელი ჟღერადობა აქვს მხატვრულ ნაწარმოებში. ასე მაგალითად, რახმანინოვის მეორე კონცერტს რომ უსმენ, იგივე გრძნობა გეუფლება, სადაც თითოეული ბგერა თავის ადგილზეა და ამას მსმენელი უტყუარად გრძნობს. ეს მუსიკალური ჟღერადობა იმდენად ლოგიკურია, რომ ნაწარმოებიც თითქოს თხრობას ემსგავსება, უმაღლეს მხატვრულ განზომილებაში ადის და თავსდება სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის და სხვა მაღალი ხელოვნებების ერთიან სივრცეში.
რასაკვირველია, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურაც, განსაკუთრებით, ქართული პოეზია – გალაკტიონი, რუსთაველი... ჩემს განვითარებაზე ძალიან იმოქმედა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა, ქართულმა ხალიჩებმა. მე დღემდე დავდივარ ბაზრობებზე, მაღაზიებში და საათობით ვუყურებ ძველ ხალიჩებს, მათ შორის კავკასიურ და აღმოსავლურ ხალიჩებსაც.

თავიდან თქვენ თქვით, რომ ხელოვნება არის რეალობასთან ახლოს მისვლა, მისი ასახვა, მისი შეჩერება. მაგრამ ახალი ხელოვნება, ახალი მედიები განსხვავდება იმისგან, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით. თქვენი ხელოვნება კი სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ჰქვია უახლესი ხელოვნება (contemporary art), როგორია თქვენი დამოკიდებულება ამის მიმართ და საერთოდ, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის ხელოვნება?
აკი მოგახსენეთ, მე დღესაც ვსწავლობ, როგორ შევქმნა გამოსახულება, როგორ გავაკეთო ნამდვილი ფერწერა. დღემდე ვაკეთებ პომპეის ფრესკების ასლებს, რომ შევძლო ჭეშმარიტი ხელოვნების საიდუმლოების ამოხსნა. ამიტომ, რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას უახლესი ხელოვნებისადმი – პოპარტი, კონცეპფტუალური ხელოვნება, აქციები, ჰეფენინგი... ის უარყოფითია, რადგან მე ის არ მაკმაყოფილებს და, შესაბამისად, არც მიყვარს. მე მგონია, რომ ის არ არის თანამედროვეობის ადეკვატური მოვლენა. მე არ ვთვლი, რომ პოლოკის შემოქმედება მისი თანამედროვე საზოგადოების შინაგანი მოთხოვნილების პასუხია. კაცობრიობის ისტორიაში ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა საზოგადოება ცდებოდა შეფასებებში, ამის მკაფიო მაგალითია, თუნდაც, რუსულ ხელოვნებაში, მაგალითად, ბრიულოვი, რომელიც თავის დროზე ცამდე იყო აყვანილი, ახლა კი ირკვევა, რომ მისი შემოქმედება არაფრით გამორჩეული არ არის.
დღეს მე არ მხიბლავს, ვთქვათ, თაბაშირში ამოვლებული შარვალი, მიკრული კედელზე. მე ამას არ ვთვლი ხელოვნებად, რადგან ასეთ იმიჯებს არ აქვთ მხატვრული ზემოქმედების ძალა, მაშინ როცა, ვთქვათ, ჩაპლინის ან მიქელანჯელო ანტონიონის ფილმები და თითოეული კადრიც კი, საოცრად შთამბეჭდავია.

რა არის თქვნთვის სამშობლო?
აკი გითხარით, ეს ის გარემოა, სადაც გავჩნდი, სადაც ნაცნობები მყავს, სადაც მეგობრები მყავს, სადაც მშობლები მყავს, სადაც სიყვარული განვიცადე. ყველაფერი ეს მიყვარს, ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყველანაირად ვცდილობ, ჩემი ხელოვნებით ეს დავანახო მაყურებელს.

და რა არის სიყვარული?
სიყვარული არის სევდა სწრაფად მიმავალი დროის მიმართ. მე ვიცი, რომ დასასრული აქვს ყველაფერს, მათ შორის, ჩემს ცხოვრებას, ჩემს სიყვარულს, გარემოებას, რომელშიც მე ვცხოვრობ. აკი გითხარით, მყავდა ორი უძვირფასესი მეგობარი, რომელთაგან არც ერთი ცოცხალი აღარ არის, მე განვიცდი ამას, თითქმის ყოველ ღამე გონებაში ვესაუბრები მათ, ეს არის სიყვარული – სევდა წარსულის გამო, რაც ჩემი ნამუშევრების ძირითადი მოტივია. მაყურებელი უყურებს ჩემს სურათებს, სადაც თითქოს არაფერია მნიშვნელოვანი - ერთი ხე დგას სადღაც მინდორში, მაგრამ მის მიღმა დაკვირვებული თვალი აუცილებლად ამოიცნობს იმ სევდას და სიყვარულს, რაზეც ახლა მოგახსენეთ. აი, თუნდაც, ეს სურათი: მე ვხატავ ხეს და გზას და ეს გზა, ხე არის ჩემი ცხოვრების შინაარსის გამომხატველი, მე აქ მინდა ვთქვა, რომ ამ გზაზე შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნად აღარ არიან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ და ახლა საოცრად მაკლიან ისინი. ამ ნამუშევარში მე შევძელი ის, რომ ამ უბრალო მოტივში თითქოს ამბავი მოვყევი. ეს მოვახერხე არა ნარატიულობით, არა ილუსტრატიულობით, არამედ სწორი აქცენტების გაკეთებით, სწორი არჩევითობით და მხოლოდ ფერწერის ენის გამოყენებით. არაფერი სხვა აქ არ არის. თავად ფერწერა არის გამომსახველი ამ განცდის – ეს ვერცხლისფერი სივრცე, სადაც დგას ერთი ხე და ამ ვერცხლისფერ სივრცეში დაკარგული გზა. დაკვირვებული თვალი გრძნობს იმას, რასაც მე თავად ვგრძნობდი ამ ნაწარმოების შექმნისას და რისი გამოხატვაც მინდოდა.

რას ეტყვის მკითხველს 90 წელს მიტანებული სახელოვანი მხატვარი, ვისი შემოქმედებაც ახლობელი, საყვარელი და საამაყოა ჩვენი საზოგადოებისათვის?
ვეტყვი იმას, რომ ვდებ პირობას, სანამ სული მიდგას პირში, დავხვეწ და ვეცდები, უფრო მკაფიო გავხადო ჩემი ხელოვნება, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდლი სახელოვანი“... არა, სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ მისი მოახლოვების ტალღები უკვე მელამუნება და ვგრძნობ ამას. გონება ჯერ-ჯერობით საღი მაქვს და კვლავინდებურად შემართული ვარ იმისთის, რომ გავიდე მინდორში, მივესალმო ახლადამოსულ მზეს, ისევ აღვფრთოვანდე მისი ულამაზესი სხივებით და დავხატო ჩემი სამშობლო, ჩემი გარემო უდიდესი სიყვარულით, პატივისცემით, სევდით და იმის სურვილით, რომ გავხსნა ის ჭეშმარიტება, მივხვდე იმ საიდუმლოს, რაც მართავს ამ ცხოვრებას. ეს არის ჩემი სანუკვარი ოცნება.ედმონდ კალანდაძე, საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი 2014 წელს გარდაიცვალა (91 წლის ასაკში). ეს ინტერვიუ მის გარდაცვალებამდე, დაახლოებით ერთი წლით ადრე იქნა ჩაწერილი.

ნანახია: 29768-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani