სტუმრად მხატვართან (მამუკა ცეცხლაძე) |
There are no translations available. გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის თანამშრომლების ინტერვიუ მხატვარ მამუკა ცეცხლაძესთან შედგა 2010 წლის 4 თებერვალს.
ოჯახი : მე გახლავართ მამუკა კარლოს ძე ცეცხლაძე. დავიბადე თბილისში, 1960 წლის 27 ოქტომბერს. მამა ეკონომისტი იყო, დედა _ დიასახლისი. მხატვრები არიან ჩემი და და მეუღლე _ ლია შველიძე. მე და ლია ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიიდან მოვდივართ ერთად. გვყავს სამი შვილი: უფროსი ქალიშვილი, ქეთი, ხელოვნებათმცოდნეა, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია და ახლაც ამავე სასწავლებელშია, ხელოვნების ისტორიის კათედრაზე. ლუკა თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე სწავლობს, პატარა ელენე კი მხოლოდ 8 წლისაა. განათლება: მხატვრობასთან სკოლის წლებიდანვე მქონდა შეხება. ვსწავლობდი თბილისის 52-ე სკოლაში, პარალელურად კი დავდიოდი ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც ბოლო ორი კურსი ჩემი პედაგოგი იყო მიხეილ გაბუნია. თუმცა მხატვრობასთან ჩემი პირველი ნამდვილი შეხება ვლადიმერ ტოროტაძის სახელოსნოში ყოფნისას მოხდა, როდესაც სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად მასთან ხატვასა და ფერწერაში ვემზადებოდი. საერთოდაც, სამხატვრო აკადემიაში მოხვედრამდე რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი პერიოდის გავლა მომიწია. თავიდან აკადემიაში თავისუფალ მსმენელად ჩავირიცხე, მას შემდეგ, რაც მოსამზადებელი კურსები გავიარე იურა მექვაბიშვილთან. აკადემიაში ჩემი პედაგოგი იყო ჯემალ ხუციშვილი, შემდეგ კი, ბატონ დიმა თაყაიშვილთან ვხატავდი ნატურას. სწორედ ამ დროს მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო ზურა ნიჟარაძის და კოკი მახარაძის შემოქმედება. პირადად ვაკვირდებოდი, თუ როგორ ,,აკეთებდა” ზურა ნიჟარაძე ,,არლეკინს”, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. სამხატვრო აკადემიაში, საბოლოოდ, თეატრის მხატვრობაზე ჩავაბარე და ფარნაოზ ლაპიაშვილის კლასში მოვხვდი. მაშინ 20 წლის ვიყავი. ბატონ ფარნაოზთან ორი წელი ვსწავლობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემი ინტერესი თეატრის მხატვრობის, თეატრის დეკორაციის მიმართ ამოიწურა და ფერწერის ფაკულტეტზე, კორნელი სანაძის სახელოსნოში გადავედი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მშვიდ და წყნარ გარემოში - ჯგუფში ოთხი-ხუთი სტუდენტი თუ იქნებოდა, მეტი არა. სახელოსნოში მე-4 და მე-5 კურსი დავყავი. სამხატვრო აკადემია მაშინ ძალიან საინტერესო მოვლენა იყო. საბჭოთა რესპუბლიკებიდან და არა მხოლოდ, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოდიოდა სასწავლებლად. იქმნებოდა საინტერესო ჯგუფები. ჩემთან ერთად სწავლობდნენ გოგა მაღლაკელიძე, ზაზა ნებიერიძე, იგორ სემენიხინი, რომელიც ხშირად ბატალურ ჟანრს ირჩევდა სამუშაოდ და ისე გულმოდგინედ და ოსტატურად ასრულებდა თავის ნამუშევრებს, ისეთი ტექნიკური სიზუსტით, რასაც მე პირადად ვერასოდეს შევძლებდი. დიპლომი: დიპლომი ბატონ კორნელისთან გავაკეთე - ,,სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში”. ის წარმოდგენილი მქონდა ფერწერული ტილოების სერიის სახით, რომელსაც აღმოსავლური და დასავლური კულტურების კონტექსტში სულხან-საბას ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი უნდა მოეცვა, მაგალითად: ,,რომის პაპთან შეხვედრა”, ,,დაბრუნება კონსტანტინეპოლში”, ,,გენუაში ღამის პორტში ჩამოსვლა” და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ისე რომ, როდესაც დიპლომამდე უკვე სამი თვე იყო დარჩენილი, ბატონი კორნელი მოულოდნელად გარდაიცვალა. მის ნაცვლად ჩვენს კურსზე ედმონდ კალანდაძე მოვიდა. მან კი მხატვრობისადმი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება, სხვა ხედვა მოიტანა. მე კი ბატონ კორნელისთან მუშაობაში უკვე ჩამოყალიბებული მქონდა ხატვისადმი ჩემი დამოკიდებულება, თითქმის საბოლოოდ იყო გააზრებული ჩემი დიპლომიც და დაცვამდე დარჩენილ ორ თვეში ახალი ხელმძღვანელის რჩევებით, უბრალოდ, ვეღარ ,,გადავკეთდებოდი”. ამიტომ სხვა სადიპლომო ნამუშევარზე ფიქრი არ დამიწყია და დასაცავად ისევ ,,სულხან-საბას მოგზაურობიდან” შევარჩიე სამი ტილო. იმ პერიოდში სადიპლომო ნამუშევრების განხილვისას, კომისიის თავჯდომარე რუსეთიდან ჩამოდიოდა. ამ დროს კი ჩვენი აკადემიის რექტორი ზურა ნიჟარაძეა. ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდით მთელი კურსი, რადგან ბ-ნ ედმონდს სხვა მოთხოვნები ჰქონდა, მაგრამ იმ მცირე დროში ჩვენ ვერაფერს ვერ ვცვლიდით. დიპლომი სამიანზე შემიფასეს. კომისიამ პირველ რიგში სადიპლომო თემა დამიწუნა. ნამუშევრები ტექნიკურად კარგად იყო შესრულებული, მაგრამ თემა იყო არააქტუალური. მოგეხსენებათ მაშინ ხელოვნებაში სავალდებულო იყო სოც-რეალიზმის შემოქმედებითი პრინციპების გათვალისწინება და ყველაფერი ,,კარგი” და ,,მოსაწონი” მხოლოდ მის ფარგლებში უნდა შექმნილიყო. მაშინ, როდესაც ზოგიერთი დიპლომს გამართული სოც-რეალისტური თემატიკა ჰქონდა, მაგალითად, ასეთი იყო: ,,ცეკვა ქართული”, ,,ჭიდაობა”, ,,ცხენოსნობა” და ა. შ., მე სადიპლომო ნამუშევრად გამოტანილი მქონდა ისტორიული ეპიზოდი ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობებიდან. ეს არ იყო ,,ხუთიანის” თემა. სადიპლომო ნამუშევრები მე დამრჩა და მოგვიანებით ზოგიერთი ტილო გაიყიდა კიდეც.
პროფესიული განათლების შესახებ: ჩემი აზრით აუცილებელია. თუმცა, გააჩნია რას ვიგულისხმებთ პროფესიულ განათლებაში. თუ აკადემიაზე ვაკეთებთ აქცენტს, ჩემი აზრით ეს არ იქნება სწორი. პროფესიული განათლება აუცილებელია, მაგრამ სავალდებულო არაა მაინცდამაინც აკადემიაში სწავლა. თავის დროზე, ფიროსმანიც ხომ გიგო ზაზიაშვილის შეგირდი იყო. პროფესიული სამხატვრო განათლება ტექნიკურ ცოდნას და უნარ-ჩვევებს გიმუშავებს, ზოგადად, მიმართულებას გაძლევს, რაც სამომავლოდ დიდ მნიშვნელობას იძენს. დამოუკიდებელი ნაბიჯები: აკადემიის მეათე სართულზე, როდესაც მისი დამთავრების შემდეგ დიპლომზე სამუშაოდ სახელოსნო გადმომეცა, სტუმრად მოსულმა მეგობრებმა თანდათან ჩემთან ერთად დაიწყეს მუშაობა, ერთად ვფენდით ხოლმე ნამუშევრებს და, საბოლოოდ, შეიქმნა ახალი მხატვრული სივრცე, რომელიც შემდეგ მეათე სართულის ჯგუფის სახელით გახდა ცნობილი. ჩემს გარდა ამ ჯგუფში იყვნენ გოგა მაღლაკელიძე, მამუკა ჯაფარიძე, თემურ იაკობაშვილი, კარლო კაჭარავა, გია ლორია. თუმცა, მათ გარდა მეათე სართულს სტუმრობდნენ სხვებიც. ეს ყველაფერი ჰგავდა დასაწყისს. მეათე სართულის მერე მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში გადავედი სამუშაოდ, სადაც თეატრის დირექტორმა გაიოზ კანდელაკმა მე და მეათე სართულის ჯგუფს, რომელსაც ამასობაში დაემატა ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლია შველიძე და კოკა რამიშვილი, თეატრის დეკორაციების გაკეთება მოგვანდო და სამუშაოდ უზარმაზარი სივრცე დაგვითმო. მარჯანიშვილის სახელოსნოში სპეკტაკლების გაფორმების გარდა, საშუალება გვქონდა ჩვენი შემოქმედების განახლებისთვისაც გვეზრუნა, ბევრს ვმუშაობდით საკუთარ თავზე, ეს პერიოდი ჩვენთვის ერთგვარი თვითგამორკვევის ხანა იყო. მარჯანიშვილის სახელოსნოში, სადაც 1990 წლამდე დავრჩით, ძალიან ხშირად იცვლებოდნენ მხატვრები, ზოგი მოდიოდა, ზოგი გვტოვებდა, მაგრამ ყველა ტოვებდა დიდი სულისკვეთებით და ენთუზიაზმით შესრულებულ საქმეს. გოგი ხოშტარია: თავის დროზე თქვენს თაობას კონცეპტუალისტებს ეძახდნენ. თქვენთან იყო დაკავშირებული გამოწვევა-ეპატაჟის მომენტები. საბჭოთა კავშირის ჩაკეტილობის ფონზე ქართულ მხატვრულ სივრცეში რეალურად თქვენ შეძელით იმის მოტანა, რაც იმ დროს უცხოეთში ხდებოდა, ამდენად, ადეკვატურად პასუხობდით თანამედროვეობას. მანამდე, 1930-იან _ 1950-იან წლებში ჩვენი და დასავლეთში მიმდინარე პროცესები სცდებოდა ერთმანეთს. გამოცოცხლება 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან შეინიშნება. მოგვიანებით კი თქვენ აღმოჩნდით ის თაობა, რომლისგანაც საზოგადოებამ, ფაქტობრივად, პირველად გაიგო ბოისის, კონცეპტუალიზმის, არტეფაქტის, საგნობრივი ხელოვნების შესახებ. მამუკა ცეცხლაძე: გეთანხმებით, მაშინ ჩვენი მცდელობით ,,იმ” სამყარომ სრულფასოვნად დაიწყო შემოსვლა. საქართველოში ამ პერიოდში უკვე შეიმჩნეოდა ძალიან საინტერესო ძვრები და ისიც არა მარტო მხატვრობაში. დიდი სიახლე იყო კინო-სახლის ჩვენებები, ,,სხვა” კინოს ფენომენი, რომელმაც არანაკლები გავლენა იქონია ჩვენი ცნობიერების განვითარებაზე. შთაბეჭდილებები: შემოქმედებით-ემოციურ გამოცდილებას ყველაზე მეტად ვუმადლი ჩემს მეგობარ მხატვრებს, ასევე ჩემზე უფროს თაობას. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, უფროს თაობასთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ მომცა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ლევან ჭოღოშვილისა და გია ბუღაძის ცნობილი გამოფენები. ალბათ მათი ნამუშევრები და კიდევ ზურა ნიჟარაძის ,,არლეკინი” იყო ჩემთვის ძალიან დიდი ზემოქმედების წყარო. გარდა ამისა, ხშირად დავდიოდი მოსკოვში მოწყობილ გამოფენებზე, სადაც დასავლეთის მუზეუმებიდან ჩამოჰქონდათ იშვიათი ექსპოზიციები, ევროპული მხატვრობის ორიგინალში ხილვა ეს ცალკე მოვლენა იყო, რაც ბევრს ცვლიდა და, ამასთან, აზუსტებდა ჩვენში. ძალიან მომწონს ოსკარ კოკოშკა, თუმცა მიჭირს საყვარელი მხატვრის გამოყოფა. ყველა მხატვარში სხვადასხვა აღმოჩენებს ვაკეთებ, იმათგან, ვინც ახლა საყოველთაოდაა აღიარებული, ბევრი ძალიან მომწონს, ზოგი _ ნაკლებად. 1987 წელს მარჯანიშვილის სახელოსნოს ხუთი მხატვარი (მე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, კოკა რამიშვილი და მამუკა ჯაფარიძე) სერგო ფარაჯანოვის მეგობრის ეკე მაასის მიწვევით აღმოსავლეთ ბერლინში გავემგზავრეთ. ეს იყო პირველი და ნამდვილი შეხება საოცნებო დასავლეთთან. ჩვენთვის ახალი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი ასაკის მხატვართა ჯგუფი _ ,,ახალი ველურები”, რომლებიც უფრო გერმანული ექსპრესიონიზმის გავლენით ხატავდნენ, მის ტრადიციებს აგრძელებდნენ თითქოს. მათი ნამუშევრები იმ დროს ამერიკაშიც იფინებოდა. ესენი იყვნენ ის მხატვრები, რომელთაც გამომსახველობის ფორმად ფერწერა აირჩიეს. ჩვენთვის საერთო იყო გერმანული რომანტიზმით გატაცება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გავლენას ახენდა ჩვენზე.
ხელოვნება და თეორია: თეორიტიკოსი ნაკლებად ვარ. წერითაც არ ვწერ, როგორც ასეთი. მაგრამ 1996 წელს თბილისის ბიენალესთან დაკავშირებით, როგორც მისმა კურატორმა და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პატარა ტექსტი გამოვაქვეყნე. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალე, რომელიც ჩემი ავტორობით და მაშინდელი კულტურის მინისტრის მოადგილისა და ბიენალეს კოორდინატორის, ბატონ გოგი გუნიას ხელმძღვანელობით თბილისში ჩატარდა წარმოადგენდა ქართული პროექტს სახელწოდებით _ ,,ჩრდილში”. მასში რეტროსპექტრულად იყო წარმოდგენილი 1960-1990-იან წლებში საბჭოთა სოცრეალიზმის ფონზე მოღვაწე ნონკომფრომისტი ქართველი მხატვრების შემოქმედება. პროექტისთვის შერჩეულ ნიჭიერ და ნაკლებად პოპულარულ ხელოვანებს, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენდნენ თავისი დროის სახეს, აერთიანებდათ მხოლოდ ერთი გარემოება _ საზოგადოებრივ ჩრდილში ყოფნა. თბილისის ბიენალეს დაემთხვა და მისი კონცეპტუალური მხარე მნიშვნელოვნად განსაზღვრა ნიკო ფიროსმანაშვილის 130 წლისთავის იუბილემ. ბიენალეს საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა, თბილისში იყვნენ ჩამოსულები სხვადასხვა თაობის მხატვრები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. თანამედროვეობა ხელოვნებაში: ვთვლი, რომ ჩემი ნამუშევრები ასახავენ თანამედროვეობას. ბოლო ხანს შესრულებულ ტილოებზე, როგორიცაა, მაგალითად, ,,სადგურები”, რომლებიც ბ-ნი გოგის თქმით მონეს ერთგვარი გაგრძელებაა, რეალურად სულ სხვა ამოცანების გადაწყვეტით დავინტერესდი. მონეს ხედვა ფაქტობრივად არ ჩანს ამ ნამუშევრებზე _ წინა პლანზე მოდის მონეს ხედვის ახლებური გააზრება. ჩემი აზრით, სწორედ ამას უნდა ნიშნავდეს თანამედროვეობა. თითქოს ყველაფერი იგივეა, როგორც მონესთან, მაგრამ აქ მაინც სხვა მატარებლებია. მე რაღაც ძველის ელემენტებსა და ახლებურ ხედვას ვუხამებ ერთმანეთს. როდესაც მონეს რკინიგზის სადგურებს მივუბრუნდი, ჩემთვის სიახლედ აღიქმებოდა მონესეული ხედვის გადმოტანა თბილისში, ანუ ამ თემის ახალ კონტექსტში გააზრება. კრიტიკისადმი დამოკიდებულება: სიმართლე გითხრათ, ჩემს შემოქმედებაზე კრიტიკა, როგორც ასეთი, აქამდე არ მომისმენია. უცნაურია, მაგრამ ასეა. საკმაოდ მშვიდად მიმიღია ცალკეული შენიშვნები და რაც ჩემთვის მისაღები იყო, გამითვალისწინებია კიდეც. ხშირად ჰგონიათ, რომ თუ მხატვარი ხარ, ესე იგი, არ მუშაობ, მაგრამ თუ დილიდან საღამომდე სადმე ოფისში კომპიუტერს უზიხარ, ეს ,,საქმეა”. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია იმ ადამიანების როლი, რომელთაც ევალებათ კულტურის შეფასება, ხელოვნების კრტიკული გააზრება და ისტორიულ ჭრილში დანახვა. კრიტიკა, როგორც თეორიული ბაზა, ზოგადად, აუცილებელი და სტიმულის მიმცემი ფენომენია, რომელსაც შეუძლია მოვლენების გარკვეული მიმართულებით განვითარება. ეგო: მწყდება გული საკუთარ ნამუშევრებს როცა ვშორდები, ძალიან არა, მაგრამ მაინც. გამიჭირდება იმის ატანა ვინმე არასათანადოდ რომ მოექცეს ჩემს ტილოებს _ მაშინვე უკან დავიბრუნებ. ასეთი შემთხვევა მქონია კიდეც. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ჩემი ტილოები გამინადგურებია, რაც შემდეგ არასოდეს მინანია. ხშირად მქონია კრიზისული პერიოდებიც, ვფიქრობდი, რომ რასაც ვაკეთებდი ამაო იყო და ჩემი ხელოვნება არც არავის სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი შემოქმედება პირველ რიგში მე მჭირდება და არა სხვას. თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ: მიჭირს რაიმეს თქმა. ხელოვნება დღეს ხომ აღარ გულისხმობს მხოლოდ მხატვრობას, ის უკიდურესად განსხვავებულ გამომსახველობით საშუალებებს აერთიანებს საკუთარ თავში. რაც შეეხება ჩვენთან არსებულ მდგომარეობას, აქ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: თანამედროვეობის განცდა ჯერ სოციალურ გარემოში უნდა იგრძნობოდეს, რომ მერე მოხდეს მისი ხელოვნებაში ასახვა. ათი წლის წინ ბევრად უფრო ახლოს ვიყავით ევროპულ ხელოვნებასთან, ვიდრე ვართ დღეს. ამ შედეგამდე შექმნილმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა სიტუაციამ მიგვიყვანა. ადრე მეტი სიმწვავით გვიჩნდებოდა კითხვები _ დასავლეთთან უფრო ახლოს ვართ თუ აღმოსავლეთთან? ვის უფრო ვჭირდებით? და ა. შ. არტ-ბაზარი __ შემოთავაზება და დაკვეთა არ გექნება თუ საკუთარ თავზე არ მუშაობ. ყოველთვის მზად უნდა იყო. უნდა გქონდეს რაღაც ნამუშევარი. თუ არ არ მუშაობ, არ აზროვნებ, არაფერი არ იქნება. დასავლეთში სახელოვნებო ინსტიტუციები საკმაოდ აწყობილად მუშაობს, ყიდვა-გაყიდვის არცთუ ადვილ საქმეს სამხატვრო გალერეები იღებენ საკუთარ თავზე და ყველაფერს თვითონ აკეთებენ _ კონტაქტების დამყარებიდან დაწყებული ნამუშევრის გაყიდვით დამთავრებული. ამ მხრივ, მეორე პლანზე რჩება მხატვარი, რომელსაც მხოლოდ ხატვა ევალება. საქართველოში არტ-ბაზრის სისტემა ჯერ გაუმართავია, თითზე ჩამოსათვლელი გალერეები არაკონკურენტულ გარემოში მუშაობენ, თბილისში არსებობს საგამოფენო სივრცის პრობლემაც. ჩვენთან მხატვარს, გარდა იმისა, რომ პირველ რიგში მუშაობა და ახალი ნამუშევრების შექმნა ევალება, თვითონ უწევს საკუთარი გამოფენების ორგანიზება, დილერებთან ურთიერთობა და ა. შ. ეს ყველაფერი დიდ დროს, გარკვეულ მოხერხებას და მატერიალურ რესურსს მოითხოვს, რაც ყველას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ ან არ გამოსდის. უახლოესი წარსული: 1990-იანი წლები, მიუხედავად საკმოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, შემოქმედებითად დატვირთული დრო იყო, რითაც საგრძნობლად განსხვავდება დღევანდელობისაგან. 1990-იანი წლები ეს იყო პოსტ-საბჭოთა პერიოდი, როდესაც გამოჩნდა ახალი გზები, როდესაც აქტიურად ვცდილობდით დავკავშირებოდით ევროპას, მოგვეხდინა მასთან ინტეგრაცია. ჩემი თაობის მხატვრები ხშირად დავდიოდით უცხოეთში. გამოფენებს ვაწყობდით გერმანიაში, უნგრეთში, ბუდაპეშტში, პარიზში, მოსკოვში, ლენინგრადში. დასავლური კეთილდღეობა და კომფორტული ყოფა არასოდეს გამხდარა ჩემი ცდუნების წყარო და არც გამჩენია სადმე ცხოვრების სურვილი, თორემ დარჩენა ადვილად შემეძლო. საქმე იმაშია, რომ დასავლეთში ცხოვრებას სჭირდება იქაური სისტემის ადამიანი, იმ ყოფას რომ მოერგო, ამისათვის უნდა შეიცვალო. ჩემთვის თბილისში მუშაობა ბევრად საინტერესოა. ასევე კარგია გამოფენის გაკეთება სხვა სივრცეშიც, მაგრამ სამუშაოდ სხვა ქვეყანაში დარჩენა ჩემთვის ძალიან ძნელია. ლია შველიძე: 1990-იან წლებში იმ იმედით ვიყავით, რომ ახალი ცხოვრება მოდიოდა, მაგრამ გავიდა ოცი წელი და მაინც არ მოვიდა ,,ის ცხოვრება”. დღეს ქვეყანაში ფაქტობრივად დიდმა დეპრესიამ დაისადგურა. მდგომარეობის გამოსწორებაზე კი დღესაც არავინ ფიქრობს. ქვეყნის ბედი გაურკვეველია, როგორ უნდა ვხედავდე ქართულ ხელოვნებას მსოფლიო კონტექსტში, როდესაც ჩემი ქვეყანა ვერ დამინახავს მსოფლიო კონტექსტში?! ასეთ ვითარებაში ბვერჯერ ჩავარდნილა დაწყებული, დაგეგმილი საქმე. სამუშაო პროცესი – მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ხატვით ვარ დაკავებული, დროის დიდ დეფიციტს განვიცდი მაინც. დროის ნაკლებობაა მთავარი პრობლემა, თორემ ჩემს სახელოსნოში იზოლირებულად ვარ. აქ ვინც მოდის იცის როდის შეიძლება მოსვლა. სახლში მუშაობა რთულია ბევრად. ისე, თუ მუშაობა მართლაც გინდა, ხელს ვერავინ შეგიშლის. სხვა გამოცდილება: ერთი პერიოდი კინოში ვმუშაობდი, თუმცა ვთვლი, რომ ეს ყველაფერი დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ჩემთვის. 1986 წელს გავაფორმე კახა მელითაურის და დათო შენგელიძის ფილმი _ ,,ახალი წელი”. ვიმუშავე, ასევე, თამაზ გოცირიძის სატელევიზიო ფილმზეც. ორივე ფილმზე მხატვრად ვიყავი მიწვეული, მაგრამ არც ერთში ჰქონია მხატვრობას წამყვანი როლი. თითქოს ვერ დავიხარჯე ბოლომდე. თუმცა არ ვთვლი, რომ კინოში მუშაობით დრო დავკარგე, პირიქით, გავიცანი ბევრი ადამიანი, რაღაც პრაქტიკა მივიღე, და მაინც, ეს არ იყო ის, რაც მე საბოლოოდ მინდოდა. ამ გადასახედიდან კი სიამოვნებით ვიმუშავებდი დიდი ისტორიული ჟანრის ფილმების გაფორმებაზე, სადაც სავსებით შესაძლებელია მხატვარი ფილმის ერთგვარი თანაავტორი გახდეს. პედაგოგის ამპლუაში: უკვე რამდენიმე წელია მე და ჩემმა მეუღლემ, ლია შველიძემ, სამხატვრო სტუდია გავხსენით. ჩვენს სტუდიაში, გარდა იმისა, რომ ბავშვები მოდიან ხატვის შესასწავლად, ვაწყობთ გამოფენებს, ვმართავთ კინო-ჩვენებებს. ბავშვებთან მუშაობა უკვე გარკვეული შემოქმედებაა, მათთან ურთიერთობა ყოველთვის რაღაც სტიმულის მომცემია. აქ ისინი იგებენ თუ რა არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ხელოვნებაში, სხვა თუ არაფერი მუზეუმში რომ მოხვდებიან, მეტ სიამოვნებას მიიღებენ, სხვებზე მეტად შეზლებენ ცალკეული ნამუშევრების აღქმას. |