Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გიორგი ხოშტარიას მხატვრობის შესახებ

There are no translations available.

სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

გიორგი ხოშტარიას შემოქმედებამ ჩემზე იმთავითვე მოახდინა ძალიან ღრმა შთაბეჭდილება. შევეცდები საკუთარ თავს კითხვები დავუსვა - მაინც რამ განაპირობა ის ინტენსიური განცდა, რომელიც მის მხატვრობასთან შეხვედრას დაუკავშირდა?
პირველყოვლისა, მიმიზიდა მეტად თავისებურმა სივრციერებამ, სიხალვათემ, ერთგვარმა ტრანსპარენტულობამაც კი.
ნაწარმოებებში სუფევს მშვიდი, განწმენდილი, მისტიკური სინათლე. აქვე თავს იჩენს სისადავის სისავსე, ლაკონიურობის შინაგანი გაჯერებულობა. რაღა თქმა უნდა, სურათებში შეიგრძნობა ძლიერი ემოციურობა, მაგრამ ის მოკლებულია ჰედონურობას, თავისებურად „გაფილტრულია“, განსულიერებული. მჭვრეტელობითობა არსებითი მახასიათებელია. ხაზგასასმელია ისიც, რომ არ გბეზრდება ამ მხოლოდ ფორმატით კამერულ, მაგრამ შინაგანი მნიშვნელოვნებით აღვსილ სურათებთან კონტაქტი. მეტიც: აუცილებლობადაც კი იქცევა ხანგრძლივი დაკვირვება, რასაც თან ახლავს მოუხელთებელი, არსებითად ამოუხსნელი პლასტების აღმოჩენის პროცესი! ირკვევა, რომ ის „მინიმალიზმი“, რომელიც ამ ქმნილებათა აღქმას ახლავს თან, სინამდვილეში უაღრესად მრავალშრიანი ყოფილა. თითქმის აბსტრაჰირებასთან მიახლოებისას, ძალიან ძლიერია სახვითობა - გრძნობ მთათა გეოლოგიურ პლასტებს, გრძნობ მზისა და მიწის ურთიერთშეხვედრის მისტერიას, გრძნობ ცის უსაზღვროებას, გრძნობ წყლის სიანკარეს, პირველქმნილობას! საზოგადოდ - ამ კონტექსტში გამოსაკვეთია „პირველსტიქიათა“ არსის შინაგანი მატარებლობაც, რაღაცადაგვარი „დასაბამიერობა“, ჩენილი ნამუშევრებში. ამასთან ერთად, ჩემთვის ეჭვმიუტანელია ძალიან არსებითი, თუმცა არაპირდაპირი კავშირი შუასაუკუნოვან მხატვრობასთან, მის სადა ამაღლებულობასთან, მისსავე - სხვა რიგის უსასრულობის მატარებლობასთან, რომელიც არა დამატკბობელია, არამედ „ამყვანებელი“. არის ასევე არაგარეგანი, ძალიან საფუძვლიანი კავშირი ფიროსმანაშვილის გამაოგნებელ, განსაცვიფრებელ ლაკონიზმთან, რომლის საიდუმლეობათა აღმომჩენიცაა თავად გიორგი ხოშტარია. არსებობს მონათესავეობა კაკაბაძისეულ ლანდშაფტებთანაც, თუმცაღა მგონია, რომ ამ მხატვრობაში თავს იჩენს რაღაც განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ხედვის სიახლე, დაუმძიმებელი, ინტელექტუალურ, ცოდნისმიერ ასპექტებს განრიდებული (არადა, კარგად ვიცით, თუ რა ხარისხის ცოდნა აქვს მას მსოფლიო ხელოვნების ისტორიისა, მისი საზრისისა). ეს კი იმიტომ ხდება, რომ ნამუშევრებში ჩანს მთავარი: ესაა პირველშეხვედრის უშუალობა, სრული სიწრფელე, რაღაცადაგვარი სიანკარეც! მე ვფიქრობ, რომ გიორგიმ (მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ლექტორია, საუკეთესო მკვლევარი, მასწავლებელი, „თვალის გამხსნელი“, შეგირდთა დიდი მოამაგე, მოღვაწე ...  და მეც მის მოსწავლედ ვთვლი თავს), ყველაზე მეტად საკუთარი თავი აღმოაჩინა უბადლო, უზადო გემოვნებით აღსავსე და ძალიან ცოცხალ მხატვრობაში. ეს არაა რიგითი მოვლენა - ეს დიდი კულტურული მონაპოვარია, უპრეტენზიობა, ამბიციათაგან სრული თავისუფლება დიდ სიმაღლეს სძენს ნაწარმოებთ. გიორგი ხოშტარიამ, იქნებ მისდა უნებურად, მიაგნო უმოკლეს გზას გამოხატვისა, მეტყველებისა, არსის წვდომისა...

1.4.

ამასთანავე, ნამუშევრებში ამოიცნობა მეტად თავისებური „ქართულობა“. ეს ცნება არაა მეცნიერული, მაგრამ ის ჩემთვის ძალიან რეალურია... როცა ვიხილე გოგის ლანდშაფტები, თითქოს კვლავ ვიმოგზაურე თუშეთში, სვანეთში, რაჭაში, კახეთში, სამეგრელოში - მოკლედ, მთელ საქართველოში. საქართველოს ბუნება, დიდწილად აღმომაცენებელი ჩვენი კულტურის რაობისა, არის არა ფრაგმენტულად ხე, მთა, მდინარე, ზღვა თუ სხვანი, არამედ ესაა ერთგვარი „სახლი“ ქართველობისა, რომლის მთლიანობაც  ასეთი ძალით გამოხატა მან. თუმცა, აქვე სუფევს „დედამიწურობა“, „დიდსამყაროულობა“, უნივერსალობა ხედვისა, ოღონდ, მშობლიურიდან ამომავალი.

23

არაჩვეულებრივია ჩანართები, თუნდაც, რომელიღაც მცირე, „ოდნავ დასანახი“, მაგრამ მრავლისშემომკრები სახლის სახით მთის წვერზე, რომელიც მასშტაბსაც სძენს კამერულ სურათებს და დიდ ვრცეულობასაც (მცირესა და დიდის ჰარმონიული კონტრასტიც და ურთიერთშეხმობაც არსებობს აქ). კათარსისულია ხეებიანი, ახლოს მოტანილი ლანდშაფტებიც. აქ მიმზიდავია ლაქათა გაჯერებულობა, ოღონდაც, დემატერიალიზაციის მატარებელი. შორი ხედები კი  იმ სივრცეებს შეგაგრძნობინებს, რომელნიც „ცხრა მთას იქითაც“ იგულისხმება...
გიორგი ხოშტარიას ხელოვნება ჩემთვის დიდი აღმოჩენაა, ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელი! ჩვენს ქაოსურ დროში ის მისანდობელ ნავთსაყუდელად აღიქმება. ეს არის ღვთის დიდი რწმენის მქონე ადამიანის სურათები, ქრისტიანული. მათში ჩენილი გახსნილობა და ხსნილობაც, სწორედ ხსნას უკავშირდება...
ამიტომაც აღვიქვამ, როგორც დიდ შემოქმედებას, გაძლიერებულს თავისი მოკრძალებულობით, არახმამაღალს, თვალისა და გულის მიმაპყრობელს, საიმედოს, რწმენის გამაძლიერებელს...
22.06.2017

ნანახია: 7293-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani