Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მალხაზ კუხაშვილი

There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მალხაზ კუხაშვილის სახელი კარგადაა ცნობილი ქართული სახვითი ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. (ილ.1)
მალხაზ კუხაშვილის შემოქმედებას 2013 წელს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნათია ასათიანის მიერ განხორციელებული ვრცელი მონოგრაფიული ნაშრომი მიეძღვნა და სწორედ ამიტომ, მხატვრის შესახებ რაიმე ახლის „აღმოჩენის“ გადაწყვეტილების მიღება რამდენადმე გამიჭირდა კიდეც, მაგრამ მაინც შევბედე და შევეცადე, უფრო დაწვრილებით შევხებოდი იმ სფეროს, რომელიც კონკრეტულად ჩემი პროფესიული კვლევის ობიექტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით გამედევნებინა თვალი ხელოვანის შემოქმედებისთვის, უფრო მეტად „ამომეწია“ მალხაზ კუხაშვილის მიერ საჟურნალო და წიგნის გრაფიკაში, პლაკატისა და ექსლიბრისის ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი.
1
ახლა კი შევეცდები, მოკლედ გაგაცნოთ მხატვრის შემოქმედებით ბიოგრაფია.
მალხაზ კუხაშვილი დაიბადა 1942 წლის 12 ოქტომბერს, თბილისში, ვერის უბანში. სწავლობდა 53 საშუალო სკოლაში. ჯერ კიდევ სკოლის წლებში მკაფიოდ გამოიკვეთა მისი ნიჭი მხატვრობისადმი.
მხატვართან შეკითხვაზე - როდის გამოვლინდა, რომ იგი ხელოვანის ნიჭით იყო დაჯილდოებული და იქვე თხოვნაზე, გაეხსენებინა ბავშვობის წლების ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი (ეპიზოდები), დაკავშირებული მის ამჟამინდელ პროფესიასთან - ბატონი მალხაზი ასე მპასუხობს: „რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. ვხატავდი  ყველას და ყველაფერს. მაინტერესებდა ბუნება, ცხოველები, ფრინველები... ყველაფერს ჩემებურად კარგად თუ ცუდად, როგორც შემეძლო, ისე ვაკეთებდი. ყოველ შემთხვევაში, მოსწონდათ... მეც მიხაროდა და კმაყოფილი ვიყავი.“
სკოლის დამთავრებისთანავე, მალხაზ კუხაშვილმა, თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, რომელიც 1969 წელს დაასრულა მხატვარ-გრაფიკოსის წოდებით. აკადემიის გახსენებისას მხატვარი აღნიშნავს: „მე ბედნიერი ვარ, რომ მყავდა ასეთი პედაგოგები, არაჩვეულებრივი პროფესიონალები, ბატონები: სერგო ქობულაძე, ლადო გრიგოლია, თემო ყუბანეიშვილი, სერგო კაშხიანი, ზურაბ ლეჟავა და სხვები... მადლიერი ვარ მათი. მათ მასწავლეს პირველ რიგში ხატვა - ფართო გაგებით, და მხატვრული აზროვნება - კომპოზიცია.“
მალხაზ კუხაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება 1960-იანი წლების ბოლოდან იწყება და დღემდე აქტიურად და უწყვეტად ვითარდება.
მისი შემოქმედება მხოლოდ გრაფიკული ხელოვნების ფარგლებში არ ჩატეულა, მხატვარმა არანაკლები წვლილი შეიტანა კინოსა და ტელევიზიის მხატვრობის ისტორიაში. იგი არის რამდენიმე ათეული მხატვრული, მუსიკალური და დოკუმენტური ფილმის, ასევე, რუსთაველის თეატრის სპექტაკლების მხატვარი.
ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, 1968 წლიდან, იგი მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში. 1982-1993 წლებში კი ტელევიზიის მთავარი მხატვრის პოზიცია უკავია. პარალელურად ასწავლის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, ამავე სასწავლებელში, 2000 წლიდან ტელე-კინო სახელოსნოში მუშაობს პედაგოგად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზეც  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.
1968 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში ასევე, საზღვარგარეთ. არის საქართველოს მხატვართა კავშირისა და კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
ხელოვანთან გასაუბრებისას, ბუნებრივია, გვაინტერესებდა ამ მრავალფეროვანი სამუშაო სივრცის რომელ სფეროში გრძნობდა იგი თავს ყველაზე „კომფორტულად“, ვთხოვეთ, თავადვე დაეკონკრეტებინა კითხვები - სახვითი ხელოვნების რომელ დარგში ურჩევნია მოღვაწეობა; რა ჟანრში მუშაობს და რა ნიშნით აქვს გამორჩეული საყვარელი ჟანრი, როგორ ესმის მისი პრობლემატიკა და მხატვრობაში რომელ მასალით არჩევს მუშაობას? მხატვარი გვპასუხობს: „ძირითადი პროფესიით ვარ გრაფიკოსი. ამ პროფესიამ ყველანაირად შემიწყო ხელი მხატვრულ განვითარებაში, ჩამოვყალიბდი მრავალმხრივ მხატვრად: გრაფიკა, ფერწერა, კინო-მხატვრობა... და რაკი ჩამოვყალიბდი მრავალმხრივ მხატვრად, მუშაობა მიწევს სხვადასხვა მასალაში: ოფორტი, ლითოგრაფია, მონოტიპია, ტუში და კალამი, ფანქარი... ყველა ეს მასალა ჩემთვის ძალიან საინტერესოა...  როდესაც მეხუთე კურსიდან,  ტელევიზიაში, გრაფიკოს მხატვრად დავიწყე მუშაობა, ტელევიზიის მთავარი მხატვარი იმ დროს იყო ბატონი თენგიზ სამსონაძე, რომელმაც ჩემს ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა, იქ კი მიმიყვანა არაჩვეულებრივმა მხატვარმა, ნოდარ ხინველმა, რომლის მადლიერიც ვარ სამუდამოდ. ტელევიზიამ ჩემი შემოქმედება სხვა გზით წაიყვანა“.აქვე აღვნიშნავთ, რომ თენგიზ სამსონაძემ, რომელიც 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის მთავარ  მხატვრად, გარშემო შემოიკრიბა ხელოვანთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი ხელოვანები - კოკა იგნატოვი, რევაზ თარხან-მოურავი, თეიმურაზ გოცაძე, ნოდარ ხინველი, დინარა ნოდია, ირაკლი ხუროშვილი, ზაურ დეისაძე და სწორედ ამ ჯგუფს შეუერთდა მალხაზ კუხაშვილიც. ჯგუფის პასუხისმგებლობა იყო სხვადასხვა პროგრამის შემუშავება. ისინი თენგიზ სამსონაძესთან ერთად, ქართული ტელევიზიის სატელევიზიო სტილის ფუძემდებელნი გახდნენ და მაღალი დონის სპეციალისტების მოსამზადებლად გაიხსნა კიდეც საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის ინსტიტუტი.მხატვარი განაგრძობს: „გავიცანი სხვა პროფესიის უამრავი ადამიანი: რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები, დეკორატორები და სხვა. ამ სამსახურმა გზა გამიხსნა კინო-მხატვრობისაკენ. აქ მუშაობა დავიწყე გრაფიკოსად და დავამთავრე მხატვრად. შემდეგ ტელევიზიამ  იერი შეიცვალა. ხელოვნება და, განსაკუთრებით, მხატვრობა ფრიად მიმზიდველია. ტელევიზიამ გააღვიძა ჩემში კინოსადმი სიყვარული და ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება დავუკავშირე კინოს. გადაღებული მაქვს 50-ზე მეტი ფილმი (მხატვრული, მუსიკალური, დოკუმენტური).“
ახლა, რაც შეეხება გრაფიკის დარგს - მალხაზ კუხაშვილი არის რამდენიმე ასეული დაზგური ნამუშევრის ავტორი, გაფორმებული აქვს როგორც საბავშვო, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ნაწარმოებები, იქნება ეს რომანი - დეტექტიური თუ ისტორიული, ასევე სამეცნიერო ხასიათი წიგნები. მხატვრული შრიფტითა და დეკორის ელემენტების ჰარმონიული შერწყმით ქმნის სრულყოფილ   წიგნის მაკეტებს, ასევე, ილუსტრაციებით ასურათხატებს მრავალ ნაწარმოებს. გარდა წიგნის გრაფიკისა, იგი არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პლაკატისა და გრაფიკის მინიატურული სახეობის ექსლიბრისის ავტორი.
განსაკუთრებული წვლილი, მალხაზ კუხაშვილს, საბავშვო საჟურნალო და წიგნის მხატვრობაში აქვს შეტანილი. იგი შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლისთანავე, 1968 წლიდან აქტიურად ებმება ჟურნალ „დილას“ მხატვრობაში და 2000-იან წლებში გამოცემული ჟურნალის ნომრებსაც გაფორმებასაც ახდენს. მხატვარი საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდება მოზარდთათვის განკუთვნილი მოთხრობებისა თუ ლექსების ილუსტრირების საქმეს. ცდილობს, ჩასწვდეს ბავშვის ბუნებას და ტექსტთან ერთად, შეხამებული ილუსტრაციით ადვილად მისაწვდომი გახადოს ლექსისა თუ სხვადასხვა ტიპის ნაწარმოების შინაარსი, მიიზიდოს ბავშვის ყურადღება, შეაყვაროს კითხვა, გაუღვიძოს ცოდნისადმი წვდომის სიყვარული. გარდა ჟურნალ „დილისა“, მალხაზ კუხაშვილს ძალზე ბევრი საბავშვო წიგნიც აქვს გაფორმებული.
ის მიდგომა, რაც საბავშვო ჟურნალში ვლინდება, მხატვრის მიერ საბავშვო წიგნის გაფორმების წლების მანძილზე განხორციელებულ ნიმუშებსაც გასდევს. ხშირად, მხატვარი, წიგნის მთელ მაკეტს აფორმებს - ყდიდან, ფორზაციდან და ტიტულიდან დაწყებული, თითოეული ფურცლის მხატვრობით, წიგნის გვერდების მოვარაყებითა თუ საზედაო ასო-ნიშნებითა და თავსართ-ბოლოსართების შემკულობით,  ილუსტრაციების ჩართვით დამთავრებული.
(ილ. 2,3) მალხაზ კუხაშვილის მიერ გაფორმებული საბავშვო წიგნის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია რადიარდ კიპლინგის „რიკი-ტიკი-ტავი“ („ნაკადული“, თბილისი, 1988)
2
3
როგორც ვთქვით, წიგნთა უმრავლესობისთვის მხატვარი სრულყოფილ, წიგნის მთლიან ორგანიზმს ქმნის - ყდიდან ბოლო გვერდამდე. ამდაგვარია გივი ჭიჭინაძის „ტირიფონზე ჩიტი ტირის“. (ილ.4,5) წიგნი საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა. მხატვარი ქმნის ყდას, ფორზაცს, სატიტულო გვერდს, შმუცტიტულებს და ასურათხატებს 80 გვერდიანი წიგნის ყველა ფურცელს, თითოეული ლექსისთვის დამოუკიდებელ, მისი შინაარსისთვის შესატყვის ილუსტრაციას ასრულებს. ბავშვისთვის ნათლად აღსაქმელ, სახალისო ნახატებს ტექსტთან შესატყვისობაში წარმოგვიდგენს.
4
5
ამგვარივე სრულფასოვნებითაა გაფორმებული კიდევ სხვა ბევრი გამოცემაც - ვაჟა ყუბუსიძის „ლექსები და ზღაპარლექსები“. თბ., 2005; გუგული ტოგონიძის „ცისფერი მაიმუნის ზღაპარი და სხვა ზღაპრები“. თბ., 2006; პამელა ტრავერსის მერი პოპინსი. თბ., 2011 (ილ.6,7) და მრავალი სხვა.
6
7
მხატვარი მარტო საბავშვო წიგნების გაფორმებას არ უდგება ასეთი მაღალი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით. თუნდაც, თვალი შევავლოთ  ბალადის: „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ მხატვრულ გაფორმებას (შესრულებულია 1995 წელს),  თან ისიც გავითვალისწინოთ, თუ რაოდენ ძნელია სხვა მხატვრის, ამ შემთხვევაში, თენგიზ მირზაშვილის 1962 წელს და 1969 წელს, ასევე მირზაშვილისა და ოთარ ჯიშკარიანის ერთობლივი ავტორობით  იმავე ბალადისთვის შექმნილი ილუსტრაციებისთვის  და საზოგადოებისათვის ესოდენ აღიარებული და შეყვარებული წიგნისთვის კონკურენციის გაწევა. რაოდენ მნიშვნელოვანია, თუნდაც ის, რომ არ მოექცე შენს წინმსწრებად უკვე არსებული და, თითქოსდა, „სამუდამოდ დამკვიდრებული“ მხატვრული ეფექტების გავლენის ქვეშ, თუმცა, მალხაზ კუხაშვილი შესანიშნავად ართმევს თავს ამ „პრობლემას“ და საკუთარი ხელწერითა და ეროვნული დეკორის საკუთარი ინტერპრეტირებით, ამავე ბალადის სრულიად განსხვავებულ მხატვრულ გაფორმებას გვთავაზობს. აქ თითოეული გვერდი - იქნება ეს დეკორატიულ ჩარჩოში მოქცეული დამოუკიდებელი ილუსტრაცია თუ სამენოვანი  ტექსტის  განსათავსებელი, დეკორის ელემენტებით შედგენილი, მხატვრული სარტყელებით გამოყოფილი ლექსის ტაეპები; შუა-გამყოფი სარტყელები თუ ფურცლის ცარიელ სიბრტყეებზე გათამაშებული ქართული დეკორის სიმბოლური ელემენტები. წიგნი ერთიან მხატვრულ ორგანიზმადაა შეკრული და ნახატი თანმიმდევრულად ავითარებს  ტექსტის შინაარსს. (ილ.8,9)
8
9
მალხაზ კუხაშვილი განსაკუთრებული სიფაქიზითა და სიყვარულით უდგება ქართული ანბანის ასო-ნიშნების მოხაზულობის ფორმათა მხატვრულად შესრულებას, (ილ.10) ასევე,  წიგნისთვის „ძველი თბილისი“ შესრულებულ ილუსტრაციებში თბილისური ყოფისთვის დამახასიათებელ სცენების წარმოდგენას, ეროვნული სამოსისა თუ მახასიათებელი ტიპაჟების გამოსახვას.
10
ათეულობით წიგნის გაფორმებისას, მხატვარი, თითოეულ შემთხვევაში, ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე, იაზრებს ილუსტრაციისა თუ შრიფტის ხასიათს (ილ.11).
11
აქვე მოვიყვან მხატვრის სიტყვებს: „ჩემ ცხოვრებას რომ გადავხედავ, მიკვირს - თურმე რამდენი მიმუშავია... ჩემდა საბედნიეროდ, არასოდეს გავჩერებულვარ... ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი მხატვარი, ზაურ დეისაძე მეკითხება - როდის ასწრებ ამას ყველაფერსო?... რა ვიცი, ალბათ, ღმერთის ნებაა, ძალას მაძლევს... სახლში რომ ვბრუნდები, გადაღლილს მაინც მახსოვს, რომ უნდა დავჯდე და წიგნი წავიკითხო... 10-12 წელი ტელევიზიის მთავარი მხატვარი ვიყავი, თეატრალური სპექტაკლებიც მაქვს გაფორმებული, მაგრამ წიგნზე მუშაობა მაინც განსაკუთრებულად მიყვარს. ბევრი წიგნის სათაური აღარც მახსოვს... ძალიან მსიამოვნებს გამომცემლობა „დილასთან“ ერთად მუშაობა... მამა კონსტანტინე გიორგაძის თხოვნით, გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით ოთხი წიგნი გავაკეთეთ... ჩემთვის მოვლენა იყო მარკესის „მარტოობის ასი წელი“, წაკითხვისთანავე, მისი ტყვე გავხდი და სულ მისი გმირები მინდოდა მეხატა...“ნათია ასათიანი. მალხაზ კუხაშვილი - Malkhaz Kukhashvili. თბ., 2013, გვ. 161 (ილ.12,13)
მალხაზ კუხაშვილს რამდენიმე პლაკატი და აფიშაც აქვს გაკეთებული. როგორც ყველა სხვა სფეროში შესრულებული ნამუშევრების შემთხვევაში, ეს პლაკატებიც შექმნის მაღალი პროფესიული დონით და სრულყოფილებით გამოირჩევა. ზუსტად ეპასუხება იმ დანიშნულებას, რისი შესრულებაც „ევალა“ ამა თუ იმ სარეკლამო კომპოზიციას. (ილ.14,15)
1213
1415
გარდა საბავშვო ჟურნალისა, 2000-იანი წლებიდან, მალხაზ კუხაშვილი აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალთან „ჩვენი მწერლობა“. აფორმებს ამ ჟურნალში დაბეჭდილ, სხვადასხვა ავტორის მოთხრობებს, ნოველებსა თუ ლექსებს. ნახატი, ზოგჯერ, თავსართ-ილუსტრაციადაა ჩართული, ზოგჯერ კი, ტექსტის შემადგენელ ნაწილადაა გააზრებული. ამ ჟურნალისათვის შექმნილი შავ-თეთრი ილუსტრაციები, ცოცხალი, ემოციური კომპოზიციებით, ადვილად აღსაქმელია და, ხშირად, ღრმად დააფიქრებს მკითხველს, ავტორის მიერ ტექსტის შინაარსში ჩადებული კოდირებული ჩანაფიქრის აღქმაშიც ეხმარება  მას და სიღრმისეულად  აღაქმევინებს ნაწარმოებს.
განსაკუთრებულია მალხაზ კუხაშვილის მიერ შეტანილი წვლილი თანამედროვე ქართული ექსლიბრისის ხელოვნების განვითარებაში. მხატვარმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების ინიციატივით გამართულ გამოფენებში, რომლებიც 2002, 2006 და 2009 წლებში შედგა.  (ილ.16,17,18,19) ხელოვანმა ამ მინიატურულ კომპოზიციებში, ექსლიბრისისათვის აუცილებელი ლაკონიური ენით,  მინიმალური მიმანიშნებელი ელემენტებით გამოხატა თითოეული წიგნის ნიშნის მფლობელის პროფესიული თუ პირადი ინტერესები, აგრეთვე, გარეგნული მახასიათებელი ნიშნები. ავტორმა ნათლად აღსაქმელი, მარტივი ელემენტებისგან შედგენილი მკაფიო ნახატით, ინდივიდუალურად  გადაწყვიტა ყველა მათგანის ხასიათისა თუ შინაგანი  სამყაროს, ინტერესთა სფეროსა თუ გარეგნული მსგავსების გამოხატვის ძირითადი მახასიათებლები.
1617
18
19
მიმდინარე წლის  12 ოქტომბერს მალხაზ კუხაშვილის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენის მომსწრენი გავხდით, რომელიც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სივრცეში გაიმართა. მხატვრის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო გამოფენის თარიღი დაემთხვა, ასევე, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 65 წელს, რომლის სამსახურშიც მალხაზ კუხაშვილმა 50 წელი  გაატარა. აქვე მინდა ისევ მხატვრის სიტყვები მოვიშველიო: „წიგნი - წიგნია,  ფილმი - ფილმი. მაგრამ, საკუთარი შემოქმედებაც ხომ უნდა წარუდგინო ხალხს... საკუთარ თავში დარწმუნდე... ჩემი ნამუშევრების პირველი კრიტიკოსი თვითონ ვარ, ზოგჯერ, ნახატის შეხედვაც არ მინდა, მაგრამ წლები გადის, ძველ ნამუშევარს უბრუნდები და... რაღაც ხდება, თითქოს სხვა თვალით ხედავ... მხატვრისთვის გამოცდილება, ცოდნა, ოსტატობა გამოფენაზე ჩნდება.“იქვე. გვ. 161
მხატვარი დღესაც დაუღალავ შემოქმედებით მუშაობას ეწევა. მისი სიტყვებითვე მინდა დავამთავრო ეს მცირედი ტექსტი - „... დღეს იძულებული ხარ შემოქმედებაზე ნაკლებად იფიქრო და იფიქრო სამსახურზე, სოციალურ პრობლემებზე... ხელოვანს სხვა მისია აკისრია, სამსახური მხატვრისთვის დაკარგული დროა, მან შემოქმედებითად უნდა იმუშაოს...
და მაინც, საღამოობით, დაღლილი აღმოვაჩენ, რომ ფანქარი მიჭირავს ხელში და ვხატავ, ვხატავ ყველაფერზე - ქაღალდზე, მუყაოზე, ხელსაწმენდზეც კი...
მიუხედავად იმისა, რომ თვალსა და ხელს შუა მიქრება წლები, ვხატავ და ვფიქრობ ახალ გამოფენაზე!...“იქვე. გვ. 149 (ილ.20)
და ბოლოს, ჩემს კითხვაზე: „რისი შექმნის ოცნება გაქვთ მომავალში? მხატვარი მპასუხობს -    „ჩემი ოცნებაა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი. ჩემი ხალხი იყოს ისეთი ლამაზი და მიმზიდველი, როგორიც ჩვენი ქვეყანაა. მე კი, ჩემს ქვეყანასთან ერთად, ვივლი ფეხდაფეხ“.
20

ნანახია: 1954-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani