დაკარგული დროისა და გმირის ძიებაში |
There are no translations available. ინტერვიუ მხატვარ გურამ გელოვანის ოჯახთან
ნინო ჭინჭარაული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი დაკარგული დროისა და გმირის ძიებაში მხატვარ გურამ გელოვანის (1928-1986) თაობა, რომელიც შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იანი წლებიდან გამოდის და 1960-იანი წლების ეროვნული იდენტობის მაძიებელ კულტურულ ცვლილებებს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან წინამძღვართა დასაძირკვლებით პასუხობს, დღესდღეობით, რამდენიმე მხატვრის სახელითღა შემორჩა საზოგადოებრივ ცნობიერებას. ხელოვანთა ეს თაობა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა სისტემის ფარგლებში, რომლის მხატვრული პრაქტიკაც ოფიციალური, ჯერაც სოცრეალისტური მეთოდით რეგლამენტირებულ გარემოში ფუნქციონირებდა, ამავდროულად, მასში უკვე მოიაზრებოდა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალი.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს, 2000-იანი წლების მეორე ათწლეულში, ცოდნა მხატვარ გურამ გელოვანის პერსონისა და მისი ეპოქისა თუ თანამედროვეთა შესახებ, ან დაკარგულია, ან არასწორი ინტონაციებით გვესმის. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა ფუნდამენტურად საკვლევი თემაა, ერთიორად იზრდება ზეპირი მეხსიერების მნიშვნელობა. ზეპირი ისტორიის ნაწილს წარმოადგენს წინმდებარე ინტერვიუც, რომელიც აწ გარდაცვლილ მხატვარს, ბატონ გურამ გელოვანს, დაეთმობა. გურამ გელოვანი მრავალეროვანი საბჭოთა მხატვრული ისტებლიშმენტის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ავტორია, რომლის ნიჭიერებას აღიარებდა ოფიციოზი, არ აკლებდა მას „ჩინ-მედლებს“, თუმცა, მისივე ნიჭის მიმართ არც ექსპლუატატორულ დამოკიდებულებას მალავდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მხატვრის შემოქმედების რეზონანსულობა არაერთხელ გასცდა პარტიული კონტროლის ეჭვნარევ რეკომენდაციებს – გურამ გელოვანის ფიგურატიული მხატვრობა იყო მოთხოვნადი რკინის ფარდით გამიჯნულ დასავლეთშიც. ცოდნა გურამ გელოვანის შესახებ ჯერ კიდევ აქტიურია მხატვრულ წრეებში, მაგრამ მისი მემკვიდრეობა თითქმის უცნობია ახალგაზრდა თაობებისათვის. აღიარების ზენიტში მოულოდნელად გაუჩინარებული და ნაადრევად გარდაცვლილი მხატვარი თავისი არაერთმნიშვნელოვანი შემოქმედებით, 1950-1960-იანი წლების ახალი დროის ქართული ფერწერის, გარკვეულწილად, სოცრეალისტური მხატვრობის, საგულისხმო მოვლენას წარმოადგენს.
ინტერვიუ მხატვრის ქალიშვილებთან, რესტავრატორ და ხელოვნებათმცოდნე ნანი გელოვანთან და ფერმწერ ეკა გელოვანთან, ასევე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ სამსონ ლეჟავასთან, ჩაწერა და მოამზადა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის მეცნიერ-თანამშრომელმა, ნინო ჭინჭარაულმა. XXX ნ. ჭ.: საიდან იწყება მამათქვენის, გურამ გელოვანის, მხატვრის ისტორია?
ნანი გელოვანი: ამბავი, ალბათ, უნდა დავიწყოთ ლენტეხიდან. როგორც ცნობილია, გელოვანების გვარი წარჩინებულ, თავადურ გვარს წარმოადგენს და მისი გენეალოგია ქვემო სვანეთს, კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. გელოვანთა გვარის ერთ-ერთი შტო მოგვიანებით რაჭაში, სოფ. ძირაგეულში, გადასახლდა. სწორედ რაჭაში დასახლების შემდეგ აბესალომ გელოვანმა, მამას ბაბუამ, იქორწინა ძენობია ჯაფარიძის ქალზე. სხვათა შორის, ჩვენი დიდი ბებია მხატვარ უჩა ჯაფარიძეს ალალ მამიდად ეკუთვნოდა. ოჯახური მატიანეს მიხედვით, აბესალომის ერთ-ერთი ვაჟი, ბაბუას ძმა, მიხეილ გელოვანი, კოჯრის მისადგომებთან 1921 წლის თებერვალში დაიღუპა. თავად ბაბუა, დავით გელოვანი, სწავლობს ბუღალტერიას და თბილისში ფუძნდება. სწორედ თბილისში შეირთო მან ცოლად რუსული ენის პედაგოგი, მარიამ ლეშქაშელი, ულამაზესი, დახვეწილი მანერებით გამორჩეული ქალბატონი. მარიამ ლეშქაშელი წარმოშობით ლეჩხუმელი იყო, სოფელ ორბელიდან. ბებიას და ბაბუას შეეძინათ ქალიშვილი, ციალა გელოვანი და მოგვიანებით, მამაჩემი, გურამ გელოვანი. მამა დაიბადა ქ. ჭიათურაში, 1928 წლის 6 მაისს. იმხანად ბაბუა სამუშაოდ იყო მიწვეული ჭიათურაში, სადაც მას თან ახლდა ოჯახი. მამას მშობლები ჭიათურიდან მალევე დაბრუნდნენ თბილისში, სადაც ბინა დაიდეს ქალაქის უძველეს უბანში, იოანე შავთელის ქუჩაზე, ზედ ანჩისხატის ტაძრის წინ. მიუხედავად იმისა, რომ მამა ქალაქში აღიზარდა, ის გიჟდებოდა რაჭაზე, ბავშვობაში ყოველ წელს სტუმრობდა თავის საგვარეულო სოფელს _ ძირაგეულს. მამაზე დიდი გავლენა იქონია თბილისში გატარებულმა წლებმაც, მისი მეგობრების დიდი ნაწილი თბილისური ეზოს მეზობლები, ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ. სხვათა შორის, მათთან სიახლოვე მამამ სიცოცხლის ბოლომდე გაიყოლა. შავთელის ქუჩაზე დავიბადეთ მე და ეკაც (ეკა გელოვანი – ნ. ჭ.). ეკა ახალი შეძენილი ჰყავდათ, როდესაც მამას კავსაძის ქუჩაზე, მხატვართა სახლში მისცეს ოროთახიანი ბინა. ეს იყო სრულიად განსაკუთრებული სახლი, რომელიც დამუხტული იყო მხატვრული ცხოვრებით და სადაც ეს ყველაფერი იყო ბუნებრივი, ძალდაუტანებელი და ყოველდღიურობის ნაწილი. ვის არ ნახავდით სამეზობლოში: შურა ბანძელაძეს, მიშა ხვიტიას, აპოლონ ქუთათელაძეს, გურამ ქუთათელაძეს, მოქანდაკე დავლიანიძეს, გურამ ჯაშს, ჟორა ჯაშს და სხვებს. ყველანი ერთად ვიყავით, ერთად ვისხედით ხოლმე ეზოში, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს. მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ეს ბინა მივიღეთ, სადაც ამჟამად ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. ამ ბინაში, რომელიც ჩვენთვის მესამე სახლად იქცა, მამამ 12 წელი იცხოვრა. (ილ. 1, 2) ნ. ჭ.: და როდიდან ჩნდება მხატვრობით გატაცება?
ნანი გელოვანი: მამაჩემს, თურმე, მერვე კლასიდან რიცხავდნენ სკოლიდან. როდესაც ბებიაჩემი, მარიამი, ამბის გასაგებად მივიდა _ უთხრეს, არაფერს სწავლობს თქვენი შვილი, სულ ფანქარი უკავია ხელში და ხატავსო. მაშინ ბებიამ მამას მოკიდა ხელი და პიონერთა სასახლეში გრიგოლ მესხის სამხატვრო კლასში მიიყვანა, რომელსაც განსაკუთრებული სითბოთი იგონებდა ხოლმე მამა. ნ. ჭ.: ისევე, როგორც, თითქმის ყველა ის მხატვარი, ვინც თავის დროზე შეგირდობდა გრიგოლ მესხთან. ნანი გელოვანი: კი, ემადლიერებოდა ძალიან. მეცხრე და მეათე კლასები მამას სკოლაში აღარც უვლია - პირდაპირ გრიგოლ მესხთან მეცადინეობდა ხატვაში. ჯგუფში ყველაზე პატარა და ჩერჩეტი ვიყავიო, ხშირად იგონებდა ხოლმე მამა (იცინის). პიონერთა სასახლიდან მამა გადადის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, მაშინდელ სამხატვრო ტექნიკუმში, სადაც, იმხანად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახით თავს იყრიდნენ საუკეთესო ხელოვანები, 50-იანელთა თაობის სახელით რომ ვიცნობთ დღეს. ესენი იყვნენ მხატვრობით გახელებული ახალგაზრდები! არცაა გასაკვირი, რომ მათ ნამდვილი ტრიუმფით განაგრძეს სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ნ. ჭ.: ამ თაობის პროფესიონალიზმი, ნიჭიერებასთან ერთად, მაღალი კლასის პედაგოგიურმა სკოლამაც უზრუნველყო. ყოფილ პიონერთა სასახლეში, გრიგოლ მესხის შემდეგ, თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში ბატონ გურამს ასწავლიდა დავით ურუშაძე, განათლებული პიროვნება და გამორჩეული პედაგოგი, ხოლო სამხატვრო აკადემიაში მას პედაგოგობას უწევდნენ კორნელი სანაძე, მოსე თოიძე და უჩა ჯაფარიძე – ქართული რეალისტური სკოლის ქრესტომათიული ფიგურები. გასათვალისწინებელია ისტორიული დრო _ მეტად არასახარბიელო მხატვრული აზროვნების ფუნქციონირებისათვის. როგორც ცნობილია, ომის შემდგომი საბჭოთა კულტურა სტალინის კულტის ეიფორიამ უმკაცრეს წნეხში გაატარა. იმ წლების ცნობილმა იდეოლოგიურმა დადგენილებებმა არანაკლები ზარალი მიაყენა კულტურას, როდესაც დაუნდობელი დოგმატიზმით ებრძოდნენ ე. წ. კოსმოპოლიტურ ხელოვნებას, ფორმალიზმს და მსგავს ბურჟუაზიულ „გადმონაშთებს“. პარტიული ნომენკლატურა მიზანმიმართულად განაქიქებდა ქართულ ხელოვნებასაც, როგორც რევოლუციურად ვერშემდგარს, რომელსაც არ ჰქონდა ჭეშმარიტი კომუნისტური იდეების გახსნის უნარი. ამ ყველაფერს თან ერთვოდა უკიდურესი ცენზურით ტენდენციურად შეზღუდული საგამოფენო ექსპოზიციები, რომლებიც მაშინდელი რეცენზიების თანახმად, ვერ სცდებოდა „ეტიუდურობას“, განიცდიდა პეიზაჟისა და პორტრეტის „საეჭვო“ მოძალებას და სხვ. ეს იყო პერიფერიული სოციალისტური რესპუბლიკისთვის ნიშნეული მხატვრული ფონი, რომელშიც იჩარხებოდა გურამ გელოვანის თაობა. მიუხედავად სიძნელეებისა, ამ ახალგაზრდებმა შეძლეს გაჰყოლოდნენ რომანტიკულ იდეალებს და დამკვიდრებულიყვნენ განახლების შეუქცევადი ჟინით... (ილ. 3, 4) ნანი გელოვანი: უდაოდ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა იყო ორმოცდაათიანელთა თაობა, ნამდვილი გუნდი, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოტასღა ახსოვს. ალდე კაკაბაძისგან არაერთხელ მსმენია, რომ როდესაც მამაჩემის თაობა, ე.წ. ტექნიკუმელები (იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებულები – ნ. ჭ.) მივიდნენ აკადემიაში, მათ თავიანთი ოსტატობით, საქმისადმი ფანატიკური დამოკიდებულებით და შემართებით ნამდვილი ფურორი მოუხდენიათ. როდესაც ხატავდნენ, დანარჩენები, უბრალოდ იდგნენ და უყურებდნენ. მაგალითად, კოკი მახარაძე, თურმე, ორივე ხელით ერთნაირად ძლიერად მუშაობდა. მეც ხომ მახსოვს, მამა რომ 24 საათი, შეუჩერებლივ მუშაობდა. ეკამ (ეკა გელოვანი – ნ. ჭ.) მომაგონა, როდესაც ვთხოვდებოდი, მამას უთქვამს, რა დროს შენი გათხოვებაა, პორტრეტი მაქვს დასამთავრებელიო (იცინის).
ნ. ჭ.: უნდა ითქვას, რომ სწორედ შეგირდობის ხანიდან იკვეთება გურამ გელოვანის მხატვრული ნიშა, როგორც ფერმწერ-პორტრეტისტისა. ყველა მისი საკურსო და, მათ შორის, სადიპლომო ნამუშევარიც, გამონაკლისის გარეშე _ პორტრეტებია. ნანი გელოვანი: სადიპლომო ნამუშევარზე გამახსენდა _ ამ ტილოზე, ვისაც ახსოვს, თბილისის ზღვაზე მეათე კლასელი გოგონების გასვლაა ნაჩვენები. ცენტრალური პერსონაჟის სახე კი ლალი ბადურაშვილის პორტრეტის მიხედვით არის შესრულებული. ქალბატონი ლალი იმ დროს დედაჩემის მეზობლად ცხოვრობდა და ისინი მეგობრობდნენ. ნ. ჭ.: არც იქნება გადამეტებული, თუკი ვიტყვით, რომ მხატვარს პირველი აღიარება ამ ნამუშევარმა _ მასზე გამოსახული ლამაზი, წიგნიერი და ჯანსაღი ქართველი გოგონების იდეალიზებულმა ხატმა მოუტანა. ეს ტილო 1954 წლის სადიპლომო ნამუშევრების საკავშირო გამოფენაზე, ქართულ ექსპოზიციაში იყო ჩართული. სამსონ ლეჟავა: როდესაც ბატონი გურამის პორტრეტებს ვუყურებ, მიუხედავად თავდაჭერილობისა, მათში დიდი შინაგანი მნიშვნელოვანება იგრძნობა, აშკარაა, რომ ესენი არაა ორდინარული პორტრეტები. ნ. ჭ.: ბ-ნო სამსონ, თქვენი პირადი და პროფესიული გამოცდილება მჭიდროდ გაკავშირებთ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული კულტურის წიაღსვლებთან, თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ გარემოში, რომელსაც თქვენი ოჯახის, კონკრეტულად კი მამის, ზურაბ ლეჟავას, დამსახურებული მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის ყოველდღიურობა ქმნიდა. პირველად როდის გაიგეთ მხატვარ გურამ გელოვანის შესახებ? სამსონ ლეჟავა: ბატონი გურამის სახელი მამისგან გავიგე, მასზე ხშირად ამბობდა, ძალიან ემოციური ადამიანიაო. 1960-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბატონი გურამის ტილო „ოჯახი დუშეთიდან“. (ილ. 5) მახსოვს, მამას ვკითხე, მომწონს ეს ნამუშევარი და რა ხარისხისაა-მეთქი, ქართული მხატვრობის ოქროს ფონდში შევაო _ მიპასუხა. მოგვიანებით, როდესაც ხელოვნებისადმი პროფესიული ინტერესი გამიჩნდა, ბატონი გურამის ტილოებს კიდევ სხვა კუთხით შევხედე. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ე. წ. „ორმოცდაათიანელთა“ შემოქმედებას ეძღვნებოდა. ბევრს ვწერდი მაშინ და მასალაც ბევრი მქონდა მოძიებული, მათ შორის, გურამ გელოვანის შესახებაც, რადგან მას, საკავშირო პრესამ, ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია.
ნ. ჭ: ბატონო სამსონ, როგორ გაიხსენებთ იმ წინაპირობებს, რომლებიც საფუძვლად დაედო 1950-იანი წლებიდან ქართულ კულტურაში დაწყებულ დიდი განახლების პროცესს? სამსონ ლეჟავა: ამ დროს, რომელთან დაკავშირებითაც გაჩნდა ტერმინი პოსტ-სტალინური ლიბერალიზაცია, ხდება ეროვნული შემოქმედებითი ენერგეტიკის იმხანად პირველი ენერგიული ამოფრქვევა, რომელიც დასრულებულ სახეს 1960-იან წლებში იძენს, თუმცა, მისი მახასიათებლები უკვე გამოიყოფა 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან. ქართულ ხელოვნებაში მაშინ ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა. მხატვრების გარემოცვაში თანდათან ჟონავს ის ინფორმაცია, რაც მანამდე, ბოლო ოცი წელი, სრულიად ხელმიუწვდომელი იყო. მაგალითად, 1957 წელს გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ინსტიტუტმა გამოსცა დავით კაკაბაძის შემოქმედებაზე გაიანე ალიბეგაშვილის ძალიან საინტერესო ანალიტიკური წიგნი, სადაც მისი აბსტრაქციების ნაწილი იყო გამოქვეყნებული. თანამედროვე მხატვრულ პროცესებზე, თავის დროზე, ასევე, დიდი გავლენა მოახდინა ლ. ვენტურის ცნობილმა ნაშრომებმა იმპრესიონიზმის შესახებ, რომლებიც სწორედ 1950-იანი წლებიდან გამოიცემოდა. 1960-იანი წლებიდან კი აქტიურად დაიწყო შემოსვლა პოლონურმა ჟურნალებმა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო _ ბევრი მინახავს ალექსანდრე ბანძელაძესთან. შემდეგ იყო ჟურნალი „ამერიკა“, რომელზე ხელიც უფრო კომუნისტურ ელიტას მიუწვდებოდა, მაგრამ როგორღაც, მხატვრების ხელშიც ხვდებოდა ხოლმე. ამ ინფორმაციული შრეების გაფართოებას ხელს უწყობდა მოსკოვიდან ჩამოტანილი მხატვრული ალბომები, რომელთაც თბილისში იშვიათად თუ იშოვიდით... ნანი გელოვანი: საუბარში ჩაგერთვებით, ეს მართლაც ასე იყო: მაგალითად, მამა წელიწადში რამდენჯერმე ჩადიოდა მოსკოვში და იქიდან არაერთი ახალი გამოცემა და წიგნი ჩამოჰქონდა. მამაჩემს ახალი ალბომებით ამარაგებდა, ზოგჯერ კი უცვლიდა ხოლმე ავთო ვარაზი, რომელსაც ძალიან აფასებდა მამა. ნ. ჭ.: გურამ გელოვანს მოუწია იმ დროს მოღვაწეობა, როდესაც შემოქმედებითი ნება ვალდებული იყო ანგარიში გაეწია იდეოლოგიური რეგულაციებისათვის, რომლებისთვისაც, მაგალითად, მიუღებელი იყო 1950-იანი წლების მეორე ნახევარში ქართულ ფერწერის ცნობილი გატაცება ფრანგული იმპრესიონიზმით. ამ მოვლენას უარყოფითად შეხვდნენ როგორც ადგილობრივ, ისე, საკავშირო პრესაში, თუმცა, იყო საღი აზროვნების მაგალითებიც, როდესაც გაგებით ეკიდებოდნენ აღნიშნულ ძიებებს. მათ შორის იყო ბატონი გურამიც, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი ამ ტენდენციებს და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ცვლილებებისა და ექსპერიმენტების გარეშე ხელოვნება ვერ განვითარდება, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია და გაუმართლებელია მასში უხეში ჩარევა. ბ-ნო სამსონ, გურამ გელოვანის ამ გამოსვლას თქვენც ეხებით თქვენს ერთ-ერთ ძალიან საგულისხმო წერილში. როგორ ფიქრობთ, მსგავსი ტიპის გამოსვლებს გარკვეული აზრის ფორმირებისთვის, რამდენად ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა? სამსონ ლეჟავა: მენიშნა ქალბატონ რენე შმერლინგის გამოთქმა _ 1950-იანი წლების მიწურულია და ერთ-ერთ გამოფენაზე მან აღნიშნა, რომ დასრულდა რუხი, „ლობიოსფერი“ უსახური ფერი ქართულ მხატვრობაში და, როგორც იქნა, გამოჩნდა ნამდვილი ფერის ჟღერადობა და სიხალასეო. ქალბატონი რენე შმერლინგი თვითონაც ბრწყინვალე მხატვარი იყო, მერე კი, ამ გამორჩეული ნიჭის მქონე პიროვნებამ მიჰყო ხელი მეცნიერულ მოღვაწეობას, ამიტომაც, მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გურამ გელოვანის თაობის მხატვართა ერთ-ერთი „კომპრომატი“ იყო აქტიური ჟღერადობა, ფერადოვანი ინტენსივობა, ნახატის სტრუქტურის გამრავალფეროვნება და, ზოგადად, მთელი სახვითი არსენალის ტევადობის გაზრდა. ასეთი იყო, მაგ., ალექსანდრე ბანძელაძის სიახლეები, როდესაც იგი, 1950-იანი წლების მიწურულს, პოპულარული „არსენას ლექსის“ პირველ ვარიანტს ქმნის. მალევე ჩნდება რევაზ თარხან-მოურავის ძიებები და სხვ. ქართული მხატვრობის სიახლეებს, ასევე, დიდი თავგამოდებით უჭერდა მხარს კირილე ზდანევიჩი, ქართველი ავანგარდისტი ხელოვანი და ფიროსმანის ერთ-ერთი პირველწარმომჩენი, რომელიც პროფესიულ წრეებში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა და მისი მხარდაჭერა, ასევე, დიდ შინაგან სტიმულს აძლევდა ახალგაზრდა ხელოვანთ მათ ძიებებში. სხვათა შორის, ამ მხრივ, ბატონი ვახტანგ ბერიძეც გამოირჩეოდა, როგორც პრესაში გამოქვეყნებული წერილების, ისე, ზეპირსიტყვიერი გამოსვლების სახითაც. ბატონი გურამის თაობა ერთსულოვანი იყო ბევრ წამოწყებაში, ახლა ხშირად რომაა გათითოკაცებული მდგომარეობა, ასე როდი იყო. ძალზე ნიჭიერი ხალხი დღესაც არსებობს, მაგრამ მთლიანობის ის განცდა, რაც კვლავ აღორძინდა 1980-იან წლებში, დღეს თითქოს გაქრა. 1950-იანი წლების მიწურულს მერი კარბელაშვილი ერთ-ერთ თავის წერილში წერდა, რომ თანამედროვე ქართული მხატვრობის მიმდინარე საიუბილეო გამოფენას 10 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა! ეს თაობა ცდილობდა აქტიურ სოციალურ ძალად ექცია მხატვრობა, ამ ხელოვანებს არ აკმაყოფილებდათ მხოლოდ მხატვრობის სივრცე _ ის, როგორც კულტურული ფენომენი, უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომიც. იმ დროს არაჰუმანიტარებიც, მაგ., ექიმები თუ სპორტსმენები და სხვანი, არანაკლებ ყურადღებას იჩენდნენ ხელოვნების მიმართ; საერთოდაც, იყო მცდელობა, რომ მხატვრობას თავისი როლი ეთამაშა საზოგადოების შინაგან გამდიდრებაში. ამას სულ მუდამ ვგრძობდი. ჩვენს ოჯახში მოდიოდნენ მხატვრებიც და სხვადასხვა პროფესული წრის წარმომადგენლებიც - იქმნებოდა ერთსულოვანი აღმაფრენის მსგავსი განწყობა. ნ. ჭ.: ანუ, ეს იყო შეგრძნება, რომ ყველანი ერთ ქართულ საქმეს ემსახურებოდნენ?… სამსონ ლეჟავა: ნამდვილად! მახსოვს, როდესაც 1967 წელს კოკი მახარაძემ დახატა „მიწა ქართული“, რა აღიარებაც მოჰყვა მას მთელ საკავშირო პრესაში. თუკი დღეს ამ ნამუშევართან დაკავშირებით ზოგი რამ კრიტიკულადაც შეიძლება განვიხილოთ, მაშინ ეს დიდი ამბავი იყო ყველასათვის, ყველას უხაროდა ეს მნიშვნელოვანი მიღწევა, მათ შორის მამასაც, რომელიც გულწრფელად იყო აღფრთოვანებული. ესეც ერთსულოვნების კიდევ ერთი გამოხატულებაა. * * *
ნ. ჭ.: შეიძლება ითქვას, რომ მხატვართან სამი საეტაპო ნამუშევარი ჩნდება, რომელთა მნიშვნელობაც გასცდა მხატვრის სახელოსნოს და თანმიმდევრულად ილუსტრირებდა იმ დროის საბჭოთა ფერწერის მიღწევებს. სამივე ნამუშევარი 1950-60-იან წლებშია შექმნილი. მათ შორის ყველაზე ადრეულია „ახალგაზრდობა“ _ დეკორატიული პანო, რომელიც გურამ გელოვანმა 28-29 წლის ასაკში შეასრულა. თუა ცნობილი მისი შექმნის ისტორია? (ილ. 6) ნანი გელოვანი: ამჟამად ეს ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. პირადად ჩემთვის არ არის ცნობილი მისი წინა ისტორია, რადგან მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი, მამა კი ყოველთვის ძუნწად საუბრობდა საკუთარ ნამუშევრებზე. თუმცა, ამ პანოს წარმატება ცხადი იყო ჩვენთვისაც. მახსოვს, რომ ხშირად ქვეყნდებოდა მისი რეპროდუქციები. სამსონ ლეჟავა: ბატონი გურამის ამ პანოზე საუბარი მალევე დაიწყეს. 1950-იანი წლების მიწურულს გამოიცა ზინოვი ფოგელის პატარა წიგნაკი, რომელშიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად სწორედ გურამ გელოვანის „ახალგაზრდობა“ იყო წარმოჩენილი. მეტყველი სილუეტებით მკაფიოდ სტრუქტურირებული ნახატითა და შინაგანი დინამიზმით თვალშისაცემ ამ ტილოზე, უკვე ჩანს იმ დროისათვის მხატვრის თანამედროვე აზროვნება, რაც, ამავდროულად, მჭიდრო კავშირში იყო ქართული მხატვრობის განახლების პროცესებთან. რამდენადაც ვიცი, ამერიკელებს, კერძო კოლექციონერებს, ძალიან უნდოდათ ამ ნამუშევრის შეძენა, მაგრამ იმ დროს უკვე მუზეუმს ეკუთვნოდა და ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველა, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა ამ ნამუშევრთან, გრძნობდა, რომ ეს იყო საგულისხმო ქმნილება.
ნ. ჭ.: გურამ გელოვანის მეორე საეტაპო ნამუშევარი ჩნდება 1961 წელს და ესაა _ „ვ. ი. ლენინი რაზლივში“, (ილ. 7) რომელიც დღეს შალვა ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ეს უზარმაზარი ტილო, ალბათ, ყველაზე ნომინირებულია ქართულ ფერწერულ „ლენინიანაში“ _ ის სსრკ სამხატვრო აკადემიისა და სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედლებით არის დაჯილდოვებული და 1963 წელს, პარიზის ბიენალეზე წარადგენდა მხატვარს და მასთან ერთად საბჭოთა პავილიონსაც. როგორც ირკვევა, ბატონი გურამი, არაერთი წელი მუშაობდა ამ თემაზე, შექმნილი აქვს რამდენიმე ნამუშევარიც, მათ შორის, უნდა აღვნიშნოთ ლენინის დაბადების 100 წლის საიუბილეოდ, რესპუბლიკურ გამოფენაზე გამოტანილი „ვ.ი. ლენინი“, რომელიც მალევე შეიძინა ტრეტიაკოვის გალერეამ, სადაც ის ინახება დღემდე. როგორ გაიხსენებდით მხატვრის ამ გამოცდილებას?
ნანი გელოვანი: პირველი დიდი წარმატების შემდეგ, როდესაც 1960 წელს ის ხატავს „ვ. ი. ლენინს რაზლივში“, მამამ არაერთი შეკევეთა მიიღო სრულიად საკავშირო მასშტაბით. ამ დაკვეთებიდან მან რამდენიმეზე იმუშავა, თუმცა, მათი ადგილმდებარეობა ჩვენთვის უცნობია. ტრეტიაკოვის გალერეაში დაცული ნამუშევარი, რომელშიც აშკარაა თემის კონცეპტუალური გააზრება, მამაჩემის უკანასკნელი „ლენინი“ იყო. ამ ტილოს შემდეგ მან კიდევ მიიღო საკმაოდ დიდი შეკვეთა მოსკოვიდან, მაგრამ მამა, ეტყობა, ძალიან დიდი ხანი იყო ზღვარზე, ჰქონდა საშინელი პროტესტი ამ თავსმოხვეული მხატვრული ვალდებულების მიმართ და ეს შეკვეთა მისთვის კულმინაცია აღმოჩნდა - იმდენად გაღიზიანდა, რომ ძალიან სოლიდური ჰონონარი მკვახე პასუხით უკან გადაუგზავნა დამკვეთებს. გამოდიოდა, რომ მთელი მისი აქტიური შემოქმედებითი წლები უნდა წაეღო ლენინის ხატვას. მამას არაერთხელ უთქვამს, რომ ბევრი რამ მის ცხოვრებაში შეცვალა იმან, რომ ოჯახი ჰყავდა სარჩენი. მამა ახალგაზრდა იყო, ოჯახის პატრონი, დიდი საჭიროებებით და მსგავსი, მაღალანაზღაურებადი დაკვეთები ამ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ნამდვილად იყო გამოწვევა. ცხოვრებისეულ პრობლემებთან ჭიდილში ის სრულიად მარტო იყო. 27-28 წლის იყო როდესაც „თბილისის ზღვაზე“, ანდა „ინდუსტრიის დილას“ ხატავდა, ამ სრულიად თავისებურ ნამუშევრებს, მაგრამ მერე, როდესაც მას მოუნდა ისეთი სურათის დახატვა, როგორიც „ოქროსფერი შემოდგომა“, ან „ნოემბრის დილა“ იყო, ამის საშუალება მას ცხოვრებამ უკვე აღარ მისცა. თანაც, იმ დროს ნიჭიერი მხატვრების „ჩაჭერა“ იცოდნენ. მამაჩემიც „ჩაჭერილი“ ჰყავდათ. შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემს „მოარგეს“ ლენინის მხატვრის როლი, რომლისგანაც თავის დაღწევა მას საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ტრეტიაკოვის გალერეის მიერ 1970 წლის „ვ. ი. ლენინის“ შესყიდვა, მამაჩემისთვის დიდი აღიარებისა და წარმატების ტოლფასი იყო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს საბჭოთა დროებაა და ტრეტიაკოვის გალერეაში, რომელიც საბჭოთა იმპერიის მთავარ გალერეად ითვლებოდა, მოხვედრა, მით უმეტეს, არარუსი ხელოვანისათვის, არ იყო მარტივი. მართალია, ამ ნამუშევრის მიმართ მე გარკვეული პრეტენზიები მაქვს, მაგრამ იმ დროს ეს გამორჩეულ ნამუშევრად ითვლებოდა. (ილ. 8) ნ. ჭ.: გამოდის, რომ გურამ გელოვანის „ლენინებზე“ საბაზრო მოთხოვნილების გაზრდა ერთგვარი ხაფანგი აღმოჩნდა, რომელმაც ჩიხში შეიყვანა თავად მხატვარი?
ნანი გელოვანი: დაახლოებით, რადგან მამას ნაკლებად რჩებოდა დრო იმისათვის, რისი გაკეთების გულწრფელი სურვილიც ამოძრავებდა. სამსონ ლეჟავა: სხვათა შორის, ერთხელ შურა ბანძელაძემაც უსაყვედურა მამაჩემს _ ლენინის კომპრომისულ ხატვაში შენის კეთება გავიწყდებაო. დიდად სამწუხაროდ, დრო იყო ასეთი, მხატვრის საარსებო წყაროსაც უნდოდა მოძიება. ნანი გელოვანი: ეს ნამდვილად გასათვალისწინებელია, რადგან გულსგარე დაკვეთებზე მუშაობა იმაზე მეტ პრობლემას ქმნიდა და იმაზე მეტად ზღუდავდა შემოქმედებით პროცესებს, ვიდრე წარმოსადგენია. როდესაც ოჯახსმოკიდებული ადამიანი საკუთარი თავის გარდა, სხვებზეც პაუსიხმგებელია, ასე მარტივად, მხოლოდ საკუთარი შემოქმედებითი ძიებებისა და ინტერესების დაკმაყოფილება რთულია. მას შემდეგ, რაც მამამ დიდ, სერიოზულ შეკვეთებზე პრინციპული უარი თქვა, დედამ კერძო მოსწავლეების მომზადება დაიწყო, რაც მამაჩემისთვის მორალურის გარდა, დიდ მატერიალურ მხარდაჭერასაც წარმოადგენდა. ეკა გელოვანი: აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მამასთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ ქმნიდა და არა რას ქმნიდა. სწორედ აქ დგება მხატვრული ფორმის პრიორიტეტის საკითხი. ბოლო „ლენინისთვის“ დამახასიათებელი შინაგანი მონუმენტალურობა ფორმის კონცეპტუალური გააზრებიდან მომდინარეობს და არა მხოლოდ მასში ჩადებული რევოლუციური გარღვევის იდეიდან, როგორც ასეთი. ნ. ჭ.: კი, ეს, მართლაც, თვალსაჩინოა გურამ გელოვანთან, ამიტომაცაა, მის მიერ შექმნილი ვ. ი. ლენინი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ „ლენინიანაში“. ერთი მხრივ, ბატონი გურამის ლენინიანა დაკვეთის ნაწილი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, არჩევანს განსაზღვრავდა თვითონ მხატვარიც, რომელიც ამ კონკრეტული ხელოვანის შემთხვევაში, დიდი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი აზარტის გარკვეული დოზითაც სრულდებოდა. გურამ გელოვანი ამ მიმართულებით აშკარად ეძებს სათქმელს და მუშაობს არაერთი წელი. აღსანიშნავია ისიც, რომ 1960-იანი წლებიდან, სტალინის კულტის ჩამოშლისა და ახალ კონტექსტში „ლენინიზმის“ აღორძინების თანმდევად, საბჭოთა მხატვრულ ავანგარდში იწყება ლენინიანის საავტორო ხედვების ჩამოყალიბება, თუმცა, შენარჩუნებულია ძირითადი კანონიკური კალაპოტი და ლენინის ნეშტის მსგავსად, უცვლელია მისი პორტრეტის იკონოგრაფიაც. ბატონო სამსონ, როგორ ფიქრობთ, კონიუნქტურულობის მიღმა, შესაძლებელი იყო თუ არა ლენინის თემაზე გულწრფელი თვითგამოხატვა? სამსონ ლეჟავა: პირველი, რაც მახსენდება, იაკობ ნიკოლაძის ლენინია, რომელიც არა მარტო ქართული ლენინიანის პიონერია, არამედ, პირადად ლენინთან დაკავშირებული უშუალო შთაბეჭდილებების ანარეკლიცაა. მოქანდაკის შვილიშვილისაგან, გურამ ნიკოლაძისგან ვიცი, რომ იაკობ ნიკოლაძე ლენინს ცოტა ხნით შეხვედრია პარიზში და საკმაოდ დიდხანს გაჰყოლია, თურმე, მისი მზერის დემონურობა. იგივეა გრიგოლ რობქიძესთან, როდესაც ის მძაფრად ეხმაურება ლენინის შემზარავ სახეს, მისი პერსონის მიმართ იგრძნობა ერთგვარი ინტერესიც. კონიუნქტურულობის მიუხედავად, არანაკლებ საინტერესო ფიგურა იყო ლენინი მხატვრობისთვისაც. ნიჭიერი მხატვრები მაინც ნაკლებად უმღეროდნენ დითირამბებს ლენინს, აქ ხდებოდა რამდენამდე განზოგადოებული, „ობიექტური“ წვდომით საკითხთან მისვლა _ როდესაც მთავარი ხდება არა თემა, არამედ ის, თუ როგორ და რა ხარისხით ქმნის ხელოვანი ამ თემაზე სურათს. ჟან პოლ სარტრს აქვს ნათქვამი, რომ ხელოვნება მარტო ესთეტიზირებული არ უნდა იყოს, მან უნდა შეგძრას კიდეც შინაგანად. რატომ ვახსენე გრ. რობაქიძე? მან ლენინის ყოვლად უსიმპატიურო სახეში დაინახა, ამავდროულად, დიდი, შესაზარი მასშტაბებიც. მგონი, მსგავსი დამოკიდებულება იგრძნობა ბატონ გურამთანაც. გურამ გელოვანის ლენინი ქმედებაა, ზეკაცის განყენებულ-ფილოსოფიური ხატი, რომელმაც სწორედ მოძრაობაში შეძლო „სამყაროს“ შექმნა. მწამს, რომ მამაჩემთანაც თემისადმი ამგვარი დამოკიდებულება არსებობდა. მაგალითად _ მამა, როცა ლენინს ხატავდა, ოქტომბრის რევოლუციის დროინდელ მუსიკას უსმენდა, რომელშიც იყო რაღაც მძაფრი და მონუმენტური. ამავე დროს, მამა დაინტერესდა რევოლუციის პერიოდის მოღვაწეებით. ახლა რომ ვუყურებ ამ სახეებს, მზარავს, ისეთი ძლიერია მათი იერი, თუ როგორია ეს შავი ენერგეტიკა. რას ემსახურებოდა და რა დანიშნულებაც ჰქონდა, სხვა თემაა, მაგრამ მხატვარი, თუკი ნამდვილი ხელოვანია, ტკბილ და დაშაქრულ რევერანსებს არ აკეთებს. გურამისა და მამაჩემის შემდეგ, ჩამრჩა ჯიბსონ ხუნდაძის „ლენინის შეხვედრა ჯონ რიდთან“, საკმაოდ დინამიკური კომპოზიცია, „ნეო-რენენსანსული ფიგურებით“.…მოკლედ, ლენინები ბევრი იყო (იცინის). ამ ტიპის ხელოვნების შეფასებისას ძალიან ფაქიზი ანალიზია საჭირო და არა ზედაპირული და ისიც, მხოლოდ უარყოფითი კუთხით განხილვა, როგორც ეს ხშირად ხდება. ყოფილი „იმელის“ ფასადზე თამარ აბაკელიამ რომ შექმნა სკულპტურული ფრიზი, იმაში ხომ არის რაღაც ხატოვანება?! თუმცა, „იმელის“ ფასადიდან მოისპო ლენინისა და სტალინის რელიეფები, სრულიად ვანდალურად გაანადგურეს ამავე შენობის ინტერიერში წარმოდგენილი უჩა ჯაფარიძის ორი ფერწერული ტილო და მამაჩემის უზარმაზარი პანო, ისევ, ლენინის თემაზე. ეს კი მაინც შეცდომაა, რადგან იკარგება კულტურული პროდუქტის სრული, მთლიანი სახე, რომელიც შერჩევით გადარჩევას ექვემდებარება. იქმნება ისეთი სურათი, რომ მთელი ეპოქა გავიარეთ, ვიცხოვრეთ და თითქოს, ეს ჩვენ არ შეგვხებია, ეს ხომ სიყალბეა, დაუჯერებელია! ამდენად, საჭიროა ობიექტური, იდეოლოგიუირ განშრევებისაგან თავისუფალი ანალიზი. თავის მხრივ, ძალიან ხშირად იცვლება იდეოლოგიებიც და ობიექტური სურათის მოთხოვნილება ხშირად უკანა პლანზე გადადის. ლენინი გულზე არავის ეხატებოდა, მაგრამ, თუკი ისტორიაზე თვალს დავხუჭავთ, მაშინ გამოდის, რომ სიცრუეში გვინდა ცხოვრება. ახლა, რაღაც ძალიან პრინციპულები გავხდით საბჭოთა მემკვიდრეობის კრიტიკის „ამბავში“, არადა, ეს ასე არ იყო და არც მგონია, პოზიციების ასეთი რადიკალური ცვლა დამაჯერებელი იყოს და ერთბაშად ვერც გავხდებით „ჭეშმარიტების ადეპტები“. არაერთი თაობა დასჭირდება საბჭოურობის ძლევას. ნ. ჭ.: 1960-იან წლებში მხატვარი ქმნის თავის ქრესტომათიულ ტილოს – „ოჯახი დუშეთიდან“, რომელიც, ასევე, არაერთგზის იყო პრემირებული ოფიციოზის მხრიდან. ეს ნამუშევარი შეიქმნა საბჭოთა და, მათ შორის, ქართული ფერწერის „ნაციონალურ-ეპოსური“ თხრობის აღზევების ხანაში, როდესაც საქართველოში იქმნება კოკი მახარაძის „თეთრი ხარი“ და „მიწა ქართული“, კოკა იგნატოვის „სიმღერა საქართველოზე“ და სხვ. რატომ იყო გურამ გელოვანის ეს კონკრეტული ნამუშევარი ასეთი მნიშვნელოვანი? სამსონ ლეჟავა: მინდა გავიხსენო ლ. ზინგერის წიგნი საბჭოთა მხატვრობის შესახებ, რომელშიც ის ამბობდა, რომ ქართული მხატვრობა ყველაზე საინტერესო იყო მთელ მაშინდელ საბჭოეთში, რომ საკავშირო გამოფენებზე გამორჩეულ ყურადღებას იქცევდა სწორედ საქართველოს ექსპოზიცია. საგულისხმოა, რომ ამ ავტორისათვის საყურადღებო იყო გურამ გელოვანის პორტრეტული შემოქმედება და განსაკუთრებით კი, მისი ტილო „ოჯახი დუშეთიდან“. ამ მხატვრული ნაწარმოების შრეები ძალიან ტევადია _ წარდგენითი კომპოზიციური სტრუქტურა უკვე თავისებურ სიმძაფრეს ანიჭებს ტილოს, რომლის ლაკონიზმი შინაგანი მნიშვნელოვნებით არის სავსე. მე ამ გარკვეულ მონუმენტალიზმში ვხედავ მიმართებას ტრადიციასთან, თუნდაც, თბილისური პორტრეტის სკოლასა და მუხრანბატონების ცნობილ ჯგუფურ პორტრეტთან. თითქოს ერთია შინაგანი ღირსების გრძნობა ქართლელი არისტოკრატებისა და დუშელი გლეხების შემთხვევაში. ნ. ჭ.: კიდევ უფრო საინტერესო მეჩვენება ფონი, ძველი ფარდაგითა და ფოტოსურათებით, რომელიც პირდაპირ კავშირში უნდა იყოს 1960-იანი წლების მხატვრულ ტენდენციებთან, როდესაც ხორცშესხმას იწყებს ეროვნული იდენტობის ახალი სახე. სამსონ ლეჟავა: ამ თვალსაზრისით, იცით, რაა საინტერესო? ფოლკლორისადმი ინტერესი არაერთ ქართველ ხელოვანთან გამოვლინდა, იგივე ალექსანდრე ბანძელაძესთან, თენგიზ მირზაშვილთან, ვახტანგ ონიანთან, ნიკოლოზ იგნატოვთან და სხვებთან. თუმცა ეს ინტერესი სრულიად სხვადასხვა კუთხით მჟღავნდება, ზოგში უფრო „თეატრალიზებულ-ზღაპრული“ წარმოდგენაა, ზოგშიც შედარებით უშუალო მიახლებაა ამ ტრადიციულ ფორმებთან. გელოვანის კონკრეტულ ტილოზე ფარდაგი ხომ სემანტიკურად დატვირთული ნაწილია ინტერიერში, რაც ფოტოსურათებთან ერთად, კიდევ უფრო ტევადს ხდის ამ ნაწარმოებს. ეს თაობათა კავშირის „მარკერია“. ეკა გელოვანი: ეს ნამუშევარი ე. წ. „თბილისის ომის“ დროს მხატვართა სახლიდან დღევანდელ სურათების ეროვნულ გალერეაში გადაიტანეს, სადაც დღემდე ინახება, თუმცა, სარესტავრაციოა. სამსონ ლეჟავა: კითხვა გამიჩნდა, თქვენი თანამონაწილეობა როგორი იყო ამ ნამუშევრის შექმნისას? ნანი გელოვანი: საერთოდ, მამა ამბობდა ხოლმე, რა კარგია, გოგოები რომ მყავს, კარგი დასახატები არიანო (იცინის). მისთვის შთაგონების წყარო ვიყავით მე და ეკა და ნამდვილად ხშირად გვხატავდა. (ილ. 9, 10) როდესაც მუშაობდა ტილოზე „ოჯახი დუშეთიდან“, ეს 1962-1963 წლებია, ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით. მამა ამ ნამუშევარს ვაკეში, მხატვართა სახლში, 6 კვ. მეტრის მქონე ლოჯიაში ასრულებდა. მუშაობისას მამა კარს კეტავდა, თუმცა, ჩვენ, ფარდაგადაწეული ფანჯრიდან მაინც ვახერხებდით თვალთვალს. ამ ნამუშევრის წინა ისტორია კი ისაა, რომ ზაფხულობით ხშირად დავდიოდით დუშეთში დასასვენებლად, 5-6 წელი ზედიზედ იქ გავატარეთ. მამა ბევრს მუშაობდა დუშეთში, ფანქარში და ფერში აკეთებდა ადგილობრივთა პორტრეტებს, ხატავდა პეიზაჟებს. ამ ნამუშევარში სწორედ დუშეთში გაკეთებული ჩანახატების კრებითი პორტრეტებია ასახული, მაგრამ გოგონას როლში ეკაა (ეკა გელოვანი – ნ. ჭ.), დედის სახე კი, მეტწილად, ჩვენს ძიძას ეკუთვნოდა. ამ ტილოთი ძალიან კმაყოფილი იყო მამაც. მახსოვს, სანამ უკვე დასრულებულ სურათს საგამოფენო სივრცეში გადაიტანდნენ, ჩვენთან ბევრი მხატვარი მოდიოდა მის სანახავად, განხილვებიც იმართებოდა ხოლმე.
სამსონ ლეჟავა: დუშეთზე გამახსენდა _ ამას წინათ გამოვიდა ქალბატონ მაია მანიას წიგნი დუშეთის არქიტექტურაზე, სადაც კარგადაა ნაჩვენები, რაოდენ მდიდარი კულტურული სივრცე ჰქონდა, თუნდაც, ამ პატარა ქალაქს, საგულისხმო ურბანული განაშენიანებით, ქართლური დარბაზებით. მეც ვთვლი, რომ ბატონი გურამისთვის ეს ადგილი, რომელიც საქართველოს ურბანული ისტორიის ძალიან საინტერესო სივრცეს წარმოადგენს, ინსპირაციის წყარო უნდა გამხდარიყო. ნ. ჭ.: ბატონი გურამი, თავისი ცნობილი პასტორალის შექმნის შემდეგ, მალევე მიიწვიეს პედაგოგად თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ფერწერის ფაკულტეტზე 1966-1969 წლებში მუშაობდა. რატომ აღარ გააგრძელა მან აკადემიაში მოღვაწეობა? ეკა გელოვანი: ალბათ, იმიტომ, რომ მამამ ვერ დათმო თავისი სამყარო, პედანტიზმამდე მისული ყოველდღიურობა, მუშაობის განრიგი და სტილი, საკუთარი ინტროვერტული ბუნება ვერ შეუთავსა აკადემიის ინსტიტუციონალურ გარემოს. რაღაც თვალსაზრისით, მამა ასოციალურიც იყო. თუმცა, ვიცი, რომ სტუდენტები ემადლიერებოდნენ ძალიან. მე თვითონ პედაგოგი ვარ, თან, მხატვარი და კარგად მესმის, რა წინააღმდეგობების წინაშე შეიძლებოდა მამა დამდგარიყო. აკადემიიდან წამოსვლის შემდეგ ბევრს მუშაობდა სახლში, ხშირად უბრუნდებოდა ძველ ნამუშევრებს. საერთოდ, მამამ დიდხანს იცოდა თითოეულ ტილოზე მუშაობა, ბევრს ფიქრობდა, ორჭოფობდა და კიდეც გადაწერდა ხოლმე. მისი ბოლო ავტოპორტრეტიც არაერთხელ გადაწერა, ბოლოს ეს იყო გარდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე _ მანამდე ეს ნამუშევარი იყო ოქროსფერი, მჟღერი ფერებით სავსე, ბევრად უკეთესიც კი. გადაწერის ტენდენციამ უფრო უკანასკნელ წლებში იმატა. გადაწერით შეიცვალა ნანის (ნანი გელოვანი – ნ. ჭ.) ერთ-ერთი ბოლო პორტრეტიც, რომელიც მახსოვს, ძალიან გააკრიტიკა ცნობილმა სომეხმა ხელოვნების ისტორიკოსმა ეგიტიანმა. ეგიტიანი, რომელიც ხშირად მისულა მამასთან სახელოსნოში, დიდ პატივს სცემდა მის შემოქმედებას, ამიტომაც ითხოვდა მისგან ბევრს. სამსონ ლეჟავა: ეგიტიანს, სხვათა შორის, დიდი წვლილი მიუძღვის იმ დროის სომხური მხატვრობის განვითარებაში, ბევრი რამ გააკეთა ამ მხრივ. მისი ბატონი გურამისადმი დამოკიდებულება ჩემთვისაც ცნობილი იყო, ხშირად საყვედურობდა, შენში იმხელა შესაძლებლობებია, რომ მეტის გაკეთება გევალება და გეკუთვნისო. აქვე კითხვა გამიჩნდა, „სიმონ ჩიქოვანის პორტრეტი“ როგორ შეიქმნა? თვითონ ბატონი სიმონი მხატვრობის მცოდნე და დიდი მოყვარული იყო. არაჩვეულებრივი პორტრეტია! ეკა გელოვანი: ოჯახმა დაუკვეთა. როგორც მახსოვს, სიმონიც და მამაც შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ტილოც გადაწერილი აქვს მამას. სურათის პირველი ვარიანტი ხელის ერთი მოსმით იყო შესრულებული, ძალიან ეფექტურად. სამწუხაროდ, გადაწერის შემდეგ მონასმის სპონტანურობა დაიკარგა. ნ. ჭ.: როგორც მოგეხსენებათ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობისას, ე. წ. „დათბობის პერიოდიდან“, მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებებით, სპეციალური ნებართვებითა და საგანგებო მეთვალყურეობის ქვეშ, საბჭოთა საზღვრები ნაწილობრივ გაიხსნა. 1950-იანი წლების დასასრულიდან საზღვრებს გარეთ ნელ-ნელა იწყებენ გასვლას ქართველი ხელოვანებიც, თუმცა, მსურველთა რაოდენობა უკიდურესად შეზღუდული იყო, რადგან საკავშირო დელეგაციებში „მოძმე რესპუბლიკებს“ საკმაოდ მცირე კვოტა ჰქონდათ დაწესებული. ამის მიუხედავად, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანი მოხვდა საზღვარგარეთ. ბატონო სამსონ, რას შეიძლება შეედაროს მათი გასვლები? სამსონ ლეჟავა: ამ პროფესიულ მივლინებებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა მანამდე. მაშინ ჩვენი მხატვრები, როდესაც საზღვარგარეთ გადიოდნენ, თავისი შემოქმედებით არამარტო გარემოს გამოსახვას ცდილობდნენ, არამედ სურდათ „დამხვდური“, მასპინძელი კულტურის თანაზიარნიც ყოფილიყვნენ. ერთხელ, მამაჩემი პოლონეთში ყოფნისას, ერთ-ერთ გალერეაში აბსტრაქციონისტულ ქანდაკებას გაადაწყდა და ის იქვე ჩახატა. მოგვიანებით მამამ, ამ გასვლის შესახებ წერილიც კი დაწერა, სადაც ის ჩანახატებიც მოხვდა. ეს ყველაფერი რამდენადმე მაინც სულხან-საბას მოგზაურობას ჰგავდა, მასავით „მისიონერობდნენ“ ჩვენი მხატვრები უცნობ ევროპაში და არა მარტო. სამწუხაროდ, ეს „ფანჯარა“ საკმარისი არ იყო მათი მოთხოვნილებებისათვის, მე დარწმუნებული ვარ, მათ რომ მეტი შეხება ჰქონოდათ გარემომცველ სამყაროსთან, იგივე დასავლეთთან, მათი უზარმაზარი ნიჭის საფუძველზე კიდევ უფრო ძლიერები წარმოჩნდებოდნენ. მაგრამ, ჩაკეტილი სივრცის ფონზე მაინც ძალიან შთამბეჭდავად გამოვლინდა მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები და ეს კარგად ჩანდა ბევრ მხატვართან. ნ. ჭ.: ბატონი გურამი, რომელსაც პარტიული ნომენკლატურა ოფიციალური ხელოვნების ავანგარდში აყენებდა, რატომღაც, მხოლოდ ერთადერთხელ ჩაერთო საპატიო მივლინებების მარაქაში, როდესაც 1963 წელს პარიზის ბიენალეზე დასასწრებად ერთი თვით გაემგზავრა. როგორ იხსენებდა ბატონი გურამი ევროპულ დათვალიერებას, რა რანგის მოვლენად იქცა ის მის ცხოვრებაში? ნანი გელოვანი: 1963 წლიდან მამაჩემისათვის ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო _ ცხოვრება ბიენალემდე და მას შემდეგ. გამოფენაზე მამას ნამუშევრებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ორი წლის შემდეგ, მშობლების სახელზე, ამავე ბიენალედან ახალი მოწვევა მოვიდა. არ სჯეროდათ მშობლებს. მახსოვს, მაშინვე ჩაალაგეს ჩემოდნები და ამბის დასაზუსტებლად იმავე ღამეს მოსკოვში გაფრინდნენ. აღმოჩნდა, რომ მამას პოსტ-ფაქტუმ გადასცეს ეს მოწვევა და მის ნაცვლად სხვა გაუშვეს ბიენალეზე! წარმოიდგინეთ, რამხელა მორალური დარტყმა უნდა ყოფილიყო ეს მამასათვის! მე ვერ გეტყვით, თუ ვის ან რა მიზნებს ემსახურებოდა ეს გათვლა, ან თუ ემსახურებოდა საერთოდ, მაგრამ მამაჩემის ბიოგრაფიაში ნამდვილად დიდი გულისტკივილი დატოვა. სამსონ ლეჟავა: სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა, რომელსაც ბევრი ნიჭიერი ადამიანის შესაძლებლობები ემსხვერპლა, რაც, ერთი მხრივ, შოვინისტური რუსული პოლიტიკის შედეგი იყო. მეორე მხრივ, ეს იყო სისტემური ხარვეზი: გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაცია უამრავი პატარა და შეზღუდული ადამიანით იყო დაკომპლექტებული და მათზე იყო მორგებული, ასეთ გარემოში კი, ნიჭით აღმატებულ ადამიანებს არ მისცემდნენ გასაქანს. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ, თუნდაც, მიხეილ მესხს, რომელიც მსოფლიო რანგის ფეხბურთელი იყო, მსოფლიო ნაკრებში თამაშის უფლება, მიწვევის მიუხედავად, არ მისცეს. ფეხბურთის თემა რომ გავაგრძელო, აქვე ვიტყოდი, რომ დისკრიმინირებული იყო უნიჭიერესი რუსი ფეხბურთელი - ედუარდ სტრელცოვიც. ამდენად, შერჩევითი პოლიტიკა მხოლოდ რუსული შოვინიზმის ბრალი არ იყო. უბრალოდ, იმ დროს ნამდვილი შემოქმედება, ნიჭის გაქანება დოზირებული სახით იყო დაშვებული ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი. ნანი გელოვანი: ეს ნამდვილად დასანანი იყო მამაჩემის შემთხვევაში, რადგან პარიზში თავისუფლების სულ სხვა ხარისხთან ჰქონდა მას შეხება და იქიდან დაბრუნებული გურამი უკვე სულ სხვა ადამიანი იყო; უნდა ითქვას, რომ შემდეგ პერიოდში ნამუშევრებიც სხვაგვარად იხატება. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ გურამივით ნიჭიერ მხატვარს თავისუფალ შემოქმედებით სივრცეში რომ ეცხოვრა, რამდენ რამეს შეძლებდა. არ ვიცი, რა მოსატანია, მაგრამ მერაბ ბერძენიშვილსა და მამაჩემს, რომლებიც ერთად იყვნენ პარიზში, ჰქონდათ ასეთი საუბარი: მამას უთქვამს, რატომ ბრუნდები საქართველოში, შენ ხომ იქ არავინ გყავს ისეთი, ვის წინაშეც, ჩემგან განსხვავებით, ვალდებულებები გაკავებსო. ვერ გავამტყუნებ, ესენი იყვნენ ჭარბად ნიჭიერი ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც საბჭოეთის ჩაკეტილი და შეზღუდული შესაძლებლობების სივრციდან უეცრად აღმოჩნდნენ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ მექაში, და მერე ისევ აქ დაბრუნებას და არსებულ წნეხში ყოფნას რომ გაურბოდნენ შინაგანად, ეს რა გასაკვირია. ამიტომაც იყო ლენინზე მუშაობა ძნელი მამაჩემისთვის. ნ. ჭ.: როგორ გაიხსენებთ ბატონი გურამის პარიზიდან გამოყოლილ შთაბეჭდილებებს, რის ნახვას დაეშურა საფრანგეთში? ნანი გელოვანი: ვიცით, რომ მამას პარიზში ქუჩებში სიარული უყვარდა, რადგან მუზეუმებსა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობაზე მეტად, ქუჩებზე და ამ ქუჩებში გადამხდარ ისტორიებს გვიყვებოდა. ხშირად იგონებდა სიმონა სინიორესთან შეხვედრას, ერთ-ერთი შენობიდან რომ გამოსულა თვალისმომჭრელად ლამაზი, ოქროსფერი თმითა და ძვირფასი ქურქით. მამის მონაყოლიდან დამამახსოვრდა ერთი შემთხვევა: ერთხელ, მონპარნასზე, რომელიღაც მხატვარი გოგონას ხატავდა, წვალობდა და ვერ გამოსდიოდა, თურმე, მისი პორტრეტი, არადა, გოგონა ისეთი ლამაზი იყო... ის კი ვერა და ვერ ხატავდა. ამოუღია მამას ფურცელი და ჩაუხატავს ის ქალბატონი; როდესაც ნამუშევარი აჩუქა, აღფრთოვანებულმა გოგონამ, ფული რომ ვერ ააღებინა მამას, ხელზე აკოცა მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად. და აი, ამ ეპიზოდს სიამოვნებით იხსენებდა მამა (იცინის)! დედას საჩუქრად, ცხადია, სუნამო ჩამოუტანა (იცინის)! უფრო ზუსტად, სუნამოების კომპლექტი; ახლაც თვალწინ მიდგას... რა თქმა უნდა, ჩამოიტანა საუკეთესო პოლიგრაფიის მხატვრული ალბომები, ფერადი რეპროდუქციებით. მაშინ ხომ ფერადი რეპროდუქციები დიდი იშვიათობა იყო. იმ ალბომებიდან ზოგი ეკასთანაა (ეკა გელოვანი _ ნ. ჭ.), ბევრიც გააჩუქა მამამ. (ილ.11, 12, 13) ნ. ჭ.: ბატონი გურამის პარიზის ბიენალესთვის შერჩეული ორი ნამუშევრიდან ერთ-ერთი _ „კოლმეურნე ალექსი მთიულიშვილის პორტრეტი“, მოგვიანებით გამოქვეყნდა ჟურნალ „ისკუსტვოს“ ყდაზე (1971, #4). ეს უკანასკნელი პატივი მხოლოდ რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარს ხვდა წილად, მათ შორის უჩა ჯაფარიძეს, ლადო გუდიაშვილს, რადიშ თორდიას. საინტერესოა, ჟურნალის რედაქცია რამდენად მოქმედებდა მხატვართან შეთანხმებით? (ილ. 14)
ნანი გელოვანი: არა, რამდენადაც ვიცი, ამაზე არ უთანხმებოდნენ ავტორებს.
ნ. ჭ.: ბატონო სამსონ, თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც ქვეყნის მთავარი სახელოვნებო ჟურნალი ფრაგმენტულად აქვეყნებს მოძმე რესპუბლიკების მხატვრულ მიღწევებს, იყო ეს წმინდა კონიუქტურა, თუ მკაცრი რეგულაციების გვერდის ავლით დასაშვები იყო მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებაც? სამსონ ლეჟავა: მე კითხვის დონეზე თუ შევძლებ შეფასებას. ხომ არ იყო ეს „თავისიანად აღქმის“ ტოლფასი, ანუ საბჭოთა მოდელის მაგალითი, მოწინავე ნიმუში იმ ყველაფრისა, რომელიც ცალკეულ რესპუბლიკაზე და ეროვნულ მხატვრულ ფასეულობებზე „მაღლა“ იდგა? ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ცალკეულ მიღწევათა, სრულიად სხვა კულტურული შრის ნაწარმოებთა მისაკუთრების ერთგვარი მცდელობაც, რადგან მაშინ ცნება „საბჭოთა“ „რუსულის“ იგივეობრივი იყო. თუმცა, იდეოლოგიურ ელიტაშიც იყვნენ გონიერი ადამიანები, რომელთაც კარგად ესმოდათ ნამდვილი ხელოვნების რაობა. მაგალითად, მახსენდება მოსე კაგანი, თეორიტიკოსი, რომელსაც ხელოვნებისა და კულტურის მორფოლოგიაზე ჰქონდა არაერთი ღირებული ნაშრომი; სწორედ ეს ავტორი, განურჩევლად რესპუბლიკისა, ყოველთვის აღიარებდა ყველა ნიჭიერი მხატვრის მნიშვნელობას. ამ რიგის მოვლენების ანალიზისას დიფერენცირებული ხედვაა საჭირო, ამ ეპოქას დიდი ხნის განმავლობაში უფრო ფორმის მხრივ განვიხილავდით, არადა, ეს მთელი სოციალური სივრცეა, კულტუროლოგიური კვლევის ძალიან დიდი საჭიროებით. ნ. ჭ.: ამ თვალსაზრისით, საინტერესოა გურამ გელოვანის შემოქმედების, კონკრეტულად კი, 1960-იანი წლების დროინდელი ნამუშევრების მიმართება ე. წ. მკაცრი სტილის ფენომენთან. 1950-იანი წლების მიწურულიდან, ცნობილი რუსი ხელოვნების ისტორიკოსის, ალექსანდრ კამენსკის ამ ფრთიანი ფრაზით მონათლული მხატვრული მიმდინარეობა სოცრეალისტური ფერწერის მოდერნიზაციას დაედო საფუძვლად. მკვლევარები მკაცრ სტილს განიხილავენ, როგორც რეაქციას სტალინის დროინდელ, პარადული და ჟანრული სენტიმენტებით დამძიმებულ ფერწერაზე, რომლის ნატურალისტური მისწრაფებები მოკლებული იყო საავტორო ხედვებს. მკაცრი სტილის მხატვრებმა ინტერესის საგნად აქციეს არა კომუნისტური სამოთხე, არამედ საბჭოთა ადამიანების დუხჭირი ყოველდღიურობა, მათი მძიმე შრომა, სამამულო ომის ტრაგედიები, პარტიული დემაგოგიის მიღმა საკუთარი ფესვების მონიშვნა, ეს ყველაფერი კი თვითგამორკვევის იმ მძლავრ პროცესებთან იყო კავშირში, რომელთაც ცნობილი 60-იანელთა თაობა ინიცირებდა. მკაცრი სტილის მხატვრული ფორმა საკმაოდ ექსპრესიულია, ხაზგასმით მონუმენტური განწყობით, სადაც ფერწერაზე დომინირებს ნახატის სტრუქტურული ტექტონიკურობა. მკაცრი სტილი საქართველოში არ გამოვლენილა პროგრამულად, მაგრამ მისი მახასიათებლები ტენდენციურად გამომჟღავნდა და შეიქმნა ისეთი ნამუშევრები, როგორიც იყო გურამ გელოვანის „ინდუსტრიის დილა“ და მისი არაერთი პორტრეტი, გივი კელაურაძის „ცვლა“, ლევ ბაიახჩევის „მეშახტეები“ და „რევოლუციის პოეტები“, ზურაბ დავითაიას „მშენებლები“, დიმიტრი ხახუტაშვილის „სამუშაოდან დაბრუნება“, გივი თოიძის „მეთევზეები“ და „ახალი ცხოვრების დილა“, ზურაბ ლეჟავას „რუსთაველები“, რამდენადმე ჟანი მეძმარიაშვილის „აფიშების გამკვრელი“, მისივე „ბოლო სართულზე“, ი. შიუკაშვილის „სამუშაოზე“, ბეჟან შველიძისა და თენგიზ მირზაშვილის ადრეული ნამუშევრები და სხვა. სხვათა შორის, სწორედ ბატონ ზურაბ ლეჟავას მხარდაჭერით, 1962 წელს თბილისში ჩამოვიდა მკაცრი სტილის პიონერების, პიოტრ ოსოვსკისა და ვიქტორ ივანოვის ერთობლივი გამოფენა „კუბა“... (ილ. 15) სამსონ ლეჟავა: მკაცრი სტილი, როგორც გამძაფრებული ხატოვანების მოვლენა, მოგვიანებით გავიაზრე. ჩვენში ამ მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი პირველი ნიმუში იყო, ალბათ, ალექსანდრე ბანძელაძის არსენას ლექსის ილუსტრაციები _ თავისი ლოკალური ფერებით, ძლიერი კონტურებით, მეტყველი სილუეტებით და ა. შ. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მკაცრი სტილის გამომსახველობა მალევე გადაიზარდა თვითმიზნურ გეომეტრიზაციაში და მკვლევარებმაც არაერთხელ მიანიშნეს სქემატიზაციის საფრთხეზე. ვთვლი, რომ ბატონ გურამთან ეს „სტილი“ მხოლოდ ერთ-ერთი შენაკადია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მხატვართან ის ძალიან ორგანულია, არ არის თავსმოხვეული, გურამ გელოვანი თვითონაა შემთავაზებელი იმ შესაძლებლობებისა, რაც არის ამ „სტილში“.
ნ. ჭ.: ბატონ გურამს პირადად უნდა სცნობოდა მკაცრი სტილის მიმდევარი არაერთი მხატვარი, თუნდაც, პარიზის ბიენალედან, რომელშიც გურამ გელოვანის გარდა, მონაწილეობდნენ ვიქტორ პოპკოვი, ტაირ სალახოვი. უფრო კორექტული იქნება გავლენებზე მეტად, მხატვრულ ორიენტირებზე ვისაუბროთ, იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც განვითარების ბიძგს აძლევდა ბატონი გურამის შემოქმედებას. ნანი გელოვანი: მამასთვის ასეთი იყო აღორძინების ხანის მხატვრობა. ნახატისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, გამორჩეულად უყვარდა ვალენტინ სეროვი. სეროვის არაერთი რეპროდუქცია ჰქონდა სახელოსნოში გაკრული, კითხულობდა ხოლმე მის ბიოგრაფიებს. ვიცი, რომ გატაცებით უყვარდა ველასკესი. ნ. ჭ.: და, ალბათ, ყველა მათგანთან პორტრეტული ხედვის თავისებურებებს აკვირდებოდა. რადგან გურამ გელოვანს პორტრეტისტის თვითნაბადი ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ყოფილიყო პარტიული ნომენკლატურის ნიჭიერი „კარის მხატვარი“ და რეალიზებულიყო ისე, როგორც თავის დროზე იყვნენ _ ანდრეა მანტენია, ტიციანი, გოია, ველასკესი, ანტონის ვან დეიკი, ჰოლბაინ უმცროსი და სხვა. მაგრამ, ბატონი გურამის მემკვიდრეობა არ იქმნებოდა იმისთვის, რომ ფართო აუდიტორიები დაეპყრო, თუმცა, მან ეს მაინც შეძლო. მას სწყალობდნენ კრიტიკოსები, 1960-იანი წლების პერიოდულ პრესაში ის არაერთხელ დასახელებულა თანამედროვეობის საუკეთესო პორტრეტისტ მხატვრად. ლ. ზინგერი, ავტორიტეტული საბჭოთა მკვლევარი, ქართველი ფერმწერებიდან განსაკუთრებით გამოარჩევდა გურამ გელოვანს და თენგიზ მირზაშვილს და მათ სახელებს დიდი ფორმებით ნასაზრდოები, ახალი სახვითი კულტურის შექმნას უკავშირებდა. (ილ. 16, 17, 18) ეკა გელოვანი: მამას ნამუშევრებზე, მის გრაფიკულ ჩანახატებში, ნამდვილად თვალსაჩინოა მხატვრული ფორმისადმი მონუმენტური დამოკიდებულება, მიუხედავად ამისა, მამა შინაგანად იყო ძალიან ლირიკული, მუსიკალური პიროვნება. ამიტომაც, პორტრეტების გვერდით, მისთვის სხვაგვარად ახლობელი იყო პეიზაჟური ჟანრი.
ნანი გელოვანი: ელგუჯა ამაშუკელისაგან ვიცი, რომ მამას აკადემიაში პოეტ-მხატვარს ეძახდნენ. სამსონ ლეჟავა: ბატონი გურამის შინაგანი სამყაროს ეს წინააღმდეგობანი რაღაცით „ქალგულოს“ მახსენებს, ხალხურ სიმღერას, რომელიც ფოლკლორზე მეტი მოვლენაც კია: მონუმენტური, გრანდიოზული ტევადობა აქვს და თან უხილავი ლირიკული ძაფებითაა აღვსილი. როგორც ჩანს, ასეთივე „ურთიერთგამომრიცხავი“ და, ამავდროულად, შემავსებელი გარემოებანი ახასიათებდა გურამ გელოვანსაც, როგორც ადამიანს, შემოქმედს, ავტორს. * * * ნ. ჭ.: გურამ გელოვანის საგამოფენო აქტივობა ძალიან მაღალია 1950-1960-იან წლებში, რასაც ვერ ვიტყვით გვიანდელ პერიოდზე. არ ჩანს პერსონალური გამოფენის კვალიც, რაც ისედაც იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა მასებზე ორიენტირებულ საბჭოეთში. საინტერესოა, ბატონ გურამს რა დამოკიდებულება ჰქონდა მაშინდელი საგამოფენო პოლიტიკის მიმართ ან რა დატვირთვა ჰქონდა მისთვის პერსონალურ გამოფენას? ნანი გელოვანი: მამაჩემი ძალიან სერიოზულად უდგებოდა გამოფენის საკითხს, ამ გადასახედიდან _ ზედმეტად სერიოზულადაც კი, მაგრამ სადღაც ეს სწორია, რადგან პერსონალური გამოფენა ეს დიდი პასუხისმგებლობაა _ მხატვრის სრული სახის ჩვენება დიდი და რთული საქმეა. მამაჩემისთვის ეს გამორჩეული მნიშვნელობის საკითხი იყო, ბევრს სთხოვდა საკუთარ თავს, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად თავს არიდებდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მამას ნამუშევრებს ყოველთვის უსიტყვოდ იღებდა ხოლმე საგამოფენო კომისია. იმ დროს გამოფენები ნამდვილი ზეიმი იყო მხატვრებისთვის. კარგად მახსოვს, რა მონდომებით ემზადებოდნენ მშობლები გამოფენისათვის, რომ არც მიეღოთ მონაწილეობა, მაინც დიდი ინტერესით და გულისყურით ეკიდებოდნენ სხვათა ნამუშევრების გამოტანას. ისინი ამით ცხოვრობდნენ! ეკა გელოვანი: რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა დედას, რომელიც ოცნებობდა საკუთარ გამოფენაზე, უნდოდა ყველა თავისი ნამუშევარი ერთ სივრცეში ენახა, თუმცა, ვერ მოასწრო მსგავსი რამის ორგანიზება. ამიტომ, მამას გარდაცვალების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლების ერთობლივი რეტროსპექტული გამოფენა მოგვეწყო. ეს გამოფენა 1990 წელს თბილისის მხატვრის სახლში გაიმართა და საოცრად თბილი მოგონებები დაგვიტოვა მასპინძლებსაც და სტუმრებსაც. ნანი გელოვანი: იცით, როგორ ელოდნენ მხატვრები ამ გამოფენას? იმიტომ, რომ ყველამ იცოდა, თუნდაც, მამაჩემის პოტენციალი და ძალიან კარგად იციან დღემდე. ამ გამოფენიდან მალევე დაიწყო თბილისის ომი, რასაც დედაჩემის ნამუშევრებთან დაკავშირებით ძალიან ცუდი რამ მოჰყვა: მხატვრის სახლი ომის დროს დაიწვა და მასთან ერთად დაიკარგა მის ფონდებში დაცული უნიკალური მხატვრული მემკვიდრეობა, მათ შორის, დედაჩემის, ლამარა დანელიას, გრაფიკული ნამუშევრების დიდი ნაწილიც. მამაჩემის ნამუშევარი „ოჯახი დუშეთიდან“, შეიძლება ითქვას, გადაურჩა იმ ხანძარს, რადგან სულ ცოტა ხნით ადრე თანამშრომლებს ის გადაუტანიათ გალერეაში (სურათების ეროვნული გალერეა – ნ. ჭ.). ხანძრის გაჩენამდე მე და ჩემი მეუღლე ვიყავით მხატვართა სახლში, მშობლების ნამუშევრების წამოღება მინდოდა, მაგრამ სიტუაცია იმდენად დაძაბული იყო უკვე, რომ აღარ შეგვიშვეს. ნ. ჭ.: ბატონი გურამის მემკვიდრეობიდან რამდენიმე ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, ნაწილი ინახება ოჯახში, თუმცა, საერთო სურათისთვის ეს მაინც ძალიან ცოტაა. ნანი გელოვანი: მამას ნამუშევრებიდან ბევრი გაყიდულია ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, როდესაც ცალკეული ტილოები საკავშირო მასშტაბით ხან სად მიდოდა, ხან სად. გარკვეული ნაწილი სხვადასხვა კერძო კოლექციაშია გაფანტული ისე, რომ ზოგიერთის ადგილმდებარეობა უცნობია ჩვენთვის. უნდა ითქვას, რომ გაყიდული ნამუშევრებიდან არაერთი ჩართული იყო მოძრავ გამოფენებში და მოგზაურობდა როგორც მთელს საბჭოეთში, ისე, სოციალისტური ბანაკის სხვადასხვა ქვეყანაში. მამას გაყიდული ნამუშევრების ამბები სულ აინტერესებდა, ადევნებდა თვალყურს პრესაში, რომელიმე თუ გამოქვეყნდებოდა, აუცილებლად ინახავდა ამონაჭრებს, არ უნდოდა, რომ ისინი დაკარგულიყვნენ. მამა ხშირად გამოითხოვდა ხოლმე შესაბამისი სამსახურებიდან ინფორმაციას რომელიმე კონკრეტული სურათის ადგილმდებარეობის შესახებ. როგორც წესი, საპასუხო წერილს თან ერთვოდა გამოთხოვილი ნამუშევრის ბოლო ექსპოზიციაზე გადაღებული ფოტო. საოჯახო არქივში ინახება მსგავსი დოკუმენტაცია. (ილ. 19) * * * ნ. ჭ.: მხატვრობის გარდა, რა იტაცებდა გურამ გელოვანს? ნანი გელოვანი: ბალეტი და ოპერა, რომლის მიმართ სიყვარულსაც ბოლომდე ერთგულებდა მამა. საოპერო თეატრში მის სახელზე ყოველთვის იყო ერთი ადგილი თავისუფალი, თუ არ ვცდები, ეს იყო პარტერის მერვე რიგის მერვე ადგილი. ერთხელ ვკითხე, რატომ მაინცდამაინც ეს ადგილი-მეთქი, ასე მიპასუხა, როდესაც ვერა წიგნაძე „დონ-კიხოტში“ პადედეს ასრულებს, ყველაზე კარგად სწორედ იმ ადგილიდან ჩანსო. განსაკუთრებით უყვარდა ბალეტი და ბალერინები (იცინის). სხვათა შორის, მამას ოპერის თეატრის არაერთი მომღერლისა და ბალერინას პორტრეტი ჰქონდა შესრულებული. (ილ. 20) საოპერო თეატრში სიარული მისთვის ნამდვილი რიტუალი იყო, წმიდათაწმიდა. კვირაში რამდენიმე საღამო აუცილებლად ესწრებოდა ოპერის თეატრში გამართულ წარმოდგენებს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა გადიოდა. ყოველთვის მოწესრიგებული გადიოდა ამ დროს სახლიდან, მოიცვამდა პიჯაკს და ისე... ოპერის თეატრში მარტოს უყვარდა სიარული, რაც რაღაცით ჩამოჰგავდა მის შემოქმედებით განდეგილობას. მამას უყვარდა თავისი სამყარო, სადაც კომფორტულად გრძნობდა თავს და ოპერაში სიარულიც მისი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იყო და დარჩა კიდეც სიცოცხლის ბოლომდე. არ იცით, რა სახე ჰქონდა, თუკი ტელევიზორში რომელიმე საბალეტო დადგმას გადააწყდებოდა! მის არქივში დღემდე შემორჩენილია „დონ-კიხოტის“ ერთ-ერთი ბალეტის ბილეთები. საბალეტო დადგმებს ესწრებოდა ყველგან, სადაც ამის საშუალება ჰქონდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთშიც. სხვადასხვა საოპერო დადგმისა და კლასიკური მუსიკის უამრავი ფირფიტა ჰქონდა სახლშიც, რომელთაც გამუდმებით უსმენდა. დილით ადრე რომ ადგებოდა, მოიდუღებდა ჩაის, ჩართავდა მუსიკას და ჩაიკეტებოდა სახელოსნოში, შემდეგ მცირე ხნით გამოდიოდა სადილისთვის და მერე ისევ იკეტებოდა სახელოსნო. ეკა გელოვანი: სულ ამბობდა _ სახელოსნო ჩემთვის ყველაფერიაო. მამას, ასევე, გამორჩეულად უყვარდა პოეზია, რომლის მიმართ ზუსტად ისეთივე მგრძნობიარე დამოკიდებულება ჰქონდა, როგორიც ოპერის მიმართ. ის პირადად იცნობდა უნიჭიერეს ქართველ და უცხოელ პოეტებს, მათ შორის, ევგენი ევტუშენკოსაც, რომლის სახლშიც არაერთხელ დარჩენილა მოსკოვში ყოფნის დროს. თვითონ ევტუშენკოც ყოფილა მამას სახელოსნოში სტუმრად, კავსაძეზე როდესაც ვცხოვრობდით. ხალხური მთქმელივით ზეპირად იცოდა მამამ „ვეფხსიტყაოსნის“ დიდი ნაწილი, თანაც რუსულ-ქართულად. ხმამაღლა და ემოციურად იცოდა „ვეფხისტყაოსნის“ კითხვა და ამ დროს სულ სხვა ადამიანი ხდებოდა ხოლმე. ასე შემაყვარა მეც პოეზია.
ნანი გელოვანი: ერთხელ შვილიშვილს ვუყვებოდი, როდესაც იერუსალიმში ჩავედი და ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა ვიხილე, ერთი სანთელი დავანთე და თუ მიხვდები, ვის სახელზე-თქო, ბაბუასიო, _ მითხრა. მანაც კი იცოდა გურამის განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. ეკა გელოვანი: მამას არანაკლებ უყვარდა ფეხბურთიც, ქართულ ფეხბურთს ხომ განსაკუთრებით გულშემატკივრობდა. ახლოს იყო დავით ყიფიანთან, მიშა მესხთან, საერთოდ, იმ დროს, სპორტი და ხელოვნება დიდად მეგობრობდნენ და არც მამა იყო, ამ მხრივ, გამონაკლისი. ბუნებით აზარტულს, გასაკვირი არაა, ასე რომ იტაცებდა ფეხბურთი. სხვათა შორის, მამას მიერ მიშა მესხის ბევრი ჩანახატია შესრულებული. ნ. ჭ.: გურამ გელოვანი, როგორც თქვენი, ქალიშვილების, მოგონებებიდან ირკვევა, საკმაოდ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. და მაინც, როგორი იყო მისი საახლობლო წრე, ვისთან მეგობრობდა ბატონი გურამი? ნანი გელოვანი: მამას ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა ელგუჯა ამაშუკელთან, ზურაბ ნიჟარაძესთან, რომელიც ძალიან ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე. მახსოვს, ელგუჯა ამაშუკელმა როგორ გაგვაცნო თავისი მომავალი მეუღლე, პოეტი ლია სტურუა _ ყველანი კინოთეატრ „ყაზბეგში“ წავედით ფილმის სანახავად (იცინის). მამა მეგობრობდა მერაბ ბერძენიშვილთან, ჯიბსონ ხუნდაძესთან, კოკი მახარაძესთან. განსაკუთრებით ბევრი სტუმარი და საინტერესო პიროვნება მიმოდიოდა მამას სახელოსნოში, როდესაც კავსაძის ქუჩაზე, მხატვრის სახლში ვცხოვრობდით. მაგრამ რომ ვთქვა, სახლში პირადად ჩვენთან მოდიოდა ვინმე-თქო, ასე არა. მამა ახლოს მეგობრობდა შავთელის ქუჩაზე ბავშვობიდან შეძენილ სომხებთან, რომლებიც შემდეგში ერევანში გადავიდნენ საცხოვრებლად; ერთ-ერთს სერგეი მინასიანი ერქვა, მოგვიანებით ისიც მხატვარი გახდა. აფხაზეთში, სოხუმში, ერთი-ორი წელი, სწორედ მამის სომეხ მეგობრებთან ერთად, ოჯახებით ვისვენებდით ხოლმე. ნ. ჭ.: როგორი გახსოვთ მამა ოჯახში, არაფორმალურ გარემოში? ნანი გელოვანი: მამა ხასიათების ადამიანი იყო, ნაკლებად უყვარდა ლაპარაკი და, ძირითადად, სახელოსნოში იყო ხოლმე კარგამოკეტილი. იცით, მუდამ ეძებდა განმარტოებას, შესაბამისად, დიდი მიღებები, სუფრები და სადღეგრძელოების თქმა არ იყო მისი გატაცება. მამას უყვარდა, ყველაფერი მოწესრიგებული ყოფილიყო, იყო საოცრად დისციპლინირებული ადამიანი. მაგალითად, არასოდეს მიირთმევდა საჭმელს საღამოს 6 საათის შემდეგ, მისთვის მიუღებელი იყო ზედმეტი ნაყროვანება. ამიტომაც არ ერიდებოდა საკუთარი წონის კონტროლს. უმნიშვნელოდ ეტანებოდა სასმელსაც, ცოტ-ცოტას გადაჰკრავდა ხოლმე კონიაკს. ვინც გურამს ახლოს იცნობდა, ყველამ იცოდა, რომ გამორჩეულად უყვარდა რაჭულად მომზადებული ლობიანი (იცინის). იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მამა, მოსკოვში გადატანილი ინფარქტის შემდეგ თბილისში გადმოვიყვანეთ, სახლში უამრავი ახლობელი ელოდა მას და აბსოლუტურად ყველამ თავი მოვალედ ჩათვალა, რომ მისთვის ლობიანი მოეტანა; ჰოდა, კაი ხანს გვქონდა ასე დასტებად ლობიანები სახლში (იცინის). მამას, ასევე, ძალიან უყვარდა მოხდენილად ჩაცმა, დიდ ყურადღებას აქცევდა ამ საკითხს. თან, ამავე დროს, საერთოდ ვერ ერკვეოდა ქალის გარდერობში, არადა, სამი ქალი ვყავდით შინ; მოვალეობას უფრო იხდიდა, როდესაც რაიმეს გვყიდულობდა. ერთხელ, მოსკოვიდან რეკავს, კაბები გიყიდეთო _ გვახარა. ჩვენც მოუთმენლად ველით ამ კაბებს თბილისში. რომ ჩამოვიდა, რა ჩამოგვიტანა იცით? სხვადასხვა ფერის სამი ერთ თარგზე გამოჭრილი ხალათი (იცინის). გარდა ამისა, საერთოდ არ ეხერხებოდა კაცური ხელსაქმე და სამეურნეო საკითხები, რაც, როგორც წესი, დედას ჰქონდა გადაბარებული. როდესაც ამ ბინაში სამზარეულოს ვაკეთებდით, მუშები ქალბატონ ლამარას კითხულობდნენ ხოლმე (იცინის). * * * ნ. ჭ.: გურამ გელოვანის პირადი და შემოქმედებითი ბიოგრაფიის უკან დგას ქალბატონი, რომლის დიდსულოვანი ამაგი ოჯახსა და, განსაკუთრებით, მეუღლის, გურამ გელოვანის წინაშე, ძვირფას მოგონებებად დაგრჩათ ქალიშვილებს. როგორ გაიხსენებთ დედას? ეკა გელოვანი: დედა, ლამარა დანელია, უნიჭიერესი გრაფიკოსი იყო. დედამ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, რაც იმ დროის მიხედვით, ნიშნავდა იმას, რომ ნებისმიერ სასწავლებელში უგამოცდოდ შეეძლო სწავლის დაწყება. მაგრამ დედას იმდენად უნდოდა სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა, რომ განგებ გააცდინა ერთი წელი, ხატვაში რომ მომზადებულიყო. ასეც მოხდა საბოლოოდ _ დედამ გრაფიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა; მის ჯგუფში იყვნენ გაიანე ქუთათელაძე, თინა მაცაბერიძე. პირველივე კურსზე შეხვდნენ დედ-მამა ერთმანეთს და აკადემიის დასრულებამდე, სრული ექვსი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ ურთიერთობებში იმთავითვე იყო ჩადებული ის უხილავი ბალანსი, რაც შემდეგში, ოჯახურ თანაცხოვრებაშიც, საყრდენად ექცა მათ კარდინალურად განსხვავებულ ხასიათებსა და ზოგჯერ, ცხოვრებისეულ პოზიციებსაც. ნანი გელოვანი: ის დრო, როდესაც ჩემი მშობლები შეხვდნენ ერთმანეთს, იდეალისტი ადამიანების დრო იყო. ამიტომაც მამაჩემისთვის, ასეთი შთაგონებული ადამიანისათვის, მატერიალურ, ყოფით საკითხებთან შეჯახება იყო რთული, ძალიან განიცდიდა ამ დილემას. ეკა გელოვანი: ეს ტვირთი საკუთარ თავზე აიღო დედამ, რადგან მამა სახელოსნოდან თვეობით არ გამოდიოდა და მოგეხსენებათ, ოჯახს ბევრი რამ სჭირდება. მამას რომ ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონოდა, ის იმდენსაც ვერ მიაღწევდა, რისი მიღწევაც შეძლო. ამბობდა კიდეც, გამიმართლა, მხატვარი ცოლი რომ შემხვდაო. ნ. ჭ.: მაგრამ ქალბატონი ლამარაც ხომ ხელოვანი იყო, ოჯახს მოკიდებული მხატვარი, რომელსაც თვითგამოხატვის ისეთივე დეფიციტი ექნებოდა, როგორიც აქვთ ხოლმე ოჯახური პასუხისმგებლობებით დატვირთულ ადამიანებს? ნანი გელოვანი: მართალია, დედას ოჯახურ თანაცხოვრებაში უფრო მეტი ტვირთის აღება მოუწია, მაგრამ. მშობლების შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობა მაინც დაბალანსებული იყო. სტუდენტობიდან მოყოლებული, მათ კარგად იცოდნენ, როგორიც იყო ხელოვანის ხვედრი, ის წინააღმდეგობები, რაც ამ გზაზე იკვეთებოდა. ამასთან, სხვა იყო დედას მისწრაფებები _ მისი შემოქმედება ტრიალებდა ოჯახის, დედობის, ბავშვების თემის ირგვლივ, ისე იყო თვითონაც, ბუნებითაც ამ თემების სიყვარულით იყო მოცული. ბავშვებზე ხომ საერთოდ გადარევა იცოდა ხოლმე, მეზობლად თუკი ვინმე პატარა გაჩნდებოდა, დედაჩემისთვის ეს დღესასწაული იყო. არც ქუჩაში დატოვებდა სრულიად უცხო ბავშვებს უყურადღებოდ. თუკი მამა ეთაყვანებოდა ბალეტს, გაცილებით გახსნილი ბუნების დედას ძალიან უყვარდა მხატვრული ფილმები. პირდაპირ შეყვარებული იყო მათზე! ჩვენს მეზობლად, „შანხაის“ უბანში, კინოთეატრი იყო, რომელსაც კვირაში რამდენჯერმა აკითხავდა ხოლმე. ვიცით, რომ ორივეს უყვარდა ფილმები ვივიენ ლის მონაწილეობით... ერთი სიტყვით, დედა უზომოდ ერთგული იყო იმ ყველაფრის მიმართ, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო – გურამის, ჩვენი და თავისი საქმის მიმართ. ამიტომაც, ისე მოარგო საკუთარი ცხოვრება ოჯახის ყოველდღიურობას, რომ, ამის გამო, უბედური არ გამხდარა. ამ მხრივ, არასოდეს დაუჩვილია, თუმცა, შემოქმედებითი რეალიზაციის კუთხით სულ ეძებდა გამოსავალს. ერთი პერიოდი ყველას აგვიხირდა, რატომ არ გინდათ, რომ მუშაობა დავიწყოო და სამხატვრო ტექნიკუმს მიაკითხა _ იქიდან ზუსტად ერთ კვირაში დაბრუნდა (იცინის). სახლში დაბრუნებულმა კი ლოჯიის ოთახის ერთ კუთხეში სახელოსნო მოიწყო. ცოტა მოგვიანებით, ბავშვობის მეგობართან და აკადემიის პროფესორთან, თინა მაცაბერიძესთან ერთად, კერძო მოსწავლეების აყვანა და მათი ხატვაში მომზადება დაიწყო. მამაჩემისაგან განსხვავებით, დედას ღამით მუშაობა უყვარდა; ვაკეში რომ ვცხოვრობდით, არ მახსოვს, ღამით ავმდგარიყავი და სამზარეულოში შუქი არ დამხვედროდა ანთებული _ ამ დროს ხატავდა ხოლმე. თუმცა, ეს არ იყო მისთვის საკმარისი. დედა ახალგაზრდა გარდაიცვალა, სიმსივნით; გარდაცვალებამდე მითხრა, თქვენი დარდი აღარ მიმყვება, დაოჯახებულები ხართ, საკუთარი გზა გაქვთ ნაპოვნი, მაგრამ, თუკი უკეთ ვიგრძენი თავი, ერთადერთი, რასაც გავაკეთებ, 24 საათი ვიმუშავებო. მხოლოდ ამაზე წყდებოდა გული. ჩვენი მშობლების განსხვავებული ხასიათები თვალსაჩინო ხდებოდა ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. როდესაც ზაფხულობით, დასასვენებლად გავდიოდით ქალაქიდან, მამისა და ჩვენი გზები ორად იყოფოდა. რადგან სოფელი არ გვქონდა, აგარაკ-აგარაკ დავდიოდით ხოლმე. წინ, მსუბუქ მანქანაში ჩვენ ვისხედით, უკან კი ლეიბებითა და მთელი საოჯახო ინვენტარით დატვირთული საბარგო მოგვყვებოდა, სად იყო მაშინ პირობები! ყველა ლეიბებით დადიოდა. ჩვენი სააგარაკო გასვლები დედას აბედნიერებდა, მამასთვის კი მუდმივ ტანჯვას წარმოადგენდა (იცინის). დასასვენებელ ადგილს დედა არჩევდა, გზაზე, სპონტანურად რაც მოეწონებოდა, იქ ვჩერდებოდით. მეტწილად თიანეთის სოფლებში დავდიოდით, ასევე, სოფელ დაბაში, წაღვერთან ახლოს, ქვიშხეთში, წყნეთის მხატვართა სახლში, შემთხვევით აღმოჩენილ ადგილებზეც უამრავჯერ გავჩერებულვართ. ჩვენს მშობლებს ბავშვობის დიდი ნაწილი სოფლად ჰქონდათ გატარებული და ქალაქგარეთ ყოფნა დიდი იმპულსის მიმცემი იყო მათთვის. განსაკუთრებით უყვარდა სოფელი დედას, რომელსაც მამა ადრე გარდაეცვალა და სამეგრელოში ხშირად სტუმრობდა, თურმე, მამიდას. მამას კი ქალაქში ყოფნა ერჩივნა, მიგვაცილებდა აგარაკამდე, დაგვაბინავებდა და უკან ბრუნდებოდა ქალაქში, რომელიც თავისი კომფორტით შეუცვლელი იყო მამაჩემისთვის (იცინის). ერთხელ, ახალი ჩასულები ვართ ერთ-ერთ აგარაკზე, დავბინავდით და საღამოს ჩაის მივირთმევთ. უცებ, ფარდაზე თაგვმა გადაირბინა - ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მამას მაშინვე ჩაელაგებინა ჩემოდანი და ისე გაბრუნებულიყო თბილისში, რომ ჩაიც არ დაელია ბოლომდე (იცინის). ეკა გელოვანი: მშობლები ურთიერთგანსხვავებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათ აერთიანებდათ ხელოვნების, შვილების სიყვარული, ამაზე იდგა მათი თანაცხოვრება. მამას უფრო დიდი ხელშეწყობა სჭირდებოდა და მოითხოვდა კიდეც ამას, რაზეც დედა ყოველთვის უანგაროდ და ერთგულად პასუხობდა და ამით ძალიან მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა მამასთვის. ნანი გელოვანი: მამას პირველი ინფარქტი დედას გარდაცვალებიდან მალევე დაემართა. ეს არ იყო ჩამოყალიბებული ინფარქტი, რის გამოც ეს შემთხვევა გამოგვეპარა. არადა, მამას, ჯანმრთელობის მხრივ, უკვე სხვაგვარი ყურადღება სჭირდებოდა. დედის ნაადრევმა სიკვდილმა მძიმე, მაპროვოცირებელი გავლენა იქონია მამაჩემის ისედაც სუსტ გულზე, ბებიასგან გადმოცემით ვიცოდით, რომ ის ბავშვობაში გულით ავადმყოფობდა. 1980-იან წლებთან შედარებით მედიცინა რადიკალურად წინაა წასული, მაშინ დღევანდელი შესაძლებლეობები რომ ყოფილიყო ჩვენს ხელთ, მამა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. (ილ. 21) P. S. გურამ გელოვანი 1986 წლის 10 დეკემბერს, 58 წლის ასაკში, ხანგრძლივი გულის ავადმყოფობის შემდეგ, ინფარქტით გარდაიცვალა.
|