Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისის არქიტექტურა 1970-1980-იანი წლები

There are no translations available.

ნინო ასათიანი
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე

XX ს-ის სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლები საყურადღებო მოვლენებით აღბეჭდილი პერიოდია ქართულ არქიტექტურაში. დროის აღნიშნული მონაკვეთში თვალსაჩინო ცვლილებები მოხდა არქიტექტორთა შემოქმედებით ცხოვრებაში, არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობით აზროვნებაში. ეს სიახლეები მეტ-ნაკლები ხარისხით აშკარად გამოიკვეთა როგორც მასობრივ, ასევე, ინდივიდუალურ მშენებლობაში, თანდათან ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული მახასიათებელი შეცვლილი საზოგადოებრივი მოთხოვნილების და გემოვნებისა. იმავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ჯერ კიდევ შესამჩნევია წინა ათწლეულის კვალი, რადგან მრავალი იმ დროს დაპროექტებული ნაგებობა, გახანგრძლივებული სამშენებლო პროცესის გამო, სწორედ განსახილველ პერიოდში დასრულდა. მრავალი გრძელვადიანი ქალაქთმშენებლობითი პროექტის რეალიზება სწორედ სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში მიმდინარეობდა.
საზოგადოდ, აღნიშნული ქრონოლოგიური ჩარჩო მთლად ზუსტად ვერ დააფიქსირებს არქიტექტურაში მიმდინარე პროცესების საზღვრებს. გარკვეულწილად, მხოლოდ პირობითადაა შესაძლებელი ათწლეულებით შემოფარგლული მონაკვეთის გამიჯნვა მისი წინამორბედი თუ მომდევნო პერიოდისგან. ამ ფაქტს ადასტურებს ხელოვნების ნებისმიერი დარგის, მათ შორის არქიტექტურის შესწავლის ისტორიული გამოცდილება არა მარტო პროცესის ბუნებრივი, სპონტანური განვითარების დროს, არამედ ისეთი რადიკალური, იძულებითი გარდატეხის და პრინციპული შემობრუნების შემთხვევაშიც, როგორიც იყო საბჭოთა არქიტექტურაში 1932 და 1954 წლების დადგენილებები ხელოვნების დარგში. ამა თუ იმ პერიოდის წანამძღვრები, უმეტესად, მის წინა წლებშივე ისახება. მით უფრო ძნელია, მეტ-ნაკლები სიზუსტით შემოიფარგლოს რომელიმე პერიოდის დამახასიათებელი პროცესების გავლენის ხანგრძლოვობა შემდგომ არქიტექტურულ აზროვნებაზე ან რომელიმე ქალაქის განვითარებაზე. ამ მოვლენის შესაფასებლად დროის ბევრად უფრო დიდი დისტანციაა საჭირო, ვიდრე თანამედროვეს აქვს.
აღსანიშნავია, რომ შემოქმედებით ძიებათა თვალსაზრისით, ამ პერიოდს ისეთი ერთიანობა არ ახასიათებს, როგორiც მის წინა ათწლეულებს. სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში საქართველოში არქიტექტურის მუდმივ პრობლემათა მიმართ მიდგომის განსხვავებული გზების ძიება არ ჩამოყალიბებულა რაიმე ერთმნიშვნელოვანი იდეის ან სტილის სახით. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს პერიოდი მრავალი მიმართულების  თანაარსებობის წლებია და ეს ვითარება დამახასიათებელია არა მხოლოდ საბჭოთა არქიტექტურის ფარგლებში მოქცეული ქვეყნებისთვის. სამოცდაათიან წლებში ჯერ კიდევ ძლიერია 1960-იანი წლების ნეოკლასიციზმის ტენდენციები, ამასთან, საკმაოდ ნათლად იკვეთება მრავალი უცხოური მიმდინარეობის გამოძახილი, როგორიცაა ნეოექსპრესიონიზმი, ბრუტალიზმი, პოსტმოდერნიზმი. ყველა ეს მიმდინარეობა თანაარსებობს თავისუფალ ეკლექტიზმთან, რომელიც ცდილობს თანასწორუფლებიანი გახდეს სხვა მიმდინარეობათა გვერდით. აღსანიშნავია ისიც, რომ აღარ განმეორებულა საბჭოთა არქიტექტურაში დამკვიდრებული პრაქტიკა წინა პერიოდის არქიტექტურული მიმართულების რადიკალური უარყოფისა.ნ. ჯანბერიძე. ქართული საბჭოთა არქიტექტურა. 1974 წ. გვ. 11-24, გვ.113-130.შემოქმედებითი მოღვაწეობის პროცესში არქიტექტორები მიმართავენ როგორც საბჭოთა არქიტექტურის განვლილ ეტაპებს, ასევე უცხოეთის თანამედროვე მიმართულებებს. 1960-იანი წლების მკაცრად რეგლამენტირებული უტილიტარიზმის შემდეგ, სიახლენი არქიტექტურაში განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. ამას ხელს უწყობს ქვეყანაში შექმნილი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. საყურადღებოა, რომ თვით არქიტექტორმა, როგორც შემოქმედმა, თანდათან დაიბრუნა თავისი სტატუსი, რომელიც თითქმის სრულიად გაფერმკრთალებული იყო ტიპობრივი პროექტირებისა და სტანდარტული მშენებლობის სამსახურში, რაც „ზედმეტობებთან“ ბრძოლის და „გაიაფების“ ლოზუნგით ხდებოდა. სოციალური განვითარების სწრაფი ტემპის შესაბამისად, თანდათან ყალიბდება შემოქმედებითი ტიპი არქიტექტორისა, რომელიც ორიენტირებულია ნორმატივების დაძლევაზე, ინდივიდუალურის და გამომსახველის ძიებაზე. პირველ პლანზე მხატვრულ-სივრცობლივი ამოცანები წამოიწია.
ამ პერიოდში შესრულებულია მნიშვნელოვანი ქალაქმშენებლობითი სამუშაოები საქართველოს ქალაქებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში, შედგენილია განვითარების გრძელვადიანი კომპლექსური პროექტები ცალკეული მსხვილი რეგიონებისთვის, აგებულია დიდი რაოდენობის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მრავალმხრივ საინტერესო ნაგებობები. თავისთავად ამ ნაგებობათა სიმრავლე და მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად განასხვავებს აღნიშნულ პერიოდს სამოციანი წლებისგან, როდესაც ინდივიდუალური პროექტებით მშენებლობა, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ნაგებობათა მშენებლობა და პროექტირება, ძალზე შეზღუდული იყო.
იმ კონკრეტული პროექტების ან ნაგებობების ანალიზი, რომლებიც უკეთ გამოხატავენ თავისი დროის ტენდენციებს და, იმავდროულად, გამოირჩევიან თავისი არქიტექტურულ-მხატვრული ღირსებით ან ქალაქმშენებლობითი მნიშვნელობით, აღნიშნული პერიოდის არქიტექტურის კრიტიკულად გააზრების და მისი მთავარი პრობლების გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ამჯერად ნაშრომში განხილულია დედაქალაქის არქიტექტურული ცხოვრება, რადგან აქ არის კონცენტრირებული საქართველოს არქიტექტურული პოტენციალი, აქ იყო ჩატარებული რეალურად უმთავრესი ქალაქმშენებლობითი სამუშაოები და ამიტომ, მის განაშენიანებაში ნათლად აისახა ყველა დამახასიათებელი ნიშანი ქართული არქიტექტურისა.
უმთავრესი მოვლენა საქართველოს არქიტექტურულ ცხოვრებაში იყო 1970 წელს დამტკიცებული თბილისის გენერალური გეგმის განხორციელება, (ილ. 1) რადგან სწორედ მის საფუძველზე მიმდინარეობდა ქალაქის ტერიტორიული გაფართოება, ახალი საცხოვრებელი უბნების - გლდანის, მუხიანის, ვარკეთილის, ლოჭინის,  ვაშლიჯვრის, დიდი დიღმის განაშენიანება, - ფაქტობრივად, ახალი ქალაქის წარმოქმნა, რომელიც ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი მხრიდან რკალად შემოერტყა ძველ ქალაქს. გენერალურ გეგმასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები არსებულ ქალაქში, ისტორიული უბნების რეგენერაცია და ქალაქის ცენტრის პრობლემის სრულიად ახლებური გააზრება. ასევე, ამ გენერალურ გეგმასთანაა დაკავშირებული საბინაო მშენებლობის განვითერება 1970-იან-80-იან წლებში, რადგან ახალი უბნების განაშენიანების მოთხოვნები განსაზღვრავდა მშენებლობის მასშტაბსა და ხასიათს. თუმცა, გენერალური გეგმა, რიგით მესამე (1970 წ. თბილქალაქპროექტი.  ავტორები: არქ. ი. ჩხენკელი, ა. ჯიბლაძე, გ. ჯაფარიძე, გ. შავდია, ეკონომისტები ლ. ლორთქიფანიძე, ი. ბოლქვაძე).გენერალური გეგმის პროექტი და მასთან დაკავშირებული მასალები. თბილქალაქპროექტის ქალაქგეგმარების განყოფილების არქივი. ნ. ასათიანი. 1960-იანი - 1970-იანი წლების ქალაქმშენებლობა. იხ.: georgianart.ge; ელ.ჟურნალი: Ars Georgica, სერის B. 2015.მთლიანად 1960-იან წლებს ეკუთვნის, როგორც ძირითადი კონცეფციით, ასევე, ცალკეული სოციალური-ეკონომიკური თუ გეგმარებითი პრობლემის გადაწყვეტით. სწორედ ის იყო ხიდი, რომელიც 1960-იან და მის მომდევნო წლების ქალაქმშენებლობას აკავშირებდა. პროექტმა მრავალი კორექტივი განიცადა მისი ცალკეული ნაწილების დეტალურად დამუშავებისა და განხორციელების პროცესში და ძველთან ერთად, ახალი იდეებიც წარმოაჩინა, რაც გამოიხატა ლანდშაფტისა და კონტექსტის მიმართ გაზრდილ ინტერესში, არქიტექტურულ-სივრცითი კომპოზიციის ხერხების გამდიდრებაში და  ფუნქციური ორგანიზების რიგი საკითხების ახლებურად გააზრებაში.
01

საქართველოს ქალაქმშენებლობა, როგორც ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებთან ხელოვნების სხვა დარგებზე ბევრად უფრო მჭიდროდ  დაკავშირებული და ნორმატიულ აქტებს დაქვემდებარებული დარგი, საბჭოთა არქიტექტურის კალაპოტში მოედინებოდა და მნიშვნელოვნად იყო განსაზღვრული იმდროინდელი ქალაქმშენებლობის საერთო კურსით, რაც, ზოგადად, ქალაქების ექსტენსიურ განვითარებაში, მსხვილი საცხოვრებელი რაიონების მასობრივ მშენებლობაში მდგომარეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გენერალური გეგმა მუშავდებოდა მოსკოვის ქალაქმშენებლობის ინსტიტუტის კონსულტაციებით (არქ. ნ. კუზნეცოვი), რაც კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირებდა მას საბჭოთა ქალაქმშენებლობის ძირითად მიმართულებებს.
გენერალური გეგმის მოქმედების ხანგრძლივობა ოცდაათწლიანი პერიოდისთვის იყო განსაზღვრული და საუკუნის ბოლომდე მის ფარგლებში და მასზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო ქალაქის განვითარების რთული პრობლემების გადაწყვეტა. პროექტი მოიცავდა არქიტექტურულ-გეგმარებით და ფუნქციურ საკითხთა ფართო წრეს. ამ საკითხთა დაყენების მასშტაბურობა, განსაკუთრებით კი, ცენტრის პრობლემისა, გამოარჩევდა ამ გენერალურ გეგმას მისი წინამორბედი ორი - 1934 და 1947 წლების გენერალური გეგმებისგან, თუმცა, ავტორები აღიარებდნენ, და ეს რეალურადაც ნათლად ჩანს პროექტში - პირველი გენერალური გეგმის დიდ მნიშვნელობას, მისი პრინციპების სიცოცხლისუნარიანობას განსახილველ პერიოდშიც. ამ თვალსაზრისით აშკარაა მემკვიდრეობითობა მრავალ პრინციპულ საკითხთა გადაწყვეტაში, თუნდაც, სოციალურ-ფუნქციურ და სატრანსპორტო პრობლემებისადმი მიდგომაში, მრეწველობისა და სხვა ქალაქის წარმომქმნელ ფაქტორთა გააზრებაში. პირველ გენერალურ გეგმაშიН. Асатиани. Грузинское советское градостраительство – 1920х-30х годов. 1984г., стр. 50მაღალ ნიშნულებზე მდებარე ტერიტორიების და ფერდობების ათვისების პერსპექტივის შესახებაც იყო გამოთქმული ვარაუდი. ახალ გენერალურ გეგმაში აღნიშნულ ტრადიციულად პრიორიტეტულ საკითხთა წინა პლანზე წამოწევამ ერთგვარად დაჩრდილა კიდეც არქიტექტურულ-მხატვრული ამოცანები. ეს ვითარება დამახასიათებელია არა ერთი ქალაქისთვის ტექნიკური პროგრესისა და სატრანსპორტო მოძრაობის სწრაფი ზრდის პირობებში. თუმცა, ისეთი ისტორიული ქალაქისათვის, როგორიც თბილისია, მისი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის გამო, ერის ცხოვრებაში არქიტექტურულ-მხატვრულ იდეას, ქალაქის სივრცობრივი კომპოზიციის პრობლემას უმთავრესი როლი უნდა მინიჭებოდა, განსაკუთრებით, მისი მდებარეობის, თავისებური პლასტიკის მქონე ლანდშაფტის გათვალისწინებით. შესაძლოა, საკითხის დიდი სირთულის გამო, თბილისის დაგეგმარების ვერც ერთ პროექტში მხატვრულმა საკითხებმა სათანადო გადაწყვეტა ვერ პოვა.Н. Асатиани. Грузинское советское градостраительство – 1920х-30х годов. 1984г., стр. 72-77გეზის მიმცემი აქ, მაინც, 1960-იანი წლების ქალაქმშენებლობითი აზროვნების მიმართულება იყო. როგორც პირველი, ასევე, მესამე გენერალური გეგმის შედგენა ხომ ქალაქმშენებლობაში ფუნქციონალიზმის მომძლავრების პერიოდში ხდებოდა (1930-იანის დასაწყისი, 1960-იანი წლები).ნ. ჯანბერიძე. ქართული საბჭოთა არქიტექტურა. 1974 წ.
გენერალური გეგმის ფარგლებში არ იყო დასმული საკითხი ქალაქის ინდივიდუალური სახის ჩამოყალიბების, მისი სილუეტის, სართულიანობის ზონირების ან რაიმე სხვა სახით დიფერენცირების შესახებ. პროექტში არქიტექტურულ-მხატვრულ პრობლემათა გადაწყვეტის მცდელობა მხოლოდღა ქალაქის ცენტრზე თუა მიმართული. ცენტრი, თბილისის ისტორიაში პირველად განხილულია არა როგორც ერთი მოედანი ან ქუჩა, Н. Асатиани. Грузинское советское градостраительство – 1920х-30х годов. 1984г., стр. 53.არამედ მთელი სისტემა, ფუნქციური და არქიტექტურულ-სივრცითი ბირთვი მთელი ქალაქისა, რომელიც მოიცავს ისტორიულ, არსებულ ცენტრს, მისი განშტოებები კი უწყვეტად გრძელდება ახალ მსხვილ საცხოვრებელ უბნებში. ცენტრს ვრცელი ტერიტორიები ეთმობა მტკვრის ორსავე ნაპირზე და ვრცელდება არა მარტო გრძივად, არამედ განივადაც „თბილისის ზღვის“ მიმართულებით და მწვანე გასასვლელებით გადის ზღვის ირგვლივ დაპროექტებულ დასვენების ზონაში. ახალი ცენტრის პრობლემა საკმაოდ დეტალურად არის დამუშავებული გენერალური გეგმის ფარგლებში, მისი განაშენიანების მოდელიც კია წარმოდგენილი, რომელიც ქმნის წარმოდგენას ავტორთა ჩანაფიქზე - მსხვილმასშტაბიანი საქმიანი დაწესებულებებით მჭიდროდ განაშენიანებული და ქალაქის სხვა ნაწილებთან მოხერხებულად დაკავშირებული ბირთვის შესახებ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები, უმთავრესად, მარცხენა ნაპირეთის ნაწილს ეხება, მარჯვენა ნაპირზე მდებარე ამჟამინდელი ცენტრი კი ნაკლებ ცვლილებებს განიცდის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რუსთაველის პროსპექტიდან ხედების გახსნის მოსაზრებას, ორი ნაპირის ვიზუალურად დაკავშირების და ლანდშაფტის კომპოზიციაში უფრო აქტიურად ჩართვის მიზნით ახლანდელი რესპუბლიკის მოედნის  ადგილას (დღევანდელი „ვარდების მოედანი“), სამხატვრო გალერეასთან და ქალაქის საბჭოსთან.
უფრო კონკრეტულად ამის შესახებ ქვემოთ იქნება აღნიშნული.
ცენტრის საკითხი სამოცდაათიან წლებში არა ერთხელ გახდა მსჯელობის საგანი. პროექტირების უკვე მომდევნო „დეტალური დაგეგმარების“ სტადიაზე ჩატარდა კონკურსები, მაგრამ, საბოლოოდ, უპირატესობა ვერც ერთმა საკონკურსოდ წარმოდგენილმა პროექტმა ვერ მიიღო და ცენტრი დღესაც ელის დაგეგმარბის პროექტს.Б. Маминашвили. Развитие общественного центра Тбилиси. 1975 г.ფაქტობრივად, გენერალური გეგმის ვადის მიწურულს უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გენერალურ გეგმაში ჩადებული იდეების მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდა. ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტი არც აღნიშნულ პერიოდში, არც მომდევნო ოთხმოცდაათიან წლებში არ დამუშავებულა. ამის გამო, დედაქალაქი მოუმზადებელი შეხვდა მის ცენტრალურ ნაწილში, გენერალურ გეგმაში გაუთვალისწინებელ აქტიური მშენებლობის პროცესს,  რაც ქვეყანაში მომხდარი რადიკალური პოლიტიკურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცვლილებების შედეგად ხორციელდება ამჟამად.
გენერალური გეგმის იმ საპროექტო გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში ისხამდა ხორცს, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ახალი საცხოვრებელი რაიონების მშენებლობა. როგორც აღვნიშნეთ, თბილისის განვითარებისთვის ექსტენსიური პრინციპი იყო არჩეული, ე.ი. ქალაქი მნიშვნელოვნად იზრდებოდა ახალი დაუსახლებელი ტერიტორიების ხარჯზე, როგორც ტრადიციული გრძივი მიმართულებით, ასევე, „თბილისის ზღვის“ ირგვლივ მაღალ ნიშნულებზე მდებარე ტერიტორიებზე და ფერდობებზე. ამგვარად, იცვლებოდა ქალაქის კონფიგურაცია, მტკვრის გასწვრივ გაჭიმული ქალაქის ნაცვლად ისახებოდა თბილისის ზღვის ირგვლივ წრიულად განაშენიანებული ახალი უბნები, ქალაქის მაგისტრალთა სისტემა წრიულ სტრუქტურაში ერთვებოდა. საბჭოთა ქალაქმშენებლობის მოთხოვნათა და ნორმათა შესაბამისად, დასახული იყო საბინაო მშენებლობის მსხვილი კომპლექსების სახით განხორციელება. სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში ეს პრინციპი არ შეცვლილა. როგორც აღვნიშნეთ, საცხოვრებელი რაიონები განთავსდა ზღვის მიმდებარე ტერასებზე, ასევე, გლდანის და სოღანლუღის მიმართულებით. თავისუფალ ტერიტორიებს უპირატესობა ენიჭებოდა არსებული ქალაქის რეკონსტრუქციის ტექნიკურ-ეკონომიკურ და მხატვრულ ამოცანათა სირთულის გამო, ამასთან, ახალ რაიონებში უფრო თავისუფლად შეიძლებოდა საყოფაცხოვრებო-სოციალურ პრობლემათა გადაჭრა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, მათი ტექნიკური აღჭურვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ ქალაქშიც ნავარაუდევი იყო რიგი მნიშვნელოვანი კვანძების რეკონსტრუქცია, ძირითადად, უპირატესობა მაინც იმ მონაკვეთებს ენიჭებოდა, სადაც მშენებლობა ნგრევის გარეშე წარიმართებოდა, რაც საცხოვრებელი ფონდის დეფიციტის პირობებში ავტორებს ბევრად უფრო ხელსაყრელად მიაჩნდათ. ფაქტობრივად, არ ხდებოდა ქალაქში არსებული განაშენიანების რეზერვების გამოყენება.
გენერალური გეგმის საფუძველზე დამუშავებული ახალი სამოსახლო ტერიტორიების დეტალური პროექტირება და განაშენიანება სამოცდაათიანი წლების დასაწყისიდანვე დაიწყო და ინტენსიურად გრძელდებოდა ოთხმოციან წლებში, რადგან პროექტის თანახმად, სწორედ ამ ახალ საცხოვრებელ რაიონებში უნდა განთავსებულიყო ქალაქის მზარდი მოსახლეობის დიდი ნაწილი: „ზღვის უბანში“ - 60.000 მცხ.,   „ვარკეთილში“ – 12.000 მცხ.,  „ლოჭინში“ – 17.000 მცხ.,  „ფონიჭალაში“ – 51.000 მცხ., „ავშნიანში“ – 91.000 მცხ.,   „გლდანში“ – 135.000 მცხ., „მუხიანში“ – 54.000 მცხ. და სხვა. ყველა პროექტი დამუშავდა „თბილპრიექტში“. „გლდანი“ - არქ. თ. ბოჭორიშვილი, ბ. გელდიაშვილი;  „ლოჭინი“ - ო. არველაძე, გ. შავდია; „მუხიანი“ - გ. შავდია, მ. გოგიშვილი;  „ზღვის უბანი“ - ნ. ირემაშვილი, კ. კიკალეიშვილი, გ. შავდია, თანაავტორი ო. არველაძე;  „დიდი დიღომი“ - შ. ყავლაშვილი. ბ. მამინაიშვილი; „ვარკეთილი“ - გ. შავდია, მ. ბოლქვაძე, თ. ჯანგველაშვილი, ლ. ჯანდიერი;  „გლდანულა“ - თ. ბოჭორიშვილი, თ. რუდნევა.ყველა პროექტი ინახება ქალაქპროექტში, როგორც ტექსტი, ასევე, გრაფიკული მასალა და სხვა დოკუმენტაცია.
ამ საცხოვრებელ რაიონებს, პროექტის სტადიაზე და შემდგომ განაშენიანებაშიც, ბევრი საერთო ნიშანი ახასიათებდა ფუნქციური მოწყობის თავლსაზრისით. მათი საზღვრები, ძირითადად, ბუნებრივ საზღვრებს ემთხვევა, ისინი მდებარეობენ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიების გასწვრივ. საცხოვრებელ რაიონს ერთგვარი ავტონომია ახასიათებს, რაც ურთიერთგანლაგებით და შიდა ორგანიზაციით არის გამოწვეული. ასევე, ისინი საკმაოდ ავტონომიურად არიან განლაგებულნი არსებული ქალაქის მიმართ თბილისის გეოგრაფიული მდებარეობის და ხევებითა და მთებით დანაწევრებული ლანდშაფტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მრავალი წერტილიდან ვრცელი პანორამების აღქმის პირობები არსებობს, მათ ნაკლებად აქვთ ვიზუალური, სივრცითი კავშირი არსებულ ქალაქთან და, ამდენად, ახალი „მასივების“ ბევრად უფრო მსხვილმასშტაბიანი და განსხვავებული ხასიათის არქიტექტურა თითქმის არ ახდენს გავლენას მის იერზე.
ახალი საცხოვრებელი რაიონები ერთი, 1960-იან-70-იან წლებში მიღებული პრინციპით არის გადაწყვეტილი მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც თავისთავად, მნიშვნელოვანწილად ინგლისური ქალაქმშენებლობის გავლენით არის ჩამოყალიბებული და ითვალისწინებს ფუნქციურად დიფერენცირებულ გეგმარებას და  „თავისუფალ განაშენიანებას“. ყველა ახალი რაიონი, დაყოფილი მსხვილ მიკრორაიონებად, დაფუძნებულია მომსახურების სამსაფეხურიან სისტემაზე - პირველადი მომსახურება - უშუალოდ საცხოვრებელი სახლების ჯგუფებთან, მეორადი - მიკრორაიონული, უშუალოდ მიკრორაიონის ცენტრში და რაიონული - რაიონის ცენტრში, რომელიც სატრანსპორტო მაგისტრალების საშუალებით საქალაქო ცენტრის სტრუქტურაში ერთვება. თვით მიკრორაიონების დაგეგმარების ხასიათი, არქიტექტურული კომპოზიცია თავისუფალია, ე.ი. არ არის შეზღუდული რაიმე გარკვეული ხერხით ან წესით, რაც არქიტექტორს შემოქმედების ფართო ასპარეზს უქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ საცხოვრებელ რაიონებში რეალურად ვერ მოხერხდა ფსიქოლოგიური კომფორტის მიღწევა ან არქიტექტურულ - მხატვრულად ღირებული „ანსამბლის“ შექმნა, წინა პერიოდთან შედარებით აქ მაინც ბევრი სიახლეა, მეტი ყურადღება ეთმობა გეგმარებითი კომპოზიციის მხატვრულ გამომსახველობას, შეძლებისდაგვარად რელიეფთან განაშენიანების და გეგმარების სხვადასხვა ელემენტების შეთავსებას, მოქნილ ფუნქციურ კავშირებს. წინა პლანზე წამოწეულია ეზოს პრობლემა, იგრძნობა მისწრაფება ტრადიციული, ადამიანის თანაზომიერი მყუდრო შიდა სივრცის ორგანიზებისკენ, რაც მანამდე ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. ამასთან, თითქმის ყველა რაიონში გათვალისწინებულია შიდა სივრცეების იზოლირება სატრანსპორტო ქუჩებისა და მაგისტრალებისგან. განცალკევებულია, აგრეთვე, სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა ქუჩები და შექმნილია მათი დამოუკიდებელი სისტემები მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით. შიდარაიონული და შიდამიკრორაიონული საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო დაწესებულებები ახლა ორიენტირებულია არა სატრანსპორტო მაგისტრალებზე, არამედ ქვეითთა მოძრაობის ძირითადი ნაკადების მიმართულებით. პროექტებში არქიტექტურული ნაგებობათა მასშტაბიც განსხვავებულია  ვიზუალური აღქმის თავისებურებათა გათვალისწინებით, მაგრამ რეალურ განაშენიანებაში ამგვარ დიფერენცირებას ვერსად ვხვდებით.
აღსანიშნავია, ამავე დროს, ის ფაქტიც, რომ   „თავისუფალი გეგმარებით“ გატაცებამ დამაფიქრებელ შედეგებამდე მიიყვანა არქიტექტორები და გარკვეული შეშფოთების საფუძველიც შექმნა, რადგან ქალაქის ისეთმა მნიშვნელოვანმა ელემენტმა, როგორიც ქალაქის ქუჩაა, სრულიად დაკარგა ტრადიციული სახე და ხუროთმოძღვრული მნიშვნელობა, ელემენტარულად გადაიქცა გზად ან გასასვლელად, თუმცა, ქალაქების განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე ქუჩა მის მთავარ სიმდიდრეს შეადგენდა. თანამედროვე მოქალაქისთვის ქუჩა ქალაქის არქიტექტურის შეფასების ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად დარჩა და თავისი ფსიქოლოგიური ღირებულებებით დაუპირისპირდა თანამედროვე საცხოვრებელი რაიონების და მოედნების არქიტექტურულად მოუწესრიგებელ უზომოდ და უფორმოდ გახსნილ სივრცეებს. ეს ტენდენცია დამახასიათებელი იყო უკანასკნელ ათწლეულებში არა მარტო ჩვენი, არამედ მრავალი ქვეყნის ქალაქისათვის და, ამის გამო, სერიოზული განსჯის საგანიც გახდა უცხოეთშიც. ერთ-ერთ არქიტექტურულ ფორუმზე, სადაც სწორედ ქუჩის არქიტექტურის საკითხს განიხილავდნენ, აღინიშნა რომ „ახალი უბნების მაცხოვრებელთა შეგნებაში  „ქალაქად“ კვლავ ძველი ქალაქი რჩება.“ „ქალაქში წასვლა“ ნიშნავს ქალაქის ძველ ცენტრში, მის ცენტრალურ ზონაში წასვლას. იქ, მიზიდვის მრავალ ფაქტორთა შორის ქუჩა გამორჩეული ელემენტია. ის ინარჩუნებს თავის ქალაქთმშენებლობით ღირებულებას, როგორც სივრცის მაორგანიზებელი და სოციალური კონტაქტის ერთ-ერთი მთავარი საშუალება.პერიმეტრულად განაშენიანებული ქუჩები დღესაც ქალაქის საინტერესო და ყველაზე მიმზიდველი ნაწილია. განხილულ პერიოდში ქუჩების და მოედნების გახსნილმა სივრცეებმა, ქუჩის, როგორც არქოტექტურულ-სივრცობრივი ელემენტის უგულებელყოფამ დაამსგავსა ეს ახალი რაიონები რაღაც დასახლებებს და არა ქალაქის ნაწილებს, დაუკარგა მათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ფსიქოლოგიურ-მხატვრული ფაქტორი, რაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა ადამიანზე და სივრცის მასშტაბურობის და მხატვრული ორგანიზების საშუალებას ქმნიდა. ამ საცხოვრებელ რაიონებსა და მიკრორაიონებში ან როგორც ბოლო ხანებში უწოდებენ - უბნებში, მოედნები, ქუჩების მსგავსად, უმთავრესად, გახსნილია სივრცისკენ, მათი სივრცობრივი საზღვრები ან არ არსებობს, ან ძალზე პირობითია.  ლანდშაფტისკენ და სივრცეში გახსნილი მოედნების იდეა ჯერ კიდევ თბილისის პირველ გენერალურ გეგმაში იყო ჩადებული, Н. Асатиани. Грузинское советское градостраительство – 1920х-30х годов. 1984г., стр. 74.მაგრამ ახალი საცხოვრებელი  უბნების სივრცობრივი გადაწყვეტის საფუძველი მაინც თანამედროვე, განსაკუთრებით, სამოციანი წლების და სამოცდაათიანის დასაწყისის მასობრივი მშენებლობის პრინციპებია. აღსანიშნავია, რომ გახსნილი სივრცეების პრინციპი განსაზღვრავდა, აგრეთვე, ისეთი უნიკალური და ფართომასშტაბიანი პროექტების სტრუქტურებს, როგორიც იყო ქალაქ ბრაზილიას და ტოკიოს პროექტები და რომ ეს პროექტებიც, თავისთავად, გარკვეულ გავლენას ახდენდნენ მასობრივ მშენებლობაზე, მათგან დიდად განსხვავებულ რიგით განაშენიანებაზე სამოციან-სამოცდაათიან წლებში. რაც შეეხება საბინაო მშენებლობას, ე.ი. ახალი საცხოვრებელი უბნების განაშენიანების ძირითად „ქსოვილს“, აქაც შეიძლება საერთო ნიშნების მონახვა. განაშენიანება, ძირითადად, 9-14-16 სართულიანი სახლებისგანაა შემდგარი, ე.ი. ბევრად მსხვილმასშტაბიანია, ვიდრე „ძველი“ ქალაქი ან, თუნდაც, პირველი, 1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იან წლებში განაშენიანებული მასივები საბურთალოში, დიღომში თუ მესამე მასივი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. უპირატესობა ენიჭება შენობათა დაგეგმარებას ჯგუფებად ან მსხვილი კომპლექსების სახით, რომელთა განლაგებასა და კომპოზიციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბუნებრივი გარემო. ჩნდება კომპოზიციის მხატვრული პრობლემები, რაც ხელს უწყობს მრავალფეროვნებას და გამომსახველობას, განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხსენებული პირველი მასივების ფონზე. მეტი სიახლით გამოირჩევა პროექტები, რომლებიც შედგენილია იმხანად და დღესაც რეალურად არარსებული ტერასული და კასკადური ტიპის სახლების გათვალისწინებით. ფერდობებზე მშენობლობისთვის პროექტებით რეკომენდირებული ამ სახლების უმრავლესობა მხოლოდ საპროექტო იდეის სახით არსებობდა და დღემდე ასეთად დარჩა, თბილისისთვის კი ძალზე სასურველი და მომგებიანი იქნებოდა მათი რეალიზება რთულ რელიეფთან შეთანხმების, მისი თავისებურების შენარჩუნების და გამოვლენის თვალსაზრისით. ამგვარი სახლებით მშენებლობას 30-40% უნდა დაეკავებინა. უნდა აღინიშნოს, რომ ტერასული სახლებით ფერდობების განაშენიანების პროექტები თვით გენერალური გეგმაზე მუშაობის პარალელურადაც მუშავდებოდა სამოციანი წლების ბოლოს „ქალაქპროექტში“. ასეთი იყო სამოცდაათიანი წლების დასაწყისში კანდელაკის ქუჩის მიმდებარე ფერდობების განაშენიანების პროექტი (არქ. გ. კალმახელიძე, გ. შავდია) და ვაკის ფერდობებისათვის შექმნილი ესკიზური პროექტები (ლ. თეთრაშვილი, ლ. ბუმბიაშვილი, გ. მაჭუტაძე), აგრეთვე, თვით ტერასული სახლების სერია არქ. ნ. ქვათელაძის ავტორობით. სამოცდაათიან წლებში ამ პროექტების არც დამტკიცება მომხდარა და არც რეალიზება, ამან კი გამოიწვია ციცაბო ფერდობების განაშენიანება მარალსართულიანი ტიპობრივი სახლებით, რომლებიც, უმთავრესად, ვაკეზე მშენებლობისათვის იყო განკუთვნილი და მათი რელიეფზე მორგება რთული საინჟინრო სამუშაობის ჩატარებას მოითხოვდა, რაც სრულიად უცვლიდა იერს ბუნებრივ ლანდშაფტს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ფერდობები.
ვრცელი საპროექტო მასალიდან შეიძლება არქიტექტურული გადაწყვეტის სრულიად განსხვავებული მაგალითების მოტანა, თუნდაც, „ზღვის უბნის“ ბორცვის ირგვლივ განთავსებული, ცენტრის ორიგინალური გააზრებით და რიტმულად ორგანიზებული, მაღლივი სახლებით აქცენტირებული საცხოვრებელი მოცულობების ჯგუფებით, „ავშნიანის“ კასკადური და ტერასული სახლებით განაშენიანებული ფერდობებით, წერტილოვანი კოშკურა სახლებით, პანდუსებით, კიბეებით და გადასასვლელებით, რაც ხაზს უსვამს რელიეფის ამფითეატრულ ხასიათს; ასევე, „გლდანის“ ხაზოვანი გამჭოლი კომპაქტური საზოგადოებრივი ცენტრით, რელიეფის სხვადსხვა დონეების გამოყენებით, გადასასვლელი ხიდებით - ძირითადი სატრანსპორტო მოძრაობის და შიდამიკრორაიონული განაშენიანების განცალკევებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ტიპობრივ-სტანდარტული სახლების მშენებლობა გრძელდებოდა, ახალი საცხოვრებელი უბნების მშენებლობამ სტიმული მისცა მომდევნო წლებში საცხოვრებელი შენობების ახალი ტიპების ჩამოყალიბებას, გაფართოვდა ასორტიმენტი, გაუმჯობესდა ხუროთმოძღვრულ-გეგმარებითი მაჩვენებლები. დამუშავდა და პრაქტიკაში დაინერგა კარკასულ-პანელური, მსხვილპანელიანი, მონოლითური რკინა-ბეტონის კონტრუქციებიანი სახლები, რეალური  გახდა, აგრეთვე, „ექსპერიმენტული“ და ინდივიდუალური პროექტებით შექმნილი სახლების მშენებლობა. ეს სიახლენი საცხოვრებელი გარემოს გაცოცხლების, მხატვრული მიმზიდველობის შექმნის გარკვეულ შესაძლებლობებს შეიცავს, თუმცა, სახლების უმრავლესობა მსხვილგაბარიტიანია და ხშირად უმასშტაბო - გარემოსა და ადამიანისთვის;  კვლავ დაბალია მშენებლობისა და კეთილმოწყობის ხარისხი. (ილ. 2, 3, 4)
020304

ახალი საცხოვრებელი სახლებისგან, რომლებიც გამოყენებულია მშენებლობაში, აღსანიშნავია თავისი გაუმჯობესებული არქიტექტურულ-გეგმარებითი მახასიათებლებით, ექსპერიმენტული „კასკადური“ სახლი (არქ. დ. გრძელიძე, გ. კიკნაძე, ე. მკერვალიშვილი), 16-სართულიანი კარკასულ-პანელური სახლი. სხვადასხვა რელიეფისთვის (არქ. გ. ტონია, თ. კაციტაძე, გ. გედევანიშვილი, მ. კიმბერგი), 16-სართულიანი მონოლითური რკინა-ბეტონის სახლი (ო. თუხარელი, ზ. ბერულავა, გ. კვირცხალია, გ. დანიელიანი, მ. ელისაშვილი, გ. გედევანიშვილი), 16-სართულიანი კარკასულ-პანელიანი (შ. ყავლაშვილი, ს. კაციტაძე), 14-სართულიანი მსხვილპანელიანი (არქ. ო. თუხარელი, დ. ბახტაძე, გ. ნანოზაშვილი, მ. მარჯანიშვილი, კ. ოტენი, ვ. კასრაძე, ზ. სილაგაძე), 16-სართულიანი 64 ბინიანი და 75 ბინიანი კარკასულ-პანელიანი კოშკურა სახლი (არქ. ვ. კვიმსაძე, ა. კიმბერტი, კ. ზავრიევი, მ. ბუჯიაშვილი, ა. ჩიქობავა, დ. ჯობავა, ო. ბიბილეიშვილი), 17-სართულიანი (კ. ბოკუჩავა, დ. შარაშიაძე, თ. თხილავა);Н. Мгалоблишвили. Архитектура советской Грузии. 1986, стр. 171; Т. Квирквелия. Архитектура Тбилиси. 1985, стр. 202; კრებული „თბილისი“, გვ. 381ეს სახლები, თავისი არქიტექტურით, მნიშვნელოვნად განსხვავებულ ნაგებობებს წარმოადგენს. მათი ფასადები დამუშავების პლასტიკით ბევრად უფრო გამომსახველი და სოლიდურია, ვიდრე სიბრტყობრივი, არქიტექტურულ გამომსახველობას მოკლებული ორმოცდაათიან-სამოციანი წლების ტიპობრივი 5-8 სართულიანი სახლები, უცვლელი, მოსაწყენი აივნების ჰორიზონტალური ზოლებით, მიმზიდველობას და ქალაქურ იერს მოკლებული ფასადებით. ახალი საცხოვრებელი ნაგებობები, რომლებმაც ამჟამად უკვე თითქმის მთლიანად მოიცვა საცხოვრებელი უბნები, ერთი მხრივ, არქიტექტორებსა და მშენებლებს საშუალებას აძლევს, აიცილოს ის მონოტონურობა და სიღარიბე, რაც პირველ მასივებს ახასიათებს; მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად, ეს კვლავ ვაკე ადგილებისთვის შექმნილი სახლებია, ძნელად მოსარგები და შესათავსებელი რთული რელიეფისთვის. ამ უბნებს კი, უმთავრესად, ამგვარი ტერიტორიები შეადგენენ. უდაოდ სერიოზულ მუშაობას მოითხოვს მომდევნო წლებში - იქ, სადაც ჯერ კიდევ არის ამის საშუალება - ქალაქის სივრცობრივ სილუეტში ცალკეული უბნის გამომსახველი პროფილის და გამორჩეული ადგილის მონახვა. თვით არსებულ ქალაქში არქიტექტურულ მოცულობითი ცვლილებების და ახალი უბნების შემდგომი განაშენიანების ტრანსფორმაციის პროცესში მოინახება, ალბათ, არსებულ ქალაქთან მასშტაბის ჰარმონიზაციის რაიმე გზა.
გენერალურ გეგმასთანაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ქალაქის არსებულ განაშენიანებაში, მის ცენტრალურ ნაწილში. ეს არის რესპუბლიკის მოედანი, გმირთა მოედანი, მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია. უმთავრესი ამოცანა სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესება იყო, მაგრამ, ამავე დროს, არქიტექტურულ-სივრცობრივი ამოცანების გაჩნდა. 1978 წელს განხორციელდა გმირთა მოედნის, ქალაქის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია (არქ. კ. ნახუცრიშვილი),ნ. ჯანბერიძე. ქართული საბჭოთა არქიტექტურა. 1974 წ. გვ. 420, რის შედეგად მოწესრიგდა რთული კვანძის ფუნქციონირება, მოეწყო ქვეითად მოსიარულეთათვის მიწისქვეშა გასასვლელების სისტემა, საგრძნობლად გაუმჯობესდა მხატვრული იერი, თუმცა, მის არქიტექტურულ გარემოცვაში ამ პერიოდში ცვლილება არ მომხდარა. სატრანსპორტო კომუნიკაციების მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მტკვრის სანაპიროების გასწვრივ. 1975 წელს მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის კლდის ქვეშ გაიჭრა გვირაბი, რამაც შესაძლებელი გახადა გამჭოლი მოძრაობა სანაპიროზე ისე, რომ ხელუხლებლად იქნა შენარჩუნებული ძველი თბილისის ლანდშაფტი და განაშენიანება (პრ. ავტორები: ვ. ბახტაძე, რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი). მარჯვენა სანაპიროზეც ჩატარდა რეკონსტრუქცია ცირკის მიდამოებში, რისთვისაც დაინგრა ძველი საცურაო აუზი, იგი თავისთავად აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და, ამავე დროს, კეტავდა სანაპიროს ამ მონაკვეთს.
05
0607
0809

ყველაზე მასშტაბური რეკონსტრუქციის ობიექტი, რომელმაც საგრძნობლად შეცვალა ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა თბილისის ცენტრალურ ნაწილში - „რესპუბლიკის მოედანია“. მის არქიტექტურულ-გეგმარებით გადაწყვეტაში გამოვლინდა მოედნებისა და ხედების გახსნის იდეები, ჩადებული გენერალურ გეგმაში, თუმცა, ეს იდეები ჯერ კიდევ 1930-იან წლებში გაჩნდა დ. ფელდტის პროექტში,Н. Мгалоблишвили. Архитектура советской Грузии. 1986, стр. 220ხოლო შემდეგ, 1952 და 1967 წლებში, გახდა მსჯელობის საგანიН. Асатиани. Грузинское советское градостраительство – 1920х- 30х годов. 1984г., стр. 22მხედველობაში გვაქვს თვით მოედნის შექმნის და ქალაქის ამ მონაკვეთზე ხედის გახსნის იდეა და არა რომელიმე კონკრეტული არქიტექტურულ-გეგმარებითი პროექტი. (ილ. 5 - 9) რუსთაველის აღნიშნული კვანძის რეკონსტრუქციის და რესპუბლიკის მოედნის პროექტის დამუშავება სამოცდაათიან წლებში მიმდინარეობდა, მშენებლობა კი 1980 წელს დასრულდა (არქ. ო. კალანდარიშვილი, გ. ფოცხიშვილი).რესპუბლიკის მოედნის პროექტის განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერები. სახმშენი.ამოცანა სერიოზული და მრავალმხრივ რთული იყო. ჯერ კიდევ ნ. სევეროვი გამოარჩევდა რუსთაველის მოედანს, არქიტექტურულ-სივრცობრივი გადაწყვეტის თვალსაზრისით,  როგორც „განსაკუთრებით რთულს“ სხვა მოედნებთან შედარებით.ნ. ჯანბერიძე. ქართული საბჭოთა არქიტექტურა. 1974 წ. გვ. 262-264; გვ. 306-307აღნიშნული კვანძის რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი საბაბი ტრანსპორტის მოწესრიგება იყო ქალაქის ამ ვიწრო გასასვლელში, სადაც „რუსთაველის მოედანს“ მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ მოედანი მისი პარამეტრების თუ არქიტექტურული მახასიათებლების მიხედვით. ჯერ კიდევ 1957 წელს ელბაქიძის დაღმართთან აიგო ესტაკადა,Н. Асатиани. Грузинское советское градостраительство – 1920х-30х годов. 1984г., стр. 81რომელიც პროსპექტზე გადიოდა ამჟამინდელი სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ს შენობასთან. ეს პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო რუსთაველის მოედნის მიმდებარე უბნის რეკონსტრუქციის დაწყებისა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თვით სასტუმროს აგება 1967 წელს,ნ. ჯანბერიძე. ქართული საბჭოთა არქიტექტურა. 1974 წ., გვ. 382რადგან მაღლივმა ნაგებობამ, რომელიც ქალაქის სილუეტში მნიშვნელოვან აქცენტად აჟღერდა, კიდევ უფრო მეტად დააფიქსირა ამ ადგილის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ოთხმოციანი წლების დასაწყისში აგებულ მოედანს არქ. ნ. მგალობლიშვილი, სპეციალურ ლიტერატურაში და საგაზეთო წერილშიც, სატრანსპორტო მოედანს უწოდებს,Н. Мгалоблишвили. Архитектура советской Грузии. 1986, стр.  443.არქ. თ. კვირკველია კი აღნიშნავს, რომ მოედანი დაპროექტებულია, როგორც საზოგადოებრივი და არა სატრანსპორტო. ეს უკანასკნელი მოსაზრება სავსებით მართებულია, რადგან მნიშვნელოვანი ნგრევის და რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული მოედანი ვერც ერთი ნიშით ვერ უახლოვდება სატრანსპორტო მოედნის ან „კვანძის“ რომელიმე ტიპს და ვერ აწესრიგებს სატრანსპორტო პრობლემას. ამასვე ადასტურებს ორი წლის შემდეგ გამოცხადებული კონკურსი მოედანზე ლენინის მუზეუმისთვის, რომლის მოცემულობაში არქიტექტორთა კავშირი მოითხოვდა, რომ მონაწილეებს, ნაგებობის პროექტთან ერთად, წარმოედგინათ „გადაუწყვეტელი სატრანსპორტო პრობლემის“ მოგვარების პროექტიც.არქიტექტორთა კავშირის არქივი. ლენინის მუზეუმის საკონკურსო პროგრამა.რეალურად მოედანს აშკარად საზოგადოებრივი დანიშნულება აქვს, რაზეც მეტყველებს ასაწევ-დასაწევი ესტრადა, ვრცელი საზეიმო ტრიბუნა და მისი თანმხლები თაღედი, რომელიც თავისი ფიზიკური გაბარიტებით, არქიტექტურულ ფორმათა პრეტენზიულობით პირველობას იჩემებდა მოედნის მიმდებარე მრავალსართულიან ნაგებობებთან შედარებით და სრულიად ჩრდილავდა თვით ო. კალანდარიშვილის მიერ აგებულ სასტუმროს შენობას, რომელსაც ისედაც დააკარგვინა მასშტაბი ტელეგრაფის შენობის „მეზობლობამ“ და მოედნის არქიტექტურულად არაორგანიზებული სივრცის თბილისისთვის უცხო, უზომო გახსნამ. ჩვეულებრივ დღეებში მოედანი რუსთაველის ვიწრო მონაკვეთის სატრანსპორტო დუბლიორის როლს ასრულებს, ხოლო საზეიმო დღეებში ხალხის თავშეყრის ადგილია. ფუნქციურ გაურკვევლობას არქიტექტურული მოუწყობლობა ემატება. ფართო ფრონტით მტკვრისკენ გახსნილ მოედანს, ზედმეტად მსხვილმასშტაბიანს და კომპოზიციურად მოუწესრიგებელს, მნიშვნელოვანი დისონანსი შეაქვს ქალაქის ცენტრალური ნაწილის სტრუქტურულ და მასშტაბურ წყობაში, თავისი ხისტი სწორხაზოვნებით არღვევს რუსთაველის პროსპექტის და მიხ. ჯავახიშვილის (მაშინდელი ელბაქიძის) ქუჩის პლასტიკურ დინებას და თბილისის ლანდშაფტისადმი აგრესიულ, უჩვეულო მაგალითს წარმოადგენს. უმთავრეს ხარვეზთაგანია რუსთაველის პროსპექტის ფრონტის უმასშტაბოდ გარღვევა, ძალზე თვალშისაცემი პროსპექტის არც თუ დიდი სიგანისა და სიგრძის, აგრეთვე პერიმიტრული განაშენიანების პირობებში. მხატვრული თვალსაზრისით, მოედნის „სუსტი“ მხარეები განსაკუთრებით ნათლად იკითხება რუსთაველის მოედნის მხრიდან, საიდანაც ვიზუალური აღქმის არეში ხვდება საცხოვრებელ სახლზე (მელიქ აზარიანცის სახლზე) უხერხულად მიშენებული ძალზე მდარე ხარისხის ხიდის კონსტრუქცია, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხრიდან, ხიდებიდან და ქალაქის მრავალი წერტილიდან, რომლისკენაც გახსნილია რუსთაველის მოედნის მიმდებარე უბნის პანორამა.
გენერალური გეგმის რეალიზაციასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, ოთხმოციან წლებში განხორციელებული და ამჟამადაც მიმდინარე მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია (ავტ. ვ. ქურთიშვილი, ლ. ბოკერია), რომელიც გენერალური გეგმის და მის საფუძველზე დამუშავებული ცენტრის პროექტის მიხედვით, მთავარი განივი ღერძის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. თბილისის სატრანსპორტო სისტემაში მარჯანიშვილის ქუჩას მიხ. ჯავახიშვილის დაღმართთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირევს. იგი განივი მიმართულებით ჰკვეტს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და აერთებს ისეთ მნიშვნელოვან მოედნებს, როგორიცაა მარჯანიშვილის და რუსთაველის მოედნებსაც და ქალაქის ორი უმთავრესი გრძივი მაგისტრალის ცენტრალურ მონაკვეთებსაც. გარდა ამისა, იგი კვეთს ორივე სანაპიროს, პროსპექტის  პარალელურ მნიშვნელოვან ქუჩებს, რკინიგზას და გადის ახალ სატრანსპორტო მაგისტრალზე. გარდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ფუნქციისა, მარჯანიშვილის ქუჩას დიდი როლი აკისრია თბილისის სივრცობრივი კომპოზიციის, მისი მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში. ის მომავალი განვითარებული ცენტრის ძირითადი ელემენტია, რომელიც ვიზუალურად და დინამიკურად აერთებს ორივე ნაპირს. პროექტი განხილული იყო 1982 წელს, ექსპერტთა დასკვნების გათვალისწინებით შეირჩა წარმოდგენილ ვარიანტთა შორის ოპტიმალური და მშენებლობაც დაიწყო, თავდაპირველად მხოლოდ გ. ტაბიძის ხიდსა და მარჯანიშვილის მოედანს შორის მოქცეულ მონაკვეთზე. მიზანი რეკონსტრუქციისა იყო ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება, ქვეითთათვის კომფორტული პირობების შექმნა აქ განლაგებული კულტურული და სავაჭრო ობიექტებით სარგებლობისათვის. ის ითვალისწინებდა ქალაქის ამ ცენტრალური უბნისთვის შეუფერებელი მასშტაბისა და არქიტექტურის მქონე ნაგებობების ნაცვლად, ახალი შენობების აშენებას არქიტექტურულად ღირებული მარჯანიშვილის თეატრის, უნივერმაღის (ამჟამად TBC-ბანკის შენობა) და სხვა შენობათა გვერდით. უარყოფილი იყო თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი ტრანსპორტის მიწისქვეშ გატარებისა, რადგან ამის აუცილებლობა ქუჩის წითელი ხაზების გადაწევისას აღარ იყო. ამასთან, ხიდთან გვირაბში ჩასვლა და მოედანთან ამოსვლა დიდ ვიზუალურ და ტექნიკურ უხერხულობასთან იყო დაკავშირებული, ირღვეოდა მოძრაობის დინამიკის აღქმის მთლიანობაც, რაც თანამედროვე ქალაქში ძალზე მნიშვნელოვანია. განაშენიანების თითქმის 50% დაინგრა, მიმდინარეობს მშენებლობა და რეკონსტრუქცია ნაგებობებისა, ქუჩას დედაქალაქის შასატყვისი მასშტაბი და იერი ეძლევა. არქიტექტორები, საფიქრებელია, ნაყოფიერად გამოიყენებენ ამ იშვიათ ბედნიერ შესაძლებლობას ქალაქის ცენტრში ერთიანი ანსამბლის შექმნისა, მონახავენ გზას მხატვრული თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურის ჩამოყალიბებისა, რაც შემდგომში, მაგისტრალის სხვა მონაკვეთების სტიმულის მიმცემი გახდება, რადგან ოთხმოციანი წლებიდან, არქიტექტურული აზროვნების თავისუფლების პირობებში, პროფესიული კულტურის სრულყოფის საკმაოდ სერიოზული პირობები არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ იდგა საკითხი მარჯანიშვილის თეატრის ახალი წითელი ხაზიდან უკან დაწევისა, ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო, ქუჩა კი საკმაოდ გაგანიერდებოდა და შეიქმნებოდა ორმხრივი მოძრაობისთვის ნორმალური პირობები. მშენებლობა დასრულებული არ არის.ნაშრომი შესრულებულია 1988-1992 წლებში და ასახავს იმჟამინდელ მდგომარეობას
1970-იან - 80-იან წლებში აღინიშნა, აგრეთვე, ერთი მნიშვნელოვანი, წინა წლებისგან განსხვავებული მოვლენა - ისტორიული განაშენიანების დაცვის, ძველი უბნების რესტავრაცია-რეგენერაციის სამუშაოების დაწყება. საგულისხმოა, რომ ეს საკითხი თბილისის პირველსავე გენერალურ გეგმაში იყო დასმული და გულისხმობდა „კალას“ მუზეუმ-ნაკრძალად გადაქცევას. უკანასკნელ გენერალურ გეგმაში კი, დაცვის ზონა ბევრად უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავს მტკვრის ორსავე ნაპირზე, თუმცა, რამდენადაც პარადოქსულად  უნდა ჩანდეს, აღსანიშნავია, რომ თვით ამ პროექტის ავტორები, რომლებიც ისტორიული ტერიტორიების დაცვას დიდ ადგილს უთმობდნენ, ხელაღებით ანგრევდნენ ისეთ ძეგლებს, როგორიცაა ამჟამინდელი საგამოფენო გალერეა, მხატვრის სახლი, ქალაქის საბჭოს შენობა - რუსთაველის პროსპექტიდან ვრცელი ხედების გახსნის მიზნით, რითაც თბილისის ამ უმშვენიერესი ქუჩის, თავისთავად ქალაქმშენებლობის უნიკალური ძეგლის იერი მთლიანად შეიცვლებოდა. მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულება და გარკვეული პოზიცია არქიტექტურულ საზოგადოებაში 1970-იან-80-იან წლებშიც ერთბაშად არ ჩამოყალიბებულა და ვიდრე ისე საყოველთაოდ იქნებოდა აღიარებული, როგორც ამჟამად, საკმაოდ რთული გზის გავლა დასჭირდა. ამ პროცესს დიდად უწყობდა ხელს მემკვიდრეობის მიმართ გაზრდილი ინტერესი დასავლეთის და წინანდელი საბჭოთა კავშირის არქიტექტურაში. უძველესი ისტორიული უბნებიდან ყურადღება თანდათან ცალკეულ ნაგებობებზეც გავრცელდა, რომლებიც მეცხრამეტე - მეოცე საუკუნეებს განეკუთვნებოდა.
პროცესის პრაქტიკულად დაწყება მაინც ერთი ობიექტის - ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებასთან იყო დაკავშირებული. (ილ. 10) ხანძრით განადგურებული თეატრის რეკონსტრუქციის საპროექტო მასალები, წარმოდგენილი კონკურსზე 1973 წელს, ამ პროექტების განხილვის პროცედურა ნათლად მოწმობს, რომ 1973-74 წლებში არქიტექტორთა დიდი უმრავლესობა ისტორიული არქიტექტურის მიმართ ჯერ კიდევ საკმაოდ გულგრილად იყო განწყობილი და მისი სრული უგულებელყოფის მომხრენიც მრავლად ყოფილან. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული კონკურსის ჟიურიმ უპირატესობა იმ პროექტს მიენიჭა, რომელიც ინარჩუნებდა თბილისის მეცხრამეტე საუკუნის არქიტექტურისა და მუსიკალური ცხოვრების ძეგლს და უარყო პროექტები, რომლებიც 1896 წელს კ. შრეტერის მიერ ფსევდომავრულ სტილში აგებული შენობის ნაცვლად, თეატრის სრულიად ახალ, თანამედროვე არქიტექტურის ნაგებობას წარმოადგენდნენ. თეატრის რეკონსტრუქცია-განახლება 1977 წელს დამთავრდა იმ პროექტის მიხედვით (ავტ. არქ. ლ. მეძმარიაშვილი, მ. ჩაჩანიძე), რომელიც მიზნად ისახავდა შენარჩუნებულიყო თეატრის ტრადიციული არქიტექტურული სახე, წლების განმავლობაში მყარად ჩაწერილი რუსთაველის პროსპექტის არქიტექტურულ სტრუქტურაში და მოქალაქის ცნობიერებაში. (ილ. 11) რეკონსტრუქციის შედეგად თეატრმა შეინარჩუნა ტრადიციული იერი, როგორც ექსტერიერის,  ასევე, ინტერიერისა, მაყურებელთა დარბაზის გამოკლებით (რომელიც სრულიად ახალი აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნათა გათვალისწინებით), მოცულობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი შენობის ექსტერიერის არქიტექტურული მასების დამუშავების ტრადიციული გამოცდილების გამოყენებით; რიტმისა და ელემენტების მასშტაბის, ასევე, საფასადო სიბრტყის დამუშავების ხერხის შენარჩუნებით. არ არის დარღვეული ნაგებობის პირვანდელი მასშტაბური და არქიტექტურული შეთავსება ქუჩასთან. ძველი ოპერისაგან დარჩენილი ფოიე და ვესტიბიულები აღდგენილ იქნა პირვანდელი სახით და მათი დიდი ნაწილი მოხატულიც კი იყო ძველ ფოტომასალაზე დაყრდნობით. ახალი მაყურებელთა დარბაზი და მთელი სასცენო კომპლექსი აღიჭურვა უახლესი მოწყობილობით. (ილ. 12, 13) ტრაპეციული ფორმის დარბაზის ნაცვლად აიგო ნალისებური ოთხიარუსიანი დარბაზი 1100 მაყურებლისათვის. კონფიგურაციის შეცვლამ, გაბარიტების გაზრდამ და პორტალის გაფართოებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თეატრალური დადგმის პირობები, აღქმის და მოსმენის ხარისხი. ნაგებობის არქიტექტურული მთლიანობის მისაღწევად, შეძლებისდაგვარად მიახლოებული იყო „ძველ“ არქიტექტურასთან ინტერიერის გადაწყვეტაც, თუმცა, დეკორატიულ ელემენტებში აშკარად ეკლექტიზმი იკითხება.ბროშურა ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქციის შესახებ.
10.
11.
1213

არქიტექტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესი და გაზრდილი ყურადღება განსაკუთრებით მასშტაბურად „ძველი თბილისის“ უბნების რეგენერაცია-რეკონსტრუქციის პროცესის გააქტიურებაში გამოიხატა. მუშაობა დაიწყო 1978 წელს ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქციით (არქ. შ. ყავლაშვილი) და გაგრძელდა მტკვრის ორსავე ნაპირზე დაცვის ზონის ფარგლებში. ბარათაშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და გაცოცხლდა ძველი ნაგებობები ცხოველხატული აივნებით და კიბეებით. თანამედროვე ქალაქური მასშტაბის ქუჩაზე გამოჩენილმა ისტორიულმა განაშენიანებამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერიის არქიტექტურული იერი, სიმყუდროვე და ადამიანური მასშტაბი შესძინა მას. ბარათაშვილის ქუჩას მოჰყვა კვარტალი ანჩისხატის ირგვლივ (1981 წ. არქ. შ. ყავლაშვილი), გაიწმინდა და კეთილმოეწყო ძველი თბილისის არა ერთი ქუჩა და კვარტალი, შეკეთდა და აღდგენილ იქნა მრავალი ისტორიულად თუ მხატვრულად ღირებული ნაგებობა, რითიც თბილისის, როგორც ისტორიული ქალაქის მომხიბვლელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. (ილ. 14, 15, 16) ცალკეული საკულტო, საცხოვრებელი, საფორთიფიკაციო ნაგებობის პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს არქიტექტურული ანსამბლების, ქუჩების და მთელი ქალაქმშენებლობითი კომპლექსების აღსადგენად. ამ პერიოდში შესრულებულ სამუშაოთაგან აღსანიშნავია შარდენის ქუჩა (1981 წ. არქ. გ. ბათიაშვილი, ნ. გამსახურდია, დ. ჟღენტი, მ. ლეკვეიშვილი), გოგირდის აბანოების კვარტალი (1984 წ. არქ. მ. ბოკუჩავა, ა. დარბაიძე, მ. მამათელაშვილი, ა. მახარაძე, დ. მჭედლიძე, ი. ნამგალაძე, ა. პროზოროვა, ა. სოლომონიშვილი), ცალკეული სახლები ღვინისა და მეტეხის აღმართებზე (არქ. ვ. ორბელაძე, გ. ჯაფარიძე, გ. გოგრიჭიანი, ა. ტიხონოვი და სხვა).     ძველი უბნების გაცოცხლებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, აგრეთვე, სამომავლოდ გათვალისწინებულ მომსახურების ქსელის მოდერნიზაციას, ტექნიკურ აღჭურვას, კომუნალური, კულტურული და ტურიზმის ობიექტების ქსელის განვითარებას, ელემენტალურ კეთილმოწყობას. მაგრამ, ხშირად  რეკონსტრუქცია-რეგენერაციის ფაქიზი სამუშაოს შესრულება კამპანიურ ხასიათს ატარებდა, რის გამოც მას არა ერთი ხარვეზი ახლავს თან. რიგ შემთხვევაში დაირღვა ტრადიციული სივრცობლივი კავშირები და მასშტაბური წყობა, ბევრმა შენობამ გადაჭარბებული დეკორატიულ-ბუტაფორიული იერი შეიძინა. არცთუ იშვიათად ტურიზმის განვითარების ინტერესები წამყვანი ხდებოდა რეგენერაციის საქმეში, რამაც ზედმეტი, ძველი თბილისისათვის უჩვეულო პარადულობის დაღი დააჩნია ისტორიული კვარტალების იერს.კრებული „თბილისი“. გვ. 386უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტალღის შემდეგ ვითარება უფრო მშვიდად წარიმართა, გაჩნდა მეცნიერულად გააზრების და დასაბუთების აუცილებლობა სამუშაოს მეტად პროფესიული და წარმატებული ჩატარებისათვის. ისტორიულ ნაწილში მრავალი ახალი ნაგებობაც გაჩნდა, რაც სავსებით ბუნებრივი პროცესი იყო, თუმცა კი, ყველა მათგანი ორგანულად ვერ იყო შეთავსებული ამ უბნების სივრცობრივ და არქიტექტურულ გარემოსთან. ეს კი ამ რთული ამოცანის გადაწყვეტის პროფესიული გამოცდილების უქონლობითაც შეიძლება აიხსნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული ქალაქის რეგენერაციის პროცესს სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში დიდი შემეცნებითი ღირებულებაც ჰქონდა, რადგან მუშაობის პროცესში, არქიტექტორისათვის პრაქტიკულად ხელშესახები გახდა ტრადიციული ადამიანური გარემოს მახასიათებლები, სივრცისა და ფორმის ურთიერთობის კანონზომიერებანი, ძველი ანსამბლების მასშტაბური და მხატვრული მთლიანობის საიდუმლეობანი და მრავალი სხვა, რასაც უნდა გაემდიდრებინა ვრცელი საცხოვრებელი მასივების განაშენიანებაზე მომუშავე არქიტექტორების აზროვნების სალარო. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ პრობლემას არა ერთი სამეცნიერო გამოკვლევა მიეძღვნა ამ პერიოდში, არა ერთი მსურველი აღმოჩნდა ისტორიული გამოცდილების მეცნიერულად შემეცნებისა.
1415.
16.

XX საუკუნის სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლების არქიტექტურის დომინანტური ტენდენცია ყველაზე ნათლად  საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა არქიტექტურაშია გამოვლენილი. აღნიშნულ პერიოდში სერიულ პროდუქციასა და უნიკალურ ნაგებობათა შორის არსებული სხვაობაც ისეთი მკვეთრი და პრინციპული აღარ არის, როგორც სამოციან წლებში. საზოგადოებრივი ნაგებობები, უმთავრესად, წარმოდგენილნი არიან, როგორც დომინანტები თავის გარემოცვაში, თავისუფლად განთავსებულნი სივრცეში, მოცულობის პლასტიკის სრულად წარმოჩენით. ნაგებობები უფრო მოცულობითნი არიან, ვიდრე წინამორბედ ათწლეულში, თვით ფორმა მეტად მასიური, პლასტიკური ხდება, იზრდება ყრუ მოცულობით ფორმათა როლი, რომლებიც კონტრასტულად უპირისპირდებიან შემინულ ზედაპირებს. ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა და ხვედრითი წონა საკმაოდ შემცირდა წინა პერიოდთან შედარებით, დაიკარგა ბრტყელი შემინული ფასადების გრაფიკულობა, რაც, ხშირ შემთხვევაში, ანონიმურობას ანიჭებდა ნაგებობას. აღნიშნული ნიშნები შესაძლებელია, სრულიად განსხვავებული ტიპის და მხატვრული ღირებულების ნაგებობაში აღმოჩნდეს. თვალსაჩინო ხდება გამომსახველობის და ფორმის ორგანიზების ხერხების ძიება, ახალი სტრუქტურების შექმნის ტენდენცია, წინა პლანზეა წამოწეული გარემოსა და არქიტექტურის მთლიანობაში გააზრების ამოცანა.
ერთი ამ ნაგებობათაგანია საავტომობილო გზათა სამინისტროს საინჟინრო კორპუსი (ამჟ. საქართველოს ბანკის სათავო ოფისი), აგებული 1974 წელს (არქ. გ. ჩახავა, ზ. ჯალაღონია, გ. თხილავა, ა. კიმბერგი). (ილ. 17) ყურადღებას იმსხურებს არქიტექტურულ მასალათა გამჭვირვალე სივრცობრივი კომპოზიციის ორიგინალური შეთანხმება ციცაბო კლდოვან რელიეფთან. მძლავრ „პილონებზე“ მოთავსებული ურთიერთგადამკვეთი ჰორიზონტალური მასები, საკმაოდ მონუმენტურ და, ამავე დროს, დინამიკურ შთაბეჭდილებას ახდენენ.
17

ვერტიკალურ პილონებში საკომუნიკაციო საშუალებებია მოთავსებული, რომლებიც აკავშირებენ დაწესებულების სხვადასხვა მოცულობაში და სხვადასხვა დონეებზე განლაგებულ  ნაწილებს. არქიტექტორებმა მოახერხეს დიდი ქანობის მქონე ფერდობზე, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ ეშვება (ნიშნულების სხვაობა 33 მეტრს აღწევს), მათზე სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოცულობების საშუალებით გამოევლინათ რელიეფის ხასიათი და ჩაერთოთ არქიტექტურულ მთლიანობაში. გამწვანების აქტიური გამოყენება, გარკვეულწილად, ავსებს ჰორიზონტალური, ღიობებით დანაწევრებული მასების ძუნწ არქიტექტურულ დამუშავებას. საზოგადოდ, ავტორთა ყურადღება მოცულობათა კომპოზიციაზეა გამახვილებული. ცალკეული კომპონენტი კი მარტივი და „რიგითია“, როგორც ელემენტი გამომსახველი და თბილისისთვის მრავალი ნიშნით საინტერესო არქიტექტურისა. ეს ნიშნებია: - რთული რელიეფის გამოყენება, კომპოზიციის არაორდინარული დინამიკური ხასიათი, დონეთა სხვაობის და გადასასვლელთა სისტემის გამოყენება, გამწვანების ორგანული ჩართვა და სხვა, რაც ქმნის ნაგებობის დასამახსოვრებელ და უჩვეულო სახეს.
1976-1977 წლებში თავისუფლების და რუსთაველის პროსპექტის შესაყართან აშენდა ცენტრალური უნივერმაღის შენობა, მასთან შეთავსებული მეტროპოლიტენის სადგურით (არქ. რ. ბაიარამაშვილი, ჯ. გორდეზიანი, დ. მორბედაძე). (ილ. 18) და ამავე კომპლექსში გაერთიანებულია გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრი, რომელიც ძველი თეატრის ადგილზე აშენდა (არქ. რ. ბაირამაშვილი, ლ. მეძმარიაშვილი, დ. მორბედაძე). სხვადსხვა დანიშნულების ობიექტების თავმოყრა ერთ კომპლექსში სამოცდაათიანი წლების არქიტექტურის ერთი დამახასიათებელი ნიშანთაგანია. კომპლექსის ნაწილები ფუნქციურად სრულიად დამოუკიდებელია, მაგრამ მათი არქიტექტურული კომპოზიცია და მხატვრული სახე მთლიანია და კარგად შეხამებული რუსთაველის პროსპექტის ამ მონაკვეთის მსხვილ დედაქალაქურ მასშტაბთან. არქიტექტურული ფორმები სადა და თავშეკავებულია, მაგრამ საკმაოდ წონადი და მონუმენტური. მაღალ კოლონებზე მოთავსებული უნივერმაღის ყრუ მოცულობა სტატიკურია, ასევე მშვიდია კოლონადის მიღმა შიდა ეზოს ინტერიერი. ეზოს სიღრმეში თეატრში შესასვლელია მოთავსებული, კომპოზიციის სიმეტრიის ღერძზე ცხოველხატული მინის ვიტრაჟის ფონზე. გახსნილი კოლონადის და შიდა ეზოს მოწყობა საინტერესო გადაწყვეტად უნდა ჩაითვალოს, როგორც პროსპექტის ამ მონაკვეთის სივრცობრივი გამდიდრებისათვის, ასევე, თვით კომპოზიციის გამომსახველობისთვის. საგულისხმოა, რომ პერიმეტრულად განაშენიანებული ქუჩის ზომიერი გახსნა და ქუჩის ინტერიერის სივრცობრივი ელემენტებით გამდიდრება შეიძლება რუსთაველის პროსპექტისათვის ტრადიციულ და კარგად მიგნებულ ხერხადაც ჩაითვალოს, თუ გავიხსენებთ მთავრობის სასახლისა და საქნახშირის სახლის სივრცობრივ-გეგმარებით კომპოზიციას.
18

სრულიად განსხვავებული მახასიათებლები აქვს დინამოს ახალ სტადიონს, რომელიც აიგო 1976 წელს (არქ. ა. ქურდიანი, გ. ქურდიანი, კონსტრ. შ. გაზაშვილი). (ილ. 19, 20) სტადიონი აგებულია თანამედროვე სპორტულ ნაგებობათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და განკუთვნილია 75000 მაყურებლისათვის. დასანანია, რომ მის მშენებლობას შეეწირა ქართული არქიტექტურის 1930-იანი წლების თვალსაჩინო ძეგლი - დინამოს სტადიონი - თვით. ა. ქურდიანის საუკეთესო ქმნილება, რომელიც თავისი გაბარიტებით და ტევადობით საკმარისი არ აღმოჩნდა სამოცდაათიან წლებში. მისი რეკონსტრუქცია იმის გამო მოხდა, რომ ამ პერიოდში საკავშირო ცკ-ს და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით აკრძალული იყო ახალი სპორტული და კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობა. ჩვენში, ეს ნაგებობა, არქიტექტურაში რკინაბეტონის გამოყენების საუკეთესო მაგალითია, ამავე დროს, გაბედული კონსტრუქციული გადაწყვეტის და სპორტული დანიშნულების ნაგებობის გამომსახველი არქიტექტურის ნიმუში. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კონსტრუქციის როლი არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.  რკინა-ბეტონის მძლავრ პილონებზე აღმართულია სამი იარუსი ტრიბუნებისა, განლაგებული ასევე მძლავრ კონსოლებზე და გადახურული 29 მეტრზე გამოწეული კონსოლური სახურავით, რაც ტრადიციულ ოვალურ ნაგებობას გამომსახველ პლასტიკას და ინდივიდუალურობას ანიჭებს. ამ მონუმენტურ,  ქალაქმშენებლობით გარემოცვაში გაბატონებულ ნაგებობას, რომელიც თბილისის მაღალ ნიშნულებზე მდებარე ნებისმიერი წერტილიდან მძლავრ და საინტერესო არქიტექტურულ აქცენტად იკითხება, ასევე განსაკუთრებით საინტერესო და ესთეტიკურად მიმზიდველი ინტერიერი აქვს.
1920

1980 წელს დამთავრდა ტელეგრაფის ახალი შენობა (არქ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, თ. მიქაშავიძე, ინჟ. გ. მებუკე). (ილ. 21) შენობის კომპოზიცია კუბის ლაკონიური არქიტექტურაა, ოთხ მხრივ შემოსაზღვრული ანალოგიური ფასადებით. მკაცრი, შეკრული კომპოზიცია სიმეტრიულობით, ფასადთა დანაწევრების თანაბარი რიტმით და პროპორციული წყობით ნეოკლასიციზმთან უფრო ამჟღავნებს მსგავსებას, მაგრამ, ამავე დროს, დახვეწილი პროფესიული ოსტატობით დამუშავებული მოცულობითი ფორმები ფასადების არქიტექტურისა, მძლავრი პილონები, გარკვეულწილად, ბრუტალურია და ამ მიმართულებით იწვევს ასოციაციებს. სტატიკურ, მონუმენტურ ნაგებობას სოლიდურობას მატებს ბოლნისის ტუფით მოპირკეთება. ნაგებობა რამდენადმე „ამოვარდნილია“ გარემომცველი ქუჩების განაშენიანების მასშტაბიდან, ამავე დროს, საკმაოდ ხისტად დგას პროსპექტზე და სრულებით არ ამჟღავნებს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-სთან ან რესპუბლიკის მოედნის არქიტექტურულ ანსამბლში „ყოფნის“ სურვილს.
21

გურამიშვილის ქუჩის და ვაჟა-ფშაველას პროსპექტის გადაკვეთაზე შექმნილი მომცრო მოედნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში სამოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში (1977) დასრულდა სოფლის მშენებლობის სამინისტროს ლაბორატორიული კორპუსი (არქ. რ. ბაირამაშვილი, ლ. მეძმარიაშვილი, ი. ყავლაშვილი).(ილ. 22) იგი, გეგმარების თვალსაზრისით, მოხერხებულად არის განთავსებული არსებულ გარემოში, და პროსპექტის სივრცეში საკმაოდ შორი მანძილებიდან დომინანტად იკითხება. სტატიკურობა მისი საერთო იერისა კარგად არის შეხამებული თავშეკავებულ გადაწყვეტასთან და ფასადების სისადავესთან. აქაც კოშკურა 18 სართულიანი ნაგებობის ფასადები იდენტურია და თანაბრად დანაწევრებულია ვერტიკალური, სამკუთხა, მოცულობითი პილონებით. მართკუთხა ნაგებობა ამ პილონებისავე რკალების გვირგვინით მთავრდება. შუქ-ჩრდილით ზომიერად მოდელირებული ნაგებობა მნიშვნელოვნად აცოცხლებს პროსპექტის განაშენიანების ერთფეროვან პერსპექტივას, თუმცა, შესაძლოა, მისი არქიტექტურული თემა მეტ სიმაღლესაც მოითხოვს.
22

ასეთივე მაღლივი აქცენტით გაამდიდრა თბილისის პანორამა პროფკავშირების სასახლის შენობამ, (ამჟ. თბილისის მერიის შენობა) რომელიც განთავსებულია სააკაძის მოედნის კუთხეში, ანაგის ქუჩის გასწვრივ და გადაჰყურებს მის ქვემოთ მდებარე გოთუას ქუჩას, საბურთალოს ხიდს და დიდუბის პანორამას (შ. დავითაშვილი, თ. ნაცვლიშვილი, მ. ლორთქიფანიძე). (ილ. 23) აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დროს მიმდინარეობს სააკაძის მოედნის ფორმირება და მისი დასავლეთი ფრონტის განაშენიანება საცხოვრებელი სახლებით. მოედნის ჩრდილოეთ მხარეს განთავსებული ნაგებობის მოცულობა სწორკუთხა პარალელეპიპედია, პერიმეტრის ხაზით უმნიშვნელოდ შეტეხილი ვიწრო, მოედნისკენ და ანაგის ქუჩისკენ მიქცეული ფასადებით, რომელთა გამოწეული ნაწილები ყრუ ვერტიკალურ სიბრტყეებს წარმოადგენს და მოხდენილად ერწყმის გრძივი ფასადების აივნების ჰორიზონტალურ სარტყლებს. ნაგებობა 22 სართულიანია. თუმცა აქაც, როგორც სოფლის მშენებლობის სამინისტროს ნაგებობის შემთხვევაში, საერთო არქიტექტურული გადაწყვეტა საკმაოდ სადა და თავშეკავებულია. ავტორები ძუნწი ხერხებით მაინც ახერხებენ ამ ნაგებობის არქიტექტურულ კონტექსტში მოხერხებულად ჩაწერას, მოძრაობის ნაკადების მიმართულებით განვითარებული გრძივი, ზომიერად დინამიკური ზოლების და ყრუ სიბრტყეების მონაცვლეობით, რომლებიც ამ საკვანძო ადგილის სიმყარეს და მნიშვნელოვანებას უსვამს ხაზს.
23

თანდათანობით ქალაქის ცენტრალური ნაწილის სტრუქტურაში შემოდის ახალი მასშტაბი. ამის ერთ-ერთი მეტყველი მაგალითია  ყოფილი ცენტრალური კომიტეტის შენობა, მდებარე ძერჟინსკის ქუჩაზე (ამჟ. პ. ინგოროყვას ქუჩა), პიონერთა სასახლის (ამჟ. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე) პარკის საზღვარზე, რომელიც ძველ უბანში მნიშვნელოვანი ნგრევის შედეგად აიგო 1981 წელს (არქ. ვ. აბრამიშვილი, გ. მირიანაშვილი, ლ. ჯანდიერი). მიუხედავად იმისა, რომ გენერალური გეგმით ნავარაუდევი იყო პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრის მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ცენტრალურ ზონაში გადატანა, ცხოვრებამ და დამკვეთის ნებამ ახალი ნაგებობა კვლავ უკვე არსებულ პოლიტიკურ ცენტრში განათავსა. ადგილი, რომელიც დაიკავა ახალმა მონუმენტურმა ნაგებობამ, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილთაგანია მშენებლობისათვის, ვინაიდან იგი მთაწმინდის კალთების ფონზე იკითხება და ქალაქის თითქმის ყველა მხრიდან აღიქმება. (ილ. 24) ამით ამოცანა ძალზე რთულდებოდა, მაგრამ ავტორებმა მოახერხეს, რთულ ქალაქგეგმარებით გარემოცვაში თითქმის დასაშვების ზღვარზე აეგოთ 12 სართულიანი ნაგებობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ქალაქთმშენებლობითი აქცენტის როლი იკისრა და საკმაოდ მოხერხებულად ჩაეწერა პანორამაში. მშენებლობისთვის გამოყოფილი ნაკვეთი მცირე გარემოცვით შეზღუდული იყო. ამ გარემოებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა შენობის მოცულობითი კომპოზიციის ჩამოყალიბებაში. ნაგებობა შედგება ორი ძირითადი მაღლივი და ორსართულიანი, ძერჟინსკის ქუჩის გასწვრივ განვითარებული მოცულობისგან. ორსართულიან ნაწილში განთავსებულია კონფერენცდარბაზი, ხოლო, მაღლივ ორსაფეხურიან კოშკურა ნაწილში - აპარატის სამუშაო ოთახები. ფუნქციურად ნაგებობა გადაწყვეტილია მაღალხარისხოვნად. კომპოზიცია კომპაქტური და გაწონასწორებულია, არქიტექტურული სახე ასეთი მნიშვნელობის დაწესებულებისა, კარგად მონახული და გამომსახველია. ძირითადი მაღლივი ნაწილი შედგება ორი, ოდნავ ერთმანეთს აცდენილი, 8 და 12 სართულიანი პარალელეპიპედისაგან, რომელთა ფასადებს, ისევე, როგორც მათ დამაგვირგვინებელ ფრიზს, ზომიერი პლასტიკური მოდელირება ახასიათებს. ღრმად განლაგებული თანაბარი სწორკუთხა სარკმლების და მოცულობითი, ვერტიკალური, ანოდირებული თითბერით ხაზგასმული ზოლების მონაცვლეობა მშვიდ რიტმს ქმნის, რასაც მხატვრული თვალსაზრისით, პროპორციულად კარგად მონახული კედლის ყრუ ვერტიკალური სიბრტყეები უწყობს ხელს. ნაგებობა მოპირკეთებულია ოქროსფერი ბოლნისის ტუფით, რომელიც თბილისის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში ძალზე მომგებიანად ჟღერს.
24

ნაგებობის მშენებლობა ესოდენ მჭიდროდ გაშენებულ დაბალსართულიან უბანში თავიდან სერიოზულ ეჭვს იწვევდა, მაგრამ დროის განმავლობაში ამ სოლიდურმა საქმიანმა დაწესებულებამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა თავისი დროის არქიტექტურაში.
ქალაქის ცენტრში, 1983-1984 წლებში აიგო კიდევ ერთი შენობა, რომელმაც თავიდანვე მიიქცია ყურადღება ქალაქმშენებლობითი ამოცანის მოხერხებული გადაწყვეტით და საინტერესო არქიტექტურული კომპოზიციით (არქ. ლ. ბოკერია). ნაგებობაში განთავსებულია მშენ.ბანკის და საგეგმო კომიტეტის ლაბორატორიული ნაწილი. თერთმეტსართულიანი ნაგებობა, უკეთ რომ ვთქვათ, კომპლექსი, რამდენიმე კომპაქტურად განლაგებული ნაწილისგან შედგება და მდებარეობს ჯორჯიაშვილის ქუჩაზე (ამჟ. გ. ჭანტურიას ქუჩა) ყოფ. კომუნარების ბაღის (ამჟ. 9 აპრილის ბაღი) მოპირდაპირე კუთხეში. შენობა ნაკვეთის სიღრმეშია აღმართული, ქუჩის წითელ ხაზს კი უკავშირდება ვრცელი ტერასით და ფართო კიბეების სისტემით. გეგმარებითი განთავსების მოხერხებული და საინტერესო მიგნების მეშვეობით ნაგებობა კარგად ეწერება ქუჩის კონტექსტში, არ ძაბავს სივრცობრივ გარემოს და პოდიუმზე შემდგარი, შთამბეჭდავი მონუმენტურობით წარმოსდგება ქალაქთმშენებლობით გარემოცვაში, თუმცა, მისი არქიტექტურული პლასტიკა, დამყარებული ვერტიკალური კედლის ზოლებისა და ერკერების მონაცვლეობაზე, არ არის ისეთი წონადი, როგორც ტელეგრაფისა ან ცეკას შენობისა; ამავე დროს, მას, გარკვეულწილად, აკლია საქმიანი დაწესებულების მახასიათებელი სოლიდურობა.
რკინიგზის სადგურის ნაგებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ოთხმოციან წლებში აგებულ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა შორის თავისი ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურულ-გეგმარებითი ღირებულებით. (ილ. 25) პროექტირებას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ის 1960-იან წლებში დაიწყო არსებული ვაგზლის შენობის რეკონსტრუქციის მოთხოვნით. დამუშავდა მრავალი ვარიანტი, ნაწილობრივ შეიცვალა ავტორთა შემადგენლობაც და ბოლოს აიგო ქალაქის ეს უმნიშვნელოვანესი ნაგებობა, რომელიც თავისი მასშტაბური გადაწყვეტით მონუმენტურ-ბრუტალური პლასტიკით და მთლიანობით აღიმართა სადგურის ქუჩის პერსპექტივში, მოედნის აღმოსავლეთ მხარეს. საგულისხმოა, რომ ავტორებმა, რომლებმაც ნაგებობის პროექტთან ერთად მოედნის ქალაქმშენებლობითი განვითარების და კეთილმოწყობის პროექტიც დაამუშავეს, ამ რთული ამოცანის საფუძვლიანად გააზრებული გადაწყვეტა მიიღეს (არქ. რ. ბაირამაშვილი, შ. ყავლაშვილი, ა. ჯიბლაძე, გ. შავდია), მოხერხებულად გამოიყენეს მოედნის და პერონის მდებარეობის სიმაღლეთა სხვაობა და შექმნეს მოძრავი, ცოცხალი გარემო მსხვილმასშტაბიანი, ფიზიკური გაბარიტებით დიდი შენობისათვის. შიდა და გარე კომპოზიციის რთულ ელემენტთა - გადასასვლელების, ღია და დახშული სივრცეების, კიბეების და პანდუსების, შემინული გალერეების და ყრუ ბრუტალური მასების გაერთიანება ხდება ნაგებობის ვრცელი, პლასტიკური, ღარებით დანაწევრებული, მნიშვნელოვნად ფასადის წინ გამოწეული, ჰორიზონტალური ფილა-კარნიზით, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს შენობას და ექსტერიერის მოძრავ ნაწილად აქცევს მის ქვეშ მოქცეულ სატრანსპორტო მოძრაობის ზედა ზოლს.
25

განსახილველი პერიოდის დამახასიათებელ სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების ნაგებობათა შორის, მათი საზოგადოებრივი მნიშვნელობის და არქიტექტურულ თავისებურებათა ღირებულების გამო არ შეიძლება გვერდი ავუაროთ, აგრეთვე, ფიზიოლოგიის ინსტიტუტს, რიტუალების სასახლეს, სიმფონიური მუსიკის დარბაზს
სიმფონიური მუსიკის დარბაზი, რომელმაც ფუნქციონირება 1980 წელს დაიწყო, საყურადღებოა, როგორც შინაარსის სპეციფიკით, ასევე, არქიტექტურული გადაწყვეტით. იგი აშენდა პლეხანოვის პროსპექტზე (ამჟ. დავით აღმაშენებლის პროსპექტი) კინო თეატრ „ამირანის“, ყოფილი კინო თეატრი „პალასი“-ს ადგილზე (არქ. ლ. მეძმარიაშვილი, მ. ჩაჩანიძე. კონსტრ. შ. გაზაშვილი, კონსულტანტი აკუსტიკის საკითხებში აკად. ჰ. ორუვეე, სკულპტ. ა. მონასელიძე, განათების დიზაინერი ნ. ერგემლიძე). საკონცერტო დარბაზი ზემოთ განხილულ ნაგებობათა მსგავსად, ვიზუალურად ვრცელი არეების მომცველი დომინანტი არ არის, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც კულტურული ცენტრის ერთი მთავარი კომპონენტი. ხსენებული ცენტრის ჩამოყალიბების იდეა კი ავტორებს ნაგებობის დაპროექტების პროცესში დაებადათ, ვინაიდან მის უშუალო სიახლოვეს განლაგებული კულტურული დაწესებულებები და ფილარმონიის ბაღი ამ ცენტრის ფორმირების რეალურ საფუძველს ქმნიდნენ. ეს პროექტი ჯერ მხოლოდ ნაწილობრივაა განხორციელებული.ნაშრომი შესრულებულია 1988-1992 წლებში და ასახავს იმჟამინდელ მდგომარეობასრაც მთავარია, გახსნილია ვრცელი ესპლანადა პროსპექტსა და განახლებულ ბაღს შორის, რითაც ქუჩის საკმაოდ დატვირთულმა ინტერიერმა „ამოსუნთქვის“ საშუალება და სივრცობრივი მრავალპლანიანობა მიიღო. თავად ნაგებობა შექმნილია სიმფონიური და კამერული ორკესტრების, კაპელის და ორგანის საშემსრულებლო და სარეპეტიციო ფუნქციონირების ოპტიმალური პირობების გათვალისწინებით. მისი გეგმარებითი და სივრცობრივი კომპოზიცია სიმეტრიული და იოლად აღსაქმელია - ნაკვეთის სიღრმეში წაგრძელებული მართკუთხედი შედგება გრძივ ღერძზე ფუნქციური პროგრამის შესაბამისად მიმდევრობით აკინძული სათავსოებისაგან, რომელთა შორის გამოირჩევა, საკუთრივ, საკონცერტო დარბაზი აბსოლუტური ზომებით და მისკენ - სამსახიობო, სარეკრეაციო თუ სხვა კომპონენტთა „მისწრაფებით“. ახალი ნაგებობის სტრუქტურაში ჩართულია ძველი კინო „პალასის“ იმ დროისთვის შემორჩენილი მოხატული ფოიე და პირველი სართულის ვესტიბიული - მოდერნული არქიტექტურის მეტყველი ნიმუში, რაც აზრობრივად ამდიდრებს მას და აკავშირებს პროსპექტის განაშენიანების ისტორიულ გარემოსთან. ნაგებობა მოხერხებულად არის ჩაწერილი პროსპექტის ინტერიერში, როგორც მასშტაბით, ასევე, სადა, ლაკონიური ფასადების არქიტექტურით, რომელთა გადაწყვეტაში წამყვანია კედლის თემა. პროსპექტის მხრიდან, პირველ სართულზე, მოცულობა გახსნილია ავანვესტიბიულით და მის ზემოთ მოთავსებული გრძელი ლოჯიით, ხოლო გვერდითი ფასადის კუთხე აქცენტირებულია ღრმა ლუნეტში მოთავსებული ბრინჯაოს დეკორატიული ტონდოთი, რითაც დაფიქსირებულია ნაგებობის ორიენტაცია მიმდებარე კვარტალისკენ, რომელიც სამომავლოდ ერთიან კულტურულ ცენტრად მოიაზრება.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, საკუთრივ, საკონცერტო დარბაზი, რომელიც იმ ტიპის დარბაზებს განეკუთვნება, სადაც მსმენელი და მუსიკოსი ერთ მთლიან სივრცეშია მოქცეული, სცენა ყოველი მხრიდან მსმენელთა გარემოცვაშია. (ილ. 26) ორიგინალური ფორმის, აზიდული პროპორციების მქონე დარბაზის ინტერიერის ელეგანტური იერი მყარად არის ჩაწერილი მის სპეციფიკურ კონტექსტში და შექმნილია მხატვრულ ამოცანათა და აკუსტიკურ მოთხოვნათა ერთიანობის პრინციპით. დარბაზის არქიტექტურა დაფუძნებულია არქიტექტურულ ფორმათა პლასტიკურ-დეკორაციულ გადაწყვეტაზე. ჭერის, დიდი მრგვალი პლაფონის, კედლების, იარუსის და ლოჟის ზღუდეების რელიეფურობა ადამიანის თანაზომიერ მასშტაბს ანიჭებს ვრცელ სივრცეს და, ამავე დროს, აკუსტიკურ აუცილებლობასაც ემსახურება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აგრეთვე, ინტერიერის არქიტექტურული სახის გამომსახველობის შექმნაში ამფითეატრული გადაწყვეტა, ფერი და განათების სისტემა.
26

სივრცის ორგანიზების საინტერესოდ გადაწყვეტით, ფორმათა ზომიერი პლასტიკით, დიდი სკულპტურული პანოს არქიტექტურულ გარემოსთან ორგანულად შეთავსებით ინტერესს იწვევს, აგრეთვე, საზეიმო „კიბე-ფოიე“ დარბაზის წინ.
სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლების არქიტექტურის ერთ-ერთი, შესაძლოა, ყველაზე დამახასიათებელი ნაგებობაა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ახალი კორპუსი, ამავე დროს, ერთ-ერთი საუკეთესო თავისი მხატვრული ღირსებით, რომლის არქიტექტურაში კარგადაა შეთავსებული პლასტიკური სიმდიდრე და ზომიერი თავშეკავებულობა, შუქ-ჩრდილის თამაში და ფერადოვნება. (ილ. 27) ნაგებობა დასრულებულია 1986 წელს (არქ. ვ. გელაშვილი, თ. თოდრაძე, დ. კოსტოვი, დ. თევდორაძე. კონსტრ. ო. ფანოზაშვილი). იგი მდებარეობს რიგით განაშენიანებაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გოთუას ქუჩაზე. ფაქტობრივად, უნდა მომხდარიყო ამ ადგილას მდებარე ფიზიოლოგიის ინსტიტუტის გაფართოება-რეკონსტრუქცია, მაგრამ ქალაქმა სრულიად ახალი ინდივიდუალური არქიტექტურა მიიღო. ნაგებობა უმნიშვნელოდ სჭარბობს სიმაღლით მის მიმდებარე განაშენიანებას, მაგრამ მთლიანი, მძლავრი სხეულით და ჟღერადი პლასტიკით გაბატონებულია საკმაოდ ვრცელ გარემოცვაში. მის ვერტიკალურად აზიდულ მასებში, მოძრავ საფეხურებრივ განვითარებაში შეკავებული ენერგია მუშაობს და ამიტომ, ერთი შეხედვით მძიმე ნაგებობა მოძრავის და ცოცხლის შთაბეჭდილებას ტოვებს. გეომეტრიულ ფორმათა პლასტიკა თვალსაჩინო ხდება ფერადოვანი გრადაციის ხერხის გამოყენებით. საზოგადოდ, ამგვარი მოხდენილი გამოყენება ფერისა თანამედროვე არქიტექტურულ კომპოზიციაში, ამ დროისათვის სრულიად ორიგინალურია თბილისში. ინტერიერები უხვადაა განათებული, მაგრამ განათების წყარო - შემინული ზედაპირების ვერტიკალური ზოლები ისეა განთავსებული ყრუ სიბრტყეებს შორის, რომ მას საკმაოდ მოკრძალებული როლი ეთმობა ექსტერიერის საერთო მასაში. არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად გამოყენებულია კიბის უჯრედები, მოთავსებული გარეთ გამოტანილ კოშკურებში. ნაგებობის სწორკუთხა ფორმებს დინამიკურობას ანიჭებს კოშკურის ირიბი ზოლები, მით უფრო, რომ ისინი ფერით მკვეთრად არის გამოყოფილი. შენობის არქიტექტურა ამერიკის არქიტექტურის მეორე თაობის არქიტექტორთა ნაგებობების გარკვეულ ასოციაციებს იწვევს, თუმცა, რაიმე კონკრეტულ ანალოგიებზე ლაპარაკი ზედმეტია.
27

ამ პერიოდის ნაგებობათა შორის რიტუალების სასახლე გამორჩეულია (ავტ. არქ. ვ. ჯორბენაძე, ვ. ორბელაძე) (ილ. 28, 29) არქიტექტურის ინდივიდუალობით და გამომსახველობით, თბილისის განაშენიანებისგან განსხვავებული მრუდხაზოვანი, სპირალურად ზემოთ მიმართული პლასტიკური ფორმებით, მთლიანი, მოძრავი, საზეიმო შიდა სივრცით. აქ აშკარად იგრძნობა მისწრაფება მონუმენტურობისა და ნაგებობის საზოგადოებრივი მნიშვნელობის განსაკუთრებულობისაკენ. თავდაპირველად, ნაგებობის მშენებლობა ვაკის პარკში იყო განსაზღვრული და პროექტიც ამ გარემოცვის გათვალისწინებით დამუშავდა, მაგრამ, საბოლოოდ, იგი ბოჭორმის ქუჩაზე აშენდა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობით გამორჩეულ მაღლობზე, რომელსაც ვიზუალური აღქმის მრავალი შორეული და ახლო მანძილით დაშორებული წერტილი აქვს. ნაგებობას პრინციპული ცვლილება არ განუცდია, თუმცა შეიცვალა ცოკოლის სართული, რელიეფის თავისებურების გამო გაჩნდა მაღალი საყრდენი კედელი მთავარი შესასვლელის მხრიდან, რაც სკულპტურული ნაგებობის ერთგვარ პიედესტალადაც იკითხება. ამან რამდენადმე დაამძიმა ნაგებობის ქვედა ნაწილი, მაგრამ, ამასთან ერთად, მას დომინანტური მდებარეობის შესატყვისი რეპრეზენტაციულობა შესძინა, მიუხედავად არქიტექტურული ფორმების შესამჩნევი დაწვრილმანებულობისა. ეს უკანასკნელი გარემოება რიტუალების სასახლეს რამდენადმე მცირე არქიტექტურული ფორმის იერს აძლევს, რაც უდაოდ მისი პირვანდელი გარემოცვის გამოძახილიცაა.
2829

არქიტექტურული მასები ისევე, როგორც ნაგებობის გეგმები, სრულ ფუნქციურ და მხატვრულ თანხმობაშია. მათი ესთეტიკური მახასიათებელია მრუდხაზოვნება, რბილი პლასტიკა, დინამიკურობა და დენადობის საკმაოდ ზომიერი ხასიათი. ნაგებობას ორმხრივი ფასადი აქვს, მაგრამ შესასვლელის თავზე აღმართული კოშკით, ძირითადად, მაინც მტკვრის სივრცისკენ მიმართული მთავარი ფასადია აქცენტირებული. არქიტექტურულ მასათა ვერტიკალური ღერძის მიმართ სიმეტრიულად განთავსებული, წრიულად მბრუნავი ხაზები რბილად გადადის ვერტიკალურ პილონებში და მიისწრაფვის ზემოთ, ასევეა ცენტრალურ სარიტუალო დარბაზში, სადაც დინამიკური შიდა სივრცის ყველა მოძრაობა მიმართულია ე. წ. „საკურთხევლისაკენ“, რომელთანაც მთავრდება სარიტუალო პროცესია. საინტერესოა, მრუდხაზოვანი კიბეების რთული სისტემით შენობის ინტერიერში დონეების, დიდი და მცირე სივრცეების გათამაშება. აქ დეტალური ანალიზი შეუძლებელია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მთელი არქიტექტურული კომპოზიცია დაფუძნებულია რიტუალური პროცესის თავისებურების სრულად გააზრებაზე, მისი საკაცობრიო არსის წვდომაზე, ამ რიტუალებთან დაკავშირებულ რთულ სიმბოლიკაზე. იდეის გამომსახველობას ეხმაურება დეკორატიულ ელემენტთა სიუხვე და თავისებური ინტერპრეტაცია, როგორც ექსტერიერში, ასევე, ინტერიერის დამუშავებაში. ეს ნაგებობა ჩვენში ერთადერთი გამოძახილია ამ პერიოდის მოდური, მაგრამ უცხოეთშიც არც თუ ფართოდ გავრცელებული არქიტექტურული მიმდინარეობისა, რომელიც პოსტმოდერნიზმის სახელით არის ცნობილი. იგი ერთადერთია, რომელიც მიახლოებულია პოსტმოდერნიზმის  პრინციპთან, თუმცა, ამ მიმდინარეობის დამახასიათებელი ზოგიერთი მზა ფორმა, ამ ბოლო წლებში, უხვად გამოიყენება ჩვენში, როგორც მცირე დროებით ნაგებობებში, ასევე, უფრო სოლიდურ არქიტექტურაში. რიტუალების სასახლის არქიტექტურაში განსაკუთრებული ჟღერადობა ენიჭება ამ მიმართულების დამახასიათებელ რეპლიკებს სხვადსხვა დროის არქიტექტურიდან, სიმბოლოთა და ფორმათა მრავალმნიშვნელოვნებას, შეგნებულად გაუცნაურებულ და დეფორმირებულ ელემენტებს, იდეის გამძაფრებულ გამომსახველობას. კლასიცისტური კოლონები და ბაროკული კიბეები აქ თავისუფლად თანაარსებობს განგებ დეფორმირებულ და სიბრტყობრივად მოდელირებულ ტრადიციულ „გვირგვინთან“. ამგვარი მაგალითი უამრავია, როგორც ინტერიერში, ასევე, გარე ფორმებში, თუნდაც, ავიღოთ „სამრეკლოს“ კომპოზიციაში საცნობი მსუბუქი მინიშნების მაგალითი ოლბრიხის საქორწინო კოშკზე და მრავალი სხვა, დაკავშირებული როგორც დასავლეთის, ასევე, 1920-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურულ კონკურსებთან.
30
31

ზემოთ აღნიშნულ, ამ პერიოდის დამახასიათებელ ტენდეციათა წარმოსაჩენად შესაძლოა, მოტანილ იქნეს კიდევ არა ერთი მაგალითი სრულიად სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისა, როგორიცაა, თუნდაც, კრწანისის რაიონის ცენტრში განლაგებული ნაგებობები იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურისა, საავადმყოფო ქავთარაძის ქუჩაზე, ბავშვთა სამყარო სადგურის მოედანზე, უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კორპუსი, ტურბაზა ვაკის რაიონში, „დინამოს“ სავარჯიშო ბაზა დიღომში, რესპუბლიკური სპეც. სკოლა-ინტერნატი სმენადაქვეითებულ ბავშვთათვის. (ილ. 30, 31) ასევე, სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში მრავალი პროექტია დარჩენილი გამოფენების კუთვნილებად და განუხორციელებელი აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში თვალნათლივ ჩანს ქართული არქიტექტურის მსოფლიო არქიტექტურაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვის სურვილი. ე.წ. „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფი სამყარო ენერგიულად შემოიჭრა საბჭოთა არქიტექტურაში და თუ მისი გავრცელება რამდენადმე შეზღუდული იყო 1950-იანის ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში, განსახილველ პერიოდში სრულიად თავისუფლად გახდა შესაძლებელი ინფორმაციით სარგებლობა. თუ რა სწრაფად შეივსო ინფორმაციული ვაკუუმი, ამისათვის არქიტექტურული ჟურნალების ერთი თვალის გადავლებაც კმარა. ხშირია ამ ინფორმაციით მექანიკური, გაუზრებელი სარგებლობა, მაგრამ სათანადო პროფესიული კულტურის მქონე ოსტატები მაინც ახერხებენ თავისუფალ შემოქმედებით პროცესში მის რაციონალურ გამოყენებას.სტატიის ციფრული ვერსიის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სტაჟიორს სალომე ბუკიას

ნაშრომი შესრულებულია 1988-1992 წწ.-ში.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.    А.В. Бунин, Т. Насиваренская. История градостроительного искусства. т. II. М., 1979
2.    ჯანბერიძე ნ. ქართული საბჭოთა არქიტექტურა. თბ., 1971
3.    ვ. ბერიძე, ნ. ასათიანი.  კრებული „თბილისი“. თბილისის არქიტექტურა. თბ., 1971
4.    Н. Мгалоблишвили. Архитектура Советской Грузии. М., 1986
5.    Т. Квирквелия. Архитектура Тбилиси. М., 1985
6.    Б. Мирианашвили. Развитие общественного центра г. Тбилиси. М., 1975
7.    ნ. ასათიანი. 1960-იანი 70-იანი წლების ქალაქთმშენებლობა. www. georgianart.ge, 2015
8.    კრებული - Новое в архитектуре. М., 1987
9.    А. Иконников. Функция, Форма, Образ. М., 1986
10.    М. Бархин. Архитектура и Город. М., 1979
11.    М. Бархин. Город. Структура и Композиция. М., 1986
12.    М. Бархин. Архитектура и Человек. М., 1979
13.    А. Иконников. Архитектура США. М., 1979
14.    ჟურნ. Architectura # 3, 1976
15.    ჟურნ. Архитектура СССР. № 6, 1960
16.    ჟურნ. Архитектура СССР. № 3-4,1990
17.    ჟურნ. Архитектура СССР. 1970-1980
18.    ქალაქ თბილისის „თბილქალაქპროექტის“ არქივის მასალები, პროექტები, დოკუმენტები.
19.    საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დოკუმენტები.

ილუსტრაციები:
Т.Р. Квирквелия, Н.М. Мгалоблишвили, Архитектура советской Грузии. М., 1986
https://ka.wikipedia.org/
http://argumenti.ge/sazogadoeba/1853--.html
https://ka.wikipedia.org/wiki/
http://liberali.ge/articles/view/22689/
http://www.wikiwand.com/ka/
http://www.gurianews.com/_/left_wide/35383_71_ka/rogor_gamoiyureba_ganaxlebuli_
https://www.panoramio.com/user/5449373?photo_page=73
https://ka.wikipedia.org/wiki/
http://www.kakhidzemusiccenter.com/?lan=1&pg=st&st=1
http://bankofgeorgia.ge/ge/bank/hq/headquarters
http://liberali.ge/news/view/22689/vardebis-moedans-shesadzloa-kvlav-respublikis-moedani-daarqvan
http://www.radiotavisupleba.ge/a/giorgadzes-dachera-mkholod-sakartveloshi-emukreba/27871352.html

ნანახია: 20411-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani