Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ნაციონალური იდენტიფიკაციის პრობლემები და სამუზეუმო კოლექციის ფორმირების პრაქტიკა | Print |

There are no translations available.

სვეტლანა ხრომჩენკო
აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (რუსეთი)

(ქართული სახვითი ხელოვნება აღმოსავლეთის ხალხთა
სახელმწიფო მუზეუმის კოლექციაში)
სახელმწიფო მუზეუმს, რომლის კოლექციაშიც კავკასიისა და შუა აზიის სხვადასხვა რეგიონის ხელოვნებაა წარმოდგენილი, იმთავითვე პრიორიტეტულად მიაჩნდა კულტურათა ეროვნული თავისებურებების გამოვლენა.
თუმცა, 1918 წელს დაარსებული მუზეუმის კოლექციის დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა იდეოლოგიის ზეობის  პირობებში იქმნებოდა, რამაც ამ პრობლემას განსაკუთრებული სპეციფიკა, შეიძლება ითქვას, აკადემიურ ჩარჩოებს გაცდენილი სიმწვავეც კი შესძინა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ სამუზეუმო კოლექციები სახელმწიფო ხარჯებით შეიქმნა. სახელმწიფო, კულტურის სამინისტროს სახით, შესყიდვის პოლიტიკას იდეოლოგიური დადგენილებების გათვალისწინებით განსაზღვრავდა. მაღალი მხატვრული დონისა და პრეზენტაბელური კოლექციის შექმნით დაინტერესებული მუზეუმის თანამშრომლები კი სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ და იძულებულნი იყვნენ, მუდმივად დაეცვათ ბალანსი „სქილასა და ქარიბდას შორის“. მუზეუმის კოლექციის ისტორია და მათი სტრუქტურა ასახავს კიდეც მაშინ არსებულ პრობლემებს.
ქართული სახვითი ხელოვნების კოლექციის კომპლექტაცია ვულგარული სოციოლოგიის ბატონობის ხანაში, 1930-იან წლებში დაიწყო. რამდენადაც ცნობილია, ქვეყნის ხელმძღვანელობამ, რომელიც კულტურაზეც ტოტალურ კონტროლს ახორციელებდა, ჩამოაყალიბა უნიფიცირებული მხატვრული სტილი - „სოციალისტური რეალიზმი“, რომელიც ხელოვნების ამოცანებს იდეოლოგიურ პროპაგანდამდე ავიწროვებდა.

12

ასეთ პირობებში კოლექციების მაღალმხატვრული ღირებულების ნაწარმოებებით შევსება ურთულეს ამოცანას წამოადგენდა, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს მუზეუმის არქივში დაცული 1937 წლის შემსყიდველი კომისიის სხდომის პროტოკოლი, რომელშიც განიხილებოდა შემსყიდველი ექსპედიციის პრიორიტეტები საქართველოში.
ორიოდ სიტყვა სხდომის მონაწილეებზე, რომლებიც კოლექციის ბედს წყვეტდნენ:
- ალექსანდრე გერასიმოვი, რომელიც იმ დროისთვის უკვე დაჯილდოვებული იყო ლენინის ორდენით. იგი ცნობილია, როგორც საბჭოთა ლიდერების მრავალრიცხოვანი პორტრეტის ავტორი:ლენინის, სტალინის და სხვ. იმ მომენტისთვის იგი უკვე მოიაზრებოდა სოციალისტური რეალიზმის უდიდეს ოსტატთა შორის. ერთი წლის შემდეგ, 1938 წელს გერასიმოვი შექმნის ტილოს „სტალინი და ვოროშილოვი კრემლში“. ამ ნამუშევარს ინტელიგენცია დაცინვით „ორი ბელადი წვიმის შემდეგს“(footnote)«Два вождя после дождя».  (/footnote)შეარქმევს (ამჟამად ტილო დაცულია ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში);
- ვესელოვსკი, ჩინოვნიკი სამინისტროდან, კომისიის თავჯდომარე;
- მელიქაძე, ხელოვნებათმცოდნე, ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომელი;
- ირაკლი თოიძე, იგი საქართველოში წარდგენას არ საჭიროებს.
მუზეუმის წარმომადგენლები კომისიაში იყვნენ:
- ბორის პეტრეს ძე დეინეკე - ირანის ფერწერის, შუა აზიის ხელოვნების, იაპონური ფერადი გრავიურის, შუა აზიის არქიტექტორული ორნამენტისა და ჩინური ხელოვნების შესახებ  წიგნების ავტორი.
- ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩეპელევი, ხელოვნებათმცოდნე, საბჭოთა ხელოვნების განყოფილების გამგე, საბჭოთა ხელოვნების შესახებ წიგნებისა და სტატიების ავტორი.
- ბორის ვლადიმერის ძე ბეიმარნი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების ისტორიკოსი, ავტორი მრავალრიცხოვანი წიგნისა რომლებიც საბჭოთა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე აღმოსავლეთის რეგიონების ხელოვნებას ეხება, მათ შორისაა: „შუა აზიის ხელოვნება“, „არაბული ქვეყნებისა და ირანის ხელოვნება VII- XVII საუკუნეებში“.

3

- გიორგი ვლადიმერის ძე კორსუნსკი, ხელოვნებათმცოდნე, შემსყიდველი ექსპედიციის ორგანიზატორი. მოგვიანებით, 1938 წელს მას დააპატიმრებენ.
დოკუმენტიდან ჩემს მიერ მოყვანილ ამონარიდებში კონცენტრირებულია იმ დრამატული ეპოქის ხასიათიცა და პრობლემებიც.
- კორსკუნსკი: აი, საუკუნის დასაწყისის ტიფლისური სკოლის  ორი ძველი ნიმუში. ისინი უცნობ ავტორს ეკუთვნის, საკმაოდ იშვიათ ნიმუშებთან გვაქვს საქმე, პირველი - თავად თომას ჯამბაკურ ორბელიანის პორტრეტია, მეორე კი - ვასილი პოპოვისა. ამ დროის ტიფლისური სკოლის ხელოვნების ნიმუშებს ვერსად ნახავთ. [...]
- გერასიმოვი: ეს მხოლოდ ისტორიისთვის არის საჭირო.
- ვესელოვსკი: ისტორიისთვის ამ ორ ნიმუშს რაიმე მნიშვნელობა აქვს?
- დეინეკე: რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უნდა შეგროვდეს. ეს მხოლოდ დასაწყისია.
- ვესელოვსკი: მე მაინტერესებს, ამ ორ პორტრეტს ქართული ფერწერის ისტორიისთვის რაიმე მხატვრული მნიშვნელობა აქვს თუ არა.
- დეინეკე: ეს ორი ფერწერული ტილო ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სტილითაა შესრულებული  და კოლექციის დასაწყისისთვის ისინი უნდა დავიტოვოთ. არ ღირს ძვირი, მაგრამ კარგი ნიმუშებია.
- ვესელოვსკი: არ ვიცით ვინ არის მათი ავტორი.

45

- დეინეკე: მართალია, ისინი ანონიმ ავტორს ეკუთვნიან, მაგრამ ქართველი მხატვრისაა. მათი წარმომავლობა ცნობილ ოჯახთან არის დაკავშირებული.
- კორსუნსკი: ეს ორი ნივთი ბაგრატიონ-მუხრანსკის სახლიდან არის წამოღებული. სახლში დაცული იყო ძველი მონაცემები, რომ პორტრეტების ავტორი ქართველია, შესაძლოა, ყმა. (ვესელოვსკის რეპლიკა, რომელიც ხელოვნების ნაწარმოებს აფასებდა ვულგარული სოციოლოგიის პოზიციებიდან, ხაზს უსვამს ავტორის „სწორ“ სოციალურ  წარმომავლობას. აქ და შემდგომში კურსივი ჩემია. ს.ხ.)
თარიღი სრულიად ნათელია: 1829-32 წწ. სტილისტური ნიშნებითაც ცხადი ხდება, რომ საქმე გვაქვს ადგილობრივ სკოლასთან, როელიც პორტრეტული ფერწერის ყველა სხვა სკოლისგან განირჩევა.
- გერასიმოვი: მაშინ უნდა დავიტოვოთ [...]
შემდეგ, კორსუნსკი წარადგენს გ. გაბაშვილის ნამუშევრებს: „ქართველი ქალი თარით“ და „ორი შეზარხოშებული ხევსური“.
შემოდის წინადადება, ნამუშევრები გადაიცვალოს რუსული სკოლის იმ ფერწერულ ტილოებზე, რომლებიც საქართველოს ეძღვნება. მოყვანილი ფრაგმენტი კარგად ასახავს ჩინოვნიკების არგუმენტაციისა და პოლემიკის ძირითად ასპექტებს:
- ჩეპელევი: ამხანაგი თოიძე ამბობს, რომ ფერწერული ტილო „ქართველი ქალი თარით“ გიგო გაბაშვილისთვის არადამახასიათებლად სუსტი ნამუშევარია.
- კორსუნსკი: მაგრამ ამხანაგი ბუხნიკაშვილი (მეტეხის მუზეუმის დირექტორი)  ამბობდა, რომ მათ მხატვრის ყველაზე ტიპიური და შესანიშნავი ნამუშევარი გადმოგვცეს, მის ავტორიტეტს შეიძლება ვენდოთ.
- ვესელოვსკი: ჩემთვის ეს ნამუშევარი უსახურია (აქაც და შემდგომშიც ჩინოვნიკის შეფასებები აგდებული, ხშირად, უტიფრული ხასიათისაა ).

67

- მელიქაძე: ეს ნამუშევარი სრულიად ამოვარდნილია გაბაშვილის შემოქმედებიდან. დიდი ნამუშევარი ასე თუ ისე იძლევა ხოლმე წარმოდგენას გაბაშვილზე, მაგრამ ეს მცირე ზომის ნამუშევარი სრულიად განსხვავებულია. (მიიღეს „ორი შეზარხოშებული ხევსური“ მაგრამ საბოლოო ჯამში იგი არ მოხვდა ჩვენს მუზეუმში) [...]
შარბაბჩანის პანოს თაობაზე - „კომპოზიტორი მელიქიანი იწერს კოლმეურნეების სიმღერას“, გერასიმოვმა მისთვის ჩვეული მანერით გამოთქვა მოსაზრება:
- პანო მომწონს. მე ერთი პრინციპული მოსაზრების გარკვევა მსურს. ცხადია, ის რაც ეროვნულია, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ ცენტრის პოლიტიკური გავლენა უნდა გავრცელდეს თუ არა ხელოვნებაზე?
- თოიძე: მისთვის ეს პანო სრულიად სახასიათო ნამუშევარია, მაგრამ, ვგონებ, პანოზე უკეთესი სხვა რომელიმე ნამუშევრის შეძენა იქნებოდა.

8

შემდეგი დიალოგი სიუჟეტების პრიორიტეტების გამოსაკვეთად არის საინტერესო.
- ვესელოვსკი: და ეს „ნავთობის ტბაც“ არ გვინდა.
- გერასიმოვი: - ეს ინდუსტრიული მომენტია.
საბოლოო ჯამში, დააკლეს რა ფასები, ოთხი ნამუშევარი შეიძინეს, მათ შორის “ნავთობის ტბაც“.
ასევე, მრავლისმთქმელია ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განხილვა:
- კორსუნსკი: მხატვარი ფიროსმანაშვილი, „სააკაძე, ეროვნული გმირი“. ეს მეფის დროა. 25 წლის წინ არის შესრულებული. ავტორი - ცნობილი თვითნასწავლი მხატვარია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ფერწერის ისტორიაში.
- ვესელოვსკი: სააკაძის კიდევ სხვა პორტრეტიც მაჩვენეს.
- კორსუნსკი: ეს - ისტორიულია, ის კი - ჩვენი დროისაა.
- გერასიმოვი: მე არ მომწონს.
- კორსუნსკი: ერთი ტილო სასურველია, რომ გვქონდეს.
- მელიქაძე: თუ ის ასეთი საჭიროა, მაშინ ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში არის რამდენიმე, ბევრად უკეთესი ტილო, რომლებსაც, სხვათა შორის, არასდროს ვფენთ და არც გამოვფენთ (ახლა ფიროსმანაშვილის ნამუშევრები ამშვენებენ არა მხოლოდ ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეის, არამედ რუსეთის სახელმწიფო მუზეუმისა და  აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმების ექსპოზიციებს).
- ჩეპელევი: თქვენ თვლით, რომ ფიროსმანაშვილის ტილო საექსპოზიციო მასალაა.
- ვეიმარნი: მისი ერთი ტილოს მუზეუმში ქონა მიზანშეწონილი იქნებოდა. იგი ქართული ხელოვნების მახასიათებლად გამოდგებოდა.
- გერასიმოვი: თუკი მას ღირებულებას მივანიჭებთ, იგი მხოლოდ უარესი კუთხით დაახასიათებს ხელოვნებას. ეს ხომ ადამიანია, რომელსაც ნათელია - ფუნჯი არასდროს ჭერია ხელში.
- აღაპოვი: (მუზეუმის დირექტორის მოადგილე) ტრეტიაკოვის გალერეაში ამაზე უკეთესს არაფერს ფენენ და ჩვენ უფრო სუსტი რატომ უნდა გამოვფინოთ.
- ჩეპელოევი: ტრეტიაკოვიდან ფიროსმანაშვილის ტილოების მიღების გარანტია თუ გვაქვს?

9

- ვესელოვსკი: ეს კომისიის კომპეტენციაში არ შედის. აქ მხოლოდ მოცემული ნივთების შეძენაზეა საუბარი. ჩვენ ვთვლით, ნივთი, მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, არ იმსახურებს იმას, რომ აღმოსავლეთის ხალხთა კულტურის ცენტრალური მუზეუმისთვის შეიძინონ.
- გერასიმოვი: ძალიან ცუდი ნამუშევარია.
- ვესელოვსკი: ვინ უჭერს მხარს მის შეძენას (4 ხმა) (სამწუხაროდ მხარდამჭერთა სახელები პროტოკოლმა არ შემოინახა) არ იქნა მიღებული [...]
შემდგომში ჩეპელევი უკმაყოფილებას გამოთქვამს, ხელოვნების ნიმუშებს ასეთი მოტივებით არ მიღების თაობაზე და შეახსენებს ყველას, რომ „მუზეუმის კომისიამ ყველა ნიმუში ნახა, მაგრამ საატესტაციო სახელმწიფო კომისია ამას, რატომღაც, არ ითვალისწინებს“.
თამარ აბაკელიას ნამუშევრების განხილვისას კორსუნსკი ცდილობს, ხაზი გაუსვას ნიმუშების მხატვრულ ღირსებებს, მაგრამ მასთან პოლემიკაში გერასიმოვი სოციალისტური რეალიზმისთვის სრულიად დამახასიათებელ დებულებებს აყალიბებს:
- კორსუნსკი: ეს ოსტატი (აბაკელია) ძალიან დახვეწილ ნამუშევრებს ქმნის. იგი ძალიან ცნობილია. მას საკუთარი გრაფიკული მანერა აქვს. ძალიან კარგად ხატავს. მას არაჩვეულებრივად ხელეწიფება ტიპაჟების გადმოცემა. ყველაფერი, რასაც იგი ქმნის, ნაციონალური კოლორიტითაა გამორჩეული და ეს აქაც იგრძნობა. იგი მკვეთრ ხალხურ სახეებს იძლევა. მისი ყველა ნამუშევარი მოწიფული ოსტატის ხელიდანაა გამოსული, მისი სუსტი ნამუშევრები არც კი ვიცით.
- გერასიმოვი: თქვენ ამბობთ, რომ სუსტი ნამუშევრები არ აქვს, აბა ეს „აჭარლის თავი რაღაა“? საშინლად სუსტადაა შესრულებული. იგი არც კისერთან და არც სხეულთან საერთოდ არ არის მიბმული, აღარას ვამბობ იმაზე, რომ სხეულის მთელი გადმოცემა ისეთი მოუხეშავია, თითქოს ხისა იყოს. არაფერი ცოცხლობს ნამუშევარში.
- კორსუნსკი: ეს მისი მანერაა.
- გერასიმოვი: როდესაც ჩვენ სოცრეალიზმზე ვსაუბრობთ, თავი უნდა დავანებოთ მანერაზე საუბარს მაშინ, როდესაც საშინელ მანერასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ვისაუბროთ რეპინის, კურბეს და სხვათა მანერაზე. ანდა ვაჩვენოთ ნამდვილად ეროვნული მხატვარი, რასაც ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ [...]
- გერასიმოვი (კორსუნსკის რეპლიკაზე, რომ აბაკელია ცნობილი ოსტატია): ჩვენთან პავლე კუზნეცოვი ყველაზე ცნობილია, მაგრამ ჟიურიმ, მიუხედავად იმისა, რომ მისი გათრევა ყველას უნდოდა, ეს ვერ მოახერხა. თქვენ ხომ იცით, რომ ახლა ღირებულებათა გადაფასების დროა. [...]
დიდი წინააღმდეგობის მერე გადის ქეთო მაღალაშვილის ნამუშევრები. შემდეგ, კორსუნსკი წარადგენს ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოებს, რომლებზეც გერასიმოვს არ შეუძლია, არ თქვას:
- გერასიმოვი: პარიზში მას თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად. [...]

1011

დისკუსიის შემდეგ გუდიაშვილის ორი ნამუშევარი არ მიიღეს: „სტალინისეული კონსტიტუციის კითხვა“ და  „ამხანაგ სტალინის გამოსვლა შეკრებაზე“. ყიდულობენ „შოთა რუსთაველის საზღვარგარეთ გამგზავრებას“. [...]
- კორსუნსკი: სიდამონ-ერისთავის „მეფე თამარ“. ამ ფერწერული ტილოს ისტორია უკვე მოყოლილი აქვთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ერთ-ერთი საკვანძო მომენტია ქართული ხელოვნების განვითარებაში. იგი 20 წლის წინ არის შესრულებული.
- ვესელოვსკი: 20 წელი - ესეც ისტორიაა რაღა.
- კორსუნსკი: ეს სწორედაც რომ გარდამტეხი მომენტია - საბჭოთა ხელოვნების დასაწყისი საქართველოში. ამ ფერწერულ ტილოს თავისი ისტორიული თემატიკით დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი კომისიის თვალსაზრისით, ნამუშევარი, სამკარისი მხატვრული ღირსებებით ხასიათდება. [...]
კომისიის წევრების უარყოფით გამონათქვამებზე დენიკე  იძლევა პასუხს:
- მე რუსთაველის გამოფენის პოზიციიდან ვუდგები... ისტორიული თვალსაზრისით, რამდენადაც მესმის, მშვენიერი ნამუშევარია. კოსტიუმები, ტიპები - კარგად არის შესრულებული. მართალია, ვრუბელის გავლენა, „ვრუბელშჩინა” იგრძნობა(footnote) врубельщина  (/footnote), მაგრამ 17 წლისთვის ეს არც თუ ისე არსებითია.
- გერასიმოვი: აქ „ვრუბელშჩინას” ახლოსაც არ გაუვლია.
ფერწერული ტილო მაინც შეიძინეს.

12

ნამუშევრების შერჩევის კრიტერიუმებსა და მაშინდელი კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთ წახნაგს თვალსაჩინოდ წამოაჩენს ვესელოვსკის მიერ მოყვანილი არგუმენტები სიდამონ-ერისთავის ნამუშევრის „ლადო კეცხოველის მკვლელობის“ შერჩევისას, რომელიც ვერ მოხვდა სტალინის გამოფენაზე თბილისში. ვესელოვსკის მთავარ არგუმენტად ამხანაგი ბერია მოჰყავს, რომელმაც ნახა ნამუშევარი და არ მიიღო იგი.
გერასიმოვისთვის დამაჯერებელი არგუმენტია:
- გერასიმოვი: შენ მე დამარწმუნე. ნუ შევიძენთ. (ნამუშევარზე უარი თქვეს).
სოკოლის ნამუშევრების განხილვისას, რომელსაც განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული, თოიძე ამბობს, რომ სასურველია შეიძინონ ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ნამუშევრები, რასაც ვერ იტყვის სოკოლის შემოქმედებაზე.
ნამუშევრის ბედი უცნობია.
გზადაგზა გერასიმოვი ქართული ხელოვნების მდგომარეობას  ნეგატიურად ახასიათებს:
- გერასიმოვი: მე არ ვიცი როგორ  უყურებენ ამხანაგი კავკასიელები ამ საკითხს. ცხადია, რომ თქვენთან ახლა არა მხოლოდ მოსკოვური, არამედ ფრანგული, კერძოდ პარიზული გავლენის გადაკვეთა ხდება.
შემდეგ განიხილება დავით კაკაბაძის ნამუშევარი.
- კორსკუნსკი: კაკაბაძე „რიონჰესის პლატინა“. ეს ოსტატი საზღვარგარეთ საკმაოდ ცნობილია. მაგრამ, ბოლო დროს, მისი ნამუშევრების გამოფენები გაიშვიათდა. იგი მუშაობს, მაგრამ არ იფინება. მე ეს ნამუშევარიც ძლივს წამოვიღე მისგან, მან ბევრი თემატური ნამუშევარი შექმნა, მაგრამ არ სურს, მათი გამოფენა. მე, ჯერჯერობით, ტიპიური ნიმუში შევარჩიე, რომელიც რიონჰესს ასახავს. კაკაბაძე სამხატვრო აკადემიის სასწავლო განყოფილების გამგეა. იგი რამდენიმე წიგნის ავტორია.
- ვეიმარნი: ჩვენმა კომისიამ გამოთქვა სურვილი, შეიძინოს ნამუშევარი. იგი მხატვრის ძალიან თვალსაჩინო ცვლილებას ასახავს, რაც ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია [...]

13

- მელიქაძე: ბოლომდე სრულად არ ხართ ინფორმირებულნი. კაკაბაძე არ იყო ცუდი მხატვარი, საკმაოდ რეალისტურად განწყობილს, სწორედაც ქართული კოლორიტის გადმოცემა შეეძლო. 18-19-იან წლებში იგი პარიზს გაემგზავრა. და მხოლოდ 1927 წელს, ასპროცენტიან ფორმალისტად დაბრუნდა. ახლა იგი გადაეწყო, მაგრამ ეს ნამუშევარი ძალიან ჰგავს მისი წინა პერიოდის ნამუშევრებს. იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სრულებით არ მუშაობდა.
ნამუშევარი შეიძინეს.
გუდიაშვილის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების განხილვისას,  ვესელოვსკი შენიშნავს:
- ვესელოვსკი: ტრეტიაკოვის გალერეაში  ზოგიერთი „სკოლა“ უკვე აღარ არის ექსპონირებული.
კოსრუნსკის რეპლიკაზე, რომ გუდიაშვილის ნამუშევრები ლონდონში წარმატებით გამოიფინა, ვესელოვსკი ქედმაღლურად პასუხობს:
- ვესელოვსკი: ჩვენ საბჭოთა საზოგადოებაში ვცხოვრობთ და საბჭოთა საზოგადოებისთვის ვყიდულობთ. ლონდონური არაფერი გვაინტერესებს. როდესაც პარიზულ გამოფენას აწყობდნენ, იყო ასეთი ავტორიტეტული მოსაზრება  - გავაგზავნოთ არა ის, რაც ფრანგებს მოეწონებათ, არამედ ის, რაც ჩვენ, საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს მოგვწონს. ამიტომ, ჩვენ იმას კი არ შევიძენთ, რაც ლონდონს მოეწონა, არამედ იმას, რაც მოსკოვს მოეწონება.
- მელიქაძე: თუ ინგლისური წარწერა აქვს, უნდა ვიყიდოთ.
- ვესელოვსკი: ჩვენ რა საქმე გვაქვს ინგლისელებთან. ჩვენს საბჭოთა მიწაზე ჩვენივე საბჭოთა ტვინითა და გონებიტ ვიხელმძღვანელებთ. ლონდონი ჩვენ არ გვაინტერესებს.
ბოლოს, მაინც შეიძინეს გუდიაშვილის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ილუსტრაცია და სხვა ნამუშევრები.

14

შემდომში, ამავე განწყობით განიხილება ქართველი და სომეხი მხატვრების ნამუშევრები. პროტოკოლი ვესელოვსკის ფრაზით სრულდება:
- ვესელოვსკი: ამხანაგებო, ამხანაგმა მელიქაძემ დაგვტოვა, ვერ რჩება ჩვენთან ერთად ამხანაგი თოიძეც. ასეთი შემადგენლობით ჩვენ ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. გადავდოთ შემდეგ სამუშაო შეხვედრამდე.
საბოლოო ჯამში, 260 ნამუშევრიდან 162 დაიწუნეს, მათ რიცხვში - ფირომანაშვილის ერთი ფერწერული ტილოც. მაგრამ ნამუშევრები, რომლებიც თემატურად „ვეფხისტყაოსანს“ უკავშირდებოდა, მაინც შევიდა კოლექციაში, ვინაიდან შოთა რუსთაველის იუბილე სამთავრობო დონეზე აღინიშნებოდა.
საბედნიეროდ, მოხერხდა ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, სევერიან მაისაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვათა ნამუშევრების ინტერესების დაცვა, რის შედეგადაც ისინი დღემდე ამშვენებენ კოლექციას.
ეს იყო ქართული ხელოვნების შესყიდვის ყველაზე დიდი აქცია. მართალია, იგი არც თუ სრულად წარმოაჩენდა არა მხოლოდ თემებს, არამედ ქართული გრაფიკისა და ფერწერის თავისებურებებს, რომლებიც მეოცე საუკუნის პირველი ათწლეულის მხატვრების მიერ იქნა ჩამოყალიბებული.
1940-50-იან წლებში კოლექცია, ძირითადად, რუსული ფერწერული სკოლის გავლენით შექმნილი ნიმუშებით ივსებოდა. „ცენტრის გავლენამ“, რომელიც 1937 წელს მკაცრად შეახსენა ყველას გერასიმოვმა, კიდევ უფრო გააძლიერა მხატვრული ენის უნიფიკაციის პროცესი. იგივე შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის კოლექციის შესახებ.
1950-იანი წლების ბოლოს, ხრუშჩოვისეული „ოტტეპელის“ კვალდაკვალ, საქართველოში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩამოყალიბდა ეროვნული სტილი, რომელიც ეყრდნობოდა შუა საუკუნეების რელიეფებისა და ჭედურობის ტრადიციებს და ხასიათდებოდა ქართული გამოყენებითი ხელოვნებისთვის ნიშნეული თავშეკავებული კოლორიტით.

15

1960-იანი წლების მხატვრებისთვის ეროვნული ხელოვნების ტრადიციები და ევროპული ხელოვნების ნოვაციები დიდი მნიშვნელობისა იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეროვნულ ტრადიეციებთან სიახლოვე და მათთან კავშირი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების ფონზე, საქართველოში ბევრად უფრო თვალსაჩინო იყო. საქართველო ამ პერიოდში ეროვნული იდენტიფიკაციის ყველაზე უფრო ნათელ მაგალითს იძლევა.
ეროვნული ისტორიის ჰეროიკული მოვლენები, ლირიკულ-ფილოსოფიური იგავები, გლეხური ცხოვრების პატრიარქალური წყობის მომხიბვლელობა, პოეტიზირებული და ნოსტალგიური მითი მეოცე საუკუნის დასაწყისის ძველი თბილისისა - ეს თემები დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას ქართულ სახვით ხელოვნებაში.
1960-70-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში - არა მხოლოდ სახვით, არამედ კინოხელოვნებაშიც, აშკარაა ჰედონისტური ნოტების სიჭარბე, ცხოვრების, როგორც დღესასწაულის განცდა. სწორედ ეს თავისებურებები ეროვნული მსოფლმხედველობისა ჰქონდა ხაზგასმული ფილოსოფოსს გეორგი გაჩევს თავის სტატიებში, რომლებიც, შემდგომში,ერთ წიგნად გამოიცა: „სამყაროს ეროვნული მოდელები“.
ამ პერიოდში ისეთმა თვისებებმა, როგორებიცაა: უანგარობა, სიკეთე, რაინდობა და განსაკუთრებული ქართული იუმორი - ყველაზე ადექვატური გამოვლინება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებში ჰპოვა. ჩვენს კოლექციებში ამ ათწლეულების ხელოვნება წარმოდგენილია: თენგიზ მირაზშვილის, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავის, ავთანდილ პოპიაშვილის და სხვათა შემოქმედებით. ნამუშევრები ჩვენთან გამოფენებიდან და სახელოსნოებიდან შემოდიოდა. როგორც წესი, შემსყიდველი კომისები ეთანხმებოდნენ სპეციალისტების მოსაზრებებს.
მოგვიანებით, ქართული ხელოვნება უფრო ინდივიდუალისტური ხდება. მასში დრამატიზმი და თანამედროვე ევროპული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ტენდენციები ჭარბობს.
მუზეუმის კოლექციაში ეს ტენდენციები ნაჩვენებია მარკ პოლიაკოვის, ნანა ჭურღულიას, ანზორ ჩაგელიშვილის, ომარ კაჭკაჭიშვილის, ირაკლი ფარჯიანისა და სხვათა ნამუშევრებში.
ამის მიუხედავად, ტრადიციული კულტურის  ჰედონისტურ სულს ინარჩენებენ მოსკოვის ქართული დიასპორის მხატვრები: პროფესიონალი ფერწმერები გიორგი და კონსტანტინე თოთიბაძეები და „ახალი ნაივი“, ისეთი მხატვარი, როგორიცაა გიორგი გიგინეიშვილი. მათი ნამუშევრები ასევე შევიდა ქართული სახვითი ხელოვნების სამუზეუმო კოლექციაში.


ტექსტი რუსულიდან თარგმნა თამთა-თამარა შავგულიძემ











ნანახია: 19483-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani