1918-1921 წლების წიგნისა და პერიოდული გამოცემების მხატვრული გაფორმება |
There are no translations available. მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაასრებიდან ასი წელი გავიდა და, მიუხედავად ამისა, როდესაც წარსულის, ერთი საუკუნის წინანდელი პრესის ფურცლებს ვეცნობით, გვგონია, დღეს არისო დაწერილი, რადგან პრობლემები და სატკივარი თითქმის იგივეა. მაშინაც გვინდოდა და დღესაც გვინდა, რომ მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ხმა, გავაგებინოთ, რომ - ჩვენ აქა ვართ! - მართალია, პატარა ერი ვართ, მაგრამ ვიმსახურებთ ყურადღებას, გვჭირდება ცივილიზებული ქვეყნების დახმარება და მხარში დგომა, რადგან მცირერიცხოვნების გამო ვერ ვუმკლავდებით ყოველი მხრიდან, თითქმის ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსგან წამოსულ აგრესიას.
ისიც იცი, თუ როგორი მარცხით დასრულდა ეს სამწლიანი დამოუკიდებლობა და მაინც, შეიძლება უფრო მეტადაც კი, გიჩნდება სიამაყის გრძნობა, რადგან ხედავ, ამ მცირე დროში რამდენ რამეზე უფიქრიათ და მოუსწრიათ კიდეც ბევრის კეთება ერის მომავალზე, განათლებისა და კულტურის განვითარებაზე მზრუნველ ჩვენს წინაპრებს, რომელთა მუდმივ საფიქრალად ყოფილა გამხდარი ქართული თეატრის, მუსიკის, მხატვრობის ბედი, სასწავლო, საგანმანათლებლო წიგნების გამოცემებსა და სხვადასხვა თარგმანის განხორციელებაზე ზრუნვა და სხვა მრავალი რამ, რაც მაშინაც და დღესაც ერის სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის არის აუცილებელი.
პრესაში გამოქვეყნებული ქრონიკების გარდა, საყურადღებო ჩანაწერებს შეიცავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სექციის სხდომათა ჟურნალები. მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდს - 1919 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში ვკითხულობთ: „თითოეული კომისია თავის სპეციალურ დარგში აგროვებს უკვე გამოცემულს და სხვა და სხვა ჟურნალ გაზეთებში გაფანტულ მასალას, როგორც ორიგინალურს ისე ნათარგმნს, შეკრებილ მასალას განიხილავს კრიტიკულად და თავის დასკვნას შეადგენს, ადგენს უცხო ენაზე არსებულ იმ მასალის სიას, რომლის გადმოთარგმნა ქართულ ენაზე აუცილებლად საჭიროა. იმუშავებს თავის დარგში თემებს, იწვევს კოოპტაციის წესით მცოდნე პირებს და უკვეთავს მათ დასასურათებლად საყმაწვილო და სახალხო საკითხავ წიგნებს. კომისია თავის ნამუშევარს წინასწარ განსახილველად სექციას წარუდგენს. სექცია კი თავის მხრით - გამგეობას, რომლის დასტურის შემდეგ მასალა სტამბას გადაეცემა.“ ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე, დავით კარიჭაშვილი.
ან, თუნდაც, საყურადღებო ამონარიდი - 1918 წლის #13, 22 ენკენისთვის (სექტემბრის) „თეატრი და ცხოვრების“ „მოწოდება“ თბილისის უნივერსიტეტის და თეატრის სასარგებლოდ პირველი ქართული ლატარიის გამართვის შესახებ, სადაც ვკითხულობთ: „საქართველომ დაიწყო თავისი სახელმწიფოებრივი ცხოვრება. სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი მთავრობა ღირსეულად თავს გაართმევს ათას საჭირბოროტო საკითხებს, მაგრამ უმთავრესი მაინც ხალხის დახმარებაა, მისი ნდობა, მის მიერ მხარის დაჭერა.
ბევრ სხვათა შორის, საქართველოს უმთავრესად საზრუნავი აქვს მეცნიერებასა და ხელოვნებაზე, ამ ორ ბურჯზე, რომელზედაც დაყრდნობილია კულტურული ერის, სახელმწიფოს ცხოვრება. ჩვენ გვაქვს უკვე ქართული უნივერსიტეტი, გვაქვს ქართული თეატრი, მათ შესახებ ზრუნავს მთავრობაც, მაგრამ ამ საქმეშიაც ხალხმა, ერმა თუ არ მიაწოდა თავისი წვლილი ამ ფრიად საჭირო დაწესებულებას, ორივეს საქმე დიდად შეფერხდება“ .... „ამგვარად მოვუწოდებთ ყველას ვისთვისაც ძვირფასია ქართული უნივერსიტეტი და თეატრი შეიძინონ ლატარიის ბილეთები და ამით ხელი შეუწყოს ესეთ კულტურულ საქმიანობის აღორძინებას“. მოწოდებას ხელს აწერენ: ლატარიის საბჭოს თვმჯდომარე - დეკანი ქართული უნივერსიტეტისა, პფროფესორი, ივანე ჯავახიშვილი და საბჭოს წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ ერისთავი, ვალერიან გუნია, ვალერიან შალიკაშვილი და სხვები.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხატვართა შემოქმედებას, გამოფენების გამართვასა და ნიჭიერ ახალგაზრდებზე ზრუნვას. 1919 წლის #5, 11 მაისის „თეატრი და ცხოვრება“, 1919 წლის 4 მაისს დიდების ტაძარში გახსნილი მხატვართა გამოფენის შესახებ გვატყობინებს, რომ: „გამოფენამ დიდძალი საზოგადოება მიიზიდა და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველ მხატვართა ნამუშევარი და შემოქმედება ნაყოფიერი აღმოჩნდა. ხელოვნების ყველა ერთგულ მოყვარულს გული სიხარულით ევსება ამ გამოფენაზე. აშკარად ჩანს თავისებურება, ახალი გზების ძიება და მშობლიურ მხატვრობის გაცოცხლება. ბევრი ნახატი და ქანდაკება გაიყიდა, ზოგისა ორ-ორი. ვაშა ქართველ მხატვართ!“
ამავე გამოცემის 1919 წლის ივლისის ნომრიდან კი ვიგებთ, რომ: „მხატვარ ვალ. სიდამონ- ერისთავს დაუმზადებია ჭადრაკის ახალი კოჭები: ქართველები და ლეკები, ქართველი მეფე-დედოფალი და საქართველოს ციხე ბურჯი, როგორც შევიტყვეთ, მხატვარი ერთ-ერთ გამოფენაზე გამოჰფენს ამ თავის ახალ ნაწარმოებთ“ და იქვე: „მხატვარი ვ. ს. - ერისთავი ამჟამად თელავში მუშაობს საკუთარ სტუდიაში. სახვათა შორის დაუხატავს: თამარის დროშა გაშალეს (ლაშქარი დიდუბის მოედანზე თამარი ამალით, დროშით) კახეთის ამბოხება - ალექსანდრე ბატონიშვილი ხირსის ციხესთან თავის მეომრებით, დიმიტრი თავდადებული (თავმოსაკვეთად განმზადებული ჯალათის წინაშე), თუშები მთაში, პატარა კახი გივთან (კახი პირველად ხმალს უსინჯავს ფხას), ბელადის შებრძოლება, კომპ. ნ. სულხანიშვილი, ქართველი ჯარის სხვადასხვა ნაწილების ტანისამოსის ესკიზები, ქართული ზღაპრები და სხ.“ ასეთი და მსგავსი ჩანაწერები მრავალადაა, თუმცა, ამ ეტაპზე მათ დაწვრილებით განხილვას არ ვაპირებ, მსურს მხოლოდ, თვალი მივადევნო ქართული პერიოდული გამოცემებისა და წიგნის გაფორმებას, რადგან 1918-1921 წლებმა ანუ ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანმა და, ამავე დროს, ძალზე მოკლე სამწლიანმა პერიოდმა, ქართული სახვითი ხელოვნების, კერძოდ კი, გრაფიკის დარგის განვითარებაში დატოვა განუმეორებელი კვალი.
ამ წლებში, პერიოდული პრესის ფურცლებზე განსაკუთრებით აქტიურად დამკვიდრდა საჟურნალო-საგაზეთო ნახატი - სრულდებოდა კარიკატურები და ილუსტრირდებოდა სხვადასხვა ხასიათის ტექსტები.
გრაფიკული ნახატი ჩაერთო გაზეთებსა და ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „თეატრი და ცხოვრება“, „მხედარი“, „ნაკადული“, „საქართველო“, „სახალხო გვარდიელი“, „თოლაბულისის სარტყელი“ (1919), `სახალხო გაზეთი~, `შევარდენი~ და სხვა გამოცემებში.
მხატვრები განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობენ გამომცემლებთან ჟურნალისა „ეშმაკის მათრახი“, რომელიც 1907 წლიდან გამოდიოდა, მაგრამ, დროდადრო, ცენზურის ჩარევის გამო წყვეტდა მოქმედებას, იცვლიდა სახელწოდებას („მათრახი“, „მათრახი და სალამური“, „სალამური“, „ჩვენი სალამური“) და გამომცემლებს, მაგრამ გარკვეული ინტერვალებით მაინც აახლებდა საქმიანობას. „ეშმაკის მათრახის“ გამოცემაში დასაწყისიდანვე იყო ჩართული ოსკარ შმერლინგი, (ილ. 1) ჟურნალთან თანამშრომლობას აგრძელებდა შალვა ქიქოძეც, რომელიც 1908 წლის გამოცემებისთვისაც ქმნიდა კარიკატურებს, (ილ. 2) მაგრამ 1919-1921 წელს, ისევ თავიდან განახლებულ სატირულ ჟურნალში ჩნდება მხატვართა ახალ-ახალი სახელები. მნიშვნელოვანია მიხეილ ჭიაურელის, (ილ. 3) ვასილ კროტკოვის, ასევე, რამდენიმე ავტორის მონაწილეობა, რომლებიც ფსევდონიმით აფიქსირებენ თავიანთ ავტორობას - „ვასო“, „შავი“,„ЭЛЕМОА“. მრავლადაა ასევე „ა.ზ.“, „ზ.ა.“ ხან კი - „ზ“ – ინიციალებით ხელმოწერილი კარიკატურები (ილ. 4) ჩემი ვარაუდით, ეს ინიციალები ალექსანდრე ზალცმანს უნდა ეკუთვნოდესალექსანდრე ზალცმანი (1874-1934), ფერმწერი, ილუსტრატორი, კარიკატურისტი. არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის ვაჟი.და მართლაც, ეს აზრი გამიმყარა მანანა ხომერიკის წერილმა, სახელწოდებით: `გიორგი გურჯიევის ბიოგრაფიისათვის~, რომელიც ეხება გიორგი გურჯიევის მიერ 1919 წლის ბოლოს `ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის~ საკითხის კვლევას. ავტორი წერს: `ჟურნალ „ეშმაკის მათრახის“ 1919 წლის მე-4 ნომერში (ილ. 5) შეგვხვდა ჩვენი თემის მეტად ღირებული კარიკატურა. მხატვრის ვინაობის დადგენაში მეტად დაგვეხმარა გურჯიევის ერთ-ერთი მოსწავლის, კომპოზიტორ თომას ჰარტმანის მოგონებები, რომლებიც ქართველ მკითხველს პროფესორმა სერგი ავალიანმა გააცნო.
1919 წლის შემოდგომაზე გ. გურჯიევმა თბილისში „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი“ გახსნა. ამისთვის მან დაიქირავა ბინა, მოაწყო ტერასები და დაარსა ინსტიტუტი, რომელშიც მრავალი მოწაფე გაერთიანდა, მაგრამ ინსტიტუტი მძიმე საბინაო პირობებში მუშაობდა. მენშევიკების მთავრობა მხოლოდ დაპირებებს იძლეოდა. მაშინ ალ. ზალცმანმა დახატა კარიკატურა და გაგზავნა ქართულ იუმორისტულ ჟურნალში „ეშმაკის მათრახი“. სურათზე ასახულია გ. გურჯიევის ინსტიტუტის გასაჭირი. კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ ინსტიტუტს მისცეს ორსართულიანი სახლი მტკვრის პირას, რომელიც მხოლდ 15-16 მოწაფის მეცადინეობისთვის კმაროდა...~https://ru.scribd.com/doc/ 166939613/გიორგი-გურჯიევის-ბიოგრაფიისათვის. ხსენებული ინიციალები კონკრეტულად ამ კარიკატურას არ აქვს, მაგრამ ჟურნალის ამავე ნომერშიც და სხვა - წინა თუ მომდევნო, ნომრებშიც მრავლადაა მსგავსი მინაწერები.
ცნობილია, ასევე, რომ ალექსანდრე ზალცმანი ახლო ნათესაურ კავშირში იყო ოსკარ შმერლინგთან, რაც, ასევე, გვაფიქრებინებს მათ ურთიერთთანამშრომლობაზე „ეშმაკის მათრახთან“.
კარიკატურები შესრულების ორგვარი მანერით ხასიათდება: _ ერთ შემთხვევაში ნახატზე გამოსახულებები წვრილი, ფაქიზი კალმისებური კონტურით სრულდება, მეორე შემთხვევაში კი _ სქელი მონასმებით, მკვეთრი შავი ლაქებითაა გამოკვეთილი.
ამავე ჟურნალში განთავსებულ სატირულ ნახატებზე გვხვდება საავტორო ხელმოწერა „შავი“, (ილ. 6) რომელიც, ვფიქრობ, არქიტექორ მიხეილ შავიშვილს უნდა ეკუთვნოდეს, რადგან ცნობილია, რომ იგი, თავდაპირველად, აქტიურად იყო ჩართული თეატრისა და კინოს მხატვარობაში, ქმნიდა კოსტიუმების ესკიზებს და იუმორისტული ნახატით ასრულებდა ამა თუ იმ კოსტიუმით შემოსილ ფიგურებს. იხ.:თეატრის მხატვრობა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექცია, შემდგ.: მ. ციციშვილი, ნ. ვაჩეიშვილი, მ. სოხაძე, თბ., 2006, გვ. 69-71; თეატრის მხატვრობა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექცია, ტექსტის ავტ.: დ. ლებანიძე, ე. თუმანიშვილი, მ. ოკლეი, თბ., 2008, გვ. 90-103; მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. ქართული მხატვრობა. განვითარების ისტორია XVIII-XX საუკუნეები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2013, გვ. 120, 141, 323-324.გარდა „ეშმაკის მათრახისა“, დასურათებულია სხვა პერიოდული გამოცემებიც. მათ შორის საყურადღებოა 1919-1920 წლებში, სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის მიერ გამოცემული ყოველთვიური გაზეთი `მხედარი~. ამ გაზეთში გვხვდება ნახატი, რომელსაც ახლავს წარწერა: კაპიტან შავიშვილისა, (ილ. 7) ზოგ ნახატზე კი ისევ იმგვარივე მინაწერია, როგორიც `ეშმაკის მათრახის~ კარიკატურებზე იყო, ანუ შემოკლებით - „შავი“.
გაზეთ „მხედარი“-ს ყველა ნომერს ასურათებს, ასევე, მხატვარი კ. (კოტე) ქავთარაძე. როგორც ჩანს, კოტე ქავთარაძე საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდა ჯერ კიდევ 1910-იან წლებში, რასაც მოწმობს „სახალხო გაზეთის სურათებიანი დამატების“ 1911 წლის # 69-ში დაბეჭდილი ფოტოსურათი მინაწერით: „მხატვარი კოტე ქავთარაძე. მისი სურათების გამოფენის გამო „ახალ კლუბში“.
„სახალხო გაზეთის“ # 72 -ში, # 79, 1912 წლის # 94, 95 და 115-ში კი გამოქვეყნებულია კ. ქავთარაძის ნამუშევრები და რამდენიმე ადგილზე იგი მოიხსენიება, როგორც ფოტოგრაფიც.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება აკაკი წერეთელთან ერთად გადაღებული ჯგუფური ფოტო და კოტე ქავთარაძის შესახებ აქაც წერია, რომ იგი არის ფოტოგრაფი-მხატვარი.
მხატვრის შესახებ მცირე ინფორმაციას გვაწვდის ერთ-ერთი ინტერნეტ გვერდიც, საიდანაც ვიგებთ, რომ: „ქუთაისში დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეას მე–20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი ექიმის, სვიმონ ლორთქიფანიძის (1883–1944) პორტრეტი საჩუქრად გადაეცა. აღნიშნული იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის ინიციატივითა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, ტილო მხატვარ კოტე ქავთარაძის მიერაა შექმნილი~ http://www.newpress.ge/xelovnebis-galereas-cnobili-eqimis-portreti-sachuqrad-gadaecaსამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მხატვრის შესახებ ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ძალზე მცირეა, თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი კვლევისას გამოვლინდება ახალი ფაქტები.
მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კ. ქავთარაძის ნამუშევრებში მხატვრის საკმაოდ მაღალი პროფესიული დონე ვლინდება, ის კარგად ფლობს რეალისტური ნახატის შესრულების ტექნიკას, რაც მის პროფესიულ განსწავლულობაზე მიგვანიშნებს. (ილ. 8)
დასურათებულ პერიოდულ გამოცემათა შორის მნიშვნელოვანია ჟურნალი `ნაკადული~, რომელიც ორგვარად გამოდის - მცირეწლოვანთათვის და მოზრდილებისათვის. ჟურნალთან აქტიურად თანამშრომლობენ მხატვრები: ოსკარ შმერლინგი, იოსებ როტერი, მოსე თოიძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, შალვა ქიქოძე, შალვა მამალაძე. მხატვრები რეალისტური ნახატით ასურათებენ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ მოთხრობებსა და ლექსებს. (ილ. 9, 10)
დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, მოსე თოიძის ილუსტრაციებია ჩართული, დროდადრო, ჟურნალში `თეატრი და ცხოვრება~ (ილ. 11, 12). ამ შემთხვევაში, მხატვრები, თითქოს, უფრო „გახსნილნი“ არიან და მკაფიოდ ახდენენ საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენას.
რაც შეეხება წიგნის გრაფიკას - 1918-1921 წლების პერიოდში გამოცემული წიგნებიდან ყველაზე დიდი ყურადღება საბავშვო წიგნის მხატვრულ გაფორმებას ეთმობა.
ყოველწლიურად გრძელდება იაკობ გოგებაშვილისეული (1840-1912) „დედა ენის“ განახლებული გამოცემების ბეჭდვა, რომლის გასაფორმებელი მხატვრული ელემენტები კვლავ გრიგოლ ტატიშვილისეულია (1838 – 1911).
ტატიშვილის მიერ გაფორმებული სხვა საბავშვო წიგნების გამეორებების გარდა (შიო მღვიმელი. ცვარი. ტფ., 1920; დედა ენა. ნაწ. II. თბ., 1918) გამოდის უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ახლად ილუსტრირებული წიგნებიც, რომელთა დასურათებაშიც აქტიურად ებმებიან: შალვა ქიქოძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, მოსე და ირაკლი თოიძეები. შერჩეულია სხვადასხვა მწერალთა მოთხრობები, მათ შორის უმეტესია შიო მღვიმელის, ლეო ქიაჩელის ნაწარმოებების გამოცემები (ილ. 13).
ამ წიგნებისთვის შესრულებული ილუსტრაციები გასაფორმებელი ნაწარმოების შინაარსის რეალისტური ნახატით „თხრობას“ წარმოადგენს. ასევე, გარკვეული ხასიათი იგრძნობა თავსართების, ბოლოსართების და საზედაო ასო-ნიშნების შემამკობელი დეკორიი შესრულებაში. მათი კომპოზიციები შედგენილია მცენარეულ მოტივებში ჩართული ადამიანთა და სხვადასხვა ყოფითი ნივთის გამოსახულებებით, გამოყენებულია პეიზაჟის ელემენტებიც.
ჯერ კიდევ 1915 წლიდან, ნიკოლოზ ბარათაშვილის დისწულის, ნიკოლოზ (კოლა) ერისთავის მეუღლემ, ეკატერინე ერისთავისამ (მიხეილ თამამშევის ასულმა) განიზრახა გარდაცვლილი ქმრის საპატივცემოდ დაეფინანსებინა პოეტის ნაწარმოებთა სრული კრებულის გამოცემა. (ილ. 14) წიგნზე მუშაობა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობდა 1918-1921 წლებში, თუმცა მისი დასრულება დროულად ვერ მოესწო და იგი მხოლოდ 1922 წელს დაიბეჭდა. წიგნში შევიდა გრიგორი გაგარინის, მოსე თოიძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ლადო გუდიაშვილისა და ფიროსმანის ნამუშევრები. გარეკანი იოსებ შარლემანმა (1880-1957) გააფორმა, რომელიც 1917 წლის აპრილში თვეში ჩამოდის თბილისში და თავის ბედს სამუდამოდ უკავშირებს საქართველოს. მის მიერ გაფორმებული ბარათაშვილის ნაწარმოებების ყდის კომპოზიცია მარტივი ორნამენტული ელემენტებისა და ქართული შრიფტის ჩამოსხმული ფორმებითაა შედგენილი. ვ. ბერიძე, ეხება რა ი. შარლემანის მიერ გაფორმებულ ნ. ბარათაშვილის კრებულს, აღნიშნავს: „ყდის და ტიტულის გადაწყვეტა მოწმობს მხატვრის მიერ ძველ-ქართული ხელნაწერი წიგნის მემკვიდრეობის შეგნებულად გამოყენებას, იმას, რომ მან შეძლო სწორად გამოეცნო და შეეგრძნო ქართული შრიფტის სილამაზე და მისი სტილიზაციის შესაძლებლობები. ეს გარემოება ხაზგასასმელია, რადგან ნაციონალური ფორმის შემდგომი შემოქმედებითი ძიება, მომდევნო წლებში, წიგნის გაფორმებაში, ძირითადად, მიმდინარეობდა ი. შარლემანის მოწაფეების მიერ და შესამჩნევი შედეგიც გამოიღო“.В. Беридзе, Н. Езерская, Искусство Советской Грузии. М., 1975, გვ.114
1920-იანი წლების მნიშვნელოვანი გამოცემაა ეგნატე ნინოშვილის იუბილესათვის მომზადებული მწერლის ნაწარმოებების ორტომეული. ამ შემთხვევაშიც წიგნის დაბეჭდვა დამოუკიდებლობის წლებში ვერ მოესწრო, მისი პირველი ნაწილი 1922 წელს, ხოლო მეორე 1925 წელს გამოვიდა, მაგრამ მომზადება ჯერ კიდევ „გასაბჭოებამდე“ მოხდა. (ილ. 15) წიგნის მხატვრულ გაფორმებაში, შრიფტთან და ორნამენტთან ერთად რამდენიმე მხატვარის მიერ შესრულებული ილუსტრაციები ერთვება, რომლებიც შეასრულეს: მოსე თოიძემ, ევგენი ლანსერემ, იოსებ შარლემანმა, ასევე, სრულიად ახალგაზრდა დამწყებმა მხატვრებმა: აპოლონ ქუთათელაძემ, შალვა მამალაძემ, შალვა ძნელაძემ და ირაკლი თოიძემ. ყველა მხატვარი მოთხრობის დასაწყისში ქმნის შმუცტიტულს სასათაურო შრიფტით და მცირე ზომის ნახატით, ტექსტში კი მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე საკვანძო სიუჟეტური სცენების ამსახველ, ემოციით გაჯერებულ რამდენიმე კომპოზიციას განათავსებს. გამოვლენილია თითოეული შემოქმედის ხელწერის თავისებურებაც: ი. თოიძე, ი. შარლემანი, შ. ძნელაძე კარგად ითვალისწინებენ წიგნის გრაფიკის სპეციფიკას, საილუსტრაციო ნახატს შავ-თეთრი ლაქების კონტრასტული განაწილებით ქმნიან და ინარჩუნებენ ფურცლის სიბრტყობრიობას. ა. ქუთათელაძესთან რთული ბატალური ხასიათის მოქმედებები ჩნდება, ცხენზე ამხედრებული ფიგურები მოძრავია, აფორიაქებული, იმავე პრინციპითაა შესრულებული ხელჩართული ჩხუბის სცენაში მოცემული ხალხის მასაც. ფიგურები თითქოს ფურცლის სიბრტყიდან `გარეთ იჭრებიან~, მაგრამ ირიბად წარმართული მოძრაობით `წიგნშივე რჩებიან~. მ. თოიძის ილუსტრაციებში მოცულობითობა ჭარბობს, კომპოზიციებიც გადატვირთულია.
ამგვარი თავისებურებების შედეგად ერთგვარად დარღვეულია წიგნის მხატვრული მთლიანობა. თუმცა, გამაერთიანებელი ფაქტორია ის, რომ წიგნის გაფორმებაში ჩართული შემოქმედნი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დასმული ამოცანის გადაწყვეტას და ცდილობენ, რეალისტური მხატვრობით შესრულებული ნახატით მაქსიმალური სიმძაფრით გადმოსცენ ნაწარმოებთა შინაარსი და სათანადო ზემოქმედება მოახდინონ მკითხველზე.
წიგნის მხატვრული გაფორმების რეალისტური გადაწყვეტის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ავანგარდული წიგნის ხელოვნების განვითარების პროცესებიც, (ილ. 16) რომლის მაგალითად წარმოდგება 1919 წელს გამოცემული, მსახიობ სოფია მელნიკოვასადმი მიძღვნილი, სამენოვანი (რუსულად, ქართულად და სომხურად) ტექსტით შედგენილი წიგნი, რომლის შესრულებაშიც ჩართულნი იყვნენ: ილია და კირილ ზდანევიჩები, ლადო გუდიაშვილი, რუსული ავანგარდის წარმომაგდენელი პოეტი, მხატვარი და თეატრის რეჟისორი იგორ ტერენტიევი, კარა-დარვიში (აკოფ განჯიანი), პოლონელი მხატვარი სიგიზმუნდ ვალიშევსკი. წიგნის ფურცლები სიმბოლისტური, კუბოფუტურისტული ელემენტებით იმკობა, განსაკუთრებული როლი ეთმობა შრიფტის კონსტრუქციებს, ურთიერთმონაცვლეობენ სტამბური და ბეჭდური შრიფტი, მხატვრულ ელემენტებად ჩართული ასო-ნიშანთა ერთგვარი კონსტრუქტივისტული თამაშის ელემენტები და ილუსტრაციები.
გარდა წიგნის გრაფიკისა, 1910-იანი წლების ბოლოს და 1920-იანი წლების დასაწყისში გრაფიკის მონუმენტური სახეობა - პლაკატიც გარკვეულ განვითარებას აღწევს. ძირითადად, ესაა შრიფტით შედგენილი აფიშები სხვადასხვა თეატრის წარმოდგენებისთვის, ასევე ფუტურისტ მხატვართა მიერ მოწყობილი ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სამაუწყებლო პოსტერები, რომლებიც სხვასასხვა ფორმისა და ზომის შრიფტისგან შედგენილი ტექსტებითაა შექმნილი, რითაც მხატვრულობის ეფექტიცაა მიღწეული. მნიშვნელოვანია კირილე ზდანევიჩის მიერ განსაკუთრებული ფერადოვნებით შესრულებული, რამდენიმე მხატვრული აფიშაც, გამორჩეული ფერთა კონტრასტული დაპირისპირებით, ფიგურათა სიბრტყობრივ-სილუეტური გამოსახვით და ადვილად აღსაქმელი, იოლად დასამახსოვრებელი კომპოზიციებით. მხატვარი აბსტრაგირებული, სიბრტყობრივად გადაწყვეტილი მეტყველი ნახატით, მჭახე ფერებითა და მხატვრული, დინამიკური მოხაზულობის მარტივი შრიფტით სარეკლამო ხელოვნებისთვის აუცილებელ ეფექტურობასა და ლაკონიურობას აღწევს. (ილ. 17) ამ პლაკატების პოლიგრაფიული ბეჭდვა არ განხორციელებულა და ისინი მხოლოდ ორიგინალის სახითაა შემორჩენილი, ამიტომ, სრულად წარმოგვიდგება ის ფერადოვნება, რომლითაც ისინი მხატვარმა შეასრულა და რომელიც არ გაუფუჭებია უხარისხო სტამბურ ბეჭდვას, რომელიც 1910-20-ან წლებში საქართველოში გამოცემულ პროდუქციაში ვლინდება.
გარდა საჟურნალო-საგაზეთო და წიგნის მხატვრობისა, დამოუკიდებლობის წლებში შექმნილია წიგნის განუყოფელი ელემენტის - ექსლიბრისის პირველ ნიმუშიც, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნთსაცავისათვისაა განკუთვნილი (ილ. 18).
ცნობილია, რომ ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე გაითვალისწინა მისი არსებობისათვის საჭირო ყველა ატრიბუტი. ამ სასწავლებლისთვის გერბი დაუკვეთეს მხატვარ დიმიტრი შევარდნაძეს. გერბზე გამოსახული მოტივი, შველი, რომელიც ძუძუს აწოვებს ნუკრს, უნივერსიტეტის წიგნთსაცავის ექსლიბრისზეც არის გამოყენებული. მის შემქმნელად ფიქსირდება ორი ავტორი - ინიციალებით ნ. ს. და დ. გ. ჩემი ვარაუდით, ინიციალები ნ. ს. არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვს უნდა გულისხმებოდეს. ცნობილია, რომ ნიკოლოზ სევეროვის ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება იმდროინდელი ქართული კულტურის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას და იგი უნივერსიტეტის დაარსებისთანავე აქტიურად იყო ჩართული მის ცხოვრებაში. მეორე ინიციალები - დ. გ. შესაძლოა, დიმიტრი გორდეევს ეკუთვნოდეს.
თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის შექმნილი ექსლიბრისის კომპოზიცია შეხედვისთანავე გვხიბლავს მდიდრული ორნამენტისა და შრიფტის ნატიფი შერწყმით. იგი ცინკოგრაფიის ტექნიკით არის შესრულებული. ექსლიბრისის კომპოზიციის შემადგენელი ელემენტები - ნატიფი, ხვეული მცენარეული ღეროები, ვაზის ღეროს მსგავსია. შავი ფონი მთლიანად ორნამენტითაა დაფარული და ფაქიზი, მაქმანისებური დეკორით მდიდრული, მკაფიო ნახატია შექმნილი. ამ შავ ფონზე, ასევე, კონტრასტულად იკითხება ცენტრში გამოკვეთილი „კომპოზიციის გული“ - ჯვრის ფორმა, რომელიც ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის გეგმას გვაგონებს. „ჯვრის ცენტრში“ თეთრ ფონზე, წვრილი კონტურით, კალიგრაფიული ხელნაწერით შესრულებული შრიფტია განთავსებული. „ჯვრის მკლავებში“ ასომთავრული საზედაო ასო-ნიშნებია ჩაწერილი. ასომთავრულისა და მხედრულის შერწყმა ტრადიციისა და თანამედროვეობის უწყვეტობის სიმბოლოდ აღიქმება. მთელი კომპოზიციის დამაგვირგვინებელია ზედა ნაწილში, შავი დეკორატიული ჩარჩოს თავზე შემომსაზღვრელ თეთრ არეზე გამოსახული შვლისა და ნუკრის ფიგურა. როგორც აღვნიშნეთ, იგი იმეორებს უნივერსიტეტის გერბზე მოცემულ გამოსახულებას, რომელზეც შველი მასაზრდოებელი დედის „ალმა მატერის“ მარადიულ იდეას გამოხატავს. ექსლიბრისი სიმბოლური ხასიათისაა მისი შემადგენელი ელემენტები ნათლად აღსაქმელია და მიუხედავად უხვი დეკორის გამოყენებისა, გადატვირთულობის შთაბეჭდილება არ იქმნება.
1918 შეიქმნა სახელმწიფო გერბიც, რომლის მხატვარიც იოსებ შარლემანი იყო. გერბის შექმნაში იოსებ შარლემანთან ერთად დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძეც იყვნენ ჩართულნი, დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის კომპოზიცია კი იაკობ ნიკოლაძემ და იოსებ შარლემანმა შეასრულეს.
დამოუკიდებელი სახელმწოფოსთვის მნიშვნელოვანი იყო საფოსტო მარკების არსებობაც და ამ შემთხვევაშიც მხატვრები, დიმიტრი შევარდნაძე და იოსებ შარლემანი არიან ავტორები. როგორც ჩანს, ამავე დამოუკიდებლობის წლებში პოლიტიკური პლაკატიც აღმოცენდა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა მასალის მოძიება.
პლაკატის ანუ გრაფიკის მონუმენტური, პროპაგანდისტული ფორმის გავრცელება უკვე 1920-იანი წლებშივე ხდება, მაგრამ იგი საქართველოში საბჭოური რეჟიმის დამყარების პროცესს ეხმიანება.
საქართველომ, 1918 წლის 26 მაისს, მენშევიკების მთავრობის ხელმძღვანელობით მოპოვებული დამოუკიდებელობა მალევე დაკარგა. პირველ ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკად ჩამოყალიბებული ქვეყანა 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ იქნა ოკუპირებული და ანექსირებული, სწორედ ამ „სასიხარულო“ მოვლენების ამსახველი პლაკატებია დაბეჭდილი 1925 წელს, ვ. პოლონსკის ავტორობით, გამოცემულ წიგნში.Полонский, В. П., Русский революционный плакат. М.: ГИЗ, 1925http://www.litfund.ru/auction/7/288/ამ ნაშრომში გამოქვეყნებული, ქართულ თემატიკასთან დაკავშირებული პლაკატების ნაწილი რუსი მხატვრის, ნიკოლოზ კოჩერგინისნიკოლოზ მიხეილის ძე კოჩერგინი (1897 - 1974) იყო რსფრ დამსახურებული მხატვარი გრაფიკოსი, 1918-1920 წლებში პლაკატის სახელოსნოს ხელმძღვანელობდა ქ. ხარკოვში, იყო ბაქოში ჩამოყალიბებული და შემდგომ მთელი კავკასიის ფარგლებში გავრცელებული «Окно сатиры РОСТА»ს ერთ-ერთი ორგანიზატორი. იხ.:https://www.ozon.ru/person/338282/მიერაა შესრულებული, ნაწილზე კი მითითებულია, რომ მხატვარი უცნობია, თუმცა, ვფიქრობ, მათი უმრავლესობაც ნ. კოჩერგინს უნდა ეკუთვნოდეს, იმდენად აშკარაა მსგავსება კომპოზიციური აგებისა და ნახატის შესრულების თვალსაზრისით. Полонский, В. П., Русский революционный плакат. М.: ГИЗ, 1925, იხ.: გვ. 93, 137 - ნ. კოჩერგინის შესრულებული პლაკატები; გვ. 21, 47, 70, 155, 159 – უცნობი მხატვრების პლაკატები.
პლაკატთა სათაურების ჩამონათვალიც საკმარისია, რომ ნათელი გახდეს მათი პროპაგანდისტული ხასიათი და დანიშნულება: „ერიდე ესერებსა და მენშევიკებს, მათ უკან მეფის გენერლები, მღვდლები და ბატონები მოდიან“, „საბჭოეთში მხოლოდ კომუნისტები გაგზავნეთ“, „საბჭოთა მთავრობა საწინდარია მუშათა და გლეხთა დაურღვეველი კავშირისა!“ „კვირაობა ბავშვებს“ – „ბავშვები ვარდია კომმუნის“, „ქალაქისა და სოფლის ძმური კავშირი მოსპობს ნგრევას“; ნ. კოჩარგინის გვარია აღნიშნული პლაკატებზე: „გაუმარჯოს კავკასიელ ხალხთა ძმობას“, „1 მაისი. გაუმარჯოს ახალგაზრდა საბჭოთა საქართველოს“. (ილ. 19)
პლაკატებზე გამოსახულია ვითომდა ქართველი მამაკაცის სახასიათო გარეგნული ნიშნების მატარებელი ფიგურები შავი თმითა და წვერ-ულვაშით, თავზე ფაფახით, ჩოხა-ახალუხით; მხატვარი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი „მიმსგავსებული“ ელემენტი შეკრიბოს, ზოგადად საქართველოს წარმოდგენასთან, რომ იყოს დაკავშირებული - ლურჯი ცა, მთები თოვლიანი მწვერვალებით (კავკასიონი), კაშკაშა მზე..…თუმცა, ეს პლაკატები არაფრითაა გამორჩეული ამ წლებშივე შექმნილი რუსული პოლიტიკური პლაკატებისგან. არავითარი საერთო არა აქვს საქართველოს პრობლემებთან და ქართულ თემებთან; ზოგჯერ წარწერაც კი მხოლოდ რუსულ ენაზეა შესრულებული.
პლაკატების უმრავლესობაზე მჭახე წითელი ფერია გაბატონებული, აქცენტებადაა ჩასმული ქათქათა თეთრი, კაშკაშა ყვითელი და მწვანე ფერები, ბეჭდვის ხარისხი მაღალია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მინაწერების მიხედვით მათი დაბეჭდვისა და გამოცემის ადგილად თბილისია მითითებული, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს ეჭვს, რადგან ამ წლების საქართველოში არ არსებობს ასეთი მაღალი ხარისხის ლითოგრაფიული ბეჭდვის ნიმუშები.
სავარაუდოდ, პლაკატთა ნაწილზე შემსრულებელთა ვინაობის უცნობი მხატვრის მიწერით გაცხადება იმის დემონსტრირებას უნდა წარმოადგენდეს, რომ, თითქოსდა, ჩვენი ქვეყნისთვის ამ „სასიხარულო მოვლენას“ ბევრი მხატვარი ეხმიანებოდა. პლაკატთა „ქართულობაზე“ კი მხოლოდ რუსულის პარალელურად გამოყენებული ნათარგმნი ტექსტები მიგვანიშნებს, რომელთა ნაწილი ენობრივადაც გაუმართავია. მაგ., თითქოსდა, ქართველი მანდილოსნის ტიპია წარმოდგენილი პლაკატზე „კვირაობა ბავშვებს“ – „ბავშვები ვარდია კომმუნის“. (ილ. 20) ქალი გამოსახულია `ქართული კაბით~, თავზე ჩიხტიკოპით და მანდილით, მაგრამ ეს აქსესუარები სრულიად შეუსაბამოა მის ტიპაჟთან, რომელიც სლავური გარეგნობით უფროა გამორჩეული. ასევე შეუსაბამოა აპლიკაციის მსგავსი ყვავილებით დაფენილი ფონიც. ტექსტშიც აშკარაა, რომ იგი არაქართველის მიერაა შესრულებული. ეს არა მარტო შრიფტის უცნაური მოხაზულობიდან გამომდინარეობს, არამედ გრამატიკულად გაუმართავი აზრითაც. „Неделя Ребёнка“ - ითარგმნება როგორც „კვირაობა ბავშვების“. „Дети-Цветы Коммуны“ კი „ბავშვები - ვარდია კომმუნის“ - ო, ქართულადაც ორი მმ-ითაა დაწერილი „კომუნაც“.იხ. Полонский, В. Русский революционный плакат. М.: ГИЗ, 1925, გვ. 47
აღწერილი პლაკატებიდან ჩანს, რომ ყველა მათგანი საბჭოური იდეებითაა გაჯერებული. ამგვარი პლაკატების გაჩენა და არსებობა იმის თვალსაჩინო მაგალითს იძლევა, თუ როგორ მიზანმიმართულად ხდება გარკვეული წარმოდგენების დამკვიდრება. იდეოლოგიური საშუალებით ხდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ძალით თავსმოხვევა საბჭოური მოთხოვნების. პლაკატის საშუალებით, პროპაგანდისტული ხერხით ხდება ტოტალიტარული წყობის დამკვიდრება. პოლიტიკის მარწუხებშია მოქცეული ხელოვნება და იგი გამოყენებულია სახელმწიფოსთვის სასურველი აზრის ხალხის მასებში გასავრცელებლად. როგორც ბ-ნი ვახტანგ ბერიძე აღნიშნავს: „საბჭოთა მმართველობა თავის პირველი ნაბიჯებიდანვე იწყებს მიზანდასახულ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ხელოვნების ყოველმხრივი განვითარებისათვის, რათა მისგან შექმნას მძლავრი იდეოლოგიური იარაღი“.Беридзе В., Езерская Н. Искусство Советской Грузии. 1921-1970. М., 1975, გვ. 29
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარად ჩანს, რომ 1920-იან წლების პირველი ნახევარში, უფრო სწორად, 1922-1915 წლებში შესრულებული ეს პლაკატები, რომლებიც მინაწერების მიხედვით თბილისშია შექმნილი, მხოლოდ რუსულ-საბჭოურია. კომპოზიციური აგების თვალსაზრისითაც, ფერადოვნებითაც, ამობეჭდვის ხარისხითაც, ლოზუნგების შინაარსითაც ისინი რუსი მხატვრების ამავე წლების პლაკატებთან იჩენს მსგავსებას (ვ. დენის, დ. მოორის და, თავისთავად ცხადია, ნ. კოჩერგინის სხვა ნამუშევრებთან). ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ამ პლაკატებს არაფერი აქვს საერთო ქართულ ხელოვნებასთან და ისევეა თავსმოხვეული, როგორც 1922 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიის მიერ დამარცხებულ, ოკუპირებულ საქართველოში ძალადობრივად დამკვიდრებული საბჭოური წყობა.
რასაკვირველია, ასეთი, უცხო და ნაკლებად ღირებული „ნაწარმი“ ვერ გახდებოდა ქართული გრაფიკის ძირითადი გეზის განმსაზღვრელი. მთავარი კი ის იყო, რომ სულ სხვა ღირებულებეზე გადაყვანილ ქვეყანას, მიუხედავად ურთულესი პოლიტიკური მარცხისა, ცხოვრება უნდა გაგრძელებინა. დამოუკიდებლობის წლებში დაწყებული, ერის კულტურის ამაღლებისთვის მიმართული ქმედებები შეძლებისდაგვარად უნდა განხორციელებულიყო. 1919 წელს დიდების ტაძარში მოწყობილმა გამოფენამ ნათლად აჩვენა, რომ ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ახალი ეტაპი იყო დასაწყები. ნიჭითა და ენერგიით სავსე ახალ თაობას ჭირდებოდა მოვლა-პატრონობა და გზაზე დაყენება. დასავლეთის ქვეყნებში ხელოვნების განვითარების აქტიური პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ ამ პროცესებში ჩართვისა და წვდომის გზა გადაიკეტა და არავინ უწყოდა სადამდე გაგრძელდებოდა ასე. აუცილებლობამ მოიტანა გამოსავლის ძიება - ქართველ ახალგაზრდებს ადგილობრივად უნდა შეძლებოდათ ცოდნის შეძენა. ზოგადად ამ პრობლემის გადაწყვეტას საკმაოდ ხანგრძლივი მცდელობები უძღოდა წინ. ჯერ კიდევ 1874 წლს თბილისში „სამხატვრო საზოგადოების“ მიერ იქნა დაარსებული პირველი დაწყებითი სამხატვრო სკოლა, შემდგომ გაგრძელებად კი 1910-20-იან წლების დასაწყისში განხორციელებული სხვადასხვა მოქმედებები შეიძლება მივიჩნიოთ: 1901 წელს თბილისში გაიხსნა საშუალო სამხატვრო სასწავლებელი - ფერწერისა და ქანდაკების სკოლა, 1921 წლამდე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც არსებობდა კერძო სამხატვრო სკოლები, ამავე წლიდან შეიქმნა ე.წ. უმაღლესი სამხატვრო სახელოსნოები, 1922 წლის დასაწყისში კი დაარსდა მოსე თოიძის სახალხო სტუდიაБеридзе В., Езерская Н. Искусство Советской Грузии. 1921-1970. М., 1975, გვ. 31-34ყველა ამ ქმედების დაგვირგვინებას კი 1922 წლის 8 მარტს, თბილისის სამხატვრო აკადემიის გახსნა წარმოადგენდა, რომლის დაარსებაც 1920 წელს მოხდა, მაგრამ ვერ მოესწრო ამოქმედება და თავიდან მოუხდათ დამტკიცება. აკადემიის ხელმძღვანელად პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, ევროპული განათლების მქონე, უაღრესად ერუდირებული პიროვნება – გიორგი ჩუბინაშვილი დაინიშნა. მის მიერ სამხატვრო აკადემიისთვის შერჩეულ იქნა მაღალპროფესიონალ მხატვართ გუნდი, რომელთაც უნდა აღეზარდათ ახალი თაობა, რომელიც თავის თავზე იტვირთავდა თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების შემდგომ განვითარებას.
ეხება რა გიორგი ჩუბინაშვილის მიერ შერჩეულ მასწავლებელთა დასს აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე აღნიშნავს: „ბუნებრივია, რომ ასეთ პედაგოგებს, რომელნიც ფლობენ არა მარტო დიდ გამოცდილებას და მაღალპროფესიონალურ ოსტატობას, არამედ ამასთანავე იყვნენ მკაფიო, ინდივიდუალური შემოქმედნი, არ შეეძლოთ გავლენა არ მოეხდინათ თავიანთ აღსაზრდელებზე, არ წარემართნათ ისინი სწორო გზით“იქვე, გვ. 32.
სახელდობრ ქართველ გრაფიკოსთა აღზრდის საქმეს იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერე უძღვებოდნენ. ორივე ეს მხატვარი ევროპული განათლების მქონე მაღალი რანგის ხელოვანები იყვნენ. როგორც ზევითაც აღვნიშნეთ იოსებ შარლემანი საფუძვლიანად სწავლობს და ითვისებს ქართული ხელოვნების ეროვნულ თავისებურებებს. ამის თვალნათელი მაგალითია, ზემოთ უკვე ნახსენები, მის მიერ 1922 წელს გაფორმებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებთა სრული კრებული. (ილ. 14) ამავე წელს აქვს გაფორმებული ვაჟა-ფშაველას „თხზულებები“, რომელიც ასევე სისადავითა და დახვეწილობითაა გამორჩეული.
ოციანი წლების ქართული წიგნის მხატვრობა ი. შარლემანის მიერ აღზრდილი სტუდენტების სახელთანაა დაკავშირებული. მასწავლებლის მიერ შემუშავებული სადა სტილი წიგნის გრაფიკაში გარკვეულწილად ამ დროის მხატვრული სტილის განმსაზღვრელიც ხდება. ვახტანგ ბერიძე, ეხება რა მის დამოკიდებულებას სტუდენტებთან აღნიშნავს, რომ ი. შარლემანს „ყოველთვის შეეძლო სტუდენტების წინაშე მკაფიოდ დაესახა ამოცანა და დაენახვებინა მისი ამოხსნის გზა. ამავე დროს ესწავლებინა დამოუკიდებელი აზროვნება. მეორე მხრივ, ლოგიკური ანალიზის დახმარებით უხსნიდა იგი თავის აღსაზრდელებს დაშვებული შეცდომის მიზეზს. რა თქმა უნდ,ა მისი ყოველმხრივი განათლება, უდიდესი მხატვრული კულტურა, ამაში დიდ როლს თამაშობდა. ისტორიის, ყოფის და ძველი ქართული ხელოვნების საფუძვლიანი ცოდნა, საშუალებას აძლევდა ახალგაზრდა მხატვრები ძიების სწორ გზაზე დაეყენებინა, ეკარნახა მათთვის ნაციონალური კულტურის ათვისების შესაძლებლობა“.იქვე. გვ.115
უფროსი და ახალგაზრდა მხატვართა თაობის ერთობლივი შრომის ნაყოფს წარმოადგენდა უკვე ზემოთ ნახსენები 1922 წელს გაფორმებული ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებთა ორტომეულის საიუბილეო გამოცემა, (ილ. 15) რომელიც ფაქტობრივად ქართული საბჭოთა დასურათებული წიგნის პირველ ნიმუშად იქცა.
1920-იანი წლების მხატვრობის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია, ასევე უკვე ნახსენები ვალერიან სიდამონ-ერისთავის მიერ გაფორმებული წიგნები.
წიგნის გაფორმებაში მნიშვნელოვანი ნამუშევრები აქვს შექმნილი (ილ. 21) ირაკლი გამრეკელს.იონა ვაკელი „შარავანდედი“ (ლექსები და პოემები. წიგნი პირველი. ტფ., 1923; „აგიტქრონიკა 25 ოქტომბრის გარშემო“, შედგენილი ნ. ჩაჩავას მიერ. .ტფ., 1924; კარლო კალაძე „ძახილი აღმოსავლეთის“ („შრომა“, თფ. 1927); კარლო კალაძე „რჩეული ლექსები“ („სახელმწიფო გამომცემლობა“, ტფ. 1927.); კარლო კალაძე „ქურდი“ - მწერლის პორტრეტი აქ აპოლონ ქუთათელაძეს, ხოლო წარწერები მიხეილ ჩხიკვაძეს ეკუთვნის („შრომა“, ტფ. 1927.)1926 წელსაა გამოცემული იოსებ იმედაშვილის პოემა „მზეთამზე“, რომელიც გააფორმა უჩა ჯაფარიძემ, მაშინ ის დამწყები მხატვარი იყო (20 წლის ასაკში). აშკარად იგრძნობა, რომ მხატვარი შემოქმედებითი ძიების პროცესშია, ილუსტრაციები რამდენადმე ქაოტური ხასიათისაა. იმ დროს, როდესაც მრავალფიგურიან კომპოზიციასთან გვაქვს საქმე, ეს ქაოტურობა განსაკუთრებით თვალშისაცემია. მხატვარი ცდილობს ყდაზე და ტიტულზე დახვეწოს და მხატვრული მნიშვნელობა მიანიჭოს ქართულ შრიფტს, ხოლო პოემაში ასახული სიუჟეტების ზუსტი ილუსტრირება მოახდინოს, ზუსტად ჩასვას სათანადო ტექსტში.
1929 წელს გამოცემული მარკოს „აჯანყებული მთები“, მხატვარ ო. ბურავლიოვის მიერ არის გაფორმებული (თარგმანი პაოლო აბრამიასი. ტფ. 1929).
წიგნში მოთხრობილია რევოლუციის ამბები, რომლებიც განვითარდა ბალკანეთის მთებში. მხატვარი ტექსტთან შეხამებულ, ამაღელვებელ კომპოზიციებს ქმნის. ყდასა და ტიტულზე მოცემული შრიფტი ნათელია და მკაფიო, მსხვილი, მრგვლოვანი ასოები თეთრი ფერითაა გადაწყვეტილი და ნათლად აღიქმება.
ბუნებრივია, ოციან წლებშიც რამდენჯერმე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (სამჯერ - 1926 წელს, ერთხელ - 1927 წელს). 1927 წლის გამოცემაში XVII საუკუნის ხელნაწერიდან მოტანილი და ასევე გრ. გაგარინის მიერ შესრულებული პორტრეტია ჩართული, გამოყენებულია მიხაი ზიჩის ილუსტრაციებიც. ყველა ამ გამოცემის ბეჭდვის ხარისხი ძალზე დაბალია.
1910-1920-იან წლების წიგნის მხატვრობაზე თვალის გადევნებით იკვეთება, რომ გამოყენებულია სხვადასხვა მიმდინარეობისა და მიმართულების მხატვრული ხერხები. წიგნის მხატვრული ელემენტები ხშირად მხოლოდ შრიფტით შექმნილი კომპოზიციებით შემოიფარგლება, თუმცა ხდება ასევე ილუსტრაციებით შემკობაც. შესრულების თვალსაზრისით ვლინდება ყველა ის თავისებურება რაც ზოგადად ახასიათებს XX საუკუნის დასაწყისის ქართულ სახვით ხელოვნებას. მიმართავენ როგორც რეალისტურ, ასევე ევროპული მოდერნიზმისთვისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, კუბო-ფუტურისტული მხატვრობის ხერხებს, არის აბსტრაქტული ხელოვნებისა და წმინდა ეროვნული მოტივების გამოყენების ფაქტები, ჩნდება ეკლექტური ელემენტებიც.
ახლის ძიებების მკაფიო მაგალითს ფუტურისტ მხატვართა მიერ, 1924 წელს გამოცემული ჟურნალის „H2SO4“ წარმოადგენს. (ილ. 22) ლარისა შადოვა წიგნში: „ძიება და ექსპერიმენტი. რუსული და საბჭოთა ხელოვნების ისტორიიდან 1910 წლიდან 1930 წლამდეShadova, Larissa A. Suche und Experiment. Aus der Geschichte der russischen und sowjetischen Kunst 1910 bis 1930. (1978) 1910-1930-იანი წლების რუსული და საბჭოთა კავშირის ხალხთა ხელოვნების ისტორიის მიმოხილვისას, გამოკვეთს ბენო გორდეზიანის და ირაკლი გამრეკელის ღვაწლს და წერს: „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სუპრემო-კონტსტრუქტივისტული ტენდენციები წიგნის გაფორმებაში ქართველი მხატვრების ბენო გორდეზიანის და ირაკლი გამრეკელის ნამუშევრებში, რომელთაც „H2SO4“- ის გაფორმება ეკუთვნით, გასაოცრად არის რეალიზებული. ჟურნალი 1924 წელს გამოსცა თბილისში ქართველ პოეტთა და ფუტურისტ მხატვართა ჯგუფმა. თავისებური ქართული ალფაბეტი აქ ახალ ტიპოგრაფიულ სტილთან თავისი აღნაგობით არა ნაკლებაა მისადაგებული, ვიდრე რუსული და ლათინური“.
ამ ალფაბეტის შერჩევა და განლაგება ბენო გორდეზიანის მიერ იყო გააზრებული. თავად ბენო გორდეზიანი ახასიათებს რა 1920-იანი წლების შემოქმედებით ვითარებას წერს: „.. საქართველოს სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების პირველი წლებიდანვე ქართული სახვითი ხელოვნება განვითარების რეალისტურ გზას დაადგა, მასში მაინც მკვეთრად ვლინდებოდნენ მემკვიდრეობით გადმოსული ფორმალისტურ-დეკადენტური და ნაციონალისტური გადახრები.
ამასთან, ამავე წლებში ქართულ სახვით ხელოვნებაში თავი იჩინა კიდევ ზოგიერთმა არაჯანსაღმა ულტრა „მემარცხენე“ მიმართულებამ, რომლის მიმდევარნიც ცდილობდნენ რევოლუციურ-პროლეტარულ ხელოვნებად გაესაღებინათ თავიანთი „შემოქმედება“. ისინი გამოდიოდნენ „მემარცხენეობის“ დროშით, მაგრამ მალე გაირკვა, რომ მათი შემოქმედება არ უპასუხებდა რევოლუციური ეპოქის სახვითი ხელოვნების მოთხოვნილებებს. ეს მიმართულება, რომელიც „მემარცხენეობის“ სახელით წარმოიშვა, ჯერ რუსეთში და მერე საქართველოში, წარმოადგენდა ნიჰილისტურ, წმინდა ესთეტურ პროტესტს ბურჟუაზიული კულტურის წინააღმდეგ, - საერთოდ, ადრინდელი კულტურისა და ესთეტიკის წინააღმდეგ. სწორედ ამან გამოიწვია ხელაღებით უარყოფის პათოსი, დაყვანილი ცინიზმამდე, რითაც განმსჭვალული იყო მემარცხენე ხელოვნება. კარგა ხანმა განვლო, სანამ მერყევი მხატვრები, სახვითი ხელოვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, განთავისუფლდნენ ესთეტური და ფორმალისტური თეორიებისაგან. ამ ჯგუფის პროგრესული წარმომადგენლები, რთული წინააღმდეგობების და მერყეობის გადალახვის შემდეგ, ნელ-ნელა გადავიდნენ მუშათა კლასის მხარეზე და ფრიად ნაყოფიერი მუშაობაც გააჩაღეს გრაფიკული ხელოვნების დარგში“ბ. გორდეზიანი. ქართული გრაფიკა. თბ., 1959, გვ. 60-62უდაოდ მნიშვნელოვანია ბენო გორდეზიანის მიერ ამ პერიოდის ამგვარად შეფასება, რადგან იგი თვითონვე იყო ერთერთი პირველთაგანი, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული თანამედროვე ხელოვნების ძიების პროცესებში და მის მიერ შემუშავებული ნახატისა და შრიფტების გათამაშებით იქნა კიდეც შედგენილი ჟურნალი „H2SO4“. თუმცა ისიც ნათელია: რომ არ მომხდარიყო განვითარების რეალური პროცესის ხელოვნური შეჩერება, რაც გამოწვეული იყო საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლით, ალბათ ზოგადად ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარების პროცესი ბევრად უფრო უმტკივნეულოდ და ორგანულად წარიმართებოდა. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ შემდგომ - 1930-იანი წლებიდან დღევანდლამდე უწყვეტად მიედინება და ვითარდება ქართული წიგნისა და პერიოდული გამოცემების მხატვრული გაფორმების პროცესი. გარკვეულწილად 10-წლეულებად შეიძლება გამოვყოთ მხატვრული მიდგომებისა და სტილის ცვალებადობა. 1930-40-იანი წლების პერიოდული გამოცემების გასაფორმებელი ელემენტები სოც-რეალისტური იდეოლოგიითაა გაჯერებული - თხრობითი შინაარსის ნატურალისტური ნახატითაა შესრულებული ილუსტრაციები, თუ პლაკატები. ამ დროსვე იქმნება მხოლოდ მხატვრული ელემენტებით - მრგვლოვანი, ოთხხაზოვანი შრიფტითა და უხვი დეკორით გაფორმებული წიგნები.
1950-იანი წლების მიწურულიდან შემდგომი ათწლეულების მანძილზე თანდათან ხდება გრაფიკული ხელოვნებისათვის დამახასიათებელ ლაკონურ „მეტყველებაზე“ გადასვლა. პლაკატის ხელოვნებაში გარდამტეხი როლი 1958 წელს მოსკოვში ჩატარებულმა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადისათვის შექმნილმა პლაკატებმა შეასრულაიხ. მ. გაჩეჩილაძე, 1958 წელს მოსკოვში ჩატარტებული ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის აფიშები და მათი როლი ქართული სარეკლამო ხელოვნების შემდგომ განვითარებაში. http://georgianart.ge/index.php/ka/component/content/article/178.html?ed=16იგივე პროცესები განვითარდა წიგნის გრაფიკასა და ილუსტრაციაში - გამარტივდა და მრავალსახეობრივი გახდა ქართული ბეჭდური შრიფტი. გამრავალფეროვნდა შესრულების ტექნიკაც. წიგნის, პლაკატის, ექსლიბრისის განხორციელებისას ხდება ლინოგრავიურის, ოფორტის, ლითოგრაფიის, ქსილოგრაფიის ტექნიკის გამოყენება. 1970-იანი წლებიდან დღემდე აქტიურია ეროვნული მოტივების გათანამედროვების ძიებები. იქმნება ხელნაწერი და ბეჭდური წიგნის სინთეზი - „ხელთქმნილი წიგნები“. პარალელურად, თანდათან მკვიდრდება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. ყოველივე ეს შემდგომი კვლევის საგანს წარმოადგენს.
|