Georgian (Georgia)English (United Kingdom)
,,ორნამენტირებული“ ორპირი ცული ნაზარლების სამლოცველოდან

პაატა ბუხრაშვილი  
პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


სამეცნიერო საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ მოყოლებული 2017 წლიდან, მთა ,,ნაზარლებზე“ (შირაქის ზეგანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის, ქრისტემდე XII – X ს.ს-ის ნაქალაქარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია შეისწავლის. {იხ. ბუხრაშვილი, პ. და სხვ, 2018; Bukhrashvili, P u.a 2018;Bukhrashvili, P u.a 2019;} (ილ. 1)
ნაზარლების ნაქალაქარი განლაგებულია ქანობზე და გეოლოგიური სტრქტურით წარმოადგენს ბუნებრივ ბორცვს, რომელიც, თავის დროზე, ხელოვნური თხრილებისა და ზვინულების მეშვეობით, მაშინდელ მოსახლეობას, გამაგრებულ პუნქტად უქცევია.
დაზვერვითი ზედაპირული დაკვირვებით, ცენტრალურ ნამოსახლარს უნდა სჭეროდა 2,5 -დან  3 ჰექტრამდე ფართობი .
მზის გულზე გაშლილი დასახლება, პირით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ არის დამხრობილი და შირაქის ზეგანს ჩრდილო/აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ/აღმოსავლეთ მიმართულებით გადაჰყურებს.   
აღმოსავლეთით, დასახლების ძირში, განლაგებულია ყორღანული სამაროვანი, თანმხლები ჩაშვებული სამარხებით, რომელიც ნაზარლების ნამოსახლარის თანადროულია და, დიდი ვარაუდით, თავის დროზე, სწორედ მის მოსახლეებს ეკუთვნოდათ {ფიცხელაური, კ. / ვარაზაშვილი, ვ. / ბუხრაშვილი, პ./ფიცხელაური,კ.კ. 2007}.
ნამოსახლარს, სამხრეთ-აღმოსავლეთით დამშრალი ხევი ჩამოუდის, რომელიც, თანახმად პალეოგეოლოგიური კვლევებისა, ადრე, სავარაუდოდ, მიწისქვეშა ბინულებით და ნაჟური წყლებით საზრდოობდა. ამის დასტურად დღესაც შეიმჩნევა ამ ხევის ძირში შედარებით ინტენსიური მწვანე საფარი, დაბალი ძეძვ-ბუჩქნარის სახით[ჯანელიძე ზ. 2007, ელაშვილი მ. 2012].
დასახლების ცენტრალურ ადგილად უნდა ჩაითვალოს მის უკიდურეს დასავლეთით ამაღლებულ ნაწილში, სამიარუსიანი გალავნით გამაგრებული ტერასა.
გალავნის კონსტრუქცია, ტიპურია ამ მხარის გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის თავდაცვითი ნაგებობისათვის, რითაც იგი გარკვეულ მსგავსებას იჩენს წინააზიურ საფორტიფიკაციო ძეგლებთან [ყიფიანი 2007,  გვ. 18-24].
აქ მაქსიმალურადაა გამოყენებული ადგილობრივი ქვა-ღორღიანი ნიადაგი.
გალავნის ხერხემალია რიყის ქვით ნაგები დაქსელილი ტიხრები, რომლებიც შევსებულია ნაქალაქარის სამეურნეო ნარჩენებშერეული თიხნარით თუ ღორღიანი ნარევით; გალავნის ზედაპირი მოგებულ-მოტკეპნილია წვრილი ქვა-ღორღით.
სწორედ ამ ტერასის თხემზე, 2018-19-21 წლებში  ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა წრიული ფორმის სამლოცველო, რომლის ინტერიერშიც აღმოჩნდა შეწირული უამრავი რაოდენობის ბრინჯაოს ნივთი, რომელთაგან დიდი ნაწილი, ინტერიერის დასავლეთ ნაწილში, კედლის ძირში ჯგუფად იყო განლაგებული [ბუხრაშვილი პ. 2019, ბუხრაშვილი პ. და სხვ. 2018; ბუხრაშვილი პ. 2021 ].
უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ გამოვლენილი სამლოცველო, თავისი არქიტექტურით და ხასიათით, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, ჯერ კიდევ 1977-78 წწ-ში შესწავლილი შილდის სამლოცველოს მსგავსია [იხ. მაისურაძე, ბ. / ფანცხავა, ლ. 1984].
თავის მხრივ, ეს ფაქტი საგანგებო აღნიშვინის ღირსია, რამდენადაც იგი იორ-ალაზნის ორმდინარეთში, ამ ქრონოლოგიურ მონაკვეთში (ანუ, ქრისტემდე II - I ათასწლეულების მიჯნაზე), ერთიანი სამეურნო - კულტურული და სულიერი სამყაროს არსებობის უტყუარ დამადასტურებელ ფაქტად უნდა ჩაითვალოს.  
ნაზარლების ნამოსახლარის ზედა ტერასაზე გამოვლენილი ეს სამლოცველოც, შილდის სამლოცველოს მსგავსად, წრიული ფორმისაა, რომლის შემორჩენილი გალავნის საძირკვლის (განი - 1 – 1,1 მ.)  გარეთა და შიდა პერანგი, მკვიდრად ნაგებია საგანგებოდ ნარჩევი ფლეთილი ბრტყელი ლოდებით; ხოლო  პერანგშიდა შიგთავსი სივრცე,  ხურდაქვით,  მცირე ზომის რიყის ქვებით არის შევსებული.
ნაზარლების სამლოცველოს ცენტრში განლაგებული უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, ოთხკუთხა ფორმის საკურთხეველი.
მიუხედავად იმისა, რომ ნაზარლების სამლოცველოს არქეოლოგიური შესწავლა ჯერ არ დასრულებულა, თავად ძეგლის და მის მიმდებარე ანალოგიური პერიოდის დასახლებათა ტოპოგრაფია (ასევე, ამ დასახლებებიდან მომდინარე ნივთიერი მასალა), გარკვეული ხასიათის წინასწარული დასკვნების გამოტანის საშუალებას მაინც იძლევა. მით უმეტეს, რომ ქართველ (და უცხოელ) მკვლევრებს ბევრჯერ გამოუთქვამთ დასკვნები ამ მხარეში მცხოვრები უძველესი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური ისტორიისა და სულიერი კულტურის თაობაზე [ფიცხელაური, კ.ნ, 1973; საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.1; მამულია, გ. 1976; Периханян, А. Г. 1959; Наджафов, Ш.Н. 2018; ].
ბევრ მათგანს არგუმენტირებულად აღუნიშნავს და ეს უკვე გაზიარებულიცაა, რომ დღევანდელი ქართველი ერი, მცირე აზიის უდიდესი კულტურის მქონე ძველი მკვიდრი ხალხების გენეტიკური და კულტურული მემკვიდრეა.
ამდენად, სრულიად მოსალოდნელიცაა, რომ ეს მემკვიდრეობითობა, მატერიალური კულტურის არტეფაქტებთან ერთად, სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობითობაშიც  ასახულიყო [მელიქიშვილი გ. 1999, გვ. 664]
გამომდინარე აქედან, ჩვენის აზრით, რამდენადმე უკვე შესაძლებელია ერთგვარი წინასწარული ვარაუდების გამოთქმა ნაზარლების სამლოცველოს საკულტო ხასიათისა და მის გარეშემო შემოკრებილი სოციუმის თაობაზეც.
ამის საშუალებას, ვგონებ, უკვე იძლევა, პირველყოვლისა, ის ,,ხატის განძი“ (და ასევე სხვა დანარჩენი ცალკეული არტქფაქტებიც), რომელიც 2018 წლის 11 სექტემბერს აქ, ნაზარლების ნაქალაქარზე აღმოჩენილ სამლოცველოზე გამოვლინდა (ილ. 2).
აღნიშნული ,,განძი“ წარმოადგენს სამლოცველოში შეწირულ ბრინჯაოს ნივთთა უპრეცედენტო რაოდენობის კონცენტრაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა:
1.    ორპირი, აღმოსავლურკავკასიური ცული (1 ც.);
2.    შედგენილტარიანი მახვილი (1 ც.);
3.    შედგენილტარიანი სატევარი (1 ც);
4.    მინიატიურული აღმოსავლურკავკასიური ცული (1 ც.);
5.    ბრინჯაოსვე ნამგალი (1 ც.);
6.    პირფართე დანა - ,,სამართებელი“ (შესაძლოა - შუბის სათიხარ-ბურნუკი?) (2 ც.);
7.    შუბისპირები (14 ც.);
8.    ბრინჯაოს ,,გულისფარი?“ (1 ც.) დადისკოსებრი ბრინჯაოს სამშვენისი (2 ც.).
9.    ბრინჯაოს მახვილის იმიტაცია- 457 ცალი (!)458-ებრინჯაოს მახვილის ძალზედ ფრაგმენტირებული იმიტაცია აღმოჩნდა ,,განძის“ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 მეტრის მოშორებით მდებარე კონცენტრირებული კერამიკის ალაგების შემდეგ.;   
ჩამოთვლი ნივთებიდან, თავის უნიკალურობით, განსაკუთრებით საყურადღებოა ცენტრალურ ამიერკავკასიური ორპირი ცული. (ზომები: სიგრძე - 15, სიგანე ფრთის ერთი პირიდან მეორემდე - 6 სმ). (ილ. 3)
მსგავსი ცული აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ ერთი ცალის ოდენობით, რომელიც დაფიქსირებული იყო დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქ. განჯის მახლობლად მდებარე დასახლება ელენენდორფთან, გასული საუკუნის 30-ნი წლების დასაწყისში, გერმანული წარმომავლობის აზერბაიჯანელი არქეოლოგის ი. ჰუმმელის {Гуммель Я.И. 1940; ფიცხელაური კ.კ. 2005} მიერ გათხრილი ყორღანიდან მომდინარე სამარხეულ ინვეტარში.
ნაზარლების სამლოცველზე აღმოჩენილ ცულზე, ელენენდორფთან აღმოჩენილი ცულისგან განსხვავებით, დატანილია მეტად საინტერესო გრაფიკული გამოსახულებები. (ილ. 4)
შესაძლოა, ეს ნიშნები ორნამენტიც იყოს, მაგრამ, გამომდინარე თავად ნივთის (ცულის) ხასიათიდან და საერთო კონტექსტიდან, ჩვენის აზრით, სახისმეტყველებითი (ესთეტიკური) შინაარსის მატარებელი ორნამენტებირომელთაც მრავლად ვხვდებით ცენტრალურ ამიერკავკასიურ კულტურისთვის დამახასიათებელ ლითონის სხვა ნაწარმზე (მახვილებზე, სატევრებზე, სარტყლებზედასხვ.) და რომლებიც საკმაოდ საფუძვლიანადაა შესწავლილი ქართვლ მკვლევართა მიერ (იხ. ხიდაშელი მ. 1982; სურგულაძე ი. 1986)კი არ უნდა იყოს, არამედ, სავსებით დასაშვებია, რომ ისინი, ამ ნივთის ფუნქციონალური დატვირთვის თაობაზე გარკვეული, კონკრეტული სახის ინფორმაციას იძლეოდნენ.
ამ ნიშნების თაობაზე საუბრისას, ჩვენის აზრით, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:
1.    როგორც ამას ნივთის ტექნოლოგიური შესწავლა გვაჩვენებს, ეს ნიშნები დატანილია ცულის დამზადებისთანავე და არა მისი ხმარების შემდგომ პერიოდში; ამდენად, ეს ნიშნები თავიდანვე, სახელდობრ, ამ ნივთის ფუნქციონალური დატვირთვის აღმნიშვნელი შესაძლოა იყოს.
2.    ნიშნები განლაგებულია ცულის განსაზღვრულ მხარეებზე და არა დეკორატიულ სამშვენისად განსაზღვრული ორნამენტისთვის დამახასიათებელი განშლით;
3.    ისინი, ჩვენის აზრით, უნდა მიგვანიშნებდეს ცულის პირების გარკვეულ მნიშვნელობაზე - მითუმეტეს, რომ ისინი ცულის მხარეებზე სიმეტრიულადაა განლაგებული; ანუ, ერთიმეორეს შეესაბამება ცულის ორივე პირზე.
4.    მსგავს ნიშნებს, ჯერ-ჯერობით, ვერ ვხვდებით ცენტრალურკავკასიური კულტურისთვის დამახასიათებელ კერამიკის (რომელიც მრავალფერი და მდიდარი ორნამენტებით არის გამორჩეული) მორთულობაში {იხ. Гуммель Я.И. 1940;}.
5.    ეს ნიშნები არ იმეორებს, აგრეთვე, ამ კულტურისთვის დამახასიათებელ ბრინჯაოს ინვენტარზე - მახვილებზე, სატევრებზე, სარტყლებზე და სხვა ლითონის ნაწარმზე დატანილ ორნამენტებსაც {იხ. ხიდაშელი მ. 1982}.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა, აღნიშნულ პერიოდში, ანუ გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანაში, ცენტრალურ ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების - ამ უკანასკნელთა განსახლების არეალის მიმდგომ მხარეებში  ფუნქციონირებად, მათზე უფრო მძლავრ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებთან (და ასევე, მათთან კულტურული ურთიერთობებისა და ურთიერთზეგავლენების ერთიან კონტექსტსიხ.მელიქიშვილი გ. 1976,  მელიქიშვილი გ. 1999; ხაზარაძე ნ. 1978. ) - მჭიდრო ურთიერთობებს, სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია ნაზარლების სამლოცველოზე აღმოჩენილ ორპირ ცულზე დატანილი ნიშნების იმ დროს, წინა აზიაში გავრცელებული რომელიმე სილაბური (მაგ. ლუვიურ ?) დამწერლობის ცნობილ ან, ჯერ კიდევ, აქამდე უცნობ სისტემასთან დაკავშირება.
ჩვენი ეს გამოთქმული მოსაზრება მხოლოდ ძალზე ფრთხილი ვარაუდია; მით უმეტეს, რომ ძეგლის შესწავლა კვლავაც გრძელდება და არ არის გამორიცხული კიდევ მსგავსი არტეფაქტების გამოვლენა.
და, თუკი მართლაც დადასტურდა ნაზარლების სამლოცველოზე აღმოჩენილ ცულზე დატანილი ამ ნიშნების გარკვეული კავშირი აღმოსავლეთ ან ცენტრალური წინა აზიის რომელიმე სამწერლობო სიტემასთან, ეს იქნება პირველი პრეცედენტი ჩვენს რეგიონში, აღნიშნულ პერიოდში ანუ ქრისტემდე XII –X ს.ს-ში, სამწერლობო ტრადიციის არსებობისა.
და ბოლოს, ნაზარლების სამლოცველო, როგორც ამაზე მიგვანიშნებს აქ განვითარებული ძლიერი ნგრევის კვალი, განადგურებული უნდა იყოს მტრის შემოსევის ან შესაძლო ძლიერი სტიქიური უბედურების (მაგ. მიწისძვრა) შედეგად, რამაც გამოიწვია ამ რეგიონში, მოცემულ ქრონოლოგიურ პერიოდში, აქ მაცხოვრებელ ტომთა საზოგადოებრივი და ადრეკლასობრივი ურთიერთობების მკვეთრი დაქვეითება-დაუძლურება; ხოლო, როდესაც ქვეყანა უძლურდება, ,,ღმერთთა კუთვნილიც სუსტდება და აღარ უნდათ (მისი) პატივისცემა“ (ევრიპიდე) [ყაუხჩიშვილი თ. 1957; 124].

ბიბლიოგრაფია



1.    ბუხრაშვილი, პ. და სხვ, 2018; ბუხრაშვილი, პ. / ბლოხერი, ფ. / დავითაშვილი, შ. / ცქვიტინიძე, ზ. 2018, მთა ,,ნაზარლებზე” (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მიმდინარე ქრთულ-გერმანული ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის 2018 წლის სამუშოების მოკლე ანგარიში; ამირანი XXXI, თბ. 2018; გვ. 5 – 27

2.    ბუხრაშვილი პ. 2019, ილიასა და ჰალლეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში, 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიშების კრებული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. თბ. გვ. 263-269

3.    ბუხრაშვილი, პ. 2018, ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის; ამირანი XXXI, თბ. 2018; გვ.118 – 128
4.    ბუხრაშვილი პ. 2021; ნაზარლების სამლოცველო, თბ. 2021

5.    გარეჯი, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები VIII, რედ. კ. ფიცხელაური, მეცნიერება, თბ. 1988 -266 გვ.

6.    ინაძე, მ. 1976, მცირე აზიის სატაძრო ქალაქების წარმოქმნა განვითარების საკითხისათვის სტრაბონის ცნობების მიხედვით, ივანე ჯავახიშვილი - 100, საიუბილეო კრებული, მეცნიერება, თბ,1976., გვ.136-144.

7.    კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან (კვლევითი პროექტი ილიას სახ. უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკ-ზე - პ. ბუხრაშვილი, კ. ფიცხელაური, გ. ყიფიანი), ამირანი XVII-XVIII, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მოამბე, მონრეალი-თბილისი 2007, გვ.9-24

8.    მაისურაძე,ბ. / მინდიაშვილი, გ. 1999, აეროარქეოლოგია შირაქში, ძიებანი N4, თბ. 1999, გვ. 29-36

9.    მაისურაძე, ბ. / ფანცხავა, ლ. 1984, შილდის სამლოცველო (კატალოგი), კაე-სშრომები VII, მეცნიერება, თბ. 1984;  – 113 გვ.

10.    მამულია, გ. 1976, აგნატური ჯგუფები ძველ ქართლში და მათი გენეზისი, ივ. ჯავახიშვილი - 100, საიუბილეო კრებული, მეცნიერება, თბ,1976., გვ.120 – 135

11.    მელიქიშვილი გ. 1976, მახლობელი აღმოსავლეთისა და კავკასიის უძველესი საზოგადოების ბუნების საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული,  გამ. მეცნიერება, თბ. 1976, გვ. 145-171

12.    მელიქიშვილი გ. 1999, ძიებანი საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ძველი ისტორიის დარგში,  გამ. ,,ჯალი“, თბ. 1999 – 664 გვ.
13.    საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, რედ. მელიქიშვილი გ., საბჭოთა საქართველო, თბ. 1970

14.    სურგულაძე ი. 1986, ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, მეცნიერება, თბ. 1986

15.    ფიცხელაური, კ.ნ, 1973, აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ-ის XV – VII ს.ს.), მეცნიერება, თბ. 1973

16.    ფიცხელაური, კ. /მენაბდე ც.1982, გადრეკილის სამაროვანი, მეცნიერება თბ., 1982

17.    ფიცხელაური კ. 2018, ,,დიდნაურის“ ნაქალაქარსა და სამაროვანზე 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში, 2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, თბ. 2019, გვ. 56-58

18.    ფიცხელაური კ. 1988, დავით გარეჯის უდაბნოს არქეოლოგიური შესწავლის ძირითად ი შედეგები და პერსპექტივები, გარჯი, კაე-ს შრომები VIII, მეცნიერება, თბ. 1988 გვ.14-17

19.    ფიცხელაური კ.კ. 2005, ცენტრალურამიერკავკასიური არქეოლოგიური კულტურა (ძვ.წ. XIV – XIII ს.ს.) მეცნიერება, თბ. 2005

20.    ფიცხელაური  კ. 2018, ჰერეთი და ჰერები, მაცნე 2018-1, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საზ. მეცნიერებათა განყოფილება, თბ. 2018

21.    ფიცხელაური, კ. / ვარაზაშვილი, ვ. / ბუხრაშვილი, პ./ფიცხელაური,კ.კ. 2007,არქეოლოგიური სამუშაოები ნაზარლების ნაქალაქარზე და სამაროვანზე (2007 წ-ის გაზაფხული), ამირანი XVII-XVIII, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მოამბე, მონრეალი-თბილისი 2007, გვ. 48-58

22.    ქართლის ცხოვრება, 1995, ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა ნათესავთა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ.1, სახელგამი, თბ. 1955

23.    ყაუხჩიშვილით. 1957, სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ. თბ., საქ. სსრმეცნ. აკად. გამ-ბა, თბ. 1957

24.    ყიფიანი გ. 20072, მოსაზრებანი უდაბნოს ნაქალაქართა ხუროთმოძღვრების შესახებ, ამირანი, კავკასიოლოგიის საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მოამბე, XVII-XVIII, მონრეალი-თბილისი, 2007, გვ. 18-24

25.    ჯანელიძე ზ. 2007, გარეჯის არქეოლოგიური ძეგლების პალეოგეოგრაფიული ინტერპრეტაცია, ამირანი. XVII-XVIII. 2007, გვ. 233-238
26.    ხიდაშელი მ. 1982, ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება, მეცნიერება, თბ. 1982

27.    ხაზარაძე ნ. 1978, აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, მეცნიერება თბ. 1978

28.    Bukhrashvili, P u.a 2019; Bukhrashvili, P./ Blocher, F./ Tskvitinidze, Z./ Davitashvili, Sch. 2019, Ausgrabungen in Nazarlebi, Kachetien (Georgien) 2017 und 2018, Mitteilungen der Deutschen Orient- Gesellschaft zu Berlin (MDOG) 151, 2019, 271-294;

29.    Bukhrashvili, P u.a 2018; Bukhrashvili, P. / Blocher, F. / Tskvitinidze, Z. / Davitashvili, Sch. 2020, Ausgrabungen in Nazarlebi, Kachetien (Georgien) 2019, Mit einem Beitrag von Jörg Fassbinder,  Mitteilungen der Deutschen Orient- Gesellschaft zu Berlin (MDOG) 152, 2020, 125 - 154

30.    Knauß F. S. 2005, Zur Eisenzeitlichen wohnarchitektur Ostgeorgiens, ANES, Ancient Near Eastern Studies Volume 42, 2005, st 187-210

31.    Motzenbäcker I. 2007, Tachti Perda: eine mehrschichtige Siedlung der Bronze- und Eisenzeit in Kachetien, Georgien, Der Schwrzmeeraum vom Äneulithikum bis in die Früheisenzeit (5000 – 500 v. Chr.) Tbilisi 2007

32.    Motzebäcker, I. 2014, Ausgrabung einer mehrschichtige Bronze- und Eisenzeitliche Siedlung Tachti Perda in Kachetien, Georgien, Aktuelle Forschungen in Eurasien, Berlin, 2014, st.:66-67

33.    Pizchelauri, K. 1984, Jungbronzezeitliche bis ältereisenzeitliche Heiligtümer in Ost-Georgien. Materialien zur allgemeinen und vergleichenden Archäologie, Bd. 12 Published by München : Beck, (1984)

34.    Брилева О.А. 2012, Древняя бронзовая антропоморфная пластика Кавказа (XV в. до н.э.— X в. н.э.) М., 2012

35.    Гуммель Я.И. 1940;  Археологические очерки,Баку: Издательство АзФАН, 1940.

36.    Наджафов, Ш.Н. 2018, Археологическое исследование древнего поселения Сарвантепе в 2009-2014 гг., Актуальная археология 4, Комплексные исследования в археологии Тезисы Международной научной конференции молодых ученых, Санкт-Петербург, 2018, Стр.: 275-278
37.    Периханян, А. Г. 1959, Храмовые объединения Малой Азии и Армении (IV в. до н. э. — III в. н. э.). М: Изд-во вост. лит., 1959.

ნანახია: 180-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani