თამაზ ჯინჭარაძე |
There are no translations available. ქეთევან მაჭავარიანი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტი. ფერმწერ თამაზ ჯინჭარაძის შემოქმედება ბევრისთვის დღემდე უცნობია. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მას არასდროს ჰქონია პერსონალური გამოფენა საქართველოში, არც საზღვარგარეთ. სხვადასხვა გამოფენებზე, ძირითადად, საბჭოთა პერიოდში, მონაწილეობა მიუღია, მაგრამ როგორც ბატონმა თამაზმა გვითხრა, მისთვის საკუთარი შემოქმედება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნამუშევრების სხვებისთვის წარდგენა და შემდეგ მათი გაყიდვა. დღეს მოხუცი მხატვარი მარტო ცხოვრობს თბილისიდან მოშორებით, სოფელ ლისში. სამსართულიანი სახლი და ეზო თავისი ხელით აქვს მოწყობილი, ამიტომ, შვილების დიდი თხოვნის მიუხედავად, მაინც აქ ცხოვრება ურჩევნია დედაქალაქში დაბრუნებას. მისი ნამუშევრები ამ სახლის გარდა, შვილების ოჯახებში ინახება და მხატვრის სურვილის შესაბამისად, მათ არ ყიდიან.
ბატონი თამაზი დაიბადა თბილისში 1933 წლის 24 აპრილს. მამა, ამბაკო ნასყიდოს ძე ჯინჭარაძე ნოე ჟორდანიას მძღოლი ყოფილა, ხოლო დედას, ოლღა ენაგელიას, მაღაზია ჰქონია გახსნილი, სადაც თავისივე შეკერილ ტანსაცმელს ჰყიდდა. ჰყავდა ძმა, რომელიც ყოველთვის აქტიურად ეხმარებოდა მომავალ ფერმწერს პროფესიის უკეთ დაუფლებაში. სკოლა არ დაუმთავრებია, რადგან მოუსვენარი ხასიათის გამო ხშირად რიცხავდნენ. როგორც გვითხრა, ბავშობიდან დღემდე ხატვის მეტი არასდროს არაფერი უკეთებია. მისი ოჯახიც გაგებით ეკიდებოდა ამ ყველაფერს.
ბატონმა თამაზმა 1951 წელს იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა, ხოლო, აკადემიის დამთავრების შემდეგ (1959 წ.), 1964 წლიდან, მხატვართა კავშირის წევრი გახდა. სწავლის შემდეგ მალევე ოჯახიც შექმნა. მეუღლეს, ლულუ კოღოშვილს, ჯერ კიდევ მაშინ გაშორდა, როდესაც უფროსი ქალიშვილი 7 წლის იყო, მას შემდეგ ცოლი აღარ შეურთავს. ქორწინებიდან ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი დარჩა. ქვემოთ გთავაზობთ 2015 წლის 22 ნოემბერს ბატონ თამაზთან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც იგი გულწერფელად გვიყვება თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე : (ილ.1)
თ. ჯინჭარაძე: ბავშვობიდან ვხატავ. ძალიან ცელქი ვიყავი და საბავშვო ბაღში არსებულ წესებს ვერ ვეგუებოდი. იქ მხოლოდ იმიტომ მიყვარდა მისვლა, რომ შემეძლო მეხატა და მექარგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჩემთვის პირველი კავშირი ხელოვნებასთან. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ჩემი ბავშვობიდან, რაც მხატვრობას უკავშირდება, ქვიშხეთში დასასვენებლად ჩასულს შემემთხვა. დედას ყოველ წელს დავყავდით იქ. ერთ დღეს, ტყეში სეირნობისას დავინახე, ვიღაც კაცი იდგა და ზეთის საღებავებით ხატავდა. დიდხანს და გაოცებული ვაკვირდებოდი ამ პროცესს, როგორ დებდა ტილოზე ფერებს და ფუნჯით აკეთებდა მონასმებს. თბილისში ჩამოსულმა, სახლის აივანზე მოვაწყვე მსგავსი გარემო და მეზობლის სხვენში ნაპოვნი ფუნჯებითა და საღებავებით მეც იმ კაცივით დავიწყე მათი გამოყენება. მოგვიანებით, როგორც გაირკვა, ეს მხატვარი ალექსანდრე ციმაკურიძე ყოფილა.
ქ. მაჭავარიანი: ვინმეს მიუძღვის თქვენი ნიჭის გამოვლინებაში წვლილი?
თ.ჯინჭარაძე: ჩემს ძმას. 12-13 წლის ვიქნებოდი, როდესაც თავისი მეგობარი მხატვრის სახელოსნოში წამიყვანა. მაშინ პირველად მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც უამრავი ფუნჯი, საღებავები, ტილოები და პროფესიონალურად შესრულებული ეტიუდები ელაგა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი სამყაროც იყო. ჩემი ძმა იმაშიც მეხმარებოდა, რომ ხატვის შესწავლა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში გამეგრძელებინა. ახლაც კარგად მახსოვს, გამოცდაზე ყურძნის ფოთლის დახატვა დაგვავალეს. მე კი, ამ დროს, აკადემიური მხატვრობის წესები საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ მაინც შევძელი დავალების კარგად შესრულება. პირველ კურსზე სულ ორიანები და სამიანები მყავდა, მხოლოდ ფერწერაში მეწერა ხუთიანი. იმისთვის, რომ აკადემიურადაც კარგად მეხატა, დილით ადრე ვჯდებოდი თბილისი-მცხეთის მატარებელში და იქ მსხდომი მძინარე გლეხების ჩანახატებს ვაკეთებდი მთელი გზა. ამ ვარჯიშით მივაღწიე იმას, რომ მესამე კურსიდან ყველა საგანში ფრიადოსანი გავხდი.
ქ. მაჭავარიანი: აკადემიაში სწავლის პერიოდში გყავდათ ისეთი პედაგოგი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თქვენს პროფესიულ წინსვლაში?
თ. ჯინჭარაძე: შეიძლება ჩემთვის ასეთი კორნელი სანაძე იყოს, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი და მთელ ოჯახთანაც კი ვმეგობრობდი. მესამე კურსიდან მეხმარეობდა მხატვრობის ათვისებაში, მაგრამ განასკუთრებული გავლენა ჩემს შემოქმედებაზე არავის მოუხდენია. კორნელი სანაძე კიდევ იმიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ იგი იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელიც. ამ ტილოს თავდაპირველად ერქვა „ბრძოლა შატილში“, მაგრამ მოსკოვში კომისიამ სახელი შემაცვლევინა და შემდეგ „მშობლიური კერის დაცვა“ დავარქვით. უმაღლესი ქულებით შემაფასეს და 1961 წელს მოსკოვში სამხატვრო ინსტიტუტში გამართულ საუკეთესო დიპლომების გამოფენაში ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც მოხვდა. ძალიან მოეწონათ ჩემი სურათი და იქ დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ კორნელი სანაძემ მათ ასე უპასუხა: „ასეთი კადრი საქართველოში გვჭირდება!“. (ილ. 2) ქ. მაჭავარიანი: შეგიძლიათ მომიყვეთ თქვენი მოგონებები სტუდენტობაზე? თ. ჯინჭარაძე: ძალიან შემოქმედებითი დატვირთვა ჰქონდა ჩვენს სწავლას. მახსოვს, პირველ კურსზე ვიყავი და ერთხელ შემთხვევით შევედი მეოთხე კურსელებთან, რომლებიც მოხუცი კაცის პორტრეტს ხატავდნენ. მეც დავიწყე მათთან ერთად ხატვა. მეუბნებოდნენ, ვერ დახატავ, რატომ წვალობო, მაგრამ შემდეგ ლექტორმა მითხრა, რომ დავალების შესრულება ყველაზე კარგად გამომსვლია. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება სტუდენტური ცხოვრებიდან: საქართველოს რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარდა ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომლეშიც მონაწილეობის მიღების უფლებას კომისია სტუდენტებს არ აძლევდა, მაგრამ მე მაინც დავხატე „ილია და გლეხი“. მივიტანე ჩემი ნამუშევარი და დავტოვე. კომისიას მოეწონა სურათი. ეს იყო ჩემი პირველი მონაწიელობა გამოფენაში და მახსოვს, გამოხმაურება - პროფესიონალებისაც თუ არაპროფესიონალებისაც, პირველად ამ ნამუშევარს მოჰყვა. პერსონალური გამოფენა არასდროს მქონია. საზღვარგარეთ, პოლონეთსა და ამერიკაში გაყიდული მაქვს რამდენიმე ფერწერული ტილო, რაზეც გული ახლაც მწყდება.
ქ. მაჭავარიანი: სამხატვრო აკადემიაში სწავლის დამთავრების შემდეგ რას საქმიანობდით? და თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრისთვის აკადემიური განათლების მიღება? თ. ჯინჭარაძე: ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, მაგისტრატურა კვლავ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე, სულ 14 წელი ვისწავლე. ამის შემდეგ, 50 წლის მაინძილზე, აქვე ვმუშაობდი ფერწერის ლექტორად. ამ დროის განმავლობაში ბევრი მოსწავლე მყავდა, რომლებიც ნამდვილად გამოირჩეოდნენ სხვებისგან თავიანთი სწავლითა და ხატვის ნიჭით. ერთ ასეთ დასამახსოვრებლად ნიჭიერ ყმაწვილს ამ ბოლო პერიოდშიც ვასწავლიდი, რომელიც, სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა. რაც შეეხება აკადემიურ განათლებას, ჩემი აზრით, ეს აუცილებელია, რადგან როცა ხატავ „როგორც თევზი წყალში ისე უნდა იყო“, ანუ შენ, როგორც მხატვარს, ხელს არ უნდა გიშლიდეს რაიმეს არცოდნა. მხატვრობაში ბევრი რამ არის, რისი სწავლაც შეიძლება, მაგალითად, ამ მხრივ სრულიად უვიც ადამიანსაც შეიძლება რაღაცის დახატვა ასწავლო, მაგრამ ვერ ასწავლი ფერწერას და იმ თვითმყოფადობას, რაც ფერმწერებს შინაგანად უკვე აქვთ. სამხატვრო სასწავლებლებში მომავალი მხატვრები ხვდებიან იმ გარემოში, რომელიც უმარტივებს მათ შემოქმედებით პროცესს და სწრაფ განვითარებაშიც ეხმარება. გარდა ამისა, სწავლობენ ფერების ტექნიკას და იმ ხერხებსაც, რითაც ნამუშევარში შესაძლებელია მთლიანობის შენარჩუნება. (ილ. 3)
ბატონი თამაზი ასევე გულწრფელად გვესაუბრა საბჭოთა პერიოდში თავის მოღვაწეობაზე. მხატვარი ახლაც დაკარგულად მიიჩნევს იმ 30 წელს, რომელიც საბჭოთა ლიდერების ხატვას მოანდომა. ამ პერიოდში მხატვრებს ფულს მხოლოდ მსგავსი შინაარსის მქონე სურათებში უხდიდნენ. როდესაც ვკითხეთ, თავიდან რომ შესძლებოდა, გაივლიდა თუ არა იმავე გზას - გვიპასუხა:
თ.ჯინჭარაძე: აუცილებლად ხელოვანი ვიქნებოდი, მაგრამ იმ გზას ნამდვილად აღარ გავივლიდი, როდესაც ლენინს და ბრეჟნევს ვხატავდი.
ქ. მაჭავარიანი: გქონიათ შემოქმედებითი პაუზა, ან სულაც გაგინადგურებიათ ოდესმე თქვენი ნამუშევრებიდან რომელიმე?
თ. ჯინჭარაძე: ჩემი ნამუშევრები არასდროს გამინადგურებია. არის პერიოდები, როდესაც ნახატი არ გამომდის. ამ დროს მუშაობას თავს ვანებებ და ველოდები, როდის დადგება დრო, რომ ნახატში კვლავ დავინახო ის კარგი რამ, რაც ხატვის გაგრძელების სურვილს გამიჩენს. ეს რთული პროცესია, რომელიც ბევრი ემოციის და გრძნობის ჩადებას მოითხოვს, ამიტომ დღეს, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მიწევს ხოლმე ხატვის შეწყვეტა. ახლაც მაქვს ის მომენტები, როდესაც ვიწყებ ხატვას და იმ დღესვე ვამთავრებ, არ ვიცი, ეს რის გამო ხდება. ფერწერისადმი მსგავსი ემოციური დამოკიდებულების გამო არასდროს მქონია შემოქმედებითი პაუზა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი რამაა. მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ცოტა ხნით საავადმყოფოში მომიწია ყოფნა, იქაც სულ ვხატავდი, მაგრამ ეს ხატვა ფიზიკური პროცესი არ ყოფილა, არამედ გონებაში ვქმნიდი სურათებს და გამოჯანმრთელების შემდეგ უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. (ილ.4)
ქ. მაჭავარიანი: თქვენს ნამუშევრებიდან თუ გამოარჩევდით რომელიმეს?
თ. ჯინჭარაძე: არ არსებობს ასეთი ნამუშევარი, რადგან თითოეულ მათგანში იმდენ შრომას და ენერგიას ვდებ, რომ გამორჩევა შეუძლებელი ხდება. მიმაჩნია, რომ მხატვარს არ უნდა ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება თავისი შემოქმედების მიმართ. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან ყველა ჩემი სურათი შექმნილია რაღაც ამაღელვებელი მომენტების შემდეგ. სხვანაირად მე არ შემიძლია რაიმეს შექმნა. აუღელვებლად და უემოციოდ მხოლოდ ლენინის და მსგავსი პიროვნებების პორტრეტებს ვხატავდი. (ილ.5)
ამის შემდეგ ფერმწერი თავის საყვარელ სამუშაო მასალაზე, შემოქმედებით გარემოზე და ხატვის პროცესზე გველაპარაკა. იგი, ძირითადად, ზეთის საღებავებით მუშაობს და ეს მასალა ფერწერული ტილოს შესაქმნელად საუკეთესოდ მიაჩნია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი სახლის სამივე სართული სახელოსნოდ აქვს ქცეული. ყველგან მისი ტილოებია: ბევრი უკვე დიდი ხნის დასრულებული და ჩარჩოში ჩასმული (რომელსაც აუცილებლად თავად აკეთებს), ზოგიც - ახალი და ჯერ კიდევ სველი, ხოლო დაუმთავრებელ ნამუშევრებს ინტერვიუს პროცესშიც დროდადრო უყურებდა და ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა. ბატონმა თამაზმა გულწრფელად გვითხრა, რომ მისთვის ეს გარემო იდეალურია, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი პირობები თბილისში უკეთესი აქვს. მის ყოველდღიურ ცხოვრებას თავად ასე აღწერს:
თ. ჯინჭარაძე: აუცილებლად ყოველდღე ვხატავ, თუ საშუალება მომეცემა, ამ დროს ვუსმენ რომელიმე კლასიკურ ნაწარმოებს. ჩემთვის მუსიკა ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია. როდესაც ხატვით ვიღლები, ეზოში გავდივარ და ხეებს ვრგავ. მცირე სოფლის მეურნეობასაც ვეწევი და ვუვლი ჩემს ერთგულ მეგობარ ძაღლს. (ილ.6)
ქ. მაჭავარიანი: რა არის ის, რაც შემოქმედების დროს დისკომფორტს გიქმნით და რა გაძლევთ მუშაობის სტიმულს?
თ. ჯინჭარაძე: შემოქმედების პროცესის დროს არ მსიამოვნებს სახელოსნოში ვინმეს შემოსვლა. მითუმეტეს არ მიყვარს, როდესაც ამ დროს რჩევის მოცემას მიწყებენ და მეუბნებიან, ესა თუ ის რაღაც როგორ გავაკეთო. ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტის შემქმნელია. ხოლო სტიმულს ერთმნიშვნელოვნად მაძლევს მხატვრობისადმი და მთლიანად ამ პროცესისადმი დიდი სიყვარული. (ილ.7-8)
ქ. მაჭავარიანი: ხომ არ გაქვთ თეორიული ნაშრომები (ან ჩანაწერები, დაკვირვებები) ხელოვნების საკითხებზე? თ. ჯინჭარაძე: ეს ძალიან რთული საქმეა. სურვილი მქონია და დამიწყია კიდეც, მაგრამ ვერასდროს მოვახერხე ამ ყველაფრისთვის სიტყვების შერჩევა, ამიტომ ჩემს სათქმელს, დაკვირვებებს და აღმოჩენებს, ყველაფერს საკუთარ შემოქმედებაში ვდებ.
ბატონ თამაზს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების შეფასება ვთხოვეთ. მას მიაჩნია, რომ ამ მხრივ აუცილებელია განათლების დონის ამაღლება და როგორც თავად ამბობს: „რომ არა პატარა გამონათებები, მთლიანობაში სუსტია“. პრობლემიდან გამოსავალს კი განათლებისადმი ყურადღების მაქსიმალურად გამახვილებაში ხედავს.
ქ. მაჭავარიანი: ქართველი და უცხოელი ხელოვანებიდან ყველაზე მეტად ვის შემოქმედებას აფასებთ?
თ. ჯინჭარაძე: ქართველებიდან ასეთი კორნელი სანაძე და ნიკო ფიროსმანაშვილია ჩემთვის. სიმართლე რომ გითხრათ, ამ შემთხვევაში სანაძის შრომისმოყვარეობას უფრო ვაფასებ, რადგან პირადად ვიცნობდი და აღფრთოვანებული ვიყავი ხატვისადმი მისი დამოკიდებულებით. ხოლო ნიკო ფიროსმანაშვილი, მთლიანად თავისი შემოქმედებით, ნამდვილად გამორჩეული ფიგურა გვყავს ქართულ მხატვრობაში. რაც შეეხება უცხოელი ხელოვანებს, ჩემთვის საუკეთესო ფერმწერი ვან გოგია. ქ. მაჭავარიანი : რა დამოკიდებულება გაქვთ ხელოვნებათმცოდნეობასთან, როგორც სამეცნიერო დარგთან? თ. ჯინჭარაძე: ხელოვნებათმცოდნეობა ურთულესი პროფესიაა, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს ხელოვნების ყველა სფეროში. ეს აუცილებელი და საჭირო პროფესიაა. ხელოვნებათმცოდნეების ერთ-ერთი მოვალოებაა, ხალხს ყურადღება გაამახვილებინონ ამა თუ იმ ხელოვანის შემოქმედებაზე და თან არ დაკარგონ ობიექტურობა. ისინი თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, თითქმის მხატვრები უნდა იყვნენ. ქ. მაჭავარიანი: ბატონო თამაზ, როგორ ფიქრობთ, მხატვრობაში მიაღწიეთ, იმას რაც გინდოდათ? და რას უსურვებთ მომავალ მხატვრებს?
თ. ჯინჭარაძე: ამას ისტორია გაარკვევს, მაგრამ მე მხატვრობაში მთლიანად დავიხარჯე. მინდა, ცოტა დიდხანს ვიცოცხლო, რადგან ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. მომავალ თაობას კი ვუსურვებ, ეცხოვროთ განათლებულ საქართველოში და ვურჩევ, ყოველთვის გულწრფელები იყვნენ თავიანთ შემოქმედებაში.
ქ. მაჭავარიანი: წარმატებებს გისურვებთ ბატონო თამაზ და დიდი მადლობა ინტერვიუსთვის! ინტერვიუ ჩაწერილია 2015 წლის 22 ნოემბერს. |