Georgian (Georgia)English (United Kingdom)
წიგნი - პალიმფსესტი

There are no translations available.

ნანა ყიფიანი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი.

 

(ნაწყვეტი სტატიიდან „სივრცის ნაკეცები - თბილისური   მოდერნიზმი და ავანგარდი“)
1919 წელს ტფილისში გამოდის წიგნი, მიძღვნილი სოფია მელნიკოვასადმი, მსახიობი ქალისადმი, რომელიც, თურმე, არაჩვეულებრივად კითხულობდა ზაუმის პოეზიას. წიგნი  გამოსცა ცნობილმა ტფილისურმა ავანგარდულმა ჯგუფმა „41°„ და ფანტასტიკურმა სამიკიტნომ ილია ზდანევიჩის ინიციატივით.
სწორედ ამ წიგნმა გამოააშკარავა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება, დამახასიათებელი მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ/ტფილისური ავანგარდისათვის. ესაა მისი მრავალ-დისკურსიულობა.
რას ვგულისხმობ? პირველ რიგში, წიგნი პოლილინგვურია. მასში ჩართულია ქართული, სომხური, რუსული ტექსტები, გამოყენებულია ლათინური შრიფტი. ეს თავისთავად არღვევს წიგნისათვის ჩვეულ ლინგვისტურ და შინაარსობრივ მონოლითურობას. არადა, ამ პერიოდის ავანგარდულ წიგნებშიც კი ეს, თუნდაც მონო-ლინგვისტურობა, რომ არაფერი ვთქვათ სტრუქტურის ჰომოგენურობაზე, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, თითქმის ყოველთვის სახეზეა. რასთან გვაქვს საქმე? დავიდ ბურლიუკი ტექსტში „კუბიზმი“  წერს, რომ „დისკონსტრუქცია არის კონსტრუქციის ოპოზიცია. კანონი შეიძლება იყოს კონსტრუქციული. კანონი შეიძლება იყოს დისკონსტრუქციული. კონსტრუქცია შესაძლოა იყოს შეცვლილი ან გადანაცვლებული“. (ილ. 1) იგივე შეგვიძლია ითქვას წიგნის, როგორც სტრუქტურის „დისკონსტრუქციის“ კანონზე, რაც პრინციპად ედო ზოგადად ავანგარდული წიგნის კონცეფციას - ის უარყოფდა წიგნის ტრადიციულ მოდელს, მის იმ სტრუქტურულ სიმწყობრეს, რაც,  ფაქტობრივად, გუტენბერგის ტრადიციას, ანუ იმ ბეჭდური წიგნის ტრადიციას ედო საფუძვლად, (ილ. 2) და რაც მაზარინის ბიბლიის გამოცემის შემდგომ შეიქმნა. მაგრამ, მეორე მხრივ, „დისკონსტრუქციის“ შემოჭრა სულაც არ ნიშნავს წიგნის ჰომოგენურობის რეალურ უარყოფას. ბეჭდური წიგნის ტრადიციული სტრუქტურა კი იშლება, მაგრამ ის ახალი სტრუქტურით, სხვადასხვა სტრუქტურებით იცვლება და, ყოველ ჯერზე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ქმნის საკუთარ, მაგრამ ერთგვაროვან სივრცულ-მხატვრულ-კონცეფტუალურ შეკრულობას, შესაბამისად ახალ, მაგრამ ერთიან სტრუქტურას. წიგნი მელნიკოვასადმი კი სწორედ სტრუქტურის ერთგვაროვნებაზე, ჰომოგენურობაზე ამბობს უარს. ის სხვადასხვა სტრუქტურათა გაერთიანებით იქმნება.
01
02

ამ სტრუქტურული ერთგვაროვნების დაშლას კი, პირველ რიგში, აღნიშნული მულტილინგვურობა გამოხატავს და ის, როგორც აღვნიშნე, დისკურსების თანა-არსებობის ერთ-ერთ აღმნიშვნელს წარმოადგენს: ჯერ ერთი, თითოეულ ენას, მისი ცოდნიდან გამომდინარე ჰყავს თავისი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი მკითხველი. სხვადასხვა ეროვნების მკითხველი ყველა ტექსტს ვერ კითხულობს. ამ თვისებას უკვე შემოაქვს გარკვეული გადარჩევის პრინციპი წიგნის კითხვისას. შერეული ქართული, რუსული და სომხური ტექსტები, ლათინური შრიფტი, ფაქტობრივად, თავის დამოუკიდებელ ნარატივებს ქმნიან და ერთიანი სტრუქტურა, რის გარანტიებსაც იძლევა ლინგვური ერთგვაროვნება, იშლება.
მეორე მხრივ, მრავალლინგვურად დაშლა, ენობრივი დეზინტეგრაცია თუ „დისკონსტრუქცია“ მრავალფეროვნების გაერთიანებას, ერთ სივრცეში გამოუთქმელის მულტილინგვურში გამოთქმის შესაძლებლობას ქმნის.
სხვადასხვა ენობრივ ნარატივად დაშლილი, განსხვავებული ალფაბეტის და, შესაბამისად, შრიფტის ვიზუალურად განსხვავებული გრაფიკული გარშემოწერილობითა და სტილისტიკით, გამრავალფეროვნებული ლექსიკით, წიგნი  ამრავალფეროვნებს წამკითხველი საზოგადოების, წამკითხველ სუბიექტთა, თუნდაც, ეთნიკურ რაოდენობას, რაც თავისთავად მრავალ-დისკურსიულობის პირობაა. მრავალ-დისკურსიულობა კი აფართოებს სხვის, უცხოს აღქმის, გაგების შესაძლებლობებს. იკრებს რა შინაარსის მრავალ პლასტს, ის აფართოებს არა მხოლოდ კომუნიკაციის არეალს, არამედ თავის მრავალფეროვნებაში ქმნის ერთიან სამყაროს ხატს.
ამდენად, ეს მრავალ-ლინგვური, მრავალ-დისკურსიული ერთიანობის შექმნის მეთოდი, ფაქტობრივად, უფრო ფართოდ გახსნილი კულტურულ სივრცის შემქმნელიცაა და ამით წიგნის სივრცის მიღმა არსებული ტფილისური ურბანული კულტურის კონტექსტის გამომხატველიც, სადაც მნიშვნელოვანია ინდივიდუალური. მაგრამ ეს ინდივიდუალურობა, ამავდროულად, ერთი დიდი დიალოგური კულტურის, საზღვრებგახსნილი სივრცის ნაწილიცაა.
ერთი, რასთანაც პარალელი შეიძლება გავავლოთ, დადას გამოცემებია, რადგან როგორც ანდრეას კრამერი წერს, „დადა, მიმართავდა რა ბეჭდურ კულტურას, თავის ჟურნალებში, მანიფესტებში პამფლეტებში და ანთოლოგიებში <...>, ცდილობდა ემოძრავა მულტი-ლინგვური, არა-ნაციონალური მიმართულებით“ (ილ. 3) ამით დადას ლინგვისტური ინტერნაციონალიზაცია განსხვავდებოდა როგორც რუსული ფუტურიზმისგან, ისე ინგლისური ვორტისისზმისგან, გერმანული ექსპრესიონიზმისგან თუ იტალიური ფუტურიზმისგან, ანუ ევროპული მოდერნიზმისა და ავანგარდისთვის სახასიათო ნაციონალიზაციისაგან პირველი მსოფლიო ომის წლებში. (ილ. 4)
03
04

ამდენად, დადაისტური წიგნების მსგავსად, წიგნი მელნიკოვასადმიც მრავალ-ლინგვურია. თუმცა, როგორც ვთქვი, მისი ეს მრავალ-ლინგვურობა ქართულ-ტფილისური მულტიკულტურითაა მოტივირებული, განსხვავებით ციურიხის დადასგან, რომელიც  იმ დევნილმა და ცენტრალურ ევროპაში თავმოყრილმა, სხვადასხვა ეროვნების არტისტებმა შექმნეს, რომელთა ქვეყნებში ომი მიმდინარეობდა და, აქედან გამომდინარე, მათთვის ენის ინტერნაციონალიზაცია მათი ერთგვარი ანტინაციონალიზმის  დემონსტრირება იყო. მაგალითად, ჰუგო ბოლი, რომელსაც მშვენივრად ესმოდა ენის როლი ნაციონალური იდენტობისა ნაციონალური წარმოსახვის ჩამოყალიბებაში, მუდმივად აკრიტიკებდა ჯინგოისტურ ჟურნალიზმს და სიტყვის ე. წ. შოვინისტურ გასაქონლებას. (ილ. 5) შესაბამისად, დადა ენის ინტერნაციონალიზაციას ვიწრო-ეროვნული კუთვნილების და, ამდენად, იდენტობასთან  დაპირისპირების, მისი გადალახვის საშუალებად აღიქმებოდა.
05

ქართულ/ტფილისურ ავანგარდში კი არტისტები/პოეტები დევნილები, ბუნებრივია, არ არიან, ისინი თავის, 1918 წელს დამოუკიდებლობა მოპოვებულ სამშობლოში მუშაობენ. რევოლუციური რუსეთიდან ჩამოსული მხოლოდ ორი პოეტია - კრუჩონიხი და ტერენტევი და მოკლე დროით ჩამოსული სხვა არტისტები. ამიტომ წიგნის მულტილინგვურ კონტექსტს, ენის ინტერნაციონალიზაციას, ამ შემთხვევაში, განაპირობებს არა იდენტობასთან დაპირისპირების კონცეფცია, არამედ პირიქით, თავად ტფილისური მულტიკულტურულობა და მულტინაციონალური გარემო, როგორც მისთვის დამახასიათებელი თვისება. ამდენად, მულტილინგვურობა, როგორც ხერხი, არა ნაციონალური იდენტობის წინააღმდეგ მიმართული პროცესია, როგორც ეს დადაშია, არამედ პირიქით, წიგნი თავის იდენტობას ტფილისურ კულტურასთან ავლენს... (ილ. 6)
06

მრავალ-დისკურსიულობის მეორე აღმნიშვნელი წიგნის პოლისტილიზმია. მელნიკოვასადმი მიძღვნილი წიგნი ერთ მხატვრულ ორგანიზმად შეკრული პოლისტილური წიგნია,  რომელმაც გააერთიანა ავანგარდის სხვადასხვა მიმართულება. ერთმანეთთან თანაარსებობს სიმბოლისტურ/პოსტსიმბოლისტური პოეზია, აკმეისტური პოეზია, ზაუმი, კუბოფუტურისტული, სიმბოლისტურ/პოსტსიმბოლისტური გრაფიკა. ეს პოლიმიმდინარეობითობა, პოლისტილურობა ქმნის ერთიან პლასტიკურ ფორმას-სხეულს, რომელმაც ერთმანეთს შეურწყა ავანგარდული და სტანდარტულ-ტრადიციული წიგნის პრინციპები.
წიგნის ორი პრინციპის უცნაურმა შერწყმამ - ტრადიციული მეთოდისა (ერთ მხარეს გამოსახულება, ანუ ცალკე ამობეჭდილი გრაფიკული ფურცლები, ჩაკრული წიგნის განშლის ძირითადად მარცხენა, ზოგჯერ მარჯვენა გვერდზე, მეორე მხარეს კი ტექსტი), ავანგარდული არტისტული წიგნის პრინციპებთან - ერთმანეთს კონტრასტულად შეუთანხმა მოდერნისტული ნარატივი, შექმნილი ვერბალური და სახოვანი, სიტყვის/პოეტური ტექსტისა და გამოსახულების არსობრივად რეფერენტული მონაცვლეობითი რიგით და მასში შეჭრილი ავანგარდული ექსპრესიულობა თავისი ერთგვარი არარეფერენტული ავანგარდული პოეტური ტექსტებით/ნიშნებით.  (ილ. 7, 8, 9)
07
08
09

ეს თითქოს პარაზიტული შეჭრა წიგნის ავანგარდული  მეთოდისა ტრადიციულ მოდელში, ეს „დისკონსტრუქციულობა“ მკითხველისაგან ითხოვს ერთი მეტონიმური რიგიდან მეორეზე მუდმივ გადაწყობასა და საკმაოდ დაძაბულ, მუდმივი ინტერპრეტაციის პროცესს. წიგნთან ურთიერთობისას მკითხველს თავად უხდება მისი აღქმისა და წაკითხვის მეთოდის შემუშავება, იგი ხდება წიგნის არა პასიური წამკითხველი, არამედ ერთგვარი თანაავტორი და ეს იწყება, თავდება და კვლავ იწყება მაშინ, როგორც კი წამკითხველი ზაუმის პოეზიის ზოგ შემთხვევაში ჩაკეცილ, ტრადიციულ მოდელში „პარაზიტულად“ შეჭრილ გვერდებს მიადგება თავისი ტიპოგრაფიული ექსპერიმენტებით, სხვადასხვა ზომისა და მასშტაბის, სისქისა და მოყვანილობის, ზოგჯერ ამოყირავებული ბეჭდური ასოებით, რომლებიც იმდენად სახოვანია და ნიშნობრივად მეტყველი, რომ მკითხველისგან მის ესთეტიკურ აღქმასთან ერთად, მათი გაშიფვრის ოპერაციას საჭიროებს.
და საბოლოოდ კიდევ ერთი, მგონი მთავარი მოულოდნელობა – წიგნში ჩნდება უცხო ტექსტი სათაურით „N 1283“. ესაა მეცნიერის, გორდეევის ტექსტი, კვლევა-აღწერა „იოსებზილიხანიანის“ „დასურათებული ნუსხის“ შესახებ, XVII საუკუნის პალიმფსესტური ტიპის ხელნაწერზე და მისი ერთი ილუსტრაცია.
რატომ ჩნდება ტრადიციულ, გვიან-ფეოდალურ ხელნაწერზე დაწერილი სამეცნიერო ტექსტი ავანგარდულ წიგნში? სრულიად კონცეფტუალურად - ის ათვალსაჩინოებს მელნიკოვასადმი მიძღვნილი წიგნის პალიმფსესტურ ბუნებას, თავად ქართულ/ტფილისური ავანგარდის ერთგვარ პალიმფსესტურ აზროვნებას და მის სათავეს, მიმავალს ტრადიციაში. წიგნი მელნიკოვასადმი რეალურად არის ილია ზდანევიჩის ძირითადი კონცეფციის, „ყველაფრობის“ («Всечество») ამსახველი, ერთმანეთზე დაშრევებული, ერთმანეთთან შეწყვილებული, ერთმანეთს დამატებული თუ ერთმანეთის გამომრიცხავი მრავალ-ლინგვისტური, პოლისტილური, პოლი-მეთოდური ანუ პოლი-დისკურსიული სიმულტანური მთლიანობა, ერთი შეხედვით, თითქოს შეუთანხმებლის შეთანხმებულობა. ანუ ესაა  წიგნი-პალიმფსესტი, როგორც გამოხატულება თავად ტფილისური პალიმფსესტური ავანგრადისა, რომელიც, თავის მხრივ, ტფილისსაც აღიქვამდა, როგორც ქალაქ-პალიმფსესტს, რაც ის იყო კიდეც იმ ხანად, მანამდეც და იმედია, იქნება მომავალშიც.
2012 წელი

ნანახია: 9176-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani