Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მასწავლებლის ხსოვნას (მერი კარბელაშვილი)

There are no translations available.

სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების  
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


ქალბატონი მერი კარბელაშვილი სახელმოხვეჭილი გვარის ღირსეული წარმომადგენელი იყო. მას გამოარჩევდა უტყუარი შინაგანი კულტურა, კარგი განათლება და მართლაც ძალიან მრავალმხრივი ინტერესები, რაც ლიტონი განცხადება სულ არაა. ჰქონდა, ასევე, მოვლენათა ინტენსიური, ზოგჯერ უჩვეულო აღქმისა და ანალიზის უნარიც.
ერთ რამედ ღირდა მისი თხრობის მოსმენა არაჩვეულებრივი მასშტაბის მქონე ჩვენს მოღვაწეებზე. დღესაც მახსოვს, რამდენად ცოცხლად, მეტიც - შთაგონებით ჰყვებოდა იგი, თუგინდ, ნიკო ბერძენიშვილზე, რომლისთვისაც ისტორია დისტანციურ „საგანს“ კი არა, არამედ უცნაურად გაშინაგანებულ რეალობას, თავისსავე ბიოგრაფიასთან, ამ დიდი პიროვნების სიღრმისეულ გულისნადებთან გადაჯაჭვულ, ძალზე დრამატულ თავგადასავალს წარმოადგენდა, თავგადასავალს იმ ერისა, რომლის სისხლხორცეულ ნაწილად თვლიდა ბატონი ნიკო თავს და ამასვე მთელი არსებით შეაგრძნობინებდა კიდეც შეგირდებს. ქ-ნი მერის მონათხრობში ცხადდებოდა, თუ როგორ ახდენდა ეს დიდი მკვლევარი უეცარ წიაღსვლებს და რანაირად სახავდა სრულიად ახალ სტრატეგიებს, არათუ უშუალო საუბრისას არამედ ლექციის მსვლელობის დროსაც.

1

მისი მეგობრის - ავთანდილ ვარაზის შესახებ საუბრისას თვალწინ წარმოგიდგებოდათ ღირსეული, თავმდაბალი, ძლიერ არტისტული, დიდი შემოქმედი, რომელსაც, ცოტა არ იყოს, მელანქოლიური განწყობის მქონე, მუქი კოლორიტით შესრულებული ნატურმორტი, ერთხელ, თურმე, მხატვარს სრულებით მყისვე და ხალისით გადაუსხვაფერა მაესტრო ალ. ბაჟბეუქ მელიქოვმა, - ერთობ მძაფრი ტემპერამენტის მქონე შემოქმედმა - ტილო, როდესაც ტორტის ნაჭრიდან კრემის მსწრაფლ აღების შემდგომ, ტკბილეულის ეს მომცრო ნაწილი ათინათის სახით მძლავრად დაუსვა რომელიღაც ბოთლის გამოსახულებას, რის შედეგადაც სულ სხვაგვარად, უფრო „ოპტიმისტურად“ „გამოიხედა“ თურმე ცოტათი დაღვრემილმა საგანთსამყარომ ბატონი ავთოს ნატურმორტისა.
კარგად მახსოვს ერთი ეპიზოდი: რომელი საერთაშორისო სიმპოზიუმი იყო ვეღარ აღვადგინე - მთავარია, რომ ეს იყო ბატონი ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, მართლაც რომ, გულის მოთხოვნითა და თავდადებით გამართულთაგან, ერთ-ერთი. აი, სწორედ იქ, ერთი უცხოელი სტუმარი, რბილად რომ ვთქვათ,  არაადექვატურად წარმოაჩენდა ქართული ცივილიზაციის როლსა და გადამწყვეტ მნიშვნელობას თბილისური კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში. მახსოვს არა მარტო ის, თუ როგორ „მეხივით“ დაატყდა თავს სტუმარს ქალბატონი მერი, არამედ ისიც, თუ რაოდენ შეძლო მან სინამდვილეში უსუსურ, თუმცა, აპლომბით წარმოთქმულ არგუმენტთა სწრაფად გაცამტვერება.

2

ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო. ფართო განათლების მქონეს, პროვინციული ურა-პატრიოტიზმი, ცხადია, სრულებით არ ახასიათებდა, მაგრამ ამასთანავე, ძალიან კარგად იცოდა, თუ რა მარადიულ ფასეულობათა გამტარი იყო და არის კიდეც საქართველო.

ბევრი იშრომა, რათა სათანადოდ წარმოეჩინა ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, ავთანდილ ვარაზის, დუდა გაბაშვილის, ჰენრიხ ჰრინევსკის, გიორგი ოჩიაურის, ლევან ცუცქირიძის, ანა შალიკაშვილის, ზურაბ ლეჟავას და სხვათა შემოქმედება. ბოლო დროს მუშაობდა იგი ქართული გრაფიკის ზოგად პრობლემატიკაზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანი, ეტაპური ნაშრომია და ის უთუოდ უნდა დაისტამბოს.
ქალბატონი მერი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა 1950 წწ. თაობის წარმომადგენელთა მიმართ და ამ მეტად საინტერესო პერიოდს სათანადო პუბლიკაციაც მიუძღვნა. პირველად მანვე შექმნა შემეცნებით წერილთა სერია XX ს. მოდერნისტთა შესახებ.

3

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი უბრალოდ  ჩინებული ლექციები XVIII-XIX სს. ევროპულ ხელოვნებაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, საუკეთესო იყო XIX-XX ს-ის ქართული ხელოვნების მის მიერ წარმართული კურსი, რომელიც ახლაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორც არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეაყვაროს სტუდენტს პედაგოგმა თავისი პროფესია, როგორ უნდა შეიყვანოს იგი იმ პრობლემატიკათა სფეროში, რომელიც მუდამ აქტიური იქნება ჩვენთვის.
ქალბატონი მერი ძალიან სოციალური პიროვნება იყო, მაგრამ ზოგჯერ გამარტოსულდებოდა, როგორღაც შეუვალიც ხდებოდა. განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო პერიოდში, როდესაც, სამწუხაროდ, თავად გადაწყვიტა, რომ  გარე სამყაროსთან მოეკვეთა ურთიერთობა. ეს ძალიან მძიმედ გასახსენებელია. იმათაც კი აღარ ეკონტაქტებოდა,  ვინც თავად გულით უყვარდა და იცოდა, რომ ამ ადამიანებს მის მიმართაც იგივე წრფელი გრძნობა ამოძრავებდათ. ეს ჩვენი დიდი ტკივილია, ამ ტკივილს უბრალოდ ვერსად წაუვალთ. მე ვფიქრობ, ცისანა სამუნაშვილის არაჩვეულებრივ პორტრეტში კარგად ჩანს მისი შინაგანი სამყაროს სიფაქიზე და რაღაცაგვარი ხელშეუხებლობა. სიფაქიზის არაჩვეულებრივი გამოხატულება იყო დაუვიწყარ კარლო კაჭარავასთან მისი მეგობრობა. თუმცა, თუკი ქ-ნი მერი გამხიარულდებოდა,  ხალისით აენთებოდა, მასთან ურთიერთობას არაფერი სჯობდა. დიდი იუმორი და მახვილსიტყვაობა რომ ახასიათებდა, ესეც კარგად ვიცით მასთან ურთიერთობაში მყოფებმა. ამყოლიც იყო! ერთხელ, მახსოვს, ჩამოვარდა საუბარი, თუ როგორ ომობდნენ მოჭარბებულ მტერთან ქართველები, როგორ უჭრიდათ ხმალი.

4

აი, სწორედ ამ დროს მაგიდაზე რაღაც ჯოხები შევამჩნიე და ერთი მას მივაწოდე. მყისვე მიმიხვდა განზრახვას და ჩვენი მძაფრი ხმალთკვეთებაც დაიწყო. უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად დიდი გარჯა-მონდომებისა, მხოლოდ ერთხანს მოვახერხე, მართალია, საკმაოდ მედგარი, მაგრამ მაინც არათანასწორი შეპაექრება მასთან - ერთობ ფიცხლად შემომიტია და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ბოლოს მოახერხა ჩემი „განგმირვა“. ფანტასტიკურად სწრაფმა და ფიცხელმა, ამასთან, ზუსტი მოძრაობებით მიაღწია საწადელს. ამ სიტუაციაში ბოლომდე ჩართულობის გამო, სრულიად ვერ შევნიშნეთ, რომ ამასობაში, თურმე, ბატონი ვახტანგ ბერიძე შემოსულა ოთახში, რათა ტრადიციისამებრ  გაერკვია, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ მისი თანამშრომლები. როცა მისკენ შევბრუნდით, ორივენი სახტად დავრჩით! ბატონმა ვახტანგმა ერთხანს პაუზა დაიცვა, შემდეგ დინჯად ჩაახველა, სათვალე  გაისწორა და უაღრესად სერიოზული გამომეტყველებით დასძინა „გასაგებიაო“. რასაკვირველია, ამას თანამშრომელთა მხიარული სიცილი და ჟრიამული მოჰყვა...
ძალიან დიდი სიყვარული დაუტოვებია ქალბატონ მერის! რაღაცგვარად, ყველამ გულთან ახლოს მიიტანა მისი ხსოვნის დღეები. უნდა გენახათ, რა სიხარულით მოჰქონდათ მხატვრებს თუ მათ მემკვიდრეებს ის ნამუშევრები, რომელთა შესწავლასა  და  წვდომას თავისი სულის ნაწილი  მიუძღვნა ჩვენმა დაუვიწყარმა მერი კარბელაშვილმა, ზოგისათვის ქალბატონმა მერიმ, სხვათათვის - უბრალოდ მერიმ, მე  კი  მას ყოველთვის დეიდა მერის  ვეძახდი.


ნანახია: 8146-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani