პეტრე ოცხელის ბიოგრაფიისათვის |
There are no translations available. მერი მაცაბერიძე ხელოვნებათმცოდნე ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის-საქართველოს (YTA UNION) ნაციონალური ცენტრის ექსპერტი, პროექტების მენეჯერი წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მე-20 საუკუნის დასაწყისის 1920-1930-იანი წლების ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთ ძლიერ და თვალსაჩინო წარმომადგენელს, მოდერნიზმის ეპოქის მხატვარ-სცენოგრაფ პეტრე ოცხელს (1907-1937). ამჯერად შევეცადე თავი მომეყარა მხატვრის ბიოგრაფიის გაფანტული, ცნობილი, ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი დეტალებისთვის, რაც ზეპირ მოგონებებზე, ეპისტოლურ და საარქივო მასალებზეა დამყარებული.
ცნობილია, რომ ამა თუ იმ ხელოვნების ნიმუშის აღქმა, ისევე როგორც თვით ხელოვანის მიერ არსებული სინამდვილის აღქმაც მხოლოდ დროის კონტექსტშია შესაძლებელი. პეტრე ოცხელს, რომელმაც უზრუნველი ბავშვობა თბილ ოჯახურ გარემოცვაში გაატარა, სადაც ყველა სუნთქავდა თეატრალური და, ზოგადად, თანამედროვე ხელოვნების მიღწევებით, ადრეულ ასაკშივე - ისევე, როგორც მისი თაობის მრავალ შემოქმედს, მოუწია პირველი მსოფლიო ომისა და ოქტომბრის რევოლუციის შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქის გამოვლა. შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე პერიოდი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიით შეიცვალა. კიდევ უფრო გართულდა ვითარება მომდევნო პერიოდში, როდესაც სოციალისტური წყობის დიქტატურა დამყარდა, რასაც შემოქმედისთვის თავისუფალი სივრცის შეზღუდვა მოჰყვა. მხატვრისთვის ყველაფერი დასრულდა 1937 წლის რეპრესიებით, რომელთაც 30 წლის ასაკში შეეწირა „ხალხის მტრად“ მონათლული უდანაშაულო ხელოვანი.
მხატვრის შემოქმედების ინსპირაციის ძირითად წყაროს ქართული თეატრის რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის თეატრალური დადგმების ესთეტიკა განაპირობებდა. იგი ქართული თეატრის რეფორმატორის - რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის სკოლისმარჯანიშვილი კ., შემოქმედებითი მემკვიდრეობა, კრებული ტ. 1, დიმიტრი ჯანელიძის შენიშვნები,გვ. 422, ხელოვნება, თბილისი, 1972.თეატრალური მხატვარი იყო. პეტრე ოცხელი, კოტე მარჯანიშვილთან ერთად ქართული თეატრის აღორძინების საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში. მხატვრის შემოქმედება დღემდე გაოცებისა და აღმოჩენის წყაროდ რჩება. 22 წლის ასაკში მისი სცენოგრაფიით შექმნილი სპექტაკლი - კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ მხატვრული გადაწყვეტით ამჟამადაც მაყურებელთა დიდ ინტერესს იწვევს. მრავალი სტატია, მოგონება თუ კვლევა გამოქვეყნებულა მხატვრის შესახებ, მაგრამ ინტერესი მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების მიმართ არ ცხრება; პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება. ვფიქრობ, პეტრე ოცხელის პიროვნების, მისი როგორც მხატვრის, განხილვა, პირველ ყოვლისა, მისი ბიოგრაფიული ცნობების შესწავლით უნდა დავიწყოთ, ვნახოთ, რა გარემოში და სოციალურ წრეში უწევდა მას ცხოვრება და მოღვაწეობა (ილ. 1). პეტრე ოცხელი ქართველ კათოლიკე დიდვაჭართა შთამომავალია. მამის მხრიდან მისი წინაპრები სამცხე-საათაბაგოდან, მდინარე ოცხეს ხეობაში მდებარე, დაბა ოცხედან (დღევანდელი აბასთუმანი) იყვნენ. შუა საუკუნეებში ოცხელები მართლმადიდებელი მანანაშვილების გვარს ატარებდნენ. ისინი თავიანთი გვარის წარმოშობას ციურ მანანასკოტე ოცხელის, პეტრე ოცხელის ბაბუის ძმის, ივანეს, შვილთაშვილის ზეპირი გადმოცემით. ვესაუბრე 2015. უკავშირებდნენ. მათ ძირითად საქმიანობას ვაჭრობა წარმოადგენდა.
მას შემდეგ, რაც 1578 წელს სამცხე-საათაბაგო ოსმალთა მფლობელობაში მოექცა, დაიწყო მოსახლეობის მასობრივი გამუსლიმება. თავის გადასარჩენად ბევრი მართლმადიდებელი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადადიოდა. პატრი მიხეილ თამარაშვილი აღნიშნავს: „მისიონერებმა ოსმალოს მთავრობისგან მოიპოვეს ის პრივილეგია, რომ არც ერთი გაკათოლიკებულისათვის ძალა არავის დაეტანებინა მაჰმადის სარწმუნოების მისაღებად. პაპის ძლიერი მფარველობით აღმოსავლეთში კათოლიკობა შეიქმნა ქრისტიანობის მტკიცე შესახიზნარი. ისინიც თავისუფლად იქცეოდნენ კათოლიკედ,რათა დევნილობა თავიდან აეცილებინათ (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთ შორის, გვ. 80, თბილისი, 1902 წ.)კვარაცხელია ნუგზარი „ქუთაისელი კათოლიკეები XIX საუკუნეში“. ქუთაისის მუზეუმის მასალები, XI, ქუთაისი, 1999. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ქუთისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, http://highlander-ge.blogspot.com/2014/03/xix.html. უკანასკნელი ნახვა 2017.ისლამის თავიდან ასაცილებლად მანანაშვილებიც კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდნენ, ხოლო XVIII საუკუნიდან კათოლიკე პატრების დახმარებით საცხოვრებლად ქუთაისში გადადიან. მეფის სასახლეში აუდიენციაზე ისინი, როგორც „ოცხე“ლი ვაჭრები წარმდგარან და ამ დღიდან მანანაშვილებს მიეცათ გვარი „ოცხელი“. „ცნობილია, რომ კათოლიკობის გავრცელებას იმერეთში ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ კათოლიკე მისიონერების დიდი ნაწილი საექიმო საქმეში იყო განსწავლული. როგორც ფრანგი მოგზაური, ჟაკ ფრანსუა გამბა აღნიშნავს, კაპუჩინთა ორდერის ბერები, რომლებიც იმერეთში 1625 წელს დამკვიდრდნენ, სამეფო კარის ექიმები იყვნენ, ამავე დროს, უფასოდ მკურნალობდნენ ხელმოკლე ავადმყოფებსაც. ...ასევე ცნობილია, რომ იმერეთის სამეფო ხელისუფლება ხელს უწყობდა იმერეთში ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებას. XIX ს-ის დასაწყისში სოლომონ II-მ ქუთაისში ჩაასახლა ახალციხიდან გადმოსული დიდვაჭრები. იგი აქტიურად მფარველობდა იმდროინდელ ქუთაისელ ვაჭრებს და ხელს უწყობდა მათ დიდ სავაჭრო გარიგებებში. სხვებთან ერთად აქ აღსანიშნავია ოცხელებიც. ქუთაისში ცნობილი ვაჭრები იყვნენ პეტრე ოცხელი და მისი შვილები - იაკობი და სერო (სერგო), ასევე, მათი შვილები - პეტრე, პავლე და ივანე“ მათ ოსმალეთიდან იმერეთში შემოჰქონდათ სხვადასხვა მრავალფეროვანი საქონელი. მათვე გაუხსნიათ სამღებროები“ნუგზარ კვარაცხელია.6 დასახ. ნაშრ. სწორედ ამ დიდვაჭართა შთამომავალია პეტრე ოცხელი. გენეალოგიურ ხეზე ჩანს, რომ პეტრე (მხატვარი) ქუთაისში გადმოსახლებული ოცხელების მეხუთე თაობააგენეალოგიური ხე შეადგინა კოტე ოცხელის მეუღლემ, მარინა აფხაიძე-ოცხელმა. ფოტო გადმომცა გამოქვეყნების უფლებით, ქუთაისი 2015.(ილ. 2 )მის ბაბუას - პეტრე ოცხელს - ქუთაისსა და ბათუმში მსხვილი სავაჭრო სახლი ჰქონია (ილ. 3). ბაბუის ძმის, ივანეს ვაჟმა, იოსებ ოცხელმა ქუთაისში 1892წელს პირველი ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი დააარსა მოსამზადებელი კლასით. ხოლო, 1905 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (იგი მისი ნამდვილი წევრი იყო) და ილია ჭავჭავაძის მხარდაჭერით ქართული სკოლა კერძო გიმნაზიად გადააკეთა. ეს იყო ისტორიულად პირველი ქართულენოვანი საშუალო სასწავლებელი იმ დროინდელ დასავლეთ საქართველოში - დღეს ქ.ქუთაისის N2 საჯარო სკოლა იოსებ ოცხელის სახელს ატარებს. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ინახება იოსებ ოცხელის და მისი ძმის, კონსტანტინე (კოტე) ოცხელის ეპისტოლური მასალა. კოტე ოცხელს ქუთაისში წიგნების მაღაზია ჰქონია „კ. ი. ოცხელის და ამხ. წიგნის მაღაზია ქუთაისში“. მაღაზიის ტიტულიან ბლანკზე კოტე ოცხელის 1915-1916 წლის წერილებიდან ჩანს, რომ იგი აქტიურად ეხმარებოდა სტამბის რედაქტორებს ახალი ქართული გამოცემების გავრცელებაში.
პეტრე ოცხელი დაიბადა 1907 წელს 25 სექტემბერს ქუთაისში, შეძლებული ვაჭრის, გრიგოლ ოცხელისა და ელენე ხოჯევანიშვილის ოჯახში (ილ.4) მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: ნატაშა, ნინო, პეტრე და ლეონ (ლევანი). (ილ.5, 6) 1913 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. გრიგოლ ოცხელს „ბოლშაია სერპუხოვსკაიას“ ქუჩაზე კავკასიური მაუდის ფაბრიკა ჰქონდამარინა ოცხელის - პეტრე ოცხელის დისშვილის მოგონებები. პეტრე ოცხელი-108 - რადიო1. სტუმრები: მარინა რადიო1. ge/ge/videos/view/150681.html „ჩემი ბიძა - პეტრე ოცხელი“. უკანასკნელი ნახვა 2017.; დ. ჩუბინიშვილი, ფონდ „ღია - საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით,დოკუმენტური ფილმი თბილისი, 2003. 1914 წ. ოთხივე შვილი კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ წმ. ფილიპე დე ნერის სახელობის ფრანგულ რეალურ სასწავლებელში მიაბარეს. პეტრე კარგად სწავლობდა, სიყრმიდანვე ავლენდა ხატვის ნიჭს. ის იყო ცელქი, მაგრამ, ძალიან მგრძნობიარე, საქმეში სერიოზული, უკრავდა ფორტეპიანოზე, ცეკვავდა, ჰქონდა იუმორის გრძნობა. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდა ფრანგი გუვერნანტი ქალი (ილ. 7) ოჯახში ხშირად სტუმრებისთვის მოწყობილ მუსიკალურ კონცერტებზე ბავშვები ფორტეპიანოზე უკრავდნენ. პეტრეს დის - ნინო ოცხელის ოჯახურ არქივში ინახება პეტრეს ხელით მხატვრულად გაფორმებული ერთ-ერთი ასეთი კონცერტის ხელნაწერი პროგრამა: „ПРОГРАММА Музыкального вечера, устраиваемого молодыми, но уже известными артистами Оцхели 17 марта 1918 г.“ (ილ.8) (მუსიკალური საღამოს პროგრამა, მოწყობილი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მსახიობების ოცხელების მიერ. 17 მარტი, 1918 წ. (შიგ წერია,რომ პეტრე ასრულებდა ესპანურ ცეკვას). ასევე, სტუმრებისთვის დგამდნენ სპექტაკლებს, რომლებსაც პეტრე და ლეო აფორმებდნენ. თეატრში სიარული ოჯახურ ტრადიციად ითვლებოდა, პეტრე კი სპექტაკლის მსვლელობისას უბის წიგნაკში ჩანახატებს აკეთებდა„ჩემი ბიძა - პეტრე ოცხელი“. დოკუმენტური ფილმი, ავტორი დ.ჩუბინაშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, თბილისი, 2003.ოცხელების გადასვლა მოსკოვში ევროპულ კულტურასთან ნაზიარებ რუსული კულტურის აღმავლობის პერიოდს დაემთხვა. 1890-1910-იანი წლები რუსეთის კულტურის ისტორიაში „ვერცხლის საუკუნის“ სახელითაა ცნობილი. ეს იყო ყველა სახის შემოქმედებითი და, განსაკუთრებით, თეატრალური საქმიანობის აყვავების ეპოქა. ევროპის კვალდაკვალ რუსეთშიც ჩნდება რეჟოსორული თეატრის ცნება, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ხელოვნებათა სინთეზის თეორიასთან (მუსიკა, მხატვრობა, ქორეოგრაფია, განათება). ახალი თეატრალური კონცეფციების გამოჩენამ გამოიწვია სასცენო სივრცის გარდაქმნის აუცილებლობაც. ტრადიციული სცენა-კოლოფის რეფორმას, მისი არქიტექტურული ფორმების შეცვლას ხელი მოჰკიდეს შვეიცარიაში, პარიზსა და მილანში ადოლფ აპიამ, მიუნჰენში - გეორგ ფუქსმა, ბერლინში - მაქს რეინჰარდტმა, ევროპის მრავალ თეატრში - გორდონ კრეგმა. რუსეთში კონსტანტინე სტანისლავსკიმ, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკომ, ვსევოლოდ მეიერჰოლდმა, კოტე მარჯანიშვილმაСтаниславский К.С. Моя жизнь в искусстве, издательство „Искусство„ Москва 1972, стр.518.მოსკოვურ თეატრალურ დადგმებს აფორმებენ ისეთი მხატვრები, როგორებიც იყვნენ კაზიმირ მალევიჩი, ალექსანდრა ეკსტერი,ლეონ ბაქსტი, ალექსანდრე ბენუა, ნიკოლაი რერიხი, ვიქტორ სიმოვი... ამ პერიოდის სცენოგრაფია თანამედროვე ავანგარდული მხატვრული მიმდინარეობების ძლიერი გავლენით ვითარდებოდა (სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, სუპრემატიზმი, მოდერნი, კონსტრუქტივიზმი), რამაც დიდი გავლენა მოახდინა პეტრე ოცხელის, როგორც თეატრის მხატვრის ჩამოყალიბებაში. 1918 წლის აგვისტოს შემდეგ ოჯახს ძალიან გაუჭირდა. გრიგოლ ოცხელს „ბოლშაია სერპუხოვსკაიაზე “ ფაბრიკა ჩამოართვესაღსანიშნავია, რომ 1918 წელის 30 აგვისტოს სწორედ ამ ქუჩაზე, „ბოლშაია სერპუხოვსკაიაზე“, მიხელსონის სამრეწველო ქარხანაში მოწყობილ მიტინგზე ნახევრად ბრმა ქალმა, ფანი კაპლანმა, სამი გასროლით მძიმედ დაჭრა კომუნისტური პარტიის ბელადი, ვლ. ლენინი. სავარაუდოდ, გრიგოლ ოცხელს ფაბრიკა ამ შემთხვევის შემდეგ ჩამოართვეს.ოჯახის მამა ბიჭებთან ერთად სოფელ-სოფელ დადიოდა და ხისგან გამოჭრილ ხალხური შემოქმედების ნიმუშებს იძენდა, შემდეგ კი მათ მოსკოვში ყიდდა. სუსტი ჯანმრთელობის გამო, ზაფხულის პერიოდში, ძმები ქალაქგარეთ, ბავშვთა ბანაკში მიაბარეს. აქ მათ ხატვის მასწავლებელმა სასკოლო სპექტაკლის გაფორმება დაავალა. 11 წლის პეტრემ აკვარელით მუყაოზე დახატა და გამოჭრა ზღაპარ „კონკიას“ ყველა პერსონაჟი. უმცროს ძმასთან - ლეოსთან ერთად გააკეთა მაკეტი და მიზანსცენაში ჩაამონტაჟა პერსონაჟები. მაკეტი მოსკოვში საბავშვო გამოფენაზე გაგზავნესპეტრე ოცხელი-108 - რადიო 1 სტუმრები: მარინა ოცხელი - პეტრე ოცხელის დისშვილი ქეთევან კინწურაშვილი. რადიო1 radio1.ge/ge/videos/view/150681.html.1920 წელს გაკოტრებული, სულიერად ტრავმირებული ოცხელების ოჯახი სხვა ქართველებთან ერთად მოსკოვიდან საქართველოსკენ ოთხთვალა ფორნით გამოემგზავრა. თბილისში ჩასვლისთანავე დედამ მიატოვა ოჯახი და ბავშვები მამასთან მარტო დარჩნენ. თავი იჩინა მშობლებს შორის დიდმა ასაკობრივმა სხვაობამ – მამა დედაზე 22 წლით უფროსი გახლდათ; დედის თემა ტაბუდადებული გახდა - ოჯახში მასზე არასდროს საუბრობდნენ. თამარ (თათული) ღვინიაშვილი იგონებს- მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილის მეუღლე, ნინა ოცხელის ახლო მეგობრის, ბაბო დადიანის ქალიშვილი აუდიოჩანაწერი ინახება მერი მაცაბერიძის პირად არქივში.პეტრეს დის, ნინოს, მონათხრობს: „ნინო ამბობდა: ჩვენთვის, ბავშვებისთვის, უმძიმესი პერიოდი იყო, როდესაც მივდიოდით სახლში და დედა არ გვხვდებოდა, ვხედავდით საოცრად მოწყენილ მამას“. ბავშვებმა, განსაკუთრებით - პეტრემ უაღრესად მძიმედ გადაიტანეს დედასთან დაშორება. სულიერი ტკივილისა და მარტოობის განცდა (ილ. 9), რომელიც გამოწვეული იყო დედასთან დაშორებით, ლაიტმოტივად გასდევს მის შემოქმედებას და, ზოგადად, ცხოვრებას. ოჯახი ქუთაისში დასახლდა, სადაც მათ სახლი ჰქონდათ. გრიგოლ ოცხელი მალარიის წამალს „მალარიკს“ ამზადებდა და ამით არჩენდა ოჯახს. ამ ფაქტს ადასტურებს თათული ღვინიაშვილი თავის მოგონებებში. ამავე წელს პეტრემ სწავლა გააგრძელა ქუთაისის სკოლაში. იგი სკოლასთან არსებულ სამხატვრო სტუდიაში ხატვას პედაგოგ ივანე ჭეიშვილთან ეუფლებოდა. თავის მოგონებებშიმაცაბერიძე მ., პეტრე ოცხელი, Artpalace. სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, N3(01), http://www.artpalace.ge/ge/PDF/art_palace_29.07.2011.pdf. 29.07.2011; უკანასკნელი ნახვა 2016პედაგოგი აღნიშნავს, რომ პეტრე უაღრესად ნიჭიერი, ბეჯითი, თავაზიანი, ენამახვილი, მეგობრების მოყვარული, „აკურატულად“ ჩაცმული მოსწავლე იყო. პეტრე ოცხელის თანაკლასელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბიძინა აბესაძე ხშირად უყვებოდა თავის ქალიშვილს - ხელოვნებათმცოდნე ირინე აბესაძეს პეტრეს შესახებ. ხელნაწერ მოგონებაში (23.VII.2016) ქ-ნი ირინე შემდეგს მოგვითხრობს: „მამაჩემი, ბიძინა აბესაძე, დაბადებული 1907 წელს, სასწავლებლად ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შეიყვანეს. მისი თანაკლასელები იყვნენ შემდგომში ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწენი, აკადემიკოსები: რაფიელ დვალი, გიორგი შხვაცაბაია; ინჟინერ-მშენებლები: მიშა ალხაზაშვილი და არჩილ ლომინაძე, ადვოკატი გურამ უგრეხელიძე, მწერალი სიმონ წვერავა, ენათმეცნიერი ვანო გიგინეიშვილი და სხვები. რაც მთავარია, ამ კოჰორტაში გამორჩეული იყო უნიჭიერესი მხატვარი პეტრე ოცხელი. „პეტია“, ასე ეძახდნენ თანაკლასელები მეგობარს; [ის] იყო წყნარი, თავის ფიქრებში წასული ყმაწვილი. იგი გაკვეთილებზე, დასვენებისას, თავისუფალ დროს სულ ხატავდა. მასწავლებლები ხშირად ამის გამო შენიშვნასაც აძლევდნენ, მაგრამ მისი ხელი თითქოს ავტომატურად საოცარი სისწრაფით აკეთებდა ჩანახატებს, განსაკუთრებით კი ორნამენტების ხატვა ჰყვარებია (ილ. 10) პეტია ხატავდა ყველგან და ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდა, ქაღალდის ნაგლეჯებზეც კი. მამაჩემი შემდგომში ძალიან განიცდიდა, რატომ არ შეაგროვეს ეს ნახატები, ისინი ხომ გენიალურ მხატვარს ეკუთვნოდა. ხშირად გაკვეთილებს ვაცდენდით და მივდიოდით ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე, გელათსა და მოწამეთაში, გვიყვარდა საფიჩხიაზე და ბულვარის „კიდეზე“ სეირნობა. პეტია მუდმივად ჩვენთან იყო, მაგრამ, ამავე დროს, განმარტოვებაც უყვარდა. ჩვენთან ბურთს არ თამაშობდა, გვაკვირდებოდა და უბის წიგნაკში რაღაცას იხატავდა. მამა განიცდიდა პეტრე ოცხელის ტრაგიკულ ბედს, გული წყდებოდა, პეტრეს ბავშვობის პერიოდის ჩანახატები ასე უკვალოდ რომ დაიკარგა“.
მართლაც, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მხატვრის ბავშვობის დროინდელი მასალის სიმცირის გამო შეუძლებელია, თვალი მიადევნო, თუ როგორ ვითარდებოდა და იზრდებოდა პეტია - მხატვარი. თუმცა ორი წლის წინ როდესაც ქუთაისში, კოტე ოცხელის მეუღლესთან, მარინა აფხაიძე-ოცხელთან ერთად მხატვრის ნათესავს, 80 წელს მიღწეულ ქალბატონ დონარა ოცხელს ვესტუმრე, პეტრე ოცხელის მიერ 15 წლის ასაკში შესრულებული აქამდე უცნობი გრაფიკული ნახატი აღმოვაჩინე, იგი არ მოსწრებია პეტრეს და არც რამ იცის მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რადგან ნათესავები მასზე არ საუბრობდნენ, ბავშვობის მოგონებებიდან კი ახსოვს, რომ ძმასთან და დანარჩენ ბიძაშვილებთან ერთად ოცხელების სახლის სარდაფში თამაში ჰყვარებია. იქ ინახებოდა გრიგოლ ოცხელის და მისი ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი ლამაზი ღია ბარათები (ილ. 17) და პეტრეს უამრავი გრაფიკული ნახატი. გულდაწყვეტილმა მითხრა, რომ დედის რჩევით ქაღალდზე დახატულ პეტრეს ნახატებს რეცხავდა და ხელში რჩებოდა ნაჭერი, რომლისგანაც თოჯინებს კაბებს უკერავდა - ეს იყო უმაღლესი ხარისხის ველენის ქაღალდი, რომელიც ქსოვილის მასისგან მზადდებოდა. დონარა ოცხელს სათუთად ჰქონდა შენახული შემთხვევით გადარჩენილი ველენის ქაღალდზე ფერად ფანქარში შესრულებული პეტრეს ერთადერთი მცირე ზომის ნახატი, რომელიც აქამდე არავისთვის უჩვენებია - მსახიობ თამარ ბოლქვაძის პროფილური პორტრეტი, შესრულებული 1922 წელს. (ილ. 11) ამ ადრეულ ნახატში მკაფიოდ ჩანს მხატვრის მსოფლხედვა. ნახატი არ ნუოვოს (მოდერნის) სტილშია შესრულებული. აქ ესთეტიკურად ლამაზი, მეტად სტილიზებული, მდინარი, მრუდხაზოვანი ფორმები შერწყმულია მცენარეულ დიზაინთან. მოგვიანებით პეტრე ოცხელის მხატვრობა ბევრად სადა და ლაკონიური ხდება, თუმცა, სტილიზაცია, ხაზის პლასტიკა და ესთეტიზმი ბოლომდე მიჰყვება მის შემოქმედებას. დონარა ოცხელს ჰქონდა, ასევე, იმ სახლის ფოტო (თბილისის ქუჩა N7) (ილ 12), რომელშიც ოცხელები ცხოვრობდნენ ( ილ. 6).
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925 წელს, პეტრე ოცხელი ჩამოვიდა თბილისში, წარმატებით ჩააბარა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე,სადაც შესანიშნავი სკოლა გაიარა ისეთ ოსტატებთან, როგორებიც იყვნენ: იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერე. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ხელნაწერთა არქივში დაცულია პეტრე ოცხელის სამხატვრო აკადემიის სტუდენტის წიგნაკი,რომელშიც მითითებულია ფერებით წერის ფაკულტეტი, 1925 წელი, ხოლო, მარინე ოცხელის ოჯახურ არქივში ინახება სტუდენტის მეორე წიგნაკი, რომელშიც მითითებულია ხუროთმოძღვრების ფაკულტეტი, 1926-27 წლები. გამოდის, რომ მან ჯერ ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ კი არქიტექტურის ფაკულტეტზე გადასულა. ეს იწვევდა გარკვეულ გაუგებრობას და ხშირად კამათის საგანიც ხდებოდა: იგი იყო ფერმწერი თუ არქიტექტორი? აქედან გამომდინარე კი გასაგები ხდება მხატვრისგან არქიტექტონიკის ცოდნა, რაც ასახულია მის თეატრალურ- არქიტექტურულ დეკორაციებში. პეტრე ოცხელმა თეატრალური კარიერა დაიწყო და დაასრულა რეჟისორ ვახტანგ აბაშიძესთან ერთად (ისინი ერთად დააპატიმრეს მოსკოვში, დაჰკითხეს და დახვრიტეს თბილისში). პირველად პეტრე თეატრში ვახტანგ აბაშიძემ მიიყვანა. 1927 წელს მოსკოვიდან ჩამოსული ახალგაზრდა რეჟისორი, ვახტანგ აბაშიძე ახალდაარსებული თანამედროვე დრამის რუსულ მუშათა თეატრში იწყებს რეჟისორად მუშაობასთეატრი დააარსა ბაქოდან ჩამოსულმა კინოსცენარისტმა, ვლადიმერ შვეიცერმა, ლიტერატურული ფსევდონიმი - პესიმისტი, იხ.მ. მაცაბერიძე. http://www.georgianart.ge/index.php?option=com_magazine&func=show_edition&id=16&Itemid=&lang=en ganaxlebuli 2/10/2016. უკანასკნელი ნახვა 2017.ვახტანგ აბაშიძემ არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე კურსის ოცი წლის სტუდენტს მიანდო საკუთარი სპექტაკლის - ანატოლი ლუნაჩარსკის „ცეცხლის გამჩაღებლების“ გაფორმება. პეტრე ოცხელის დებიუტი წარმატებული გამოდგა. სპექტაკლში მონაწილეობდა კოტე მარჯანიშვილის მეუღლე, ელენე დონაური, მისი თხოვნით, ენახა ნიჭიერი მხატვრის შემოქმედება სპექტაკლს დიდი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილიც დაესწრო. იგი მოიხიბლა თითქმის გამოუცდელი მხატვრის მიერ სწორად გააზრებული სცენოგრაფიით, სადაც ჩანდა ეპოქის ღრმა ცოდნა, მსოფლხედვა, მიდრეკილება ფილოსოფიური აზროვნებისკენ და, რაც მთავარია, ინდივიდუალური ხელწერა, რაც მას სხვათაგან გამოარჩევდა (ილ. 13, 14). მან ნიჭიერი ახალგაზრდა თეატრში მიიწვია.
ოცხელი-მარჯანიშვილის ტანდემი - ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც მხტვარსაც და რეჟისორსაც ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ. პეტრე ხდება კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაის-ბათომის მეორე დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი, ხოლო 1930 წლიდან - ახლანდელი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მხატვარი. 1928-დან 1933 წლის ჩათვლით იგი აფორმებდა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით დადგმულ სპექტაკლებს და მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგაც თეატრში კიდევ სამი წელი უმუშავია, თუმცა შესაბამის დოკუმენტაციას ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე. ვერ მოიძებნა რაიმე დოკუმენტი, ბრძანება, ხელშეკრულება ან ხელფასის უწყისი, რომელიც დაადასტურებდა პეტრე ოცხელის მოღვაწეობას მარჯანიშვილის თეატრში. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტაცია ამოღებულია, რასაც ადასტურებს მისი დისშვილი, მარინა ოცხელიც. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ დოკუმნტების შემდგომი ძიება შედეგს გამოიღებს, რადგანაც არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში მუშაობისას, 1934 წლის შრომითი კონფლიქტების და სასამართლო საქმეების საქაღალდეში გამოვლინდა პეტრე ოცხელის მიერ დაწერილი ორი საჩივარი საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური გამგეობის სახელზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ოცხელს თელავის თეატრში გაუფორმებია სპექტაკლი „მილიონი ანტონიები“ ვახტანგ აბაშიძის რეჟისორობით, ასევე, ქუთაისში ბენ ჯონსის „ვოლპონე“ ვასილ ყუშიტაშვილის რეჟისორობით. მხატვრისთვის ორივე შემთხვევაში შესრულებული სამუშაოსთვის მხოლოდ მცირედი თანხა გადაუხდიათ ავანსის სახით. ამიტომაც გამნცხადებელი ითხოვს თანხის სრულ ანაზღაურებას. განცხადებებს თან ახლავს თელავის თეატრის დირექტორის - გიორგი მომცემლიძის და ქუთაისის თეატრის რეჟისორის - ვასილ ყუშიტაშვილის დაკვეთის დამადასტურებელი ხელწერილები. ჩვენთვის უცნობია, დაკმაყოფილდა თუ არა მომჩივანი, მაგრამ ეს დოკუმენტები თავისთავად მნიშვნელოვანია - უპირველესად იმით, რომ მოიძებნა მხატვრის თეატრში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მეორეც, დღემდე არ იყო ცნობილი, რომ პეტრე ოცხელს გაფორმებული ჰქონდა თელავის თეატრის სპექტაკლი, რაც თეატრის რეპერტუარშიც კი არაა აღნიშნული. ამგვარად, პეტრე ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლების ნუსხას კიდევ ერთი, დღემდე ჩვენთვის უცნობი მიემატა. ასევე, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის სააფიშო ფონდში გამოვლინდა სატირის თეატრის საგასტროლო აფიშა დასის წევრების ფოტოსურათებით, სადაც პეტრე ოცხელის ფოტო „კარველი“-ს ფსვდონიმითაა დაბეჭდილიპეტრე ოცხელის დაბადებიდან 110 წელი გავიდა. იმედის არხი 17 ოქტომბერი 2017. ART PALACE ხელოვნების სასახლე https://www.facebook.com/artpalace.ge/videos/1413429672061489/კითხვა დაისვა, რატომ აირჩია მხატვარმა ეს ფსევდონიმი. Carvel - Caravel სამიალქნიანი, [....]История Корабля 2 Автор: Аверьянов В. 1стр. Жанр: История; 2013-11-18 განახლებული 2017 http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:9NVeDm163HYJ:booksonline.com.ua/view.php%3Fbook%3D110282+&cd=2&hl=en&ct=clnk&gl=geმსუბუქი, ძალიან სწრაფი, სხარტი ნავია, რომელიც დიდ სისწრაფეს ანვითარებს. (ილ.18) პეტრე ცელქი, სხარტი ბიჭი იყო (გ. ალიბეგაშვილი)ალიბეგაშვილი გაიანე „პეტრე ოცხელი“, „ლიტერატურა და ხელოვნება“. თბილისი, 1964., მის დასახასიათებლად ხშირად იყენებდნენ რუსულ სიტყვას „шустрый“- ძალიან სწრაფი, მოხერხბული. ვფიქრობ, ეს ფსევდონიმიც საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე აარჩია ან შეურჩიეს მხატვარს.
ოცხელი მოსკოვში მიიწვია რეჟისორმა ვახტანგ აბაშიძემ მცირე თეატრის სპექტაკლის, ფრ. შილერის „ვერაგობა და სიყვარულის“ გასაფორმებლად. მხატვრის მოღვაწეობის ამ პერიოდზე ვიგებთ მის მიერ მოსკოვიდან გამოგზავნილი წერილებიდან, რომლებსაც უგზავნიდა ახლო მეგობარს, მსახიობ მედეა ქორელს, რეჟისორ არჩილ ჩხარტიშვილის მეუღლეს და თავის შუათანა დას - ნინოს. წერილები პირადული ხასიათისაა, მაგრამ მხატვარი ეხება თავის საქმიანობასაც, რაც ჩვენთვის საინტერესოცაა და მნიშვნელოვანიც მისი ცხოვრება-შემოქმედების შემდგომი კვლევებისთვის. გთავაზობთ ამონარიდებს პეტრე ოცხელის რუსულიდან გადმოქართულებული წერილებიდან.
„ნინას - საოცრად ვღელავ, რადგან აქამდე არანაირი ცნობა არა მაქვს შენგან. ძალიან დაკავებული ვარ, სრულიად არ მაქვს დრო. თუკი ოდესმე სადმე რამე მიკეთებია, ყველაფერმა თავი წამოყო და ამიტომ ახლა ძალიან მიჭირს ბასმაჩებილევ სტეპანოვის ოპერა „დარვაზის ხეობა“, სტანისლავსკის საოპერო თეატრი.(სტანისლავსკის თეატრი), ფუენტელოპე დე ვეგა, „ცხვრის წყარო“, (ფუენტე ოვეხუნა), სტანისლავსკის საოპერო თეატრიმოსკოვის მცირე თეატრის ფილიალი ზემეტჩინოში. მებაღის ძაღლილოპე დე ვეგა, „ძაღლი თივაზე“, სტანისლავსკის საოპერო თეატრი.(ბებესთან), ნაძვის ხე ბავშვებისათვის (ხალხური შემოქმედების თეატრი), ვერაგობა და სიყვარულიფრიდრიხ შილერი, „ვერაგობა და სიყვარული“, მცირე თეატრის ფილიალი ზემეტჩინოში.(ზემეტჩინა). ხედავ რამდენია. იმის დროც კი არა მაქვს, რომ მამას წერილი მივწერო, და, რა ამის პასუხია, რა ხანია, არც მისგან მიმიღია ერთი სიტყვაც კი. ტუზიქორეოგრაფი დავით (ტუზი) მაჭავარიანი.მესიზმრა - გრძელი ღია ფერის თმით, ამბობენ, ძალიან ცუდი სიზმარიაო. ნინკა, ველი წერილს დაწვრილებითი ცნობებით. ფული გადავინახე იმ ნივთების შესაძენად, შენ რომ გჭირდება. დროებით, გკოცნი, ვღელავ. პეტია“Петре Оцхели, каталог, автор концепции и текста Коте Джандиери, Москва, 2012, с.147-148. „ძვირფასო ნინკა,იქვეთავდაპირველად უნდა დავადასტურო, რომ შენზე საძაგელი ადამიანი არსად შემხვედრია, თეატრებშიც კი. ამას გწერ ისე, ყოველი შემთხვევისათვის, რომ არ დაგავიწყდეს. მეორეც, შენ გაინტერესებს „ვერაგობა“ მოსკოვის მცრე თეატრის დადგმა შილერის „ვერაგობა და სიყვარული“, 1936.. მაშ ასე: ძალიან კარგი სპექტაკლია, ტემპერამენტიანი, გაჯერებული და, ამასთან, დახვეწილი. ძირითადად, კარგი გაფორმება და კოსტიუმებია. აბა რა უნდა მოგწერო ამის შესახებ. ყველაფერი, რაც ჩემს სამუშაოს შეეხება, ენით ვერ აღწერ. შეგიძლია ამაში ეჭვიც კი არ შეგეპაროს. თუ მე საკუთრ თავზე ვამბობ, რომ ეს კარგია, მაშ, ეს ნამდვილად კარგია. ამჟამად ვმუშაობ სტანისლავსკისთან ერთად ოპერაზე. მასთან ვარ ხშირად, მამყოფებს ხოლმე რამდენიმე საათს ზედიზედ. ვახვახოვნაკომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი.ხვალ თავის ოპერეტას აბარებს. რით დამთავრდება, არ ვიცი. ნინა, როგორ მიდის შენი საქმეები კონსერვატორიაში? როდის ფიქრობ საქმეების დამთავრებას? გათხოვებას ხომ არ აპირებ? საოცრად ვილანძღები რუსთაველის თეატრის გამო, ისრებს მესვრიან... უნდათ, რომ მუდმივად მათთან ვიმუშაო. არ ვიცი, როგორ დამთავრდება ჩვენი მიმოწერა. უკვე თავი მომაბეზრეს. გკოცნი პეტია“ . „[...] რაც შეეხება ჩემს ფორმალიზმს, მე მას არ უარვყოფ და არც როდის ვიტყვი მასზე უარს (ეს ჩვენს შორის). რაც დევს ჩემში და რაც ხაზს უსვამს ჩემს მეობას და რაც მცირედით მაინც განმასხვავებს სხვებისაგან, რაც ჩემთვისაა დამახასიათებელი, [...]უპირველესი კი ისაა, რომ თუ შენ თვლი, რომ მე რამდენადმე თავს ფორმალიზმის მიმდევრად ვთვლი, შენ ცდები, რადგან ყველაფერი ის, რაც არარეალურია, არ არის ფორმალიზმი. ყველა ეს „იზმი“ არ არის ყოველთვის გადახრა რომელიმე მიმართულებით, ყოველთვის ვერც მოუძებნი დასახელებას. ხო, მართლა, რომელიღაც გამოცემაში წავიკითხე მარჯანოვის თეატრის შესახებ. პროფესორი მოროზოვი (სამხატვრო მეცნიერებათა აკადემია) ამბობს, რომ „მხატვარი ოცხელი, მისი არაჩვეულებრივი ნიჭიერებით გამორჩეული ნამუშევრებით, რომელებსაც საფუძვლად „ურიელი“ უდევს, ნებას არ გვაძლევს, უფრო სწორად კი, საშუალებას არ გვაძლევს ჩვენ, ხელოვნების სპეციალისტებს, მივუსადაგოთ იგი რაიმე მიმდინარეობას, ეს რაღაც ახალი და სპეციფიკურია“. აი ასე, მე ამას გადმოგცემ მხოლოდ ჩემი სიტყვებით, რადგან ზეპირად არ მახსოვს. შენ კი აგიჩემებია - ფორმალიზმიო. მოდი, მოვრჩეთ ამაზე - შეუძლებელია წერილში ლექციების კითხვა. ეს საშინელებაც კია, ვინმე წაიკითხავს და იფიქრებს, რომ მე საკუთარ თავზე, ღმერთმა უწყის, რამხელა წარმოდგენა მაქვს. კი არავინ იფიქრებს, რომ ამ საქმეზე ისეთმა ხელიდან წასულმა ადამიანმა გამომიწვია, როგორიც შენ ხარ. უკვე დამღალა წერამ. ახლახანს დავბრუნდი ღამის მონტაჟიდან. სტანისლავსკის თეატრიდან. ვწერ საწოლში და ვერც ხელებსა და ვერც ფეხებს ვგრძნობ. გკოცნი, პეტია“. „სალამი, საყვარელო მედეა [ ... ] თქვენ გაინტერესებთ, რას ვაკეთებ; აი, რას: მცირე თეატრში გავაფორმე (ფორმალიზმის გარეშე) სპექტაკლი „დიდება“. იყო არნახული წარმატება, გამომიძახეს (არ ვტრაბახობ, უბრალოდ, როგორც მეგობარს, გულახდილად გწერ). შემდეგ, მცირე თეატრის ფილიალში წარმატებით გავაფორმე ორი სპექტაკლი. კიდევ ერთი სპექტაკლი - მორდოვიის რესპუბლიკაში [...] და გოლდონის „სასეირო შემთხვევა“ ბებე თუმანოვის მოხუცმაიოსებ თუმანიშვილიდრამისა და კომედიის თეატრში, მაგრამ არა მისი დადგმით, გამოვიდა სრულიად მომხიბვლელი საოპერო სპექტაკლი. ამჟამად ვმუშაობ სტანისლავსკის საოპერო თეატრის დადგმაზე, „რიგოლეტოზე“ (ამ სამუშაოზე მოხუცმაიგულისხმება კონსტანტინე სტანისლავსკი.მოიწვია რამდენიმე ახალგაზრდა მხატვარი, შემდეგ ამოარჩევს). ოღონდ გთხოვ, ნუ გამიხმაურებ. ვემზადები მცირე თეატრში „ფუენტე ოვეხუნას“ გასაფორმებლად. ვვარაუდობთ გრანდიოზულ სპექტაკლს, იხარჯება უამრავი ფული, ვდგამთ არა მარჯანიშვილისეულად (ანუ აქ თეატრალებმა ეს ფორმა მოძველებულად მიიჩნიეს). ვაკეთებთ ჩვენებურად. ნამდვილი [...] გლეხები, ყოველგვარი (გოგოლევას) ლაურენსიების გარეშე, არა „ა ლა კარმენ“ (როგორც აქ ითქვა), არამედ ჭეშმარიტი გლეხის ქალი. კიდევ, სავარაუდოდ, იგეგმება ჩემი დადგმა სახალხო შემოქმედების თეატრში, მაგრამ ეს ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. ყოველ შემთხვევაში, სამუშაო ბევრია. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საოცრად დავიღალე, არა იმდენად მუშაობისაგან, რამდენადაც საერთოდ, მაგრამ ამისაგან თავს ვერ დაიძვრენ, რამდენიც უნდა დაისვენო. გულახდილად რომ ვთქვა, მეშინია კიდეც დასვენების. უზომოდ ვბერდები და ვჭაღარავდები „ბუკვალურად“ ყოველ საათში და ყველაზე საშინელი ისაა,რომ ვსუქდები, რატომ, არ ვიცი. ღორმუცელა არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. ვშიშობ, მალე ლუნდბერგსევგენი ლუნდბერგი - მწერალი, კრიტიკოსი; თარგმნიდა ქართველ კლასიკოსებს; მეუღლესთან - ელენე ღოღობერიძესთან ერთად თარგმნა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები. დავემსგავსები (რა საშინელებაა, მგონი მეტისმეტი მომივიდა)“პეტრე ოცხელის წერილები მედეა ქორელს. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზუმის ხელნაწერთა ფონდი, ა. ჩხარტიშვილის არქივი. მ.მ.)... ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“ საოპერო თეატრის დადგმის კონკურსზე პეტრე ოცხელის დეკორაციის ერთადერთმა ესკიზმა გაიმარჯვა, მაგრამ მხატვარი მის განხორციელებას ვერ მოესწრო 1937 წლის 21 სექტემბერს პეტრე ოცხელი, მოულოდნელად დააპატიმრეს, მასთან ერთად კი მცირე თეატრის რეჟისორი ვახტანგ აბაშიძე და თეატრალური მოღვაწე გიორგი ჟორდანია. (ილ. 15) მათ ბრალი დასდეს სერგო ამაღლობელის ხელმძღვანელობით არარსებული კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციის შექმნაში. მათი დაკითხვა „ტროიკასთან“ თითოჯერ გაიმართა. სამივეს ჩვენებაში ნათქვამი აქვს, რომ არავითარ ტროცკისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თავს დამნაშავედ არ ცნობენ. რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორობაში ბრალდებული სერგო ამაღლობელის დაკითხვის ოქმს, იგი ამბობს, რომ პეტრე ოცხელი აპოლიტიკური ადამიანია და ამ საკითხში გაუცნობიერებელი მხატვარიკიკნაძე ვ., წამებული რაინდები (თეატრი სუკ-ის არქივებში), თბილისი,1992, გვ. 71, 103-106.პეტრე ოცხელს დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ მხოლოდ ერთხელ დაჰკითხავენ. პეტრე ოცხელის დახვრეტის ოქმის სრულყოფილი თარგმანი რუსულიდან ქართულად:
ა.ს.ფ.ს.რ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი. სახელმწიფო უშიშროების სამმართველო დაკითხვის ოქმი, საქმე N40, 1937 წ. ნოემბერი,27. 1. გვარი - ოცხელი. 2.სახელი და მამის სახელი - პეტრე გრიგოლის ძე. 3. დაბადების თარიღი - 1907 წელი. 4.დაბადების ადგილი ქ. ქუთაისი. 5. საცხოვრებელი ადგილი ... ქ.მოსკოვი, ოგარიოვის ქუჩა N 1/12 ბინა 19. 6. ეროვნება და მოქალაქეობა - ქართველი, სსრკ მოქალაქე. 7. პასპორტი - გაცემულია მოსკოვის რაიონული მილიციის მე-9 განყოფილებაში 1/ IX – 37. N555657. 8. საქმიანობა - თეატრის მხატვარი, ბოლო დროს მუშაობდა სტანისლავსკის სახელობის ოპერის თეატრში. 9. სოციალური წარმომავლობა - ყოფილი ვაჭრებიდან. სოციალური მდგომარეობა - მოსამსახურე ა. რევოლუციამდე სწავლობდა მოსკოვში, რეალურ სასწავლებელში. ბ. რევოლუციის შემდეგ - მოსკოვში და 1919 წლის მერე - თბილისში. 10. ოჯახის შემადგენლობა - მამა - გრიგორი პეტრეს ძე - 76 წლის ქუთაისში [...] და - ნინა გრიგორის ასული - 32 წლის, ცხოვრობს საბურთალოს [...] 11. [...] 12. განათლება - დაუმთავრებელი უმაღლესი. 13. პარტიულობა - უპარტიო. 14. რა რეპრესიებს ექვემდებარებოდა: ნასამართლეობა, დაპატიმრება და ა.შ. - მისი სიტყვებით, არ ყოფილა რეპრესირებული ა. რევოლუციამდე - არა; ბ. რევოლუციის შემდეგ - არა. 15. რა ჯილდოები აქვს მიღებული საბჭოთა ხელისუფლების დროს -არა. 16. სამხედრო სათადარიგო აღრიცხვის კატეგორია და სადაა აღრიცხვაზე აყვანილი - მოხსნილია აღრიცხვიდან ავადმყოფობის გამო, ხერხემლის ძვლის ტუბერკულიოზი TBC 3.45 მალისა (პოპულარულ ენაზე კუზი - მ. მ.). 17. წითელ არმიაში მსახურება - არა. 18. თეთრებთან მსახურება და სხვა კატეგორიის არმიებში - არა. 19. მონაწილეობა ბანდებში და სხვა კატეგორიის აჯანყებულთა ორგანიზაციებში - არა. 20. ცნობები საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ -არა. ბრალდებულის ჩვენება კითხვა: თქვენ ბრალად გედებათ, რომ შედიოდით კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. გაგვეცით კითხვაზე არსებითი პასუხი. პასუხი: კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ შევდიოდი. კითხვა: კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობისთვის თქვენ მხილებული ხართ მოწმეთა მიერ. მოგვეცით ჩვენება თქვენი კონტრრევოლუციური მუშაობის შესახებ. პასუხი: კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მე არ შევდიოდი და კონტრრევოლუციურ მუშაობას არ ვეწეოდი. კითხვა: მოგვახსენეთ თქვენი კავშირის შესახებ სერგო ამაღლობელთან. პასუხი: სერგო ამაღლობელი მე გავიცანი მოსკოვში 1930 წელს მარჯანიშვილის თეატრის გასტროლების დროს. ჩემი ნაცნობობის განმავლობაში მე მას სამჯერ შევხვდი მის ბინაში. ერთხელ 1936 წელს და ორჯერ 1937 წელს. კითხვა: რა საუბრები გქონდათ პოლიტიკურ თემებზე სერგო ამაღლობელთან? პასუხი: ამაღლობელთან პოლიტიკურ თემებზე საუბარი არასოდეს მქონია, მხოლოდ თეატრალური პიესების და დადგმების შესახებ.[...] კითხვა: მოგვიყევით თქვენი კავშირის შესახებ უცხოელებთან მოსკოვში. პასუხი: უცხოელებთან არავითარი კავშირი არ მქონია. კითხვა: გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თქვენ კავშირი გქონდათ ერთი უცხოური წარმომადგენლობის თანამშრომელთან. მოგვეცით ჩვენება ამ კავშირის შესახებ. პასუხი: უცხოური ორგანიზაციის თანამშრომლებთან ურთიერთობა ასევე არ მქონია. კითხვა: 1931 წლის შემდეგ რამდენჯერ იყავით და რამდენ ხანს ცხოვრობდით მოსკოვში? დაასახელეთ თვე და წელი. პასუხი: 1931 წლის შემდეგ მოსკოვში 1934 წლის დეკემბერში ჩამოვედი. დავყავი ერთი თვე ანუ 1935 წლის იანვრამდე. კითხვა: მოსკოვში სად და ვისთან ცხოვრობდით მაშინ? პასუხი: ვცხოვრობდი ჩემ ძმასთან - ლეონ გრიგოლის ძესთან. ზაცეპსკის გასასვლელში N5/11 ბ.N6; ჩემი ძმა მაშინ მუშაობდა „მოსპოლიგრაფტრესტში“ ელექტრომექანიკოსად. კითხვა: ცხოვრობდით რა ძმასთან, იყავით თუ არა მასთან ჩაწერილი? პასუხი: ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მახსოვს, რომ ჩაწერილი ვიყავი. კითხვა: მოგვეცით ჩვენება თქვენი კავშირის შესახებ გიორგი ყურულოვთან (ყურულაშვილი მ.მ.) პასუხი: ყურულოვს ვიცნობ ჯერ კიდევ 1928 წლიდან. გავიცანი მარჯანოვის ხელმძღვანელობით ქუთაისის თეატრის გასტროლების დროს ოპერის თეატრში. კითხვა: მოგვეცით ჩვენება ყურულოვთან თქვენი შეხვედრების შესახებ. პასუხი: ჩემი შეხვედრების შესახებ ყურულოვთან ვაცხადებ შემდეგს: პირადად რამდენჯერმე ვარ მასთან ბინაზე ნამყოფი საღამოს ვახშამზე თუ წვეულებაზე. 1937 წელს მოსკოვში შევხვდი სერგო ამაღლობელის ბინაზე. ხანდახან მას მარჯანოვის თეატრშიც ვხვდებოდი. კითხვა: გქონდათ ყურულოვთან საუბრები რაიმე პოლიტიკურ თემებზე? პასუხი: პოლიტიკურ თემებზე ყურულოვთან საუბრები არ მქონია. კითხვა: მოახსენეთ გამოძიებას გიორგი ჟორდანიასთან და ვახტანგ აბაშიძესთან თქვენი კავშირის შესახებ. პასუხი: ჟორდანია გავიცანი 1936 წელს ზემეტჩინოში, როცა იქ სამუშაოდ ჩავედი. იქ უკვე მუშაობდა აბაშიძე, რომელსაც მე ვიცნობდი 1928 წლიდან მარჯანოვის თეატრში მუშაობის დაწყებამდე. აბაშიძესთან მქონდა კარგი ურთიერთობა. აბაშიძემ მე მოსკოვში მიმიწვია [...]. კითხვა: ვისთან ერთად გამოემგზვრეთ თბილისიდან მოსკოვში? პასუხი: გამომგზავრების დღეს მე შევიტყვე, რომ მოსკოვში მოემგზავრება მარჯანოვის თეატრის მსახიობი ქალი, ვერიკო ანჯაფარიძე. ჩვენ მოვხვდით სხვადასხვა ვაგონში, მაგრამ გზაში მოვეწყვეთ ერთ კუპეში. მოსკოვში იგი დაბინავდა თავის დასთან. კითხვა: ხვდებოდით თუ არა მოსკოვში ვერიკო ანჯაფარიძეს და სად იყავით მასთან ერთად. მოგვეცით ზუსტი ჩვენება. პასუხი: ვიყავი მასთან, მისი დის სახლში 3-4-ჯერ. ერთხელ ვიყავით თეატრში, მეტი არსად. კითხვა: ახლდით თუ არა ვერიკო ანჯაფარიძეს რომელიმე სასტუმროში? პასუხი: ასეთი რამე არ მახსენდება. კითხვა: გამოძიებისთვის ცნობილია, რომ 1934 წლის დეკემბერში თქვენ იყავით სასტუმრო „მეტროპოლში“. მოგვეცი ჩვენება, იქ ვინ მოინახულეთე.ი. ეკითხებიან სამი წლის წინანდელ ამბავს. იხ. მაცაბერიძე მ. „პეტრე ოცხელის დახვრეტის საქმე“, 2015. http://www.georgianart.ge/index. php?option+com.magazine&func+show_edition&id+15<emid=&lang=en პასუხი: ახლა მახსენდება, რომ ვიყავით გოფილექტის ბაღის დირექტორთან ტარუმოვთან. სულ რაღაც 15 წუთით. იქედან გამოვედით ერთად და სად დავშორდით, აღარ მახსოვს. კითხვა: მოგვეცით ჩვენება, კიდევ ვის შეხვდით სასტუმროში? პასუხი: სასტუმროს ნომერში ტარუმოვის გარდა, არავისთან ვყოფილვარ. მხოლოდ ერთხელ ვივახშმე სასტუმროს რესტორანში, კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელთან ერთად. რესტორანში ვიყავით ჩვენ ორნი. როცა იქიდან გამოვდიოდით, შევხვდით ჩემ ძმას, ლეონს, მის მეგობართან ერთად, რომლის გვარიც არ მახსოვს. წავიკითხე, ჩაწერილია ჩემი სიტყვების მიხედვით სწორია: ოცხელი /ხელმოწერა/. დაჰკითხეს: მე-3 განყოფილების უფროსის თანაშემწე სახელმწიფო უშიშროების უფრ. ლეიტენანტი ოსიპოვი? /ხელმოწერა/ მე-2 განყოფილების ოპერრწმუნებულის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების სერჟანტი ატაშიანი /ხელმოწერა/ ქსეროასლი. 1937 წ. 27 ნოემბერი, დასტამბული, ხელნაწერი, რუსულ ენაზე, 7 ფ. (დაკითხვის ოქმი გადმომცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გუბაზ მეგრელიძემ. გამოქვეყნების უფლებით.) 2 დეკემბერს „ტროიკამ“ სამივეს გამოუტანა უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა. (ილ.19) ამ კუთხით ნიშანდობლივია მხატვრის მიერ 1933 წელს შექსპირის „ოტელოს“უ. შექსპირი, „ოტელო“, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, მხატვარი პეტრე ოცხელი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 1932/33 წწ.მარჯანიშვილის თეატრში შექმნილი დეკორაცია სამი ვენეციელი დოჟის გამოსახულებით. სხეულით სავარძელს შეხორცებული, გაქვავებული სამი მსაჯული, რომლებიც ჩვენს წარმოსახვაში არსებულ ინკვიზიტორებს გვაგონებენ. მხატვარმა თითქოს იწინასწარმეტყველა საკუთარი სასიკვდილო განაჩენის გამომტანთა იერსახეები.
„Расстрелять, имущество принадлежащее лично ему конфисковать“( დაიხვრიტოს, პირადი ქონების კონფისკაციით). დახვრეტის განაჩენს ხელს აწერს სამეული: სერგო გოგლიძე, ილარიონ ტალახაძე, შალვა წერეთელი. განაჩენის შესახებ დახვრეტილთა ოჯახებს არაფერი შეატყობინეს. პეტრე ოცხელის მამა, გრიგოლ ოცხელი ისე გარდაიცვალა, რომ შვილის ამბავი არ გაუგია. (ილ. 16) პეტრეს შუათანა და, ნინო, გარდაცვალებამდე ელოდებოდა მის დაბრუნებას. ნინო ოცხელის უახლოესი მეგობრის - ბაბო დადიანის ქალიშვილი, თამარ (თათული) ღვინიაშვილი (დღეს იგი 95 წლისაა) იგონებს: „პეტრეს უგზო-უკვლოდ გაქრობის შემდეგ დეიდა ნინა გათხოვებამდე წელიწადში ერთხელ სახლში აწყობდაეს დღე სავარაუდოდ პეტრეს დაბადების დღე უნდა ყოფილიყო. თეტრის,მუსიკის,კინოსა და ქორეოგრაფიის ხელნაწერთა ფონდში ინახება პეტრე ოხელის დაბადების მოწმობის ასლი სადაც მითითებულია 1907 წლის 25 სექტემბერი.პეტრეს ნამუშევრების გამოფენას და პატიჟებდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს. მე დედას ყოველთვის თან მივყავდი. იქ მხვდებოდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, პიერ კობახიძე, ჟორა შავგულიძე, გრიშა კოსტავა. თავდაპირველად უხერხული სიჩუმე ჩამოწვებოდა, შემდეგ ვერიკო იწყებდა სევდიან საუბარს, იხსენებდა პეტრეს. მერე აჰყვებოდნენ დანარჩენებიც. ხანდახან სესილია და ვერიკო შეკამათდებოდნენ. ისინი ჰყვებოდნენ, თუ როგორ ხუმრობდა პეტია კულისებში ან შესვენების დროს. როგორ უყვარდა ზედმეტად მარილიანი საჭმელი, როგორი საყვარელი ცოცხლი და სხარტი ბიჭი (шустрый мальчик) იყო. იხსენებდნენ პეტრეს, რომელსაც საოცარი იუმორი ჰქონდა, მხიარულიც იყო, სევდიანიც, ბუტიაც, რომ მაშინვე ეცვლებოდა ხასიათი, თუ რამე ისე არ გაკეთდებოდა, როგორც მას უნდოდა, უცბად თავისთავში ჩაიკეტებოდა; რომ მას, ფიქრებში წასულს, მუდმივად ეჭირა ფანქარი ხელში და გაუჩერებლად ხატავდა;; თუ როგორ არაჩვეულებრივად უყვარდა კოტე მარჯანიშვილს იგი და მას საოცარი სიფაქიზით და სიყვარულით ექცეოდა. მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე აღიარებული მხატვარი იყო. მამამისი გრიგოლი, მალარიის წამალს ამზადებდა. როდესაც მალარია შემეყარა, უფასოდ მაძლევდა წამალს. ძალიან გულჩათხრობილი კაცი იყო. მახსოვს ნინას როგორ გამორჩეულად უყვარდა პეტია, ხანდახან სარკეში ჩაიხედავდა და იტყოდა „პეტუშოკ, პეტუშოკ როგორ ვგევართ ერთმანეთს“. ამბობდა, რომ ყველაზე დიდი განცდა მამისთვის პეტრეს უგზო-უკვლოდ გაქრობა იყოო. ერთხელ ვკითხე, პეტიას შეყვარეული თუ ჰყავდა? -არა, ყველა თანაბრად უყვარდა. მისი შეყვარებული თეატრი იყოო“ (ინტერვიუ ჩამოვართვი 2015წელს, დაბა წყნეთში. აუდიო ჩანაწერები ინახება ჩემ პირად არქივში მ.მ.). 1939 წელს ლონდონში მოწყობილ თეატრის მხატვართა ნამუშევრების მსოფლიო გამოფენაზე ვიქტორ გუსევის „დიდების“ სცენოგრაფიული ესკიზები ოქროს მედლით დაჯილდოვდა ისე, რომ მხატვრის - პეტრე ოცხელის გვარი არ დასახელებულა.პეტრე ოცხელი-108 - რადიო 1, სტუმრები: მარინა ოცხელი - პეტრე ოცხელის დისშვილი,ქეთევან კინწურაშვილი. რადიო1 radio1.ge/ge/videos/view/150681.htmlმარინა ოცხელის ვარაუდით (რაც სიმართლესთან ახლოსაა), მისი ბიძა, პეტრე ოცხელი დახვრიტეს ღამით, მინდორზე, თბილისიდან 18 კილომეტრში. ეს ადგილი დღესდღეობით მდებარეობს თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე. 1981 წლის 28 სექტემბერს ნინო ოცხელმა საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა მის საკუთრებაში არსებული პეტრე ოცხელის ნამუშევარების სრული კოლექცია. გადმოცემის დროს, იქ მყოფ მუზეუმის თანამშრომლებს მოგვიყვა ისტორია, რომელიც ეხებოდა მოსკოვის კორშის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული და პეტიას მიერ გაფორმებული სპექტაკლის, იბსენის „მშენებელი სოლნესის“ ესკიზებს. 1933 წელს კორშის თეატრის შენობა ინვენტარიანად გადაეცა სამხატვრო თეატრის ფილიალს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა პეტრე ოცხელის ესკიზები. ესკიზები აღმოჩნდა ნაგავსაყრელზე. თეატრის ერთ-ერთი ძველი თანამშრომელი დაელოდა დაღამებას, აკრიფა ნამუშევრები და სახლში გადამალა. კარგა ხნის შემდეგ, ამის შესახებ გაიგო თამარ ვახვახიშვილმა, რაც სასწრაფოდ ნინოს აცნობა. ნინო გადაფრინდა მოსკოვში, გამოისყიდა ესკიზები და შემდგომ გადასცა მუზეუმს. პეტრე ოცხელის სიცოცხლე დასრულდა იმ მიჯნაზე, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ხელოვანი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. ოცდაათი წლის მხატვარმა პროფესიულად სულ რაღაც ათიოდე წელიწადი იმუშავა, გააფორმა 40-ოდე სპექტაკლი და ერთი კინოფილმი, მაგრამ განსაცვიფრებელ შემოქმედებით მწვერვალებს მიაღწია და სიცოცხლეშივე აღიარება მოიპოვა. იგი მთელი თავისი არსებით გრძნობდა სცენის არქიტექტონიკას, დრამატურგიას, სცენურ იერსახეებს. ბუნებით ბინარული - ინტროვერტიც და ექსტრავერტიც იყო. უყვარდა სახლში განმარტოება, მაგრამ თეატრის კოლექტივის გარეშეც ვერ ძლებდა. მის შემოქმედებაში ასახულია მოდერნიზმის ეპოქის მხატვრული მიმართულებები და იდეალები. პეტრე ოცხელმა თეატრში შექმნა განუმეორებელი მხატვრული სამყარო, რომელიც დღემდე თანამედროვედ და მისაბაძად რჩება. ქართული სცენოგრაფიის დიდოსტატი, თეატრალური დეკორაციებისა და კოსტიუმების უბადლო მხატვარი, პეტრე ოცხელი ღირსია იმისა, რომ დაწვრილებით იქნეს მიკვლეული და შესწავლილი მისი ცხოვრების ყველაზე მცირე დეტალებიც კი. წინამდებარე ნაშრომი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ლიტერატურა: 1. ალიბეგაშვილი გ., „პეტრე ოცხელი“. ლიტერატურული საქართველო, 1964 2. გორდეზიანი ბ., ბენ ჯონსონის „ვოლპონე“ ქუთაისის სახელმწიფო თეატრში, გაზ. „კომუნისტი“, N6, 06-01, თბილისი, 1934. 3. ვახვახიშვილი თ., თერთმეტი წელი კოტე მარჯანიშვილთან, „ხელოვნება“, თბილისი,1976, გვ. 91-92. 4. კიკნაძე ვ., წამებული რაინდები (თეატრი სუკ-ის არქივებში), თბილისი, 1992, გვ. 71, 103-106. 5. მარჯანიშვილი კ., შემოქმედებითი მემკვიდრეობა, კრებული ტ. 1. დიმიტრი ჯანელიძის შენიშვნები, გვ. 422, ხელოვნება, თბილისი, 1972. 6. მაცაბერიძე მ., „პეტრე ოცხელი“; თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი, ტომი I, თბილისი,2012. 7. მაცაბერიძე მ., „სიკვდილი არ არსებობს“ (მხატვარი პეტრე ოცხელი), ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, N5, თბილისი, 2014, გვ. 84-86. 8. პეტრე ოცხელის წერილები მედეა ქორელს. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზუმის ხელნაწერთა ფონდი, არჩილ ჩხარტიშვილის არქივი. 9. ჯანდიერი კ., „პეტრე ოცხელი“, კატალოგი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, 2007. 10. სეა, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატრურისა და ხელოვნების განყოფილება. 1934 წლის შრომითი კონფლიქტები და სასამართლო საქმეები, განცხადებები, საქმე N1518, გვ. 45-49. 11. Грузинский сектор ТРТ «Поджигатели» А. Луначарского, «Заря востока», № 1654, 17-12-1927, Тбилиси. 12. Петре Оцхели, каталог, автор концепции и текста Коте Джандиери, Москва, 2012. 13 . Станиславский К. С. Моя жизнь в искусстве, издательство «Искусство», Москва 1972, стр. 518. ფილმოგრაფია: 12. „ჩემი ბიძა - პეტრე ოცხელი“, დოკუმენტური ფილმი, ავტორი დ. ჩუბინიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, თბილისი, 2003. ინტერნეტრესურსები: 13. კვარაცხელია ნ., ქუთაისელი კათოლიკეები XIX საუკუნეში. ქუთაისის მუზეუმის მასალები, კრებული XI, ქუთაისი, 1999. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ქუთისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - http://highlander-ge.blogspot.com/2014/03/xix. html უკანაკნელი ნახვა 2017. 14. მაცაბერიძე მ., პეტრე ოცხელი, Artpalace სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი N3(01) 29.07.2011 - http://www.artpalace.ge/ge/PDF/art_palace_29.07.2011.pdf. უკანასკნელი ნახვა 2016 15. მაცაბერიძე მ., პეტრე ოცხელის დახვრეტის საქმე, 2015 - http:// www.georgianart.ge/index.php?option=com_magazine&func=show_edition& id=16&Itemid=&lang=en ganaxlebuli 2/10/2016. განახლებული 2/10/2016. 16. პეტრე ოცხელი - 108 - რადიო 1. სტუმრები: მარინა ოცხელი - პეტრე ოცხელის დისშვილი, ქეთევან კინწურაშვილი - რადიო1 radio1.ge/ge/videos/view/150681.html. შენიშვნა: ტექსტში მოყვანილი ყველა თარგმანი რუსულიდან ქართულად შესრულებულია ავტორის მიერ. სტატიის მოკლე ვერსია წაკითხულია საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“. |