Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მხატვარ-კერამიკოსი გიორგი (გოგი) ქართველიშვილი

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი

XX საუკუნის პროფესიულ კერამიკულ ხელოვნებას  გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მან განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა და რამდენიმე თაობის, ნიჭითა და ინდივიდუალური ხედვით გამორჩეულ ხელოვანთა შემოქმედება გააერთიანა.
ყველა თაობის მხატვრთა მოღვაწეობას გარკვეული წვლილი მიუძღვის თანამედროვე კერამიკის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში. თუმცა, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მათ შორის,  დარგის განვითარებისთვის, გადამწყვეტი როლი 1930-1940-იანელთა თაობის კერამიკოსებმა შეასრულეს, როგორც შემოქმედებმა და საუკეთესო ხელოვანთა აღმზრდელმა პედაგოგებმა. (ილ.1)
მხატვარ-კერამიკოსი გიორგი (გოგი) ქართველიშვილი (ფოტო მხატვრის არქივიდან).
მხატვარი გიორგი (გოგი) ქართველიშვილი დასახელებული თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი 1919 წელს დაიბადა ქალაქ თბილიში. 25-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1938 წელს, ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე და პირველ კურსდამთავრებულ  ხელოვანებთან ერთად, წლების განმავლობაში აქტიურად ედგა სათავეში თანამედროვე ქართული კერამიკის, პროფესიული სკოლის განვითარების საქმეს.  შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად კერამიკოსი,1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1982 წ.) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამავდროულად, ხელმძღვანელობდა სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კერამიკის სასწავლო-ექპერიმენტულ სახელოსნოს. (ილ.2, 3)
2. თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ექპერიმენტული სახელოსნო. 1958 წელი  (ფოტო მხატვრის არქივიდან).
3. კერამიკოსები: გივი ფაჩუაშვილი, ?, ირინე გაჩეჩილაძე, ?, გოგი ქართველიშვილი, ნანა კიკნაძე (ფოტო მხატვრის არქივიდან).
გოგი ქართველიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა 1940-იანი წლებიდან იწყება და  4-ათეულ წელს მოიცავს. დარგში მიმდინარე პროცესების შესაბამისად, მან ბევრი სამუშაო გასწია არაერთი მნიშვნელოვანი თემატური, სახვითი თუ ტექნოლოგიური სირთულის გადასაწყვეტად. ხელოვანს ეკუთვნის რამდენიმე მნიშვნელოვანი, საეტაპო კერამიკული ნიმუში. შექმნილი აქვს, როგორც მონუმენტური, ასევე, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული დანიშნულების ნაკეთობები, მცირე ზომის ქანდაკებები და ა.შ. (ილ.4) კერამიკოსი მუშაობდა განსხვავებული მასალისა და  ტექნოლოგიის გამოყენებით. მხატვრის ნამუშევრები, წლების განმავლობაში, ექსპონირებული იყო არაერთ რეგიონალურ თუ საკავშირო გამოფენაზე. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
4. დეკორატიული ქანდაკება „ვერძი“. თიხა შებოლილი. ზომები: 14X18,5 სმ.
დღესაც კი,  არცთუ დიდი ისტორიული ინტერვალის შემდეგ, გაძნელდა მხატვარის მიერ შესრულებული ნიმუშების მოძიება. ბევრი მათგანი უკვე დაკარგული და განადგურებულია. მის შემოქმედებაზე ძალზე მწირია ინფორმაცია სამეცნიერო ლიტერატურასა თუ პერიოდულ გამოცემებში. კერამიკოსის შესახებ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული  საარქივო დოკუმენტაციაც გარკვეული წლებით შემოიფარგლება. შესაბამისად, ხელოვანის  შემოქმედებითი მემკვიდრეობა თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა ნაკლებადაა ცნობილი პროფესიული და ფართო საზოგადოებისათვის. ვფიქრობ, საშური საქმეა,  მხატვრის შემორჩენილი ნიმუშების მოძიება და სათანადო კვლევა, რაც თანამედროვე კერამიკული ხელოვნების ისტორიის შესასწავლად უდავოდ მნიშვნელოვანია. (ილ. 5)
5. დეკორატიული ლარნაკი. 1950-იანი წლები. თიხა, ანგობი, გამჭვირვალე ჭიქური. ზომები: 25,5X15,5 სმ.
აღნიშნულ მიზანს ემსახურება წინამდებარე წერილიც, სადაც განხილულია კერამიკოსის რამდენიმე ნამუშევარი მასალად, ძირითადად, წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული კერამიკული ნიმუშები.  და გაშუქებულია მხატვრის შესახებ არსებული, დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტაცია, რაც არასრულ, თუმცა, გარკვეულ წარმოდგენას მაინც შექმნის ხელოვანის შემოქმედებაზე.
1930-იანი წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში თბილისის სამხატვრო აკადემიის  კერამიკის ფაკულტეტზე,  სასწავლო-მეთოდოლოგიურმა რეფორმამ პროფესიულ კერამიკულ ხელოვნებაში  მხატვრული და შემოქმედებითი ძიებების ახალი ეტაპის ჩამოყალიბება განაპირობა. დეკორატიული და ყოფითი დანიშნულების ნიმუშების გვერდით 1940-იანი წლებიდან დაიწყო პირველი მცდელობა მონუმენტური კერამიკის განვითარების მიმართულებითაც და დასახელებული თაობის მხატვრებმა რამდენიმე სადიპლომო და საგამოფენო პროექტი განახორციელეს მაგ.: კერამიკოსმა ირინე გაჩეჩილაძემ სადიპლომო შრომად (1948 წელს) წარმოადგინა მხატვრული პანო „ციტრუსების კრეფა“. მხატვარმა სიმონ ზაზაშვილმა სადიპლომო ნამუშევრად ფაიანსის მასალით შეასრულა კერამიკული პანო „საყოველთაო-სახალხო დეპუტატი“. მხატვარ-კერამიკოსებმა: ელენე მეგრელიშვილმა, ქეთევან ვაშაკიძემ, ეკატერინე ბაბლიძემ, სულხან სულხანიშვილმა და სხვებმა იმუშავეს კაფელის ღუმელის და ბუხრის მოსაპირკეთებელი მასალის შესაქმნელად. მათ შორის საინტერესო ნაწარმოებია ეკატერინე ბაბლიძის ღუმელი - „ფარშევანგები“, რომელიც მხატვარმა 1942 წელს შეასრულა. შ. კვასხვაძე, კერამიკული ხელოვნება აღმავლობის გზაზე; ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, №1-2, 1954,  გვ. 46
კერამიკოსმა გოგი ქართველიშვლმაც სადიპლომო ნაშრომი - „წყარო“ მონუმენტურ კერამიკაში შეასრულა (1948 წელი), რაც მხატვრის პირველ მნიშვნელოვან ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს. თემა იმ პერიოდისთვის სრულიად ახალი იყო.  ნიმუში  500-მდე ნაჭრისაგან შედგებოდა და იგი მხატვარმა თითქმის მთლიანად თავისი ხელით შეასრულა. წყაროს გასაფორმებელი დეტალების გარდა, არქიტექტურული პროექტი მოიცავდა წყლის აუზსა და დასასვენებელ ადგილს. „წყარო“ პრაქტიკულად არ განხორციელებულა ისევე, როგორც იმდროინდელი დანარჩენი პროექტები.  და ამჟამად შეუძლებელი გახდა ნამუშევრის დეტალების ან, თუნდაც, ფოტომასალის მოძიება. მის ვიზუალურ სახეზე წარმოდგენას  საარქივო მასალებში დაცული თავად მხატვრის ჩანაწერები და დიპლომზე არსებული რეცენცენზიები გვიქმნის.
პროფესორ ალექსანდრე ფიცხელაურის მიერ აღნიშნულ ნაშრომზე დაწერილ რეცენზიაში ვკითხულობთ: „დიპლომანტი გ. ქართველიშვილის თემა შეეხება ჩვენ პირობებში სრულიად ახალ საკითხს: წყაროს ნაგებობის მოპირკეთებას კერამიკულ-დეკორატიული მასალით, კერამიკულ მასალათა მრავალსახეობათა შორის მან აირჩია მაიოლიკის ტექნიკა, როგორც მხატვრულად ეფექტური, ხოლო მასალის მხრივ სავსებით ხელმისაწვდომი ნედლეული, სახელდობრ, თიხების დასამზადებლად მცხეთის თიხა, ხოლო ტერაკოტის ნაწილებისათვის ყვარელის რაიონის ს. ოქტომბრის თიხა. საგლაზურო მასალაც, ჩვეულებრივ, ადვილად საშოვნელია. ამიტომ, სავსებით ადვილად შესაძლებელია ანალოგიური ნაკეთობის სხვა მასშტაბით მიღებაც.“ უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება. ფონდი 87. ანაწერი № 3, საქმე № 377,  ფურც. 26.    
როგორც თავად ავტორი წერს: „თემით დაინტერესება საქართველოში  წყაროს  გაფორმების ხანგრძლივმა ტრადიციამ განაპირობა, რომელიც არამარტო წყლის დასალევი ან ასაღები ადგილი,  არამედ მგზავრთა დასვენებისა და ზოგჯერ შეხვედრის ადგილიც კი იყო.  ჩემი თემის გადასაწყვეტად მე ავირჩიე განსაკუთრებული ადგილი ბოტანიკურ ბაღში ხიდის გვერდით. როგორც ხედავთ, სადიპლომო ნამუშევარში, მარცხენა ნიშაში, არის აუზი სასმისი შადრევანით. მე შემეძლო ამით დამემთავრებია ჩემი ნამუშევარი, მაგრამ რადგანაც იგი განკუთვნილი იყო ბაღისათვის,  მე საჭიროდ ვცანი, რომ სასმელ შადრევანთან ერთად ყოფილიყო დასაჯდომიც და აუზი ჩქერით, რითაც ჩემი ამოცანა გაიზარდა მთელ კომპლექსით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად გართულდა ჩემი ამოცანა, მე მაინც გადავწყვიტე ამ გზით წამეყვანა ჩემი სამუშაო.“ იქვე, ფურც. 24
წყარო შედგებოდა ერთ მხარეს განთავსებული წყლის დასალევი  და მეორე მხარეს კი წყლის ასაღები აუზებისგან, რომლებიც შეერთებული იყო მათ შორის მოთავსებულ დასასვენებელ ადგილთან. იგი არქიტექტურულად ერთ მთლიან ობიექტს წარმოადგენდა. წყლის გადმოსაშვებად მხატვარმა სტილიზებული ხარის თავით შექმნილი ჰორელიეფური გამოსახულება გამოიყენა, რომელიც წყაროს მარჯვენა მხარეს, აუზის ზემოთ იყო განთავსებული.
რაც შეეხება ნიმუშის ფერადოვან გადაწყვეტას, მხატვარი მას ასე აღწერს: „კოლორიტად ავირჩიე   საქართველოსთვის დამახასიათებელი მომწვანო ფირუზის ფერი. კეცის ზედაპირი დაფარულია მაიოლიკის ტიპის ჭიქურით, რომელიც აძლევს მას გამძლეობას, სიკრიალეს და ფერადოვნებას. მთელი წყარო გადაწყვეტილი მაქვს სხვადსხვა სიძლიერის მომწვანო ფირუზის ფერის და თეთრი ფერების შეხამებით, კარნიზი დამზადებულია სპეციალური სატერაკოტე თიხიდან (ყვარელის რაიონი სოფ. ოქტომბერი), რომელიც წყაროს მთელს კოლორიტს უხდება და სხვადასხვა დეკორატიულ ელემენტებთან ერთად ქმნის მოწითალო აქცენტებს.“ იქვე, ფურც. 24.   
სადიპლომო ნამუშევარმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. სავარაუდოა, რომ მომდევნო წლებში კერამიკოსის აღზრდილ თაობათა წარმომადგენლებისათვის, რომლებმაც საქართველოს სხვადსხვა რაიონში რამდენიმე წყაროს ნიმუში შექმნეს, გარკვეული როლი შეასრულა ხელოვანის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულმა ძიებებმა. 
საასპირანტო ნაშრომადაც მხატვარმა რელიეფური პანო  - „უხვი მოსავლის ოსტატები“ წარმოადგინა (1954 წელი), რომლის ზომა 180X180 სმ იყო.  ბარელიეფი შესრულებული იყო ფაიანსის მასალით. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევეა, რომ: თავისი საასპირანტო სამუშაო კერამიკოსმა სამ გამოფენაზე გაიტანა და  საზოგადეოების ყურადღებაც მიიქცია. პროფესორი დავით ციციშვილი პანოს შესახებ წერს: „გ. ქართველიშვილის ბარელიეფური კერამიკული პანო „უხვი მოსავლის ოსტატები“, მხატვრის წინაშე დასმული პლასტიკური და ტექნიკური ამოცანების სირთულით უნიკალურ ნამუშევრად უნდა ჩაითვალოს არა მარტო ახალგაზრდა ქართული კერამიკული ხელოვნებისათვის, არამედ მთელი საბჭოთა კერამიკისთვისაც. უკანასკნელი წლების მანძილზე შესრულებული ანალოგიური ნამუშევრებიდან შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ ფრიხ-ხარის ბარელიეფი („საკოლმეურნეო ქორწილი“) და ფაიანსის კერამიკული პანო მოსკოვის მეტროს სადგურზე. გ. ქართველიშვილის ნამუშევარი თამამად შეიძლება შევადაროთ ამ ნაწარმოებებს.“ დ. ციციშვილი, მხატვრული კერამიკა გამოფენაზე; „საბჭოთა ხელოვნება“, 1954, № 3, გვ. 24. (ილ.6)
6. პანო „უხვი მოსავლის ოსტატები“
პანო გამიზნული იყო არქიტექტურული ნაგებობის გასაფორმებლად. სიუჟეტი სოც-რეალისტურია: დასასვენებლად დამსხდარ კოლმეურნეებს ყმაწვილი გაზეთიდან უკითხავს ცნობას უხვი მოსავლის ოსტატების დაჯილდოების შესახებ. ოთხფიგურიანი კომპოზიცია აგებული იყო ოვალურად მოხრილი რკალის ფორმაზე.  ფიგურების განლაგებით შევსებულია „სასურათე სიბრტყე“, მათი მოძრაობებითა და პოზებით შექმნილია დინამიკა და რიტმი, კომპოზიცია გაწონასწორებული და შეკრულია. ნამუშევრის შავ-თეთრი ფოტო დაბეჭდილია ჟურნალის „საბჭოთა ხელოვნება“ 1954 წლის ერთ-ერთ ნომერში და ამ ერთადერთი გამოსახულების არსებობა ერთგვარ სიძნელეს იწვევს მისი მხატვრული ღირებულების სრულყოფილად განსაზღვრისათვის.
7. პანო „სიმინდის კრეფა“ (ფოტო მხატვრის არქივიდან).
1950-იან წლებში მხატვარმა კიდევ რამდენიმე პანო და ბარელიეფი განახორციელა:  ფაიანსის მასალით შესრულებული სკულპტურული-დეკორატიული პანო (1953 წელი), ასევე, ბარელიეფი „სიმინდის კრეფა“ (თიხა, 1956 წ.), (ილ. 7) „პურის დამწიფება“ (ფაიფური, 1956 წ.) (ილ. 8) და სხვ.
აღნიშნულ პერიოდში კერამიკოსმა  ფაიფურისა და ფაიანსის მასალით საყოფაცხოვრებო და დეკორატიული დანიშნულების რამდენიმე ნიმუშიც შექმნა. მათ შორის ფაიანსის დეკორატიული ლარნაკი (1953 წ.), კოლმეურნე ქალის ქანდაკება (1952 წ.), ცეკვა „მთიულური“ (ქალისა და ვაჟის ფიგურები) (1954 წ.), მეთხილამურე ქალი (1955 წ.), ფაიფურის სურა (1955 წ.) და ა.შ.
8.პანო „პურის დამწიფება“ (ფოტო მხატვრის არქივიდან).
ხელოვნების მუზეუმის კერამიკის ფონდში დაცულია ფაიფურის მასალით შესრულებული ორი ნიმუში. ესენია – მცირე ზომის სკულპტურა „მამალი“ და დეკორატიული დოქი. „მამლის“ ფიგურა თეთრი ფერისაა, მოჭიქულია გამჭვირვალე ჭიქურით. ნიმუში პროპორციულია, კარგად გამოძერწილი. ფრინველისთვის დამახასიათებელი პოზით გადმოცემულია მისი ხასიათი. თუმცა, ერთგვარად „უხეში“ ფაიფურის კეცისა და მოუხატავი თეთრი ფერის გამო ნაკეთობა  დეკორატიულ გამომსახველობას მოკლებულია.
მეორე ნიმუში, დოქი - ბრტყელი, მუცელმრგვალი, უჩვეულო ფორმის ჭურჭელია, რომელიც ყურადღებას პლასტიკურად „მოძრავი“ სილუეტით იპყრობს. ნაკეთობა მოხატულია ჭიქურქვედა საღებავებით და მოჭიქულია გამჭვირვალე ჭიქურით. ჭურჭლის წრიული მუცელი შემკულია მცენარეული მოტივის რელიეფური ორნამენტით, რომელიც ერთგვარ ფონს უქმნის მასზე დახატული ფრინველის გამოსახულებას. ნაკეთობის სახელურიც სტილიზებული მცენარის ტოტითაა გამოძერწილი. დოქზე ფერადოვანი აქცენტები სწორადაა გადანაწილებული, უხვი ორნამენტი კი გადატვირთულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ესოდენ დამახასიათებელია ზოგადად ამ პერიოდში ფაიფურის მასალით შესრულებული ბევრი ნაკეთობისათვის.
1950-იან წლებში,  როდესაც ჩამოყალიბებას იწყებდა თანამედროვე ქართული კერამიკის მხატვრული სახე, ეროვნული ფორმის ძიების პროცესში კერამიკოსებმა ისტორიულ მასალასთან ერთად შეისწავლეს და მხატვრულად გადაამუშავეს იმ დრომდე ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებული ყოფითი დანიშნულების ჭურჭლის ნიმუშები და მათი განსხვავებული დეკორატიული სახესხვაობები შემოგვთავაზეს. ამგვარი ნაკეთობები გვხვდება ელენე მეგრელიშვილის, ეკატერინე ბაბლიძის, შოთა ნარიმანიშვილის და სხვა კერამიკოსების შემოქმედებაში. მსგავსი ტიპის ნიმუშებიდან, როგორც მკვლევარი ნანა ყიფიანი აღნიშნავს: „1950–იანი წლების ბოლოს კერამიკოსებმა გ. ქართველიშვილმა და მ. ბერიაშვილმა პირველად შეასრულეს მარნები, რომლებმაც, გარკვეულწილად, დაუმკვიდრეს ამ თემას ადგილი ჩვენს კერამიკაში.“ ნ. ყიფიანი, მარანი თანამედროვე ქართულ კერამიკაში; „საბჭოთა ხელოვნება“, 1980,  № 2, გვ.48.     
ეთნოგრაფიულ ყოფაში ხანგრძლივი ისტორიის მქონე სარიტუალო სასმისი მარანი, ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა თანამედროვე კერამიკოსთა შემოქმედებაში, რაც, ძირითადად,   ნიმუშის შინაარსითა და მისი რთული კონსტრუქციით იყო განპირობებული. ჭურჭლის ფორმისა თუ დეკორის ვარირების განუსაზღვრელი შესაძლებლობა მხატვრებისთვის შთაგონებისა და მხატვრული ძიების წყაროდ იქცა. წლების განმავლობაში, მრავალი კერამიკოსის შემოქმედებაში, თემა ინვიდიუალური ხედვის შესაბამისად, მხატვრული, შინაარსობრივი და სახვითი ასპექტებით გამდიდრდა.
დეკორატიულ სასმისს გამორჩეული ადგილი უკავია კერამიკოს გოგი ქართველიშვილის შემოქმედებაშიც. მხატვარი რამდენიმეჯერ მიუბრუნდა აღნიშნულ თემას და მხატვრულად საინტერესო, განსხვავებული  მარნის ნიმუშები შექმნა.
1950-იანი წლების ბოლოს შესრულებული ნიმუში დაცულია ეროვნული გალერეის კერამიკულ ფონში. წითელი თიხითა და ფირუზისფერი მაიოლიკის ჭიქურით დაფერილი სასმისი უტილიტარული დანიშნულების ჭურჭელია და თავისი ფორმით მას ბევრი საერთო აქვს იმ პერიოდში კახეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული მარნის მოყვანილობასთან. (ილ. 9)
9.მარანი. 1950-იანი წლები. თიხა, მაიოლიკის ჭიქური. ზომები: 22X16სმ.  სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
ღვინის შესასმელი ჭურჭერლი „მარანი“ - ძირისკენ ვიწრო და თავისკენ გაფართოებული - ორი  ნაწილისაგან შედგება. ქვემოთ მას ქუსლი და დაფანჯრული ტანი აქვს, რომლის  პირის ირგვლივ შემოვლებულ ღრუ მილზე  უძირო, მუცელგანიერი, მცირე ზომის ქვევრები (7 ცალი) და ხარის თავია მოთავსებული. ცხოველის თავი შესასმელი მილის ფუნქციას ასრულებს. 
ეთნოგრაფიულ ჭურჭელთან მსგავსებასთან ერთად, გოგი ქართველიშვილის პირველივე ნამუშევარში უკვე ჩანს მხატვრის ძიება ფორმის გამარტივებისა და მხატვრულობის გაზრდის თვალსაზრისით. მაგალითად, ნიმუშის ძირის ფორმა განსხვავებულია, იგი შედარებით ვიწრო და ტანმაღალია, მასზე შემოწყობილი ქვევრების რაოდენობა ნაკლებია და გაცილებით კომპაქრუტადაა ზემოდან განლაგებული. უტილიტარულ ფუნქციასთან ერთად, ნაკეთობაში, მკაფიოდ ხაზგასმულია ჭურჭლის ფორმის დეკორატულობა.
10. მარანი „ძველი თბილისი“. 1962 წელი. თიხა შებოლილი, აღდგენითი ჭიქური. ზომები:   24, 5X21 სმ.  სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
1962 წელს კერამიკოსმა მარნის კიდევ ერთი ნიმუში შექმნა  – მარანი „ძველი თბილისი“. (ილ. 10) ჭვირული ორნამენტით შემკული თასის ფორმის სადგარი ღრუ მილით ბოლოვდება, მას კი, ზემოდან, წრიულ ხაზზე მოცეკვავე  კინტოს ათი ფიგურა შემოუყვება. მარანი საეტაპო მნიშვნელობის ნაკეთობაა, რადგან სასმისის მხატვრული გადაწყვეტა სიახლეს წარმოადგენდა ქართულ კერამიკაში. ხელოვანმა აღნიშნული ჭურჭლის დეკორატიული სახის შესაქმნელად პირველად გამოიყენა ადამიანის ფიგურები - ფოლკლორული ტიპები. მომდევნო წლებში, თემის მსგავსი მხატვრული გადაწყვეტა - განსხვავებული ასპექტებითა და ინდივიდუალური სახასიათო ნიშნებით,   არაერთი კერამიკოსის შემოქმედებაში გვხვდება - მაგალითად გამოდგება მხატვარ მედეა ჩიხლაძის მიერ 1968 წელს შესრულებული მარანი „კინტო“, კერამიკოს ჟუჟუნა ფოჩხიძის მიერ 1967 წელს შექმნილი მარანი „ხევსურების სიმღერა“,  მხატვარ  ირინე გაჩეჩილაძის 1970 წლით დათარიღებული მარანი „ხორუმი“ და სხვ.
კერამიკოსის დასახელებული სასმისის კონსტრუქცია კვლავ იმეორებს მარნის ჩვეულ ფორმას, ხოლო ჭინჭილები, როგორც ითქვა, შეცვლილია კინტოების პირობითი ფიგურებით, რომელთა მსხლის მსგავსი, მომრგვალებული ქვედა ნაწილები (მუცელი) და გამოყვანილი, წაგრძელებული ყელი, გარკვეულწილად, იმეორებს სურის ვიზუალურ სილუეტურ ხაზს. „თავშეკავებულია“ ნიმუშის ორნამენტული ელემეტებიც, ძირითად მხატვრულ აქცენტებად  კერამიკული კეცის გაპრიალებული და ხაოიანი ფაქტურების დაპირისპირება და მასზე სამოსის ფაქიზი, ჩაკვეთილი  ხაზით მიღებული  სახასიათო დეკორია გამოყენებული.
11. მარანი „მოცეკვავე კინტოები“. 1968 წელი. თიხა შებოლილი, აღდგენითი ჭიქური. ზომები: 18X18 სმ. სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
საინტერესო ნაკეთობას წარმოადგენს კინტოს ფიგურებით შექმნილი მარნის მეორე ნიმუში, სადაც მხატვარმა სასმისის ფორმა ბევრად გაამარტივა. (ილ. 11) დაბალ ქუსლზე მდგარ ხუთ კინტოს აწეული ცალი ხელით დაბალკალთებიანი, პირმომრგვალებული, ფიგურების თავებთან გახვრეტილი მცირე ზომის ლანგარი უკავიათ, მეორე ხელით კი დოინჯი შემოუყრიათ  და ცეკვისთვის სახასიათო მოძრაობით წრეზე „მიემართებიან“. ნიმუში მთლიანად დაფერილია გარდამავალი ფერის მომწვანო-მოშინდისფრო აღდგენითი ჭიქურით. კინტოების პირობით-განზოგადებული ფიგურები მოკლებულია ყოველგვარ დეტალიზაციას. მხატვარი აღარც სამოსის ორნამენტულ სახეებს იყენებს. ყოველივე ამით კი, ხაზგასმულია ნაკეთობის მთავარი სახვითი სამეტყველო ენა - ჭურჭლის პლასტიკური ფორმა, რომელიც პროპორციული არქიტექტონიკითა და მოქნილი, რბილი სილუეტით იპყრობს მნახველის ყურადღებას. მკაფიოდაა გამოვლენილი მოძრაობათა რიტმულობა და დინამიკურობა. მართალია, სასმისში შენარჩუნებულია უტილიტარული ფუნქცია, მაგრამ მასში წამყვანი დეკორატიული ამოცანებია.
12. მარანი „შანდალი“. 1970 წელი. თიხა შებოლილი, აღდგენითი ჭიქური. სიმაღლე 34 სმ. სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
გალერეის ფონდებში დაცული მესამე ნიმუში – მარანი „შანდალი“ მხატვარმა 1970 წელს შეასრულა. (ილ. 12) დაფანჯრულ ქუსლზე მდგარ თასის პირზე დამაგრებულია ხუთი ფიალა, მათზე ზემოდან შემოწყობილი ათ-ათი მცირე ზომის ქვევრით. ნიმუში შებოლილია და ნაწილობრივ  აღდგენითი ჭიქურის საღებავითაა დაფერილი. ნაკეთობაში კერამიკოსმა სრულიად აღარ გაითვალისწინა ჭურჭლის ფუნქციური დანიშნულება და  თემის მხატვრულ-დეკორატიული სახე შექმნა, რომელიც მხოლოდ კონსტრუქციული ელემენტებით თუ შეიძლება მივამსგავსოთ მის პროტოტიპს.
13. საღვინე დოქი. 1967 წელი. თიხა შებოლილი, აღდგენითი ჭიქური. ზომები: 25X19 სმ. სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
როგორც  აღვნიშნეთ, ხელოვანს შესრულებული აქვს ყოფითი დანიშნულების ნაკეთობები. ისევე, როგორც ბევრი მხატვრის შემოქმედებაში, კერამიკოსის მიერ შექმნილ ნიმუშებში მნიშვნელოვანი ადგილი განსხვავებული მოყვანილობის საღვინე დოქებს უკავია. (ილ. 13) მათ შორის ყურადღებას შევაჩერებთ დოქ „ჩიტზე“, რომელიც მხატვარმა 1965 წელს შეასრულა. ხელოვანმა მსგავსი ფორმის განსხვავებული დეკორით შემკული ნიმუშის რამდენიმე ვარიანტი შექმნა. ორი მათგანი, ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებული, დაცულია ეროვნულ გალერეაში. (ილ. 14, 15) ნიმუშის შესაქმნელად მხატვარი არ მიმართავს ჩიტის ზოომორფულ გამოსახულებას, იგი მხოლოდ ფრინველის სხეულისათვის დამახასიათებელი  გარკვეული „მინიშნებებით“ შემოიფარგლება და მის მეტად საინტერესო, დამაჯერებელ სახე ქმნის.
14. დოქი „ჩიტი“. 1965 წელი. თიხა შებოლილი, აღდგენითი ჭიქური. ზომები: 19 სმ. სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
15. დოქი „ჩიტი“. 1965 წელი. თიხა შებოლილი, აღდგენითი ჭიქური. სიმაღლე 19 სმ. სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
შებოლვის ტექნიკით შესრულებულ ნაკეთობას მრგვალი, დაბალი, გამოყვანილი მუცელი აქვს, რომელიც ფრინველის ტანს განასახიერებს, დოქის ყელი და გადმოწეული ტუჩი - ჩიტის ყელი და თავია, ხოლო სახელური, რომლის გარე კიდეს დაკბილული ხაზი შემოუყვება, ფრინველის კუდის ასოციაციას იწვევს.  აღნიშნული  ნიმუშის დეკორიც მეტად თავშეკავებულია. მუქ ფონზე მუცელზე ჩაკვეთილი ხაზით მიღებულ მცირე ზომის წრიულ ფორმაში, გეომეტრიულად ორგანიზებული, ხაზობრივად განლაგებული ამოკვეთილი, სამკუთხა ფორმებით შექმნილია  ფრინველის ბუმბულის მხატვრულ-პირობითი გამოსახულება. მსგავსი კვეთილი ორნამენტითაა შემკული ნიმუშის წინა მხარე და სახელურის ზედა ნაწილი. მუქი ყავისფერი აქცენტირებულია ფირუზისფერი აღდგენითი ჭიქურით, რომლითაც ნაწილობრივ მოხატულია კვეთილი დეკორი და დაფერილია ჭურჭლის შიდა მხარე და ყელი. დოქი კიდევ ერთი მაგალიათია იმისა, თუ როგორ ქმნის მხატვარი ორიგინალური მოყვანილობის, გამორჩეული მხატვრული ღირებულების  კერამიკულ ნაკეთობას მარტივი ფორმის პლასტიკური ხაზის მაღალი შეგრძნებითა და მინიმალური სახვითი ხერხების გამოყენებით.
16.დეკორატიული ლარნაკი. 1965 წელი. თიხა შებოლილი, აღდგენითი ჭიქური. ზომები: 35X25 სმ. სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
17. დეკორატიული დოქი. თიხა შებოლილი, აღდგენითი ჭიქური (ფოტო მხატვრის არქივიდან).
ეროვნული მუზეუმის კერამიკის კოლექციაში მხატვრის მიერ შესრულებული კიდევ რამდენიმე ნამუშევარია დაცული. მათ შორისაა სადა, მოხდენილი ფორმის,  აღდგენითი ჭიქურით დაფერილი, დეკორატიული ლარნაკი, (ილ. 16) თეფშები, ფიალები, რამდენიმე საღვინე დოქი და სხვა.
კერამიკოსის ბევრ ნამუშევარს  დასმული ამოცანის სირთულე და შესრულების ტექნიკური სიძნელე ახასიათებს, გამოარჩევს ახალი მხატვრული ხედვა. ქართული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის შესწავლითა და მისი შემოქმედებითი გააზრებით მხატვარს შექმნილი აქვს ეროვნული ხასიათის თანამედროვე ფორმები, რომლებიც თავის ღრმა შინაარსთან ერთად, ყურადღებას იქცევს სიმარტივით, პროპორციული არქიტექტონიკით, სადა სილუეტით, მშვიდი ფერადოვნებით, რაც მნახველში დასრულებულობის, „სრულქმნადობის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. (ილ. 17)
როგორც ზემოთ აღვნიშნე, წერილში საარქივო დოკუმენტაციაში არსებული ფაქტობრივი მასალის გარკვეული ეპიზოდებია გაშუქებული და წარმოდგენილია ეროვნული მუზეუმის კერამიკულ ფონდებში დაცული რამდენიმე ექსპონატი, რაც მხატვრის შემოქმედების წარმოჩენის პირველი და უმნიშვნელო ცდაა. კერამიკოსის შემოქმედებითი თუ პედაგოგიური მოღვაწეობა  უფრო სრულყოფილ მეცნიერულ შესწავლას  საჭიროებს, რაც მომავალი კვლევის საგანია.



ნანახია: 5929-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani