Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ჩანაწერები დავით კაკაბაძის შესახებ

There are no translations available.

ზაზა ფირალიშვილი

1. საწყისები
ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს იმის გააზრება, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელებისა და მათ იდეურ მემკვიდრეთა მიერ გაღებულ ძალისხმევას. სწორედ მათ შექმნეს კონტურები იმ  ეროვნული პროექტისა, რომლის ენერგიითაც ვარსებობთ დღესაც და რომელიც კიდევ დიდხანს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. საქმე, ცხადია, მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას არ ეხება. პოლიტიკაც, ეკონომიკაც, ხელოვნებაც და ა.შ. შედეგია იმ სიღრმისეული იმპულსებისა, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოების წიაღში იბადება, ქმედით მეტაფორათა და სიმბოლოთა სისტემად გარდაიქმნება და ასე ქმნიან იმ სამყაროს, რომელშიც  ვცხოვრობთ.
დავით კაკაბაძე ამ ისტორიული ნაკადის შვილია. ის და მისი თაობის დაბადება - მხატვრებისა, პოეტებისა, მეცნიერებისა და ა.შ. სწორედ  ამ უდიდესი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველმა მოღვაწეებმა შეძლეს, რომ საუკუნეების განმავლობაში ისტორიიდან განდევნილი საზოგადოება თანდათან დაბრუნებოდა ისტორიულ გარემოს და მოეპოვებინა რწმენა, რომ მას რაღაც ესაქმებოდა და ეკითხებოდა იმ სამყაროში, რომელშიც აღმოჩნდა. მათ, მართლაც, უდიდესი მუხტი გადასცეს შემდეგ თაობებს. ეს რომ არა, ჩვენ, ალბათ,  ბოლშევიზმის ათწლეულებს ვერ გავუძლებდით. ჩვენ   დიდწილად  დღესაც ამ დიდ ისტორიულ ინერციაში ვარსებობთ.
გავიმეორებ: დავით კაკაბაძე ამ ისტორიული ძალისხმევის, ჩვენი სიცოცხლის ნების გაღვიძების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასტურია, ნიშანია იმისა, რომ ჩვენმა სულიერებამ  ყოფიერებასთან შეხვედრისა და მასში თავისი ყოფნის დადასტურების უნარი დაიბრუნა.  ამით იგი წარმოადგენს ახალ ქართულ ფსიქოკულტურულ ტიპს, რომელიც ნამდვილი ევროპელია თუნდაც იმით, რომ ზედმიწევნით ევროპულ ინსტრუმენტებს - განათლებას, მეცნიერებას, ხელოვნებასა და სინამდვილის რაციონალისტურ განაზრებას იშველიებს სამყაროს გასაგებად და თავისი სასიცოცხლო გარემოს შესაქმნელად. ეს სწორედ ის ფსიქო-კულტურული ტიპია, რომლის განადგურებისკენაც მიმართა ბოლშევიზმმა მთელი თავისი სახელმწიფოებრივი ძალმოსილება, რადგან მის სტრატეგოსებს ესმოდათ, რომ თუ ქართველი ადამიანი თავს დააღწევდა ეთნოგრაფიული, უპიროვნო  არსების ნიღაბს, მისი სასიცოცხლო ენერგიის შეკავება და მორჩილებაში დატოვება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც იყო, რომ დავით კაკაბაძეს ლამის სამშობლოში დაბრუნების პირველი დღიდანვე დასდევდა ხელისუფალთა ეჭვი და უნდობლობა, რაც, საბოლოოდ, საზოგადოებრივი გარემოდან მისი  განდევნით დასრულდა.

2. პარიზიდან დაბრუნება
1919-დან 1927 წლამდე დავით კაკაბაძე იმყოფება პარიზში - ქალაქში, რომელიც მხატვრობისათვის და არა მხოლოდ მხატვრობისათვის წარმოადგენდა იგივეს, რასაც იერუსალიმი - აბრაამისტული რელიგიებისათვის, ან ანტიკური ათენი - ფილოსოფიისათვის. მხატვრობაში და არა მხოლოდ მხატვრობაში თუკი რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდა ამქვეყნად, ხდებოდა სწორედ აქ. თითქოს დედამიწის ამ წერტილში მთელმა ადამიანურმა შემოქმედებითმა გენიამ მოიყარა თავი. აქ ხელოვნება ყოველწამიერად ხელახლა პოულობდა და ამჟღავნებდა თავს. მხატვარს სრული რწმენა ჰქონდა იმისა, რომ იყო იქ, სადაც მართლაც შეიძლება რაღაც ყოვლადმნიშვნელოვანი მომხდარიყო. აქ თითქოს იმ კოსმიურ ძალებს მოეყარათ თავი, ადამიანის სულს  ჰერმეტულობისა და თვითმუმიფიცირებისაგან თავის დაღწევაში რომ ეხმარებოდნენ.  პარიზი სწორედ ის ბედნიერი ადგილი იყო, სადაც ადამიანის სულის მიერ ახალი ჰორიზონტების მოხილვის დიდი პრეცედენტები ხდებოდა. აქედან ვრცელდებოდა ხელოვნების და არა მხოლოდ ხელოვნების განახლების სული და ენერგია მთელს დანარჩენ სამყაროში.
1928 წელს დავით კაკაბაძეს სწორედ ეს განახლების სული და ენერგია მოჰქონდა სამშობლოში. მიუხედავად იმისა, რომ ძმა, სარგის კაკაბაძე მიმოწერაში ფრთხილად მიანიშნებდა, რომ დაბრუნება არ ღირდა, ის მაინც ჩამოვიდა.  საქმე, როგორც ჩანს, მხოლოდ სამშობლოს მონატრება არ იყო და ამას შემდეგ შევეხებით. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპელ ინტელექტუალთა შორის გავრცელებულმა ილუზიამაც, რომ საბჭოთა კავშირში ხდებოდა ის, რაც ვერ მოხდა კონსერვატიულ ევროპაში, რომ აქ თამაშდებოდა დიადი და ეპიკური დრამა აპოკალიფსისა, როგორც სამყაროს სრული განახლებისა.  აპოკალიფსი ხომ სწორედ სულის ტოტალურ განახლებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ იყო, რომ საბჭოთა კავშირში ჩამოსული ევროპელი მემარცხენე ინტელექტუალები ვერ ამჩნევდნენ ისეთ „წვრილმანებს,“ როგორიც იყო კლასობრივი ნიშნით ათასეულების განადგურება,  მასობრივი კულტურის მიზანდასახული თანამიმდევრული დაქვეითება (როგორც ბოლშევიზმის ერთ-ერთი იდეოლოგთაგანი, გრიგორი ზინოვიევი აცხადებდა, ტრადიციული კულტურის სიხისტე ხელს უშლიდა კომუნისტური იდეალების ხორცშესხმას); ვერ ამჩნევდნენ  საზოგადოების სრულ და თანამიმდევრულ ლუმპენიზაციას და ა.შ.

3. ისტორიული გარემო
ეს ენთუზიაზმი გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ დღესაც არ აღმოჩნდა, რომ სამყაროს აპოკალიფსური განახლება ოთხი მხედრის, სიკვდილის ოთხი დემონის ფაზაზე გაყინულიყო, რომ მარქსიზმი, როგორც მეცნიერებისა და სოციალური ხელოვნების სინთეზი (სწორედ ასე აღიქვამდნენ და დღემდე აღიქვამენ  მას მარქსისტი ინტელექტუალები), ბრბოსათვის იოლად აღქმად მნიშვნელზე დაყვანილ ბარბაროსულ დოქტრინებს ჩაენაცვლებინა.
1925 წლის დეკემბერში სერგეი ესენინის თვითმკვლელობა პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ თავად რუსულ ინტელექტუალურ წრეებში განახლების ენთუზიაზმს მისი მახინჯი ორეულის გამო ძრწოლა ცვლიდა. არადა, ეს სწორედ ის ესენინია, ცოტა ხნის წინ ენთუზიაზმით რომ აცხადებდა: Тело, Христово тело, Выплевываю изо рта. 1930 წელს თავს იკლავს მაიაკოვსკი, წლების განმავლობაში რომ ემსახურებოდა ახალი ცისა და ახალი მიწის იდეას. 20-იანი წლების მეორე ნახევრისა და ოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რუსეთს ხელოვანთა და მარქსიზმის იდეოლოგთა  თვითმკვლელობების ტალღა გადაუვლის.
ამ თაობას „ახალი ცისა და ახალი მიწის“ ნაცვლად ხელთ შერჩა მცდელობა, ადამიანის სული ერთ გამარტივებულ მნიშვნელზე ყოფილიყო დაყვანილი. ისტორიის უცნაური ახირებით დაიბადა არა ახალი, არამედ ათასობით წლის წინ არსებული ახლოაღმოსავლური სინამდვილის ორეული თავისი ხალხთა მამით, რომელსაც (ნიცშეს წინასწარმეტყველება რომ გავიხსენოთ) უზენაესი მეტაფიზიკური კომპეტენცია ჰქონდა ნაკისრი, ზიკურატის არქიტექტურით ნაგებ მავზოლეუმში განთავსებული ბელადითა და მტრობით სულის სიცოცხლის ყოველი გამოვლენის მიმართ.

4. უსასრულო მარტოობა
დავით კაკაბაძე როგორც არ უნდა შენიღბულიყო, როგორც არ უნდა ეცადა საბჭოეთის მიმართ ლოიალობის გამოცხადება, მაინც შენიღბულ მტრად აღიქვამდნენ, რადგან შემოქმედი ადამიანის ბავშვური გულუბრყვილობით უარს ვერ იტყოდა თავისი თვითოობის მთავარ ნიშანზე - თავისუფლებაზე. ერთის მხრივ,  მარქსისტი იდეოლოგები იძულებულები იყვნენ ეღიარებინათ მისი, როგორც შემოქმედის მნიშვნელობა, მაგრამ, ამასთანავე, იმასაც ხედავდნენ, რომ მისი სულის თავისუფლება თავისი ვირულენტურობით  მათი კვდომის ეპიცენტრად შეიძლება ქცეულიყო. ისინი ვერ დაუშვებდნენ ასეთი ეპიცენტრების არსებობას. ამიტომაც დევნიდნენ და სპობდნენ ისეთ ადამიანებსაც კი, ვინც თითქოს ლოიალური იყო და მხოლოდ თავის საქმეს ემსახურებოდა. ინტუიცია მათ კარნახობდა, რომ ადამიანური სამყარო დარღვეულ წონასწორობასა და წყვდიადში შეიძლება ამყოფო ძალიან დიდხანს, მაგრამ არა - სამუდამოდ; რომ მასში ყოველთვის დაიბადებიან და იარსებებენ დავით კაკაბაძის მსგავსი ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად მათი გარეგნული უვნებლობისა და უმწეობისა, მათი კვდომის წინაპირობას წარმოადგენენ, რადგან განასახიერებენ ყველაზე დიდ ძალას ამქვეყნად - თავისუფლებას და  კეთილმოძალეობას.
დავით კაკაბაძე აღმოჩნდა სამყაროში, რომელშიც უკიდურესი მარტოობა ელოდა.  პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მთელი მისი ცხოვრება, ალბათ, ამ მარტოობის ისტორიაა. პარიზში შეძენილი იმპულსები მისი, როგორც შემოქმედისათვის ბედნიერება იყო, მაგრამ მისი ადამიანური ბედისათვის - წყევლა. ის ათწლეულების განმავლობაში ეძიებდა და ქმნიდა გარემოში, სადაც, ერთეულების გარდა, არავის არაფერში არ სჭირდებოდა.  ბოლშევიზმისათვის ის გარდუვალი ბოროტება იყო და ისიც გარკვეულ ხანებამდე.  და ეს ხდება მას შემდეგ, როდესაც მისი წარმატება ევროპაში უეჭველი იყო და იქ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად აღიქმებოდა.
მის დროს იყვნენ ისეთებიც, ვინც შეძლო მიმიკრია იმ ხარისხით მაინც, რომ ამ ულმობელი სახელმწიფოებრივი წისქვილის ქვებს შორის არ მოხვედრილიყო. კაკაბაძემ  ვერ შეძლო ეს, თუმცა კი ეცადა, როგორმე სოციალისტური რეალიზმის ელფერი მიეცა თავისი შემოქმედებისათვის. მისი „ეშმაკობა“ იმთავითვე  გამჭვირვალე გახლდათ. მიუხედავად მისი თაობისათვის დამახასიათებელი თვითგადარჩენისათვის აუცილებელი გულუბრყვილო თვალთმაქცობისა, მან ვერ შეძლო იმ ხარისხით დაეთმო თავისი სულის ცოცხალი წერტილები, რომ ერთ დღესაც არ ემხილებინათ. ჰოდა, ამხილეს კიდეც.
შეუძლებელია, არ ეგრძნოთ იმ ადამიანის არაკეთილსაიმედოობა, ვინც ნახატში „მიტინგი იმერეთში“ (1942) ქვეყნის ბელადები და  აღტყინებული ბრბო ისეთ ბუნებრივ გარემოში გამოსახა, რომ ისინი, უმალ, სამყაროს უსაზღვრო  ვიტალურობის უსიცოცხლო სათამაშოებად ჩანან, ვიდრე ახალი ცისა და ახალი ქვეყნის შემქმნელებად.

5. სამშობლო
ცხადია, მხოლოდ განახლების მოლოდინი არ იყო, რაც დავით კაკაბაძეს აიძულებდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. სამყაროს განახლების იმედთან ერთად იყო ის იდუმალი ინტიმი, რომელიც მას მოუწოდებდა და რომლის გადმოცემასაც ცდილობდა თავის იმერეთის პეიზაჟებში. ის უფაქიზესი ძაფებით იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ის, თითქოს, სხეულებრივად გრძნობდა სამშობლოს, როგორც მეტაფიზიკურ ხვედრს,  ადამიანის ამქვეყნად ყოფნას სითბოსა და ინტიმს რომ ანიჭებს და იდუმალი საზრისით ავსებს.
იშვიათია მხატვარი, ვისაც ასე ძალუძს ერთმანეთთან თითქოს შეუთავსებელი საწყისები შეათავსოს. ერთი მხრივ, მის იმერულ პეიზაჟებს სამშობლოს მეტაფიზიკის უღრმეს და უინტიმურეს შრეებში შევყავართ, სადაც თითქოს გარდუვალობით ჩნდება დედა, როგორც ყოველივეს საწყისი იმ მყუდროებითა და სიმშვიდით, რომელსაც ბავშვობის შემდეგ მუდმივად ვეძებთ.  ამავე დროს, მისი აბსტრაქციები თითქოს სხვა არაფერია, თუ არა ყოველგვარი სინგულარობისაგან გათავისუფლებისა და სამყაროს უზოგადესი სურათის მიგნების მცდელობა. ამ „შეუთავსებელ“ საწყისთა შეთავსებითაც ის ქართველი ევროპელია, ის ფსიქოკულტურული ტიპია, ისტორიულმა ბედისწერამ საუკუნეების წინ რომ განდევნა და ახლაღა ცდილობდა  ასპარეზზე დაბრუნებას.
მან იცის, რომ შემოქმედებაში საქმე მხოლოდ მხატვრობის ბედს არ ეხება და რომ დადგა დრო, როდესაც სწორედ მხატვრულმა შემოქმედებამ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული სხეულის სიცხოველე. „ჩვენი ქვეყნის აღორძინებას უნდა მოჰყვეს მხატვრობის აღორძინებაც. აღორძინება კი მაშინ იქნება, როდესაც ჩვენ მოვნახავთ ქართული მხატვრობის „ენას“, იმ „ენას“, რომელიც ქმნიდა ჩვენი წარსული მხატვრობის ფორმას.  (ხელოვნება და სივრცე.  გვ. 28). მას ესმის, რომ  პოლიტიკურის მეტაფიზიკა და მხატვრობის მეტაფიზიკა  პირველადი ერთობის  ელფერებია, რომ ისინი ერთ პირველად სათქმელს გამოთქვამენ და მათ აღორძინებას სწორედ ამ სათქმელის ადეკვატური ენის მიგნება უნდა. თითქოს, თავად ბუნებაც მეტაფორებით მეტყველებს და გვამეტყველებს ჩვენც მაშინ, როდესაც მისი „ფერადების შეგნებისა“ და „სიძლიერის გაგების“ გზას ვადგავართ და ეს მეტაფორები არ არის მხოლოდ მხატვრობის ან მწერლობის საგანი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბუნებასთან ინტერაქციაში ჩვენ მოვსინჯავთ იმ პირველად მეტყველებას, რომელიც ქმნის მწერლობას, მხატვრობას, მეცნიერებას, სახელმწიფოებრივ სხეულს  და ა.შ. ამიტომაც არის მისთვის უცხო ტრადიციისა და სიახლის, სინგულარულისა და უნივერსალურის,  ხელოვნებისა და მეცნიერების, ეროვნულის მეტაფიზიკისა და უნივერსალური აბსტრაქციების  დიქოტომია და ამითაც ის უაღრესად ევროპელი ადამიანია ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. იმდროინდელ მასობრივი მოხმარების იდეოლოგიათა სამყაროში უკვე ბატონობენ პოლარობები ყოველგვარი მშობლიური ნიადაგის უარმყოფელი კომუნიზმისა და პირიქით, საკუთარ ნიადაგთან ექსტაზური შერწყმის მოწადინე ფაშიზმის სახით. ამ მასობრივ იდეოლოგიათა მიერ დაღვრილი სისხლი სწორედ ისტერიული მცდელობაა იმისა, რომ განიდევნოს ყველაფერი, რამაც იდეოლოგიებით დასნეულებული ბრბოს მრწამსში დისონანსი შეიძლება გააჩინოს.
დავით კაკაბაძე ერთი იმათგანი იყო, ვისთვისაც უცხო იყო ეს დიქოტომია. მისთვის ავანგარდი შეუძლებელია  ნიადაგის მძაფრი, შეიძლება ითქვას, ზღვრული განცდის გარეშე და პირიქით.  ამიტომაც არის, რომ მისთვის არც სამშობლოს მეტაფიზიკაა უცნობი და არც ავანგარდისტული ძიებები. მის სასიცოცხლო გარემოს ერთიც ქმნის და მეორეც. მისთვის სიცოცხლეა ერთიცა და მეორეც  მთელი მისი მრავალფეროვნებითა და მრავალსახეობით.
ჩვენ გვქონდა ორი თუ სამი ბედნიერი ათწლეული, როდესაც ისტორიიდან ხუთსაუკუნოვანი განდევნის შემდეგ კვლავ მოგვეცა შანსი, დავბრუნებოდით ისტორიულ სამყაროს, ყოველ შემთხვევაში, ამგვარი დაბრუნების კონტურები მოგვენიშნა. დავით კაკაბაძე, სხვებთან ერთად, ამ მიბრუნების აქტში იბადება, როგორც მხატვარი. ის მიბრუნების ამ ჰორიზონტში ახერხებს დარჩენას, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარშემო. სიცოცხლის ბოლომდე ის ევროპელ ქართველად რჩება - იმ სამყაროს შვილად, რომელშიც ხდება ყველაფერი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური მოდგმისათვის.
დავით კაკაბაძე ევროპელად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიზმის ბარბაროსული სულიერების აგენტები მეექვსე გრძნობით გრძნობენ მის უცხოობას და დევნიან - დევნიან არა რაიმე დანაშაულის გამო, არა იმ მიზეზით, რომ უარს ამბობს ლოიალობის გამოცხადებაზე, არამედ უკვე იმიტომ, რომ ამ გამოცხადებაშიც ის უცხო რჩება, რომ ის პატარა ბავშვის ნებით რჩება იმ იდუმალი სამყაროს მოქალაქედ, რომელმაც ის შვა.


ნანახია: 2570-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani