Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ინტერვიუ მხატვარ-კერამიკოს რომუალდ ცუხიშვილთან

There are no translations available.

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქარული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


მხატვარი რომუალდ ცუხიშვილი 1960-იანელ კერამიკოსთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი მრავალმხრივი ხელოვანია, შექმნილი აქვს როგორც ყოფითი დანიშნულების ნიმუშები, ასევე, კედლის თეფშები, პანოები, მცირე ზომის დეკორატიული ქანდაკებები, კომპოზიციები და ა.შ. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი მონუმენტალისტი კერამიკოსია, მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაშიც.
მხატვრის კერამიკული ნაკეთობები არცთუ მრავალრიცხვოვანია,  თუმცა, ნიმუშთა განსხვავებული მასალა, შესრულების ტექნიკური ხერხები, ფორმები, შინაარსი და ა.შ. მხატვრის ფართო ინტერესებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მაჩვენებელია. ინდივიდუალური სახასიათო ხელწერით  შექმნილი, თანამედროვე ხედვით გააზრებული ისტორიული, ეთნოგრაფიული, ეროვნული თემები, ნიმუშთა ფორმების „მონუმენტურობა“, ნაკეთობათა დეკორის „ფერწერულობა“, მისი დეკორატიულობა, კერამიკოსის ნამუშევრების გამორჩეულ მხატვრულ სახეს განაპირობებს. მხატვრის კერამიკულ ნაკეთობებს მიღებული აქვს არაერთი მედალი, დიპლომი და ა.შ. იგი არის ხელოვნების დამსახურბული მოღვაწე.
გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, ბ-ნი რომუალდი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას   თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ასევე, მოზამბიკის სამხატვრო სკოლაში, სადაც კერამიკის განყოფილება დააარსა. აქვს თეორიული ნაშრომები ხელოვნების დარგში. აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით იგი მონაწილეა თანამედროვე ხელოვნებაში  მიმდინარე ისტორიული მოვლენებისა და შემოქმედებითი პროცესებისა, შესაბამისად, იგი ფლობს ბევრ საგულისხმო ინფორმაციას. წინამდებარე ინტერვიუში საუბარია მხატვრის პირადი და შემოქმედებითი ბიოგრაფიის შესახებ. ბ-ნი რომა ისტორიული სიზუსტით  იხსენებს  თბილისის სამხატვრო აკადემიასთან დაკავშირებულ ამბებს, ცალკეულ პედაგოგებს. მხატვარი, ასევე, საუბრობს 1960–იანი წლების კერამიკაზე, მის მნიშვნელობაზე, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზე და ა.შ. რაც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვისაც.
ბ-ნო რომა, მოგვიყევით თქვენზე და თქვენი ოჯახის შესახებ
ცუხიშვილი რომუალდი,  დავიბადე  1936 წლის 11 დეკემბერს.  დედა,  ინეზა ბერიძე თავადის ოჯახიდან იყო. საფრანგეთიდან მისთვის სპეციალურად ჩამოუყვანიათ ფრანგულენოვანი მასწავლებლები. რა თქმა უნდა, ენა კარგად იცოდა  და ფრანგულ წიგნებს კითხულობდა.  ლიტერატურის გავლენით დაგვარქვა მე და ჩემს ძმას სახელები, ჩემს ძმას -  ნევილი, მე - რომუალდი. მამა, აპოლონ ცუხიშვილი, წარმოშობით საჩხერის რაიონიდან იყო. იგი, რაიონიდან, პირველი იყო, ვინც ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი)  სასწავლებლად წავიდა საზღვაო სამხედრო განხრით. როდესაც დაამთავრა სასაწავლებელი, სამუშაოდ ლენინგრადში გაანაწილეს და სამხედრო საწრთვნელი გემის, „ამურის“ კაპიტანი იყო. კითხულობდა ლექციებს ნავიგაციის განხრით. საქართველოში უნდოდა დაბრუნება, მაგრამ აქ სამსახური ვერ იპოვა. ერთ-ერთ ასეთ ჩამოსვლის დროს, ბათუმში გაიცნო დედაჩემი და 1931 წელს დაქორწინდნენ, წავიდნენ ლენინგრადში და იქ კაიუტაში ცხოვრობდნენ. შემდეგ მამაჩემს   უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის  თანამდებობა შესთავაზეს. ამის გამო, მთელი ოჯახი გარკვეული პერიოდი უკრაინაში, კიევში ვცხოვრობდით. ჩემი და იზოლდა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო და ის თბილისში დაიბადა. ამისთვის დედა ლენინგრადიდან სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში. მე და ჩემი ძმა კიევში დავიბადეთ. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ევაკუაციაში მოვხვდით და საქართველოში ვერ ვბრუნდებოდით. როდესაც ჩამოსვლა შევძელით, ბათუმში დავსახლდით, რადგან დედაჩემის მამიდა ცხოვრობდა იქ. მამამ ჩვენ სამივე ევაკუაციაში დაგვტოვა  და თვითონ, თავისი ნებით, მოხალისედ  საომრად  წავიდა. მას თანამდებობის გამო  ჯავშანი ჰქონდა და არ წაიყვანდნენ. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და უგონო მდგომარეობაში გერმანელების ტყვეობაში მოხვდა. შემდეგ ამერიკელებმა გაანთავისუფლეს და მათთან ერთად იბრძოდა. ომი რომ დამთავრდა, მამაჩემმა საქართველოში დაბრუნება მოინდომა, მაგრამ სტალინის ბრძანებით - რომ მას არ სჭირდებოდა მოღალატეები - ჩამოსვლის შემდეგ აქ დაიჭირეს. მამა მხოლოდ 1947 წელს ვნახეთ, შემდეგ, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში ისევ ხელახლა გაიარა იგივე გზა, დაკითხვები და მთელი ამბავი... რომ გაანთავისუფლეს, სრულიად დაავადებული დაბრუნდა. იგი 1954 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფაქტობრივად, დედამ მარტომ გაგვზარდა  სამი შვილი. ბათუმში დავრჩით საცხოვრებლად. იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. დედაჩემი საბჭოთა აჭარის რედაქციაში ჟურნალისტად მუშაობდა და რედაქციის მთელი კოლექტივი გვეხმარებოდა. (ილ. 1)

1.

როდის გამოვლინდა, რომ ხელოვანის ნიჭით იყავით დაჯილდოებული და ვინ შეუწყო ხელი თქვენს ხელოვანად ჩამოყალიბებას?
სულ პატარა ვიყავი, როდესაც ხატვა დავიწყე. დედამ მიაქცია ამას ყურადღება და მეხმარებოდა. სამწუხაროდ, ისეთი წლები დაემთხვა, რომ ბევრის არაფრის გაკეთება ხერხდებოდა. რატომღაც, სტალინს ვხატავდი ხშირად, ტანკებს, თვითმფრინავებს, ომს. მერე, როდესაც საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, იქ გვყავდა  რუსი პედაგოგი ოლეგ გრომოვი, ხატვას გვასწავლიდა. იმ მასწავლებელმა ყველას შეგვაყვარა ხელოვნება. თვითონ რაღაც ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული მხატვრობის განხრით და  ძალიან უყვარდა ხელოვნება. მერე კიდევ, ხატვის წრე იყო და იქ დავდიოდი. როდესაც გავიზარდე, სახლში ვმუშაობდი უფრო სერიოზულად, ნატურიდან ვხატავდი და ასე შევედი სამხატვრო აკადემიაში.
პროფესიული განათლება
1956 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. გადავწყვიტე, უმაღლესში ჩაბარებამდე ერთი წელი მემუშავა და დედას დავხმარებოდი. რაღაც სარეკლამო ბიურო იყო ბათუმში და იქ მომაწყო დედაჩემმა. ვაკეთებდით პლაკატებს, ვწერდით ლოზუნგებს და ამ ტიპის სამუშაოს ვასრულებდი. კარგი ხელფასი იყო (80 მანეთი) და ამით ცოტას ვეხმარებოდი ოჯახს. ერთი წლის შემდეგ ჩამოვედი თბილისში და სამხატვრო აკადემიაში კერამიკის ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩამებარებინა. ამ დროს (1957 წელს) აკადემიაში რექტორი  (დირექტორი) ბატონი სერგო ქობულაძე იყო. მისაღები გამოცდების დროს მომეცა საშუალება გამეცნო იგი. გამოცდებზე შემოდიოდა, გვათვალიერებდა, გვეკითხებოდა რაიმე პრეტენზია ხომ არ გვქონდა გამოცდების მიმდინარეობის დროს. იმ წელს საშინელი სიცხე იყო, რაღაც აუტანელი. ჩვენ ვუთხარით, ძალიან გვცხელა-თქო. ბუნების მოვლენებში მე ვერ ჩავერევი და დანარჩენს ყველაფერს გაგიკეთებთო, - გვითხრა. პრეტენზია არაფერი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ  ძალიან დიდი კონკურსი იყო. 10 ადამიანი მოდიოდა ერთ ადგილზე. 40 კაციდან 4 უნდა მიეღოთ. სწორედ მაშინ, საკავშირო ცენტრალურმა  კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომ პირველ რიგში, ჯარმოვლილი და ორი წლის სტაჟის მქონე პირები უნდა ჩაერიცხათ სასწავლებლად.  ასეთი აბიტურიენტები 40 კაცში 4, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა. ისინი ჩაირიცხნენ და ჩვენ, დანარჩენები, დავჩით გარეთ. იმათ ნიშნებს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სამები ჰყავდათ და ჩაირიცხნენ. გამოცდას ვაბარებდით ექვს საგანში: ორს ფერწერაში, ორს ხატვაში, კომპოზიციასა და ინტერიერში. უნდა მოგვეგროვებინა 30 ქულა და მე  29 მქონდა - ხუთი ხუთიანი და ერთი ოთხიანი ინტერიერში და დავრჩი გარეთ. ეს საგანი არც ვიცოდი რა იყო და რამდენიმე დღით ადრე გავერკვიე, რას გულისხმობდა ინტერიერი. მეტსაც გეტყვით, ომარ რჩეულიშვილი იყო ჩემი თანაკურსელი, 30 ქულა ჰქონდა და ისიც ვერ მოხვდა. და კიდევ იყვნენ აბიტურიენტები ასეთი მაღალი ქულებით (29-30). სერგო ქობულაძე გაგიჟებული იყო. ამბობდა, რომ ეს კანონი პატარა ინსტიტუტებისთვის  არ იყო სწორი. დიდ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგალითად, პოლიტექნიკურში, სადაც 100-150 კაცს იღებდნენ, 10 კაცი თუ იქნებოდა ჯარმოვლილი, არ დაეტყობა. ველოდით, რაღაც განმარტებას გვპირდებოდნენ. რომ აღარაფერი ისმოდა, მივედი ბ-ნ სერგოსთან და ვთხოვე ჩემი საბუთები გაეტანებინა ჩემთვის. არაო, - მითხრა (რუსულად იცოდა ლაპარაკი) მე ვცდილობ დავამატებინო ადგილები და  შენ საბუთებს ვერ მოგცემო.  წამოვედი, რა მექნა. აგვისტოს თვეა, ბათუმში ვარ ზღვაზე. ერთ დღეს პლაჟზე ვწევარ და ვხედავ, მორბის ერთი ჩემი მეზობელი ბიჭი. მორბის და რაღასაც აფრიალებს ხელში, მეძახის: - „რომა ტელეგრამაა, შენ ჩაირიცხე“. ვნახე დეპეშა ‹‹Зачислен на первий курс, явитсья 30-го сентября›› Сергей Кобуладзе.  პირველ ოქტომბერს იწყებოდა სწავლა, ე. ი. იმდენი ირბინა ბატონმა სერგომ, იმდენი, რომ ცეკაში დაამატებინა ადგილები. თურმე, ეუბნებოდა, მე, პირველ რიგში, მხატვრები მჭირდება  და არა მუშებიო. მისცეს ადგილები და ამიტომ, ჩვენს კურსზე, იმ წელს, კერამიკის ფაკულტეტზე ყველაზე ბევრი სტუდენტი ვიყავით, ყველა ჩაირიცხა, ვისაც მაღალი ქულები ჰქონდა - ეს იყო 10 კაცი და სულ 14 ვსწავლობდით ერთ ჯგუფში. (ილ.2)

2.

რა იყო თქვენი სადიპლომო ნამუშევარი?
დიპლომი დავიცავი 1963 წელს მონუმენტურ კერამიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ მონუმენტური კერამიკა მანამდეც კეთდებოდა საგამოფენოდ ან მხოლოდ დიპლომის დასაცავად და შემდეგ აკადემიის ფონდებში ინახაბოდა. ჩვენ სამმა დიპლომანტმა - მე, როდამ მელიქიძემ და თენგიზ გობეჯიშვილმა ნიმუშები არქიტექტურულ ობიექტებზე გავაკეთეთ. მე შევასრულე ორფიგურიანი პანო - „ქვევრების მრეცხავი“, რომელიც ვაკეში, პირველი ღვინის ქარხანის  ეზოში მარანი რომ იყო,   მის კედელზე განთავსდა. ხელმძღვანელი იყო გოგი ქართველიშვილი. (ილ. 3) მხატვარმა რ. მელიქიძემ, თბილისის კურორტოლოგიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის ბაღისთვის, რომელიც ამ ინსტიტუტის სახურავზე იყო გაშენებული, წყარო და ორი კერამიკული კედელი შექმნა. მხატვარმა თ. გობეჯიშვილმა, კრწანისის წინდების ფაბრიკის წინ გაშენებული ბაღისთვის  წყარო გააფორმა. სამწუხაროდ, ჩემი პანო აღარ არსებობს, 1990-იან წლებში ვიღაცამ შეიძინა შენობა, გაფართოება მოინდომა, რის გამოც მარანი აიღეს და ყველაფერი დაანგრიეს. მე მხოლოდ ნამუშევრის შავ-თეთრი ფოტო დამრჩა.

3

აკადემიის დამთავრების შემდეგ, ასპირანტურაში მაშინვე არ ჩავაბარე, ოჯახს ძალიან უჭირდა და ვიფიქრე, ცოტას მივეშველებოდი და მუშაობა დავიწყე  სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში, მხატვარ-კონსტრუქტორად (1963-1966 წ.). მერე გადავედი ხელოვნების მუზეუმში, ფერწერის რესტავრატორად (1966-1967 წ.). 1967 წელს ჩავაბარე ასპირანტურაში, რა თქმა უნდა, ისევ კერამიკის განხრით და 1970 წელს დავამთავრე. ჩემი საასპირანტო ნაშრომი იყო კერამიკული პანო ორანჟერეისათვის. წარმოვადგინე პროექტი და პანოს დეტალები მასალაში. 1971 წელს  პედაგოგად დავიწყე მუშაობა თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკა-მინის კათედრაზე. თავიდან - ნახევარ განაკვეთზე, რამდენიმე წლის შემდეგ კი სრულ შტატზე გადავედი. ჯერ პედაგოგი ვიყავი, მერე უფროსი პედაგოგი,  დოცენტი და  პროფესორი, 40 წელი ვიმუშავე. 2000-იან წლებში სამხატვრო აკადემიაში რეფორმების დროს,  2006 წელს გამომიშვეს. ამ დროს რექტორად დანიშნეს გია ბუღაძე. მისი პოლიტიკა იყო ასეთი, გაეშვა აკადემიიდან ყველა უფროსი თაობის წარმომადგენელი და რაც  უნივერსიტეტში გაკეთდა, რომ გამოყარეს ყველა ცნობილი და წამყვანი პედაგიგი, იგივე გაიმეორა გია ბუღაძემაც. მე და რამდენიმე ადამიანი აკადემიიდან გამოგვიშვეს. ჩემი მეუღლეც, ქეთევან მეგრელაძე ჩემთან ერთად მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში. მას უცხო ენები ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურს ასწავლიდა და ისიც ამ დროს გაანთავისუფლეს.
სტუდენტობის დროინდელი მოგონებები?
ძალიან კარგი სტუდენტობა გვქონდა. ახლა სულ შეიცვალა ყველაფერი. ბევრს დავდიოდით ძეგლებზე პედაგოგებთან ერთად, ვათვალიერებდით, ვისვენებდით, მერე, ცოტას წავიქეიფებდით იქ. ამის გარდა, შეხვედრები გვქონდა, დისკუსიები ხელოვნებაზე, გამოფენებზე დავდიოდით. სულ სხვა ურთიერთობა იყო. ის ატმოსფერო რომ აღდგეს აკადემიაში, კიდევ 20 წელიც არ ეყოფა. კიდევ იცით რაშია საქმე? ხალხი სხვანაირი მონდომებით იყო. ვინც ვერ ართმევდა თავს, ის მიდიოდა. იმ დროის სამხატვრო აკადემია გამორჩეული იყო პედაგოგებით. პირველ კუსზე ხატვას  ნინო ზაალიშვილი (უფროსი) გვასწავლიდა, ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, რომ იტყვიან, როგორც დედა, ისე გვივლიდა ყველას. მეორე კურსიდან მეოთხე კურსამდე  სერგო ქობულაძე იყო პედაგოგი და ჩვენთვის ეს  რაღაც საოცრება იყო, პირდაპირ ვგიჟდებოდით მასზე. გეტყვით, როგორი იყო მისი ახსნის მანერა. სადაც ხატავდი ნატურას, მის გვერდით თვითონ დაგიხატავდა. მაგალითად, როგორია ფეხი, ძვალი სად ერთდება, კუნთი როგორ მოდის და ა.შ. ყველაფერს ზუსტად აგიხსნიდა. ერთ შემთხვევას მოვყვები ამასთან დაკავშირებით. მასთან ვხატავდი და ძალიან მოსწონდა ჩემი ნახატები. ერთხელ მითხრა, შენ კარგად ხატავო და მოდი, ახლა მე რაკურსში დავაყენებ ნატურას და ასე დახატეო. მაგიდაზე მაღლა დამიყენა ქალი - ლია იყო ასეთი ქართველი ნატურა, ძალიან კარგი ტანი ჰქონდა. ხელი აქვს ზემოთ აწეული და მოხრილი იდაყვში. ვხატავ და ხელი არ გამომდის, ვერაფრით ვერ დავხატე, მოვა, გაეცინება: «ну давай, давай»  მეტყვის, წავა. სამი დღე გავწამდი, გავგიჟდი კინაღამ. ვფიქრობ, რა არის ეს, ვერაფრით ვერ დავხატე. მოვიდა მეოთხე დღეს და მითხრა, მე, რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ შენ თავად გაგეკეთებინა, მაგრამ ეხლა გასწავლი, როგორ უნდა გააკეთოო. სახურავიდან ჩამოშვებული მილი იციო? შემეკითხა. როგორ არ ვიცი - ვუპასუხე, ქალაქში ყველგანაა, სადაც არ უნდა გაიხედო-მეთქი. კარგიო - მისი მოხრილი მუხლი თუ იციო? -კი როგორ არა-მეთქი, ვუპასუხე. ხოდა, დამიხატე ახლა ეგ ზეპირადო. მეც, რა თქმა უნდა, დავხატე. ახლა გადაატრიალე და რაკურსში, როგორც ეს ხელია, ისე დახატეო.  დავხატე. ახლა მიაბი კუნთები და გამოგივაო.  ათ წუთში გავაკეთე. აი, ასე ადვილად და მარტივად ამიხსნა, როგორ უნდა გამეკეთებინა ხელი ამ რაკურსით. მაგალითად, ვასილ შუხაევი, ყველამ ვიცით, უდიდესი მხატვარი იყო, მაგრამ ის როგორ გვასწავლიდა: - დაჯდებოდა, დახატავდა ერთ ფეხს მთლიანად, ოსტატი იყო და, რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე აკეთებდა ამას. მერე ჩვენ გვეუბნებოდა, მიდით ახლა და თქვენ გააკეთეთო. რას გავაკეთებდით? რა თქმა უნდა, ისე ვერ გააკეთებდი ვერაფრით. სერგო აგიხსნიდა ძალიან კარგად, დაწვრილებით, მაგალითები მოჰყავდა ხელოვნების ისტორიიდან.  ძალიან კარგად იცოდა ხელოვნების ისტორია და გამორჩეულად უყვარდა კლასიკა. არასოდეს დამავიწყდება, უკვე ასპირანტურაში ვსწავლობდი და ბ-ნი სერგო დამინიშნეს ხელმძღვანელად. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, ძალიან მიყვარდა ეს პედაგოგი. მაშინ ასპირანტებს აგზავნიდნენ რუსეთში და მეც გამაგზავნეს მოსკოვში, სურიკოვისა და სტროგანოვის სახელობის ინსტიტუტებში, რომ იქ გავცნობოდი, როგორ ასწავლიდნენ ასპირანტებს. მაშინ პირველად ვნახე ძალიან კარგი ხარისხის რეპროდუქციები. ჩვენთან საერთოდ შავ-თეთრი რეპროდუქციები იყო. ახლაც მაქვს გუდიაშვილის წიგნი, 1947 წელს ვიყიდე, თითქმის სულ შავ-თეთრია, ერთი ორი ფერადი ნამუშევარია შიგ, მაგრამ მისი ხარისხიც ძალიან დაბალია. უცებ, ვხედავ,  ლაიფციგში დაბეჭდილი ლეონარდო და ვინჩის „მადონა ბენუას“ რეპროდუქციას, რომელიც ერმიტაჟის მუზეუმშია დაცული. ვიცოდი, რომ ბ-ნ სერგოს  ძალიან უყვარდა ეს მადონა.  საკმაოდ ძვირი ღირდა, მაშინ 10 მანეთი სტუდენტისთვის დიდი ფული იყო, მაგრამ ორი ცალი ვიყიდე, ერთი ჩემთვის (ახლაც მაქვს) და მეორე ბ-ნი სერგოსთვის. რომ ჩამოვიტანე და მივეცი, პატარა ბავშვივით გაუხარდა ბ-ნ სერგოს. იჯდა ასე, ჩაიხუტებდა: ‹‹Спасибо тебе Рома, большое спасибо›› - თან მეკითხებოდა, რომელი ჩარჩო მოუხდებოდა ნამუშევარს. ბოლოს გადაწყვიტა, მონაცრისფრო ფერის ჩარჩოში ჩაესვა. აი, ასეთ დღეში იყო კაცი. ძალიან უყვარდა კლასიკა.  საინტერესო პიროვნება იყო და ყველას გვიყვარდა. გვიყვარდა იმიტომ, რომ კარგი მხატვარი იყო და, რაც მთავარია, ადამიანი იყო, განათლებული და კულტურული, რაც, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, - მე თვითონ მხატვარი ვარ - და მხატვრებში იშვიათია. ეტყობა, მხატვრები მთელ თავის ენერგიას საკუთარ შემოქმედებაზე ხარჯავენ, დანარჩენზე აღარ აქვთ დრო და ძალა. (ილ. 4)

4.

მასწავლებლები, ვისაც წვლილი მიუძღვის თქვენს პროფესიულ განათლებაში?
მე, ამ მხრივ, ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ შემხვდა ბრწყინვალე პედაგოგები: ესენი იყვნენ: ზაქრო მაისურაძე, ნიკოლოზ გომელაური, გიორგი ქართველიშვილი, სულხან სულხანიშვილი - ეს ჩემი სპეციალობით. განსაკუთრებით გამოვყოფდი დავით ციციშვილს. ჩვენ მას მოსიარულე ენციკლოპედიას ვეძახდით. ყველაფერი იცოდა, განსაკუთრებით კი დეკორატიულ-გამოყენებით და ხალხურ ხელოვნებაზე. ზემოთაც უკვე ვთქვი, ხატვას მასწავლიდა სერგო ქობულაზე, ბრწყინვალე ადამიანი, უდიდესი ოსტატი. სერგო ქობულაძე ხატვას გვასწავლიდა პირველიდან მესამე კურსამდე და მერე მოიყვანა შოთა კუპრაშვილი, ასევე, შესანიშნავი პედაგოგი. როდესაც შემოიყვანა და წარგვიდგინა, გვითხრა, მე კვირაში ერთხელ შემოვალ თქვენთან და დანარჩენი დრო ამ პედაგოგმა უნდა გასწავლოთო. არ მოგვეწონა, რა თქმა უნდა. თან ახალგაზრდა იყო, თან ცოტა უჩვეულოდ სპორტულად გამოიყურებოდა, არ ჰგავდა „პროფესორს“. დაახლოებით 10 წლით უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ ისე შეგვაყვარა თავი, მისი უზომო მადლიერი ვარ. შესანიშნავად გვასწავლიდა ხატვას. (ილ.5)

5.

ძალიან ბევრი კარგი რამ მახსოვს და ყოველთვის ვიქნები სერგო ქობულაძის მადლიერი.  მე, სხვათა შორის, ვასილ შუხაევთანაც დავდიოდი პარალელურად სავარჯიშოდ. რეპინის სტიპენტია მქონდა და მეშინოდა მისი დაკარგვის. მამა არ მყავდა, დედა გვზრდიდა სამ შვილს და არ გვქონდა მატერიალური საშუალება. აკადემიაში საღებავებსაც გვაძლევდნენ, სახატავ საშუალებებსაც, მაგრამ კვება, ჩაცმა... ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სტიპენდია არ მეყოფოდა.  ზედმეტს ვმუშაობდი, ისედაც მინდოდა,  რომ მეტი მესწავლა. თან, ისეთი სწავლა იყო, რომ ზოგი მხატვარი, ზოგჯერ, თეორიაში სპეციალურად იღებდა ორიანს, რომ კურსზე დარჩენილიყო და კიდევ ერთი წელი  ესწავლათ და ემუშავათ სამხატვრო აკადემიაში. მივედი ერთხელ და ვუთხარი: - ბ-ნო სერგო შეიძლება, რომ მე პარალელურად  საღამოობით შუხაევთანაც  ვიარო-მეთქი. დილის საათებში გვქონდა ბატონ სერგოსთან გაკვეთილი და საღამოს იყო შუხაევთან.  ვიფიქრე, არ წყენოდა, რადგან მისი მოსწავლე ვიყავი და მასთან ვმუშაობდი. კი, ბატონო, მითხრა. იარეთ, ნებას გრთავთ, მეტიც, ეს ძალიან კარგი იქნებაო, ის დიდი ოსტატი, დიდი მხატვარია და ბევრ რამეს ისწავლით მისგანო. და მე, ასე პარალელურად ვსწავლობდი ორივესთან და თუ ხატვა ვიცი, სერგო ქობულაძისა და ვასილ შუხაევის დამსახურებაა.
ერთ შემთხვევას მოგიყვებით - ოქროს კვეთის საკითხს ეხება. მე უკვე ასპირანტურა დამთავრებული მქონდა და ვმუშაობდი ხელოვნების მუზეუმში. იქ იყო ბრწყინვალე ადამიანი, ნატაშა სოსნოვსკაია - მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგე. ჩემი დაინტერესება რომ გაიგო, გამომიტანა წიგნები ოქროს კვეთაზე, მთელ მის ტექნოლოგიებზე. სხვათა შორის ადვილად არავის არ ანდობდა წიგნებს. დავით ციციშვილი მასწავლიდა ამ საგანს და დავინტერესდი, ვსწავლობდი, რას წარმოადგენდა  ოქროს კვეთა, რა იყო მცირე ოქროს კვეთა, ირაციონალური პროპორციები. ერთხელ, სერგო ქობულაძე და დავით ციციშვილი  აივანზე იდგნენ და საუბრობდნენ. მეც იქვე ვიდექი, რაღაც საქმის გამო. მცირე ოქროს კვეთას კიდევ  ოქროს კვეთის ფუნქციას ეძახიან. მე მივედი და ვუთხარი, შეიძლება მე რაღაც გკითხოთ-მეთქი? - აი, მცირე ოქროს კვეთის ფუნქცია რომაა, მე წიგნში ვნახე მისი აგების წესი და სწორია თუ არა, მაინტერესებდა და იქვე დავუხაზე. ბატონი სერგო დიდი თვალებით მიყურებდა, რადგან მხატვრები იშვიათად ინტერესდებოდნენ  ასეთი საკითხებით. მაშინ მითხრა - მე თითქმის დავამთავრე ნაშრომი ოქროს კვეთაზე და მალე ალბათ გამოვცემო. თვითონ მცხეთის ჯვარზე ამტკიცებდა, რომ ირაციონალური პროპორციით იყო გაკეთებული. სულ თვითონ იძრომიალა და თავისი ხელით, თოკით გაზომა ყველაფერი - სიმაღლე, სიგანე. მუშაობდა ატენის ანგელოზის ფიგურაზე. ამბობდა, რომ ჩვენთან ამ საკუნეებში, თამარის დროს, უკვე იცოდნენ, რა იყო ოქროს კვეთა. ისინი ამ პროპორციების საშუალებით მუშაობდნენ. როდესაც გაიგო, რომ ეს საკითხი მაინტერესებდა, რამდენი მნახავდა, გამაჩერებდა და მელაპარაკებოდა ამ თემაზე, როგორ მუშაობდნენ ძველი ოსტატები. თავად ძალიან ბევრს იკვლევდა ამ საკითხებს. (ილ.6)

6

კიდევ რამეს ხომ არ გაიხსენებდით ამ პერიოდის აკადემიის ისტორიიდან?
ისევ სერგო ქობულაძესთან დაკავშირებით მოვყვები ერთ ამბავს. ედმუნდ კალანდაძე ცნობილი მხატვარია, ყველამ ვიცით. მე მიმაჩნია,  არაა გენიოსი, სერგო ქობულაძე გაცილებით უფრო მაღლა დგას, მაგრამ კარგი მხატვარია და ვერ წაართმევ ამას. მხატვართა საკავშირო ყრილობაზე, ერთ შეხვედრაზე, ედმუნდს სიტყვა უთხოვია, - პოლიტიკური განცხადებით გამოსვლა სურდა და უთქვამს, რომ რაც საბჭოთა კავშირი დაარსდა, იმის შემდეგ საერთოდ სურათი არ შექმნილა, ხელოვნება სულ უკან წავიდა და კიდევ უამრავი რამ. გაგიჟდნენ, რა თქმა უნდა. ვინ აპატიებდა? საკავშირო მხატვართა  კავშირიდან მოვიდა ბრძანება, გაერიცხათ კავშირიდან, არ მიეცათ მისთვის სამუშაო, არავითარი ხელშეკრულებები, არ მიეცათ გამოფენის უფლება და ეს იყო კანონი ყველასთვის. ერთი იყო, რომ კოლია (ნიკოლოზ) კანდელაკმა  დაჭერას გადაარჩინა, თორემ ეს ისეთი პერიოდი იყო, ხრუშჩოვის დრო, რომ ასეთი შემთხვევის გამო დააპატიმრებდნენ. კანდელაკს უთქვამს: მართალია, ნიჭიერია, მაგრამ ფსიქიურად დაავადებულიაო, ჩვენ ვიტანთ, რადგან ვიცით მაგის მდგომარეობა და დაანებეთ თავიო. მაშინ კოლიას სახელი ჰქონდა და დაუჯერეს, არ დააპატიმრეს. და ასე, იყო ეს ედმუნდ კალანდაძე გაგდებული, მშიერი, არავითარი ხელშეკრულებები, არაფერი, გამოფენებზე ვერ იღებდა  მონაწილეობას და ამ დროს, სერგო ქობულაძემ (მე მგონი, მაშინ კათედრის გამგე იყო)  მოიყვანა აკადემიაში, მოაწყო და დააწყებინა მუშაობა, ჯერ ნახევარ განაკვეთზე. მერე, სერგომ, როგორც კათედრის გამგემ, კიდევ გამოუძებნა საათები, კიდევ ერთი განაკვეთი მოუმატა და მეხუთე კურსზე ედმუნდ კალანდაძე ერთი წელიწადი მასწავლიდა. მე რომ მასწავლიდა, ედმუნდი უკვე დოცენტი იყო, ბ-ნმა სერგომ დოცენტად გახადა, წარადგინა და გაიყვანა ბოლომდე. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ძალიან კარგად მასწავლა. თვითონაც ძალიან კარგად ხატავდა სტუდენტობის დროს. არის სამხატვრო აკადემიის წიგნი და იქ არის მისი მამაკაცის შიშველი ფიგურა, ძალიან კარგადაა გაკეთებული. ნელ-ნელა დაუწყო სერგო ქობულაძეს ჩხუბი. ეუბნებოდა, რომ იგი არასწორი მეთოდით ასწავლიდა. თვითონ რაღაც ახალი მეთოდი მოიგონა - ფორმას ამრგვალებდა. მაგალითად, თავს  სფეროს  ფორმისას აკეთებდა  და ამტკიცებდა, რომ ეს მეთოდი ბევრად უკეთესი იყო. ითმინა, ითმინა ბატონმა სერგომ და რამდენი უნდა მოეთმინა, სულ ამაზე იყო ლაპარაკი. უნდა ვთქვა, რომ თვითონ ედმუნდი არ იქცეოდა კარგად, მიუხედავად იმისა, რომ განათლებული იყო და  ხელოვნების ისტორია იცოდა.  სტუდენტები, რომლებიც პირველად იგებდნენ, ვინ იყო პიკასო, დალი და ის მათ დიდი გატაცებით  უხსნიდა ყველაფერს, ღმერთი ეგონათ ედმუნდი და თან, ამ დროს, სტუდენტებს ეუბნებოდა, რომ სერგო ქობულაძემ ხატვა არ იცისო, მე გასწავლით თქვენ ხატვა, როგორ უნდაო. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი საქციელი.  ეს გაიგო სერგომ და რამდენიმე წელიწადი ერთმანეთში ასეთი ურთიერთობა გრძელდებოდა. აპოლონ ქუთათელაძე გარდაიცვალა, გოგი თოთიბაძეა რექტორი.  დამიბარა ერთხელ თოთიბაძემ და მითხრა, რომ კათედრის წევრების დასწრებით ამ საქმის განხილვა მოგვეწყო. სტუდენტები არ შემოიყვანოთო, იქ შეიძლება ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონო და შენ როგორც დეკანმა, როგორც კი ნახავ, რომ სიტუაცია იძაბება, მაშინვე შეწყვიტე სხდომაო. შევკრიბე ყველა, დაიწყეს საუბარი. ედმუნდ კალანდაძემ სერგოს უთხრა, რომ თქვენ არასწორი მეთოდით ასწავლითო, სტუდენტები ასე ხატვას ვერასოდეს ვერ ისწავლიანო. აი, ჩემი მეთოდია სწორიო. ახალ აკადემიაში მიდიოდა ეს სხდომა. დერეფანში თავისი მომხრე სტუდენტები ჰყავდა შეკრებილი ედმუნდს, გამოვიდა და უთხრა, მომიტანეთ ჩემი ნახატი, თქვენთან ერთად რომ დავხატეო. შემოიტანეს ნახატი. შევხედეთ ნახატს და მართლაც, უამრავი შეცდომა იყო ზედ დაშვებული. არ ვიცი, რა დაემართა, საერთოდ,  კარგად ხატავდა. ამ ნამუშევარში მოუვიდა ეს შეცდომები თუ რა იყო, არ ვიცი. იქ ჩაეცინა სერგოს და თქვა, თუ ეს არის კარგი ნამუშევარი, მაშინ სტუდენტები მართლა ვერაფერს ვერ ისწავლიანო. სხდომაზე იჯდა შესანიშნავი მხატვარი დავით (დუდა) გაბაშვილი. იმან უთხრა ‹‹Эдмунд, какие у вас очки?››. ედმუნდი დიდი სათვალეებით დადიოდა. ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი - პლიუს  ხუთი უპასუხა. დუდამ თავის სათვალე მიაწოდა და უთხრა, აბა ამ სათვალით შეხედე, იქნებ, შეცდომები დაინახოო, როგორც ჩანს, ექიმმა თქვენ არასწორი სათვალე დაგინიშნათო. ედმუნდი ამაზე გაბრაზდა, დაიწყო ყვირილი, თქვენ მოკალით დავით კაკაბაძე და ახლა ჩემი მოკვლაც გინდათო. ამაზე დუდა გაბაშვილმა ასე უპასუხა: „ედმუნდ შენ ძალიან ბევრს იღებ შენს თავზეო, შენ დავით კაკაბაძის ფრჩხილადაც არ ღირხარ და გაჩუმდიო“. შემდეგ, სერგო ქობულაძეს მიუბრუნდა ედმუნდი და ეუბნება - თქვენო არაყს სვამთ და ამის გამო სტუდენტებს არ უყვარხართო. სერგომ უთხრა: „კი, მართალია, მე ვსვამ, მაგრამ აუდიტორიაში არასოდეს დამილევია სტუდენტებთანო. მაგრამ ნასვამიც რომ ვიყო და ამ ოთახში მე და შენ ერთად ჩაგვკეტონო, მე კიდევ ერთ შოთა რუსთაველს გავაკეთებო, კიდევ ერთხელ დავხატავ „იგორის ლაშქრობის“ და შექსპირის ილუსტრაციებს  და შენ მარტო სახურავების ეტიუდს თუ გააკეთებ ამ ფანჯრიდან რაც მოსჩანსო“. და მართლაც, ედმუნდი მართლა კარგი პეიზაჟისტი იყო, მეც მომწონდა მისი ფერწერა. ნახატი ძლიერი ჰქონდა, მაგრამ კომპოზიციაში სუსტი იყო, სურათები საერთოდ არ ჰქონდა. ბატონმა სერგომ ზუსტად უთხრა, რაც ეკუთვნოდა. მერე, ცოტა რომ დაიძაბა ვითარება და ედმუნდი შეურაცხყოფაზე  გადავიდა, მე მაშინვე შევწყვიტე სხდომა და გადავდეთ სხვა დღისთვის, მაგრამ მერე უკვე აღარ გაგრძელებულა.
საერთოდ, ბ-ნი სერგო ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. სერგო ქობულაძეს მხოლოდ იგორის ლაშქრობა, რუსთაველი, ოპერის ფარდა და დანტე რომ გაეკეთებინა, უკვე დარჩებოდა ხელოვნების ისტორიაში უდიდეს მხატვრად.    (ილ.7)

7.

1960-იანი წლების კერამიკაზე რას გვეტყვით?
1960-იანი წლებიდან ქართული კერამიკული ხელოვნების აღორძინება დაიწყო. ამას ხელი  აკადემიის ექსპერიმენტული ლაბორატორიის დაარსებამ შეუწყო, რომელიც  დავით ციციშვილის წინადადებით ჩამოყალიბდა.  აკადემიის კერამიკულ სახელოსნოში მუშაობდა ბევრი ნიჭიერი მხატავრი: ეკატერინე ბაბლიძე, ქეთევან კარგარეთელი, გულნარა გოგიჩაიშვილი, რეზო მეტრეველი, რაისა ეკალაძე, ირინა გაჩეჩილაძე, ალდე კაკაბაძე, ნანა კიკნაძე და სხვები. აქ ნამუშევრები აკადემიისთვის ცალკე კეთდებოდა და შემოქმედებითადაც მუშაობდნენ მხატვრები. 1960-იან წლებში თუ რამე პრემიები იყო, მედლები, დიპლომები, მაშინ მიიღეს ჩვენმა კერამიკოსებმა. სადაც არ წავიდოდა გამოფენით ნამუშევრები, მაგალითად, ფაენცაში (იტალია) და სხვაგან, უფროსი თაობის კერამიკოსებს თითქმის ყველას აქვს მიღებული ორი ან სამი საერთაშორისო გამოფენის დიპლომი. ეს იყო ქართული კერამიკის უეცარი აფეთქება, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც კეთდებოდა და ფონდებში არის დაცული მრავალი შესანიშნავი ნამუშევარი, შესრულებული ანგობითა და ჭიქურებით, სხვადასხვა შერეული ტექნიკით, მაგრამ შავკრიალა კერამიკამ უდიდესი წარმატება მოუტანა ქართულ კერამიკას. მე რომ პირველ კურსზე მივედი 1957 წელს, მაშინ ჩვენ არ ვმუშაობდით შებოლვის ტექნიკით. დავალებებს ვასრულებდით ანგობის საღებავებითა და ჭიქურებით. მახსოვს, მეორე კურსზე, ზაფხულის შემდეგ რომ მივედი აკადემიაში, კერამიკის სახელოსნოში დიდი კარადა იყო  და მასზე დავინახე, იდო ნიმუში, შავი ფერის კერამიკა აღდგენითი ჭიქურით. ვიკითხე ავტორი და მითხრეს, რომ ეს რევაზ (რეზო) იაშვილმა გააკეთაო. რეზო  მაშინ ლაბორატორიაში მუშაობდა,  პედაგოგი ჯერ არ იყო. ძალიან მომეწონა ფაქტურა, პირველად ვნახე მუზეუმის შემდეგ. მაგრამ მუზეუმში  მხოლოდ შავკრიალა იყო, ჭიქური მას არ ჰქონდა. ეს კიდევ ჭიქურით იყო, რაც განსხვავებულ სახეს ანიჭებდა და ძალიან მომეწონა. შავკრიალა, შებოლილ კერამიკაზე ზაქრო მაისურაძეც მუშაობდა და მას 1952 წელს გამოქვეყნებული ჰქონდა სამცნიერო შრომა, სადაც აღწერილია შავკრიალა კერამიკის დამზადების ტექნოლოგია.ზ. მაისურაძე, „სამთავროს ორმოსამრხების შავი და რუხი კრიალა ჭურჭლის ტექნოლოგია „საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის „მოამბე“, #4,  თბ., 1952.რეზო იაშვილი  მისი მოწაფე იყო. ვინ გააკეთა პირველმა, ამას მე ვერ დავამტკიცებ. ბატონმა რეზომ, რომ შებოლილ კეცს ჭიქური დაუმატა და საკმაოდ კარგად, მაღალმხატვრულად - ეს უკვე დიდი მიღწევა იყო.

8.

1960-1970-იან წლებში, ამის პარალელურად, განვითარდა მონუმენტური კერამიკა. (ილ. 8) მანამდე დიპლომები კეთდებოდა საგამოფენოდ ან აკადემიისთვის. მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, 1960-იან წლებში ნამუშევრები უკვე არსებული ობიექტებისთვის გაკეთდა.  საგამოცდო კომისია ობიექტზე მიდიოდა და პირდაპირ იქ ვიცავდით ჩვენ დიპლომებს. ასე დაიწყო სამოციანი წლების კერამიკის განვითარება და ამ მხატვრებმა, ვინც ჩვენს გვერდით უკვე აღარ არიან, უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში. იგივე გოგი ქართველიშვილმა,  ზაქრო მაისურაძემ, ნიკოლოზ გომელაურმა, ეკატერინე ბაბლიძემ, სულხან სულხანიშვილმა, მერე წამოვიდა შედარებით ახალგაზრდა თაობა: რეზო იაშვილი, რეზო მეტრეველი, რაისა ეკალაძე, ქეთევან კარგარეთელი, ჟუჟუნა ფოჩხიძე, შოთა ნარიმანიშვილი და სხვები, მაგრამ წინა თაობის მხატვრებმა ქართული კერამიკის განვითარებისათვის საძირკველში უდიდესი აგური ჩადეს. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ასევე, დიდი როლი ითამაშა რექტორმა აპოლონ ქუთათელაძემ. მცხეთაში სპეციალურად სკოლა ააშენა და პატარა კერამიკული ქარხანაც იყო, რომელიც სამხატვრო აკადემიას ეკუთვნოდა და ის ეტალონები, რომლაბიც აკადემიის კერამიკულ სახელოსნოში კეთდებოდა, იქ იწარმოებოდა სუვენირებისთვის პატარა სერიით. ასევე, დიდია ტექნოლოგების წვლილი. მაგალითად, ალექსანდრე ფიცხელაურს, რომელმაც გერამანიაში მიიღო განათლება, სილიკატების სპეციალობა ჰქონდა დამთავრებული. პელაგია (პეპელა) ვაშაკიძე - ფირუზისფერი, წითელი, თეთრი, რძისფერი ჭიქურები მან გააკეთა და მაგის ჭიქურებით ვმუშაობდით ყველა მხატვარი. ასევე, ელენე მეგრელიშვილის აღდგენითი ჭიქურებიც ცნობილი იყო, საწარმოებში, სადაც არ იმუშავა მან, ყველგან თავისი ხელწერა ჰქონდა. მაგალითად, აღდგენითი ჭიქური ჰქონდა ერთი, რაღაც მოფირუზო-მოლურჯო ტონალობისა, ის აკადემიის სახელოსნოშიც მუშაობდა ტექნოლოგად, ბევრი სხვა პიროვნების დასახელებაც შეიძლება.
ფაქტობრივად შავკრიალა კერამიკას უკვე ვერავინ აკეთებს. მხატვართა კავშირის კომბინატი ვეღარ მუშაობს. იქ ჩვენ მხატვრებს გვქოდა  უბანი. მის შექმნას მე და ნანა კიკნაძემ მივაღწიეთ დიდი ძალისხმევით. ასჯერ ვიყავი მოსკოვში ჩასული და ძლივს გადაწყდა, რომ შემოქმედებითი უბანი გაეკეთებინათ მხატვრებისთვის. იქ დადიოდნენ კერამიკოსები და ეს იყო საშუალება, ემუშავათ და გაეკეთებინათ შავკრიალა კერამიკა. ეხლა არაა ამის შესაძლებლობა. კერამიკული სახელოსნოებიც არა აქვთ. ძალიან ძვირი ჯდება სახელოსნოს მოწყობა: დანადგარები, ღუმელი, ჭიქურის საფქვავი, ამოსაყვანი ჩარხი - ყველაფერი ეს ძალიან ძვირია. არადა, შავკრიალა კერამიკა ჯერ ამოწურული არ არის. კიდევ არის ბევრი მეთოდი, ხერხი, ჩნდება დამატებითი ელემენტები, კიდევ შეიძლება ამ ტექნიკითა და ტექნოლოგიით უამრავი რამის გაკეთება, მაგრამ ამას ფიქრი უნდა და დიდხანს მუშაობა. (ილ. 9,10)

9.
10

ვინმეს გავლენა თუ გქონდათ?
ჩემთვის გამორჩეული პედაგოგი იყო ზაქრო მაისურაძე. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გავლენა თითქმის არავისი მქონია. ჩემი ნამუშებრები სხვას არ ჰგავს. ვცდილობდი, ჩემი სტილი მომეძებნა და ზოგიერთ ნამუშევარში, ვთვლი, რომ ეს გამომივიდა, ისინი განსხვავებულია და გარკვეული სიახლეცაა მათში. (ილ. 11)
კერამიკის რომელ მასალას ანიჭებთ უპირატესობას?

11

მე ფაიფურის მასალაც მიყვარს და  მქონდა ნამუშევრები (ეხლა აღარ მაქვს, გავაჩუქე). მაშინ სამხატვრო აკადემიიდან მეორე კურსის სტუდენტებს,  სასწავლო პრაქტიკით, დულევოს და კონაკოვას ქარხანაში ორ-ორი თვე გვიშვებდნენ.  იქ  ვსწავლობდით ფაიფურისა და ფაიანსის მასალის ჩამოსხმასა და ბევრ სხვა ტექნოლოგიურ მეთოდს, მაგრამ აქ არ იყო პირობები, ჩვენთან არ იყო შესაბამისი ბაზა. (ილ.12) ნავთლუღის ქარხანა მოყვითალო კეცის ფერის ნახევრფაიფურს უშვებდა. ძლივს მოხერხდა ზუგდიდში შედარებით გამართული, ახალი საწარმოო დანადგარებით აღჭურვილი ქარხნის აშენება. ზუგდიდის ქარხანაში სტუდენტები ჩაგვყავდა და იქ ვმუშაობდით. სულ ეს იყო ფაიფურთან შეხება. ეს ქარხანა ჩეხებმა გააკეთეს და ბრწყინვალე დაზგები იყო. 1990-იან წლებში, ქვეყანაში არეულობის დროს, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ჯართში ჩააბარეს. (ილ.13)

12
13

მე, ძირითადად,  წითელი თიხითა და შამოთის მასალით ვმუშაობ, როგორც დეკორატიულ-გამოყენებით, ისე, მონუმენტურ კერამიკაში. მაქვს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც.
თქვენმა რომელმა ნამუშევარმა მიიპყრო პირველად მაყურებელის ყურადღება?
ზუსტად არ მახსოვს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, დეკორატიული თეფში „ძველი თბილისი“ გავაკეთე.  ძალიან მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული შემექმნა. იქ წარმოდგენილია ძველი სახლები, რომლის სახურავები,  კეცზე დაძერწილი კოპებითა და მასზე ჩაჭდევის მეთოდით მიღებული ფაქტურით გავაკეთე, ზემოდან კი წითელი ანგობით დავფერე. დანარჩენი ფორმები სხვადასხვა ფერის ანგობის საღებავებით მოვხატე და გადავავლე გამჭვირვალე ჭიქური.  თეფში ძალიან კარგი გამოვიდა, ყველა პედაგოგს მოეწონა.
გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვთ?

14.

ჩემთვის გამორჩეულია „ვარძია“. ახლა აგიხსნით რატომ. (ილ.14) თან თანამედროვეა და თან ქართულია. არაქართველი ამას ვერ გააკეთებს. იმასაც გეტყვით, როგორ დაიბადა ეს იდეა. ერთხელ, ჟურნალს ვათვალიერებდი და ერთ უცხოელს  გაკეთებული ჰქონდა სფერო, რომელზეც ორ  მხარეს დატანილი იყო ოთხი ნახვრეტი, მეტი არაფერი. მაშინ ვარძიაში რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი და უცებ, მომივიდა აზრი,  გამეკეთებინა მსგავსი დეკორატიული ფორმა. ამომეჭრა ისე, როგორც იქ იყო. ეს ხომ თანამედროვეც იქნებოდა და ქართულიც. ჯერ პატარა ესკიზი გავაკეთე. ლატვიაში, ძინტარში, შემოქმედებით სახლში, მხატვრებს მივლინებით  ორი თვით გვაგზავნიდნენ  სამუშაოდ და სწორედ იქ გავაკეთე ვარძია.  სხვადასხვა რესპუბლიკიდან იყვნენ მხატვრები, ყველას მოეწონა.  ჩვენი იქ გაკეთებული  ნამუშევრები ვალორისში უნდა გაგვეგზავნა გამოფენაზე. ჯერ მოსკოვში ჩაჰქონდათ, საბჭო არჩევდა და ვალორისში, საფრანგეთში ბიენალეზე მიჰქონდათ. ერთი ლუდმილა რომანოვა იყო მაშინ მხატვართა კავშირის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კურატორი. იმან თქვა, რომ არ მოსწონდა მაინცდამაინც. მიზეზი, რომ ვერ უნახა, გაზომა და თქვა, რომ ნაკეთობა 45 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო და ჩემი ვარძია კი  35 სანტიმეტრი სიმაღლის იყო და არ მიიღო. ჩამოვედი თბილისში და საბურთალოს საშენ მასალათა კომბინატში  ზუსტად 45 სანტიმეტრიანი იგივე ფორმა გავაკეთე ორ თვეში. დაცულია სემ, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.მაგრამ ვეღარ წავედი რუსეთში, დედა იყო ძალიან ცუდად და ვერ დავტოვე. ომარ ტატულაშვილი იყო ასეთი კერამიკოსი, მას გავატანე საბჭოზე წარსადგენად. ეს იყო 1980 წელი, ნამუშევარი გააგზავნეს ბიენალეზე და დიპლომიც აიღო და კატალოგშიც დაიბეჭდა. მაშინ იქ იყო მედალი და დიპლომი, მედალი ვინ მიიღო არ ვიცი და მე დიპლომი მომცეს.
საკუთარი სახელოსნო თუ გაქვთ?
მე და ომარ რჩეულიშვილს გვქონდა. ჩვენ ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. თვითონ იყო უპატიოსნესი ადამიანი. მას ოჯახი და საკუთარი შვილები არ ჰყავდა.  ძმისშვილები გაზარდა და მათ, ომარი, რომ გარდაიცვალა, გამოაცხადეს - ჩვენ ვიცით, რომ ეს ომარის სახელოსნოაო და გაყიდეს და დავრჩი სახელოსნოს გარეშე. (ილ.15)

15.

როგორია თქვენთვის იდიალური სამუშაო გარემო?
სახელოსნოში, როდესაც არავინ არ გიშლის ხელს, სამუშაო მასალა გაქვს და არ დარბიხარ საძებრად. ჩვენთან ხომ მაღაზიები არაა, სადაც ჭიქური  და სხვა მასალები იყიდება. მაგალითად, გერმანიაში რომ ვიყავი,  ერთ მაღაზიაში  შემიყვანეს და ცუდად გავხდი, უმრავი ფერის ნიმუში იყო: ჭიქურქვედა, ჭიქურზედა საღებავები, ჭიქურები, ანგობები, ფერადი თიხები, შამოთი, ფაიანსი, ფაიფური - ყველაფერი იყიდებოდა, დანადგარები - რაც გინდოდა...  ჩვენ კიდევ, მე და ომარმა  დანადგარები და ამოსაყვანი დაზგა სად აღარ ვაკეთეთ, ზოგი დანადგარი კიროვის ქარხანაში ვაჩარხვინეთ, ზოგი სხვადასხვა ოსტატებს ვაკეთებინეთ. ღუმელი ჩვენ თვითონ ავაშენეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს - როდესაც ყველაფერი გაქვს, მაშინ, რა თქმა, უნდა, უფრო მეტს გააკეთებ და თან, ამდენ ენერგიას და დროს აღარ დახარჯავ უბრალო წვრილმანებზე. (ილ.16)

16

რომელიმე კერამიკულ საწარმოში თუ გიმუშავნიათ?
საწარმოში არა, საკონსტრუქტორო ბიუროში ვმუშაობდი. იქ გვთხოვდნენ წარმოებისთვის ეტალონების შექმნას  და ნავთლუღის კერამიკულ კონბინატში 10 ნიმუშის ფორმა გავაკეთე. წარმოებაში იყო ჩაშვებული რამდენიმე ნამუშევარი: ლარნაკი, პატარა ზომის დეკორატიული ქანდაკება ცხვარი, ღვინის დოქი და სხვ. მე არც ერთი არ მაქვს.
გამოფენები
ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, ერთ ოც ქვეყანაში მაინც იყო ჩემი ნამუშვრები გამოფენილი: საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იუგოსლავიაში, იაპონიაში და ა შ. მაშინ სურათების გალერეა თვითონ აგზავნიდა ნამუშევრებს გამოფენებზე. მიშა ყიფიანი, იყო ასეთი მოქანდაკე, გალერეის დირექტორი, პატრიოტი კაცი იყო და ის იბრძოდა, რომ ქართველი მხატვრები საზღვარგარეთ გამოფენილიყვნენ და კულტურის სამინისტრო აფინანსებდა ამ გამოფენებს. მისი მოადგილე იყო ოთარ მელიქიშვილი, რომელიც საზღვარგარეთ გამოფენებს  მიყვებოდა და იქ ხსნიდა. მეც ვიყავი ერთხელ, კერამიკოს ლევან ყიფიანთან ერთად  ვილნიუსში, 1970-იან  წლებში ჩავიტანე იქ ქართული კერამიკა. მაშინ დიდი წარმატება ხვდა წილად. ბევრს აინტერესებდა, ვინ იყვნენ ნამუშევრების ავტორები, რა ტექნოლოგიით იყო ეს ნამუშევრები შესრულებული. პერსონალური გამოფენა მქონდა მოზამბიკში,  ჩვენთან - არა. არ მაინტერესებდა, იცით რატომ? ზოგი აწყობდა 25-ე, 30-ე გამოფენას და ტრაბახობდნენ მერე, 25-ე გამოფენა, 30-ე გამოფენა. მე, როგორ შეიძლება, ჩემი თავი სერგო ქობულაძეს შევადარო, მაგრამ ისიც ისე წავიდა, რომ პერსონალური გამოფენა არ მოუწყვია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი მზად, შეიძლებოდა უკეთესი ნამუშევრები გამეკეთებინა. ახლა კიდევ, შეიცვალა ყველაფერი და თუ ვინმე არ გყავს, ვეღარც გააკეთებ, იმდენი თანხა გჭირდება.(ილ.17)

17

თქვენს შესახებ თუ არის დაბეჭდილი სტატიები?
არის რამდენიმე საგაზეთო და საჟურნალო სტატია. მაგალითად, „Декоративное искусство“-ში. ნ. ვორონოვი - იყო ასეთი ცნობილი ავტორი, მას აქვს ჩემი ხელოვნების შესახებ სტატია. მეც მაქვს ცალკეული სტატიები ხელოვნების საკითხებზე.მონუმენტური კერამიკა. ჟურ. საბჭოთა ხელოვნება, 1971, №11;  ფერი, მისი თვისებები და გამოყენება დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში (დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო), თბ., 1992;   მოგონება მხატვარ შოთა კუპრაშვილზე. შოთა კუპრაშვილი, თბ., 1999;   სოფელ შროშის ქართული ხალხური კერამიკა. საქართველოს სიძველენი, 2016, №19;  Меня учили мастера. Русский клуб, 2013, №4.
თუ გწყდებათ გული, როცა ყიდით ან აჩუქებთ ნამუშევარს?
არა, არ მწყდება, ხალხში რჩება ეს ნამუშევრები. სახლშიც რომ გქონდეს, მერე რა?! მეგობრებს, ნათესავებს ვჩუქნიდი. ვოვა გელაშვილს აქვს ჩემი ნამუშევრები, თენგიზ გობეჯიშვილს და სხვებს. მუზეუმებიდან ხელოვნების მუზეუმსა და, ძირითადად, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაშია დაცული.
მოგვიყევით თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, რა საგნებს კითხულობდით თბილისის სამხატვრო აკადემიაში?
აკადემიაში ვასწავლიდი კომპოზიციის საფუძვლებს, კომპოზიციასა და კონსტრუირებას. ამ საგანს, სამხატვრო აკადემიაში, მანამდე, დავით ციციშვილი ასწავლიდა და როდესაც მე დავამთავრე და აკადემიაში პედაგოგად მოვეწყვე ნახევარ შტატზე,  მითხრა, რომ მე მასთან მევლო ლექციებზე. ბ-ნმა დავითმა ამიყვანა ასისტენტად, რამდენიმე წლის განმავლობაში ასე ვმუშაობდით. მისი გარდაცვალების შემდეგ, საათები მე მომცეს. ძირითადად, მაინც, კომპოზიციის საფუძვლებს ვასწავლიდი პირველ-მეორე კუსზე. როდესაც ერთ-ერთმა ლექტორმა უსაყვედურა გია ბუღაძეს, რომა როგორ გაუშვით, მხოლოდ ეგ კითხულობდა კომპოზიციის საფუძვლებსო, მან უპასუხა - ეგ საგანი რად გვინდოდა, კომუნისტების მოგონილი იყო და ამიტომ არ არის საჭიროო. არადა, ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ანდრეა დელ ვეროკიო ლეონარდო და ვინჩის ასწავლიდა კომპოზიციის საფუძვლებს, რა არის სტატიკა, რა არის დინამიკა, რა არის წონა, ასიმეტრია, სიმეტრია კომპოზიციაში, ფერის წონითი კატეგორიებს და ა. შ. (ილ.18)

18

თავიდან რომ გიწევდეთ პროფესიის არჩევა, ისევ ამ გზით წახვიდოდით?
კი, იმავე გზით, ოღონდ, ალბათ, პედაგოგობას უკვე აღარ ავირჩევდი. ამაზე ძალიან დიდი დრო და ენერგია გეხარჯება და შენი თავისთვის აღარაფერი გრჩება, შემოქმედებით მუშაობას ვგულისხმობ.
მიაღწიეთ თუ არა იმას, რაც გინდოდათ?
ვერ მივაღწიე, ალბათ, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი დრო დავხარჯე პედაგოგობაზე. მე რომ მცოდნოდა, რომ ფინალში, როგორც გაწურულ ლიმონს, ისე გამწურავდნენ და გადამაგდებდნენ და მადლობასაც არავინ მეტყოდა, მთლიანად შემოქმედებას დავუთმობდი დროს და, ალბათ, ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი. (ილ.7)
თქვენი უახლოესი მეგობრები?
ბევრი მეგობარი მყავდა. ჩვენ კურსზე 14 ვიყავით. ყველა ვმეგობრობდით, ერთმანეთთან მივდიოდით ოჯახებით. ეხლა ვართ დარჩენილები მე, ოთარ მუხიგული, ვლადიმერ გელაშვილი და ერთი სომეხი გვყავდა, ვართანოვი. აქური სომეხი იყო, აქ დაამთავრა და ერევანში წავიდა სამუშაოდ. ახლა, ბოლო ხუთი წელია, აღარაფერი აღარ ვიცი მის შესახებ.
რომელ მხატვრობას ანიჭებთ უპირატესობას?
მე ცოტა უცნაური გემოვნება მაქვს. მიყვარს კლასიკური ხელოვნება: სერგო ქობულაძემ შემაყვარა რაფაელი, მიქელანჯელო, ლეონარდო, სანდრო ბოტიჩელი - მისი ვენერები ბრწყინვალეა, პიერო დელა ფრანჩესკა, მისი ყველა კომპოზიცია აგებულია ოქროს კვეთის საფუძველზე, ამიტომ მიყვარს. რა თქმა უნდა, მიყვარს მე-18-მე-19 საუკუნის ფრანგული ხელოვნება. მიმაჩნია, რომ ჟერიკო ძალიან საინტერესო მხატვარია. მას აქვს ბრწყინვალე სურათი „მედუზას ტივი“. მიყვარს დელაკრუა, თავისი ფერის თეორიით და თავისი ნამუშევრებით, „თავისუფლება ბარიკადებზე“ შესანიშნავი ნამუშევარია, „ნადირობა“ და სხვები. მისი თეორია ფერის შესახებ შემდგომში იმპრესიონისტებმა გამოიყენეს. კორო ასევე კარგი მხატვარია. მიყვარს იმპრესიონისტები. პირველ კურსზე ფრიადოსნები, ყველა სტუდენტი გაგვიშვეს მოსკოვსა და ლენინგრადში, რომ გვენახა კლასიკური და თანამედროვე მხატვრობა. მანამდე, რა თქმა უნდა, იმპრესიონისტები ფერში არ გვქონდა ნანახი, როგორც ვთქვი, მაშინ ჩვენთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ შავ-თეთრი რეპროდუქციები იყო. ერთი შემთხვევა მახსოვს, აკადემიაში იყო ავთო მინდიაშვილი, რომლის ძმა  სუხიშვილებში ცეკვავდა და მან ჩამოიტანა საზღვარგარეთიდან ფერადი რეპროდუქციები.  იყო ერთი ტაციობა - ერთი დღით მომეცი, ერთი დღით მომეცი, მთელი აკადემია ეხვეწებოდა. და, როდესაც იმპრესიონისტები მუზემში ვნახეთ გამოფენილი, ჩემზე და იქ მყოფ ყველა სტუდენტზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორიგინალში ნანახმა ნამუშევრებმა. იმპრესიონისტების ფერმა ისე იმოქმედა ჩემზე და ყველაზე, იქიდან რომ ჩამოვედით, სულ სხვანაირად დავიწყეთ ხატვა. რაც შეეხება ჩვენ მხატვრობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ფიროსმანი მომწონს, ეს არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ უყურებს სამყაროს, ბავშვური თვალებით და თავის ცხოველებს, თუ შეძლება ასეთი გამოთქმა, „აადამიანებს“. რომ უყურებ მის ცხოველებს, ადამიანის ჭკვიანი თვალები გიყურებენ და არა ცხოველის. მის სამყაროში რომ შეხვალ, იქიდან გამოსვლა აღარ გინდა. უდიდესი მხატვარია, უდიდესი. მიყვარს გიგო გაბაშვილი, ჩვენი კლასიკოსი, მისი „მთვრალი ხევსურები“ და განსაკუთრებით მიყვას მისი „ხევსური წითელში“. მომწონს უჩა ჯაფარიძის ადრინდელი რაჭის პეიზაჟები, ბრწყინვალეა. რა თქმა უნდა, მომწონს დავით კაკაბაძე, მისი იმერეთის პეიზჟები. მე თვითონ იმერეთიდან ვარ და ეგეთი პეიზაჟები იმერეთზე ჯერ არავის გაუკეთებია. მისი „იმერეთი - დედაჩემი“ არის ერთ-ერთი შედევრი. გარდა ამისა, ის იყო უაღრესად განათლებული და ერუდირებული პიროვნება და მისი თეორიული ნაშრომები ხელოვნებაზე ძალიან საინტერესოა. მას აქვს აბსტრაქციები, ფაქტობრივად, კანდისკის შემდეგ მან გააკეთა ასეთი ძლიერი აბსტრაქციები, დეკორატიული ნამუშევრები. მომწონს ლადო გუდიაშვილის ადრეული პერიოდის ნამუშევრები: „ხაში“, „კინტოების ქეიფი ქალთან“, „სადღეგრძელო გარიჟრაჟზე“, მომწონს მისი გრაფიკა. საოცარი ხაზი ჰქონდა, არაჩვეულებრივი, სადღაც სქელდება, სადღაც თხელდება და ამ ხაზით მთელ მოცულობას უჩვენებს. მომწონს ელენე ახვლედიანის კახეთისა და თბილისის ზამთრის პეიზაჟები და აქვს კიდევ ნატურიდან გაკეთებული თბილისი 1920-იან წლებში, ძალიან საინტერესო ნამუშევრებია. სერგო ქობულაძეზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, უდიდესი მხატვარია და ნებისმიერ კლასიკოსს გვერდზე რომ დაუყენო მისი ნახატები, შეიძლება იმ კლასიკოსმა წააგოს, ისეთი ძლიერია მისი ზოგი ნამუშევარი. მათ შორის დანტე, „იგორის ლაშქრობის“ კომპოზიციები და, რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები. ძალიან მომწონს ჩვენი ქანდაკება. მე ვთვლი, რომ როდენისა და მაიოლის შემდეგ ასეთი ძლიერი ქანდაკება არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ახლა ანგრევენ ამ სკოლას. ბუღაძემ დაიწყო ამ სკოლის დანგრევა, რომელსაც იაკობ ნიკოლაძემ ჩაუყარა საფუძველი. საინტერესოა ნიკოლოზ კანდელაკის პორტრეტები, ისინი შეიძლება პირდაპირ ბერძნულ და რომაულ კლასიკას შევადაროთ, არ ჩამოუვარდება მათ. და გაგრძელებაა ამ სკოლის მერაბ ბერძენიშვილი, ელგუჯა ამაშუკელი, ძმები ოჩიაურები და ბევრი კარგი ახალგაზრდა მოქანდაკე; წამოვიდა კიდევ ჯუმბერ ჯიქია, ავთანდილ მონასელიძე და სხვები. ყოველ შემთვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ერთი საუკუნეა, რაც აკადემია დაარსდა და ამ ერთ საუკუნში, ამდენი კარგი მხატვრით ვერც ერთი ქვეყანა დაიტრაბახებს; და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი სკოლის დამსახურებაა, აკადემიის დამსახურება და იქ მომუშავე უფროსი თაობის მხატვრების. ეს შემიძლია ვთქვა მხატვრობასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ინდივიდუალური შეხედულებაა, შეიძლება სხვამ სხვანაირად იფიქროს. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი მხატვრობა გვქონდა და ჯერ-ჯერობით კიდევ გვაქვს. გვყავს ახალგაზრდა ნიჭიერი ფერმწერები,  მაგრამ ისე დააკნინა ახლანდელი აკადემია ერთმა კაცმა, რომ კიდევ 20 წელზე მეტი დასჭირდება, რომ ის დონე ისევ აღორძინდეს,  რაც მაშინ იყო. (ილ. 19)

19

რა აზრის ხართ თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე?
ძალიან კარგია, რომ ის, რაც 40-50 წლის წინ კეთდებოდა, იგივე არ კეთდება და წინ მიდის, ვითარდება. ერთი რამ კი შევამჩნიე. მე ვკითხულობ ჟურნალებს, ვათვალიერებ და ვხედავ ზედმეტ ინტერესს ევროპული ხელოვნების მიმართ, მე კერამიკას ვგულისხმობ. იქ რაც გავლილი ეტაპია, ჩვენები ახლა აკეთებენ ამას. ინტერნეტით ნაპოვნ, მოძიებულ ფორმას ცოტა რამეს შეუცვლიან და მორჩა. თანამედროვე და თან ქართული რომ იყოს ნაკეთობა, ძალიან ძნელია, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იმუშაო. აი, მაგალითად, ალდე კაკაბაძეს აქვს რამდენიმე ასეთი ნამუშევარი, რომელიც თანამედროვეც არის და თან ქართულია. ნანა კიკნაძეს აქვს ერთი-ორი.  ძალიან ცოტაა ასთი მხატვრები. ახლა ტექნიკა-ტექნოლოგია შეისწავლეს და მასალებზე წვდომაც მეტია, ძალიან ეფექტურ ნამუშვრებსაც აკეთებენ, მაგრამ ეს უკვე განვლილი ეტაპია. როდესაც გერამანიაში ანაბერგ-ბუჰხოლცში ვიყავით გამოფენაზე მე, მერი ჯალაღანია, შოთა ციციშვილი, ირაკლი ციციშვილი და რაისა ეკალაძე. მაშინ იქ  სულ 8 პრიზი იყო და იქიდან 6 ჩვენ წამოვიღეთ. დაგვაინტერესა და ვიკითხეთ, რა მოგეწონათ ჩვენ ნამუშევრებში-თქო. მათ გვიპასუხეს: ის, რომ არ ჰგავს იმას, რაც ჩვენთან იქმნება და იფინებაო, თქვენ რომ არ ჰგავხართ იმათო და ჩამოთვალეს ევროპის ქვეყნები და, რასაც აკეთებთ, თქვენი ნაციონალურია, აი, ამის გამოო. იქ იღებდა მონაწილეობას საფრანგეთი, იტალია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ჩვენ წამოვიღეთ პრიზები. მეც ვთვლი, რომ ნამუშევარი აუცილებლად თანამედროვე უნდა იყოს და ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ იმას, რაც მუზეუმებში ინახება, თავისთავად კარგია, რომ გვაქვს, მეტიც, ის მასალა აუცილებლად უნდა შეისწავლო, მაგრამ შემდეგ უნდა გააკეთო თანამედროვე და თან - ქართული.(ილ.7)
რას უსურვებდით მომავალ მხატვრებს?
ვუსურვებდი, რომ უყვარდეთ ქართული ხელოვნება, უყვარდეთ სამშობლო და ძალიან ბევრი იმუშაონ, დრო ტყუილად არ დაკარგონ.
მადლობა ბატონო რომა.

ბიბლიოგრაფია:
1. გორდაძე მ.  საგაზაფხულო. გაზ., თბილისი, 1978 წელი, 14 აპრილი.
2. ეგაძე ო.  მხატვართა ასპარეზობა. გაზ. ახალგაზრდა კომუნისტი, 1967 წ., 1 იანვარი.
3. ზაქაიძე მ., კილაძე მ. ქართული კერამიკის ხიბლი. გაზ. სოფლის ცხოვრება, 1988 წელი, 11 მარტი.
4. კიკნაძე ნ.  ქართული საბჭოთა კერამიკა. ჟ. პიონერი, 1968,  №12.
5. ლაუცუსი ა., პივორუნასი ა. ხელოვნების დიდი სიყვარულით. ჟ. საბჭოთა ხელოვნება, 1968, №12.
6. ქართველი მხატვრის წვლილი. გაზ. კომუნისტი, 1984,  29 იანვარი.
7. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით. კომუნისტი, 1982,  29 დეკემბერი.
8. ღირსეული აღიარება. ( ქართველი მხატვარი მოზამბიკში). კომუნისტი, 1984, 15 ნოემბერი.
9.რომუალდ ცუხიშვილი (ბუკლეტი). თბ., 1973.
10. Братская помощь. Заря Востока, 1985 , 12 Мая.
11. Воронов Н. Национальное искусство в современной архитектуре. ж. Декоративное Искусство СССР,  1970, 2/147.
11. Воронов Н. Новые работы грузинских монументалистов. ж.  Искусство, 1974, №4.
12. Воронов Н. Р.  Цухишвили – керамист, художник, педагог.  ж. Советское Декоративное Искусство, 1983, №6.
13. Воронов Н. Республиканская выставка в грузии. ж. Искусство, 1971, №10.
14. Воронов Н. Современность и традиции (Заметки о монументально-декаративном искусстве Грузии). ж. Искусство, 1966, №4.
15. Друг и учитель. Газ.Советская Культура, 1984, 9 октября.
16. Какабадзе А., Современная Грузинская керамика. М.,1984.
17. «Ликани». ж.  Декоративное Искусство СССР,  1971, 8/165.
18. Макаров К. Пластический язык керамики. ж. Декоративное Искусство, 1965, №12.
19. Московский путеводитель «Известий». Газ. Известия, 1965, 28 ноября.
20. Советское декоративное искусство 1945-1975. М., 1989.
21. Советское монументальное искусство -73. М.,1975.
22. Монументальное искусство СССР. М.,1978.
23. Arte e Aprendizagem. Domingo, 1984, 2 de Setembro.
24. Artista soviético expõe na PROSUL.  Noticias, 1984, 5 de Outubro.
25. Exposição da PROSUL brevemente na Beira. Domingo, 1984, 14 de Outubro.
26. Fernando M. Talentos em câmara escura. Tempo, 1984, 26 De Agosto.
27. Forno em construção para sector de ceramic. Noticias, 1984, 22 Agosto.
28. Pintor soviético expõe obras no Chiveve. Diário, 1984, 27 de Outubro.

ნანახია: 11012-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani