Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თანამედროვე საბალეტო სპექტაკლების გაფორმება - მხატვრობა თუ...?

There are no translations available.

ელისო ჯულაყიძე

მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებაში საბალეტო ხელოვნებას განვიხილავ, როგორც თანამედროვე ინტერდისციპლინარული ხელოვნების ფორმას, მაინც გავმიჯნავ მას საცეკვაო თეატრების ფორმატში შექმნილი ქორეოგრაფიული წარმოდგენებისგან. თანამედროვე ქორეოგრაფიის დიფერენციაცია შესაძლებელია. გარკვეული მიმართულებები ადასტურებს მათ შესაბამისობას ვიზუალური ხელოვნების როგორც ინტერესებთან, ასევე, პრაქტიკულ ნაწილთან, ამიტომ, ქორეოგრაფიაში, ამ გადასვლას საბალეტო ხელოვნებიდან თანამედროვე საცეკვაო თეატრალურ წარმოდგენამდე, მოაქვს სხვადასხვა კონტექსტი. ქორეოგრაფიული ნამუშევრები იქმნება სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ვიზუალურ სივრცეში, რაც, თავისთავად, იწვევს აუდიტორიასთან განსხვავებული სახის ურთიერთობას და, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდეგნები ემსგავსება უფრო პერფორმანსს, ვიდრე საბალეტო სპექტაკლს. ამიტომ, თანამედროვე ქორეოგრაფიულi სპექტაკლების ვიზუალური ფორმა და პრეზენტაციის ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ კლასიკურ ბალეტთან მჭიდრო კავშირს და, შესაბამისად, კითხვებს იწვევს მათი ვიზუალური გაფორმებაც. კითხვებს იწვევს ის ტერმინოლოგიაც, რომელიც უნდა გამოვიყენოთ საბალეტო ხელოვნების გაფორმების აღწერისა თუ შეფასებისას - მაგალითად: მხატვრობა - თუ...? (რაიმე სხვა ტერმინი)
ამ თმაზე სასუბროდ შევარჩიე ერთ-ერთი ყველაზე ძველი, კლასიკური ბალეტი „ჟიზელი“, რომლის ძალიან ბევრი დადგმა არსებობს და რომელმაც ერთერთმა პირველმა განიცადა მოდერნიზება დროსთან ერთად. (ილ. 1) კომპოზიტორ ადოლფ ადანის მუსიკაზე შექმნილი სპექტაკლის ისტორია 1841 წელს პარიზიდან იწყება და ვფიქრობ, ამ ბალეტის კლასიკური დადგმის ქორეოგრაფიაც და მხატვრობაც საუკეთესოდ 1970-იან წლებში ცნობილმა რუსმა ქორეოგრაფმა იური გრიგოროვიჩმა და ქართველმა მხატვარმა სოლიკო ვირსალაძემ შექმნეს. მხატვარმა „ჟიზელის“ ეს კონკრეტული დადგმა (სხვადასხვა წლებში მას „ჟიზელის“ სხვადასხვა დადგმა აქვს გაფორმებული, მათ შორის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით) ერთგვარi იმპრესიონისტულi სტილით გადაწყვიტა, რაც საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო საბჭოთა პერიოდში, ამიტომაც, სპექტაკლი დიდხანს არ დარჩენილა სცენაზე.

01

შემოდგომის რეალისტური პეიზაჟის შესაქმნელად, ვირასალაძემ, მის მიერ შემუშავებული უნიკლაურ, გამჭვირვალე ბადეზე შესრულებული აპლიკაციების ტექნიკა გამოიყენა და, საბოლოო ჯამში, ოქროსფერი შემოდგომის თვალწარმტაცი სურათი შემოგვთავაზა. ყვითელი,ნარინჯისფერი და ყავისფერი ტონები და ნახევარტონები მისთვის დამახასიათებელი უზადო გემოვნებით შეაზავა და ოქროსფრით ჩააქრო. მრავალფენიან ბადეზე შესრულებული აპლიკაციით კი შრიალა ხეებს მიღმა ღრმა პერსპექტივა მოგვცა, რომლის ბოლოსაც ამონათებული კოშკურებიანი სასახლის სილუეტი მხოლოდ დაკვირვების შემდეგ ილანდება. განწყობა ფარდის ახდისთანავე იქმნება: სოფელში შემოდგომის მიწურულია. (ილ. 2) თვალში საცემია ჟიზელის ფირუზისფრით გაწყობილი, მუხლს ქვემოთ დაშვებული, მსუბუქი კაბა. ერთი შეხედვით თითქოს კოსტიუმი ამოვარდნილია მშვიდი ოქროსფერი პეიზაჟიდან, მაგრამ ფირუზისფრის ტონალობა იმდენად დამჯდარი, მსუყე და გაწონასწორებლია, რომ იმთავითვე ერწყმის დეკორაციის ერთიან სურათს. (ილ. 3) სცენაზე გამოჩენილი ყოველი შემდეგი კოსტიუმი ჰარმონიულად ეწერება სცენოგრაფიაში და, უფრო მეტიც, თითოეული მათგანი ისე აღიქმება, როგორც ფერწერული ტილოს მსხვილი მონასმი ან სოფლის პეიზაჟის ფერადოვანი ლაქა. სპექტაკლში კოსტიუმებიცა და დეკორაციაც საოცრად ნატიფი, დახვეწილი გემოვნებით შეზავებულ, იმპრესიონისტულi სტილის სცენოგრაფიის ჰარმონიულ, ერთიან სურათს ქმნის.
მეორე აქტი მხატვრობის მისტიკური მხარეა, (ილ. 4) სადაც მხატვარს იმქვეყნიურ სამყაროში ღამის საკამოდ რეალისტური პეიზაჟის ფონზე გადავყავართ. დაბურული ტყის პეიზაჟი, ერთი შეხედვით, ტბის მოლივლივე წყლის ზედაპირზე აირეკლება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციურ შეგრძნებებს. (ილ. 5) ვილისების გამჭვირვალე, ჰაეროვანი, მსუბუქი თეთრი კოსტიუმების ფონზე შავ ლაქას მხოლოდ ალბერის ხავერდის, ვირსალაძისთვის დამახასიათებელი და საყვარელი ვერცხლით გაზავებული მუქი კოლეტი ტოვებს. (ილ. 6) საერთო ჯამში კი, მაყურებელი, სულების სამყაროში არა მხოლოდ ზღაპრული და მისტიკური შეგრძნებებით, არამედ, საკმაოდ რეალისტური,იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი იმწამიერი ემოციებით მოგზაურობს.
სპექტაკლის დადგმიდან რამდენიმე წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირიდან საკმაოდ შორს, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე ახალგაზრდა, თამამმა და რევოლუციონერად აღიარებულმა შვედმა ქორეოგრაფმა მატს ეკმა გადაწყვიტა, „ჟიზელის“ სრულიად განსხვავებული ვერსია შეეთავაზებინა მაყურებლისთვის. 1982 წლის მოდერნისტული დადგმა მოგვიანებით პირველ პოსტმოდერნისტულ ბალეტად შეირაცხა.
0203
0405
06
მატს ეკმა რომანტიკული ბალეტი გადააქცია ფსიქოლოგიურ ტრილერად ფროიდისტული ელფერით. (ილ. 7) სკანდინავიური უშფოთველობით, ხასიათის სიცივითა და სიმტკიცით, ნაზი, კეთილშობილი გლეხი ქალიშვილი გარდასახა ნეტარ, უდარდელ, ექსცენტრიულ, ვნებიან გოგონად. ეკთან ვერც უსულო ფარფატა ვილისებს შეხვდებით, ვერც გრაფ ალბერს და ვერც დიდგვაროვნებს. მოქმედი პერსონაჟები სოფლელები და ქალაქელები არიან, რომლებიც ადრეული ნეორეალიზმის სტილის ფილმის გმირებს მოგვაგონებენ. მთავარი ცვლილება კი ისაა, რომ მოტყუებულi, იმედგაცრუებულi და ჭკუდან შეშლილი ჟიზელი გარდაცვალების ნაცვლად, საგიჟეთში მოხვდება.
07
მე-20 საუკუნის ბოლოს მატს ეკი ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს ყველაფერი, რაც აქამდე გაკეთებულა ამ ხელოვნებაში. (ილ. 8) მისი იდეების, აზროვნების და შინაგანი თავისუფლების მაღალ ხარისხზე ბალეტის მხატვრობაც მეტყველებს, რომელიც მან შვედ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ მხატვარ ქალს - მარი-ლუიზ ეკმანს მიანდო. მხატვარს, რომელმაც სცენოგრაფის მანამდე მიღებული არცერთი კანონი და ნორმა არ დაიცვა იმდენად, რომ სპექტაკლში უკანა ფარდა ე.წ. „ზადნიკი“, რომლის მხატვრობაც სცენას სიღრმეს, სივრცეს და უსასრულობის შეგრძნებას უნდა სძენდეს, სიბრტყობრივი, პრიმიტივისტული და სიმბოლისტური ნაზავით შესრულებული მხატვრობით გააფორმა.
08
სტოკჰოლმის სახელოვნებო წრეებში არც თუ ისე მიღებულმა და აღიარებულმა მხატვარმა, სპექტაკლის სცენოგრაფიაში მხოლოდ მოხატული უკანა პანო გამოიყენა. (ილ. 9) იქ, სადაც სოფლის პეიზაჟი იგულისხმება, პრიმიტვივისტული ლანდშაფტი გვხვდება, სადაც რთული გასარჩევია, რასთან გვაქვს საქმე - სოფლის პეიზაჟთან თუ სიმბოლიკით დატვირთულ დიდი ზომის სურეალისტურ პანოსთან. მეორე პლანზე მოცემული მთის ბორცვები თითქოს ბუნების პეიზაჟად აღიქმება, მაგრამ ესეც სულ რამდენიმე წამით. ხედვის ფოკუსის გასწორების, ან აღქმის წერტილის შეცვლის შემდეგ პეიზაჟი ქალის შიშველ სხეულს გვაგონებს, რომლის ცენტრალურ ნაწილში ორ ბორცვზე ორი პატარა ხეა გამოსახული, რომელთა სიმბოლური დატვირთვაც მკერდის თავების როლის შესრულება უნდა იყოს. თუკი შიშველი ქალის სხეულის კონცეფციას გავყვებით, მაშინ მწვანე ბორცვების ფონზე, წინა პლანზე მოცემული ჭაობის ბალახისმაგვარ ფორმებში მკაფიოდ გამოკვეთილი და ჩახლართული ვარდისფერი ლენტის ალეგორიაც შესაძლებელია, ჭიპლარი იყოს, რომელიც, ერთი შეხედვით, პოსტიმპრესიონისტულ უსასრულოდ რთულ, ვარდიფერ გზასაც წააგავს.
09
სცენაზე, კლასიკური ბალეტის მხატვრობისგან განსხვავებული, პოსტმოდერნისტული გაფორმების ფონზე ჩნდება ჟიზელი.(ილ. 10) აბსოლუტურად თავისუფალი, შეუზღუდავი, გიჟური გამომეტყველებითა და ჩაცმულობით. მხატვარმა საოცრად კარგად იგრძნო მთავარი გმირის ხასიათიც და შინაგანი ბუნებაც, როდესაც ის თავისუფალი, ღია ვარდისფერი ქვედაბოლოთი, ოდნავ მუქი ვარდისფერი ზედითა და შავი ბერეტით შემოსა. (ილ. 11) ფეხშიშველი ჟიზელი შეხედვისთანავე აღძრავს ემოციებს, აღვივებს თანაგრძნობას და აჩენს ინტერესს.
1011
მარი-ლუიზ ეკმანს შესანიშნავად აქვს დანახული და გადმოცემული სოფლის სხვა მაცხოვრებლების ხასიათი კოსტიუმებით, (ილ. 12) რომლებიც არ გამოირჩევიან სილუეტის სირთულითა თუ ფერთა მრავალფეროვნებით. ისინი უსახური, მოსაწყენი, ნაცრისფერსა და შავ ფერებში გადაწყვეტილი, სტილისა და მოდისგან თავისუფალი, სადა სამოსით არიან შემოსილნი. მათი ყურებისას არ გაგიჩნდებათ არც ერთი იდეა იმის შესახებ, თუ რომელ ეპოქას, ნაციონალობას ან ფენას მიეკუთვნებიან. (ილ. 13) უბრალო და უმეტყველო ტანისამოსის ფონზე, ქალაქელი პლეიბოის-ალბერის სტილური, კაშკაშა, თეთრი კოსტიუმი ნამდვილად გამორჩეულად გამოიყურება.
1213
მეორე აქტის ე.წ. „ზადნიკის“ მხატვრობა კიდევ უფრო მეტადაა დატვირთული სიმბოლოებით. მხატვარს მუქიატაკიანი ცარიელი ოთახი და მის ცენტრალურ ნაწილში დახურული კარი აქვს გამოსახული, (ილ. 14) რაც თავიდანვე ქმის განწყობას, რომ მაყურებელი ჩაკეტილ სივრცეში იმყოფება. (ილ. 15) ოთახი თითქოს უკანა პლანია, წინა პლანზე კი სრულიად დამუკიდებლად, შეიძლება ითქვას, უტრირებულად და განყენებულადაც კი გამოსახულია ადამიანის სხეულის ნაწილები: ცხვირი, ქალის მკერდი, თვალი, ყური და მოჭრილი თითები, რომელთა გარჩევა მამკაცის სასქესო ორგანოსგან საკმაოდ რთულია და პირველი აქტის ბორცვებისა არ იყოს, აქაც ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. კულმინაცია კი სპექტაკლის ბოლო სცენაა, სადაც ალბერი სრულიად შიშველი გვევლინება. (ილ. 16)
1415
16
„ჟიზელის“ ახალი და განსხვავებული ვერსია გახდა აღიარების საწინდარი ახალაგაზრდა და ნიჭიერი ბანგლადეშური წარმოშობის ბრიტანელი ქორეოგრაფის - აკარამ ხანისთვის, რომლის პრემიერაც 2016 წელს ლონდონში შედგა. (ილ. 17) საკუთარ ინტერპტრეტაციაში აკრამ ხანიც რჩება სპექტაკლის კანონიკური სიუჟეტის ერთგული და არ ცვლის სასიყვარულო ურიერთობების დამოკიდებულებას. კარდინალური ცვლილება მხოლოდ მოქმედების განვითარების ადგილმა განიცადა. მზიანი სოფლიდან, ქორეოგრაფმა, მოქმედება დახურული სამკერვალო ფაბრიკის უკანა ეზოში გადაიტანა, სადაც თავშესაფარს სამსახურის გარეშე დარჩენილი, ფაბრიკიდან გამოგდებული, მშიერი მიგრანტები პოულობენ.
17
ისევე, როგორც მარი-ლუიზ ეკმანთან, ტიმ იიპთანაც, რომელიც ამ დადგმის დიზაინერია, სცენოგრაფიის ერთადერთი (ილ. 18) ელემენტი ე.წ „ზადნიკი“ა. ამ შემთხვევში, მოხატული პანოს ნაცვლად, სტატიკური, მყარი კონტრუქცია გვხვდება, რომელიც ბეტონის კედელს წარმოადგენს. (ილ. 19) ტიმ იიპი საოცარი ოსტატობით ახერხებს აამეტყველოს ცივი, ნაცრისფერი, უძრავი კედელი, მასზე დატანილი ხელის გულების ღრმა ანაბეჭდებითა და განათებით. (ილ. 20) ძნელად თუ მახსენდება სასცენო მხატვრობისადმი მსგავსი მიდგომა, როდესაც სტატიკა არ აშინებს მხატვარს და პრიქით, მოქმედების შესაცვლელად, აბსოლუტურად მოულოდნელად, ერთი შეხედვით უძრავ კონსტრუქციას, სცენაზევე, ღერძის გარშემო 180 გრადუსით მაყურებლის თვალწინ ატრიალებს.(ილ. 21) შინაარსის მისაცემად კი იატაკის მხრიდან შემოსულ თვალისმომჭრელ სინათლის ნაკადს იყენებს, რაც იმდენად ეფექტურია, რომ რაღაც მომენტში გაურკვევლია, რეალობას ადევნებ თვალს თუ სცენაზე 3დე-პროექცია ირთვება.
18
1920
21
განსაკუთრებული და საოცრად მეტყველია კოსტიუმებიც. ერთი შეხედვით, უბრალო, სადა, (ილ. 22) ტანზე მომდგარი ფორმები და სილუეტები კარაგდ უსვამს ხაზს იმ საზოგადოების მდგომარეობას, სადაც სპექტაკლის მოქმედება მიმდინარეობს. (ილ. 23) ერთფეროვანი, არაფრით გამორჩეული ხორცისფერი კაბები, რუხი მომდგარი შარვლები და ხალათები არაფრით გამოარჩევს სოლისტებსაც კი. ყველაფერი მიუთითებს ამ ადმიანების მძიმე ყოფასა და უიმედო მგომარეობაზე. (ილ. 24) სრულიად კონტრასტულია ფაბრიკის მდიდარი მეპარტონეების და მათი თანმხლები პირების ჩაცმულობა, რომლებიც სცენაზე უძველესი კოსტიუმებით, „ფიჟმებითა“ და უკიდეგანოდ განიერი „კრინოლინით“ ჩნდებიან გადაბრუნებული კედლის სიღრმესა და კაშკაშა შუქის ფონზე. ეფექტური სილუეტები თითქოს სხვა სამყაროდან მოგვევლინენ.
22
2324
(ილ. 25) რადგან ვილისების აქტიც რკინა-ბეტონის კედლის ფონზე მიმდინარეობს, არც ისე თვალში მოსახვედრი და საკმაოდ ორგანულიც კია მათი ჭუჭყიანი, დაფხრეწილი კაბები. ნაკუწებად ქცეული სამოსი ძლივს უფარავს ვილისებს სხეულს და მათ ისედაც გაბოროტებულ, სიძულვილითა და სამაგიეროს გადახდის სურვილით შეპყრობილ სულებს კიდევ უფრო პირქუშსა და მძიმეს ხდის. (ილ. 26) საინტერესოდ მუშაობს მხატვარი მაშინაც, როდესაც ერთადერთ სასცენო აქსესუარად ჯოხებს იყენებს - ჯოხებს, რომელებსაც ტანჯვასა და უსამართლობას შეწირული მიგრანტი ქალები მკვლელობის იარაღად იყენებენ.
2526
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სცენოგრაფია თუ კოსტიუმების მხატვრობა სპექტაკლს მართლაც დაუვიწყარს ხდის. (ილ. 27) ტიმ იიპი ის დიზაინერია, რომელიც სადად, მაგრამ მასშტაბურად აზროვნებს და, რაც მთავარია, მას კარგად ესმის ხასიათი და ემოცია, ემოცია, რომელიც სპექტაკლის დაწყების პირველი წუთებიდან გვიქმნის განწყობას და სპექტაკლის დასრულების შემდეგაც დიდხანს მიგვყვება. (ილ. 28) შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლი ერთგვარი ვიზუალური ექსტაზია. შუქ-ჩრდილის თამაში თუ ცივ ფერთა გამა ყველა ეპიზოდში ზუსტად ესადაგება მუსიკასა და მოძრაობებს. ესაა თანამედოვე ქორეოგრაფიული დადგმა, რომელიც სავსეა მაყურებელზე მომართული ახალი იდეებით.
2728
სტერეოტიპული და ფუნდამენტალური დამოკიდებულებები და ტექნიკა, სპექტაკლების გაფორმებაში აუცილებლად იცვლება თანამედროვე ხედვებით, მედიებითა და კონცეპტუალური არტისთვის დამახასიათებლი მიდგომებით. ის თუ, როგორ ანაცვლებს ძველს ახალი და კლასიკურს თანამედროვე, კარგად ჩანს ამ სამი ბალეტის მხატვრობის მაგალითზე. სამივეგან ვხვდებით განსხვავებულ და ნიჭიერ მიდგომას. მხატვრული იდეებით მინიმალურად გაფორმებული სპექტაკლი შეიძლება კიდევ უფრო საინტერესოც იყოს, რადგან მეტი ინტერპრეტაციის, ალეგორიის და განსჯის საშუალებას იძლევა. მატს ეკის დადგმაში მოცემული მხატვრობის შეფასებისას შეგვიძლია, მკაფიო ტერმინოლოგია ვიხმაროთ: პრიმიტივიზმი, სიმბოლიზმი, სიბრტყობრივი და ა.შ. 1982 წელს შექმნილი სკანდალური სპექტაკლი უკვე კლასიკად იქცა და ამიტომ მისი მხატვრობა, ალბათ, უკვე ყველასთვის გასაგები და მისაღებია. (ილ. 29) სადაო, ხშირად, თანამედროვე დადგმები ხდება, რაც ლოგიკურია... ისევე, როგორც მთლიანად ხელოვნებას, ქორეოგრაფიის მხატვრობასაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რადგან ის დიდი ხანია უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ინტერდისციპლინალური ხელოვნების ფორმა, სადაც საუბარია ყველაფერზე და სასუბრო ენასაც ყველა ხელოვანი ინდივიდუალურად ირჩევს. მგონია, მკვლევარებმაც და კრიტიკოსებმაც უფრო მეტი პარალელი მულტიმედიურ საშუალებებთან და ფორმატებთან უნდა გავავლოთ, ვიდრე ფერწერასთან და ხელოვნების ამ დარგს შევხედოთ, როგორც თანამედროვე არტს. ტიმ იიპის მიერ შექმნილი ვიზუალიზაცია, ვფიქრობ, ის მიდგომაა, რომელიც ქორეოგრაფიული სპექტაკლების გაფორმებისას უნდა იყოს. ფუნჯის, ფერისა და აპლიკაციის ფუნქციას, მის ხელში, ზომიერად, გასაგებად, ემოციის გასამძაფრებლად და არა გადასაფარად შექმნილი მულტიმედიური დიზაინი ასრულებს, რომლიც ორგანული და ჰარმონიულია. (ილ. 30) XXI საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიებით შესრულებული, ვიზუალური ეფექტებით შექმნილი დიზაინი არ შეიძლება იყოს სცენოგრაფიის ან კოსტიუმების მხატვრობის კლასიკური გაგება. მას განზოგადება, თანმიმდევრული და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. და ბოლოს, კითხვა - მხატვრობა თუ...? , მაშინ მგონია, პასუხი ტერმინი - დიზაინი უნდა იყოს.
2930

ნანახია: 3884-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani