Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული ქალაქთმშენებლობითი პრობლემები 1960-1970 წლებში

(თბილისის მაგალითზე)

ნინო ასათიანი
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე

ქართულ ქალაქთმშენებლობაში 1960-70 წლები მისი განვითარების საყურადღებო ეტაპია. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ქალაქების ინტენსიური ზრდა და მათ განვითარებაში მრავალი სიახლე გაჩნდა. ამ პროცესების გააზრება და კრიტიკული შესწავლა დღეს უკვე გადაუდებელ ამოცანად ისახება.
ქალაქთმშენებლობითი მოღვაწეობა - პროექტები და რეალური მშენებლობა ქვემოთ განხილულია ქ. თბილისის მაგალითზე, რადგან სწორედ აქ იყო ჩატარებული უმნიშვნელოვანესი სამუშაოები, რომლებშიც მკაფიოდ აისახა აღნიშნული პერიოდის ახალი ტენდენციები და თავისებურებანი. ამასთან, თბილისი, მისი მნიშვნელობის გამო ერის ცხოვრებაში, ყოველთვის მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი იყო, რადგან ის, როგორც დედაქალაქი, ნიმუშს წარმოადგენდა სხვა ქალაქებისთვის და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მათ განვითარებაზე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თბილისი, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქები, ვითარდებოდა ერთიანი პროგრამის ფარგლებში, საყოველთაოდ დადგენილი კანონების და ნორმების შესაბამისად, რადგან ერთადერთი დამკვეთი და გეზის მიმცემი სახელმწიფო იყო.
1960 წლის ივნისში მოწვეული იყო ქალაქთმშენებლობისადმი მიძღვნილი საკავშირო თათბირი, აქ განხილული იყო ქალაქთმშენებლობის მიმდინარე პროცესში არსებული ნაკლოვანებები და დაისახა განვითარების ახალი გზები. ახალი პროგრამა შემუშავებული იყო იმ პერიოდის მსოფლიო ქალაქთმშენებლობის იდეების და 1950-იანი წლების საკავშირო დადგენილებების გავლენით. მათ შორის - 1955 წ. „ზედმეტობის და სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების შესახებ“ და „საბჭოთა კავშირის საცხოვრებელი მშენებლობის განვითარების შესახებ“ - დადგენილებათა გათვალისწინებით.«Архитектура СССР» N 6, 1960.1955 წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ყრილობაც ეძღვნებოდა საქართველოში ტიპობრივი პროექტირების და საცხოვრებელი მშენებლობის საკითხებს. 1950-იანი წლების ბოლოს უკვე შესამჩნევი გახდა ქალაქების განაშენიანებაში ახალ სტრუქტურაზე გადასვლა, რაც გამოიხატა ახალი საცხოვრებელი რაიონების - მიკრორაიონების სისტემის ჩამოყალიბებაში. ახალ მშენებლობაში წამყვანი როლი ტიპობრივ მშენებლობას მიენიჭა.
ეს ტენდენცია ნათლად იყო ასახული საკავშირო თათბირთან დაკავშირებით მოწყობილ ქალაქთმშენებლობის გამოფენაზეც. საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში განაშენიანება უკვე ხდებოდა მიკრორაიონებით შექმნილი საცხოვრებელი რაიონების სახით, სადაც მოსახლეობის რაციონალური მომსახურება, ქუჩის ქსელის დიფერენცირება პირველ პლანზე იყო წამოწეული. ამავე დროს, ჩნდება სიახლე - „თავისუფალი განაშენიანების პრინციპი“, რაც უკეთესი ჰიგიენური პირობების შექმნის საწინდარი უნდა გამხდარიყო და არქიტექტურულ - მხატვრული თვალსაზრისითაც სივრცის ორგანიზების მეტ და მრავალფეროვან საშუალებას იძლეოდა. ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტიპობრივი მშენებლობის პირობებში. თუმცა, არსებული მაგალითები ცხადყოფდა, რომ ჯერ კიდევ დახვეწას მოითხოვდა დაგეგმარების და განაშენიანების კომპოზიციური ხერხები.
მიკრორაიონი 23-27 ჰექტარით განისაზღვრებოდა (6-12 ათას მაცხოვრებელზე); საცხოვრებლები უნდა ყოფილიყო დაჯგუფებული მომსახურების ობიექტის გარშემო.
პროგრამაში მომსახურების სისტემა სამსაფეხურიანი იყო: პირველადი, ყოველდღიური, პერიოდული.
აღნიშნული პროგრამა საფუძვლად უდევს მთელ შემდგომ განაშენიანებას 1960-იან - 1970-იან წლებში, თუმცა, თანდათან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული პირობების გათვალისწინებით ხდებოდა მისი დახვეწა და მეტ-ნაკლები სიზუსტით განხორციელება.
პირველი მაგალითები ამ ტიპის განაშენიანებისა თბილისში 1950-იანი წლების ბოლოს ჩნდება: საბურთალოს, ნავთლუღის, დიღმის საცხოვრებელი რაიონების ანუ, როგორც მათ უწოდებდნენ, „მასივების“ სახით. მასივები მრავალ ახალ ნიშანს ატარებდა.(ილ. 1)

თბილისის რუკა

საბურთალოს საცხოვრებელი რაიონი - პირველი დიდი მასივი, რომელიც ერთიანი გეგმით აშენდა, მდებარეობს საბურთალოს დასავლეთ განაპირა ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს გზის დასავლეთით. მისი განაშენიანება დაიწყო 1956 წ. (ავტორები: არქ. ა. ბაქრაძე, დ. გრძელიძე, შ. და ი. ყავლაშვილები). განაშენიანებას საფუძვლად დაედო თბილისის პირველ გენერალურ გეგმაში (1933-34 წწ.) დასახული ქუჩების სქემა - ურთიერთპარალელური ვაჟა-ფშაველას, პავლოვის, კანდელაკი-ნუცუბიძის ქუჩების მიმართულება, რაიონის განაშენიანება მიმდინარეობდა გამსხვილებული კვარტლებით (10-12 ჰექტ. ფართობით), სადაც გათვალისწინებული იყო გამწვანებული ეზოების, სპორტული და სათამაშო მოედნების მოწყობა, ხოლო საცხოვრებელ კვარტალებს შორის თავსდებოდა საბავშვო ბაღები, სკოლები, მაღაზიები და სხვა კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტები. ნავარაუდევი იყო სულ 380 კვ. მეტრის საცხოვრებელი ფართის აშენება (სულზე 9 კვადრატული მ) 42 000 მაცხოვრებლისთვის. რაიონი გაშენებულია 4-5 სართულიანი საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც განლაგებულია ერთმანეთის პარალელურად კვარტლების სიღრმეში; ძირითადი ორიენტაცია ჩრდილოეთ-სამხრეთია.
ძალზე დაბალი არქიტექტურულ-გეგმარებითი ღირსების მქონე ტიპობრივი სახლები, მათი მონოტონური განმეორების წყალობით უსახურ, ერთფეროვან კვარტლებს ქმნიდა.
კვარტლების ვრცელი შიდა სივრცეები არარაციონალურად დანაწევრებული და სიმყუდროვეს მოკლებული ეზოების სახით წარმოდგება. „თავისუფალი გეგმარების“ პრინციპი ფეხს იკიდებდა საქართველოში და თავისი ყველაზე პრიმიტიული სახით წარმოგვიდგა საბურთალოს რაიონში. ახალი იყო არა მხოლოდ განაშენიანების პრინციპი, არამედ თვით ტიპობრივი საცხოვრებელი სახლიც.
ვაჟა-ფშაველას პროსპექტის არქიტექტურული სახეც მეტად ღარიბი და უმასშტაბო გამოვიდა. ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ქუჩის განაშენიანების გაუმჯობესების და რიონის სილუეტის ერთგვარი გაცოცხლების მიზნით, მაშინვე გადაწყდა ახალი რვასართულიანი ტიპობრივი ნაგებობების შეყვანა განაშენიანებაში რვასართულიანი ნაგებობის სიმაღლე ბევრად უკეთ მოერგო განიერი ქუჩის და ბუნებრივი გარემოს მასშტაბს, თუმცა, ახალი რაიონისთვის მხატვრული თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუმატებია, რადგან რვა და ხუთსართულიანი ნაგებობების მეზობლობა სრულიად შემთხვევითი იყო და სათანადოდ არ იყო გააზრებული მათი როლი გეგმარებით და სივრცით კომპოზიციაში.რვასართულიანი სახლები ხუთსართულიანი ტიპობრივი სახლების საფუძველზე დამუშავდა და არც გეგმარებითი და არც არქიტექტურული სახით მათ გაუმჯობესებას არ წარმოადგენდა.
საბურთალოს ახალი რაიონის ამგვარმა განაშენიანებამ მთელ ქალაქს საცხოვრებელი ფართობის გაზრდის მნიშვნელოვანი რეზერვი დააკარგვინა. ხუთსართულიანმა სახლებმა დაიკავა თბილისისათვის ესოდენ ძვირფასი და დეფიციტური ვაკე ტერიტორია, რომელსაც თავისი გარემომცველი ლანდშაფტით ყველაზე მეტად - და არსებული ქალაქის არქიტექტურული სახისთვის უმტკივნეულოდ - შეეძლო მაღალსართულიანი განაშენიანების „ატანა“.
ტიპობრივი საცხოვრებელი სახლის მდარე არქიტექტურული ხარისხი და ძალზე შეზღუდული ასორტიმენტი სავალალო გამოდგა როგორც ნავთლუღის, ასევე, დიღმის საცხოვრებელი რაიონებისთვის. ნავთლუღის საცხოვრებელი მასივი ე.წ. „მესამე მასივი“ (არქ. მ. ჯაფარიძე) და დიღმის საცხოვრებელი რაიონი (არქ ი. ჩხენკელი, ნ. მიქაძე, ა. ჯიბლაძე) გეგმარების თვალსაზრისით მჭიდროდ არის დაკავშირებული 1940-იანი და 1950-იანი წლების ტრადიციასთან - მათი ქუჩების ქსელი გარკვეულ გეომეტრიულ-ღერძულ სისტემას ექვემდებარება, მაგრამ, ამასთან ერთად, დიღომში უკვე მიკრორაიონებად დაყოფის პრინციპია გამოყენებული. აქ „თავისუფალი გეგმარების“ პრინციპის გამოყენებაშიც მეტი თავისუფლება იგრძნობა.
დიღმის პროექტი დამუშავებული იყო 1956 წელს, ხოლო მშენებლობა დაიწყო 1960 წელს აქ, საბურთალოსთან შედარებით, მეტი არქიტექტურული მთლიანობაა გამოვლენილი. დაგეგმარებულია ოთხი მიკრორაიონი (16-23 ჰა) და ორი გამსხვილებული კვარტალი (6 ჰა), განიერი ბულვარები მიკრორაიონებს შორისმაცხოვრებელთა რაოდენობა აქ ნავარაუდევი იყო 25 000 მცხ., მწვანე სივრცეები საზოგადოებრივი ნაგებობებით, სპორტული კომლექსი, მიკრორაინების შიდა ეზოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არქიტექტურული კომპოზიციის შექმნაში. მაგრამ აქაც, უმთავრესად, ოთხ-ხუთსართულიან განაშენიანებას სწორედ ისეთი ტერიტორია აქვს დაკავებული, რომელიც თავისი ტიპოგრაფიით, მასშტაბითა და რაიონის მდებარეობით ქალაქის მიმართ, მაღალსართულიანი განაშენიანებისთვის იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი. 1960-იან წლებში აქაც დამატებული იქნა ჯერ 8, ხოლო შემდეგ 14-16 სართულიანი საცხოვრებელი სახლები, რამაც, გარკვეულწილად, გამოაცოცხლა განაშენიანების სილუეტი, მაგრამ ეს სახლები მაინც მექანიკურად ჩართული ელემენტის როლს ვერ ასცდა და სრულფასოვანი არქიტექტურულ-გეგმარებითი კომპოზიციის მიღება აღარ მოხერხდა, თუმცა, საცხოვრებელი ფართის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ სანაპიროს განაშენიანება რაიონის ფარგლებში ყოველგვარ გამომსახველობას არის მოკლებული.
თუ ამ პირველ პროექტებში ფუნქციური ორგანიზების პრინციპები ჯერ კიდევ მთლიანად არ არის ჩამოყალიბებული, 1960-იან წლებში დამუშავებულ პროექტებში უკვე მთელი სირთულით არის წარმოდგენილი მიკრორაიონული გეგმარება. „გლდანის“ (ავტ. თ. ბოჭორიშვილი) და „თემქის“ საცხოვრებელი რაიონები (არქ. ა. ჯიბლაძე, ნ. ასათიანი), უკვე მიკრორაიონებადაა დაყოფილი. (ილ. 2) აქ პირველადი მომსახურების ობიექტების გარშემო (რომლებიც საყოფაცხოვრებო-საზოგადოებრივი მომსახურების სისტემის პირველ საფეხურს წარმოადგენენ) იქმნება საცხოვრებელი სახლების ჯგუფები. მეორე საფეხური მიკრორაიონული ცენტრია.თბილისის გენერალური გეგმის, ასევე, ცალკეული რაიონის დაგეგმარების პროექტები დაცულია სსი „თბილქალაქპროექტის“ და თბილისის მთავრი არქიტექტურის სამმართველოს არქივებში.

თემქის რაიონის განაშენიანება. ავტორები: დ. ჯიბლაძე, ნ. ასათიანი.

გლდანში, რომელიც ერთი მთლიანი რაიონის სახით იყო წარმოდგენილი, დაგეგმარდა მომსახურების მესამე საფეხურიც - რაიონული ცენტრი. (ილ. 3) საცხოვრებელი სახლები ტერიტორიაზე განლაგებული იყო იმგვარად, რომ მათ შორის შექმნილიყო მყუდრო სივრცეები. უკეთ იქნა გააზრებული საცხოვრებელი ჯგუფების კომპოზიცია, რომელიც მთელი მიკრორაინის ერთიანი კომპოზიციის ნაწილს შეადგენდა. უკეთ იყო ორგანიზებული მიკრორაიონების და ქუჩების სილუეტებიც. „გლდანის“ და „თემქის“ დასახლების დაგეგმარებით თანდათან დაიწყო ქალაქის გენერალური გეგმის თანახმად ქალაქის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორიების ათვისება. ქალაქმა „თბილისის ზღვის“ მიმართულებით დაიწყო ზრდა. (ილ. 4) „თემქის“ მეცხრე და მეათე მიკრორაიონს მოჰყვა მეთერთმეტე მიკრორაიონის დაგეგმარება, რომელიც უკვე უშუალოდ ემიჯნებოდა თბილისის ზღვას. ქალაქის განვითარების გეზის ცვლა გენერალურ გეგმაში კიდევ უფრო განვითარდა.

გლდანის რაიონის განაშენიანება. ავტორი  - ტ. ბოჭორიშვილი.

„თემქის“ საცხოვრებელ რაიონში, ისევე, როგორც გლდანში, გათვალისწინებული იყო სამსაფეხურიანი სისტემა. განაშენიანებაში გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა სიმაღლისა და გაბარიტების ტიპობრივი ნაგებობების გამოყენება, რათა შექმნილიყო გამომსახველი სილუეტი და გაცოცხლებულიყო მიკრორაიონის სივრცობრივი კომპოზიცია, განაშენიანება უკეთ ყოფილიყო შეთანხმებული გარემოსთან. პროექტის ავტორები ხშირად მიმართავენ გრძელი, ჰორიზონტალური მოცულობისა და კოშკურა სახლების დაპირისპირების ხერხს. ამავე დროს, აქ ახალი ტენდენციაც არის აღსანიშნავი - ეს არის მიკრორაიონებში საცხოვრებელი სახლების ჯგუფების შიდა სივრცეების გამოვლენის და მათი სივრცობრივი ორგანიზების ცდა თბილისისათვის დამახასიათებელი მყუდრო საერთო ეზოების მსგავსად. (ილ. 4)

თბილისი, ზღვის უბანი

თუმცა, ინდუსტრიულ-ტიპობრივი მშენებლობის პირობებში, სახლების მსხვილი მასშტაბის გამო ძნელი ხდებოდა სასურველი ეფექტის მიღწევა. მიკრორაიონებში დაგეგმარებული იყო ვრცელი მწვანე ფართობები და იზრდებოდა მათი როლი არქიტექტურულ კომპოზიციაში. ამ ახალი პრინციპების დანერგვა ხდება მთელი 1960-იანი წლების განმავლობაში, მაგრამ მათი ჩამოყალიბება სრული სახით მხოლოდ თბილისის მესამე გენერალური გეგმის შედგენის და დამტკიცების შემდეგ მოხდა.
გენერალური გეგმის შედგენა 1960-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო (ავტორები: არქ. ი. ჩხენკელი, ა. ჯიბლაძე, გ. ჯაფარიძე, გ. შავდია, ეკონომისტები: ლ. ლორთქიფანიძე, ი. ბოლქვაძე). მუშაობა პროექტზე დაიწყო 1960 წელს, დამტკიცდა იგი 1970 წელს; ამ დიდ ქალაქმშენებლობით პროექტში აისახა ყველა მნიშვნელოვანი ნიშანთვისება და ტენდენცია აღნიშნული ეტაპისა.(ილ. 5)

თბილისის ცენტრი (მაკეტი). ავტორები: ი. ჩხენკელი, დ. ჯიბლაძე, გ. ჯაფარიძე, გ. შავდია.

თავდაპირველად შედგა ქალაქის საზღვრების სქემა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. პროექტი შედგენილი იყო 30 წლის პერსპექტიული ვადით - 2000 წლამდე. თბილისის მაცხოვრებელთა რაოდენობა 1 250 000 მაცხოვრებლით განისაზღვრა.
პროექტის კონსულტანტი იყო მოსკოვის „გიპროგორის“ დაგეგმარების მეორე სახელოსნოს ხელმძღვანელი, არქიტექტორი ა.ნ. კუზნეცოვი.
მესამე გენერალური გეგმა მისი წინამორბედი ორი გენერალური გეგმისგან, უმთავრესად, განსხვავდებოდა ქალაქმშენებლობის ღონისძიებათა ფართო მასშტაბით. აქ მნიშვნელოვნად განვითარებული იყო ყველა ის პროგრესული პრინციპი, რაც პირველსავე გენერალურ გეგმაში იქნა დასახული. ამავე დროს, ახალი პროექტი მნიშვნელოვან სიახლესაც შეიცავდა. სხვაობა, უმთავრესად, ეხებოდა ტერიტორიული ზრდის მიმართულებას და მასთან დაკავშირებულ გეგმარებით სქემას, ცენტრის საკითხის გადაწყვეტას, განაშენიანების პრინციპებს.
დროის მოთხოვნათა შესაბამისად, პროექტის ავტორების წინაშე იდგა ქალაქის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური და არქიტექტურული საკითხების გადაწყვეტის მრავალი არსებული დეფექტის მოსპობის საკითხი. მათგან უმთავრესი იყო: 1. ძირითადი ფუნქციური ზონების ჩამოყალიბება - სამრეწველო-საცხოვრებელი ცენტრი; 2. საცხოვრებელი ტერიტორიების გეგმარებითი სტრუქტურის განსაზღვრა; 3. მაგისტრალების სისტემის ჩამოყალიბება საერთო - საქალაქო, რაიონული და ადგილობრივი გზების გამოყოფით; 4. მწვანე ნარგავთა უწყვეტი სისტემის შექმნა ბულვარების, სკვერების, სანაპიროების და დიდი პარკების ერთობლიობით; 5. მრეწველობის განვითარება სათანადო ზონებში და ამ ზონებში ქალაქიდან არსებული სამრეწველო ობიექტების გატანა. 6. სანიტარული „გარღვევების“ დადგენა ძირითად ზონებს შორის.
აღნიშნული პროექტის მიხედვით ქალაქის გრძივი განვითარება უნდა შეზღუდულიყო და ტერიტორიული გაფართოება თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიების ხარჯზე იგეგმებოდა. ქალაქის პერიფერიაზე მდებარე „თბილისის ზღვა“ თანდათან უნდა მოქცეულიყო განაშენიანების რკალში. ქალაქი კომპაქტური უნდა გამხდარიყო ცხრა ძირითადი გეგმარებითი რაიონით:
1. „დიღომი“ - დიღმის მასივი და დიღმის საბჭოთა მეურნეობის მიწები; 2. „ავჭალა გლდანი“ - მაგნიტოგორსკის (ახლა - თ. ერისთავის) ქუჩის ჩრდილოეთით, ქალაქის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორია; 3. „ვაკე-საბურთალო“ - ვარაზისხევის ქუჩიდან ბაგებამდე, საბურთალოში სამხედრო გზამდე და ვაშლიჯვრამდე სამხედრო გზის დასავლეთ ფერდობზე; 4. „ცენტრალური“ გეგმარებითი რაიონი - მტკვრის ორსავე ნაპირზე ნავთლუღის ქუჩის ჩრდილო-დასავლეთით. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი „თბილისის ზღვის“ ნაპირების გასწვრივაა; ამ რაიონში შედის საერთო საქალაქო ცენტრი; 5. „საჯეირნო“ – „თბილისის ზღვის“ აღმოსავლეთით მდებარე ვარკეთილის მეურნეობის მიწები; 6. „ვარკეთილის“ - კახეთის რკინიგზასა და „თბილისის ზღვას“ შორის; 7. „ნავთლუღის“; 8. „სოღანლუღის“ - სოფ. სოღანლუღის ტერიტორიაზე; 9. „ლილოს რაიონი“.
სამრეწველო ზონა ხუთ რაიონს მოიცავს: ავჭალა, დიდუბე, ნავთლუღი, ლილო, კიროვის რაიონი. ამ სამრეწველო რაიონების გარდა, ქალაქში კვლავ დიდი რაოდენობით რჩებოდა სამრეწველო ობიექტები, რომლებიც მავნე არ იყო და ამიტომ საპროექტო ვადებში მათი გატანა სპეციალურ სამრეწველო რაიონებში ჯერ არ ხორციელდებოდა.
ადრინდელთან შედარებით გენერალურ გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობოდა სასაწყობო და კომუნალურ ტერიტორიებს. ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის განცალკევებული ზონების შექმნა იყო ნავარაუდები. პერსპექტიულ ამოცანათა შორის უმთავრესი საცხოვრებელი განაშენიანების ახალი პრინციპების დამკვიდრება, ქალაქის ცენტრის განვითარების საკითხის დასმა იყო.ანალოგიური ამოცანებია დასახული თბილისის პირველ გენერალურ გეგმაში (იხ. ნ. ასათიანი „20-იანი-30-იანი წლების ქლაქთმშენებლობა საქართველოში“ - რუსულ ენაზე, 1984, ქ. თბილისი)თბილისის ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი დიდი მასშტაბით, მთელი ქალაქის განვითარების გათვალისწინებით ცენტრის როლის განსაზღვრა და ქალაქის სივრცით კომპოზიციაში ცენტრის პრობლემის დაყენება.
პროექტში დიდი ყურდღება აქვს დათმობილი ტრანსპორტის საკითხსაც და მასთან დაკავშირებულ მაგისტრალთა სისტემის შექმნას. ფუნქციურმა და ტრანსპორტის პრობლემებმა ერთგვარად დაჩრდილა კიდეც არქიტექტურულ-მხატვრული ამოცანები ქალაქის კომპოზიციის გადაწყვეტის პროცესში. ეს ვითარება დამახასიათებელია არა ერთი ქალაქისათვის სატრანსპორტო მოძრაობის სწრაფი ზრდის პირობებში, მაგრამ ისეთი ისტორიული ქალაქისათვის, როგორიც თბილისია, მისი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მნიშვნელობის გამო ერის ცხოვრებაში და, ასევე, განსასკუთრებული ბუნებრივი პირობების გამო, არქიტექტურულ-მხატვრულ ჩანაფიქრს სათანადო მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა. შესაძლოა, საკითხის დიდი სირთულის გამო, თბილისის დაგეგმარების ვერც ერთ პროექტში (3 გენერალური გეგმა) მხატვრულმა საკითხებმა ვერც სათანადო გაშუქება, ვერც სათანადო გადაწყვეტა პოვა.ასევე, მხოლოდ ცენტრთან დაკავშირებით დგებოდა მხატვრული კომპოზიციის საკითხი პირველ გენერალურ გეგმაში (იხ. ნ. ასათიანი „20-იანი-30-იანი წლების ქალაქთმშენებლობა საქართველოში“ - რუსულ ენაზე, თბ., 1984).
ფუნქციური საკითხები თავიდანვე მაღალ დონეზე წყდებოდა. ფუნქციურ და ესთეტიკურ საკითხთა შეუთანხმებლობამ კი ქალაქს გარკვეული დაღი დაამჩნია.
თბილისის გენერალური გეგმით ქუჩების ქსელის დაგეგმარებას საფუძვლად დაედო მოსკოვის ტრანსპორტის სპეციალისტების მიერ მეცნიერულ დონეზე გაანგარიშებული წანამძღვრები, რომლებიც შედგენილი იყო ოცდაათწლიანი პერსპექტივის გათვალისწინებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ გენერალურ გეგმასთან შედარებით, რომელშიც დაგეგმილი იყო მეტად ხისტი გეომეტიული სქემა - ქუჩებისა და კვარტლების გამო ზედმეტად დანაწევრებული ბადე, ახალ პროექტში გეგმარებით სქემას მეტი მოქნილობა ახასიათებს, ქუჩების მიმართულება ითვალისწინებს რელიეფის თავისებურებას. ქალაქის ტერიტორიული განვითარების ახალი მიმართულების შესაბამისად, ტრადიციული გრძივი სქემა წრიულ მაგისტრალთა სისტემაში ერთვება, რათა „თბილისის ზღვის“ გაღმა მოქცეული ახალი საცხოვრებელი რაიონები ორგანულად დაუკავშირებული ყოფილიყო არსებულ ქალაქთან. (ილ. 6)

თბილისი, ზღვის უბანი. საცხოვრებელი რაიონი

საყურადღებოა განტვირთვის მიზნით ქალაქის გარსშემოსასვლელი მაგისტრალების დაგეგმარება სატრანზიტო მაძრაობისათვის, თვით ქალაქში კი - დიფერენცირებული ქსელი რაიონული და საქალაქო გზების გამიჯნვით, სატრანსპორტო კვანძებით და მოძრაობის რამდენიმე დონეზე გადაწყვეტით. განსაკუთრებით ინტენსიური მოძრაობის უბნების, არსებული გრძივი მაგისტრალების განვითარებასთან ერთად, პროექტით ნავარაუდევია მათი პარალელური დუბლიორების შექმნა და, აგრეთვე, დიდი გამტარუნარიანობის განივი კავშირების საშუალებით ქალაქის ორი ნაწილის, მტკვრის ორი ნაწილის უკეთ დაკავშირება. გადამწყვეტი როლი გენ-გეგმის დამუშავებისას ითამაშა საცხოვრებელი განაშენიანების ინტერესებმა. საპროექტო ვადისათვის ნავარაუდევი იყო ქალაქში 10,5 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობის აშენება. აქედან, თავისუფალ ტერიტორიებზე - 7,6 მილიონი კვადრატული მეტრისა, რისთვისაც გამოყოფილი იყო 5000 ჰექტარი თავისუფალი ტერიტორია. ახალი მშენებლობის განლაგების სქემის სამი ვარიანტი დამუშავდა. საბოლოოდ მიღებული იყო პირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით მშენებლობა დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთთ ვითარდებოდა დიღომში, ავჭალასა და გლდანში, ხოლო აღმოსავლეთით - ვარკეთილსა და საჯეირნოში. არსებულ ქალაქზეც მშენებლობის მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა. „დიდ დიღომში“ – 1700 ჰა-ზე უნდა აშენებულიყო 2700 ათასი კვ. მეტრი 225000 მაცხოვრებლისათვის; „ავჭალა-გლდანში“ – 900 ჰა-ზე, შესაბამისად, 1440 კვ. მეტრი 120 000 მაცხოვრებლისათვის, „ვარკეთილის“ რაიონი მოიცავდა 1800 ჰექტარს. აქ უნდა აშენებულიყო 290 000 კვ.მ. საცხ. ფართობი 250 000 მაცხოვრებლისათვის, „ლოტკინის მთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე - 105 ჰექტარზე 20 000 მაცხოვრებლისათვის 265 ათასი კვ. მეტრი.
ვაკეში ნავარაუდევი იყო 90 000 კვ. მეტრის აშენება და 7000 მაცხოვრებლის დაკმაყოფილება.
საცხოვრებელი ფონდის 28% უნდა განთავსებულიყო ქალაქის განაშენიანების რაიონების რეკონსტრუქციის ხარჯზე, რაც გულისხმობდა ერთი-ორ სართულიანი და ამორტიზებული სამსართულიანი შენობების შეცვლას ახალი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით.
სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილების შესაბამისად, რომელიც მრავალსართულიან მშენებლობას მოითხოვდა ქალაქებში, თბილისშიც უპირატესობა ცხრა-თექვსმეტსართულიან სახლებს ენიჭებოდა. თუ გავითვალისწინებთ თბილისის მდებარეობას, ასეთი ზოგადი რეკომენდაცია სრულიად არასაკმარისად უნდა ჩაითვალოს. ცალკეული რაიონების ბუნებრივი თავისებურების გამო გენერალური გეგმით მიზანშეწონილი იქნებოდა, განსაზღვრულიყო სასურველი ან ოპტიმალური სართულიანობა, მომხდარიყო ერთგვარი ზონირება, ვიდრე დაიწყებოდა ცალკეული რაიონის განაშენიანება, რომელსაც სპეციფიკური ბუნებრივი პირობები ახასიათებდა.
გენერალური გეგმა არ იძლეოდა ქალაქის სივრცით კომპოზიციაში და სილუეტში ცალკეული რაიონის სავარაუდო როლის განსაზღვრას, არ განსაზღვრავდა სართულიანობას მისი მდებარეობის და ლანდშაფტის მიხედვით. საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ შემდგომში ბევრი ძნელად გამოსასწორებელი შეცდომა გამოიწვია ახალ განაშენიანებაში.
ერთადერთი ღონისძიება, რასაც გენერალური გეგმა სახავდა განაშენიანების და გარემოს შეხამების თვალსაზრისით, ეს იყო პერიფერიული ფერდობების გაშენება დაბალსართულიანი ტერასული სახლებით. ამ ტიპის განაშენიანება მთელი მშენებლობის 30-40% უნდა ყოფილიყო და რელიეფთან შერწყმით უკეთ გამოევლინა თბილისის ცხოველხატული ლანდშაფტის თავისებურება.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ უკვე სამოციანი წლების ბოლოს ასეთი დეტალური პროექტები დამუშავდა კანდელაკის ქუჩის მიმდებარე ფერდობებისთვის (არქ. გ. შავდია, გ. კალმახელიძე) და ვაკის ფერდობებისათვის (არქ. გ. მაჭუტაძე, ლ. ბუმბიაშვილი, დ. თეთრაშვილი). ამ პროექტის დამუშავებამ ცხადჰყო, რომ ფერდობებისათვის და რთული მთაგორიანი რელიეფისათვის ძალზე პერსპექტიული და მიზანშეწონილია დაბალსართულიანი განაშენიანება, რაც კარგად ერწყმის გარემოს, მის ტოპოგრაფიას და მასშტაბს, ხელს უწყობს ინდივიდუალური სახის ფორმირებას. ყველა დასახელებული პროექტი ტერასული განაშენიანების განსხვავებულ ხერხს მიმართავდა, რაც მოითხოვდა ძვირადღირებულ მიწის სამუშაოებს, სამწუხაროდ, ვერც 1960-იან, ვერც 1970-იან წლებში მოხერხდა ფერდობებისათვის ტერასული მშენებლობისთვის საჭირო სახლების პროექტების საბოლოოდ დამუშავება და დამტკიცება, რამაც გამოიწვია ის გარემოება, რომ ხსენებული ფერდობების განაშენიანება წარიმართა მაღალსართულიანი ტიპობრივი სახლებით, რომლებიც უმთავრესად ვაკეზე მშენებლობისთვის იყო დამუშავებული. უფრო დეტალურად ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.

თბილისი, ზღვის მომსახურეობის ობიექტების განთავსების გეგმა

გენერალურ გეგმაში მოცემული ექვსი ძირითადი ზონიდან ყველაზე მეტად განვითარებული იყო საცხოვრებელი ზონა. ახალ საცხოვრებელ რაიონებს ახასიათებდა ერთგვარი ავტონომია. ისინი განთავსებული იყო თავისუფალ ტერიტორიებზე, უმთავრესად, „თბილისის ზღვის“ გარშემო, (ილ. 7) გამჭოლი მაგისტრალების გასწვრივ და წარმოადგენდა დამოუკიდებელ ერთეულებს, სადაც შექმნილი უნდა ყოფილიყო ყველა პირობა მაცხოვრებელთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ახალ რაიონებს კიდევ ის უპირატესობა ჰქონდა სარეკონსტრუქციო ზონაში ნავარაუდევი საცხოვრებელი მშენებლობის უბნებთან შედარებით, რომ აქ უფრო იოლად შეიძლებოდა სოციალური მომსახურეობის ორგანიზება თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. ახალი რაიონების სტრუქტურაში აღსანიშნავია მწვანე მშენებლობის ხვედრითი წონის მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან ერთად, საყურადღებოა კიდევ ერთი ახალი ტენდენცია - ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის გამიჯნვა რაიონის და მიკრორაიონის ფარგლებში, აგრეთვე, საცხოვრებელ რაიონებსა და მიკრორაიონებში საზოგადოებრივი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დაწესებულებების ქსელის გაფართოება და მათი თავმოყრა რაიონულ ცენტრებში. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, აგრეთვე, ცენტრის განტვირთვას ტრანსპორტისგან და ხალხის დიდი მასების კონცენტრაციისაგან. (ილ. 8)

თბილისი, ზღვის უბანი. ტრანსპორტისა და ფეხმავლთა მოძრაობის გეგმა

გენერალური გეგმის პროექტში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული ქალაქის ცენტრის პრობლემას. სწორედ ცენტრი დაუსახავთ ავტორებს არქიტექტურული იდეის ძირითად გამომსახველ ელემენტად. ტერიტორიულად იგი დიდად იყო გაფართოებული და ქალაქის კომპოზიციაში დიდი მასშტაბის ელემენტის სახით იყო წარმოდგენილი. მასთან ორგანულად იყო დაკაშირებული დიდი საცხოვრებელი რაიონების საზოგადოებრივი ცენტრები.
პროექტში მოცემული იყო მხოლოდ ძირითადი მონახაზები და რეკომენდაციები, რაც საკითხის შემდგომ დამუშავებას გულისხმობდა დეტალური დაგეგმარების პროექტის სტადიაზე, მაგრამ, თავისთავად, საკითხის დაყენება ასე მასშტაბურად მეტად მნიშვნელოვანი იყო ქალაქის პერსპექტიული განვითარებისთვის.
ცენტრის ზონა მიჰყვებოდა არსებულ სტრუქტურას, წლების მანძილზე გრძივად განვითარებულ ცენტრს რუსთაველის გამზირის გასწვრივ, გრძელდებოდა ორთაჭალისკენ, მოიცავდა ბალნეოლოგიურ კურორტს, 300 არაგველის ობელისკს და მთავრდებოდა ორთაჭალა-კრწანისის რიონული ცენტრით, ასევე, გრძივად ვითარდებოდა ცენტრის ზონა დიღმის მხარეს, მიჰყვებოდა სამხედრო გზატკეცილს ვაკისა და საბურთალოს რაიონული ცენტრებისკენ განშტოებით და მთავრდებოდა დიღმის საცხოვრებელი რაიონის ცენტრით. ცენტრის ზონა მოიცავდა, აგრეთვე, ისტორიული ნაკრძალის რაიონს,თბილისის პირველი გენერალური გეგმის მიხედვით ცენტრი თავისუფლების (ლენინის) მოედანზე თავსდებოდა. არ იყო განსაზღვრული მისი შემადგენლობა, ფუნქციური ან მხატვრული როლი. არქიტექტურული გადაწყვეტა ემყარებოდა მის აქცენტირებას 12 სართულიანი შენობით. (ილ. 9, 10)

კრწანისი. დეტალური დაგეგმარების პროექტი. ძირითადი ნახაზი.

კრწანისი. დეტალური დაგეგმარების პროექტი.

ცენტრის განვითარების საკითხი არც შემდგომ წლებში დასმულა. ეს კი დიდი დანაკლისი იყო თბილისისთვის, რადგან უმთავრესი ცენტრის წარმოქმნილი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და საზოგადოებრივი ობიექტები წლების მანძილზე შენდებოდა ქალაქის განვითარების პერსპექტივის გაუთვალისწინებლად, ხშირად - შემთხვევით ადგილზე. აშკარად ეტყობოდა ქალაქის კომპოზიციური ცენტრის უქონლობა.მტკვრის მარჯვენა ნაპირს, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას, ნარიყალას, სეიდ-აბადს, ქალაქის ისტორიულ გალავანს, ბარათაშვილის ქუჩას, ყოფ. ორთაჭალის ბაღებს; მარცხენა ნაპირს - შაუმიანის (ახლა - ქეთევან წამებულის) ქუჩის ფარგლებში, ღვინის აღმართამდე. ცენტრის ზონაში მოქცეული იყო, აგრეთვე, კიბალჩიჩის ხევის (ახლა - ე. ახვლედიანის) ცალკეული მონაკვეთები და მთაწმინდის კალთებზე განლაგებული ისტორიულად და არქიტექტურულად მნიშვნელოვანი ობიექტები.
ქალაქის ტერიტორიული განვითარების შესაბამისად, რაც მტკვრის მარცხენა ნაპირზე და „თბილისის ზღვის“ გარშემო იყო განსაზღვრული, ცენტრის ზონა ამ უბანშიც მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს. ცენტრი ვითარდებოდა პლეხანოვის (ახლა - დავით აღმაშენებლის) პროსპექტის გასწვრივ და გამჭოლად გადიოდა აღმოსავლეთის მიმართულებით ბულვარების და ბაღების ზოლით თბილისის ზღვამდე. ეს მწვანე ტერიტორიები, მომავალი განაშენიანების გათვალისწინებით, ცენტრის პერსპექტიული განვითარებისთვის მომავალ რეზერვს წარმოადგენდა.
საყურადღებოა პროექტში წამოყენებული ზოგიერთი მოსაზრება, რომელიც კონკრეტულ წინადადებებს შეიცავდა არსებული ცენტრის ცალკეული მონაკვეთის და ობიექტისათვის, კერძოდ, რუსთაველის პროექტი იყო ის მონაკვეთი, სადაც ავტორების მოსაზრებით უნდა ჩატარებულიყო მნიშვნელოვანი ქალაქმშენებლობითი ღონისძიებანი. ამ მოსაზრებას პროექტის ტრანსპორტისაგან განტვირთვის და ქალაქისკენ მისი გახსნის იდეა ედო საფუძვლად.
როგორც აღვნიშნეთ, ქალაქის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბება და მისი სივრცის ორგანიზაციის საკითხი გენერალურ გეგმაში სათანადოდ არ იყო დაყენებული, არც გადაწყვეტილი. მით უფრო გაუგებარია პროექტით რეკომენდირებული რუსთაველის პროსპექტის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. გენერალური გეგმით ნავარაუდევი იყო ქალაქის საბჭოს შენობის დანგრევა და „კომკავშირის ხეივნისკენ“ (ახლა - სოლოლაკის) ხედის გახსნა.იხ. ნ. ასათიანი „20-იანი-30-იანი წლების ქალაქთმშენებლობა საქართველოში“ - რუსულ ენაზე, თბ., 1984.პროექტით უნდა დანგრეულიყო, აგრეთვე, სამხატვრო გალერეის შენობა, რათა მის უკან მდებარე პარკი გახსნილიყო პროსპექტისკენ. უნდა დანგრეულიყო, ასევე ყოფ. „ინტურისტის“ სასტუმროს შენობა მტკვრის მიმართლებით ხედის გასახსნელად ამ უბანზე.მოედნები ლანდშაფტისკენ გახსნილი ხედით პირველსავე გენერალურ გეგმაში იყო რეკომენდირებული, მაგრამ ეს მხოლოდ ახალ მოედნებს ეხებოდა.რუსთაველის პროსპექტზე, მის გაგრძელებაზე, ყოფ. ლენინის (ახლა - მერაბ კოსტავას) ქუჩაზე კიდევ არა ერთი ღონისძიება იყო ნავარაუდევი (ოპერის ბაღის გაფართოება, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი ესკალატორის მოწყობა და სხვა).
პროექტით მიზანშეწონილად იყო მიჩნეული გენერალური გეგმის შედგენამდე არსებული იდეის განხორციელება, რაც გულისხმობდა რუსთაველის პროსპექტის „გასწორებას“ „ივერიიდან“ ფილარმონიამდე და, აგრეთვე, ამ მონაკვეთის გახსნას მტკვრის მიმართულებით. რუსთაველის პროსპექტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით იგეგმებოდა ძნელაძის (ახლა - რ. თაბუკაშვილის) ქუჩის გაფართოება და მისი მნიშვნელობის გაზრდა, როგორც პროსპექტის სატრანსპორტო დუბლიორისა.
ამრიგად, სულ 1 კმ-ის სიგრძის პროსპექტი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ჩამოყალიბებული მომხიბვლელი ქუჩაა თავისი პლასტიკური მოხაზულობით, ადამიანური მასშტაბით, სიმყუდროვით და ყველაზე ნაკლებად მოითხოვდა რეკონსტრუქციას, ყველაზე ინტენსიური ცვლილებების ობიექტად იქცა და მთელი სიმძიმე მას დააწვა. ასეთი დიდი რაოდენობის „გახსნები“ და კურდონერები უდაოდ დაუკარგავდა მას იმ არქიტექტურულ-სივრცით მთლიანობას, რაც მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და რის გამოც პროსპექტი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ უბანს წარმოადგენს. დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ იმ იდეის სავალალო შედეგს რუსთაველის მოედნის მიდამოებში - გაირღვა ქუჩის პლასტიკური ხაზი, ახალი მოედნის გარშემო მდებარე ყველა ნაგებობამ, ძველმა თუ ახალმა, დაკარგა მასშტაბი, უმასშტაბოა თვით გახსნილი სივრცე ამ უბნისათვის, გარდა ამისა, სრულიად გაუმართლებელი იქნებოდა ისეთი ნაგებობების მოსპობა პროსპექტსა და თავისუფლების მოედანზე, როგორიც სამხატვრო გალერეა და ქალაქის საბჭოს შენობებია, რომლებიც თავისი ეპოქის მნიშვნელოვან არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლებს წარმოადგენენ, კარგად ერწყმიან გარემოს. განსაკუთრებით კი - სამხატვრო გალერეა, რომელიც მოხდენილად არის შეხამებული როგორც პროსპექტთან, ასევე პარკთან.
უდაოდ წინააღმდეგობაში ვარდებიან ავტორები, რომლებიც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად აფართოებენ ისტორიული ნაკრძალის ზონას მტკვრის ორსავე ნაპირზე, მეორე მხრივ კი, ასე იოლად სწირავენ ქალაქის ცენტრის როგორც არქიტექტურის, ისე ქალაქმშენებლობის თვალსაზრისით ბევრად უფრო მნიშვნელოვან ძეგლებს. ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხში აშკარად არ ჩანს რაიმე ერთიანი პრინციპი ან რაიმე დასაბუთებული ხუროთმოძღვრული იდეის არსებობა. დარღვეულია, აგრეთვე, პროპორციული შეფარდება მთლიანი ქალაქის ხუროთმოძღვრული სახის მაორგანიზებელ და რუსთაველის პროსპექტის არქიტექტურული რეკონსტრუქციის იდეას შორის.
ამრიგად, ორი წინამორბედი გენერალური გეგმის მსგავსად, არც ამ პროექტის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ხუროთმოძღვრული განვითარების რაიმე იდეაა წამოყენებული, გარდა ტერიტორიული განვითარების მიმართულების შეცვლისა და ცენტრის - ვრცელი, განვითარებული ბირთვის - ფორმირების საკითხის დაყენებისა.
გენერალურ გეგმაზე მუშაობის დაწყებასთან ერთად დაიწყო ქალაქის საგარეუბნო ზონის პროექტზე მუშაობა (ავტ. არქ. ი. კოჩინაშვილი, ლ. ხუციშვილი, ლ. თეთრაშვილი, ეკონომისტი ლ. ლორთქიფანიძე).
საგარეუბნო ზონის პროექტი არ ეხებოდა ამ ზონაში სოფლის მეურნეობის საკითხებს. მასში მხოლოდ ქ. თბილისის და ქ. რუსთავის მაცხოვრებელთა მასობრივი დასვენების საკითხი იყო გადაწყვეტილი. ეს პროექტი დამტკიცდა გენერალური გეგმის ტექნიკურ-ეკონომიკურ დებულებებთან ერთად 1968 წელს.
საგარეუბნო ზონა განსაზღვრული იყო საშუალოდ 50 კმ. რადიუსით შემოფარგლული ტერიტორიის სახით. ამ საზღვრებში შესწავლილი იყო არსებული საკურორტო ადგილები: წყნეთი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, კოჯორი, ბეთანია, კიკეთი, მარტყოფი, თიანეთი, საგურამო და სხვა, რომლებიც ქალაქიდან 0,5 საათის სავალზე მდებარეობდნენ. გარდა ამისა, საკურორტო და ტურიზმის პუნქტები გამოყოფილი იყო ამ ზონაში მოქცეული ტბების მიდამოებში: ბაზალეთის, ლისის, კუმისის, ჯანდარის ტბებთან და ივრისა და სამგორის წყალსაცავებთან. გამოვლენილი იყო, აგრეთვე, ახალი საკურორტო ადგილები: ბევრეთი, წოდორეთი, ცივი-კალა, ივანოვკა და სხვა (ეს, უმეტესად, კლიმატური კურორტებია). პროექტი სახავდა, აგრეთვე, ამ ზონაში მოქცეული არქიტექტურული ძეგლების რესტავრაცია-კეთილმოწყობას ტურიზმის განვითარებისათვის, ტურბაზების, კემპინგების ფართო ქსელის შექმნას, საავტომობილო გზების განვითარებას, წყალსაცავებთან პლაჟების კეთილმოწყობას და სხვა მრავალ ღონისძიებას, რაც მიმართული იყო მოქალაქეთა როგორც ცენტრალური, ასევე, პერიფერიული უბნების რეკონსტრუქცია-დაგეგმარებაზე.
1960-იანი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კონკურსი რუსთაველის მოედნის პროექტზე. კონკურსი ჩატარდა 1965 წელს. თბილისის უმთავრესი საპროექტო ინსტიტუტების მონაწილეობით, წარმოდგენილი იყო ოთხი პროექტი, რომლებიც, უმთავრესად, ორიენტირებული იყო უკვე ასებულ იდეაზე - პროექტის გასწორებაზე და მოედნის გაფართოებაზე. საკონკურსო პროექტებში მოედნის სივრცობრივი კომპოზიცია მისი სივრცის მტკვრისკენ გახსნას გულისხმობდა.როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს აზრი გენერალურ გეგმის პროექტშიც იყო გატარებული.ამავე დროს, უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი სატრანსპორტო პრობლემა. ერთ-ერთი ღონისძიება, რაც ამ საკითხის გადაწყვეტას ეხებოდა, იყო „საქნახშირის“ (ახლა - საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის) სახლის პირდაპირ მდებარე სახლის აღება. ოთხივე პროექტში ეს აზრია ასახული. ეს პროექტები ერთი მეორისგან პრინციპულად დიდად არ განსხვავდებოდა, მაგრამ სხვაობა მაინც აღსანიშნავია. განსხვავებული იყო თვით მოედნის მდებარეობა. მაგ., არქ. ო. კალანდარიშვილის პროექტში მოედანი „ივერიის“ მარჯვნივ მდებარეობდა, ი. ზაალიშვილის პროექტში „ივერიის“ პირდაპირ სიღრმეში იყო შეწეული, კ. ჩხეიძის პროექტში კი „საქნახშირის“ შენობის წინ თავსდებოდა. პროექტებში მოედანს მნიშვნელოვანი ფართობი ეთმობოდა გარემოსა და პროსპექტის მასშტაბის გათვალისწინების გარეშე. გაუმართლებელი დანაკლისი იქნებოდა, აგრეთვე, ხსენებული საცხოვრებელი სახლის აღება, არც სატრანსპორტო საკითხის გადაწყვეტით იყო საინტერესო რომელიმე მათგანი, თუმცა, ერთნი ქვედა პარალელური მაგისტრალის, მეორენი ზედა მაგისტრალის დახმარებით ცდილობდნენ ამოცანის გადაწყვეტას.
პროექტების განხილვისას ცხადი გახდა, რომ სათანადო დონეზე ამოცანა გადაწყვეტილი არ იყო და თუმცა, პირველი პრემია ს. ზაალიშვილის პროექტმა დაიმსახურა, მისი არც დამუშავება და არც განხორციელება შემდგომში არ მომხდარა.
ეს მოედანი არქიტექტურული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მხოლოდ მომდევნო პერიოდში, 1980-83 წლებში მოექცა. ახალ პროექტში (არქ. ო. კალანდარიშვილი) შენარჩუნებული იყო კონკურსის ძირითადი დებულებები.
თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სანაპიროების განაშენიანების საკითხი. გარკვეულწილად უარყოფითმა ტენდენციამ, ამ მხრივ, უკვე 1950-იან წლებში იჩინა თავი, რაც გამოიხატა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დიდი მოცულობის და სიგრძის საცხოვრებელი სახლების სანაპიროს პარალელურად განთავსებაში. ეს სახლები გრძელი ფრონტით სანაპიროს დიდ მონაკვეთებს მიჯნავდნენ მათი მიმდებარე განაშენიანებისგან. სანაპირო კვლავ ჩაკეტილი რჩებოდა, ამასთან, თვით ნაგებობების გრძელი, ხისტი მოცულობა არ შეესაბამებოდა სანაპიროს პლასტიკურ მოხაზულობას.
1960-იან წლებში ამ თვალსაზრისით ორი საინტერესო პროექტი იყო შედგენილი. პროექტები სანაპიროების განაშენიანების სრულიად განსხვავებულ გადაწყვეტას ემყარებოდა, თბილისის მდებარეობის თავისებურების და არსებული განაშენიანების გათვალისწინებით. ერთი პროექტი ითვალისწინებდა კინოსტუდიის წინ მდებარე სანაპიროს მონაკვეთის განაშენიანებას საცხოვრებელი სახლებით (არქ. მ. კომახიძე), მეორე - „რიყის“ რეკონსტრუქციას (არქ. შ. ყავლაშვილი, რ. კიკნაძე, ვ. ქურთიშვილი, 1965 წ.).
პირველი პროექტი მოიცავდა სანაპიროს ძალზე მცირე მონაკვეთს - „მუშტაიდის“ ბაღიდან ჩელუსკინელების (ახლა - თამარ მეფის) ხიდამდე, მაგრამ მისი დაგეგმარების პრინციპი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო თბილისისთვის, მისი სივრცობრივი კომპოზიციის გაუმჯობესებისთვის. ამ მონაკვეთზე, რომელიც დაბალ ნიშნულებზე მდებარეობს ორივე სანაპიროს მიმართ, დაპროექტდა კოშკურა სახლების რიგი, რომლებიც მტკვრისკენ ვიწრო გვერდითი ფასადებით იყო მიქცეული. მათ შორის დარჩენილი ვრცელი მწვანე სივრცეები კარგად აკავშირებდნენ სანაპიროს სახლების მიღმა უბანთან, იხსნებოდა ხედი, უმჯობესდებოდა ქალაქისა და მდინარის სივრცობრივი კავშირი.
შემდგომში, 1970-იან წლებში ეს პროექტი რეალურად განახორციელა არქ. შ. ყავლაშვილმა მცირე სახეცვლილებით. ეს მონაკვეთი ამჟამადაც სანაპიროს ათვისების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
მეორე პროექტი სანაპიროზე გულისხმობდა უკვე არა საცხოვრებელ, არამედ საზოგადოებრივ განაშენიანებას და ემსახურებოდა „რიყის“ მიდამოების რეკონსტრუქციას. აქ დაგეგმარებული იყო დასასვენებელ-სპორტული კომპლექსი საცურაო აუზებით, პარკით, პლიაჟებით და სხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტებით. დაბალსართულიანი ნაგებობები მასშტაბურად მოხერხებულად იყო შეთანხმებული მათ გარშემო მდებარე ძველი ქალაქის განაშენიანებასთან და, ამავე დროს, მდინარისა და ქალაქის ორგანულად დაკავშირების ამოცანას ემსახურებოდა. ამავე დროს, თვით სანაპიროს განაშენიანებაში საზოგადოებრივი დანიშნულების კომპლექსის გაჩენა გააცოცხლებდა მის არქიტექტურულ სახეს.

დიდუბის რაიონის განაშენიანება. ავტორები: დ. ჯიბლაძე, გ. ჯაფარიძე, გ. შავდია.

ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა თბილისის ცალკეული რაიონის დაგეგმარებითი პროექტის შედგენა და დაწყებული იყო კიდეც მათი განაშენიანება, - დიდუბის რაიონის დაგეგმარება, (ილ. 11) ოქტომბრის (ახლა - ცოდნე დადიანის) პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიების, ლილოს, ვარაზისხევისა და მის ზემოთ მდებარე ტერიტორიების და სხვა, ძირითადად, პროექტები შედგენილი იყო ზემოხსენებული თავისუფალი გეგმარების პრინციპით, მიკრორაიონებად დაყოფით და ტიპობრივი საცხოვრებელი ბლოკური და პანელიანი საცხოვრებელი სახლების გამოყენებით. მათგან უნდა გამოვყოთ ვაკის დაგეგმარების პროექტი (არქ. ლ. ხუციშვილი, ლ. თეთრაშვილი) და ვარაზისხევის განაშენიანება, რომელიც ვაკის დაგეგმარების დეტალური პროექტის მიხედვით განხორციელდა.დღემდე ეს პროექტი არ განხორციელებულა და ეს მონაკვეთი დაიკავა სრულიად გაუმართლებელი შინაარსის დროებითმა არქიტექტურულმა ობიექტებმა.პროექტით ვარაზისხევის ქუჩა (ახლა - კეკელიძის) უნდა შეერთებოდა დავით აღმაშენებლის (ახლა - პ. კაკაბაძის) ქუჩას. ეს მონაკვეთი, რომელიც განაშენიანებული უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური პროექტების მიხედვით, ქალაქის ერთ-ერთი სასიამოვნო ურბანიზებული მონაკვეთი უნდა გამხდარიყო. ღრმა ხევში ქუჩის გასწვრივ განლაგებული შენობები, ზომიერი მანძილები მათ შორის არ არღვევდნენ ქუჩის პლასტიკურ ხაზს და ჰქმნიდნენ ქუჩის ინტერიერს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ძველი თბილისის ქუჩების სიმყუდროვე. თბილისის თავისებური, მკვეთრად გამოხატული კოლორიტის შექმნას ხელს უწყობდა, აგრეთვე, კიბეები, პანდუსები, სახლიდან გადასასვლელი ხიდები. ხევის ზედა ნიშნულებზე განლაგებული სახლები და ხიდი მრავალპლანიან პერსპექტივას ქმნიდა. კოშკურა სახლების მსხვილი ქალაქური მასშტაბი კარგად იყო შეხამებული გარემოსთან.ავტორები: არქ. რ. ბაირამაშვილი, ლ. მეძმარიაშვილი, თ. ყავლაშვილი.
1960-იან წლებში დაიწყო, აგრეთვე, ქალაქის ცენტრალური რაიონების მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კერძოდ, მშვიდობის გამზირის (ყოფ. პეკინის ქ.) და დოლიძისა და ხილიანის (ჩიქოვანის) ქუჩების მიმდებარე უბნების განაშენიანება. სამწუხაროდ, აქ, ქალაქმშენებლობის თვალსაზრისით ვერც რაიმე სიახლეს და ვერც რაიმე არქიტექტურულად საინტერესო მომენტს აღვნიშნავთ. ეს უბნები განაშენიანდა (რა თქმა უნდა, ახალი სანიტარულ-გეგმარებითი ნორმების დაცვით) მეტად მდარე ხარისხის ტიპობრივი ნაგებობებით, რომლებიც სრულიად არ შეესაბამებოდა არც გარემოს, არც მათ მდებარეობას ქალაქში. გეგმარებაშიც არ აღინიშნება რაიმე მხატვრული ჩანაფიქრი. დღეს ეს უბანი, მოკლებული ყოველგვარ კეთილმოწყობას, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.
აღნიშნული პერიოდის ბოლოს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო შედგენილი ცალკეული რაოდენობის დეტალური დაგეგმარების და განაშენიანების პროექტები. ეს პროექტები დამტკიცდა იმავე წლებში, ხოლო მათი განხორციელება უკვე 1970-იან წლებში იწყება.

1970-იანი წლები
1970-იანი წლები არა მარტო ქრონოლოგიურად აგრძელებდა 60-იანი წლების ქალაქმშენებლობას, არამედ, მასთან ორგანულად იყო დაკავშირებული და ამ პერიოდში დასახული ტენდენციების განვითარებას წარმოადგენდა. (ილ. 12)

თბილისის განაშენიანება (1970-1980 წწ.)

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო პერიოდი, როდესაც დაიწყო გენერალური გეგმის რეალიზაცია, მისი გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარება და ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა, რაც საშუალებას გვაძლევს, მიუხედავად დროის პერსპექტივის სიმცირისა, გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ და შეძლებისდაგვარად შევაფასოთ იგი.
მთავარი ყურადღება თვით გენერალურ გეგმაში და მისი განხორციელების ამ ეტაპზე საცხოვრებელი რაიონების განაშენიანებას ეთმობოდა და, ამდენად, ჩვენც თავდაპირველად მასზე შევჩერდებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გენერალური გეგმით საცხოვრებლის პრობლემა ქალაქში გადაწყვეტილი იყო მსხვილი საცხოვრებელი რაიონების - კომპლექსების სახით, რომელთა მშენებლობა მიმდინარეობდა, უმთავრესად, დაუსახლებელ ტერიტორიებზე თბილისის ზღვის გარშემო და ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ტერიტორიებს უპირატესობა ენიჭებოდა არსებული ისტორიული ქალაქის რეკონსტრუქციის ტექნიკურ-ეკონომიკურ და მხატვრულ ამოცანათა სირთულის გამო. აღნიშნულ ტერიტორიებზე განაშენიანების ეფექტურობას განაპირობებდა ისიც, რომ მშენებლობა წარიმართებოდა ნგრევის გარეშე და საცხოვრებელი ფონდის იმდროინდელი დეფიციტის პირობებში ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე თვით ქალაქში. გარდა ამისა, დიდი მასივების კომპლექსური მშენებლობა საშუალებას იძლეოდა სრულად განხორციელებულიყო საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურების ქსელის ორგანიზება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფილიყო კომფორტული პირობები მაცხოვრებელთათვის. როგორც გენერალური გეგმის განხილვისას იყო აღნიშნული, სწორედ ამ რაიონებში უნდა განთავსებულიყო ქალაქის მაცხოვრებელთა დიდი პროცენტი.„ზღვის უბანში“ – 60 000 მცხ. (ილ. 4, 6, 7, 8) „გლდანში“ – 140000 მცხ. (ილ. 13) „ვარკეთილში“ – 12000 მცხ. „ავშნიანში“ – 91000 მცხ. (ილ. 14, 15, 16) „ფონიჭალაში“ – 51000 მცხ. (ილ. 17-18) „ლოჭინში“ – 17000 მცხ. (ილ. 19)

გლდანი

ავშნიანი

ავშნიანი

გეგმარებითი რაიონი ავშნიანი

ფონიჭალა. სამრეწველო-საცხოვრებელი რაიონი. მასშტაბი 1: 2 000

ფონიჭალა. ეპიზოდური ცენტრი - მთავარი ქუჩა, ტრანსპორტი

ლოჭინის დასახლება. ოსახლეობა, ფეხმავალი გზა.

ამ ახალი რაიონების განხილვისას შევეხებით, უმთავრესად, არქიტექტურულ-მხატვრულ პრინციპებს, ხოლო ფუნქციურ ორგანიზებას, მომსახურე ქსელის შემადგენლობას, ხასიათს და მომსახურების რადიუსებს, ტრანსპორტს, გამწვანებას და სხვ. შევეხებით მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათ უშუალო კავშირი და გავლენა ექნებათ ჩვენთვის საინტერესო, აღნიშნულ საკითხთან, მით უფრო, რომ ფუნქციური ორგანიზების პრინციპი ყველა რაიონისათვის ერთია და საქმე მსგავს გადაწყვეტასთან გვაქვს. ეს პრინციპი 1960-იანი წლების განხილვისას დეტალურად არის წარმოჩენილი. ახალი საცხოვრებელი რაიონები, რომელთა ადმინისტრაციული საზღვრები, ძირითადად, ბუნებრივ საზღვრებს ემთხვევა, დაგეგმილი იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიების გასწვრივ და გამოყოფილი იყო მათგან მწვანე ნარგავთა „განსხვისების“ ზოლებით, რაც რაიონს იცავდა ტრანსპორტის ხმაურისა და მტვრისაგან. ამ მაგისტრალებს რაიონი უკავშირდებოდა რაიონული მნიშვნელობის გზებით. ახალ რაიონებს ერთგვარი ავტონომია ახასიათებს. გეოგრაფიული მდებარეობის გამო მათ სივრცითი, „ვიზუალური“ კავშირი თბილისის არსებულ განაშენიანებასთან ნაკლებად აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პანორამული ქალაქია. როგორც ზემოთ აღინიშნა, რაიონები მიკრორაიონებისგან შედგება სამ საფეხურიანი მომსახურების ქსელით. თვით მიკრორაიონებში დაგეგმარების პრინციპი არ იყო შეზღუდული რაიმე გარკვეული ხერხით. შენობები ჯგუფებად ან ცალ-ცალკე თავისუფლად განლაგდებოდა სივრცეში. ტერიტორიის დიდი ნაწილი, გამოთავისუფლებული მაღალსართულიანი განაშენიანების წყალობით, გამწვანებული უნდა ყოფილიყო და გეგმარებითი კომპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად მოიაზრებოდა. საბავშვო დაწესებულებები და სკოლები მაქსიმალურად მიახლოებული იყო საცხოვრებელ ზონასთან ისე, რომ მოსწავლეებს სატრანსპორტო ქუჩების გადაკვეთა არ უხდებოდათ. ყველგან დაცული იყო სატრანსპორტო და ქვეით მოსიარულეთა გზების განცალკევების პრინციპი.
ერთ-ერთ ამ რაიონთაგანია „ზღვის უბანი“რაიონის დაგეგმარების პროექტი შედგენილია 1972 წ. ავტორები : ო. არველაძე, გ. შავდია, ი. სანაძე,რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრალურ რაიონში, თბილისის ზღვის სამხრეთით და მოიცავს „ლოტკინის“ მთის დასახლებას და ავჭალის მეურნეობის თავისუფალ მიწებს. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება „ზღვის“ დასვენების ზონა.დ.დ.პ. შედგენილია 1972წ. გენერ. გეგმის საფუძველზე. ავტორი - ლ. თეთრაშვილი, პროექტი მოიცავს სპორტული, და კულტურული დასვენების დიდ კომპლექსს.
ეს რაიონი უშუალოდ ეკვრის ქალაქის მომავალ ცენტრსცენტრის განვითარება თბილისის ზღვის მიმართულებით ნავარაუდევია გენერ. გეგმით. „თბილქალაქპროექტში“ მის საფუძველზე დამუშავდა ქალაქის ცენტრის დ.დ.პ. (ავტორები : ა. ჯიბლაძე, გ. შავდია, ნ. მიქაძე, მ. გოგიშვილი). პროექტი არ დამტკიცებულა.და კარგად აღიქმება როგორც ცენტრის მხრიდან, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან. პროექტის მიხედვით, რაიონის ტერიტორია ორ ნაწილად იყოფა წყალგამყოფი ბორცვით, რომელიც გაწოლილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. დიდი ქანობებით შექმნილი რელიეფი რაიონისა რთულია (12%-დან 20%-მდე), რაც თბილისისთვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. „ზღვის უბანი“ პროექტით შედგებოდა 3 მიკრორაიონისგან. (ილ. 4, 6, 7, 8) გეგმარების თავისებურება მდგომარეობდა უწყვეტი რაიონული ცენტრისა და ქვეითთა და ტრანსპორტის მოძრაობის დამოუკიდებელი სისტემის შექმნაში. საზოგადოებრივი ცენტრი ვითარდებოდა ქვეითთა მოძრაობის ძირითადი ნაკადების მიმართულებით. ქვეითთა გზები აერთიანებდა რაიონის ცენტრს საზოგადოებრივ-სავაჭრო მიკრორაიონულ დაწესებულებებთან, უკავშირდებოდა ქალაქის საზოგადოებრივ ცენტრს, თბილისის ზღვის დასვენების ზონას. ამავე გზას უკავშირდებოდა საცხოვრებელი კომპლექსებიდან გამოსული გზები.
რაიონული ცენტრი უწყვეტი უნდა ყოფილიყო მთელს რაიონში და განლაგებული იყო ბორცვის ორსავე მხარეს, ფერდობებზე. კავშირი ფერდობებს შორის ხორციელდებოდა გვირაბის საშუალებით, რომელიც მეტროპოლიტენის სადგურსაც ემსახურებოდა. რაიონის ტერიტორიის ორ ნაწილს შორის კავშირი ბუნებრივად მხოლოდ დასავლეთი მხრიდან იყო შესაძლებელი, „ზღვის უბანში“ არ იყო გათვალისწინებული რაიონული პარკის და სპორტული კომპლექსის შექმნა, რადგან აქ გათვალისწინებული იყო თბილისის ზღვის დასვენების ზონასთან უშუალო კავშირი.
განაშენიანება მიკრორაიონებში ნავარაუდევი იყო ცხრა, თექვსმეტი და, ნაწილობრივ, თვრამეტი-ოც სართულიანი სახლებით (ქვეცენტრში). რელიეფის შედარებით სწორ მონაკვეთებზე დაგეგმილი იყო ცხრასართულიანი გრძელი სახლებით შემოფარგლული ეზოები. აქ ნათლად ჩანს მისწრაფება მყუდრო ეზოების შექმნისაკენ,ამ ტენდენციამ თავი იჩინა ჯერ კიდევ 1960-იანი წლების დასაწყისში წარმოდგენილ „თემქის“ დასახლების პროექტში, რაც საბურთალოს მასივთან და დიღმის მიკრორაიონების გეგმარებასთან შედარებით სივრცის მოწესრიგების უკეთეს ცდად უნდა მივიჩნიოთ. ეს ხერხი ერთგვარად ემსახურებოდა ძველი თბილისური ეზოს ტრადიციას.თუმცა, ასეთი დიდი სახლების უწყვეტი ფრონტით თითქმის ჩაკეტილი ეზოები ნაკლებად ხელსაყრელი იქნებოდა განიავებისა და ინსოლაციისათვის, მით უმეტეს, რომ საცხოვრებელი სახლების საკმაოდ დიდი პროცენტი დასავლეთით იყო ორიენტირებული, რაც მეტად არასასურველია თბილისის პირობებში, ხოლო ის ფსიქოლოგიური ატმოსფერო, რომლის შექმნასაც ლამობდნენ ავტორები, ასეთი დიდი მასშტაბის პირობებში საეჭვოა. საცხოვრებელი სახლები აქ დაჯგუფებულიყო ოთხ-ოთხად. მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები უნდა ყოფილიყო განთავსებული. ყოველ ჯგუფს ქუჩის მხრიდან 16 სართულიანი სახლების აქცენტი ჰქონდა, რელიეფის შედარებით რთულ მონაკვეთებზე კი დაგეგმარებული უნდა ყოფილიყო კოშკურა და ბლოკირებული საცხოვრებელი სახლები, ციცაბო ფერდობებზე - ტერასული სახლების ჯგუფები. უნდა აღინიშნოს, რომ გეგმაზე კარგად იყო განაწილებული საცხოვრებელი სახლებისა და მომსახურე დაწესებულებათა ჯგუფები.
მოცულობათა სივრცობრივ განაწილებაშიც მიღწეული იყო ერთგვარი მხატვრული წესრიგი, არ იყო მოსაწყენი ერთფეროვნება. ამასთან ერთად, მიუხედავად სახლების რამდენიმე ტიპის გამოყენებისა, არც „სიჭრელე“ იგრძნობოდა. მაღლივი სახლების აქცენტები გარკვეულ რიტმს ანიჭებდა დაგეგმარებას, ტერასული და კასკადური ტიპის სახლები კი წარმოაჩენდნენ რელიეფის თავისებურებას და კარგად იყო შეხამებული გარემოსთან, ამავე დროს, ელემენტების განმეორება ერთიანობას ანიჭებდა მთელ კომპლექსს.
მეორე დიდი კომპლექსი, დაგეგმარებული 1970-იანი წლების დასაწყისში არის „ფონიჭალა“დ.დ.პ. შედგენილია 1972 წ. „თბილქალაქპროექტის“ დაგეგმარების სახელოსნოში. ავტორები: მ. გოგაშვილი, ი. კოჩინევა, ი. ტალიაშვილი. ტერიტორია - 800 ჰა., რომელიც მდებარებს ქალაქის სამხრეთ ნაწილში მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. (ილ. 17, 18) იგი მოიცავს სოფელ სოღანლუღს, ჩრდილო- დასავლეთით რაიონს ესაზღვრება მდ. მტკვარი, სამხრეთით - ქ. თბილისის საზღვარი, დასავლეთით - ერევნისკენ მიმავალი რკინიგზა. გარდა სოღანლუღისა, რაიონს უკავია კრწანისის მეურნეობის სახნავი მიწები. ტერიტორია ტერასებად მაღლდება მტკვრიდან თრიალეთის მთებისკენ. ამ ტერიტორიაზე გენ-გეგმით განსაზღვრული იყო სამრეწველო-საცხოვრებელი რაიონის გაშენება, რის გამოც ტერიტორიის ნაწილი მრეწველობას ეთმობოდა. პროექტით საცხოვრებელი რაიონი დაიყო სამ უბნად.სახელწოდება „უბანი“ შემოღებულია პროექტის ავტორთა მიერ „მიკრორაიონის“ ნაცვლად და სტრუქტურითაც მეტად მიახლოებულია მასთან.პირველი უბანი თვით სოფლის ადგილას მდებარეობდა, მეორე -რუსთავის გზატკეცილსა და რკინიგზას შორისაა. მესამე - რკინიგზის ზემოთ სადგურ სოღანლუღის რაიონში. მიუხედავად მოხერხებული სატრანსპორტო კავშირისა, „ფონიჭალა“ საკმაოდ იზოლირებულია ქალაქისგან. თითოეული უბანი შედგებოდა პირველადი ჯგუფებისგან, რომლებშიც სამი-ოთხი ათას მაცხოვრებელს უნდა ეცხოვრა. ეს ჯგუფები 9 და 16 სართულიანი სახლებისგან იყო შექმნილი. ეზოებში ტრანსპორტი არ ხვდებოდა და აქ სათამაშო და სასპორტო მოედნები იყო დაპროექტებული. ბლოკირებული 9 სართულიანი სახლების ტეხილი ხაზით ეზოს სივრცე დანაწევრებული იყო და იქმნებოდა მყუდრო კუთხეები, დიდი და მცირე სივრცეების ცხოველხატული მონაცვლეობა ერთგვარად აუმჯობესებდა გეგმარებას, მაგრამ მთლიანად განაშენიანება მაინც მოსაწყენ ერთფეროვნებას ვერ ასცდა. პარალელურად გაწოლილი გრძელი სახლების დუნე რიტმს დიდწილად ქმნიდა „ფონიჭალას“ მეორე და მესამე უბანში არსებული სახლების ჯგუფებიც, რომლებიც უფრო კომპაქტურად და პირველთან შედარებით მეტად ცხოველხატულად იყო განლაგებული. საცხოვრებელი სახლების დიდი პროცენტი აქაც დასავლეთით იყო ორიენტირებული, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ცხელი კლიმატის პირობებში არასასურველია.
კომპოზიციის ღერძი - მთავარი ქუჩა, რომელიც ყველა უბანს აერთიანებდა, ცენტრთან გადიოდა რაიონულ პარკში. მისი გადაკვეთა მაგისტრალთან უნდა მოწყობილიყო ორ დონეზე. პარკში ნავარაუდები იყო სპორტული კომპლექსისა და საგამოფენი დარბაზების მოწყობა. „ფონიჭალის“ მთავარი ქუჩა ჩაფიქრებული იყო როგორც მოედნების და სკვერების სისტემა, მისკენ ორიენტირებული საცხოვრებელი უბნების ცენტრებით და მომსახურების ყველა ობიექტით. (ილ. 18)
აქ მომსახურების პირველი საფეხური უშუალოდ ჯგუფებში, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე იყო განთავსებული, მეორე - მთავარი ქუჩის ორსავე მხარეს, მესამე - ეპიზოდური ცენტრი, რუსთავის მხრიდან რაიონში შესასვლელთან იყო დაპროექტებული. საბავშვო ბაგა-ბაღები და სკოლები უშუალოდ უკავშირდებოდა ჯგუფების შიდა ეზოებს. რაიონს კარგი მდებარეობა აქვს. აქ რელიეფიც შედარებით წყნარია, რაც მშენებლობისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის, ვიდრე „ზღვის უბანში“.
თბილისის აღმოსავლეთ განაპირა ნაწილში ლილოს სამრეწველო რაიონში მდებარეობს საცხოვრებელი რაიონი „ლოჭინი“.დ.დ.პ. შედგენილია 1973 წ. ავტორები ო. არველაძე, გ. შავდია (ტერიტორია 110 ჰა.) დაგეგმარების სახელოსნო, „თბილქალაქპროექტი“.ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით მას ესაზღვრება რკინიგზა, აღმოსავლეთით - მდ. ლოჭინის ხევი, სამხრეთით - კახეთის ჩქაროსნული გზატკეცილი. (ილ. 19) ტერიტორია ორადაა გაყოფილი ღრმა ხევით (სიღრმე 25-30 მეტრია). პროექტით რაიონის საზოგადოებრივი და სავაჭრო ცენტრი ხაზოვანია და ხევის ორსავე მხარეს არის განლაგებული. ორი კომპლექსის გამაერთიანებელი ღერძია ფეხით მოსიარულეთა გზა, რომელზეც ორიენტირებულია ყველა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და საცხოვრებელი ჯგუფების შიდა სივრცეები. ხევის ჩრდილო ნაწილში, ნაყარ მიწაზე სპორტული კომპლექსია დაპროექტებული. ეს გზა აკავშირებს ცენტრის ორსავე ნაწილს. აქ ცენტრშია თავმოყრილი როგორც რაიონული, ისე მიკრორაიონული ობიექტები, საბავშვო დაწესებულებები კი გადატანილია რაიონის განაპირა ტერიტორიებზე.
რაიონის განაშენიანება ნავარაუდევია 9 და 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლებით.
ახალ საცხოვრებელ რაიონთა შორის ყველაზე დიდია „ავშნიანი“.დ.დ.პ. და გენ. სქემა შედგა 1972 წ. დაგეგმარების სახელოსნოში, „თბილქალაქპროექტში“ ავტორები : ნ. მიქაძე, ნ. ნუცუბიძე, ნ. მანჯავიძე, ლ. სვანიძე (ტერიტორია 660 ჰა, მცხ. 9000). პროექტი შედგენილია გენერალური სქემის საფუძველზე, რომლის მიხედვით „ავშნიანის“ დასახლება სამ საცხოვრებელ რაიონს შეიცავს.1980 წ. ნავარაუდევი იყო მხოლოდ I და II რაიონის ათვისება.
„ავშნიანის“ ტერიტორია ესაზღვრება თბილისის ზღვას და მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მანამდე ავჭალის საბჭოთა მეურნეობის მიწები და საკარმიდამო ნაკვეთები იყო. ორი - პირველი და მეორე - რაიონის ტერიტორია 415 ჰექტარია. მისი საზღვრებია: ჩრდილოეთიდან მესამე საცხოვრებელი რაიონის ტერიტორია, აღმოსავლეთით - კვირიკობის ხევი, სამხრეთით - თბილისის გენერალური გეგმით დასახული უწყვეტი მოძრაობის მაგისტრალი და თბილისის ზღვის სანაპიროები. (ილ. 14, 15, 16)
პროექტით პირველ საცხოვრებელ რაიონს სამხრეთით და დასავლეთით ჩქაროსნული გზა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები ესაზღვრება, ჩრდილოეთით -ქალაქის საავადმყოფო (პროექტი). ამ რაიონს საქალაქო მაგისტრალი ორ ნაწილად ყოფდა. იგი წრიული მაგისტრალის მონაკვეთს წარმოადგენდა და ავჭალა-გლდანის გეგმარებითი რაიონის ცენტრალური რაიონის გაგრძელება იყო. რაიონის ფარგლებში მაგისტრალს გასდევდა ადგილობრივი მნიშვნელობის ცალმხრივი მოძრაობის გზები. ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელი რაიონის ცენტრი იყო დაგეგმარებული კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სავაჭრო ობიექტებით. იგი უშუალოდ ეკვროდა თბილისის ზღვის დასვენების ზონას. ჩქაროსნული მაგისტარლის გასწვრივ დაგეგმილი იყო ქვეითთა გადასასვლელები სატრანსპორტო მაგისტრალზე. რაიონის განაშენიანება პროექტით ნავარაუდევი იყო კასკადური და ტერასული ტიპის სახლებით, რაც რელიეფს უნარჩუნებდა ამფითეატრულ ხასიათს. რაიონის ცენტრში ე.წ. ფორუმთან დაპროექტებულია მაღლივი „წერტილოვანი“ სახლების ჯგუფი. მათ განაშენიანებაში დომინანტის როლი ეკისრებოდა. ეს სახლები მარტოხელათა და მცირერიცხოვანი ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი. დაქანებული ფერდობების დამუშავება ნავარაუდევი იყო ტერასებად, მათ შორის მოწყობილი კიბეებით, პანდუსებით და ესკალატორებით. პირველი რაიონის ცენტრი მეორის ცენტრს ფეხით მოსიარულეთა ხიდით უკავშირდებოდა. ეს ხიდი გადიოდა გამწვანების ზოლში, სადაც გათვალისწინებული იყო ორივე რაიონის სპორტული ცენტრი, რომელიც, ამავე დროს, რაიონის გეომეტრიულ ცენტრში მდებარეობდა. პირველი რაიონის სპორტული სექტორისათვის განკუთვნილი ფართობი გადატანილი იყო მეორის ტერიტორიაზე. პირველში მხოლოდ მიკრორაიონული მნიშვნელობის სპორტული ბაქნები რჩებოდა. გათვალისწინებული იყო თბილისის ზღვის სიახლოვეც.
პირველი რაიონი შედგებოდა ოთხი მიკრორაიონისგან - 18, 12, 14, 16 ჰა (სულ 60) კასკადური სახლები რელიეფის პერპენდიკულარულად იყო დაგეგმარებული და ორიენტირებული სამხრეთ-აღმოსავლეთით.
საცხოვრებელი სახლებისგან შემდგარი იყო ჯგუფები, მათგან კი - კომპლექსები. საცხოვრებელ ჯგუფს ორი კასკადური კორპუსი წარმოადგენდა. მათ შორის ყველაზე მაღალ ნიშნულზე ჩართული იყო მაღლივი შენობა, რომელიც, აგრეთვე, საფეხურებად ეშვებოდა ხევძმარასკენ. კორპუსებს შორის კავშირი ხორციელდებოდა ახალი პირველადი მომსახურეობის ბლოკის მოცულობით. ყოველ ორ ჯგუფს შორის საბავშვო ბაგა-ბაღი მდებარეობდა, რომელიც 140 ბავშვზე იყო გათვალისწინებული. კომპლექსებს შორის გარღვევებია - ცენტრში - 220 მ. სიგანის, ხოლო გვერდებზე 150 მ. ცენტრალური გარღვევა ფორუმის გაგრძელებაა. რელიეფი საშუალებას იძლეოდა მოწყობილიყო სატრანსპორტო ქუჩებზე ზემოდან გადასასვლელები და მიწისქვეშა ავტოსადგომები. ხევძმარის ფერდობებს გასდევდა სამანქანო გზა; მის პარალელურად ფეხით სასიარულო ბილიკებია; გარღვევებში ნავარაუდევი იყო საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებები. ფორუმის გავლით გრძივად გადიოდა მთავარი ბულვარი, რომლის ორსავე მხარეს სასკოლო მოედნები იგეგმებოდა. აქ ორი სკოლა იყო დაგეგმარებული, თითოეული - 1548 ბავშვზე.
რაიონის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, სადაც შედარებით მაღალი ნიშნულებია, საცხოვრებელი კომპლექსი ქვედა ნაწილში მთავრდებოდა ტერასული ტიპის ერთ-ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლებით. აქ ქანები 20%-ს აღწევს. განაპირა კონცხზე, საიდანაც ვრცელი ხედი იხსნება, განლაგებული იყო საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები და საბაგირო გზის შუალედი პუნქტი ავჭალა-გლდანის დამაკავშირებელი რაიონის ცენტრთან და „ავშნიანთან“. მეორე საცხოვრებელი რაიონი შედგებოდა სამი მიკრორაიონისაგან, თითოეული - 12 000 მაცხოვრებელზე. სამივე განლაგებული იყო საქალაქო მაგისტრალის გასწვრივ, რომლის გაყოლებით დაპროექტებული იყო, აგრეთვე, ყველა მომსახურე ობიექტი. ეს ხაზოვანი ცენტრი ვითარდებოდა მესამე მიკრორაიონის ტერიტორიაზეც და წარმოადგენდა გამწვანების ფართო ზოლს, რომელშიც ჩართული იყო რაიონული მნიშვნელობის სპორტული სექტორი.
პირველი მიკრორაიონი - ფართობით 33 ჰექტარი - შედგებოდა ოთხი საცხოვრებელი კომპლექსისგან, თითოეული - 4000 მაცხოვრებელზე. ყოველი საცხოვრებელი კომპლექსი შედგებოდა ოთხი საცხოვრებელი ჯგუფისგან. მაგისტრალის გასწვრივ დაპროექტებული იყო 12 სართულიანი ბლაგვკუთხა საცხოვრებელი კორპუსები. მათ ყველა სართულში და დაბალსართულიან ნაგებობებში კულტურული, საყოფაცხოვრებო და სავაჭრო დაწესებულებები თავსდებოდა. საცხოვრებელი სახლების მწკრივი მთავრდებოდა მაღლივი სახლების ჯგუფით, რომელიც განთავსებული იყო ტერასირებული, დაბალსართულიანი ნაგებობების ზემოთ. შიდა ეზოების სივრცე ერწყმოდა საზოგადოებრივ ტერიტორიებს. კვირიობის ხევის გასწვრივ განლაგებული იყო ორი საცხოვრებელი კომპლექსი, თითოეული - 4 ათას მაცხოვრებელზე. კომპლექსი წარმოადგენდა საფეხურიანი სახლების უწყვეტ რიგს და ორიენტირებული იყო ხევის გასწვრივ მდებარე საზოგადოებრივი დანიშნულების გამწვანებულ ტერიტორიებისკენ. ქვედა სართულების გახსნა ხელს უწყობდა რელიეფისა და განაშენიანების ერთიან აღქმას. მიკრორაიონში დაპროექტებული იყო ორი სკოლა. თითოეული - 1548 მოსწავლეზე და 3 საბავშვო ბაგა-ბაღი. რაიონის სატრანსპორტო მომსახურება ხორციელდებოდა ჩიხური გზებით.
მეორე მიკრორაიონიც, ფართობით 33 ჰექტარი, სამი კომპლექსისგან შედგებოდა. აქაც ნავარაუდევი იყო კასკადური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ფერდობები ტერასირებულია, ნაგებობების პირველი სართული გახსნილია საქალაქო მაგისტრალთან, წერტილოვანი მაღლივი სახლების ჯგუფებსა და მეორე საცხოვრებელ კომპლექსს შორის დაპროექტებულ ტერიტორიაზე იყო კულტურული და სპორტული სანახაობის ობიექტები. ამავე პერიოდში იყო დაგეგმარებული „კრწანისის საცხოვრებელი რაიონი“, „ვაშლიჯვარა“, „გლდანის მასივი“. თუ ეს პირველი ორი დეტალური პროექტის სტადიას არ გასცილები, ამ პერიოდში გლდანისთვის შესრულდა განაშენიანების პროექტი და მისი მშენებლობაც საკმაოდ ინტენსიურად წარმოებდა. სიმჭიდროვე ახალ საცხოვრებელ რაიონებში 4800 კვადრატული მეტრი ჰა-ზე სართ. 9-16.
გლდანის საცხოვრებელი რაიონი მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა ტერიტორიაზე მდ. გლდანსა და ხევძმარს შორის. ჩრდილო-დასავლეთიდან მას საზღვრავს თიანეთის გზატკეცილი.„თბილქალაქპროექტი“, ავტორები : თ. ბოჭორიშვილი, ბ. გელდიაშვილი, ამ პროექტსს არაფერი აქვს საერთო 1960-იან წლებში დამუშავებულ პროექტთან. ავტ. გ. შავდია, გ. კალმახელიძე (ტერიტ. 750 ჰა 147000 მცხ, სიმჭიდროვე 4200 კვ. მ. ჰა-ზე).საცხოვრებელი მიკრორაიონები პროექტით განლაგებულია საზოგადოებრივი ცენტრის გასწვრივ, რომელიც ხაზობრივად ვითარდება და მთელ რაიონს ჰკვეთს. მისი სიგრძე 2,5 კმ-ია. ეს ცენტრი წარმოადგენს 100 მ. ზოლს, სადაც დაპროექტდა და აშენდა საზოგადოებრივი ობიექტები და, აგრეთვე, რაიონული ადმინისტრაციული შენობები. (ილ. 13) აქ განხორციელებულია სატრანსპორტო და ქვეითი მოძრაობის გამიჯვნის პრინციპი. მიკრორაიონების ცენტრთან კავშირი ხორციელდება გადასასვლელებით და ხიდებით, ხოლო ტრანსპორტი მოძრაობს ცენტრის გაყოლებით ჩაღრმავებულ (3მ-ით) ქუჩებზე. სულ 8 მიკრორაიონია. ნავარაუდევია, აგრეთვე, მეცხრე მიკრორაიონის შექმნა ორსართულიანი არსებული სახლების რეკონსტრუქციის ხარჯზე. გლდანის რაიონი ერთადერთია 1970-იან წლებში, რომელიც მთლიანად ერთი ავტორის ჩანაფიქრით განხორციელდა, ქალაქგეგმარების თვალსაზრისით ჩანაფიქრი მოკლებული არ იყო გარკვეულ ინტერესს, მაგრამ მთლიანად, არქიტექტურულ-სივრცობრივი გადაწყვეტის მხრივ, საკმაოდ მდარე ხარისხის გამოვიდა. უპირველეს ყოვლისა, ამაში უდიდეს როლს თამაშობს 9 სართულიანი პანელიანი სახლების არქიტექტურული სიმწირე, სამშენებლო ინდუსტრიის დონე, რაიონის კეთილმოწყობის დაბალი კულტურა. ასე რომ, ქალაქმშენებლობითი ჩანაფიქრი მხოლოდ ძირითად გეგმარებით სქემაში პოვებს გამართლებას.
საინტერესო ჩანაფიქრი ედო საფუძვლად, აგრეთვე, „ვაშლიჯვარას“ განაშენიანების პროექტს.„თბილქალაქპროექტი“ ავტ. ო. არველაძე (ტერიტ. 253 ჰა, 60 000 მცხ.).„ვაშლიჯვარა“ მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, საბურთალოსა და დიღომს შორის საქართველოს სამხედრო გზის ზემოთ მაღლობზე. რელიეფი რთულია, დიდი ქანობებით (10% -60%). ეს პროექტი საინტერესოა იმით, რომ აქ კარგად არის გააზრებული საცხოვრებელი რაიონის მშენებლობის თავისებურებები რთულ რელიეფზე, რაც თბილისის პირობებში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. მთელი რაიონი დაყოფილია ორ ნაწილად და 6 მიკრორაიონად, თუმცა, განაშენიანების პრინციპი ტერასული სახლებით, გულისხმობს მთელი რაიონის კომპოზიციურ სივრცობრივ მთლიანობას. ცალკეული მნიშვნელოვანი კვანძები, ცენტრი, მთავარი გზების გადაკვეთები და სხვ. აქცენტირებულია მაღლივი სახლების ჯგუფებით. შიდა სატრანსპორტო ქსელი ითვალისწინებს ჩიხებს მიკრორაიონებში საცხოვრებელ ჯგუფებთან მისასვლელად. ფეხით მოსიარულეთა გზების განვითარებული ქსელი მოხერხებულად აკავშირებს სხვადასხვა ტერასაზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლებს და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრებს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიფტები და ესკალატორები. სამწუხაროდ, ეს პროექტი დღემდე არ განხორციელებულა, თუმცა, ბოლო წლებში ამ ტერიტორიაზე დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სრულიად განსხვავებული არქიტექტურით, ვიდრე პროექტით იყო ჩაფიქრებული.
1970-იან წლებში თვით ქალაქში, ე.ი. არსებული განაშენიანების ფარგლებშიც განხორციელდა საცხოვრებელი მშენებლობა, თუმცა, აქ ის ბევრად უფრო მცირე მოცულობისა იყო, ვიდრე ახალ რაიონებში. ამასთან ერთად, სწორედ ამ კომპლექსებში თავი იჩინა ზოგიერთმა მნიშვნელოვანმა მომენტმა თბილისის სპეციფიკის გათვალისწინებით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ქ. თბილისის რთულ რელიეფზე მდებარეობის გამო მას თითქმის არ გააჩნია სწორი მოედნები დიდი მასივების მშენებლობისათვის, ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რთულ რელიეფზე მშენებლობის ხერხებისა და ფერდობების განაშენიანების გარკვეული პრინციპის გამომუშავებას, ამ მიზნით გარკვეული ტიპის ნაგებობის პროექტის შექმნას და მის დანერგვას ინდუსტრიულ მშენებლობაში. ეს მოთხოვნილება აშკარად იგრძნობა დეტალური დაგეგმარების ყველა ზემოგანხილულ პროექტში, რომლებიც სწორედ ამ მოთხოვნას გამოხატავენ, როდესაც საცხოვრებელი რაიონების განაშენიანების საპროექტო წინადადებებს გვთავაზობენ. კასკადური თუ ტერასული სახლი და მასთან დაკავშირებით შიდა მიკრორაიონი და რაიონული გეგმარების თავისებური ხერხები პროექტირების ამ სტადიაზე მხოლოდ საერთო ხასიათს და რეკომენდაციას წარმოადგენს და შემდგომ სტადიაზე შეიძლება გარკვეული ცვლილებებიც იყოს შეტანილი. მაგრამ ეს პროექტები, ამავე დროს, ფერდობების ათვისების შესაძლებლობების ძიების დამადასტურებელიც არის. ერთი მხრივ, თუ ქალაქგეგმარებაში ამ მოთხოვნებს არ წამოაყენებენ, არასოდეს შეიქმნება თბილისისათვის საჭირო საცხოვრებელი სახლების პროექტები, რომლებიც სპეციფიკურად მისი რელიეფისათვის იქნება შესაფერისი, და არ შეწყდება ქალაქის ხელოვნურად დამახინჯება მისთვის შეუფერებელი სახლებით. განაშენიანების საკითხი ამჟამად სხვა თვალსაზრისით განხილვასაც თხოულობს. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ასეთი დეტალური პროექტები ქმნიან ილუზიას, თითქოს მიმდინარე მშენებლობისათვის შესაძლებელი იყოს ფერდობების გამოყენება. მტკიცდება დეტალური პროექტი - ანუ ძირითადად, მაგისტრალთა სისტემა და საერთო გეგმარებითი სქემა - და რადგან საჭირო სახლი არ არსებობს (არ არსებობს არც კასკადური, არც ტერასული სახლი) ქალაქი კი საცხოვრებელი ფართობის დეფიციტს განიცდის, განაშენიანება რეალურად მიმდინარეობს ტიპობრივი, ვაკე ადგილისათვის შესაფერისი სახლებით, ამას კი მძიმე, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვება.
მაღალნიშნულებიანი ტერიტორიების ათვისების საკითხი ჯერ კიდევ პირველ გენერალურ გეგმაში იყო დასმული (1934 წ.), მაგრამ იმდროინდელი ეკონომიკური პირობები და სამშენებლო ინდუსტრიის დაბალი დონე არ იძლეოდა საშუალებას ამ საკითხის გადაწყვეტისა. მიუხედავად ამისა, ძიება ამ მიმართულებით არ შეწყვეტილა, თუმცა, მას სისტემური ხასიათი არ მიუღია და უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული უბნებისათვის ნაპოვნი იყო კიდევაც საინტერესო გადაწყვეტა. მხედველობაში გვაქვს გ. ლეჟავას პროექტი მუშათა დასახლებისა დიდუბეში. როგორც 1960-იანი წლების ქალაქმშენებლობის განხილვისას აღვნიშნეთ, ვაკისა და საბურთალოს რაიონის ფერდობებისათვის ამ პერიოდში დგება საკითხი ფერდობების ათვისებისა. კანდელაკის ქუჩის ფერდობების განაშენიანების პროექტი მოიცავდა 70 ჰექტარს და ოთხ მიკრორაიონად იყო დაყოფილი. (ილ. 20, 21) მიკრორაიონები უნდა განაშენიანებულიყო ერთ-ორ სართულიანი ტერასული სახლებით და დასაშვებ ადგილებში 8-9-12 სართულიანი სახლებით. ტერასული სახლები, დიდ მჭიდრო ჯგუფებად შეფენილი ფერდობებზე, კარგად ეხამებოდა რელიეფს და მაღალ სახლებს, რომლებიც კომპოზიციურ აქცენტებს წარმოადგენდნენ და შედარებით მცირექანობიან ბაქნებზე თავსდებოდნენ. კარგად შერჩეული სახლები, ტიპობრივი მრავალფეროვნება და მოხერხებული განლაგება ცხოველხატულ სივრცით გარემოს ქმნიდა, რომელიც, ამავე დროს, არც მხატვრულ წესრიგს იყო მოკლებული. პროექტი არ განხორციელებულა.

ნუცუბიძის პლატო

ნუცუბიძის პლატო. III მიკრორაიონი. 65000 – 72000

ეს პროექტი დამუშავების შემდეგ სტადიაზე სრულად შეიცვალა,დ.დ.პ. კანდელაკის ქუჩის მიმდებარე ფერდობების განაშენიანების შედგეგები. 1965 წ. ავტ: გ. შავდია, გ. კალმახელიძე.რადგან არც ტერასული სახლები, არც პროექტები და არც მშენებლობის პრაქტიკა არ არსებობდა, გარდა ამისა, განაშენიანების პროექტი სხვა ავტორებმა შეასრულეს.ავტორები: ო. კალანდარიშვილი, გ. ფოცხიშვილი.ძველი პროექტიდან შენარჩუნებული იყო მხოლოდ გზები. რაიონი ახლა 3 მიკრორაიონისგან შედგებოდა - თითოეული 6500-7200 მაცხოვრებელზე. ძირითადი განაშენიანება 9 სართულიანია 1-2 სექციანი საცხოვრებელი სახლებით. ავტორების ჩანაფიქრი, უმთავრესად ეყრდნობა მაღლივი სახლების კომპლექსს, რომელიც ოთხი მაღლივი ნაგებობისგან შედგება. ეს ნაგებობები დაკავშირებულია გადასასვლელი გალერეა-ხიდით. ნუცუბიძის ქუჩიდან იწყება ლიფტები, რომლებიც ემსახურება არა მარტო ამ სახლებს, არამედ იმ მაცხოვრებლებსაც, რომლებიც ზედა, 30-40 მეტრით მაღლა მდებარე ბაქანზე ცხოვრობენ. ეს გალერეა გადის მიკრორაიონულ ცენტრთან, სადაც მოთავსებულია კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები. გალერეის გასწვრივ განლაგებულია მაღაზიები ისე, რომ მაცხოვრებელს შეუძლია ნუცუბიძის ქუჩიდან ლიფტის და გადასასვლელის საშუალებით უმოკლესი გზით მივიდეს სახლში. გარდა ამისა, ზედა ტერასები მთავარ ქუჩას სამანქანო გზებით უკავშირდება. ამგვარი სახლი ლიფტებით და გადასასვლელი ხიდებით, რა თქმა უნდა, ახალი არ არის. ის ფართოდ გამოიყენება ფერდობების განაშენიანებისას, მაგრამ თბილისის პირობებში განსაკუთრებით საინტერესოდ გვევლინება (კიდევაც გვაქვს ასეთი მაგალითი: 1960-იან წლებში აგებული საცხოვრებელი სახლი ვარაზის ხევში), მაგრამ ტერიტორიის უმთავრესი ნაწილის განაშენიანება შეუფერებელი სახლებით იწვევს დიდ მიწის სამუშაოებს და მნიშვნელოვნად უცვლის სახეს გარემოს. მთელი ტერიტორია დასერილია საყრდენი კედლებით, ხელოვნური ნაყარი ბაქანებით და ა.შ. რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და, რაც მთავარია, მხატვრულად არ არის გამართლებული ლანდშაფტის ამგვარი დასახიჩრება. სახლების განლაგებაში არ იკითხება რაიმე გარკვეული არქიტექტურული ჩანაფიქრი. შიდა მიკრორაიონული თუ შიდა კვარტალური სივრცეები მოკლებულია მხატვრულ გამომსახველობას და სიმყუდროვეს. ზედმეტად გამარტივებულია გეგმარებითი იდეის მიმართ დამოკიდებულება. ეს მონაკვეთი კი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ფერდობები კარგად მოჩანს ქალაქიდან და მის სილუეტსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
როგორც ზემოთ განხილული პროექტებიდან დავინახეთ, თბილისს ახლო მომავალში შეემატება დიდი ორგანიზებული საცხოვრებელი რაიონები. დღეს ამ ახალი რაიონების დიდი ნაწილი უკვე განაშენიანებულია. უკანასკნელ წლებში თბილისს შეემატა „გლდანის“, „ვაზისუბნის“, „მუხიანის“, „ვარკეთილის“ საცხოვრებელი რაიონები. შენდება „ვაშლიჯვარა“ და სხვა. როგორც აღვნიშნეთ, მათი შიდა ორგანიზაცია ბევრი საერთო ნიშნის მატარებელია. არქიტექტურული გადაწყვეტის თვალსაზრისითაც ბევრი საერთო აქვთ. უპირველეს ყოვლისა, მათი განაშენიანება ბევრად უფრო მსხვილმასშტაბინია, ვიდრე არსებული ქალაქისა (9, 14, 16 სართულიანი). ბევრად უფრო დაიხვეწა საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული სახე პირველ ტიპობრივ პროექტებთან შედარებით (1950-იანი წლები). გამდიდრდა მათი არქიტექტონიკა, მაგრამ ჯერ მოძებნილი არ არის თანამედროვე თბილისური საცხოვრებლი სახლის სპეციფიკა, როგორც ქალაქის რელიეფის მიმართ მოქნილობის, ასევე, მხატვრული თვალსაზრისითაც.
1970-იან წლებში შედგენილი განაშენიანების პროექტებში მეტი ყურადღება ექცევა გეგმარებითი კომპოზიციის მხატვრული გამომსახველობის მოხერხებულ გეგმარებით გადაწყვეტას, შიდა მყუდრო სივრცეების შექმნას, სატრანსპორტო გზების და ფეხით მოსიარულეთა ქუჩების განცალკევებას. ამასთან ერთად, შეიმჩნევა და ისიც მხოლოდ პროექტებში, რელიეფთან განაშენიანების შეთვისება, მაგრამ ეს შეთანხმება უფრო საინჟინრო თვალსაზრისითაა ნავარაუდევი. მეტწილად არაა გათვალისწინებული ქალაქის ნაწილების მასშტაბური და სივრცითი ურთიერთკავშირები. მხედველობაში არ არის მიღებული მთლიანად ქალაქის სილუეტი, არ არის მონიშნული მთავარი სივრცითი აქცენტები.
ისეთი ქალაქისთვის, როგორიც თბილისია, რომლის ძირითადად სტიქიურად ჩამოყალიბებულ მხატვრულ სახეში გამოიხატა ხალხის სული, სივრცის გაგება, ფერდობების, მაღლობების, ხევების თუ სანაპიროების განაშენიანების თავისებურება, ქუჩის როლი თუ შიდა ეზოების ატმოსფერო, სრულად მიუღებელი უნდა იყოს ისეთი განურჩეველი მიდგომა და რომელიმე, ევროპის, თუნდ, რუსეთის ქალაქის შესაფერისი განაშენიანების პრინციპის გადმოტანა.
ცხოვრების ახალი ტემპი, ახალი სიჩქარეები, რასაკვირველია, მოითხოვს კომპოზიციის სულ სხვა მასშტაბს, დიდ ანსამბლებს, ყოფის სხვაგვარ ორგანიზაციას, მაგრამ მაინც ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს თანამედროვე ქალაქმშენებელმა მდიდარი მემკვიდრეობიდან. დადებით მომენტად შეიძლება მივიჩნიოთ ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლის ძიება, რაც გამოიხატა ზემოგანხილულ დეტალურ პროექტებში. აქ რეკომენდებული ტერასული, კასკადური და კოშკურა საცხოვრებელი სახლების შეხამება რთულ რელიეფთან ძალზე მოხერხებულია და არ მოითხოვს ე.წ. ხელოვნური ლანდშაფტის შექმნას. ამავე დროს, თითქმის ყველა პროექტში შეიმჩნევა მისწრაფება შემოფარგლული მყუდრო შიდა კვარტალური სივრცეების - ეზოების შექმნისკენ, თუმცა, ის ხერხი, რომელსაც ავტორები გვთავაზობენ, არ ითვალისწინებს ადამიანის მასშტაბს. ეს ეზოები თითქმის 2-4 ჰა-ს აღწევს და ძველი ჩახუთული კვარტლების მსგავსნი არიან, ხოლო შენობების დიდი სიმაღლის გამო, კიდევ უფრო მეტად უსიამოვნონი ხდებიან.
ახალი საცხოვრებელი რაიონების დაგეგმარებაში აშკარად გამოიკვეთა კიდევ ერთი პრინციპი - ქვეითთა და ტრანსპორტისთვის განცალკევებული ქუჩების შექმნა. რაიონებში საზოგადოებრივი დაწესებულებები ახლა ორიენტირებულია არა სატრანსპორტო მაგისტრალებზე, არამედ ქვეითთა ძირითადი ნაკადებზე. ამ ქუჩების დაგეგმარება ხუროთმოძღვრული მასშტაბითაც განსხვავებული უნდა ყოფილიყო, ვიდრე სატრანსპორტო ჩქაროსნული მაგისტრალების განაშენიანება, მაგრამ ჯერ ამგვარ დიფერენცირებას ვერ ვხვდებით ვერც პროექტებში, ვერც ახალ განაშენიანებაში.
ბოლო წლებში „თავისუფალი გეგმარებით“ გატაცებამ დამაფიქრებელ შედეგებამდე მიიყვანა დამპროექტებლები, რაც დღეს უკვე სამართლიანად იწვევს შეშფოთებას. ქალაქის ისეთმა მნიშვნელოვანმა ელემენტმა, როგორიც არის ქუჩა, სრულიად დაკარგა სახე და ხუროთმოძღვრული მნიშვნელობა, თუმცა, ქალაქების განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე მათ ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს შეადგენდა. თანამედროვე ადამიანისთვისაც ქუჩა ქალაქის შეფასების ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს.
ქუჩის, როგორც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ხუროთმოძღვრული ელემენტის ერთგვარი გაუფასურების ტენდენცია 1960-1970-იან წლებში დამახასიათებელია არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის. ინტერესმოკლებული არ იქნება მოვიყვანოთ რუმინელი არქიტექტორის აზრი ამ საკითხზე :
«В сознании большинства жителей новых кварталов, «город» остается все тем-же старым. Пойти в «город» означает пойти в старый центр города, в центральную зону. Там среди множества факторов привлечения улица выделается как особый элемент. На протяжении времени, кварталы города осуществлeнные согласно соответствующим возможностям и вкусам, одетые в зелень, с маленькими или большими домами, расположенными вдoль улочек, нашли свое выражетие как традиция и в большинстве случаев остаются и сейчас самыми интересными зoнами данного города. Улица сохраняет свою градостроительную ценность социального контакта, элемента организующего пространства»„Y architectura“ N3 1976 წ.
თბილისშიც სწორედ ქუჩების, როგორც არქიტექტურული სივრცობრივი ელემენტის უგულებელყოფამ დაამსგავსა ეს საცხოვრებელი რაიონები რაღაც დასახლებებს და არა ქალაქის ნაწილებს, დაუკარგა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა ადამიანზე და სივრცის მხატვრული ორგანიზების საშუალებას ქმნიდა.
განხილული პერიოდის ქალაქმშენებლობაში 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, მიუხედავად აღნიშნული ხარვეზებისა, აშკარად შეიმჩნევა სივრცობრივი კომპოზიციის მიმართ ინტერესის გაცხოველება. თავისუფალი განაშენიანების პრინციპი მეტი მოქნილობით არის გამოყენებული, მეტად დაიხვეწა მიკრორაიონების თუ ცალკეული საცხოვრებელი ჯგუფების გეგმარების ხერხები, საზოგადოებრივი ცენტრების კომპოზიცია.
ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქში მაღალსართულიანი კოშკურა სახლების პროცენტი, რაც ტერიტორიის უფრო რაციონალურად ათვისების და საცხოვრებელი ფართობის სიმჭიდროვის გაზრდის მოთხოვნილებით არის ნაკარნახევი. სწორედ ამ დროს განსაკუთრებით საგრძნობი ხდება ის ხარვეზები, რაც გენერალურ გეგმას ახასიათებს ამ თვალსაზრისით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის განსაკუთრებული მდებარეობას და ცხოველხატული ლანდშაფტის გამო მის ცალკეულ ნაწილებში სართულიანობის დადგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა ახალი განაშენიანება ორგანულად შეერწყას არსებული განაშენიანების მასშტაბს, რელიეფის თავისებურ ხასიათს. სასურველი იქნებოდა პროექტში განსაზღვრულიყო არა მხოლოდ ფუნქციური ბინების, არამედ სართულიანობის მიხედვით ბინების შექმნა, რაც შესაძლებელს გახდიდა თავიდან აგვეცილებინა ის შედეგები, რომელბიც აღინიშნა ქალაქის განაშენიანებაში უკანასკნელ ხანს.
1970-იან წლებში თბილისში ერთი სრულიად ახალი პროცესი იწყება. გენერალური გეგმით გათვალისწინებულ და მის მიერ დადგენილ საზღვრებში მიმდინარეობს ძველი თბილისის უბნების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სამუშაოები. არქიტექტორი შ. ყავლაშვილის ინიციატივით პრაქტიკულად 1975 წელს იწყება ბარათაშვილის ქუჩის აღდგენა-განახლება. ამჟამად გაწმენდილი, კეთილმოწყობილი და გაცოცხლებულია ძველი თბილისის მრავალი ქუჩა და კვარტალი, შეკეთდა და კეთილმოეწყო მრავალი შენობა მტკვრის ორივე სანაპიროზე, რითაც თბილისის, როგორც ისტორიული ქალაქის მომხიბვლელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან ერთად, 1970-იანი წლების ბოლოს ამ საკითხის გადაწყვეტაში უკვე მნიშვნელოვანი ქალაქმშენებლობითი პრობლემა გაჩნდა, რომელიც სათანადოდ არ იყო გადაწყვეტილი ამ პერიოდში და, უმეტეს შემთხვევაში, ცალკეული სახლის რეკონსტრუქცია-რეგენერაციით შემოიფარგლებოდა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქალაქმშენებლობის განვითარებაში, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ქალაქის არქიტექტურული იერის და თავისებურების შენარჩუნებაში, ისტორიული განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციაა, მაგრამ როგორც ზემოთ, გენერალური გეგმის განხილვისას აღვნიშნეთ, ამ საკითხში გარკვეული პრინციპის უქონლობამ და წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებებმა დღეს ქალაქის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ახალი რთული პრობლემები შექმნა, რაზეც მომავალში ლაპარაკი გვექნება 1980-იანი წლების თბილისის ქალაქმშენებლობის განხილვისას.
როგორც დავინახეთ, 1970-იანი წლები თბილისის განვითარებაში მეტად საგულისხმო პერიოდია, რადგან ამ დროს არა მარტო ინტენსიური ურბანიზაცია მიმდინარეობს, არამედ ქალაქმშენებლობის მრავალი ახალი ნიშანი ჩნდება და ისახება სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი პრობლემები.

ნაშრომი შესრულებულია 1980-1985 წწ.-ში

ნანახია: 3221-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani