Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული პავილიონები პრაღის კვადრიენალეზე 2007, 2011, 2015 წლებში

There are no translations available.

ნინო გუნია-კუზნეცოვა

წინაპირობა
ქართული თეატრალური პროცესი მე-20 საუკუნეში მსოფლიო ტენდენციების ადექვატური იყო და ქართული სცენოგრაფიაც საკუთარი განვითარების  გარკვეულ ეტაპზე (20-30-იან, 60-70-იან წლებში), როგორც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ ნოვატორულ სკოლად მოიაზრებოდა, ასევე, საერთაშორისო მეინსტრიმს ესადაგებოდა. გარკვეული აცდენა  უკვე  1980-იანი წლების მიწურულიდან შეინიშნება.
კომუნიკაციურმა კულტურამ ახალი მედიები მოიტანა  სცენოგრაფიაში. დასავლეთში 1980-იანი წლების თეატრალური ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა თეატრალური ესთეტიკის რეკონსტრუქციას და ტექნოლოგიური კონტამინაცია, როგორც წესი, თეატრის შიდა იდეას ემსახურებოდა. 1990-იან წლებში მულტიმედიისა და ვირტუალური რეალობის  თეატრალურ გარემოში სინთეზირების მცდელობა დაიწყო. თუმცა, არც ეს ექსპერიმენტები არღვევდა თეატრალურ პირობითობას. პოსტდრამატულ თეატრში ნარატივის  განლევისა და ვიზუალიზაციის მკვეთრი ემანსიპაციის პირობებშიც  სცენოგრაფიის მხოლოდ ტექნიკური, გამომსახველობითი საშუალებები იცვლებოდა და არა თავად სცენოგრაფიის ფუნქცია. ამ ექპერიმენტების დროს  სცენოგრაფია იმ „პერსონაჟულ ფუნქციასაც“ კი აღარ ასრულებდა, რაზეც ვიქტორ ბერიოზკინი 1960-70 წლების მსოფლიო სცენოგრაფიული პროცესების აღწერისას წერდა.  1990-იანი წლების ბოლოდან სცენოგრაფიაში უმეტესწილად სივრცითი დიზაინის  დომინირება იკვეთება.
21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის პანორამა კი უფრო ბუნდოვანი ხდება. ამის საუკეთესო დასტურია  2007, 2011 და 2015 წლების პრაღის კვადრიენალეები.
სცენოგრაფიის ისტორიისა და თეორიის საკითხებში მსოფლიოს წამყვანი თეორეტიკოსები ცდილობენ გააანალიზონ  მსოფლიო სცენოგრაფიის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი და მასზე წარმოჩენილი ახალი ტენდენციები.
ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი, 2007 წლის პრაღის კვადრიენალეს კურატორი არნოლდ არონსონი კრებულში „Reflections on the 2007 Prague Quadrennial“ წერდა, რომპრაღის კვადრიენალეს 40-წლიანი ისტორიის მანძილზე,  2007 წელს პირველად მოხდა მცდელობა,  შექმნილიყო  ვიზუალური ექსპონატი და სიმბოლური იდეა სპეციალურად გამოფენისათვის, და რომ ამ მცდელობამ მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას.  იმავე გამოცემაში  ავსტრიელი ხელოვნების თეორეტიკოსი და კრიტიკოსი, თეა ბჟეზიკი კი აღნიშნავდა, რომ  სათაურებისა და აღწერილობების  გარეშე, არტეფაქტები ვენეციის ბიენალეს საგამოფენო ობიექტებისაგან დიდად არ განირჩეოდა - მათ არა  საკუთრივ სცენოგრაფიული,  არამედ ზოგადად თანამედეროვე  ხელოვნების ობიეტების სახე ჰქონდა.
ანუ 2007 წლიდან პირველად კვადრიენალეს ისტორიაში,  პავილიონებმა  ინსტალაციური სახე მიიღო და ტრადიციული სცენოგრაფიული ექსპოზიციიდან თანამედროვე ხელოვნების ობიექტებისკენ სვლა დაიწყეს. ამ პროცესს ხელს უწყობს ტექნოლოგიური ნოვაციების ტოტალური  გამოყენება, როგორც თავად თეატრალურ პროდაქშენში, ასევე, საექსპოზიციო პროცესში. ახალი მედიები და მასალები წინათ  სრულიად ხელმიუწვდომელი ეფექტების შექმნის საშუალებას იძლევა. სცენოგრაფია  თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ყველა  ინსტრუმენტს იყენებს და საკუთარი სინთეზური არსის შესაბამისად  ჰიბრიდ არტის ფორმებს,   პოლიმედიური ხელოვებების უნარებს, მეცნიერების, ინჟინერიის, ციფრული მედიის ინსტრუმენტებს და ენასაც კი ითვისებს.
1990-იანი წლების შემდეგ ქართულ სცენოგრაფიაში, განსაკუთრებით, ახალი თაობის ხელოვანთა ხედვებში ძირეული ცვლილებები  მოხდა, ხოლო, ქართული თეატრის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და პროფესიული უნარები  ვეღარ ეწეოდა დროს. შექმნილ წინააღმდეგობას, ნაწილობრივ, აბალანსებდა უფროსი თაობის წამყვანი სცენოგრაფების მიღწევები 2000-იანი წლების დასაწყისში. თუმცა, საერთო მდგომარეობა ქართულ სცენოგრაფიაში ვეღარ წვდებოდა იმ მაღალ თამასას, რაც 1960-იანელებმა შემოიღეს თავისი შემოქმედების აპოგეაში.
ამდენად, განვითარებისთვის საკუთარი ჩაკეტილი სივრციდან საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა სასიცოცხლო  აუცილებლობად იქცა.  ამ ფონზე მნიშვნელოვანი გახდა ქართული სცენოგრაფიული სკოლის წარმოჩენა პრაღის კვადრიენალეზე. მსოფლიოში ამ უდიდეს სცენოგრაფიულ ფორუმზე  მე-20  საუკუნეში ქართველი სცენოგრაფები  საბჭოთა კავშირის პავილიონის ფარგლებში  მონაწილეობდნენ და დიდ წარმატებასაც აღწევდნენ (მაგ., 1979 წელს ოქროს მედალი კოსტიუმებში თემურ ნინუამ მიიღო). ახლა კი საქართველო პირველად უნდა წარმდგარიყო პრაღის კვადრიენალეზე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.
2007 წელს, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა -  პრაღის კვადრიენალეს სტუდენტურ სექციაში  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწოფო უნივერსიტეტის ასპირანტ-სტაჟორთა და ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის  წევრთა გაერთიანებული ჯგუფი წარსდგა.

2007 წელი
სტუდენტური პავილიონი „ აუდიტორია #15 - მუდამ ზღვარზე“ (ილ. 1)
2007 წელს ქართული სტუდენტური პავილიონის წარმდგენი ორგანიზაცია ვალერიან გუნიას  სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი, კურატორი ნინო გუნია-კუზნეცოვა, ხოლო პავილიონის დიზაინერი მანანა გუნია იყვნენ.
წინამოსამზადებელ ეტაპზე ჯგუფთან მასტერკლასების ფორმატში მუშაობდა გამოჩენილი ქართველი სცენოგრაფი გიორგი ალექსი-მესხიშვილი.
ექსპოზიციის თემის შემმუშავებელი ჯგუფის მონაწილეები იყვნენ:  (ილ. 2) ეკა სოლოღაშვილი, თამარ გრძელიძე, (ილ. 3)  ნინო თათარაშვილი, თეა თომაძე. ჯგუფმა თემად დაასახელა „ აუდიტორია #15 - მუდამ ზღვარზე“.
არჩეული თემა   გამოხატავდა იმ სულიერ მდგომარეობას, რომელიც ახალგაზრდა  ხელოვანთ  ჩამოუყალიბდათ  1990-2000-იანი წლების  საქართველოს ახალი ისტორიის დრამატულ ფონზე; ამავდროულად,  იგი  გახდა გარკვეული წინათგრძნობაც მომავალი  ტრაგიკული მოვლენებისა, რომელიც 2008 წელს განვითარდა.

(ილ. 1)  PQ07  საქართველოს სტუდენტური პავილიონი „ აუდიტორია #15 - მუდამ ზღვარზე“
( ილ. 2) ეკა სოლოღაშვილი, ინსტალაცია თემაზე „აუდიტორია #15-მუდამ ზღვარზე“
(ილ. 3)  ნინო თათარაშვილი, ინსტალაცია თემაზე „აუდიტორია #15-მუდამ ზღვარზე“


2007 წლის ქართული სტუდენტური პავილიონის ჩანაფიქრი და რეალიზება

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილე სცენოგრაფები ეკუთვნიან იმ თაობას, რომლის ზდრა,  ჩამოყალიბება ხდებოდა საქართველოსათვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც ქვეყანამ  ფუნქცია დაკარგა და მხოლოდ „ტერიტორიად“ აღიქმებოდა. შესაბამისად, ამ თაობის ახალგაზრდების განცდაში დომინირებდა ორმაგი ხაფანგისა და გამოსავლის არარსებობის შიში, გარე სამყაროსადმი დუალისტური დამოკიდებულება - ერთი მხრივ, სწრაფვა, მილტოლვა და მეორეს მხრივ, გაუცხოება, შიში  შეუცნობელი და უკიდეგანო გარე სამყაროს მიმართ ...
2007 წლის სტუდენტური პავილიონის საგანი იყო  თვითგამოხატვა, იდენტობა  და კომუნიკაცია.პროექტი მიმართული იყო ინდივიდუალობის, ურთიერთკავშირების და თანამედროვე საზოგადოებაში ხელოვანის პასუხისმგებლობის პრობლემების კვლევაზე.
(ილ. 4) თავდაპირველად  ეკა სოლოღაშვილმა შექმნა „აუდიტორია #15“ -ის ესკიზი: შუშის კუბი უსქესო 4 თოჯინით, რომლებიც ჭიპლარით ერთ „დედამონიტორს“ უერთდებოდნენ. მისი კონცეფცია პავილიონის  ერთ-ერთ ნაწილს, ინსტალაციას გულისხმობდა, რომელშიც სხვა მონაწილეთა ნამუშევრების ჩვენება  მონიტორებზე ანდა ვიდეოკედლებზე იყო დაგეგმილი.

(ილ. 4) ეკა სოლოღაშვილმა სტუდენტური პავილიონის „აუდიტორია #15-მუდამ ზღვარზე“  პირველადი ესკიზი

ძალზე მცირე ბიუჯეტის გამო დაიწყო პავილიონის შემჭიდროვებული ფორმის ძიება და მანანა გუნიამ შექმნა სოლოღაშვილის ინსტალაციის შემცველი პავილიონის 3D მაკეტი. ამ ვერსიაში კუბი შემცირდა, ვიდეოკედლები შეიცვალა ბანერებით, პრინტებით. ხოლო, საბოლოო ვერსიაში (ფინანსების არქონის გამო), შუშის კუბი და  პავილიონის მართკუთხა გეგმარება საერთოდ ამოღებულ იქნა და ჩაკეტილი კლაუსტროფობიული  სივრცე გაშლილ სამკუთხედად გარდაიქმნა - ამდენად შემთხვევითობამ (ბიუჯეტის შემცირებამ) თავდაპირველი მხატვრული ფორმის  სახეცვლა გამოიწვია;  შესაბამისად, ვიზუალურმა ტრანსფორმაციამ შინაარსში ახალი აქცენტები გააჩინა.
პავილიონში სლაიდშოუს და ვიდეო ფორმატში წარმოდგენილი იყო პროფესორ გიორგი გუნიას სცენოგრაფიული სახელოსნოს 1998-2005 წწ.  კუსრდამთავრებულების სადიპლომო ნამუშევრები, მათ შორის - ვიდეოარტისა და სამგანზომილებიანი კომპიუტერული პროგრამებითა და ანიმაციით განხორციელებული კლიპები.
ბანერებზე განთავსდა ეკა სოლოღაშვილის, ნინო თათარაშვილის, ქეთი ღამბაშიძის ნამუშევრების კოლაჟი; ბანერებს შორის -  სოლოღაშვილის გრაფიკული ჩანახატები.
მიუხედავად პავილიონის გამარტივებისა, თავად ნამუშევრები, განსაკუთრებით - ეკა სოლოღაშვილის გრაფიკა და  მაკეტები გამსჭვალულია ტრაგედიის წინათგრძნობით, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ბალანსირების დრამატული განცდით,   მუდმივი ეგზისტენციალური ძიების  მუხტით....
2007 წელს ქართულმა სკოლამ აჩვენა თავისი სიცოცხლისუნარიანობა, დაბრკოლებების მიუხედავად, იდეისა და ფორმის ერთიანობისკენ სწრაფვა და, რაც მთავარია, მარადიულისა და წარმავალის ერთიანობის შეგრძნება,რაც ქართული თეატრალური ფენმომენის არსია.

2011 წელი
სტუდენტური პავილიონი "We are such stuff as dreams are made on..."
The Tempest, W. Shakespeare

2011 წლის პრაღის კვადრიენალე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან გაფართოვდა სექციების რაოდენობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს სტუდენტური პავილიონი შედგებოდა არა ერთი რომელიმე სკოლის წარმომადგენლებისგან, როგორც ეს იყო 2007 წელს, არამედ  სცენოგრაფიის სპეციალობის მქონე ყველა უმალესი სასწავლებლის ნაკრები სტუდენტებისგან. ამან პავილიონს, ერთი მხრივ, ჟანრობრივი, ხოლო, მეორე მხრივ, სტილისტური მრავალსახეობა შესძინა.

(ილ. 5) ქეთევან ნადიბაიძე, უ. შექსპირი „ქარიშხალი“.
 (ილ. 6) ლევან კვარაცხელია, უ. შექსპირი „ქარიშხალი“.
(ილ. 7) ბექა სადაღაშვილი, უ. შექსპირი „ქარიშხალი“.

კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები: (ილ. 5) ქეთევან ნადიბაიძე,  (ილ. 6) ლევან კვარაცხელია, (ილ. 7) ბექა სადაღაშვილი, (ილ.8) მაია გერმანიძე, თამარ ოხიკიანი, (ილ. 9) თეა გელაშვილი;  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სერგეი შივცი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: (ილ. 10) ნინო ჯავახიშვილი, (ილ.11) თამარ ბულალაური. სტუდენტური პავილიონის კურატორი იყო ნინო გუნია-კუზნეცოვა, წარმდგენი ორგანიზაცია - ვალერიან გუნიას  სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი.

(ილ.8) მაია გერმანიძე, უ. შექსპირი „ქარიშხალი“.
(ილ. 9) თეა გელაშვილი;  უ. შექსპირი „ქარიშხალი“.
(ილ. 10) ნინო ჯავახიშვილი, უ. შექსპირი „ქარიშხალი“.
(ილ.11) თამარ ბულალაური. უ. შექსპირი „ქარიშხალი“

სტუდენტური პავილიონის  თემად გამოყენებული იყო ციტატა  შექსპირის „ქარიშხლის“ პროტაგონისტის, პროსპეროს მონოლოგიდან: „ჩვენ ნაქსოვი ვართ სიზმრეული ნივთიერებით, წუთი სოფელი სიზმრითაა გარემოცული....“
თემა შექსპირის ნაწარმოებების ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და კონკურსის მეშვეობით შეირჩა ყველაზე საინტერესო ნამუშევრები. სტუდენტურ პავილიონში წარმოდგენილი იყოროგორც ტრადიციული მაკეტები, ასევე, ვიდეოარტი და  სცენოგრფიული პროექტები ვიდეოკლიპების სახით.
ამჯერად,  პროექტის საგანი იყო „ვიზუალური ვიზუალურში“, „ტექსტი ტექსტში“, რაც, თავის მხრივ, ეფუძნება დოკუმენტურისა და შემოქმედებითის, რეალურისა და წარმოსახვითის კავშირსა  თუ ოპოზიციას..
პავილიონის დიზაინერმა,  მანანა გუნიამ  სხვადასხვა სცენოგრაფიული არტეფაქტების გამაერთიანებელი გარემო შექმნა. თავდაპირველ ესკიზში პავილიონი სტერილურ, ხმისგაუმტარ თეთრ კამერას ასახავდა, რომელიც სიზმრისეული ლანდებით იყო  დასახლებული. მაგრამ  მონაწილე სცენოგრაფების ნამუშვართა ანალიზმა და დისკუსიამ სახე უცვალა მას და პავილიონი იქცა „აბლაბუდად“, რაშიც ექსპონატები წვრილი ვერცხლის ძაფებით/ტროსებით ჰაერში  ეკიდა. ეს კი გარკვეული უწონადობის ილუზიას ქმნიდა. ამ ესთეტიკურ თეთრ  „ობობას ქსელში“  შავი პლესტიგლასის ყუთები - სცენოგრაფიული მაკეტები და ეკრანები - დატყვევებულ მწერებთან ასოცირდებოდა. შედეგად, უხილავი საფრთხის განცდა  იქმნებოდა; მით უფრო, რომ პავილიონში, ყოველ ნაბიჯზე, იატაკიდან ჭერამდე  ასიმეტრიულად გაჭიმული  ვერცხლის  სიმები ბასრ დაბრკოლებას უქმნიდა დამთვალიერებელს, ხოლო იატაკში ჩამონტაჟებული  ეკრანის სიბრტყისთვის ფეხის აცდენისას   მნახველს მუდმივი ბალანსირება უხდებოდა..
2007 წელთან შედარებით, 2011 წლის სტუდენტური პავილიონი კონსტრუქციის დახვეწილობითა და სინატიფით, ასევე, საექსპოზიციო ფურნიტურის და ტექნიკური შესრულების ხარისხით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვან სიახლედ იქცა მულტიმედიური სცენოგრაფიის გამოყენება ილიას უნივერსიტეტის სტუდეტების მიერ (ნინო ჯავახიშვილი, თამუნა ბულალაური). (ილ. 12) ამ ვიდეო-კლიპებისთვის ხმის დიზაინი შესრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის პროგრამის სტუდენტების მიერ (პროფ. რევაზ კიკნაძე), რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

12

აღსანიშნავია, რომ PQ 11-ს სტუდენტური სექციიის ფარგლებში ახალი თაობის ხელოვანთა ნამუშევრებში თვალსაჩინოვდება გლობალიზაციის ეფექტი, რაც სცენოგრაფიაში, ისევე, როგორც ზოგადად თეატრში თუ ვიზუალურ ხელოვნებაში, ნარატივის განლევასა და ტექნოლოგიური ეფექტებისკენ მისწრაფებაში გამოიხატება. ფორმისა და იდეის ურთიერთმიმართება საყოველთაო და აქტუალურ თემად რჩება. ამიტომ ქართული სტუდენტური პავილიონის საკურატორო კონცეფციამ, რომელიც ამ ურთიერთმიმართების აქცენტირებაზე იყო ორიენტირებული, ინტერესი გამოიწვია ექსპერტულ საზოგადოებაში.
SCENOFEST
SCENOFEST წარმოადგენს სტუდენტური სექციის პარალელურ ღონისძიებას და მის მონაწილეებს საერთაშორისო კომისია ირჩევს.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 2011 წელს საქართველოდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორი პროექტი იყო  შერჩეული.
ქართველ სტუდენტთა ორი პერფორმანსის - „თმენა“ და „ნაბიჯები“ - კურატორი, ხელოვნებათმცოდნე, ქეთევან შავგულიძე, ხოლო ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი (გიგა) ლაპიაშვილი იყვნენ. პერფორმანსებში მონაწილეობდნენ: ლევან კვარაცხელია, ბარბარე ასლამაზიშვილი, ქეთევან ნადიბაიძე, თამარ ოხიკიანი, ბექა სადაღაშვილი, თამარ ჭავჭანიძე.
პირველი პერფორმანსი - „თმენა“ - სცენიურ სივრცეში გათამაშებულ, ხოლო მეორე- „ნაბიჯები“ - ქუჩის პერფორმანსს წარმოადგენდა. ორივე წარმოდგენა  იყო რეფლექსია პოლიტიკურ ვითარებაზე. ამასთან, თუ „ნაბიჯები“ პირდაპირი პლაკატური ფორმით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ აქციას წარმოადგენდა (წითელი საღებავით ამოსვრილ ჩექმებში მონაწილეები დააბიჯებდნენ მსოფლიო რუკაზე), მეორე პერფორმანსი მეტი მეტაფორულობითა და ალუზიებით გამოირჩეოდა: ფონად გამოყენებული ვიდეოარტი საყლაპავის შენელებულ მოძრაობას ასახავდა და გარკვეულად suspense-ისეფექტს ასრულებდა. სცენაზე მჯდომი მონაწილეები იმეორებდნენ  ყლაპვის ამ მოძრაობას და გარკვეული რიტმით დგებოდნენ ფეხზე.  „თმენა-ყლაპვის“  გაწელილი და ნაძალადევი მოქმედება ქმნიდა ომის შემდგომი პოსტრავმატული სინდრომის - ჩუმი შფოთვის, დაურწმუნებლობის შეგრძნებებს, რომელიც 21-ე საუკუნის ათიანი წლების ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი გახდა.

ნაციონალური პავილიონი „Scenography as a Technique“

2011 წელს ქვეყნებისა და რეგიონების სექციაში პირველად იყო წარმოდგენილი  საქართველოს ნაციონალური პავილიონი გიორგი ალექსი-მესხიშვილის ინსტალაციით ვაჟა-ფშაველას პოეზიის თემაზე. კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი იყო. (ილ. 13, 14)
კურატორულ კონცეფციაში  „სცენოგრაფია, როგორც ტექნიკა“ ასახული იყო სცენოგრაფიის მნიშვნელობა თანამედროვე და პოსტმოდერნისტულ ხელოვნებასთან მიმართებით.

(ილ. 13) გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ინსტალაცია თემაზე „ვაჟა-ფშაველას პოეზია“; კონცეფცია „სცენოგრაფია, როგორც ტექნიკა“, კურატორი -ქეთევან კინწურაშვილი
(ილ. 14) გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ინსტალაცია თემაზე „ვაჟა-ფშაველას პოეზია“; კონცეფცია „სცენოგრაფია, როგორც ტექნიკა“, კურატორი -ქეთევან კინწურაშვილი

კურატორი განიხილავს სცენოგრაფიას ტექნიკად, რომელიც აძლევს საშუალებას მხატვარს შეავსოს მატერიალური ობიექტები ჯადოსნური არსით და შექმნას სიურრეალისტური გარემო, რომელიც, თავის მხრივ, მაყურებელს რთავს იდეის განვითარების პროცესში. კურატორი მოგვითხრობს, რომ გიორგი ალექსი-მესხიშვილი იყენებს ყველა ხერხს, რათა გახსნას ადამიანის არსი. საბოლოოდ,  სიურეალიზმიც   მის შემოქმედებაში  არაკლასიკურ, პოსტმოდერნისტულ შინაარსს იძენს.
ვაჟა-ფშაველას სამყაროს მისტიკური აურის შექმნაში მხატვარს ეხმარებოდა ახალგაზრდა კომპოზიტორის, გიორგი ჯანიაშვილის ხმოვანი დიზაინი.
კონცეფციაში ხაზგასმული იყო საბჭოთა პერიოდში სცენოგრაფიის,  როგორც თანამედროვე ხელოვნების „თავშესაფრის“ როლი  და  სცენოგრაფიის „ტერიტორიაზე“ ვიზუალური  ხელოვნების უახლესი ტენდენციების  ტრანსაქციის  პროცესში ისეთი მხატვრების, როგორიცაა  გიორგი  ალექსი-მესხიშვილი,  ლიდერული ფუნქცია.

არასაკონკურსო გამოფენები

2011 წელს არასაკონკურსო პროგრამაში  ორი ქართული გამოფენა განხორციელდა. ორივეს კურატორი ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი იყო. აღსანიშნავია, რომ მათთვის კურატორმა შეარჩია ძალიან საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა - შუასაუკუნეების სასახლე Nostic , რომელშიც, ახლა, ჩეხეთის კულტურის სამინისტროა განთავსებული.
არასაკონკურსო გამოფენათაგან პირველი ეკუთვნოდა გიორგი ალექსი-მესხიშვილს და  ეს იყო მის მიერ რეალიზებული სპექტაკლების დეკორაციების და კოსტიუმების ექსპოზიცია.
მეორე იყო კომპოზიტორ გიორგი და დიზაინერ დავით ჯანიაშვილების ერთობლივი ვიზუალურ-ხმოვანი ინსტალაცია „მსხვერპლის“ თემაზე.
ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შემუშავებული იყო „სტატიკური დრამის კონცეფტი“; ის გულისხმობს სივრცეს, რომელიც იქმნება აზროვნების პროცესში და,  თავის მხრივ, ახალ პროცესს აძლევს დასაბამს.
Nostic  პალასის ანფილადური დაბალთაღოვანი  თავლის დარბაზები განსაკუთრებულ დრამატიზმს სძენდა ამ ინსტალაციას, რომელიც წარმოადგენდა მატყლით მოფენილ სივრცეს და მასში მსხვერპლად შეწირულის სისხლმდინარე  და სუდარაში გახვეულ, ფეხებით დაკიდებულ ფიგურას. (ილ. 15)
ეს გამოფენები ჩეხეთის კულტურის სამინისტროში მნიშვნელოვან აქცენტს სძენდა ქართული სცენოგრაფიის ექსპონირებას 2011 წლის პრაღის კვადრიენალეზე.

15

2015 წელი
სტუდენტური პავილიონი - „მოლოდინი...“

2015 წლის პრაღის კვადრიენალეზე სტუდენტურ სექციაში საქართველო წარმოდგენილი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის სცენოგრაფიის სახელოსნოს სტუდენტური ჯგუფით. კურატორი ქეთევან შავგულიძე, დიზაინერი გიორგი (გიგა) ლაპიაშვილი, იდეის ავტორები: ბარბარე ასლამაზიშვილი, ავთანდილ მოდებაძე.
სტუდენტური პავილიონი წარმოადგენდა საბჭოთა ავტოსადგომის თეატრალურ ინტერპრეტაციას, დამონტაჟებული თეატრალური წითელი ხავერდის სავარძლებით;  ადგილს, სადაც ლოდინის პროცესი აერთიანებს წარსულსა და მომავალს...  (ილ. 16)
პავილიონში არსებობდა თეატრალური რუქა და „მარშრუტები“ შეუსაბამო თეატრალური მისამართებით: - „ელსინორი“, „კოლხეთი“, „თოჯინების სახლი“, „ალუბლის ბაღი“;  სადგურის მონიტორზე ტრიალებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომების დოკუმენტური კადრები.
ამ უტოპიური მოლოდინის დასასრულებლად უნდა დაგესრულებინათ ფრაზა - დაგეწერათ და სტიკერი კედელზე მიგემაგრებინათ.

(ილ. 16) PQ15 საქართველოს სტუდენტური პავილიონი - „მოლოდინი...“ კურატორი - ქეთევან შავგულიძე

ასევე, 2015 წელს OISTAT-ის დღისადმი მიძღვნილ თანამდევ პროგრამაში წარმოდგენილი იყო ნინო მაღლაკელიძის ქუჩის პერფორმანსი: „თოჯინების ხალხი - ოცნება“  (ქართულ-ამერიკული პროექტი).
ნაციონალური პავილიონი „ქალის ხმა“ (ილ. PQ15a, PQ15b, PQ15c)

17
18
19

2015 წელს, პრაღის  კვადრიენალეს  ნაციონალურ სექციაში მონაწილეობდა  ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის პროექტი „ქალის ხმა“; კურატორი და იდეის ავტორი - ნინო გუნია-კუზნეცოვა, კონცეფციის ავტორი - თამარ ბოკუჩავა, დიზაინერი - მანანა გუნია.
პროექტის მიზანი იყო  მიმდინარე ქართული თეატრალური  პანორამის დოკუმენტირება და ქალთა სცენოგრაფიის პრიზმაში ჩვენება. შესაბამისად, პრაღაში  საქართველო წარსდგა  დედაქალაქის  და რეგიონული  თეატრების სხვადასხვა სპექტაკლების ვიდეო კლიპების  „ორმაგი პანოთი“,  რომელიც  12 სცენოგრაფი ქალის ხელოვნებას  წარმოაჩენდა. პავილიონში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკისა და მიმართულების მხატვრები: ნინო ჩიტაიშვილი,  (ილ. 18) ნინო ჩუბინიშვილი, (ილ.19)  ანა კალატოზიშვილი, ნინო სურგულაძე, ანანო მოსიძე, ნუცა ხიდაშელი, ეკატერინე სოლოღაშვილი, (ილ. 17) მანანა გუნია, (ილ. 20)  ანა ნინუა, ნინო კიტია, თეო კუხიანიძე, 2015 წლის პრაღის კვადრიენალეს სამი  თემიდან - „პოლიტიკა“, „მუსიკა“, „ამინდი“, ქართულმა კურატორულმა ჯგუფმა პირველი ორის  ერთობა „პოლიტიკა /მუსიკა“,  ამოირჩია. ამასთან, წინამოსამზადებელმა კვლევამ გამოავლინა გარკვეული გენდერული დისბალანსი: მოქმედ ქართველ სცენოგრაფთა შორის - უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.

(ილ. 20) ნინო ჩუბინიშვილი, ინსტალაცია „Silent talk…”

თემა „ქალის  ხმა“ ერთდროულად კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობისაა. ის ორგანულად  უკავშირდება საქართველოს დღევანდელობას.   საქართველოს რთული გეოპოლიტიკური გარემო და ტურბულენტური სოციალური ატმოსფერო  თეატრალურ ხელოვნებას  მგრძნობელობისა და რეფლექსიის განსაკუთრებულ უნარს სძენს.  ახალი თაობის ხელოვანთა ნაწილმა საზოგადოებრივ-კრიტიკული პოზიცია დაიკავა; ახალი იდენტობის ძიებაში მათთვის მნიშვნელოვანი გახდა გენდერული რეფლექსიები.
თემის - „ქალის  ხმა“ ინსპირაციის წყარო  იყო რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში პოლიკარპე კაკაბაძის  სიმბოლისტური  პიესის მიხედვით   დადგმული სპექტაკლი  “ასულნი“.  კურატორული ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი იყო  მეოცე საუკუნის დასაწყისის დეკადანსურ ლიტერატურულ ნაწარმოებში გაჟღერებული მოლოდინის,  იმედის, ფრუსტრაციის, ჩაკეტილი სივრცის სინდრომის თემების წარმოჩენა  და დღევანდელობის კონტექსტში მათი აქტუალიზება.
ქართული ნაციონალური პავილიონისთვის საგანგებოდ შეირჩა სივრცე პრაღის ცენტრში, მე-17 საუკუნის ბაროკალურ პალაცოში. შედარებით მცირე ზომის ოთახს იმგვარი განლაგება ჰქონდა, რომ ნებისმიერი ექსპოზიციის სანახავად მაყურებელს ქართული პავილიონის გავლა-დათვალიერება უწევდა.   ექსპოზიციაზე  წარმოადგენილი იყო 12 სპექტაკლის  კლიპი,  კოსტიუმები და, ასევე, რობერტ სტურუას სპექტაკლიდან  „ასულნი“კონცეფტუალური არტეფაქტი -თოჯინა  „ტყუპი“, რომელიც დამთვალიერებლებს  ცენტრალურ შესასვლელთან ეგებებოდა.
ექსპოზიციის კონცეფტუალურ ნაწილს წარმოადგენდა ვიდეონამუშევარი  „ქალის ხმა“ (ვიდეოხელოვანი -  თათია სხირტლაძე, ხმოვანი გაფორმება კომპოზიტორ მარიანა ჩარკვიანის), რომელიც სხვადასხვა ესთეტიკის სახე-ხატებათა საფუძველზე  თანამედროვე მედია ხერხებით  ექსპოზიციის იდეის ერთიან პერსონაჟულ გამოხატულებას ქმნიდა.

(ილ.21)  ანა კალატოზიშვილი, აკუტაგავა რიუნოსკე „მაგია“
(ილ. 22)  მანანა გუნია, ჯოაკინო როსინი „აბრეშუმის კიბე“
(ილ. 23)  ანა ნინუა, პოლიკარპე კაკაბაძე  „ასულნი“

პავილიონის სტრუქტურაში ვიდეოარტს   გარკვეული  არქეტიპისა და ახალი ხედვის გამაერთიანებელი მხატვრული ორგანიზმის დანიშნულება ჰქონდა;  ერთიანი მასიური ვიდეოკედელი დები იშხნელების სახეამოჭრილ ფიგურათა რიტმული მოძრაობით თითქოს პასუხობდა 24 მცირე ზომის ეკრანზე სხვადასხვა ხმებით მოსაუბრე 12 სცენოგრაფის 12 სპექტაკლის ვიდეოჩანაწერს. ყოველი სპექტაკლი  ორ-ორ ეკრანზე სხვადასხვა  მომენტიდან მეორდებოდა, რაც ამ პოლიეკრანულ პანოს მრავალფეროვნებას და  ერთიანობას სძენდა.
კონცეფციის  ავტორი,  თეატრმცოდნე, თამარ ბოკუჩავა წერს: „ნამუშევართა ერთ ნაწილში იდენტობის კრიზისი სულიერი და ფიზიკური ტანჯვის, გაორების, სიზმრის, დაშლილი, მოზაიკური ან შეკუმშული და დახშული სივრცის სახეებში იგრძნობა, რაც უახლოესი წარსულის კონფლიქტებითა და გადაუჭრელი პოლიტიკური და სოციალური პრობლემებითაც არის განპირობებული; სხვაგან გროტესკს ხაზგასმული ესთეტიზმი, გლამურულობა ცვლის, როგორც დისჰარმონიული რეალობის იდეალური საპირწონე.“
ექსპოზიციაში  „ხმას“ ორმაგი  დატვირთვა აქვს -  ერთი მხრივ, პოლიტიკური, მეორე მხრივ, მუსიკალური. მუსიკაც, თავის მხრივ, დუალისტური მნიშვნელობით არის გააზრებული და დუმილსა და ხმოვანებას აერთიანებს. სპეციალური კომპოზიცია, რომელიც  შექმნა მუსიკოსმა მარიანა ჩარკვიანმა, მოიცავს სიჩუმეს, ხმაურებს და ქართულ პოლიფონიას, შედეგად  „ქალის ხმა“  აქ როგორც გადატანითი, ისე  პირდაპირი მნიშვნელობით  ისმის.
ამდენად, პრაღის კვადრიენალეზე ქართული სცენოგრაფიის წარდგენაზე შეიძლება შემდეგი დასკვნა იქნას  გამოტანილი:   21-ე საუკუნეში ქართული სცენოგრაფიული სკოლის ტრანსფორმაცია პოლიტიკური და გენდერული ნიშანსვეტების გავლით მიმდინარეობს;  მისიშესაძლებლობები, ზოგჯერ, ვერ პასუხობს  გამოწვევებს, მაგრამ რეფლექსიამიმართულია უახლესი  ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებზე, განცდილი ბედისწერის ტრაგიზმზე, რეალურ-ირეალურის ზღვრული მდგომარეობის ინტერპრეტაციაზე, 2008 წლის ომის პოსტტრავმული სინდრომის, არასტაბილურობის განცდის, თმენისა და მოლოდინით წამების წარმოჩენაზე.
შედარებით სწორხაზოვანად, მაგრამ მკაფიოდ  ეს ტენდენცია საქართველოს სტუდენტურ პავილიონებში ვლინდება პრაღის კვადრიენალეზე 2007, 2011, 2015 წლებში, ასევე, SCENOFEST-ის დაPQ-ს თანმდევ წარმოდგენებში. ამავდროულად, ნაციონალური პავილიონები, რომლებიც PQ11-ზე  და PQ15-ზე იყო წარმოდგენილი, მიუხედვად  განსხვავებული ფორმატისა (პერსონალური & ჯგუფური), მიდგომისა (ექსკლუზიურად შექმნილი ინსტალაცია & თეატრალური პროცესის პანორამა), მედიისა (ბუტაფორიული  ობიექტები & ვიდეო არტისა და  კლიპების ერთობა), ხელოვანთა ასაკისა (სამოციანელებიდან  მილენიალელებამდე), გლამურსა და გროტესკს შორის ბალანსირებს.


ნანახია: 6585-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani