Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისი, თავისუფლების მოედანი XXI საუკუნეში

There are no translations available.

ციცინო ჩაჩხუნაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


წინამდებარე სტატია ჩაფიქრებულია, როგორც გაგრძელება ოცი წლის გამოქვეყნებული პუბლიკაციისა, რომლის შეკითხვის სახით დასმული სათაური _ თავისუფლების მოედანი, რა დაიკარგა, რას შევიძენთ? - მოითხოვს მომდევნო პერიოდის ცვლილებების შეფასებასაც. თუმცა, 1990 - იან წლების დასასრულს ჩვენი წუხილის საგანს ისევ 1991-1992 წწ. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანებული შენობების ბუნდოვანი მომავალი წარმოადგენდა. თავიდან, თითქოს, არაფერი მოასწავებდა მოვლენების ცუდად განვითარებას: შემუშავდა ომის დროს დაზარალებული უბნების აღდგენა-რეკონსტრუქციის კონცეფცია, ჩატარდა კონკურსი, ავარიული ნაგებობები აიზომა, მოძიებულ იქნა საარქივო მასალა, გამოიკვეთა შენობების აღდგენის და მომავალი გამოყენების პერსპექტივა, მაგრამ შემდეგ, რეალურად პროცესები სხვაგვარად წარიმართა.
ზემოთხსენებული პუბლიკაციის პირველივე აბზაცში, რომელიც კრებულის რედაქტორმა დიმიტრი თუმანიშვილმა წაუმძღვარა გამოსაქვეყნებლად მომზადებულ ტექსტს, კარგად იგრძნობა ამ მოვლენასთან დაკავშირებული შეშფოთება: „ყველას ჯერაც მწარედ გვახსოვს 1991-1992 წწ. მიჯნაზე, თბილისში დატრიალებული ამბები. არც ის დაგვიწყებია, საომარი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ დამეხილებივით რომ შევყურებდით გადაბუგულ შენობებს და უბნებს. მათ შორის თავისუფლების მოედნის მთელი ერთი მხარეც იყო და, ბუნებრივია, მათი სამომავლო ბედიც შეიქნა გადასაწყვეტი. საბოლოოდ, მათი მეტი ნაწილი, უიმედო დაზიანების მომიზეზებით, დაანგრიეს.“თავისუფლების მოედანი, რა დაიკარგა, რას შევიძენთ? ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიის არაპერიოდული გამოცემა, „ილიაზდი“, N1/01, 1999, გვ. 36
შემდგომ პერიოდში მოედნის არქიტექტურამ კიდევ უფრო დიდი ცვლილებები განიცადა, რის შესახებაც მრავალი შენიშვნა თუ გამოკვლევა დაიბეჭდა, მაგრამ თუ 1991-1992 წლების მოვლენებს დავუბრუნდებით და მოკლედ შევაფასებთ თავისუფლების მოედანზე იმ დროს დანგრეულ ნაგებობებს, შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი ტრადიციული თბილისური სახლის ევოლუციის გარკვეული ეტაპისთვის დამახასიათებელი გეგმარებით ხასიათდებოდა, ხოლო აკადემიურ და პროფესიულ დონეზე შესრულებული ფასადები მაღალ სამშენებლო ოსტატობაზე მიანიშნებდა.საბჭოთა პერიოდში თავისუფლების მოედნის ეს მხარე საკმაოდ ხალხმრავალი იყო. უფრო ადრე ამ შენობებში განთავსებული იყო თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო ,,კავკაზი“. 1890-იან წლებში მის გვერდზე მდებარე ორსართულიან შენობაში თავის საქმიანობას ეწეოდა თბილისის საკრედიტო საზოგადოება, 1897-1905 წწ. მის პირველ სართულზე მოთავსებული იყო გაზეთ კავკაზის, რედაქცია, ეზოში _პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნო. თავისუფლების მოედნის დასავლეთ მხარეს ასრულებდა სასტუმრო ,,ინტერნაციონალის“ შენობა, რომელმაც ამ სახელწოდებით XX ს-ის 30-იან წლებამდე იარსება. ეზოს სიღრმეში იდგა მოდერნის სტილის ერთ-ერთი უადრესი შენობა თბილისში. ყოფილი სასტუმრო „კავკაზის“ სწორკუთხა მოხაზულობის შიდა ეზოში, შენობის მეორე და მესამე სართულს უწყვეტად შემოუყვებოდა აივნები. მოედნის მხარეს ორ რიგად განლაგებულ ოროთახიან ნომრებს ერთმანეთისაგან გამოჰყოფდა გამანაწილებელი დერეფანი. ეზოს მხარეს ერთ რიგად ჩამწკრივებული ნომრები ერთმანეთისაგან ყრუ კედლით იყო გამიჯნული, რომლებსაც შესასვლელი მხოლოდ აივნიდან ჰქონდა. შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო რესტორანი და ავტოფარეხი. გ. ლეონიძის ქუჩის კუთხეში მდგარმა ყოფილმა სასტუმრო „ინტერნაციონალმა“ ამ სახელწოდებით XX ს-ის 30-იან წლებამდე იარსება. ამ ოთხსართულიანი შენობის ძირითადი მოცულობა მოქცეული იყო ახლანდელ გ. ლეონიძის ქუჩაზე და მცირე ნაწილით გამოდიოდა თავისუფლების მოედანზე. ეს უკანასკნელი ეზოს სიღრმეში გრძელდებოდა დამოუკიდებელი ფრთის სახით. ნაგებობის სამ სართულს ეზოს მხარეს უწყვეტად უვლიდა აივნები. სიღრმეში იდგა 1903 წელს აგებული მოდერნის სტილის ერთ-ერთი ადრეული ნაგებობა თბილისში.XXI საუკუნის დასაწყისში უკვე შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დაინგრა ძველი და აშენდა ახალი შენობები, რომელთა ზომა-წონის უარყოფითი ზემოქმედება ვერ დაიტია მოედანმა და ჩაითრია არა მარტო მიმდებარე ქუჩები, არამედ, ქალაქის მარცხენა სანაპიროდან გაშლილი ძველი თბილისის ქრესტომათიული ხედები შელახა (ილ. 1, 2, 3, 4). ამ პროცესის პარალელურად, ქალაქის ძველ უბნებში მიმდინარეობდა, და ახლაც გრძელდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათი ხარისხის შესახებ ამჟამად ყურადღებას არ გავამახვილებ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თბილისში არქიტექტურის ნგრევა-რეაბილიტაციის დღევანდელი ვითარება ძალიან წააგავს 1930-იანი წლების „სოციალისტური რეკონსტრუქციის“ დროს შექმნილ მდგომარეობას, როდესაც, ერთი მხრივ, ინგრეოდა ქალაქის ჩამოყალიბებული ურბანული განაშენიანების დომინანტური ნაგებობები და ადგილები, ხოლო, მეორე მხრივ, სამთავრობო სტრუქტურები ამტკიცებდნენ გადაწყვეტილებებს ქალაქის ძველი უბნების დაცვის შესახებ. ამ საკითხის უფრო ფართოდ განსახილველად, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა გადავავლოთ თვალი მოედნის ჩამოყალიბების ისტორიას.
0102
0304
თავისუფლების მოედნის აქტიური განაშენიანება, ძირითადად, XIX საუკუნის პირველი ათეული წლებიდან დაიწყო და ძალიან სწრაფად, ამავე საუკუნის შუა ხანებში, ის უკვე რეგიონის მთავარი ქალაქის ცენტრად იქცა. თუმცა, როგორც ცნობილია, მოედნის კონტურები გაცილებით ადრე გამოიკვეთა. ქალაქის ამ მიმართულებით ზრდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეების თბილისის განვითარებამ განაპირობა.ვ. ბერიძე, თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წწ., თბ., 1960, გვ. 13, 22, 30.
თავისუფლების მოედნის ჩამოყალიბებას ისეთივე საფუძველი ჰქონდა, როგორც ახალი უბნის წარმოქმნას შუა საუკუნეების თბილისში, რასაც ქალაქის პოტენციური ზრდის მიმართულებით არსებული ისტორიული გზების სისტემაც განაპირობებდაგ. ბერიძე, გეგმარებითი ტრადიციები XIXს. თბილისის ქალაქთმშენებლობაში, ქართული ხელოვნება, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხლოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ელექტრონული ჟურნალი, სერია B, თბ., 1991, გვ. 90.შუა საუკუნეების თბილისის ზღუდის მიმდებარე და მის მთავარ კარიბჭესთან მომდგარი თავისუფლების მოედნის ტერიტორია მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზების გადაკვეთის ადგილს წარმოადგენდა, რაც ადრიდანვე განაპირობებდა სავაჭრო და საცხოვრებელი ნაგებობების აქ გაჩენას. ახლანდელი თავისუფლების მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩების შესაყართან არსებულ კოჯრის კარიდან ქალაქში შესასვლელი ერთადერთი ქუჩა იყო, რომელსაც საბუთები მოიხსენიებენ, როგორც „დიდ ქუჩას“, „ფართე ქუჩას“.მ. ბერძნიშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965, გვ. 23.როდესაც ქალაქი ზღუდეს გასცდა, აქ უკვე არსებობდა ნაგებობები, რომლებზეც „დაფუძდა“ ახალი გეგმარება.
XIX ს-ის 80-იან წლებამდე ახლანდელი მოედნის ადგილზე დიდი ბაზრობა იმართებოდა, მაგრამ მის ცენტრში თეატრის აგების შემდეგ, ბაზრობამ ჯერ ახლანდელი პუშკინის სკვერთან გადაინაცვლა, ხოლო 1885 წლიდან _ ვერაზე გადაიტანეს. ქალაქის გალავანთან და ბაზრობის სიახლოვეს სავაჭრო და საცხოვრებელი შენობების არსებობაც საგულისხმოა. ცნობილია, რომ ქარვასლები იდგა ახლანდელ საკრებულოს და ხელოვნების მუზეუმის შენობების ადგილზე. ბატონიშვილი ვახუშტის 1735 წ. შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დაახლოებით იმ ადგილზე, სადაც ახლა საკრებულოს შენობა დგას, მდებარეობდა „ბეჟანას ქარვასლა“იქვე, გვ. 45.პლატონ იოსელიანის გადმოცემით, თავისუფლების მოედნის ჩრდილოეთ მხარეს, ახლანდელი ხელოვნების მუზეუმის ადგილზე იდგა მეფე ლეონის კუთვნილი XVII ს-ის დასასრულის ქარვასლა, რომელიც 1724 წელს თურქებმა დაანგრიეს. П. Иосселиани, Описание древностей города Тифлиса, Тифл., 1866, გვ. 262.რაც შეეხება სხვა ნაგებობებს, უნდა ვიფიქროთ, რომ მოედნის აღმოსავლეთ მხარეს გაყოლებული, გალავნის გარე კედლებზე მიკრული იქნებოდა შენობები, რომლებიც ზღუდის მოშლის შემდეგ (XIX ს-ის შუა წლები) ახლით შეცვალეს.
1992 წელს, თავისუფლების მოედანის დასავლეთ მხარეს არსებული შენობის (თავისუფლების მოედანი #4) სარდაფში წარმოებული მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა გეგმაში სწორკუთხა მოხაზულობის ღრმანიშებიანი სათავსი, რომელიც წრიულ, ასევე ნიშებიან მოცულობას უკავშირდებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბატონიშვილი ვახუშტის მიერ შედგენილ თბილისის გეგმაზე დაახლოებით ამ ადგილზე მინიშნებულია „ბაღები მამასახლისისა“, ხოლო 1828 წლის თბილისის გეგმაზე _ ,,თავად მამასახლისოვის სასახლე“, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახლანდელი გ. ლეონიძის და თავისუფლების მოედნის შეყრის ადგილზე იდგა მამასახლისის სასახლე და 1992 წელს აღმოჩენილი მიწაში ჩაფლული ნაგებობის ნაშთი ამ სასახლის ნაწილი იყოთავის დროზე, ეს მოსაზრება გაგვიზიარა ქ-ნმა მამისა ბერძნიშვილმა.თავისუფლების მოედანი #2 შენობის დანგრევის და ტერიტორიის გაწმენდის დროს აღმოჩნდა, რომ სახლი აგებული იყო ამ ადგილზე ადრე არსებული ნაგებობის ნაშთზე. ეს უკანასკნელი წარმოადგენდა აგურით ნაგებ, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილ მოცულობას, რომელსაც, სავარაუდოდ, სფერული გადახურვა ჰქონდა. 1992 წელს მოხდა ამ არქიტეტურული ფრაგმენტების გრაფიკული ფიქსაცია, რომელიც ახლა პირად არქივებში უნდა ინახებოდეს.
ზემოთ აღნიშნული მოკლე მიმოხილვა გვაფიქრებინებს, რომ ახლანდელი თავისუფლების მოედნის ტერიტორიის განაშენიანება შუა საუკუნეებშივე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას შუაზე კვეთდა ხევი, რომელიც, საკუთრივ მოედანზე მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში ამოავსეს, მაგრამ სოლოლაკის სათავიდან მოყოლებული მოედნამდე ჯერ კიდევ ღია იყო და საშინელი ადიდება იცოდა.გაზეთი კავკაზი (1850, #192) გვამცნობს: „თბილისში მოვიდა კოკისპირული წვიმა, წყალმა სოლოლაკში მოიტაცა ძროხა, გაატარა ერევნის მოედნის ქვეშ გაყვანილ უზარმაზარ ხვრელში და ჩაიტანა მუხრანის ხევთან.“ XIX საუკუნის შუა წლებიდან თავისუფლების მოედნის არქიტექტურული და სივრცული გარემოს ჩამოყალიბება ქალაქგეგმარებითი პრინციპებით მიმდინარეობდა, რაც არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის სახელს უკავშიედება. 1847-1851 წწ-ში მისი პროექტით მიმდინარეობდა საოპერო თეატრის და ქარვასლის მშენებლობა, ხოლო 1849 წელს დაიწყო პოლიციის შენობის აგება მოედნის სამხრეთ მხარეს.ნაგებობის ფასადი დროთა განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ მოედნის მხარეს მიმართული ფასადის მასათა განლაგება, ძირითადად, თავდაპირველი დარჩა.ბ-ნ თამაზ გერსამიას ბოლოდროინდელი გამოკვლევის მიხედვით, ამ ნაგებობათა სიმაღლე არქიტექტორმა შეუფარდა სოლოლაკის ქედის კონტურს, ხოლო „მოედნის, ასე ვთქვათ, ღია ხასიათი განპირობებული იყო იმით, რომ ის პერსპექტიულად დაგანახებდათ ქალაქის ლანდშაფტის შორეულ წერტილებს, ე.ი. იმ ბუნებრივსა და არქიტექტურულ დომინანტებს, რომლებთანაც იგი ვიზუალურად და სივრცითაც იყო დაკავშირებული“.თ. გერსამია, ჯოვანი სკუდიერის ცხოვრება და მოღვაწეობა, სამეცნიერო კონფერენცია ჯოვანი სკუდიერი და საქართველო, 2 ნოემბერი, 2016, მოხსენებათა კრებული, თბ., 2017, გვ. 25.ეს არის ლანდშაფტის მოკლე, მაგრამ ძალზე ტევადი შეფასება, რომელიც კარგად ასახავს ამ ადგილის მთავარ ფასეულობას და რომელიც ახლა წაშლილია. მისი რღვევა 1930-იანი წლებიდან დაიწყო.
როგორც ცნობილია, XX საუკუნის 30-იანი წლები დიდი ცვლილებების პერიოდია თბილისის არქიტექტურის ისტორიაში. 1932-1934 წლებში შედგა ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ახალი ტერიტორიების ათვისებას და ქალაქის არსებული ნაწილის რეკონსტრუქიას.მ. კარბელაშვილი, ს. კინწურაშვილი, ნ. ჯანბერიძე, თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1958, გვ. 29.გარდა დედაქალაქისა, მუშავდებოდა საქართველოს სხვა მთავარი ქალაქების „სოციალისტური რეკონსტრუქციის გენერალური გეგმებიც“. თბილისის გენერალური გეგმის შესადგენად სპეციალისტები მოიწვიეს ხარკოვის „გიპროგრადიდან“. მათთან თანამშროლობდნენ ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორები ზ. ქურდიანი და გ. გოგავა. პროექტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქალაქის ცხოველხატული ბუნებრივი მონაცემები და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა უნიკალურ და მდიდარ რელიეფს, მაგრამ არქიტექტურულ-სივრცობლივი ორგანიზაციის მხრივ სწორად დასმული ეს საკითხები არ განხორციელდა.Н. Асатиани, Градостроительство советской грузии 30-х годов, ARS GEORGICA, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ელექტრონული ჟურნალი, სერია B, 1987, გვ. 44, 50. თ. გერსამიას მოსაზრებით, თბილისის გენგეგმის ხარვეზები განაპირობა პროექტის ხელმძღვანელ პოზიციაზე „გიპროგორის“ საპროქეტო ინსტიტუტის დაყენებამ.თ. გერსამია, არქიტექტორი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და გერმანული ურბანისტიკა, ARS GEORGICA, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ელექტრონული ჟურნალი, სერია B, 2018.თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდში შექმნილ ქალაქგეგმარებით პროექტებში თბილისის უნიკალურ რელიეფზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მაგრამ მისი გათვალისწინება არასოდეს მომხდარა.
1930-იან წლებში დამუშავებული გენგეგმის პროექტმა, მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, მოწონება დაიმსახურა, როგორც რესპუბლიკურ, ასევე, საკავშირო დონეზე. მისი მოქმედება 25-30 წელზე იყო გათლილი. პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქალაქის ცენტრის ჩამოყალიბებას. თბილისისთვის ასეთ ცენტრად მოიაზრებოდა თვისუფლების მოედანი. მაშინვე დაისვა საკითხი ცენტრში მდგარი ქარვასლის შენობის აღებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც.Н. Асатиани, დასახ. ნაშრ., გვ. 9-10, 24.თ. გერსამიას შეფასებით, მოედნის ცენტრში მდგარი ნაგებობის დანგრევის შემდეგ ჯ. სკუდიერის მიერ შექმნილი მოედნის სივრცით-არქიტექტურული კომპოზიცია მოიშალა. თ. გერსამია, ჯოვანი სკუდიერის ცხოვრება და მოღვაწეობა, გვ. 25.კიდევ უფრო რეაქციულ მომენტებს შეიცავდა შემდეგი გენერალური გეგმა, რომლის დამუშავება 1960 წელს დაიწყო და 1970 წელს დამტკიცდა.ნ. ასათიანი, ქართული ქალაქთმშენებლობითი პრობლემები 1960-1970 წლებში, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ელექტრონული ჟურნალი, სერია B, 2015.თავისუფლების მოედანთან დაკავშირებით პროექტში ნავარაუდევი იყო ახლანდელი საკრებულოს შენობის დანგრევა იმ მიზნით, რომ გახსნილიყო ხედი სოლოლაკის ქედისკენ. მართალია, ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა, მაგრამ შემდეგაც არ შეწყვეტილა ფიქრი თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქციის თაობაზე. თბილისისადმი მიძღვნილ 1950-60-იან წლებში გამოსულ გზამკვლევებსა თუ ბუკლეტებში მისი მოყვანილობის და არქიტექტურის შესახებ აღნიშნულია, რომ აუცილებელია თაივსუფლების მოედნის კონფიგურაციის „გამოსწორება“ და რეკონსტრუქცია. ამ შენიშვნების ავტორები ცნობილი არქიტექტორები იყვნენ.
1970-იან წლებში დიდი ყურადღება მიექცა თბილისის ძველი უბნების დაცვის და აღდგენის საქმეს. თუ ამ დრომდე მხოლოდ ცალკეული ძეგლებზე მიმდინარეობდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, 1970-იანი წლების შემდეგ რეკონსტრუქციამ მთელი უბნები მოიცვა.И. Цицишвили, реконструкция-регенерация старых районов городов Грузии, Тб., 1988, გვ. 10.1970-80-იან წლების რეკონსტრუქციები იმდროინდელ პუბლიკაციებში, ძირითადად, დადებითად შეფასდა. ხაზგასმით აღინიშნა აღდგენით სამუშაოებში ქალაქმშენებლობითი მომენტის წინ წამოწევა და რეკონსტრუქციის წარმოება ერთბაშად, ქალაქის დიდ უბნებზე.იქვე, გვ. 11; Т. Квирквелия, архитектура Тбилиси, გვ. 272-273.თუმცა, გამოიკვეთა ხარვეზები, რომლებიც სწრაფად განხორციელებულ დიდი მასშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშოებს ახლდა. ეს გამოიხატებოდა დაუსაბუთებელი, მოგონილი არქიტექტურული ფორმების და დეტალების ფართოდ გამოყენებაში, აივნების მიშენებაში ისეთ ადგილებში, სადაც ისინი არასოდეს ყოფილა, რაც იმ ფაქტორმაც გამოიწვია, რომ ძველი საცხოვრებელი სახლების დანგრევის შემდეგ ეზოს ფასადები ქუჩის მხარეს აღმოჩნდა. ყველაფერთან ერთად, ეს ნგრევის დიდ მასშტაბზეც მიანიშნებს.И. Цицишвили, დასახ. ნაშრ. გვ. 12-13.
აღნიშნულ სამუშაოებში ძალზე მოკრძალებული იყო ქართველ რესტავრატორთა როლი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ 1970-1980-იანი წლებში ძეგლთა დაცვითი პრინციპების გატარება მხოლოდ შუა საუკუნეების ნაგებობებისთვის იყო აუცილებელი. მაგალითისთვის მოვიყვანთ საკავშირო მნიშვნელობის ჟურნალში 1970-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც თ. გერსამია მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ თბილისის საოპერო თეატრის შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენსТ. Герсамия т. это тоже памятники. архитектура ссср, 1972, № 9, გვ. 26-28
ურბანული ძეგლების დაცვის საკითხი უფრო სერიოზულად მოგვიანებით დადგა, მაგრამ დიდი მხარდაჭერა არც ამ დროს მოჰყოლია. საამისოდ საკმარისია თავისუფლების მოედანზე 1991-1992 მიჯნაზე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დანგრეული და დაზიანებული შენობების მაგალითი. საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, თბილისში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზიანებული ისტორიული შენობები, როგორც ომის დროს დანგრეული ძეგლები, ექვემდებარებოდა აღდგენას. სამმართველოს სამეცნიერო საბჭოზე მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ არქიტექტორთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც დიმიტრი თუმანიშვილი აღნიშნავს, „...სახელიანი არქიტექტორები წუხილსა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ისინი ასე შეზღუდეს, რომ მათ არ შეუძლიათ სახე – უწინარესად მასშტაბი! – შეუცვალონ მოედანს“.დ. თუმანიშვილი, სად იწყება და სად მთავრდება ძველი თბილისი, ძველი ხელოვნება დღეს, # 2, 2011, გვ. 80.
საბოლოოდ, საბჭოს გადაწყვეტილება არ შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სათანადო საინჟინრო გამოკვლევა, ანაზომები და ფოტომასალა,საინჟინრო გამოკვლევა შეასრულეს კონსტრუქტორებმა: ო. ჭანტურიძემ, დ. დათუნაშვილი და გ. კობიძემ. დაზიანებული შენობების აზომვით სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: თ. აბრამიშვილი, ზ. მეღვინეთუხუცესი, ზ. სეხნიაშვილი, რ. ქართველიშვილი, მ. ურიდია, გ.ციციშვილი, რ. ცხადაძე, თ. გაბუნია, პ. ნუცუბიძე, ი. გამყრელიძე. პროექტში ჩართული ხელოვნებათმცოდნე _ ც. ჩაჩხუნაშვილი.„ძეგლთა დაცვის სამმართველოს რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული თავისუფლების მოედანზე, მხატვრის სახლის ტერიტორიაზე და დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენისას“ს. გაბადაძე, რუსთაველის პროსპექტის არქიტექტურულ-სივრცული და კომპოზოციური ფორმირების საკითხი, წარდგენილია არქიტექტურის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2014, გვ. 76.პროცესები იმგვარად წარიმართა, რომ მოხდა მოედნის დასავლეთ მხარეს არსებული ნაგებობების სრული დემონტაჟი, რის შემდეგაც გამოთავისუფლდა ადგილი ახალი მშენებლობისთვის. 1999 წელს ყოფილი სასტუმროების: „კავკაზი“, „ინტერნაციონალი“ და საკრედიტო საზოგადოების შენობის ადგილი „ქორთიარდ მარიოტის“ სასტუმრო კომპლექსმა დაიკავა (არქიტექტორები: ვ. ციცნცაძე, ზ. ისაკაძე, ზ. ფილიშვილი, ნ. სამადაშვილი, ნ. მანჯავიძე), რომელიც სამჯერ აღემატება ადრე აქ არსებული ნაგებობების სიმაღლეს. ამის შედეგად შეიცვალა მოედნის განაშენიანების მასშტაბი, დაიფარა სივრცის მაორგანიზებელი ხედი მთაწმინდისკენ. (ილ.5, 6)
0506
2012 წელს მოედნის აღმოსავლეთმა მხარემ იცვალა სახე (არქიტექტორები: ლ. მუშკუდიანი, გ. კიკნაძე). აქ არსებული შენობების უმეტესი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა, მაგრამ ძეგლთა დაცვითი პრინციპები არც აქ იქნა გათვალისწინებული. სართულიანობის მატებამ და არქიტექტურული დეტალების გაუაზრებლად დახვავებამ, რაც განსაკუთრებით კუთხის შენობას ეხება, ადგილის გაუცხოება გამოიწვია. 2001 წლამდე მოედნის კუთხეში იდგა 1870-იან წლებში აგებული (არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი) ყოფილი საქალაქო საკრედიტო საზოგადოების შენობა.მ. მანია, ევროპელი არქიტექტორები, თბილისში, თბ., 2008, გვ. 86.თავის დროზე მიღებული გადაწყეტილებით, თითქოს ეს ნაგებობაც უნდა აღდგენილიყო.
საბოლოოდ, მოედნის აღმოსავლეთ მხარეს „ ... მივიღეთ ერთგვარი ნეოკლასიცისტური ხასიათი, მონუმენტური, პოსტმოდერნისტული განაშენიანება. სტილისტურად ეს ხასიათი, ერთი მხრივ, ამ ადგილის მანამდე არსებული განაშენიანების გარეგნული სახითაა ნაკარნახევი, მეორე მხრივ, თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საუკუნეში განხორციელებული ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოებით.“მ. ძიძგური, მ. მესხი, პუშკინის ქუჩის რეაბილიტაციის შედეგები, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები, #7, თბ., 2017, გვ. 240. (ილ. 7)
0708
2016-2017 წლიდან მოედნის მუდმივად ცვალებადი არქიტექტურა ახალ ფაზაში გადავიდა, რაც დაკავშირებულია ყოფილი „ცეკავშირის“ 1971 წელს აგებული შენობის (არქიტექტორები გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა) დემონტაჟთან. მის ადგილზე დაიწყო სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ახალი დიდი პროექტის „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ შემადგენელს წარმოადგენს. ყოფილი „ცეკავშირის“ შენობა, თავისი სიმაღლით, არ აღემატებოდა მის გვერდით მდგარ, 1939 წელს აგებულ მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ სახლს (არქიტექტორები: მიხეილ მელია, არჩილ ქურდიანი, ს. ყუბანეიშვილი), რომელიც თავისუფლების მოედანზე გვერდითი ფასადით გამოდის, ხოლო ნაგებობის ეზოს ფასადი გადაჰყურებდა შიდა ეზოს. ახალი სასტუმროს შენობამ მთლიანად დაფარა ეზოს აივნები. 2016 წელს ჯერ კიდევ მოჩანდა სახლის ბინადართა მიერ სახელდახელოდ შესრულებული დიდი ზომის პლაკატები შემდეგი შინაარსის ტექსტებით: „ნუ გაგვწირავთ სამუდამო პატიმრობისთვის“. (ილ.9, 10, 11, 12)
0910
1112
პროექტის განხილვას სპეციალისტების უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მაგალითისთვის მოვიყვანთ მაია მანიას მოსაზრებას: „პანორამა თბილისის პროექტით გათვალისწინებული პროექტის განხორციელება ადგილის სრულ განადგურებას მოასწავებს. ის მიმდებარე შენობების მასშტაბისთვის შეუსაბამოდ დიდია. პროექტი მეგალომანიაკალურია“.მ. მანია, თბილისი უიღბლო ქალაქია, ლიბერალი, 18 თებერვალი 2015. როდესაც ნაგებობამ პროექტით გათვალისწინებულ სიმაღლეს მიაღწია, გამოჩნდა, რომ ფართომასშტაბიანი მშენებლობამ გამოიწვია უშუალოდ მის სიახლოვეს არსებული არქიტექტურული ძეგლების აღქმის გაუარესება, უარყოფითი გავლენას მოახდინა მიმდებარე ქუჩების სივრცით სტრუქტურაზე, მოიცვა მთაწმინდის კალთებისკენ მიმართული ახლო და შორი ხედები, მათ შორის _ მტკვრის მარცხენა სანაპიროდან. (ილ. 13, 14, 15)
1314
15
ცნობილია, რომ აქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვა მაღალპროფესიული საქმიანობაა და სვადასხვა დისცილპლინის სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს. ისიც ვიცით, რომ ამ პროცესის გრძელ ჯაჭვში, დაწყებული კვლევითი სამუშაოებიდან და დაგეგმვიდან ბოლო აგურის დადებამდე, აუცილებელია მემკვიდრეობის სფეროში დახელოვნებულ პროფესიონალების მოღვაწეობა. თუ ეს გრძელი ჯაჭვი სადმე წყდება, დგება უარყოფითი შედეგი. კარგად აწყობილი სისტემის შემთხვევაში დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია. ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ პროფესიონალთა ვიწრო წრის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოები უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული დიდი პროექტები, რომლებიც პროფესიონალთა მკვეთრ დეფიციტს განიცდის.
თუ დავუბრუნდებით თავისუფლების მოედნის პრობლემებს, შეიძლება შემდეგი დასკვნების ჩამოყალიბება:
• შუა საუკუნეებში თბილისის ზრდას განაპირობებდა მისი ბუნებრივი პირობები და გამორჩეული, ცხოველხატული რელიეფი, რაზეც მორგებული იყო ქალაქის განაშენიანება. თავისუფლების მოედნის განაშენიანება, რომელიც შუა საუკუნეებიდანვე ჩაისახა, დაექვემდებარა ამ ტრადიციას.
• XIX საუკუნეში წინა პლანზე წამოვიდა ქალაქგეგმარებითი პრინციპები, რომლებიც დაეყრდნო ძველ მემკვიდრეობას და შუა საუკუნეების ტრადიციული მიდგომა გაგრძელდა.
• 1930-იანი წლებიდან, ქალაქის გენგეგმების შემუშავების დროს, დაისვა საკითხი თბილისის ცხოველხატული რელიეფის გათვალისწინების თაობაზე, მაგრამ სწორად დასმული ეს საკითხი არ განხორციელდა და თავისუფლების მოედნის XIX საუკუნეში შექმნილი სივრცით-არქიტექტურული კომპოზიცია მოიშალა.
• 1991-1992 წლების „თბილისის ომის“ შემდეგ დანგრეული შენობების ნაცვლად
აგებულმა სასტუმრომ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, ხოლო „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობის შემდეგ შეილახა არა მარტო მოედნის, არამედ, ძველი თბილისის კულტურული ლანდშაფტი. ფართომასშტაბიანმა სამშენებლო სამუშაოებმა დაარღვია დედაქალაქის მთავარი მოედნის და მისი მიმდებარე ქუჩების ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახე, გასცდა მოედანს და შელახა ქალაქის მარცხენა სანაპიროდან გაშლილი თბილისის ძველი, ქრესტომათიული ხედი.
ოცი წლის წინ ასეთი შედეგის განჭვრეტა შეუძლებელი იყო. ზემოთაღნიშნული მცირე მიმოხილვით ჩვენ, შეძლებისდაგვარად, შევეცადეთ პასუხი გაგვეცა იმ დროს დასმულ შეკითხვაზე: თავისუფლების მოედანი - რა დაიკარგა , რას შევიძენთ?


ნანახია: 5548-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani