Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობის არქიტექტურისა და მშენებლობის შესახებ

There are no translations available.

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

თბილისში, კარგარეთელის ქუჩა, # 6 მდებარე სახლი, ვგულისხმობთ შენობის მარცხენა ნაწილს, უდავოდ ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაგებობაა, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ისტორიულ-არქიტექტურული მნიშვნელობა.  იგი გუთური სტილიზაციის ნიმუშს წარმოადგენს, მინიჭებული აქვს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი. ამჟამად,  ეს  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობაა. 2010-11 წლებში მუზეუმის შენობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი  სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მას წინ უსწრებდა თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ  ჩატარებული შენობის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. კერძოდ, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ თავდაპირველ შენობას (იმ დროს ყრუ-მუნჯების სკოლა-ინტერნატს) მარჯვენა მხრიდან, 1930-იან წლებში, ახალი კორპუსი  მიაშენეს,  თუმცა, ჩვენი აზრით,  მისი არქიტექტურიდან გამომდინარე,  ეს კორპუსი დროის სხვა პერიოდს მიეკუთვნება. ამის დასადგენად გადავწყვიტეთ საკუთარი ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ჩატარება. მაგრამ,  ჩვენთვის მოულოდნელად, ეს აღმოჩნდა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან, ეროვნული არქივის სხვადასხვა არქივში მუშაობა და, ამავე დროს, იმდროინდელი  ე.ი. 1930-იანი წლების პრესასთან გაცნობა მოგვიხდა. სამწუხაროდ, ამან შედეგი არ გამოიღო და იძულებული გავხდით, იმ დასკვნამდე მივსულიყავით, რომ საჭირო იყო, ძიება    სულ თავიდან დაგვეწყო, რაც ნიშნავდა - 1895 წლის 16 ივნისიდან (ძვ. სტილით). სწორედ ამ დღეს, ემილია ფრანცის ასულმა ტიტელმა მიმართა თხოვნით თბილისის  გამგეობას, რათა ნება დაერთოთ, აეშენებინა ქვის ორსართულიანი სახლი - „ოსობნიაკი“, სარდაფებით, თბილისის მე-10 ნაწილში, ბაღის (ამჟამად, კარგარეთელის. - თ.გ.) ქუჩაზე, საკუთარ ნაკვეთზე. ამ სახლის პროექტი, რომლის ავტორია ცნობილი თბილისელი არქიტექტორი, პავლე შტერნი, დამტკიცებულია 1895 წლის 27 ივნისს (ძვ. სტილით), რაც, შეიძლება ითქვას, კარგად ცნობილი ფაქტია. მაგრამ, კვლევის გაგრძელების შემდეგ, ამავე სახლის მეორე პროექტის არსებობაც აღმოვაჩინეთ. ამ შემთხვევაში უკვე აზნაური (ასე თვით განმცხადებელი აღნიშნავს) ვიკენტი ალექსანდრეს ძე სკარჟინსკი, როგორც ზემოთ აღნიშნული სახლის მეპატრონე, 1901 წლის 27 აგვისტოს (ძვ. სტილით) მიმართავს თხოვნით თბილისის გამგეობას, რათა  მას დართონ  ნება, თბილისის მე-10  ნაწილში, ბაღის ქუჩაზე მდებარე სახლის გადაკეთებაზე.

1
2

ეს პროექტი დამტკიცებულია 1901 წლის 12 სექტემბერს (ძვ. სტილით), ხოლო მისი ავტორი, აგრეთვე, ცნობილი თბილისელი  არტიტექტორი, ალექსანდრე როგოისკია. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი საარქოვო (ნოტარიული) საბუთი იმის თაობაზე, რომ ვ. სკარჟინსკიმ 1895 წელს თბილისში, ბაღის ქუჩაზე, შეიძინა ემილია ტიტელისაგან 110 კვ. საჟენი, ხეხილის და ვენახის ბაღი. ამავე დროს, ამ საბუთში  არ  ჩანს, უფრო სწორად, არ  არის მითითებული, რაიმე ნაგებობა  შეძენილ ბაღში, რაც, ჩვეულებრივ, უნდა ყოფილიყო ასახული მსგავს საბუთებში. ამ მეორე პროექტის  თანახმად ჩანს, რომ შენობამ პირველ პროექტთან შედარებით,  სერიოზული რეკონსტრუქცია განიცადა. სახელდობრ, არსებულ სახლს, ეზოს მხრიდან, გაუკეთდა მიშენება სახლის ნაკვეთის ფართის მომატების ხარჯზე. თუ მანამდე ნაკვეთის ფართი 110 კვ. საჟენს (500 კვ.მ.) უდრიდა, მას, ამჟამად, 101 კვ.საჟენი დაემატა და იგი, ფაქტობრივად, თითქმის ორჯერ გაიზარდა. კერძოდ, მისი საერთო ფართი უკვე  211 კვ. საჟენს ანუ 953 კვ. მ. უდრიდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი  გადაკეთებები შეეხო სახლის არსებულ ნაწილსაც. ამ თვალთაზრისით საინტერესოა, 1895 წლის პროექტის მთავარი (ქუჩის) ფასადის შედარება ამავე სახლის 1952 წლის მთავარი ფასადის ანაზომთან. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ რეკონსტრუქციის შედეგად  (ყოველ შემთხვევაში, ძირითადად, მაინც) სახლმა მიიღო თავისი საბოლოო არქიტექტურულ-მხატვრული სახე. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მრავალი წლის მანძილზე უცნობი რჩებოდა ალექსანდრე როგოისკის სახელი, როგორც ამ სახლის ერთ-ერთი ავტორისა,  რაც, ჩვენი აზრით, ეჭვგარეშეა და აღდგენილი უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ჩვენ დავინტერესდით ვ. სკარჟინსკის ვინაობით. შესაბამისი, მათ შორის, საარქივო მასალების გაცნობამ, შესაძლებელი გახადა მის შესახებ  გარკვეული ცნობების მოპოვება.  ვიკენტი ალექსანდრეს ძე სკარჟინსკი (პოლონურად Skarzyński) პოლონური ერთ-ერთი თავად-აზნაურთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. მისი წინაპრების რუსეთის სამსახურში გადასვლის შემდეგ, ეს გვარი, 1687 წელს, შეტანილ იქნა ე.წ. „ხავერდოვან წიგნში“, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის ყველაზე ცნობილ თავად-აზნაურთა საგვარეულოს წიგნს. აზნაურ სკარჟინსკებს საგვარეულოს თავისი საკუთარი გერბიც ჰქონდა. აგრეთვე, ჩვენ ხელთ არსებულ ცნობების მიხედვით,  ვ. სკარჟინსკი 1889 წლიდან 1900-იანი წლების დასაწყისამდე მუშაობდა „ბათუმის პორტის სამუშაოთა სამმართველოში“ სამუშაოთა მწარმოებლად. ამავე დროს, 1900 წლიდან 1908 წლამდე იგი იყო „შეწირულობების შეკრებისა და ქ. ფოთში კათედრალური სობოროს აშენების უზენაესად დამტკიცებული კომიტეტის“ წევრი. ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო ქალაქ ფოთის თავი ნიკო ნიკოლაძე. გასაგებია, რომ საუბარია ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარზე, ადრე ღვთისმშობლის შობის სახელობისა რომ იყო (ააგეს 1906-07 წლებში), რომელსაც ქალაქ ფოთის ისტორიაში დიდი ადგილი უკავია. ასევე  გაირკვა, რომ ვ. სკარჟინსკის აუშენებია საკუთარი აგარაკი ბათუმთან, ციხისძირში, სახელწოდებით  Castello Mare (იტალიურად ნიშნავს „ციხედარბაზი ზღვასთან“ ან „ციხედარბაზი ზღვის თავზე“). ეს იყო, თავის დროს, საკმაოდ ცნობილი და საინტერესო შენობა, რომელიც, საყოველთაო აზრით, არა მარტო უნიკალური ადგილმდებარეობით, არამედ ნაგებობის ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტითაც გამოირჩეოდა, უნიკალური არქიტექტურული ელემენტებით.  კერძოდ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ამ აგარაკის ანუ, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებდნენ, „ციხედარბაზი ზღვის თავზე“ - ზღვის თავზე ჯაჭვებზე  დაკიდული აივანი. ამასთან დაკავშირებით შეიძლება, მოვიყვანოთ ნაწყვეტი წიგნიდან, რომელიც საგანგებოდ  მიეძღვნა ციხისძირის აგარაკებს (იხ. ბიბლიოგრ. Цихисъ-Дзири дачное место близ Батума, Батуми. 1911 г.), სადაც ნათლად ჩანს,  როგორ შეფასებას  აძლევდნენ ამ ნაგებობას თანამედროვენი - „ამ პლატფორმის მახლობლად (იგულისხმება რკინიგზის ე.წ. 83-მე ვერსტის პლატფორმა. - თ.გ.) ცალკე მდგომ კლდეზე რკინისგზის ლიანდაგსა და ზღვას შორის ძველი ციხედარბაზის მსგავსი ვილა შენდება (სკარჟინსკის აგარაკი); ნაგებობის ორიგინალობა და ადგილმდებარეობის იშვიათი სილამაზე ძალაუნებურად ყველა მნახველის ყურადღებას იპყრობს. ქვით მოპირკეთებულ ფერდობზე, რომელიც მიმართულია რკინიგზისკენ დიდი ასოებით წერია ციხედარბაზის დასახელება „Castellamare“. საინტერესოა ზღვის თავზე ჯაჭვებზე დაკიდული ამ აგარაკის აივანი, საიდანაც იხსნება შესანიშნავი ხედები.“ ამასთან დაკავშირებით, ძალაუნებურად, გიჩნდება ასოციაცია  არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაიტის პროექტებიდან, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პროექთან - „სახლი ჩანჩქერის თავზე“.

3
4
5

ამ სახლის პროექტი შედგა 1935 წელს, ხოლო იგი 1936-39 წლებში აშენდა. უკვე, დაახლოებით ,30 წლის შემდეგ, ეს სახლი აღიარებული იყო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ისტორიული ძეგლი. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია (ვიმედოვნებთ, რომ ჯერ-ჯერობით) Castello Mare-ს ამ უდავოდ საინტერესო და ორიგინალური პროექტის ავტორი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა არქიტექტორისა, Castello Mare-ს პროექტის შედგენის დროს, აუცილებელი გახდებოდა გამოცდილი  ინჟინერ-კონსტრუქტორის მონაწილეობაც, რომლის სახელი ჩვენთვის, ასევე, უცნობია. ერთ-ერთ ელექტრონულ საიტზე, რომელიც ციხისძირის  არქიტექტურის ისტორიისადმია მიძღვნილი, ვ. სკარჟინსკი მოხსენიებულია, როგორც არქიტექტორი, თუმცა, ჩვენ ამას ვერ დავადასტურებთ, ვინაიდან, ჩვენთვის  უცნობია კონკრეტულად მისი სპეციალობა. მაგრამ, როგორც ჩანს, მისი საქმიანობა მშენებლობასთან იყო დაკავშირებული. ამაზე მიუთითებს, თუნდაც, მისი მუშაობა ბათუმის პორტის მშენებლობაზე, სადაც იგი მოღვაწეობდა, როგორც სამუშაოთა მწარმოებელი და  ამისათვის მას ლოგიკურად საინჟინრო განათლება უნდა ჰქონოდა. ამასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული ანუ დასაშვებია ის, რომ საყრდენი კედელი, თავისი დღესაც შემორჩენილი და, როგორც აღნიშნავენ, უნიკალური კონტრფორსებით, მისი პროექტით ყოფილიყო აგებული. გარდა ამისა, თუმცა, ვარაუდის გაკეთება ძალიან რთულია, როგორც ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტი, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ Castello Mare-ს პროექტის ავტორი ყოფილიყო XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში მოღვაწე არქიტექტორი, ედმუნდ ედმუნდის ძე ფრიკი. ე. ფრიკი დაიბადა კოვენის (კაუნასის) გუბერნიაში (ლიტვა) აზნაურის ოჯახში, 1902 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი. 1904 წელს ე. ფრიკი მუშაობდა ბათუმში, 1906 წლიდან - ფოთში, ხოლო 1909 წლიდან - ქუთაისში. ე. ფრიკი ავტორია ძველი ქუთაისის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ე.წ. ჩინური სახლის პროექტისა, რომელიც მდებარეობს ახლანდელ თამარ მეფის ქუჩაზე. ე. ფრიკთან დაკავშირებით ვითვალისწინებთ იმასაც, რომ იგი 1906 და 1908 წლებში იმავე კომიტეტის წევრი იყო, როგორც ვ. სკარჟინსკი (ფოთის საკათედრო ტაძრისაგების კომიტეტი). აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ისინი არ  იცნობდნენ ერთმანეთს. ასევე, სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ მათ უწევდათ შეხვედრები სამსახურეობრივ თუ საზოგადოებრივ მოვალეობებთან დაკავშირებით. მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო Castello Mare-ს არქიტექტორი, არ შეიძლება, არ იყოს საგანგებოდ აღნიშნული თვით ვ. სკარჟინსკის როლი,  როგორც „ციხედარბაზის ზღვის თავზე“ მეპატრონისა. რომლის სურვილსა და თანხმობას  გადამწყვეტი თუ არა, დიდი  მნიშვნელობა ჰქონდა. ვინ იცის, შეიძლება ზემოაღნიშნულმა, გარკვეული გავლენა მოახდინა  ბაღის ქუჩაზე მდებარე სახლის არქიტექტურაზეც. საბჭოთა ხელისუფლების დროს, სავარაუდოდ, 1930-იან წლებში, Castello Mare-ს გვერდით აშენდა პანსიონატი „ნაუკა“, ხოლო თვით Castello Mare ანუ „ციხედარბაზი ზღვის თავზე“ ამ მრავალადგილიანი პანსიონატის საჭიროებისათვის გადააკეთეს და ორიგინალური გადაწყვეტები დაიკარგა. კერძოდ, ცნობილი ჯაჭვებზე დაკიდული აივანი  უბრალოდ გადაჭრეს, შენობის ქვედა ნაწილში, იქ სადაც იყო პანორამული გადასახედი კიბეებით და გასასვლელებით კონტროფორსებისკენ, საშხაპეები ააშენეს. 2004 წელს პანსიონატი „ნაუკა“ დაანგრიეს. 2016 წელს მის ადგილზე აშენდა ახალი სასტუმრო კომპლექსი.

6
7

ძველი Castello Mare-დან შემორჩა მხოლოდ დიდი საყრდენი კედელი  უნიკალური ქვის კონტრფორსებით, რომელიც  აკავებდა ზედა ბაქანს, სადაც გაშენებული იყო  ტროპიკული მცენარეთა ბაღი და თვით დასახელება -  Castello Mare, რომელიც დაარქვეს ახალ კომპლექს. ალბათ, ეს ყველაფერი  არ არის მოკლებული გარკვეულ ინტერესს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიშენებული კორპუსის აშენების თარიღი კვლავ ღია რჩებოდა, სამაგიეროდ, შემდგომი კვლევის შედეგად მივაკვლიეთ ზოგიერთ ცნობებს თვით ტიტელების და არა მარტო მათ შესახებ. ემილიას მშობლები ფრანც და ვილჰელმინა ტიტელები იყვნენ. ფრანცი წარმოშობით ავსტრიელი ყოფილა. ემილიას ჰყავდა   თავისი ტყუპი და - კლარა (ეს არის  ჩვენი ვარაუდი, ვინაიდან, ისინი ერთ წელს დაბადებულნი იყვნენ) და კიდევ უმცროსი და - პაულინა და უმცროსი ძმა - ალექსანდრე. სხვათა შორის, ამ უკანასკნელის გარდაცვალების განცხადებამ თბილისის 1902 წლის ერთ-ერთ გაზეთში მოგვცა ცნობები ოჯახის სხვა წევრების შესახებ. აქედან, ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა განცხადებაში მოხსენებული მისი და - კლარა, რომლის მეშვეობით ბევრი რამ დადგინდა. კლარა ტიტელი-გურამიშვილისა, ცნობილი მომღერალი იყო. პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში მოღვაწე ჩეხ მუსიკოსთან - იოსებ რატილთან. შემდეგ სწავლობდა პეტერბურგში. დაამთავრა ვენის კონსერვატორია. 1897-98 წლებში უმაღლეს სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა პარიზში. პარიზის მუსიკალურ სალონებში ბრწყინვალე გამოსვლებისა და აღიარების შემდეგ, 1899 წელს საქართველოში დაბრუნდა და არანაკლები წარმატებით გამოდიოდა საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებზე. საგასტროლო კონცერტებს მართავდა ბაქოში, ქუთაისში, ბათუმში.  კლარა ტიტელის მეუღლე იყო დავით გურამიშვილი, ფერმწერი, გრაფიკოსი, ფოტოგრაფი, კოლექციონერი, საზოგადო მოღვაწე, ახალი ქართული ფერწერის უფროსი თაობის წარმომადგენელი. ეწეოდა აქტიურ შემოქმედებას, იყო ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის ახლო ნათესავი და ყოველგვარ საზოგადოებრივ საქმიანობაში მათ გვერდით იდგა. ამასთან ერთად, შემდგომი კვლევის შედეგად გაირკვა ისიც, რომ ემილია ტიტელის მეუღლე ვიკენტი სკარჟინსკი ყოფილა,  რაც, უნდა ვთქვათ, საკმაოდ მოულოდნელი და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი ფაქტია. მოპოებულმა ცნობებმა ბევრი რამ დააზუსტა.

8

მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ემილია და კლარა დები იყვნენ, დ. გურამიშვილი და ვ. სკარჟინსკი - ქვისლები ანუ, შეიძლება ითქვას, ახლო ნათესავები ყოფილან. დანარჩენი ნათესავური კავშირები უკვე აქედან გამომდინარეობს. ამგვარად შეიძლება ითქვათ,  რომ ტიტელებმა ერთმანეთს ბევრი ცნობილი პიროვნება დაუკავშირეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანც და ვილჰელმინა ტიტელების ყველა შვილი თბილისში იყო დაბადებული. კიდევ ერთი საინტერესო ცნობა, რომელიც ემილია ტიტელს ეხება. მან 1892 წელს, ე.ი. სანამ კარგარეთელის ქუჩაზე სახლის აშენებას მოითხოვა, მანამდე, თურმე, შეუკვეთა  ქვის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი კიდევ ერთ ცნობილ თბილისელ არქიტექტორს - ალექსანდრე შიმკევიჩს. ეს სახლი აშენდა, ასევე, თბილისის მე-10 ნაწილში, მხოლოდ ელისაბედის (ამჟამად, წინამძღვრიშვილის) ქუჩაზე. პროექტი ძალიან საინტერესოა. სამწუხაროდ, მშენებლობის დროს არსებულ პროექტში შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები, რამაც, ჩვენი აზრით,  უარყოფითად იმოქმედა მის გარეგნულ სახეზე. სახლი დღესაც არსებობს (წინამძღვრიშვილის ქუჩა, # 162). მოგვიანებით, როგორც ჩანს, ამ სახლს გვერდით, უფრო სწორად, მის გაგრძელებაზე, წინამძღვრიშვილისა და ბაქოს  ქუჩებს კუთხეში, მიაშენეს ახალი სახლი, რომელიც, ფაქტობრივად, ზუსტად იმეორებს მის არქიტექტურას.

9
10

ამრიგად, შეიქმნა, თავისი ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტით ძველი თბილისისათვის უჩვეულო საცხოვრებელი  სახლი, რომელსაც შეიძლება, ვუწოდოთ საცხოვრებელი  კომპლექსი, იდი შედგება ორი სიმეტრიული სარკისებრი ფრთისაგან, რომლებიც სავსებით იდენტური თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით. საინტერესოა, რომ ეს სახლი, ისევე, როგორც ბაღის ქუჩაზე მდებარე სახლი, ქუჩის პირას კი არა, არამედ ნაკვეთის სიღრმეში არიან განლაგებულნი. რაც  შეეხება მიშენებას, რომელიც განხორციელდა საბჭოთა  პერიოდში, ე.ი. საკითხს, რომელმაც, ფაქტობრივად, გამოიწვია აღნიშნული კვლევა - ბოლოს და ბოლოს, მაინც მოხერხდა ამ მიშენების აგების ზუსტი თარიღის დადგენა. გაირკვა, რომ სამსართულიანი შენობის პროექტი, რომელიც წარმოადგენდა ე.წ. საყოფაცხოვრებო კორპუსს და რომელიც მიაშენეს ყრუ-მუნჯების სკოლა-ინტერნატს მდებარე კარგარეთელის ქუჩა, # 6,  დამტკიცებულ იქნა თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ, 1952 წლის 27 სექტემბერს. ავტორია თბილისელი არქიტექტორი გალინა გრესელ-კოშუტი. აღსანიშნავია, რომ ახალი, ე.წ. საყოფაცხოვრებო კორპუსის  ფასადის გაფორმებაში გამოყენებულია ძველი, არსებული შენობის დეკორის ელემენტები. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტირების დროს, იყო  მცდელობა ახალი შენობის შერწყმისა არსებულ შენობასთან. მიუხედავად ამისა, დასანანია, რომ ძველი შენობა, რომელიც გადაურჩა წინა 20-30-40-იანი წლების გადაკეთებას, ბოლოს, სრულად მაინც ვერ შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე.
ბიბლიოგრაფია


1. ბერიძე ვახტანგ, თბილისის ხუროთმოძღვრება 1801–1917 წლები, ტ. 2, თბ.,1963.
2. კეზევაძე მერაბ, ინჟინერ ედმუნდ ედმუნდის ძე ფრიკის მოღწეობისათვის
ქუთაისში, ჟურნ. „მწვანე ყვავილა“, # 3, 2016.
3. საქართველო, ენციკლოპედია, ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის
სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, ტ. 2, თბ., 2012.
4. საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივი, ფონდი 14,
ანაწერი 2, შეს. ერთეული # 2565.
5. საქართველოს ეროვნული არქივი. საქართველოს საისტორიო ცენტრალური    არქივი, ფონდი 192, აღ. 8ა, # 3454, 4547, 6910.
6. საქართველოს ეროვნული არქივი. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური  არქივი, ფონდი 300, ანაწერი 10, # 382.
7. ფოთის საკათედრო ტაძარი | Georgian Travel Guide.
8. Кавказский календарь на 1900 г., 1901г., 1904 г., 1907 г., 1909 г.
9. Цихис - Дзири дачное место близ Батума. Издание цихис-дзирских дачевладельцев.
Составлено В.Голицыным. Батум, 1911 г.
10. გაზ. „Кавказ“, № 112, 1902 г.   
11. გაზ. „Тифлисский листок“, № 293, 1913 г., № 162, 1916 г.
12. Аджария - путеводитель по Кавказу - Горячий Ключ.
13. Дом над водопадом - Википедия.                                                                                     
14. "Замок над морем" на скале Цихисдзири - Архи.ру.  
15. Скаржинские - Википедия.
16. Скаржинский – Википедия.
17. "Тайны замка над морем".


ნანახია: 6531-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani