Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული შრიფტი (მოკლე ექსკურსი)

ნინო ჯიშკარიანი
ასოციაცია „ქართული შრიფტის“ პრეზიდენტი

ქართული კულტურული სივრცის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სამი საანბანე სისტემის თანაარსებობამ, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ენასთან ერთად, კულტურული იდენტობის ძირითად მარკერად გვევლინება.

საქართველოს ბიბლიოთეკები, არქივები, მუზეუმები და საცავები მდიდარია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ქართული ხელნაწერი წიგნებით, რომლებშიც თვალი შეგვიძლია, მივადევნოთ ქართული სალიტერატურო ენის ევოლუციასთან ერთად, ქართული ანბანების (მათ შორის - შრიფტების) განვითარების ეტაპებს. ქართულმა დამწერლობამ დიდი გზა გაიარა, რაც ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, კულტურის სახეცვლასთან ერთად, უმთავრესად, ხელნაწერ წიგნებში აისახა. ძალიან საინტერესოა შუა საუკუნეებში შექმნილი წიგნები,  თავისი მხატვრული გემოვნებით და წიგნის კულტურის დიდი ცოდნით. ხელნაწერი წიგნების შემქმნელი მხატვარ-კალიგრაფები დიდი ოსტატობით ამკობდნენ ყდებსა და ხელნაწერებს.
წიგნი ხომ კულტურის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს, შრიფტი კი - წიგნის ენაა. შრიფტს, როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს,  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საკომუნიკაციო სისტემაში.
შრიფტი, წიგნების, ჟურნალ-გაზეთების და, ზოგადად, სხვადასხვა სახის ბეჭდვითი მედიის ძირითადი გასაფორმებელი მასალაა. ბეჭდვითი ნაწარმოების, კერძოდ კი, წიგნის  მხატვრული გაფორმება - წიგნის გრაფიკა და მასთან დაკავშირებული შრიფტის კულტურა - ერის, ისტორიის, მისი ტრადიციების განუყოფელი ნაწილია, რომელიც საუკეთესოდ  ასახავს ამა თუ იმ ეპოქის ეროვნულ კულტურას. თვალს თუ გადავავლებთ ქართული სასტამბო შრიფტების ისტორიას, დავინახავთ, რომ შრიფტები, ანუ „მოძრავი ასოები“, ერთბაშად არ შექმნილა, ქართული ტიპოგრაფიის განვითარებასა და დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქართული ანბანის სახეობებმა, საქართველოში (და მის ფარგლებს გარეთ) სტამბების განვითარებამ და, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნეში ინდუსტრიული ბეჭვდის ფართოდ გავრცელებამ.
ქართული დამწერლობა  ისტორიულად სამი სახისაა:
მრგლოვანი/ასომთავრული - V-საუკუნიდან; (ასომთავრული- უნიკოდ. სახელწ. მრგლოვანი- მეცნ. სახელწ.)
ნუსხური (ხუცური, კუთხოვანი) – IX- საუკუნიდან;
მხედრული - X ს-დან დღემდე;
თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს.
ბევრი ერის საშრიფტო მეურნეობაში დღემდე თვალსაჩინოა ხელნაწერი ასოების გავლენა და მათი გრაფიკული თავისებურება, იგრძნობა ის კვალი, რომელიც ხელნაწერ ასოებს დააჩნია წერის ტექნიკამ. ეს იმის შედეგი იყო, რომ  მოძრავი ასოს გამოყენების საწყის პერიოდში, ასოთამჭრელები და მესტამბენი ცდილობდნენ, ზუსტად გადაეღოთ ხელნაწერი ასოების სახე, ყველა იმ სახასიათო გრაფიკული ელემენტითა და გადაბმით. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ მოძრავი ასოსა და ხელნაწერი ასოს, ზოგ შემთხვევაში, ზედმეტად გრაფიკული ელემენტებით გადატვირთული ხასიათი ბეჭდვის დროს, სრულებით ვერ ეგუებოდა ერთმანეთს, ამიტომ, ასოთამჭრელები, თანდათან, შეძლებისდაგვარად, ამარტივებდნენ ასოს გრაფემას, რათა უფრო ადვილად წასაკითხი გამხდარიყო ტექსტი. თავიდან, ერთიანი დადგენილი ზომის არ არსებობის პირობებში, ყველა მესტამბე ისეთი ზომისა და მოსახვის შრიფტებს ასხავდა, როგორიც მას სურდა. შემდეგში, შემოღებული იქნა ერთიანი ზომა (პუნქტი) და დამკვიდრდა გარნიტურათა სისტემა, შესაბამისად, ჩამოისხა მრავალნაირი სახისა და ზომის შრიფტები.
ბეჭდვითი საშუალებების განვითარებასთან ერთად, სასტამბო შრიფტი, თანდათან, განთავისუფლდა ხელნაწერი ასოს გავლენისაგან და ნელ-ნელა გაიყო დამწერლობისა და წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები.
შრიფტი - (გერმ. Schrift, სიტყვისგან schreiben — წერა) ნიშნავს ასო-ნიშნების, ციფრების, პუნქტუაციის, დიაკრიტიკული (Diacritics) და სხვა ანბანური/სატექსტე ნიშნების ნახატ  კომპლექტს,  გამიზნულს სხვადასხვა სახის/დანიშნულების ტექსტებისა და გრაფიკულ-ინფორმაციული ობიექტების ასახვა/დაკაბადონებისათვის.  შრიფტი შეიძლება, ასევე, შეიცავდეს იდეოგრამებსა და სიმბოლოებს - მათემატიკური ან კარტოგრაფიული გლიფების სახით. ფონტი ანუ Font კი ინგლისურ ენაზე შრიფტს ეწოდება.
შრიფტი ვერტიკალური ღერძის მიხედვით, ძირითადად, ორი სტილისაა – სწორი/ნორმალური და დახრილი. სწორი/ნორმალური სახის შრიფტით იწყობა ლიტერატურული ნაწარმოების თუ სხვა ძირითადი ტექსტი. „დახრილი“ შრიფტი სწორისგან განსხვავდება იმით, რომ გადახრილია მარჯვნივ 12-15 გრადუსით. მას არ აქვს პრეტენზია, დაემსგავსოს ხელნაწერ ასოებს, იგი სწორის მექანიკურად გადახრილი სახეობაა. არის კიდევ მისი ვიზუალურად მსგავსი შრიფტი -  დახრილის მეორე სახეობა, რომელსაც უწოდებენ კურსივს /Italic/. მისი ძირითადი ხაზებიც დახრილია, მაგრამ გამოირჩევა სწორი და დახრილი შრიფტებისაგან თავისი ხვეულ - ორნამენტური ფორმით. ეს ტერმინი სათავეს იღებს იტალიური (Italic) კალიგრაფიული ხელნაწერი შრიფტის იმიტაციისაგან და გულისხმობს ყველა ხელნაწერს მიმსგავსებულ შრიფტს.
შრიფტის აგების ძირითადი კანონზომიერებანი - როგორც ანაწყობი, ისე ნახატი შრიფტის აგების პრინციპი და ასონიშანთა ელემენტებიც - ერთი და იგივეა. ანაწყობ შრიფტში მკაცრად იყო დაცული ტექნიკური მოთხოვნილებები ლიტერების შესაქმნელად, რასაც სჭირდებოდა ნახატი, პუანსონი (ქანდაკი), მატრიცა (ყალიბი). ნახატი შრიფტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პროპორციის, მოხაზულობის, ფორმისა და ზომის. ცხადია, რომ ამ შემთხვევაშიც საჭიროა, დაცული იქნას რიტმი, მდგრადობა და წონასწორობა, დინამიკა, ოპტიკური ილუზიების ანგარიშგაწევა და სხვა ფაქტორები. ყველა სავალდებულო პირობა და კანონზომიერება ერთნაირად აუცილებელია, როგორ ქართული, ასევე, ლათინური შრიფტის აგების დროს, ჩვეულებრივ, ორივე იგება ორი სხვადასხვა სისქის შტრიხისაგან. როგორც წესი, ძირითადი (ვერტიკალური) შტრიხი გაცილებით სქელია, ვიდრე შემაერთებელი (ჰორიზონტალური).
შრიფტი, პირველ რიგში, ტექსტის გამოსახვის საშუალებაა. განსხვავებული მოხაზულობის იერის გამო, მის სახეობებს ეწოდებათ: მონუმენტური, დეკორატიული, დინამიკური, სტატიკური, ნაციონალური ელემენტების მატარებელი (მაგ. ქართული შრიფტი) და სხვ. შრიფტის ღირსების დასადგენად უნდა ვიცოდეთ მასში არსებული რიტმი, პროპორციები, სივრცობრივი ილუზიები, ელემენტების, ქიმების ნაირსახეობა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თითოეული გრაფემის (ასონიშნის) ჩონჩხის აღნაგობის სისწორეს.
შრიფტის ყოველგვარი ახალი ნაირსახეობის შექმნისას, ასო-ნიშნის ძირითადი თვისებები არ უნდა იკარგებოდეს გადაჭარბებული შემოქმედებითი სითამამით გამოწვეულ ფორმათა ცვლაში. შრიფტის აგება და მის ახალ სახეობაზე მუშაობა მოითხოვს სერიოზულ დამოკიდებულებას და შემოქმედებით სიდინჯეს. მხატვარი, თავის მუშაობაში შრიფტის აგებისას, სასურველია, ეყრდნობოდეს საუკუნეთა განმავლობაში გამომუშავებულ ძირითად კანონზომიერებებს.
პირველი ქართული სასტამბო შრიფტი გაკეთდა რომში, იმ წერილის ანბანის მიხედვით, რომელიც მეფე თეიმურაზ პირველმა გაუგზავნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურს. 1629 წელს ამ შრიფტით აიწყო და დაიბეჭდა სტეფანო პაოლინის „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“ საქართველოში გამოგზავნილი კათოლიკე მისიონერებისათვის. ამ შრიფტში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული ქართული „ალფაბეტის“ მოხაზულობისა და პროპორციების თავისებურებანი. 1643 წელს რომში დაბეჭდილ მარია მაჯიოს „ქართული ენის გრამატიკაში“ ამ შრიფტს უკვე შესწორებული სახით ვხედავთ.
1709 წელს, მეფე ვახტანგ მეექვსემ მესტამბე მიხეილ უნგრო-ვლახელი მოიწვია და მისი დახმარებით თბილისში გახსნა ქართული სტამბა, შეიქმნა სასტამბო შრიფტები, როგორც ხუცური (ასომთავრული და ნუსხა), ისე მხედრული, შესაბამისად,  ქართულმა წიგნმა სრულიად ახალი სახე მიიღო. ვახტანგის სტამბის შრიფტები, გრაფიკული შესრულებით, რომის შრიფტებზე ბევრად უფრო მაღლა იდგა, რასაც ვერ ვიტყვით ერეკლე მეორის აღდგენილი სტამბის შრიფტებზე (1737-1785).
მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის სტამბებში ჩნდება ხელნაწერი ხუცურისა და მხედრულის მიბაძვით შექმნილი დაბალი ხარისხის შრიფტები. მდგომარეობა შეცვალა ორმოციან წლებში ამ საქმით პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის დაინტერესებამ. ბატონიშვილ თეიმურაზ ბაგრატიონის, დიმიტრი ჩუბინაშვილის, მარი ბროსესა და სხვათა დახმარებით აკადემიის სტამბამ შექმნა ექვსი მხედრული შრიფტისა და ორი ხუცურის სახე, რომელთაც შემდეგ „აკადემიური“ დაერქვა.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული წიგნის გამოცემის ცენტრი რუსეთიდან ისევ თბილისში გადმოდის. იხსნება სტამბები და წიგნის ბეჭდვა ფართო ხასიათს იღებს. ამ პერიოდის მოღვაწეთა შორის იყო პირველი გრავიორი, გრიგოლ ტატიშვილი, რომლის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს 1888 წელს გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ გაფორმება. მან შექმნა არაჩვეულებრივი, მაღალხარისხოვანი საზედაო ასოები, თავსამკაულები, არშიები და სხვ. ამავე პერიოდს ეკუთვნის ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ყიფიანი (1833-1891). მან თავისი შრიფტების ნახაზები აკადემიური შრიფტების საფუძველზე შექმნა. 1864 წელს „დროების“ გამომცემელმა სტეფანე მელიქიშვილმა ეს ნახაზები ქ. ვენაში გადააგზავნა, სადაც დაამზადეს ახალი ქართული შრიფტი - ნათელი და  ნახევრადმუქი ნუსხური მოხაზულობის, ხელით წყობისათვის. 1866 წელს  პირველად შევიდა ხმარებაში ამ შრიფტის მხედრული მთავრული. რადგან ყიფიანის შრიფტი ქ. ვენაში ჩამოისხა, მას „ვენური“ უწოდეს. გასული საუკუნის ქართულ საშრიფტო მეურნეობის კლასიფიკაციაში ეს შრიფტი შეტანილია „ჩვეულებრივი გარნიტურის“ სახელით. მ. ყიფიანის შრიფტის გავრცელებამ შეასუსტა სხვა შრიფტების გამოყენება, რომელთა უმრავლესობა ვერც მოხაზულობითა და ვერც მკაფიოობით ვერ უწევდა კონკურენციას ამ ეკონომიურ და ადვილად საკითხავ შრიფტს. მიუხედავად ამისა, ამავე პერიოდში, ხმარებაში მაინც შემოდის კიდევ სხვადასხვა შრიფტები. მათ შორის ყველაზე საყურადღებოა ჟურნ. „ცისკრის“ (პირველი გამოცემა) შრიფტი, რომელიც, სავარაუდოდ, უცხოეთში უნდა იყოს გაკეთებული თეიმურაზ ბატონიშვილის ნახაზის მიბაძვით. (ილ. 1)

1

1. უცხოეთში დამზადებული მხედრული თეიმურაზის შრიფტის მიხედვით იხმარებოდა საქართველოში 1850-70 წლებში.
ახალი ეტაპი ქართული ტიპოგრაფიის განვითარებაში იწყება მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში. ქართველი მოდერნისტები აყალიბებენ ახალი კონცეფციებს ქართულ ენასა და ანბანთან მიმართებაში. ყალიბდება შეხედულება, რომ მხედრულის მრგვალი მოხაზულობის ასოები საჭიროებს მოდერნიზებას და უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ინდუსტრიულ ეპოქასთან. ასე ჩნდება იმ პერიოდის წიგნებზე, პლაკატებსა და ნახატებში კუთხოვანი მხედრული ასოები.
მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე- 20 საუკუნის დასაწყისში, სხვა სატექსტო შრიფტებს შორის, კიდევ ორი ახალი  შრიფტი იკიდებს ფეხს.  ესენია: „პარიზული“ (ილ. 2) და „კირილე ლორთქიფანიძისა“ (ილ. 3). მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, პარიზში მყოფი ქართველი ემიგრანტი ახალგაზრდობა აარსებს ჟურნალ „საქართველოს“. ამ გაზეთისათვის სპეციალურად დაამზადეს ახალი შრიფტი, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია და რომელსაც, შემდეგში, ხან „პარიზულს“ და ხან „საქართველოს“ უწოდებენ. სახოკია იგონებს ამ შრიფტის შექმნის ისტორიას: „1900-05 წლებში პარიზში მყოფმა ქართველმა ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ ჟურნალის გამოცემა საქართველოს შესახებ. საჭირო შეიქმნა ქართული შრიფტი, რომელიც ჩვენ არ გვქონდა. ამ დროს საქართველოში იხმარებოდა ე. წ. ვენური შრიფტი. საქართველოდან მისი წამოღება და გამოყენება სახიფათო იყო. ამიტომ პარიზის ერთ-ერთ ცნობილ შრიფტის ჩამომსხმელს ვენური შრიფტის მიხედვით ახალი შრიფტის დამზადება და ჩამოსხმა შევუკვეთეთ. ეს შრიფტი სილამაზით და დამტეობით დიდათ განსხვავდებოდა ვენურისაგან. ქართული ასოთამწყობი თბილისიდან გამოგიგზავნეს, ერთი ყრუ-მუნჯი, მეტად ნიჭიერი და საქმის მცოდნე მიქელ კიკნაძე. ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1903 წელს და გამოდიოდა 1904 წლამდე. 1905-6 წლებში უკვე შესაძლებელი გახდა სამშბლოში დაბრუნება. ჩვენთან ერთად დაბრუნდა მიქელ კიკნაძეც. მან ჩამოიტანა ამ შრიფტის მატრიცები, შრიფტი ჩამოასხეს და იმ დროიდან საქართველოშიც გავრცელდა.

2

2. პარიზული შრიფტი (ახალი სტანდარტით განიერი)
რაც შეეხება მეორე შრიფტს, ეგრეთ წოდებული „კირილე ლორთქიფანიძისა“, პირველად ქუთაისში იქნა გამოყენებული. 1881 წელს, კირილე ლორთქიფანიძის ინიციატივით, პ. წულუკიძის სტამბაში დაიბეჭდა და გამოვიდა ქ. ქუთაისის პირველი გაზეთი „შრომა“. ამ გაზეთმა, თავისი ტექნიკური სიახლით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ გამომცემლები ამით არ დაკმაყოფილდნენ და თავისი გაზეთისათვის მოინდომეს ახალი ქართული მხედრული შრიფტის შექმნა, რომელიც 1882 წლისათვის უკვე მზად იყო (კეგ.12) და ამ შრიფტით იბეჭდებოდა გაზეთი. ერთი თვის შემდეგ, ამავე შრიფტის მეორე ზომაც დაამზადეს (კეგ.10) და ისიც შევიდა ხმარებაში. თუმცა, როგორც გრაფიკული მოხაზულობით, ისე ასოთა პროპორციებით ეს შრიფტი უცხო იყო ქართული მხედრული ალფაბეტის გრაფემისათვის. მასში როგორც ასოების შეკვეცა, ისე მათი გადიდება-დაპატარავება ხელოვნური იყო, რაც ამ შრიფტს უფრო მოდერნულ სახეს აძლევდა, ვიდრე, ბუნებრივი გზით განვითარებულ შრიფტისას. ამიტომ, მათი ორნამენტული ხასიათის გამო, ისინი, ძირითადად, აქციდენტური ხასიათის ტექსტებში გამოიყენებოდნენ  და  თანდათანობით ამოიღეს ხმარებიდან.

3

3. კირილე ლორთქიფანიძის შრიფტი, 1881. (ახალი სტანდარტით „შრომის“)
1947 წელს დაიწყო ინსტიტუციონალური მიდგომა ქართული შრიფტის განვითარებისთვის, ჩამოყალიბდა „ქართული შრიფტის კომიტეტი“, რომელმაც მთავარპოლიგრაფმრეწველობის „ქართული შრიფტის ექსპერიმენტული ლაბორატორიის“ დახმარებით  შეძლო სრული გარნიტურების საკითხის გადაწყვეტა, ხმარებაში შედის ოთხი ძირითადი გარნიტური: „მკაფიო“, ”ჩვეულებრივი“, „დედაენისა“ და „ვიწრო“. „დედაენის“ გარნიტური (კეგ.24) შეიქმნა სპეციალურად საბავშვო და საყმაწვილო გამოცემებისათვის, უმთავრესად, დედა ენისათვის. 1953-56 წლებში ქართული შრიფტის ექსერიმენტულ ლაბორატორიაში დამუშავდა ამ გარნიტურის მთავრულები, როგორც პირდაპირი, ისე გადახრილი. მათი ავტორია კარტოგრაფი ევსევი ბარამიძე.
შემდეგ ეტაპზე დამზადდა და დაემატა კიდევ სამი ძირითადი გარნიტური: „უნივერსიტეტის“ (ა. დუმბაძე 1964), „დუმბაძე“ (ა. დუმბაძე 1964), „კურსივი“ (ბ. გორდეზიანი 1963-1964)  და კიდევ ერთი გარნიტური „ოქტომბერი“ (ა. დუმბაძე 1969), რომელიც გამოიყენებოდა, ძირითადად, ჟურნალ-გაზეთებისა და საცნობარო ლიტერატურისათვის.
50-იანი წლებიდან გვიანი მოდერნის პერიოდში გრძელდება მხედრული შრიფტის განვითარება. ამ პერიოდისათვის საშრიფტო მეურნეობაში არ  იყო სხვადასხვა ზომის სატიტულო (სასათაურე) შრიფტების დიდი არჩევანი, ამის გამო, გამომცემლობები იძულებულნი იყვნენ, მხატვრისათვის დაეკვეთათ სატიტულო  წარწერები, შედეგად, ამ პერიოდში გამოცემული წიგნები მეტად მრავალფეროვანია ახალი, საინტერესო ხელნაწერი მხატვრული სასათაურო შრიფტებით.
ასპარეზზე ჩნდებიან მხატვრები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ქართული შრიფტის განვითარებისათვის: ბენო გორდეზიანი, ლადო გრიგოლია, ანტონ დუმბაძე, ვლადიმერ ქუთათელაძე, გიორგი გორდელაძე, დავით (დუდა) გაბაშვილი, თეიმურაზ ყუბანეიშვილი, დავით დუნდუა, ოთარ ჯიშკარიანი, ემირ ბურჯანაძე და სხვ.
ლადო გრიგოლიამ შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები: „ აკადემიური შრიფტი და მისი 396  ვარიაციათა სისტემა“ (1951-1955 წლებში), „მხატვრული შრიფტები და მათი შექმნის ხერხები“, შრიფტების ტაბულები მხატვრული, საპლაკატო, პოლიგრაფიული, სასწავლო და სხვ. მისი ეს შრომები, ქართული შრიფტის ორგვარი (ორხაზოვანი და ოთხხაზოვანი) დამწერლობის სისტემის ფორმათა წარმოქმნასა და დაკანონებაში ახალ სიტყვად იქცა.

4

პარალელურად იქმნება ახალი გარნიტურები: „სატიტულო ახალი მოხაზულობის“ (ნათელი) - ბენო გორდეზიანი (1960-1961), „სატიტულო ახალი მოხაზულობის“ (ნახევარმუქი) - დავით დუნდუა (1964), „სატიტულო ახალი მოხაზულობის“ (განიერი) - ანტონ დუმბაძე (1964) და სხვ.
2016 წელს UNESCO-მ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ აღიარა, როგორც   მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რაც უზრუნველყოფს ქართული ანბანური მრავალფეროვნების დაცვის დამატებით მექანიზმებს.

5

ქართული შრიფტების მრავალფეროვანი მემკვიდრეობა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ დიგიტალიზაციის არ ქონის გამო, დღეისათვის, ადვილად ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტ საზოგადოებისათვის. არსებული კომპიუტერული ფონტების შერჩევა გრაფიკული დიზაინისათვის რთულია, რადგან გარკვეული ნაწილი ვერ აკმაყოფილებს გრაფიკული დიზაინის მოთხოვნებს. მიმდინარეობს მუშაობა არსებული თუ ახლად შექმნილი ქართული შრიფტების საბოლოო სტილური სისტემატიზაცისა და ტექნოლოგიური ოპტიმიზაციისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ ხელომისაწვდომობას გრაფიკული დიზაინის, პოლიგრაფიის, საგამომცემლო თუ სხვა საქმიანობაში.
ქართული ენისა და, პარალელურად, შრიფტის ისტორიაში ინტერნეტმა ახალი შესაძლებლობები წარმოშვა. პირველი ქართული ვებ-საიტი „დედა ენა“ და ვებ-საიტი უნიკოდ კოდირებით „შავლეგო“ 1996 წელს შექმნა ბ. გუგუშვილმა.
ტიპოგრაფიული გამოყენების განსხვავებული, რაიმე შრიფტის „ელექტრონული ფორმა“ არ არსებობს. „ციფრული“ (და არა „ელექტრონული“)  შრიფტების სტანდარტი შემოთავაზებულია 1991 წ. არაკომერციული ორგანიზაციის „უნიკოდის კონსორციუმი“-ს  მიერ. ეს ორგანიზაცია აერთიანებს უმსხვილეს  IT (ინტერნეტ ტექნოლოგიების) კორპორაციებს. ამ სტანდარტის გამოყენება საშუალებას იძლევა, გავუკეთოთ კოდირება ძალზე მაღალი რაოდენობის სიმბოლოებს - სხვადასხვა დამწერლობიდან: უნიკოდ დოკუმენტებში, კოდური გვერდის გამოყენების გარეშე, გვერდიგვერდ თავსდება ჩინური იეროგლიფები, მათემატიკური სიმბოლოები, ბერძნული ალფავიტის ასოები, ლათინური, ქართული და კირილიცა. ეს არის სიმბოლოთა სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოვხატოთ პრაქტიკულად ყველა ენის და მწერლობის ნიშნები. კომპიუტერული ტექნოლოგიების ტექნიკური მოთხოვნებიდან  გამომდინარე, თავიდანვე მწვავედ იდგა ამ კონსორციუმში, ე.ი. უნიკოდის (UNICODE) სტანდარტში მხედრულის მთავრულის დამატების პრაქტიკული აუცილებლობის საკითხი. 2016 წ. საინიციატივო ჯგუფის - მაიკლ ევერსონის, აკაკი რაზმაძის და ნიკა გუჯეჯიანის მიერ უნიკოდიში (UNICODE) წარდგენილ იქნა განაცხადი: ქართული ასო-ნიშნების უნივერსალურ კოდირებულ ანბანთა ნაკრებში (UCS) დამატების შესახებ, რაც სტანდარტში მხედრულის მთავრულისათვის 46 ახალი სიმბოლოს დამატებას ითვალისწინებდა. ინიციატივაში არაერთი ორგანიზაცია იყო ჩართული, მათ შორის - ასოციაცია „ქართული შრიფტიც“.
2018 წელს უნიკოდის ტექნიკური კომიტეტის მიერ  საკითხი დადებითად გადაწყდა -მხედრულის მთავრულის ასონიშნებს - (Capital Letters (Mtavruli)- უნიკოდის სისტემაში გამოეყო  მეოთხე ადგილი/რეგისტრი -(1C90-1CBF). ამით სრულად მოხდა ისტორიულად არსებული და დღემდე მოქმედი ქართული 4-ვე ერთრეგისტრიანი/უნიკამერული (Unicameral ) დამწერლობის ინტეგრირება კოდების მსოფლიო სისტემაში.

6

დიდი ალბათობით, ახლო მომავალში, მაიკროსოფტი (Microsoft), ეფლი, (Apple) და სხვა ოპერაციული თუ პროგრამების მწარმოებელი კომპანიები თავიანთი სისტემის განახლებებს მოაყოლებენ მხედრულის მთავრულის მხარდაჭერას და, შესაბამისად, მთავრული ასოების გამოყენება ყველა ციფრულ მოწყობილობებში იქნება შესაძლებელი. შედეგად, ყველას მარტივად შეეძლება ბრაუზერებსა თუ სხვა აპლიკაციებში ქართული ტექსტების აკრეფა თუ წაკითხვა მთავრული ასოებითაც. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
ამ ყველაფერზე ვრცლად არის მოთხრობილი სახელმძღვანელოს ტიპის წიგნში: „ქართული შრიფტი გრაფიკული დიზაინერებისათვის“, რომელსაც ვიზუალური მასალაც ახლავს თან და რომლის ავტორებიც არიან ასოციაცია „ქართული შრიფტის“ დამფუძნებლები ნინო ჯიშკარიანი და მერაბ გეწაძე. წიგნი, ასოციაციის ბაზაზე, სპეციალურად მომზადდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის.

7

ნანახია: 2480-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani