Georgian (Georgia)English (United Kingdom)
„ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“ – მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა მხატვრის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად | Print |

There are no translations available.

13 დეკემბერს, ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართეს მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა სახელწოდებით: „ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: გიორგი პაპაშვილი – ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

1

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები: ირინე აბესაძე (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი), ლიანა ანთელავა (ჩუბინაშვილის ცენტრი, სამხატვრო აკადემია), დიმიტრი თუმანიშვილი (ჩუბინაშვილის ცენტრი, სამხატვრო აკადემია), ქეთევან კინწურაშვილი (დამოუკიდებელი მკვლევარი), სამსონ ლეჟავა (ჩუბინაშვილის ცენტრი, სამხატვრო აკადემია), გიორგი პაპაშვილი (ჩუბინაშვილის ცენტრი, ეროვნული არქივი), თამაზ სანიკიძე (ჩუბინაშვილის ცენტრი, ტექნიკური უნივერსიტეტი), ანა შანშიაშვილი (ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ხოშტარია (ჩუბინაშვილის ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

23

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული კულტურის ერთ-ერთი საკვანძო საკითხის – ფიროსმანის მხატვრული ფორმის და მისი ფენომენის გარშემო დისკუსია მეტად ცხოველი გამოდგა. ირინე აბესაძემ და ლიანა ანთელავამ წარმოადგინეს მხატვრის შემოქმედების ისტორიოგრაფიული და კვლევით-მეთოდოლოგიური საკითხები – დაბადების თარიღად 1862 წლის მიჩნევასთან  დაკავშირებით და სხვა; გიორგი ხოშტარიამ – „პარადოქსული პარალელები“ – ფიროსმანის ენობრივი კავშირები პარიზის სკოლასთან, მხატვრებთან: ანრი მატისთან, ალბერ მარკესთან, ანდრე დერენთან, მორის უტრილოსთან. თამაზ სანიკიძემ ისაუბრა საქართველოსა და საზღვარგარეთ მხატვრის ექსპონირების წარსულ გამოცდილებაზე, დღევანდელ მდგომარეობასა და მომავალ პერსპექტივებზე. სამსონ ლეჟავამ აუდიტორიას საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა მირზაანისა და საფლავის ქვების შემკობის მხატვრულ ტრადიციის თაობაზე. ქეთევან კინწურაშვილმა ფიროსმანის ხელოვნება წარმოადგინა ფლანერის – მოდერნული ურბანული კულტურის ერთადერთი და უნიკალური ქართველი მხატვრის მოღვაწეობის ჭრილში.

456

დამსწრე საზოგადოებას – ხელოვნებათმცოდნეებს, სტუდენტებსა და ხელოვნების მოყვარულებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ წინ, რომლის შესახებ ორგანიზატორნიც არ იყვნენ სრულად ინფორმირებულნი. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ წარმოადგინა უკანასკნელ ხანს მისი ორგანიზაციის მიერ  კერძო პირისაგან შეძენილი მეტად საინტერესო თიხის ფიალა. ჭურჭლის ზედაპირზე, რომელიც გადმოცემით თავად მხატვარს ეკუთვნოდა, მკაფიოდ იკითხება წარწერა: „ღმერთმა გაუმარჯოს პურმარილიან კაცსა ნიკო ფიროსმანაშვილსა“. წარწერა მართლაც ძალიან ჰგავს ფიროსმანის კალიგრაფიას, რომელიც მრვალად გვხვდება მის სურათებში ხელმოწერების ან სათაურების სახით. ამას გარდა, დადასტურებულად ცნობილია, რომ ამ თასით შესვა გალაკტიონ ტაბიძემ და მისთვის დამახასიათებელი კალიგრაფიით თასს შიგნიდან მიაწერა: „აიტაცე ფიროსმანის ფიალა, ააღვინდი ათეთრებულ ღრუბლებს. გ. ტაბიძე“. ამის შემდეგ, თასიდან აღარ შესმულა და ის ერთ-ერთ ოჯახში რელიქვიად ინახებოდა.

789

გალაკტიონის ხელმოწერის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარებათ ლიტერატურის მუზეუმის მესვეურებს, რადგან საფუძვლიანად იცნობენ პოეტის კალიგრაფიას მრავალრიცხოვანი ექსპონატიდან, საკითხი ამჟამად ფიროსმანის ხელის დადასტურებაზე დგას. საბედნიეროდ, მოწვეულ სტუმართა შორის იყო ცნობილი არქეოლოგი, ბატონი იულონ გაგოშიძე, რომელმაც დაგვაკვალიანა სად და როგორ მოხდება ტექნოლოგიური ექსპერტიზით ზუსტი თარიღის დასმა და, შეიძლება ითქვას, რომ წარწერის მხატვრისათვის თანადროულობა თითქმის სრულად უთითებს მის კუთვნილებას. თუ აღნიშნული დადასტურდა, ეს დიდი შენაძენი იქნება მთელი ქართული კულტურისათვის, რადგან არც ერთი ნივთი, რომელიც ეკუთვნოდა უსაფლავოდ დარჩენილ მხატვარს, დღემდე არ შემონახულა.

101121

მცირე შესვენების შემდეგ მრგვალი მაგიდა გაგრძელდა კიდევ ორი საკითხის განხილვით: ფიროსმანის ხალხურ ტრადიციასთან (ანა შანშიაშვილი) და ფოტოგრაფიასთან (გიორგი პაპაშვილი) მიმართების კუთხით.  პირველი მათგანი შეეხებოდა, უმთავრესად, საფლავის ქვებს და, ასევე, ხალხური ხელოვნების სხვა დარგებს, წარმოდგენილი იყო მეტად საინტერესო მაგალითები დეკორატიული ხელოვნებიდან. მეორე მოხსენება კი, გარდა მრავალრიცხოვანი მაგალითებით დადასტურებული პირველწყაროსი, ფოტოგრაფიას განიხილავდა ფიროსმანის მხატვრული სტრუქტურის ჩამოყალიბების და ამ პროცესში მხატვრის როლის თვალსაზრისით; კრებით ფუნქციას, რამაც შეითვისა და შეითავსა ქტიტორული პორტრეტის თვისებები და ფორმა.


141612

დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოწვეული სტუმრებიც: ქეთევან აბაშიძე, ანა კლდიაშვილი, ლეილა ხუსკივაძე, იულონ გაგოშიძე, ქეთევან მიქელაძე... მეტად რთული აღმოჩნდა წერტილის დასმა, მით უფრო, რომ ყოველი საკითხი, თავის მხრივ, ახალ და არანაკლებ საინტერესო საკითხთა მთელ წყებას ბადებდა - სხვადასხვაგვარ თვალთახედვას, საკამათოს, არაერთაზროვანს.
ამჟამინდელი ღონისძიების ორგანიზების ტვირთი გასწიეს ჩუბინაშვილის ცენტრის ადმინისტრაციიდან: მარიამ დიდებულიძემ, მარიამ გაჩეჩილაძემ, დიმიტრი თუმანიშვილმა, ლევან ზედგინიძემ, მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი პაპაშვილმა, სტაჟიორმა სოფიო ჩიტორელიძემ. აღნიშნული დისკუსია არ განხორციელდებოდა, რომ არა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის კეთილი ჟესტი, როცა მან მთელი დღით დაგვითმო საკონფერენციო დარბაზი და ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლების: ჟანა ქვათაძის, ირმა სისაურის, თინა მარიხაშვილის ძალისხმევა.

13

მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა ერთგვარი პრელუდიაა ვრცელი პროექტისა, რაც ფიროსმანის ფენომენის ყოველმხრივ კვლევას ისახავს მიზნად და დასრულდება გაისად დაგეგმილი საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციით „ფიროსმანი და ქართული კულტურა“.  ჩუბინაშვილის ცენტრი გეგმავს ფართო თანამშრომლობას საქართველოს წამყვან კულტურის დაწესებულებებთან და თვალსაჩინო უცხოელი და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების მოწვევას. კონფერენციაზე იმუშავებს როგორც ფიროსმანისადმი მიძღვნილი თემატური, ისე თავისუფალი, ზოგადქართველოლოგიური სექციები, მოეწყობა სხვადასხვა თემატური გამოფენა და პრეზენტაცია.


ნანახია: 14254-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani