Georgian (Georgia)English (United Kingdom)
არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და გერმანული ურბანისტიკა

There are no translations available.

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

არქიტექტორი ალექსანდრე მინას ძე ნიკოლაიშვილი - საქართველოში ქალაქმშენებლობითი დისციპლინის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი  ქ. ფოთში 1898  სხვა მონაცემებით კი 1897 წელს დაიბადა. 1916 წელს მან დაამთავრა ფოთის ვაჟთა გიმნაზია, რის შემდეგაც ამავე სასწავლებელში ასწავლიდა ხატვას და სუფთა წერას. 1918 წელს იგი  ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (თბილისი) და ერთდროულად სწავლობდა ხატვას და ქანდაკებას თბილისის ხატვისა და ქანდაკების სკოლაში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია).
1920 წელს საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ა. ნიკოლაიშვილი როგორც ნიჭიერი, პერსპექტიული სტუდენტი უმაღლესი განათლების მისაღებად  გერმანიაში გააგზავნა.  1927 წელს მან დაამთავრა შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება და მიიღო ინჟინერ-არქიტექტორის წოდება. სწავლის დამთავრების შემდეგ ა. ნიკოლაიშვილი გარკვეულ დროს ბერლინში მუშაობდა როგორც არქიტექტორ-დამპროექტებელი, ხოლო 1928 წლის მაისში  სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროიდან იგი მთელ თავის ცოდნას და ენერგიას ქართული არქიტექტურის განვითარების და წინსვლის საქმეს ახმარს. ფართო ერუდიცია, განსწავლულობა, პროფესიული კულტურა საშუალებას აძლევს მას მოკლე ხანში გახდეს პიონერი ისეთი რთული არქიტექტურული დისციპლინისა, ხოლო იმ დროს ქართული არქიტექტურისთვის კი  სრულიად ახალი დარგისა, როგორიც არის ქალაქმშენებლობა,  მის მიერ ან მისი ხელმძღვანელობით გასული საუკუნის 30-60-იან წლებში დამუშავებულია საქართველოს მრავალი ქალაქის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტები, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქებისა როგორიცაა ფოთი, ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზესტაფონი და სხვ., გარდა ამისა, ახალი მუშათა დასახლებების, კურორტების (გაგრა, მალთაყვა, ბორჯომი და სხვ.) გენერალური დაგეგმარების და რაიონული ცენტრებისა და სოფლების დაგეგმარების პუნტები.
13.ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. 1930-იანი წლების დასაწყისის ფოტო
ქართული არქიტექტურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მისი პროექტებით აგებული - სპეციალისტების საცხოვრებელი სახლის კომპლექსი თბილისში (1933 წ., მ. შავიშვილთან ერთად), ავჭალის ჩაის საწონი ფაბრიკა (1938 წ.) და სხვ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ა.ნიკოლაიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც იგი ეწეოდა 1928 წლიდად და გადასცემდა ქალაქგეგმარების დარგში თავის მრავალმხრივ, ღრმა ცოდნას მომავალ არქიტექტორებს.
ა. ნიკოლაიშვილი იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ერთ-ერთი პირველი წევრი და 1936 წლიდან, მისი ქალაქმშენებლობის სექციის ხელმძღვანელი. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება (1961 წ.), მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, კერძოდ "საპატიო ნიშნის" ორდენი (1946 წ.).
01. ბერლინი. საცხოვრებელი კომპლექსი - ვეისე შტადტ ("თეთრი ქალაქი"), გენგეგმა, არქიტექტორები: ოტო ზალფისბერგი, ბრუნო არენდსი, ვილჰელმ ბიუნინგი, 1929-1931 წწ.;02. ბერლინი. საცხოვრებელი კომპლექსი - ფალკენბერგი, მაკეტი, არქიტექტორები: ბრუნო ტაუტი, ჰენრიხ ტესენოვი, 1913-1916 წწ.;
უკვე ზემოაღნიშნულიდან  ნათელია რომ ა.ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა და ბიოგრაფია ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს, თუნდაც როგორც ახალი ქართული არქიტექტურის ჩამოყალიბების პერიოდის ფრიად მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ის დღემდე  არ არის სათანადოდ შესწავლილი და ფაქტიურად  ბევრი რამ ჩვენთვის არცაა ცნობილი, განსაკუთრებით კი მისი გერმანიაში სწავლის და მუშაობის (მართალია ხანმოკლე) პერიოდი. ამის  ერთ-ერთ მიზეზად ბევრი ასახელებს იმას, რომ ა. ნიკოლაიშვილი იყო ძალიან თავშეკავებული ადამიანი და თავს არიდებდა საუბარს საკუთარი თავის შესახებ, მისი შემოქმედებითი საქმიანობის ჩათვლით, მეტადრე კი გერმანიაში გატარებულ წლებზე. შესაძლებელია ამას თავისი გარკვეული მიზეზებიც ჰქონდა. ჩვეულებრივ, საუბარში იგი აღნიშნავდა მხოლოდ იმას, შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში ვისწავლეო, რაც მისგან  მეც  მაქვს გაგონილი. ოფიციალურად ეს  დასტურდება იმითაც, რომ: "ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის არქივში არსებობს ჩანაწერი ალექსანდრე ნიკოლაიშვილის იქ სწავლის შესახებ 1920-25 წლებში (შენიშვნით რომ სწავლა უგრძელდება 1928 წლამდე), თუმცა არ იძებნება დოკუმენტი უნივერსიტეტის დასრულების შესახებ"აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა ანა მარგველაშვილმა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებელმა.მართალია, ზოგჯერ იგი შედარებით უფრო ვრცლად იხსენებდა განვლილ წლებს,  თუმცა, როგორც  ჩანს, გააჩნია ვისთან და როდის. ფაქტიურად ეს იყო ცალკეული პატარ-პატარა საინტერესო დამახასიათებელი ინფორმაციული ხასიათის ფაქტები.
3. ბერლინი. საცხოვრებელი კომპლექსი - ბრიცი (დაბა ხუფაიზენი), გენგეგმა, არქიტექტორები: ბრუნო ტაუტი, მარტინ ვაგნერი, 1925-1930 წწ.;4. ბერლინი. საცხოვრებელი კომპლექსი - ბრიცი (დაბა ხუფაიზენი), საერთო ხედი, არქიტექტორები: ბრუნო ტაუტი, მარტინ ვაგნერი, 1925-1930 წწ.;
წინამდინარე ნსტატია ა. ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ცნობილი (უნდა აღვნიშნოთ, საკმაოდ მწირი) და ახლად მოპოებული მასალის შესწავლის საფუძველზეა მომზადებული და ძირითადად  მიზნად ისახავს პასუხს, ჩვენი აზრით, მთავარ  საკითხზე - რა ცოდნა შეიძინა მან  როგორც არქიტექტორმა გერმანიაში სწავლის შედეგად და რა გავლენა იქონია ამან მის შემდგომ შემოქმედებით მოღვაწეობაზე საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ პირობითად გამოვყავით ორი პერიოდი მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, ერთი - გერმანიაში ყოფნის პერიოდი, მეორე - საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი. აქცენტი აქ,  პირველ რიგში, არის გადატანილი  გერმანიაში სწავლისა და მუშაობის წლებზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამან უშუალო გავლენა მოახდინა მთელ მის შემდგომ შემოქმედებით მოღვაწეობაზე. ამავე დროს, აქ ისიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ თვით მცირე მოცულობა ზოგადად არ იძლეოდა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სრულ, მრავალმხრივ და რაც მთავარია, დეტალური  განხილვის საშუალებას.
5. ბერლინი. საცხოვრებელი კომპლექსი - კარლ ლეგინის სახ. დაბა, გენგეგმა, არქიტექტორები: ბრუნო ტაუტი, ფრანც ჰილინგერი, 1928-1930 წწ.;
სტატიაში გამოყენებულია შემდეგი მასალები ა. ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიის თაობაზე: სტატია მის შესახებ ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაში (ტომი 7, გვ.430, თბ., 1984), არქიტექტურული თემატიკის რამდენიმე წიგნი, სადაც მოხსენიებულია ა. ნიკოლაიშვილის ზოგიერთი პროექტი, ინფორმაციის თანამედროვე წყაროები (კერძოდ, საიტები რომლებიც მიძღვნილია განსახილველი პერიოდის არქიტექტურის და ცალკეული არქიტექტორების შემოქმედების ისტორიისადმი). მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო აგრეთვე, თუნდაც მცირე მოგონება-ინფორმაციის მოპოების მისაღებად იმ არქიტექტორების  "გამოკითხვას",  რომლებსაც მასთან რაიმე შემოქმედებითი კავშირი ჰქონდათ, მაგ., გარკვეული წლების მანძილზე მასთან ერთად მუშაობდნენ ან (ჩემი ჩათვლით) მისი ყოფილი სტუდენტები არიან. ამასთან ერთად,    ჩვენ    ვეცადეთ    განვეხილა    ა. ნიკოლაიშვილის    შემოქმედებითი
შეხედულებების  ჩამოყალიბების  საფუძვლები, რაც ჩვენი აზრით დაკავშირებული იყო  მისი შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში სწავლის წლებთან. ეს პროცესი, რომელიც უდაოდ მიმდინარეობდა მისი პედაგოგ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, განხილულია მის თანაჯგუფელებთან ერთობლივად. ამიტომაც, ჩვენ გავეცანით იმ პირთა არსებულ შემოქმედებითი ბიოგრაფიების არქიტექტურულ-ისტორიულ კვლევებს, რომლებსაც შეეძლოდ გავლენა მოეხდინად მისი შემოქმედებითი შეხედულებების ფორმირებაზე ან თვითონაც  მსგავს შეხედულებებს  იზიარებდნენ. ვგულისხმობთ რა მის პედაგოგ-მასწავლებლებს და ამავე დროს მის ჯგუფელებს. ვფიქრობთ რომ ყველაფერმა ამან შეიძლება წარმოდგენა მოგვცეს თვით ა.ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი შეხედულებების შესახებაც და ამით გარკვეულწილად მოგვცემს საშუალება გავცეს პასუხი  ჩვენთვის საინტერესო  კითხვებს.
პირველ რიგში, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ ა. ნიკოლაიშვილის პედაგოგი და დამრიგებელი, რომელსაც იგი მოიხსენიებდა "ჩემი პროფესორი"-ო. ეს იყო გერმანელი არქიტექტორი ჰაინრიხ ტესენოვი (1876-1950) რომელიც ჰანს პელციგთან, ბრუნო ტაუტთან, პეტერ ბერენსთან, ფრიც ჰეგერთან, ერნსტ მაისთან, ერიხ მენდელსონთან, ვალტერ გროპიუსთან და ლუდვიგ მის ვან დერ როესთან ერთად ითვლება ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ არქიტექტორად. მიუხედავად იმისა, რომ ჰ. ტესენოვი შედიოდა "რინგის" ჯგუფში, რომელიც აერთიანებდა იმ დროის საუკეთესო გერმანელ არქიტექტორებს (მისი წევრები იყვნენ არქიტექტორ-ავანგარდისტები - ვ. გროპიუსი, ლ. მის ვან დერ როე, ე. მენდელსონი, ბ. ტაუტი, პ. ბერენსი), მისი შეხედულებანი საგრძნობლად განსხვავდებოდა გერმანიაში მოდერნიზმის მომხრეების წარმოდგენებისაგან. ჰ. ტესენოვი იცავდა ეროვნული არქიტექტურის იდეებს და უარყოფდა, მისი აზრით, "უნაყოფო" ინტერნაციონალურ სტილს. იგი დიდი ქალაქების წინააღმდეგიც იყო, რომლებიც, როგორც ის თვლიდა, ანგრევენ ეროვნულ კულტურას და ცხოვრების ტრადიციულ წესს. თავის ნამუშევრებში ჰ. ტესენოვი ცდილობდა კლასიკური არქიტექტურის ელემენტების შეხამებას შუასაუკუნოვანი გერმანული არქიტექტურის ტრადიციებთან, "კლასიკური გერმანული სტილის" შესაქმნელად. ის მიისწრაფოდა უკიდურეს "სიმარტივისკენ", რამაც განაპირობა არა მარტო მისი არქიტექტურის, არამედ მისი გრაფიკის ხასიათი. მისი პრინციპები აშკარად ატარებს კლასიციზმის ანარეკლს (სიმეტრია, რეგულარულობა, ფორმის სიწმინდე და სისუფთავე და ა.შ.). ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ჰ.ტესენოვმა თავისი წვლილი შეიტანა ფუნქციონალიზმის არქიტექტურული ესთეტიკის, განსაკუთრებით კი თეორიის მომზადებაში. იგი თვლიდა, რომ არქიტექტურული ფორმა უნდა იყოს საკმაოდ უნიფიცირებული, რათა მრავალსახეობა ქაოსად არ გადაიქცეს. ამან, თავის მხრივ, მიიყვანა იგი რაციონალისტურ დასკვნამდე ტიპიური მშენებლობის აუცილებლობისა. ამრიგად, ტრადიცია გახდა ნოვატორული გადაწყვეტილებების წყარო. ამ თეორიამ საგრძნობი გავლენა მოახდინა ტიპიური მშენებლობის განვითარებაზე. ამდენად, რთულია არ ვაღიაროდ ჰ.ტესენოვის მოღვაწეობის მნიშვნელობა. ჰ. ტესენოვი იყო ერთ-ერთი გერმანელ არქიტექტორთაგანი,  რომელნიც  XX საუკუნეში ავითარებდნენ ნეობიდერმაირის სტილს. იგი აქტიურად თანამშრომლობდა "ვერკბუნდთან", რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა არქიტექტურის შემდგომ განვითარებაზე.გერმანული ვერკბუნდი - საწარმოო კავშირი. დაარსდა მიუნხენში 1907 წელს. არქიტექტორების, დეკორატიული ხელოვნების ოსტატების და მწარმოებელთა გაერთიანება. მიზანი - მშენებლობისა და მხატვრული რეწვის რეორგანიზაცია თანამედროვე სამრეწველო საფუძველზე. 1933 წელს ნაცისტებმა "ვერკბუნდი"   გააუქმეს, აღდგენილ იქნა 1947 წელს დიუსელდორფში.ჰ.ტესენოვს და არქიტექტორებს ჰერმან მუტესიუსს და რიჩარდ რიმერშმიდს ("ვერკბუნდის" თნადამაასრებელი) ეკუთვნის დრეზდენის მახლობლად  გერმანიაში პირველი ქალაქი-ბაღის ჰელერაუს პროექტი (1908 წ.). ამ  განსაკუთრებით ჰუმანურმა, ფუნქციონალური ურბანული დაგეგმარების მაგალითმა   საბოლოოდ  მიიყვანა   ე.მაი და ბ.ტაუტი ვრცელ საცხოვრებელ პროექტებთან.   ჰ.ტესენოვმა ბ.ტაუტთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბერლინში საცხოვრებელი რაიონის - "ფალკენბერგის" მშნებლობაში, 1913-1916 წწ. ასევე უნდა აღვნიშნოთ 1928 წელს   აგრეთვე ბერლინში აშენებული ეკსპერიმენტალური საცხოვრებელი რაიონი "ამ ფიშტალი". ამ დასახლების პროექტის შედგენით და მშენებლობით დაკავებული იყო ცნობილი არქიტექტორების დიდი ჯგუფი ჰ.ტესენოვის საერთო ხელმძღვანელობით. ჰ.ტესენოვის შემოქმედების ხასიათი, მთავარი თავისებურებანი, რომლებიც გამოხატულია მის მიერ აგებულ ნაგებობებში, დაკავშირებულია მის სწრაფვასთან მოახდინოს ხალხური ტრადიციის, მაღალი კლასიკური არქიტექტურის, ხელნაკეთობის საფუძვლებისა და XX საუკუნის რაციონალიზმის სინთეზი.
6. ბერლინი. საცხოვრებელი კომპლექსი - კარლ ლეგინის სახ. დაბა, განაშენიანება, არქიტექტორები: ბრუნო ტაუტი, ფრანც ჰილინგერი, 1928-1930 წწ.,;
როგორც პედაგოგმა და რიგი პუბლიკაციების ავტორმა ჰ. ტესენოვმა გავლენა მოახდინა  მრავალი გერმანელი არქიტექტორის შემოქმედებაზე. მის მოწაფეთა შორის ბევრი ცნობილი არქიტექტორია, მაგალითად, ალბერტ შპეერი, რუდოლფ ვოლტერსი, ფრიდრიხ ტამსი,  ოტო კენიგსბერგერი და ალბათ მათ რიგში ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ალექსანდრე ნიკოლაიშვილიც. ჰ. ტესენოვის გავლენა გერმანიის 1930-იანი წლების არქიტექტურაზე ბევრად დამოკიდებულია იმაზეც, რომ იგი იყო ა. შპეერის უშუალო მასწავლებელია და ეს უკანასკნელი ზუსტად მისი არქიტექტურის საფუძვლებს ემყარებოდა. თვით ჰ. ტესენოვი არაფრით იყო დაკავშირებული ნაციზმის არქიტექტურასთან და არცკი იყო ნაცისტური პარტიის წევრი.  ჰ. ტესენოვმა ფართო გავლენა არქიტექტურაზე  იქონია კიდევ ერთი  მისი მოწაფის, არქიტექტორ-ურბანისტის ოტო კენიგსბერგერის (1908-1999) მეშვეობითაც, რომელიც მუშაობდა აზიაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და განსაკუთრებით ინდოეთში. კერძოდ, მან დაამუშავა ინდოეთის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქის - ბხუბანეშვარის გენგეგმა (პროექტი - 1946 წ.). ეს იყო ინდოეთში ერთ-ერთი პირველი ქალაქის რეგულარული გენგეგმა. ო. კენიგსბერგერმა  შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლა 1931 წელს დაამთავრა, ხოლო 1933 წელს მიიღო შინკელის პრემია ბერლინის ოლიმპიური სტადიონის არქიტექტურული გაფორმების პროექტისთვის. შემდგომში, როგორც ცნობილი ფიზიკოსის მაქს ბორნის (1882-1970) ახლო ნათესავი, ის იძულებული გახდა გერმანიიდან ემიგრაციაში წასულიყო.
7. ბერლინი. საცხოვრებელი კომპლექსი - სიმენსშტადტი, გენგეგმა, არქიტექტორები: ჰანს შარუნი, ვალტერ გროპიუსი, ოტო ბარტნინგი, ალფრედ ფორბატი, გუგო ჰერინგი, პაულ გენინგი, 1929-1934 წწ.;
ა.შპეერის მოგონებები აღწერს ჰ.ტესენოვის პირადი, დისკურსიული, არაფორმალური სწავლის სტილს, იმ უპირატესობას, რომელსაც იგი  ანიჭებდა  არქიტექტურას,  რომელიც  გამოხატავს  ეროვნულ  კულტურას  და  აქვს გამარტივებული ფორმები. ჰ.ტესენოვი ცნობილი იყო თავისი გამონათქვამით: "უმარტივესი ფორმა არ არის ყოველთვის საუკეთესო, მაგრამ საუკეთესო ყოველთვის მარტივია". გერმანიაში 1958 წლიდან არსებობს ჰაინრიხ ტესენოვის საზოგადოება, 1962 წელს დაარსდა მისი სახელობის ოქროს მედალი, ასევე არსებობს ჰ.ტესენოვის ინსტიტუტი, მისი სახელობის ფონდი და არქივი. ამასთან ერთად ქ.მაგდებურგის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.
ა. ნიკოლაიშვილის ერთ-ერთი ჯგუფელი იყო უკვე მოხსენებული ალბერტ შპეერი (1905-1981) რომელიც ითვლებოდა ა. ჰიტლერის საყვარელ, პირად ან კარის არქიტექტორად. ამავე დროს, იგი წარმოადგენდა ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე კიდევაც იყო ჰიტლერის ნდობით აღჭურვილი პირი. ნიუნბერგის პროცესზე იგი სხვა მთავარ ნაცისტურ დამნაშავეებთან ერთად გაასამართლეს და ოცი წლის პატიმრობა მიუსაჯეს.
ა. შპეერი  1925 წლიდან  სწავლობდა შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1927 წლიდან 1932 წლამდე იქვე მუშაობდა ჰ.ტესენოვის სამეცნიერო ასისტენტად. აღსანიშნავია, რომ ა.შპეერი ყოველთვის თვლიდა თავს მის მოწაფედ. უდაოა, რომ ა. შპეერის შემოქმედებაში თავისი ასახვა ჰპოვა ჰ. ტესენოვის იდეებმა, მისმა სწრაფვამ სიმარტივისაკენ რომელსაც იგი ქადაგებდა. 1937 წელს ა.შპეერი დანიშნეს ბერლინის გენერალურ ინსპექტორად მშენებლობის დარგში. 1938-1939 წლებში მან დაამუშავა გერმანიის დედაქალაქის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა მონუმენტურ არქიტექტურულ სტილში. ჰ.ტესენოვის მიდგომამ გეგმარებისადმი და ნიმუშების (პროტოტიპების)  გამოყენებამ დაუდო საფუძველი ა.შპეერის ნაგებობების მშენებლობას ანტიკური ტრადიციების თავშეკავებულ ხასიათში, როგორც ის მას აღიქვამდა. მისი გადასვლები  სხვა უფრო პომპეზურ, კერძოდ, ნეობაროკოს "სტილში", რამდენიმე წლის შემდეგ თვით ა. შპეერი მას აფასებდა როგორც შემოქმედებით წარუმატებელს. საინტერესოა, რომ როდესაც ა.შპეერმა  გააცნო  ჰ. ტესენოვს ერთ-ერთი თავისი პროექტი, ჰ. ტესენოვმა მას დაახლოებით ასე უპასუხა, ყველაფერი ძალიან ეფექტურია და მეტი არაფერიო. როდესაც მოგვიანებით კიდევ ერთმა მისმა მოწაფემ, რ. ვოლტერსმა გაუგზავნა მას მისი და ა.შპეერის ერთობლივი წიგნი "თანამედროვე გერმანული არქიტექტურა", მან უპასუხა, რომ ყველაფერი არის ყინულივით ცივი და  "არაჰუმანური" იმ გაგებით, რომ ასეთი არქიტექტურა თრგუნავს ადამიანს. ა.შპეერი აპროექტებდა სახელმწიფო დაწესებულებებს, სტადიონებს, ხიდებს, სასახლეებს, მონუმენტებს და ქალაქებს. კერძოდ მან დააპროექტა გერმანული პავილიონი საერთაშორისო გამოფენაზე პარიზში (1937 წ.), ახალი სახელმწიფო კანცელარიის შენობა (1938-1939 წწ.), "გერმანული სტადიონი" (პროექტი, 1937 წ., არ განხორციელებულა), "ხალხთა დარბაზი" (პროექტი, 1939 წ., არ განხორციელებულა) და სხვ. ფაქტიურად იგი აღიარებულია მესამე რაიხის წამყვან არქიტექტორად, რომელიც იყო ნეოკლასიკური ტრადიციების მიმდევარი და ამავე დროს, არ უარყოფდა ცალკეულ მოდერნისტულ გავლენასაც. აგრეთვე იგი  შეიძლება მიჩნეული იყოს პიონერად შუქოვანი არქიტექტურის დარგში.  1942 წელს ა.შპეერი დანიშნეს შეარაღებისა და სამხედრო წარმოების რაიხმინისტრად და იგი ჩამოცილდა აქტიურ არქიტექტურულ საქმიანობას. უკვე ომის შემდეგ ა.შპეერი წერდა: "შემთხვევითი არ არის ის, რომ მე მიზიდავდა ტესენოვი,  მისი ერთიანობა, ფაქიზი ხელობა, სწრაფვა სიმარტივისაკენ,  და არა გროპიუსი ამ მის ვან დერ როე. მე უარყოფითად ვიყავი  განწყობილი დიდი ქალაქების და მათი გავლენით ჩამოყალიბებულ ადამიანების მიმართ.
8. ბერლინი. საცხოვრებელი კომპლექსი - სიმენსშტადტი, მაკეტი, არქიტექტორები: ჰანს შარუნი, ვალტერ გროპიუსი, ოტო ბარტნინგი, ალფრედ ფორბატი, გუგო ჰერინგი, პაულ გენინგი, 1929-1934 წწ.;
ა. ნიკოლაიშვილის კიდევ ერთი ჯგუფელი იყო რუდოლფ ვოლტერსი (1903-83), რომელიც 1925 წელს თავის ახლო მეგობართან ე.შპეერთან  და აგრეთვე   ფრიდრიხ ტამსთან (1904-1980) ერთად მიუნხენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან გადავიდა სასწავლებლად, შარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. საინტეროსოა, რომ ორივემ - ე.ი. ა. შპეერმაც და რ. ვოლტერსმაც აირჩიეს და ძალიან აფასებდნენ თავიანთ მასწავლებელს და დამრიგებელს არქიტექტურის დარგში - პროფესორ ჰ.ტესენოვს, რომლის შეხედულებებმა მნიშვნელოვანი  გავლენა იქონია მათ შემოქმედებით კრედოზე. 1927 წელს სწავლის დამთავრების და დიპლომის მიღების შემდეგ რ.ვოლტერსი იწყებს მუშაობას ჰ.ტესენოვის კერძო სტუდიაში. 1929 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე - "რკინიგზის სადგურების შენობების დაგეგმარება". ეკონომიკური დეპრესიის პერიოდში იგი დარჩა უმუშევარი და 1932-1933 წლებში კონტრაქტით გაემგზავრა სამუშაოდ საბჭოთა კავშირში, ნოვოსიბირსკში. იქ მან მონაწილეობა მიიღო სადგურ ინსკაიაზე რკინიგზის მუშებისათვის დაბისა და ნოვოსიბირსკში ტრანსპორტის სამხედრო ინჟინრების ინსტიტუტის შენობათა კომპლექსის დაპროექტებაში და სხვ. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მან აღწერა თავისი შთაბეჭდილებები წიგნში "სპეციალისტი ციმბირში", რომელიც გერმანიაში ორჯერ გამოიცა - 1933 და 1936 წლებში. წიგნში აღწერილია, როგორი იყო სინამდვილეში საბჭოთა საზიგადოების სტრუქტურა, როგორ გამოიყურებოდა საზოგადოებრივი დამოკიდებულებანი, როგორი იყო ფასები და ხელფასი, როგორ ხორციელდებოდა მოსახლეობის მომარაგება და ბევრო სხვა, მათ შორის ბიუროკრატიზმის, არასახარბიელო სამედიცინო მომსახურეობის, ე.წ. ულუფის და პურის წიგნაკების არსებობის შესახებ. მოხსენებულია ის ბარაკები და სხვა "დროებითი საცხოვრებლები",  რომლებშიც ცხოვრობდა მშენებარე ქალაქების მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და, ბოლოს, ავტორი აღნიშნავს იმას, რომ გერმანიაში უმუშევარიც კი უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე პრივილეგირებული ადამიანი საბჭოთა კავშირში. გასაგებია რომ წიგნი  მოხვდა ანტისაბჭოური ლიტერატურის სიაში და აკრძალული იყო.
9. ფრანქფურტი. საცხოვრებელი კომპლექსი - დაბა ვესტჰაუზენი, საერთო ხედი, არქიტექტორი ერნსტ მაი, 1929-1931 წწ.;
ამავე დროს,  მის დაუნებურად რ. ვოლტერსმა გარკვეულწილად ფარდა  ახადა საბჭოთა არქიტექტურის და ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლებულ და მნიშვნელოვან მომენტებს. სსრკ-ს არქიტექტურულ ისტორიოგრაფიაში საერთოდ არ მოიპოვება რაიმე ინფორმაცია უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ საპროექტო სამუშაოებში. საბჭოთა არქიტექტორებს - იმ დროის შესაბამისი საპროექტო ინსტიტუტების თანამშრობლებს - არ დაუტოვებიათ ამის შესახებ არავითარი დამადასტურებელი მემუარული ხასიათის ცნობები. ჯერჯერობით არქივებშიც არ არის აღმოჩენილი შესაბამისი დოკუმენტები. მაგრამ რ. ვოლტერსი წერს, რომ მოსკოვში არსებობდა უცხოელ დამგეგმარებელთა ორი ჯგუფი, რომლებიც ქადაგებდნენ ურბანული დაგეგმარებისა პრინციპულად განსხვავებულ მიდგომებს. იგი უწოდებს ამ ჯგუფებს "რუსო-გერმანელებს" და "რუსო-ამერიკელებს". "რუსო-გერმანელები", როგორც თვლიან, უნდა ყოფილიყვნენ თავმოყრილი საპროექტო ინსტიტუტ "სტანდარტქალაქპროექტში", ხოლო "რუსო-ამერიკელები" როგორც იგი მოწმობს - საპროექტო ინსტიტუტ "გიპროგორში". "სტანდარტქალაქპროექტში" მუშაობდა ერნსტ მაის საერთაშორისო  ჯგუფი (40 არტიტექტორი, მ.შ ისეთი ცნობილი, როგორებც იყვნენ ჰ. მაიერი, ბ. ტაუტი, ჰ. შმიდტი და სხვ.), ხოლო "გიპროგორში" 20 ამერიკელი არქიტექტორი ფირმიდან "ალბერტ კან ინკორპორეიტედ". თვით ალბერტ კანს ეკავა "სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს"უმაღლესი ცენტრალური ორგანო რომელიც მართავდა სახალხო მეურნეობას, ძირითადად მრეწველობას და იმ დროს მიმართული იყო ფორსირებული ინდუსტრიალიზაციის გასატარებლად.მთავარი არქიტექტორის თანამდებობა. ფაქტიურად აღნიშნული სპეციალისტები თავს აფარებდნენ ამ, მათთვის საგანგებოდ შექმნილ საპროექტო ინსტიტუტებში ("გიპროგორი" შეიქმნა 1929 წელს, ხოლო "სტანდარტქალაქპროექტში" 1931 წელს). უცხოელი სპეციალისტების მოწვევის მიზანი იყო უცხოეთის გამოცდილებისა და უცხოური ტექნიკის მიღწევების გამოყენება.ჯერ არ არის გარკვეული ა. კანის ფირმის დამგეგმარებლების როლი საბჭოთა სამოქალაქო მშენებლობაში. ამასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ 1960-70-იან წწ. მოსკოვში მცხოვრებმა ნათესავმა, როგორც არქიტექტორს, რამენადმე საიდუმლოდ,  მომაწოდა ინფორმაცია, რომ მათი საცხოვრებელი კომპლექსი ამერიკელების აშენებულია. ინფორმაცია იმდენად არადამაჯერებელი მეჩვენა, რომ ყურადღებაც არ მიმიქცევია. ეს საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს მოსკოვის ერთ-ერთი ისტორიული რაიონის - პრესნიას ტერიტორიაზე."სტანდარტქალაქპროექტი" ადგენდა ახლად ასაშენებელი ქალაქების, ხოლო "გიპროგორი"  უკვე არსებული  დიდ  ქალაქთა გენგეგმის პროექტებს.
რ. ვოლტერსის თანახმად, პროექტების დამტკიცება, კერძოდ ნოვოსიბირსკში (თუმცა ალბათ ეს ვრცელდებოდა სხვა ქალაქებზეც) პირველ რიგში, დამოკიდებული იყო იმ სპეციალისტებზე, ამ შემთხვევაში  საბჭოთა ქალაქმშენებელთა პატარა ჯგუფზე, რომელიც ამუშავებდა ამ ქალაქის  განაშენიანების პროექტს. ეს ჯგუფი წარმოადგენდა "გიპროგორის" ფილიალს, რომელსაც  ამერიკელები ხელმძღვანელობდნენ. აქედან გამომდინარე, "გიპროგორი"  წარმოადგენდა ცენტრალურ ინსტანციას საიდანაც მოსკოვიდან ადგილებზე იგზავნებოდნენ სპეციალისტების ჯგუფები. საინტერესოა, რომ უცხოელი სპეციალისტები არა მარტო ადგენდნენ პროექტებს, არამედ ხელმძღვანელობდნენ და პასუხისმგებელნი იყვნენ სამუშაოების შესრულებაზე. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ იმ დროს საბჭოთა კავშირში მოღვაწე,  1928-1930 წლებში ბაუჰაუზის დირექტორი,  შვეიცარიელი არქიტექტორი ჰ.მაიერი (1889-1954), რომელიც არსებული ინფორმაციის თანახმად, არა მარტო ხელმძღვანელობდა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს "გიპროგორში", არამედ პასუხისმგებელი იყო აღმოსავლეთ ციმბირისა და შორეულ აღმოსავლეთში ჩატარებულ სამუშაოებზე, თან კი უშუალიდ დაკავებული იყო  სოცქალაქების, კერძოდ ქ.ბირობიჯანის გეგმების დამუშავებით.
10. თბილისის დაგეგმარების გენერალური გეგმა. 1934;
რ.ვოლტერსისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ახალი საბჭოთა ქალაქების სამრეწველო ცენტრების გეგმარებითი გადაწყვეტა შესრულებული სსრკ-ში მომუშავე ამერიკელი არქიტექტორების მიერ, პირველ რიგში, მათი გენერალური გეგმების ტრადიციული, კლასიცისტური გეომეტრიული ნახატის გამო. მისი აზრით "ამერიკელებმა რუსეთში ქალაქმშენებლობის სიცოცხლეგამოცლილი სკოლა მოიტანეს და ის სულ უფრო მძლავრობს“. იქმნება შთაბეჭდილება, წერს იგი, რომ „ეს ამერიკელები ჩამოვიდნენ რუსეთში ბერინგის სრუტის გავლით და არაფერი იციან ევროპაში 30 წლის წინ დაწყებული  გრანდიოზული ქალაქგეგმარებითი რევოლუციის შესახებ". აქ ვოლტერსი, რა თქნა უნდა, გულისხმობს ქალაქი-ბაღის კონცეფციას. ასევე ჩანს, რომ მისთვის მთლად მისაღები არ იყო ქალაქების ძირეული გადაგეგმარების მოდერნისტული იდეებიც, კერძოდ, ლე კორბიუზეს ვუაზენის გეგმის ყაიდისა, რომლებიც, უნდა ვივარაუდოთ, ეწინააღმდეგებოდა რ. ვოლტერსის წარმოდგენას "იდეალური გერმანული ქალაქის" თაობაზე, თავისი ისტორიულად ჩამოყალიბებული და თანამიმდევრული გეგმარებითი სტრუქტურით, სადაც გეგმის რადიალური ფრაგმენტები "რომაული სამხედრო ბანაკის" სწორკუთხა ღერძებსაა შეხამებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რ. ვოლტერსის შეფასებებში, გამომდინარე მისი არქიტექტურული შეხედულებებიდან, ჭარბობს იმ წლებისათვის დამახასიათებელი და გერმანული ურბანული თეორიისათვის უკვე ტრადიციად ქცეული იდეა ერისათვის მსხვილი მეგაპოლისების განვითარების დამღუპველობის შესახებ.
ამავე დროს, რ. ვოლტერსი, რომელიც აღმოჩნდა სსრკ-ში სახელმწიფო არქიტექტურული სტილების შეცვლის დროს, მხარს არ უჭერდა  მოსკოვიდან "დადგენილ ახალ კლასიკურ სტილსაც": "ვარსკვლავსიბრი გეგმები და ბერძნული ფასადები!", როგორც იგი ერთგან ამბობს. ამასთანავე, ვოლტერსის ნეგატიური დამოკიდებულება ახალი სტილის მიმართ  ვრცელდება არა იმდენად  ცალკეული შენობების არქიტექტურაზე, რამდენადაც ქალაქების გენერალური გეგმების მიმართ. გასაგებია, რომ ეს პროცესები გარკვეულ  გავლენას ახდენდა ახალ ქართულ არქიტექტურაზეც. მაგალითად, სოხუმის 1931 წლის გენგეგმა დამუშავებული იყო მოსკოვში ე.ი. ცენტრალურ "გიპროგორში", პროექტის ავტორი იყო - ა.ა. ზუბინი, კონსულტანტი ა.ვ. შჩუსევი; 1930 წელს ბათუმში აშენდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის დასახლება, მისი პროექტის ავტორი იყო არქ. დ.პ.გაუზნერი, რომელიც მუშაობდა "გიპროგორის" ლენინგრადის ფილიალში; როგორც ცნობილია, 1932-1934 წლებში დამუშავდა თბილისის გენერალური გეგმის პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა გამოცდილი სპეციალისტების დიდი ჯგუფი. საპროექტო სამუშაოებს  ხელმძღვანელობდა "გიპროგორის" დირექცია. პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორები: ი.ი. მალოზიომოვი, ზ.ქურდიანი, გ.გოგავა, გ.ვ.შელეიხოვსკი (მეორე ვარიანტის დამუშავებაში მონაწილეობდნენ ბ.ი.პრიიმაკი და ვ.პ. იაკოვლევი). აქედან ი.ი.მალოზიომოვი, გ.ვ.შელეიხოვსრი, ბ.ი.პრიიმაკი და ვ.პ.იაკოვლევი იყვნენ "გიპროგორის" წამყვანი თანამშრომლები.
11. თბილისი. საცხოვრებელი რაიონის გეგმა (პროექტის მიხედვით);
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რიგი დადებითი მომენტებისა, თბილისის გენერალური გეგმის პროექტს თან ახლდა მნიშვნელოვანი არქიტექტურულ-მხატვრული ხასიათის ნაკლოვანებები. პირველ რიგში, ეს ეხებოდა დაგეგმარების საერთო სქემას. პროექტს საფუძვლად დაედო  ერთიანი, ხისტი, სწორკუთხა სქემა, რომელიც არ ითვალისწინებდა ქალაქის ლანდშაფტს. ყველა რაიონი დაგეგმარებული იყო სწორკუთხა სტანდარტული კვარტლებით, ერთნაირი დაგეგმარებითა და სივრცობრივი კომპოზიციით. სხვათა შორის ეს ნაკლოვანებები უკვე მაშინ, იმ დროს, იყო აღნიშნული ქართველი არქიტექტორების მიერ. საფიქრებელია, რომ ამ პროექტის ხარვეზები ძირითადად განაპირობა "გიპროგორის" წამყვანმა როლმა მის დამუშავებაში და იმანაც, რომ მსგავსი დაგეგმარება დამახასიათებელი იყო ამ საპროექტო ინსტიტუტის მიერ სხვა ქალაქებისათვისაც შესრულებული გენგეგმის   პროექტებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,  როგორც ვხედავთ, რ.ვოლტერსის მიერ წარმოდგენილი სურათი ალბათ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
ინტერესს მოკლებული არ არის თვით  სტილის შეცვლის საკითხიც. თუ მანამდე სსრკ-ის ერთადერთ სახელმწიფო სტილად მიჩნეული იყო კონსტრუქტივიზმი, ყოველ შემთხვევაში, ამას ასე აღიქვამდნენ დასავლელი არქიტექტორები, 1932 წლიდან იგი ოფიციალურად შეცვალა "კლასიკურმა" სტილმა, რომელიც, რ. ვოლტერსის თქმით,  დადგენილი იყი მოსკოვში "უმაღლესი ინსტანციის" მიერ. სხვათა შორის სახელმწიფო სტილის ცვლილებას იგი უკავშირებს ამერიკელების გავლენას. იყო ეს ასე, თუ არსებობდა კიდევ სხვა  მიზეზებიც სტილის შეცვლისა, ამის გარკვევა უკვე სხვა თემაა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სტილის შეცვლის შემდეგ სსრკ-ში 1932-1936 წლებში ადგილი ჰქონდა "გარდამავალ სტილს", რომელსაც პირობითად უწოდებენ  "პოსტკონსტრუქტივიზმს". ალბათ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან პრაქტიკულად ახალ სტილზე  გადასვლას, რა თქმა უნდა,  გარკვეული დრო დასჭირდებოდა. მაგალითად, ამას გარკვეულ წილად ადასტურებს არქიტექტორ კ.ალაბიანის ძირითადი მოხსენება სსრკ-ს არქიტექტორთა კავშირის პირველ ყრილობაზე 1937 წელს. კერძოდ,  მოხსენებაში აღნიშნულია, რომ "საბჭოთა არქიტექტურის შემოქმედებითი გადახალისება სულაც არ დასრულებულა. ჩვენს პრაქტიკაში ჯერაც ძლიერ იჩენს თავს ფორმალიზმის, კონსტრუქტივიზმის და სხვა ჩვენთვის უცხო გავლენების რეციდივები" და "ფორმალიზმისა და კონსტრუქტივიზმის ტყვეობაში ჯერაც ბევრი არქიტექტორი იმყოფება". როგორც ვხედავთ, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ახალ სტილზე გადასვლა ამ სახით და პირობებში საკმაოდ რთული ამოცანა უნდა ყოფილიყო არქიტექტორებისათვის. ამავე მოხსენებაში  აღნიშნულია სევე, რომ "საქართველოში ეროვნული არქიტექტურის შექმნის პრობლემებზე წარმატებით მუშაობენ არქიტექტორები კალგინი, შავიშვილი, სევეროვი და სხვ.". აქ აღსანიშნავია, რომ ახალი ქართული  არქიტექტურის განვითარების პირველი წლებიდანვე, ე.ი. 1920-იანი წლების დასაწყისიდან, ორი მიმართულება გამოვლინდა. ეს იყო, ერთი მხრივ მისწრაფება თანამედროვე არქიტექტურაში ეროვნული არქიტექტურული ფორმების გამოყენების, და მეორე მხრივ, კონსტრუქტივიზმის არქიტექტურის შეთვისება. აქედან გამომდინარე,  ჩვენში ტერმინის - "პოსტკონსტრუქტივიზმი" გამოყენება  ალბათ მთლად მისაღები არ უნდა იყოს, 1937 წელს, გერმანიაში დაბრუნებული რ. ვოლტერსი,  ა. შპეერმა, როგორც  ბერლინის გენერალურმა ინსპექტორმა მშენებლობის დარგში და ფაქტიურად რეიხის მთავარმა არქიტექტორმა, მიიწვია რ. ვოლტერსი თავის მოადგილედ ბერლინის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის  დასამუშავებლად. რ. ვოლტერს დაევალა აგრეთვე ახალი გერმანული არქიტექტურის პროპაგანდა. იგი გახდა საზღვარგარეთ მოწყობილი სხვადასხვა არქიტექტურული გამოფენების  რეიხკომისარი ანუ ხელმძღვანელი (1943 წლამდე გამოფენები მოეწყო ბელგრადში, სოფიაში, ბუდაპეშტში, ათენში, ლისაბონში, კოპენჰაგენში, სტამბულში, ანკარაში და სხვ.). 1940-1941 წლებში  მან და ა.შპეერმა, როგორც ეს იყო მოხსენიებული, გამოსცეს წიგნი "ახალი გერმანული არქიტექტყურა". აღსანიშნავია, რომ მიუხედავად  ყოველივე ამისა, რ.ვოლტერსი არ გამხდარა ნაცისტური პარტიის წევრი.
12. თბილისი.ახალი საცხოვრებელი კვარტალის ტიპი (პროექტის მიხედვით);
უმაღლესი ტექნიკური სკოლის  დამთავრების შემდეგ ა.ნიკოლაიშვილი გარკვეულ დროს მუშაობდა თავისი პროფესორის ე.ი. ჰ.ტესენოვის სახელისნოში, სადაც ამ უკანასკნელის ასისტენტის ა.როსტის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა დიდი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შედგენაში. ეს პროექტი განხორციელდა 1929 წელს უკვე მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. 1927 წლის მიწურულს მან მიიღო მონაწილეობა კონკურსში ქ.აუსიგის (ქ.უსტი ნად ლაბემ, ჩეხეთი) ერთ-ერთი რაიონის დაგეგმარების პროექტში, სადაც მისმა პროექტმა III პრემია მიიღო, რაც ახალგაზრდა არქიტექტორის წარმატებად უნდა ჩაითვალოს.  გარდა ამისა, 1928 წლის იანვრიდან 20 აპრილამდე იგი მუშაობდა არქიტექტორ-დამპროექტებლად არქიტექტორ ბრუნო არენდსის (1878-1948) საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში ბერლინში საცხოვრებელი და საზოგადო შენობების დიდ პროექტებზე. ბ.არენდსი იყო ცნობილი გერმანელი არქიტექტორი, რომელსაც ასევე დამთავრებული ჰქონდა შარშარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლა. იგი ავტორია ბერლინში 1910-იანი - 1930-იანი წლების დასაწყისის  მთელი რიგი საცხოვრებელი სახლებისა და ერთ-ერთი ავტორი ბერლინისვე საცხოვრებელი რაიონისა "ვეისე შტადტ" ("თეთრი ქალაქი") (1928-31), რომელიც 2008 წელს როგორც ბერლინის მოდერნიზმის არქიტექტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუში, შეტანილ იქნა "იუნესკოს" მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 1936 წელს ბ. არენდსი იძულებული გახდა დაეტოვებინა გერმანია და წასულიყო ემიგრაციაში. აღსანიშნავია, რომ იგი შეყვანილია  შარშარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლის (ამჟამად ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი) ცნობილ კურსდამთავრებულების სიაში, რომელშიც მაგ., ასევე არიან  არქიტექტორები: კარლ ფრიდრიხ შინკელი (1781-1841), ალბერტ შპეერი (1905-1981) და რამდენიმე ნობელის ლაურეატი, მათ შორის  კ. ბოში (1874-1940), ე.ვიგნერი (1902-1995).
14.ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. 1970-იანი წლების დასაწყისის ფოტო.
ამრიგად, როგორც გვიჩვენა ჩატარებულმა კვლევამ, ა.ნიკოლაიშვილის, როგორც არქიტექტორის, შემოქმედებითი შეხედულებების ან მისი არქიტექტურული კრედო  დაკავშირებულია შარშარლოტენბურგ-ბერლინის უმაღლესი ტექნიკურ სკოლაში სწავლის პერიოდთან. მათ ფორმირება - ჩამოყალიბებაში პირველ რიგში, როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის მასწავლებელს,  "მის პროფესორს" ჰაინრიხ ტესენოვს. ჰ.ტესენოვის  იდეებმა, პრინციპებმა, მიდგომებმა არქიტექტურისადმი უდაოდ, ისევე როგორც მის სხვა ცნობილ  მოწაფეებზე, დიდი გავლენა უნდა მოეხდინა ა. ნიკოლაიშვილზე.  ამაზე ასევე მიუთითებს ჩვენს მიერ იმ არქიტექტორების შემოქმედებითი ბიოგრაფიების გაცნობა რომლებთანაც ა.ნიკოლაიშვილს ჰქონდა ან შეიძლება ჰქონოდა შემოქმედებითი ურთიერთობა, კერძოდ, ვგულისხმობთ მის თანაჯგუფელებს და აგრეთვე  ჰ.ტესენოვის  სხვა მოწაფეებს. ზოგადად, გარკვეული როლი ალბათ აგრეთვე შეასრულა იმ ისტორიულმა თუ უფრო სწორად "არქიტექტურულმა" ფონმა, რომელიც თან ახლდა მისი სწავლის პერიოდს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელი, გასაგები და გასაკვირიც არ უნდა არის, თუ გავითვალისწინებთ "მისი პროფესორის" ანუ ჰ.ტესენოვის მნიშვნელობას და ფაქტიურად მის გავლენას არა მარტო თავის მოწაფეებზე, არამედ გერმანიის XX საუკუნის დასაწყისის და ზოგადად თვით თანამედროვე არქიტექტურის განვითარების ისტორიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ ისიც, რომ შემდგომში,  ა.ნიკოლაიშვილის თავდაპირველ შემოქმედებით შეხედულებებს განეცადა გარკვეული ტრანსფორმაცია, უფრო სწოდად  კორექტირება, ადგილობრივი ანუ საქართულოს პირობების გათვალისწინებით გამომდინარე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი ფართო ერუდიცია, განსწავლულობა, პროფესიული კულტურა მაინც არის  მისი გერმანიაში მიღებული განათლების შედეგი. ჩვენი აზრით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ა.ნიკოლაიშვილი იყო პირველი ქართველი არქიტექტორი-ურბანისტი რომელმაც მიიღო ევროპული განათლება. ვვარაუდობთ, რომ სწავლის პროცესში ჩამოყალიბებული მისი ქალაქგეგმარებითი კონცეფცია ძირითადად ალბათ  მაინც ემყარებოდა (შესაძლებელია იმ დროისათვის გარკვეულ წილად ტრანსფორმირებულ) ევროპული ქალაქი-ბაღის იდეას. უფრო სწორად, მის  ზოგად პრინციპებს როგორებიცაა, კერძოდ, ჰუმანური, თავისუფალი გეგმარება და სივრცობრივი  კომპოზიცია, ლანდშაფტის გათვალისწინება, არქიტექტურის მრავალფეროვნება, ხოლო  უკვე არსებული ქალაქების გადაგეგმარების შემთხვევაში ისტორიულად ჩამოყალიბებული გეგმარებითი სტრუქტურის გათვალისწინება. ზემოთ განხილული მოსაზრებების გარკვეული დასტური შეიძლება იყოს გერმანიაში ქ. ბილეფელდის ქალაქი-თანამგზავრის ზენენშტადტის დაგეგმარების პროექტი (ავტორი არქიტექტორი ჰანს რეიხოვი), ვინაიდან ეს  დაკავშირებულია  პირადად ჩემს   მოგონებასთან  იმის შესახებ, თუ როგორი ინტერესით და ენთუზიაზმით გვიხსნიდა ა. ნიკოლაიშვილი  ჩვენ, სტუდენტებს, ამ ქალაქის  დაგეგმარების პრინციპებს. ეს იყო 1965 ან 1966 წელი, როდესაც  დაიბეჭდა ამ ქალაქის დაგეგმარებისადმი მიძღვნილი წიგნი, რომლის ავტორი იყო, თუ არ ვცდები, თვით ზენენშტადტის პროექტის ავტორი არქიტექტორი ჰ. რეიხოვი. ზენენშტადტის მშენებლობა ძირითადად 1956 წელს დამთავრდა, თუმცა რეალურად იგი  დასრულდა 1960-იანი წლების პირველ ნახევარში. მისი დაგეგმარების  გამანსხავებელმა თავისებურებებმა მიიფყრო საერთაშორისო ყურადღება. მშენებლობის დროს ავტორმა უარი თქვა ხისტ გეგმარებაზე და შენობები განთავსებულია თავისუფლად, "დინამიკურ" მოძრაობაში. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება სიმაღლით, შიდა დაგეგმარებით და ფორმით. ქუჩების ქსელი რომელიც მოცილებულია საცხოვრებულ ზონას, გვაგონებს ჩვენ "ფოთლის დაძარღვას, მის ძარღვებს.". თავის მხვრივ ქვეითათმოსიარულეთა ქსელიც მოცილებულია ქუჩების ქსელს. მიჩნეულია, რომ ამ ქალაქის პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ-ბაღის დაგეგმარების ყველა დამახასიათებული, XX საუკუნის დასაწყისისათვის რეფორმისტული კონცეფცია. ზენეშტადტის დაგეგმარებამ მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა და გახდა მნიშვნელოვანი და ნათელი მაგალითი გერმანიის ქალაქგეგმარებისა. ბატონი ალეკოს რეკომენდაციით, ჩვენ ყველამ შევიძინეთ ეს წიგნი. ის ინტერესი და მნიშვნელობა, რომელსაც ჩვეულებრივ თავშეკაული ბატონი ალეკო ამ პროექტს ანიჭებდა, თითქოს არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი და სავსებით დასაშვებია,  რომ ზენეშტადტის დაგეგმარების პრინციპები ზუსტად ის პრინციპები გახლდათ, რომლებსაც იგი თავადაც იზიარებდა.
ცალკე თემაა გერმანიის წამყვანი როლი XX საუკუნის 20-იან - 30-იან წლების დასაწყისში საცხოვრებელი კომპლექსების ანუ საცხოვრებელი დასახლებების მშენებლობაში, რომელიც წარმოადგენდა საცხოვრებელი რეფორმების შედეგს. ა.ნიკოლაიშვილს, რა თქმა უნდა, ბერლინის  იმ პერიოდის საყოველთაოდ ცნობილი საცხოვრებელი დასახლებების დაგეგმარების როგორც შესწავლის და ასევე ნატურაში გაცნობის საშუალება ჰქონდა. უფრო მეტიც, მართალია მოკლე დროის განმავლობაში, მაგრამ მაინც გარკვეული სახით მან მიიღო მონაწილეობა მათ დაგეგმარებაში ბერლინში ყოფნისა და მუშაობის დროს.   ქალაქების გენგეგმების დამუშავებასთან ერთად, მაშინ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოპულარული თემა. გარდა ამისა,  გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ წლებში სსრკ-ში  ინდუსტრიალიზაციის პროგრამის გამოცხადებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო მსგავსი ე.წ. სოციალისტური ქალაქების ანუ მუშათა დასახლებების ფართო მშენებლობა, სადაც უნდა ეცხოვრათ ახლად აშენებული წარმოებების მუშებს.
რაც შეეხება მოცულობით არქიტექტურას, ჩვენ ვიცით, რომ იგი იყო ბერლინში აშენებული ერთ-ერთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის თანაავტორი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით კონკრეტული მონაცემების მოპოება ამ სახლის და, რაც მთავარია, მისი არქიტექტურის შესახებ, თუმცა ამ საკითხს აზუსტებდნენ გერმანიაში. მიუხედავად ამისა შეგვიძლია, თითქმის დანამდვილებით, ვივარაუდოთ, რომ  ეს უნდა ყოფილიყო მოდერნიზმის სტილის შენობა, რაც ზოგადად დამახასიათებელი იმ პერიოდისათვის.
როგორც უკვე იყო აღნიშნული, ა. ნიკოლაიშვილი საქართველოში1928 წლის მაისში  დაბრუნდა. ის უკვე იყო ფართოდ ერუდირებული, განსწავლული, გარკვეული პროფესიული გამოცდილების მქონე არქიტექტორი. ნიშანდობლივია, რომ იგი იწყებს მუშაობას უფროს არქიტექტორად "სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოსთან" არსებულ "ახალმშენებლობათა კომიტეტში", რომელიც როგორც უკვე  აღნიშნული იყო, თავდაპირველად ხელმძღვანელობდა ინდუსტრიალიზაციას. ფაქტიურად იქ, სადაც მას შეეძლო წარმატებით  მოეხდინა გერმანიაში მიღებული ცოდნის რეალიზაცია. თუ როგორ - ეს უკვე სხვაგან უნდა იქნას განხილული.

ბიბლიოგრაფია

ნოდარ ჯანბერიძე. ქართული საბჭოთა არქიტექტურა, თბ., 1971;
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 430, თბ., 1984;
Т.Р.Квирквелия, Н.М.Мгалоблишвили. Архитектура Советской Грузии, М., 1986;
Н.А.Асатиани. Грузинское Советское градостроительство 1920 – 1930-х годов, Тб., 1989;
https://en.wikipedia.org/wiki/Heinrich_Tessenow
https://persons-info.com/persons/TESSENOV_Genrikh  
https://www.architekt.de/...Architekten/heinrich_tessenow.php  
heinrich-tessenow.de/   
https://www.tourister.ru/responses/id_18452   
ru.wikipedia.org/.../
https://gavailer.livejournal.com/338556.html
https://pulman.livejournal.com/382853.html
https://studbooks.net/.../pervyy_uchitel_genrih_tessenov_klassika_...
www.izbrannoe.com/news/lyudi/arkhitektor-reykha/
www.liebegermany.com/baden/index.shtml?57
https://en.wikipedia.org/wiki/Albert_Speer
https://en.wikipedia.org/wiki/Rudolf_Wolter
https://ru.wikipedia.org/wiki/Волтерс,_Рудольф   
https://traditio.wiki/Рудольф_Волтерс
https://www.topographie.de/.../nc/1/nid/im...architekt.../06/
bsk.nios.ru/.../nemeckiy arhitektor-rvolters-i-arhitektura-sovetskog.
https://www.e-reading.club/book.php?book=1011402
https://en.wikipedia.org/wiki/Otto_Königsberger
https://bigenc.ru/domestic_history/text/3824895     
https://archi.ru/.../istoriya-otechestvennogo-gradostroitelstva-giprog...  
https://no-vu.livejournal.com/1540.html
www.leanok.ru/2016/05/giprogor-ernst-may.ht
https://archi.ru/lib/publication.html?id=1850570047
https://ru.wikipedia.org/wiki/Кан,_Альберт
https://archi.ru/lib/publication.html?id=1850569787
https://en.wikipedia.org/wiki/Bruno_Ahrends
architectuul.com/architect/bruno-ahrends
https://en.wikipedia.org/wiki/Technical_University_of
https://en.wikipedia.org/wiki/Hannes_Meyer
https://en.wikipedia.org/wiki/Sennestadt

ნანახია: 8868-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani