Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გადარჩენილი მემკვიდრეობა „ქართული ორნამენტის გენეზისი“

There are no translations available.

ასმათ ოქროპირიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ვინც ქართულ კულტურას ფართო თვალსაწიერით უყურებს, გვერდს ვერ აუვლის დავით კაკაბაძეს. უდიდესი პიროვნება, მეცნიერი, მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე არსებითად იაზრებს და აჯამებს კიდეც მრავალათასწლოვანი საქართველოს სულიერ თავისებურებებს. კაკაბაძის ხელოვნება, ადამიანური ვნებებისაგან განწმენდილი, ობიექტურობის ისეთ ხარისხშია აყვანილი, როდესაც შემოქმედი, არსებითად, უარს ამბობს „ავტორობაზე“ და, მსგავსად ძველი ოსტატებისა, ანონიმად ქცეულა. „ხელოვნების მთლიანი ნაწარმოები წარმოადგენს იმნაირ ერთეულს, რომელიც შექმნილია არა ადამიანის სუბიექტური ნებისყოფით, არამედ ნაწარმოების შინაგანი წყობილებით, რომლის ორგანიზაციული და ჰარმონიული წესები იმორჩილებენ სუბიექტურ ნებისყოფას. შემოქმედება მხოლოდ განცდაა ამ ორგანიზაციული და რიტმული წესებისა.
ნაწარმოები კი არის შემოქმედების პროცესის ობიექტური სახე, ამიტომ ხელოვნების ნაწარმოები უნდა მოქმედებდეს ადამიანზე, როგორც ობიექტური, დამოუკიდებელი საგანი, თავისი შინაგანი ორგანიზაციული და რიტმული წესით. თვით ხელოვნებას კი ადამიანი განიცდის საკუთარი სუბიექტური შემოქმედებით“ („შემოქმედება და თანამედროვეობა“ - არქივიდან, გვ. 50) დიდი მხატვრის შემოქმედებას ეხმიანება მისი ერთი წიგნის - „ქართული ორნამენტის გენეზისი“ - შექმნის ისტორია - მოკრძალებული და ასევე ანონიმური. უპირველეს ყოვლისა, გულწრფელ მადლობას იმსახურებს ბატონი პარმენ მარგველაშვილი და მასთან ერთად მის მიერ შეკრებილი საგამომცემლო გუნდი, რომელთაც ძალზედ მძიმე წლებში გააკეთეს საშვილიშვილო საქმე - გამოსცეს დავით კაკაბაძის სამწიგნეული და ამით მადლიერება და სიყვარული გამოხატეს ადამიანისადმი, რომელსაც მთელი არსებით, უანგაროდ უყვარდა თავისი სამშობლო, რის გამოც იგი მკაცრად დასაჯეს. პირველი წიგნი - „კულტურული მემკვიდრეობა“ (ნამუშევრების სრული კატალოგი) დაიბეჭდა 1999 წელს. მეორე წიგნი - „დავით კაკაბაძის არქივიდან“ - 2002 წელს. როგორც სათაურიდანვე ჩანს, აქ გამოქვეყნდა დავითის უმნიშვნელოვანესი პირადი მიმოწერა, მხატვრის მიერ გადაღებული ფოტოები - უდიდესი ფასეულობისა არა მარტო დოკუმენტურობის თვალსაზრისით - მათში ჩანს ხედვის იმგვარი სიღრმე, სადაც თავისთავად ამოიკითხება ღირებულებათა სისტემის სიფართოვე.
01
მესამე წიგნი - სახელწოდებით „ქართული ორნამენტის გენეზისი“ დაიბეჭდა 2003 წელს. სათაური თავად გვიჩვენებს მის შინაარსს. ცნობილია, რომ ყოველი კეთილი საქმე განსაცდელს გადის. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა ეს სამწიგნეულიც. ერთ დილით თბილისში ხმა დაირხა, რომ გამომცემლობაში გაჩენილმა ხანძარმა შეიწირა დავით კაკაბაძის ერთადერთი ხელნაწერი ქართული ორნამენტის შესახებ. ეს ინფორმაცია თავზარდამცემი იყო, რადგან ყველას მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ერის ორნამენტული აზროვნება. ეს ნამდვილად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობაა. არაერთ უცხოელ მეცნიერს აღუნიშნავს ამ კუთხით საქართველოს განსაკუთრებულობა ქრისტიანულ ქვეყნებს შორის. მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ დიდი მხატვარი ამ მემკვიდრეობას მრავალი წლის მანძილზე აგროვებდა. ჩვიდმეტი წლის ასაკიდან ფეხით მოიარა თითქმის მთელი საქართველო და ჩანახატებისა თუ ფოტოების სახით შეკრიბა დიდძალი დოკუმენტური მასალა. ეს ყოველივე აპრიორი გულისხმობდა დიდი მეცნიერისა და მხატვრის მიერ თეორიულ კვლევასაც. გავიდა ხანი და, როგორც უკვე ვთქვით, 2003 წელს ჯგუფმა დაბეჭდა მესამე წიგნი „ქართული ორნამენტის გენეზისი“. სიხარულის საერთო ნაკადში ცოტას თუ გაუჩნდა კითხვა, თუ როგორ გამოიცა დამწვარი ხელნაწერი? ამის შესახებ კი, პირადად მე, სრულიად შემთხვევით გავიგე: საბედნიეროდ, მქონდა და მაქვს პირადი კონტაქტი წიგნის მხატვართან - ქალბატონ დეა ჯაბუასთან. მან განსაზღვრა ფორმატი, ყდები, შრიფტად კი აირჩია ე.წ. „პარიზული“, რომელიც თავად დავითმა გამოიყენა პარიზში, როდესაც „ხელოვნება და სივრცე“ გამოსცა. ასე, რომ ეს შრიფტი იყო თავისებური ბმა მხატვრის არჩევანთან. მაგრამ „პარიზულს“ იმ დროისათვის უკვე აკლდა სასვენი ნიშნები. ზოგიერთი ასო დეფორმირებული, ან სულაც წაშლილი იყო. წიგნის მხატვარმა იგი სრულად აღადგინა და შეავსო, შემდეგ „გააციფრულა“ და ამით აქცია დღეს უკვე საკმაოდ გამოყენებად შრიფტად. ორიოდე სიტყვა თავად დეა ჯაბუას შესახებ. იგი შესანიშნავი გრაფიკოსია, რომელმაც თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში საგანგებოდ შეისწავლა წიგნის ხელოვნება. წლების მანძილზე აკადემიის გრაფიკის კათედრაზე ასწავლიდა შრიფტს, კომპოზიციას, გრაფიკულ მასალებს. მას გაფორმებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი წიგნი. ამჟამად კი აღიარებული ხატმწერია. სწორედ ხატწერის წყალობით გავიცანი დეა. პირადი კონტაქტის დროს, სხვათა შორის, მიამბო დ. კაკაბაძის ორნამენტის გამოცემის ისტორია. იგი ყვებოდა ცალკეულ ეპიზოდებს - უბრალოდ, ბუნებრივად.
02
ამ ფრაგმენტებით კი დაიხატა ერთიანი სურათი - დრამატული თავგადასავალი დამწვარი ხელნაწერის აღდგენისა. კონფერენციის ორგანიზებისას, ბუნებრივია, მივმართეთ ქალბატონ დეას, რათა თავად მოეთხრო ამის შესახებ, მაგრამ მან ბუნებრივადვე უარი გვითხრა, რადგან თვლიდა, რომ ეს ისტორია შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო. ეს კი არა, თურმე ბატონმა პარმენ მარგველაშვილმა მისგან ფარულად დაწერა იგი წიგნის შემდგენლად (იმდენად უარზე იყო მხატვარი). მაგრამ მისი ნაშრომის მოცულობა და მასშტაბი უდიდესია. ეს არის სამი წლის უანგარო, თავაუღებელი შრომის შედეგი. გაირკვა, რომ ბატონ პარმენს, საბედნიეროდ, ქსეროქსზე გადაუღია კაკაბაძის ორნამენტი. ტექსტი კი - უკვე აკრეფილი - დისკებზე ინახებოდა მის სახლში. მაგრამ, ვინაიდან ვიზუალური მასალის ქსეროასლი გაკეთდა ძველი, გაყვითლებული ქაღალდის ფურცლებიდან, ამიტომ ანაბეჭდი იყო ძალზე ბუნდოვანი, დეტალები - გაუფერულებული, ზოგჯერ - თითქმის გამქრალიც კი. ფურცლებს ფარავდა დიდი შავი ლაქები. ამ სახით მისი გამოცემა სრულიად შეუძლებელი გახდა. და აი, მხატვარმა შინაგანად მიიღო წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება - თითქმის უვარგისი ქსეროასლები გაეწმინდა და აღედგინა მთელი შემორჩენილი მასალა. არსებითად ეს იყო მათი სრული გრაფიკული რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობდა ყოველი ხაზის თავიდან დახატვას. ხაზები იყო შემოსავლები თვით დავითის მინაწერებზეც. „ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ თვითონ მე შემეცვალა კალიგრაფია ამდენი მუშაობის შედეგად“ - ღიმილით მითხრა მხატვარმა. როდესაც ვკითხე, თუ როგორ შეძლო ამ კოლოსალური სამუშაოს ასე სკრუპულოზულად შესრულება, მიპასუხა: „მე რომ მხატვარი ვარ, დავით კაკაბაძის დამსახურებაა. მართალია, ნელი ჩიქოვანის შვილი ვარ და ხატვის ნიჭი დედისგან დამყვა, მაგრამ მთავარი სტიმული დავითმა მომცა“ და როდესაც ჩემი გაკვირვებული მზერა დაინახა, ასეთი რამ მიამბო: „მე დავითი თვალით არ მინახავს. პატარა ვიყავი - მახსოვს, ერთ დღეს დედაჩემი - მხატვარი ნელი ჩიქოვანი ყვავილების კალათას კრავდა და თან ეს თავშეკავებული ქალი ცხარე ცრემლით ტიროდა. შემეშინდა და ვკითხე, რაში იყო საქმე. მოკლედ მიპასუხა: „Ушёл великий человек“ - დავითი გარდაცვლილიყო. სამი მხატვარი ქალი - ნელი ჩიქოვანი, ეთერ ანდრონიკაშვილი და ინა დივნოგორცევა-გრიგოლია კურსელი იყო და მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. სწორედ ამ გზით მოხვდა დეა დავითის სახელოსნოში. მიამბო პირველი წარუშლელი შთაბეჭდილება: „როდესაც სახელოსნოში მის ობიექტებზე მოციმციმე ლინზები დავინახე, საშინლად მომინდა იქ „შეძრომა“ და მოგზაურობა. რატომ? გვიანღა მივხვდი, რომ ამ სარკეებს მიღმა ინტუიტიურად სამოთხის სივრცე იგრძნობოდა“. შემდეგ, უკვე გარდატეხის ასაკში, დ. კაკაბაძის ნამუშევრებისავე გავლენით მომავალმა მხატვარმა დაიწყო აბსტრაქტული კომპოზიციების კეთება, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი პროფესიული არჩევანი. სწორედ ეს შინაგანი, განუზომელი მადლიერება დავითის მიმართ დაედო საფუძვლად ორნამენტის გენეზისის აღდგენის საკვირველ შრომას. წარმოუდგენლად რთული იყო ქსეროქსზე მუშაობა. შავი ლაქებით დაფარულ ფურცლებზე ხშირად აღარ იკითხებოდა არც გამოსახულება, არც ხელნაწერი. მხატვარი ყოველი მინიშნებული ძეგლის აღდგენისას მიმართავდა სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ შესაბამის ნახაზებსა და ფოტოებს. ამ თავდადებული შრომის შედეგად კი ჩვენი ხელოვნების ისტორიისათვის აღდგა დავით კაკაბაძის ხელით შესრულებული ორიათასამდე ჩანახატი ქართული ორნამენტისა. ეს ინფორმაცია დღესაც გვაკვირვებს თავისი სისრულით. დიდმა მხატვარმა ხომ უწყვეტი, თავგანწირული შრომით შეკრიბა ქართული ორნამენტის საზრისისეულად ღრმა, ბევრის მომცველი სურათი (ისეთივე კრებითი, როგორც „იმერეთი დედაჩემი“). მოთხრობილი ისტორია დიდი მაგალითია მადლიერების გრძნობისა, რაც, ალბათ, ადამიანისათვის უმთავრეს თვისებათაგანია. დეა ჯაბუას მიერ „ქართული ორნამენტის გენეზისის“ აღდგენა მით უფრო ღირებული ხდება, როდესაც აცნობიერებ ამ ნაშრომის კონცეპტუალურ სიღრმეს.
03
ეს არის, არსებითად, უმნიშვნელოვანესი ხედვა ქართული ორნამენტული მემკვიდრეობისა. დავით კაკაბაძე ორნამენტის შესწავლის აუცილებლობას ხედავს არა მარტო მისი, როგორც წარსულის ფასდაუდებელი მემკვიდრეობის გადარჩენაში, არამედ გაანალიზება-გაშინაგანების გზით ორნამენტული აზროვნების ახალი შემოქმედებითი ტალღის დაბადებაშიც: „შესწავლით ხელი შევუწყოთ მის განვითარებას, აღმოვაჩინოთ ის კანონები, რომლითაც ის ვითარდებოდა“ (გვ. 10). „თუ ახალი სახე არ ჩნდება - ძველს იმეორებენ - ეს მოწმობს შემოქმედებითი უნარის დაკარგვას“ (გვ. 12). დ. კაკაბაძისეული ხედვა ორნამენტის რაობისა სიღრმისეულია. დიდი მხატვრის აზრით, ორნამენტი დაკავშირებულია საგანთან. იგი საგნის შინაგანი თვისობრიობის წარმომჩენია და არა პასიური, ნეიტრალური საზრისის მატარებელი, ამასთანვე, გამომხატველი ადამიანის შეხედულებებისა. „ორნამენტი არ არის მარტო მოკაზმულობა სილამაზისათვის. არამედ ის არის ადამიანის აზრის გამომხატველი, ქვეყნის შემეცნების გამომხატველი“ (გვ. 11). „ორნამენტი იმგვარი პლასტიკური ფორმაა, რომელიც დაკავშირებულია საგანთან. განყენებულად ის არ არსებობს. ეს სწორედ იმიტომ, რომ ორნამენტი იმ საგნის არსებაა, რომელიც ადამიანთან უშუალო კავშირშია მყოფი და მის მიერ გამოიყენება“ (გვ. 26). საგულისხმოა ეროვნულ-რელიგიური თავისებურებების ამოკითხვა სხვადასხვა კულტურებში. მაგალითად, უდაბნოს მკვიდრ მუსულმანთა ხელოვნებაში იგი ხედავს აბსტრაქტული რელიგიის შესაბამის უსასრულოდ მიმავალ გეომეტრიულობას, მაშინ, როდესაც ქართული ორნამენტისთვის დამახასიათებელია „ნასკვნი“ და „წნული“, რაც ჯვრის ტრანსფორმაციაა და ქართველთა ოდინდელი ქრისტიანობის კიდევ ერთი მამტკიცებელი. „ნასკვნი არის სპირალის და წნულის სინთეზი“ (გვ. 30). „წნულის დაკავშირება ჯვართან. ჯვარი - სპირალი - გადაჯვარინება. ქრისტიანობამ წნული მიიღო როგორც ჯვრის სახე“ (გვ. 30). „წნული ნასკვნით შეიქმნა მთავარი დეკორატიული სახე ქრისტიანობისა. წნული უნასკვნო შეიქმნა მთავარი დეკორატიული სახე მუსულმანობისა“ (გვ. 33). თავისებურად ტრაგიკულია დავითის მიერ გააზრებული და წარმოჩენილი თეორიული მხარე. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გვიჩვენებს, თუ რა ფართო კუთხით ჰქონდა ჩაფიქრებული მას ორნამენტის შესწავლა: ორნამენტის წარმოშობა ზოგადად; ქართული ორნამენტის ძირითადი ხასიათი; ორნამენტის კლასიფიკაცია, მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიისათვის. აქვე იგი მოუცილებლად გულისხმობს სახელოვნებათმცოდნეო დარგის მონაპოვართა გათვალისწინებას: კონდაკოვი, ბერიძე, ჩუბინაშვილი, ბალტრუშაიტისი. გაკვირვებას იწვევს ორნამენტის სისტემატიზაციის პრინციპი, სადაც ნათლად ჩანს დავითისეული ხედვის სიღრმისეულობა. მან შეადგინა ათპუნქტიანი ცხრილი, რომელიც გულისხმობს ძეგლის დასახელებას, ნაგებობის ტიპს, მდებარეობას, თარიღს, კედლის სიბრტყის არქიტექტურულ დახასიათებას, ორნამენტის კედლის რელიეფს, ორნამენტის სახეს (ფოთლოვანი, წნული, შერეული და ა.შ.), კედლის სიბრტყისადმი მიმართების, საერთო შუქ-განათების თვისობრიობას და ბოლოს - გრაფა შენიშვნებისათვის. ამ პრინციპით შედგენილია სამოცდასამი ეკლესიის დახასიათება - მართალია, მოკლე, მაგრამ მომავალი კვლევებისათვის ძალზე საგულისხმო. ცალკეულ ორნამენტებზე მინაწერები კი გვიჩვენებს, რომ მხატვარმა გაცილებით მეტი ძეგლი ნახა. საარქივო მასალა მოწმობს, რომ მისი კვლევა იყო ფართომასშტაბიანი და გულისხმობდა ინსტიტუციურ შესწავლას. ჩანს, იგი მრავალგზის და მრავალნაირად მოემზადა ამისათვის, მაგრამ ყოველთვის გაუზიარებელი რჩებოდა მისი სულისკვეთება, ისევე, როგორც დაიკარგა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ამსახველი ფილმი. ეს იყო დასრულებული ნაშრომი, ჩვენი ეროვნული საგანძურისადმი უდიდესი სიყვარულით შექმნილი. მხატვარი ყოველ ტაძარს გულმოდგინედ იკვლევდა ადგილზე. არჩევდა ყველაზე ტიპიურ და მაღალმხატვრულ წერტილებს. ასევე განათების რეჟიმის ცვლილებას დღის განმავლობაში. გრაფიკული მასალა გვიჩვენებს, რომ ძეგლის შესწავლის პროცესი ამ კუთხით იყო ნამდვილი „სცენოგრაფია“ და როგორც ჩანს, მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა იგი არქიტექტურას. მაგრამ მოსკოვმა აკრძალა დასრულებული ფილმი და მისგან დღეისათვის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი თუ დარჩა. მოსკოვმა, კერძოდ, საკავშირო არქიტექტურის კავშირმა ასევე საგანგებოდ დაბლოკა დავით კაკაბაძის ავტორობა ფოტოებისა, რომელიც გამოქვეყნდა ნ. სევეროვის ცნობილ წიგნში „…“. შემორჩენილია ცნობა, სადაც ნ. სევეროვი ბოდიშს იხდის ამ ფაქტისთვის. ეს არის ოცდაათამდე კადრი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულობას თავისი მაღალმხატვრულობის წყალობით. განსაკუთრებით ტრაგიკულია, რომ 1948 წელს დავით კაკაბაძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტს წარუდგინა მოხსენება-პროექტი ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტის ფართომასშტაბიანი კვლევისათვის. იგი, ალბათ, ითხოვდა სულ მცირე თანადგომას ამ საშვილიშვილო საქმის განსახორციელებლად. მაგრამ პროექტი არ იქნა გაზიარებული. კიდევ ერთხელ საშინელი იგნორირებით გული ატკინეს გენიალურ მხატვარს, რათა ამ გზით ჩაეკლათ მასში ყოველგვარი შემოქმედებითი კეთილი ძიება. რამდენიმე თვეში იგი ცინიკურად გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან და სრულიად მოიკვეთეს. ამის შემდეგ იგი ორნამენტს აღარც მიბრუნებია. ქართული ორნამენტის კვლევა დავით კაკაბაძემ ჩვიდმეტი წლის ასაკიდან დაიწყო. ოცი წლისა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პარალელურად გაიარა ხელოვნებათმცოდნეობის სრული კურსი დიმიტრი აინალოვთან. ქართული ორნამენტის შესწავლა ახალგაზრდა მხატვარს თავად ივანე ჯავახიშვილმა დაავალა. 1912 წლის 6 ოქტომბერს იგი სწერს ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარეს - გიორგი ზდანოვს: „… მე ჩემის მხრივ, შემიძლია შევამოწმო, რომ აღნიშნული ყმაწვილი საბუნებისმეტყველო ფაკ-ზე მყოფი, ამასთანავე მშვენიერი მხატვარია და მხატვრობას და ხელოვნების ისტორიას საგანგებოდ სწავლობს, პირველ საგანს მხატ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სკოლაში, მეორეს - უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკ-ტის პროფესორ აინალოვთან, ამასთანვე ჩემთან სწავლობს და მუშაობს რამდენადაც ეს საჭიროა ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლისათვის. შარშან მე მივეცი გამოსაცდელად ერთი ძველი ქართული მხატვრობა (ვახტანგისა და საბა ორბელიანის ფერადებით ნახატი სურათი), რომელიც შენახულია ერთს ქართულს XVIII ს. დასაწყისის ხელნაწერში, და ვთხოვე, გამოეხატა ფერადებითვე. მინდობილობა საუცხოოდ აასრულა. ჩემსავე რჩევით ქართულმა საისტორიო საზოგადოებამ ამ ზაფხულს მას მცხეთის ტაძარში შენახული მარიამ დედოფლისა და სხვათა საისტორიო სურათების გადაღება მიანდო ფერადებით და ესეც საუცხოოდ აასრულა… დასასრულ ის ამზადებს ჩემის ხელმძღვანელობით შემდეგს პატარა გამოკვლევას „ჩუქურთმიან სახეების (ორნამენტი) განვითარება ქართულს საოქრომჭედლო ხელოვნებაში ქართული ხატების მიხედვით“. ეს თემა მე მივეცი და ამ თხზულებაში შეკრებილი იქნება ქართული ორნამენტების ყველა ნიმუშები და ქრონოლოგიურად განხილული იქნება მათი თანდათანი განვითარება. შრომა უკვე დამზადებული აქვს და მახლობელ სხდომაზე აქაურ უნივერსიტეტის ქართულ სამეცნიერო წრეში წაიკითხავს. ერთი სიტყვით ბ. კაკაბაძე ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლისთვის ემზადება და მისთვის ხელის გამართვა, როგორც მშრომელისა და ნიჭიერი ყმაწვილისათვის, ძალიან სასურველია…“ („დავით კაკაბაძის არქივიდან“, „ნეკერი“, 2002. გვ. 8). მართლაც, 1912 წ. ახალგაზრდა დავითმა პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს მოახსენა ნაშრომი „ჩუქურთმიანი სახეების განვითარება ქართულს საოქრომჭედლო ხელოვნებაში ქართული ხატების მიხედვით“. 1915 წელს გამოქვეყნდა მისი სტატია „ქართული ხატების მოჭედილობის სახეები“, 1919 წელს - „ბექა ოპიზარი“. გამოცემული წიგნი - „ქართული ორნამენტის გენეზისი“, სამწუხაროდ, მხოლოდ საარქივო მასალაა და, როგორც ბატონი პარმენ მარგველაშვილი წერს, დავით კაკაბაძე მის მიერ შეგროვილ მასალას დაუსრულებელი სახით არ გამოაქვეყნებდა მაგრამ გამოცემული წარმოუდგენლად ღრმაა და მრავალგზის გასათვალისწინებელი. უპირველეს ყოვლისა, საგულისხმოა, რომ მხატვარმა წარმოაჩინა არქიტექტურისა და მისი ორნამენტის სრული შინაგანი ერთიანობა, პროპორციული აგების იდენტურობა, რაც ამასთანავე, ეროვნული ნიშნის დონემდე ადის. ორნამენტი ხაზს უსვამს ნაგებობის არქიტექტონიკას, გამოხატავს მის სულს. თავის მხრივ, კედელი იმგვარადაა გათვლილი, რომ წარმოაჩინოს ორნამენტული აზროვნების სრულყოფილება. ამდენად, ეს ერთი განუყოფელი მთლიანობაა, სადაც ორნამენტი კი არ „ალამაზებს“ არქიტექტურას, არამედ არსებითად გამოხატავს მის შინაგანად დაფარულ საზრისს. ოსტატს ჩუქურთმის სახით გამოაქვს მთლიანობის შინაარსი: „ხშირად ჩუქურთმა გამოხატავს თვით ეკლესიის აგებულების აზრს“ (გვ. 54). ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მხატვრის ამ ხედვას მოწმობს თვით ქართული სიტყვის „შემკობა“ ეტიმოლოგია, რომელიც ეფუძნება „მკას“, „მომკვას“, ამდენად, ჯერ უნდა „მოიმკო“ ის, რაც „დათესილია“, და შემდგომ უკვე უკუ „შეამკო“, ანუ ჩუქურთმა არის შინაარსის ჯერ მოპოვება და შემდგომ მისი ვიზუალიზაციით საგნის (არქიტექტურის) განდიდება, ანუ მისი თვისობრიობის თავისებური ხილული „ხოტბა“.
04
განსაკუთრებით საგულისხმოა დავითის ღრმად ეროვნული ხედვა ზოგადად და კონკრეტულად ორნამენტის განხილვისას. ამჯერად ხაზი უნდა გაესვას ქართული ხელოვნებისა და ბიზანტიის მიმართებას. სამწუხაროდ, დღემდე ე.წ. „ბიზანტინოცენტრიზმი“ გადაულახავი ცნებაა ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაში. ამ დროს პოლიტიკურ-იმპერიული ცენტრალურობა არ გულისხმობს სულიერ ღირებულებათა თავისთავადად უპირატესობასა და აღმატებულობას. დავითს ღრმად სწამდა ქართული კულტურის თვითმყოფადობისა: „ზოგიერთი ნიმუში ჩუქურთმებისა იმდენად საუცხოოდ არის შესრულებული, რომ წინედ ზოგიერთი ნიმუში ქართული ხელოვნებისა მიჩნეული იყო საუკეთესო ნიმუშად ბიზანტიურ ხელოვნებისა (უვაროვისა და კონდაკოვის საფარის ეკლესიის კანკელი). ახლა კი მტკიცდება, რომ ეს არის საუკეთესო ნიმუში ქართული ხელოვნებისა და არა ბიზანტიურისა“ (გვ. 53-54). ორნამენტის შეფასების პროცესში ნათლად იჩენს თავს მხატვრისეული ხედვა ორი ცნებისა: „სივრცისა“ და „პლასტიკურობის“ (შესაბამისად - სიბრტყე და დეკორატიულობა). სივრცულობა უმაღლესი თვისობრიობაა ხელოვნებისა. შესაძლოა მრავლობითი მაგალითის მოყვანა მხატვრის ნაწერებიდან. გამოსაკვეთია სივრცის აღქმის ორი გზა: რენესანსული (სამგაზომილებიანი, პერსპექტივით) და აღმოსავლური (იაპონია, ჩინეთი), ამ უკანასკნელში ე.წ. „სიბრტყე“ (пятно - როგორც დავითი აღნიშნავს ჩანაწერებში) იმგვარად არის აგებული, რომ მოცულობითობისა და ჩრდილის არარსებობის მიუხედავად, იბადება განცდა უსასრულო მეტაფიზიკური სივრცისა. „სივრცის განცდა არის მთავარი სახე ხელოვნებისა“ (არქივიდან, გვ. 14). „ხელოვნების სული სივრცეა“ (არქივიდან, გვ. 67). სივრცე, როგორც უმაღლესი ცნება და შესაბამისად - თვისობრიობა ხელოვნების ნაწარმოებისა - თავის ღრმა დადასტურებას პოულობს ქრისტიანულ მსოფლმხედველობასა და, ბუნებრივია - ესთეტიკაში. მას უპირისპირდება ცნება „შეკრული“, „ჩაკეტილი“, „ბრტყელი“. მეორე ცნება „პლასტიკური“, მოუცილებლად ნიშნავს სივრცესთან მიმართებას და ამდენად, უმნიშვნელოვანესია. მისი საწინააღმდეგო „დეკორატიული“ სივრციდან, ანუ კონტექსტიდან ამოვარდნილობას გულისხმობს და, განსხვავებით „შემკობისაგან“, რომელიც საგნის შინაგანი სიკეთის ვიზუალიზაციაა, თავისთავად, შესაძლოა უკონტექსტო ორნამენტირებასაც კი წარმოადგენდეს. „ქართული ორნამენტი პლასტიკურია და არა დეკორატიული“ (გვ. 45). ამდენად, დ. კაკაბაძისეული ხედვით კეთილია კომპოზიტი „სივრცობრივ-პლასტიკური“ და არა „სიბრტყობრივ-დეკორატიული“. ცნებათა ამგვარი გადააზრება გულისხმობს დიდ ესთეტიკურ რეალობას და აუცილებლად გასათვალისწინებელია, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული და ზოგადად ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოების დახასიათებისას და მოითხოვს ცალკე ჩაღრმავებულ კვლევას. „ქართული ორნამენტის გენეზისი“ - წიგნი, ფენიქსივით აღმდგარი ცეცხლიდან - დავით კაკაბაძისადმი დეა ჯაბუას უსაზღვრო მადლიერების გამოხატულებაა. ამ გენიალურმა მხატვარმა ღრმა კვალი დატოვა გრაფიკოსის ფორმირებაზე. იმთავითვე ობიექტივის ლინზებში სამოთხისეული სივრცის შეგრძნებამ მიიზიდა მომავალი ხატმწერის ბავშვური სული. შემდგომ თინეიჯერში აბსტრაქციებმა გახსნა ხელოვნების, როგორც თავისუფალი ფორმათქმნის წარმოუდგენელი სიხარული - ღვთისაგან ადამიანისათვის მინიჭებული. მაგრამ მათ შორის შინაგანი ერთობა ამით არ დამთავრებულა. საქმე ის არის, რომ დეამ, როგორც გრაფიკოსმა და შრიფტის ოსტატმა, მიმართა საკრალური გეომეტრიის ენას, რაც საფუძველმდებელი გახდა მისი ამ სფეროში მოღვაწეობისა. უკვე მოგვიანებით, როდესაც ხატწერაში ჩაერთო, საკრალური გეომეტრია, ბუნებრივია, მისთვის კომპოზიციის აგების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. პარალელურად დეამ გაიაზრა არაერთი ქართული ტაძრის აგების მათემატიკური სტრუქტურა და ბუნებრივადვე დაინახა ქართულ ხუროთმოძღვრებასა და მის ორნამენტს შორის ჰარმონიული აგების საერთო წესი. ეს იყო მისი, როგორც გრაფიკოსისა და მასწავლებლის სააზროვნო სივრცე. მაგრამ აქ ხომ ისევ თავჩენილია არსებითი შინაგანი კვეთა დავითის ძიებათა სივრცესთან - გენიალურმა მხატვარმა ხომ იმთავითვე იგრძნო, იწამა და დაინახა ქართული ხუროთმოძღვრებისა და მისი ჩუქურთმის საერთო საკრალური ძირი, როგორც სამყაროს ჰარმონიის საფუძველი, უფალმა რომ ჩადო კეთილად ქმნილ სამყაროსა და ამ სამყაროს გვირგვინად დაბადებულ ადამიანში - როგორც სხეულებრივად, ასევე შინაგანი ცოდნის სახით. ეს არის „პრემორდიალური“, პირველადი ჰარმონია, რომელიც აერთიანებს საკრალურ სამკუთხედს - ღმერთს, ბუნებასა და ადამიანს, როგორც სამყაროს შესაქმის დაუნაწევრებელ მთლიანობას. დავით კაკაბაძის ხედვასთან ზიარი ამგვარი საფუძველმდებელი ხედვა გახდა განმაპირობებელი იმისა, რომ გრაფიკოსმა დეა ჯაბუამ გამოთქვა ძალზედ საგულისხმო იდეა ქართული ორნამენტის კვლევის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობისა, ლაბორატორიის, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება გენიალური ქართველი მხატვრის - დავით კაკაბაძის სახელობისა. იქნებ, ამით მაინც მივანიჭოთ სიხარული და გამოვუხატოთ მადლიერება მარადიულობაში გადასული დავითის სულს, რომელიც დედამიწაზე ასე ეწამა ჭეშმარიტების მსახურებისათვის. დაბოლოს, საკვირველია ერთი ფაქტი - დ. კაკაბაძემ, რომელმაც ჩვიდმეტი წლის ასაკიდან აგროვა ქართული ორნამენტის ორიათასამდე ნიმუში და სიღრმისეულად გაიაზრა, თავის შემოქმედებაში არ გამოიყენა ერთი მათგანიც კი. იბადება კითხვა, თუ რატომ? მაგრამ, როგორც ჩანს, ორნამენტი ზოგადი აბსტრაქტული საფუძველია მისი შემოქმედებისა. ყველა სიღრმისეული თვისება, რომელიც დავითმა დაინახა ჩუქურთმაში, გაშლილია მის ხელოვნებაში - განყენებულობა, პლასტიკურობა, ნიშნობრიობა, ანონიმურობა, სამყაროული მთლიანობის განცდა - თავისებური არქეტიპულობა, გეშტალტურობა. ორნამენტი დავითისათვის იყო სულიერი სახლი, სადაც თავს იყრიდა ყველაფერი მისთვის ძვირფასი - იმერეთის პეიზაჟი, ობიექტები თუ აბსტრაქტულად წოდებული არსებითი კოსმოგრამები და ბოლოს - სკულპტურა Z. ეს ერთიანი მსოფლმხედველობით-მსოფლშეგრძნებითი სურათია, ქართული კულტურის პარადიგმული კრებითი სახე. დავითის მთელი ცხოვრება - მისი მეცნიერება, თეორია თუ ხელოვნება არსებითად არის მრავალათასწლოვანი ქართული კულტურის კონსტანტური „ხმის“ ძიება, რომელსაც ძველად ჩონგურზე „ზილი“ ეწოდებოდა, ხმა - თანახმიერი ღვთისაგან შექმნილი კოსმოსის ერთიანი ჰარმონიისა.

ნანახია: 2913-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani