Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ხელოვანის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობის პროცესები (გურამ წიბახაშვილი)

There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ფოტოხელოვანი გურამ გიორგის ძე წიბახაშვილი დაიბადა 1960 წლის 1 თებერვალს. 1977-82 წლებში სწავლობდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე; აქვე დაეუფლა ფოტოგრაფიის თეორიას(1990–1994).
1990 წლიდან არის საქართველოს მხატვართა, ხოლო 1997 წლიდან ფოტოხელოვანთა კავშირის წევრი. არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე. მისი ნამუშევრები დაცულია ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვისა და თესალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში; ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში,  ამსტერდამსა და თბილისში.
არის ფოტოკომპიუტერული ბანკის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1991 წ.-დან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და ა.შ.

ხელოვანის თვალით დანახული ეროვნული მოძრაობის პროცესები
(XX ს-ის 70-80-იანი წწ.)
ნაწყვეტი ინტერვიუდან ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილთან (3 აპრილი, 2019 წელი)
ხელოვანს ესაუბრა და ინტერვიუ მოამზადა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მარიამ გაჩეჩილაძემ
მ.გ.: ბატონო გურამ, მიმდინარე წლის 9 აპრილს 30 წელი სრულდება იმ ტრაგიკული დღიდან, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის, და არა მარტო ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის. თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ამ პროცესებში და სწორედ ამიტომ გესტუმრეთ. მაპატიეთ რომ მძიმე დღღეების გახსენებას გთხოვთ, მაგრამ აუცილებელად მიგვაჩნია მომავალი თაობები უშუალოდ თვითმხილველთა მიერ ნანახ ფაქტებს გაეცნონ, რათა მეტი ობიექტურობით დაინახონ და აღიქვან საკუთარი ქვეყნის ისტორია.
გ.წ.: კეთილი, დავიწყოთ - 1989 წელს, 29 წლის ვიყავი. ამ დროს, ოფიციალურიად ჯერ კიდევ არ ვიყავი პროფესიონალი ფოტოგრაფი. უმაღლესი განათლებით ქიმიკოსი ვარ, მაგრამ ჩემი ფოტონამუშევრების გამოფენა 1985 წელს უკვე ნანახი ქონდა ფართო საზოგადოებას. ამ სფეროსადმი ჩემი ინტერესიც სულ უფრო მატულობდა. 9 აპრილამდე, დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ 1988 წლის შემოდგომიდან, მაშინვე, როგორც კი ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა საქართველოში , ამბებს ფეხდაფეხ მივყვებოდი და  როგორც ფოტოგრაფი აქტიურად ვიყავი ჩართული. თუმცა პოლიტიკური აქტივობის ის ხარისხი, რაც საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებულ დისიდენტურ მოძრაობას ქონდა არ გამომარჩევდა. თუმცა სრულად ვაცნობიერებდი, რომ ჩემს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ძვრები მიმდინარეობდა და მათ დოკუმენტირება ესაჭიროებოდა. მე დავიწყე ყოველივეს ფოტოგადაღება.


1. 1988 10 de


მიმაჩნია, რომ აპრილამდე,  ძალიან მნიშვნელოვანი იყო - 1988 წლის შემოდგომა. (ილ. 1,2,3) ამ დროს იყო პირველი დემონსტრაცია, რომელიც ვერ გააჩერეს და რომელიც იპოდრომზე გაგრძელდა და ისე დასრულდა როგორც დემონსტრანტებს უნდოდათ.  პროცესებში პოლიცია ვერ ჩაერია და - ეს იყო გამარჯვება. ვფიქრობ ეს უკვე იყო საბჭოთა კავშირი ნგრევის ერთ-ერთი პირველი ნიშანი. მისი დანგრევა უკვე გარდაუვალი იყო. ქვეყანა სიცრუეზე, ტყუილზე, მოპარვაზე, ქურდობაზე, შეურაცყოფასა და არაადამიანების კარგ ურთიერთობებზე იდგა - ამიტომ ის ქვეყანა უცილობლად დაინგრეოდა, მე ვფიქრობ რომ დაინგრეოდა.  ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა დისიდენტურმა მოძრაობამ კი ამას, კარგად შეუწყო ხელი.
1989 წლის აპრილი მოყვა 1988 წლის შემოდგომის პროცესებს, რადგან ტყუილი დაპირებებით შეჩერებულმა წინა შიმშილობებმა და ვნებათაღელვამ შედეგი არ გამოიღო და,  9 აპრილიც დადგა.  აქ უკვე მიხვდა საბჭოთა ხელისუფლებაც და საქართველოს მთავრობა, რომ ტყუილით ამ ხალხს ვეღარ დაშლიდა და მერე მოხდა ის რაც მოხდა.
ახლაც იგივე სიტუაციაა, სხვა არაფერი არ იცის რუსმა. რუსმა იცის ომი, რუსმა იცის როგორ გააფუჭოს, რუსმა იცის როგორ დაანგრიოს. დოკუმენტალურად ყველამ კარგად ვიცით მან როგორ დაშალა მშვიდობიანი მიტინგი და როგორ დაიხოცნენ ადამიანები. მე მგონია, რომ 9 აპრილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.  ამ ადამიანების სისხლზე, მათ გმირობაზე მოხდა ამ საბჭოთა მონსტრის დანგრევა. 9 აპრილს დაღუპულებმა, თავი თავისუფლებისთვის გასწირეს. მერე უკვე ყველა მიხვდა, რომ  საბჭოთა კავშირის დაშალა გარდაუვალი იყო. ამიტომ მგონია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას და სათანადოდ მარტო ჩვენ კი არ უნდა დავაფასოთ, უნდა დააფასოს მთელმა მსოფლიომ. თუ არ ვცდები ასეც არის... ყოველ შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნები ასე მიიჩნევენ. ლიტუელებთან მაქვს კარგი კონტაქტი და ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ მათი განთავისუფლების დასაწყისი იყო 9 აპრილი.

2. 1988 10 demonstra

9 აპრილმა დაანახა ყველას, რომ შესაძლებელია დაუპირისპირდე ნებისმიერ ძალას და თუ ბოლომდე არ დანებდები, ის გატყდება. აი, ეს იყო ჩემთვის 9 აპრილი.
ჩემი უშუალო ჩართულობა კი როგორც გითხარით, 1988 წლის შემოდგომიდან  მოხდა. ფოტოაპარატით ამ მოვლენებს სულ ვიღებდი; ვიღებდი, მას შემდეგაც რაც 1989 წელს  მთავრობის სასახლის წინ დაიწყო შიმშილობები. ნამდვილად არავინ არ ელოდა იმას  რაც 9 აპრილს მოხდა. ისე მოხდა რომ, უშუალოდ  9 აპრილის ღამეს, მე იქ არ ვყოფილვარ. ფოტოგრაფები, რომლებიც იქ ვმუშაობდით, შეთანხმებულები ვიყავით, რაღაც ჩვენი განრიგი გვქონდა, იმის მიხედვით ვის როდის ეცალა. თავიდან ყველანი იქ ვიყავით, მთელი დატვირთვით ვმუშაობდით. მოვლენები დროში რომ გაიწელა, მივხვდით  ასეთი დატვირთვით, ამას ვერ გავუძლებდით და ამიტომაც ვენაცვლებოდით ერთმანეთს. მივდი-მოვდიოდით, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ უშუალოდ 9 აპრილს მე იქ არ ვყოფილვარ. მაგრამ გადაღებული მაქვს 7-8 აპრილის ფოტოები. მერე კი მოგეხსენებათ, რომ საკომენდატო საათი გამოცხადდა. თუმცა ამ კომენდანტის საათის დროს დაღუპული ადამიანები დაკრძალეს. გადაღებული მაქვს  ჭოველიძის დაკრძალვა და უკვე შემდგომი პროცესებიც, ყვავილები რომ ეწყო სასახლის წინ და ა.შ.
როგორც უკვე გითხარით ფოტოფიქსირებას მე და ჩემი კოლეგები ვახდენდით. ახლა ფოტოფიქსირების უამრავი საშუალება არსებობს და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაშინ ფოტოგრაფს ბევრი რამე უნდა სცოდნოდა, არა მარტო თითის დაჭერა, არამედ ქიმია, ფიზიკა, აპარატურაც არ იყო იოლი შესაძენი, ამიტომ ბევრი ფოტოგრაფი არ იყო და ვინც იყვნენ ყველანი ცდილობდნენ, რომ გადაეღოთ ეს ყველაფერი. უშუალოდ 9 აპრილის დღის კადრები რუს ფოტოგრაფს იური როსტს  აქვს დაფიქსირებული. იგი მსახიობ გოგი ხარაბაძის მოწვევით იყო ჩამოსული. თუმცა რა თქმა უნდა ისიც ვერ გადაიღებდა სრულად იმ შეწინააღმდეგებას და ბრძოლას რაც 9 აპრილის ღამით მოხდა. ეს ის პერიოდია როცა ისეთი ფოტოგრაფია არ არსებობს, რომ სიბნელეში გადაიღო, უბრალოდ ასწიო ფოტოაპარატი და გადაიღო, რაც დღესაა მაშინ ეს შეუძლებელი იყო. ღამის კადრები მხოლოდ მაშუქის გამოყენებით უნდა დაგეფიქსირებინა და მაშინ, იმ ღამეს  თუ ვინმე მაშუქს გაანათებდა  ტყვიის მსხვერპლი გახდებოდა. ამიტომ უშუალოდ ეს მომენტი, ღამის დარბევა, არცერთ ფოტოგრაფს არ აქვს დაფიქსირებული.
მ.გ.: ჩვენ მხოლოდ ის ვიდეო კადრები ვიცით მთავრობის სასახლიდან და მხატვრის სახლიდან, ორივე მხრიდან რომ არის გადაღებული. ეს კი ბუნებრივია უშუალოდ სპეც-სამსახურების მიერ იყო დაფიქსირებული, აბა ჩვეულებრივ, უბრალო მოქალაქეს იქ ვინ მისცემდა მაგის ნებას. ალბათ ესეცაა, რომ არ მოელოდნენ ისეთ რეზონანსს რაც შემდგომში ამ ამბებს მოჰყა, ეგონათ შერჩებოდათ თორემ ვერ გარისკავდნენ ამის გაკეთებას, რომ სცოდნოდათ რა გამოხმაურება ექნებოდა.

3. 1988 10 denonstra

გ.წ.: კიდევ კარგი, რომ არ დაიკარგა ეს ვიდეო კადრები.
რა თქმა უნდა, ეს პერიოდი რომ  არ დამთხვეოდა და საბჭოთა კავშირი ისევ ისეთი ძლიერი ყოფილიყო, რომ გაეჩუმებინათ და ვერავის ვერაფერი გაეგო - 1956 წლის 9 მარტი მონაგონი იქნებოდა. 9 მარტს რომ ხალხი დაიღუპა ძალიან გვიან შეიტყო ჩემმა თაობამ. ეს ამბები რომ დაიწყო და გამოვდიოდი ხოლმე სახლიდან დედაჩემი სულ შეშინებული იყო, ტირილს იწყებდა. ვეკითხებოდი - რა გატირებს? და მერეღა გამოტყდა - 9 მარტს იქ ვიყავიო. ამხელა დრო იყო გასული, მე უკვე 29 წლის ვიყავი და მანამდე არ ჰქონდა ნათქვამი, რომ 1956 წლის 9 მარტს იქ იყო, ისე ეშინოდათ და იქ კი უფრო მეტი ხალხი დაიღუპა. მაშინ შესაძლებელი იყო რომ ეს ინფორმაცია დამალულიყო, ხოლო 1989 წელს უკვე მაგდენი ძალა აღარ ჰქონდა საბჭოთა კავშირს.

მ.გ.: ამაშიც ეტყობოდათ რომ ინგრეოდა, ინფორმირებული არ იყვნენ და არ ედოთ ხელი ხალხის მაჯისცემაზე.
გ.წ.:  რა თქმა უნდა! და სწორედ ამიტომ, ვერაფრით დღეს ვერ გამიგია იმ ხალხის, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დროს იცხოვრეს, იგივე ჩემი თაობის ადამიანების, ჩემზე დიდებისაც, რომლებიც კიდევ იძახიან, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო. ვერ გამიგია! იმიტომ, რომ ვერც ერთი ლოგიკით ვერ დამიმტკიცებს ვერავინ, რომ იქ იყო კარგი რამე.  ერთადერთი რაც მაშინ შეიძლება კარგი ყოფილიყო, იყო კერძო ურთიერთობები, ადამიანური ურთიერთობები და არა ის სისტემები, რომელსაც გვთავაზობდნენ ზემოდან და თუ 9 აპრილს არ იქნებოდა, მაინც ეს ყველაფერი დაინგრეოდა. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ამას ჭირდებოდა რაღაცა წერტილი, საიდანაც ეს დაიწყებოდა.
მ.გ.: ნაპერწკალი...
გ.წ.: დიახ, ნაპერწკალი და სამწუხაროა ეს თუ სასიხარულო არ ვიცი...
რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ეს საქართველოში იყო და ამას ხალხი შეეწირა და სასიხარულოა, რომ ეს საქართველოში იყო და საქართველოდან დაიწყო რღვევა.
აი ეს რაც შემიძლია გითხრათ.
მ.გ.: ბატონო გურამ, თქვენს მიერ გადაღებული სერია ჯეიმს ჯოისის „ულისე“ - როგორც ვიცი ზუსტად ემთხვევა ამ პერიოდს. როგორ მოხდა მისი შექმნა, ამ მოვლენებმა გიბიძგათ, თუ მისგან დამოუკიდებლად დაინტერესდით და შემდგომ, თავისთავად გაჩნდა პარალელები მიმდინარე პროცესებთან?
გ.წ.: ვერ გეტყვით რომ კონკრეტულად ამ ტრაგიკულმა ამბებმა მიბიძგა, მაგრამ მივხვდი რომ ცვლილებები იყო მოსალოდნელი და ამან განაპირობა  ულისეს სერიის შექმნა. – „ახალი დროება მოდის, მერე აი ნახავ...“  ჯოისის ამ ფრაზამ მომცა ბიძგი, ზუსტად ვიგრძენი, რომ ამ ახალი დროის სურნელი ტრიალებდა. არავის ეგონა რომ ასეთ ტრაგიკულ გზაზე გაივლიდა, თუმც ახლი დროება ყველგან ილანდებოდა...  ამან მიბიძგა რომ ეს ტექსტები გამომეყენებინა, შემეთავსებინა ფოტოებისთვის და გამეკეთებინა სერია. მე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ეს იყო 1988-89 წელი; შეიძლება 1989 წლის აპრილში დასრულებულიც კი მქონდა. ვერ გეტყვით ზუსტად, შეიძლება არა.
დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ახალი დროება ძალისხმევის გარეშე არასდროს მოდის.  სამწუხაროა როცა სისხლის ფასად ხდება ეს, მაგრამ ის რომ შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო იმთავითვე იგრძნობოდა. ასეც მოხდა... მერე მთელი ათი წელიწადი მოუნდა ამ ახლი დროების შეცვლას. საერთოდ ასეა, პერიოდი როცა რაღაცა იცვლება, ყოველთვის ტკივილთან არის დაკავშირებული და ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. არა მარტო ჩვენ შემთხვევაში, სხვა რესპუბლიკებშიც იგივე გამეორდა. სამწუხაროდ პროცესი ისევ გრძელდება, ის არ დასრულებულა და არც დასრულდება. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ  ეს მეზობელი გვეყოლება გვერდით...
მ.გ.: და სად წავა ის მეზობელი?...
გ.წ.: არავინ იცის... ის მეზობელი - სულ სულ შვიდი საუკუნის წინ დაიწყო, მეტი კი არა.
მ.გ.: მართალი ხართ - „დრონი მეფობენ და არა მეფენიო!“ ნათქვამია, ვნახოთ... დიდი მადლობა ბატონო გურამ, რომ დაგვითმეთ დრო და ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოგვაწოდეთ. შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ!

P.S. ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ გურამ წიბახაშვილს.

ნანახია: 8294-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani