Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის სერგო ქობულაძის მოხსენების მოკლე მიმოხილვა

There are no translations available.

მარინა მეძმარიშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის სერგო ქობულაძის მოხსენების მოკლე მიმოხილვაკონფერენცია ჩატარდა სსრკ სამხატვრო აკადემიის პრეზიდიუმისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის დირექციის ორგანიზებთ - 1955 წლის 30-31 მაისს (მოხსენება ინახება საქართველოს სახალხო მხატვრის სერგო ქობულაძის არქივში)
სერგო ქობულაძე უდავოდ შეიძლება, მივიჩნიოთ თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. ის საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „ვეფხისტყაოსნისა“ და „თქმულება იგორის ლაშქრობაზე“ - ბრწყინვალე ილუსტრაციების ავტორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფარდის შემქმნელი, უამრავი დაზგური ნაწარმოების ავტორი, საქართველოს ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციისა და გრაფიკის სახელოსნოს და ხატვის კათედრის შექმნის ინიციატორი და სულისჩამდგმელი. წლების მანძილზე სერგო ქობულაძე პედაგოდიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1952-1959 წლებში სერგო ქობულაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო. (ილ. 1)

1
მაგრამ, დღევანდელ სტატიაში მინდა, შევეხო სერგო ქობულაძის ცხოვრების მხოლოდ ერთ მხარეს - კერძოდ კი, მის მოსაზრებებს და მოღვაწეობას ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში.
გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის თანამედროვე განყოფილების თანამშრომლების ძალისხმევით 2015 წელს იქნა მოძიებული და განყოფილებაში გადმოტანილი სერგო ქობულაძის პირადი არქივი, რომელიც, უდაოდ, წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას.
მხატვრის არქივში დაცულია დიდი რაოდენობის დოკუმენტური მასალა: პირადი და ოფიციალური წერილები, მოხსენებები, თბილისის სამხატვრო აკადემიის დოკუმენტაცია, სამეცნიერო ხასიათის ჩანაწერები და ჩანახატები, ფოტოები, სასწავლო ხასიათის სხვადასხვა სქემა, ნახატები და ბევრი სხვა. (ილ. 2)

2

არქივი მოითხოვს სერიოზულ და ღრმა შესწავლას. ამ მასალის პირველივე შეხების დროს, ერთ-ერთი საბუთი, რომელმაც მიიპყრო ყურადღება, იყო 1955 წლის 5 მაისს სერგო ქობულაძის მოხსენება სასწავლო-მეთოდურ კონფერენციაზე.
მოხსენება საკმაოდ ვრცელია, შეიცავს დაახლოებით 60 გვერდს და ეხება როგორც საერთო, ზოგად საკითხებს, ასევე, კონკრეტულ პრობლემებს: განხილულია აკადემიის თითოეული განყოფილების და კათედრის  - ხატვის, ფერწერის, ქანდაკების, კერამიკის, არქიტექტურის, თეატრის მხატვრობისა და ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების საკითხები; აღნიშნულია, როგორც დადებითი მიღწევები, ასევე, არსებული პრობლემები და დასახულია ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში, მამია დუდუჩავას რექტორობის დროს, აკადემიის მთავარი ამოცანა იყო სოციალისტური იდეოლოგიის დანერგვა და ასახვა. აკადემიის კედლებში ჩატარდა რამდენიმე კრება და სხდომა, რომელიც „ფორმალიზმთან“ ბრძოლას მიეძღვნა და „ბრძოლის“ შედეგად არა მხოლოდ „არასასურველი, უცხო ელემენტები“, როგორიც იყო,  მაგალითად, დავით კაკაბაძე, არამედ, მთელი კურსები იყო აკადემიიდან გარიცხული.
მიუხედავად იმისა, რომ სერგო ქობულაძე მყარად იდგა რეალისტური ხელოვნების პოზიციებზე, ამ მოხსენებაში არც ერთხელ არაა გაჟღერებული სიტყვა „სოცრეალიზმი“. პირიქით, იგი გარკვევით ამბობს, რომ აკადემიაში აქამდე მიღებული რეპინის ხატვისა და ფერწერის მეთოდი მოძველებულია და დროა, ფერწერას მეტი თავისუფლება და ცხოველხატულობა დაუბრუნდეს...
ამავე დროს, სერგო ქობულაძე აღნიშნავს, რომ იგი ვერ მიესალმება მშრალი სქემების გამოყენებას და როგორც თვითონ ამბობს - სიცოცხლით სავსე ნატურა არ უნდა იქნას მიყვანილი გეომეტრიულ ფიგურებამდე (სავარაუდოდ, იგულისხმება კუბიზმი და აბსტრაქციონიზმი).
საერთო საკაცობრიო კულტურული და მხატვრული ღირებულებები, ბერძნული ქანდაკება, არქიტექტურა, აღორძინების პერიოდის მხატვრობა - ეს არის ის მაგალითები, რის საფუძველზე სერგო ქობულაძის აზრით, სავალდებულოა ახალგაზრდა შემოქმედის აღზრდა და ჩამოყალიბება. ამ საფუძველზე შექმნილ ნაწარმოებებს მხოლოდ ერთადერთი „იდეოლოგია“ სჭირდება - მხატვრის პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი ინდივიდუალობა.
სერგო ქობულაძე საერთო კულტურული დონის ამაღლებას ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. ციტატა მოხსენებიდან: „ჩვენ, პედაგოგებს, გვევალება, თითოეულ სტუდენტს ავუხსნათ, რომ კულტურული დონის ამაღლება არის აუცილებელი პირობა მხატვრული, შემოქმედებითი ნიჭის განვითარებისათვის. მხატვრის მრავალმხრივი და სრულყოფილი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ფართო ინტერესები და მდიდარი სულიერი ცხოვრება. მხოლოდ ამ პირობებში ვითარდება შემოქმედებითი პიროვნება.“
ყოველთვის საინტერესოა, როგორ ემთხვევა (ან არ ემთხვევა) ადამიანის სიტყვები ან დაპირებები რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას. მივმართოთ სერგო ქობულაძის სტუდენტების მოგონებებს. ლევან ციცქირიძე: „ბ-მა სერგომ აკადემიის დერეფნებში ბერძნული ხელოვნების და მთელი კლასიკოსების ნამუშევრების ასლები დადგა. შესვენებების დროს  რომ გამოვიდოდით, ვუყურებდით ამ ნამუშევრებს“... „აკადემიაში შემოიტანა კლასიკური  მუსიკა. საღამოს,  ხატვის საათები როდესაც გათავდებოდა, დერეფნებში ისმოდა კლასიკოსების მუსიკა. აი, ასეთ ატმოსფეროში ვიზრდებოდით ჩვენ სერგო ქობულაძის დროს.“სოფიო ჩიტორელიძე. ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან. იხ. ელექტრონული ჟურნალი  aArs Georgica, სერია - B, 2016. იხ. http://georgianart.ge

სერგო ქობულაძე მუდამ ზრუნავდა ახალგაზრდა თაობის პროფესიული დონის ამღლებაზე. მისი აზრით, ამის აუცილებელი პირობა იყო აკადემიურად აგებული, რეალისტური ნახატი.
მოხსენებაში სერგო ქობულაძე ხაზს უსვამს ხატვის დარგში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლიდა   პლასტიკურ ანატომიაზე დაყრდნობილი ნახატის შექმნის პროცესს. მათ შორის ერთ-ერთი მათში იყო ზედმეტად სტილიზებური შესრულების მანერა. ამის გამო, მოდელის გამოსახულება რეალობასთან კარგავდა კავშირს და, როგორც აღნიშნავდა სერგო ქობულაძე, „ორნამენტიზაციის საგნად იქცეოდა“. მოდელის მშრალი სილუეტი მექანიკურად ივსებოდა ფორმით „აგრეთვე, ხშირად ხდებოდა გატაცება მშრალი მოდელირებით, ათინათებისა და რეფლექსების გადაჭარბებული გამოყენება, ერთგვარი ილუმინირება და ა.შ. საბოლოოდ კი, სიცოცხლით სავსე ნატურა სტუდენტების ნამუშევრებში უსიცოცხლო ლითონისებურ მასად გადაიქცეოდა.“ და ამატებს: „А впоследствии труп врядли можно оживить.“
სერგო ქობულაძე თავის გამოსვლაში ხაზს უსვამს იმას, რომ ცოცხალი, ორგანული არსება სხვაგვარად იხატება, ვიდრე გაშეშებული, უსულო საგანი. მაგალითად, ქვის დახატვა შესაძლებელია მხოლოდ გარეგნული ფორმის მიხედვით; ხეს კი აქვს აგების ბუნებრივი ლოგიკა. ფესვებიდან ამოდის ხის ტანი, მერე ტანიდან იზრდება ტოტი, მერე ფოთლები, ყვავილები და ა.შ.
მითუმეტეს მნიშვნელოვანია - ამბობს სერგო ქობულაძე - ადამიანის სხეულის აგება ანატომიის მიხედვით.
სერგო ქობულაძე ძალიან ნათლად ასახავს მოდელის დახატვის ეტაპებს:
დასაწყისში იხატება ადამიანის ჩონჩხი, ძვლები, მათზე მიბმული ძირითადი კუნთები, მერე ის კუნთები, რომლებიც მოძრაობაში იღებენ მონაწილეობას, შემდგომ სხეულის შიშველი ფორმა და ბოლოს, ტანზე იმოსება ტანსაცმელი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღება დამაჯერებელი გამოსახულება. (ილ. 3-10)
3.4.
5.6.
7.
89.
10.

სერგო ქობულაძის არქივში დაცულია დიდი რაოდენობის ჩანახატი. ამ ჩანახატების საფუძველზე შეგვიძლია, ნათლად წარმოვიდგინოთ ზემოთ თქმული სიტყვების განხორციელების სამუშაო პროცესის ეტაპები. მაგ. მოსამზადებელი სამუშაო შოთა რუსთაველის პორტრეტისათვის (ილ. 11-20). სერგო ქობულაძე ჯერ ხატავს თავის ქალას, კალკის საშუალებით ხდება ამ პირვანდელი ფორმების ასლის გადაღება და შემდგომ პლასტიკური ფორმით შევსება. კალკიდან კალკამდე, ეტაპობრივად, ისე, როგორც ანიმაციის ხატვისას, იხვეწება ფორმა, მხატვარი აზუსტებს სახის ნაკვთებს და ისე მიჰყავს შემოქმედებითი პროცესი სასურველ შედეგამდე. მუშაობის ამგვარი სკრუპულოზური მეთოდი, სადაც გამორიცხულია სპონტანურობა, შემთხვევითობა, ძალზე წააგავს მეცნიერის ლაბორატორიულ კვლევას. და არაა გასაკვირი, რომ ქობულაძე მიმართავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოქროს კვეთა და მისი გამოყენება როგორც არქიტექტურაში, ასევე, ადამიანის ფიგურისა და პორტრეტის ხატვაში. პროპორციის საკითხი, ობიექტის ტექტონიკა სერგო ქობულაძის ყურადღების სფეროში ექცევა. მოხსენებაში იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ტექტონიკის არსის გაგება სჭირდება ყველა დარგის ხელოვანს: მოქანდაკეს, კერამიკოსს, თეატრის მხატვარს და ა.შ. და მიიჩნევს, რომ სცენის სივრცობრივი აღქმისთვის აუცილებელია არქიტექტურის შესწავლა.

11.12.
13.14.
15.16.
17.18.
19.20.

ამავე დროს, სერგო ქობულაძე აღნიშნავს, რომ აკადემიაში არქიტექტურის განხრა ჯერ სათანადო დონეზე არ დგას. და ჩვეული იუმორით და ხატოვნად ამბობს: „факультет архитектуры в художественных ВУЗ-ах от Академии архитектуры отстал и к Академии художеств не пристал.“
მოხსენებას წითელ ხაზად გასდევს იმის მტკიცება, რომ მხოლოდ დაუღალავი შრომა არის წარმატების წინა პირობა. „ხატვის კლასში, მკაცრ დისციპლინასთან ერთად, დიდი სიყვარული სუფევდა. იქ შემოსულ ადამიანს, აბსოლუტურ სიჩუმეში მხოლოდ ფანქრის ხმა ესმოდა.“მ. გაჩეჩილაძე, თ. ბელაშვილი, ს. ჩიტორელიძე. უცნობი სერგო ქობულაძე. თბ., 2016, გვ.25
მოხსენებაში სერგო ქობულაძე არაერთხელ იმეორებს იმას, რომ აკადემია ვალდებულია, მოამზადოს ეროვნული კადრები.
თუ როგორ ესმოდა სერგო ქობულაძეს ეროვნული საკითხი - კარგად ჩანს მხატვრის სხვა გამოსვლაში, სამხატვრო აკადემიის კრებაზე. ნანა კიკნაძის მოგონებებიდან: „არ შეიძლება, არ გავიხსენო ბატონი სერგო ქობულაძის ერთ-ერთი საინტერესო გამოსვლა აკადემიის სააქტო დარბაზში. ეს, დაახლოებით, 1955 წელი იყო. ამ დროს, ასე ვთქვათ, ახალი ნაკადი „შემოვარდა“ ჩვენს ხელოვნებაში, მთელი აკადემიის ახალგაზრდობა გატაცებულია დასავლური ხელოვნებით და აღარავინ უყურებს ქართულს, ეროვნულს. ქართული ხელოვნება აღარ არსებობდა მათთვის. ერთხელ, ბატონმა სერგომ სტუდენტები მოიწვია, მათ შორის რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდა თაობა (ჯიფსონ ხუნდაძე, კოკი მახარაძე, ედმონდ კალანდაძე, გოგი თოთიბაძე, მიტო ხახუტაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი და სხვები...)  სავსეა დარბაზი. გამოდის ბატონი სერგო ძალიან მშვიდად და დარბაზს მიმართავს - მე ხელში ავიღე ბოთლი, ამის გაგონებაზე მთელმა დარბაზმა სიცილი დაიწყო, ყველამ იცოდა, რომ ბ-ნი სერგო პერიოდულად არაყს სვამდა, თვეში ერთი-ორი დღე გამოითიშებოდა ხოლმე, უყვარდა ალკოჰოლი, მაგრამ ლოთი კი არ იყო. - ეს ის ბოთლი არ არის, თქვენ რომ გგონიათო, - გააგრძელა მან - ეს წყლით სავსე ბოთლია და აი, ამ ბოთლში მე, ერთი წვეთი ფრანგული სუნამოს დასამზადებელი ესენცია ჩავაწვეთე და აქ წყალი უკვე ნამდვილ ფრანგულ სუნამოდ იქცა. ამასა გთხოვთო, რაც გინდათ სიახლე აკეთეთ, მაგრამ „ერთი წვეთი ქართული“ არასოდეს დაკარგოთო. აი, ასეთი გენიალური სიტყვებით გადაწყვიტა ეროვნულობის საკითხი ბატონმა სერგომ, ჭკვიანი კაცი იყო. დარბაზში ტაშმა იგრიალა. ყველა დაწყნარდა, ახალგაზრები მიხვდნენ, რომ ბევრი არ იყო საჭირო, მხოლოდ „ერთი წვეთი“.სოფიო ჩიტორელიძე. ინტერვიუ მხატვარ-კერამიკოს ნანა კიკნაძესთან. http://georgianart.ge/index.php?option=com_content&view=article&id=186&Itemid=&ed=16



ნანახია: 6592-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani