Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ციხისუბანი – ძველი თბილისის დაკარგული ფასეულობა | Print |

There are no translations available.

მაია მანია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს თბილისის ციხისუბნის ერთ ნაწილში 2011 წელს მიმდინარე სამშენებლო პროცესების განხილვას, რომელმაც გააქრო ქუჩათა შუასაუკუნეებრივი ქსელი, დაკარგა უძველესი ტიპოლოგიის საცხოვრებელი შენობები, დაარღვია ტრადიციული მიმართებები ძველ შენობებსა და რელიეფს შორის, უგულებელჰყო ძველი სამშენებლო მასალა, არ გაითვალისწინა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მასშტაბი და ტრადიციები.

ნაშრომის მიზანია ციხისუბანში ნგრევამდე არსებული განაშენიანების, მისი მრავალფეროვანი საცხოვრებელი სახლების, სამოსახლო ბაქნების ძველი საყრდენი კედლების ანალიზი.
შუასაუკუნეებრივი თბილისი სამ ნაწილს მოიცავდა, რომელთა შორის სიდიდით კალა გამოირჩეოდა. კალას შემადგენელ ორივე ნაწილს – ზემო და ქვემო კალას, ისევე როგორც მის მიმდებარე საკუთრივ თბილისს (სეიდაბადს) შუასაუკუნეებრივი ქუჩათა ქსელი ედო საფუძვლად, რომელმაც დღევანდლამდე მოაღწია. აღნიშნული ორი უბნის გადასწვრივ, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე მეტეხის ეკლესიისა და ფერისცვალების მონასტრის მიმდებარე სამოსახლო უბნის ისნის აღმოცენება, რამდენადმე გვიანდელად არის მიჩნეული, თუმცა მისი ქუჩათა ქსელი ასევე ძველია და შუა საუკუნეებით თარიღდება. აღნიშნული სამი უბნის ერთ-ერთ უმთავრეს დასაცავ ფასეულობას ძველი ქუჩების, გასასვლელების, ჩიხებისა და ორიოდე მოედნისაგან შემდგარი ირეგულარული ქსელი წარმოადგენს.
კალა-ისან-სეიდაბადშია თავმოყრილი თბილისის არქიტექტურული სიმდიდრე – ციხე-სიმაგრე, ცალკეულ ციხეთა გადარჩენილი ფენები, სხვადასხვა კონფესიური საკულტო შენობები. უძველესი აბანოები, ქარვასლები, სეიდაბადსა და კალაში მდებარეობს. თბილისის აღნიშნული სამი უბანი XIX საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული საცხოვრებელი სახლების ტიპოლოგიურად და სტილისტურად მრავალფეროვან ნიმუშებს შეიცავს. აქ არის გაფანტული ძველთბილისური ეზოიან-აივნიანი საცხოვრებელი სახლების მაღალმხატვრული ნიმუშები, რომლებიც დღემდე დიდწილად განსაზღვრავენ ძველი თბილისის არქიტექტურულ ღირებულებას. ამ უბნებშია კონცენტრირებული საცხოვრებელი უბნების სივრცითი ორგანიზაციის ის ტრადიცია, რომელსაც თბილისის ახალი უბნების განვითარება დაეყრდნო.
ციხისუბანი, კლდისუბანი და ბეთლემისუბანი აღნიშნული მთლიანობის ნაწილია და ქვემო კალას მიკროუბნებს წარმოადგენს. ეს კალას სამხრეთ-დასავლეთით, მაღალ ნიშნულზე მდებარე ერთიანი, უწყვეტი განაშენიანებაა, რომელიც სოლოლაკის კეხის, ნარიყალა-შახისტახტს შორის მოქცეული მონაკვეთის კლდოვან ძირს მიუყვება და თავს დაჰყურებს კალას და მის მიმდებარე უბნებსა და კლდეებს.

12

თბილისის რთული ოროგრაფიული ბუნებით და საუკუნოვანი ტრადიციებით ნაკარნახევი ამ ადგილის განაშენიანების სპეციფიკა საიდუმლოებითა და სიძველით სავსე სურათს ქმნის. ესაა კლდის გასწვრივ გრძივად განვითარებული სამოსახლო ტერასები, ტერასულად განლაგებული საცხოვრებელი სახლები, ამ ტერასების დამჭერი, ქუჩიდან ხილული თუ განაშენიანებაში ჩამალული აგურის ან აგურისა და ქვის მონაცვლეობითი რიგებით ნაშენი საყრდენი კედლები, ტერასებისა და ცალკეული სახლების დამაკავშირებელი კლდეში ნაკვეთი თუ აგურით ნაშენი ქუჩა-კიბეები; ასევე ციხისდიდის (სურბგევორქის) და კლდისუბნის წმინდა გიორგის, ბეთლემისა და სურბ სტეფანოზის საკულტო შენობები, მაზდეანთა უძველესი ტაძარი, XIX საუკუნის საცხოვრებელ ნაგებობაში ჩართული შუასაუკუნეებრივი სადგომი (ბეთლემის ქუჩა №7), ცალკეული საცხოვრებელი შენობების მრავალფეროვანი სივრცითი კომპოზიციები, ძველი საცხოვრებლების გადარჩენილი ნაწილები, აგრეთვე XIX საუკუნის სახლებში ჩართული თუ დამოუკიდებლად არსებული ძველი ტიპოლოგიის სახლები მრავალფენიანი სარდაფებით.

XIX საუკუნის თბილისის ერთ-ერთი ადრეული, 1844 წლის ტოპოგრაფიული გეგმა, რომელიც კალას ქუჩათა მიხვეულ-მოხვეულ ქსელს მთელი შუასაუკუნეებრივი სიმდიდრით წარმოგვიდგენს, ციხისუბანს და კლდეზე შეფენილ მის მიმდებარე მიკროუბნებს ჯერ კიდევ მეჩხერად დასახლებულად გვიჩვენებს, მაგრამ სამოსახლო ბაქნებს უკვე ჩამოყალიბებულად წარმოგვიდგენს.

3

გომის ქუჩის ვიწრო ზოლი, რომელიც სამივე მიკროუბანს გრძივ მრუდად მიუყვება, ჯერ უსახელოა, დღევანდელი ბეთლემის ქუჩის წინაპარი ქუჩა კი, მკაფიოა. იგი № 35-ით არის მონიშნული და მას Церковная ჰქვია. ამ ქუჩის მოხაზულობა ოღრო-ჩოღროა, მაგრამ რამდენიმე სწორხაზოვანი მონაკვეთისგან შეგდება. გომის ქუჩის წინაპარი ქუჩის დასავლეთით № 52-ით კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაა (Во имя Св. Георгия (Карапи, ქარაფი, მ.მ.) ნაჩვენები. თბილისის მოგვიანო გეგმები (1867, 1898) აღნიშნულ უბნებს კიდევ უფრო აკონკრეტებს. 1903-1904 წლებისა ( სურ. 4) და 1910 წლის რუკები Церковная Улица- ს უკვე Петхаинская-დ მოიხსენიებს. სახელი აქვს ციხისუბან-ბეთლემის მიკროუბნების თითქმის ყველა ჩიხს. ქარაფის შესახვევი (Карап п. Sic!), ჯვარედინის (Перекрёстная), სალამის (Поклонная) და სხვა წვრილი ჩიხები და ქუჩები ამ უბნისა დატანილია აღნიშნულ რუკებზე. დღევანდელი გომის ქუჩის ბეთლემის ეკლესიისპირა ნაწილს მიძინების (Успенская) ქუჩა ჰქვია. ციხისუბნისპირა მხარე ჯერ კიდევ უსახელოა. კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თბილისის ყველა ხსენებულ გეგმაზეა დატანილი.

1860-იან წლებში თბილისის დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული პანორამა ზემოაღწერილ მიკროუბანს, ჯერ კიდევ ბანიან-აივნიანად წარმოგვიდგენს (სურ. 1, 2). თიხატკეპნილი თუ მიწატკეპნილ-ბანიანი სახლების ღია სივრცისკენ მიპრყრობილი არქიტრავული აივნების სიმრავლე, XIX საუკუნის შუახანებისთვის უკვე გაჩენილი, აქა-იქ აქცენტირებული აივნების სამყურათაღიანი ფორმები, საცხოვრებელი ბაქნებისა თუ ტერასულად განლაგებული საცხოვრებლების, ცალკემდგომი ბანიანი სახლების დამაკავშირებელი ქუჩა-კიბეები, ტერასათა საყრდენ კედლებიდან ამოზრდილი სახლების არქაული ძირები, აქა იქ ხილული კლდოვანი ქანის ბუნებრივი სიმდიდრე, ზოგან შეულესავი ძველი აგურის მონუმენტური სიბრტყეებით, ქვემო კალას ერთი კონკრეტული მიკროუბნის ერთიან სახეს ქმნის.
ერმაკოვისეული პანორამა ძველი თბილისის უადრესი ფოტოა, რომელზეც ქალაქის ფასადია აღბეჭდილი. ჩვენს წინაშეა გვიანშუასაუკუნეებრივი თბილისის მოძრავი სახე, რომელსაც თანდათანობით ენაცვლება კლასიცისტური ფორმებით გამდიდრებული თაღიან-აივნიანი ქალაქი. აღნიშნულ პანორამაზე სივრცითი კარკასის თვალშისაცემ „საყრდენებს“ წარმოადგენს, XIX საუკუნის დასაწყისსა და მის შუახანებში შექმნილი, კლასიცისტურ ფორმებს შეგუებული სამყურათაღიანი ან ნახევარწრიულთაღოვანი ხის აივნიანი სახლები. აქ, ჩემი აზრით, XVIII საუკუნეში შექმნილი არქიტრავულ-აივნიანი, სპარსული ნგრევის შემდეგ ნაწილობრივ გადარჩენილ-აღმდგარი, დიდწილად XIX საუკუნემდელი ქალაქია ასახული. ერმაკოვის პანორამის აღნიშნულ ნაწილში XIX საუკუნის ასე ვთქვათ, წვლილი კლდისუბნისა და ბეთლემისუბნის განაშენიანებაში არსებული, დღესაც კი ადვილად ამოსაცნობი თაღოვან-აივნიანი საცხოვრებლებია.
ქვემო კალას აღნიშნულმა ნაწილმა XIX საუკუნის თბილისის საცხოვრებელი სახლის არაერთი მაღალმხტვრული თუ სივრცითი ორგანიზაციის თვალსაზრისით საყურადღებო ნიმუში შემოგვინახა.
მაგრამ ქვემოთ მოვიყვანთ ციხისუბანში 2011 წლამდე არსებულ ძველთბილისიური საცხოვრებლის იმ რამდენიმე ნიმუშს, რომელთა დანგრევამ, არა თუ ლახვარი ჩასცა ციხისუბნის ძველ განაშენიანებას, არამედ კითხვის ქვეშ დააყენა საერთოდ შუასაუკუნეებრივი თბილისის არსებობა-არარსებობის საკითხი. ციხისუბანში მომხდარი ბოლო დროის რამდენიმე აუნაზღაურებელი დანაკარგი სწორედ რამდენიმე მაღალმხატვრულ და თბილისური საცხოვრებელი სახლის ევოლუციურად უმნიშვნელოვანეს და ძველი ტიპოლოგიის სახლებს მოიცავდა.
ციხისუბნის XIX საუკუნის თბილისურ საცხოვრებელ სახლებს შორის ერთ-ერთი უადრესი და ტიპოლოგიურად საყურადღებო ნაგებობა გომის ქუჩის № 18/ ჯვარედინის შესახვევ № 4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო.ციხისუბნის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გადაღებულია 1999-2012 წლებში და ეკუთვნის ავტორს.მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობას ძეგლის სტატუსი ჰქონდა და არც ავარიული იყო, იგი 2011 წლის 18-20 ნოემბერს დაშალეს.

13

ნაგებობა წარმოადგენდა თბილისური სპეციფიკით გამორჩეულ, საცხოვრებელი სახლის მაღალმხატვრულ ნიმუშს, რომელიც ყველა იმ ნიშნის მატარებელი იყო, რაც დამახასიათებელია XIX საუკუნის დასაწყისის თბილისური საცხოვრებლისთვის. აღნიშნული სახლი სივრცითი სტრუქტურის სპეციფიკური მოწყობის ახლებური გააზრების ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო. იგი კლასიცისტური სტილის ნიშნებს და ადგილობრივ არქიტექტურულ ფორმებსა და კომპოზიციურ ხერხებს აერთიანებდა.
სახლის ერთ-ერთ თავისებურებას, ციხისუბან-კლდისუბანში არსებული სხვა ნაგებობების მსგავსად, შეადგენდა ის, რომ იგი ზურგით მიწაში იყო შეჭრილი.
გომისა და ბეთლემის ქუჩებს შორის მოქცეული საცხოვრებელი სახლების სივრცითი აგებულების ტრადიციისამებრ, გომის ქუჩის № 18/4 სახლის ქუჩისპირა ფასადი ერთსართულიანი იყო, ღია სივრცისკენ მიქცეული კი – ორი.

567

ფანჯრის ღიობთა დამასრულებელი ხან სამკუთხა ფრონტონები, ხან კი აგურის თაროები, ძველი აგურით ნაშენ მაღალი სხვენის სართულის მომნიშვნელი ხის კოჭების მწკრივთან ერთად განსაზღვრავდა სახლის მთავარი ფასადის მკაცრ და მონუმენტურ სახეს და ამასთან, კონტრასტს ქმნიდა ნაგებობის ფასადთან, რომელიც სამყურა თაღებიანი აივნებით ღია სივრცისკენ იყო მიპყრობილი. ფასადთა ვიწრო პროპორცია მთავარი ფასადის ხუთ ღიობს და აივნიანი ფასადის შეკიდული ხის აივნის ოთხ ბიჯს იტევდა.

8910

სახლის მთლიანობის ნაწილი იყო მისი სარდაფი, რომელიც საფიქრებელია, ამ ადგილას ოდესღაც არსებული ძველი, სავარაუდოდ, XVII საუკუნის ბანიანი სახლისგან გადარჩენილი ძირი უნდა იყოს. სარდაფი, მონგრეული სახლის გარეშე, დღესაც დგას (09.10.2011).

1112

იგი წარმოადგენს, დაბრტყელებული, ნახევარწრიულ ფორმას მიახლოვებული კამარით გადახურულ, გეგმით წაგრძელებული ფორმის სწორკუთხედს, რომლის რელიეფში შეჭრილი კედელი სამი ისრული და მათ შორის მოქცეული ორი საჭრაქე ნიშით არის დანაწევრებული. ამავე კედლის ჩრდილოეთ მხარეს ისრული თაღით მონიშნული, კედლის სისქეში დატანებული ვიწრო კიბეა, რომელიც ოდესღაც ან სახლის მეორე სართულზე ან ბანზე ადიოდა. სადგომის ჩრდილოეთ ვიწრო კედლის ქვედა ნაწილში, კონსტრუქციული აუცილებლობით გამოწვეული ფართო ისრული თაღია ამოყვანილი. თაღი, ისევე როგორც ზემოხსენებული ისრული და საჭრაქე ნიშების შიდა სიბრტყეები აგურისა და ხან ფლეთილი, ხან რიყის ქვის მონაცვლეობითი წყობის არის.

აღწერილი სახლისგან განუყოფელი იყო მის გვერდით, გომის ქუჩის № 20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

14

კლდისუბან-ციხისუბნის ქუჩების განაშენიანების და სივრცითი სტრუქტურის მოწყობის ტრადიციისამებრ, აღნიშნული სახლიც ერთსართულიანი იყო გომის ქუჩის მხრიდან და სამსართულიანი (ორი სართული + სარდაფი) ბეთლემის ქუჩაზე მდებარე კვარტალის სიღრმის მხრიდან. ფასადი წარმოადგენდა ძველი აგურის და ადგილობრივი ფლეთილი ქვის რიგების მონაცვლეობით ნაგებ სიბრტყეს, მასში გაჭრილი ფანჯრის სწორკუთხა ღიობებით, რომლებსაც მიწაში მოქცეული სადგომების განათების მიზნით მოწყობილი ღიობები მიუყვებოდა. აღნიშნული სარდაფი ბეთლემის ქუჩის მხრიდან სახლის მეორე სართულს ქმნიდა.

№ 20 სახლის მიმდებარე შენობა ნარიყალასკენ გომის ქუჩის ხაზიდან შეწეულ ეზო-ჯიბეს ქმნიდა. მის სიღრმეში მოქცეული, კრამიტის ციცაბო სახურავით გადახურული მინიატურული საცხოვრებელი სახლი გომის ქუჩის № 20-ში მდებარე სახლის სამკუთხა ფრონტონით დასრულებული, ძველი აგურის და ფლეთილი ქვების რიგებით ნაგები გვერდითი ფასადის ფონზე იკითხებოდა.

15

გომის ქუჩაზე ნარიყალას მიმართულებით მოძრაობისას, მოშენებას კიდევ ერთი ნაგებობა ქმნიდა, რომლის აღქმაც სახლის ბრტყელი გადახურვის წრიული კვეთის მსხვილი კოჭებითა და უჩვეულო კედლის სიბრტყით შექმნილი გვერდითი ფასადით ხდებოდა. აღნიშნული გვერდითი კედლის სიბრტყეს სწორკუთხა თარაზულ არეებად დაყოფილი აგურის წყობის გალესილი ფრაგმენტების უცნაური ერთობლიობა ქმნიდა.


16

გომის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე ყველა ზემომოხსენიებული საცხოვრებლის ქუჩისპირა შესასვლელები ერთმანეთის მსგავსი სივრცითი კომპოზიციით ხასიათდებოდა. აქ შესასვლელი უშუალოდ ქუჩიდან იყო მოწყობილი, ქუჩის და იატაკის ნიშნული ერთ დონეზე იყო მოთავსებული და წარმოადგენდა კედლის სიქეში დატანებულ ღიობს, რომლის კარიც შიგნით იყო მოთავსებული და შესასვლელი ქუჩიდანვე ღრმა ნიშად იკითხებოდა.
გომის ქუჩის აწ დანგრეულ, აღნიშნულ რიგს, არაფერი ჰქონდა შემთხვევითი. აქ სახლის სივრცითი სტრუქტურა, მისი მიმართება რელიეფთან, სახლში შესასვლელი თუ სახლების ურთიერთმიმართება, საუკუნეების განმავლობაში დაფუძნებულ ტრადიციას ეყრდნობოდა. ყველაფერი ასახავდა უბნის ხასიათს.
ციხისუბნისგან განუყოფელი იყო გომის ქუჩის, გორგასლის I შესასხვევის და ნარიყალაზე ამავალი დიდი სერპანტინის შეყრის ადგილას აშენებული, ქუჩის შუასაუკუნეებრივ მრუდს მორგებული კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი. შეულესავი ძველი აგურის, სავარაუდოდ XVIII საუკუნეში აშენებული შენობა მისი მიმდებარე ნაგებობის შეულესავი, ფახვერკული წყობის სამკუთხა ფრონტონიანი ნაწილით სრულად აღიქმებოდა ნარიყალადან ჩამომავალ სერპანტინზე მოძრაობისას. მრუდ კონტურზე იყო მორგებული სახლის უჩვეულო, კედლის მრუდი სიბრტყიდან სიღრმეში ღრმად შეწეული შესასვლელი და ბანიანი გადახურვის მომნიშვნელი წრიული კვეთის ხის კოჭების მწკრივი.

1718

ნაგებობა ციხისუბანში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას, 2011 წლის, სავარაუდოდ ივნის-ივლისში დაანგრიეს).

ნარიყალას დამრეც ფერდზე მდებარე ვიწრო შუკისკენ მიმართული სახლის შეულესავი ძველი აგურის ფასადი შუასაუკუნეებრივ განცდას ბადებდა. აღწერილი ადგილი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე – ტურისტსა თუ ქალაქის მაცხოვრებელზე, ადგილობრივ მკვიდრზე და, რაც მთავარია ილექებოდა ბავშვისა თუ მოზარდის მეხსიერებაში, რომელსაც ის ესთეტიკურად და ეთიკურად აყალიბებდა.
საგულისხმო იყო ერმაკოვის პანორამაზე და თბილისის უფრო ადრეულ ხედებზე (გრავიურებზე, ნახატებზე) ასახული და ცოცხალ ციხისუბანში ჯერ კიდევ ბოლო დრომდე მოღწეული, დღეს აღარარსებული, XIX საუკუნის საცხოვრებელ სახლებში დაცული ან დამოუკიდებლად, თითქმის გადაუკეთებლად მოღწეული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ძველთბილისური სახლის XIX საუკუნემდელ ტიპოლოგიას ასახავდა.
კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით კლდოვან ტერასაზე აშენებული გომის II შესახვევის № 6-ში მდებარე ბანიანი საცხოვრებელი სახლი ციხისუბნის ერთ - ერთი ძველ სახლთაგანი იყო, რომელსაც ძეგლის სტატუსი ჰქონდააღნიშნულ სახლზე საგანგებო ყურადღებას ამახვილებს ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი. იხ. მ. სურამელაშვილი, სიძველის შენარჩუნების ტრადიცია თბილისის ურბანულ მემკვიდრეობაში და დღევანდელი მდგომარეობა, AჩADEMIA, #2, თბილისი, გვ. 131-145; იხ. აგრეთვე ი. ელიზბარაშვილი, მ. სურამელაშვილი, ც. ჩაჩხუნაშვილი, ხ. ჭურღულია, არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი, თბილისი, 2012, გვ. 215-216და რომელმაც 2011 წლის მაისამდე იარსება. აქ თვალშისაცემი იყო ტერასების წყება – ერთმანეთზე დადგმული ორი ბანიანი სახლის ჰორიზონტალურად განვითარებული კომპოზიცია, რომელსაც მისასვლელი გზა ქუჩა –კიბიდან ჰქონდა, გომის ქუჩიდან კი მას აგურით ნაშენი, სავარაუდოდ გვიან შუასაუკუნეებში აშენებული საყრდენი კედელი იჭერდა (კედელი ჯერ კიდევ არსებობს, 30. 11. 2011). ორტერასიანი საცხობრებელი, ციხისუბნის ერთ-ერთი სამოსახლო ტერასის ნაწილი, მკვეთრად იკითხება ფრედერიკ დიუბუა დე მონპერესდროინდელი მხატვრის ფრიმანის გრავიურაზე, რომელიც სავარაუდოდ 1831-1834 წლებში არის შესრულებული.

192021

აღნიშნული საცხოვრებელი სახლი სპეციალურად მოშანდაკებულ კლდის მასივს ეყრდნობოდა
და კონსტრუქციული სიმყარით გამოირჩეოდა. ორტერასიანი, შეულესავი ძველი აგურის საცხოვრებლის ადგილას უკვე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის, ბლოკით შევსებული, გამსხვილებული მასშტაბის, „აზიდული პროპორციების“ ახალი შენობა დგას.
ზემოაღწერილ ტერასიან სახლს დასავლეთით გომის ქუჩის № 11 სახლისგან დღეს სახეცვლილი ქუჩა-კიბე გამოჰყოფს. № 11 სახლის უკან, ქუჩა-კიბის აყოლებაზე დასავლეთით, კლდისკენ, ბანიანი სახლების დღეს აღარარსებული რამდენიმე ბანიანი სახლი ქმნიდა ტერასულ განაშენიანებას.
ერთსართულიანი, ზურგით მიწაში შეჭრილი ბანიანი სახლების სიდაბლე გომის ქუჩის და კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის სრულად აღქმას განაპირობებდა.

222324

გომის ქუჩის №11 სახლს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მის მნიშვნელობაზე ნაგებობის აზიდული პროპორციები, განაშენიანებიდან ძლიერად შვერილი მოცულობა, სახლის უჩვეულო სივრცითი აგებულება ( კედლის სისქეში ორ სართულად დატანებული ვიწრო კიბე, ოთახების ვერტიკალურ ღერძზე განლაგებული სადგომები) მიგვითითებს; სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენის შემცველი (სავარაუდოდ XVII, XVIII და XIX სს.)იხ. მ. სურამელაშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 137ნაგებობის ძველი აგურის ოსტატური წყობა, გვერდით ფასადზე ხილული ისრულთაღიანი ნიშადღეს სახლი გარედანაც და შიგნიდანაც ცემენტით არის გალესილი - გვერდით ფასადზე გამქრალი არის ისრული ნიშის კვალი, გატიხრულ-გადაკეთებულია სახლის თავდაპირველი გეგმარება, პირველ სართულზე შემორჩენილი ძველი შენობის კვალი ცემენტით არის გალესილი, კედლის სისქეში დატანებული, ორი სართულის დამაკავშირებელი, სხვენზე ამავალი ძველი აგურის კიბე ხის ფიცრებით არის შემოსილი. ძველი აგურის ავთენტური წყობა სხვენში, ბუხრის მილის სახით-ღა არის გადარჩენილი, ამაღლებული სხვენის გარე კედლები კი ბლოკით არის აშენებული. ერთიან ვერტიკალურ ღერძზე აკინძული დიდი სადგომები ბლოკის კედლებით არის დაქუცმაცებული. ჯერ-ჯერობით დაუნაწევრებლად მხოლოდ ბუხრიანი ოთახია დარჩენილი.

252627

ინტერიერის მორთულობის თავისებურება (პროფილირებულ ჩარჩოში მოქცეული კილისებურთაღიანი ბუხარი, თახჩები და სხვ.) მთელის განუმეორებელ სახეს ქმნიდა და გამოარჩევდა მას მიმდებარე განაშენიანებისგან.
დღეს ბეთლემის ქუჩის № 11 სახლის დიდი ნაწილი რკინა-ბეტონის კარკასიან ბლოკის კედლებშია ჩართული და ბეტონის კიბეების რთულ სისტემაშია მოქცეული. გარედან ბეტონის ახალი ნაწილები ოთხად გაჭრილი ძველი, კვადრატული აგურით არის მოპირკეთებული. ძველი აგურით ნაგები სახლი სახედაკარგული და პროპორციაშეცვლილი, შუშაბანდიანი ფასადით გადაჰყურებს თბილისს.

282930

გომის ქუჩის აღწერილი დანგრეული თუ სახეცვლილი ნაწილის პარალელურად, ბეთლემის ქუჩის № № 15, 17, 19, 21, 23, 25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების წყება თბილისური სპეციფიკის მატარებელი და ძველი ტიპოლოგიის ნაგებობების შემცველი იყო.

3132

თბილისის უძველეს ორ ქუჩას შორის მოქცეული სამოსახლო განაშენიანება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აქ ქუჩების განსხვავებული ნიშნულის გამო, უძველესი დროიდან საცხოვრებელი ბაქნების დამჭერი საყრდენი კედლები აშენდა. კედლები, ისევე როგორც ციხისუბნის სხვა მონაკვეთებში ან მის მომდევნო კლდისუბანში, სხვადასხვა ეპოქებს ასახავდა. საყრდენი კედლები იკითხებოდა ბეთლემის ქუჩის № 19 სახლის ეზოშიც (ძველი აგურის კედელი ჯერ კიდევ დგას, 30. 11. 2011,).

3334

ძველი აგურის და ადგილობრივი ფლეთილი ქვის მონაცვლეობით ნაშენი (სავარაუდოდ გვიანიშუასაუკუნეების) კედლები გომის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის ზედა მხარეს და ჯვარედინის შესახვევში არსებული სახლების სამოსახლო ტერასებზეა ჯერ კიდევ შემორჩენილი (30.11.2011)აღნიშნული კედელი 2012 წელს განადგურდა.

ბეთლემის ქუჩის № №23-25 სახლების კვალი დღეს გამქრალია. გომისა და ბეთლემის ქუჩებს შორის მდებარე მონაკვეთის მოსწორებულ ადგილას მდებარე ნაგებობა – ციხისუბნის ერთ-ერთი ძველი საცხოვრებლისგან გადარჩენილი სარდაფია (ბეთლემის ქ. № 25). ოდესღაც იგი ციხისუბნის განაშენიანების მჭიდრო ქსელის ნაწილი იყო. ძველი სახლი, მოგვიანებით ახალი სახლის ნაწილი გახდა და შენობის ერთიან სივრცით სტრუქტურაში მოექცა.

3536

ბეთლემის ქუჩის № 25 სახლი 2011 წლის 2 მაისს უკვე დანგრეული იყო . ის, რაც ამ კონკრეტული ადგილის სიძველეზე მიგვანიშნებს № 25 სახლის ტანში მოქცეული, XVIII საუკუნის სახლისგან გადარჩენილი სარდაფიააღნიშნული სარდაფის დათარიღების საფუძველს 2011 წელს ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა და მხატვრულ-არქიტექტურული შეფასება მაძლევს. ნაშრომი ჯერჯერობით გამოუქვეყნებელია.

ძველი სადგომის დახვეწილი პროპორციები, გრძივი კედლების თაღოვანი და საჭრაქე ნიშების ურთიერთმიმართება და სიბრტყეზე განაწილება, ნახევარწრიული თაღების იდეალური მოხაზულობა, გადარჩენილი კიბის მაღალოსტატურად ნაგები ფორმები, კედლის სიბრტყეების, აგურისა და ფლეთილი ქვის მონაცვლეობითი წყობის ფრაგმენტების, რიყის ქვის ჩანართების – იდეალური წყობა, სარდაფის აღმშენებელთა დახვეწილ გემოვნებაზე, მაღალ ოსტატობაზე და შემოქმედებით ნიჭზე მეტყველებს.
სარდაფი მნიშვნელოვანია თბილისური სარდაფების ტიპოლოგიის თვალსაზრისითაც, როგორც XVIII საუკუნის თბილისის სარდაფების ერთი კონკრეტული ტიპის გადარჩენილი სახე (შდრ. გომის ქ. № 18/4-ში მდებარე სახლისგან გადარჩენილ ზემოთ აღწერილ სარდაფს).
აღწერილი სარდაფის მონახულება შეუძლებელია. იგი ბეთლემის ქუჩის № 23-25-ში მშენებარე ნაგებობის კარკასშია მოქცეული ისე, რომ სადგომში შეღწევა ვერსაიდან ხერხდება.


37

ზემოაღწერილი მთლიანობის ნაწილია ბეთლემის ქუჩის 15-ში მდებარე, ბეთლემისა და გომის ქუჩებს შორის მოქცეული, ზურგით მიწაში შეჭრილი საცხოვრებელი ნაგებობაც, რომლის გახნილი ტიპის ეზოს სახლი ხის ღია აივნებით სამ სართულად ორმხრივ შემოუყვება.

3839

შენობას ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეზოს მესამე ზღვარს ბეთლემის ქუჩის № 13-ში მდებარე სახლის ყრუ კედელი წარმოადგენს. აივანს ხის დორიული სვეტები და აფიცრული მოაჯირი აქვს. ეზოს სიღრმეში მდებარე სახლის ფრონტალურ ნაწილზე ხის სწორხაზოვანი ორი კიბეა მიდგმული. თავდაპირველი კიბე დაკარგულია. აღნიშნული ნაწილის მესამე სართულის საფასადო კელდის არქიტექტურული მორთულობიდან ყურადრებას იპყრობს ღიობთა კლასიცისტურ ყაიდაზე დამუშავებული თავსართები, რომელთაც თაროს პროფილის განსაკუთრებული სისადავე გამოარჩევს.

40

მსგავსი თაროები XIX საუკუნის მხოლოდ ადრეულ ეტაპზე შეიძლებოდა შექმნილიყო, მაშინ, როდესაც XIX საუკუნის დასაწყისიდანვე თბილისის არქიტექტურაში კლასიცისტური სტილის ნიშნები მკვიდრდებოდა და თბილისურ სპეციფიკას ერგებოდა და ეგუებოდა.

მაგრამ ის, რაც აქ გაოცებას იწვევს, სახლის შიგნით გადარჩენილი სიძველეა. აივნიანი ფასადის ფრონტალური ნაწილის უკან XVIII საუკუნის საცხოვრებელია შემონახული. სიღრმეში დაცული სახლი, სავარაუდოდ XVIII საუკუნეში აშენებული ბანიანი საცხოვრებელი უნდა იყოს. ძველი ნაგებობის კედლების სისქე (1 მ. 50 სმ.), ძველი აგურის ხან თევზისფხური, ხან სწორი რიგებისა და რიყის ქვის მონაცვლეობითი წყობა კირის დუღაბზე, თახჩების სიღრმე და პროპორციები, XIX საუკუნის დასაწყისის შენობაში დაცული ნაგებობის ძველ ტიპოლოგიას ასახავს და მის ადრეულ ასაკზე (XVIII ს. ) მიგვითითებს. სახლის ადრეულ ასაკზე მეტყველებს მის დასავლეთ საყრდენ კედელში დატანებული ნახევარწრიულ-თაღოვანი ნიშები, რომლებიც გეგმით ნახევარწრიულია და კონქებით არის გადახურული. საერო ნაგებობაში ჩართული კონქით გადახურული თახჩა-ნიშები დიდ იშვიათობას წარმოადგენს გვიანშუასაუკუნეებრივ თბილისში. თვალშისაცემია ძველი აგურის და რიყის ქვის წყობის კედლების ფერწერულობა და ცხოველხატულობა.

4142

ბეთლემის ქუჩა ქვემო კალას აღნიშნული მიკროუბნების ყველაზე ვრცელი ქუჩაა. იგი სამივე მიკრო უბანს (ციხისუბანი, კლდისუბანი, ბეთლემისუბანი) ჰკვეთს, ნარიყალაზე ამავალ დიდ სერპანტინსაც სცდება და ბოტანიკურის ქუჩის სიახლოვემდე აღწევს. ბეთლემის ქუჩის კონტური დასაწყისში ძლიერ მრუდს შემოწერს. ბეთლემის ქუჩის მსგავსად, გომის ქუჩაც აღნიშნულ სამ მიკროუბანს მოიცავს, ოღონდ იგი ბეთლემის ქუჩის ნიშნულზე მაღლა მდებარეობს და მასზე მოკლეა. გომის ქუჩა სოლოლაკის მთის ნარიყალა-შახისტახტს შორის მდებარე ხაზს მეტ-ნაკლებად პარალელურად მიუყვება. აღნიშნულ ორ ვრცელ ქუჩას შორის მდებარე ის სამოსახლო უბანი, რომელიც განაშენიანების ვიწრო ზოლს ქმნიდა რამდენიმე მოკლე ქუჩით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ასეთი ქუჩა სულ ხუთია (1. ბეთლემის ქუჩა-კიბე, 2. ასკანის ქუჩა-კიბე, 3. ბეთლემის ქუჩის დასაწყისის სიახლოვეს (№ 11 სახლთან) გომის ქუჩისკენ მიმართული ძლიერი მრუდი, 4. ბეთლემის ქუჩის ბოლოს, ნარიყალას სერპანტინამდე ( № 27 სახლთან) ქუჩის მოკლე მონაკვეთი, 5. გორგასლის I შესახვევი). განაშენიანების აღნიშნულ ვიწრო ზოლში ორიოდე ვიწრო ჩიხიც იყო მოქცეული (მაგ. Gგომის ქუჩის № 18/4 სახლის აივნისპირა მხარეს, რომელსაც ნიკო მარის ქუჩის ტოპონიმის აბრა ბოლო დრომდე ჰქონდა შერჩენილი).
თუ ზურგით ქალაქისკენ დავდგებით და ბეთლემისა და გომის ქუჩების დამაკავშირებელ ყველა ზემოჩამოთვლილ ქუჩას რელიეფის აღმა მიმართულებით შევხედავთ, თვალშისაცემი იქნება ამ ქუჩების პერსპექტივების არქიტექტურული გარემო და მათი დამასრულებელი არქიტექტურული აქცენტები. ბეთლემისა და გომის ქუჩების ერთი ასეთი დამაკავშირებელთაგანი ჩვენი ნუმერაციით № 3 ქუჩაა, რომელიც ბეთლემის ქუჩის განშტოებით შექმნილი მკვეთრი მრუდით ვიდრე გომის ქუჩამდე არის მონიშნული. ქუჩის მრუდის სიმკვეთრეს ოდესღაც ბეთლემის ქუჩის № 11 სახლი ქმნიდა.

434445

ქუჩის პერსპექტივს დღესაც ასრულებს გომის ქუჩის დამჭერი ერთ-ერთი საყრდენი კედელი (განახლებულია საქართველოს ICOMOS -ის მიერ 2004 წელს). მის თავზე კი გომის ქუჩის პირზე მდგომი სახლების წყება მდებარეობდა (გომის ქუჩის № 7,9). № 7 სახლი დღესაც დგას,გომის ქ. # 9 სახლი 2012 წლის აგვისტოში დაანგრიეს.№ 9 კი დანგრეულია. გომის ქუჩის № 9 რამდენიმე ნაგებობას აერთიანებდა. იგი წარმოადგენდა ქუჩის ნიშნულიდან ვიდრე № 2/6 სახლამდე მდებარე, ხუთ ვიწრო ტერასაზე გაშლილ ბანიანი სახლების წყებას (მეხუთე ტერასაზე ბეთლემის II შესახვევის № 2/6 სახლი მდებარეობს). საკმაოდ დიდი სამოსახლო ტერიტორია აღმოსავლეთით კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიამდე მიმავალი ქვის საფეხურებიანი ქუჩა-კიბით იყო შემოსაზღვრული. საცხოვრებელი ნაგებობების დანგრევამ გამოავლინა, რომ ტერასების საყრდენი კედლები განსხვავებული წყობის არის (ძველი აგურის და ფლეთილი ქვის, ძველი აგურის და რიყის ქვის, ძველი აგურის, მხოლოდ ფლეთილი ქვის), რაც მათ განსხვავებულ ქრონოლოგიაზე მიგვითითებს. ძველი ქალაქის განვითარების პროცესში ეპოქა ეპოქას ცვლიდა, ფენა ფენას ემატებოდა, სიძველე ინახებოდა.

აღწერილი ტერასების აღნიშნული კონკრეტული მონაკვეთის დამაგვირგვინებელი ზემოხსენებული ბეთლემის II შესახვევის № 2/6 სახლიასახლის ნუმერაცია ეყრდნობა 1999 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული საველე სამუშაოს დროს მოპოვებულ მონაცემებს.

4647

იგი კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის უშუალო სიახლოვეს, მის დასავლეთით მდებარეობს. ორსართულიანი ნაგებობა მეორე სართულის გაყოლებით მდებარე ხის აივნიანი და მის თავზე მოქცეული მეზონინიანი ფასადით მთელი ქალაქის გარდავლით ღია სივრცისკენ იყო მიმართული. აღსანიშნავია ის განწყობა, რაც სახლის აივანსა და მეზონინზე თუ მის ინტერიერში მოხვედრისას ეუფლებოდა ადამიანს. 1860-იანი წლებით დათარიღებულ დიმიტრი ერმაკოვისეულ ზემომოხსენიებულ თბილისის პანორამაზე აღნიშნული სახლი ჯერ დატანილი არ არის. იგი, სავარაუდოდ 1870-იან წლებში შეიძლება აგებულიყო. ძველ ფოტოსა და 1831-1834 წლების, მხატვარ მ. ფრიმანის ლითიგრაფიაზე, ამ ადგილას კუბური მოცულობის შენობები დგას. ძველი შენობების ნაწილი №2/6 სახლის ინტერიერშია ჩართული. ერთსართულიანი ბრტყელგადახურვიანი მოცულობა №2/6 სახლის დასავლეთითაც იდგა. აღნიშნული ძველი ნაგებობებიდან სახლის ტანში ჩართული ნაწილები დღესაც გადარჩენილია, გვერდზე მდგომი ნაგებობა გამქრალია.

5148

ციხისუბან-კლდისუბან-ბეთლემისუბნის არაერთი სახლისთვის, ისევე როგორც სარდაფისთვის, ინტერიერში კლდის მასივის შემოჭრა არის დამახასიათებელი. აღნიშნული უბნების ეზოებში, კლდის მასივი, ზოგჯერ, ეზოს საფარსაც წარმოადგენს (გომის ქ. №2).

კლდის მასივი ბეთლემის II შესახვევის № 2/6 სახლის ინტერიერშიც არის შენახული. იგი, სავარაუდოდ, XVIII საუკუნის ინტერიერში ჩაურთავს მშენებელს და უჩვეულო მოყვანილობის თაღით შემოუფარგლავს, რომელიც XIX საუკუნის საცხოვრებელსა და მის მიმდებარე ბრტყელი გადახურვის მქონე ნაგებობაშიც გადარჩა. კლდიანი თაღოვანი ნიშის თავზე ხის ერთიანი კოჭი-არქიტრავით გაერთიანებული სამი სწორკუთხა, ღრმა ნიშაა. ნიშების სიღრმითა კედლები ძველი აგურის ხან სწორი, ხან თევზისფხური, ხან ფლეთილი ქვების რიგებით არის ნაშენი, მაშინ, როდესაც ინტერიერისკენ მიქცეული კედლის სიბრტყის დიდი ნაწილი ძველი აგურის წესიერი წყობისა არის. კოჭის თავზე კედელი ვიდრე სართულშუა გადახურვამდე აგურისა და ფლეთილი ქვების ზოლებით არის ნაგები.შდრ. მ. სურამელაშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 134-136
დღეს №2/6 სახლის მიმდებარე გვიანშუასაუკუნეებში აშენებული ბანიანი სახლი დანგრეულია, №2/6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კი ახალი აივანი და მეზონინი აქვს, ოღონდ არა არქიტრავული არამედ თაღოვანს მიმსგავსებული. ეს სხვა სახლია, რომელსაც კლდისუბანთან აღარაფერი აქვს საერთო და თავის მიმდებარე გარემოსთანაც აღარ აქვს კავშირი.

4950

ციხისუბანი, კლდისუბანი და ბეთლემისუბანი შუასაუკუნეებრივი თბილისის ურბანული ქსოვილის სხვა მიკროუბნების მსგავსად საქართველოს სატახტოს ისტორიულ მნიშვნელობაზე, ურბანული ქსოვილის თვითმყობადობაზე, თბილისელ ოსტატთა და ხუროღმოძღვართა მაღალ ესთეტიკაზე, თბილისური თუ საყოველთაოდ ქართული საცხოვრებელი სახლის ტიპოლოგიის მრავალფეროვნებასა თუ მრავალგვარობაზე, სხვადასხვა ეპოქებში თბილისის მშენებლობის და ტექნიკური შესრულების მაღალ ხარისხსა და უწყვეტ ტრადიციებზე მიანიშნებს.

53

შეუძლებელია ერთი კვლევის ფარგლებში მოიცვა ციხისუბნის არქიტექტურა მთელი თავისი მრავალფეროვნებით. სირთულეს ქმნის ისიც, რომ იგი აღარ არსებობს.
ძნელია ქუჩების შუასაუკუნეებრივ ქსელს მორგებული სხვადასხვა ტიპოლოგიის და განსხვავებული ღირებულების ნაგებობების ერთი ნარკვევის ფარგლებში განხილვა. შეუძლებელია აღარარსებული შენობების არქიტექტურული მორთულობის დეტალების დაზუსტება, გამქრალი საცხოვრებელი სახლების და ეზოების სივრცითი სტრუქტურის კომპოზიციური წყობის მეხსიერებაში აღდგენა. შეუძლებელია მთელი სიზუსტით აღწერო ის, რაც ასეთ ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე – დიდსა თუ პატარაზე, სტუმარსა თუ შინაურზე, პროფესიონალსა თუ არაპროფესიონალზე. წინამდებარე წერილი ვერ მოიცავს ციხისუბნის ყველა სახეცვლილი თუ აღარარსებული შენობის აღწერას. აქ წარმოდგენილია ის, რასაც ჩვენ გამუდმებით თვალს ვადევნებდით და ვსწავლობდით და რისი აღწერაც სადღეისოდ მოვასწარით.
აქ იყო ფიზიკურად ჯანსაღი შენობებიც, რომელთაც მხოლოდ რესტავრაცია სჭირდებოდა.
აღარ არსებობს უბანი, რომელიც საგანგებო კვლევას იმსახურებდა, შესწავლას საჭიროებდა. ეს მნიშვნელოვანი იყო მომავალი განვითარებისათვის. დღეს დანგრეული შენობების ზუსტი სტატისტიკის დადგენაც კი შეუძლებელია.

52

გაქრა ძველი თბილისის „ფოლორცნი უშვერნი“, დაინგრა ქუჩა-კიბეები, განადგურდა შუკები და ძველი საყრდენი კედლები. დაინგრა და გაქრა ტრადიციული ხედები. დაირღვა ძველი თბილისის მთლიანობა, აღიგავა პირისაგან მიწისა ძველი თბილისის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ურომლისოდაც ძველი თბილისი თბილისს აღარ ჰგავს.
აღწერილი სიძველის სახლების, შუასაუკუნეებრივი ქუჩების, XIX საუკუნისა თუ უფრო ადრეული ფენების შემცველი უბნების დანგრევა და მის ადგილას ახლის შენება – ეს არ არის განვითარება. თუ ადრე საქმე გვქონდა საუკუნეების მანძილზე სახლების მოუვლელობასთან, მათ არასწორ გადაკეთებებთან და ამ გზით სიძველე და ტრადიციები მაინც ინახებოდა, ახლა, საქმე გვაქვს ტრადიციების არ შენარჩუნებასთან, მის მოსპობასთან, რაც ურბანული ღირებულების შეუფასებლობით, უცოდინრობით, და ასევე, უგულობითაც შეიძლება აიხსნას მხოლოდ. ამ მხივ მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ელემენტარული საფუძვლების უქონლობაც.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ციხისუბან-კლდისუბანში ჯერ კიდევ დარჩა დასაცავი ფასეულობა. ეგებ ახლა მაინც შეწყდეს ნგრევა და შენარჩუნდეს ის, რაც თბილისის სიძველეს და ისტორიას ქმნის.
კალას, ისნის და საკუთრივ თბილისის ჯადოსნური სამოსახლო იდეებისა და შთაგონების უშრეტი წყარო იყო მუდამ, რომლის გადარჩენაც თანამედროვეობის ვალდებულებაა.

20.12.2011


ნანახია: 24325-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani