Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ორნამენტის აღქმის საზრისები: ფიგურა თუ ცელესტიური კონფიგურაცია?

მარიამ გაბაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

ორნამენტი, როგორც სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახე, უძველესი დროიდან იქმნება ადამიანის მიერ. პალეოლითის ხანის Homo sapiens sapiens-ის ცნობიერებაში, ორნამენტი ის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რითაც უძველესი კრომანიონელი, როგორც ბუნებისა და გარე სამყაროს განუყოფელი ნაწილი, გამოხატავს და აფიქსირებს მის ირგვლივ არსებულ ხილულ თუ უხილავ მოვლენებს.
მოვლენები კი მრავალნაირი შეიძლება იყოს – ცის კაბადონზე გამოკიდული ციური სხეულები და მათი ვიზუალური ვარიაციები, ლანდშაფტი, ფლორა და ფაუნა, ცხოველთა და ფრინველთა “განაწილება” მიწისა და ცის დონეებზე, ასევე, მათი მოძრაობის ტრაექტორიები, მათთვის დამახასიათებელი პოზები და მრავალი სხვ. ეს ერთგვარი ანიმაციაა, რომელიც კრებსითად აღიქმება ადამიანის მენტალურ ველში და იწყებს “გადამუშავებას” ცნობიერისა თუ ქვეცნობიერის დონეზე. შესაბამისად, ადამიანი, რომლის გონებაც ამ მოვლენების პარალელურად ვითარდება, იწყებს სახვითად აზროვნებასაც და იქვე ყალიბდება სიმპატეტიკური მაგიაც. ადამიანის ფიზიკური არსებობისათვის საჭირო ქმედებები, როგორიცაა, პირველ რიგში, ნადირობა და, შესაბამისად, საკვების მოპოვება, უკვე აღარ შემოიფარგლება მარტოოდენ ამ კონკრეტული აქტით, არამედ, მას გარკვეული რიტუალი უძღვის წინ. ხშირად, ამ რიტუალის თანმხლები სწორედ სახვითი ელემენტებია, რომლებიც დროსა და სივრცეში განფენილი რიტუალის შემადგენელი ქორეოგრაფიისა და მუსიკისგან განსხვავებით, ერთხელ და სამუდამოდ ფიქსირდება რაიმე მყარ ზედაპირზე (მაგ., მღვიმის კედელზე, ჭერზე, კლდის ზედაპირზე, ლოდზე, ქვაზე, ძვალზე და ა.შ.).   
განვითარების შემდგომ ეტაპზე, როდესაც ადამიანი გამოდის გამოქვაბულიდან და თემური წყობილების უფრო განვითარებულ საფეხურზე გადადის, საფუძველი ეყრება მესაქონლეობის, სოფლის მეურნეობისა და მიწათმოქმედების პრიმიტიულ ფორმებს, რასაც დამჯდარი ცხოვრების წესი მოსდევს. შესაბამისად, ადამიანის მატერიალურ ცხოვრებაში სიახლეებთან ერთად, ახალი პრობლემები თუ გამოწვევები ჩნდება. ერთ-ერთი ასეთია ნაყოფიერების თემა, რასაც სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული თემაც ემატება და,  ფაქტობრივად, ორივეგან კვლავ რიტუალსა და სახვით ხელოვნებას უკავია დომინანტური პოზიცია. ორსავე კომპონენტში დიდ როლს თამაშობს კოსმოგონიისა და, ზოგადად, ცელესტიური სამყაროს ასტრალური წარმოდგენები. თუმცა, ეს მხოლოდ წარმოსახვითი ფენომენი არ არის, არამედ, ციურ სხეულებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია, რომელიც პრიმიტიული ადამიანისთვის მის ყოფიერებაში რეალურად არსებული მოვლენებისა თუ საგნების სიმბოლურ ადეკვატებად არის ქცეული. უფრო დაზუსტებით კი, ზოომორფული ფიგურები ან კონკრეტული ორნამენტული სახეები ასტრალური სხეულების სტილიზებული ინკარნაციებია. მაგ., ანტილოპასნაირთა ცხოველების უტრირებული რქები – სოლარულ კულტებთან არის ასოცირებული, ხარის რქა – ლუნარულ ინკარნაციაში მოიაზრება, ფრინველი – ზეციური სკნელის და, შესაბამისად, სოლარული ინკარნაციის ერთ-ერთი წევრია და ა.შ. სწორედ რიტუალთან დაკავშირებით ჩნდება კერამიკული ჭურჭლის ის საგულისხმო რაოდენობაც, რომელზეც დატანილია ზოომორფული, ანთროპომორფული თუ ორნამენტული გამოსახულებები ნახატის ან გრავირების საშუალებით. როგორც წესი, ეს გამოსახულებები სტილიზებულია, სადაც ორნამენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახვითობისა და შინაარსის თვალსაზრისით. ორნამენტის რეპერტუარი იმდენად მრავალფეროვანი ხდება, რომ უკვე ნეოლითის ხანიდან მისი მკაფიო კლასიფიკაციაა შესაძლებელი. აქ თავს იყრის უნივერსალური სახეები – წრე, კონცენტრული წრე, ხაზი, წერტილი, ჯვარი, სვასტიკა, კვადრატი, რომბი, სამკუთხედი, ზიგზაგი, ტალღოვანი ხაზი, მეანდროსი, შევრონი, სპირალი, ვარდული და სხვ., ანუ მთელი ის ფორმისმიერი არსენალი, საიდანაც კაცობრიობის მომდევნო ძველი კულტურები საზრდოობს. ჩამოთვლილთაგან თითოეულს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ამ თვალსაზრისითაც ხდება მათი არქაული სახე-ხატების დეფინიციაც და დიფერენცირებაც. ეს ერთგვარი უძველესი ვიზუალური კოდებია, რომელთა მიღმაც გარკვეული ინფორმაციაა დაშიფრული და ისინი, როგორც არქეტიპები, ასეც შეიძლება განვიხილოთ.   
ჩამოთვლილ სახეებს შორის საგულისხმოა ორნამენტის კიდევ ერთი ტიპი, რომელიც S-ური ფორმისაა და მას სხვაგვარად სპირალურ ორნამენტს, ხან კი ზენურ ხვიას უწოდებენ. დანარჩენების მსგავსად, S-ური ორნამენტიც უნივერსალურია, არქეტიპულია და მსოფლიოს მრავალ ძველ კულტურაში გვხვდება. ჩვენში ის პირველად ჩნდება ძვ.წ. II ათასწლეულით დათარიღებულ თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანული კულტურის მოხატულ კერამიკაზე, სადაც ის ე.წ. “მორბენალი სპირალის” ნაირსახეობას წარმოადგენს და საოქრომჭედლო ნაკეთობებზე უკვე დამოუკიდებელი ერთეულების სახითაა.იხ. გოგაძე ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი. თბილისი, მეცნიერება, 1972.ამ პერიოდიდან მოყოლებული, S-ური ორნამენტი სხვადასხვა სიხშირით გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ამა თუ იმ კულტურის არტეფაქტებზე. ამ მხრივ, გამოირჩევა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა და, კერძოდ, კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლები და ამავე პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ცენტრალურკავკასიური ბრინჯაოს გრავირებული სარტყლები, სადაც ასტრალურ სხეულებთან ერთად, S-ური ორნამენტები აქ გადმოცემული ნარატივების მნიშვნელოვანი თანმდევი ნაწილია და არა მხოლოდ შემკულობის ელემენტი. თუმცა, ჩამოთვლილ მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ეს ორნამენტული სახე გარკვეულ სუბორდინაციას ექვემდებარება. კერძოდ, ის ყოველთვის მთავარი ფიგურ(ებ)ის ან სიუჟეტური კომპოზიციის თანმხლებია და ასე გრძელდება იმ პერიოდამდე, ვიდრე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებს არ მივუახლოვდებით. დაქვემდებარებული პოზიციიდან, ორნამენტის ეს სახე მთავარ ადგილს იკავებს მხატვრული ბრინჯაოს ისეთ ნამუშევრებზე, როგორიც სწორკუთხა ჭვირული ბალთებია. მეტიც, ამ ნაწარმოებებზე ფიგურები სწორედ S-ბრი ორნამენტის სქემაზეა აგებული (ილ. 1, 2).
ბრინჯაოს ჭვირული ბალთები ერთი მტკიცედ ჩამოყალიბებული მხატვრული ნაწარმოებია. ისინი კვადრატული მოყვანილობისაა და გარშემო ორნამენტული სახეებით მორთული ჩარჩოს არშია შემოუყვება, რომლის ყოველ კუთხეში თითო კოპია მოთავსებული. ჩარჩოს შიგნით წარმოქმნილ კადრში ზოომორფული ფიგურებისგან შემდგარი კომპოზიციაა მოცემული. კომპოზიციის მხატვრული და იდეური ღერძი ცენტრალური გამოსახულებაა, რომელიც, უპირატესად, სტილიზებული ირმის, ცხენის, ფანტასტიკური ცხოველის ან იშვიათად, ხარის და ჯიხვის ფიგურითაა წარმოდგენილი. ცენტრალური ცხოველის ირგვლივ, მასზე მცირე ზომის ზოომორფული ფიგურებია თავმოყრილი. დამატებითი ცხოველები, ძირითადად, მგელ-ძაღლები, რეპტილიები (უმეტესწილად, გველი), ხარები, ხარის ან ვერძის თავები და სხვადასხვა ჯიშის ფრინველებია (მათ შორის ამოიცნობა არწივი, რომელიც ყოველთვის ზედხედითაა პროეცირებული). ზოგიერთ ნიმუშზე ცხოველის მაგივრად, ისევ და ისევ, S-ბრი ორნამენტია ჩართული. ეს დეტალი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ორნამენტული სახის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღნიშნულ ნაწარმოებთა შინაარსის გასაგებად. საგულისხმოა ისიც, რომ ხშირად, სტილიზებული ირმის თავი ფრინველის სახითაა გადმოცემული, დაღებული გრძელი ნისკარტით. აქ საქმე გვაქვს ჰიბრიდულ ფიგურებთან, რასაც სემანტიკური ახსნისთვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება.
ჩარჩოს არშიის შემამკობელ ორნამენტებში გრეხილსა და წნულთან ერთად, S-ებრი სახეც აქტიურად გამოიყენება.
ბალთების შეზღუდული რეპერტუარი მხოლოდ ზოომორფული ფიგურებისა და ორნამენტებისგან შედგება. არ არის გამოყენებული მცენარეული მოტივები.გამონაკლისია სამი ანთროპომორფული ბალთა, რომელთაგან ერთი წარმოდგება სოფ. ღებიდან (მთის რაჭა. დაცულია მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში), ორი კი შიდა ქართლიდან, ბაქართას (ურსძუარი) და სოხთას სამაროვნებიდან. იხ. Техов Б. В., Археология южной части Осетии, Издательство «Ир», Владикавказ, 2006. გვ. 495, 497, სურ. 10, ფიგ. 8; სურ. 12, ფიგ. 2.ფიგურები - ცენტრალურიც და დამატებითიც, ზოგან ლამაზი, დახვეწილი, ზოგან ჰიპერტროფირებული ან იმგვარად სტილიზებულია, რომ მათი კონფიგურაცია ორნამენტად აღიქმება. მეტიც, ყველა იკონოგრაფიული ჯგუფის ბალთაზე ცენტრალური ფიგურები, როგორც აღინიშნა, S-ებრი ორნამენტის სქემაზეა აგებული და საკითხის მთავარი პრეამბულაც სწორედ ამ სქემის ინტერპრეტაციაში მდგომარეობს.
S-ებრი ორნამენტის სქემა განსაკუთრებული სიმძაფრითაა გამოვლენილი ბალთების იმ იკონოგრაფიულ ტიპზე, სადაც ზურგისკენ თავმობრუნებული ირმებია გამოსახული (ცენტრალური ფიგურის მდებარეობა და მისი პოზა კომპოზიციის თავისებურებას განსაზღვრავს).
ნათელი ხდება, რომ ფიგურა ცხოველის სხეულიცაა და ორნამენტიც.  იბადება კითხვა - რატომ ირჩევენ ოსტატები ამ არტეფაქტების შესაქმნელად ამგვარ მხატვრულ კონცეფციას - რატომ აგებენ ფიგურებს მხოლოდ S-ებრი ორნამენტის სქემაზე და რაზე მიგვანიშნებენ ასე ხაზგასმულად ამ სქემით? ჩვენ ხომ თავშივე აღვნიშნეთ, რომ ორნამენტი დასაბამიდან არქეტიპულ, დაშიფრულ კოდებს მოიცავს და ბუნებასთან დაკავშირებით იქმნება. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საგულისხმო იქნება ბალთებთან დაკავშირებული რამდენიმე სემანტიკური პლასტის გახსნა და ერთი ასტრონომიული მოვლენის – ცელესტიური კონფიგურაციის ე.წ. ანალემის მოხმობა.
მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით, ბალთების ზოომორფული გამოსახულებები ბუნების “დიდი დედის” კულტთან დაკავშირებული სიმბოლოებია.ხიდაშელი მ., ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ისტორიისათვის ანტიკურ საქართველოში, თბილისი, მეცნიერება, 1972, გვ. 79.ირმებს მკერდსა და გავაზე გამოსახულ კონცენტრულ წრეებს დეკორატიულის გარდა, საკრალური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მატერიალური კულტურის ძეგლებზე გამოსახული კონცენტრული წრეები ასტრალურ კულტებს უნდა უკავშირდებოდეს და მზისა და მთვარის სიმბოლურ ნიშნებად არის აღიარებული. ქართული წარმართული რელიგიის ისტორიიდან მოხმობილი ცნობების საფუძველზე, ცხოველთა მფარველი ღვთაება საკმაოდ ადრე იძენს ასტრალურ ნიშნებს.
თუ მატერიალური კულტურის ადრეულ ძეგლებს გადავხედავთ, ბალთებზე წარმოდგენილ სიუჟეტურ გამოსახულებებს ბევრ ნიმუშზე შევხვდებით. ამ მხრივ, ნიშანდობლივია ადრერკინის ხანის კოლხური და ცენტრალური ამიერკავკასიის კულტურებისთვის დამახასიათებელი არტეფაქტები: კოლხური ცულები, ბრინჯაოს სატევრები, შუბისპირები, კვერთხისთავები, გრავირებული სარტყლები, აბზინდები და მშვილდსაკინძები მათზე წარმოდგენილი გამოსახულებებით. მათთვის ნიშანდობლივია მხატვრული სტილისა და დეკორის ერთიანი მანერა და სიმბოლური ქვეტექსტის მსგავსება. ცულების კომპოზიციებზე გადმოცემულია ამ პერიოდის მითოლოგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი. კოლხურ ცულებზე ბრინჯაოს ბალთების ანალოგიური ცხოველებია: ირემი, ცხენი, ძაღლი, გველი, თევზი, იშვიათად - ფრინველი; გეომეტრიული ორნამენტული სახეებიდან მათზე გვხვდება წრე, სხივიანი წრე, სამკუთხედი, სპირალი და რაც მთავარია, S-ური ორნამენტი.
გრავირებულ კოლხურ ცულებზე ირემი ყოველთვის გეომეტრიული ორნამენტებითა და ასტრალური ნიშნებითაა შევსებული.ერთ–ერთ ცულზე ქუთაისიდან, ირემიც სავარაუდოდ, ნადირთ პატრონის (ღვთაების) ზოომორფული სახეა, რომელსაც ასტრალური ნიშანი – სპირალები აქვს. ქუთაისის ცულზე ირმის გარდა ძაღლებიცაა. კოლხური ცულების გრაფიკულ დეკორში კი ძაღლს მთავარი ადგილი უჭირავს, თუმცა ის, ბალთებისგან განსხვავებით, ხან მისი ძირითადი კომპონენტია, ხან კი დამატებითი. იხ.  ფანცხავა ლ., კოლხური ცული ირმის გამოსახულებით. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXIX-B, თბილისი, 1972, გვ. 55-61.;
კავკასიური, კერძოდ კი, ქართული ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და ლინგვისტური მასალის მიხედვით, ყოველ ასტრალურ ღვთაებას თავისი ქვეშევრდომი ჰყავდა მგლის, ძაღლის ან გველის სახით, რომლებიც ღვთაებრივ ცხოველებად ითვლებოდნენ. ასეთ ღვთაებრივ ძაღლებს “მწევარნი” ეწოდებოდათ. იხ. Бардавелидзе В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, АН ГССР, Тбилиси, 1957. გვ. 53-54. ; ქუთაისის ცულზე ირმის სახით ნადირთ ღვთაების ზოომორფული სახე უნდა იყოს გადმოცემული; ასტრალური ნიშანი – სპირალი, მის სოლარულ ან ლუნარულ კავშირზე უნდა მიგვითითებდეს. ღვთაებას თან ახლავს ღვთაებრივი ძაღლები – “მწევარნი”. ფანცხავა ლ., დასახ. ნაშრ., გვ. 55-56.
.
ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და მითოლოგიური მასალიდან ჩანს, რომ აქ დასახელებულ ცხოველთა კულტი ცხოველთა მფარველ ნაყოფიერების ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში დაცული მრავალი თქმულების მიხედვით, ყოველ ნადირს ანთროპომორფული ან ზოომორფული ღვთაება ჰყავდა. ის ხშირად ირმის სახით ევლინებოდა მონადირეებს. ესენი ე.წ. “წილიანი” ანუ ღვთის წილი ცხოველები იყვნენ, რომლებიც რაიმე განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენი ცხოველებისგან (მაგ., ოქროს რქებით, თეთრი ფერით, თეთრი ლაქით).რობაქიძე ა., კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში, თბილისი, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია, ისტორიის ინსტიტუტი, 1941, გვ. 194.ირმის განსაკუთრებულ, ზებუნებრივ თვისებებზე მისი ოქროს რქები მიგვითითებს. ქართული ფოლკლორული მასალით რქა კოსმიურ ღერძს, სიცოცხლის ხეს ენაცვლება და, ასევე, მისი საშუალებით ცაზე ასვლაა შესაძლებელი.სურგულაძე ი., ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, მეცნიერება, თბილისი, 1986, გვ. 107.ბრინჯაოს ჭვირულ ბალთებზე წარმოდგენილი ირმების ხაზგასმულად უტრირებული და სტილიზებული რქები კოლხურ ცულებზე გამოსახული ირმების ანალოგიურ იდეას უნდა ატარებდეს.
ჭვირული ბალთების კომპოზიციათა ფიგურული გამოსახულებების სემანტიკური კოდის არქაული სახვითი ვარიანტი საქართველოს ტერიტორიაზე მტკვარ–არაქსის კულტურაში გვხვდება - ქვაცხელასა და გუდაბერტყაში (შიდა ქართლი) აღმოჩენილ, ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული დიადემების გრაფიკულ შემკულობაში.ჯავახიშვილი ალ., ლ. ღლონტი ლ., ქვაცხელების (ტვლეპია ქოხის) ნამოსახლარზე 1954–1961 წწ. ჩატარებული გათხრები, ურბნისი I, ნაკვეთი პირველი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, 1962, გვ. 42; 47.;  ღამბაშიძე ი., მინდიაშვილი გ.,  გოგოჭური გ.,  კახიანი კ., ჯაფარიძე ი., უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში, ძვ.წ. VI-III ათასწლეულები, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მწიგნობარი, თბილისი, 2010,  გვ. 303–304, ტაბ. 031, 153.მათზე ასახული კომპოზიციები ერთმანეთის ანალოგიურ გამოსახულებათა სქემას წარმოგვიდგენს:
ქვაცხელა/გუდაბერტყა – ირმები/ჯიხვები, ფრინველები, წრეები (ასტრალური/მზის სიმბოლოები);
ბრინჯაოს ბალთები – ირმები, ფრინველები, წრეები, კონცენტრული წრეები (ასტრალური/მზის სიმბოლოები).
ირემი/ჯიხვი სამივე დიადემაზე, ჩანს, რომ მზის კულტთან დაკავშირებული ცხოველია. ამგვარად, ქვაცხელასა და გუდაბერტყას დიადემებზე ირმებისა და მზის დისკოების გამოსახულებით, სოლარულ კულტთან დაკავშირებული მოტივებია მოცემული.
ბალთებზე გამოსახული ხარიც და ცხენიც მზის ღვთაების ატრიბუტებად და მის სიმბოლურ სახედ არის გააზრებული.კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლებზე გამოხატულ ცხოველებთან ერთად, ცხენსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაგ., თარსაყვაში აღმოჩენილ ცულზე ცხენი სხივებიან წრეებთან – “მზეებთან” ერთად არის გამოსახული, რაც მის მზის კულტთან კავშირზე უნდა მიუთითებდეს. ფანცხავა ლ., კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლები, მეცნიერება, თბილისი, 1988, გვ. 61..
თუ ირემს, ხარს, ცხენს და ძაღლს მზის სიმბოლურ ხატებად მივიჩნევთ, მაშინ, ბრინჯაოს ჭვირულ ბალთებზე წარმოდგენილი ზოომორფული გამოსახულებებიც ამავე სემანტიკურ ასპექტში უნდა მოვიაზროთ, მათ მკერდსა და თეძოზე აღნიშნული კონცენტრული წრეები კი მზის სიმბოლურ გრაფიკულ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ.
ბალთებზე წარმოდგენილ კომპოზიციებში სიმბოლოს უდიდესი დატვირთვა ენიჭება. მეტიც, თვითონ ბალთა და, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური გამოსახულება, ანუ S-ური სპირალი - სიმბოლოს წარმოადგენს.
არქაულ კულტურებში სიმბოლო უნივერსალური კატეგორია იყო, რომელიც ადამიანის მიერ სამყაროს თავისებური გააზრების სპეციფიკას გადმოგვცემდა და, ამასთანავე, მხატვრულობის ელემენტებსაც შეიცავდა.Элиаде М., Миф о вечном возвращении, История философии: Энциклопедия – Мн: Интерпрессервис, книжный дом, Москва, 2002, გვ. 200.და რადგან საკრალურთან შეხების ერთ-ერთ უძლიერეს საშუალებას რიტუალი წარმოადგენდა, ხოლო, რიტუალის შესრულების დროს ადამიანის მოქმედება სიმბოლურ დატვირთვას იძენდა, მატერიალური კულტურის ძეგლებზე ასახული სიმბოლური გამოსახულებანი ამავე საკრალური იდეის რეალურად არსებულ ვიზუალურ ხატად იქცეოდა. ჭვირული ბალთების შემთხვევაში საკრალურ, სიმბოლურ გამოსახულებათა სახვითი ენა ფიგურატიული პლასტიკითა და გრაფიკული ელემენტებით (კონცენტრული წრეები) მეტყველებს. თუ ამას დავუმატებთ მოსაზრებას, რომ სიმბოლო არა მხოლოდ კომუნიკაციის კოდიფიცირებული ფორმა იყო, არამედ, ის ადამიანში თანამონაწილეობის, თანაზიარების განცდის გამომწვევ უძლიერეს აფექტურ საშუალებას წარმოადგენდა,Барт Р., Воображение знака. Избранные работы, Семиотика, Поэтика, Прогресс, Москва, 1989, გვ. 248.მაშინ უფრო გასაგები გახდება ბრინჯაოს ჭვირულ ბალთებზე გადმოცემული მხატვრული ფორმების ის დამახასიათებელი თავისებურებები, რაც ამ არტეფაქტების უნიკალურ, ინოვაციურ მხატვრულ ნიშან-თვისებად მიიჩნევა. ამ მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, ნიშანდობლივია ბალთის ფორმა – კვადრატი და მის ოთხსავე კუთხეში მოთავსებული სხვადასხვა სიმაღლის კოპები. ე. კასირერის აზრით, ”არ არსებობს კოსმოგონია, რომელშიც სამყაროს ოთხი ძირითადი მიმართულების წარმოჩენა არ წარმოადგენდეს იმ უმნიშვნელოვანეს საშუალებას, რომელიც სამყაროს გააზრებისთვის იყო გამოყენებული”.Кассирер Э., Избранное, Опыт о человеке, Гардарика, Москва,1998, გვ. 98.ოთხკუთხედი, რომელზეც სწორედ ეს ოთხი მთავარი წერტილი იყო დაფიქსირებული, მთლიანი სამყაროს აღმნიშვნელი ზოგადი და უაღრესად გავრცელებული სახე იყო. ის ქმნიდა ჰორიზონტალურად განფენილი სამყაროს სტატიკურ მოდელს, როგორც მოწესრიგებული, იდეალური სტრუქტურის მქონე განუყოფელი მთლიანობა.Топоров В., К происхождению некоторых поэтических символов, Ранные формы искусства, I, Искусство, Москва, 1972, გვ. 94-95.აღნიშნულ დებულებებს ჭვირულ ბალთებს თუ მივუსადაგებთ, მაშინ კვადრატი, რომლის ყველა კუთხეში მკაფიოდ დაფიქსირებული თითო წერტილია, სამყაროს ოთხი კუთხის განმსაზღვრელი უნდა იყოს, რომელიც იკავებს, კონცენტრაციას უქმნის მის კადრში მოქცეულ კომპოზიციებს, სადაც, ასევე, რიგ შემთხვევებში, ნიშანდობლივი წარმოსახვითი გეომეტრიული ფიგურა – სამკუთხედიც ისახება. ის ბალთის კომპოზიციებში აფიქსირებს ცენტრს. კვადრატი, თავის მხრივ, მოწესრიგებულობასა და თანაფარდობას გულისხმობს (მისი ყველა გვერდი ტოლია), ამიტომაც, ბალთებში ცდილობენ, რომ კვადრატული ფორმა შეინარჩუნონ და არა სწორკუთხედის. სამკუთხედი, სამყაროს ვერტიკალური აგებულების სქემას განასახიერებდა, სადაც მთავარი იერარქიული საფეხურების – ზესკნელის, შუასკნელისა და ქვესკნელის არსებობა იყო დაფიქსირებული.Топоров В., დასახ. ნაშრ., გვ. 75.გარდა ამისა, სამკუთხედი მთის, როგორც საკრალური ადგილის ეკვივალენტს წარმოადგენდა, რომლის მწვერვალი - საკრალურთან ერთად, კოსმიური წესრიგის მაუწყებელიც იყო (ილ. 3).  
ის, რომ ბრინჯაოს ჭვირულ ბალთებზე უძველესი ტრადიციები სრულად და შემაჯამებელი სახით არის გამოვლენილი და მათზე წარმოდგენილი ცხოველები (ირემი, ცხენი, ხარი, ფრინველი, გველი) ბრინჯაოს გრავირებულ სარტყლებზე ასახული კომპოზიციების დარად, კონცეპტუალურ სიმბოლოებს წარმოადგენს, რომელთა მეშვეობით საკრალური სამყაროს მთლიანი მოდელირება ხდებოდა, ნათელს და გასაგებს ხდის, რომ ჭვირული ბალთების კომპოზიციური სქემა, რომელშიც ფორმათა განზოგადებული, ზოგჯერ, უტრირებული ხასიათი გარკვეულ კონტექსტში გადმოგვცემს მოწესრიგებულ კოსმოგონიურ მოდელს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მითოკულტურაში „ღვთაებათა ნაწილი“, უმთავრესად, ასტრალური ნიშნებით გამოისახება. „ნაწილიანობა“ ღვთაებასთან ზიარებაა, მისი ბუნების შეთვისებაა. ამიტომაა, რომ ზოომორფული გამოსახულებანი თუ ნივთები, ხშირად, ასტრალური ნიშნებითაა შემკული – ან მათი კონფიგურაცია ქმნის ამ ნიშანს.ქართული ფოლკლორული თუ ეთნოგრაფიული კვლევების მიხედვით, უძველესი წარმოდგენით ღმერთი არის ერთსა და იმავე დროს, თავისი წილებით უამრავი. ღვთაების “ნაწილი”, უმთავრესად, ასტრალური ნიშნებით გამოისახებოდა. ამიტომაცაა, რომ ზოომორფული გამოსახულებანი თუ ნივთები, ხშირად, ასტრალური ნიშნებით (ჯვარი, სვასტიკა, სპირალი, და სხვ.) არის შემკული. ასეთი გამოსახულებანი, როგორც წესი, რომელიმე ასტრალურ ღვთაებას განასახიერებს და ასტრალურ რწმენათა მაჩვენებელია. უკვე მიწათმოქმედების ჩასახვისა და სოლარულ რწმენათა განვითარების მომენტიდან, ცხოველთა გამოსახულებანი სიცოცხლისა და ნაყოფიერების ღვთაების რწმენას ატარებენ.  ასტრალურ ღვთაებას აქვს როგორც საერთო სიმბოლო, ასევე, საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშანი (Sic!). როდესაც ცხოველს არ აქვს ამა თუ იმ მნათობის დამახასიათებელი თვისება (მაგ., ხარი, რომლის რქებიც მთვარესთან ასოცირდება), მას უკეთდება სპეციალურად ასტრალური ნიშანი - “ნაწილი”. ასეთ ნაწილიან ცხოველებს განეკუთვნება ირემიც. იხ. კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, მეცნიერება, თბილისი, 1976, გვ. 189; ძველი აღმოსავლეთის ადრესამიწათმოქმედო კულტურების კერამიკაზე წარმოდგენილი ფაუნის პოპულარული ცხოველებია ირემი და ჯიხვი. სხვა ცხოველების მსგავსად, ისინი, ხშირად, ასტრალურ ნიშნებთან ერთადაა გამოსახული ან ჭურჭელზე მათი განლაგება ქმნის ამ ნიშანს (Sic!). ეს იმის მაუწყებელია, რომ ცხოველები უკვე ასტრალურ რწმენათა წრეშია მოქცეული. იხ. კიკვიძე ი., დასახ. ნაშრ., გვ.187.ასეთი გამოსახულებანი, როგორც წესი, რომელიმე ასტრალურ ღვთაებას განასახიერებს.კიკვიძე ი., დასახ. ნაშრ., გვ.189.ამ მოსაზრების თანახმად, ჭვირულ ბალთებზე წარმოდგენილი ცხოველები, განსაკუთრებით, ცენტრალური ფიგურები, რომელთა სხეული არა მხოლოდ S-ური სპირალის თვალსაჩინო კონფიგურაციას ქმნის, არამედ, თვით ამ კონკრეტული ფორმის სქემაზეა აგებული, თავადვე წარმოადგენს ასტრალურ სხეულს, რომელიც სახვითად ორნამენტით – S-ური სპირალითაა გადმოცემული და ამით პირდაპირაა მინიშნებული გამოსახულებათა სიმბოლური მნიშვნელობა. მეტიც, ბალთების რეპერტუარში მოიძებნება უნიკალური ნიმუში, რომელზეც ცენტრალური ზოომორფული ფიგურის ნაცვლად, ასტრალური სხეულია მოცემული (რაჭა, სოფ. ჭელიაღელე)ბალთა დაცულია ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.. (ილ. 4) ამ შემთხვევაში, ყველაფერი ნათელია - რვაქიმიანი დისკო, მზეს უნდა ასახავდეს. ის მსუბუქად შესამჩნევი პროექციით გადმოსცა ოსტატმა, როდესაც მისი სხივები არა სიმეტრიულ ღერძზე, არამედ, ოდნავ დახრილად, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით განათავსა. ამით, მან მოგვცა მინიშნება მასზე, რომ ასტრალური სხეული - მზე - მოძრაობს. სავსებით შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ბალთის ცენტრალური ცხოველი ამ გამოსახულებით ჩავანაცვლოთ. ეს ბალთა აღმოჩნდა კიდევ ერთი დამადასტურებელი არტეფაქტი იმ მოსაზრებისა, რომ S-ური ორნამენტული სქემით აგებული ცხოველთა ფიგურა-სიმბოლოები, ფაქტობრივად, მზეს წარმოადგენს, რომელიც მოძრაობს (განსაკუთრებით, ზურგისკენ თავმობრუნებული ირმები, მათი სპირალური მოძრაობით). საგულისხმოა ისიც, რომ რაჭაში, ბრილისა და შოშეთის ნეკროპოლებზე აღმოჩნდა ბალთების მცირე ჯგუფი, სადაც ირმებს, მკერდსა და თეძოზე კონცენტრული წრეების არანაირი კვალი აღარ აღენიშნებათ - ამ ბალთების შემქმნელმა ოსტატებმა, როგორც ჩანს, საჭიროდ აღარ მიიჩნიეს დამატებით ხაზი გაესვათ ცხოველთა ასტრალურ წარმომავლობაზე. მათი სიმბოლური მნიშვნელობა მხოლოდ ფორმითა და ორნამენტის კონკრეტული სახით შემოიფარაგლა - ასეც ყველაფერი გასაგებად წარმოჩნდა.იხ. გაბაშვილი მ., მხატვრულ-კულტურულ ტრადიციათა ტრანსფორმაციის ასპექტები ქართულ ლითონმქანდაკებლობაში (I-III სს.). დოქტორის აკადემიური ხარისხისთვის წარდგენილი საკვალიფიკაციო ნაშრომი. ტაბ. II, 2,3,4; ტაბ. III, 2-ბ; ტაბ. IV, 2,4. ილიას სახ. უნივერსიტეტი, თბილისი, 2014..
S-ური კონფიგურაცია ცის კაბადონზე რეალურად არსებული მოვლენაა. ამ მოვლენას ანალემა ჰქვია. ასტრონომიაში ანალემა არის 8-ის ფორმის მრუდე ხაზი, დიაგრამა, რომელიც აერთიანებს პლანეტარული სისტემის (ამ შემთხვევაში - მზის “ძირი”) თანმიმდევრობითი ადგილმდებარეობის რიგს ცის კამარაზე წელიწადის ერთსა და იმავე დროს. ანალემის ფორმა განისაზღვრება დედამიწის ღერძის დახრილობით ეკლიპტიკის სიბრტყესთან მიმართებაში და დედამიწის ორბიტის ელიფსურობით. მზის უმაღლესი მდებარეობა ანალემაზე შეესაბამება ზაფხულის ნაბუნიობას, ყველაზე დაბალი კი - ზამთრისას. “რვიანის” ფორმის მდგომარეობას მზე იძენს წელიწადში ორჯერ – აპრილის დასაწყისში და აგვისტოს ბოლოს. ეს თარიღები არ ემთხვევა გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიაობებს და ზაფხულის მოახლოებისას იწყება (სამხრეთ ნახევარსფეროში კი ზამთრის მოახლოებისას).
რაც შეეხება მთვარეს, ცაზე ის იმავე ადგილს 50 წუთისა და 29 წამის დაგვიანებით იკავებს. მისი მრუდის კონფიგურაცია იგივეა, რაც მზისა. ანალემის მსგავსი მრუდი ერთი მთვარის თვის განმავლობაში გამოდის.ანალემის შესახებ იხ. Sawyer F., Of Analemmas, Mean Time and the Analemmatic Sundial, part 1, The British Sundial Society Bulletin, 6(2), 1994, გვ. 2-6; https://wikihmong.com/en/Analemma;http://astronet.ge/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90/. (ილ. 5, 6)
სემანტიკური ანალიზიდან გაირკვა, რომ ბალთებზე წარმოდგენილი ცენტრალური ცხოველები თავად ასტრალური სხეულების ზოომორფული განსახიერებაა. ეს დამატებით დაადასტურა ჭელიაღელის (რაჭის) ბალთამაც, სადაც ცენტრალური ცხოველის ადგილას ასტრალური სხეულია გამოსახული. სწორედ ამიტომ აირჩია ოსტატმა S-ური სპირალის ფორმა, რითაც მიანიშნა ამ სხეულის ცელესტიურ წარმომავლობაზე. ანალემის დიაგრამის კონფიგურაცია, რომელიც მზისა და მთვარის მოძრაობის ტრაექტორიას ასახავს, ფორმისმიერად შეესაბამება ბალთების ცხოველთა S-ურ სქემას. იხსნება ერთგვარი კვანძი: ცენტრალური ცხოველები – ირემი, ხარი, ცხენი, ირმისა და ფრინველის ჰიბრიდული სხეულები – როგორც ვნახეთ, ყველა სოლარულ ინკრანაციაში მოიაზრება. აქედან ხარი, ორივეგან – სოლარულ და ლუნარულ კონტექსტში განიხილება. ამიტომ ანალემა, რომელიც მზისა და მთვარის მოძრაობის კონფიგურაციას წარმოადგენს, შესაძლებელია, ბალთების ცენტრალური ცხოველების ფიგურებზეა გამოყენებული. შეკითხვაზე პასუხი, თუ რატომ ირჩევს ოსტატი მაინცდამაინც S-ური სპირალის სქემას, შესაძლოა ამ ცელესტიური მოვლენის დიაგრამითაც გაეცეს პასუხი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბალთები ეკუთვნოდათ იმ კულტის მსახურებს, რომლებიც სოლარულ კულტთან დაკავშირებულ რიტუალს ასრულებდნენ (რაც, ასევე, შესაძლებელია ბუნიაობასთანაც იყო დაკავშირებული), ცხადი ხდება ანალემის – ცელესტიური კონფიგურაციის განმეორება/გადმოტანა და მისი, როგორც ნიშნის დადება ბალთების ცენტრალური (ასტრალური) ცხოველების S-ური სქემის მეშვეობით.  S-ური სქემა კი ორნამენტის უნივერსალური სახეა.
ანალემის ასახვაზე უძველეს ქართულ ვიზუალურ მასალაში მოწმობს, ასევე, ასტრალური ფიგურებით შემკული დედაბოძის რეპერტუარიც, სადაც ის სრული ფორმით – არაზუსტი 8-ის ნახაზითაა გადმოცემული (ილ. 7). აქედან ცხადი ხდება, რომ ეს ცელესტიური კონფიგურაცია უცხო არ უნდა ყოფილიყო ქართველთა უძველესი წარმოდგენებისთვის და ის, შესაძლოა, ძველთაგანვე დედაბოძთან დაკავშირებულ რიტუალშიც მონაწილეობდა.

ნანახია: 105-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani