Georgian (Georgia)English (United Kingdom)
დავით გაბაშვილი - 100

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

2014 წლის 18 ნოემბერს მხატვარ დავით (დუდა) გაბაშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა მხატვრის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა.
წინამდებარე მოგონება მხატვართან შეხვედრის თანადროული ჩანაწერის მიხედვითაა წარმოდგენილი.
ვფიქრობ, ხელოვნების ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება ჩვენი ქვეყნის მხატვრულ ცხოვრების ამა თუ იმ საკითხების მისეული  ხედვის გაცნობა.
დავით (დუდა) ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (1914-1995), გრაფიკოსი, ფერმწერი, მოქანდაკე.
საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ნამუშევრები ინახება: საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, მხატვრის ოჯახში.
მასზე:
გაბაშვილი დ.ა. ბუკლეტი. სერია „საქართველოს მხატვრები“, თბ., 1958
კარბელაშვილი მ., მხატვარ დავით  გაბაშვილის შემოქმედება. „Ars Georgica“, სერია B, ტ.6, 1964, გვ. 25-50, რეზიუმე ფრანგულ ენაზე; (სტატიის ელექტრ. ვერსია იხ. საიტზე: georgianart.ge)
ხოშტარია გ., დავით გაბაშვილი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, აბსტრაქცია, პლაკატი, წიგნის გრაფიკა. თბ., 2000, ტექსტი - ქართ. და ინგლ. ენებზე

სტუმრად მხატვართან 1.
(მოგონება - 2.04.1987  წლის ჩანაწერის მიხედვით)
დავით (დუდა) გაბაშვილის სახელოსნოში ჩემი სტუმრობა საჭირო გახდა  საკვალიფიკაციო თემის მასალებზე მუშაობის დროს. საკვლევი თემა ქართული ექსლიბრისის ხელოვნებას ეხებოდა.
იმ პერიოდში ჩემმა კოლეგამ, ფლორ დევდარიანმა, შესასწავლად და დასამუშავებლად გადმომცა წიგნის ნიშნის მცირე კოლექცია, დასადგენი იყო რამდენიმე ექსლიბრისის ავტორი. დასახმარებლად მივმართე მხატვარ ირინე თუმანიშვილსირინე ალექსანდრეს ასული თუმანიშვილი (10.IX.1916-3.XII.1996), მხატვარი-გრაფიკოსი საქართველოს დამსახურებული მხატვარი იყო წიგნის მოყვარულთა საზოგადოებასთან არსებული „ექსლიბრისისტთა კლუბის“ აქტიური წევრი. შესრულებული აქვს, ასევე, ორ ათეულამდე ექსლიბრისი. 1977 წელს გამოსცა ბუკლეტი `EXLIBRIS~ (თბ., ხელოვნება, 1977); 1979 წელს კი ხელოვნებათმცოდნე ზევახ კვასხვაძესთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი  „ქართული ექსლიბრისი“ (თბ., ხელოვნება, 1979; ტექსტი ქართულ და რუსულ ენაზე). , რომელიც კარგად იცნობდა ქართული ექსლიბრისის მხატვრობას, მაგრამ ბევრი ავტორის ვინაობა მანაც ვერ დაადგინა და მირჩია, მხატვარ დუდა გაბაშვილისთვის მიმემართა, რადგან ახალგაზრდობაში ბ-ნი დუდა გატაცებული ყოფილა გრაფიკის ამ მინიატურული კომპოზიციების შექმნით და, ამავე დროს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ამ მცირე კოლექციის ყოფილ მფლობელ  გიორგი (გივი) ჯაფარიძესთან (1915-1943),  ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუნდაც მოკლედ გავიხსენოთ ეს ძალზე ნიჭიერი გრაფიკოსი მხატვარიც.   გივი ჯაფარიძე 1934-40 წწ.-ში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველივე დღეებში (1941 წ.) გაიწვიეს ფრონტზე და უკან აღარ დაბრუნებულა.
ქ-ნი ირინე თუმანიშვილი და ბ-ნები ვახტანგ ბერიძე, დუდა გაბაშვილი, ოთარ ჯაფარიძე -    ახასიათებდნენ მას როგორც უნიჭიერეს ახალგაზდრას.
ი. თუმანიშვილის თქმით - იყვნენ იმ დროს ადამიანები, მავნებლები, რომლებიც თითქოს სპეციალურად გზავნიდნენო ნიჭიერ ახალგაზრდებს ომში.

2.3.

დ. გაბაშვილმა, რომელიც გ. ჯაფარიძის თანაკურსელი იყო, გაიხსენა, რომ გივის ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა და ზოგჯერ განსხვავებულ თვისებებსაც ამჟღავნებდა - თავისთვის ჯდებოდა განმარტოებით, ხმამაღლა ლაპარაკობდა, ან კიბეზე ამოსვლისას ქუდს მოიხდიდა და რექტორის კარების  სახელურზე ჩამოკიდებდაო. მოკლედ,  ჰქონია თავისებური ქცევები და ერთი პერიოდი მკურნალობდა კიდეც - და რაც ძალიან გასაოცარია, იმის მაგიერ, რომ შეეგროვებინა საბუთები, რომ ნამდვილად არ ეკუთვნოდა ომში წასვლა, ეს ახალგაზრდა, რატომღაც, აღმოჩნდაო ფრონტის წინა ხაზზე და მერე იქ როგორ და რანაირად დაიღუპა, არავინ იცისო.
ჩემი კოლეგა, ფლორ დევდარიანი კი, რომლის მეუღლეც გივი ჯაფარიძის ახლო ნათესავი იყო,  მას ახასიათებდა, როგორც უკეთილშობილეს და უნიჭიერს ადამიანს. იხსენებს, რომ მათ ოჯახში ინახება მხატვრის მიერ ფრონტიდან მოწერილი პირადი წერილები, რომელიც გაჯერებულია ახლობლებისადმი სითბოთი და სიყვარულით.
აქვე აღვნიშნავ, რომ მხატვარი ლადო გრიგოლია, როდესაც 1937 წელს, შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, 1712 წელს გამოცემული, პირველნაბეჭდი, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანის“ შრტიფტის აღდგენაზე მუშაობდა, როგორც გამორჩეული ნიჭის სტუდენტი, ასისტენტად გივი ჯაფარიძე ჰყავდა აყვანილი.იხ.: შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი. ვახტანგისეული გამოცემა 1712 წლისა, აღდგენილი აკაკი შანიძის მიერ. ტფილისი, 1937, გვ. 404

45

ასე, რომ ჩემი სტუმრობის მიზანი, ძირითადად, გივი ჯაფარიძის ექსლიბრისების კოლექციის ნიმუშების ავტორთა დადგენა იყო და მსურდა, ასევე, დამეზუსტებინა ქ-ნი ირინეს მიერ მოწვდილი ზეპირი ინფორმაცია, 1950-იან წლებში ბ-ნი დუდას მიერ მოწყობილი ექსლიბრისის გამოფენის შესახებ და პირადად  მაინტერესებდა, როგორც მხატვარ-გრაფიკოს ლადო გრიგოლიას ერთ-ერთი პირველი მოწაფისგან, გამეგო მისი აზრი ამ მხატვრის - როგორც პედაგოგის შესახებჩემი განსაკუთრებული ინტერესი ლადო გრიგოლიას მიმართ დაწყებული იყო ჯერ კიდევ სადიპლომო ნაშრომიდან. ამ მხატვრის შემოქმედების კვლევით მაშინაც და, ლამის, დღევანდლამდე ვარ დაინტერესებული, ამიტომ, ყველა შესაძლებლობისას ვამატებ ახალ-ახალ მასალას, იქნება ეს უშუალი ნაცნობების მიერ მოწოდებული ზეპირი ინფორმაცია, მოგონება, დოკუმნტები  თუ სხვა.
შეხვედრის თაობაზე სამსახურის ტელეფონით დავურეკე ბ-ნ დუდას და შევთანხმდით, როცა დრო ექნებოდა თვითონ დამირეკავდა და შემითანხმებდა სახელოსნოში სტუმრობის დროს. ამ საუბრიდან ათიოდე დღე გავიდა და მოხდა ისე, რომ სამსახურში ტელეფონი დაგვიზიანდა (დაწვრილებით ამ დეტალებს იმისთვის ვიხსენებ, რომ უფრო ნათლად წარმოვადგინო მხატვრის პიროვნული თვისებები). მეც, ძირითადად, წიგნის მოყვარულთა საზოგადოებაშისაქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის წიგნის მოყვარულთა საზოგადოება თბილისში დაარსდა 1974 წლის აგვისტოში. დღეს ეს საზოგადოება ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის სახელს ატარებს. მიხდებოდა სიარული მასალების შესავსებად, ექსლიბრისის კოლექციონერ ბორის პოლიაკთანბორის ლაზარეს ძე პოლიაკი (ქ. ოდესა, 1903.X. - ისრაელი, ?), კოლექციონერი. 1976 წელს, წიგნის მოყვარულთა საზოგადოების მხარდაჭერით  ჩამოყალიბდა ექსლიბრისის სექცია, რომლსაც ბორის პილიაკი ხელმძღვანელობდა. იგი, ირინა თუმანიშვილთან ერთად 1990-იან წლების დასაწყისამდე უძღვებოდა ექსლიბრისის ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეს საქართველოში. 1990-იან წლებში, ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო დატოვა საქართველო და მისი ცხოვრების შემდგომი დეტალები უცნობია. მან, სამწუხაროდ, თან წაიღო ქართული ექსლიბრისის საკუთარი, უნიკალური კოლექცია. ასევე უცნობია კოლექციის ბედიდა გადავწყვიტე, როდესაც ამ დაწყებულ საქმეს მოვრჩებოდი, კვლავ დავკავშირებოდი ბ-ნ დუდას, რადგან მერიდებოდა გასულ მცირე დროში მისი შეწუხება. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ თავად მხატვარი დიდად დაინტერესდა ჩვენი შეხვედრით, ხშირად რეკავდა ხელოვნების ინსტიტუტში, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ტელეფონი დაზიანებული იყო და ვერ დამიკავშირდა. სტუმრად წასულა მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძესთან და მოუყოლია ჩვენი საუბრისა და შეთანხმების შესახებ. უკითხავს, მიცნობდა თუ არა და ხომ არ იცოდა ჩემთან საკონტაქტო სხვა ტელეფონი (ალბათ, ჩათვალა, რაკი მოგვარეები ვიყავით, ერთმანეთთან ახლობლობაც გვექნებოდა). სამწუხაროდ, მე იმ პერიოდში ქ-ნ რუსუდანს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მასთან ახლობლობდა ჩემი და, ასევე ხელოვნებათმცოდნე, ეკატერინე გაჩეჩილაძე, რომელიც იმ დროს მოქანდაკის შემოქმედების შესწავლაზე მუშაობდა. ამ ახლობლობიდან გამომდინარე, ქ-ნი რუსუდანს გაგონილი ჰქონდა ჩემს შესახებაც და მაშინვე მიხვედრილა, თუ ვის ეძებდა ბ-ნი დუდა. ქ-ნ რუსუდანს თავის თავზე აუღია ჩემთან დაკავშირება, დაურეკავს ჩემს დასთან და ასეთი წინააღმდეგობების გადალახვის  შემდეგ შედგა ჩვენი შეხვედრა.

67

სიმართლე ითქვას, ცოტა გამაკვირვა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან გამახარა ბ-ნი დუდას მხრიდან გამოხატულმა ამგვარმა ყურადღებამ. ვინაიდან ვიცოდი, რომ მხატვართა უმეტესობა თავს არიდებდა დამწყებ ხელოვნებათმცოდნეებს, თან ქ-ნი ირინასგანაც ვიყავი გაფრთხილებული, რომ ბ-ნი დუდას მხრიდან შეხვედრის ინიციატივას არც უნდა დავლოდებოდი, ძალიან დაკავებული იყო და არ უყვარდა „დროის ფუჭი ხარჯვა“.
გახარებული, კვლავ შევეხმიანე ტელეფონით და შევთანხმდით, რომ მეორე დღესვე, 2 აპრილს, 11 საათზე დუდა გაბაშვილი თავის სახელოსნოში დამელოდებოდა.
მოცემულ მისამართზე ზუსტად 11 საათზე მივედი. ეზოს კარი ღია დამხვდა, სახელოსნოს კარებზე ზარი დავრეკე, რამდენიმე წამში კარი გაიღო და ბ-ნი დუდა გამომეგება, მომესალმა, ხელი ჩამომართვა, მითხრა, რომ მელოდა და სწორედ ამიტომ დატოვა ღია ეზოს კარები.

89

შემიძღვა სახელოსნოში, დავსხედით, საუბარი თავად დაიწყო. მითხრა, რომ წუხდა, ვინაიდან ვერ დამიკავშირდა, თან მისაყვედურა - რატომ მე თვითონ არ დავრეკე ხელმეორედ. ერთი სიტყვით, მოკლე გაცნობითი გასაუბრების შემდეგ გადავედით პირდაპირ საქმეზე.
გავაცანი გივი ჯაფარიძის ექსლიბრისები. სამწუხაროდ, რაც უცნობი იყო, თითქმის ყველაფერი ისევ უცნობად დარჩა, მაგრამ მხატვარმა ამოიცნო თავისივე შესრულებული საკუთარი ბიბლიოთეკის ექსლიბრისი. ძალიან დაინტერესდა, ზოგადად, ამ კოლექციით და იმით, თუ რამ გამოიწვია ჩემი ექსლიბრისზე მუშაობის გადაწყვეტილება. მე მოვუყევი, რომ ბ-ნ ვახტანგ ბერიძეს სურდა გრაფიკული ხელოვნების ეს მინიატურული სახეობაც სათანადოდ ყოფილიყო შესწავლილი, შეფასებული და შეგროვებული. მოვუყევი ბ-ნი ბორის პოლიაკის კოლექციის შესახებ და ვთხოვე გაეხსენებინა, როდის განხორციელდა მის მიერ ექსლიბრისის გამოფენის მოწყობა და რა მასალებს ეყრდნობოდა ეს გამოფენა.
როგორც ბ-ნმა დუდამ გაიხსენა, გამოფენა, დაახლოებით, 1952-53 წლებში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „მხატვართა სალონში“ შედგა. იმ პერიოდში ბ-ნი დუდა მხატვართა კავშირის მდივანი იყო და ნოდარ მალაზონიასთან ერთად გადაუწყვეტიათ გამოფენის გაკეთება.  მარიკა ბერძენიშვილმა გადასცა ბ-ნ დუდას 100-მდე ექსლიბრისი. ნოდარ მალაზონიასაც ჰქონია წიგნის ნიშნების გარკვეული რაოდენობა და, ძირითადად, ამ მასალაზე დაყრდნობით მოუწყვიათ ექსპოზიცია:  - დავაკარითო მუყაოებზე და გაკეთდა საკმაოდ დიდი გამოფენა. ამიტომ, ცოტა გულიც კი დაწყვეტია, როდესაც დავით ციციშვილს,დავით ციციშვილი (1901-1986) მხატვარი-გრაფიკოსი. ქართული ხალხური დეკორატიული ხელოვნების მკვლევარი; 1927-31 წწ. სწავლობდა თსა-ს გრაფიკის ფაკულტეტზე, 1935 წლიდან  ასწავლის იქვე. 1959 წელს აპოლონ ქუთათელაძესთან ერთად აარსებს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტს. დ. ციციშვილმა აღადგინა ქართულ ხალხურ ხელოვნებაში შემუშავებული და წლების მანძილზე მივიწყებული ტიხრული მინანქრის, „ლურჯი სუფრისა“ და ძველი დაჩითვის, ხალიჩების, ნაქარგების, კერამიკის, ლითონის მხატვრული დამუშავების ტექნოლოგიები. საქ. სახალხო მხატვარი.

10

ტელევიზიით გამოსვლისას, თავის მიერ ორგანიზებული ექსლიბრისის გამოფენა საქართველოში მოწყობილ გრაფიკის ამ სახეობის პირველ გამოფენად დაუსახელებია (იხ. ლ. რჩეულიშვილი, ახალი ქართული ხელოვნების საკითხები. გამომც. „ნეკერი“, თბ., 1998; მ. გაჩეჩილაძე, დავით ციციშვილის ექსლიბრისები. ალმანახი „მწიგნობარი’ 05“, თბ., 2005) სავარაუდოდ, სუბარი უნდა ყოფილიყო 1972 წელს გამართულ დიდ გამოფენაზე, რომელიც  მოეწყო ხელოვნების მუზეუმში და მიეძღვნა წამყვანი ექსლიბრისისტი ოსტატის, არქიტექტორ ვლადიმერ (ლადო) წილოსნის (1885-1971) ხსოვნას. საუბრისას გაირკვა, რომ ბ-ნი დუდას მიერ მოწყობილი ექსლიბრისის გამოფენა არსად ყოფილა დაფიქსირებული, ან თუ იყო კიდეც, მან ეს არ იცოდა: - იქნებ ჩემს პირად საქმეში იყოს სადმე აღნიშნული, ან, იქნებ, ზუსტი თარიღი ნოდარ მალაზონიას ახსოვდეს, რადგან  ის უფრო ახალგაზრდააო.
ვთხოვე, ენახვებინა ჩემთვის თავისი ექსლიბრისები. ეძება და ვერ იპოვა. დამპირდა, კვირას და ორშაბათს თავისუფალი ვარ და აუცილებლად მოვძებნი ჩემს ექსლიბრისებსაც და იმ მასალასაც, რაც გამოფენაზე იყო წარმოდგენილიო.

1112

შემდეგ, ვთხოვე აეხსნა, რამ გამოიწვია 1930-იან წლებში ექსლიბრისით მისი გატაცება. ძირითადად, იოსებ შარლემანი გვავალებდაო ექსლიბრისზე მუშაობას. გაიხსენა იმ პერიოდში აკადემიის სტუდენტთა გვარები (სულ ექვსნი ვიყავითო - ლორია, ვაშაძე, გვეტაძე, გიკაშვილი, ერთი ქალბატონის გვარი ვერ გაიხსენა), ახსენა ვერა ბელეცკაია და უფრო მეტი სომეხი ეროვნების სტუდენტთა გვარები ჩამოთვალა. რატომღაცო - თქვა - იმ პერიოდში სხვა ეროვნების სტუდენტები მეტნი იყვნენო აკადემიაში. ჩვენი სტუდენტობის დროს სწავლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობდა და ახალგაზრდები, მოსაზღვრე, მოკავშირე რესპუბლიკებიდან თბილისში არჩევდნენო სწავლას. ხოლო, ჩემს შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ის, რომ არაქართველი მხატვრები უფრო მოეკიდნენ ექსლიბრისების შესრულების საქმეს, ისევე როგორც მე, ეს ფაქტი მანაც ვერ ახსნა. ამიტომ, კიდევ უფრო მეტად ვთხოვე, მოეძებნა თავის მიერ შექმნილი ექსლიბრისები, რადგან ჩემთვის განსაკუთრებით საჭირო იყო, რომ არ გამომრჩენოდა არც ერთი  ქართველი მხატვარი, რომელსაც თუნდაც, მხოლოდ ერთი წიგნის ნიშანი ჰქონოდა გაკეთებული, რადგან თუ ვერ შევაგროვებდი ამ მხატვრებს, მაშინ, ქართული ექსლიბრისის განვითარებაში საკმაოდ სავალალო სურათი გადაგვეშლებოდა. დამპირდა, რომ აუცილებლად შეასრულებდა ჩემს თხოვნას. შევთანხმდით, რომ მომავალი კვირის სამშაბათს დავურეკავდი და მეტყოდა - იპოვა თუ არა ჩემთვის საჭირო მასალები, ასე დავთქვით მომავალი შეხვედრა ექსლიბრისის პრობლემაზე.

1314

იმ დღეს წიგნის ნიშანზე საუბარი ამოწურულად ჩავთვალე და ვთხოვე, გაეხსენებინა თავისი სტუდენტობის წლები და დამოკიდებულება მხატვარ ლადო გრიგოლიასთან, როგორც პედაგოგთან და როგორც პიროვნებასთან.
1933 წელს იოსებ შარლემანმა თავად მოიწვიაო ლადო გრიგოლია. როდესაც ჩვენთან შემოვიდა პირველად ლექციაზე, დახეული, სახელოებზე შემოძარცვული კოსტიუმი ეცვაო და ბუნებრივია, სტუდენტებმა ალმაცერად დავუწყეთ ყურება, მაგრამ როგორც კი ფანქარი აიღო ხელში და დაიწყო ახსნა და სწავლება, მაშინვე მივხვდით, ვისთან გვქონდა საქმე და დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო გვემატებოდაო პატივისცემა მისი ნიჭიერების მიმართ. საკმაოდ დიდხანს გვასწავლიდაო, თითქმის მთელი სტუდენტობის მანძილზე. იყო თავმდაბალი, მაგრამ უყვარდაო აფეთქება, თუ მოთმინებიდან გამოვიდოდა. სტუდენტებთან მეგობრულ დამოკიდებულებაში იყო, მაგრამ თავშეკავებული, ასეთივე იყო კოლეგებთანაც. ვკითხე - შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება პირადად მის მიმართ სტუდენტობის შემდეგ, როდესაც უკვე კოლეგებად იქცნენ. ჩვენ არასოდეს გვქონიაო ახლო ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის თავშეკავებული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გვქონდა ბოლომდე და იმ ბოლო წლებში სულ მეუბნებოდა, რომ უნდოდა მოსვლა და ჩემი სახელოსნოს ნახვა, აინტერესებდა თუ რა გავაკეთე. მაშინ ზუსტად მშენებლობის პროცესში ვიყავი და ამ სახელოსნოს ვაშენებდი, მაგრამ ისე გარდაიცვალა, ჩემთან მაინც ვერ მოასწროო მოსვლა.
ვთხოვე აეხსნა, რა იყო მიზეზი ლადო გრიგოლიას სამხატვრო აკადემიიდან წასვლის. დაფიქრდა და მითხრა - რაიმე კონკრეტული მიზეზით ამის ახსნა ძნელია, უფრო მიზეზთა დაგროვება იყოო. ძირითადი როლი კი მაინც ვლადიმერ კეშელავამ ითამაშა ლადოს აკადემიიდან წასვლაშიო, რადგან მოსკოვიდან საათები შეამცირეს და კეშელავამ ისე გააკეთა, რომ ლადო გრიგოლიას საათები მოაყოლაო შემცირებაში. ლადო ამას არ მოელოდა, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველი მხარდამჭერი იყო იმის, რომ იოსებ შარლემანის შემდეგ კეშელავა გამხდარიყო გრაფიკის კათედრის გამგე. საათების შემცირებამ და პირადი დამოკიდებულების გაფუჭებამ ძალიან იმოქმედაო გრიგოლიაზე. შემდეგ გიორგი ცეცხლაძემ „შეიკედლა“ არქიტექტურის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე, მაგრამ დიდხანს ვერც იქ გაჩერდა,  თავს შეურაცყოფილად გრძნობდა, კიდევ უფრო იმით, რომ მის მიერ შექმნილ შრიფტებს სხვა ასწავლიდაო გრაფიკოს სტუდენტებს. ყველაფერ ამას ისიც დაემატა, რომ მოსკოვმა პროფესორად არ დაამტკიცა და მალე საერთოდ წავიდა კიდეც აკადემიიდან; ცუდად იყო განწყობილი მაშინდელი რექტორი გიორგი (გოგი) თოთიბაძის მიმართაც, რადგან ეს საათების შემცირებებიც, ეს არდამტკიცებაც გოგის რექტორობის დროს მოხდა; ხელფასიც არ ჰქონდა დიდი და ამდენ ნერვების შლას, არჩია სახელოსნოში დარჩენილიყო, მითუმეტეს, რომ შეკვეთა უამრავი ჰქონდა და შემოსავალიც ამ შეკვეთებით მეტი რჩებოდა - აი, ყველა ის მიზეზი ერთად, რამაც გამოიწვია მისი აკადემიიდან წასვლა. თუმცა, გოგი თოთიბაძე ბევრს ეხვეწა დაბრუნებას, მერე საათებსაც დაჰპირდა, მაგრამ აღარ დაბრუნდა. აქვე მსურს ბ-ნი ლადო გრიგოლიასთან  ჩემი სტუმრობის ერთი მცირე მოგონება გავიხსენო, რომელიც ვფიქრობ, ძალზე თვალსაჩინოდ წარმოადგენს და ახასიათებს ამ დიდ პიროვნებას:  ჩემი სადიპლომო   ნაშრომზე მუშაობა  სწორედ ამ მძიმე წლებს დაემთხვა (1976 წ.) - მე რა გამიკეთებია, ჩემზე ვინმემ, რომ რამე დაწეროსო - მითხრა ბ-ნმა ლადომ; მოკრძალებულად მომიხადა ბოდიში - ძალიან ცოტა დრო დამრჩა სიცოცხლის და მინდა შრიფტზე დაწყებულ მუშაობას დავუთმო, ამიტომ ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენთან ამ თემაზე შეხვედრას ვეღარ შევძლებო. და კიდევ ერთი - როდესაც მივულოცე რუსთაველის პრემიის მინიჭება, რაც მხატვარათა კავშირის ინიციატივით ამავე პერიოდშივე მოხდა, სრულიად გულში ჩამწვდომი და დაუვიწყარი სიტყვები მითხრა: - მე რა ღირსი ვიყავი ამ პრემიის! კაცს წოდებამ არ უნდა სძლიოს -  წოდებას უნდა სძლიოს კაცმაო!
ბ-ნ დუდასთან ჩემი შემდგომი საუბარი შეეხო ბ-ნ ჯემალ ლოლუას წერილს, რომელიც უკავშირდებოდა ლადო გრიგოლიას წიგნის გაჭიანურებული ბეჭდვის საკითხს.მე ვფიქრობო -  მითხრა ბ-ნმა დუდამ - რომ ეს წიგნი, ძირითადად, გურამ შარაძის ტექსტის გამო შეფერხდა, რომელმაც წიგნში თითქმის მთელი ფორმა დაიკავა. ბოლოს და ბოლოს ეს უნდა იყოს ლადო გრიგოლიას ნამუშევრების წიგნი. ლადო გრიგოლიას ნამუშევრებისგან უნდა შევიძინოთ ჩვენ ცოდნა.

1516

მე, ჩემი მხრიდან, მოკლედ მოვუყევი ჩემ დამოკიდებულებაზე ამ წიგნთან, მხატვრის მეუღლესთან, ინა დივნაგორცევა-გრიგოლიასთანაქ ფართოდ აღარ გავხსნი ამ საკითხს. თუმცა, ჩვენი არშემდგარი თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზეზი ზემოთ უკვე ვახსენე - მხატვართა ნაწილი უნდობლად ეკიდებოდა ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნეებთან კონტაქტს და ჩემს შემთხვევაშიც ასე   მოხდა. ბ-ნმა დუდამ გაიხსენა, რომ როდესაც მოეწყო ლადო გრიგოლიას ნამუშევრების დიდი გამოფენა გალერეაში, ფოტოგრაფი დადიოდა და ყველა ნამუშევარი გადაიღო, ამიტომ, მირჩია მიმემართა გალერეაში ბ-ნ მიხეილ (მიშა) ყიფიანისთვის და ამ მასალის შესწავლის დახმარება მისთვის მეთხოვა. მითხრა, რომ თვითონაც გულდაწყვეტილია ლადო გრიგოლიას წიგნის გამო, რადგან ქ-ნმა ინამ მასაც თხოვა წერილის დაწერა. მან ეს წერილი დაწერა, შემდეგ კი რაღაც-რაღაცეები მასთან  შეუთანხმებლად შეასწორეს გამომცემლობაში, - მოკლედ, უკვე გული აღარ მიმდისო ამ წერილზე. გადასაკითხად მომცა თავისი წერილის თავდაპირველი ვარიანტი. გადავიკითხე, თხრობა თავისუფლი, კომპაქტური და ძალზე საინტერესო იყო, ავტორს ნათლად ჰქონდა გააზრებული ლ. გრიგოლიას შემოქმედება და მისი როლი ქართულ ხელოვნებაში.
ამით ამოვწურეთ ეს საუბარიც და შემდგომ მითხრა, რომ ლადო გრიგოლიას საკუთარი ბიბლიოთეკის ექსლიბრისის კომპოზიცია პირველნაბეჭდი ქართული სახარების ილუსტრაციიდან ჰქონდა შთაგონებული და მანახა ხუცური შრიფტით ნაბეჭდი წიგნის ილუსტრაცია, მსგავსივე კომპოზიციით.
დამათვალიერებინა სახელოსნო და თან გაიხსენა სტუდენტობისდროინდელი მოგზაურობა ახალციხეში და მესხეთში (1930-იანი წლების ბოლოს). ბევრი საინტერესო ნივთის მფლობელი იყოო მაშინ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობა, წიგნები გორად ეყარა ახალციხის ეკლესიაში და წვიმა ასველებდაო, შეიძლებოდა უძველესი, უნიკალური თამარისეული ეპოქის ჭურჭლის ყიდვაც, მაგრამ ჩვენ სტუდენტებს რა ფული გვექნებოდაო მაშინ. კიდევ უფრო მძიმე ცხოვრება დაიწყოო ომის წლებში და როცა ბოლოს ჩავედით უკვე სრულიად გაცლილი დაგვხვდა მესხეთი სიძველისაგან, რადგან სომხეთიდან შემოსულ ვაჭრებს დამშეული მოსახლეობა საკვებზე უცვლიდაო  ამ უძვირფასეს საუნჯეს.
შევატყვე, რომ ჩემი მასპინძელი ძალზე დაამძიმა ამ უსიამოვნო მოგონებამ, დასევდიანდა, თითქოს საუბარის გაგრძელებაც უჭირდა. უდიდესი მადლობა გადავუხადე ჩემთვის დათმობილი დოისთვის, უამრავი საინტერესო ინფორმაციისთვის,  ჩემს მიმართ ყურადღებისა  და ჩემი პრობლემების გათავისებისთვის.
იმ დღეს უდიდესი შთაბეჭდილებით დავტოვე ბ-ნი დუდას სახელოსნო. ერთი კვირის შემდეგ კი, კვლავ სტუმრობისას, პატარა მაგიდაზე დამახვედრა საქაღალდე, ერთ ათეულამდე ექსლიბრისით. ბოდიში მომიხადა, რომ მეტის პოვნა ვერ შეძლო. ექსლიბრისები ფოტოაპარატით დავაფიქსირე და ახლა უკვე საბოლოოდ დავემშვიდობე მხატვარს. სამწუხაროდ, მას შემდეგ ბ-ნ დუდა გაბაშვილს აღარ შევხვდრივარ.
თითქმის უკვე სამი ათეული წელი  გავიდა ამ სტუმრობიდან, შთაბეჭდილებები კი კვლავ ცოცხალია და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მის სახელოსნოში მისულს, კვლავ ღია დამხვდება ეზოს კარი და  ბ-ნი დუდა კვლავ თავისი თბილი და სათნო ღიმილით გამომეგებება.

გამოყენებული ილუსტრაციები
წიგნიდან: დავით გაბაშვილი. ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, აბსტრაქცია, პლაკატი, წიგნის გრაფიკა. ტექსტი გ. ხოშტარიასი (ქართ ინგლ. ენებზე), თბ., 2000

ნანახია: 4824-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani