Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სერგო ქობულაძის ესკიზების რესტავრაციის შესახებ

There are no translations available.

თამარ დვალიშვილი
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი


სერგო ქობულაძის ფასდაუდებელი შემოქმედება უდიდესი სიმდიდრეა არა მხოლოდ ქართველი, არამედ, მსოფლიო ხელოვნების საგანძურისთვის. სამწუხაროდ, ხელოვანის და მეცნიერის ცხოვრებაშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც, საზოგადოებამ  ბოლომდე ვერ გაიაზრა, შეაფასა და დააფასა ამ უნიკალური ნიჭისა და უდიდესი ცოდნის მქონე ადამიანის ღვაწლი. ხელოვნების მოღვაწეთა, მკვლევართა  და მოყვარულთა საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვისაა ბოლომდე გასაგები სერგო ქობულაძის შემოქმედება და სამეცნიერო ნაშრომების განსაკუთრებულობა.

2018 წლიდან, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის, კერძოთ კი, ამავე ცენტრის ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილების გამგის მარიამ გაჩეჩილაძის ინიციატივით და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ხელნაწერთა ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს სერგო ქობულაძის გრაფიკული ნამუშევრების კონსერვაცია და რესტავრაცია. აღნიშნული ნამუშევრები აღმოჩენილია სერგო ქობულაძის სახელოსნოში და დაცულია ჩუბინაშვილის ცენრში. ამ დროისთვის, რესტავრაცია ჩაუტარდა 3 ნამუშევარს და მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ესკიზის აღდგენითი სამუშაოები.
სარესტავრაციოდ გადმოცემული ყველა ნამუშევარი წარმოადგენს ქაღალდზე შესრულებულ გრაფიკულ ესკიზებს, რომლებიც იქმნებოდა 1930-40 წლებში.
სტატიაში წარმოდგენილია ბალეტ „რაიმონდასა“ და „თქმულება იგორის ლაშქარზე“ ესკიზების კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოების პროცესის, გამოყენებული მასალებისა და მეთოდების აღწერა.
აღნიშნული ნამუშერების საფუძველს წარმოადგენს ეგრედ წოდებული ვატმანის ქაღალდი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა გასული საუკუნის მხატვრების მიერ და დღესაც აქტუალური მასალაა მხატვრების, არქიტექტორების და  მხაზველებისთვის. ვატმანის ქაღალდი მაღალი ხარისხის მასალაა. ეს არის საშუალო სისქის, ნაკლებად გახამებული ტიპის ქაღალდი, ერთგვაროვანი ფაქტურით. ესკიზები შექმნილია გრაფიტის ფანქრით, ასევე, გამოყენებულია ნახშირი, წვრილი დეტალები კი შესრულებულია ფერადი ფანქრებით.
როგორც ცნობილია, ნამუშევრების დაზიანების ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი-ბუნებრივი დაბერების პროცესია, ხოლო მეორე - არასათანადო შენახვის პირობები. ჩვენ შემთხვევაში, ორივე მიზეზმა იმუშავა ნამუშევრების წინააღმდეგ და მივიღეთ სხვადასხვა ტიპის და სიმძიმის დაზიანება.
სარესტავრაციო ლაბორატორიაში შემოსული ყველა ესკიზი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. მათზე აღინიშნებოდა მექანიკური სახის დაზიანებები, იყო ქაღალდის დანაკარგები, ძლიერი დეფორმაცია.  ქაღალდს ჰქონდა შეცვლილი ფერი, დაბინძურებული იყო მტვრით, ზედაპირზე ჩანდა სხვადასხვა წარმოშობის ლაქები, მათ შორის - ეგრედ წოდებული ფოქსინგებიც.
პირველ რიგში, მოხდა ესკიზების შესწავლა და სამუშაოების განსაზღვრა. შეირჩა სპეციალური წებოები, სტაბილიზატორები და პლასტიფიკატორები. სარესტავრაციოდ შეირჩა სხვადასხვა სისქის და შეფერილობის იაპონური სარესტავრაციო ქაღალდი-კოზო. დანაკარგების შესავსებად გამოვიყენეთ 25, 36 და 60 გრამიანი ქაღალდი, ხოლო დუბლირებისა და კონსერვაციისთვის  1,6  და 5 გრამიანი საკონსერვაციო ქაღალდი. აღნიშნული მასალა დამზადებულია 100% კოზოს ბოჭკოსგან და მაქსიმალურად მორგებულია და მიახლოებული სარესტავრაციო ობიექტის ფაქტურასთან. იგი უძველესი იაპონური ტექნოლოგიის გამოყენებით მზადდება ხელით, იშვიათად კი,  მექანიზირებული მეთოდით, იაპონიის, ევროპისა და ამერიკის სპეციალიზირებულ საწარმოებში. წარმოებულია იაპონიის გარკვეულ რეგიონებში მოპოვებული თუთის ხის განსაკუთრებული სახეობის მერქნის ბოჭკოსგან. ეს ქაღალდი განკუთვნილია უშუალოდ სარესტავრაციო ლაბორატორიებისთვის, გრაფიკული, ფერწერული და ხელნაწერი ობიექტების კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის.
თავდაპირველად, ნამუშევრები გაიწმინდა მტვრისგან რბილი ფუნჯის საშუალებით.  შემდეგ, სხვადასხვა სახის სპეციალური ღრუბლების საშუალებით მოხდა კიდეების და თავისუფალი არეების ჭუჭყისაგან გათავისუფლება. ამისათვის გამოვიყენეთ ისეთი მასალა, როგორიცაა ღრუბელი „ვიშაბი“, ის ვულკანიზირებული ლატექსისგანაა წარმოებული და წარმოადგენს მშრალ ღრუბელს, რომელიც გამოიყენება გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გაწმენდის დროს. ასევე, გამოვიყენეთ ლატექსის და რეზინის სხვადასხვა წარმოების სპეციალური გამწმენდი საშუალებები.
ესკიზებისთვის გამოყენებული ქაღალდის სტრუქტურა, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით, მაღალი ტემპერატურის და არასათანდო დაცვის გამო,  დაზიანებული, გამომშრალი, მყიფე და მსხვრევადი იყო. ოდესღაც, თეთრი ფერის ქაღალდმა მოყავისფრო შეფერილობა მიიღო. ამის გამო, საჭირო გახდა ქაღალდის სპეციალური სითხეებით გაჟღენთვა, რათა აღგვედგინა მისი სტრუქტურა და ელასტიკურობა.
ზედაპირული გაწმენდის შემდეგ, ნამუშევრები ზურგის მხრიდან დავამუშავეთ კლუსელის 2 %-იანი სპირტხსნარით. კლუსელ-G წარმოადგენს ცელულოზისგან წარმოებული მაკავშირებლისა და სტაბილიზატორის სახეობას, რომელიც, გარდა რესტავრაციისა, სხვა მარკის სახით გამოიყენება კვებისა და ფარმაკოლოგიის წარმოებაშიც. კლუსელის ხსნარით დამუშავების შემდეგ, ქაღალდის დაზიანებული ბოჭკოები ივსება და ლაგდება სწორი მიმართულებით, ფიქსირდება და ქაღალდი უფრო მყარი ხდება. ხსნარში, ასევე, დამატებული იყო პლასტიფიკატორი - ქაღალდის ელასტიკურობის გასაზრდელად.
საფუძვლის გაჟღენთვის და  გამაგრების შემდეგ, მოხდა დაზიანებული უბნების დამაგრება და დანაკარგების შევსება.

1.
2.
34
5
6

ბალეტ რაიმონდას ესკიზი  შესრულებულია გრაფიტის ფანქრითა და ნახშირით. (ილ. 1-6) მცირედი დეტალები შესრულებულია ფერადი ფანქრით. ნახშირით დახატული ობიექტი-ხე,  საკმაოდ მყიფე იყო. დროთა განმავლობაში, ნახშირის ჩხირებში შემავალი მაკავშირებელი-მცენარეული წებო დაიშალა, ნახშირის ფენამ ქაღალდის ზედაპირთან მოჭიდება დაკარგა და ფხვიერი გახდა. ოდნავი შეხებითაც კი  პიგმენტი  მტვერივით ცვიოდა ფურცლიდან. ამის გამო, საჭირო გახდა ამ ფრაგმენტის გამაგრება და დამაგრება ქაღალდის ზედაპირზე. ამისათვის გამოვიყენეთ მოვიოლის 2% -იანი ხსნარი. ეს ხსნარი, ნაწილობრივ, მიფრქვევით, ნაწილობრივ კი რბილი ფუნჯით დაფიქსირდა ნახშირის ფენაზე, რითიც აღდგა ქაღალდისა და პიგმენტის მოჭიდება.
შემდეგ ეტაპზე შეივსო ნაკლული ადგილები და დამაგრდა ჩახევები, ნაკეცები და დეფორმირებული უბნები. ბალეტ „რაიმონდას“ ესკიზის შემთხვევაში, ფურცელი გადახეული იყო ორ ნაწილად, დანარჩენ ესკიზებზე ბზარები და ნახევები საკმაოდ დიდი ზომისა იყო. დეფრმირებული და ჩაკეცილი კიდეები დაზიანების გასწვრივ კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას. ამ დაზიანებების აღმოფხვრა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. მსუბუქი პრესის გამოყენებით ნაწილ-ნაწილ სწორდებოდა დეფორმირებული და ჩაკეცილი უბნები, შემდეგ ხდებოდა ბზარების და ჩახევების დამაგრება, ზოგან მხოლოდ მაკავშერებლების საშუალებით, ზოგან საკონსერვაციო ქაღალდის გამოყენებით. ამის შემდგომ კი ივსებოდა ნაკლული ადგილები იაპონური ქაღალდით.  ზურგის ვერსო მხრიდან დიდი ზომის უბნები დამაგრდა მცირედი გადასვლებით, ხოლო რექტო მხრიდან, კონტურის გასწვრივ - პირდაპირი ჩასმით, რათა ნაწიბური შეუმჩნეველი დარჩენილიყო.(ილ. 7, 10)

7
8
9
10

წებოდ გამოვიყენეთ მეტილცელულოზა და უმაღლესი ხარისხის ხორბლის სახამებელი. ზოგიერთ შემთხვევაში კი - კომბინირებული წებო.
რესტავრირებული ნამუშევრების დეფორმაცია გასწორდა მუყაოს, ფილტრის ქაღალდისა და ჰოლიტექსის „სენდვიჩის“ დისტილატით მსუბუქი დატენიანებით, რის შემდეგაც, ეს კონსტრუქცია მოთავსდა პოლიგრაფიულ წნეხში და დაყოვნდა ნამუშევრების სრულ გაშრობამდე.
რესტავრირებული ნამუშევრები გადაეცა გ. ჩუბინაშვილის ცენტრს შემდგომი განთავსებისთვის.

ნანახია: 6161-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani