Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაფარული სამშენებლო ფენები

There are no translations available.

მანანა სურამელაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


თბილისის ურბანული მემკვიდრეობის გამორჩეული მნიშვნელობა მე-20 ს-ის შუა წლებში უკვე სათანადოდ იქნა შეფასებული, მას მიეძღვნა ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებლების მონოგრაფიული, ყველასთვის კარგად ცნობილი და დღემდე სახელმძღვანელოდ ქცეული ნაშრომები, ვანტანგ ცინცაძის რუსულენოვანი „Тбилиси“ და ვახტანგ ბერიძის „თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლები“ ორ წიგნად. Цинцадзе В., Тбилиси, Архитектура старого города и жилые дома первой половины XIX столетия, Тб.1958; ვ. ბერიძე, თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლები, 1 წ. თბ., 1960 და II წ. 1963.
ამ ნაშრომებში მრავალი ნიმუში იქნა გამოკვლეული, მოიძებნა და წარმოჩნდა შემორჩენილი ერთეული ძველი შენობები, მასთან ერთად, გაანალიზდა XIX ს-ის სახლების დიდი ჯგუფი და გამოქვეყნდა არქივში დაცული მრავალი პროექტი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ თბილისში რეალურად არსებული შენობები XIX საუკუნეზე ადრინდელი არ არის.ვ. ბერიძე, დასახ. ნაშრ,, 1 წ, თბ., 1960, გვ.7.
მომდევნო პერიოდიდან დღემდე ინტერესი თემის მიმართ არ შენელებულა და ამ ხნის მანძილზე, ძველი ქალაქის ფარგლებში თბილისური საცხოვრებლის არაერთი ნიმუში თუ სარდაფის სართულებში შეფარული აქამდე უცნობი, მეტად საყურადღებო სიძველენი გამოვლინდა, რამაც დიდი მოცულობის ახალი მასალა დააგროვა. ამჯერად, ყურადღებას გავამახვილებ მიწისზედა ძველ ნაგებობებზე. დღეს, როცა ასეთი შეტევა ხორციელდება ქალაქის ძველ ნაწილზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ცნობად მიღება, რომ შუა საუკუნეების ქალაქის გალავნის შიგნით მოქცეულ ისტორიულ უბნებში მოსალოდნელია, XIX საუკუნის შენობაშიც იყოს შემალული გაცილებით უფრო ადრეული სახლი. შევეცდები დავასაბუთო, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს.
შევეხები მიწისზედა არქიტექტურული სხეულის მთელი სისრულით შემონახულ გვიანი შუა საუკუნეების იმ სახლებს, რომელთა ამოცნობა ქალაქზე მუშაობის პროცესში, სხვადასხვა დროს გახდა ჩემთვის შესაძლებელი. ერთი მათგანია ბანიანი ანფილადური სახლიუფრო ვრცლად ამის შესახებ იხ. მ. სურამელაშვილი, XVIII საუკუნის ერთი თბილისური სახლის შესახებ, საქართველოს სიძველენი, 7-8, თბ., 2005, გვ. 326-336. ასკანის ქ. #11-ში, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობი, XIX ს-ის შუა ხანების დიდი სახლის ქვედა მკლავის ერთ ნაწილს წარმოადგენს. (ილ. 1) თავიდან ყურადღება მიიქცია ასკანის ქუჩის გადამყურე თაღოვანი ფანჯრების მწკრივის დამასრულებელმა, აგურის წყობაში ჩატანებული ძელებით გატიხრულმა ორსინათლიანმა პატარა ფანჯრებმა; (ილ. 2) მსგავსი ტიპის ღიობები კარგად არის ცნობილი მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის XVIII ს-ის 70-იანი წლების სასახლიდან სოფ. ნინოწმინდაში, ასეთივე ფანჯრებს ვხედავთ დ. ერმაკოვისეულ 1860-იანი წლების ფოტოზეც, რომელიც მუხრან-ბატონის დაზიანებულ თბილისურ სასახლეს წარმოგვიდგენსლ. რჩეულიშვილი, საბა ტუსისშვილისეული სახლი სოფ. ნინოწმინდაში, ქართული ხელოვნება, ტ. 3, თბ., 1950; თ. გერსამია, ძველი თბილისი, 1984, ტაბ. 33. (ილ. 3) დაკვირვებამ ცხადი გახადა, რომ დღევანდელი თაღოვანი ფანჯრები ძველის გადაკეთებით არის მიღებული, რაზეც აგურის წყობის ნაკერების გარდა ხის ჩაჭრილი ჰორიზონტული სარტყლებიც მიუთითებს. (ილ. 4) სახლის ადრეულობა უტყუარად დაადასტურა საცხოვრებელი სართულის ქვეშ არსებულმა, ვეებერთელა კოჭებით გადახურულმა ბრტყელჭერიანმა, ორდედაბოძიანმა სარდაფმა, სადაც შიდა სივრცეს ვიწრო სარკმლები ანათებს, ხოლო აგურის კედლებს რიყის ქვის დამახასიათებელი წყობით შესრულებული ჩანართები და მუშარაბიანი ტიხარი ახლავს. (ილ. 5) ეს შეჭვარტლული, შეულამაზებლად მოღწეული ინტერიერი XVIII ს-ის თბილისელი მოქალაქის საცხოვრებელ გარემოს აცოცხლებს ჩვენს თვალწინ. თავად ნაგებობა კი, მთელი ორი სართულით მოღწეული თბილისური ბანიანი, შირვანული რიგის სახლის ნიმუშია, რომელმაც ჩვენამდე მხოლოდ ბანი ვერ მოიტანა. (ილ. 6)
0102
0304
0506
კიდევ სამი, მთელი ხუროთმოძღვრული სხეულით მოღწეული XVIII ს-ის საცხოვრებლისუფრო ვრცლად ამის შესახებ იხ. მ. სურამელაშვილი, XVIII საუკუნის კოშკური საცხოვრებელი ბეთლემის კლდისუბანში, საქართველოს სიძველენი, 9, თბ.,2006, გვ. 161-168.შემცველია ბეთლემის აღმართი #5 და #16b, თვალსაჩინო და ყველასთვის ახლობელი თბილისური სახლების ჯგუფი. (ილ. 7) ეს განსხვავებული, კოშკური ტიპის საცხოვრებლებია, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ფართოდ გავრცელებული, რომლის ნიმუშები განსაკუთრებით მრავლად შემოინახა საქართველოს მთიანეთმა. აღნიშნულ შენობათა ჯგუფი სწორედ XVIII ს-ის ქალაქურ ციხე-სახლებს წარმოადგენს ამ ტიპისთვის დამახასიათებელი ვერტიკალური გეგმარებით, სადაც ოთახები ერთმანეთის ზემოთ, სართულებად ნაწილდება და კედლის სისქეში მოწყობილი კიბით უკავშირდება ერთმანეთს. ეს სახლები კიდევ უფრო ძველ, სავარაუდოდ, XVI-XVII სს-ის ძირზეა აღმართული. (ილ. 8, 9)
07
0809
რესტავრაციამდერესტავრაციის პროექტი შესრულდა და განხორციელდა იკომოსის ჯგუფის მიერ 2004-2005 წლებში, ხელმძღვანელი არქიტექ.-რესტ. მ. ბოჭოიძე #16b ნაგებობა სავსებით ეწერებოდა XIX ს-ის შუა ხანების ხის შეკიდულაივნიან თბილისურ სახლთა დიდ ჯგუფში. გარე ნალესობა ფარავდა აგურის წყობაში ჩატანებულ ხის ჰორიზონტულ სარტყლებს; დაბალჭერიან, შპალერგაკრულ ოთახებშიც, ერთი შეხედვით, არაფერი მოასწავებდა სიძველეს, თუმცა, რიგ საგულისხმო ნიშნებზე დაფუძნებული მოლოდინით, ასევე, ძეგლზე დიდი სიფრთხილით განხორციელებული მუშაობის პროცესში ბევრი საგულისხმო ელემენტი გამოვლინდა და გადარჩენისთვის ჩატარებული სკურპულოზური მუშაობით მათი სრულფასოვანი შენარჩუნებაც მოხერხდა. (ილ. 10, 11) ყოველივე ამან, ნაგებობათა ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი სტრუქტურის უკეთ წარმოჩენასა და სამშენებლო თავისებურებების გათვალსაჩინოებასთან ერთად, შესაძლებელი გახადა XVIII ს-ის მიმზიდველი და ფუნქციური ინტერიერის აღდგენა, რომელიც მშვენივრად ერგება თანამედროვე მოთხოვნებსაც. (ილ. 12, 13)
ამ სიძველეებთან შეხებისა და შესწავლის საშუალება მომეცა იკომოსის პროექტში2003 წ.-ს UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის მხარდაჭერით საქართველოს იკომოსის მიერ შესრულდა კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები და შედგა „ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა“; ავტორთა ჯგუფი: მ. ბოჭოიძე, ნ. ცინცაბაძე, მ. ყენია, მ. სურამელაშვილი, ე. მახათელაშვილი, გ. ჭანუყვაძე, თ. ჩხაიზე და სხვ. მეც. კონსულტანტი მ. მანიამონაწილეობისაs, რომელიც მოიცავდა ქვემო კალას ერთ მიკრო-უბანს, მოქცეულს ბეთლემის აღმართიდან ბეთლემის ქუჩის ჩათვლით საზღვრებში. ამავე უბანში, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებთან ერთად, ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა საყრდენი კედლებით გამოყოფილი ზედა ორი ტერასის გაყოლებით ჩარიგებული, XIX ს-ის თითქმის უკლებლივ ყველა სახლში შენარჩუნებული XVII_XVIII სს-ის სარდაფები სხვადასხვა დანიშნულების სადგომებით, რაც მთლიანობაში, ქალაქის ამ ნაწილში, ქვედა სართულების დონეზე შემორჩენილი გვიანი შუა საუკუნეების მთელი განაშენიანების ზოგადი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.
1011
1213
ახლა, თუ კვლავ დავუბრუნდებით ძირითად თემას, ზემოხსენებულ, მთელი სისრულით შემორჩენილ ერთ ბანიან და სამ კოშკურ საცხოვრებელს მინდა დავუმატო კიდევ ერთი, ქვემო გომის II შეს. #6 XVIII ს-ის ნაგებობა, რომელიც უკანასკნელი ნიმუში იყო ბოლო დრომდე ბანიანი სახით მოღწეული თბილისური სახლისა. (ილ. 14) ის ნათელს ხდიდა დამრეც ფერდზე საცხოვრებლების განაწილების თბილისურ წესს, როცა ქვედას ბანი, ზედას ეზოს წარმოადგენდა. (ილ. 15) სახლის წინ გამავალ თბილისურ შუკას ქვედა მხრიდან ერთ-ერთი ძველი და მეტად საყურადღებო, სადრენაჟო ღიობებიანი ტერასის საყრდენი კედელი გასდევდა. (ილ. 16) აღნიშნული სახლის ბანი XIX ს-ის პანორამულმა ფოტომაც შემოგვინახა. ამ განიერკედლებიანი, ორსართულიანი სახლის ჭერზე ყურადღებას იქცევდა ორმაგი (დაახლ. 40-50 სმ-ით დაშორებულ ორ დონეზე განთავსებული) კოჭების სისტემა, რაც ბანის დატვირთვის პირობებში ნაგებობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. საყურადღებო იყო, აგრეთვე, კედლებში დატანებული ხის სარტყლების არსებობა და წინა კედელში განთავსებული საბუხრე, ნაცვლად საყოველთაოდ მიღებული უკანა კედლისა, რაც ზედა სახლის ეზოდ გამოყენებული ბანისთვის კვამლის შეძლებისდაგვარად მოშორების საჭიროებით აიხსნებოდა. სამწუხაროდ, ეს სახლი 2008 წელს კლდისუბანში ელვისებური სისწრაფით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ბევრ სხვა ღირსშესანიშნაობასთან ერთად, ფუძიანად და ტერასის საყრდენ კედლიანად დაინგრა და მის ადგილზე ყალბი „რეკონსტრუქცია “ გაკეთდა.
1415
16
შედარებით ვრცლად მინდა შევჩერდე ქვემო კალას კიდევ სამ ძველ შენობაზე, რომლებიც ლ. გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების არეალში მდებარეობს. ერთი მათგანია ყველასთვის კარგად ნაცნობი ქრესტომათიული ძეგლი შ. დადიანისა და ლ. ასათიანის ქუჩების კუთხესთან - #34/17. (ილ. 17)
17
ორსართულიანი სახლი გრძივ ღერძზე განლაგებული ორი საცხოვრებელი ბლოკისა და მათი დამაკავშირებელი ვიწრო გადასასვლელისგან შედგება. მკლავებს შორის მოქცეული ეზო აგურით ნაშენი ზღუდით არის ქუჩიდან გამოყოფილი. ქუჩების კუთხეს კრავს ოთახების ორი რიგი, რომელთაგან კუთხისას - წრიული გეგმა აქვს. (ილ. 18) სახლის პლასტიკას იმეორებს ქუჩისკენ ძლიერად შვერილი შეკიდული აივანიც. ლ. ასათიანის ქუჩისკენ განთავსებული, თავდაპირველად ერთსართულიანი, ბანით დასრულებული ქვედა მკლავი ღრმა ნიშებიანი და ბუხრებიანი ორი ოთახისგან შედგება, რომელიც ეზოს სიღრმისკენ, ჩრდილოეთ-სამხრეთი ღერძის გასწვრივ ვითარდება.
18
საცხოვრებელი სახლის საერთო ხუროთმოძღვრული სახის ჩამოყალიბება XIX ს-ის შუა წლებში უნდა დასრულებულიყო, რაზეც მეტყველებს თაღოვანი მოხაზულობის ფანჯრები, ეზოსკენ არსებული აივნის რვაწახნაგა მძლავრი სვეტები და რიკულები, ასევე, ქუჩისკენ მოქცეული შეკიდული აივნის ჭვირული დეკორი, სამყურა თაღები, სქელ ფიცარში გამოკვეთილი, დახვეწილი ოსტატობით შესრულებული აჟურული მოაჯირები და გრეხილი სვეტები. (ილ. 19)
19
სახლის სარდაფის სართულზე რთული სურათი იხატება. (ილ. 20) ზედა მკლავში მძლავრკედლებიან, კუთხის წრიულ ოთახს სარდაფი არა აქვს, ეზოსკენ განთავსებულ ოთახებს ქვეშ კი, სწორკუხა ღრმა ნიშებით აღჭურვილი მძლავრკოჭებიანი, ბრტყელჭერიანი სადგომებია აგურით ნაშენ კედლებში ჩართული, ხის ჰორიზონტალური ძელებით და რიყის ქვითა და ნახევარაგურებით ნაშენი „თევზიფხური“ წყობის რიგებით, რომლის გამოყენება ნიშანდობლივია XVIII ს-ის ნაგებობებისთვის. (ილ. 21, 22)
2021
22
ქვედა მკლავის სარდაფი საცხოვრებელი სართულისგან განსხვავებით, ქუჩის გასწვრივ, აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე ვითარდება, შენობის ფარგლებს სცდება და ეზოს ქვეშ ვრცელდება. ის საბჯენ თაღებზე დაყრდნობილ, ცილინდრულკამარიან დიდ სადგომს შეიცავს, რომელიც შეულესავი აგურის წყობის სიზუსტით გამოირჩევა. (ილ. 23) სარდაფების მსგავსი სტრუქტურა XIX ს-ის დასაწყისში ხშირად გვხვდება, თუმცა აქ გამომჟღავნებული თავისებურებები - დღევანდელი მიწის დონესთან შედარებით გამოკვეთილად ღრმად ჩაძირული სარდაფის სივრცე, ნიშების საფეხუროვანი მოხაზულობა, საცხოვრებელი სართულის ღერძიდან აცდენა და სქელ კედელში გაჭრილი სარკმლების წირთხლებით შექმნილი „გვირაბივით“ ხვრელები, - მის შედარებით ადრეულობაზე მიანიშნებს. მშენებლობის რიგითობის დადგენის საშუალებას იძლევა ჩრდილოეთით განთავსებული დედაბოძიანი მცირე სადგომიც, რომლის შიდა სივრცე, მიუხედავად ძლიერი დაზიანებისა, მთელი რიგი ნიშნებით მის XVIII ს-ის კუთვნილებაზე მიუთითებს. (ილ. 24) ამ სადგომის დედაბოძზე გადებული თავხე და ბუღაურის ერთი ბოლო, მოგვიანებით აგებული კამარიანი სარდაფის გვერდით კედელში ჩაუშენებიათ. სარდაფების მთელი ეს სისტემა ცხადად აჩვენებს მშენებლობის რიგითობას, რომელიც, სავარაუდოდ, XVIII ს-ის სხვადასხვა ათწლეულს მოიცავს და ათვალსაჩინოებს ყოველ ახალ სამშენებლო ეტაპზე ძველის შენარჩუნებისა და ახალ სტრუქტურაში ჩართვის თბილისურ ტრადიციას.
2324
დავუბრუნდეთ შენობის ადგილმდებარეობას, რომელიც ისტორიული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, სოლოლაკის ქედზე გამავალი შუა საუკუნეების გალავანი შაჰისტახტთან მკვეთრად იცვლიდა მიმართულებას, ეშვებოდა ფერდზე და შ. დადიანის ქუჩის ფარგლებში დასავლეთიდან შემოზღუდავდა ქალაქს. დღეს ეს ქუჩა პირობით საზღვრად გვევლინება ძველ ქალაქსა და XIX ს-ის II ნახევარში გაშენებულ სოლოლაკს შორის. ქალაქის ზღუდეს ამ ტერიტორიაზე აჩვენებს ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის და, ასევე, 1800-იანი წლების თბილისის გეგმები. ვანტანგ ბერიძე შენიშნავს, რომ სოლოლაკის ქედიდან გალავანი დადიანის ქუჩას უერთდებოდავ. ბერიძე, XVIII ს-ის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით, ანალები I, თბ., 1947, გვ.131.
შენობის კუთხის ოთახის სიმრგვალე აქ გამავალი გალავნის თანმხლები გოდოლ-ბურჯებიდან ერთ-ერთის გამოყენებაზე უნდა მიგვანიშნებდეს. ძნელია იმის განსაზღვრა, ზუსტად რა ნაწილში ემთხვეოდა შ. დადიანის ქუჩის ხაზი შუა საუკუნეების ქალაქის ზღუდის ხაზს, თუმცა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში მისი ადგილმდებარეობა რეაბილიტაციისშ. დადიანის ქ. #34 ძეგლის რესტავრაციის პროექტი დაამუშავა იკომოს საქართველოს სპეციალისტთა ჯგუფმა, მთ. არქიტექტორი მ. ბოჭოიძე; სარეაბილტაციო სამუშაოები შ. დადიანის ქ. #32 დაქ. #34 სახლებზე განხორციელდა თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2016 წელს.პროცესში დადიანის ქ. #32 სახლის ქვეშ გამოვლენილმა ქვით ნაშენმა მძლავრმა კედელმა დააზუსტა. ეს კედელი სწორედ #34 ნაგებობის ძირს ებჯინება ისე, რომ სიმრგვალე მის გარეთ ყვება და ესეც ამყარებს კუთხის მრგვალი ოთახის ბურჯთან დაკავშირების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას. რაც შეეხება მცირე ზომას, მასთან დაკავშირებულ ეჭვებს ერთგვარად აქარწყლებს 1800 და 1809 წლების გეგმებზე ამ ადგილას აღნიშნული მცირე ზომის ორი რკალი, რომელთა შორის ჩადის სწორედ დღევანდელი ლ. ასათიანის წინამორბედი (ყოფ. კოჯრის, ბებუთოვის) ქუჩა. (ილ. 25) ეს სავარაუდოს ხდის გალავნის მძლავრ გოდოლებთან ერთად, ამ ნაწილში მცირე ზომის, შედარებით გვიანი ხანის ბურჯების არსებობას.
25
გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით საინტერესო ჩანს უცნობი ქართველი მღვდლის მიერ XVIII ს-ის 40-იან წლებში შედგენილი სამწყსოს აღწერილობა, სადაც აღნიშნულია: „ქვემო უბანი რაც არის, სულ მთლად ყარა მდივნის სასახლიდამ დაჭერილი ის გალავნის გამოტანება ...“.დოკუმენტები თბილისის ისტორიისთვის (XVII-XVIII სს.), წ. I, შეადგ. ნ. ბერძენიშვილმა და მ. ბერძნიშვილი, თბ., 1962, საბ. #188, გვ. 224-225 მამისა ბერძნიშვილი ამ ჩანაწერს განმარტავს: „საბუთი უბნების ჩამოთვლას დასავლეთიდან იწყებს, ე. ი. უბნის იმ მხრიდან, რომელიც ყველაზე ახლოა დღევანდელ ველიამინოვის (დღევანდელი შ. დადიანის - მ. ს.) ქუჩასთან და მაშინდელ ქალაქის გალავანთან. უკიდურესი პუნქტი ამ მხრივ ყარა მდივნის სასახლეა. ეს სასახლე ქალაქის გალავანთან მდგარა”.მ. ბერძნიშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965, გვ. 28
რუკების მონაცემების, აღნიშნული დოკუმენტის და ქალაქის გალავანთან უკიდურესი სიახლოვის გათვალისწინებით, სახლი #34/17 ბურჯზე დაშენებულ ყარა მდივნის სასახლის ნაწილად შეიძლება მიგვეჩნია. მსგავსი გადაწყვეტის თვალსაჩინო ნიმუში არის ისტორიულ ისანში გალავნის დიდ ბურჯზე დაშენებული დარეჯან დედოფლის XVIII ს-ის 70-იანი წლების სასახლე.მ. მანია, ფერისცვალების მონასტრის კომპლექსი „მეტეხის გორაზე“, საქართველოს სიძველენი, 9, თბ., 2006, გვ. 136ამ პერიოდის საცხოვრებლად გამოყენებული მრგვალი კოშკის ნიმუშები თბილისს გარეთაც ცნობილია: თუშმალიშვილების კოშკი მარტყოფში, კორდის კოშკი და სხვ.ვ. ბერიძე, XVII-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. I, 1983, გვ.196საგულისხმოა, ამ ხუროთმოძღვრული თემის შემოქმედებითი გადამუშავება XIX ს-ის თბილისის ურბანულ მემკვიდრეობაშიც: ე. ნინოშვილისა და გ. მაზნიაშვილის ქქ.-ის კუთხის #1/18, მ. ჯავახიშვილისა და გ. მაზნიაშვილის ქქ.-ის კუთხის #12/52, საიათნოვას ქ. # 12 სახლებში. (ილ. 26, 27)
2627
რაც შეეხება შ. დადიანისა და ლ. ასათიანის ქუჩების კუთხის #34/17 სახლის ზედა მკლავის XVIII ს-ით დათარიღებას, ამასთან სრულ თანხმობაში ჩანდა კუთხის მრგვალი ოთახის მძლავრი კედლები და მისი მოსაზღვრე ოთახების ქვეშ დაცული სარდაფის სამშენებლო ფენები, თუმცა, ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა დამატებითმა მონაცემებმა; დადასტურდა, რომ აღნიშნული თარიღი შენობის მხოლოდ ძირზე არ ვრცელდება. რეაბილიტაციის პროცესში ნალესობის ჩამოხსნისას გამოვლინდა კედლის სისქეში გამართული ბანზე ასასვლელი შიდა კიბე, თვით ბანის მოსაწყობად გამოყენებული მძლავრი კოჭების სისტემა, ღიობების თავდაპირველი სწორკუთხა მოხაზულობა, კედლებში დატანებული ჰორიზონტული ძელები, ქვისა და აგურის შერეული წყობა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. (ილ. 28, 29, 30) ყოველივე ამან ცხადი გახადა, რომ შენობის XIX ს-ის შუა წლებში ჩამოყალიბებული არქიტექტურულ-მხატვრული სახე, ზედა სართულის თაღოვანი ღიობები და აივნების დეკორატიული დამუშავება მხოლოდ გარეგნულ სამოსელს წარმოადგენს, რომელიც ფარავს მთელი სისრულით მოღწეული XVIII ს-ის შენობის ხუროთმოძღვრულ სხეულს. (ილ. 31)
2829
3031
მოკლედ შევჩერდები ლ. გუდიაშვილის მოედნის სამხრეთიდან შემომსაზღვრავ, ბ. ახოსპირელის ქუჩასა და გასასვლელს შორის მოქცეულ №2/7 და №7/3 შენობებზე, რომლებიც განსაკუთრებული მრავალშრიანობით გამოირჩევა.რესტავრაცია განახორციელდა იკომოსის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ დამუშავებული პროექტით: მთ. არქიტ. მ.ბოჭოიძე, არქიტ.-რესტ. ლ. ბოკუჩავა, ლ. შარტავა, ხელოვნებათმცოდნე მ. სურამელაშვილი (ილ. 32) როგორც სახლის მიწისზედა ნაწილის რთული აგებულება, სადაც ჩანს საცხოვრებელი სართულების თანდათან დამატება XIX ს-ის შუა წლებიდან XX ს-ის დამდეგამდე, ისე, ორდონიანი სარდაფი XVII-XVIII სს-ის სხვადასხვა დანიშნულების სადგომთა ფრაგმენტებით; ამასთან ერთად, ეზოს ტერიტორიაზე მიწის საფარს ქვეშ მოქცეული XVII ს-ის ნაწილობრივ გამოვლენილი შენობა, ადგილის განაშენიანების ისტორიის საინტერესო, უცნობ ფურცლებს შლის და ნათლად აჩვენებს, როგორი აქტიური ცხოვრება ჩქეფდა ამჟამინდელი ლ. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალში წინა საუკუნეების მანძილზე. (ილ. 33, 34, 35)
3233
3435
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და შერჩეულ თემასთან მეტადაა დაკავშირებული, № 2/7 შენობის პირველ სართულზე, ერთიანად ახალი აგურით ნაშენ ყოფილი ბიბლიოთეკის ფართში, ფიზიკურად მოღწეული ძველი აგურით ნაშენი ერთი კედლის არსებობა. საარქივო ფოტოებისა და ნაგებობაში შემორჩენილი სამშენებლო ფენების გაანალიზებით, ცვლილებების ამგვარი ქრონოლოგიური სურათი იკვეთება: ჩვენთვის საინტერესო № 7/3 და № 2/7 საცხოვრებელი სახლების ერთ ხაზზე გათანაბრება მოგვიანებით, XX ს-ის დასაწყისში მომხდარა; (ილ. 36) მანამდე კი, № 7/3 სახლი, ორი სართულის სიმაღლით, კარგა ხანს მარტო მდგარა. ამას გვაჩვენებს ორი სახლის სართულიანობის სხვაობა საარქივო ფოტოპანორამებზე მაშინაც კი, როცა 1905 წელს აგებული ბ. ახოსპირელის ქ. №3 გუმბათიანი სახლი აქ უკვე აშენებული ყოფილა. (ილ. 37, 38) მხოლოდ ამის შემდგომ, სავარაუდოდ, 1910-იან წლებში უნდა განხორციელებულიყო კლასიცისტურ-ბაროკული მოტივების თავშეკავებული მორთულობით და ამ დროისთვის დამახასიათებელი მოდერნის სტილის აივნის მოაჯირებით გაფორმებული № 7/2 ნაგებობის აშენება (მრგვალსარკმლებიანი მანსარდის სართული კიდევ უფრო გვიან არის დაშენებული). (ილ. 39) სამწუხაროდ, № 7/2 შენობის ადგილას ასე გვიანობამდე მოღწეული ნაგებობის გარეგანი გადაწყვეტის შესახებ არაფრის თქმა შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ეს ძველი სახლი ერთსართულიანი უნდა ყოფილიყო. 2019 წელს, რეაბილიტაციის პროცესში, პირველი სართულის ფართში ტიხრებისა და ნალესობის მოხსნის შემდეგ გამოვლინდა აღმოსავლეთით განთავსებული ძველი აგურით ნაშენი შეისრულთაღოვანი, ხის სარტყლებით სამ იარუსად დაყოფილი ნიშების მწკრივით მხატვრულად დამუშავებული, სავარაუდოდ, XVIII ს-ის კედელი, რომელიც სწორედ იმ ძველი სახლიდან უნდა იყოს მოღწეული. XX ს-ის მშენებლობის დროს ამ კედლის სრული სიმაღლით შენარჩუნება და მისი ოსტატურად ჩართვა დიდ დარბაზში, სიძველის შენარჩუნების ჯერ კიდევ ცოცხალი თბილისური ტრადიციის მეტად საგულისხმო ნიმუშად გვევლინება. (ილ. 40) სისტემატური მეთვალყურეობისა და მშენებლებთან სპეციალისტების მუდმივი კომუნიკაციის შედეგად, მეთოდოლოგიის შეძლებისდაგვარად დაცვით, შესაძლებელი გახდა რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილი ამ საყურადღებო ძველი კედლის შენარჩუნება: გაიხსნა ამოშენებული სამნაწილიანი ნიშები, გაუქმდა და ამოშენდა უხეშად გაჭრილი გვიანი კარი, მოხდა აგურის წყობის ნაკერების დამუშავება. (ილ. 41)
3637
3839
4041
კიდევ ერთი, სამეცნიერო ლიტერატურისთვის უცნობი სიძველე გამოვლინდა XIX ს-ის შუა წლებიდან მის მიწურულამდე აგებული შენობებისგან შემდგარ, რთული სტრუქტურის მქონე გ. აბესაძის ქ. №21 საცხოვრებელი სახლის ქვეშ. (ილ. 42)
42
ეს გახლავთ მიწაში ღრმად ჩამჯდარი, XVII ს-ის ორსადგომიანი სარდაფი, რომელიც შეკრულ მთლიანობას ქმნის. (ილ. 43) გრძელი კიბით ვხვდებით საბჯენთაღიანი შეისრული კამარით გადახურულ გრძელ და ვრცელ დარბაზში, რომლის შეულესავი აგურის კედლებში განაწილებულია სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის ნიშები, რომელთაგან დიდ ნიშებს ძირში, იატაკთან ახლოს, მოზრდილი რიყის ქვის რიგები გასდევს. ამ ვრცელი დარბაზის აღმოსავლეთ კედელში, აღნიშნული შესასვლელი კარის ორივე მხარეს დატანებულია შიგნითკენ გაფართოებულწირთხლებიანი, საფეხუროვანი დასრულების მქონე ორი სარკმელი; ეზოს მხარეს გამომავალი ეს ღიობები დღეისთვის, დონის აწევის გამო მიწის ქვეშ არის მოქცეული. (ილ. 44, 45)
4344
45
ამავე კედლის სამხრეთ კუთხესთან არსებული კარი კვადრატული გეგმის, სამცენტრიანთაღოვანი შეკრული კამარით დასრულებულ პატარა ოთახს უკავშირდება, რომლის იატაკის დონე 1 მეტრზე უფრო ღრმად ეშვება ქვემოთ. (ილ. 46-50) შიგნით ჩასასვლელად მოწყობილი კიბეები დღეისთვის დეფორმირებულია. იატაკის შუაგულში წრიული აუზისებრი ჩაღრმავებაა, ხოლო ზემოთ, შეკრული კამარის ცენტრში, თავის დროზე ფართოდ გავრცელებული ერდოს ჩვენამდე საღად მოღწეული გამონაკლისი ნიმუშია შემორჩენილი. ოთახის კედლები ორ იარუსად განლაგებული ნიშებით არის დამუშავებული, რაც ძაღინას, ახალგორის და თელავის სასახლეების კვადრატულ ოთახებთან მსგავსებას ამჟღავნებს.
4647
4849
50
რეაბილიტაციის დაწყებისთანავე, კომპანიამ, რომელიც თანამედროვე მშენებლობაშია გაწაფული, სარდაფის შენარჩუნების პირობად წამოაყენა მის ზემოთ არსებული საცხოვრებელი სართულების დემონტაჟი. (ილ. 51) პირველი სართულის წინა კედლის მოშლისას გამოჩნდა აგურის წყობაში მოქცეული მძლავრი, ოთხკუთხა სვეტები, რომლებსაც XIX ს-ის შუა წლების სახლის საფასადო კედლის წყობაში ჩატანებისას, შემაკავშირებელ ხსნართან შეჭიდულობის გასაძლიერებლად, სპეციალურად ჰქონდა დაზიანებული ზედაპირი; მიუხედავად ამისა, სვეტებს კარგად ემჩნევა ლილვისებურად გამოყვანილი კუთხეები და იარუსებად განლაგებული ნაზოლით (фаска) დამუშავებული შუა ნაწილი, რაც ნათლად ააშკარავებს მათ თავდაპირველ საფასადო, კონსტრუქციულ-მხატვრულ დანიშნულებას. (ილ. 52) სავარაუდოდ, ეს სვეტები XVII ს-ის საცხოვრებლიდან XIX ს-ის სახლის აშენებამდე გარდამავალ პერიოდში არსებული XVIII ს-ის საცხოვრებლის ღია აივანს ეკუთვნოდა; ამავე სართულის ნალესობის მოხსნისას გამოვლენილი ნიშებიანი და ჰორიზონტული ხის სარტყლებით დამუშავებული კედლებიც ამ შუალედური სახლიდან ჩანს შემორჩენილი. (ილ. 53) როგორც XVII ს-ის სარდაფის დიდი დარბაზის მრავალფეროვანი ნიშებით აღჭურვილი ინტერიერის და მისი თანმხლები ერდოიანი, ორ იარუსად განლაგებულნიშებიანი მცირე სადგომის შიდა სივრცის გადაწყვეტა, ასევე, მის ზემოთ, სავარაუდოდ, XVIII ს-ის (შესაძლოა, მიწურულის) საცხოვრებლიდან შემორჩენილი მძლავრი სვეტები და ნიშებიანი კედლები საგულისხმოს ხდის, რომ ეს ნაგებობები წარჩინებული, დიდგვაროვანი მოქალაქის საცხოვრებელს წარმოადგენდა.
5152
53
ვფიქრობ, თბილისის ძველ უბნებში შენობათა ქვედა სართულებში შემალულ გვიანი შუა საუკუნეების სტრუქტურების სიმრავლესთან ერთად, სრულიად აშკარაა სხვადასხვა მიზეზთა გამო თვალისთვის დაფარული მიწის ზემოთ მდგარი ძველი სახლების არსებობაც. ამის ჩვენება იმ ნიმუშებზე დაყრდნობით ვცადე, რომლებსაც მე ვიცნობ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მასალისა, რასაც ჩვენი კოლეგებიც ფლობენ, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ თბილისის ურბანულ მემკვიდრეობაში გვიანი შუა საუკუნეები მხოლოდ ფრაგმენტების სახით კი არ არის შემორჩენილი, არამედ, ჩვენამდე რეალურად მოღწეული არქიტექტურული ნაგებობებითაც, რომელთა გადარჩენა ყოველდღიურად დიდ სირთულეებს აწყდება, ხშირად, მათი დაკარგვის მოწმენი ვხდებით, უარეს შემთხვევაში კი ვერც კი ვიგებთ ამის შესახებ.
დღემდე შემორჩენილი თბილისის ურბანული სიძველეები საცხოვრებელი არქიტექტურის გენეზისის თვალის გადევნების საშუალებას იძლევა. გვიანი შუა საუკუნეების ნაგებობათა ყოველი ცალკეული ნიმუშის გამოვლენას, ზოგჯერ, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ ჰყოფნის და სწორედ ფიზიკური სამუშაოების განხორციელებისას ხდება ეს შესაძლებელი. გადარჩენა კი მუდმივ ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნას და დაძაბულობას ითხოვს, რაც სფეროს სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს და აუცილებლად საჭიროებს უფრო ქმედითი დამცავი მექანიზმების ამუშავებას. სიძველეთა დაცვის აუცილებლობის საკითხი ისტორიულ, კულტურულ და მეცნიერულ ინტერესს სცდება და ქალაქის გრძელვადიანი ტურისტული და ეკონომიკური რესურსის მნიშვნელობასაც იძენს.

ნანახია: 4402-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani