მიხეილ გობრონ საბინინის (1845-1900) დამსახურება ქართველ წმინდანთა სახე-ხატების დამკვიდრებაში |
There are no translations available. მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მიხეილ-გობრონ საბინინის საქმიანობისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ მისსავე სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდგომაც და დღევანდელ დღემდეც სხვადასხვაგვარი, წინააღმდეგობრივი შეფასებები გამოითქმებნოდა, რაც უდაოდ მომავალ კვლევა-დაზუსტებას ითხოვს. საჭიროა, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს მის მიერ ქართული კულტურის, კონკრეტულად კი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შეტანილი წვლილი. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად შევეხებით საბინინის ბიოგრაფიას და ვეცდებით მის მიერ შედგენილი და დასურათებული წიგნიდან - „საქართველოს სამოთხე“ - გამომდინარე თვალი მივადევნოთ გავლენათა კვალს, რომელიც შემდგომში გამოვლინდა საქართველოს საეკლესიო მონუმენტურ მხატვრობასა და ხატწერაში. (ილ. 1).
მიხეილ საბინინი 1845 წელს თბილისში დაბადებულა. მისი მამა, პავლე საბინინი, ტვერის მონასტრის მღვდელი ყოფილა, რომელსაც სასულიერო საქმიანობა საქართველოში გაუგრძელებია, ცოლად კი ქართველი ქალი - ეკატერინე მირზაშვილი შეურთავს.
1868 წლამდე მიხეილს თბილისის გიმნაზიაში უსწავლია, შემდგომ კი სწავლა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, 1875 წელს დაუსრულებია, ღვთისმეტყველების კანდიდატის წოდება მიუღია.
სწავლის ბოლო წლებში საბინინს თავისი სახელი - მიხეილი, გობრონით შეუცვლია, X საუკუნეში მოღვაწე მართლმადიდებელ სარწმუნოების ერთგული, წამებით მოკლული, დიდმორწმუნე მიქაელ-გობრონის საპატივცემულოდ. როგორც ვაჟა კიკნაძე აღნიშნავს: „... სახელთა ასეთი შერჩევა (მიხეილ-გობრონ) შემთხვევითი არ არის და საბინინი ქართული ეკლესიისათვის თავს ისეთივე თავდადებულად და წამებულად თვლიდა, როგორც არაბთა მიერ ნაწამები მიქელ-გობრონი იყო.
შესაძლებლად მიგვაჩნია, გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მიხეილ საბინინის პორტრეტული მსგავსება გადმოცემულია ამ წმინდანის ლითოგრაფიაში (სადღეისოდ, საბინინის ფოტოგრაფია ცნობილი არ არის). თუ კარგად დავაკვირდებით მიქელ-გობრონის ხატებას (რომელიც „საქართველოს სამოთხეშია“ მოთავსებული), დავრწმუნდებით, რომ მიქეილ-გობრონს სრულიად მოულოდნელად, გარკვეულად სლავური იერი დაჰკრავს“.ვაჟა კიკნაძე. ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა XIX ს-ის ქართველი სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებაში. თბ., 2009, თავი IV. მიხეილ (გობრონ) საბინინს ცხოვრება და შემოქმედება, გვ. 279.. (ილ. 2).
1871-1873 წლებში მიხეილ-გობრონი რუსულ ენაზე აქვეყნებს ქართველ წმინდანთა ცხოვრების სრული აღწერილობასМихаил Сабинин (Ибериец), Полное жизнеописание святых грузинской церкви, Санкт-Петербург, изд. авт., 1871-1873.. 1877 წელს, ასევე რუსულად გამოსცემს მის მიერვე შედგენილ წიგნს: „ქართული ეკლესიის ისტორია VI საუკუნემდე“"История грузинской церкви до конца VI в." (СПб., 1877)., 1882 წელს კი იბეჭდება, უკვე ნახსენები ნაშრომი - „საქართველოს სამოთხე“.
როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, წიგნს „... უწოდე სახელად „საქართუჱელოს სამოთხე“. წიგნისა ამის მეორე, არცა დაბეჭდილა, არცა ხელნაწერი არა სადა იპოების, ესრე ვრცელი და სრული, ვითარ ეს წიგნი“.საქართველოს სამოთხე. თბ., 1982, გვ. ა.
„საქართველოს სამოთხეში“ თავმოყრილია 50 ქართველი წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ტექსტები, რომლებიც 25 ილუსტრაციითაა შემკული.
საბინინი, შიგადაშიგ ურთავს კონკრეტულ წმინდანთა ცხოვრების ამსახველ სიუჟეტურ კომპოზიციას, ან თავად წმინდანის სახე-ხატს წარმოგვიდგენს. ნახატთა შემადგენელი ყველა დეტალი ტექსტში მონათხრობი შინაარსის ვიზუალურ ასახვას წარმოადგენს.
ილუსტრაციების მრავალრიცხოვანება წიგნის სრულყოფილ ორგანიზმს აყალიბებს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ნახატის შესრულების აკადემიური დონე, ლითოგრაფიებისა და მთლიანად წიგნის ბეჭდვის მაღალი ხარისხი. გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ისტორიული, რელიგიური, ასევე, მხატვრული თვალსაზრისითაც და ნამდვილ ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.
საბინინის „საქართველოს სამოთხის“ თითოეულ კომპოზიციაში გამოსახულებები ფაქიზი, უწვრილესი შტრიხებითაა დამუშავებული, რითაც მიღწეულია სხეულის ფორმათა რბილი გამოკვეთა, დრაპირებული ქსოვილის ფაქტურულობა, ფაქიზი სახის ნაკვთები. გამოსახულებათა უმეტესობა, როგორც აღვნიშნეთ, სამომავლოდ მათ იკონოგრაფიულ სახე-ხატად გვევლინება და შევეცადებით, შეძლებისდაგვარად, მოვიძიოთ „საქართველოს სამოთხეში“ განთავსებული ნახატებით ნასაზრდოები საეკლესიო მხატვრობის ნიმუშები, მაგრამ, უპირველეს მიზანს წარმოადგენს გავაანალიზოთ, თუ საიდან მოდის ის ცოდნა, რაც საბინინის მიერ სახვითი ხელოვნების ანუ ნახატის შესრულების პროფესიული ჩვევების ფლობას გულისხმობს.
საბინინის შემოქმედების მკვლევრები ჩამოთვლიან რა მიხეილ-გობრონის ინტერესებისა და შემოქმედების სფეროებს, ამბობენ, რომ იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის თვალსაჩინო მოღვაწე, ქართული საულიერო მწერლობის მკვლევარი, ძველი ქართული ძეგლების შემკრები, ქართული აგიოგრაფიული თხზულებების რუსულ ენაზე მთარგმნელივაჟა კიკნაძე. ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა XIX ს-ის ქართველი სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებაში. თბ., 2009, თავი IV. მიხეილ (გობრონ) საბინინს ცხოვრება და შემოქმედება, გვ. 272-326.. ასევე, ვიცით, რომ საბინინმა ევროპულ დონეზე მიიღო განათლება პეტერბურგში, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, დაიწყო ფრესკული მხატვრობის ტრადიციების შესწავლა, ქმნიდა ესკიზებს ეკლესია-მონასტერების დარღვეული კანკელებისთვის. ამ პერიოდშივე მიზნად დაისახა შეეკრიბა ქართველ წმინდანთა ცხოვრების სრული აღწერილობის ამსახველი ტექსტები, დაესურათებინა და წიგნად გამოეცა ისინი. ვიცით ასევე, რომ საილუსტრაციოდ მომზადებული ლითოგრაფიები ლაიფციგში შეუკვეთეს, წიგნი კი გამოიცა პეტერბურგში 1882 წელს. ხოლო ის, თუ რას ეფუძნება საბინინის მხატვრობა და საიდან მოდის იმ სახე-ხატების ძირები, რომელსაც საბინინი ქართველ წმინდანთა გამოსახულებებად გვთავაზობს, იგი თავად მოგვითხრობს „საქართველოს სამოთხის“ წინასიტყვაობაში, როდესაც აღნიშნავს: „მხატვრობები, ზოგიერთი წმ. სუეტის ცხოვლის კედლიდგან, ზოგნი მრავალმთის დანგრეულის მონასტრების კედლებიდგან, ზოგი მიბოძა კნიაზმან გრიგორი გრიგორის ძემ გაგარინმან - და ზოგიერთი ბატონიშვილის ხელნაწერთაგან და სხვა - მრავალი მათგანი არ იყვნენ ისრედ აღსრულებულნი, ვითარ მოითხოვდა კლასიკური მხატვრობა, არამედ შემწეობითა სხუა და სხუა მხატვართა სამხ. აკადემიისათა სრულ ვჰყავ მხატვრობანი, რომელნიც აქა არიან“საქართველოს სამოთხე, წინასიტყვაობა, თბ., 1982, გვ. გ.,დ..
აქვე შევეხებით ილუსტრაციების ავტორად საბინინის პიროვნების აღიარებას. კვლევის პროცესში გამოიკვეთა ისეთი აზრიც, რომ საბინინი არ უნდა იყოს ყველა ამ ილუსტრაციის უშუალო ავტორი, რადგან ერთ-ერთი პიროვნების მიერ გაცხადდა, რომ მას შეხვედრია 1882 წელს გამოცემული „საქართველოს სამოთხის“ ისეთი ილუსტრაციები, სადაც საბინინის გვარის გარდა, სხვა ავტორის გვარიც ყოფილა მიწერილი. სამწუხაროდ, პირადად მე ვერ მივაკვლიე მსგავს გამოცემას, მაგრამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ, პირველ გამოცემათა რამდენიმე ეგზემპლარის გაცნობისას, ერთი და იმავე ტირაჟს მიკუთვნებულ წიგნებში განსხვევებული მინაწერის ილუსტრაციას წავაწყდი. კონკრეტულად ეს ეხება წმინდა აბიბოს ნეკრესელის გამოსახულებას (ილ. 3), რომლის კომპოზიციის ქვევით, ერთ წიგნში, ორივე ენაზე (რუსულად და ქართულად), მიწერილია საბინინის გვარი, მეორე წიგნში კი საერთოდ არაფერი ფიქსირდება. (ილ. 4) ამგვარი სხვაობის არსებობის გამო შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ მავანს მართლაც ჰქონოდა ნანახი განსხვავებული მინაწერების ილუსტრაციები ორი სხადასხვა გვარით, რადგან საყოველთაოდაა მიღებული, რომ ხშირად, ლითოგრაფიაზე, გრავიორისა და მხატვრის გვარი ერთდროულად არის მინიშნებული.
საჭიროა, თავიდანვე განისაზღვროს ის სტილი, რასაც, ძირითადად, დაეყრდნო საბინინის მხატვრობა.
XIX-ს-ისა და XX დასაწყისის რუსეთსა და მის იმპერიაში შემავალი ქვეყნების საეკლესიო მხატვრობაში არსებულ სტილს სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვაგვარად მოიხსენიებს, მას ხან ნეობიზანტიურს ან ნეორუსულს უწოდებს, ხან კლასიცისტურს, ევროპულ-ბიზანტიურს, აკადემიურს, ეკლეკტურს... ამ პერიოდშივე ჩნდება, ასევე, მოდერნად წოდებული სტილიც, რომელიც, ძირითადად, პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებულ ფრესკებში ვლინდება. იგულისხმება, თუნდაც, ვიქტორ ვასნეცოვის, მიხაილ ვრუბელის, მიხაილ ნესტეროვის საეკლესიო მხატვრობა. ამ სტილით მოხატული ფრესკები საქართველოშიც სრულდება. ასეთია აბასთუმნის ეკლესიის ფრესკები, რომლებიც მიხეილ ნესტეროვის მიერაა შესრულებული. მ. ნესტეროვი რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II ძმის, გიორგი ალექსანდრეს ძის მოწვევით ჩამოდის საქართველოში და 1898-1904 წლებში ასრულებს ზარზმის ტაძრის მიმსგავსებით აგებულ ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მოხატულობას.ა. მგალობლიშვილი, აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოხატულობა. ახალციხის და ტაო-კავშირის ეპარქია, ვ. ასათიანის რედაქციით. თბ., 2013, გვ. 440-449..
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, დავით ხოშტარია აღნიშნავს: „1830-40-იან წლებში (ხშირად მერეც) ტერმინებს „რუსული სტილი“ და „ბიზანტიური სტილი“ პარალელურად ხმარობენ ერთი და იმავე აზრით“.არქიტექტურა და იდენტობა: საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918). დავით ხოშტარიას საერთო რედაქციით. თბ., 2016, გვ. 92. იმავე წიგნში, თამარ ხოსროშვილი ეყრდნობა რა დ. ხოშტარიას კვლევას, დასძენს: „იმხანად, (დღესაც!) რუსეთს მძაფრად ჰქონდა მოძალებული იმპერიალისტური მისწრაფებანი. რუსეთის იმპერატორებს დიდად ხიბლავდათ იდეა ბიზანტიის იმპერიის აღდგენისა, სადაც საკუთარი მმართველობის ქვეშ ყველა მართლმადიდებელ სახელმწიფოს შემოიკრებდნენ“.არქიტექტურა და იდენტობა: საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918). დავით ხოშტარიას საერთო რედაქციით. თბ., 2016, გვ. 232.
საბინინის მხატვრობის სტილი, ვფიქრობთ, უფრო აკადემიური მხატვრობას მიეკუთვნება. აშკარაა, რომ საბინინი და ის გრავიორებიც, ვინც მისი ჩანახატების მიხედვით ლითოგრაფიებს ქმნიან, ნაზიარებნი არიან ევროპული წიგნის გრაფიკის ხელოვნებასაც, რადგან „საქართველოს სამოთხის“ ილუსტრაციებში XVIII-XIX სს.-ის გრავიურების აშკარა გავლენები შეინიშნება და რომელთა მხატვრული სტილიც აკადემიურად მიიჩნევა.ილუსტრაცია გადმოტანილია საიტიდან: http://barnascha.narod.ru/pict/schnorr/01.htm (ილ. 5)
კონკრეტულად კი, საბინინის მხატვრობის უპირველეს დასაყრდენს, ყველაზე მეტად გრიგორი გაგარინის (1810-1893) მიერ შესრულებული თბილისის სიონის მხატვრობის ფრესკები წარმოადგენს. (ილ.6) თამარ ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ: „არც სიონის კედლებზე გამოსახულთ აქვთ ბიზანტიური ან ქართული იერი, მათ უფრო ევროპული ელფერი დაჰკრავთ“.არქიტექტურა და იდენტობა: საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918). დავით ხოშტარიას საერთო რედაქციით. თბ., 2016, გვ. 234
გრიგორი გაგარინი, მიხეილ ვორონცოვის მოწვევით, 1848 წელს ჩამოდის თბილისში. მან განსაკუთრებულად შეიყვარა საქართველო და ქართული კულტურა, მოგზაურობდა, სწავლობდა და იხატავდა ქართულ ტაძრებს, ჩუქურთმებს, აკეთებდა ქართული ფრესკების ასლებს, შეიძლება ითქვას, ათანამედროვებდა, აევროპულებდა და ამით ახლებურ ტალღაზე გადაჰყავდა, როგორც ახალი ქართული საეკლესიო, ასევე, საერო ხელოვნება, ამის მაგალითად თბილისის პირველი თეატრის მოხატვაში შეტანილი წვლილის გახსენებაც კმარა.
სიონის ტაძრის მოხატვა გაგარინმა 1850-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ამ ფრესკებზე თვალის ერთი გადავლებითაც კი შეიმჩნევა ის კონკრეტული მსგავსებები, რაც საბინინის ილუსტრაციებშია გამოვლენილი. (ილ.7) განსაკუთრებით აღსანიშნავია ქეთევან დედოფალის სახე-ხატის ზუსტი გადატანა. მსგავსება ჩანს წმ. ნინოს და, ასევე, წმინდა მეფეთა სახე-ხატის - ლუარსაბისა და არჩილის გამოსახულებებში. (ილ. 8)
თუ თვალს გადავავლებთ ზოგადად გაგარინის მხატვრობას და მის მიერ შესრულებულ ქართულ ფრესკათა ჩანახატებს, წმინდანთა ფიგურებსა თუ ქართული კოსტიუმების ესკიზებს, აშკარად დავინახავთ, რომ საბინინი სრულიად შეგნებულად მიმართავს მათ გამოყენებას. (ილ. 9, 10, 11)
შემდგომში კი, XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის რამდენიმე ტაძრის მოხატულობაში, უკვე თავად საბინინისეული „საქართველოს სამოთხის“ ილუსტრაციების კომპოზიციათა და ამა თუ იმ წმინდანთა სახე-ხატების გადმოტანას ვხვდებით.
ამჟამად ჩვენ მხოლოდ ორი ილუსტრაციის კომპოზიციას მიმოვიხილავთ, რომლებიც ზუსტადაა გადასული შიო მღვიმელის მონასტრის, თბილისის მამადავითისა და ძველი სიონის ეკლესიების კედლებზე.
დავით გარეჯელის და წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი ტექსტის ილუსტრაციები.
წმინდა დავით გარეჯელის შესახებ არსებული ტექსტი მოგვითხრობსმიხეილ საბინინი. საქართველოს სამოთხე. თბ., 1982, გვ. 265-291., რომ როდესაც დავითი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გარეჯის უდაბნოში დამკვიდრდდა, ბერებს უფალმა სასწაულებრივი საზრდო გაუჩინა. (ილ. 12) ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა მათთან ყოველდღე მოდიოდნენ ირმები, რომელთა რძითაც განდეგილნი იკვებეოდნენ. სწორედ ირმებს გვიხატავს მხატვარი წმინდანის თანმხლებად.
გადმოცემის მიხედვით, წმ. გარეჯის უდაბნოში ვეშაპი მკვიდრობდა, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას. დავითმა დაიმორჩილა ვეშაპი და თავის მოშიში გახადა იგი. წმინდანის ფიგურა ზუსტად ცენტრში არ არის განთავსებული, იგი კომპოზიციის მარცხენა ნაწილში გამოისახება და შიგნითკენ, კომპოზიციის სიღრმისკენაა, შებრუნებული, თითქოსდა, მიმართულია ფონის სიღრმეში გამოსახული ანგელოზისკენ, რომელიც მიწისკენ მიუთითებს, სადაც ციდან ისარივით ჩამოშვებული ტეხილი ზოლი მიწაზე დაგდებულ რაღაც უფორმო, დაგრეხილ ცხოველს ეცემა და მისი განგმირული სხეულიდან ცეცხლის ალი ამოდის. წმინდა დავითის ოდნავ აწეულ თვალთა მზერა ანგელოზის მიმართულებითაა წარმართული. სახეზე ერთთავად გაკვირვებისა და საყვედურის გამომეტყველება აქვს და ამ გამოხადვაში ტექსტის ზუსტი ასახვა ვლინდება, რომელიც გადმოსცემს შემდეგს: „...ესე იხილა რა დიდმან დავითმა კუალად ვეშაპსა
მიმართ მიმხედველმან, მწუხარე იქმნა ფრიად და იტყოდა, „უფალო, უფალო! რა ესე ჰყავ, რამეთუ მოაკუდინე ვეშაპი, რომელი დიდითა სასოებითა მომენდა მე, ხოლო შენ ცეცხლისა მიერ უჩინო ჰყავ იგი“..
წიგნში არსებულ თავს: „დაუჯდომელი წმიდისა და მოციქულისა ნინოსი“ დასაწყისშივე ერთვის ილუსტრაცია, რომელზეც გამოსახულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიერ წმ. ნინოს საქადაგებლად წარგზავნა.მიხეილ საბინინი. საქართველოს სამოთხე. თბ., 1982, გვ. 156-167. წმ. ნინო მიწაზეა დაჩოქილი, მარიამი და მისი თანმხლები ანგელოზები კი მიწის ზედაპირთან მოახლოებულ ღრუბლებზე დგანან - ამით მათი ზეციურობაა ხაზგასმული. (ილ. 13)
წმ. ნინო, თითქოს მარიამისგან კურთხევის მიღების მოლოდინში გარინდული, კდემამოსილებითა და რიდითაა აღსავსე. მრავალფიგურიან კომპოზიციაში არაჩვეულებრივი სიმშვიდე და სინატიფე სუფევს. თითქოს ადამიანებთან ერთად ბუნებაც გარინდებულა.
მხატვარი ოსტატურად აგებს კომპოზიციას, ნახატი ძალზე დახვეწილი და სრულყოფილია, იგრძნობა სივრცე, რბილი, ფაქიზი დამუშავებით გადმოიცემა სახეთა ნაკვთები. რეალისტურადაა შესრულებული ბალახი, ფოთლები, ღრუბლები. წმ. ნინოს უკან მდგომი ანგელოზის ჩამოშვებული ფრთები სივრცეში მოსაზღვრავენ კომპოზიციას, რითაც ნახატის ფრონტალურად აღქმის საშუალება იქმნება.
ეს სცენები ზუსტადაა გადატანილი ზემოხსენებული ტაძრების კედლებზე. (ილ. 14, 15) გარდა ამ კომპოზიცებისა, სხვადასხვა წმინდანთა გამოსახულებებსაც ვხვდებით.
მთაწმინდის მამადავითის ტაძრის ფრესკები, „საქართველოს სამოთხის“ გამოცემიდან მალევე, 1889 წელს შესრულდა. ტაძრის მოხატულობაში განსაკუთრებული ადგილი ქართველ წმინდანთა ფიგურებს აქვს დათმობილი. ხელოვნებათმცოდნე თამარ ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ: „მამადავითის“ მომხატველმა ამ 25-დან 15 გადმოიტანა და 16 ხატად განალაგა კედლებზე. თუმცა სამი გრავიურა ოდნავ შეცვალა. წიგნში ცალცალკე, (ილ. 16, 17) სხვადასხვა ფურცელზე დახატული წმ. დავით აღმაშენებელი და წმ. ილარიონ ქართველი ერთ ხატად გამოსახა სვეტზე,(ილ. 18) წმ. იოანე, ექვთიმე და გაბრიელ ბერი კი, რომლებიც ერთად არიან წიგნში წარმოდგენილნი - გააცალკევა და თითოეულს დამოუკიდებელი ჩარჩო შემოავლო“ და იქვე დასძენს: „1882 წლის შემდგომ შესრულებულ მოხატულობებში სწორედ მიხ. საბინინის „საქართველოს სამოთხე“ იქცა სახელმძღვანელოდ XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის მხატვრებისთვის. თუმცა, ამგვარი ზუსტი ასლები, როგორსაც „მამადავითის“ ეკლესიაში ვხედავთ, არსადაა. ეს უკანასკნელი ერთადერთია, სადაც მოხატულობა ვიზუალურადაც და შინაარსობრივადაც „საქართველოს სამოთხითაა“ ნასაზრდოები.“თამარ ხოსროშვილი. მთაწმინდის „მამადავითის“ მოხატულობის თავისებურებანი. „საქართველოს სიძველენი“. 16, 2013, გვ. 204, 208.
როგორც აღვნიშნეთ, საბინინისეული მხატვრობის ანარეკლია (ილ. 19) თბილისის სამების (ახლა „ძველ სამებად წოდებული“) ეკლესიის ფრესკებიც. ტაძარი იტალიელი მხატვრის, ლუიჯი ლონგოს (1827-1905) მიერ მოიხატა 1890-იან წლებში.მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. ქართული მხატვრობის განვითარების ისტორია. თბ., 2013. გვ. 76, 275-276.თუმცა, არის სხვა მოსაზრებაც, რომ ტაძარი ძმებმა გეგელიძეებმა მოხატესი. ძუცოვა. მხატვარი გეგელიძეები. ჟ. ძეგლის მეგობარი, 45, 1977, გვ. 43. უკვე ზევით ნახსენებ კომპოზიციათა გარდა, ტაძარში, თაღების წირთხლებზე, წრიულად მოსაზღვრულ კომპოზიციებში გამოსახულია ქართველ წმინდანთა სახე-ხატები, რომლებიც ფაქტობრივად, საბინინისეული კომპოზიციების ზუსტ ასლებს წარმოადგენს - ესენია წმინდა ქეთევანისა და წმ. ნინოს, ისე წილკნელის, დავით აღმაშენებლის, ევსტატე მცხეთელის, იოანე ზედაზნელის, ანტონ მარტყოფელის, აბო თბილელის, იოსებ ალავერდელის, კონსტანტინე მთავარის, გიორგი მთაწმინდელის, ილარიონ ქართველის, ნეოფიტე ურბნელის და სხვა წმინდანთა სახე-ხატები. (ილ. 20, 21)
მნიშვნელოვანი მსგავსება დასტურებდა, ასევე, შიო მღვიმის წმ. იოანე ნათლისმცემლისა და ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიების მოხატულობებში. ეპისკოპოსმა ალექანდრე ოქროპირიძემ და შიომღვიმის ეკლესიის წინამძღვარმა, ლეონიდე ოქროპირიძემ ტაძართა შესამკობლად მოიწვიეს რუსი მხატვარი, ნიკოლაი ანდრეევი. მხატვრობა შესრულდა 1899-1901 და 1903-1905 წლებშია. მგალობლიშვილი. შიომღვიმის მონასტრის მიძინების ეკლესიის მოხატულობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. საქართველოს სიძველენი, 13, 2009, გვ. 225-240.ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოხატულობაში საბინინისეული ქართველ წმინდანთა გამოსახულებებია (ილ. 22, 23) ამ ტაძარშივეა სვეტიცხოვლის ამაღლების კომპოზიცია, რომელიც, ფაქტობრივად საბინინის მიერ შედგენილ საქართველოს დიდების ხატს წარმოადგენს, მხოლოდ კომპოზიცია შედარებით გამარტივებულია, სვეტიცხოველის გასწვრივ წმინდანთა ფიგურების ნაცვლად, პეიზაჟის ხედია წარმოდგენილი. ამჟამად, ხატის ქვედა ნაწილში ძლიერაა დაზიანებული და თითქმის არ იკითხება წმინდა სიდონიას გამოსახულება.
შიო მღვიმის მხატვრობის მკვლევარი, ანა მგალობლიშვილი აღნიშნავს, რომ: „კომპოზიციის შექმნისას მხატვარი ხშირად სარგებლობს სხვადასხვა ნიმუშით (საკურთხევლის აფსიდში გამოსახული ღვთისმშობელი კიევის ვლადიმირის ტაძრის ვიქტორ ვასნეცოვის მხატვრობის გამეორებაა; წმინდანთა ინდივიდუალური პორტრეტებისათვის პროტოტიპი გ. საბინინის „საქართველოს სამოთხეში“ მოცემული წმინდანების გამოსახულებებია). ამდენად გრძელდება ძველი საეკლესიო მხატვრობისათვის დამახასიათებელი ტრადიცია ნიმუშებით სარგებლობისა, თუმცა, ახალ ისტორიულ სინამდვილეში სათაყვანო ახალი მხატვრობის ნიმუშები ხდება“.ა. მგალობლიშვილი. შიომღვიმის მონასტრის მიძინების ეკლესიის მოხატულობასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. საქართველოს სიძველენი, 13, 2009, გვ. 234. (ილ.24, 25, 26, 27 )
საბინინისეული ილუსტრაციების მიხედვით შესრულებულა წმ. ნინოსა და წმ. ქეთევანის სახე-ხატი წმ. გიორგის სახელობის კარის ეკლესიის მოხატულობაშიც, რომლის ფრესკებიც ძმები გეგელიძეების მიერ ყოფილა მოხატული. ფერწერა 1990-იან წლებში განადგურებულა და დღესდღეობით აღარ არსებობს. როგორც თ. ხოსროშვილი აღნიშნავს: „დღესდღეობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ეკლესიაში ქართველი წმინდანებისაგან წმ. ნინო და წმ. ქეთევანი იყვნენ გამოსახულნი (აქაც, ამ ორი წმინდანის ხატება მ. საბინინის ილუსტრაციების მიხედვით ყოფილა შესრულებული)“თამარ ხოსროშვლი. თბილისის XIX საუკუნისა და XX საუკუნის დააწყისის ეკლესიათა მოხატულობები. წიგნიდან: არქიტექტურა და იდენტობა: საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918). დავით ხოშტარიას საერთო რედაქციით. თბ., 2016, გვ. 249..
XX საუკუნის დასაწყისში საეკლესიო მხატვრობაში საბინინის მიერ შემუშავებულ სახე-ხატების ასახვას ისეთი ცნობილი მხატვრები იყენებენ, როგორებიც იყვნენ დიმიტრი შევარდნაძე და ვალერიან სიდამონ-ერისთავი. მკვლევარი ანა მგალობლიშვილი ვალერიან სიდამონ-ერისთავის საეკლესიო მოღვაწეობის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ იგი თავდაპირველად მუშაობდა თელავში წმ. ნინოს სასწავლებელში ხატვის მასწავლებლად. სწორედ ამ პერიოდში, 1915-16 წლებში, სავარაუდოდ, მან შექმნა ორი ტრიფტიქონი თელავის ღვთაების ეკლესიისათვის. ერთზე გამოსახული არის სამი წმინდანად შერაცხული ქართველი დიდი ხელმწიფე: დავით აღმაშენებელი, მირიან მეფე და ვახტანგ გორგასალი, ხოლო, მეორე ტრიფტიქონზე გამოსახულია სამი წმინდა დედა: წმ. ნინო, წმ. თამარი და წმ. ქეთევანი. აქედან ოთხი სწორედ საბინინზე დაყრდნობით არის შესრულებულიანა მგალობლიშვილი, მე 20 საუკუნის საეკლესიო მხატვრობა. ნაწილი II. "კოლექცია" 17.05.15. https://www.youtube.com/watch?v=ZCtGYk0q97k&t=808s .დიმიტრი შევარდნაძეს კი შეუსრულებია ჭიათურის სამთო-ტექნიკუმის სამლოცველოს კანკელი, რომლის კომპოზიციაში წმინდა ქეთევანისა და წმინდა ნინოს გამოსახულებები საბინინისეული სახე-ხატებით ყოფილა შთაგონებული.ანა მგალობლიშვილი. დიმიტრი შევარდნაძის საეკლესიო ხელოვნება. https://www.youtube.com/watch?v=5a_APbfj224&t=81s; https://www.youtube.com/watch?v=HPjkNhxGsLE&t=3s;შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცულ დიმიტრი შევარდნაძის არქივში ანა მგალობლიშვილის მიერ მიგნებულ იქნა წმინდა ქეთევანის გამოსახულება, რომელიც აშკარად საბინინის ილუსტრაციიდანაა გადაღებული. როგორც მკვლევარი აღნიშნავს: „საბინინის „საქართველოს სამოთხისთვის“ შესრულებული ილუსტრაციები ახალ კანონიკურ სახეებად იქცნენ XX საუკუნის დასწყისის მხატვრებისათვის, მათ შორის ისეთი მხატვრებისათვის, როგორებიც არიან დიმიტრი შევარდნაძე და სიდამონ ერისთავი.“მე 20 საუკუნის საეკლესიომხატვრობა.https://www.youtube.com/watch?v=ZCtGYk0q97k&t=5s
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბინინისეული წმინდანების სახე-ხატების ილუსტრაციები ჩართული იყო გოგებაშვილისეული „დედა ენის“ გამოცემებში, (ილ. 28) რაც ქართველ ახალგაზრდებს ბავშვობის ასკშივე აცნობდა, ასწავლიდა და უნერგავდა როგორც ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულებას, ასევე, აყვარებდა სარწმუნოებისადმი ერთგულ მეფეებსა და იმ საერო პირებს, რომლებიც თავისი განუზომელი ღვაწლის გამო წმინდანად იქნენ შერაცხულნი.
საბჭოთა რეჟიმის პირობებში, მიხეილ-გობრონ საბინინის „საქართველოს სამოთხე“, თითქმის XX საუკუნის ბოლომდე, სრულიად უცნობ და მიუწვდომელ წიგნს წარმოადგენდა. მისი არსებობა მხოლოდ რელიგიის მსახურთათვის, რელიგიის შემსწავლელ მეცნიერთათვის და საზოგადოების მცირე ნაწილისთვის იყო ცნობილი. მხოლოდ ეროვნული მოძრაობის გამოცოცხლების პერიოდში, 1982 წელს, მისი გამოცემიდან 100 წლისთავზე, შესაძლებელი გახდა საბინინისეული წიგნის რეპრინტით გამოცემა, რის შემდგომაც ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცა, გასცნობოდა მას. მართალია, ახლად გამოცემული წიგნის ფორმატი ზომით, შედარებით, შემცირებულია, მაგრამ, მეტნაკლებად მაინც ინარჩუნებს პირვანდელი გამოცემის ხარისხს. ამასვე ვერ ვიტყვით 2010 წელს დაბეჭდილ „საქართველოს სამოთხის“ შესახებ. როგორც წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „დღეიდან ეს უძველესი წიგნი ახალ ცხოვრებას იწყებს. იგი თავიდან აიწყო და დაკაბადონდა, გაუკეთდა კორექტურა, რომლის დროსაც ტექსტს შევუნარჩუნეთ უძველესი გრამატიკული ფორმები, ხოლო მადლიანი ძველი ქართული ენა თანამედროვე მკითხველისათვის უფრო გასაგები რომ გამხდარიყო, ბოლოში დავურთეთ მცირე განმარტებითი ლექსიკონი. წიგნის ძველი გამოცემა (როგორც ავტორი წინასიტყვაობაში გვამცნობას) შემკული იყო საბინინის მიერ შესრულებული გრაფიკული ხატებით. ახალში - ამ ხატების მიხედვით, ისინი ფერში შეასრულა ხატმწერმა გიორგი ზაქაიძემ“.საბინინი, გობრონ (საბინაშვილი მიხაილ). სრული აღწერა ღვაწლთა და ვნებათა საქართველოს წმიდათა. შეკრებილი ქრონოლოგიურად და გამოც. პეტერბურგის სასულიერო აკად. კანდიდატის ივერიელის გობრონ(მიხაილ) პავლეს ძის საბინინის მიერ; გამომც. გივი კალანდაძე; ხატმწერი გ. ზაქაიძე. - თბ., დიადემა, 2010, გვ. 2. სამწუხაროდ, ძველ ლითოგრაფიებსა და თანამედროვე დაფერილ ილუსტრაციებს შორის დიდი ხარისხობრივი განსხვავებაა. სრულიადაა დაკარგული სრულყოფილი, აკადემიური ნახატის მაღალმხატვრული დონე და გაფერადების შედეგად მიღებული ილუსტრაციები პრიმიტივსტული, გაუწაფავი ხელით შესრულებული მხატვრობის ხასიათს ატარებს. (ილ. 29, 30, 31, 32)
დღესდღეობით, თანამედროვე ხატმწერთა შემოქმედებაშიც გვხვდება საბინინისეული წმინდანების სახე-ხატებით შთაგონებული მხატვრობები (შოთა ცინცაძე, წმ. შიო მღვიმელი, წმ ნინო; გიორგი ხოსიაშვილი, წმ. შუშანიკი; ქეთევან ქავაზური, წმ. ნინო;); ამ ხატების უმრავლესობა თავისებურადაა გადამუშავებული, არ ხდება ზუსტი გადაღება, თუმცა, მსგავსებების შემჩნევა მაინც არის შესაძლებელი.
ბოლოს კი აუცილებლად უნდა შევეხოთ საბინინის მიერ შესრულებულ „ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სადიდებელ“ ხატს, რომელიც ტიპოგრაფიული ხერხით 1889 წელს ლაიფციგში, 1895 წელს კი ბერლინში დაიბეჭდა. (ილ. 33)
საბინინმა ხატი შექმნა სვეტიცხოვლის ხატებიდან, მაგრამ შეცვალა და დაამატა დეტალები.ქრისტინე მაჭარაშვილი, ნინო გელაშვილი, რიტა პროკოპენკო. მიქაელ-გობრონ საბინინი და „საქართველოს სამოთხე“. კულტურათაშორისი კომუნიკაციები 2011 №14.მსგავს კომპოზიციებს საბინინი შესაძლოა შუა საუკუნის სხვა ტაძართა და ხელნაწერთა მოხატულობებიდანაც იცნობდა (ილ. 34).
საბინინისეული ხატის კომპოზიციის ცენტრში გამოსახული ცხოველმყოფელი სვეტი ჰაერში ანგელოზებს უჭირავთ. სვეტის ზევით განთავსებულია მაკურთხებელი ქრისტეს ფიგურა, რომლის მარჯვნივ დგას ღვთისმშობელი და წმ. გიორგი, მარცხნივ - წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული და მათე.
სვეტის ორივე მხარეს ქართველი წმინდანებია, მათ ქვემოთ მოჭრილი ხის ფესვებში დასვენებულია წმინდა სიდონია, მკერდზე დაფენილი ღვთის კვართით.
ამ ხატმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და დიდი როლი შეასრულა ქართული ხატწერის ისტორიაში. ხატი საოცარი სისწრაფით გავრცელებულა რუსეთის მთელ იმდროინდელ იმპერიაში. დღევანდელ რეალობაშიც ამ უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების მიმართ, განსაკუთრებული დამოკიდებულებაა - ხატის ანაბეჭდები წლების მანძილზე გამოიცემოდა, ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება. მისი ასლები გადადიოდა და ამჟამადაც გადადის კედლის მხატვრობაშიც, ამისთვის, თუნდაც, თბილისის სიონის ტაძრის ჩრდილოეთ ეკვდერში შესრულებული სვეტი ცხოვლის ამაღლების ამსახველი ფრესკის მაგალითიც გამოდგება. (ილ. 35)
2009 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სურვილითა და ლოცვა-კურთხევით გადაწყდა საბინინის ხატის საფუძველზე შექმნილიყო „საქართველოს იმედის ხატი“ (ილ. 36). პატრიარქისავე სურვილით, ხატზე წარმოდგენილი წმინდა სიდონია, გარდაცვლილის ნაცვლად ღმრთისმშობლის წინაშე ფეხმორთხმული, გულში ჩახუტებული უფლის კვართით იქნა გამოსახული. „საქართველოს იმედის ხატი“ მინანქრის ტექნიკითაა შესრულებული და მასზე გამოსახულ წმინდანთა რაოდენობაც გაზრდილია, თუმცა, ხატის ცენტრალური კომპოზიცია აშკარა მსგავსებას ამჟღავნებს საბინინისეულ „საქართველოს დიდების ხატთან“.
როგორც განხილულმა მასალამ გახადა თვალნათელი, საბინინისეულმა სახე-ხატებმა თავის დროზეც დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღესდღეობითაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ვფიქრობთ, მათდამი ინტერესი მომავალშიც არ განელდება.
ფოტომასალის მოწოდებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტს თამარ ხოსროშვილს და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრანტს ნელი ჩაკვეტაძეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
მ. საბინინი, სრული აღწერაი ღუაწლთა და ვნებათა საქართუელოს წმინდანთა. პეტერბურღი, 1882.
მიხეილ საბინინი. საქართველოს სამოთხე. თბილისი, 1982.
საბინინი, გობრონ (საბინაშვილი მიხაილ). სრული აღწერა ღვაწლთა და ვნებათა საქართველოს წმიდათა. შეკრებილი ქრონოლოგიურად და გამოც. პეტერბურგის სასულიერო აკად. კანდიდატის ივერიელის გობრონ(მიხაილ) პავლეს ძის საბინინის მიერ; გამომც. გივი კალანდაძე; ხატმწერი გ. ზაქაიძე. - თბილისი, დიადემა, 2010.
ქართველ წმინდანთ ცხოვრება (ეძღვნება ქრისტეს შობიდან 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს). წიგნის შემდგენლები: დეკანოზი ზ. მაჩიტაძე, მ. ბუკია, მ. ბულია. თბ., 2000.
ქ. მაჭარაშვილი, ნ. გელაშვილი, რ. პროკოპენკო. მიქაელ-გობრონ საბინინი და „საქართველოს სამოთხე“. კულტურათაშორისი კომუნიკაციები. 2011, №14.
ვ. კიკნაძე. ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა XIX ს-ის ქართველი სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებაში. თბილისი, 2009. არქიტექტურა და იდენტობა: საეკლესიო მშენებლობა თბილისში (1801-1918). დავით ხოშტარიას საერთო რედაქციით. თბ., 2016. მგალობლიშვილი ა. აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოხატულობა. ახალციხის და ტაო-კავშირის ეპარქია, ვ. ასათიანის რედაქციით. თბილისი, 2013, გვ. 440-449.
ხოროშვილი თ. მთაწმინდის „მამადავითის“ მოხატულობის თავისებურებანი. „საქართველოს სიძველენი“. 16, 2013, გვ. 204.
ციციშვილი მ., ჭოღოშვილი ნ. ქართული მხატვრობის განვითარების ისტორია. თბ., 2013..
ძუცოვა ი. მხატვარი გეგელიძეები. ჟ. ძეგლის მეგობარი, 45, 1977, გვ. 43
მგალობლიშვილი ა. დიმიტრი შევარდნაძის საეკლესიო ხელოვნება.
https://www.youtube.com/watch?v=5a_APbfj224&t=81s; https://www.youtube.com/watch?v=HPjkNhxGsLE&t=3s;
მე 20 საუკუნის საეკლესიო მხატვრობა. https://www.youtube.com/watch?v=ZCtGYk0q97k&t=5s;
მაჭარაშვილი ქ.,გელაშვილი ნ., პროკოპენკო რ., მიქაელ-გობრონ საბინინი და „საქართველოს სამოთხე“. კულტურათაშორისი კომუნიკაციები 2011 №14.
ნებიერიძე მ., ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სასწავლებელი და მიხეილ საბინინი (XIX ს-ის 70-80-იანი წლები). კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, XIX, თბილისი, 2004, გვ. 60-65.
გონჯილაშვილი ნ., იკონოგრაფიული გზით გაცხადებული და დამკვიდრებული წმინდანის სახელი. ქართველოლოგი = The Kartvelologist : Journal of Georgian studies. თბილისი, 2014, გვ.126-153.
ეპისტოლარული მემკვიდრეობა. მიხეილ (გობრონ) საბინინი (1846-1900). ბოდბის სამრეკლო, ივნისი-ივლისი, 2003, გვ. 59-61.
წმინდაი ნინო ემბაზი ქართლისაი. რჩეული წყაროები. მცხეთა, 2015. |