ლალი ზამბახიძის შემოქმედება |
There are no translations available. მარიამ გაჩეჩილაძე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი 2016 წლის 7 ოქტომბერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ქართული გრაფიკული ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეული მოღვაწის, ლალი ზამბახიძის პერსონალური გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ნამუშევარი, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოიფინა. ექსპოზიცია ერთგვარ ანგარიშს წარმოადგენდა ხელოვანისა საზოგადოების მიმართ.
საგამოფენო დარბაზები მნახველს ვერ იტევდა და იქ მისულმა საზოგადოებამ იხილა შემოქმედის ერთად თავმოყრილი, მრავალი წლის შრომის შედეგი - მაღალმხატვრული გემოვნებით შესრულებული დაუვიწყარი ნამუშევრები. ასე ერთიანად თავმოყრილმა მხატვრის ნიჭიერებით გაჯერებულმა მხატვრობამ კიდევ უფრო განამტკიცა აზრი მისი ხელოვნების მნიშვნელოვნებაზე და განსაკუთრებულ როლზე ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში. გამოფენის გახსნის დროს შედგა, ასევე, მხატვრის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია.
ტექსტი, რომელსაც ამჟამად გთავაზობთ, ხსენებული ალბომის წინასიტყვაობისთვის დაიწერა, მაგრამ წიგნის ფორმატმა მისი სრულად გამოქვეყნების საშუალება არ მოგვცა. შეკვეცა კი, ძირითადად, მხატვართან ინტერვიუს დროს ჩაწერილი მისივე მონათხრობის „ამოჭრის“ ხარჯზე მოხდა, რამაც, ვფიქრობ, ხელი შეუშალა მხატვრის სრულფასოვნად წარდგენას. ამჟამად გთავაზობთ ალბომისთვის შესრულებული ტექსტის სრულ ვერსიას და ინტერვიუს დანარჩენ ნაწილს, იმ მონაკვეთების გამოკლებით, რომელნიც ძირითად ტექსტში იქნა გამოყენებული.
ვფიქრობ, ინტერვიუებს, რომლებიც მოიცავს ხელოვანთა მიერ უშუალოდ, იმწამიერად დაფიქსირებულ ამა თუ იმ მიმდინერე პროცესის გახსენებას და მისეულ შეფასებას, ასევე უხვად მოიცავს ფაქტობრივ მასალას და საშუალებას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს, ქართული სახვითი ხელოვნების მომავალი შესწავლისა და შეფასებისთვის დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია.
ლალი ზამბახიძის შემოქმედება
XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების ისტორიაში მხატვარ ლალი ზამბახიძის შემოქმედებას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი აქვს მიკუთვნებული. დღევანდელი გადასახედიდან მკაფიოდ ჩანს ის განსაკუთრებული და განუმეორებელი ღვაწლი, რაც მის მიერ უკვე არის გაწეული. ლალი ზამბახიძე სამხატვრო სივრცეში აქტიურად 1970-იანი წლებიდან ჩნდება, მაგრამ მანამდე იყო ბავშვობისა და ყრმობის წლები, წლები, რომლებმაც მხატვრის პიროვნებად და შემოქმედად ჩამოყალიბებას შეუქმნა საფუძველი.
მხატვრის ბავშვობა საქართველოს ულამაზეს კუთხეს, გურიას უკავშირდება. დაიბადა იურისტის ოჯახში. მამა - ალექსანდრე ზამბახიძე წლების მანძილზე დაბა ჩოხატაურის პროკურორად მუშაობდა. დედა - გუგული მეგრელიშვილი მოყვარული მსახიობი, საოცრად იყო შეყვარებული თეატრზე და ქართულ სიმღერაზე. ლალისაც მან შეაყვარა მრავალხმიანი ქართული მელოდიები, ბავშვობის წლებში დედასთან ერთად რომ ასრულებდა და დღეს საუკეთესო მოგონებებად რომ აქვს ქცეული.
ბავშვობამ მეორე მსოფლიო ომის წლებში, სიღატაკეში გაიარა. ხელოვანის ბუნება მასში ადრეულ ასაკშივე გამოვლინდა. ჯერ კიდევ მაშინ, საკუთარი ხელით რომ კერავდა თოჯინებს, უხატავდა მათ ლამაზ სახეებს და აცმევდა ნაირფერ სამოსს. მის მხატვრად ჩამოყალიბებაზე კი გურიის ლამაზმა და განუმეორებელმა ბუნებამ „იზრუნა“. დღეს ხელოვანი საოცარი სითბოთი იხსენებს საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში გატარებული ცხოვრების წლებს: „ძალიან მიყვარს გურია... ჩემი სამშობლო.. მაქედანაა ყველა ემოცია თითქმის, რაც მაქვს და ვერ ვწყდები მაგ ფესვებს.. დღევანდელ დღესაც აი, ის ემოცია მამოძრავებს, ის ბავშვობა... “
შემდგომ კი იწყება ქუთაისში გატარებული ყრმობის წლები, სადაც მხატვრის მამა სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ოჯახთან ერთად გადადის საცხოვრებლად. მეხუთე კლასიდან ლალი ზამბახიძე ქუთაისის პირველ საშუალო სკოლაში ირიცხება. სწორედ ამ წლებს უკავშირდება მისი ხელოვნებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები.
ბავშვის განსაკუთრებული ნიჭი სკოლის ხატვის მასწავლებელმა, ვანო ჭეიშვილმა შენიშნა და, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ლალი თანაბარი წარმატებით სძლევდა საშუალო სკოლის ყველა სხვა საგანს, უკვე ოჯახისთვისაც ნათელი გახდა, რომ მისი მომავალი უსათუოდ მხატვრობას უნდა დაკავშირებოდა. ლ. ზამბახიძე ქუთაისშივე არსებულ სამხატვრო სკოლაშიც იწყებს სიარულს, სადაც პედაგოგად კვლავ ვანო ჭეიშვილი ხვდება და მასთან ერთად სხვა მხატვარ-პედაგოგების გარემოცვაშიც ექცევა: ვალერიან მიზანდარი ქანდაკების, ანუ ძერწვის გაკვეთილებს უტარებს. ასწავლიან, ასევე, ქუთაისის თეატრში სამუშაოდ ჩასული დიმიტრი (დიმა) თაყაიშვილი და მისი მეუღლე. ამ სკოლაშივე იყრის თავს სამხატვრო აკადემიაში ჩამბარებელ ახალგაზდათა გუნდი: ჯეირან ფაჩუაშვილი, კარლო ფაჩულია, ოთარ ქანთარია, შოთა მინდელი. შემდგომში ყველა მათგანი სამხატვრო აკადემიაში აბარებს და მხატვრობის გზას ადგება. მანამდე კი, ახალგაზრდათა ეს გუნდი პედაგოგებთან ერთად შემოქმედებითად ზრდის საკუთარ თავს. ყოველდღიურად, გვიანობამდე თავდაუზოგავად მუშაობენ და ემზადებიან სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდებისათვის, რადგან კარგად იციან, რომ ამ სასწავლებელში მოსახვედრად მსურველებს ხშირად ხუთი-ექვსი წილიც კი უხდებათ წვალება. ეს იცის ლალი ზამბახიძემაც. მას საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, მხოლოდ პირველადი ცდის მიზნით, 1958 წელს შეაქვს საბუთები აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. (ილ. 1,2)
და ხდება „სასწაული“, ლალი ზამბახიძე პირველივე მცდელობისას სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტად ირიცხება, წიგნის ილუსტრაციის მიმართულებით. იწყება აკადემიაში სწავლის განუმეორებელი წლები. მის ჯგუფში თავს იყრის დღეისათვის უკვე ცნობილი მხატვრები: მურაზ მურვანიძე, თეიმურაზ ჯვარშეიშვილი, გოჩა წულაძე, გოგა შხვაცაბაია, თეიმურაზ გოცაძე, ინა ჭელიძე მოგვიანებით უერთდება მათ კარლო ფაჩულია, ნინო ზაალიშვილი, გოგი წერეთელი, ლორეტა აბაშიძე-შენგელია.. და კიდევ ბევრი, დღეს უკვე ცნობილი და წარმატებული ხელოვანი. ამ წლებს მხატვარი განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს: „ხატვის ჯგუფი გაერთიანებული იყო და ერთ დიდ დარბაზში ტარდებოდა ხოლმე მეცადინეობა... მაშინ როგორი ავტორიტეტი ჰქონდა აკადემიას! განსაკუთრებით კი გრაფიკის ფაკულტეტი გამოირჩეოდა.“
გრაფიკის ფაკულტეტის გამორჩეულობას კი, უპირველესად, იქ მოღვაწე პედაგოგები განაპირობებდნენ. პედაგოგთა უფროსი თაობის, იოსებ შარლემანისა (1880-1957) და ევგენი ლანსერეს (1975-1946) მიერ აღზრდილი გრაფიკოს-მხატვართა მაღალკვალიფიციური გუნდი წარმართავდა გრაფიკის კათედრას. ლალის პედაგოგებად დახვდნენ: ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია (1903-1977), ვლადიმერ (ლადო) ქუთათელაძე (1902-1981), დავით ციციშვილი (1901-1986); უფრო ახალგაზრდებიდან: თეიმურაზ ყუბანეიშვილი (1924-1993), დინარა ნოდია (1931–2005) და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, სამხატვრო აკადემიის დირექტორი, ნახატის უბადლო ოსტატი, სერგო ქობულაძე (1909-1978).
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ (1965 წ.) კი ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედებით ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებელი მხატვრული სტილის განვითარებისა და ჩამოყალიბების რთული, მაგრამ საინტერესო და ძიებებით სავსე, თანდათანობითი წარმატებების მომტანი შემოქმედებითი გზა, რომელიც მას წამყვან ქართველ გრაფიკოს მხატვართა შორის უმკვიდრებს ადგილს.
უმაღლესის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 1966 წ.-ს, ლალი ზამბახიძე თავადვე იწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში მუშაობას. 1978 წ.-ს სამრეწველო გრაფიკის კათედრის პედაგოგი ხდება და იქიდან მოყოლებული დღემდე უძღვება მომავალი თაობის მხატვარ-გრაფიკოსთა აღზრდის საქმეს.
მაშინდელ სამხატვრო აკადემიაში არსებულ ატმოსფეროს კარგად გვიხატავს მხატვრის სტუდენტური წლებიდან გამოყოლილი მოგონება: „სტუდენტებსა და ლექტორებს შორის არაჩვეულებრივი დამოკიდებულება იყო. დისტანცია, რა თქმა უნდა არსებობდა, მაგრამ თუ შეგამჩნევდნენ, რომ ალალი, ნიჭიერი ხარ, ან მოწადინებული, ამას ყველაფერს ექცეოდა ყურადღება და ისინი როგორც შვილს, ისე მიგიღებდნენ და ისეთივე პატივისცემას გამოხატავდნენ შენს მიმართ, როგორც შენ მათ მიმართ. რა თქმა უნდა, სწავლა მთელი ცხოვრება გრძელდება, ასე არ არის - აკადემიიდან გამოხვიდე და იქ წერტილი დაუსვა შენი ცოდნის მიღებას. მერე იწყება, რაც იწყება, როცა შენ უკვე გამოფენისთვის ემზადები, როცა შენ საზოგადოებას უნდა აჩვენო საკუთარი თავი, უყურებ რა ხდება გარშემო, რა ხდება გლობალურად მსოფლიოში.“
ლალი ზამბახიძემ, როგორც სდუდენტმა, სამხატვრო აკადემიის კედლები წარმატებულად შესრულებული სადიპლომო ნამუშევრით დატოვა. დიპლომის თემად ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „მე ვხედავ მზეს“ დასურათება აირჩია და ოფორტის ტექნიკით შექმნა 10 ილუსტრაცია.
„რანაირი დიპლომიც არ უნდა გააკეთო, აუცილებლად ემსგავსება მის ხელმძღვანელს. სწავლის პერიოდის დროს მხატვარი ბაძავს ხან საუკეთესო მასწავლებელს, ხან ვიღაც მხატვარს. როგორ შეიძლება არ გავდეს, ისე შენ ვერც გადადგამ ნაბიჯს, ვერც განვითარდები. სანამ შენ შენსას მიაღწევ, არა მარტო ერთს, არამედ ბევრს უნდა მიბაძო. რამდენი ასლი მაქვს გაკეთებული ლეონარდოს, კვატროჩენტოს მხატვრების.. ფაიუმის პორტრეტებს ვხატავდი უფრო ხშირად.
1965 წლიდან ლალი ზამბახიძე გამომცემლობასთან, „საბჭოთა საქართველო“ იწყებს თანამშრომლობას მხატვრული რედაქტორის თანამდებობაზე. სხვადასხვა წლებში აფორმებს წიგნებს, როგორც მხოლოდ მათ „გარეგან“ ელემენტებს (ყდა-ყუით, ტიტულ-კონტრტიტული), ასევე ასრულებს ილუსტრაციებს. მაგრამ შემდგომ წლებში მისი შემოქმედება უფრო ფართოდ დაზგური გრაფიკის სფეროში ვითარდება.
1970-იან წლებში მხატვარი, ძირითადად, ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკაში მუშაობს. დაზგური ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია, კომპოზიციებში ასახულია როგორც ქალაქის, ასევე, სოფლის ცხოვრების სცენები („კვარტეტი“, „ბებერი ვერხვი“, „მონადირე“, „ქვიშის ციხე“ - 1973 წ.; „კახეთის გზაზე“, „მოხუცი ვირზე“, „ქორწილი სოფელში“ – 1974 წ.; „ჯარისკაცის წვლილი“, „ორნი“, „საუბარი“, „მოხუცი თხით“, „აგარაკზე“, „ეზოში“, „ტყეში“ – 1975 წ.; „ნერგები“, „არდადეგები“, „წყალზე“ - 1976-77 წწ.; „ნანადირევი“, 1978 წ.). შემოქმედების ამ ადრეული ეტაპზეც მხატვრის ხელწერა სიძლიერით, თავდაჯერებული, თამამ ხაზთა შტრიხული დამუშავებითა და ლაქობრივი კონტრასტულობით გამოირჩევა. ის უკვე ფლობს სრულიად განსხვავებულ და ინდივიდუალურ ხელწერას. ფერთა ტონალობა თავშეკავებულია, ნახატი, ძირითადათ, შავ-თეთრი ლაქობრივი კონტრასტებით იკვეთება. ზოგჯერ სიბრტყობრივად განვითარებული ფონიდან აჩრდილებივით ამოიზრდებიან ფიგურები, რომლებიც, თითქოს, ერთგვარი დაუდევრობითაა შესრულებული, ამავდროულად კი, ემოციურობითა და მღელვარე გრძნობებითაა გაჯერებული. ოსტატურია ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკის ფლობაც და მხოლოდ ორი ტონალობის - მუქი და ღია ფერის გამოყენებით მიიღწევა ცხოველხატულობა. ასეთი მხატვრული აზროვნება, შემდგომ წლებში, გრაფიკოს ლალი ზამბახიძეს ფერმწერადაც კი წარმოგვიდგენს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
1978 წ.-ს, ლალი ზამბახიძე ქმნის ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ,,კაცია ადამიანი?!“ ილუსტრაციებს. (ილ. 2) მაშინ, როდესაც ამ ნაწარმოების მხატვრების, ჰენრიჰ ჰრინევსკისა (1863-1937) და იოსებ გაბაშვილის (1908-1973) მიერ შესრულებული პერსონჟები თითქმის სტერეოტიპებად მოიაზრებიან, ლალი ზამბახიძე სრულიად ახლებური ხედვითა და ახლებური სიუჟეტური ამონარიდებით გვაწვდის მოთხრობის შინაარს. სარკაზმითა და გროტესკული იუმორით გაჯერებული ილიასეული თხრობის თვალხილულად მოწოდება მკითხველს ნაწარმოების შინაარსის ღრმა წვდომას სთავაზობს. ლაქობრივ-ტონალური ხერხით გამოკვეთილი თავისუფალი, შეუზღუდავი ნახატი, ფიგურათა და კომპოზიციების შემადგენელ დეტალთა დაუწვრილმანებელი, თითქოსდა დაუდევარი ესკიზური ხასიათით, ცხოველხატულად გამოსახულ სულიერებას ინარჩუნებს.
მხატვარი მოქნილად, თავისუფლად იმორჩილებს ტექნიკას და კონტრასტულ ლაქათა დაპირისპირებით გამოკვეთილ გამოსახულებებს მკვეთრ ხაზთა ოფორტისათვის ჩვეული დენადობითა თუ ნიუანსურად გამოყენებული „ფხაჭებით“ აცოცხლებს. ამჟამად უკვე ლალი ზამბახიძისეულ სტერეოტიპადაც კი შეიძლება დაგვამახსოვრდეს ლუარსაბისა და დარეჯანის მოუქნელი, ზონზროხა სხეულები, სახეთა უაზრო, კომიკური გამომეტყველებით. მკითხველის მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება მკითხავი ქალის ცოტა შემაშინებელი ჯადოქრული გარეგნობა, შავით მოსილი, ბუხრის წინ ჩამომჯდარი, იატაკზე გაშლილი ბანქოს ქაღალდით, წინ დადგმულ დიდ ტაფაზე დამუჭული ხელის გულიდან რომ ყრის ბედის გახსნისთვის განკუთვნილ ჯადოსნურ, „სასწაულმოქმედ“ ფქვილს.(ილ. 3) მხატვარი ყოველგვარ ზედმეტ დეტალიზაციას იშორებს, დეკორის ელემენტებისა თუ სხვადასხვა დეტალის ნიუანსური გათამაშებით მეტად ცოცხალ და მოქმედებაში არსებულ, ჩვენს თვალწინ თითქოსდა იმწამიერად გათამაშებულ, სიცოცხლით სავსე სცენებს წარმოგვიდგენს. ხელოვანი მაყურებელს ხედვის სხვადასხვა წერტილს სთავაზობს. მკითხველი ხან ზედხედით დასცქერის დანჯღრეული ნაგებობის წინ სიზარმაცის სიმბოლოდ წარმოდგენილ გოდორივით დამრგვალებულ ლუარსაბს და მუთაქიან ხალიჩას, იქვე, მოტიტვლებულ, ღობემორღვეულ ეზოში წამიერად შემოჭრილ პაწია ძაღლს, მოძრაობისა და სიცოცხლის მუხტის შემომტანი რომ ხდება სიცარიელით მოცულ მომაკვდავ გარემოში; ხან ანფასში გვაწვდის ნაწარმოების გმირთა გროტესკულ ფიგურებს და „ჭედავს“ კადრს, რაც, ასევე, მოქმედ გმირთა ცოტა გონებაშეზღუდული, შეუვალი და ჯიუტი ხასიათის გახსნას უწყობს ხელს.
ლალი ზამბახიძე თავს მაინც უფრო დაზგური გრაფიკის ოსტატად მიიჩნევს და ეს მართლაც ასეა, - მას წიგნი ნებით თუ უნებურად „თავის ჭკუაზე ტარებას თხოვს“, იძულებულს ხდის, მწერლის ჩანაფიქრს „დაემორჩილოს“. მართალია, მხატვარი წარმატებულად ახერხებს ამას და სრულიად დამოუკიდებელი მიდგომით ახორციელებს, მაგრამ მაინც ეზღუდება სრული თავისუფლება. ამას კი მისი მღელვარე ბუნება ვერ ეგუება. როდესაც ვუყურებთ მხატვრის შემდგომ, მოგვიანო ნამუშევრებს, ეს აშკარა და ცხადი ხდება, მაგრამ სანამ ამ „გათავისუფლებას“ სრულად მოახერხებს და თავის თავს საბოლოოდ იპოვის, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, რაშიც შემოქმედებითი მივლინებები ეხმარება.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გატარებულ სტუდენტურ პრაქტიკებს, 1970-იან წლებში, პროფესიონალ მხატვრად ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის გამიზნული გასვლები ემატება. ამ დროს მიღებული გამოცდილების მნიშვნელობაზე მხატვარი თავად საუბრობს: „ვიყავით მივლინებებით სენეჟში, მოსკოვის სიახლოვეს.. მაშინ ამას უზრუნველყოფდა ყოფილი საკავშირო მხატვართა კავშირი. იყო რამდენიმე ადგილი, გამოყოფილი სხვადასხვა რესპუბლიკისთვის. თხუთმეტი რესპუბლიკიდან მიდიოდა ორ-ორი, სამ-სამი კაცი და მოსკოვიდანაც; ჩამოდიოდნენ ბელორუსიიდან, უკრაინიდან; იყვნენ: ჩუქჩები, ყაზახები, აზერბაიჯანლები, სომხები, ქართველები. ასეთი შემადგენლობის ჯგუფი იყო მთლიანად და შენ საკუთარი თავის დანახვის საშუალება გეძლეოდა, ხედავდი, თუ რა განგასხვავებს მათგან. არ უნდა მიგებაძა არავისთვის. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პროცესს, როდესაც რამდენიმე განსხვავებული მხატვარი ერთმანეთს ხვდება. მარტო იმიტომ კი არა, რომ გაქვს ყველაფერი: მასალა, გიბეჭდავენ ლითოგრაფიას და ოფორტს, კარგად ცხოვრობ და არაფერზე ზრუნავ სამუშაოს გარდა.. აქედან წამსვლელ მხატვრებს მხატვართა კავშირი არჩევდა და საქართველოდან წასულები ყოველთვის გამორჩეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას.
ბოლოს, საანგარიშო გამოფენაზე, მოდიოდა კომისია მოსკოვიდან და იყო შესყიდვები. შემდეგ ეს ნამუშევრები ნაწილდებოდა სხვადასხვა მუზეუმში. სამხატვრო ფონდი იძენდა და ინახავდა ნამუშევრების ნაწილს. სწორედ მაშინ გაცხადდა ჩემთვის, თუ რა გზით უნდა წავსულიყავი.. ჩემი საკუთარი თავის დანახვა იქ შევძელი. აქ, ქართულ სივრცეში საკმარისი არ არის შენ კარგად გამოიყურებოდე და შეიძლება უკვე გაფასებდეს კიდეც ვიღაც, მაგრამ რა არის შენი განმასხვავებელი, ცოტა ძნელია, რომ აქ დაინახო, იქ კი, იმდენ სიჭრელეში, იმდენ ნაირგვარობაში ძალიან კარგად ხედავ ამას... კარგად ხედავ თუ საით უნდა წახვიდე“.
1980-იან წლებში ლალი ზამბახიძის შემოქმედებაში „განსხვავებული მუხტით შევსებული თავისუფლება“ მოდის. თემატიკა თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება. ის ქმნის სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს: პორტრეტს, პეიზაჟს, ბუნების წიაღში ჩართულ ყოფით სცენებს, მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებთან ასოცირებულ კომპოზიციებს, ასურათებს რამდენიმე წიგნსაც.
მხატვარი სხვადასხვა გრაფიკული მასალის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების ძიების ახალ ეტაპს იწყებს. ოფორტის ტექნიკას იგი კვლავ ლაქობრივ-კონტრასტული ეფექტებით „ეთამაშება“; კომპოზიციებში ერთმანეთთან „დაპირისპირებული“ მუქი და ნათელი ტონები უფრო დაუნაწევრებელი და ლოკალური ხდება („ბებია“, ოფორტი, 1985 წ., „მამის პორტრეტი“, ოფორტი, 1986 წ., „ქართული ხალხური ზღაპრები“, ოფორტი, 1984 წ., ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებთა ილუსტრაციები, ოფორტი, 1985). ოფორტის ტექნიკით შექმნილი ყოფითი სცენების გადმოცემისას ნახატი კიდევ უფრო მეტი ინტიმურობითა და სითბოთია გაჯერებული, კვლავ წამყვანია ემოციური „მომენტის დაჭერის“, კადრის დაფიქსირების ეფექტი („შეხვედრა“, ოფორტი, 1983 წ., „ქალი ძაღლით“, ოფორტი, 1982 წ., „ნავაჭრი“, ოფორტი, 1985 წ., გიორგი შატბერაშვილი, „მკვდრის მზე“ (ილუსტრაციები) ოფორტი, 1984 წ.).
მხატვარი აქტიურად იყენებს სანგინის ფანქარსაც. ამ მასალით შესრულებული პორტრეტები ღრმა შინაგანი ემოციითაა გაჯერებული, მხატვრის ხელი თავისუფალად მოძრაობს, ცოცხლად ათამაშებს სანგინის ფანქარს და მოქნილ, „ნერვიულ“ ხაზთა შტრიხებით თავისუფალ, ემოციურ ნახატს იძლევა („ქალის პორტრეტი“, სანგინი, 1981 წ., „მოხუცი ებრაელი“, სანგინი, 1981 წ.), ხანაც კონტრასტულ-ტონალურად დაფერილი ლაქობრივი „ფონიდან ამოძერწავს“ ფორმებს, ამოანათებს სახის ნაკვთებს და ძლიერი გამომეტყველების ეფექტებს აღწევს („მამაკაცის პორტრეტი“, სანგინი, 1981 წ.), აკვარელით შესრულებულ ფერადოვან ნახატში კი ის ამ მასალისთვის დამახასიათებელ გამჭვირვალებას ინარჩუნებს („ქურთის ქალი“, 1984წ.). (ილ. 6-10)
1980-იან წლებშივე იწყებს შემოქმედი აქტიურ მუშაობას მონოტიპიაში, მასალაში, რომელიც კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს, გადმოსცეს ის შინაგანი ენერგია, რაც მასში, როგორც ხელოვანში „სახლობს“. სწრაფვა იმ შედეგის მისაღებად, რაც არ ასვენებს და მეტი თავისუფლებისკენ „უხმობს“, მხატვარს ნამუშევართა მეტი ენერგიით დამუხტვას სთხოვს და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, გრაფიკის ენით ფერწერულობის მიღწევის საშუალებას აძლევს. მონოტიპია კი, ამგვარი ამოცანების გადჭრისთვის საუკეთესო მასალად „ევლინება“ („ქალი ამფორით“, 1985 წ., „წითელი ბაზილიკა“, მონოტიპია, 1989 წ., „თელეთი“, მონოტიპია, 1989 წ.).
ამ ტექნიკის გათავისების პროცესს მხატვარი შემდეგი სიტყვებით გადმოსცემს: „მონოტიპია, იცით ეს რა არის? ფერწერულობა გრაფიკაში, რასაც ვერ იტანს, მაგალითად, ტუში და აკვარელი. მონოტიპიაც ისეთი მაქვს, უფრო ტონალობისკენ, ფერწერულისკენ მიმართული.. არასოდეს მქონია „მშრალი გრაფიკის“ კეთების სურვილი. მაქვს ილუსტრაციები, რომლებიც აბსოლუტურად შავ-თეთრია, მაგრამ იქაც - მოცულობა, ტონალური გრადაცია იყო ჩემთვის მთავარი, ეს ყოველთვის მიტაცებდა და რა მაძლევდა ამის საშუალებას? ამის საშუალებას მაძლევდა ოფორტი, აკვარელი, მაძლევდა მონოტიპია და პირდაპირ ტიპოგრაფიული საღებავით ხატვა. ზოგი ტიპიური მონოტიპიაც კი არაა, პირდაპირ ქაღალდზეა შესრულებული, იმიტომ რომ ზეთთან მიახლოება მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი ვერასოდეს.. როგორც ბეჭდვის ფორმას ჭირდება დამუშავება, ასევე შეიძლება ის პირდაპირ ქაღალდზე გააკეთო. ეს უფრო ფერწერაა, ვიდრე მონოტიპია. ფერწერა, რომელსაც იტანს ქაღალდი. ზეთოვან ტიპოგრაფიულ საღებავს ქაღალდი იტანს და ის ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა, დიდი გრადაცია აქვს, ამიტომაც მხიბლავს.მას ბევრი სპეციფიკა აქვს ისეთი, რასაც ვერასოდეს გააკეთებ აკვარელით და ტუშით. იმიტომ, რომ აქ შეიძლება თეთრი ხაზი მიიღო მუქზე. გახაზო რაღაცა და გამოჩნდება თეთრი. ბევრნაირი ფერი არ უნდა ჰქონდეს ქვემოდან, რომ ის თეთრი გამოჩნდეს. როცა მუშაობ, ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა ჩნდება. მონოტიპია - ესაა, როგორც ალაპრიმა, რაღაც დახატე და ამობეჭდე, ეგ ღარიბია.. ეს მაინც საფუძველია, რომელიც შეიძლება მერე გადაიქცესმნიშვნელოვან რამედ. არ გაკმაყოფილებს მარტო ეს, თუმცა, შეიძლება, უცებ, რაღაც ეტიუდივით გამოგივიდეს ძალიან ლამაზი და ისევე დატოვო, და მშვენიერია... არის რაღაცა ლექსის დონეზე, ყოველთვის სილამაზის დონეზე და არის რაღაც, რომელსაც სჭირდება რომანის დონეზე. აშკარაა, რომ ლექსის და რომანის დონის მიღწევასაც შემოქმედისაგან საოცარი ენერგიის გაღება და გაუთავებელი ექსპერიმენტი სჭირდება. ძიების გზაზე კი, ყველაფერი თანაბარზომიერად წარმატებული შედეგით არ შეიძლება დაგვირგვინდეს. მაგრამ ეს ყველაფერი ცოცხალი შემოქმედებითი პროცესია და სწორედ ამ შემოქმედებით ძიებებში ყალიბდება მხატვარი, მუდმივად იზრდება და ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ. ლალი ზამბახიძე სწორედ ასეთ მხატვართა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ძიების გზაზე არ უფრთხის „ჩავარდნებს“ და სულ ეძებს ემოციურ მუხტს, საკუთარ თავს მოდუნების და „ფარ-ხმლის დაყრის“ ნებას არასოდეს აძლევს.
1980-იანი წლების დასასრულს საქართველოში რთული ისტორიული პროცესები იწყება. ქვეყანა აქტიურად იწყებს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. საბჭოთა იმპერიიდან თავის დაღწევა მძიმედ წარიმართა. საქართველომ გადაიტანა სამოქალაქო ომი, დაკარგა ტერიტორიები. დიდმა ისტორიულმა პროცესებმა, რევოლუციებმა, საზოგადოება ღრმა სულიერ კრიზისში შეიყვანა. გაუსაძლისი ყოფა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ძნელი გადასატანი იყო და მით უმეტეს ხელოვანი ადამიანისთვის, რომელიც თავისი ფაქიზი სულით კამერტონივით აღიქვამს ყველაფერს. ლალი ზამბახიძე ცდილობს, საკუთარ შემოქმედებაში იპოვოს „სიმყუდროვე“, თავშესაფარი. ცდილობს, შემოქმედებითი აქტივობით დასძლიოს გრძნობებს და არ დაკარგოს ემოციური მუხტი. სწორედ ამ აუტანელ წლებში მუშაობს მხატვარი კიდევ უფრო თავდაუზოგავად, ქმნის ასობით ნამუშევარს. შეკითხვაზე, თუ რა აძლევს შემოქმედების სტიმულს, ასე პასუხობს: „ემოცია... როცა არ არის ემოცია, აუცილებლად უნდა გაიჩინო იგი. მიზანს რასაც ეძახიან, ასე იოლად არ მოდის... ზოგჯერ, შეიძლება, სულ არ მინდა მუშაობა, დათრგუნული ვარ... ამ დათრგუნვასაც ამით ვერევი.. რაღაცას დავიწყებ და... შიგნით,სულის სიღრმეში, ქვეცნობიერად ყოველთვის არის დაბუდებული ემოცია, რომელიც ამასობაში შემოდის, ამოტივტივდება. როდესაც ემოცია თავისთავად არის მძაფრი, მაშინ ყველაზე კარგი ნამუშევარი კეთდება. არ შეიძლება ისე, მუხტის გარეშე რაღაცის კეთება, ძალიან ძნელია..“
1990-იან წლებიდან დღევანდლამდე მის შემოქმედებაში შედარებით მცირდება ოფორტის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. წამყვან ტექნიკად მონოტიპია რჩება, თუმცა, ასევე აქტიურად იყენებს იგი შავ და ფერად ტუშს, აკვარელს, სოუსს, სანგინას, ნახშირს - ანუ იმ ტექნიკას, რომელიც ნამუშევარში გრძნობის დაფიქსირების საშუალებას „ცინცხალი ნახატით“ ახორციელებინებს. მხატვარი არც საკუთარი კოლეგებისგან მიღებულ დახმარებასა და მხარში დგომას მიიჩნევს ნაკლებ სტიმულად. ხაზგასმულად აღნიშნავს მათ როლს საკუთარი შემოქმედების წარმატებით წარმართვაში. განსაკუთრებულ მადლიერებას უფროსი კოლეგების, ედმონდ კალანდაძისა და ზურაბ ნიჟარაძის მიმართ გამოხატავს, ასევე საუბრობს მსოფლიო ხელოვნების მიღწევებიდან მიღებული ცოდნის როლზე: „მე ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმალურად გამომეყენებინა ის ცოდნა, რაც მივიღე, მინდოდა, ახლოს მივსულიყავი იმასთან, რაშიც სიღრმისეული წვდომა მაინტერესებდა. მაგრამ, როგორც კი ვატყობდი, რომ ვინმეს ვემსგავსებოდი, მაშინვე ვჩერდებოდი. თუმცა, ალბათ, ეს არანაირი დანაშაული არაა. ველასკესი ძალიან მიყვარს და ბევრი ასლი მაქვს გაკეთებული, მაგრამ იქვე მიწერია, რომ ეს იმპროვიზაციაა. ძალიან მიყვარს აღმოსავლური ხელოვნება, იაპონური, ჩინელი აკვარელისტები.. გრაფიკოსები.. მათ სისხლსა და ძარღვში აქვთ გამჯდარი ეს მრავალგვარი ტექნიკ... როგორ შეიძლება, მხატვარმა მათგან რამე არ აიღო.. მონასმის თავისუფლება, ხაზის თავისუფლება, უბრალო მოტივში ულამაზესი სიმდიდრის დანახვა... ასევე, ევროპულშიც - ჩვენ ხომ სინთეზი გვაქვს, ისეთ გეოგრაფიულ სივრცეშია საქართველო, რომ არ შეიძლება, სინთეზი არ იყოს აღმოსავლეთის და დასავლეთის. სამხრეთითაც და ჩრდილოეთითაც რამხელა კავშირი გვქონდა საუკუნეების მანძილზე. აი, ეს სინთეზურობა ყოველთვის მოქმედებს მხატვრის ჩამოყალიბებაზე. უამისოდ არანაირად არ შეიძლება მივიღოთ რაიმე პროდუქტი, ეს ხდება ჩვენდა უნებურად, შეიძლება გააზრებულიც არა გვაქვს ეს. მაგრამ, ყვოველივე ამასთან ერთად იყო თვთმყოფადი, ეს ყველაზე რთულია - რომ მოძებნო შენი სტილი, შენი თავი...“
მაგრამ ლალი ზამბახიძე ახერხებს, მოძებნოს თავისი სტილი, თავისი თავი, დარჩეს თვითმყოფად მხატვრად და, რაც ყველაზე მთავარია, თავის ნამუშევრებში შეინარჩუნოს ის სულიერება, ის ენერგია და ეროვნულობის განსაკუთრებული მუხტი, რაც მის შემოქმედებას ქართული კულტურის, ქართული გრაფიკული ხელოვნების განუყოფელ ნაწილად აქცევს. და კიდევ, უფრო მდიდრდება თემატიკა, ჩნდება ალეგორიული ნამუშევრები, ისევ და ისევ ჩნდება ბერძნული მოტივები („პერსეფონე“, 1994, „ბერძნული მოტივი. იმპროვიზაცია“, 1999), გერმანიაში მოგზაურობიდან წამოყოლილი ცოცხალი შთაბეჭდილებებითაა გაჯერებული ბერლინის ხედები („ბერლინის გარეუბანი“, „ბერლინი ღამით“, 1990, ) და კვლავ საქართველო - მისი განუმეორებელი სამშობლო, ბავშვობის საყვარელი ქალაქი ქუთაისი („ქუთაისი“, „ქუთაისი. ჯაჭვის ხიდი“, 1991.), (ილ.11-17) გურიის ულამაზესი ხედები, ხშირად კი დაცლილი სოფლები და დანგრეული, მიტოვებული ეკლესიები, რომელშიც საოცარი სევდა და ტკივილია ჩადებული. მაგრამ აქვე ჩნდება მონოტიპიაში შესრულებული, სინატიფით და სინაზით აღსავსე, თავმომწონე ყვავილების თემა. მათი ვარიაციების სპექტრი ფართოა. ეს ხან შავ-თეთრში გადაწყვეტილი მინდვრის ყვავილებია, ხან კაშკაშა ფერებად აბდღვრიალებული ყაყაჩოები, ხანაც კი მოოქროსფრო ტონალობით დაფერილი შემოდგომის ფოთლები, ასე რომ ხიბლავენ მაყურებელს. 2000-იან წლებში, გლიცინიების და ორქიდეების მთელი სერია ჩნდება. ფერთა მრავალფეროვანი გრადაციითაა შექმნილი ის განუმეორებელი სილამაზე და სიფაქიზე, მხოლოდ ამ ყვავილებისათვის რომაა დამახასიათებელი. ამ წლებში აქტიურად იყენებს შემოქმედი ნაირგვარ მასალას, ქმნის სანგინითა და სოუსით, ტუშითა და აკვარელით შესრულებულ სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრებს. მხატვარი, თითქოსდა, დაუდევარ, თითქოსდა თამაშის ელემენტებით გაჯერებულ, სიცოცხლით სავსე კომპოზიციებს ქმნის. მძლავრი ენერგიით ავსებს, აცოცხლებს სიუჟეტებს და გეჩვენება, თითქოს იქვე, შენს წინ იბადებიან ყვავილები, თევზები, საქართველოს ქალაქების და სოფლების პეიზაჟები. მღელვარე მუხტითაა გაჯერებული „იმერეთის“ სერიით სახელდებული სოფლისა თუ ბუნების ხედები, მოშრიალე ხეთა ვარჯებით, გურიის და იმერეთისათვის დამახასიათებელი ოდა სახლებით („ძველი ქუთაისი“, 2001 წ., „თბილისი ღამით“, 2003 წ.; „იმერეთში“, „იმერეთი. სხვიტორი“ - 2001 წ.), ზოგან ადამიანთა, ფრინველთა და ცხოველთა ფიგურების ჩართვით ბუნებასთან ჰარმონიული „თანაცხოვრება“ არის ასახული („იმერული ეზო“, „ქალი ხესთან“, „ჭასთან“ – 2001 წ.), ხშირად კი დამოუკიდებლად გამოსახულ ფრინველთა და ცხოველთა საოცარ, „სახეებსაც“ ვხვდებით („ინდაური“ (1991), „ბუ“, „ძაღლი“ – 2001 წ., „პატარა ტახი“ (1995 წ.) „ტახი“ (1994, 2001 წწ.), კამეჩისა და ხარის ფიგურები ჭარბი ენერგიითაა სავსე და ეს ძლიერი სხეულები ველური, სტიქიური ბუნების ძალის სიმბოლოდაც კი შეიძლება წარმოიდგინოს მნახველმა („კამეჩი“, „მღვიმეში“, 2001 წ.). (ილ. 18-20)
მხატვრი თავისი ქვეყნის ცხოვრებით ცოცხლობს, გვერდს არ უვლის საქართველოში დატრიალებული ომებისა თუ სტიქიური კატაკლიზმებით გამოწვეული უდიდესი ტრაგედიების შედეგად დანატოვარ უზომო ტკივილს. ამ ყოველივემ ასახვა ჰპოვა სერიაში „ლტოლვილები“, სადაც სახლ-კარ დაკარგული, ცხოვრებისაგან განაწამები ადამიანების უმძიმესი სოციალური ყოფაა ნაჩვენები („ქალები ხონიდან“, „ბაზარი. პარკების გამყიდველი“, 2002 წ.). (ილ. 21)
როგორც მისი შემოქმედების მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძე აღნიშნავს: „როდესაც ვამბობთ, რომ ლ. ზამბახიძის შემოქმედებაში მუდამ საქართველოს ვხედავთ - ეს შეგრძნება უმნიშვნელო, წვრილმანი დეტალებიდან იწყება და ბუნების ერთიან სახეში კონცენტრირდება. მხატვარი კონკრეტულიდან განზოგადებისკენ მიდის და ზოგდსაკაცობრიო ჟღერადობამდე მიჰყავს თავისი თხრობა“.
უმნიშვნელოვანესია ბოლო ათწლეულში შექმნილი პორტრეტებიც, ინდივიდთა ღრმა ფსიქოლოგიური ხასიათის გახსნას რომ ემსახურება. ნახშირის, სოუსისა და სანგინის ფანქრით შესრულებული ეს ძალზე ემოციური პორტრეტები, ხან ძლიერ ხაზთა და კონტრასტულ ლაქათა დაპირისპირებითაა აგებული („მამაკაცის პორტრეტი“, „დედა“, „მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი“, „როზა“ - 2002 წ.) ხან კი, ფაქიზი კონტურული ნახატით გამორჩეული, ბავშვის სუფთა ბუნებისა და სითბოს გამომხატველი ხდება („მარიამის პორტრეტი“, 2003 წ.). (ილ. 22,23)
მხატვარი წყლის საღებავების - აკვარელისა და ტუშის გამოყენების დროსაც მასალის ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმუმს აღწევს. ის მუდამ ინარჩუნებს გამჭვირვალებას. ფერად ლაქათა ურთიერთშერწყმით, შეღვენთით და საღებავთა თვისებების ოსტატური ფლობით კი სიმსუბუქის შეგრძნებას აღწევს, რაც ლირიკულობის, პოეტურობის, მსუბუქ მუსიკასთან ასოცირებულ განცდას იწვევს მაყურებელში, იქნება ეს ამგვარი ტექნიკით განხორციელებული პეიზაჟები თუ ფიგურული კომპოზიციები („თბილისი ღამით“, „გარიყულა“, „ზამთარი ქართლში“, „მაგნოლიები“, „წვიმის შემდეგ“, „მთაწმინდა“, „ქართლის გზაზე“, „შეღებილი ქალაქი“, „სარკესთან“, 2006 წ., „საღამო ქართლში“, 2008 წ., „აკვარიუმი“, „ბროწეულები“, „ფარშევანგი“, „ოქროს თევზები“ , 2015 წ.). მხატვარი შიგადაშიგ აკრილის საღებავის გამოყენებასაც იწყებს, რაც, ასევე, ერთმანეთში შეღვენთილი ფერადოვანი, ლოკალური ლაქებით „თამაშის“ სშუალებას აძლევს („ორთაჭალა“,2009, 2013 წწ., „საკენკი“, 2015 წ.) (ილ. 24-30)
ლალი ზამბახიძის შემოქმედება მხოლოდ მხატვრობით არ შემოიფარგლება. სამხატვრო აკადემიის და გრაფიკის ფაკულტეტზე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მოღვაწეობა მისი შემოქმედებითი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. უკვე მრავალი წელია, რაც იგი სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის პროფესორია. გრაფიკოს მხატვართა თაობებმა გაიარა მის ხელში, ბევრი ახალგაზრდა ხელოვანი გამოზარდა და ბევრის შემოქმედებაზე წარუშლელი კვალიც დატოვა.
სამხატვრო აკდემიის სატკივარი მას ყოველთვის საკუთარ სატკივარად აქვს ქცეული, სურს შენარჩუნდეს და მომავალს გადაეცეს ის მთავარი, რაც მისმა პედაგოგებმა ასეთი რუდუნებით და სიყვარულით გადააბერეს მას და მისი თაობის მხატვერებს. ყოველივე ამას კი მხატვარი დიდი გულისტკივილით და განცდებით გვიზიარებს: „აკადემია იცვლება, რა თქმა უნდა, ცხოვრება იცვლება, ასევე, იცვლება დამოკიდებულება მხატვრის ნამუშევრის მიმართაც. ყველა ვცდილობთ, ვიყოთ თანამედროვე და რაღაც ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ, მაგრამ ეს ხელოვნურად ხომ არ შეიძლება მოხდეს?! ლოგიკურად უნდა მიხვიდე ამ სიახლემდე. მნიშვნელოვანია, რას უყურებ, რა ინფორმაცია გაქვს, რა მოგწონს, როგორ გაითავისებ ამ ყველაფერს, მაგრამ შენ არ უნდა დაკარგო შენი ფესვები, შენი სამშობლო - ჩვენ უცხო ფესვებზე ვერ დავმკვიდრდებით, მით უმეტეს, ჩემი ასაკის ადამიანი. შეიძლება რაღაცა მეტ-ნაკლებად შეიცვალოს ჩემში - ცხოვრების ბოლო ათწლეულებში მხატვარი უფრო თავისუფლდება ხოლმე და რაღაცას საინტერესოსაც ქმნის, თუ ის მუშაობს, თუ არა და საერთოდ ჩერდება. ცვლილების თუ ახლის შემოტანის პროცესი ლოგიკური უნდა იყოს, ხელოვნურად წამოღებული და გამეორეული ყოვლად დაუშვებელია. რანაირად შეიძლება აღმოცენდე და ჩამოყალიბდე, როგორც თავისთავადი და თვითმყოფადი მხატვარი, თუკი ძველი დაკარგე?! ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი, ჰო? მაგრამ, ძველი რა, ყველაფერი ცუდია და ახალი, რაც შემოდის - ყველაფერი კარგი? აი, ეს არის მთავარი შეკითხვა.“
მისი მთავარი იმედი კი ახალგაზრდობაა, რომელსაც, ღრმა რწმენით გამსჭვალული, ურჩევს შემდეგს: „ახალგაზრდებს უპირველესად უნდა უყვარდეთ თავისი საქმე, შემთხვევითი ადამიანები ვერაფერს გააკეთებენ. მხატვრობა - ეს ისეთი რამაა რომ შენს თავზე მეტად უნდა გიყვარდეს. მე ჩემს თავსაც ვერ ვეუბნები მაგას, იმიტომ რომ ყოველთვის არ შეგიძლია ამის გაკეთება, ძალით ვერ გააკეთებ. ან გაქვს სიყვარული ამ საქმის, ან არა გაქვს და თუ შენ ეს გაქვს, რა თქმა უნდა, ვუსურვებდი რომ საკუთარი თავი დააყენონ ყველაზე წინ, რათა შეძლონ გამოხატონ, რისი თქმა უნდათ, იმუშაონ ძალიან ბევრი, განვითარდნენ და განათლდნენ და კიდევ, ძალიან უნდა უყვარდეთ წარსული, იმიტომ, რომ წარსულის გარეშე მომავალს ვერ შექმნი, და მე ვფიქრობ, აუცილებლად იქნებიან წარმატებულები...“
ლალი ზამბახიძე, უპირველესად, საკუთარი თავის მიმართაა მომთხოვნი და საოცარი პასუხისმგებლობით აღსავსე. იგი ამჟამადაც აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით მუშაობას, კვლავ სიახლეების ძიებაში და სირთულეების გადალახვის პროცესშია. ეს კი, თავისთავად, ამ ნიჭიერი და თვითმყოფადი ხელოვანის მომავალი წარმატებების საწინდარია. |