Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მხატვარი გივი ჯაფარიძე

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ჩემი პირველი „შეხვედრა“ გივი ჯაფარიძესთან 1980-იანი წლებში „შედგა“. საკვალიფიკაციო საკვლევ თემად საქართველოს სახალხო მხატვრის, ლადო გრიგოლიას შემოქმედება მქონდა შერჩეული, თუმცა, ბატონი ვახტანგ ბერიძის რჩევით თემა შევცვალე და საქართველოში ექსლიბრისის ხელოვნების განვითარების ისტორიის შესწავლას მოვკიდე ხელი.
თემა ძალზე რთული და შრომატევადი იყო და პირველ ეტაპზე მასალის მოძიებაც ჭირდა. სწორედ მაშინ, აკადემიაში სწავლის პერიოდში, ჩემმა ყოფილმა პედაგოგმა და იმჟამად კოლეგამ, ქალბატონმა ფლორ დევდარიანმა გასაცნობად მომიტანა ექსლიბრისის მცირე კოლექცია, რომელიც მათ ოჯახში ინახებოდა და მისი მეუღლის ბიძის მიერ იყო შეგროვილი.
კოლექციის შემკრები მხატვარი გივი ჯაფარიძე ბრძანდებოდა. (ილ. 1) მისი სახელი მაშინვე მეცნო, რადგან როდესაც ლადო გრიგოლიას შემოქმედების შესწავლისას პირვალნაბეჭდი, ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანის“ აღდგენაში მის მიერ შეტანილ წვლილს ვიკვლევდი, პოემის განახლებულ, 1937 წლის საიუბილეო გამოცემაში თანდართული აკაკი შანიძის ტექსტიდან გავეცანი ახალ-გამომცემელთა ჯგუფის წინაშე არსებულ იმ სიძნელეებს, რაც ვახტანგისეულ სტამბაში განხორციელებული ასო-ნიშნებისა და ორნამენტის ელემენტების განახლებასთან იყო დაკავშირებული. ბატონი აკაკი წერს: „ახალი ასოების გაკეთება ყოვლად უვარგის შედეგს მოგვცემდა. საჭირო იყო ხელახლა დახატვა მთელი კომპლექტისა და ერთიანობის დაცვა ხაზებში. მოვიხმე მხატვარი ვლ. გრიგოლია და ვთხოვე, რომ ასოები დაეხატა გადიდებული ფოტოსურათების მიხედვით, მაგრამ ისე, რომ ხაზებში ერთგვარობა დაეცვა“ და აქვე, შენიშვნაში აღნიშნავს, რომ - „ტექნიკურ სამუშაოთა შესრულებაში მხატვარს ეხმარებოდა სტუდენტი გივი ჯაფარიძე“.შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი. პირველი ბეჭდური (ვახტანგისეული) გამოცემა. 1712 წ. აღდგენილი ა. შანიძის მიერ 1937 წ. ფოტორეპროდუქციული გამოცემა 1975 წ. გამომცემლობა „მეცნიერება“ თბილისი, 1975, გვ. 404, შენიშვნა 1.
01
ლადო გრიგოლიას წვლილი ქართული გარაფიკის, ყველაზე მეტად კი წიგნი გრაფიკის განვითარებაში, წარმოუდგენლად დიდია და მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ ეს უდიდესი ხელოვანი, გვერდში მდგომ დამხმარე ასისტენტად იყვანს საკუთარ სტუდენტთაგან რჩეულთა-რჩეულს - გივი ჯაფარიძეს.
ბატონი გივის მიერ ნაგროვებმა იმ პატარა კოლექციამ, რომელიც ჩემთვის ქართული ექსლიბრისის კვლევის სირთულეების დასაძლევად გზის გამკვალავი აღმოჩნდა, ასევე ცნობილ მხატვართან, დუდა გაბაშვილთან მიმიყვანა, რადგან კოლექციაში არსებულ წიგნის ნიშანთა შორის ბატონი დუდას კუთვნილი ექსლიბრისიც ინახებოდა. და სწორედ მასთან საუბრისას გავიგე უფრო მეტი - ის, თუ ვინ იყო გივი ჯაფარიძე... ისინი თანაკურსელები იყვნენ... ბატონი დუდასგან გავიგე, ასევე, თუ რაოდენ ნიჭიერი, უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე და საოცარი ადამიანური თვისებებით სავსე ხელოვანი დაკარგა საქართველომ და იქვე მითხრა: „თუ ვინმეს შეეძლო მაშინდელი კოშმარისგან დაეცვა თავი, ეს გივი იყო, რადგან უჩა ჯაფარიძის ძმისშვილს თავისუფლად შეეძლო მეორე მსოფლიო ომში რიგით ჯარისკაცად წასვლისთვის აერიდებინა თავიო“.
გივი ჯაფარიძე კი, ოჯახიდან ფარულად, ომის პირველ დღეებშივე მოხალისედ ჩაეწერა ფრონტზე წასასვლელად, წავიდა და ... დაიღუპა.
გივი ჯაფარიძის მიერ ნაგროვებ ექსლიბრისებს შორის, ბატონმა დუდამ, სტუდენტობის დროს, 1934 წელს შექმნილი საკუთარი ექსლიბრისებიც ამოიცნო და თავად გივი ჯაფარიძის მიერ შესრულებულიც - „ექსლიბრისი ნელი ჩიქოვანისათვის“ – და მე აი, აქ შევხვდი პირველად გივი ჯაფარიძეს, როგორც მხატვარს.
მის მიერ ნელი ჩიქოვანისთვის განკუთვნილი წიგნის ნიშანი, ცინკოგრაფიის ტექნიკაში განხორციელებული მინიატურული (11,5 X 5, 1934 წ.) კომპოზიციაა. (ილ. 2) მასზე პლენერზე მომუშავე მხატვარი ქალის ფიგურაა მოცემული, რომლის სხეულს ნახევრად ეფარება წინა პლანზე გამოსახული შველი. ქალისა და შველის უკან კი აღმართულია წვრილტანიანი ხე, რომელიც მთელ სიმაღლეზე ასდევს და კეტავს კომპოზიციას. პირობითად მინიშნებული ხის „ფოთლები“ მკვეთრი დაშტრიხვითაა შესრულებული და ცას ერწყმის. ფონის ხაზობრივი დამუშავება, დახრილი, თამამი შტრიხები ცხოველხატულობას ანიჭებს ნახატს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გაშლილი სივრცეა წარმოდგენილი, კომპოზიციის შუა ნაწილის ჩამუქება აჩერებს ნახატის სიღრმეში განვითარებას და ხელს უწყობს მის სიბრტყობრივ აღქმას, რაც ესოდენ აუცილებელია ექსლიბრისისთვის. კომპოზიციის „თავის-თავში ჩაკეტვას“ კი ზედა და ქვედა კიდეებში დასმული თამამი, თავისუფალი ხელწერით შესრულებული ტექსტი უზრუნველყოფს. მხატვარმა ამ მცირე ზომის ნამუშევარში გახსნა წიგნის მფლობელი ხელოვანის შემოქმედებითი, პოეტური სამყარო, ამ პაწია კომპოზიციაშივეა გამოვლენილი გივი ჯაფარიძის გამორჩეული, თავისებური, თამამი ხელწერა. რაც მის მიერ შესრულებული ყველა სხვა, მცირე თუ დიდი ზომის დაზგურ და წიგნის გრაფიკაში შესრულებულ ნამუშევრებში ჩანს.
ბუნებრივია, რომ რიცხობრივად მათი რაოდენობა არც ისე დიდია, თუმცა, რაც დარჩა, ისიც უდაოდ მისი ნიჭიერების მაჩვენებელია.
02
გივი ჯაფარიძეს სტუდენტობის წლებში, 1936 წელს აქვს გაფორმებული ანა შალიკაძის ნაწარმოების „ზელიმხანი“-ს გარეკანი, (ილ. 3, 4) რომლის კომპოზიციასაც ცენტრში განთავსებული, ოთხკუთხა მოხაზულობის ჩარჩოში ცხენოსანი ფიგურის გამოსახულება და ილუსტრაციის თავზე განთავსებული მხატვრული შრიფტი ქმნის. ასო-ნიშანთა თავისუფალი მოხაზვით იმავე დინამიკა ნარჩუნდება, რაც კომპოზიციაში არსებული ყალყზე შემდგარი მხედრის გამოსახულებიდან მოედინება, წიგნის გარეკანის „ზედაპირი“ კი ზევით-ქვევით გაშლილი ავტორის გვარ-სახელისა და გამოცემის დროისა და ადგილისა ამსახველი წარწერით წონასწორდება და წვრილი და მსხვილი კონტურით შედგენილი სადა ჩარჩოთი შემოისაზღვრება.
0304
გივი ჯაფარიძეს ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოები „მოძღვარი“-ც ჰქონია გაფორმებული, რომლის შესახებაც ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძეს, გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „შეწყვეტილი სიმღერა“გაზეთი „კომუნისტი“, 1976, 6 ოქტომბერი.მოჰყავს ციტატა დიმიტრი ჯანელიძის წერილიდან. სამწუხაროდ, მითითებულია მხოლოდ გაზეთის სახელი „კომუნისტი“ და ამ ეტაპზე ვერ შევძელი ვერც ამ სტატიის და ვერც გივი ჯაფარიძის მიერ დასურათებული ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარის“ გამოცემის მოპოვება, რომელსაც ავტორის ციტატა ეხება. დიმიტრი ჯანელიძე წერს: „გრაფიკოს სტუდენტთა შორის გამოირჩევა გივი ჯაფარიძე. აზრიანად, სადად არის გამოხატული ა. ყაზბეგის „მოძღვარი“. მკაფიოდ გამომსახველია ყდა და ილუსტრაციები. გ. ჯაფარიძე მხატვრულ დამწერლობაშიც ხელგაწაფული ჩანს“.
დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელი ბიბლიოთეკებში ამ წიგნის მოძიება, თუმცა, ვიტოვებ იმედს, რომ აუცილებლად მივაგნებ მომავალში.
05
06
07
მხატვრის ოჯახის მიერ ჩემთვის მოწოდებული ნამუშევრების ფოტოებიდან, როგორც ჩანს, ერთი ჯგუფი წიგნის ილუსტრაციებს და ტექსტის თავსართ-ბოლოსართებს უნდა წარმოადგენდეს, (ილ. 5-9) და თუ რომლის - ეს მომავალი კველვის საგანია. მოცემული ნამუშევრები ოფორტის ტექნიკითაა განხორციელებული და ამ შემთხვევაშიც ნათლად ჩანს მხატვრის თამამი ხელწერა, ტექნიკის სრულყოფილება, თუნდაც, მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთ პეიზაჟზე (ილ. 10) გამოსახული ქარისაგან გადახრილი ხე და პირობითად ასახული, ნერვიული, მოძრავი შტრიხებით მიღწეული ავისმომასწავებელად ჩამოქუფრული ცა. თითქოს ქარის ქროლვის ხმაც კი წვდება მნახველს.
08
0910
ასევე, თამამი და დინამიკურია მოძრაობაში გამოსახული ფიგურები -ურთიერთდაპირისპირებული, შეიარაღებული ცხენოსნები. (ილ. 11, 12, 13)
11
12
13
(ილ. 14) მთის კლდოვან რელიეფებთან შეფარდებული ადამიანთა პატარა ფიგურები კი უნებურად გვახსენებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებს:
„ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა“
14
და რაკი, ვაჟა-ფშაველა ვახსენე, აქვე გაგაცნობთ გივი ჯაფარიძის მიერ 1939 წელს შესრულებულ კომპოზიციას (ილ. 15) „ქალაქში ცხენით მიმავალი ვაჟა-ფშაველა“ (ქ., ტუში, 34X32, 1939 წ.). ნამუშევარი 1939 წელს, მეოთხე კურსზე სწავლის პერიოდში, ვაჟას გარდაცვალებიდან 25 წლისთავისათვის, შეუქმნია ხელოვანს. ამ შემთხვევაშიც მხატვარი ოსტატურად აფიქსირებს წამიერების მომენტს - საშიშ, ციცაბო დაღმართზე შეჩერებულ ცხენსა და მხედარს, მთის ბუნებისთვის დამახასიათებელ ნისლოვან გარემოს.
15
გივი ჯაფარიძის შემოქმედებაში პორტრეტის ჟანრსაც უკავია მნიშვნელოვანი ადგილი, მათ შორისაა სახალხო პოეტის, იოსებ დავითაშვილის პორტრეტი,იხ.http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/113392/1/Saxalxo_Furceli_Suratebiani_Damateba_1917_N146. pdf. გაზეთი „სახალხო ფურცელი“ სურათებიანი დმატება. 1917, 12 მარტი.რომელიც 1917 წელს, გრიგოლ ტატიშვილის მიერ გრავირებული პორტრეტითაა შთაგონებული (ამ პორტრეტის მარცხენა კიდეში, მხატვრის მიერ რუსული კალიგრაფიით შესრულებული ავტოგრაფია, რომელიც, სამწუხაროდ, არ იკითხება. (ილ. 16) მარჯვენა კიდესთან კი აშკარად ჩანს გრავიორის მონოგრამა - გ.ტ.). გივი ჯაფარიძე ცხოველხატულობას მატებს არსებულ ნამუშევარს, საკუთარი ინტერპრეტაციით, თამამი შტრიხებითა და შავ თეთრის კონტრასტებით აცოცხლებს პოეტის სახეს, სამოსსა თუ ფონს. (ილ. 17)
1617
პორტრეტული მსგავსებითა (ილ. 18) და შინაგანი მებრძოლი ენერგიის გამოხატვითაა გაჯერებული იოსებ ჯუღაშვილის სახეც.
18
გივი ჯაფარიძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აგრეთვე, დაზგურ გრაფიკაში განხორციელებულ (ილ. 19 - 22) პეიზაჟებს, ქალაქისა და არქიტექტურული ნაგებობების ხედებს.
19
20
2122
გივი ჯაფარიძის ნიჭიერებას ძალზე აფასებდნენ მისი პედაგოგები და კოლეგები. ზემოთ უკვე ვისაუბრე ლადო გრიგოლიას კოლეგიალური ურთიერთობის შესახებ. მნიშვნელოვანია, ასევე, ვლადიმერ წილოსანის მიერ დაწერილი წერილი ბატონი გივის შესახებ, სადაც ბატონი ლადო წერს: „იმ დროს, როდესაც მე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ოფორტის პედაგოგად ვმუშაობდი, ჩააბარა ძალზე სასიამოვნო, სანდომიანი გარეგნობის ტანმაღალმა ყმაწვილმა. თავისი გარეგნობით მის მიმართ მაშინვე დადებითი განწყობა გექმნებოდა ადამიანს. მე იგი მომეწონა. ჩემთვის სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა, იმიტომ, რომ მისი ნამუშევრები გამოირჩეოდა დიდი თავდაჯერებულობით, და შესანიშნავად დახატულნი, კარგ შთბეჭდილებას ახდენდნენ. მათ შორის იყო შემოქმედებითი კომპოზიციები.
ოფორტის სახელოსნოში მუშაობის დაწყებამდე, გივი გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ შემდგომ სურვილი გამოთქვა ოფორტში ემუშავა.
თვითოეული მისი ნამუშევარი ინტერესს იმსახურებდა. მასში დიდი ნიჭი შევიცანი და ჩემთვის სასიამოვნო იყო, გადამეცა მისთვის ოფორტის ტექნიკის კეთების ცოდნა. მან სწრაფადვე აითვისა გრავირების საინტერესო მთელი ხასიათი.
გარკვეული გარემოებები მაიძულებდა დავფიქრებულიყავი სამხატვრო აკადემიის დატოვებაზე და გადავწყვიტე, მომემზადებინა შემცვლელი. ამისთვის ყველაზე შესაფერისად კი გივი ჯაფარიძეს ვთვლიდი. და მე შევთავაზე გრაფიკის ფაკულტეტის დეკანს, იოსებ ადოლფის ძე შარლემანს, როგორც გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა, გაეფორმებინა იგი ოფორტის სახელოსნოს ასპირანტად. ო.ა. შარლემანი დამთანხმდა და გივი ჩემი არყოფნის პერიოდში (იმ დროს, როცა ვიყავი მუზეუმში და ყოველთვის არ შემეძლო მივსულიყავი ოფორტის გაკვეთილებზე), მცვლიდა მე და წარმატებით მუშაობდა სტუდენტებთან. მე მშვიდად ვგრძნობდი თავს ოფორტის გამო, რადგან სახელოსნო სანდო ადამიანის ხელში იყო და მე მალევე დავანებე თავი აკადემიას“.
გივი ჯაფარიძის ოჯახს სახსოვრად დარჩა, ასევე, (ილ. 23, 24) იაკობ ნიკოლაძის მიერ გივისთვის ნაჩუქარი, თაბაშირში ჩამოსხმული შოთა რუსთაველის პორტრეტი, რომლის უკანა მხარეს მოქანდაკის მიერვეა ფანქრით გაკეთებული მინაწერი: „გივი ჯაფარიძეს ნიჭიერ მხატვარს. სახსოვრად ი. ნიკოლაძე. 7. XI.40“.
23
24
და მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ სტუდენტი, უკვე აღიარებული და მეტად პერსპექტიული და საჭირო მხატვარი საკუთარი პროფესიისთვის, გივი ჯაფარიძე ტოვებს ოჯახს, სამშობლოს და მეორე მსოფლიო ომში, წინა ხაზზე საბრძოლველად მიდის. რადგან არ შეეძლო გულგრილად ეცქირა იმ უბედურებისთვის, რომელიც შეიძლებოდა სულ მალე მისი ქვეყნის საზღვართან აღმოჩენილიყო. ქალბატონი ნინო ჩიხრაძის სტატიაში მოყვანილია ფრაგმენტი წერილიდან, რომელიც მან ფრონტიდან მიწერა ოჯახს: „მე მუდამ მზად ვარ მსხვერპლად შევწირო ჩემი სიცოცხლე მომდევნო თაობების ბედნიერ მომავალს. ვიბრძოლო იმ პატარა დათოსთვის, თემურისთვის, ირაკლისთვის... ბუთხუზებისთვის, რომელნიც შემდგომ ამ დროს მოიგონებენ, როგორც შორეულ სიზმარს“ - წერდა მამამისს - ლადო ჯაფარიძეს.“ (ილ. 25)
25. eliso and givi japaridze
გივი ჯაფარიძის პიროვნული ღირსების შემაჯამებელ რეზიუმეს კი მხატვრის დედისთვის რუსი ქალბატონის, მარია ნეფედოვას მიერ 1942 წლის 17 სექტემბერს მიწერილი წერილი წარმოადგენს, რომლის შინაარსიც ძალზე საყურადღებოა:
გამარჯობა ძვირფასო დედა!
გწერთ თქვენთვის უცნობი ქალი, იაროსლავის ოლქის ქალაქ კოსტრომადან.
მაპატიეთ, რომ ბევრ ტკივილს მოგაყენებთ ამ წერილით, მაგრამ რომ არ მოგწეროთ, ესეც არ შემიძლია, რადგან ამ წერილის მოწერა თქვენთვის ჩემმა მეუღლემ მთხოვა. ჩემი მეუღლე იყო თქვენი შვილის, გივის კარგი მეგობარი. ისინი ერთად იბრძოდნენ...
საყვარელო დედიკო! იყავით ძლიერი, არ ინერვიულოთ და არ იტიროთ. გივიმ, თქვენმა შვილმა, თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა ჩემი ქმარი.
ახლა ჩემი ქმარი მკერდში მძიმედაა დაჭრილი და იაროსლავის ჰოსპიტალში წევს. თქვენი ვაჟი უშიშრად იბრძოდა და ნამდვილი გმირობა გამოავლინა. თქვენი შვილისთვის ბოლო ბრძოლა იყო 15-16 აგვისტოს ღამე. ისინი, როგორც ყოველთვის, ერთად იყვნენ. ბრძოლის ყველაზე მძიმე მომენტში ჩემი მეუღლე დაიჭრა. გივი შეეცადა მის გამოყვანას, მაგრამ ტყვია მოხვდა და დაიღუპა. თქვენი შვილი დაკრძალულია ძველ რუსიაში, მდინარე რობისთან. გარდაიცვალა თავში ტყვიის მოხვედრის შედეგად“
და იქვე დასძენს: „-ამ დიდი უბედურების გადატანა შეგიძლიათ მხოლოდ იმით, რომ თქვენ დედა ხართ ისეთი დიდებული გმირისა, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანური ღირსებით იყო დაჯილდოებული. აი, ვაჟკაცობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია ჩემი მეუღლის ნაამბობი თქვენი შვილის შესახებ: „ბრძოლის წინ არ მახსოვს, რომელ ქალაქში ვიყავით, ჯარისკაცებს რკინის მუზარადები დაგვირიგეს. ორ ჯარისკაცზე თითო მუზარადი იყო გათვალისწინებული. გ. ჯაფარიძემ ეს რომ გაიგო, თავისი მე გადმომცა და მითხრა: - აიღე, შენ გქონდეს, მე უცოლშვილო კაცი ვარ - ცრემლი მომერია, გადავკოცნე, როგორც ძმამ ძმა. ასეთი მაგალითი კეთილშობილებისა ჩემს სიცოცხლეში არ მენახა“.

P.S. როდესაც თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას პირველად ვეწვიე, ჩემი მეგზური მამაჩემი – მიხეილ გაჩეჩილაძემიხეილ ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე (1911-1990) - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, არქიტექტორი, ქ. გორის მთავარი არქიტექტორი 1948-1959 წლებში. 1937 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1941 წლის 22 ივნისიდან 1942 წლის ოქტომბრამდე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაბრუნდა მრავალი ჭრილობით. 1943 წ-ს დაამთავრა საქ. კიროვის სახ. ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტორ-მშენებლის სპეციალობით. 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია არქიტექტურის სპეციალობით.იყო, რომელსაც თავადაც სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. დიპლომის დაცვისთვის მოსამზადებელი მასალების შესაკრებად მოსკოვში იმყოფებოდა და იქიდანვე წაიყვანეს ომში. მძიმედ დაჭრილი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
სამხატვრო აკადემიის ძველი კორპუსის ცენტრალური კიბე ავიარეთ და კიბის ბაქანზე შევჩერდით. მამა გაჩერდა, კედლისკენ შებრუნდა, უხმოდ დადგა და თავი დახარა. როდესაც დავაკვირდი, რა ხდებოდა, ჩვენ წინ, დიდ ქვის ფილაზე ჩამოწერილი გვარები დავინახე. ეს სია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სტუდენტების გვარების ჩამონათვალი იყო...
მახსოვს შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, თავად გავხდი სტუდენტი, მოჟრიამულე ახალგაზრდები კიბის უჯრედს რომ შევეფინებოდით, ნებსით თუ უნებლიედ ამ ადგილას წუთიერად ვჩუმდებოდით.
ვფიქრობ, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა ამ გვარების გაქრობა აკადემიის სივრციდან, არ იყო სწორი... ისინი ხომ აკადემიის ღირსეული შვილები იყვნენ.
და კიდევ მახსენდება ერთი საოცარი „დამთხვევა“ - სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩაბარებისას, 1971 წელს, ქართული ენის წერით გამოცდაზე ე.წ. თავისუფალ არჩევანად მოვიდა თემა სათურით „ხალხი არ ივიწყებს გმირებს“. მე ეს თემა დავწერე, მაგრამ მაშინ მე არ ვიცნობდი გივი ჯაფარიძეს...

და კიდევ -
წელს გივი ჯაფარიძის დაბადებიდან 105 წლის საიუბილეო თარიღი შესრულდა!!!
წელს არის, ასევე, ბატონი დიმიტრი თუმანიშვილის დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო თარიღი, რომელსაც დიდი პატივი მიაგო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და მიუძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 17-18 ნოემბერს ჩატარდა და რომელშიც გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ჩვენ კი მოკრძალებულად მივუძღვენით ცენტრის საიუბილეო კონფერენცია ბატონ გიორგი ჩუბინაშვილს - ქართული ხელოვნებათმცოდნეობითი სკოლის ფუძემდებელს, რომლის გზის გამგრძელებელიც იყო ბატონი დიმიტრი და ჩვენ ყველანი, ვინც დღეს მისი სახელობის დაწესებულებაში ვმუშაობთ. მის გზას გააგრძელებენ, ასევე, ის ახალგაზრდებიც, რომლებიც დღეს ხელოვნებათმცოდნეობის დარგს ირჩევენ თავისი ცხოვრების გზად.
ახლა კი ასე დავასრულებ - “არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა” ...

 


ნანახია: 1176-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani