Georgian (Georgia)English (United Kingdom)
გეომეტრიული სიმბოლიკა ქართულ საცეკვაო ფოლკლორში

There are no translations available.

ეკატერინე  გელიაშვილი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის (GE ART) ხელმძღვანელი

ფერის, რიცხვისა თუ ფიგურების „წაკითხვას”, მის სიმბოლიკას, უძველესი დროიდან ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიურ თუ მისტიკურ სწავლებაში,  რიტუალებში და, შესაბამისად, ხალხურ ქორეოგრაფიაში, როგორც რიტუალის აუცილებელ კომპონენტში.
მოცეკვავეთა გადაადგილებით შექმნილი ცეკვის ნახაზი იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპოზიციების გრაფიკულ ფორმებში ამოვიკითხოთ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა და სპეციალური მეთოდოლოგიის (კომპლექსური, ინტერდისციპლინარული) მიდგომების გამოყენებით, ამოვიცნოთ ამ სიმბოლოსთვის მინიჭებული მნიშვნელობა.
წერილობითი თუ ცოცხალი საშემსრულებლო პრაქტიკით ჩვენამდე მოღწეული ქართული საცეკვაო ფოლკლორული ნიმუშები, ძირითადად, საფერხულოა, მრავალი მონაწილის მიერ შესრულებული, რომელიც თავისი ტრადიციული ფორმებით არსებობდა.
მათი საცეკვაო გრაფიკული ნახაზი, ძირითადად, მოიცავს იმ  წინარე გეომეტრულ ფორმებს, რომლებიც ერთიანი სამყაროს - κόσμος - წესრიგში იდეალურად ჯდებოდა და რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა სხვა ფიგურების ჩაწერა-მორგებას. წრე და სწორი ხაზი - ორი იდეალური წინაფორმა - საფუძვლად უდევს უფრო რთულ არქეტიპულ ელემენტებს, როგორც გეომეტრიულ (ბუნებრივ თუ არქიტექტურულ), ასევე, ადამიანის სულიერ სამყაროს. ქართული ცეკვები, ისევე, როგორც სხვა უძველესი რიტუალური ცეკვები, თავისთავად მოიცავს სამყაროს შესახებ შეხედულებათა ამ მუდმივ არქეტიპებს.
ქორეოგრაფიული ნახაზის ფორმის მიხედვით, ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებში ვხვდებით შემდეგ ფერხულებს: ერთწრიული; წრე-წრეში ჩასმული - ორწრიული და სამწრიული; ორი ან სამსართულიანი წრიული, წრის შიგნით მოთამაშით. ხაზობრივი კომპოზიციებიც სწორი ხაზის სხვადასხვაგვარი ვარიანტით გვხვდება. არსებობდა ერთრიგა, ორრიგა მწყობრი ფორმის საცეკვაო ნიმუშები, რომელთა გვერდით იყო ისეთიც, რომელიც ერთრიგა სწორხაზობრივი განლაგებიდან შემსრულებელთა გადაადგილებისას, ნახაზის ნაირგვარ ფორმასაც იღებდა (მაგ.,ზიგზაგს, რკალს და სხვა).
არქაული საცეკვაო რიტუალები თავისუფალი მხატვრული შემოქმედების პროდუქტი კი არა, არამედ, სავალდებულო ელემენტი იყო სამყაროს რთულ სისტემასთან ურთიერთობისთვის. საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურზევე საცეკვაო ხელოვნებას მაგიური დანიშნულება ჰქონდა ბუნების ამოუცნობ ძალებთან ბრძოლაში.
ცნობილია, რომ წრე ასტრალური სხეულების, მნათობი ღვთაებების სიმბოლური გამოსახულება იყო. ის ტრადიციულად ცასაც გამოხატავს. ერთმანეთში ჩასმული რამდენიმე წრე კი  კოსმოსს (21- Энциклопедия). ეს მისტიკური სიმბოლო, როგორც ასტრალური ღვთაების -მონოგრამა, აღნიშნავდა არა მხოლოდ მის სრულყოფილებას, არამედ, მის მარადიულობასაც.
წრეს უკავშირდება ქართულ ენაში ცეკვის აღმნიშვნელი ტერმინი - ფერხული. შესაძლოა, სწორედ წრიული ცეკვების მრავალფეროვნებამ განაპირობა, რომ საქართველოში ფერხულების უძველესი ტერმინი „მრგვალი“-ა. სულხან-საბა „ფერხულს“ „მრგვალთ(ა) წყობას“ უწოდებს (სულხან-საბა, 1993:190). ამ მხრივ, ღირსაცნობია სვანური გამოთქმა მურგვალ ჭიშხ, რაც მრგვალ ფეხს ნიშნავს, ზოგადქართული გამოთქმით „ფერხულს“.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წრიული საცეკვაო ფორმა, თავდაპირველად, დაკავშირებული იყო ნადირობის პროცესთან, შემდეგ, ტოტემურ და მხოლოდ ამის შემდეგ, ასტრალურ ღვთაებასთან. საქართველოში, უძველეს მონადირულ ფერხულებში წრე, როგორც ღვთაების სიმბოლო, უკვე არსებობდა. აღნიშნული ქართული ფერხულები სათავეს სწორედ იმ უძველესი არქაული საცეკვაო რიტუალებიდან იღებს, რომელშიც მოქმედების წრიული ფორმა სავალდებულო ელემენტი იყო სამყაროს რთულ სისტემასთან ურთიერთობისთვის. ნადირობის პროცესმა, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, თანდათანობით საფუძველი ჩაუყარა წრეს, როგორც მაგიურ სიმბოლოს. სვანურ ფერხულებში „დალი კლდეში მშობიარობს“, „სანადირო“, „ლემჩილი“, „ბაილ ბეთქილი“ და სხვა, არსებული წრიული ფორმა თვალნათლივ ამჟღავნებს მის ღვთაებრივ სიმბოლიზმს. ეს ფერხულები ასტრალური სიმბოლიკით შემკულ მონადირეთა ღვთაება დალის და მის მემკვიდრეს ეძღვნებათ.
მზისადმი საკულტო მსახურების კვალი გამოსჭვივის სვანურ წრიულ ფერხულში „ლილე“. ფერხულში დაცულია უძველესი რელიგიურ-მითოლოგიური სიმბოლიკა, რაც განაპირობებს მის წრიულ ფორმასაც. მიუხედავად იმისა, რომ საფერხულო ტექსტში, საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ, სავარაუდოდ, ცვლილებებია შეტანილი, „ლილეში“ დაცულია უძველესი რელიგიურ-მითოლოგიური სიმბოლიკა. ამას ადასტურებს ტექსტში არსებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა: ზღუდე არტყია – ძველი ხალხის წარმოდგენით გარშემო ზღუდე ერტყა სამყაროს, ოქროს სვეტი - მზის სიმბოლო, თასები - სადიდებელი რიტუალური სასმისი, ციხე – ასევე, კოსმოგონიური სიმბოლო, როგორც სამყაროს ცენტრი. შევარდენი, ჯიხვები, ხარები, ვერძები, რქები - წმინდა ნადირი, ღვთაებათა იპოსტასი.
მზისა და მთვარის მოძრაობას აღნიშნავს სხვადასხვა მხარეს მოძრავი ფერხულის ორწრიული ფორმა. რაც შეეხება ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავ, სამი კონცენტრული წრისაგან შემდგარ ფერხულს, სიმბოლურად ეს მთელი სამყაროა - მოძრავი ცა, მნათობები და ვარსკვლავები (ასეთი ფორმის გახლავთ გურული ფერხული (ილ. 1 ).
ძველ ეგვიპტეში ცნობილია ქურუმთა ასტრონომიული ცეკვები, რომლებიც განასახიერებდა ციური სფეროს ჰარმონიულობას, სამყაროში ციური სხეულების რიტმულ მოძრაობებს. ეს ცეკვა სრულდებოდა ტაძარში, სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც იდგა ცენტრში და განასახიერებდა მზეს. ამ ცეკვას აღგვიწერს პლუტარქე. მისი განმარტებით, თავდაპირველად, მონაწილეები მოძრაობდნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, რითიც სიმბოლურად გამოხატავდნენ ცის მოძრაობას, შემდეგ - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რაც მიესადაგებოდა პლანეტების მოძრაობას. სხვადასხვა სახეობის მოძრაობებით ქურუმები გადმოსცემდნენ სამყაროს სისტემის ჰარმონიულობას (ვიმოწმებთ მორინა, 2001:122).
VIII ს. მოღვაწე წმინდა მამა იოანე დამასკელი მნათობების, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების შესახებ ამბობს: ცა, როგორც უთქვამთ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს,  ცთომილნი კი - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.
ქართულ ხალხურ ცეკვებში წრის წაღმა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ე.ი. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობაც შეგვიძლია ე.წ. ცის მოძრაობად ვივარაუდოთ, ხოლო საწინააღმდეგო - პლანეტების მოძრაობად.
ამდენად, წრიული ცეკვების აზრსა და დანიშნულებას კარგად ავლენს საწესო მოქმედებათა მთელი კომპლექსი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც, როგორც საწესო მოქმედების ერთ-ერთი სახეობათაგანი, წრიული ცეკვები შეადგენდა.
წრიული ფერხულის შიგნით მოთამაშის ფორმას, ქორეოლოგი ავთანდილ თათარაძე შედარებით გვიანდელ მოვლენად მოიაზრებს, როდესაც სიუჟეტის გამოსახატავად უკვე სამსახიობო ოსტატობა გამოიყენებოდა (თათარაძე, 1999:11). ის, რომ წრეში მოქცეული საგანი ძველად განსაკუთრებულად სათაყვანებელი ობიექტი იყო, ჩვენ სხვაგვარ აზრს გვივითარებს. ვფიქრობთ, მას ღრმად მისტიკური დატვირთვა ჰქონდა. ამაზე მეტყველებს ქადაგობის ინსტიტუტი და მასში გამოყენებული რიტუალურ-ქორეოგრაფიული ქმედებებიც, სადაც წრის თავდაცვითი ფუნქცია იკვეთება.
წრიული ფერხულებისთვის დამახასიათებელი წარმოსახვითი ცენტრი, ხშირად, ხილული ობიექტით ივსებოდა. სიმბოლიკაში კი, ნებისმიერ შემთხვევაში, ფიგურა, რომელიც ჩახატული იყო წრეში, წარმოადგენდა იმ ფიგურის მარადიულობის სიმბოლოს. ვფიქრობთ, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმ ქორეოგრაფიული ფორმისა, რასაც ფერხულებს „წრის შიგნით მოცეკვავით“ მივაკუთვნებთ. აქ მაგიური (მტკიცედ შეკრული) წრე დაცვის გარანტი უნდა ყოფილიყო მის შიგნით არსებული ობიექტისა, ისევე, როგორც „სამყაროზე გარშემორტყმული სარტყელი“.  ავადმყოფობის დროს შესრულებული წრიული ქმედებანი, „თავშემოვლებისა“ და გარშემოვლის რიტუალი, მრგვალი ნივთის შებმა და სხვადასხვა მაგიური სიმბოლური ქმედება, წრის, როგორც ასტრალურ-მისტიკური სიმბოლოს გამოვლინებაა.
განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა, წრიული სართულებიანი ფერხულების სიმბოლური შინაარსის კვლევა. ასეთი ფორმის ფერხულები გახლავთ:  „ორსართულიანი ფერხული“, „ზემყრელო“ || „ორსართულა“,  „სამყრელო“ || „ციხებუნა“,„მაღლა მთას მოდგა“, „აბარბარე“, „ქორბეღელა“, „მირმი(ნ)ქელა“ || „მორილ-მიქელა“, „მადლი მახარობელსა“. ეს ფორმა გვხვდება ცეკვა „ხორუმშიც“.  ფერხულის სართულებიან ფორმას ქართველ მეცნიერთა ნაწილი მის საბრძოლო შინაარსს მიაწერდა (მაგ. საბრძოლო შინაარსის „ხორუმზე“, ვარაუდობდნენ, რომ ერთმანეთის მხრებზე ასვლა ერთგვარი ხერხი იყო გალავნის გადასალახად და მას, მშვიდობიანობის პერიოდში, მებრძოლთა გავარჯიშების მნიშვნელობა ჰქონდა (თათარაძე, 1986:12), ნაწილი კი ნაყოფიერების კულტის სოლარულ სიმბოლიზმზე მიუთითებდა (კასრაძე, 1971:14; წულაძე, 1997:99). ამ ფორმის ფერხულზე თავიდანვე განსხვავებული აზრი წამოაყენა ვერა ბარდაველიძემ (ბარდაველიძე, 1968:47). მან თუშური „ქორბეღელა“ სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხის შესახებ დამადასტურებელ წყაროდ გამოიყენა და დაადგინა, რომ სწორედ ასეთი ხე იგულისხმებოდა „ქორბეღელას“ ტექსტში.
ჩვენი გამოკვლევით, წრიული ორი და სამსართულიანი ფერხულების ფორმა სამყაროს მოდელია! (გელიაშვილი, 2014: 75-104) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული სახელწოდებებით არსებული ამ ცეკვების ურთიერთ შედარებით ვფიქრობთ, რომ სართულებიანი ფორმის ფერხული, თავისი ასტრალური სიმბოლიზმით, პირდაპირ უკავშირდება  ნაყოფიერების საწყისს, რაც მტკიცდება მათ სტრუქტურულ ფორმაში, სახელწოდებებში და ტექსტობრივ მასალაში შემორჩენილი ნიშნებით (ილ. 2)
ჩვენ ვარაუდს ამყარებს ქართველთა კოსმოგონიური მსოფლხედვა, რომელიც მთლიანად მოიცავდა არქაული ადამიანის ცნობიერებას (ქართულ ენაში შემორჩენილი სივრცული ტერმინები, არქეოლოგიური ძეგლები, პიკტოგრამული გამოსახულებები და სხვ.). ეს გლობალურად დასტურდება გამოჩენილი ისტორიკოსისა და მითოლოგიის მკვლევრის, მირჩა ელიადეს (ელიადე, 1994:36) კვლევებითაც.
ვფიქრობთ, იარუსების პრინციპით აგებული წრიული ფერხულის სივრცითი განფენილობა მსგავსებას პოულობს ქართველთა კოსმოგონიურ მსოფლმხედველობასთან (ილ. 3). ის იმეორებს სამყაროს სივრცობრივ კონსტრუქციას (ზესკნელი, სკნელი, ქვესკნელი), მსგავსად ტაძრისა (წმიდათა წმიდა, წმიდათა და ეზო, ან საკურთხეველი, შუა ტაძარი და კარიბჭე) და საცხოვრებელ-თავდაცვითი კოშკებისა, რომელიც ასევე გამომხატველი იყო „ცისა და მიწის კავშირისა“. ჩვენი ვარაუდით, სართულებიანი ფერხული ქართველთა მიერ თავისებურად აღქმული სამყაროს მოდელია. აქ ცისა და მიწის კავშირის აღდგენა ხდება ქორეოგრაფიული ფორმით, რომლის საშუალებით საკრალურ სივრცეში მიმდინარეობდა ქაოსის კოსმიზირება.
წრიული ფორმის კომპოზიციების გვერდით, როგორც აღინიშნა, ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში ვხვდებით სწორხაზობრივი ფორმის სხვადასხვაგვარი ვარიანტისაგან შემდგარ საცეკვაო ნიმუშებსაც. ფერხისებში ერთფიგურიანი საცეკვაო ქმედებანი, ხშირად,  ერთი ხაზის, ჯაჭვის პრინციპზე ეწყობოდა.
არსებობს მოსაზრება, რომ ფერხულებში სწორი ხაზის გაჩენა მიწათმოქმედების კულტს უკავშირდება და ის სიმბოლურად გუთნით ხვნის დროს გაჩენილი ხაზით გამოიხატება. მწკრივების სახით გადაწყვეტილ ფერხულებს ქორეოლოგი ავ.თათარაძე საზეიმო, სალხინო ხასიათის ცეკვებს უკავშირებს (თათარაძე, 1999:11). ჩვენი ვერსია ორივე ჰიპოთეზისგან სხვაობს.
სიმბოლიკაში სწორი ხაზი ისევე, როგორც წრე, იდეალური ფორმაა, მოწესრიგებული. იგი ნაკვეთების საზღვრებისა და სინათლის სხივის ტრაექტორიას ასახავს. ის მამაკაცური საწყისია და განასახიერებს უსასრულობას, დაპყრობას, შეჯიბრს. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების ერთგვარ სიმბოლურ განსახოვნებად შესაძლოა დავსახოთ კიბე და ხიდი. ეს ერთმანეთისაგან ძირეულად განსხვავებულ სფეროთა კავშირის სიმბოლოებია. კიბე ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, მიწისა და ცის კავშირია. ისევე, როგორც შიბი, ჯაჭვი და სიცოცხლის ხე. ხიდი კი, რომელიც მდინარის ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს, სააქაო და საიქიო სამყაროების დამაკავშირებელ სიმბოლოს წარმოადგენს.  ისევე, როგორც ჰორიზონტალური ხაზი იყო სიმბოლო მატერიის, ქვეყნიერების ოთხი მიმართულებით მოძრაობისა და დროში მოგზაურობის აღმნიშვნელი. ის ასევე წარმოადგენს ჰორიზონტის ხაზს.
კვლევისას, ჩვენი ყურადღება მიიპყრო „მურყვამობის“ სვანურმა დღესასწაულმა და მისმა შემადგენელმა „მელია-ტელეფიამ,“ რომლის მსგავსი ფორმის მწყობრი ფერხულები გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში სხვადასხვა სახელწოდებით („იალის თამაში“, „ო, ჰოი, ნანო“, „ბასტის ჩაბმა“, დიღმური „საქორწილო თამაშობა“, „ძაღლური“,  „ხორუმი“ და სხვ.). მათი ურთიერთ შედარებით  გამოიკვეთა რიგი საერთო ნიშნები: 1.ყველა მათგანი სრულდება ისეთ დროს, რაც მის ნაყოფიერებისა და შვილიერების მფარველ ღვათაებასთან კავშირზე მიუთითებს; 2. ცეკვას ჰყავს მეთაური, რომელსაც ხელში მათრახი, ქამარი, წკეპლა ან ჯოხი აქვს. ვფიქრობთ, განსაკუთრებული ძალის მფლობელი მწყობრის მეთაური, მათრახის ან ჯოხის დაკვრით, მონაწილის სიმბოლურ სიკვდილს და მის კვლავ წარმოქმნას, ახალი, გაძლიერებული პოტენციით დაბადებას ასახიერებდა; 3. ხოლო შემსრულებლების გაშიშვლება, ჯერ გახდა, მერე ჩაცმა - კი სწორედ მათ თავდაპირველ წიაღში და განახლებული ძალებით უკან, ამ ქვეყანაში დაბრუნებას უნდა მიუთითებდეს. მწყობრი ფორმის ფერხისების სახელწოდებებიც ნაყოფიერების კულტს, ბნელისაგან ნათელისა და სიკვდილისაგან სიცოცხლის აღდგენას უკავშირდება.
ასეთივე მნიშვნელობისაა მურყვამობის მთავარი სიმბოლო ანგი/ლამარია (წრე და ჯვარი, გამოხატული საცერითა და ხმლით), სიცოცხლისა და მარადიულობის სიმბოლო (იხ. შუმერული ანქი, ეგვიპტური ანხი. კიკნაძე, 1976:241; რუხაძე, 1999:131-168; კოკოშაშვილი, 2009:12; ჭუმბურიძე,  2010.). ის პლანეტა ვენერას სიმბოლოა, ჩვენებური იშთარის, რომელსაც შუმერული ინანას მსგავსად, როგორც სიყვარულის ქალღმერთს, მწუხრის ვარსკვლავი განასახიერებდა, ხოლო, როგორც ბრძოლის ქალღმერთს - ცისკრის ვარსკვლავი. აქედან, ნათელი ხდება მთლიანი რიტუალისთვის მახასიათებელი ნაყოფიერებისა და ბრძოლის სცენების არსებობა.
ამდენად, ყოველივე ეს მიუთითებს ჩვენ მიერ გაანალიზებული ამ მწყობრი ფერხისების ნაყოფიერების ღვათაებასთან კავშირზე და დროის ციკლურ ცვლაზე. თუ შინაარსობრივად ეს გამოსჭვივის თითოეული საცეკვაო ნიმუშის კომპონენტიდან, მაშინ, ფერხულის სწორხაზოვან ფორმას, ერთრიგა ფერხისებს რა სიმბოლური დატვირთვა უნდა აერთიანებდეს? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიერ გამოკვლეულ ნაყოფიერების რიტუალში კვლავ დაბადება-შესაქმე უნდა მომხდარიყო, აუცილებელი იყო საწყისში დაბრუნება, ანუ იმ ქვეყნად წასვლა. ადამიანს კი იმ სამყაროსთან მხოლოდ ერთი სწორი ხაზი - ჰორიზონტი აშორებდა.
ვფიქრობთ, სწორი ხაზი, ამ შემთხვევაში, ჰორიზონტის სიმბოლოა, ერთგვარი ზღვარი, რომელიც შინა და გარე სივრცეებს ერთმანეთისგან მიჯნავდა. ხელმობმული, მჭიდროდ მდგარი, მოცეკვავეთა მიერ შექმნილი ჰორიზონტალური სწორი ხაზი, მტკიცედ გადაბმულ ერთგვარ ჯაჭვს ქმნიდა. ეს იყო ხელოვნურად, ცეკვის მხატვრულ-შემოქმედებითი ფორმის გამოყენებით შექმნილი ზღვარი, რომლის გარღვევაც ერთგვარ ღიობს ქმნიდა. ჰერმეტულობის დარღვევა კი განაპირობებდა ორივე სამყაროს პერსონაჟების საპირისპირო სივრცეში გადანაცვლებას (იხ. აბაკელია, 2008). ასეთი ფორმის საცეკვაო ქმედებანი კოსმიურ დონეებთან არის დაკავშირებული და სივრცის, მიღმურ რწმენა-წარმოდგენათა კომპლექსს უკავშირდება. რიტუალური სივრცე აქ ვერტიკალურის ნაცვლად, ჰორიზონტალურ პლანში იშლება. სწორი ხაზი სამყაროს მოდელში საიქიოსა და სააქაოს შორის მდებარეობს, როგორც გახსნილი სარტყელი. (ილ. 4) სწორედ აქ გვაქვს საქმე იმ ფენომენთან, რასაც ადამიანის „შორეული მოგზაურობა“ ჰქვია. სწორი ხაზით ხდება საკრალურ ზღვარზე გადაბიჯება, ხოლო ნახაზის შემდეგი ფიგურა (ზიგზაგი) და საფერხულო ტექსტში ნახსენები „მიხვეული-მოხვეული“  - წინააღმდეგობებით აღსავსე იმქვეყნიური გზაა (ლაბირინთის პრინციპი).  
რაც შეეხება ტალღისებურ, ზიგზაგისებურ ხაზებს, ის როგორც საქართველოში, ასევე, შუმერულ და ელამურ ტრადიციაში, მოძრაობას უკავშირდება და წყლის სემანტიკური მნიშვნელობისაა. ზიგზაგი, ხაზების ხალხური გააზრება კარგად ჩანს ნაქარგი ორნამენტის  ქართულ სახელწოდებაშიც „წყალაი“. წყალი კი (9 ზღვა), ჩვენი ხალხის წარმოდგენით, გარს ერტყა სამყაროს ჰორიზონტალურ ჭრილში.
ამდენად, შესაძლოა ითქვას, ამგვარი მოძრავი ფერხისა, ჰიპერსივრცობრივი გვირაბია, რომელიც ამქვეყნიურ რეალობას ზემატერიალურ სამყაროებთან აკავშირებდა. ვფიქრობთ, ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ისევე, როგორც ნაყოფიერებისადმი მიძღვნილ რიტუალებში,  გარდაცვალებასთან დაკავშირებულ რიტუალებში და მოსავლის აღებისას (რომელთაც ასევე თან სდევს „ტირილი“ ანუ დატირება), რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია  აღორძინების იდეასთან, ასევე სწორხაზოვან, მწყობრი ფორმის ფერხისებს ვხვდებით.
ჩვენი გამოკვლევით, ორრიგა მწყობრი ფერხისების სიმბოლური ფორმაც კოსმოგონიური კონცეფციიდან მომდინარეობს და ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ძალის, საკრალური სივრცის, კონფლიქტსა და წინააღმდეგობას გამოხატავს (მაგ., საცეკვაო და სათამაშო ქმედებანი: ორ რიგა „სამაია“ (ალ.ჯამბაკურ ორბელიანის აღწერილობით); „ჰეი და რამაშო“, თუშური „ჯდომელა ფერხისა“, ფშაური „ფერხისული“, სვანური „ადრეკილა“, „ქალტაციობა“, „ოღირღილო“, „ა ნიშანი, მოგვე ქალი“, „ნიშხა-ნიშხა“, საბავშვო „მელია ტელეფია“ და სხვ.). აქ თვალნათლივ იკვეთება ორი საპირისპირო ძალის კონფლიქტი, მოტაცება, კეთილისა და ბოროტის ბრძოლის კოსმიურ-მითოლოგიური სიუჟეტი. სწორხაზობრივი  ორი რიგიც ამის სიმბოლური გამოხატულება უნდა ყოფილიყო, ორი განსხვავებული საწყისის, სქესის ან სივრცის კონფლიქტი. ჩვენ მიერ გაანალიზებულ ორრიგა ფერხისები მსგავსებას პოულობს, ქსენოფონტის მიერ აღწერილ (იხ. ქსენოფონტი, 1967:106), მოსინიკების ძველთაძველ საცეკვაო ფორმასთან, რომელსაც მეცნიერები საბრძოლო შინაარსის „ხორუმის“ ძირებს უკავშირებენ. მითოსურ ცნობიერებაში ბრძოლა ერთ-ერთ უმთავრეს რიტუალად გაიაზრებოდა.
ვფიქრობთ, ნაშრომში გაანალიზებული თითოეული საცეკვაო ნიმუშის ქორეოგრაფიული ნახაზი, მისი ორნამენტული ფორმა პირდაპირ ანალოგს წარმოადგენს გეომეტრიულ სიმბოლიკაში მიღებული მნიშვნელობისა. ქართული ქორეოგრაფიული ნიმუშების ორნამენტულ ფორმებში კი დევს ქართველთა სივრცული, კოსმოგონიური სიმბოლიზმი, რაც უძველესი პერიოდის ადამიანის ყოვლისმომცველ იდეას წარმოადგენდა.
გამოყენებული ლიტერატურა
1.    აბაკელია ნ., „დაიმონები” ქართულ მითო-რიტუალურ სისტემაში, სემიოტიკა №3, 2008 http://semioticsjournal.wordpress.com/2010/09/21/
2.    აბზიანიძე ზ., ელაშვილი ქ., სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, I-II, თბილისი, ბაკმი, 2011; 2012.
3.    ბარდაველიძე ვ., სიცოცხლისა და სიუხვის ხე ქართველთა სარწმუნოებაში, საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები, XIV, თბილისი, 1968.
4.    გელიაშვილი ე., ორნამენტული სიმბოლიკა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში,   
1.    EKATERINE GELIASHVILI 3.12.2014.pdf (nplg.gov.ge)
5.    გვარამაძე ლ., ქართული საცეკვაო ფოლკლორი, თარგმნეს, გადაამუშავეს, შეავსეს, რედ. გაუკეთეს და გამოსაც. მოამზადეს ბაია ასიეშვილმა და ოთარ ციციშვილმა. 2 გამოცემა. - თბილისი, 1997.
6.    თათარაძე ავ., ქართულ ცეკვათა განმარტებანი, თბილისი, 1986.
7.    თათარაძე ავ., ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიის საკითხები, თბილისი, 1999.
8.    კასრაძე ქ., ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე, თბილისი, ხელოვნება, 1971.
9.    კიკნაძე ზ., შუამდინარული მითოლოგია / გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი. - თბილისი : მეცნიერება, 1976.
10.    კოკოშაშვილი გ., კრიპტოგრამული ნიშნები და ქართული ასომთავრული, სვეტიცხოველი, 2009, № 2.
http://saunje.ge/index.php?id=1091&option=com_content&lang=en
11.    რუხაძე ჯ., ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში, თბილისი, ინტელექტი, 1999.
12.    სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბილისი, მერანი, 1993. წ. 2.
13.    სურგულაძე ი., ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, სამშობლო, თბილისი, 1993.
14.    სვანური პოეზია, I, სიმღერები შეკრიბეს და ქართულად თარგმნეს ა. შანიძემ, ვ. თოფურიამ, მ. გუჯეჯიანმა, თბილისი, 1939.
15.    ქსენოფონტი, ანაბასისი, თ. მიქელაძის რედაქციით. თბილისი, მეცნიერება, 1967. V,4,34.
16.    წულაძე აპ., ეთნოგრაფიული გურია, თბილისი, : საბჭ. საქართველო, 1997.
17.    ჭუმბურიძე კ., იდუმალი იეროგლიფი „ანხ“, ჟურნ.სემიოტიკა, 7, 2010. https://semioticsjournal.wordpress.com/2010/08/21/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AD%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-_-%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98/
18.    ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორიის შესავალი / საქ. სსრ მეცნ. აკად., ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწ. მუზეუმი. - წ. 1: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები. თბილისი, - საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1950.
19.    Мирча Элиаде, СВЯЩЕННОЕ И МИРСКОЕ, М.: Изд-во МГУ, 1994.
20.    Морина Л.П., Ритуальный танец и миф, რელიგია და მორალი სეკულარულ მსოფლიოში. მაცნე, კონფერენციის მასალ. 28-30 ნოემბერი, პეტერბურგი. 2001. http://anthropology.ru/ru/texts/morina/secular_29.html
21.    Энциклопедия, «Символы, знаки, эмблемы», www.slovari.yandex.ru

ნანახია: 1276-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani