Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მხატვრის გახსენება (გიორგი (გოგი) როინიშვილი)

მარიამ გაჩეჩილაძე

2011 წელს ბატონი გოგი როინიშვილის (1921-2000) დაბადებიდან 90 წელი შესრულდა.ყველა, ვინც კი იცნობდა ბ-ნ გოგის, განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით იხსენებს მას.

გასულ, 2010 წელს მხატვრის ქალიშვილის ნატაშა როინიშვილის მოწადინებით გამოიცა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი, რომელიც მოამზადეს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის თანამშრომლებმა მარიამ გაჩეჩილაძემ და თამარ ბელაშვილმა (გოგი როინიშვილი. რედაქტორი მ. მეძმარიაშვილი. თბ., 2010). გამოცემა მცირეტირაჟიანი იყო (300 ცალი) და თითქმის მიუწვდომელი გახდა ქართული მხატვრობის ისტორიით დაინტერესებული პიროვნებებისათვის.
გვსურს საზოგადოებამ არ დაივიწყოს ადამიანი, რომელმაც თავდაუზოგავი შრომითა და ღვაწლით პირნათლად მოიხადა ვალი თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენი მიზანია ერთხელ კიდევ შეგახსენოთ ჭეშმარიტი მამულიშვილის გიორგი (გოგი) როინიშვილის საქართველოს დამსახურებული მხატვარი; საქართველოს მხატვართა კავშირისა და ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.
1947 წლიდან მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში (თბილისი, მოსკოვი, ვარშავა, ვილნიუსი).
მუშაობდა დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში; ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; თეატრსა და კინოში; აფორმებდა წიგნებს.
1947 წლიდან საბავშვო ჟურნალ „დილა“-ს მხატვარია.
1962 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე ჟურნალის მთავარი სამხატვრო რედაქტორი.
სახელი. გთავაზობთ ხსენებული წიგნის წინასიტყვაობას და მხატვრის ნამუშევრების ილუსტრაციებს.

"დილა" ქართული საზოგადოებისათვის განსაკუთრებული ჟურნალია, ათეულობით წლების მანძილზე იგი თითქმის ყველა ოჯახს "სტუმრობდა" და თაობათა აღზრდას ემსახურებოდა. თავად "დილა"-ზე კი სრულიად გამორჩეული ადამიანები ზრუნავდნენ. ძალზედ ძნელია იმ გზის მოძებნა, ზრდასრულ ადამიანს ბავშვის გულთან რომ მიიყვანს. ეს ჟურნალი მცირე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და, ფაქტობრვად, თავისთავზე იღებს ურთულეს ამოცანას, განსაკუთრებულად შერჩეული ტექსტობრივი მასალა ისე მიაწოდოს პატარას, რომ დააინტერესოს, თავისკენ "გადმოიბიროს", კითხვა შეაყვაროს და "გაიშინაუროს". სწორედ ამ ჟურნალთან იყო გაიგივებული გიორგი (გოგი) როინიშვილის სახელი, რომელიც ოთხი ათეული წლის მანძილზე ემსახურებოდა ბავშვთა სამყაროს, ზრუნავდა "დილა"-ს მხატვრულ სრულყოფაზე, თავადაც ქმნიდა უამრავ ნახატს და ყოველთვის ცდილობდა პატარის ბუნებას ჩასწვდომოდა.
ყველა, ვინც კი ბ-ნ გოგის იცნობდა, განსაკუთრებული სიყვარულით და მოწიწებით იყო განმსჭვალული მისადმი. მიმზიდველ გარეგნობასთან ერთად, იგი ყველას ხიბლავდა თავისი ღრმა ერუდიციით, იუმორის გამორჩეული გრძნობით, სტუმართმოყვარეობით, ხელგაშლილობითა თუ ახლობლებისათვის გაჭირვებაში მხარში დგომის უღალატო თვისებით.
თბილისის სამხატვრო აკადემიის საუკეთესო პედაგოგთა აღზრდილი, მაღალი რანგის პროფესიონალი მხატვარი, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავადაც მომავალი თაობების აღზრდას ემსახურებოდა, მაგრამ "მალულად", თავის "ნავსაყუდელში", საკუთარ ოჯახსა და სახელოსნოში უცხო თვალისათვის მიუწვდომელ ნამუშევრებსაც ქმნიდა; შემოქმედებას, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობია. ჩვენ შევეცდებით ზოგადად მაინც გავაცნოთ მკითხველს გოგი როინიშვილის შემოქმედება, რადგან ვთვლით, რომ მისი სახით ქვეყანას მართლაც ერთგული, პატიოსნებით სავსე, თავის საქმეზე და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი დააკლდა.
საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი გიორგი (გოგი) როინიშვილი დაიბადა 1921 წელს, ქ. თბილისში. მისი მამა დავით როინიშვილი, ფიზიკოსი იყო. მხატვარს დედა (თამარ ხომასურიძე) სამი წლის ასაკში გარდაეცვალა. შემდგომში ბ-ნი გიორგი მუდამ თავს არიდებდა ბავშვობის წლების გახსენებას და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში აქტიურად ტრიალებდა და გარს უამრავი ახლობელი და მეგობარი ეხვია, ხასიათით მაინც ძალიან ჩაკეტილი პიროვნება იყო.

01

გიორგი როინიშვილი მხატვრობით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. პირველი ნამუშევრები, რომლებიც ოჯახს შემორჩა, 7-8 წლის ასაკში შესრულებული ნახატებია და ამ ნახატებში უკვე გამოკვეთილია მისი განსაკუთრებული ნიჭი. მიუხედავად შვილის მხატვრობით გატაცებისა, მამამისს სურდა, გიორგი ექიმი გამოსულიყო და სკოლის დასრულების შემდეგ იგი სამედიცინო ინსტიტუტში აბარებს, მაგრამ ფარულად აკადემიის სამხატვრო სტუდიაში დადის და 1939 წელს ფერწერის ფაკულტეტზე ირიცხება. სტუდენტობის წლებშივე, 1943 წელს გ. როინიშვილი ჯარში, შემდგომ კი ფრონტზე წაიყვანეს.
ომის დასრულების შემდეგ, 1946 წელს, ის აკადემიაში დაბრუნდა. უჩა ჯაფარიძის ჯგუფში დაასრულა სამხატვრო აკადემიის სწავლების სრული კურსი და მიიღო ფერმწერის წოდება (სადიპლომო ნამუშევრი - "მარულა"). შემდგომში მხატვარი განსაკუთრებული სიყვარულით იგონებდა აკადემიაში გატარებულ წლებს და თავის პედაგოგებს: იოსებ შარლემანს, უჩა ჯაფარიძეს, დავით კაკაბაძეს, სერგო ქობულაძეს.
აკადემიის დამთავრებისთანავე, გიორგი როინიშვილი ჟურნალის - "დილა" რედაქციაში იწყებს მუშაობას და მომავალი ოთხი ათეული წლის მანძილზე მისი სამხატვრო რედაქტორია. ამ ჟურნალის 1991 წლის მაისის ნომერში (№ 5, გვ. 10-11) დაბეჭდილია მხატვრის 70-წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტატია, სადაც ვკითხულობთ:
"ვისაც ჟურნალი "დილა" უყვარს, იმას ბევრჯერ უნახავს მის გვერდებზე წარწერა - მ ხ ა ტ ვ ა რ ი გიორგი როინიშვილი.
გიორგი როინიშვილი. უიმისოდ წარმოუდგენელია ჩვენი ჟურნალი. შეიძლება ითქვას, რომ "დილა" მის ხელში დაიბადა. და აი, რატომ.
1946 წელს, როცა გოგი როინიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ქართველი ბავშვების ჟურნალში დაიწყო თანამშრომლობა, ჟურნალს სხვა სახელი ერქვა - "ოქტომბრელი". მხოლოდ 1947 წელს მონათლა ის "დილად" მისმა მაშინდელმა რედაქტორმა რევაზ მარგიანმა. ასე და ამგვარად, ბავშვების ძველისძველმა ჟურნალმა (დაარსებისას, 1904 წელს, მას "ნაკადული" ერქვა) თითქოს ხელახლა აიდგა ფეხი და მასთან ერთად აიდგა ფეხი ახალგაზრდა მხატვარმა გიორგი როინიშვილმა. ისე, რომ შეიძლება ითქვას - გოგი როინიშვილიც "დილაში" დაიბადა - როგორც მხატვარი".

02

ჟურნალის "დილა" თითქმის ყველა ნომერშია განთავსებული გ. როინიშვილის მიერ ილუსტრირებული ესა თუ ის მოთხრობა და ლექსი. ფერადოვნად აჟღერებული ცოცხალი, თავისუფალი ნახატითაა შესრულებული დასასურათებელი ნაწარმოების საკვანძო სიუჟეტები. ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი და გასაგებია რეალისტურად გადმოცემული ნახატის შინაარსი.
გარდა "დილა"-ში მოღვაწეობისა, 1970-იან წლებში, გ. როინიშვილი მუშაობდა ხატვის პედაგოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების განყოფილებაზე და განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდათა პროფესიული მომზადების საქმეს.

03

1947 წლიდან გიორგი როინიშვილი მუდმივად იღებდა მონაწილეობას ყოფილ საკავშირო და ადგილობრივ გამოფენებში, თუმცა, არასდროს გაუმართავს პერსონალური გამოფენა. მისი ნამუშევრების უმთავრესი ნაწილი ინახება მხატვრის ოჯახში და კერძო კოლექციებში. გ. როინიშვილის ნამუშევრებს ხშირად ყიდულობდნენ სხვადსხვა ქვეყნიდან ჩამოსული კერძო პირები, თუმცა, მათი ადგილსამყოფლის დადგენა დღესდღეობით შეუძლებელია.
გოგი როინიშვილის ჰობი ძველი ნივთების სიყვარული და თავმოყრა იყო, რაც მას თითქოსდა თავისი დიდი წინაპრის, პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე როინაშვილისგან გადმოეცა (გიორგის მამა - დავითი ალექსანდრეს ძმისშვილია).
მხატვარისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი "სამყარო" ოჯახი იყო. მას საოცრად უყვარდა მეუღლე - მონიკა კაჭარავა და ერთადერთი ქალიშვილი - ნატაშა, ხშირად ხატავდა კიდეც მათ. უყვარდა მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მეუღლესთან ერთად ეწვია ალჟირს, ევროპის ქვეყნებს; იყვნენ საფრანგეთში, ინგლისში. მოგზაურობისას მხატვარი ქმნიდა უამრავ ჩანახატს და შემდგომ, დაბრუნებისას, მათ საფუძველზე ასრულებდა ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს.
მხატვრის ქალიშვილს, ბავშვობისას, ჟურნალ "დილა"-სთვის შექმნილი ნახატების "პირველი შემფასებლის" როლი ეკისრებოდა, შემდგომ კი, ამ "როლის შესრულება" მხატვრის შვილიშვილებს ევალებოდათ.
1998 წელს მონიკა გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი მხატვრის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მართალია, სიცოცხლის თითქმის ბოლო დღემდე არ მიუტოვებია თავისი საყვარელი ჟურნალი "დილა", მაგრამ ახლობლები გრძნობდნენ, რომ მას ამქვეყნად ყოფნა უკვე აღარ აინტერესებდა. გოგი როინიშვილი ხანმოკლე, ხუთ დღიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, 2000 წლის 3 დეკემბერს.
გიორგი როინიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მან დაგვიტოვა ათეულობით ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევარი, ასევე, დასურათებული წიგნები (დავით კლდიაშვილი - "სამანიშვილის დედინაცვალი", "დარისპანის გასაჭირი"; ეგნატე ნინოშვილი - "ჯანყი გურიაში", "სექტემბერი"; ლეონიდ ლეონოვი - "ევგენია ივანოვნა"; შირვან ზადე - "ქაოსი" და სხვა.); მუშაობდა პეიზაჟის, პორტრეტის ჟანრში, ქმნიდა თემატურ და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს; აფორმებდა სპექტაკლებსა და ფილმებს. ნამუშევრების განხორციელებისათვის იყენებდა სხვადასხვა მასალას: ზეთის და ტემპერის საღებავებს, გუაშს, აკვარელს, ფანქარს, ტუშსა და კალამს.
გიორგი როინიშვილის შემოქმედება უწყვეტად მიმდინარეობს. მის მხატვრობაში, 1940-იანი წლებიდან მოყოლებული, მუდმივი სიახლის ძიება შეინიშნება. ადრეულ წლებშივე ვლინდება მხატვრის შემოქმედების მაღალი პროფესიული დონე. პეიზაჟური ჟანრის ფერწერულ ნამუშევრებში ფუნჯის მონასმი თამამი, თავისუფალი და შეუზღუდავია. მხატვარი მიმართავს იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელ ხერხებს, აკვირდება ბუნებაში დროისა და ამინდის ცვლილებებს ("ქარიშხალი", 1940 წ.), მის პეიზაჟებში კარგად შეიცნობა სხვადასხვა ქვეყნის დამახასიათებელი თავისებურებები: ცინცხალი ფერადოვნებით სრულდება იმერეთის სოფლების ხედები, მწვანეში ჩაფლული პეიზაჟები, გამჭვირვალე ცის ფონით ("იმერეთის სოფელი ბოსლევი". 1940; "პეიზაჟი", 1941; "შემოდგომის პეიზაჟი", 1940-იანი წწ.).

0405

საღებავის მსუყე მონასმებით ვერცხლისფრადაა აციმციმებული პოლონეთის სოფლის გარეუბნის პეიზაჟი, ცასა და მიწას ერთი ტონალობა გადაჰკრავს და თითქოს ჩრდილოური ქვეყნისთვის დამახასიათებელი ცივი ამინდის სუსხს გვაგრძნობინებს ("პოლონეთი". 1946); ნაგებობათა დამახასიათებელი სტილით შეიცნობა სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქების ხედებიც, იქნება ეს ქარის წისქვილი თუ ეკლესია. ამავე წლებში მხატვარი განსხვავებულ ხელწერასაც ავლენს: მიმართავს წმინდა დეკორატიულ მოტივებს, ნახატის ფერადოვან, სიბრტყობრივ-ლაქობრივ ხასიათით შესრულებას, დეტალურ დამუშავებას ("დეკორატიული მოტივი". 1945;), იყენებს კუბიზმისათვის დამახასიათებელ ელემენტებსაც ("ავტოპორტრეტი". 1945).

0607

იგივე მიდგომებს ინარჩუნებს იგი გრაფიკის დარგშიც, მაგრამ გრაფიკაში ზოგჯერ ჩანახატის ელემენტის, დაუსრულებლობის შენარჩუნებას ცდილობს, რითაც მეტი სიცოცხლე და უშუალობა მიიღწევა. მხატვრის ხელი თამამია და სწრაფი, მაგრამ ნახატი დასრულებული და დამაჯერებელია, დეტალიზაციისა და დაწვრილმანების გარეშე ("მევიოლინე", 1940; "პოლონეთი. რუდნიკი", 1944), თუმცა, როცა დეტალიზაციას მიმართავს, ისევე როგორც ფერწერაში, აქაც მას სიბრტყობრივ-დეკორატიულობის მისაღწევად იყენებს ("ძველი თბილისის სახურავები". 1948).

0809
1011

1940-იანი წლების მნიშვნელოვანი გრაფიკული ნამუშევრებია ეთნოგრაფიული ტიპების კომპოზიციები ("იმერელი". 1946; "ცხენოსანი". 1962; "სვანი", 1962; "ალჟირელი", 1970;). ფიგურათა მოძრაობები თავისუფალი და ზოგჯერ გროტესკულია - იმერელი მამაკაცის ტიპი მისი სხეულის აგებულებაშიც შეიცნობა: პროფილში მდგარი, გამხდარი, ბეჭებში მოხრილი, წვრილულვაშა მამაკაცი, სახასიათო ჩაცმულობით. გრაფიკული ნახატი ფერადოვნად ლაკონიური და დახვეწილია. ფიგურა ლაქობრივად დალაგებული ფერებითაა გამოკვეთილი. ფერთა განლაგებაში სხეულის ფორმები თეთრი ათინათების გათამაშებით გამოიკვეთება. ყველაფერი საოცრად მარტივი და უბრალოა, ერთი ხელის მოსმით გაკეთებული. იგივე ხერხით ასრულებს მხატვარი დეკორატიული თოჯინების კომპოზიციებსაც ("თოჯინა". 1947), რომელიც ხასიათით თეატრალური კოსტიუმის ესკიზის ასოციაციასაც ბადებს.

1213
1415

გ. როინიშვილი შემდგომ ათწლეულებშიც ინარჩუნებს მუდმივი ძიების სურვილს. საოცრად შთამბეჭდავია "ნატაშა"-ს პორტრეტი (1956), რომელზეც ბავშვია გამოსახული, აცა-ბაცა გაშვერილ კიკინებზე შებმული ცისფერი ბაფთებით. სხეული ფონთან ერთიანდება, სახის ნაკვთები საერთოდ არაა გამოკვეთილი, მაგრამ ნახატი ნათლად გადმოსცემს ბავშვის უშუალობას და მისდამი გამოხატულ მხატვრის ემოციას - პორტრეტი უდიდესი სიყვარულითა და სითბოთია გაჯერებული.

16

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ გ. როინიშვილი მუდმივად ცდილობს დარჩეს საკუთარი პრინციპების ერთგული და ახერხებს კიდეც თავიდან აიცილოს საბჭოთა წლებში გამეფებული იდეოლოგია და დოგმატიზმი. მხატვარი ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს, ეძებს სხვადასხვა გზას. ერთი გზა რეალიზმთან მიდის ("ტყე". 1950-იანი წწ.; "ცხენოსნები". 1950; "ცირკის მოხეტიალე მსახიობები". 1958. "მანანა ორბელიანი". 1960; "ალჟირი" (სერია). 1970; "შემოდგომა იმერეთში". 1962; "აზიური ჩანახატი". 1970. "ნატურმორტი ხანჯლით". 1986; "შემოდგომა". 1992; "ნიკორწმინდა". 1990.). მეორე გზას იგი აბსტრაგირებასთან მიჰყავს ("ზღაპრის სამყარო". 1965; "გაუწმენდავი პალიტრა". 1960; "ოქროს ნიღაბი". 1998.). ქმნის ასევე კუბისტური მხატვრობისთვის დამახასიათებელ ლაკონიურ კომპოზიციებსაც ("გეომეტრიული კომპოზიცია, თეთრი კვადრატი". 1960; "გოგონა თეთრებში. მონიკა". 1965; "ნატურმორტი". 1965; "ოცნების ტაძარი". 1965; "ავტოპორტრეტი". 1992).

1719
20

პორტრეტის, პეიზაჟისა თუ ნატურმორტის რეალისტურად გადმოცემისას მხატვარი თითქმის ყოველთვის, მაინც განზოგადებისა და სტილიზაციის ხერხს იყენებს და გაურბის ნატურალიზმს; რაც შეეხება აბსტრაქტულ და კუბისტურ კომპოზიციებს, ცდილობს ექსპერიმენტის, მუდმივი ძიების ძაფი არ გაუწყდეს და თავი დააღწიოს ერთფეროვნებას, თუმცა, ხანდახან ვერც ამისგანაა დაზღვეული. თუ ადრეულ ფერწერულ ტილოებზე ფუნჯის პასტოზური მონასმი იკითხებოდა, რაც ნამუშევარს რომანტიკულ განწყობას და ძლიერ ექსპრესიას ანიჭებდა, ბოლო ათწლეულებში შესრულებულ ტილოებზე წერის ტექნიკა უფრო ლესირებული ხდება, იმდენად თხელია მონასმი, რომ ხშირად, თვალით, საღებავის თვისებრიობის გარჩევაც კი ჭირს (ზეთი, ტემპერა, გუაში).

21222325

გიორგი როინიშვილი დაუღალავი, მუდმივად მაძიებელი მხატვარი იყო. თავის შემოქმედებით მან ექსპერიმენტატორი მხატვრის მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მხატვრის, რომელიც მუდამ ახალგაზრდული შემართებით ეძებდა ფერისა და ფორმის, სიბრტყისა და მოცულობის შეთავსებისა თუ ვერ-შეთავსების პრობლემებს. სწორედ ამ თვისებების გამო, მისი შემოქმედება, განსაკუთრებულ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებს.


ლიტერატურა

1. ნოდარ გურაბანიძე. შენიშვნები დავით კლდიაშვილის დრამატურგიაზე. (ნახატები მხატვარ გიორგი როინიშვილისა). ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება", 1957, № 1, გვ. 7-12
2. გ. როინიშვილი. დეკორატიული მოტივი (ილუსტრაცია). ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება", 1958, № 1
3. გ. როინიშვილი. ძველი თბილისის ქუჩებში, გუაში (ილუსტრაცია). ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება", 1958, №
4. Г.Д. Роинишвили. Художники грузи., Тб., 1958
5. გიორგი როინიშვილი. თბ., 1975
6. ზ. ორბელი. ფუნჯით ამეტყველებული ცხოვრება. გაზ. "თბილისი", 1981, 25 სექტემბერი, გვ. 4
7. გიორგი როინიშვილი. თქვენი საყვარელი მხატვრები. ჟურნ. "დილა", 1981 მაისი № 5, გვ. 20
8. ნინო ზაალიშვილი. ბავშვების საყვარელი მხატვარი. "ჯეჯილი", ლიტერატურულ-კრიტიკული და ბიბლიოგრაფიული ალმანახი. წიგნი მეოცე, თბ., 1983, გვ. 98-100
9. იოსებ ომაძე. ფერმწერი, გრაფიკოსი. ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება", 1984, № 4, გვ. 46-48
10. "დილის" მხატვარი. გიორგი როინიშვილი 70. ჟურნ. "დილა", 1991, მაისი, № 5, გვ. 10-11
11. ელგუჯა მერაბიშვილი. ფიქრის ყვავილი ცის ქაშანურზე. გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 1991, 16 აგვისტო, გვ. 1
12. გიორგი როინიშვილი 75. ჟურნ. "დილა", მაისი-ივნისი, 1996წელი, გვ. 20
13. გიორგი როინიშვილი (ნეკროლოგი). გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 2001, 12-18 იანვარი
14. "დილის" ცხოვრების ქრონიკები. გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 2004, 5-11 ნოემბერი, გვ. 6
15. "დილა 100" (საიუბილეო გამოცემა). თბ., 2004, გვ. 46, 88, 93, 98
16. გოგი როინიშვილი. ავტორები: მარიამ გაჩეჩილაძე, თამარ ბელაშვილი. რედაქტორი მარინა მეძმარიაშვილი, თბ., 2010



ნანახია: 7741-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani