Georgian (Georgia)English (United Kingdom)
სანჩო პანსა - გუბერნატორი | Print |

There are no translations available.

დალი ლებანიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


შემოქმედებითი პროცესი რთულ ფენომენს წარმოადგენს. მისი შეცნობა მრავალმა თაობამ სცადა, მაგრამ ამომწურავი პასუხი ჯერ არ არის ნაპოვნი. რა იწვევს ამა თუ იმ მხატვრული სახის გაჩენას და რა საფუძველი არსებობს მისი ზემოქმედებისა?
სახვითი ნაწარმოები იმდენად საინტერესოა, რამდენადაც მისი ხილული ფორმები კონკრეტულად წარმოსდგება ჩვენს წინაშე და თავის სათქმელს ჩუმად, სახე-ნიშნებით გადმოსცემს.
2011 წელს მე მოწმე გავხდი ორნაწილიანი  კომპოზიციის შექმნისა, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მუდმივ თემას, დონ კიხოტსა და მის ერთგულ საჭურველმტარებელს, სანჩო პანსას გამოხატავს. დ. სერვანტესმა თავის რომანში ერთხელ და სამუდამოდ თავი მოუყარა უამრავ იგავად ქცეულ ამბავს, რომელიც კაცობრიობისათვის სიკეთის, ამაღლებული იდეალებისა და რეალური, მიწიერი ყოფის კონტრასტულ შეპირისპირებას გამოხატავს. ეს თემა ისეთივე უჭკნობია, როგორც სიცოცხლე და მასთან დაბრუნება სხვადასხვა დროს, არა ერთმა მხატვარმა გაიხადა მიზნად.
საიდან მოვიდა იგი ასეთი სიმძაფრით 2011 წლის საქართველოში, და რატომ აღმოჩნდა მისი დაბადება აუცილებელი თანამედროვე მხატვრის ცხოვრებაში? რატომ არ მომცა ამ ნამუშევარმა თავისუფლად ცხოვრების საშუალება და მაიძულა დამეწერა მის შესახებ?

00

მხატვარი - გურანდა ქლიბაძეა. მის შემოქმედებით ცხოვრებას, ნებით თუ უნებლიედ, მუდმივად ვადევნებ თვალს. ჩემთვის საინტერესო ნამუშევარი დიდი ზომის (150 X 150, 150 X 90) მონოტიპიის ტექნიკით შესრულებული გრაფიკული სურათებია. მათი ზომები შესრულების ხასიათს ესატყვისება. თამამი, დაუზოგავი ენერგიით გადმოცემული პლასტიკური ფორმები, რომელთა მოცულობა, ხაზი და ლაქობრივი, შავისა და თეთრის ურთიერთშეხამება, პირველივე შეხედვიდან ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.
თავდაპირველად დაიხატა „სანჩო პანსა გუბერნატორი“ (150 X 150). თემა, ერთი შეხედვით, იმდენად მოულოდნელია, რომ განცვიფრება გამოიწვია ჩემში. ამავე დროს, იგი თავისი სახვითი მეტყველებით მაშინვე გახდა მრავალმხრივ საინტერესო. ეს სახე-ტიპი იმ გზაჯვარედინზე აღმოჩნდა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება და ერთმანეთისგან გადის სხვადასხვა ემოცია და ასოციაცია.
კომპოზიცია ორფიგურიანია - სახედარი და მასზე ამხედრებული სანჩო. სანჩო, ეს მუდმივი უბრალოებისა და მიწიერი კმაყოფილების მაძიებელი, შეულამაზებელი რეალური ცხოვრების მონაწილე და მოუშორებელი სიდუხჭირის სიმბოლო, ამჯერად, გაბობოლავებული ზის სახედარზე. სახედარი იმდენად მიმზიდველად და მორჩილადაა წარმოდგენილი, რომ მხედრის თვითდაჯერებულ მოძრაობას, მის ბუმბულებით შემკულ ქუდსა და მათხოვრის დაფხრეწილ ტანსაცმელს გამორჩეული სიმძაფრით უპირისპირდება. სანჩოს მოძრაობის მანერა, აღვირის მომარჯვება (თითქოს ძალაუფლების კვერთხი უჭირავსო) იმდენად დინამიკური არ არის, რამდენადაც ტრაგიკული.
მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ეს იყო თანამედროვეობის ამსახველი გმირი, რომელიც რაინდული ბუნების საწინააღმდეგო ემოციას იწვევს. მიუხედავად ამისა, ის ძალიან ახლობელი და შესაბრალისია.
თანამედროვე მხატვარმა შექმნა სახე, რომელიც მას, უდავოდ, ძალიან აწუხებდა. იგი აღმოცენდა ცხოვრების რეალური დინებიდან, ხორცი შეისხა, როგორც კონცეპტუალურმა ობიექტმა, რომლის დახატვა საშუალებას აძლევდა მხატვარს, ეთქვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომანის გმირის ილუსტრაციაა.

01

აღნიშნული სურათი თავისი კომპოზიციური გადაწყვეტითა და შინაარსით პარალელურად ეპასუხება ო. ფროიდენბერგის კონცეფციას, რომელიც ეხება სახედრისა და მასზე მჯდომი იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის თემა.მოხსენება წაკითხული 1923 წ. და შემდეგ 1933 წ. მეტყველების კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში („ვირი - როგორც ღმერთის სახე“), მოსკოვი, 1933 ო. ფრიოდენბერგი საინტერესოდ ხსნის ამ თემას და საბაბს გვაძლევს ვიმსჯელოთ ჩვენს მიერ განსახილველად წარმოდგენილ სურათზე, სადაც მხატვარი ინტუიციით მიდის გარკვეულ დასკვნებამდე. ო. ფროიდენბერგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სახედარი, რომელიც ქრისტეს მიჰგვარეს მოწაფეებმა, ოთხი სახარებიდან სამშიმათე (21, 1-11); მარკოზი (11, 1-11); ლუკა (19, 28-40); იოანე (12, 12-19)  ჩოჩორია. იგი ჯერ მხედარდაუმჯდარი, საკრალურად სუფთა შესაწირი ცხოველი იყო. სახედარი უძველესი, ჯერ კიდევ ბიბლიური ხანიდან და შემდეგ ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, მზის სიმბოლოსთან იყო გაიგივებული. ამიტომ ო. ფროიდენბერგი მიიჩნევს, რომ ჩოჩორი მზის ცხოველმყოფელ ძალას გამოხატავს. იგი როგორც მზე, სამყაროს მაცოცხლებელი ძალაა და მასზე მჯდომი იესო ქრისტე მზეზე ამხედრებულს წარმოადგენს, სადაც ჩოჩორი მხედართან ერთადაა, სიძეა ღვთაებრივი ქორწილისა. ქორწილის, რომლის პატარძალი იერუსალიმია, ან ზოგადად დედა-სამყარო!ამგვარი დღესასწაული ყოველწლიურად იმართებოდა და ბუნების ნაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული. იგი ებრაულ „კუში“-ს მისტერიაში გამოიხატებოდა
ეს შედარება „ქრისტეს იერუსალიმში შესვლისა“ გ. ქლიბაძის „სანჩო პანსა გუბერნატორთან“ მეტად ნიშანდობლივად მეჩვენება, მხოლოდ ჩვენ შემთხვევაში - ძლიერი ურთიერთ კონტრასტულობით, მხატვრის შინაგანი ალღოთი შეგრძნობილი.
ქრისტიანული ჩოჩორი ანტიკურისაგან განსხვავებით, უცოდველ, ჯერ გაუხედნავ მორწმუნეთა სულებს განასახიერებს. მასზე ამხედრებული იესო ადამიანების სულიერების განმგებელია და ასე შეიყვანს იგი მათ „ზეციურ იერუსალიმში“.
ეს ვერსია ქრისტეს მიერ სულის მეუფებისა, სულისა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩოჩორის სახითაა ნაჩვენები, მით უფრო აქტუალურია, როდესაც ვხედავთ, რომ ყოველდღიური პრაგმატიზმი, მიწიერი ქვენა გრძნობები ძლიერად ეუფლება საზოგადოებას. „სანჩო პანსა გუბერნატორი“, ან უბრალოდ „სანჩოპანსაობა“ ძალიან მომძლავრებულია. ვინ მართავს სულებს? რა ძალა განაგებს მათ?
სანჩო პანსას გუბერნატორობა დ. სერვანტესთან თამაშის ნაწილი იყო. სპექტაკლი, რომელშიც იგი იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად ავტორის დაუზოგავი სარკაზმისა, ნაწილობრივ, სასარგებლო აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. თავისი კონცეპტუალობით გარემოს მიმართ, სანჩომ საინტერესო რეფორმები ჩაატარა, მაგრამ ამით კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა დონ კიხოტის მოქმედება და არსებობა.
ისტორიული თამაში. სცენაზე ახალ-ახალი ძალების გამოსვლა. მუდმივი ფარსი, რომლის მომსწრე ჩვენ ვართ, იძულებულს ხდის მხატვარს თავისი ემოცია ამგვარი გადატანით გადმოსცეს.
იგი ხატავდა თავის დამოკიდებულებას გაგუბერნატორებულ მხედრებზე, რომელთაც თავისი თავი ადამიანების სულიერების განმსაზღვრელად წარმოადგინეს. საზოგადოება მოქცეულია ყოველდღიური მომხვეჭელობის, მიწიერი ქვენა გრძნობების ძალადობაში. იმ თვალსაწიერიდან, რომელსაც შემოქმედი ჰქვია, ყოველივე ზემოთქმული ძნელად ასატანია. მხატვრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ამ ურთულეს ამოცანას წარმატებით გაართვა თავი და ისეთი მხატვრული სახე შექმნა, რომელიც არასოდეს მოასვენებს მაყურებელს.

02

სახვითი მეტყველება თავისთავად აიძულებს მნახველს უფრო ღრმად ჩაეძიო ნახატს. რაც განპირობებულია კონკრეტული გამოსახულების მოულოდნელი, უშუალოდ ჩვენ თვალწინ  ტრანსფორმირებით. შესრულების დროს, მხატვარი, ერთმანეთში ხლართავს რამდენიმე სახეს. სანჩო თითქოს ხან სამი-მეოთხედითაა მობრუნებული, ხან მის გვერდით პროფილს ვხედავთ, აქვეა ახალი სახის ნაწილიც. ყოველივე ეს ქუდსა და ბუმბულებშია ჩაზრდილი და იქმნება ისეთი განცდა, თითქოს ერთდროულად ჩვენ ერთი გმირის მრავალსახეობას ვხედავთ და ყოველი მათგანი, თავისი განწყობით, ნახატს მუდმივ შიდა მოძრაობის ილუზიას სძენს.
სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ ერგებიან ამაოების აღლუმს? სად წავიდნენ დონ კიხოტის სულიერი თანამოაზრეები? ნუთუ მათ ადგილი აღარ დარჩათ ჩვენს გარემოში?
მეორე ნაწილი ჩვენ მიერ განხილული კომპოზიციისა სწორედ „დონ კიხოტს“ ეძღვნება. იგი წარმოდგენილია, როგორც ჩრდილი. მას  არაფერი აქვს თავისი რაინდული არტიბუტებიდან. იგი შიშველია, მოხუცი და უძალო. იგი დგას მაყურებლის წინაშე და თითქოს ერთი ნაბიჯიღა აშორებს უსასრულობისა და დავიწყების სამყაროში გადასასვლელად. მასში არაფერია საიმედო. იგი შინაგანი დაცლილობისა და მარტოობის სიმბოლოა, რომლის მსგავსი ძნელად მოიძებნება სახვით ხელოვნებაში.
თუ სანჩოს მსუქანი და უხეში სხეული ფუნჯის ძლიერი მონასმითაა „ნაძერწი“, მისი ყოველი დეტალი მოცულობითი და დამაჯერებელია, დონ კიხოტი დემატრიალიზებულია. აქ გამოსახულება სილუეტურად იკითხება. მისი გარეგნობა აღნაგობითა და ტიპით სერვანტესის გმირს შეესატყვისება, მხოლოდ, ამჯერად, კიდევ უფრო გაძარცულია ყოველგვარი ყოფისაგან და მისი სიშიშვლეც აღსარებისა და განწმენდის ტოლფასია.
აღნიშნული სურათი ზუსტად გამოხატავს მხატვრის პოზიციას. იგი თანამედროვე ცხოვრების აქტიური მონაწილეა. იგი მთელი თავისი შემოქმედებითი ძალით ცდილობს განგაში ატეხოს ჩვენს სულებში და შესაძლებლობა მოგვცეს, ცხოვრების განმეორებად პროცესში არ დავკარგოთ ჭეშმარიტი ფასეულობები, არ დავთმოთ რაღაც ყველაზე ძვირფასი და არ აღმოვჩნდეთ სულიერი სიცარიელის პირისპირ.


ნანახია: 14478-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani